295

ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ მცირე აზიის იმ ავტორებზე, რომლებიც IV ს-ის I ნახევარში და შუა წლებში გახდნენ ცნობილნი. ზოგი მათგანი გვიხსენებია კიდეც, განსაკუთრებით არიანელობასთან დაკავშირებით, უშუალოდ არიოზთან კონტაქტში, როდესაც ამ ერთ-ერთი საშინელი ერესის წარმოშობის და გავრცელების სხვადასხვა ასპექტებს მიმოვიხლავდით.

სწორედ მცირე აზია და ნიკომიდია გახლდათ, სადაც არიოზმა თავშესაფარი ჰპოვა, მას შემდეგ, რაც 318 წელს ალექსანდრიის სინოდმა იგი და მისი მოძღვრება დაგმო. აქ იპოვა მან თავისი ერეტიკული მოძღვრების გავლენიანი მხარდამჭერები ეპისკოპოსთა შორის და აგრეთვე იმპერატორთა შორისაც. იმავე მცირე აზიაში გაიმართა [1]I მსოფლიო კრება ნიკეაში 325 წელს, იმ მიზანდასახულობით, რომ ეს ავარდნილი, ასე ვთქვათ, ალი ერესისა დამცხრალიყო და დაშრეტილიყო. მიუხედავად ამ დიდი კრების გადაწყვეტილებისა კომფლიქტი კვლავ რჩებოდა, გრძელდებოდა, არიანელები, მართალია მათთვის გაუგებრად მაგრამ მაინც შემოზღუდული დროითა და სივრცით გამარჯვებას ზეიმობდნენ, თუმცა კი მსოფლიო კრებისგან გადაჭრილი იყო მათი სიცოცხლის მთავარი ძარღვი, ისინი, ცხადია, ვერ გრძნობდნენ, რომ აგონიაში იყვნენ და როგორც ხშირად ხდება აგონიაში მყოფისთვის ძალთა გაათკეცება და ერთი შეხედვით თითქოსდა ეს პიროვნება, რომელიც აგონიაშია, არათუ სიკვდილისკენ მიდის, პირიქით სიცოხლის ენერგიის მოზღვავებას და გამარჯვების [2]უშურველობას გრძნობს, მაგრამ არსებითად ყველაფერი გადაწყვეტილია, გადაწყვეტილია იმიტომ, რომ სასიცოცხლო ძარღვი მას გადაჭრილი აქვს. ამგვარადვე არიანელთა მდგომარეობა, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და ეს ადრეც არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ზოგჯერ ერესი დაიგმობა მაგრამ დაგმობის მერე ხდება თითქოს და გაცილებით უფრო გავრცობილი, ძლიერმოქმედი და სხვა. ეს ყოველთვის არის ბოლო ამოფეთქვა, რომ მართლაც ბოლომდე გამოვლინდეს უკეთურება და ყოვლითურთ მოხდეს მისი აღმოფხვრა და ამოკვეთა. დაახლოებით ამგვარ ვითარებას ვამჩნევთ ჩვენ არიანელობასთან დაკავშირებით სწორედ მცირე აზიაში, სადაც 325 წლის შემდეგ, უფრო კონკრეტულად კი 328 წლიდან ეს უბედურება გაცილებით უფრო დიდ სივრცეებს იპყრობს და პიროვნებები, რომლებიც ამ საქმეში ჩართულნი არიან, ცხადია, განხილვას ექვემდებარებიან, თუნდაც საეკლესიო მწერლობის [3]ისტორიაში უკეთ გარკვევის მიზანდასახულობით.

