253–254


არიანული ერესის აღმოცენების შესახებ

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ზოგადი კუთხით და ნიშანდებითი თვალსაზრისით IV საუკუნის პირველ ნახევართან დაკავშირებით ყველაზე უფრო არსებითს. შეძლებისდაგვარად ეს ნიშან-თვისებანი რაღაც ერთმთლიანობად წარმოვსახეთ, რომ გარკვეულობა და შთაბეჭდილება ამ შემთხვევაში მსმენელისა ადეკვატური ყოფილიყო იმასთან რასაც ეს ეპოქა გულისხმობს, გულისხმობს თავისი დროისთვისაც და მომავლისთვისაც, მათ შორის დღევანდელისთვისაც.

ამჯერად ჩვენ კვლავ კონკრეტულ განხილვებს განვაგრძობთ კონკრეტულ მოღვაწეებზე, ამა თუ იმ კონკრეტულ შრომაზე, სწავლებაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დავიწყებთ მოძღვრების კუთხით თუ რა სირთულეები წარმოიქმნა მართლმადიდებლური სწავლების წინაშე ამ პერიოდში და ეს სირთულეები როგორ იქნა დაძლეული. ისედაც კარგად არის ცნობილი, ეს [1]ხსოვნაში იმდენად მყარად შემორჩა, რომ დღესაც თითქმის ყველასთვის ცნობილია ამ პერიოდის, ამ ეპოქის ყველაზე დიდი გაუკუღმართება მოძღვრებითი ასპექტით, ეს გახლავთ არიანული ცრუ სწავლება, არიანული მწვალებლობა, ამქვეყნიური ჟამით მარადიულად დაკავშირებული არიოზის სახელთან. თუმცა როგორც შემდეგში ჩვენ განმარტებული გვექნება არიოზი მაინც არ გახლდათ მისგანვე ნაქადაგები წვალების ყველაზე გაბედული და ყველაზე არგუმენტირებულად დამსაბუთებელი წარმომადგენელი, ე.ი. პიროვნება, რომელიც ყველაზე დიდი წვლილის შემტანი უნდა ყოფილიყო თითქოს ამ ერესის დამკვიდრებაში, გავრცელებაში და დასაბუთებაში. ერთი შეხედვით ეს ვითომცდა არიოზია, მაგრამ სრულიად აშკარად ჩანს რომ არიოზი თვითონაც მიდრეკილი ამ მწვალებლობისკენ ფაქტობრივად სხვისი მოძღვრების, სხვისი მიზანდასახულობის ნაწილი [2]იყო, გამოყენებული იარაღად, მაგრამ გამოყენებული არა იმ გაგებით, რომ თითქოს მას რაიმე პასუხისმგებლობა სცილდება, უბრალოდ თვითონაც ამის მომხრე იყო, მაგრამ მისი მონაცემები, ასეთი დიდი მასშტაბის გაუკუღმართებისა და დიდი მასშტაბის დაპირისპირების განხორციელებას, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ შეძლებდა. ამიტომ თვითონვე იყო მოწადინე იმისა, რომ გამოჩენილიყო ვინმე მძლავრი წინამძღოლი ამ რაღაც ახალი გაუკუღმართების, ზმანებითი წესით თითქოსდა ახალი ეკლესიის, არიანული ეკლესიის დასაფუძნებლად და მისთვის ისიც, როგორ ჩანს, დიდად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ სახელი სწორედ მისეული დაუკავშირდა და შერჩა ამ მიმდინარეობას. თორემ, კვლავ აღვნიშნავთ, არიანელობის ყველაზე დიდი წარმომადგენელი გახლდათ ევსები ნიკომიდიელი, რომელიც ფაქტობრივად არც არის ცნობილი, შეიძლება ითქვას დღესდღეობით მაგალითად ამ პიროვნების შესახებ არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს [3]პიროვნება, ევსები ნიკომიდიელი, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი შესანიშნავად ამბობს, არიანული ერესი არიოზისგან ნაქადაგები წვალება იმ პატარა დაბაშივე, სადაც ის მღვდელი იყო, ბაუკალისის ეკლესიის შემოგარენშივე იქნებოდა აღმოფხვრილი და იმის ფარგლებს არ გაცდებოდა. მაგრამ ასეთი უზარმაზარი და გლობალური მასშტაბები აღნიშნულ გაუკუღმართებას შესძინა სწორედ ევსები ნიკომიდიელმა. მაგრამ ასეა თუ ისე ამ ცრუ სწავლებას არიოზის სახელი განუყრელად დაუკავშირდა და განვიხილავთ რა ამ მწვალებლობას, ცხადია პირველ რიგში საკუთრივ არიოზზე უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.

ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ არიოზი საეკლესიო ასპარეზზე ჩნდება IV საუკუნის დამდეგს 312-313 წლებში, იმ წელიწადს, როდესაც ალექსანდრიის ეკლესიას წინამძღვრობდა და ეპისკოპოსობდა აქილა ალექსანდრიელი. სწორედ მის დროს და მისი [4]ნებართვით ხდება არიოზის შემოსვლა მელეტი ლიკოპოლელის სქიზმიდან ალექსანდრიის ეკლესიაში. ჩვენ მელეტიანელთა სქიზმაზე უკვე ვიმსჯელეთ, მას აღარ დავუბრუნდებით, მაშინაც აღვნიშნეთ ეს ფაქტი, ამჯერად მხოლოდ შეგახსენებთ, რომ არიოზი სწორედ მელეტიანელთა სქიზმის წარმომადგენელი გახლდათ და როგორც შემდგომ უსაყვედურებენ აქილას ამის გამო, ამგვარი წარსულის გამო მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა არიოზის მიმართ. წარსულს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იცვლის ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, თავის წინარე მდგომარეობას, ფიქრებს, აზრებს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება, ეს შეიძლება ფარისევლურადაც ხდებოდეს და უდიდესწილად ასეა. ხოლო თუ ჭეშმარიტად მართლაც მოხდება ადამიანისგან თავისი ძველი ცხოვრების მთლიანი შეცვლა ეს ღვთის წინაშე ყოველთვის შერაცხილია და არცაა აუცილებელი კაცთაგან ამის შესახებ რაღაც ფართო უწყება იყოს. ამიტომ არიოზის მიმართ, კვლავ გავიმეორებთ, აქილას, ეპისკოპოსს, [5]მართებდა მეტი გულმოდგინების გამოჩენა, უფრო შემოწმება ამ პიროვნებისა, ვიდრე ალექსანდრიის ეკლესიაში შემოუშვებდა მას. ერთი წლის შემდეგ, ე.ი. 313 წლიდან ალექსანდრიაში უკვე ეპიკოპოსობს ღირსეული მოღვაწე, მრავალ კალენდარში წმინდანად აღიარებული, თუმცა მე რამდენადაც ვიცი ჩვენს დღევანდელ კალენდარში მისი ხსენება არ არის, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოღვაწე წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი, რომლის მოღვაწეობასაც წილად ხვდა და ეს პასუხიმგებლობა მას დაეკისრა, რომ პირველი წინააღმდეგობა გაეწია არაინული შემოტევსითვის. მან ეს უაღრესად ღირსეულად აღასრულა, თუმცა ისეთი დიდი ძალები იყო ჩართული ამ ბოროტებაში, რომ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, დამაგვირგვინებელ შედეგს ჯერ ვერ გამოიღებდა. არათუ მაშინ არამედ მთელი ათეული წლების მანძილზეც კი არიანელობა ისე ბობოქრობდა და ისე მძლავრობდა, რომ მან ფაქტობრივად ყველაზე უფრო ცენტრალურ [6]რეგიონებში და მათ შორის კონსტანტინოპოლში, მთელი ეკლესია დაიპყრო. ასეთი შინაგანი მობილიზებისა და წინასწარი მომზადების ერეს,ს რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მასშტაბური მოღვაწე ყოფილიყო წმ. ალექსანდრე ვერ დაუპირისპირდებოდა. მასზე უფრო გაცილებით ცნობილი და სახელოვანი მოღვაწეები, რომელთაც ჩვენ შემდგომ განვიხილავთ, თუნდაც ყველაზე უფრო გამოჩინებული მათ შორის წმ. ათანასე ალექსანდრიელი, რა თქმა უდნა, ათეულობით წლის მანძილზე დაუღალავად იბრძოდა ამ უკუღმართობის წინააღმდეგ, მაგრამ სრულყოფილ და აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ მაიღწია, ვერ მიაღწია იმდენად განტოტვილი იყო უკვე მთელ ქრისტიანულ ოიკუმენაში, ანუ მთელ ქრისტიანულ მსოფლიოში არიანელობა. მაგრამ მართლაც ტოტალური დაპყრობა რომ არ მოხდა არიანელობისგან მართლმადიდებლური მსოფლიოსი, ამის ერთ-ერთი უდიდესი წინაპირობა გახლდათ სწორედ წმ. ალექსანდრეს მოღვაწეობა. ის იყო პირველი დაბრკოლება, უმძლავრესი დაბრკოლება, რაც მან შეუქმნა [7]ამ ერესს, რომ დაუყონებლივ მოეპოვებინა თითქოს მას (ამ ერეტიკულ მიმართულებას) გამარჯვება, რაც, როგორც ჩანს, ჩაფიქრებულიც ასე იყო. ჩვენ ასეც კი გვეჩვენება ზოგჯერ რომ ჭეშმარიტების მტრები ჯეროვნად ვერც აფასებდნენ ალექსანდრე ალექსანდრიელის ძლიერებას, მის მონაცემებს, როგორც მოძღვრისა. როგორც ჩანს არც მიიჩნევდნენ, რომ რაიმე სერიოზული წინააღდმეგობა შეხვდებოდათ მისგან. ამიტომ ეს პიროვნებები, რომლებმაც წინდაწინ მოიფიქრეს მთელი ეს არიანული შეთქმულება (აბსოლუტურად ასეა და ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), რა თქმა უნდა, მყისიერ გამარჯვებას იმედოვნებდნენ, აქეთტკენ იყვნენ მსწრაფველნი და თუ ეს ყოველივე დაბრკოლდა და არა მხოლოდ დაბრკოლდა, არამედ მთელი ფრონტი შეიქმნა წინააღმდეგობისა, რაც როგორ ჩვენ წინა საუბარშიც აღვნიშნეთ, დაგვირგვინდა ისეთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენით, როგორიც გახლდათ პირველი მსოფლიოს საეკლესიო კრება, ყოველივე [8]ეს უდიდესწილად სწორედ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელის მიერ გახლდათ შემზადებული. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს არიანული მწვალებლობა, დაწყებული არიოზისგან, დაბრკოლებათა მიუხედვად იმდენად მძლავრი საფუძვლის მქონე აღმოჩნდა, რომ მისი აღმოფხვრა თავის დროზე როგორც ჩანს საკმაოდ ადვილად საგულვებელი, აი ეს აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ჩვენ ვფიქრობთ რომ ორივე მხრიდან, ე.ი. მართლმადიდებლობის მხრიდანაც და თავისთავად ცხადია არიანელობის მხრიდანაც, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვთქვით, ძალთა შეფასება მთლად მართებულად ვერ მოხდა. მართლმადიდებლობის მხრიდან ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ თვითონ ალექსანდრე ალექსანდრიელს. ალექსანდრე ალექსანდრიელს წინდაწინვე რომ განეჭვრიტა არიანული მწვალებლობის წინაწარ მომზადებული საფუძვლის გამძლეობა, მას შეიძლება სხვა მეთოდი გამოეყენებინა კონკრტულად არიოზის წინააღმდეგ, როდესაც მან (არიოზმა) პირველად დაიწყო ერეტიკული მოძღვრების ქადაგება თავის [9]ეკლესიაში, ბაუკალისის ეკლესიაში, სადაც ის 318 წელს იქნა განწესებული იმავე ალექსანდრესგან. ეს სხვა მეთოდი შეიძლებოდა ამგვარი ყოფილიყო, რომ მას მყისიერად ასეთი გადამწყვეტი ზემოქმედება არ მოეხდინა, რეაგირება, იმიტომ რომ ეს სწორედ იმ გეგმის ჩანაფიქრში იყო, არიანული შეთქმულების ჩანაფიქრში იყო, რომ მათთვის აუცილებელი იყო აჟიოტაჟი, დიდი ხმაურის ატეხვა და შემდგომ ამ ყველაფრისთვის მათთვის სასურველი კალაპოტის მიცემა. აი ეს იყო ჩანაფიქრი არიანელთა წინამდგომელებისა, ამ ერესის ჰერესიარქებისა. ჰერესიარქებში ჩვენ როგორც ვთქვით ნაკლებად შეიძლება არიოზი ვიგულისხმოთ, როგორც ჩანს ეს ყოველივე მაინც დაგეგმილი და მოფიქრებული იყო ევსები ნიკომიდიელის მიერ. მაგრამ ასეა თუ ისე ფაქტოლოგიური მიმდევრობა მონაცემებისა ასეთია, რომ როდესაც 318 წელს მიიღო არიოზმა არიანული ქადაგების შესაძლებლობა, რადგნაც ამ წელს იგი გამწესდა მღვდლად ბაუკალისის ეკლესიაში და მღვდელი უნდა ქადაგებდეს [10]ლიტურგიის ჟამს მოგეხსენებათ, ამ წელსვე იღებს სათავეს არიანული ერესის გამომზეურება. რა თქმა უნდა, იგივე აზრები როგორც აღვნიშნეთ არიოზს გაცილებით ადრე ექნებოდა, სხვებსაც, მრავალს და მრავალს, მაგრამ საჯაროდ გამოთქმა ერესისა ამ წლიდან იწყება. დაუყონებლივ ეპისკოპოსი ალექსანდრიის რეგიონისა და მთელი ეგვიპტისა ალექსანდრე ამის საქმის კურსში ექცევა, თავისთავად ცხადია, და მყისიერი და უმკვეთრესია მისი რეაგირებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ არიოზის ცხოვრების მიხედვით შევხედავთ მოვლენებს, მიუხედავად ამგვარი რეაგირებისა ყველაფერი ჯერჯერობით მაინც არიანელთა სასიკეთოდ მიდის, იმ ჩანფიქრის სასიკეთოდ, რაც ხსენებულ მწვალებლებს წინდაწინვე ქონდათ დაგეგმილი, რომ ხმაური ატეხილიყო. არიოზი თვითონვე იყო მოწადინებული, რომ ის გაეძევებინათ ალექსანდრიის ეპარქიიდან, გაეძევებინათ მღვდლობიდან, ანუ შექმნოდა მას [11]დევნილის, ჭეშმარიტების მოწამის სახე, ხიბლი ამისა მას როგორმე შეექმნა საზოგადოების თვალში, ქრისტიანთა თვალში, რომ ამით რაღაცნაირად მისი სახელი ფართოდ გამხდარიყო ცნობილი და მისდამი სიმპათია დამკვიდრებულიყო ხალხში, რომელსაც იმ მომენტში ყოველშემთხვევაში არ გაგებოდა რა ხდებოდა და სად იყო ჭეშმარიტება. მართლაც არიოზი იმ მომენტში, როდესაც ის ტოვებს ალექსანდრიის ეპარქიას, იგი, რა თქმა უნდა, დაუყონებლივ მიაშურებს სირია-პალესტინის რეგიონს ნიკომიდიას, რომლის მწყემსმთავარიც სწორედ ევსები გახლდათ, რომელსაც გზიდანვე უგზავნის ეპისტოლეს. რაღაც ისე დაჩქარებულად ხდება მოვლენები, მათგანვე დაჩქარებულად, მათმიერვე ინსპირირებულად, რომ ეს გვაძლევს უმტკიცეს საფუძველს ყველაფრისას, რომ ეს იყო სპექტაკლი, კარგად დადგმული სპექტაკლი. თორემ ასე მყისიერად ყველაფერი დალაგებულიყო და არიოზს თავიდანვე ეს ეპისტოლე ასეთი აბსოლუტურად [12]ზედმიწევნითი მისადაგებულობით მოვლენასთან შეედგინა, რა თქმა უნდა, ეს გულუბრყვილობაა ჩვენ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი ეს შემთხვევით ხდებოდა. მან გაუგზავნა, როგორც უკვე გითხარით, გზიდანვე ეპისტოლე ევსები ნიკომიდიელს და ესაა ეპისტოლე სადაც იგი ხაზგასმულად ხსენებულ პიროვნებას (ევსების) უწოდებს მართლმადიდებელს, “ორთოდოქსოს”, “ორთოდოქს ევსებიას” ასე მიმართავს იგი, ანუ მართლმადიდებელო ევსები. ეს წერილი შორიდან იმიტომ გაიგზავნა (ხომ ჩავიდოდა არიოზი, რა საჭირო იყო წერილის გაგზავნა ერთი შეხედვით. რამდენიმე დღეში ის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილას და იქ პირადად ესაუბრებოდა ევსების), რომ მას სჭირდება გზიდანვე წერილის გაგზავნა რადგან ეს წერილი ხელიდან ხელში გადავიდეს და ყველამ შეიტყოს წერილის შინაარსი, ვიდრე ადრესატამდე მიაღწევდეს, ანუ გახმაურდეს მოვლენა, გახმაურდეს მოვლენა ამ გეზით, ამ პროფილით, რომ იდევნება მართლმადიდებლობა. ეს იყო არიოზის და ევსები ნიკომიდიელის განსაკუთრებული ჩანაფიქრი. როგორც ჩვენ შემდეგშიც ვნახავთ [13]არიანული ერესის წინააღმდეგ ამხედრებული მართლმადიდბელი მოღვაწეები და მათ შორის ყველაზე უფრო გამოკვეთილად წმ. ათანასე ალექსანდრიელი, აი ამ მომენტზე უსვამენ ხაზს, როდესაც მათ უნდათ, რომ წინასწარ შედგენილი ჩანაფიქრის შინაგანი შრეები გამოამზეურონ, ამაზე უსვამენ ხაზს, რომ არიანელებმა ნიღბად მოირგეს მართლმადიდებელობისთვის დევნულობა. თვით არიანული ერთ-ერთი მიმართულების მიმდევარი თეოგონიუს ნიკიელი და აგრეთვე ეს ორი უკვე ხსენებული ევსები ნიკომიდიელიც და არიოზიც, მოგვიანო არიანელებიც, მათ შორის აკაკი კესარიელიც და სხვები, და უფრო მოგვიანებით კიდევ ევნომიუსი, ყოველთვის ამაზე აკეთებდნენ ან აშკარა ან არაპირდაპირ აქცენტს, რომ თითქოსდა ისინი საუკუნოვანი მოძღვრების ერთგულებისთვის იდევნებიან. საზოგადოდ ეკლესიის ისტორიაში როდესაც პიროვნებას საკუთარი მოღვაწეობის, ანდა საკუთარი საქმინობის, ანდა საკუთარი რაღაც დანიშნულების სხვათა წინაშე [14]წარმოჩენა და ავტორიტეტის მოხვეჭა სურდა, ორ მომენტზე აკეთებდა ყოველთვის როგორც იტყვიან გათვლას (ეს უხერხული ტერმინი რომ მოვიხმოთ). ჩვენ ვგულისხმობთ პიროვნებას, რომელიც ჭეშმარიტებასთან ბრძოლაშია და ჭეშმარიტებისგან დაცილებულია, მაგრამ უნდა რომ ავტორიტეტი მოიხვეჭოს, მოიხვეჭდა ორი გზით, რომ თითქოს იგი იდევნება მართლმადიდებლობის გამო და თითქოს იგი იდევნება საუკუნოვანი, ტრადიციულად გადმოცემული მოძღვრების ერთგულების გამო. ეს არსებითად ერთიდაიგივეა, რაQთმა უნდა, მაგრამ ცალ-ცალკეა მაინც ეს ორი მხარე ერთიდაიგივე შინაარსისა მათგან ყოველთვის წარმოჩენილი, რომ ორმხრივად მათ მიერ მოპოვებულ იქნეს ავტორიტეტი.

