256

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ IV საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უაღრესად ღირსეულ მოღვაწეს წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელს, რომლის მნიშვნელობაც ვფიქრობთ იმ მცირე მიმოხილვითაც კი რაც ჩვენგან იყო წარმოდგენილი, გამოიკვეთა. ამგვარი მნიშვნელობის მოღვაწეები ამ ეპოქისა, რა თქმა უნდა, არაერთია და მათგან დღეს შევეხებით ასევე ნაკლებად ცნობილ მოღვაწეს, განმანათლებელს იაკობ ნიზიბიელს, რომელსაც ძველ წყარობეში ზოგჯერ იაკობ ნაზიბიელიც ეწოდება. ის გახლდათ ნიზიბინის ეპისკოპოსი (სპარსეთის საზღვრებისა და რომის იმპერიის საღვარზე მდებარეობს ეს ქალაქი) და ხსენებული პიროვნება, ქალაქის ეპისკოპისი, მრავალი სასწაულის საფუძველზე, რაც მისგან აღსრულებულა, წოდებული იყო თავის დროზე (ეს სახელი მას განეკუთვნა და შემორჩა) საკვირველთმოქმედად, ანუ ისაა [1]იაკობ საკვირველთმოქმედი, იგივე იაკობ ნიზიბიელი.


იაკობი გახლდათ შვილი სომხეთის ადგილობრივი მთავრისა და შესაბამისად ის იყო სამეფო გვარის წარმომადგენელი. ამავე დროს ნათესავი იყო  წმ. გრიგოლის, სომეხთა განმანათლებლის მამისა, მისი ნათლული იყო. წმ. გრიგოლზე ჩვენ თავის დროზე გვქონდა საუბარი და მას აღარ შევეხებით, არამედ იაკობის შესახებ განვაგრძობთ მსჯელობას. მან სიყრმეშივე იმ დროისათვის შესაძლებელი ფართო განათლება მიიღო. რა თქმა უნდა, ეს მისთვის ხელმისაწვდომი იყო წარჩინებული წარმომავლობის გამო, თუმცა სიყრმიდანვე, როგორც მის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, ის განერიდა ამ ქვეყნის სიამეებს, შეიყვარა განმარტოებითი ცხოვრება და გახდა ნიმუში მკაცრი მოღვაწეობისა. წლობით ცხოვრობდა იგი ტყეებში, მთებში და სხვადასხვა ადგილებში განმარტოებით. მას შეყვარებული ჰქონდა [2]განმარტოებით ადგილებში ცხოვრება, ტყეებში მთებში, გამოქვაბულში, ძველ ქართულად პარეხში და ჩვეულებრივ მცენარეული ნაყოფით იკვებებოდა, ზოგჯერ ბალახით, მარცვლეულით. რაც შეეხება სამოსელს მხოლოდ ცხოველის ტყავით იყო შემოსილი.

