259–261


ანტონი დიდის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანები

IV საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმული მოღვაწეებიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა გამოვყოთ ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებული და ალბათ ყველასთვის ცნობილი სახელოვანი მოღვაწე წმ. ანტონი დიდი. ამ პიროვნებასთან დაკავშირებით არ ვართ, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. წყაორბის არსებობა განაპირობებს ჩვენს ცოდნასაც და ჩვენი ცოდნის სიფართოვესაც ანტონი დიდის ჯერ ცხოვრების, შემდეგ ცხოვრებაშივე გამოჩენილი განსაკუთრებული ახოვანების ანუ პრაქტიკული მოღვწეობის და შემდგომ მისი თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო ნააზრევის შესახებ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყარო ცხოვრებითი, მოღვაწეობითი თვალსაზრისით მოგეხსენებათ არის წმ. ათანასე ალექსანდრიელისგან დაწერილი ჰაგიოგრაფიული შრომა. ეს შრომა თავისთავად ძვირფასია საეკლესიო ისტორიისთვის, როგორც დამფუძნებელი ჰაგიოგრაფიული ჟანრისა, ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიული [1]ჟანრისა. ამასთან აღწერილობა არის საკმაოდ ვრცელი, მოცულობითი და ანტონი დიდის პრაქტიკული ღვაწლის შესახებ მკითხველისათვის ფასდაუდებელი ცნობები, ფასადაუდებელი ინფორმატიული მასალაა თავმოყრილი ამ ძეგლში. ათანასე დიდი თვითონ უდიდესი ავტორიტეტია მოგეხსენებათ, ჩვენ ამ პიროვნებაზე შემდგომ გვექნება დეტალური მსჯელობა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია ისედაც მისი განსაკუთრებული სიმაღლე სულიერებისა, მოღვაწეობითი შეუდრეკელობისა, ამ შემთხვევაში არიანელობის წინააღმდეგ და ეს შრომაც ხსენებული მოღვაწის, როგორც საეკლესიო ავტორის განსაკუთრებულობას წარმოაჩენს. ჟანრის დაფუძნება ურთულესი რამ საქმე გახლავთ და ეს პატივი ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიის, როგორც ზოგადად ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი ქვეჟანრის დაფუძნებისა, წმ ათანასე ალექსანდრიელს განეკუთვნება. და მან აღნიშნული შრომა, როგორც უკვე ვთქვით მიუძღვნა წმ. ანტონი დიდს. ამ შრომის ავტორზე [2]ასე საგანგებოდ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ მართლაც განსაცვიფრებელ პოპულარობას, რაც ამ ძეგლმა ჭეშმარიტების მაძიებელთა და ჭეშმარიტების მორწმუნეთა წიაღში ჰპოვა. ანტონი დიდის ცხოვრება ბევრისთვის კვლავაც დაფარული და უჩინო იქნებოდა და განდეგილური მოღვაწეობა ვერ შეიძენდა ალბათ იმ მასშტაბებს რაც შეიძინა, რომ არ დაწერილიყო ეს ნაშრომი. ამ ნაშრომმა აურაცხელი მიმდევარი გაუჩინა ანტონის და განდეგილობა მართლაც მთელ მსოფლიოში განავრცო, იმიტომ რომ იქ აღწერილი წესი ცხოვრებისა რითაც ანტონი ცხოვრობდა და რითაც მან სუფევა და ცხონება ჰპოვა მრავალთათვის გახდა უაღრესად საწადელი. ამ ნაშრომში მიმართულებანიც ოყო დასახული და არა მხოლოდ უაღმატებულესი ცხოვრების ხოტბა, იმ ცხოვრებისა რაც ანტონიმ აჩვენა თავის მოსაგრეობაში, არამედ ამავე ცხოვრებისკენ მიმავალი გზების დასახვა ყველა პირისათვის, რომელიც [3]ამის მოწადინე იქნებოდა. აი ამ გეგმითაა დაწერილი ათანასესგან წმ. ანტონი დიდის ცხოვრება. მას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთრივ ანტონის პიროვნების სულიერი და სიღრმისეული არსის წარმოჩენა სურს, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე. ღვთის წინაშე აღასრულებს ის ამ ღვაწლს, რომ ანტონის სიდიადე შემოუნახოს თაობებს, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი მიზანდასახულობა არაა ათანასეს წინაშე, ისევე როგორც არცერთი სხვა საეკლესიო ჰაგიოგრაფის წინაშე, არამედ მეორე და ასევე აღმატებული მიზანდასახულობა გახლავთ ის, რომ იმგვარად აღწერონ ღვაწლი დიდი წმინდანისა, დიდი მოღვაწისა, ნიმუშად რომ გაუხდეს მრავალსა და მრავალს, ათასეულებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, და გზა ცხონებისა საწადელი გახდეს ყველა, თუნდაც ყველაზე უფრო ჩვეულებრივი რიგითი ქრისტიანისთვის. აღწერილობა არის უაღრესად გრძნობადი, შთამბეჭდავი. ათანასე იმდენად პიროვნულად ითავისებს ანტონისეულ [4]განცდებს, სულიერ ბრძოლებს, წინააღმდეგობებს, რომ განცვიფრებასაც კი აღემატება მისი ამგვარი თანაზიარება ანტონისეულ სულიერებასთან. ყველაფერი ეს მან საკუთარ თავზე ფაქტობრივად გადაიტანა, მან თვითონვე განვლო (ათანასემ) ანტონის უაღრესად რთული მოღვაწეობითი ცხოვრება, უმძიმესი განცდანი, უკეთურ ძალთა მიმართ გამოვლენილ დაპირისპირებათაგან აღმოცენებული სიმძიმენი და სირთულენი, აი ასეთი სულიერ თანაზიარებით იმ ზომამდე იწვნია საკუთარ თავზე, რომ უაღრესად ცხოვლად, რეალისტურად, სინამდვილეში მომხდარად აღგვიწერა და მრავალთათვის, როგორც აღვნიშნეთ, უახლობელესი გახადა ანტონისეული გზა ცხონებისა და ეს გზა მხოლოდ და მხოლოდ სულიერი გზაა. ეს შრომა მოცულობითაც შთამბეჭდავი და შინაგანი დატვირთვითაც ჭეშმარიტად [5]გამორჩეული, - “ანტონი დიდის ცხოვრება” თითქმის ყველა ქრისტიანი ერის ენაზეა თარგმნილი და მათ შორის თუ ამ ფაქტსაც ყურადღებას მივაქცევთ, ქართულ ენაზეც.