მართლმადიდებლობისთვის ბრძოლა იგივე ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაა და საუკუნოვანი ტრადიციისადმი ერთგულებაც იგივე ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაა, მაგრამ რაღაცნაირად ანაწილებენ ამ ბრძოლის გარეგნულ სახეს, რომ თითქოსდა სხვადასხვა მიზეზით და ორივე ეს მიზეზი უაღრესად დიდ თანაგრძნობას პოულობს, რა თქმა უნდა, ხალხში რომელიც საქმის კურსში [15]არ არის, თითქოსდა სხვადასხვა მხრივ მრავალმხრივად იდევნებიან ისინი ჭეშმარიტებისთვის. არიოზისგანაც ეს მხარე მისსავე პირველ ეპისტოლეში სახეზეა, რდაგანაც იგი ევსების მიმართავს, რომ ჯერ მართლმადიდებლობა იდევნება იმიტომ, რომ (მართლმადიდებელო ევსები – ასე მიამრთავს), საუკუნოვანი მოძღვრების ერთგულებისთვის განდევნილი გავხდი ალექსანდრიიდან და თითქოს იგი მიაშურებს ვინმეს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ვითომცდა ჭეშმარიტებისა და უმყარესი ტრადიციების ერთგული, რომ შემოიკრიბონ ერთად ეს, ასე ვთქვათ, უერთგულესი მორწმუნეები და ერთიბლივად დაუპირისპირდნენ ვითომცდა მოსულ რაღაც სიახლეს. ისინი თვლიდნენ, რომ, და ეს იყო არიანელთაგან ყველაზე გაბედული ასე ვთქვათ, უგუნურებამდე მისული გაბედულების გამოვლინება, რომ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელისგან არიოზის წინააღმდეგ გამოთქმული დებულება, რაც საერთო საეკლესიო დებულებაა, რომ მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის [16]ბუნებითი ღმერთი და თანასწორი მამისა, აი ეს არის ვითომცდა სიახლე ქრისტიანულ მოძღვრებაში. ამაზე არის ყოველწამს არიანელთაგან ხაზგასმა, რომ ვითომცდა ტრადიციულია იესო ქრისტეს აღმატებულად მიჩნევა, მაგრამ არა ღმერთად, არა ბუნებით ღმერთად, Yარამედ ყველაზე უფრო უწინარესად ქმნილებათა შორის, რომ იესო ქრისტე თვითონაც ქმნილებაა. ე.ი. ვითომც არიანელები იმ საზღვრებს იცავენ რაც ყოველ არსს და ყოველ მოვლენას განეკუთვნება, რომ მათი თქმით უფრო დაფასება რაიმესი რაც მისთვის შესაფერისი არაა იმგვარადვე მკრეხელურია, როგორც ვინმეს იმაზე ნაკლებ დაფასება, რაც მისთვის შესაფერისია, და ამიტომ ისინი ამბობდნენ, რომ ძე ღმერთის დაფასება, ძე ღმერთის პატივისცემა, მისდამი თაყვანისცემა თითქოსდა მათ შორისაც (არაინელთა შორის) უპირატესია, უსაჩინოესია, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ჭეშმარიტი დაფასება სწორედ იმას ნიშნავს ძე ღმერთისა, რომ გავაცნობიეროთ რა არის მისი ღმერთობა, მართლაც ბუნებითი ღმერთობაა [17]თუ პირობითად ეწოდება მას ღმერთი, იმ გაგებით, რომ ქმნილებათა შორის ის ყველაზე უწინარესია და ყველაზე ღირსეული. არიანელები თვლიან, რომ ნამდვილი პატივისცემა და თაყვანისცემა იესო ქრისტესი სწორედ ესაა, ჭეშმარტად თუ ვინ არის ის - ეს რომ ვიცოდეთ და მას ვცეთ თაყვანი. იგი არ არის მამა ღმერთის თანაწორი, - ამბობდნენ ისინი, ამით მამა ღმერთს და ბუნებით ღმერთს ჩვენ შევურაცხყოფთ და თვით იესო ქრისტესაც შევურაცხვყოფთ, იმიტომ რომ იმაზე უფრო მეტს ვაკუთვნებთ თითქოსდა მას რაც არ არის იგი, მაგრამ ამავე დროს ქმნილებათა შორის – ამბობენ არიანელები, ყველაზე უფრო აღმატებულად წარმოვაჩენთ, იმიტომ, რომ ნამდვილად ასეცაა. ასე რომ ჩვენ ღირსებას განვუკუთვნებთ, მაგრამ არ განვუკუთვნებთ უფრო მეტს, იმიტომ, რომ ამით ჭეშმარიტება იბღალება.

