331–333
ცხოვრება და მოღვაწეობა (ნაწილი პირველი)

ჩვენ დღეისათვის შევეხებით ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს, მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილ პიროვნებას, წმინდა იოანე ოქროპირის, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ეკლესიის ისტორიას, დიდება შესძინა კონსტანტინოპოლის საყდარს, რომლის პატრიარქიც ის იყო და მარადიულ მოძღვრად გაუხდა ყველა შემდგომდროინდელ თაობას, ცხადია, დღევანდელის ჩათვლით.

წმინდა იოანე ოქროპირის სახელგანთქმულობა ვიზუალურობასთან და მატერიალურობასთან ერთად მასალობრივადაც კი თვალსაჩინოა, რადგანაც მხოლოდ აღნუსხვაც კი ან უშუალოდ მისი, ან მის სახელთან დაკავშირებული ნაშრომებისა თვალსაჩინოდ გამოკვეთს ამ უდიდესი მოღვაწის განსაკუთრებულობას მრევლისთვის, [1]საეკლესიო ისტორიისთვის, ჭეშმარიტების მაძიებელთათვის, ყველა თაობისთვის. როდესაც წმინდა იოანე ოქროპირის შრომებზე ჩამოვარდება საერთოდ სიტყვა, აქ უკვე რაიმე გზა, გარკვეულობა, რაღაც მკაფიო განჭვრეტა იმ მასალისა, რაც შესწავლილი უნდა იყოს, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ყველა ბილიკი, ყველა ლაბირინთი უკვე ქრება. იმიტომ, რომ შეუძლებელია იმ ჭეშმარიტად ზღვა მასალაში, რომელიც სამწუხაროდ დღესაც კი დაუმუშავებელია, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ფილოლოგიური კვლევისა, გზის გაკვლევა ნებისმიერი მკითხველისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. [2]ჩვენ, ცხადია, არც გვაქვს ის მიზანი ოდნავადაც რომ მთლიანობაში შევაფასოთ წმინდა იოანე ოქროპირის სულიერი მემკვიდრეობა, მისი შრომები, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გვექნება მკაფიო ხაზგასმა ზოგადი და ამავე დროს, ჩვენი აზრით, მართებული შთაბეჭდილების შესაქმნელად.

თუმცა, ვიდრე უშუალოდ შრომებზე ვისაუბრებდეთ, ჯერ მაინც ხაზი უნდა გავუსვთ იმას, რომ წმინდა იოანე ოქროპირი არ გახლდათ ლიტერატორი მწერალი, ლიტერატორი ავტორი, ანუ პიროვნება, რომელიც თვითონ დაამუშავებდა სტილურად, ტერმინოლოგიურად თავის ნაშრომებს. ის იყო ჭეშმარიტი და ალბათ ყველაზე დიდი მქადაგებელი ეკლესიის ისტორიაში, ჰომილეტიკოსი და, როგორც კარგახანია ეს გამორკვეულია, ფაქტობრივად არცერთი ნაშრომი მას არ დაუწერია. ჩვენ არაერთგზის [3]აღგვინიშნავს, რომ ამგვარი რამ ყველა საეკლესიო მოღვაწესთან დაკავშირებით არის შესამჩნევი, რომელთა უდიდესი ნაშრომი ჩაწერილია მრევლისგან. ცხადია, ლიტერატურული დამუშავება, წერილობითი გაფორმება ალბათ მხოლოდ იმ ჟანრს ეხება, რაც ეპისტოლაურული ფორმისაა, მაგრამ რადგან უდიდესწილად საეკლესიო მოღვაწეები მქადაგებლები იყვნენ, დამმოძღვრელები იყვნენ მრევლისა, ისინი ზეპირად გადასცემდნენ მოძღვრებას და მრევლის წარმომადგენელთა მიერ ხდებოდა ყოველივე ამის ჩაწერა. ჩვენ, ცხადია, ამან არ უნდა შეგვიქმნას რაღაც უარყოფითი განწყობა, ვთქვათ, სიზუსტის თვალსაზრისით, თუ რამდენად მართებულად იქნა ჩაწერილი მათი სწავლებანი. უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ავტორმა უფრო მეტად დაუშვას შეცდომა, ვიდრე ჩამწერმა, თუ ჩამწერი ავტორისადმი განსაკუთრებული პატივისცემითაა გამსჭვალული. იმიტომ, რომ პიროვნება რომელიც თვითონაა ავტორი, [4]თავის აზრს ნებისმიერგვარად აყალიბებს, ცვლის. ის ვინმე სხვა პიროვნების წინაშე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არ არის, სხვა პიროვნების ნააზრევს არ აყალიბებს, საკუთარ აზრებს გადმოსცემს და აქ მას თავისუფლება აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ზედმიწევნითობით დახვეწოს სტილი. თუმცა ასეთ დროს მას შეიძლება ლაფსუსიც, შეცდომაც, ცხადია, შეიძლება მოუვიდეს. მაგრამ მრევლის წევრი, რომელიც უდიდესი კრძალვითაა გამსჭვალული მოძღვრისადმი, ცდილობს მაქსიმალურად ზედმიწევნითვე ჩაიბეჭდოს და გადაიტანოს ქაღალდზე ყოველივე ის რაც ესმის, შეცდომადაც რომ მოეჩვენოს იმასაც კი არ გაასწორებს. ეს მრავალგზის დადასტურებულა და მათ შორის ქართულ სინამდვილეშიც. ჩვენ ადრეც გვიხსენებია ერთი საყურადღებო ფაქტი, როდესაც წმინდა არსენ იყალთოელმა ძალიან მრავლისმეტყველი კომენტარი გააკეთა თავისი ცნობილი კრებულის “დოგმატიკონის” აშიაზე, [5]სადაც ერთ-ერთი ბიზანტიელი ავტორის ციტატა საღვთო წერილიდან ზედმიწევნით გადმოიტანა ქართულად, თუმცა გრძნობდა, რომ ეს ციტატა თვით ბერძნულში მცდარად იყო. არსენმა აშიაზე გააკეთა შესანიშნავი წარწერა, რომ ვინც ამ ჩემს თარგმანს წაიკითხავთ, არ იფიქროთ, რომ მე წერილი არ ვიცოდიო, მაგრამ “დედანსა ესრეთ ეწერა და არა შევცვალეო”. აი ასეთი ერთგულება, უდიდესი კრძალვით გამსჭვალული ერთგულება გამომდინარეობს იმ რწმენიდან, რომ ღირსეული მოღვაწეები, ეკლესიის მამები, ჭეშმარიტად მნათობნი ამა სოფლისანი, იმავე ღვთიური მადლით არიან გამსჭვალულნი, იმავე სულიწმინდით მეტყველებენ, რითაც თავის დროზე ამეტყველდნენ მახარებელნი და მოციქულნი. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, შეცდომადაც რომ მოეჩვენოს რაიმე (შეცდომაში იგულისხმება მხოლოდ რაღაც გარეგანი მომენტი, რაც შეიძლება როგორც ადამიანს ნებისმიერ პიროვნებას [6]გაექცეს, გაეპაროს, რაც მოძღვრებას აბსოლუტურად არ უკავშირდება) მრევლის წევრს, რომელიც ვალდებულია ჩაიწეროს მოძღვრის ნაქადაგები და რომელიც უდიდესი კრძალვით არის გამსჭვალული მოძღვრისადმი, ის ამ შეცდომასაც კი არ შეცვლის. იმიტომ, რომ ის საკუთარ თავს არ ენდობა, ენდობა მოძღვარს და ამიტომ, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ნაწილი საეკლესიო ლიტერატურისა, რაც სხვათაგან იქნა ჩაწერილი და არა იმ მოღვაწეთაგან, რომელთა ავტორობითაც ჩვენ ვიცით, თუ უფრო მეტად არა, არანაკლებ ზედმიწევნით თანხვდება ავტორთა სიტყვებს, ვიდრე თვით მათივე კალმით და მათივე ხელით შესრულებული ნაშრომები.

