289–290

წმიდა მაკარი ეგვიპტელის ეპისტოლეთა ირგვლივ შექმნილი არამართებული შეხედულების შესახებ

ჩვენ კვლავ მეუდაბნოე მოღვაწეებზე გვაქვს განხილვა. რამდენიმე მათგანი, ფუძემდებლები, წმინდა ანტონი დიდი, ამონა, პახუმი, მეტნაკლებად მიმოვიხილეთ, მათი ღვაწლი და კონკრეტულად ის ძეგლები, რაც ამ პიროვნებებს პატრისტიკას უკავშირებს.
ამ კუთხით (ე.ი. სამწერლობო თვალსაზრისით) IV ს-ის მეუდაბნოეთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჭეშმარიტად უდიდესი მოღვაწის – წმინდა მაკარი ეგვიპტელის სახელი. ამ პიროვნებამ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად შეაჯამა, ერთი მხრივ, წინარე მემკვიდრეობა, სულიერი ჭვრეტანი მეუდაბნოე მამებისა და დიდ საღვთისმეტყველო-მისტიკურ სწავლებად დაგვიდო ჩვენ (შთამომავლებს) ცალკეულ სიტყვათა სახით, რომლებიც მაკარი ეგვიპტელის შრომათა [1]კორპუსს ქმნის. ამ შრომათა რჩეული ნაწილი ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი, ისეთი დიდი მოღვაწის მიერ, როგორიც იყო წმინდა ექვთიმე ათონელი. გამოცემულიცაა, სხვათაშორის, შესანიშნავი პუბლიკაცია ქალბატონ დოდო (იგივე გულნარა) ნინუასი, თუმცა სათაური, ვფიქრობთ, ნაკლებად შეესაბამება რეალობას. ამ გამოცემას ასეთი სათაური აქვს – “ფსევდო მაკარიანულ თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები”. ჩვენ ამ შემთხვევაში ფსევდოობის საკითხს და გარკვეუწილად ხარვეზს, ცხადია, აბსოლუტურად არ ვუკავშირებთ ამ ტექსტების, ძველი ქართული თარგმანების გამომცემელს, ეს ზოგადად ევროპული კვლევის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც, სხვათაშორის, რაც დრო გადის უფრო და უფრო ფართოვდება, უდიდესწილად ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე. აქ ფსევდოობაში იგულისხმება ის მომენტი, რომ თითქოს მაკარი ეგვიპტელის სახელით მოღწეული ძეგლები სინამდვილეში მას არ დაუწერია. [2]ამგვარი ფილოლოგიური პრობლემატიკა, ცხადია, მხოლოდ მაკარი ეგვიპტელს არ უკავშირდება. შორს რომ არ წავიდეთ თვით სახარებათა ჭეშმარიტების საკითხებიც არაერთგზის წამოჭრილა ამა თუ იმ მკვლევრისგან; ცალკეულ მოციქულთა მოღვაწეობანი, მათ შორის თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის რეალურობის საკითხი, წმინდა ნინოს მოღვაწეობისა და სხვა. ჩვენ ამგვარ ხაზს და ასეთ კვლევა-ძიებით სპექტრს, ცხადია, ეხლა არ მიმოვიხილავთ, მაგრამ ეს ხარვეზი მხოლოდ საერო და ამქვეყნიური თვალთახედვით საეკლესიო ლიტერატურისა და საეკლესიო ავტორთა მოღვაწეობის აღქმა ჩვეულებრივ ნაყოფს არ იძლევა. ცხადია, არანაირად არ ვუგულებელყოფთ და ოდნავადაც არ ვამცირებთ იმ უდიდეს მიღწევებს საეკლესიო ფილოლოგიისას, რაც განსაკუთრებით XIX-XX საუკუნეებში გამოიკვეთა. [3]XX ს-ის შუა წლებში და II ნახევარში ქართულ ფილოლოგიასთან დაკავშირებითაც ეს სავსებით ცალსახად გამჭვირვალეა. უდიდესი რუდუნებით და გამორჩეული სიყვარულით შესრულებული გამოკვლევები ძველ საეკლესიო ავტორთა, ზოგადად მათ ქართულ თარგმანთა, თუ ბიზანტინისტიკის კუთხით ვიტყვით, ბერძნულენოვანი ტექსტების კვლევასთან დაკავშირებით, აი ამგვარი გამოკვლევები თვალსაჩინოა, ჩვენთვის დიდი მანათობელია, გამრკვევია აურაცხელ პრობლემატიკაში, თუმცა ზოგჯერ, ცხადია, ზემდეტი დაეჭვებანი ბუნებრივად თან ახლავს კვლევა-ძიებას. მაგრამ არგუმენტირება როდესაც მყარი არ არის და მხოლოდ მიზანდასახულობაა იმისა, რომ ამა თუ იმ დაეჭვების საფუძველზე რაღაც სენსაციურობა იქნეს მიღწეული და ამით რომელიმე ნაკლებუნარიანმა მკვლევარმა ავტორიტეტი მოიხვეჭოს, აი ეს მხარე, [4]რა თქმა უნდა, დასაგმობია. თორემ ობიექტური კვლევა, რაც ნაყოფსაც ასევე ობიექტურს და ხელშესახებს იძლევა, თუნდაც რომ ამგვარმა კვლევამ მნიშვნელოვანი რეალიები გადაანაცვლოს და სურათი შეცვალოს, ეს მხოლოდ მისასალმებელია, უაღრესად დასაფასებელია ამგვარი ტიპის ფილოლოგიური ნაშრომი, რაც საფუძვლად განსაკუთრებული შრომატევადობის საქმეს გულისხმობს და ამ საქმის შემსრულებელნი და საკუთარ თავზე ამღებნი, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი ხალხია, ისინი რაღაცით, ამ ღვაწლის სიმძიმის მიხედვით იმ ძველ მოღვაწეებს უკავშირდებიან. მაგრამ ფსევდო ილუზორული მოყვარულობა შედეგს არ იძლევა და ამ მხარეს ვამჩნევთ, შეიძლება ყველა ასპექტით არა, მაგრამ რაღაცმხრივ უეჭველად, სწორედ მაკარი ეგვიპტელთან დაკავშირებით. მაკარი ეგვიპტელის დაახლოებით 50 სიტყვა, თუ მეტი არა, ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. ეკლესიურ ტრადიციაში ეს სიტყვები, ეს სწავლებანი [5]უდიდესი ინტენსიურობით შეისწავლებოდა, გადაიწერებოდა, მუშავდებოდა და მასზე თაობები იზრდებოდნენ. მაგრამ რას ვხედავთ მოულოდნელად, რომ XX ს-ის შუა წლებში ერთ-ერთმა გამომცემელმა მაკარი ეგვიპტელის შრომებისამ გამოიტანა მართლაც სენსაციური დასკვნა, რომ ის ძეგლები, ის სულიერი სიტყვები, რომლებიც მაკარი ეგვიპტელს მიეკუთვნება ამდენი ხანია, თურმე მისგან კი არ ყოფილა დაწერილი (საკუთრივ ავტორობაში ეჭვის შეტანა არ გახლავთ აქ რაიმე უბედურება, პირიქით თუ ეს მართალია, კვლავ ავღნიშნავთ, მადლობის მეტი რა გვეთქმის მკვლევარისადმი, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ავტორი აი ეს გახლავთ სენსაციური. მაკარი რომ არაა დავუშვათ ავტორი, ვინმე თუკი ამას იტყვის, დაასაბუთოს უნდა და თუ დაასაბუთებს, რა თქმა უნდა, ყველა მივიღებთ, მაგრამ მეორე მხარე ყოველთვის დაუსაბუთებელი დარჩება) არამედ მაკარის ნაცვლად თურმე ამ უბრწყინვალეს და უღრმეს საღვთისმეტყველო სწავლათა ავტორი ყოფილა მწვალებელი, მესალიანური ერესის ფუძემდებელი [6]სვიმეონ მესოპოტამიელი. აი ეს გახლავთ სენსაციურობისკენ მიდრეკილება, რაღაც მყვირალა სიტყვის გზით საკუთარი თავის დამკვიდრების მცდელობა, რაც დასაგმობია როგორც სარწმუნოებაში და როგორც მორწმუნეობის ნიღბით შემოსილ პირთა შორის, ასევე, რა თქმა უნდა, კვლევა-ძიებაში, ფილოლოგიაში იქნება ეს თუ ისტორიაში, ჰუმანიტარულ დისციპლინებში. თუმცა ნებისმიერი თეორია აუცილებლად გარკვეულ მხარდამჭერებს თავისას პოულობს. ისევე როგორც ნებისმიერი გაუკუღმართბული აზრი ვიღაცის გულში რაღაცნაირ გამოხმაურებას აუცილებლად ჰპოვებს. ამიტომაა, რომ უკიდურესი ერსებიც კი და ამ ერესების ფსევდო არგუმენტირებანიც კი მომხრეებს პოულობდა. მეტნაკლები რაოდენობა შეიძლება ერეტიკულ მიმდინარეობებს შორის შესამჩნევია, მაგრამ აბსოლუტურად მიმდევრობის გარეშე დარჩენილი ერესი, ცხადია, არ არსებობს. [7]ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკიდურესად გაუკუღმართებული აზრებიც კი რაღაცნაირ მიმდევრებს პოულობს. და თუ ეს სარწმუნოებაში ასე მკვეთრადაა შესამჩნევი (აურაცხელი ერესი ვიცით ჩვენ და ზოგი იმდენად მრავალრიცხოვანი მიმდევრებით ცნობილი და იმ ზომად გავრცობილი გარკვეულ პერიოდში, რომ რაოდენობრივად ჭეშმარიტ სარწმუნოების მიმდევრებს შეიძლება ბევრად ამეტებდნენ კიდეც. თუნდაც დავუშვათ IV ს-ის შუა წლებში არიანელობა), რაღა უნდა ვთქვათ მეცნიერულ კვლევა-ძიებაში, სადაც სენსაციის მოყვარულობა დილეტანტობის დონეზე განუყრელი თვისებაა ფსევდო მკვლევრისა. მაგრამ ხალხშიც, მკითხველებშიც ასეთი განწყობა არაიშვიათია და ამიტომაა, რომ თუნდაც ჩვენთან დღეს და საზოგადოდ, ვინმე როდესაც რაღაც, თავისთავად აბსოლუტურად ნონსენსუალურს, მაგრამ სენსაციურს იტყვის, მნიშვნელოვანი ნაწილისგან [8]ეს ძალიან მოწონებულია. დავუშვათ სამყაროს რაღაც საიდუმლო ამოხსნა ვინმემ, ანდა რაღაც სენსაციური აზრი გააკეთა ვთქვათ პატრიოტული სულისკვეთებით, ვთქვათ ქართველობასთან, ქართული კულტურის ამა თუ იმ გამოვლინებასთან დაკავშირებით და სხვა. არავის არ აინტერესებს ამ ფსევდო მიმდევართაგან არგუმენტირებანი, მთავარია, რომ იდეა მათთვის რაღაც დიდი თვითკმაყოფილების გამომწვევი, მათ პატრიოტულ ჟინს აკმაყოფილებს და ბრმად და ამავე დროს ფანატიკურად იცავენ აბსოლუტურ სისულელეს. პროფესიონალიზმი ყოველთვის მძიმე დღეშია, რადგანაც თავისი საქმის პროფესიონალს ძალიან გაუჭირდება დილეტანტს თვალები აუხილოს და აჩვენოს თუ რაში ცდება იგი. გაცილებით ადვილია ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალი მკვლევარისთვის რაღაც ფუნდამენტური ნაშრომი შექმნას, ვიდრე ის, რომ ამავე სფეროში სენსაციურობის [9]სურვილით შემოჭრილი ვინმე სრულიად უმეცარი საკუთარ უმეცრებაში დაარწმუნოს. ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად შეუძლებელია, იმიტომ, რომ ამ უმეცარს ეს სენსაციურობა საკუთარი თავის გადამრჩენი ჰგონია, ესაა მთელი მისი პიროვნება და, რა თქმა უნდა, ამას ცოცხალი თავით არ დათმობს. თუ მხილებული იქნება და თუ ის საკუთარ უმეცრებაში ვინმესგან არგუმენტირებულად და დასაბუთებულად იქნება შემჩნეული, ის ამას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს, იმიტომ, რომ მისი განწყობით ამის შედეგად სრულიად უფასურდება მისი მნიშვნელობა.

ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ, რამდენადაც ამგვარი ტენდენცია, ზღვარგადაახული, ყოველთვის მკვეთრად უპირისპირდებოდა და აფერხებდა ჭეშმარიტი აზრის, ჭეშმარიტი მეცნიერული კვლევა-ძიებითი მიმართულების სრულყოფასა და გავრცობას და დღესაც ეს სავსებით მკვეთრად შესამჩნევია. რა თქმა უნდა, ამის შესახებ აუციებლად უნდა ითქვას, მითუმეტეს საკითხი, რასაც ჩვენ ვეხებით, ერთ-ერთი [10]ნათელი დადასტურება გახლავთ ამგვარი მოვლენისა, და ნათელი დადასტურება რა ნიშნით? აქ არ ეხება საქმე უკვე კონკრეტულად წმინდა მაკარი ეგვიპტელს. ერთი პიროვნება, რაც არ უნდა დიდი მოღვაწე იყოს იგი, რაღაცაში მართლაც შეიძლება ცდებოდეს, მისი ავტორობით ცნობილი რომელიმე შრომა შეიძლება მას საერთოდ არ ჰქონდეს დაწერილი და სხვა, მთელი ციკლი ძეგლებისა შეიძლება მართლაც არ იყოს მისგან უშუალოდ დაწერილი, როგორც ანტონი დიდთან დაკავშირებით ავღნიშნავდით, რომ მთელი სერია სწავლანისა, რაც ქვეყნდება, მას არასოდეს არ დაუწერია, მაგრამ მეორე მხარე გახლავთ მძიმე, რომ ავტორი თურმე არის მწვალებელი. აქ უკვე მაკარი ეგვიპტელის პიროვნება კი არ უფასურდება მხოლოდ, არამედ ეკლესიური უცდომელობა არაუბრალოდ ეჭვის ქვეშ დგება, არამედ პირდაპირ ნადგურდება, რადგანაც თუ მაკარი ეგვიპტელის ავტორობით გავრცელდა [11]რომელიღაც მწვალებლისგან IV ს-ში (ამ შემთხვევაში სვიმეონ მესოპოტამიელისგან) შრომები და მთელი შვიდი მსოფლიო კრების მანძილზე და შემდგომაც მთელი საეკლესიო ისტორიის მანძილზე ეკლესიამ, რომელმაც ყოვლითურთ შეისისხლხორცა და გაითავისა ეს ნაშრომები და ყველა ნაბიჯზე ციტირებანია გვიანდელი მოღვაწეებისგან ამ შროებისა, ვერ შეამჩნია იქ ერესი, თან თურმე ასეთი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ერესი – მესალიანური წვალება, რაზეც მოგვიანებით ავღნიშნავთ, მაშ სადღა ყოფილა ეკლესიური უცდომელობა? აი რას ექმნება საფრთხე, რატომაა ეს განსაკუთრებით სენსაციური და ასეთ სენსაციაზე მთელი მოშურნეობით რატომ მიდის ესა თუ ის მკვლევარი და ამა თუ იმ მკვლევართა ჯგუფი. როგორ შეიძლება, რომ ეს ძეგლები მესალიანელი მწვალებლის დაწერილი იყოს, რომ ისინი შეიცავდნენ მესალიანური მწვალებლობის ძირეულ ცდომილებებს და ამავე დროს [12]იგივე შრომები V-VI-VII-VIII ს-ში მსოფლიო კრებათა ეპოქაში აღიარებულია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ერთ-ერთ უდიდეს საფუძვლად და გვიანდელ ეპოქაშიც, ცხადია, ამგვარი სურათია.