აი ეს გახლავთ არიანელობის ერთ-ერთი მზაკვრული გამოხატულებაც, რომ თითქოსდა ისინი რაღაც მკაფიო ერთგულებას იჩენენ ტრადიციისადმი. მათი აზრით ესაა ტრადიციული მოძღვრება, იესო ქრისტეს ქმნილებად შერაცხვა თუნდაც ყველაზე აღმატებულად ქმნილებათა შორის. ეს მათი [18]დაჟინებული მითითებით არის ტრადციული მოძღვრება და ამის ფონზე ვითომცდა ალექსანდრიის ეკლესიაში ეპისკოპოს ალექსანდრე ალექსანდრიელს შემოაქვს სიახლე, რომ იესო ქრისტე თურმე, - არიანელთა თქმით ქმნილებათა შორის უწინარესი და თვითონაც ქმნილება კი არ ყოფილა, არამედ ბუნებითი ღმერთი, მამა ღმერთთან თანასწორი. აი ამას ამბობს ალექსანდრეო აღშფოთებით გაიძახოდნენ არიანელები, როგორც თითქოსდა სიახლეს. აი ასე გადააბრუნეს მათ საეკლესიო მოძღვრების ისტორია, სიახლედ დასახეს ის რაც ტრადიცულია, რაც მაცხოვრისეულია, გამოცხადებითია და საფუძველია ქრისტიანული მოძღვრებისა, რომლის გარეშეც პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ქრისტიანული მოძღვრება არ არსებობს. თუ განკაცებული ღემრთი იესო ქრისტე არ არის ბუნებითი ღმერთი, მაშინ ქრისტიანული მოძღვრება აბსოლუტურად აღმოფხვრილია, დარღვეულია, არც ცხონებაა მაშინ აღსრულებული და ადამიანი კვლავ მარადიულად ჯოჯოხეთის ტყვეობაში ყოფილა შთენილი. ამიტომ ეს სწავლება როგორც უმყარესად ტრადიციული კი არა, [19]არსება საერთოდ ქრისტიანობისა, რომლის გარეშეც ქრისტიანობა საერთოდ შეუძლებელია რომ არსებობდეს, აი ეს დასახეს მათ თითქოსდა სიახლედ. ხოლო ის, რაც ამ ყოველივეს დამამხობელია ვითომ (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვერ დაამხობს უკეთურება, მაგრამ ყოფითად, ლოკალურად, გარკვეულ შემთხვევებში დამამხობელი ცალკეულ პირთა, გაუკუღმართებულ პირთა გულებში), იესო ქრისტეს ქმნილებად აღიარება, თუნდაც ყველზე აღმატებულად ქმნილებათა შორის, აი ეს დასახეს მათ, არიანელებმა პირიქით ვითომცდა ტრადიციულ მოძღვრებად და ამ ტრადიციის ერთგულებად და თითქოსდა ახოვან მხედრებად ამ ტრადიციის დაცვისა წარმოაჩინეს თავიანთი თავი.