წმინდა იოანე ოქროპირის მოღვაწეობაში ჩვენ არც შეგვიძლია შევიტანოთ ეს მცნება, რაღაც დინჯი ლიტერატურული [7]წერილობითი მუშაობისა, რადგან მას ამისი მოცლა არასოდეს ჰქონია. შედარებით მშვიდი პერიოდი მოღვაწეობისა, როდესაც ის ჯერ დიაკონი იყო და რაღაც იდილიურ ვითარებაში იყო, როდესაც იმეცნებდა ჭეშმარიტებას და ჯერ კიდევ შესული არ იყო იმ უმძაფრეს დაპირისპირებებში, რამაც ესოდენ მტანჯველი ყოფითი ცხოვრება მოჰგვარა მას (თუმცა კი სულით ყოველთვის იშვებდა და ილხენდა), აი მაშინ შესაძლოა უფრო მეტად ჰქონდა მას მოცლა თავისივე ხელით დაეწერა თავისი ნაშრომი და სტილურად დაეხვეწა იგი, თუმცა იმ პერიოდშიც არსებითად მქადაგებელი გახლდათ წმინდა იოანე ოქრპირი და სხვათაგან ჩაიწერებოდა მისგან ნაქადაგები. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ იმ პერიოდში, IV ს-ის მიწურულამდე, მეტი იყო ალბათობა იმისა, რომ მას თავისი ხელით დაეწერა ნაშრომი. მაგრამ [8]შემდეგში, როდესაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხდება 398 წლის შემდეგ, ხელნი დაესხმის რა თეოფილე ალექსანდრიელისგან, აი ამის შემდეგ უკვე მართლაც ძნელად წარმოსადგენია, რომ იმ 8 თუ 9 წლის მანძილზე, ძალიან ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, რაც იღვწოდა იგი კონსტანტინოპოლის სამღვდელმთავრო საყდარზე, მოცლა ჰქონოდა დინჯი წერილობითი მოღვაწეობისა. არათუ ამის მოცლა არ ჰქონდა, ჯერ რაოდენობრივად აღურიცხავი მრევლის გამო, შემდეგ კი  უმძაფრეს დაპირისპიორებათა მიზეზით, რაც ყოველი მხრიდან მის წინააღმდეგ აბობოქრდა, არამედ ალბათ წუთიერი მოსვენებაც კი და სულისმოთქმაც კი მას არ მიუღია. თუმცა უდიდესი სიძლიერის ჯავშანი ჭეშმარიტებისა, რაც მას სიჭაბუკიდანვე [9]ჰქონდა შემოსილი, განარიდებდა მღელვარებას ამასოფლისას. განარიდებდა არა ფიზიკურად, არა იმ აზრით, რომ აღარ მონაწილეობდა ამ ბრძოლებში, არამედ სიმშვიდეს შინაგანად მას უნარჩუნებდა და როგორც მისი ცხოვრების ერთ-ერთი აღმწერი გვაუწყებს, მღელვარებას იოანეს ვერავინ ამჩნევდა, ყველაზე უფრო მძიმე წუთებშიც კი, მხოლოდ ერთი ნიშანი იყო, რაც რაც ასეთ დროს მას ჩვეოდა, ხელის გულის ხელის გულზე დაკვრა: “ნებსა ნებსა ზედა დასცემდა” (ე.ი. ხელის გულს ხელის გულზე ურტყამდა). მაგრამ როცა ვსაუბრობთ ამგვარ მღელვარებებზე, მშფოთვარებებზე, სხვადასხვა მხრიდან რომ აღიძრა მის წინააღმდეგ, ალბათ ყველაზე მძიმედ ასაზიდი და დასაძლევი მისთვის საკუთრივ ეკლესიის წიაღიდან, ეკლესიის მესვეურთაგან აღძრული [10]საშინელი ბრძოლა იქნებოდა. მართლაც მოიტანა ამასოფლის ჟამთვითარებამ ისეთი უბედურება, რომ თვით ხელდამსხმელმა გამოიჩინა სრული შეურიგებლობა იოანე ოქროპირის პიროვნებისადმი, მისი ღვაწლისადმი და რაღაც დაუოკებელი ჟინით მოინდომა და წარმოუდგენელი გულმოდგინება აჩვენა იმ მიზანდასახულობით, რომ იოანე ოქროპირი დაემხო, გაენადგურებინა და ეკლესიიდან აღმოეფხვრა მისი სახელი. სამწუხაროდ თეოფილე ალექსანდრიელი გახლავთ ზოგი კუთხით ძალიან ღირსეული მოღვაწე, თუმცა ზოგიერთი კუთხით უღირსიც. ეს პიროვნება გახლავთ ის, ვინც კონსტანტინოპილის პატრიარქად ხელნი დაასხა იოანეს. თუმცა, ცხადია, იგი ფიქრობდა ალბათ, რომ ამ სამღვდელმთავრო და სამღვდელო ქმედებით იოანე ოქროპირი მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო ყოველთვის, [11]რადგან თვითონ ხელდამსხმელი იყო. სამწუხაროდვე თავის ავტორიტეტს თეოფილე ვერავის გაუნაწილებდა, იმდეანდ ჰქონდა მას წადილი უსაშველოდ მოეპოვებინა, უსაშველოდ გაეფართოვებინა თავისი ავტორიტეტი, თავისი სამეურვეო და საზედამხედველო თვალი, რომ ის ყოფილიყო ერთი და შეუცვლელი, ჭკუის საკითხავი, დამმოძღვრელი ყველასი. აი ასეთ დროს, როდესაც შეამჩნია, რომ ანტიოქიიდან (როგორც ეს ძველთაგანვე შემუშავებული გამონათქვამია იოანე ოქროპირისადმი) ამობრწყინებულმა ვარსკვლავმა კონსტანტინოპოლში  თითქმის დაუყოვნებლივ მოიპოვა უდიდესი სიყვარული, პოპულარობა, სახელგანთქმულობა, პიროვნებამ, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ სახელგანთქმულობას ყოვლითურთ განერიდებოდა, არანაირად არასოდეს ამის იოტისოდენა სურვილიც არ ჰქონდა იოანეს [12](მაგრამ სწორედ ასეთი მოღვაწენი იღებენ ამასოფელშივე ხალხის, ერის და მრევლის განსაკუთრებულ სიყვარულს). აი როდესაც ეს ყოველივე იხილა თეოფილემ, მის გულში დაუოკებელი მძულვარება აღმოცენდა იოანე ოქროპირისადმი. ის გახლდათ თაოსანი იმ ჭეშმარიტად სამარცხვინო კრებისა, რაც 404 წელს გაიმართა, ე.წ. მუხის კრებისა, სადაც ვითომცდა განაჩინეს, მათი ჭკუით დაადგინეს, რომ იოანე ოქროპირი არის მწვალებელი, არის ერეტიკოსი, საკურთხევლის შემრყვნელი და მიიღეს კიდეც მისი განკვეთის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხდება თითქმის 5 წლის შემდეგ, რაც იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა, მაგრამ ამ 5-6 წელიწადში ის განუზომელი სიყვარული მრევლისა, რაც ამ მოღვაწემ უკვე დათესა ბიზანტიაში და არა მარტო კონსტანტინოპოლში, [13]ერთი მხრივ ამგვარი უმძიმესი ქმედების მიზეზი გახდა, იმიტომ, რომ ვერ შეეგუენ გარკვეული პირები, მათ შორის თეოფილე ალექსანდრიელი, მის პოპულარობას, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უდიდესი სიკეთის საფუძველიც გახდა ეს ფაქტი. თვით იოანე ოქროპირმაც, ასეთი სიყვარულით გარემოცულმა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სწორედ ამით შეძლო შინაგანი მღელვარების დაოკება, სულიერი უშფოთველობის მოპოვება და ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი და ამა სოფელში ყველაზე მეტად ჩართულიც კი გარეგან ბრძოლებში, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინაგანად ყოველთვის რჩებოდა ერთ-ერთ უდიდეს ასკეტად, მეუდაბნოედ, ჭეშმარიტად განდეგილ მოღვაწედ თავისი სხეულის, ღვთივაშენებული სენაკის სიმყუდროეში, მარადმღივიძარებით, ფსალმუნებითა და გალობით ღვთის მადიდებელი. ყოველშემთხვევაში [14]ჩემზე ასეთი შთაბეჭდილებაა ამ განსაკუთრებული მოღვაწისა.