მესალიანელობა ჩვენ ადრეც გვიხსენებია. მივუთითებდით, რომ ეს მწვალებლები იგივენი არიან რაც ბერძნულად წოდებული ევქიტები ანუ ქართულად მლოცველნი, რომლებიც თითქოსდა ლოცვითი მოღვაწეობის მნიშვნელობას აღიარებდნენ, ლოცვას უდიდეს მნიშვნელობას განუკუთვნებდნენ, მაგრამ სინამდვილეში თვით ლოცვასაც აუფასურებდნენ, რადგანაც საეკლესიო მოღვაწეობის სხვა ღირსებებს ფეხქვეშ თელავდნენ.

ჩვენს ახლახანს გამოცემულ  პუბლიკაციაში, ვინც ყურადღება მიაქცია, ასეთ ქმედებებზე საგანგებოდ ავღნიშნავდით, რომ ჩვენთან შესამჩნევია საქართველოში ამგვარი გამოხდომანი, რომ [13]რაღაცას გმობენ, რაღაცის დაგმობა უნდათ, მაგრამ ეს რომ მიიჩქმალოს, ანუ მათი არამართლმადიდებლური, არასარწმუნოებრივი ცნობიერება რომ გამჭვირვალე არ იყოს, მეორე სიწმინდეს თითქოსდა განსაკუთრებით პატივს სცემენ. მაგალითად უდიდეს პატივს მიაგებენ ვითომცდა ჯვარცმის საიდუმლოს, რომ ამ დღეს ჭეშმარიტად აღსრულდა კაცობრიობის გამოხსნა, მარამ რატომ მიაგებენ პატივს გარკვეული პირები ამ დღეს? იმიტომ, რომ დაგმონ უფლისმიერი ნათლისღება 6 იანვარს აღსრულებული მდინარე იორდანეში, როდესაც დასაბამდა, როდესაც სათავე დაედო კაცობრიობის გამოხსნას ჯოჯოხეთის ტყვებიდან, როდესაც მაცხოვარმა აღასრულა და დააწესა ახალი აღთქმის ნათლისღება, ერთადერთი გარდაუვალი საშუალება სასუფეველში შესასვლელად. ვერანაირი სხვა გზით სასუსფეველში, ეკლესიური სწავლებით, ვერავინ ვერასოდეს ვერ შეაღწევს, თუ არა წყლითა და სულით ნათლისღების მადლით. აი ამ მადლის გარეშე, ვისაც [14]ეს მადლი მიღებული არა აქვს, უდიდესი სათნოებითი ღვაწლით ცნობილი რომც იყოს, ეკლესიური სწავლებით ასეთი პირი სასუფეველში ვერ შეაღწევს. და რადგან ძველი აღთქმის მართალნი ისე აღესრულნენ და ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ ახალი აღთქმისეული ნათლისღება არ მიუღიათ, ეკლესიური სწავლებით სწორედ პირველ რიგში მათი გამოხსნის მიზნით, რადგანაც უნათლავად ისინიც ვერ შევიდოდნენ სასუფეველში, უფალმა ნათელ იღო მდინარე იორდანეში და მასთან ერთად ნათელ-იღო ყველა ძველი აღთქმის მართალმა, ანუ ყველა ძველი აღთქმის მართალმა მიიღო ახალი აღთქმისეული ნათლისღების, წყლითა და სულით გამომხსნელი ნათლისღების მადლი, რაც მათზე ქმედითი ხდება ჯვარცმის საიდუმლოს შემდეგ. აი იმ პირველ ნაწილს, რომლებიც ვერ წვდებიან, ანდა გარკვეულ პერიოდში მცდარი რამ აზრი გამოთქვეს და შემდეგ ამის შეცვლა არანაირად აღარ უნდათ, რადგანაც ამით მათი ავტორიტეტი ირღვევა, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ჯვარცმაა, ყოვლიერების გამომსყიდველი, თითქოს ამას ვინმე უარყოფდეს, მაგრამ ვინც კი გმობს ნათლისღების საიდუმლოს იგი, [15]რაც არ უნდა გარეგნულად და პირფერულად ჯვარცმას ადიდებდეს იმავე ჯვარცმის მგმობელიცაა, რადგანაც სიწმინდენი ერთმთლიანია და სიწმინდის ერთი, პირობითად რომ ვთქვათ, კერძოობითი ნაწილის დაგმობა მთელის დაგმობასაც ნიშნავს. პარალელით რომ აღვნიშნოთ, როდესაც ერთი პიროვნება, ვთქვათ, რომელიღაც დიდ წმინდანს პატივს სცემს, მაგრამ მეორე წმინდანისადმი გარკვეული რაღაც შეუთავსებლობა აქვს და მას გმობს, როგორც დავუშვათ დღეს იგმობა გარკვეულ პირთაგან წმინდა გრიგოლ ნოსელი და სხვა წმინდანებზე აკეთებენ აქცენტს ვითომც ეს შეღავათი იყოს, ერთი წმინდანის გმობა და სხვა წმინდანის პირფერული პატივისცემა, რომ ამით შეინიღბოს არამართლმადიდებლური ცნობიერება ხსენებულ მგმობელთა მხრიდან. სინამდვილეში ეს იმ წმინდანის გმობააცაა, რომელსაც ისინი თითქოსდა აღიარებენ, კვლავ აღვნიშნავთ, რადგანაც წმინდანთა საუფლო, წმინდანთა კრებული ერთი წიაღია, ერთი მთლიანობაა, ამ წიაღის ერთი ნაწილის გმობა მთელის გმობაც გახლავთ. ამიტომ მივუთითებთ ამ შემთხვევაში იმასაც, რომ მაკარი ეგვიპტელის ნაწერების [16]გმობა (სწორედ გმობა გახლავთ ის როდესაც ვიტყვით, რომ ისინი მწვალებელთა მიერ არის დაწერილი) მთელი საეკლესიო წიაღის გმობაცაა, რომელმაც ეს ნაწერები გაითავისა, შეისისხლხორცა და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საძირკვლად დასახა, აღიარა და შერაცხა.