მაქსიმიანეს დროს იაკობი წარმოჩნდა და გაბრწყინდა აღსმარებლობითი ღვაწლის შედეგად და როდესაც მას ესმა, რომ სპარსეთში თანდათანობით ქრისტიანობა განივრცობა, თავადვე გაემგზავრა იქ, რომ რწმენა გაემყარებინა და სასწაულთა ძალით ბევრი წარმართი მოაქცია სარწმუნეობაზე. 314 წელს იყო სწორედ ის არჩეული ნიზიბინის ეპისკოპოსად, თუმცა მას თავისი ცხოვრების წესი, როგორც ამის შესახებ ჩვენ ნეტარი ტეოდორიტე კვირელი გვაუწყებს, არ შეუცვლია. სხვათაშორის იგივეს გვაუწყებს ჩვენ გენადი თავის “ბრწყინვალე კაცთა შესხებ” წიგნში: კვლავ ისეთი უპოვარებითი მოღვაწეობა, კვლავ ისეთი თავმდაბლური ღვაწლი [3]ცხოვრების ბოლომდე ნიშანდობლივი იყო იაკობისთვის. 325 წელს როდესაც ნიკეის მსოფლიო კრება გაიმართა, იგი როგორც ახოვანი დამცველი მართლმადიდებლური დოგმატებისა, გაემგზავრა ამ კრებაზე. ეს ფაქტი დადასტურებულია იმავე თეოდორიტესთან, რომ იგი კრებაზე იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული ღვაწლი ამ კრებაზე იაკობისა, ისევე როგორც ბევრი სხვა უაღრესად წარჩინებული მოღვაწისა ჩვენთვის უცნობია. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ამ კრების დეტალური წერილობითი აქტები ჩვენამდე არ მოღწეულა და იყო თუ არა დაწერილი ესეც რთულად გადასაწყვეტია. შემდგომი ფაქტი მისი ცხოვრებიდან, რაც ასევე დადასტურებულია, ეს გახლავთ 336 წელი, როდესაც მან კონსტანტინოპოლში თავისი ჭეშმარიტი სარწმუნეობის მეგობრები აიძულა, ანდა უფრო მართებული იქნება ვთქვათ მიმართა იქეთკენ, რომ მათ ელოცათ იმ უბედურების ასაშორებლად რაც ეკლესიას ემუქრებოდა არიოზის მიღებით, ეკლესიის წიაღში არიოზის [4]შემორიგებით. კარგადაა ცნობილი და ჩვენ ამაზე წინა საუბარში შედარებით დეტალური მსჯელობა გვქონდა, რომ არიოზი სწორედ შერიგების წინა ღამეს გარდაიცვალა და იაკობის და მისი მეგობრების ღვაწლი ღვთის წინაშე ლოცვისა ამ უბედურების აშორების მხრივ ზოგჯერ, ძველ დროში და დღესაც, ცალკეულ მკვლევართაგან სწორედ არიოზის აღსასრულში დაინახება. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნავდით არიანელთათვის ამ ფაქტს აბსოლუტურად არავითარი მნიშვენლობა არ ქონია, მათ არანაირი ღვთის განგება ამ ფაქტში არ დაუნახავთ, პირიქით გაცილებით უფრო ტრიუმფალურად განაგრძეს წინსვლა პოლიტიკური ავტორიტეტის გავლენიანობის გასაფართოებლად. 338 წელს როდესაც ნიზიბია დიდი საფრთხის წინაშე დადგა გარეშე მტრისგან, იაკობის შეუდრეკელობა დიდად განამტკიცებდა ამ ქალაქის მკვიდრთ და როგორც ფილოსტორგოსი გვაუწყებს თავის საეკლესიო ისტორაიში, იგი ნიზიბიას [5]იცავდა და მფარველობდა ქრისტიანული მწყემსური სულით. ათი წლის შემდეგ, 348 წელს სპარსელებმა მეორე გზის შემოარტყეს ალყა ნიზიბიას. შემდეგ აქ ასეთი აღწერილობაა იაკობის ცხოვრებაშიც და საეკელსიო ისტორიებშიც, რომ მათ კედელში ღრმული გაავლეს, გამოკვეთეს, ბოლოს ეს კედელი შემუსრეს, მაგრამ ვერანაირად ვერ აიძულეს ქალაქის მწყემსის გატეხვა და მისი განგებითა და მისი განჩინებით (ე.ი. იაკობ ნიზიბინელის), ერთ ღამეში აღადგინეს ქალაქის დამცველებმა კედელი, ხოლო სპარსეთის მეფე შაბური, რომელიც განცვიფრებული დარჩა ამ მომხდარით, განერიდა ნიზიბინს, როგორც თეოდორიტე ამას პირდაპირ მიუთითებს, ისევე როგორც მოგვიანებით იოანე ძონარა. ქალაქი საშინელი ხვედრისგან გადარჩენილ იქნა, [6]გადარჩენილ იქნა იაკობის დამსახურებით, ხოლო თვით იაკობი რწმენისა და სამშობლოს ასეთი ერთგული დამცველი, როგორც დღეისათვის დადგენილია 350 წელს აღესრულა. მისი ხსენება გახლავთ 13 იანვარს და 31 ოქტომბერს. თუმცა აქ განსხვავებული მონაცემებია, რომაელებთან მაგალითად ძველთაგანვე 11 ივლისია, სირიულ კალენდრებში 18 იანვარი და სომხებთან დეკემბერშია იაკობის ხსენება. იაკობ ნაზიბიელის ცხოვრება ვისაც დააინტერესებს შეუძლია ქართულ ენაზე ნახოს, ძველ ქართულ ენაზე, ის გამოცემულია შატბერდის კრებულში და როგორც ჩანს თარგმნილია დაახლოებით VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე, ბრწყინვალე გამართული ქართულით. ამ ცხოვრებაში გაცილებით უფრო ვრცლადაა ყოველივე ის წარმოჩენილი, ანდა უმთავრესი წარმოჩენილი, ყოველივე იმისა, რაც ჩვენ აქ მოკლედ აღვნიშნეთ და რაც ძველ საეკლესიო ისტორიებში ფილოსტორგოსის, თეოდორიტე [7]კვირელის და სხვათა მიერ გადმოცემულია.