როგორც ერთ-ერთი მკვლევარი მისადაგებულად შენიშნავს, მსოფლიო კრებაზე ეს საკითხი გადაწყდა, მაგრამ არ დამცხრალა ბრძოლა. პირიქით, როგორც ავღნიშნეთ, მომდევნო წლებში არიანიზმი გახდა დომინანტური ორ პოლიტიკურ დიოცეზში – პონტოში და აზიაში. ზოგი მკვლევარის დაკვირვებით ის ფაქტიც ყურადსაღებია და ნიშანდობლივი, რომ არიანული პარტიებისა და არიანული მოძღვრებითი მიმართულებების ოთხი ლიდერი – ეპისკოპოსები ევსები ნიკომიდიელი, ევსტათი სებასტიელი, ევნომიოს კვიზიკელი და მოგვიანებით სოფისტი ასტერიოსი, რომელიც, როგორც მიიჩნევა, პირველი არიანელი მწერალია, ყველა ესენი ცხოვრობდნენ სწორედ მცირე აზიაში. იგივე [4]მცირე აზია იყო, სადაც პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე დიდი მოინათლა, როგორც ადრეც აღგვინიშნავს, არიანელი ეპისკოპოსისგან (იგულისხმება არიანელი ეპისკოპოსი ევსები ნიკომიდიელი) ახირონში, ნიკომიდიის ახლოს და თუმცა კონსტანტინემ სწორედ ევსების შთაგონებით დართო ნება არიოზს დაბრუნებულიყო გადასახლებიდან და მანვე ექსორია-ჰყო  ათანასე, როგორც არიანელთა თქმით მშვიდობის და წესრიგის მოწინააღმდეგე ანუ უწესრიგობის შემომტანი, მიუხედავად ამ ყოველივესი კონსტანტინე დიდი ყოფითი გაგებით არიანელთაგან ცდომილებაში იყო შესული. ის სულით და აღმსარებლობით ბოლომდე, რა თქმა უნდა, უცვლელად მართლმადიდებლური დოგმატიკის უერთგულესი მოღვაწე დარჩა და მისი საქმენი სარწმუნოების განმტკიცების წინაშე [5]უდიდესია, თუნდაც ამ ხარვეზებთან შედარებით. ამიტომაა, რომ კონსტანტინე დიდი წმინდანია, მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა. მაგრამ რაც შეეხება მის მომდევნოს კონსტანტიუსს, მის ერთ-ერთ ძეს, ორძეობის და ორ იმპერატორობის ჟამს, იგი უკვე მთლიანად ევსები ნიკომიდიელის გავლენის ქვეშ იყო, ფაქტობრივად იგი არიანელი იყო და ყოველივე ამის გამო კონსტანტინე დიდის შემდგომ (337 წლის შემდეგ) მცირე აზია გახდა, თუმცა ნაწილობრივ ადრეც იყო, მთლიანად არიანელთა ძალაუფლებას დაქვემდებარებული რეგიონი. მაგრამ როგორც ყოველთვის მომხდარა, რაზეც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, ღვთის მიუწვდომელი განგებით იმავე მცირე აზიაშივე შეიმუსრა არიანელობა სამი დიდი მოძღვრის, ეკლესიის სამი სვეტის, კაბადოკიელი მამების [6]მიერ, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობით, რასაც ჩვენ თავის დროზე და შესაბამის ადგილას დეტალურად განვიხილავთ.