რაც შეეხება ევქიტებს, რომლებსაც, ასე ვთქვათ, უკავშირებენ ამ ნაშრომების დაწერას. ევქიტებიც თავიანთი მოღვაწეობით სწორედ ამ გაუკუღმართებას ავლენენ. ისინი ვითომცდა ლოცვას მიაგებენ პატივს, მაგრამ სამოღვაწეო გამოვლინებას ქრისტიანისას გმობენ, ვითომცდა ლოცვაა არსებითი მხოლოდ, რომ მთელი ყურადღება ლოცვისკენ უნდა იყოს, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა დათმოს და მხოლოდ ლოცვას მიეცეს, ლოცვითი მოშურნეობა ჰქონდეს, რომ არც ქველმოქმედება, არც პრაქტიკული ღვაწლი ვინმესადმი დასახმარებლად და სხვა, არამედ მხოლოდ ლოცვა და თითქოს ამით ისინი ლოცვის მადლს განსაკუთრებით ფასეულად რაცხენ და აღიარებენ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ლოცვაც უარყოფილია მათ მიერ, [17]იმიტომ, რომ ლოცვა უდიდესი სიწმინდეა მხოლოდ სხვა საეკლესიო ღირსებებთან ერთ განუყოფელ მთლიანობაში, თორემ თუ ყველა სხვას დავგმობთ და მარტო ლოცვას ვაღიარებთ, ეს იმავე ლოცვის დაგმობაცაა თუნდაც იმიტომ, რომ, პარალელი რომ გავავლოთ, დოგმატთა ერთი მთლიანობის შიგნით ჩვენ რომ ერთი დოგმატი გამოვყოთ მხოლოდ და მას მივაგოთ პატივი და ყველა დანარჩენი დავგმოთ, რა თქმა უნდა, ეს დოგმატიც დაგმობილია ჩვენგან და, თავისთავად ცხადია, რომ მოღვაწეობას ჩვენსას და რაღაც ერთისადმი პატივის მიგებას არანაირი კეთილი ნაყოფი არასოდეს არ ექნება. აი ევქიტები ამ უდიდესი გაუკუღმართების ქვეშ იყვნენ, მათ საკუთარ თავს განუკუთვნეს ეს სახელი - “მესალიანოი” (სირიულად), რაც ნიშნავს მლოცეველები, ბერძნულად ევქიტები (“ევხე” არის ლოცვა), ქართულად კი მლოცველნი. ეს ჩვეულებრივი წესია ერეტიკოსებისა, ისინი არაიშვიათად განუკუთვებენ საკუთარ თავს რაღაც აღმატებულ, ამა თუ იმ სათნოებასთან დაკავშირებულ სახელს, რომ გარეგანი [18]წოდებით შეაცდინონ მრავალნი და საკუთარ გზაზე მიიმხრონ და გადადრიკონ. ცნობილია III ს-ის ერეტიკოსთა კრებული სახელწოდებით “ნავატიანოზნი”, რომლებიც თავიანთ თავს “კათარებს” უწოდებდნენ ანუ წმინდანებს, განწმენდილებს. ისევე როგორც უფრო ადრინდელი ერეტიკული სექტები საკუთარ თავს განუკუთვნებდნენ სახელწოდებას გნოსტიკოსები (ბერძნ. “გნოსტიკოი”), რაც ნიშნავს “მცოდნეები”, რომ თითქოს მათ ქონდათ მხოლოდ ჭეშმარიტი მოძღვრების ცოდნა, ვითომცდა რაღაც საიდუმლოებითი, რაღაც ეზოტერული, მათდამი უშუალოდ მაცხოვრისგან ანდა მაცხოვრის რომელიმე რჩეული მოწაფისგან საიდუმლოდ ვითომცდა გადაცემული. აი ასეთი აღმატებული სახელწოდება ჰქონდათ მათ განკუთვნილი საკუთარი თავისადმი. ისევე როგორც მათგან დაწერილ ძეგლებში ასეთი ამპარტავნული სახელწოდებანი არაიშვიათია, თუნდაც მაგალითად “ჭეშმარიტების სახარება”, ვითომცდა ოთხი კანონიკური სახარება მოკლებულია [19]ჭეშმარიტებას და II ს-ში, ვთქვათ ვალენტინელთა სექტაში, დაიწერა, ასე ვთქვათ, გაცილებით აღმატებული, რომელსაც ასეთი სახელი უწოდეს -  “ჭეშმარიტების სახარება”, ისევე როგორც მეორე სახარება – “სრულყოფის სახარება” და სხვა. აი ამ ხაზში არიან ევქიტებიც, რომლებმაც განიკუთვნეს აღმატებული სახელი მლოცველებისა. ფსევდო არგუმენტად იყენებდნენ პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებს “მოუკლებელად ილოცევდით”, თუმცა არსად, თავისთავად ცხადია, არცერთ შემთხვევაში პავლე მოციქულს რომელიმე სხვა სათნოებითი მოღვაწეობის მხარე, რომელიმე სხვა ღირსება ქრისტიანის ამქვეყნიური ღვაწლისა არასოდეს არ დაუკნინებია და არ უთქვას, რომ მხოლოდ ილოცეთ და მარხვა, ქველმოქმედება, სიყვარულის გამოვლინება მოყვასისადმი და სხვა, თითქოს ეს შეუძლებელიაო. პირიქით, მოგეხსენებათ სიყვარული დააყენა ყველაფერზე მაღლა, სიყვარულით გამსჭვალული ნებისმიერი ქმედება მიიჩნია მაცხოვნებლად, თორემ სიყვარულის გარეშე თუნდაც [20]მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით გამუდმებით მლოცველი იყოს ვინმე, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით გამუდმებით მმარხველი იყოს, სასწაულთმოქმედთა შორის უდიდესი იყოს და მთებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ანაცვლებდეს, ყოვლითურთ უნაყოფოა, აბსოლუტურად წარწყმედილია, რადგანაც სიყვარული არ მსჭვალავს მის საქმეს. ასე რომ, სიყვარულით გამსჭვალულობა არის პავლე მოციქულისთვის არსებითი, ლოცვითი მოღვაწეობის ჟამსაც, მარხვითი მოღვაწეობის ჟამსაც, ღვთისმეტყველური მოღვაწეობის ჟამსაც, თუნდაც ენების ცოდნის დროსაც, მთარგმნელობითი ღვაწლის ჟამსაც და ა.შ. იმ ნებისმიერი ღირსეული რაღაც საქმის დროს, რაც კრებსითად ქრისტიანის მოღვაწეობას უნდა ახასიათებდეს. ამიტომ ევქიტებისგან პავლე მოციქულის დამოწმება, თავისთავად ცხადია, ფსევდო არგუმენტია, მხოლოდ გარეგანი გამართლებაა მათი მწვალებლური მიმართულებისა, რომ თითქოსდა საღვთო წერილს ეფუძნებიან ისინი, როგორც ამის დაუოკებელი ჟინი ჰქონდა ყველა ერესს, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში [21]მათგან მცდარად გაგებული, მაგრამ მაინც საღვთო წერილის სიტყვა დაემოწმებინათ უბირთათვის და უცოდინართათვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს წმინდა წერილი მათ უჭერს მხარს, თითქოს წმინდა წერილს ეფუძნება მათი რაღაც ფსევდო სწავლება. ამიტომაა, რომ ევქიტები ვერ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივად შენარჩუნებადი მწვალებლები, ისინი არც თავის დროზე ყოფილან ფართოდ გავრცობილნი და მოგვიანებითაც საკმაოდ მალე მიინალნენ, მინაცრდნენ და ამიტომაა, რომ ჩვენ დაწვრილებით მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და ეს კი უფრო მეტად აძლევს საშუალებას ამა თუ იმ მკვლევარს, როდესაც ნაკლებია კვლევა-ძიებითი მასალა და სხვა, რომ ფსევდო ვარაუდების სახით ასეთი პრინციპული სენსაციის შემცველი დასკვნა გააკეთოს, რომ თითქოს მაკარი ეგვიპტელის ნაშრომები მწვალებლის – მესალიანელის, სვიმეონ მესოპოტამიელის მიერაა დაწერილი.