თითქმის ყველა ახალმოსული თაობა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ხელახლა ეწაფებოდა და ხელახლა თარგმნიდა ანტონი დიდის ცხოვრებას. ამის თაობაზე ჩვენ სხვადროს სპეციალური წერილიც გამოვაქვეყნეთ, ანტონი დიდის ცხოვრების უადრესი ვერსიების შესახე. შეჯამებულად თუ ვიტყვით მისი ცხოვრება ათანასე ალექსანდრიელისგან დაწერილი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, აი ამგვარი გზის და ამგვარი გეზის მქონედ წარმოგვიჩნდება, რომ პირველთარგმანი ამ ცხოვრებისა როგორც ჩანს შესრულდა დაახლოებით V საუკუნეში და ეს თარგმანი თავისი ეპოქის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, არსებითად ანტონისეული მოღვაწეობის რაობა იქ შენარჩუნებულია. ორგინალში ასე, როგორც აღვნიშნავდით, ცხოვლად გადმოცემული შინაგანი [6]ბრძოლების გზა, ცხონებისკენ მიმყვანი ანტონისგან გავლილი, ქართულ თარგმანში მეტნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს თარგმანი სრულყიფისგან ძალიან შორსაა. როგორც ჩანს ამან განაპირობა ის ვითარება, რომ დაახლოებით VI-VII საუკუნეებში ხელახალი თარგმანი არ შესრულებულა ანტონის ცხოვრებისა, მაგრამ უკვე არსებული თარგმანი (დაახლოებით V საუკუნეში თარგმნილი) თითქმის ზედმიწევნით შეუდარდა ბერძნულ ორიგინალს ვიღაც ჩვენთვის უცნობი დახელოვნებული რედაქტორის მიერ და ჩამოყალიბდა უაღრესად გამართული ტექსტი ქართულ ენაზე უკვე საკმაოდ მიახლოებული იმ აღმატებულებას, რაც ორიგინალს, წმ. ათანასე ალექსანდრიელის კალამმა შესძინა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა საქართველოს ეკლესიაში ანტონი დიდის ცხოვრების კვლავ და კვლავ ათვისების გზა. მოგვიანებით წმ. ექვთიმე ათონელმა უკვე მესამეგზისი [7]მოღვაწეობითი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში, მან უკვე თავიდან თარგმნა ანტონი დიდის ცხოვრება. ზოგჯერ ფილოლოგიაში მთლად გარკვეული არ არის ჩვენ რას უნდა ვუწოდოთ ახალი თარგმანი, რას უნდა ვუწოდოთ რედაქცია. ამიტომ თუ ამ ეტაპზე ამ კუთხით მსჯელობას არ განვავრცობთ და ზოგადად რედაქციებად წარმოვაჩენთ ყველა იმ ტექსტს რაც ქართულ ენაზე შეიქმნა ათანასესგან დაწერილი ცხოვრების ბერძნულენოვანი ტექსტის საფუძველზე, აი ამ რედაქციების ქრონოლოგიური მიმართებით დალაგებაში შემდგომი ძეგლები გამოიყოფ: როგორც უკვე ვთქვით პირველი რედაქცია, ყველაზე უფრო ადრე თარგმნილი V საუკუნისა, ამ რედაქციის დამუშავება და სრულყოფა ანუ მეორე რედაქცია დაახლოებით VI-VII საუკუნეებისა. თუ რა განსაზღვრავს ამ საუკუნეებს ეხლა ამაზე ჩვენ ვრცლაად ვერ შევჩერდებით, არსებითად უადრესი ეპოქის ძეგლთა ქრონოლოგიურ დათარიღებას და ქრონოლოგიური რიგის გარკვევასა და დადგენას განაპირობებს მათი ტერმინოლოგიური [8]ანალიზი, ტერმინოლოგური შესწავლა. როცა ვამბობთ რომ მაგალითად ანტონი დიდის ცხოვრება უადრეს პერიოდში ითარგმნა ქართულად და იმ უადრეს რედაქციაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამის ერთ-ერთი მკვეთრად დამადასტურებელი გახლავთ დავუშვათ (ეხლა უბრალოდ გვახსენდება), ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური არქაიზმის, როგორიც არის ბერძნული ტერმინი “უსიას”, რომელიც არსებას ნიშნავს, “სიმდიდრედ” თარგმნა თეოლოგიურ კონტექსტში, რომ ღმერთი არის ერთი არსება და სამი პირი. ასეთ შემთხვევაში როცა ქართულში ჩვენ გვხვდება შესატყვისი ღმერთი არის ერთი სიმდიდრე, ანდა ერთი საუნჯე, რა თქმა უნდა, ბუნებრივად არქაიზმად მივიჩნევთ ამგვარ თარგმანს. VI საუკუნის დამდეგიდან ჩვენ მოგვეპოვება აურაცხელი ძეგლი, მათ შორის ხანმეტი ტექსტების სახითაც მოღწეულნი, სადაც “არსება” “უსიას” შესატყვისად უკვე დადასტურებულია. მეტიც შეიძლება ითქვას, თვით ოთხავთა უძველეს ნუსხებში ეს სახეზეა, თუნდაც მამაო ჩვენოს ლოცვაში, სადაც ჩვენ აღვავლენთ ვედრებას, რომ “პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს”. [9]იგივე ლოცვა მოგეხსენებათ მეორეგზისაც არის წმ. ოთხთავში, ძველ ქართულ თარგმანებში, სადაც უკვე არის “პური ჩვენი თანაარსობისაი მომეც ჩვენ დღეს” და ეს მეორე ტერმინი უფრო ადეკვატურია ორიგინალისა, ბერძნულში არის ტერმინი “ეპიუსისოს”. რა თქმა უნდა, “ეპიუსიოს” მთლიანობაში აღებული უკვე ნაკლებად ნიშნავს საკუთრივ “არსებას”, მაგრამ თარგმანში როცა “არსობადაა” გამოყოფილი ძირითადი ნაწილი ამ სიტყვისა, ე.ი. არა პრეფიქსული ნაწილი “უსიოს”, ეს უკვე აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ მთარგმნელისგან “უსია”, იმ მთარგმნელისგან, რომელიც სახარებათა ქართულენოვან ტექტებს ქმნიდა, ბერძნული “უსია” “არსებად” აღიქმებოდა. და მოგეხსენებათ სახარება ქართულად უადრეს ეპოქაში ითარგმნა. ასე რომ ბერძნულ “უსიას” “არსებად” აღქმა უადრესი წარმოშობისაა და როდესაც ვხვდებით ძეგლებს, სადაც ეს აღქმა ჯერ კიდევ არაა სახეზე და ბერძნული “უსია” ჯერ კიდევ არ გაიგება თეოლოგიური ანუ საღვთტისმეტყველო შინაარსით და იგივე “უსია” მხოლოდ ყოფითი, ყოფით ცხოვრებაში, ჩვენ ყოფით ურთიერთობაში [10]ხმარებული შინაარსით არის აღქმული მთარგმენილსგან, ხოლო ყოფით მეტველებაში “უსიას” სწორედ სიმდიდრეს, საუნჯეს, ავლდადიდებას, ქონებას ნიშნავს, როცა ასე ითარგმნება სწორედ მთარგმნელისგან ბერძნული “უსია”, თეოლოგიური ტერმინი, ცხადია იქ უეჭველ არქაიზმთან გვაქვს საქმე, და ამგვარი სახის არქაიზმები გამოვლენილია ანტონი დიდის ცხოვრების იმ რედაქციაში რომელსაც ჩვენ დღეისათვის უძველესს ვუწოდებთ. ამ მხრივ მეორე მაგალითიც შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ, რომ დავუშვათ ბერძნულად არის ასეთი ტერმინი “აიტია”, რომელიც ყოფით მეტყველებაში დადანაშაულებას, ბრალდებას, თვითონ დანაშაულსაც ნიშნავს. მაგრამ ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო კონტექსტში მხოლოდ მიზეზს, პირველსაფუძველს, სათავეს გულისხმობს და ამ თეოლოგიური კუთხითაც რომელ ძეგლშიც “აიტია” ქართულად თარგმნილია არა როგორც მიზეზი, არამედ როგორც დანაშაულის გამომხატველი ძველი ქართული ტერმინი ბრალი, უეჭველია რომ ასეთი ძეგლი უადრესი თარგმანია. აი ამგვარი ტერმინოლოგიური არქაიზმებია იმ ერთ-ერთ რედაქციაში, რომელსაც უძველესს ვუწოდებთ ჩვენ, რომელიც სხვათაშორის უძველეს მრავალთავებშია ასევე დაცული.

[11]მეორე რედაქციაა, კვლავ აღვნიშნავთ, ის რომელიც დაახლოებით VI-VII საუკუნეში შედგა, იმის საფუძველზე რომ უკვე არსებული ქართული თარგმანი დეტალურად შეუდარდა ბერძნულს.

მესამე რედაქცია გახლავთ, როგორც უკვე აღვნიშნავდით წმ. ექვთიმე ათონელისგან თარგმნილი და ეს მესამე რედაქცია ექვვთიმესგან თარგმნილი ბოლო ხანებამდე ფაქტობრივად უცნობი იყო, ვიდრე არ მოხდა დეტალური შესწავლა ათონის მთის ხელნაწერებისა, სადაც ექვთიმეს თარგმანი გამოვლინდა. ქალბატონმა მანანა დოლაქიძემ გამოავლინა ეს თარგმანი ექვთიმესი. მანამდე ჩვენ ცნობა ვიცოდით მხოლოდ რომ ექვთიმეს ანტონი დიდის ცხოვრებაც ქონდა თარგმნილი, ეს მისი ბიოგრაფისგან წმ. გიორგი მთაწმინდელისგან ვიცოდით, მაგრამ საკუთრივ ეს თარგმანი მოპოვებული  არ იყო.

თუმცა არც ამით არ დამთავრებულა ანტონი დიდის ცხოვრების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორია. მოგვიანებით ელინოფილური მიმართულების უცნობმა ქართველმა მთარგმენელმა (ჩვენ ალბათ ორ მთარგმნელს შორის უნდა ვეძებოთ ნამდვილი მთარგმნელი, ერთი ან ეფრემ მცირე ან არსენ იყალთოელი. უფრო საგულვებელია რომ ეს იყოს ეფრემ მცირე, როგორც [12]ამაზე ჩვენ წერილობითად გვაქვს გამოთქმული) მეოთხე გზის თარგმნა ქართულად წმ. ანტონი დიდის ცხოვრება და ეს უკვე გახლავთ აბსოლუტურად კალკირება ბერძნული ტექსტისა, ზედმიწევნითი გადმოცემა ყველანაირი კუთხით ორიგინალისა, იქნება ეს ლექსიკური მხარე, მორფოლოგიური, სინტაქსური, თვით სიტყვათმიმდევრობაც კი და ამ სახით დაგვირგვინდა ანტონი დიდის ცხოვრების ქართულ ენაზე თარგმნა.