აი ამ მცირედი ექსკურსის შემდეგ პირველად შევეხებით ევსები ნიკომიდიელს, რომელსაც მიაშურა არიოზმა (როგორც არიოზის შესახებ საუბრისას ავღნიშნავდით) მას შემდეგ, რაც 318 წელს მოხდა მისი ექსკომუნირება ალექსანდრიიდან და სწორედ ევსები ნიკომიდიელი გახლდათ მისი ყველაზე უფრო ძალაუფლების მქონე მეგობარი. თავის მხრივ ევსები იჩემებდა, რომ იყო წმინდა ლუკიანე ანტიოქიელის მოწაფე. ეს მხარე მას, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა საკუთარი ცრუ სწავლების ნიღბად, შესანიღბად, ავტორიტეტის მოსახმობად. იგი პირველად ბეირუთის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ხოლო მოგვიანებით მცირედით უწინარეს 318 წლისა და ალექსანდრიის ცნობილი სინოდისა, ევსები განწესებული იქნა გაცილებით უფრო გავლენიან და [7]მნიშვნელოვან ეპარქიაში ნიკომიდიისა. აქ იგი უკვე ახლო ურთიერთობაში აღმოჩნდა სამეფო კართან, მას ძალიან აფასებდა იმპერატრიცა კონსტანცია (კონსტანტინე დიდის და და ლიკინიუსის მეუღლე) და ამგვარი დაფასების წყალობით ევსები ნიკომიდიელმა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა, ძალაუფლების სადავეები ხელთ იპყრა. ეს ყოველივე სრულიად მალე აისახა იმ კომფლიქტზე, რაც არიანელობასთან მიმართებით მართლმადიდებლობას ჰქონდა. რაწამს არიოზმა ეპისტოლე გაუგზავნა გზიდანვე ევსები ნიკომიდიელს და რაწამს არიოზი ისტუმრა, ასე ვთქვათ, ევსებიმ, ამ უკანასკნელმა მყისვე გადადგა ნაბიჯები ამ მწვალებლობის დასაცავად, მოქმედებაში მოიყვანა ყველა მისი სამოქმედო ბერკეტი, რომ [8]ის მწვალებლური იდეები, რის გამოც არიოზი განდევნილ იქნა, მისგან მხარდაჭერილი გავრცელებულიყო, კვლავ ძალმოსილი გამხდარიყო და მართლმადიდებლობა მისი ჩანაფიქრით ძირფესვიანად აღმოეფხვრა. ევსებიმ მრავალი ეპისტოლე მიავლინა მცირე აზიისა და აღმოსავლეთის იერარქთადმი, ეპისკოპოსთადმი, იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინა ისინი არიოზის, თითქოსდა უდანაშაულობაში და ვითომცდა მის მიმართ დამნაშავეობაში მაშინდელი ალექსანდრიის ეპისკოპოსისა, უაღრესად ღირსეულ მოღვაწისა, ალექსანდრე ალექსანდრიელისა. ეს ეპისტოლეები გარკვეულ ნაწილზე, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენდა და ალბათ ამ მოქმედებათა “დამსახურებაცაა”, რომ არიანელობა საკმაოდ სწრაფად გავრცელდა სწორედ ზემოხსენებულ რეგიონებში. იგივე ევსებიმ მონაწილეობა მიიღო ნიკეის მსოფლიო კრებაში, მან [9]მოაწერა ხელი ნიკეის მრწამსს, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ მის მოქმედებას ფრთები არ შეჰკვეცოდა და მცირედით შემდგომ ყველაზე მთავარი და უკიდურესი მიმართულების წარმომადგენელი გამხდარიყო არიანული ცრუ სწავლებისა. და გახდა კიდეც, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცალკე მიმდინარეობა შექმნა მან არიანელობაში, უკიდურესი ფრთა – ევსებიანელთა ფრთა, რომლებიც იცავდნენ და, ასე ვთქვათ, აღიარებდნენ ყველაზე უფრო უხეშ ფორმას ამ ცრუ მოძღვრებისას და ამ უკიდურესობის საფუძველზე ყველაზე უფრო დაპირისპირებულ რეაქციას, რეაგირებას ავლენდნენ ნიკეის კრების დადგენილებისადმი. სწორედ ამ მიზეზების გამო, რაც ავღნიშნეთ, და აგრეთვე, როგორც ჩანს, იმ მიზეზის გამოც, რომ უფრო ადრე ევსები ნიკომიდიელი [10]გარკვეულ ურთიერთობაში იყო ლიკინიუსთან, კონსტანტინემ გადაასახლა ნიკეის კრების შემდგომ იგი სამი თვით გალიაში, მაგრამ, ადრეც არაერთგზის ავღნიშნეთ, ეს გადასახლება გარკვეულწილად ყოფითი გაგებით სასარგებლოც კი აღმოჩნდა ევსებისთვის, გარკვეული თანაგრძნობანი მოიპოვა საზგადოების ნეიტრალურ ნაწილში, როგორც ვითომცდა უსამართლოდ დევნილმა. ამავე დროს საიმპერიო კარი მისი რეაბილიტებისთვის ინტენსიურად მუშაობდა, რამაც განაპირობა გადასახლებიდან და ექსორიობიდან მისი უკუ ხმობა 328 წელს, სწორედ იმ კონსტანციას შუამდგომლობით, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელმაც იმპერატორის წინაშე ფარისევლურად შესძლო ვითომცდა ევსები ნიკომიდიელის გამართლება. აი აქედან იწყება, ასე ვთქვათ, “ტრიუმფალური გზა” ევსები ნიკომიდიელისა. [11]სწორედ მისი თაოსნობით განხორციელდა რამდენიმე უმძლავრესი შეტევა მართლმადიდებლობაზე, 330 წელს ევსტათი ანტიოქიელის, ამ უდიდესი მოღვაწის, გადაყენება ანტიოქიის საყდრიდან; ათანასეს და მარკელოზ ანკვირელის წინააღმდეგ ორი შეტევის განხორციელება, კერძოდ ათანასეს მიმართ ტვიროსის სინოდზე 335 წელს, როდესაც ათანასე პირველად განდევნილ იქნა ალექსანდრიიდან და ცოტა ხნის შემდეგ (336 წელს) ასევე მარკელოზ ანკვირელის წინააღმდეგ, რომელიც აკვირიიდან გაძევებულ იქნა. 337 წელს მან მონათლა პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე და 338 წლის მიწურულს იგი ხელდასხმულ იქნა კონსტანტინოპოლის ეპისკპოსად, რომელიც უკვე ახალი დედაქალაქი იყო იმპერიისა. ევსები გარდაიცვალა [12]341 წელს (ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ 342 წლის დამდეგს) და მისმა მომხრეებმა მას უწოდეს დიდი.