289–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=1eU6iHrYWGA

 

წმიდა მაკარი ეგვიპტელის წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ წმინდა მაკარი ეგვიპტელის შესახებ გვექნება საუბარი. როგორც წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ XX ს-ის შუა წლებში მნიშვნელოვანი პრობლემა შეიქმნა ხელოვნურად (ამაზე უკვე გვქონდა ვრცელი მსჯელობა) მაკარი ეგვიპტელის შრომებთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ეს შრომები დაწერილია არა მისგან, არამედ მესალიანური მწვალებლობის ფუძემდებლის სვიმეონ მესოპოტამიელისგან.

ეს, სენსაციურობის მიზნით გამოთქმული დებულება, თავისთავად ცხადია, ისტორიულად არაფრით არ დასტურდება. მრავალმა მკვლევარმა, რომლებმაც გამოხმაურება გააკეთეს ამგვარ განცხადებაზე, საფუძვლიანად წარმოაჩინეს მისი დაუსაბუთებლობა, არამყარობა, მაგრამ სენსაციურობამ თავისი კვალი მაინც დატოვა, თავისი როლი მაინც ითამაშა და არაიშვიათად დღეისათვის მაკარი ეგვიპტელის შრომები გამოცემებში ფსევდოობის აღმნიშვნელი [1]სახელწოდებით ქვეყნდება, მათ შორის, როგორც ვთქვით, ქართული ტექსტიც. თუმცა, კვლავ ხაზგასმით ვიტყვით, ეს საერთოდ არ უკავშირდება ქართველ გამომცემელს, უაღრესად ღირსეულ პიროვნებას, რომელმაც დიდი სამუშაო ჩაატარა ქართული თარგმანის გამოსაცემად, ქალბატონ დოდო (გულნარა) ნინუას, რომელიც განსვენებული გახლავთ, ვინც ეს შესანიშნავი პუბლიკაცია ჩვენ დაგვიტოვა და მოგვანიჭა. მაგრამ ამ პრობლემას ჩვენ ამჯერად უკვე თავს ვანებებთ, როგორც აღვნიშნეთ არავითარი არგუმენტი ამას არ მოეპოვება, მხოლოდ სენსაციურობის სურვილით იქნა იგი წამოყენებული. სვიმეონ მესოპოტამიელი არანაირი ღრმა სულიერი მჭვრეტელობის პიროვნება არ ჩანს, ისაა ერთ-ერთი ცნობიერება გაუკუღმართებული პიროვნება, ვითომცდა ლოცვაზე განსაკუთრებულად გადაგებული, ამ დროს კი იმავე ლოცვისაც შემბილწველი, რადგანაც ყველა სხვა საეკლესიო მოღვაწეობის ღირსებებს ფეხქვეშ თელავდა.

მაგრამ აღვნიშნავთ იმას, რომ პრობლემატიკა წმინდა მაკარი ეგვიპტელთან დაკავშირებით [2]მხოლოდ ამით არ იფარგლება, ეს მეორე მხარე უკვე ასეთ უარყოფით განცდებს ჩვენში არ აღძრავს, ეს საკუთრივ ჯანსაღი მეცნიერული კვლევაა, რაც უკავშირდება მაკარი ეგვიპტელის ცნობილ სიტყვათაგან რიგით პირველს, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს მეცნიერებაში - “დიდი ეპისტოლე”. თუმცა ეს ეპისტოლე არაა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ესაა დიდი სიტყვა, ვრცელი სიტყვა. პრობლემა კი გახლავთ შემდეგი: ამ სიტყვის, მაკარი ეგვიპტელის სიტყვათა შორის რიგით პირველის, ორი მესამედი ტექსტისა თითქმის სიტყვა-სიტყვით ემთხვევა წმინდა გრიგოლ ნოსელის ავტორობით ცნობილ შრომას სახელოწოდებით “ქრისტიანული ასკეზისის შესახებ”. მკვლევართა შორის კარგა ხანია მსჯელობაა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი მათგანი უნდა მივიჩნიოთ თავდაპირველად და რომელი რომლის გავლენითაა დაწერილი. ამ საკითხს მიეძღვნა დიდი მკვლევრის ვერნერ იეგერის, გრიგოლ ნოსელის შრომათა გამოცემისათვის საფუძვლის [3]დამდების, შრომა, სადაც მაკარი ეგვიპტელის სიტყვაც არის გამოქვეყნებული და გრიგოლ ნოსელის შრომაც, უფრო ზუტად ერთი ტექსტია გამოქვეყნებული და ამაზე ვრცელი კვლევაა ნაწარმოები. უფრო საფიქრებელია, რომ გრიგოლ ნოსელი იყენებდა მაკარი ეგვიპტელის თხზულებას, იმიტომ, რომ გარკვეული ქრონოლოგიური, მცირედი მაგრამ უწინარესობა, მაინც მაკარი ეგვიპტელს აქვს.