ასეთია არიანელობის აღმოცენების პირველსაფუძვლები. აქ შემოდის სხვადასხვა საკითხი საკუთრივ თეოლოგიური ასპექტისა, რასაც ისინი თანდათანობით ავრცელებდენ მასობრივად. მაგრამ ამ ყოველივეს შესახებ ჩვენ ასევე თანდათანობით შემდგომ შეხვედრებზე ვისაუბრებთ.

 

253–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=tMB43KlD4HE

 

არიანული ერესის აღმოცენების შესახებ

ჩვენს წინა საუბარში უკვე დავიწყეთ არიანული ერესის შესახებ საუბარი, განხილვა, რამდენიმე არსებითი მომენტი უკვე წარმოვაჩინეთ და შეძლებისდაგვარად განვიხილეთ. შევჩერდით იმ მომენტზე, როდესაც არიანული გეგმის, არიანული ჩანაფიქრის ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული ასპექტი წარმოავჩინეთ, დაუცხრომელი და დაჟინებული მცდელობა იმისა, რომ რაც არაუბრალოდ ტრადიციული მოძღვრებაა ეკლესიისა, არამედ საერთოდ ეკლესიის არსება რაცაა, საეკლესიო მოძღვრების არსება რაცაა და რის გარეშეც ეს მოძღვრება ერთი წამითაც არ შეიძლება არსებობდეს, წარმოეჩინათ მათ (არიანელებს), უფრო ზუსტად შეეცადნენ წარმოეჩინათ როგორც სიახლე, ნოვაცია, წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელისგან ვითომცდა შემოტანილი, რის გამოც თითქოს ამით ტრადიციული მოძღვრების (ტრადიციულ მოძღვრებაში ისინი გულისხმობდნენ იესო ქრისტეს ქმნილებად შერაცხვას თუნდაც ყველაზე აღმატებულად ქმნილებათა შორის) [1]დამხობა ქონდა მიზნად განზრახული წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელის. აი ამგვარად შეაბრუნეს მათ ვითარება, ასე წარმოუსახეს არა მხოლოდ ერთი მეორეს, არამედ მთელ საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, მასობრივი წვდომა თეოლოგიურ დისპუტებში ყოვლად შეუძლებელი იყო ნებისმიერ დროს, იმ ეპოქაშიც ასე გახლდათ, როდესაც მართალია ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფოებრივად უკვე აღიარებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოსახლეობა ღრმად წვდება ამ მოძღვრებას და შეუძლია რომ განარჩიოს იფქლი ანუ ხორბალი ღვარძლისაგან. შესაბამისად არიანელები ამაზე აკეთებენ, რა თქმა უნდა, აქცენტს თუ როგორ დახელოვნებულად, როგორ ოსტატურად იქადაგებენ ისინი და მათი მიმდევრები მათგანვე მოფიქრებულ  ტყუილს. ტყუილის ქადაგება, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ შემთხვევაში დიდ წარმატებებს აღწევს ზოგჯერ. შეცდომაში შეყვანა მთელი საზოგადოებისა არაიშვიათად მოხერხებულა, [2]თუმცა ჭეშმარიტების მძლეობა ყოველთვის ყველგან, ისტორიის ყველა მონაკვეთში სწორედ ამაშივე გაცხადებულა, რომ ყველაზე მეტად როდესაც განივრცობოდა ტყუილი და ყველაზე მეტად როდესაც მოიკრებდა ძალას სწორედ მაშინ ხდებოდა მისი ძლევა. ჩვენ ვხედავთ რომ არიოზის ერესი როდესაც აღმოცენდა, აღმოცენდა ერთ პატარა დაბაში, სადაც არიოზი მღვდელი იყო, მაგრამ იქ ვერ მოხერხდა ამის ჩაკვლა მაშინ, განივრცო, გაფართოვდა, თითქმის მთელი ქრისტიანული მსოფლიო დაიპყრო და სწორედ ყველაზე უფრო ზენიტში რომ იყო თავის აღმავლობისა და სიძლიერისა, მყისიერად, მოულოდნელად აბსოლუტური განადგურებით და დამხობით დაემხო და განადგურდა ჭეშმარიტებისგან. თუ ჩვენ ამას მართლა თეოლოგიურად, ღვთისმეტყველურად დავაკვირდებით და რაღაც ისტორიულ ღვთისმეტყველებას შევეხებით მართლმადიდებლური კუთხით, აი ეს მხარე ყოველთვის ვლინდება, ყოველთვის თავს იჩენს და ყოველთვის ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორიის [3]თანამდევი და განუყრელი მისგან, მარადის რჩება ჭეშმარიტება. არასოდეს არ ტოვებსის  კაცობრიობას, რაც არ უნდა მიდრეკილი იყოს ჭეშმარიტებისგან კაცობრიობის ესა თუ ის ნაწილი. ამის გამოვლინება, მძლეობა ჭეშმარიტებისა, სწორედ ის გახლავთ, რომ უკეთურებას იგი (ჭეშმარიტება) ყოველთვის ამარცხებს და ყოველთვის ანადგურებს, მაშინ, როდესაც ეს უკეთურება თავისი ზეობისა და წარმატების ზენიტში იმყოფება. ძალმოსილება ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტების ორღანოთა, ანუ ეკლესიის მამებისა, სწორედ ამით ვლინდება და დასტურდება.