ადრეც ვამბობდით და გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ ევსების ძალისხმევით განხორციელდა ერთი უგვანი, ყოვლითურთ დაშრეტილი ძალის მქონე და ერთ რეგიონში, კერძოდ ბაუკალისის რეგიონში, ერთ სოფელში, ჩასაცხრობად განწირული ერესის მსოფლიო უბედურებად ქცევა. აი ეს გახლავთ ევსების ყველაზე დიდი დანაშაული. მან თავისი გავლენის სფეროებით და თავისი უკიდურესად თავხედური მოქმედებებით ამგვარი გაღვივება შესძინა არიანული ერესის ნაპერწკალს. ამიტომაა, რომ ზოგი მვლევარი მას უფრო საეკლესიო პოლიტიკოსს უწოდებს (ეს ძალიან მორგებულ შეფასებად გვეჩვენება [13]და ვფიქრობთ, რომ არა მარტო ევსებიზე შეიძლება ეს შეფასება გამოყენებულ იქნეს, არამედ მრავალ სხვა მის მსგავს პიროვნებაზე, მათ შორის დღესაც). სწორედ ამგვარი საეკლესიო პოლიტიკოსი ჩანს ევსები ვიდრე ღვთისმეტყველი, ყოვლითურთ ჩაფლული ამა სოფლის საქმეებში, ამბიციური და ნებისმიერი ინტრიგისთვის მზად მყოფი.