თავისთავად ცხადია, ამგვარი გამოყენებანი წინარე მოღვაწეთა შრომებისა ეკლესიურ ტრადიციაში სავსებით ბუნებრივი იყო. დღევანდელი გაგებით პლაგიატობა აბსოლუტურად შეუძლებელი და მიუღებელი იყო ეკლესიის მამათათვის, ე.ი. ამგვარი გაგება არასოდეს არ ჩაიდებოდა წინარე მოღვაწის ნაშრომის გამოყენების ფაქტში. აურაცხელი ნიმუში ვიცით ჩვენ იმისა, რომ გვიანდელი საეკლესიო მოღვაწეები კომპილირებას ახდენდნენ ადრეული მოღვაწეების ნაშრომებისას, ხშირ [4]შემთხვევაში ყოველგვარი სახელის მითითების გარეშე, მაგრამ ეს თავისთავად ცხადია, ხარვეზის შემცველ მოვლენად არავის ჩაუთვლია. შორს რომ არ წავიდეთ მაგალითად წმინდა იოანე დამასკელის ფუნდამენტურზე ფუნდამენტური თხზულება სახელწოდებით “წყარო ცოდნისა”, რაც სამი ნაწილისგან შედგება, მეორე ნაწილად შეიცავს მწვალებლობათა წინააღმდეგ მიმართულ ნაშრომს და მკვლევართათვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს ნაშრომი თითქმის სიტყვა-სიტყვითი გამეორებაა IV ს-ში წმინდა ეპიფანე კვიპრელის მიერ დაწერილი ცნობილი თხზულებისა, რომელსაც “სინტაგმა” ეწოდება, ანუ ის შეჯამება, რაც თვითონ ეპიფანემ მოახდინა, თავისი ვრცელი ანტიერეტიკული შრომისა სახელწოდებით “ყველა ერესის წინააღმდეგ”. აი ამ უვრცელესი, ალბათ ჩვენთვის ცნობილი ადრეული ანტიერეტიკული ძეგლებიდან ყველაზე დიდის შეჯამება, იმავე ეპიფანესგანვე დაწერილი და დაწერილი იმ მიზანდასახულობით, რომ ასეთ ვრცელ თხზულებას მასობრივი მკითხველი ვერ აღიქვამდა, მისგანვე დაწერილი [5]შეჯამება ქართულ თარგმანში სახელწოდებით “ოთხმეოცთა წვალებათათვის”, კვლავ აღვნიშნავთ, სიტყვა-სიტყვითაა გამეორებული იოანე დამასკელის მიერ იმ ზომამდე, რომ მკვლევართაგან არავინ არ არის იმის დამსაბუთებელი, რომ ეს ნაშრომი იოანე დამასკელისეულად აღიაროს. თუმცა იოანე დამასკელის “წყარო ცოდნისას” ხელნაწერებში, თავისთავად ცხადია, ეს ნაწილი დამასკელისეულადაა მიჩნეული. მაგრამ დამასკელისეულად არის მიჩნეული არა იმიტომ, რომ მან დაწერა, იოანე დამასკელი ყოველ ნაბიჯზე, არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ სხვა ნაწილებშიც თავისი ძეგლისა, სრულიად ხაზგასმით მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი სხვათაგან აქვს მას შემოკრებილი, რომ იქ მისი ერთი სიტყვაც არ არის, ერთი აზრიც არ არის უშუალოდ მისგან თქმული, ანდა ამა თუ იმ თუნდაც უკვე ნათქვამი აზრისთვის მის მიერ რაღაც ახალი დასაბუთების მოძიება. ყველაფერი უკვე დაწერილია, მან საუკეთესო წესით ეს ყოველივე გამოკრიბა და ერთ მთლიან მონუმენტურ სახელმძღვანელოდ დაგვიდო ჩვენ. აი ამაშია ამ ძეგლის ღირსება, თორემ სამი ნაწილიდან პირველი ნაწილი, რაც [6]ტერმინოლოგიურ განმარტებებს ეხება და რასაც სახელწოდება აქვს “საფილოსოფოსონი თავნი” და რაც იმავე იოანე დამასკელის მითითებით წარმართ ბრძენთა კეთილი ღვთივმიმადლებული სწავლებებისგან გამოუკრებია მას. ეფრემ მცირის თარგმანში ეს სავსებით გამჭვირვალედაა, რომ “ყოვლის უწინარეს დავაწესებ, - ამბობს იოანე დამასკელი, იმას რაც წარმმართა ბრძენთაგან კეთილად თქმულა, რადგან გვისწავლია (ახალი ქართული თარგმანით რომ ვთქვათ), რომ ყოველი კეთილი საბოძვარი და კეთილი ძღვენი ზეციდან არის გადმომავალი მამისგან ნათელთაისა”. იოანე პირდაპირ ამბობს, რომ წარმართ ბრძენთა შორის არსებული ეს სიკეთე, ეს ტერმინთმცოდნეობა არის ზეცის მამისგან გადმომავალი საღვთო ძღვენი. ასე რომ, ის არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი თვთნ დაამუშავა, რომ დავუშვათ ტერმინები “არსება”, “ბუნება”, “ნათესავი”, “სახე”, “შემთხვევითი” და სხვა (ჩვენ ძველი ქართული შესატყვისებით მოგვაქვს ის ბერძნული ტერმინები, რაც [7]იოანე დამასკელმა დაამუშავა), თითქოსდა მას განემარტოს და მას მოეცეს განსაზღვრებანი ამ ტერმინებისა. ამიტომ თუნდაც ამ კუთხით აბსოლუტურად გაუმართლებელია ასეთი საყვედური იოანე დამასკელისადმი, კონკრეტულად არისტოტელესთან მიმართებით იმიტომ, რომ ეს ტერმინოლოგიური განმარტებანი მან არსებითად არისტოტელესგან აიღო, რომ თითქოს მან გაქურდა (ერთი მკვლევარი ზუსტად ამ სიტყვას მოუხმობდა) არისტოტელე. მაგრამ სადღაა გაქურდვა, როცა ეს პიროვნება (იოანე დამასკელი) პირდაპირ ამბობს, რომ მათგან ავიღე ეს ყველაფერი, ჩემი არაფერია, მე მჭირდება მოძღვრების გადმოსაცემად, მრევლსაც ჭირდება, რომ ჩემს მიერ გადმოცემული მოძღვრება ზედმიწევნით გაიგოს, ტერმინთმცოდნეობა მათთვის აუცილებელია და ეს ყველაფერი მე ანტიკურ ბრძენთაგან ავიღეო. მეორე ნაწილთან დაკავშირებით ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეპიფანე კვიპრელის შრომა აქვს მას თავიდან ბოლომდე გამოყენებული, ხოლო მესამე და უმთავრეს ნაწილში, რაც ცალკეც შეიძლება გამოიყოს და რისი სახელიც არის “მართლმადიდებლური სარწმუნობის ზედმიწევნითი გადმოცემა”, მისივე მითითებით ყველა სიტყვა, ყველა მუხლი, [8]ყველა აზრი, ყველა ციტატა, ყველა არგუმენტი წინარე მამათაგან ერთ მთლიან სწავლებად და ერთ მთლიან დასაბუთებად მაცხოვენებული მოძღვრებისა, შემოგვიკრიბა მან და წინ დაგვიდო. ამ გრანდიოზული და უდიდესი მნიშვნელობის მქონე შრომის წარუვალი ღირსება სწორედ ესაა. შვიდსაუკუნოვანი მოღვაწეობა ეკლესიის მამებისა სრულიად უდანაკარგოდ და ამავე დროს უაღრესად ლაკონურად და ზედმიწევნით არის თავმოყრილი ამ სახელმძღვანელოში, რასაც ეწდება “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”. ასე რომ, კომპილირება პლაგიატობას არასოდეს არ ნიშნავდა ეკლესიის მამათა შორის და გვიანდელი კომენტატორები ჩვეულებრივ ადრინდელ კომენტატორტა განმარტებებს იშველიებდნენ. თუნდაც თეოფილაქტე ბულგარელისგან განმარტებული სახარებანი ესაა იოანე ოქროპირის განმარტებათა მთლიანი შეთვისება, ისევე როგორც ექვთიმე ზიგაბენი იქნება ეს, იკუმენიუსი იქნება თუ სხვები, მათ წინარე განმმარტებელთა [9]კომენტარები აქვთ უდიდესწილად უცვლელად გადმოტანილი, მაგრამ მათი ავტორობითაა ეს გავრცელებული. არა იმიტომ, რომ მათ განმარტეს ეს ყოველივე, შემდგენელიც კი ავტორობას გულისხმობდა ძველად და შემდგენლობა და კომპილატორობა იგივე ავტორობას უტოლდებოდა.

ამ ყელაფრის ფონზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაკარი ეგვიპტელის პირველი სიტყვის დიდი ნაწილი და გრიგოლ ნოსელის შრომა სახელწოდებით “ქრისტიანული ასკეზისის შესახებ” ტექსტობრივად იდენტურია და ერთ-ერთი იყენებს მეორეს, ამაში რაიმე ხარვეზი არ გახლავთ. ამ შემთხვევაში, კვლავ აღვნიშნავთ, როგორც ჩანს გრიგოლ ნოსელი იყენებს მაკარი ეგვიპტელის ნაშრომს. მაკარი ეგვიპტელის შრომებმა, საფიქრებელია, მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა და არ შეიძლებოდა არ მოეხდინა იმიტომ, რომ გრიგოლ ნოსელი მკვეთრად მისტიკური წვდომისკენ მიმართული მოღვაწე გახლავთ და მაკარი ეგვიპტელის ნაშრომები სხვა არაფერია თუ არა ჭეშმარიტებისა და საღვთო მოძღვრების საიდუმლოებითი წვდომა, შინაგანი წვდომა, სიღრმისეული, მისტიკური [10]აღქმა ამ ყოველივესი. მისი ნაშრომები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი მისტიკური მწვდომელობებით აღსავსეა.