აქ არის ასეთი ვითარება, რომ როგორც სხვა მოღვაწეებთან დაკავშირებით, მაგრამ გვეჩვენება, რომ განსაკუთრებით მკაფიოდ იოანე ოქროპირთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით მის ნაშრომებს, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით მის ცხოვრებას, მისი პიროვნების შესახებ რაც მეტის გაგებას ვცდილობთ, უფრო და უფრო გვიპყრობს გაკვირვება, განცვიფრება იმ ადამიანურ შეძლებაზე აღმატებულ საქმეთა გამო ამ პიროვნებამ რომ აღასრულა: ბრძოლანი, როგორც უკვე ვთქვით, დაუცხრომელნი, ერთი მხრივ, თითქოსდა სრული მოწყვეტა ყველანაირი სულიერი მოღვაწეობისგან მრევლისათვის, იმიტომ, რომ როგორ უნდა მოიცალო ამისთვის, როცა ყოველ წამს უკიდურესი ბრძოლაა, განსაცდელია და მეორე მხრივ აღურიცხავი რაოდენობა ნაშრომებისა. მიუხედავად იმისა, რომ (სწორედ [15]ამ მხრივ გამოვლინდა ეს ხელის შეშლა) იოანე ოქროპირს არ მისცემია არანაირი საშუალება დინჯი წერილობითი მოღვაწეობისა, ღვთის მადლით სხვა სადინარი ჰპოვა მისმა მოძღვრულმა, ღვთივგანსაზღვრულმა და ღვთივმიმადლებულმა ნიჭმა, ზეპირმეტყველებამ, მქადაგებლურმა ღვაწლმა, სადაც ასეთი უკვე საპირისპირო ვითარება გამოიკვეთა, რომ რაც უფრო მეტად და მეტად მძაფრდებოდა ბრძოლები, მით მეტად და მეტად ქადაგებდა იგი. იმიტომ, რომ ქადაგებას უკვე, თუკი მას მართლაც ფიზიკურად არ გაანადგურებდნენ უშუალოდ, სხვა მხრივ ვერანაირად ვერ დაუბრკოლებდნენ. ჩვენ შეგვიძლია აქ ღვთის განგება დავინახოთ, რადგან წერილობით ადამიანი, მათ შორის თვით იოანე ოქროპირიც, ვერ მოახერხებდა ამდენი ნაშრომის დაწერას, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ზეპირი მეტყველება შესრულების თვალსაზრისით ამ მხრივ უფრო ნაყოფიერია, ზეპირად გაცილებით მეტის თქმა შეიძლება, [16]ვიდრე წერილობით. იმიტომ, რომ როცა რაიმეს წერს პიროვნება, ის აუცილებლად სტილს უკვირდება, იქ მრავალი სპეციფიკური თვისებაა. და რომ დაუწყვედელად აღმომდინარე ეს დამმოძღვრელობითი საუნჯე იოანე ოქროპირისა მართლაც ბოლომდე დაშრეტილიყო ჩვენთვის, ბოლომდე წარმოცალიერებულიყო, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ღვთის განგებამ ასეთი და ესოდენ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირქადაგებისკენ მიმაქცეველი ცხოვრებისეული კალაპოტი შეუმზადა მას: ყველგან ბრძოლები. და ერთადერთი ის სულიერი წყალი, რაც ჩქეფდა მასში, მხოლოდ ამ სადინარით შეიძლებოდა გახსნილიყო და გაიხსნა კიდეც სრული წარმოცალიერებით. ეს საუნჯე ეკლესიის წევრთათვის, მრევლისათვის ასევე უძვირფასეს საუნჯედ, ყველაზე უფრო სათუთად შესანახ და სათუთად დასამარხველ [17]განძად წარმოჩნდა და დღესაც, რა თქმა უნდა, ამგვარად ჰგიეს.