ევსები ნიკომიდიელისგან ჩვენამდე, რა თქმა უნდა, მცირედი რამ არის შემორჩენილი. ძირითადად ესაა მისი, ასე ვთქვათ, ეპისტოლეები, რომელთაგანაც პირველ რიგში დავასახელებთ პავლინოს ტვირელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეს, რაც სრულადაა შემონახული V ს-ის დიდი ღვთისმეტყველისა და საეკლესიო ისტორიკოსის, ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებული, თეოდორიტე კვირელის მიერ თავის “საეკლესიო ისტორიაში”, კერძოდ I წიგნის V თავში. თვით [14]პავლინოს ტვირელი გახლდათ ტვრის ეპისკოპოსი და სწორედ მის დასამოძღვრად, მის ვითომცდა ჭეშმარტებაზე მოსაქცევად და სიტუაციაში გასარკვევად უგზავნის ამ ეპისტოლეს მას ევსები. ეს ეპისტოლე იმ რანგის ეპისტოლეებს განეკუთვნება, რითაც მან დაიწყო არიანული ბაცილის დათესვა აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც არიოზმა დატოვა ალექსანდრია და თავისი თავშესაფარი სწორედ ნიკომიდიაში ჰპოვა ევსების ფრთებ ქვეშ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებო დოკუმენტია, იმიტომ, რომ არიანული ერესის ისტორიის სათავეებთან დგას. ცნობილია მისი ლათინური თარგმანიც, რაც შემონახულია მარიუს ვიქტორინუსის ცნობილ ნაშრომში “არიოზის წინააღმდეგ” და ბერძნული ორიგინალი, როგორც უკვე გითხარით, თეოდორიტე კვირელისგანაა ციტირებული. ამ წერილში ევსები ატყობინებს ადრესატს, რომ იგი (ევსები) [15]გულგატეხილია და ნაწყენი მისგან გამოჩენილი დუმილის გამო და იმ თავშეკავებისა გამო, რასაც ეს უკანაკსნელი (ე.ი. პავლინე) იჩენს აღძრულ კომფლიქტში. ამიტომ ევსები დაჟინებით მოითხოვს პავლინუსისგან გამოთქვას თავისი შინაგანი მოსაზრებები, თავისი ფიქრები თავისი მრწამსი და აჩვენოს თავისი ნამდვილი სახე, ე.ი. გაურკვევლობაში არ დატოვოს არც არიანელები და არც არიოზის მოწინააღმდეგეები, ანუ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. თავის მხრივ თვით ევსები აფიქსირებს, რა თქმა უნდა, თავის სარწმუნოებრივ პოზიციას, უკიდურეს განშტოებას არიანული მოძღვრებისას. ეს მკვეთრად ჩანს ამ ეპისტოლეში, და თხოვნა, შეიძლება ითქვას ბრძანებაც კია ევსებისგან პავლინოსისადმი, რომ ამ უკანასკნელმა მიწეროს [16]ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს, რომელიც მწყემსია არიოზისა (ასე ითვლება), რომ მან არიოზი უკანვე დააბრუნოს და ის ბრალდებანი, რაც არიოზის წინააღმდეგ ქონდა მიმართული, უკან წაიღოს.

გარდა ამ ეპისტოლისა ასევე ერთ-ერთი ადრინდელი ჩანს ევსები ნიკომიდიელის ეპისტოლე უშუალოდ არიოზისადმი, რასაც ახსენებს ათანასე და რაც ათანასესვე მითითებით უწინარესია ნიკეის მსოფლიო რებისა, ანუ მანამადე გაგზავნილი ვიდრე ეს კრება გაიმართებოდა. ამ ეპისტოლიდან ათანასეს მოაქვს მცირედი ციტატა, რაც შემდეგი სახისაა (ევსები მიმართავს არიოზს): “რადგან შენი აზრები კარგია, ილოცე, რომ ყველამ მიიღოს ისინი, რადგან ნებისმიერისთვის ცხადია, რომ ის რაც იქმნა, მის აღმოცენებამდე არ არსებობდა (ამ შემთხვევაში ევსები მიანიშნებს, [17]რა თქმა უნდა, ძე ღმერთზე, რომ თითქოსდა ის გარკვეულ დროს შეიქმნა, რადგანაც ევსებისთვის შობა და შექმნა ერთიდაიგივეა, რაღაც გარკვეულ მომენტში წარმოშობას ნიშნავს მისთვის ეს ორივე სიტყვა, ამიტომ მკვეთრად ამბობს, რომ ის რაც შეიქმნა და შეიქმნას უკავშირებს ძეს, ამ შექმნამდე არ არსებობდა). ხოლო ის რაც არსებობაში შემოვიდა მას დასაწყისი ანუ დასაბამი აქვს არსებობისა”. აი ეს ციტატა მოაქვს ათანასეს და თუნდაც ამ ციტატიდან უმკვეთრესი გაუკუღმართება, თვით არიანული ერესის მაშტაბებითაც კი, ევსები ნიკომიდიელისა აბსოუტურად აშკარაა.