მაგრამ ჩვენ ეხლა გვიანდელ ეპოქებზე როდესაც აი ამგვარი ძლევა მოხდა არიანელობისა, ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ. ეს დასაწყისი ეტაპია, როდესაც არიოზი მიაშურებს ევსები ნიკომიდიელს, განდევნილი ალექსანდრიის ეპარქიიდან და გზაშივე უგზავნის მას ეპისტოლეს, სადაც იგი ევსების მოიხსენიებს მართლმადიდებლად და ამით გახაზავს, რომ თითქოსდა ისინი მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძვიან, მართლმადიდებლობის მხედრები არიან და გახაზავს იმასაც, რომ მათ ერთი აღზრდილობა აქვთ და მათ [4]მეწინამძღვრედ ჰყავთ ისეთი დიდი სახელი როგორიცაა წმ. ლუკიანე ანტიოქიელი. ესეც ერთ-ერთი მხარე გახლავთ მწვალებლობისა, რომ შემწედ მოუხმონ და გვერდით დაიყენონ და გამოიყენონ განსაკუთრებით ავტორიტეტული პიროვნება და პიროვნების სახელი. ამგვარი რამ არათუ მოულოდნელი არ არის, არამედ ჩვეულებრივი წესია მწვალებლობისა. თუნდაც უადრესი ეპოქიდან, როდესაც თვით მოციქულთა სახელითაც აურაცხელი ერეტიკული ძეგლი შეიქმნა და შეიქმნა სწორედ მოციქულთა სახელით, რომ მათი ავტორიტეტის წყალობით ესა თუ ის ერესი ფართოდ გავრცელებულიყო. გვიან და გვიან უდიდეს და წარჩინებულ მამათა, ეკლესიის მოძღვართა სახელები ცთომილთაგან ხშირად მოიხმობოდა მათი ცთომილების შესანიღბად და ამ ცთომილების ფართო გავრცელების მიზანდასახულობით. ამჯერადაც მათ პირველ რიგში სწორედ წმ. ლუკიანე ანტიოქიელის სახელი მოიხმეს და ერთი-მეორეს უწოდეს თანალუკიანისტები, როგორც ჩვენ ეს წმ. ლუკიანესთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, მასზე როდესაც ლექცია [5]გვქონდა. თუმცა ეს იყო აბსოლუტურად გამოკვეთილად სიყალბე, სიცრუე. მაგრამ როდესაც ამ ტყუილის, ამ სიყალბის საფუძვლები გამოაშკარავდა, რა თქმა უდნა, ეს მეთოდი მათ მიერ არ შესუსტებულა, მეორე მოღვაწე დაიყენეს გვერდით ასევე უაღრესად ავტორიტეტული, ჩვენს მიერ განხილული წმ. დიონისე ალექსანდრიელი, რომელსაც ეკლესიამ განსაკუთრებული ღვაწლის გამო დიდი უწოდა - წმ. დიონისე დიდი ალექსანდრიელი. დაიმოწმეს მისი ერთი შრომა, როგორც თითქოსდა სწორედ იმ მოძღვრების გადმომცემი, რაც არიანელთა მიერაც ცხადდებოდა და იქადაგებოდა, რომ თითქოსდა ძე ღმერთი ქმნილებაა. ამის შესახებ სხვათაშორის შემდეგ სპეციალური შრომა დაწერა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა, მოკლე შრომა რომელსაც ეწოდება “წმ. დიონისე ალექსანდრიელის შესახებ” და იმდენად დაუფარავადაა გამოაშკარავებული სიყალბე არიანელთა ქმედებისა და მათი მონაგონი, რომ ფაქტობრივად ამით [6]არიანელთა ეს მოქმედება, რომ წმინდანები ამოეყენებინათ მათი მოძღვრების შემწედ გვერდით, აი ეს ქმედება მათ შორის უკვე გაუქმდა. ეს ორი წმინდანი ვითომცდა მოიძიეს და ესენიც როგორც გამოვლინდა მხოლოდ და ასეც იყო ბუნებითად მოსალოდნელი, ნაყალბევი გზით ჰქონდათ მათ მისაკუთრებული, ეს შემწეობანი აღნიშნულ წმინდანთაგან.

დიონისე ალექსანდრიელთან დაკავშირებით შეიძლებოდა აქვე აღგვენიშნა, რადგანაც ამ თემას შევეხეთ, რომ მისი ერთ-ერთი ეპისტოლიდან მოჰქონდათ ციტატა არიანელებს, სადაც თითქოსდა პირდაპირ ეწერა, რომ ძე ღმერთი იესო ქრისტე არის ქმნილება. როგორც შემდეგ წმ. ათანასე ალექსანდრიელმა განმარტა, ეს სიტყვები მართლაც ასეა დიონისე ალექსანდრიელის ეპისტოლეში, მაგრამ ასეა არა მთლიანი სახით, არამედ მთელი წინადადების ერთნაწილს წარმოადგენს იგი, ხოლო ერთნაწილად წარმოდგენა ამ ამონარიდისა, ამ ციტატისა უკვე აბსოლუტურად სხვა შინაარსს სძენს მას. [7]ათანასე ალექსანრიელმა მოიტანა მთელი კონტექსტი, როგორც მართლამდიდებლური სწავლების ძე ღმერთის შესახებ დოგმატის, მართლმადიდებლური დოგმატის უბრწყინვალესი გადმოცემა, გადმოცემა იმასთან დაკავშირებით, რომ განკაცებული ძე იესო ქრისტე ღმერთად მყოფი, ღმრთეების მქონე, განკაცების შემდეგ არის ასევე ჭეშმარიტი კაცი, კაცების მქონე. არიანელებმა ეს ბოლო სიტყვები ამოიღეს, რომ იესო ქრისტე არის კაცი, ანუ ადამიანი კაცობრივი ბუნების მქონე, და დაივიწყეს წინა ნაწილი, რომ ეს მეორე ბუნებად არის მისგან მიღებული, თორემ მარადის და თვითურად, თვითმდგომობითად მას ყოველთვის აქვს ღმრთეება და რომ იგი ღმერთია, იესო ქრისტე ღმერთად მყოფი, ღმრთეების მქონე განკაცების შემდგომ არის კაცი, კაცობრივი ბუნების მქონე. ესაა მთლიანი სწავლება წმ. დიონისე ალექსანდრიელისა განკაცებული ღვთის ერთპიროვნულობისა და ორბუნებითობის შესახებ, ანუ იგივე დიოფიზიტური სწავლება, რომლის ბოლო ნაწილის [8]ამოგლეჯამ კონტექსტიდან არიანელებს გარკევული პერიოდით რაღაც არგუმენტი მოუპოვა. მაგრამ როდესაც დაიწერა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმ. ათანასე ალექსანდრიელის ხსნებული შრომა, ეს ყოველივე გამოაშკარავდა, მაგრამ მხოლოდ ეს კი არ გამოაშკარავდა, რაც მთავარია ის გამოაშკარავდა რა მზაკვრულ და ყალბ მეთოდებს მიმართავდნენ არიანელები მათი ცრუ სწავლების მასობრივი გავრცელების მიზანდასახულობით.