ქადაგებანი ამ მოღვაწისა ატყვევებდა (ჩვენ ეს ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხიბლავდა, აჯადოდებდა და სხვა. მაგრამ ეკლესიის მამები მოუხმობენ ამ ტერმინს),  და ინადირებდა (ესეც ძველთაგანვე, თვით სახარებიდან მომდინარე ტერმინია, რაც დღესაც იმავე შინაარსით გვხვდება) მსმენელს. იოანე ოქროპირი ქადაგებებითვე მებადურობდა, როგორც ეს თავად მაცხოვრისგანვე განეჩინათ ღირსეულ მოღვაწეებს, რომ ჭეშმარიტების ბადეში მოექციათ მრავალი გაუკუღმართებული და როგორც ყველა დროში მაშინაც გაუკუღმართებულთა რაოდენობა უზომო იყო, დაბნეულნი ერთი მხრივ ორიგენიზმით, მეორე მხრივ აპოლინარიზმით, არიანელობით, რომელიც ჯერ კიდევ სულს ღაფავდა. შეიგრძნობოდა კიდეც [18]ახალ ერეტიკულ ცდომილებათა მოახლოება, თუმცა ჯერ გამოთქმულნი, ცხადია, არ იყვნენ, იქნებოდა ეს ნესტორიანელობა, რომელიც 428 წლიდან უკვე გახმიანდება, თუ შედარებით უფრო გვიანდელი დროის მონოფიზიტობა. ჩვენ ამ ერესებს იმიტომ ვახსენებთ, რომ მათი ფესვები იოანეს დროს უკვე იყო. მართალია ნესტორიანობას ნესტორიანობა ჯერ არ ერქვა, მაგრამ ნესტორიანიზმის საფუძვლის შემამზადებელნი ამ დროისთვის უკვე სახელგანთქმულნი იყვნენ (იგულისხმება დიოდორე ტარსელი, თეოდორე მოფსუესტიელი, სხვათაშორის ერთი თვით იოანე ოქროპირის მასწავლებელი, ხოლო მეორე მისი მეგობარი). ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმეა ჭეშმარიტების დაცვა, როდესაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება ყველაზე ახლობელი ხალხი - მოძღვარი, მეგობარი. მონოფიზიტობის მარცვლებიც ამ დროს სხვადასხვა კუთხით სახეზეა (თვით აპოლინარიზმი მნიშვნელოვანწილად არის კავშირში მონოფიზიტობასთან) [19]და აი ამ გაუკუღმართებათა, ცდომილებათა მორევში სადმე უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტების სანიშნე, რომ მრევლი იქ შეკრებილიყო. იმ ჟამს, IV ს-ის დასასრულს, ერთი ყველაზე დიდი სანიშნე და კუნძული ჭეშმარიტებისა უთუოდ წმინდა იოანე ოქროპირია.

ჩვენ ვცდილობდით, რომ მის შრომებზე უფრო მეტად გვესაუბრა, მაგრამ პიროვნების შესახებ მართებული, რეალური შთაბეჭდილების შექმნის სურვილმა მცირედით სხვა მიმართულებისკენ გადაგვიყვანა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ესეც საჭირო იყო და ამ მოღვაწის წერილობითი მემკვიდრეობის შესახებ და პარალელურად მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლების შესახებ ჩვენს შემდგომ საუბრებში გვექნება განხილვა.