სხვა რაიმე პრობლემა ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური მაკარი ეგვიპტელის შრომებს არ უკავშირდება. ეს შრომები მთლიანობაში, როგორც უკვე გითხარით, ეს სიტყვები 50-ს აჭარბებს. ამათგან ცალკე გამოიყოფა მნიშვნელობითაც და ერთი რაღაც საერთო მიზანდასახულობითაც 26 სიტყვა, ეს ცალკე კრებულად გამოიყოფა და ქართულად თარგმნილი გახლავთ სწორედ ეს 26 სიტყვა წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ. ქართული თარგმანი არის უბრწყინვალესი, უშესანიშნავესი, სხვათაშორის ექვთიმეს თარგმანთა შორის ალბათ დედნის ყველაზე მეტად გათვალისწინებით. საკმაოდ ერთგულია ბერძნული დედნისადმი ამ შემთხვევაში ექვთიმე ათონელი, რომელსაც საერთოდ სჩვეოდა, როგორც ალბათ ყველა მსმენელისათვის ცნობილია, მისგან სათარგმნი ტექსტის ვითარებისდა მიხედვით გავრცობა-შემოკლება, რასაც ხაზგასმით მიუთითებს [11]ეფრემ მცირე, რომ ექვთიმეს “მადლითა სულისა წმიდისათა ხელეწიფებოდა შემატებაიცა და კლებაიცაო”. მაგრამ ამ შემთხვევაში მაკარის ნაშრომების თარგმნისას გაცილებით მეტია იდენტურობა ორიგინალთან. აბსოლუტური, რა თქმა უნდა, არ არის და ეს ექვთიმეს მთარგმნელობით მეთოდს არანაირად არ თანხვდება, მაგრამ მისთვის და მისი მთრგმნელობითი მეთოდის მხრივ მაქსიმალური გამოვლიენებაა ბერძნულ ტექსტთან თანხვედრისა, ბერძნული ტექსტის მიმართ ერთგულების დაცვისა. საუკეთესო ხელნაწერებითაა ჩვენამდე მოღწეული, კვლავ აღვნიშნავთ, გამოცემულიცაა (რაც ბრწყინვალე გამოცემაა გულნარა ნინუასი), რასაც მცირედი ლექსიკონიც ახლავს, წინ კი გამოკვლევა. თვით ტექსტები უკლებლივ ყველა ქრისტიანისგან აუცილებლად სიღრმისეულად, თითქმის დაზეპირებამდე მისული ერთგულებით უნდა იქნეს წაკითხული. იქ გადმოცემული სწავლებანი, განჭვრეტანი, ვერანაირი ანალიზით, ვერანაირი განხილვით (მითუმეტეს რადიო საუბრით) ვერ მოიცვება, ვერ წამოჩნდება, უშუალოდ [12]პიროვნებამ თავად უნდა წაიკითხოს ეს ყოველივე, თვითონ უნდა შეეზიაროს მაკარი ეგვიპტელის სულიერებას და იმ წიაღის მჭვრეტი თავადაც გახდეს, რაც წმინდა მაკარიმ განგვიჭვრიტა, რაც გაგვიშუქა, რაც სინათლისებრ ჩვენ მოგვმადლა და დაგვიტოვა.

ქართული საეკლესიო მწერლობა მაკარისთან დაკავშირებითაც ავლენს იმ თავის თვისებას, რაც არაერთგზის გამოვლენილა – რაღაც იმდაგვარის შემონახულობა, რაც სხვა ენებზე უდიდესწილად დაკარგულია ანდა ფრაგმენტულადაა მოღწეული. ამ მხარეს აღვნიშნავთ იმის გამო, რომ ქართულად მოღწეულია არა მხოლოდ ეს 26 სიტყვა მაკარი ეგვიპტელისა ექვთიმესგან თარგმნილი, რაც, რა თქმა უნდა, ბერძნულადაც არის მოღწეული და სხვა ენებზეც, არამედ კიდევ ორი ეპისტოლე (ესენი უკვე ნამდვილად ეპისტოლეები) მაკარისგან დაწერილნი, რომელთაგან ერთი საერთოდ უცნობია ყველა ენაზე და მხოლოდ ქართულადაა მოღწეული, მეორე კი ნაწილობრივ შემონახულია ეთიოპურ ენაზე, სხვა მხრივ კი [13]ისიც დაკარგული გახლავთ. ამიტომ ეს ორი ეპისტოლე ქართულად შემონახულნი, საკუთრივ ექვთიმესგან თარგმნილი არ გახლავთ, ისინი გაცილებით ადრეა თარგმნილი (X ს-მდე). ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ეპისტოლეები შესაძლოა თარგმნილი იყოს V-VI ს-ში, როგორ ჩანს იმ წრეში, იმ განდეგილურ წრეებში სადაც მაკარი ეგვიპტელის ავტორიტეტი განუზომელი იყო. დახელოვნებული ჩანს ქართველი მთარგმნელი, თარგმანი უეჭველად ბერძნული ენიდან ჩანს შესრულებული და ამ ორ ეპისტოლეს მაკარი ეგვიპტელის და ზოგადად ადრეული ეპოქის განდეგილური ღვთისმეტყველების შესასწავლად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს, ფასდაუდებელი ღირსებისა და მოძღვრების შემცველი ეპისტოლეებია ეს ორი ძეგლი. ამითაც, კვლავ დასაწყისში ნათქვამს გავიმეორებთ, ქართული საეკლესიო ლიტერატურის ეს თვისება – არქაულის შემონახვა, მაკარისთან დაკავშირებითაც სახეზეა. მეორე მხრივ თვით ბერძნულად მაკარის ავტორობით [14]ცნობილი სიტყვები, ცხადია, 26-ით არ იფარგლება (ეს ადრეც ვთქვით), გაცილებით მეტია და 50-ს აჭარბებს. ამ ბოლო ხანებში მისი სიტყვების ერთი ნაწილის მაღალ მეცნიერულ დონეზე გამოცემა განხორციელდა იმ ცნობილ სერიაში, რასაც ჩვენ რამდენიმეგზის ვახსენებდით, რაც პარიზში გამოდის, მისი სახელი კი გახლავთ “ქრისტიანული წყაროები” (“სოურცეს ცჰრéტიენნეს”), რომლის თითქმის 450 ტომია უკვე გამოცემული და თითოეული ტომი (ეს ვიქრობთ საჭიროა, რომ მსმენელმაც იცოდეს, რადგან ასეთი ღვაწლი რომ შესრულებულია ამის შესახებ ინფორმაცია მაინც უნდა გვქონდეს) შეიცავს ამა თუ იმ საეკლესიო ძეგლს ორიგინალის ენაზე, კრიტიკულად ანუ მეცნიერულად გამოცემულს, ე.ი. ყველა ხელმისაწვდომი ხელნაწერის საფუძველზე გამოცემულს გვერდით ფრანგული თარგმანით, მრავალგვარი კომენტარებით, რაც კი ტექსტის გაგებაში მკითხველს ეხმარება. ბოლოში ჩვეულებრივ ერთვის ამგვარ პუბლიკაციათაგან თითქმის ყველას ბიბლიური ციტატების [15]მიმდევრობითი (შესაქმის წიგნიდან დაწყებული აპოკალიფსით დაბოლოებული) საძიებელი და ზოგ გამოცემას არაიშვიათად ამომწურავი ტერმინოლოგიური ლექსიკონი. ამიტომაა ეს ტომები ფასდაუდებელი მნიშვნელობისა. ჩვენ საქართველოში მოგვეპოვება რამდენიმე ეგზემპლარად და დაიტერესებულმა პირებმა, რომლებიც გულწრფელად განიზრახავენ ეკლესიის მამათა შრომების შესწავლას, აი ამ გამოცემებისგან დიდი სარგებელი შეიძლება მიიღონ.