რაც შეეხება შრომებს, წმ. ათანასე ალექსანრიელი ეგვიპტელ ეპისკოპოსებს როდესაც წერდა არიანელთა წინააღმდეგ იმასაც აღნიშნავდა, რომ რაც კი დაწერილა მართლმადიდებლური, როგორც მაგალითად იაკობის მიერ და აგრეთვე სხვებისგანაც მესოპოტამიაში, მათში ჩვენ ეჭვის შეტანა არ ძალგვიძს, რადგან მათში ვლინდება ღია, წრფელი სული სამოციქულო კაცებისა. V საუკუნის ერთ-ერთი ავტორი გენადი ადასტურებს, რომ წმ. იაკობმა დაწერა 26 თხზულება, სათაურებიც მოწოდებული აქვს მას (გენადის) და ამასთან დასძენს იმასაც, რომ ეს ძეგლები ახლახანს გადმოთარგმნილ იქნა სირიული ენიდან. გენადი თავის შრომაში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, რაზეც ჩვენ თავის დროზე გვისაუბრია, პირველ თავში გვაუწყებს [8]იაკობის შრომათა სირიულიდან თარგმნის შესახებ. დღესდღეობით ცნობილია კონკრეტულად სომხურ ენაზე დაცული იაკობის თვრამეტი სიტყვა და როგორც სათაურშივე ცხადდება ეს სიტყვები მას დაუწერია წმ. გრიგოლ სომხეთის განმანათლებლის თხოვნით. შინაარსობრივად ეს გახლავთ შეგონებანი, ის შეგონებანი რაზეც ზემოხსენებული გენადი გვაუწყებს, თუმცა გენადისგან ნახსენები ბევრი შეგონება ჩვენ არ გვხვდება სომხურად შემორჩენილ შეგონებათა რიცხვში, როგორც ჩანს ყველა არ თარგმნილა სომხურად. მიიჩნევა და ეს საყოველთაოდ მიღებული აზრია, მათ შორის მართლმადიდებელ მკვლევართა შორის, რომ სომხურად შემორჩენილი თარგმანები ნამდვილად იაკობისეული სომხური თარგმანია და ეს თარგმანები კარგახანია ინტენსიურად შეისწავლება. თუ ჩვენ შინაარსობრივად და ჟანრობრივად დავყოფთ ამ შეგონებებს ნაწილი მათგანი დოგმატურია, ნაწილი მათგანი ზნეობრივ ღვთისმეტყვეელბას [9]მოიცავს და ზოგჯერ იქ არის ამავე დროს ისეთი ფაქტოლოგიური უწყებანი რაც დღეისათვის ძალიან საყურადღებოა. რაც შეეხება საკუთრივ ზნეობრივი ღვთისმეტყველების ნიმუშებს და ზნეობრივ თემატიკას, იაკობი ხშირად შეგვაგონებს სიყვარულის შესახებ, ე.ი. სწავლება გადმოცემულია სიყვარულის შესახებ, მარხვის, როგორც მოსალოდნელი იყო, სინანულის შესახებ, თავმდაბლობისა და სხვა და ყოველივე ეს იმ ეპოქის ახალდაწყებული სამონაზვნო განდეგილური მოძრაობის სულით სუნთაქავს დღესაც ჩვენთვის. სიყვარულთან დაკავშირებით საყურადღებოა, როგორც ის გვასწავლის, რომ ესაა სახარებისეული რჯულის აღსრულება. მისი სიტყვებია აგრეთვე, რომ სიყვარულია საფუძველი სიწმინდისა, რაც გვიქადაგა უფალმა და ქრისიტანული მოძღვრების არსი. შეგონებითი სიტყვა აქვს მას ქალწულების შესახებ, ე.ი. ქალწულების დაცვის შესახებ, აღთქმის ძეთა შესახებ. [10]აგრეთვე სპეციალური შრომა აქვს სამღვდელოთა შესახებ ანუ სიწმინდის მსახურთა შესახებ. ეს უკანასკნელი კერძოდ მიიჩნევა ერთ-ერთ ბრწყინვალე მწყემსურ დამოძღვრად მღვდლებისა, სამღვდელოებისა და მათი მოვალეობების შესახებ უწყებად, თუ რა აუცილებელი ვალდებულებანი აქვს სამღვდელო პირს. უწყებაა აგრეთვე ზიარების საიდუმლოს აღსრულების არსზე და იმ ვალდებულების სიმძიმეზეც, რასაც ამ საიდუმლოს აღსრულება თავისთავში გულისხმობს.