 

 

331–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=kMQyyIdaHSo

 

ცხოვრება და მოღვაწეობა (ნაწილი მეორე)

ჩვენ კვლავ წმინდა იოანე ოქროპირის შესახებ გვექნება საუბარი. წინა შეხვედრაზე ზოგადი შთაბეჭდილების შექმნა იყო ჩვენი მიზანდასახულობა. შევეცადეთ ხაზი გაგვესვა იმ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რაც ხსენებულ მოღვაწეს, ეკლესიის ჭეშმარიტ მნათობს უკავშირდება, ერთი კიდევ ნათელი დადასტურება, სხვა მრავალ ანალოგიურ ნიმუშთან ერთად, რომ პიროვნების განსაკუთრებულობას, მისი ღვაწლის სიდიადეს უპირველეს ყოვლისა განსაცდელთა ძლევა, განსაცდელთა დამარცხება განაპირობებს. შესაძლოა მიზანი დიდი ჰქონდეს დასახული პიროვნებას, მაგრამ პირველსავე განსაცდელზე მისი ეს მიზანი შეიმუსროს და ნაკვალევიც აღარ დარჩეს ადრინდელი განაზრახისა. ჩვენი მარადიული ნიმუშები განსაცდელში [1]უფრო იწრთობოდნენ. ერთი ძველი საეკლესიო ეპიგრამაც არის ამის შესახებ, რაც მოწოდებაა, უფრო ზუსტად წინასწარ გაცნობიერებაა პიროვნებისთვის, რომელიც ღვაწლში შესვლას აპირებს, თუ სინამდვილეში სად შედის ის, რა ელის მას. ძველ ქართულ თარგმანში ის ამგვარად ჟღერს: “ბრძმედის გამვლელ ხარ, ოქროდმცა იპოები”. ეს ეპიგრამა ძველქართულად წმინდა ეფრემ მცირეს მიერაა თარგმნილი და იგი უკავშირდება წმინდა დიონისე არეოპაგელის ცნობილ ნაშრომს, რომელზეც ჩვენ გვქონდა განხილვა, ყველაზე უფრო მოცულობითად მცირეს, მაგრამ თავისი დანიშნულებით და შინაარსით ყველაზე უფრო აღმატებულს, თვით სახელწოდებითაც კი, “საიდუმლოდ ღმრთისმეტყველებისათვის”. ჭეშმარიტი ქრისტიანული მოღვაწეობა სწორედ ამ საღვთისმტყველო წიაღში შესვლას გულისხმობს, ამის მიღწევაა ღვაწლისა და განსაცდელის [2]დაძლევა. მთლიანი სახით ეს ეპიგრამა ამგვარია: “საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებად მოხუალ, ბრძმედის გამვლელ ხარ, ოქროდმცა იპოები”. აი ეს ბრძმედი ჭეშმარიტად განვლო წმინდა იოანე ოქროპირმა და მართლაც ოქროდ გამოიწრთო იგი და ამიტომაც განეკუთვნა მას ამგვარად აღმატებული წოდება “ოქროპირობისა”, “ხრიზოსტომობისა”, როგორც ზოგჯერ უთარგმნელადაც მოიხმობა ბერძნული შესაბამისი ტერმინი.