მაგრამ დავუბრუნდეთ მაკარის. მაკარის ექვთიმესეული თარგმანები თავის დროზე უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო, დიდი წვლილის შემტანი და ეს ღვაწლი წარუშლელია, მაგრამ თანამედროვე მკითხველისთვის, რომლისთვისაც მშობლიური თანამედროვე ქართული ენაა, ამ ენაზე მაკარის სიტყვათა და სწავლებათა მიწოდება აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენ აქეთკენ გადავდგით ნაბიჯი, როდესაც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულების [16]სწავლება “განღმრთობისა და სულიერი სინათლის შესახებ” გამოვაქვეყნეთ ჩვენი თარგმანით გაზეთში “საეკლესიო სიწმინდენი”, სადაც სქოლიოებში ექვთიმესეული თარგმანის პარალელებიცაა მითითებული. მარტო ეს ერთი სიტყვა მაკარი ეგვპიტელისა ჩვენ რომ დიდი გულისხმიერებით წავიკითხოთ, დაგვარწმუნებს ამ სიტყვის ავტორის განსაკუთრებულ ღვთისმხილველობაში, ღვთის მჭვრეტელობაში. აქ განღმრთობის თემა იმგვარი სულიერი თვალითაა განჭვრეტილი და გადმოცემული, რომ შეუძლებელია არსებობდეს მკითხველი, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყვეობაში არ მოექცევა (კარგი გაგებით) იმ სულიერი ველისა, რაც ავტორისგან წარწყმედის გზაზე დამდგარ ადამიანთა მოსანადირებლად არის შექმნილი და უეჭველად ბევრს მოინადირებს სიკეთისკენ თუნდაც მარტო ეს ერთი სიტყვა. აქ ხაზია გასმული მაკარისგან იმ მდგომარეობაზე, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი [17]როდესაც თავისი დატევნისებრ ჭეშმარიტებას მიწვდება პირდაპირი მნიშვნელობით, ე.ი. არა თეორიულად, არამედ სულიერი გრძნობადობით თავის თავში ჭეშმარტების დატევნისებრ მიმღები აღმოჩნდება, თანაშეეზიარება, თანაშეეარსება ჭეშმარიტებას, ეს ჭეშმარიტება გახდება მისი ცხოვრება, ის მთლიანად ამ ჭეშმარიტებით ხდება აღვსილი, ეს ჭეშმარიტება ცოცხლობს მასში და არა თვითნ, როგორც პავლე მოციქული ამბობს: “არღარა მე ცხოველ ვარ, არამედ იესო ქრისტე ჩემ შორის”, ე.ი. მე კი არ ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხალი იესო ქრისტეო. ეს საღვთო სინათლე ყოვლითურთ განანათლებს მას და მიწიერ ხედვას ფაქტობრივად უბრმავებს, სულიერი თვალითაა იმდენად გაბრწყინებული ეს მოღვაწე, ჭეშმარიტების მიმწვდომი, რომ ამქვეყნიური სახედველი ფაქტობრივად მას ეხშობა და ამიტომაა, რომ მრავალთათვის ის შეიძლება გონებაცდომილად, ცნობაარეულად წარმოჩნდეს. პიდაპირაა [18]თქმული, რომ ვინც მიწვდება ამ ჭეშმარიტებას, ის იმდენად მოცული და გამსჭვალული ხდება ამ ჭეშმარიტებით, რომ უგონო მდგომარეობაშია, დავარდნილია იატაკზე ან მიწაზე, სადაც ამ ხილვას იღებს, ამ მდგომარეობას მოიხვეჭს და არაფერს ამქვეყნიურს მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, არც წუხილს, არც სიხარულს, ყველაფერი მნიშვნელოვანია მხოლოდ სულიერი მადლის სიტკბოებიდან გამომდინარე. იმისგან მოკლებულად ამქვეყნიური ყოველივე მისთვის ფასდაკარგულია, მისთვის აბსოლუტურად არაფერი ღირებულებისა არ არის, მაგრამ ყველაფერი ფასობს სწორედ იმ სულიერი მადლით, ის სულიერი მადლია ყოვლად მნიშვნელობა, ყველაფრის აღმავსებლობა, მაცხოვნებლობა ამქვეყნად ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ადამიანისა. მაკარისვე სიტყვებია, რომ “როდესაც შევდივართ სულიერ საუნჯეში, სულიერ საცავში სიმდიდრისა და ერთ კარს გავხსნით ერთი სულიერი საცავის წიაღში შემყვანს, ამ კარის იქეთ [19]ასი კარი გაგვეხსენაბა კვლავ, იმ ასი კარის გავლით ასჯერ ასი კარი და ამგვარად დაულევნელად”. მაკარი ეგვიპტელი უდიდესი სახეობრიობით და გამომსახველობით ასაბუთებს ცნობილ საეკლსიო მოძღვრებას მარადიულად მზარდი პროგრესის შესახებ ჭეშმარიტების გზაზე მდგომი ადამიანისა, რომ ვინც ჭეშმარიტების გზაზე მართებულად დგას და დაბრკოლების გარეშე წარემატება, არა უბრალოდ მიიწევს ღვთისკენ, არამედ ყოველწამიერად უფრო და უფრო მზარდი ძლიერებით ისწრაფვის ღვთისკენ და ეს პროცესი არასოდეს არ ბოლოვდება. ამ მოძღვრებას ჩვენ არაერთგზის ვეხებოდით, რასაც თავისი სახელიც აქვს, კერძოდ “ეპექტასისი”, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელმა უწოდა მას, დაყრდნობით პავლე მოციქულის სიტყებზე, როდესაც ეს უკანასკნელი (პავლე მოციქული) ამბობს, რომ “მარადის უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწვდები”. აი ეს მიწვდომა მისგან გადმოცემულია ზმნით “ეპექტეინომაი”, რასაც ეფუძნება ტერმინი “ეპექტასისი” ანუ მარადიული [20]წინწვდომა, მაგრამ არა უბრალოდ მარადიული, ე.ი. ერთსახოვანი, არამედ მარადიულად მზარდი ძლიერებით წინსწრაფვა. ამის გამოხატულებაა მაკარი ეგვიპტელის ეს სწავლებაც განღმრთბის და სულიერი მადლის და სულიერი სინათლის შესახებ, რომ ერთ კარში როდესაც შევალთ განღმრთობისა ანუ მართებულად მივიწევთ წინ და წარვემატებით, იმის იქეთ ასი კარი გაიხსნება კიდევ, იმიტომ, რომ დაულევნელია საუნჯე, ამოუწურავია ჩვენს მიერ. ცხადია, მაკარი ეგვიპტელის თითოეული ეპისტოლე საშუალება რომ იყოს ცალკეა განსახილველი, წასაკითხიც მშვიდად, აუღელვებლად, ყველა მუხლისა და სიტყვის გაცნობიერებით, მითუმეტეს ექვთიმეს თარგმანი სრულად იტევს ორიგინალის ღირსებებს, მაგრამ რამდენადაც ეს ამგვარი საუბრებით შეუძლებელია, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ყველა მსმენელს, რომ მოიძიოს ეს გამოცემა, რაზეც უკვე მივუთითებდით (მაკარის შრომათა ძველი ქართული თარგმანების გამოცემა), და თვითონ იღვაწოს [21]მაკარის თითოეული სულიერი სიტყვის სიღრმისეული წვდომისა და აღქმისათვის.

290–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=14Bez2_Mi-4

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 18:39)