ჩვენ თუ გავყვებით არიანელობის ისტორიას, იქ შეგვიძლია რამდენიმე ფაქტი გამოვტოვოთ, ნაკლებ მნიშვნელობანი, მაგრამ ის არსებითი უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარმა გაუკუღმართებამ და უდიდესმა საფრთხემ, უდიდესმა საფრთხემ არა ჭეშმარიტების დამარცხების მხრივ, იმიტომ რომ ჭეშმარიტება მარად დაუმარცხბელია, არამედ ჭეშმარიტების დამარცხების მხრივ ზოგიერთი მორწმუნის გულში და ზოგიერთი მორწმუნისა და მაშინდელი ქრისტიანული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცდომილებისკენ მიდრეკის კუთხით ფრიად საგანგაშო ვითარება შექმნა, ამიტომ აუცილებელი გახდა მსოფლიო კრების მოწვევა. [9]როგორც ჩვენ აღვნიშნეთ საფუძველი მსოფლიო კრების მოწვევისა გახლდათ წარმოქმნილი და აღმოცენებული სნეულების განსაკუთრებით დიდი მასშტაბები, რასაც ადგილობრივი კრება ვეღარ უმკურნალებდა. გაიმართა პირველი მსოფლიო კრება, არიანელები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ ამ კრებისას, თუმცა ისინი ორ ნაწილად იყვნენ განყოფილნი, ერთნი ფარულად არიანელები, მეორენი აშკარად გამომთქმელნი არიანული დებულებისა. ის ფარულნი მოლოდინში იყვნენ იმისა თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენები, თუ შეატყობდნენ, რომ არიანული მოძღვრება იმარჯვებდა ისინიც აღიმაღლებდნენ ხმას და ერთობლივად წინ წაწეულ ასე ვთქვათ მათ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. მაგრამ რადგანაც ამ კრებაზე ერთსულოვნად და მკაფიოდ და ხმამაღლა დაიგმო არიანული ცრუ სწავლება ძე ღმერთის ქმნილებად აღიარების შესახებ, ფარულად არიანელნი ჩაჩუმდნენ და შესაბამისად საეკლესიო კრების დადგენილება განკვეთის შესახებ არიოზისა და საერთოდ არიანული მოძღვრების [10]დაგმობის შესახებ ერთსულოვნად იქნა მიღებული. ამ პერიოდში არიოზი, ევსები ნიკომიდიელი და თეოგონიუს ნიკიელიც უკვე განდევნილნი არიან ჭეშმარიტების წიაღიდან, იმპერატორიც კონსტანტინე დიდიც ეთანხმება მათ განდევნას, მაგრამ ეს მოვლენა აღმოჩნდა დროებითი. რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 328 წელს მათ გამოაგზავნეს შენდობის და პატიების თხოვნის წერილი, თუმცა ამ წერილს როდესაც წავიკითხავთ ჩვენ ვერანაირად ვერ ვირწმუნებთ, რომ მათ შეინანეს. ეს პიროვნებანი, ვინც წერილი გამოაგზავნეს, არ მიიჩნევენ, რომ მათ შეცდომა ჰქონდათ მოძღვრებაში. ფაქტობრივად ეს როგორც ჩანს ევსები ნიკომიდიელის დაწერილია და შეგვიძლია ამ პიროვნების სახელით ვილაპარაკოთ, რომ ისინი თვლიდნენ შეცდომას მოძღვრების გადმოცემის ფორმაში, რომ ვერ იქნენ გაგებულნი მართებულად, რომ თითქოსდა ისინიც სწორედ იმ მოძღვრებას აყალიბებენ, რაც ნიკეის მსოფლიო კრებამ დაადგინა, [11]არავითარი სხვააობა ვითომცდა ამ მოძღვრებასთან მათ არა აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობის ნიადაგზე იქნა აღმოცენებული მათდამი დაპირისპირება. ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ თუ შეწყალებულნი იქნებიან ყოვლითურთ უერთგულებენ იმ მოძღვრებას რაც ნიკეის მსოლფიო კრებამ დაადგინა. ისინი მართლაც შეწყალებულნი იქნებიან, განსაკუთრებით ეს ევსებიზე ითქმის, თუმცა არიოზი მღვდლად აღდგენილი არ არის და უკვე მცდელობა და ძალისხმევა არიანელებისა აქეთკენ მიდის, რომ არიოზი დაბრუნდეს თავის სამღვდელო პატივში მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჩვენ შეგვიძლია ასეც ვიფიქროთ, რომ არიოზის ბედი ალბათ დიდად არც ანაღვლებდა ევსები ნიკომიდიელს, მისთვის მთავარი იყო, რომ საზოგადოების წინაშე გამარჯვების რაღაც სურათი შექმნილიყო, რომ მათ გაიმარჯვეს. მაგრამ რამდენადაც ეს მოძღვრება არიოზის სახელს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, მათთვის დიდი მოვლენა იქნებოდა როდესაც არიანელობისთვის სახელის დამრქმევი არიოზი მღვდლობის პატივში იქნებოდა აღდგენილი და წირვას [12]შეასრულებდა. ამიტომ ქონდათ მათ აქეთკენ ასეთი განსაკუთრებული ძალისხმევა, თორემ არიანელები სხვანიც იყვენენ, რომლებზეც ასეთი გასნაკუთრებული ზრუნვა ევსები ნიკომიდიელისა არ გამოვლენილა.

ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არიოზისა და ევსების ცხოვრებას ასე ვთქვათ ერთად გადმოვცემთ, იმიტომ რომ არიანულ ისტორიაში მათი ეს საქმიანობანი განუყრელად შეერთდა და ამიტომ ძნელია გამიჯვნა, რა თქმა უნდა. თუმცა ვიდრე ეს საკითხი ასე აქტიურად დაისმებოდა და ფაქტობრივად ფინიშამდე მივიდოდა, როგორც ეს 336 წელს მოხდა, მანამდე გარკვეულ მოვლენებს ქონდა ადგილი, საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ასევე აღნიშვნის ღირსია. კერძოდ შეწყალებული და უკან დაბრუნებული იქნენ რა დევნილი არიანელები და მათ შორის ევსები ნიკომიდიელი, რაღაც საოცრად ხდება მყისიერად მათი კვლავ უაღრესად გავლენიან პოლიტიკურ-საეკლესიო ფიგურებად ქცევა. ევსები ნიკომიდიელი გამორჩეულად გავლენიანი პიროვნება გახლდათ ნიკეის მსოფლიო კრებამდეც [13]და 328 წლიდანაც, მან მყისიერად მოიპოვა და დაიბრუნა უკან ის ავტორიტეტულობა და გავლენიანობა რაც მანამდე ქონდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ძალისხმევით არ ხდებოდა, მას ჰყავდა მრავალი ასე ვთქვათ მიმდევარი და ერთგული საიმპერიო კარზე, განსაკუთრებით ქალტა წრიდან, რომელთა გამორჩეულმა და მიზანდასახულმა მოქმედებამ ევსები დააბრუნა თავის უფლებებში და არა მხოლოდ დააბრუნა, არამედ დღითიდღე უფრო და უფრო, ეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა, ზრდას დაექვემდებარა ის გავლენიანობა რაც ჰქონდა ევსების. ის დღითიდღე უფრო და უფრო მასშტაბური და გავლენიანი პიროვნება ხდებოდა და ამ გავლენიანობისა და განსაკუთრებული ავტორიტეტულობის უაღრესად ნათელი დადასტურება გახლდათ ის, რომ არიანელებმა დაიწყეს მასშტაბური შეტევა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საეკლესიო მოღვაწეებზე იმ დროისა, 330 წელს მათ გადააყენეს ანტიოქიის, ამ უდიდესი საყდრიდან წმ. ევსტათი ანტიოქიელი, [14]გამორჩეულად ღირსეული მოღვაწე. ეს ის პიროვენება გახლავთ, რომელსაც უკავშირდება ქართლის ეკლესიის კურთხევა 326 წელს. შემდგომ მათ (არიანელებმა) Aთავიანთი ძალისხმევა მიმართეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წმ. ათანასე ალექსანდრიელის წინააღმდეგ რომლის პიროვნებაც ძალიან და განსაკუთრებით დიდ დაბრკოლებებს უქმნიდა მათ მყისიერი გამარჯვების მოპოვებაში. ორგზის გაიმართა კრება მის წინააღმდეგ, რომელსაც თავჯდომარეობდა ნახევრად არიანელი ევსები კესარიელი, რომელიც უნდა ავურიოთ ევსები ნიკომიდიელში. ჩვენ ევსები კეასრიელს ყოველწუთში ვახსენებთ, მოგეხსენებათ, როგორც საეკლესიო ისტორიის ავტორს, რომლის ეს შრომა ბევრი კუთხით ფასდაუდებელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ევსები კესარიელი გახლდათ ნახევრად არიანელი და წმ. ათანასე ალექსანდრიელის წინააღმდეგ მებრძოლი, იმ ზომამდე რომ სწორედ 335 წელს გამართულმა ტვირის კრებამ ათანასე ალექსანდრიელი გადააყენა ალექსანდრიის საეპისკოპოსო საყდრიდან და აქედან დაიწყო პირველი დევნულობა ათანასე ალექსანდრიელისა, [15]რაზეც ჩვენ შემდგომ გვექნება საუბარი, როცა ათანასეს შევეხებით. მაგრამ მოვლენების დინამიურობას ვაჩვენებთ, რომ ჯერ ევსტათი გადააყენეს ანტიოქიის საყდრიდან, შემდეგ ათანასე ალექსანდრიის საყდრიდან და 336 წელს უკვე იმ დროისათვის უკვე უაღრესად ავტორიტეტული მარკელოს ანკვირელი ანკვირიის საყდრიდან. მართალია შემდგომ მარკელოსი მონოფიზიტობისკენ გადახრილი აღმოჩნდა, მაგრამ ამ შემთხევავში არიანელობის წინააღმდეგ იგი ევსტათისთან და ათანასესთან ერთად იბრძოდა. ისედაც ანკვირიის საყდარი ცნობილი საყდარი გახლდათ და მისი გადაყენებაც არიანელთა მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატების გამოხატულება იყო. წუთი-წუთზე მოსდევს ეს წარმატებები, როგორც იტყვიან, არიანელთა სვლას ისტორიის შარაგზაზე. მათ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები როდესაც მოიცილეს მხოლოდ ამის შემდეგ დასვეს ყველაზე აქტიურად საკითხი არიოზის ეკლესიასთან შემორიგებისა, ფაქტობრივად როგორც უკვე ვთქვით, ფინიშამდეც მივიდნენ, მიზანსაც მაიღწიეს, იმიტომ რომ კონსტანტინე დიდმა გასცა ამის აღსრულების ნებართვა. [16]ჩვენ ამაზე ერთ-ერთ საუბარში აღვნიშნავდით და ეხლა აღარ დავუბრუნდებით თუ რა იყო ყოველივე ამის საფუძვლები, რომ არიოზმა დაუმალა მას ნამდვილი შეხედულება მისი, ნამდვილი აზრი, მწვალებლური აზრი და დადგინდა რომ კვირა დღეს მას საზეიმო წირვა შეესრულებინა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთან ერთად. მაგრამ როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი შაბათს საღამოს იგი გარდაიცვლება ქალაქის საზოგადოებრივ ტუალეტში საკმაოდ მძიმე სიკვდილით. თუმცა იგი ხანდაზმული იყო, 80 წელს გადაცილებული, მაგრამ ასეთი მოულოდნელი აღსასრული მაინც ხშირად დაინახება იმ კუთხით, რომ არ იქნა დაშვებული ერესის მართლმადიდებლობასთან შეზავება, შესაზვება, რა თქმა უნდა, სულიერად ყოვლად შეუძლებელია და მსგავსი რამ გამორიცხულია, მაგრამ ყოფითი ამქვეყნიური, სხვათაგან სახილველი ასპექტითაც კი ეს არ განხორციელდა, რომ მრავალნი არ დაბკოლებულიყვნენ. თუმაც ამ ფაქტს ოდნავადაც არ შეუშლია ხელი არიანელთა წინსვლისათვის, [17]ისინი არც კი დაფიქრებულან საღვთო განგებულებაზე, ეს ჩათვალეს აბსოლუტურად ჩვეულებრივ შემთხვევით მოვლენად, რადგანაც ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში წინაურდება განსაკუთრებით ევსები ნიკომიდიელი, იმიტომ რომ არიოზი ასე იყო თუ ისე იყო მაინც თვითონ გახლდათ მიმცემი სახელისა ამ ერესისადმი, ამიტომ გარკვეული კონკურენტობა მისი ევსები ნიკომიდელთან თუნდაც მხოლოდ ამ დონეზე, სახელის მიცემის დონზე, რჩებოდა. მაგრამ არიოზის სიკვდილის შემდეგ უკვე ვსები ყველანაირი გაგებით ერთადერთი ლიდერია არიანელობისა და მისი გავლენიანობაც უკვე ფანტასტიკის სფეროს უახლოვდება, რადგანაც იგი ხდება უკვე საიმპერიო კარზე ყველაზე ცნობილი პიროვნება, იმ ზომამდე რომ კონსტანტინე დიდი აღსრულებამდე მცირე ხნით ადრე, როგორც ჩვენ ამაზე სპეციალური განმარტება გვქონდა თუ რა იყო ამის მიზეზები, მან მონათლა, მანვე აზიარა, ხოლო 338 წელს უკვე იგი ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე იგი ასეთი ტრიუმფალური სვლით [18]მივიდა,  და დაახლოებით 341 წელს მიიჩნევა იგი აღსრულებულად. თავისი ამ უკეთური ზრახვების გამარჯვებაში დარწმუნებით წავიდა ამ ქვეყნიდან, თუმცა იგი ბევრ რამეში გადარწმუნდებოდა როგორც ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

 

254–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=NvsL8KxfPqY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button