როდესაც VIII ს-ში წმინდა იოანე დამასკელი იოანე ოქროპირის შესხმით სიტყვას ანუ მის ხოტბას, მის ენკომიას წერდა, ხაზგასმა ამ წოდებაზეც ჰქონდა. “ოქროელვარე” უწოდა მას იოანე დამასკელმა და თუ ჩვენ არაიშვიათად ან წავიკითხავთ ან მოვისმენთ ამგვარ ეპითეტს ამა თუ იმ წმინდანის შესახებ, არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ ეს უბრალო ეპითეტის დარად, ასე ვთქვათ ბრჭყვიალა [3]ეპითეტად, რაც მრავალი შეიძლება იყოს, არამედ როგორც კი ვინმეს განეკუთვნება პატივი იმისა, რომ “ოქროელვარეობა” ანდა “ოქროდ მყოფობა” განეკუთვნოს, ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ, რომ მან მოიპოვა თავისი ღვაწლით ბრძმედში გამოწრთობის შედეგად ოქროდ მყოფობა. ბრძმედის გავლით პიროვნებისგან უნდა განიდევნოს ყველა ის მინარევი, არაბუნებითი, რაც ცოდვამ შესძინა ადამიანს და მან თავდაპირველი ბუნება განიახლოს თავის თავში, მაცხოვრის კვალს გაჰყვეს, იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღგვიდგინა ჩვენ თავდაპირველი ღვთივბოძებული უცოდველობა. ბრძმედი სწორედ უცოდველობაში გამოაწრთობს პიროვნებას, ხოლო უცოდველი ოქროსებრ ელვარეა. ამიტომ არის, ერთი მხრივ, რომ იოანე ოქროპირის მოღვაწეობას თვით ეს ეპითეტი, ეს სიტყვა, [4]ეს ლექსიკური ერთეული “ოქრო” დაუკავშირდა, მაგრამ მხოლოდ ღვაწლი აქ, რა თქმა უნდა, არ არის ნაგულისხმევი. ამ ღვაწლის შედეგად პიროვნება რომ ბრძნადმოუბარი, მოძღვრების უბადლოდ გადმომცემი გახდა და არა მხოლოდ თვითონ შეიქნა ოქრო, არამედ სხვათაც ოქროსებრ გამოწრთობისკენ უწინამძღვრებს, ამიტომაც განეკუთვნა ეს პატივი. ერთი ნაწილია ღვაწლისა, ერთი სახეობაა, როდესაც ესა თუ ის მოღვაწე თვით გამოაწრთობს თავის თავს, თვით მიწვდება ჭეშმარიტებას, რაოდენ დაიტევს ამას ადამიანის ბუნება. მაგრამ მეორე და განუყოფელი, რის გარეშეც ის პირველიც არ ფასობს, ნაწილი ღვაწლისა გახლავთ აუცილებელი წინამძღვრობა სხვათათვის, რომ არა მხოლოდ თვით იყოს ჭეშმარიტების მფლობელი, არამედ საღვთო მოძღვრებას, მაცხოვენებლ სწავლებას სხვათაც უშურველად, [5]ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, უწყაროებდეს (ეს მართლაც შესანიშნავი ტერმინია, რაც როგორც ჩვენ ვფიქრობთ წმინდა არსენ იყალთოელისგან უნდა იყოს შექმნილი შესაბამისი ბერძნული ტერმინის კვალობაზე). მართლაც წყაროსებრ აღმოდინდებოდა ღვაწლგავლილი, ოქროდგამოჭედილი და ოქროდგამობრძმედილი იოანესგან საღვთო სწავლებანი. ასეთი ენაგახსნილობით, უშურველი აღმომცენარეობითა და აღმოდინებით სხვათათვის მოძღვრების გადაცემაც, რა თქმა უნდა, იმ ეპითეტში – “ოქროპირობაში” აუცილებლად იგულისხმება. თუმცა ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ღვაწლი ყოველთვის ყველას მიერ მყისიერად არ დაფასებულა. მრავალნი ჭვრეტენ მოღვაწის სიდიადეს, მაგრამ საყოველთაო აღიარება შესაძლოა ცოტა გვიან მოვიდეს და ამ შემთხვევაში იოანე ოქროპირთან დაკავშირებითაც ეს წოდება, რაც [6]დადასტურებაა მისი განსაკუთრებული ღვაწლისა, “ოქროპირად” შედარებით გვიან განეკუთვნა მას და არა, რა თქმა უნდა, თავის სიცოცხლეში. შესაძლოა მის სიცოცხლეში ვინმე ფრთოვანქმნილმა და საღვთოდ განმსჭვალულმა მისი ზეამზიდველი სწავლებით აღმოთქვა კიდეც ეს ეპითეტი იოანე ოქროპირისადმი, მაგრამ რა წერილობითი წყაროებიც ჩვენ დღეს მოგვეპოვება, ამის მიხედვით ეს შედარებით გვიან მიკუთვნებული ეპითეტია იოანე ოქროპირისადმი, არსებითად მისი ნაშრომების ზეპირნაქადაგები სწავლებების წერილობითი უღრმესი შესწავლის შემდეგ. იმიტომ, რომ ამგვარი უშურველი აღმოდინება ჭეშმარიტებისა, რასაც იგი უძირითადესად ზეპირად აღასრულებდა, ამ ზეპირ სწავლებათა წერილობით სახეშიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დღეისთვისაც, ამდენი ჟამის შემდეგ ნებისმიერი ქადაგება იოანე ოქროპირისა, თუკი გულდასმით წაიკითხება ჩვენგან, თუნდაც ზერელედაც რომ წავიკითხოთ, თვითონ [7]ტექსტი, შინაარსი დაგვძლევს ჩვენ, ჩვენს სიზარმაცესა და მცონარებას განაქარვებს და აუცილებლად გვაგრძნობინებს რაღაც განსაკუთრებულს, რაღაც იმდენად აღმატებულს, რომ ყველა ჩვენთაგანი, თუU ხმამაღლა არა, გულში მაინც მივაგებებთ და განვუკუთვნებთ ამ ქადაგებათა ავტორს ჭეშმარიტ ოქროპირობას.