Eეს ფაქტი აშკარად ცხადყოფს ანტონი დიდის ცხოვრების განსაკუთრებულობას საკუთრივ ქართველი მოღვაწეებისთვის. საგულისხმოა ალბათ ის ფაქტი, რომ ანტონის ცხოვრება მაშინ ითარგმნება ქართულად, როდესაც ბერმონაზვნური ცხოვრება ჩვენთან ჯერ კიდევ დასაფუძვლებული არ არის. არაა გამორიცხული რომ ცალკეული პიროვნული შემთხევვები, მთლად ადეკვატურად რომ ვთქვათ, გამონაკლისი შემთხვევები საქართველოში ცხადია არსებობდა, ბერმონაზვნური ცხოვრების აღსრულებისა, მაგრამ ბერმონაზვნობა როგორც მოვლენა, როგორც მოძრაობა, როგორც სამოძღვრო და სამოღვაწეო მიმართულება, საქართველოში დასაფუძვლებული [13]არ იყო. ეს პატივი, მოგეხსენებათ, განეკუთვნებათ დიდ მოღვაწეებს, სირიიდან ანუ ასურეთიდან მოსულ 13 მამას, რომლებმაც დააფუძნეს ერთის მხრივ ანაქორეტული და მეორეს მხრივ სამონასტრო ტიპის განდეგილობა ჩვენში. ანაქორეტული ანუ პირადი განდეგილობის, იგივე კელინური განდეგილობის ხაზი ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარ კელინშია, საკუთარ სენაკშია და სენაკად უწოდებს რაღაც გამოქვაბულს ნაპრალს კლდეში, ანუ განმარტოებულია. ეს ერთი სახეობაა განდეგილობისა და მეორე სამონასტრო ტიპის, როდესაც მრავალნი მეუდაბნოენი ერთად შემოკრბებიან და ერთ ზოგად ტიპიკონს ემორჩილებიან და სამონასტრო ნაგებობაც მათ მოღვაწეობას ამ კუთხითაც შეაკავშირებს. ორივე ხაზის ფუძემდებლები გახლავთ ასურელი მამები, ისინი პიროვნულად ანაქორეტები იყვნენ, ანუ განშორებულნი, კელინური განდეგილობის მიმდევარნი, მაგრამ როდესაც აურაცხელი მოწაფე გაუჩნდათ მათ, მათგანვე ფუძნდება პირველი [14]მონასტრები საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ფუძნდება VI საუკუნიდან. ხოლო ის უადრესი რედაქცია ქართულად თარგმნილი ანტონი დიდის ცხოვრებისა უეჭვალად მანამდელი გახლავთ. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამეც ვიფიქროთ და ვივარაუდოთ, რომ ანტონი დიდის ცხოვრების ქართულად თარგმნამ გარკვეული ნიადაგი შეუმზადა საქართველოში ასურელ მამათა მოღვაწეობის წარმატებით აღსრულებას, ბერმონაზვნური ცხოვრების საქართველოში დანერგვას, იმიტომ, რომ ვინც ამ ბერმონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტი მესაფუძვლეა, ანუ იგივე ანტონი დიდი, მისი ცხოვერბა უკვე ცნობილი იქნებოდა ასურელ მამათა საქართველოში მოსვლის ჟამისთვის ქართველი ქრისტიანებისთვის და ხიდი იქეთკენ, რომ ჩვეულებრივი ქრისტიანული ცხოვრების წესი საკუთრივ და სპეციფიკურად განდეგილური ცხოვრების წესად გაღრმავდეს აი ამგვარი ცხოვრების წესიდან იმ უფრო გაღრმავებული ცხოვრების წესისკენ გადასასვლელი ხიდი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ანტონი დიდის ცხოვრების უადრესი თარგმანით [15]უნდა ყოფილიყო გადებული. რაც შეეხება მეორე რედაქციას, იგი კიდევ უფრო განამტკიცებდა უკვე საქართველოში ფეხმოკიდებულ და საფუძველდადებულ განდეგილურ სახეობას მოღვაწეობისას. ექვთიმეს თარგმანიც ამის ხელისშემწყობი იქნებოდა და ელინოფილური თარგმანიც, როგორც გვირგვინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი მთარგმნელობითი საუკუნოვანი ისტორიისა.

თუ ჩვენ ეხლა ანტონის დავუბრუნდებით, რადგან მისი ცხოვრების შესახებ ასე ვისაუბრეთ, შედარებით ვრცლად, ბარემ აქვე აღვნიშნავთ იმასაც რომ სწორედ ქართულ ენაზე გახლავთ შემონახული მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თეოლოგიური შრომები – შვიდი ეპისტოლე, მცირედი ხარვეზით. პირველი ეპისტოლის დასაწყისი საკუთრივ ხელნაწერში ნაკლულევანია ამ ხელნაწერის დაზიანების გამო, მაგრამ ეს ეპისტოლეები ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, კვლავ ის დასტურდება, რომ ანტონი დიდის სახელი, უაღრესად საწადელი, უაღრესად ძვირფასი ყოფილა ქართველი ქრისტიანებისთვის. ყველაფერი რასაც ბერძნულენოვან საეკლესიო [16]წიაღში ანტონი დიდის პიროვნება იტევდა, ერთის მხრივ მისი ცხოვრება, მეორეს მხრივ მისი ნამდვილი შრომები (ნამდვილს იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ აურაცხელი ფსევდო შრომა მიეკუთვნა მას შემდგომში) მთლიანობაში განიკუთვნეს, თარგმნეს და საკუთარი მოღვაწეობის ნიმუშად დასახეს და საკუთარი მოძღვრებითი სწავლების ნიმუშად დასახეს ქართველმა ქრისტიანებმა.

რაც შეეხება საკუთრივ ანტონის ცხოვრებას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ადრეც გვქონდა აღნიშვნა, რომ პავლე თებელის შემდეგ იწყებს მოღვაწეობას ანტონი. პავლე თებელი დღეისათვის ჩვენთვის სახელით ცნობილი პირველი განდეგილია. ალბათ უეჭველია, რომ მანამდეც იქნებოდნენ განდეგილები, მაგრამ ისინი სახელებით არ შემონახულან ჩვენამდე მეხსიერებაში. პირველი სწორედ პავლე თებელი გახლდათ და სწორედ პავლეს შემდგომ ანტონი მიიჩნევა ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლად და საფუძველდამდებად, ხოლო თუ როგორ წარიმართა ეს დასაფუძვლება ბერმონაზვნური ცხოვრებისა ანტონის მიერ, ამაზე ჩვენ შემდგომ შეხვედრაზე [17]შევჩერდებით.

 

 

259–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=E6KZkN5tKw4

 

ანტონი დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ კვლავ ანტონი დიდის შესახებ გვექნება განხილვა. წინა შეხვედრაზე შედარებით ზოგადი ხასიათის ცნობებით შემოვიფარგლეთ. განსაკუთრებით ვრცლად შევეხეთ წმ. ათანასე ალექსანდრიელისგან დაწერილი ანტონი დიდის ცხოვრების ისტორიას კონკრეტულად საქართველოში, იმ ოთხჯერად რედაქციას რაც დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია. ამის შემდგომ შევუდექით თვით ანტონის ცხოვრების სრულიად მოკლე, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო არსებითი შტრიხების გადმოცემას საკუთრივ წმ. ათანასე ალექსანდრიელის ცნობებზე დაყრდნობით. როგორც აღვნიშნავდით ანტონი პავლე თებელის შემდგომ მიიჩნევა განდეგილური ცხოვრების მესაფუძვლედ. პავლე თებელს ჩვენ მესაფუძვლედ ვერ მივიჩნევთ, რადგან იგი პიროვნულად მოღვაწეობდა, პიროვნულად აღესრულა და მისი ღვაწლი ცნობილი არ გამხდარა და მიმდევრები მას არ გამოსჩენია. მაგრამ სხვა გახლდათ ანტონი დიდი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრეში იზრდებოდა, მას მდიდარი მშობლები ჰყავდა, ბავშვობიდანვე სახარებისეული [1]უბრალოებისა და ჭეშმარიტების ძიებისკენ იყო მიმართული. როდესაც შესაძლებლობა ქონდა, როდესაც მის ნებაზე იყო ეს დამოკიდებული, მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს და უპოვართ დაურიგა და 19 წლისამ გადაწყვიტა რომ განდეგილური ცხოვრებისთვის, განმარტოებული ცხოვრებისთვის შეებედა. მისი მეუდაბნოებითი მოღვაწეობა იწყება თავდაპირველად არცთუ მთლად შორს მისი დაბადების ადგილიდან, კერძოდ ეს გახლდათ შუა ეგვიპტე, ქალაქი ირაკლიოპოლისი, კომანა, სადაც იგი დაიბადა, აი ამ ადგილის ახლოს იწყებს კიდეც მოღვაწეობას. მან იქვე განსაკუთრებული ასკეზისი უკვე აჩვენა, უფრო სწორად განწყობა ასკეზისისა ანუ მარხვა-ლოცვის განსაკუთრებული სიმკაცრისაკენ მან წარმოაჩინა. საკუთრივ საკვების, საზრდოს მხრივ ეს ვლინდებოდა იმაში, რომ მხოლოდ პური და მარილი გახლდათ მისი საზრდო, სვამდა მხოლოდ წყალს და ამავე დროს არასოდეს [2]ორჯერ დღეში, ანდა ზოგჯერ ორ დღეში ერთხელაც კი. ეძინა ძალიან ხანმოკლედ შიშველ მიწაზე და ღვაწლი მისი, საქმიანობა მისი ეს გახლდათ მხურვალე მოუკლებელი ლოცვა, როგორც პავლე მოციქული გვმოძღვრავს და გვასწავლის. მისი ლოცვა, ფსალმუნთგალობა ანუ მეფსალმუნეობა არსებითად ამ პერიოდში (ისევე როგორც ზოგადად საეკლესიო ლოცვა) ფსალმუნებს გულისხმობს, რა თქმა უნდა. ამავე დროს, როგორც ეს საზოგადოდ მართლმადიდებლურ სამონაზვნო ტრადიციაში ყოველთვის დამკვიდრებული იყო, ანტონი ფიზიკური საქმიანობითაც, ხელსაქმითაც ასევე დაკავებული გახლდათ.