ევსების მიუწერია ეპისტოლე თვით ათანასესადმი, თანახმად სოკრატე სქოლასტიკოსისა, რომელსაც ასევე ხშირად ვუთითებთ ჩვენ, V ს-ის საეკლესიო ისტორიკოსისა, თავისი I წიგნის XXIII თავში. ამ ეპისტოლეში, რაც ევსების ათანასესადმი გაუგზავნია, წერილის გამგზავნი თხოვდა მას, [18]რომ უკან დაებრუნებინა არიოზი და მისი (არიოზის) მომხრეები ეკლესიაში. სოკრატეს მითითებით ამ ეპისტოლის ტონი თუმცა თხოვნითი იყო, მაგრამ ამავე დროს მასში აშკარად იკვეთებოდა მუქარაც. ცხადია ეს ეპისტოლე მას შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, რაც ათანასე გახდა ეპისკოპოსი. თვით ევსებიც გადასახლებიდან დაბრუნებული ჩანს, რადგან მანამდე მას ასეთი მბრძანებლური ტონი, ცხადია, არ ექნებოდა. შესაბამისად 328 წლის შემდგომ პერიოდში (საფიქრებელია 330 წლამდე და უკიდურეს შემთხვევაში 335 წლამდე) უნდა იყოს დაწერილი ეს ეპისტოლე, როდესაც არიოზისა და არიანელთა თაოსნობით ათანასეს წინააღმდეგ ტვიროსის კრება იმართება. ეს ეპისტოლე ჩვენამდე არ შემონახულა, ისევე როგორც წინარე, რომლის მცირედი ფრაგმენტებია ციტირებული ათანასესგან.