როგორც წინა შეხვედრაზე ავღნიშნავდით, ამგვარი გახსნილობა ჭეშმარიტების გადმოცემის ჟამს, როდესაც მოღვაწე არ ფიქრობს სიტყვაზე, იმდენად ღრმად წვდება ჭეშმარიტებას და იმდენად დაუფლებულია გამოთქმის ხელოვნებას, დაუფლებულია სიტყვახელოვნებას (როგორც ეს საეკლესიო მოძღვრებაში ტერმინოლოგიურადაა განსაზღვრული), ბერძნულად “ტეხნოლოგიას”, რომ არც ფიქრობს ფორმა მოუძებნოს მას, ეს ყოველივე იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ ხელოვნურობის, ადეკვატური ფორმისთვის სპეციალური ძიებების [8]ნაკვალევიც კი ჩვენ იოანე ოქროპირის ნაშრომებში არ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვიპოვოთ ან ვიგრძნოთ. აქ ბუნებრივი მდინარებაა მეტყველებისა, წერილობითი სახითაც და როდესაც ამას დაემატებოდა თვით ის განსაკუთრებული ტემბრი ხმისა, რაც იოანე ოქროპირს სიცოცხლეში ჰქონდა, ამ ტემბრს ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია მივუსადაგოთ ის შესანიშნავი შეფასება, იმდენად შესანიშნავი, რომ ანალოგი არც გვახსენდება, რაც ეკუთვნის გიორგი მერჩულეს, როდესაც იგი გრიგოლ ხანძთელის მგალობლობაზე გვაუწყებს და ასეთ წინადადებას ჩამონაკვთავს, რაშიც დატევნილია გრიგოლ ხანძთელის საღვთო და საეკლესიო ხმოვანების განსაკუთრებულობა: “აქუნდა მას, - ამბობს გიორგი მერჩულე (კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ეს შეფასება ზედმიწევნით შეგვიძლია ჩვენ მივუსადაგოთ წმინდა იოანე ოქროპირსაც) ხმისა [9]ნებიერობაი და ტკბილობისა მშვენიერებაი”. ალბათ ამაზე უკეთესად შეუძლებელია ითქვას. როდესაც პიროვნება ზეპირად გადასცემს სწავლებას (ჩვენ ამ სახეობებზე თავის დროზე გვქონდა მსჯელობა), მოძღვრების ზეპირგადაცემის სახეობას თავისი განსაკუთრებული ნიშნები აქვს. ისევე როგორც წერილობითი სახეობა მოძღვრების გადაცემისა შეუცვლელია და სხვა სახეობა მას ვერასოდეს ვერ შეცვლის, რადგან მას თავისი განსაკუთრებული ღირსებები აქვს, ასევე თავისი განსაკუთრებული ღირსებები და თვისებები აქვს მოძღვრების ზეპირ გადაცემასაც. კვლავ გავიმეორებთ, რომ ერთიდაიგივე ტექსტი ცოცხლად გადაცემული, უშუალოდ მეტყველების გზით, ხმოვანი სიტყვით გადაცემული სხვა არის, სხვაგვარად აღიბეჭდება მსმენელზე და იგივე სწავლება აბსოლუტურად იმავე ტექსტით, ყოვლადშეუცვლელად, მაგრამ წერილობით წაკითხული ჩვენგან სხვაგვარად შეიმეცნება. ჩვენ არც ერთს ვაკნინებთ და არც მეორეს არ აღვამატებთ, ორივე განსაკუთრებულია, მაგრამ მათ თავ-თავისი ღირსებანი აქვთ. [10]ზეპირგადაცემის ჟამს ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება და მათ შორის, რაზეც ამ შემთხვევაში ვსაუბრობდით, ხმის ტემბრსაც. როდესაც მოძღვრების გადამცემი მოძღვარი თავად მთელი არსებით წვდება ჭეშმარიტებას და საზოგადოდ როცა პიროვნება რაზეც საუბრობს ამ ნათქვამის, ამ სიტყვის შინაარსს სისხლხორცეულად წვდება, გათავისებული აქვს ეს ყოველივე, მისი ხმოვანებაც სხვაგვარია. ერთია დაზეპირებული, შეუგრძნობი შინაარსის ზეპირად გადაცემა და მეორეა ყოვლითურთ გათავისებული, სულიერად შეგრძნობილი შინაარსის, გადაცემა იმავე ხმოვანი სიტყვით. აქ უკვე პიროვნება იმ ხმოვანებაში თვითონვე შედის. და ჩვენ როდესაც ამგვარად გადმოგვეცემა მოძღვრება, მოძღვრის ცხოველი ხატიც შემოდის ჩვენში თავისი ხმოვანებით, თავისი გნებავთ მანერებით მეტყველებისა, ხელის მანიპულაციებით და სხვა. როგორც წმინდა [11]იოანე ოქროპირზეც ავღნიშნავდით ძველთაგანვე შენიშნულ ერთ-ერთ თვისებას მისი მღელვარების ჟამს რომ იჩენდა მხოლოდ თავს: “ნებსა ნებსა ზედა დასცემდაო”. რა თქმა უნდა, უდიდესი სულიერი მღელვარებაა მოძღვრების გადაცემა. სხვა არის, როცა ფიზიკური განსაცდელია, მაგრამ არანაკლები მღელვარებაა როდესაც რაღაც მიუწვდომელს ჯერ ჩვენ თვითონ ვეხებით და მერე სხვათათვის გვინდა, რომ ეს ყველაფერი მისაწვდომი გავხადოთ. სულიერი მღელვარება ასეთ დროს განსაკუთრებულია და აუცილებლად ეს ფიზიკურ ფაქტურაშიც, ხმის ტემბრში, ხელის მოძრაობაში, თვალთა მეტყველებაში ცხოვლად საგრძნობია. აი ამ მთლიანობით შემოდის ჩვენში პიროვნება, ეს განსაკუთრებულობა აქვს ზეპირ გადაცემას. მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, პიროვნება, მოძღვარი, რომელიც ამგვარად გამსჭვალულია სწავლების შინაარსით და ფიზიკურად მონაწილეობს მის გადაცემაში და აშკარად უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელებზე, ასეთი მოძღვარი არა მხოლოდ უშუალოდ იმ მომენტში ვინც [12]უსმენს მას მათში რჩება მხოლოდ, მათ სულიერ შემეცნებაში, არამედ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოძღვრის სულიერი სუნთქვა-გრძნობადობა იმ სიტყვებშიც შემოინახება და ჩვენ თვითონვე შეგვიძლია ეს განვიცადოთ. ნებისმიერი ქადაგება წმინდა იოანე ოქროპირისა რომ გულდასმით წავიკითხოთ, აშკარად წარმოგვიდგება თვალწინ მქადაგებელი მოძღვარი, იმიტომ, რომ იმდენად მსჭვალავს ტექსტს მისი პიროვნება. ეს ტექსტი, თუნდაც წერილობითი სახით, მის ზეპირ ღვაწლს ყოვლადცხოვლად და გაუხუნრად ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ თაობიდან თაობაზე გადადის იოანე ოქროპირის ცხოველი ხატი, ხატი მოძღვარ-მქადაგებლისა, დამმოძღვრელისა, ცხოველი სიტყვით დამარწყულებელისა ჭეშმარიტების ყველა მწყურვალისა. ეს დღემდე ასეა და ასე იქნება, რა თქმა უნდა, უკუნისამე. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენც ასეთი უჩვეულო მღელვარებით ამ პიროვნებაზე, ყოვლად განსაკუთრებულზე, როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს “ყოვლად ოქროვანზე”, [13]ყოვლითურთ ოქროქმნილზე, რომელმაც გააოქროვანა თვით მეტყველება, გააოქროვანა მოძღვრების მატერიალური გარსი იმ საღვთო ოქროვანებით, რაც მას შინაგანად აქვს, რასაც შინაარსი თავისთავად გულისხმობს და თვით ოქროობა ის შინაარსია. მაგრამ ფორმაც რომ ამგვარი მიუსადაგა, იმიტომ, რომ იმ შინაარსს ცხოვლად შეიგრძნობდა თვითონვე და მისი მეტყველებაც ყოვლითურთ ამით იყო გამსჭვალული, ეჭვი არ გვეპარება, ცხოვლად წარმოვისახავთ რა ამ პიროვნებას, იგი ქადაგებდა სწორედ იმ შეფასების კვალობაზე, რაც უკვე მოვიტანეთ: “ხმისა ნებიერობით და ტკბილობისა შვენიერებით”. ჩვენ ამ სიტყვებს კომენტარსაც ვერ დავურთავთ, იმდენად თვითდამტევი შინაარსისაა. ნებისმიერი კომენტარი ამ სიტყვებს გიორგი მერჩულისას, რასაც ამ შემთხვევაში ვუსადაგებთ წმინდა იოანე ოქროპირს, ვერ გავშლით. იმიტომ, რომ ეს ოთხი სიტყვა “ხმისა ნებიერობაი” და “ტკბილობისა შვენიერებაი”, კვლავ ავღნიშნავთ, [14]თვითდამტევია იმ სულიერი განცდისა, რა განცდაც ამ სიტყვებში სიტყვათა ავტორმა გიორგი მერჩულემ ჩადო, რომელმაც ეს სიტყვები წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიუსადაგა. ზოგჯერ სამწუხაროდ ისე ჰგონიათ და ისე მიაჩნიათ, რომ გიორგი მერჩულე თითქოსდა მოწაფე იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და გასაკვირი არ იყო, რომ ასეთი სიტყვები ეთქვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ყველა უდიდესმა ნაწილმა მსმენელებისამ, ცხადია, იცის, რომ გიორგი მერჩულე ცოცხალ გრიგოლ ხანძთელს არ მოსწრებია. მან გრიგოლის ცხოვრება ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ აღწერა, როგორც ეს თვით ტექსტიდანვეა საცნაური და მაინც ამგვარი შეფასება განუკუთვნა მას. განუკუთვნა იმიტომ, რომ ჯერ ხსოვნაში ყოვლად ცოცხლად იყო შემონახული გრიგოლ ხანძთელის ხატება და შემდგომ ის საგალობელნი, რაც მან წერილობით კრებულად შეადგინა და რასაც “საწელიწდო იადგარი” უწოდა, ხელთ ეპყრა გიორგი მერჩულეს. ის პირდაპირ ამბობს, რომ “და არს ხანძთას ხელითა [15]მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა, “საწელიწდოი იადგარი” (მთელი წლის რჩეულ დღესასწაულთა საგალობლების კრებული, რაც შეადგინა თავის დროზე წმინდა გრიგოლ ხანძთელმა), რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან”. ე.ი. შეიძლება, რომ ჩვენ პიროვნებას ყოფაში არ ვიცნობდეთ, სიცოცხლეში არ გვქონდეს ბედნიერება მისი ხმის სმენისა და მაინც განვსაზღვროთ როგორი ხმოვანებით, რა განსაკუთრებული სილბოთი ხმისა გადასცემდა იგი მისგან სათაყვანებელ მოძღვრებას. ამგვარადვე აქვთ შემონახული უდიდესი სიცხოველით, თითქოსდა ხატწერითად შთაბეჭდილი და შთამსჭვალული მის ნაწერებში წმინდა იოანე ოქროპირის ხატება.