რაც შეეხება საკუთრივ დოგმატურ სიტყვებს, მას აქვს ერთ-ერთი სიტყვა რწმენასთან დაკავშირებით, რწმენის შესახებ, ჩამოყალიბებულია რწმენის რაობა, განმარტებაა, განსაზღვრებაა მოცემული რწმენისა და მისი დანიშნულებისა ადამიანის გადარჩენის საქმეში, ადამიანის ცხონების საქმეში. იაკობი პირდაპირ მიუთითებს (ჩვენ შეიძლება პატარა ციტატა მოვიტანოთ), რომ “მთელი ჩვენი სარწმუნეობის უმტკიცესი [11]და ჭეშმარიტი საფუძველი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომაც ვინც კი ჭეშმარიტებისკენ გადმოდგამს ნაბიჯს და ჭეშმარიტებაში შემოვა იგი დადგება უმტკიცეს საფუძველზე რაც არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე”. კონკრეტულად 16-ე სიტყვაში იაკობი ბრწყინვალედ გვისაბუთებს რომ წმ. წერილი სწორედ ძე ღმერთის ბუნებით ღმერთობას ქადაგებს, ამის აღმსარებელი ძეგლი წმ. წერილია პირველ რიგში და რომ ამის შესახებ დაეჭვება (რა თქმა უნდა, აქ მინიშნებაა არიანელებზე) არა მხოლოდ საეკელსიო ტრადიციის უარყოფაა, არამედ პირველ რიგში საკუთრივ წმ. წერილისა”. ამავე დროს იაკობი საღვთო წერილის საფუძველზე ასაბუთებს, რომ სწორედ იესო ქრისტეა მესია, რომელსაც მოელოდნენ. ეს უკვე როგორც ჩანს იუდეველებს გულისხმობს, ეს იუდველების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მაშინაც ეს ორივე მხარე, ერთის მხრივ არიანელობის წინააღმდეგ [12]პაექრობა, რა თქმა უნდა, წინა პლანზე იყო, მაგრამ მეორეს მხრივ არ იჩრდილებოდა ჯერ კიდევ იუდეველთა წინააღმდეგ პაექრობა.

ცხადია ეს შრომები რამდენადაც არაა მოღწეული ძირითადი თარგმანების სახით ძირითად ენაზე, ე.ი. არ არის მოღწეული სირიულ ენაზე, არ არის არცერთ სხვა ენაზე და მხოლოდ სომხურზეა, ეს ფაქტი დაბრკოლება გახდა იმისა, რომ იაკობის შრომების შესახებ ცოდნა გვქონოდა, რადგანაც სომხური ლიტერატურა ასე ფართოდ ცნობილი და ხელმისაწვდომი ცხადია დაინტერესებულ პირთათვის არ იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი მიზეზი იმისა რა ენაზეც არ უნდა იყოს შემონახული წმინდანის შრომები, რომ ეს შრომები არ იქნეს შესწავლილი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამაში შეიძლება გარკვეული დამსახურება დავინახოთ იმ XIX საუკუნის რუსი ღვთისმეტყვეელბისა, რომლებიც ამ შემთხვეაში, თუ კონკრეტულად იაკობთან დაკავშირებით ვიტყვით, საღვთო მოშურნეობით განიმსჭვალნენ და არც ამ პიროვნების მოძღვრებანი, [13]სწავლებანი და შრომები უგულებელყვეს და სომხურენოვანი ტექსტები საკმაოდ სიღრმისეულად აითვისეს და მოძღვრება იაკობისა ფართო წრეებისათვის ცნობილი გახადეს. თუმცა არაა გამორიცხული, რა თქმა უნდა, რომ სომხურ თარგმანებში იყოს ცალკეული ხარვეზები, როგორც ეს საერთოდ ახასიათებს ამ ენაზე შემორჩენილ ტექსტებს, მაგრამ ჭეშმარიტების დანახვა ამ თარგმანშიც კი თუ ადამიანი ამისკენაა განწყობილი (ჭეშმარიტების დანახვისკენ), რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

იაკობის შესახებ ჩვენ აქ შევჩერდებით და შემდგომი შეხვედრისას ალბათ დადგება დრო, რომ შევეხოთ ისეთ დიდ მოღვაწეს, როგორიც გახლდათ ჩვენს მიერ ადრე ხსნებული წმ. ევსტათი ანტიოქიელი, ერთ-ერთი პირველი “მსხვერპლი” არიანელთა აულაგმავი მოქმედებისა, რომლებმაც 330 წელს ანტიოქიის საყდრიდან გადააყენეს იგი და რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით საქართველოს ეკლესიის წინაშე ფასდაუდებელია.

 

256–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=q_rrwtmpYDE

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 27 მაისი 2016 12:43)