სოკრატე სქოლასტიკოსი და სოზომენეც (საეკლესიო ისტორიკოსი [19]ამავე V ს-ისა) მიუთითებენ და ციტირების სახით მთლიანად ინარჩუნებენ ევსების წერილს თეოგონიოს ნიკიელისადმი (ნიკიის ეპისკოპოსისადმი, იმ დროს როდესაც იქ მსოფლიო კრება უნდა გამართულიყო) და შემდგომ ევსებისგან და თეოგონიოს ნიკიელისგან ყველაზე უფრო გავლენიანი ეპისკოპოსებისადმი, ეპისტოლის მივლენა იმ ეპისკოპოსებისადმი, რომლებიც ნიკეის კრებაზე მონაწილეობდნენ. ამ ეპისკოპოსთა მიმართ გაგზავნილ წერილს ევსებისას და თეოგონიოსისას სოკრატე უწოდებს, ასე ვთქვათ, სინანულისმიერ აღსარებას. ზოგი მკვლევარი ამ ეპისტოლის ავთენტურობას, რომ ევსებისგან და თეოგონიოსისგანაა მართლაც იგი დაწერილი, ეჭვის ქვეშ აყენებს (მაგალითად ისეთი ცნობილი მკვლევარი, როგორიც იყო ბარდენჰევერი თავის პატროლოგიის III ტომში), მაგრამ თანამედროვე მკვლევართა უდიდესი ნაწილი ამ ეპისტოლეს [20]ავთენტურად თვლის, ე.ი. ნამდვილად იმ პირებისგან დაწერილად თვლის რომლებიც ვახსენეთ, და საფიქრებელია, რომ ამ ეპისკოპოსებამა (ევსებიმ და თეოგონიოსმა) ხსენებული ეისტოლე შეადგინეს მაშინ როდესაც ისინი გადასახლებაში იყვნენ და მეტიც, სოზომენე თვლის, რომ ისინი თავიანთ დაბრუნებას უკან ექსორიობიდან, ანუ გადასახლებიდან, სწორედ ამ ეპისტოლეს, ამ დოკუმენტს უნდა უმადლოდენ, რადგან საკუთრივ ამ ეპისტოლის გაგზავნიდან ახლო ხანებში მოხდა მათი რეაბილიტება საიმპერიო ედიქტით. ამ ეპისტოლის ტექსტის მიხედვით ორივე მათგანს ხელი აქვს მოწერილი ნიკეის კრების მრწამსზე, მაგრამ არა არიოზის დაგმობაზე. იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც, როგორც ჩანს მრავლობითია, ევსები და თეოგონიოსი ასე მიმართავენ: [21]“ჩვენ, მას შემდეგ, რაც თქვენმა ღვთისმოშიშებამ ფორმალური სასამართალოს გარეშე მოახდინა ჩვენი დაგმობა, ვალდებულნი ვართ დუმილით ვიტვირთოთ თქვენი წმინდა გადაწყვეტილების განჩინება, მაგრამ რადგანაც უგუნურებაა, რომ ჩვენ დუმილითვე შევიწყნაროთ ის ცილისწამებანი, რაც ჩვენს წინააღმდეგ ვრცელდება, სწორედ ამის გამო ვაცხადებთ, რომ ჩვენ  ყოვლითურთ თანახმანი ვართ თქვენთან იმ მრწამსში, რაც მიღებულ იქნა და მეტიც, მას შემდეგ, რაც უფრო ღრმად შევაფასეთ მნიშვნელობა ტერმინისა “ჰომოუსიოს” (თანაარსი, ერთარსება), ჩვენ ყოვლითურთ დავრწმუნდით, რომ გულმოდგინება უნდა გამოვიჩინოთ მხოლოდ სიმშვიდისკენ, მშვიდობისკენ [22]და არასოდეს გავყვებით მწვალებლობას”. აი ამგვარი განწყობილებითაა ეს ეპისტოლე თავიდან ბოლომდე, გარკვეული თავის მართლების, თითქოსდა მობოდიშების და საკუთარი უდანაშაულობის მკვეთრი ხაზგასმით, მითითებით იმაზეც, რომ მათ მხოლოდ გარკვეული ძალების მზაკვრობით გამოუტანეს ასეთი განაჩენი, შეცდომაში შეიყვანეს ბევრი გულწრფელი მოღვაწე და რომ თანაზიარება იმ მოძღვრებთან, რომლებმაც ნიკეის მრწამსი შეიმუშავეს, ამ პირებისა, ე.ი. ევსებისა და თეოგონიოსისა, ყოვლითურთ ერთსულოვანია. ამავე ეპისტოლიდან აშკარად ჩანს, რომ თვით არიოზიც თავს, ვითომცდა, იცავს მისდამი მიმართული ე.წ. ცილისწამებისგან, ბრალდებებისგან და იმ სასჯელისგან, რაც მას დაადეს და ისიც უკუხმობილ იქნა. ზემოხსენებული მკვლევარი (ბარდენჰევერი) თვლის, რომ ეს დოკუმენტი [23]სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა რაღაც ყალბისმქმნელობის ნიმუში, იმ მიზნით შედგენილი, რომ აჩვენოს სიყალბე აზრისა, თითქოსდა არიოზი ნიკეის კრების მამებისგან იქნა შენდობილი.

აი ესაა დღეისათვის ცნობილი აბსოლუტურად ყველა ის წყარო, რაც ჩვენ შეგვიძლია ევსები ნიკომიდიელთან დაკავშირებით ვთქვათ.

 

295–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ZYDZxPTmEhk

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 APRIL 2016 11:46)