დაახლოებით 285 წელს იგი გრძნობს საკუთარ თავში მზადყოფნას იმისათვის რომ უფრო დიდ ღვაწლს შეერკინოს, უფრო ღრმა განშორებულობას შეჰბედოს და მართლაც ერთ-ერთ მთაზე, პისპირის მთაზე, ნახევრად დანგრეულ კოშკში განაგრძობს თავის ასკეტურ ღვწას დაახლოებით 20 წლის [3]მანძილზე. სადაც იგი მხოლოდ ორგზის ამზადებდა საზრდოს მთელი თვეების მანძილზე რომ უნდა ჰყოფნოდა, წელიწადში ორგზის და თითოეულგზისი შემზადება საზრდოსი მოიცავდა ნახევარწლიან პერიოდს, ე.ი. წინასწარ ნახევარწლიანი პერიოდისთვის ყველაზე უფრო ღარიბულ საკვებს, პურს, იმარაგებდა და ამით საზრდოობდა. 305 წელს მან უკვე თანდათანობით გაითქვა სახელი, როგორც გამორჩეულმა მოღვაწემ, გამორჩეულმა სულიერმა მხედარმა ღვთისამ, წინასწარმეტყველმა, მოძღვარმა და შესაბამისად სულიერი შვილებიც მისი მოძღვრობის, მისი დამოძღვრისა და სწავლების მოწადინენიც თანდათანობით გამოჩნდებიან. მათგან ჩვენ ალბათ საგანგებოდ უნდა გამოვყოთ წმ. ილარიონ პალესტინელი, ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, შემდგომში სწორედ პალესტინაში სამონაზვნო ცხოვრების დამფუძნებელი, რომლის ცხოვრებაც სხვათაშორის ანტონი დიდის ცხოვრების მსგავსად ქართულად ცხადია თარგმნილია, გამოცემულიც გახლავთ. [4]ვგულისხმობ ილარიონ პალესტინელის ვრცელი ცხოვრების ძველ ქართულ თარგმანს, დაახლოებით VII-VIII საუკუნეებში შესრულებულს, რომელიც დღეისათვის მეცნიერულადაც არის შესწავლილი და როგორც ვთქვით გამოცემული. აი ეს ერთ-ერთი უსაჩინოესი მოღვაწე განდეგილთა შორის, ერთ-ერთი პირველთაგანი მიაშურებს ასევე ანტონის, რომ მისგან განდეგილური, მეუდაბნოებითი ცხოვრების ჭეშმარიტება და ღირსება შეიმეცნოს. იგი გახლდათ სწორედ პირველი, რომელიც ანტონიმ მიიღო და თავისი სწავლებანი გადასცა მას.

ამავე ჟამიდან, ამავე წლიდან და ამავე დროიდან თანდათანობით ანტონის სამოღვაწეო გარემო, უდაბნო, ივსება ახოვანებისა და ღვაწლის მაძიებელ ქრისტიანთა მიერ, რომლებიც ტოვებენ სოფელს რომ უშუალოდ შეერკინონ უკეთურ ძალებს მარხვითა და ლოცვით. ანტონი დიდის ცხოვრებაში [5]ერთის მხრივ გამოკვეთილია ხაზი დაუცხრომელი ბრძოლისა უკეთურ ძალთა წინააღმდეგ და მათგან აურაცხელი ტანჯვა-წამების ახოვნად და უდრტვინველად დათმენისა და მეორეს მხრივ ყოველივე ამის თანამდევია იმავე ანტონის ცხოვრებაში, საკვირველებათა მთელი წყება რამაც იგი ერთ-ერთ უდიდეს საკვირველთმოქმედად გამოაჩინა. მრავალი მაკურნებელობითი, სულთა ცხონების აღმსრულებლობითი საქმენი ანტონისა, რაც შეძლებისდაგვარად დატევნისამებრ არის ასახული წმ. ათანასესგან დაწერილ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში (ამ საქმეთა შესახებ ზეპირადაც მრავალსა და მრავალს სმენოდა), ყოველივე ეს თანდათანობით უაღრესად განავრცობს რიცხვს იმ ადამიანებისას, რომლებიც ანტონის უდაბნოს ეშურებიან, რომლებსაც ანტონისეული ცხოვრების წესი იზიდავთ. შესაბამისად ანტონი ვალდებულებას გრძნობს, რომ განაწესოს ისინი, [6]მიუჩინოს მათYსამოღვაწეო ადგილი. ნაწილს გაამწესებს ქვემო ეგვიპტეში სამოღვაწეოდ, არსინოედ წოდებულ ადგილას (რასაც დღეს სუეიცი ეწოდება), მეორე ნაწილს კი იმავე მთაზე დაამკვიდრებს სადაც თვითონვე ცხოვრობდ. ხოლო როდესაც დაახლოებით 311 წლის ახლო ხანებში მაქსიმინისგან აღძრულმა სასტიკმა დევნულებამ ტალღისებრ უდაბნოებსაც მიაღწია, ანტონი დიდი მოეშურება ალექსანდრიაში, რომ სხვებთან ერთად გაიზიაროს ტანჯვა-წამებანი, განამხნევოს ღვაწლში მრავალნი და სასწაულთმოქმედებითი საქმეების აღსრულებით ნუგეში მოუპოვოს ჭეშმარიტების ბრძოლაში დამაშვრალთ. დაახლოებით ერთი წელი განვლო მან ამგვარ ღვაწლში და როდესაც უკან დაბრუნდა უდაბნოში, უაღრესად შეშფოთდა რა მნახველთა და მისი [7]გაცნობის მოსურნეთა აღურიცხავი რაოდენობით, მან გადაწყვიტა რომ გადასულიყო სხვა მთაზე, რომელსაც დღეს სხვათაშორის ანტონის მთა ეწოდება. იქ პარეხიდან პარეხში გადადის ანტონი, დაახლოებით სამ პარეხში მოღვაწობდა იგი, ხოლო როდესაც მოხდა არიანული ერესის საჯაროდ ქადაგება არიოზისგან და ამ ერესის ასე ვთქვათ ამოფეთქვა, ანტონი კვლავ ახოვნად იტვირთებს რწმენის, სარწმუნეობის დამცველობას, კვლავ დაადასტურებს, რომ მიუხედავად ამა სოფლისგან სრული განდგომისა, ამა სოფელში გამოვლენილ უკეთურებებს იგი არ განერიდება და როგორც ჭეშმარიტების მხედარი შეუპოვრად, ამ შემთხვევაში კონკრეტულად არიანელობის წინააღმდეგ ბრძოლას ვგულისხმობთ, ერკინება მას. 335 წელს მან შუამდგომლობის წერილით მიმართა კონსტანტინე იმპერატორს წმ. ათანასე ალექსანდრიელის შესახებ, რომელიც მაშინ უკვე [8]დევნულობაში იყო (ამაზე ჩვენ როდესაც ათანასეზე გვექნება მსჯელობა საგანგებოდ აღვნიშნავთ). ამავე დროს არიანელი ეპისკოპოსი გრიგოლი და იმავე არიანელთაგან დანიშნული საერო მმართველი ალექსანდრიისა ანტონისგან ხდებიან მკაცრად მხილებულნი და ამ მხილებათა შემდეგ ანტონი განერიდება არიანელებს, კვლავ უდაბნოს მიაშურებს და განერიდება მათ, როგორც მომაკვდინებელი შხამით დამგესლავ გველებს და როგორც ანტიქრისტეს (ეს მისგანვეა წოდებული) წინამორბედებს. მიუხედავად ანტონისგან მხილებისა, რა თქმა უნდა, არიანელები არ შემდრკალან და ზოგჯერ ანტონის საკუთარ ცრუ სწავლებათა ავტორიტეტადაც კი მოუხმობდნენ, ისევე როგორ ჩვენს მიერ ადრე ხსენებულ წმ. დიონისე დიდსაც, წმ. ლუკიანე ანტიოქილსაც და სხვებს.

როდესაც წმ. ათანასე ალექსანდრიელი დაბრუნდა თავის კათედრაზე, თავის საყდარზე, დევნულობის შემდეგ, ანტონი კვლავ ჩადის ალექსანდრიაში [9]და საყოველთაოდ, საჯაროდ ამხილებს არიანელთა თავხედობასა და სიბილწეს. ეს იყო 104 წლის ანტონის ასე ვთქვათ მოგზაურობა და დიდი ზეიმი. დიდი დღესასწაული გამოიწვია ანტონის ალექსასნრიაში ჩასვლამ, მართლმადიდებლობის ზეიმად გადაიქცა ეს მოვლენა, მთელი ნაკადები ხალხისა მას უკან მიჰყვებოდა, როგორც ღვთის უდიდეს ადამიანს, ღვთიური მადლით დაჯილდოებულ და გამოჩინებულ, გამორჩეულ მხედარს ჭეშმარიტებისას, ელოდნენ რა ცხადია მისგან კურთხევას და საკვირველთმოქმედებებს, სნეულთა განკურნებებს და სხვა. დაახლოებით 356 წელს, 105-ე წელში იმყოფებოდა რა ანტონი, აღესრულა იგი და რაც ჩვენ ვიცით ანდერძად ამგვარი თხოვნა დატოვა, რომ მისი დამარხვის ადგილი არავისგან ცნობილი არ გამხდარიყო. [10]ისიცაა სხვათაშორის გადმოცემით უწყებული, რომ მან თავისი ორი ცხვრის ტყავიდან ერთი წმ. ათანასეს დაუტოვა, რომელიც სწორედ ამ წელს, 356 წელს, წერს ანტონი დიდის ცხოვრებას, ხოლო მეორე დაუტოვა ამავე ეპოქის ღირსეულ მოღვაწეს სერაპიონ თმუისელს. ჩვენს ეკლესიაშიც და რომის ეკლესიაშიც ანტონი დიდის ხსენება 17 იანვარსაა დადებული. ეს უძველეს ქართულ წყაროებშიც სახეზეა, ვისაც უნახავს ვთქვათ უძველესი იადგარი იქ ანტონი დიდის ხსენება 17 იანვარსაა დადებული.

ეს რაც შეეხება ანტონი დიდის ცხოვრებას. გარდა ამისა მისი სულიერი ღვაწლის შესახებ ჩვენ მცირედი კვლავაც უნდა ვთქვათ და მისი იმ შრომების შესახებ, რომლებიც მართალია საკუთარი კალმით მას არ დაუწერია, იმიტომ რომ წერა-კითხვის უმეცარი იყო, მაგრამ მისი კარნახით იქნა ჩაწერილი, ისევე როგორც მისგან ზეპირად გადაცემული სწავლებანი, გვიან ჩაწერილნი, ზოგადი წესით განსახილველია, რასაც ჩენს შემდგომ შეხვედრაზე შემოგთავაზებთ.

 

260–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=OZj1fr_DqCo


ანტონი დიდის სამწერლობო მოღვაწეობა

ჩვენს წინა შეხვედრაზე დავიწყეთ ანტონი დიდის, ამ ერთ-ერთი ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე მოღვაწის შესახებ საუბარი. შევეხეთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო,  მის ცხოვრებას დაწერილს წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ. ეს ჰაგიოგრაფიული ძეგლი თავისთავად გახლავთ დამოუკიდებელი, შეუცვლელი ღირებულების მქონე, რის ნათელსაყოფადაც შევეხეთ აღნიშნული ცხოვრების ძველ ქართულ თარგმანებს, რითაც ანტონი დიდის პიროვნებით განსაკუთრებული დაინტერესება ძველი ქართველი მოღვაწეებისა აბსოლუტურად თვალსაჩინოდ იკვეთება და ვფიქრობთ გამოიკვეთა. შემდგომ განვიზრახავდით მისი ლიტერატურული, სამწერლობო, ღვთისმეტყველურ მოღვაწეობის შესახებ მსჯელობას, ამაზე შევჩერდით და ამ საკითხს განვიხილავთ ამჯერად.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ანტონი დიდი, როგორც მივუთითეთ, განათლების, ამ სიტყვის პირდაპირი, ყოფითი მნიშვნელობით, არ მქონე იყო. მას რამე ერუდიცია არ შეუძენია და თვით წერა-კითხვაც კი არ იცოდა, [1]თუმცა მისი სახელით, მისი ავტორობით შთამბეჭდავი რაოდენობის ძეგლებია ჩვენამდე მოღწეული. ის რაც უეჭველია და მას ნამდვილად და უპირობოთ უკავშირდება ეს გახლავთ ეპისტოლეები, წერილები გაგზავნილი ამა თუ იმ პირისადმი, რომლებიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ მისი კალმისგან არ დაწერილა, როგორც აღვნიშნავდით, მაგრამ მისი კარნახით ჩაწერილ იქნა სულიერ შვილთაგან და შესაბამისად ნამდვილად, ავტორობის თვალსაზრისით ანტონი დიდს განეკუთვნებიან. ჯერ კიდევ წმ. ათანასე ალექსანდრიელი მიუთითებდა ამ მხარეზე მისი მოღვაწეობისა, ე.ი. პირადი წერილების ანდა ეპისტოლეების დაწერის ფაქტს ადასტურებდა ათანასე დიდი, რომელიც როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ცხადია პირადად იცნობდა ანტონი დიდს, ემოწაფებოდა მას და მისი საქმიანობა შესანიშნავად იცოდა. ათანასე კერძოდ ჩვენ გვაუწყებს, რომ ანტონი დიდის ავტორიტეტი და რეპუტაცია იმ ზომამდე განევრცო, რომ თვით იმპერატორებამდეც კი მიაღწია, რადგან, - [2]ამბობს ათანასე, კონსტანტინე დიდსაც და მის ძეებსაც, კონსტანტისა და კონსტანციუსსაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ანტონის ქმედებათა, ანტონის მოღვაწეობის შესახებ და წერილობით მიმართავდნენ მას როგორც მოძღვარს, როგორც მამას და გამოთქვამდნენ აგრეთვე გარკვეულ წადილს რომ ანტონის მოენახულებინა ისინი ანდა წერილობით ეპასუხა მათთვის. მაგრამ იგივე ათანასე ჩვენ გვაუწყებს, რომ თვით ანტონი დიდ მნიშვნელობას, დიდ ყურადღებას ამგვარ ეპისტოლეებს მისდამი მიმართულს, არ აქცევდა, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად უცხო იყო რაიმე ამპარტავნებითი გაუკუღმართება. ამგვარ აღმატებულ პირთა ეპისტოლეები არაიშვიათად და არა მცირედის წინაშე, რა თქმა უნდა, შექმნიდა გაამპარტავნების საფუძველს. თუმცა ეს ყოველივე წმ. ათანასეს დამოწმებით და ანტონი დიდის ცხოვრებაზე დაკვირვებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ამ დიდი მოღვაწისგან, [3]თავმდაბლობის ნიმუშად რომ გაუხდა შემდგომ თაობებს. თუმცა როდესაც ეს ეპისტოლეები იმპერატორისგან, საიმპერატორო კარისგან მისდამი საკმაოდ გახშირდა და, ეს რა თქმა უნდა, ყველას თვალწინ ხდებოდა და ყველა საქმის კურსში იყო, ვგულისხმობ სამონაზვნო წრეს, სულიერ შვილებს ანტონის გარშემო მყოფთ, ათანასეს მოწმობით საკუთრივ ანტონის ასეთი რამ მოუმოქმედებია: მას შემოუკრებია ეს სულიერი შვილები და ამგვარი დამოძღვრით მიუმართავს მათთვის, კერძოდ უთქვამს “ნუ გიკვირთ თუ იმპერატორი მე წერილს მიგზავნის, რადგანაც იგი ადამიანია, თქვენ ის გიკვირდეთ, რომ ღმერთმა დაგვიწერა ჩვენ კანონი ადამიანებს და კიდევ ის გიკვირდეთ, რომ იგი თავისი საკუთარი ძის მიერ გვემეტყველება ჩვენ”. აქვე მართალია აქ რაიმე სიტყვის და ანტონის გამონათქვამის ციტირება ათანასეს სხვა არ მოაქვს, მაგრამ ზოგად განწყობას ამ მოღვაწისას ჩვენ მაინც გადმოგვცემს გვაუწყებს რა, რომ ანტონმა [4]გაუმხილა თავის სულიერ ძმებსა და სულიერ შვილებს, რომ იგი არ იყო მოწადინებული ამგვარ ეპისტოლეთა მიღებისა. თუმცა არა იმის გამო, რომ დავუშვათ რაღაცნაირი წინასწარშემუშავებული აზრით თითქოსდა განირიდებდა სათხოვარს და თავის რაღაც განსაკუთრებულობას გამოკვეთდა სხვათა წინაშე, მათ შორის იმპერატორთა წინაშეც. არამედ როგორც თვითონვე ძალიან მარტივად და წრფელად განუმარტავს ის თავისი ამგვარ დამოკიდებულებას იმპერატორთაგან მისდამი ეპისტოლარული მიწერ-მოწერის თაობაზე მოწაფეებს, “მე არ ვიცი რა წესით და რა სახით უნდა ვუპასუხო მათ”. რა თქმა უნდა, პასუხს თავისი სახე აქვს, თავისი სტილი აქვს, ვის როგორ უნდა უპასუხოს ამა თუ იმ პიროვნებამ. რა თქმა უნდა, ამის შესახებ გარკვეული წესი არსებობს და ანტონი როგორც სიმარტივისა და ჭეშმარიტი საღვთო უბრალოების განსახიერება ამ მხრივაც, ისევე როგორც ყველანაირი ერუდიციასთან დაკავშირებული თვისების მხრივ, [5]ამ მხრივაც უმეცრებდა, რაიმე გარეგანი ეტიკეტის წესებიც მისთვის ცნობილი არ გახლდათ. იმიტომ რომ არ მიუღია ეს აღზრდა და ჭეშმარიტი საღვთო უცნაურობა (ძველი ქართული ტერმინით რომ ვთქვათ), და აქ უცნაურობა ნიშნავს არ ცოდნას ამა სოფლისა და ამ ქვეყნის ტრადიციის საფუძველზე შექმნილი წეს-ჩვეულებებისას, თუნდაც ეტიკეტის და გარკვეული ფორმის მისადაგებისა ამა თუ იმ მოვლენისადმი, ამა თუ იმ პიროვნებისადმი, მისთვის უცხო იყო. ეს პასუხი პირადად ჩვენზე ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული უშუალობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი ერთადერთი მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ იყო მოწადინებული, რომ იმპერატორთაგან მისდამი გაცხოველებული მიწერ-მოწერა შემდგარიყო, რადგანაც იცოდა რომ ვალდებულება ჰქონდა პასუხის გაცემისა, ხოლო ამ პასუხის გაცემის ეტიკეტი მისთვის ცნობილი არ გახლდათ. აქვე უწყებაა იმის შესახებაც ათანასესგან, რომ მისმა მოწაფეებმა, მისმა [6]სულიერმა შვილებმა მაინც აიძულეს ანტონი, რომ იმპერატორებისადმი ეპასუხა, აიძულეს იმ კუთხით, რომ ეს იმპერატორები იყვნენ ქრისტიანები და ისინი თავის თავს უგულებელყოფილად და რაღაც გარკვეულწილად შეურაცხყოფილადაც იგრძნობდნენ თუკი პასუხს არ მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ ნაწილობრივ ანტონიმ დაუთმო თავის სულიერ შვილებს, უპასუხა ზოგ ეპისტოლარულ მიმართვას მისდამი და ამ მიმართვაში გამოთქმული და გამოხატული იყო ის განსაკუთრებული სიხარული, რასაც ანტონი განიცდიდა იმპერატორების ქრისტიანული აღმსარებლობის გამო, რომ ისინი ეთაყვანებოდნენ იესო ქრისტეს. შეგონებანი, რა თქმა უნდა, რადგან ეს თვით ადრესატებისგანაც იყო მოთხოვნილი, სახეზე იყო პასუხში, კერძოდ დამოძღვრა, რომ მათ საკუთარი ცხონებისკენ მიემართათ გულისყური, დიდი ყურადღება არ მიექციათ ამა სოფლის სხვადასხვა მოვლენისადმი, სხვადასხვა [7]საცდურისადმი, არამედ იმ ყოვლისხმედველ თვალთა წინაშე წარმოესახათ და ეგრძნოთ საკუთარი თავი, რომელიც ჭეშმარიტად ზედამხედველობს ყოველ ადამიანს. ანუ გაეცნობიერებინათ, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი და მხოლო მეუფე, ჭეშმარიტი მეუფე, მარადიული და რომ მათი მეფობა მხოლოდ იმ უზენაესი მეუფისგან დაკისრებული ვალდებულებაა, რამაც ისინი არათუ ამპარტავნებაში არ უნდა ჩააგდოს, პირიქით უნდა გამორჩეულნი იყვნენ როგორც ნიმუშის მიმცემნი თავიანთ სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა მოქალაქისადმი. ნიმუშის მიმცემნი თავმდაბლობისა, უშფოთველობისა, უდრტვინველობისა და მორჩილებით ყველა იმ განსაცდელის მიღებისა და გაძლებისა, რასაც ეს ცხოვრება ყოველწამიერად ადამიანს წარმოუჩენს. როგორც ათანასე ბოლოს გვაუწყებს გამოპასუხება, პასუხის მიღება ანტონისგან იმპერატორებისთვის აღმოჩენილა [8]დიდად სასიხარულო, რაც კიდევ ერთი დადასტურება უნდა იყოს იმისა თუ რაოდენი კრძალვა, რაოდენი ავტორიტეტი ჰქონდა თავიდანვე, დასაბამშივე, განდეგილური მოღვაწეობის დასაბამშივე ჭეშმარიტ მეუდაბნოეს, ჭეშმარიტ მონაზონს, თუნდაც საერო ამქვეყნიური ცხოვრების ყველაზე უფრო უწარჩინოებულესი პირის და საიმპერიო კარის წინაშე.

სხვათაშორის ჩვენ აქ შეიძლება შორეული ანალოგია დავინახოთ წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან, საზოგადოდ იმ ავტორიტეტთან, რაც გრიგოლ ხანძთელს და მის სულიერ შვილებს საერო ხელისუფლებაში ქონდათ. უნდა ვთქვათ, რომ ცალკეული გამოკვლევების მიხედვით თითქოსდა ამ პერიოდში ეკლესია სოციალური და პოლიტიკური კუთხით იმდენად გაძლიერებული იყო, რომ ვითომცდა მეფეებიც კი მათ ანგარიშს უწევდნენ. კონკრეტულად დავუშვათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან კარგადაა ცნობილი ის ეპიზოდი, თუ როგორ არ ეახლა აშოტ კურაპალატს საბა იშხნელი, ვიდრე თვით [9]გრიგოლ ხანძთელმა არ გაუგზავნა წერილი, და თვით ავტორიც ამ ძეგლისა გიორგი მერჩულე როგორ მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ “სულითა ძლიერთა კაცთა, კორცითა ძლიერსა მეფესა სძლიესო”.

აი ეს მოვლენა ამგვარად გახლავთ ახსნილი გამოკვლევებში. მაგრამ ვხედავთ რომ იგივე ვითარებაა ამ შემთხვევაში ანტონი დიდთან და კიდევ სხვა მოღვაწეებთან დაკავშირებით, რომელთა დროსაც იმპერატორი ქრისტიანი მართლმადიდებელი იყო. ამ შემთხვევაში ეს ყოველთვის ასე არაა, რა თქმა უნდა, კონსტანტინე დიდი მართლმადიდებელი იყო, მაგრამ მისი ორივე ძიდან ერთი იყო მართლმადიდებელი, აი ეს ორი პიროვნება როდესაც ამგვარად აფასებდა ანტონის, აფასებდა არა იმის გამო, რომ თითქოს იმ დროისათვის ეკლესია რაღაც დიდი ფეოდალი იყო, როგორ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი გამოკვლევები საქართველოს ეკლესიის შესახებ ასეთ ეპითეტს იყენებენ იმ VIII-IX საუკუნეების მოვლენების დახასიათებისას, როდესაც გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობდა. პირიქით ანტონი დიდის დროს ახალშეწყნარებული იყო ეკლესია, არავითარი რაღაც გამოკვეთილი უფლებები, რომ ეკლესიას განესაზღვრა სახელმწიფოს პოლიტიკური და [10]სოციალური მიმართულება, ცხადია ეს მას არ ქონდა. ამიტომ აქ ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული სათნოებითი წარმატება გახლდათ საფუძველი იმ მართლაც განსაკუთრებული პატივისა რაც ანტონის მიეგებოდა საერო ხელისუფალთა მხრიდან. ზუსტად იგივე ახსნა უნდა გვქონდეს ჩვენ წმ. გრიგოლ ხანძთელთან, საბა იშხნელთან და სხვა დიდ მოღვაწეებთან დაკავშირებითაც, რომლებისადმიც საერო ხელისუფლების პატივისცემა ანალოგიური იყო იმისა რაც ჩვენ ანტონი დიდის მიმართ საუბრებში წარმოვაჩინეთ და რაც თავის დროზე წმ. ათანასე ალექსანდრიელმა ასე დეტალურად აღგვიწერა.

თვით ათანასესთვის ცნობილია, გარდა ამ მისგან დასახელებული პასუხისა იმპერატორებისადმი, კიდევ ერთი წერილი, რაც ჩვენ ადრე ვახსენეთ, საიმპერიო მოხელე ბალაკისადმი, რომელიც გახლდათ არიანელთა მხარდამჭერი და არა უბრალოდ მხარდამჭერი, არამედ როგორც გარკვეული უფლებამოსილების მქონე პირი უაღრესად მკაცრად, უმკაცრესად მდევნელი [11]ქრისტიანებისა, ჩვენიო – ამბობს ათანასე იმავე ანტონის ცხოვრებაში, ქრისტიანებისა იმ ზომამდე, რომ იგი ძალმომრეობითად, ძალადობრივად ცდილობდა ქალწულების აღთქმის მქონეთა, როგორც მამათა ასევე დედათა, ე.ი. როგორც მონაზონ ქალთა ასევე ბერთა, აი ამ მათ მიერ არჩეული სამოღვაწეო ცხოვრების გზიდან კვლავ ყოფით, ამ ქვყნიურ ცხოვრებაში დაბრუნებას და შესაბამისად მიღწევას იმისას, რომ მათ ღვთისადმი მიცემული აღთქმა დაერღვიათ. საიმპერიო კარის მოხელის ამგვარი რაღაც აულაგმავი თვითნებობა ყველასთვის დასანახი გახლდათ და ცხადია ცნობილი გახდა ეს ამბავი თვით ანტონი დიდისთვისაც, რომელმაც სწორედ ამ მოვლენის გამო მიმართა მას (ბალაკს) წერილით. წერილში ანტონი საგანგებო გაფრთხილებას აძლევს [12]მას. პირდაპირ არის მიმართვა ბალაკისადმი, რომ “მე ვხედავ სამართალს ღვთისას, რაც მოახლოებულია და რაც მოიწევა თქვენზე. ამიტომ შეწყვიტეთ ქრისტიანთა დევნა თუ არ გსურთ, რომ უზენაესმა სიმართლემ შეგიპყროთ თქვენ, რადგან ამ მომენტში ეს უკვე მოახლოებულია და თქვენს თავზეა”.

რაც შეეხება სხვა ეპისტოლეებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე გაუგზავნია ანტონის, ჩვენამდე როგორც უკვე აღვნიშნავდით, გარდა შვიდი ეპისტოლისა არცერთი არ გახლავთ მოღწეული. ეს შვიდი ეპისტოლე გაგზავნილია ეგვიპტის სხვადასხვა მონასტრისადმი და დღესდღეობით შემონახული გახლავთ მხოლოდ თარგმანებში. კოპტურ ენაზე რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტია მოღწეული, ბერძნულად ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობაა ამ ეპისტოლეების შესახებ. საზოგადოდ ფაქტობრივად მთლიანობაში ორიგინალის ენაზე, ანუ კოპტურ ენაზეც და ბერძნულზეც ისინი დაკარგულია. ხოლო რაც შეეხება [13]საეკლესიო ისტორიაში ამ ეპისტოლეების პირველად გამოვლინებას, ამ მხრივ ჩვენ ალბათ უნდა მივუთითოთ ქრონოლოგიურად ყველაზე უადრესი ნეტარი იერონიმე, IV-V საუკუნეების მიჯნის მოღვაწე, რომელიც თავის ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულ ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” 88-ე თავში პირდაპირ აღნიშნავს, რომ მას თვით წაკითხული ჰქონდა ეს ეპისტოლეები, თუმცა როგორც თვითონვე აღნიშნავს არა კოპტურად, არამედ ბერძნულად, თუმცა თვით ანტონის ეს წერილები სწორედ კოპტურ ენაზე უკარნახია ჩამწერისათვის. მკვლევართათვის უფრო ადრე გახდა ცნობილი აღნიშნული ეპისტოლეების ლათინურენოვანი ტექსტი, ლათინური თარგმანი, თუმცა კარგა ხანია ერთ-ერთი მკვლევარისგან ნაჩვენებია, რომ ლათინურენოვანი კრებული ანტონის ეპისტოლეებისა არის გვიანდელი, ე.ი. გვიან პერიოდშია იგი ლათინურად თარგმნილი, გვიანდელ ლათინურზე და თავდაპირველი ტექსტის აღსადგენად ნაკლები ღირებულებისა გახლავთ იგი. [14]თვით ევროპელ მკვლევართათვისაც კი მნიშვნელოვანი გახლდათ ის ფაქტი, რომ აღნიშნული შვიდი ეპისტოლის უბრწყინვალესი თარგმანი, უძველესი თარგმანი დაახლოებით VII-VIII საუკუნეებისა გამოვლინდა ქართულ ხელნაწერებში. თვით ხელნაწერი, რომელიც შვიდივე ეპისტოლეს შეიცავს, დაზიანებულია და ამიტომ დასაწყისი ქართულ თარგმანში ამ ეპისტოლეთა კრებულს დღეს აკლია, მაგრამ დანარჩენი ნაწილი უცვლელადაა შემონახული. ისევე როგორც დავუშვათ ცნობილია პირველი ეპისტოლის სირიული თარგმანი, როგორც აღვნიშნეთ კოპტურად ფრაგმენტია მოღწეული და დაცულია აგრეთვე მეშვიდე ეპისტოლე. რაც შეეხება იმ ფრაგმენტებს კოპტურად აქ იგულისხმება კერძოდ მეხუთე ეპისტოლის დასაწყისი და მეექვსე ეპისტოლის დაბოლოება. ხოლო ის თარგმანი სრული ქართული ევროპელი მკვლევარებისთვის მისაწვდომი გახდა მას შემდეგ რაც ცნობილმა ქართველოლოგმა ჟერარ გარიტმა გამოაქვეყნა და ლათინური თარგმანიც დაურთო ძველი ქართული ტექსტის პუბლიკაციას.

[15]ეს ეპისტოლეები დამოძღვრითი ხასიათისაა, ძირითადად არის მოწოდება ამასოფლის საცდურთაგან თავის შეზღუდვის შესახებ, გამძლეობის, სიმტკიცის გამოჩენის შესახებ, სათნოებითი მოღვაწეობით ჭეშმარიტ სათნოებათა მოპოვების შესახებ. ალბათ გარკვეული რაღაც სტილური ნიშანდობლიობა იყო ის ფაქტი, რომ ამ წერილის ადრესატები ავტორისგან (ანტონისგან) ჩვეულებრივ წოდებულია როგორც “ისრაელის ძენი”, “წმ. ისრაელის კაცნი” და ამ შემთხვევაში ისრაელი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ ქრისტიანს გულისხმობს და საქრისტიანოს. ჩამოყალიბებულია ზოგ შემთხვევაში მონაზვნის ვალდებულებანი და რამდენიმეგზის გამოკვეთილია უპირობო და აუცილებელი ნიშანი მონაზონისა, როდესაც იგი სამონაზვნო მოღვაწეობას შეუდგება. ეს უპირველესი ნიშანი იმ უძველესი ფორმულირებითაა წარმოდგენილი რაც ქრისტიანობამდე იყო ცნობილი [16]კაცობრიობის ისტორიაში სოკრატედან მომდინარე, “შეიცან თავი შენი”. აი ეს გამონათქვამი რამდენიმეგზისაა ანტონისგან გამოყენებული მონაზონთა დასამოძღვრად, რომ მათი ხედვა საკუთარი თავისკენ იყოს მიპყრობილი და საკუთარი თავის შეცნობით შემოქმედი შეიცნონ და გააცნობიერონ. საზოგადოდ საკუთრივ საღვთისმეტყველო სწავლებანი, წვდომანი ამ ეპისტოლეებში არაიშვიათია. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულ დროს სპეციალური გამოკვლევაც მიგვეძღვნა ერთ-ერთი სწავლებისადმი, რაც ადამიანის ღვთისადმი ხატოვნების სწავლებას შეეხებოდა და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველ მოძღართაგანი, თუნდაც ქრონოლოგიურად, სწორედ ანტონი გახლავთ, რომელმაც ადამიანის ხატოვნების საკითხი ღვთისადმი სრულყოფილი საღვთისმეტყველო სწავლებით გადმოგვცა ჩვენ. კერძოდ აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანი პიროვნულად, ჰიპოსტასურად კონკრეტულად მაცხოვრის [17]ხატია, ძე ღმერთის ხატია იმიტომ, რომ ძეობის თვისებით მათ შორის ხატოვნებითი კავშირი მყარდება. ანუ ადამიანი რომელიც შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების ხატად თავისი ბუნებით, ღვთის ბუნებითი თვისებანი მასში ხატისებრ არეკლილია, კერძოდ ეს გახლავთ თავისუფალი ნება, მოაზროვნეობა და მეუფებრიობა, ამას გარდა ადამიანს ქონდა თვისება ღვთისადმი ძეობისა, პირველქმნილ უცოდველ ადამიანს, და ამ თვისებით იგი საკუთრივ ძე ღმერთის ხატოვნებას შეიცავდა თავის თავში. აი ეს სწავლება პირველმა სწორედ ანტონი დიდმა მოგვაწოდა ჩვენ მთელი თავისი სრულყოფილებით მეუდაბნოეთა შორის. რა თქმა უნდა, ანტონი დიდამდეც ეს სწავლება სახეზეა, თუნდაც წმ. ირინეოს ლიონელთან, მეთოდი ოლიმპელთან, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, მაგრამ მეუდაბნოეთა შორის რომლებთანაც ყველაზე უფრო ვრცლად გადმოიცა და დეტალურად ჩამოყალიბდა საკუთრივ სათნოებითი ღვთისმეტყველება და ეს გარკვეულწილად სათნოებითი საკითხიცაა, ღვთისმეტყველება ადამიანის კონკრეტულად ძე ღმერთისადმი ხატოვნების შესახებ ანტონისგან [18]დამუშავდა.

აღვნიშნავდით და იქ შევჩერდით, რომ XI საუკუნის მიჯნაზე ერთ-ერთი გვიანდელი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი როდესაც ამ საკითხს ეხება, ეს გახლავთ ბასილი მინიმუსი, კომენტატორი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა, ანუ კომენტარს უკეთებს გრიგოლ ღვთისმეტყველის ანალოგიურ სწავლებას ადამიანის კონკრეტულად ძე ღმერთისადმი ჰიპოსტასური ხატოვნების შესახებ, აღნიშნავს, რომ ესაა ის სწავლება რაც ერთგან თავის დროზე ანტონი დიდმაც გადმოგვცა ჩვენო. და გვიანდელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებში ამ აზრმა ბასილი მინიმუსისამ დიდი ყურადღება გამოიწვია იმიტომ, რომ ანტონი დიდის ავტორობით იყო ცნობილი მრავალი შეგონება, სწავლება მაგრამ საკუთრივ ადამიანის ღვთისადმი ხატოვნების შესახებ იქ არანაირი სწავლება დაცული არ იყო. ამიტომ რას ეყრდნობოდა ბასილი მინიმუსი როდესაც იგი გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლების კომენტირებისას [19]აღნიშნავდა, რომ ეს სწავლება გრიგოლ ღვთისმეტყველამდე ანტონი დიდმა ჩამოაყალიბაო, უცნობი გახლდათ, ვიდრე არ აღმოჩნდა აღნიშნულ ეპისტოლეთა ძველი ქართული თარგმანი, სადაც ორგზის არის ხაზგასით ეს სწავლება ნაუწყები და გადმოცემული. ასე რომ ანტონის ეპისტოლენი მნიშვნელოვანი გახლავთ მრავალი კუთხით, განსაკუთრებით ჩვენთვის ამ შემთხვევაში არსებითია საკუთრივ საღვთისმეტყველო სიღრმით და ეს ეპისტოლეები ვფიქრობთ ხელახლა არის გამოსაცემი. ის ერთგზის როდესაც გარიტმა გამოსცა, რა თქმა უნდა, დღეისათვის ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და აქედან გამომდინარე მკითხველისათვის ხელმისაწვდომი არ გახლავთ. შეიძლება იგი ახალქართულადაც კი ითარგმნოს მაქსიმალური ზედმიწევნითობით ძველ ქართულ ტექსტთან.

მაგრამ ანტონის ეპისტოლარული მემკვიდრეობა მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება, ცნობილია აგრეთვე ძალიან მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეპისტოლე ანტონისა რაც შემონახული გვაქვს ჩვენ ეგვიპტელი ეპისკოპოსის ამუნის მიერ და რომლისგანვეა ამ წერილის ანტონისეულობა [20]ანუ ავთენტურობა სრულიად უეჭვოდ დადასტურებული. ანტონის ეს მოკლე წერილი მიმართული გახლავთ არქიმანდრიტ თეოდორესადმი და მისი მონაზვნებისადმი. ანტონი აუწყებს მათ იმ გამოცხადების შესახებ, რაც მან მიიღო ნათლისღების შემდგომი ცოდვების ღვთისგან მიტევების შესაძლებლობის შესახებ, ე.ი. ნათლობის შემდეგ ცოდვები მიეტევება თუ არა ადამიანებს. ამაზე სხვადასხვა აზრი იყო უადრეს პერიოდში, ზოგნი რომლებიც გარეგანი სახით, ფორმალურად თითქოსდა განსაკუთრებულ ღვთისმოსაობას და ზედმიწევნითობას იჩემებდნენ, იმის აღიარებამდე და იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ თითქოსდა ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ცოდვები მიუტევებელია და ასეთი ადამიანი ვერაფრით გამოხსნილი ვერ იქნება. ეს მხარე სინანულის საიდუმლოს არსს მთლიანად აუქმებდა. ანტონი გამოცხადებაზე დაყრდნობით მოძღვრავს ყველას, რომ უფალი მიუტევებს ადამიანებს ნათლობის შემდგომ ცოდვებს თუ სინანული იქნება გულწრფელი [21]და შემუსვრილობა გულისა და სულისა ღვთის წინაშე შემცოდისგან, ცოდვილისგან ცხადად წარმოჩნდება. მართალია იმ ამონთან, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ეს ეპისტოლე ბერძნულ ენაზეა წარმოდგენილი, მაგრამ აქაც სრულიად უეჭვოა, რომ დედანი კოპტურია და იქიდან არის თარგმნილი ბერძნულად.

გარდა აღნიშნული ძეგლებისა ცნობილია აგრეთვე ასეთი ძეგლი “ანტონი დიდის წეს-განგება”, ტიპიკონის მსგავსი ძეგლი, მაგრამ ძველთაგანვე გარკვეული იყო, რომ ესაა აპოკრიფული ხასიათის ძეგლი. თვით ათანასეც, რომელიც უშუალო თვითმხილველია ანტონი დიდისა და მისი გარდაცვალებისთანავე წერს მის ცხოვრებას და ანტონის მოღვაწეობის შესახებ ყველა უწყება აქვს, ამ ფაქტს არსად არ მიუთითებს. თვით ამ ძეგლის დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი არ არის ერთი ავტორისეული, შედგენილია სხვადასხვა ძეგლისგან და მას თავისი კომპილატორი ეყოლება, ესაა ფაქტობრივად [22]კომპილაცია. დღეისათვის ჩვენამნდე მოღწეულია მხოლოდ ლათინურად ორი რედაქციის სახით და როგორც მიუთითებენ ყოველშემთხვევაში არანაკლებ ორი კომპილატორი მაინც იკვეთება ამ ძეგლზე დაკვირვების შედეგად.

რაც შეეხება ანტონი დიდის ქადაგებებს და დამოძღვრებს. მართალია ათანაასე მიუთითებს, რომ ანტონის გამუდმებული შეგონებანი კიდევ და კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა მხურვალებას იმ ადამიანებისას, რომლებიც უკვე განდეგილობაში იყვნენ და რომ ანტონი ქადაგებდა მათ წინაშე ჭეშმარიტებას განკაცებული ღვთისას, მაინც ის სწავლა-შეგონებანი რაც ანტონის ავტორობით არის ჩვენამდე მოღწეული უშუალოდ მისგან დაწერილად არ მიიჩნევა და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ჩავთვლით ანტონის უშუალო ავტორად ამ ქადაგებებისას. თუ არ ვცდები 250-მდე შეგონება დამოძღვრაა რაც ანტონის ავტორობით არის მოღწეული. [23]თუმცა ეს არ აუქმებს ამ დამოძღვრათა ნამდვილობას, ეჭვი არაა, რომ ანტონისგან გადმოცემული მოძღვრება-სწავლებანი მოგვიანებით ჩაწერილი იქნებოდა და ეს ჩანაწერები ჩვენამდეა მოღწეული. საზოგადოდ უფრო კრებსითი შეჯამებით ცნობილი გახლავთ 20 ქადაგების კრებული, რაც სათაურის მიხედვით მიმართულია თავისი შვილების, მონაზვნებისადმი. აგრეთვე მოღწეულია ჩვენამდე ერთი ქადაგება, რომელსაც ეწოდება “ქადაგება ამა სოფლის ამაოებისა და მკვდართა აღდგინების შესახებ”. ეს ქადაგება ლათინურ ენაზე გახლავთ მოღწეული, ისევე როგორც წინარე ოცი, და როგორც აღვნიშნეთ ნამდვილად ანტონისგან დაწერილი, რა თქმა უნდა, არცერთი მათგანი არ გახლავთ. ერთადერთი ქადაგებისებრი ტექსტი რაც ჩვენ ანტონისგან დღეს მოგვეპოვება, შემონახული გახლავთ მისსავე ბიოგრაფიაში, ე.ი. ათანასესგან დაწერილ ბიოგრაფიაში, ბერძნულ ენაზე და საკმაოდ ვრცელი ტექსტი, ე.ი. ესაა ის ტექსტი, რითაც [24]ანტონი მოძღვრავს თავის სულიერ შვილებს. ეს დამოძღვრა ფაქტობრივად მთელი ქადაგებაა. გამოცემაში მაგალითად, რომელიც დაახლოებით 50 გვერდიანია ამ ქადაგებას უჭირავს 25 გვერდზე მეტი, ანუ თითქმის ნახევარი ტექსტი ქადაგებას უჭირავს. ძველ ქართულ თარგმანებში საყურადღებოა ასეთი რამ, რომ ერთი თარგმანის ის ორი რედაქცია რასაც ჩვენ ვახსენებდით (ერთი უფრო ძველი და მეორე შედარებით გვიანდელი) განსაკუთრებით ტექსტობრივად იმით განსხვავდება ერთი-მეორისგან (საერთოდ ემთხვევიან ერთი-მეორეს ტექსტობრივად), რომ ერთი მთლიანობაში შეიცავს ანტონის ამ ქადაგებას და მეორეში ანტონის ქადაგება გამოტოვებულია საერთოდ, და გამოტოვებულია იმიტომ, რომ ეს მეორე უკვე, ე.ი. ძველი ქართული თარგმანის ერთ-ერთი რედაქცია, საკუთრივ ლიტურგიკულ მიზანდასახულობად იქნა მიჩნეული, რომ ტაძარში უნდა წაკითხულიყო ანტონის ხსენების დღეს და მთელი იმხელა ტექსტის წაკითხვა, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არ შექმნიდა.

აი ეს გახლავთ ყოველივე ის, რაც ჩვენ ანტონის სამწერლობო მოღვაწეობაზე შეგვეძლო გვეთქვა.

 

261–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Re2DkroMdXU

 

იხ.: ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი - [აღიწერა] ათანასესგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა

იხ. წმ. ანტონი დიდის ეპისტოლენი

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 25 May 2016 13:11)