ეს არ არის ერთი დღის, ორი დღის, თუმცა არც ძალიან ხანგრძლივი წლების ნაღვაწი. განსაზღვრული ჟამის, უაღრესად რთული ეპოქის [16]ნაყოფია ეს ყოვლივე, როდესაც რამდენიმე წელში წმინდა იოანე ოქროპირმა იმ ზომის წინააღმდეგობანი განვლო, დასძლია და აღემატა მათ, რაც მრავალი სხვა პიროვნების ათეულ წლებს გადაითვლის. სულ რაღაც 6-7 წელიწადში მან უმძიმესი ხვედრი იწვნია, იწვნია ხვედრი დამცირებულისა, უკიდურესად შეურაცხყოფილისა, ერესში ვითომცდა მხილებულისა, რაც ყველაზე დიდი ტკივილია, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის და მხილებულისა მართლმადიდებლობისთვის, ვითომცდა, თავდადებული ე.წ. მოღვაწეებისგან. თუმცა ისინი მოძღვრებით მართლაც მართლმადიდებელნი იყვნენ, რადგან ჩვენ დღეს არავითარი სამხილი არ გვაქვს, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, იმათ წინააღმდეგ, რომლებიც მტრობდნენ იოანე ოქროპირს. აქ არ იყო მოძღვრებაში დაპირისპირება, ისინიც მოძღვრებით [17]მართლმადიდებელნი იყვნენ, მაგრამ საქმით იყვნენ მზაკვარნი, მოშურნეობის ვნებით გონებადაბნელებულნი. მოშურნეობისა იმიტომ, რომ იოანე ოქროპირის სულიერმა აღმატებულებამ, თავმდაბლობაში აღმატებულებამ სწორედ და არა რაიმე ამქვეყნიურით გამორჩეულობამ უკიდურეს სიშმაგემდე მიიყვანა ეს ხალხი. რომლებსაც იმდენად სძულდათ ეს მოღვაწე, რომ ცდილობდნენ ყოვლითურთ აღმოეფხვრათ მისი კვალი ეკლესიიდან. მაგრამ როგორც ყოველთვის მომხდარა, ყოველთვის ხდება და ყოველთვის მოხდება, ცნობილი სიტყვები რომ გავიმეოროთ: “სადა არიან, რომელნი სდევნიდეს მას”? არსად არ არიან, მაგრამ იოანე ოქროპირის სახელი ყოველგან ჰგიებს და მკვიდრობს.

მაგრამ ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით იმას, რაზეც ვსაუბრობდით, რომ “ოქროპირობა”, რაც მას განეკუთვნა, ცოცხალი დადასტურებაა მისი მოღვაწეობის მართლაც შემოუსაზღვრავი, ზღვარდაუდებელი მრავალნაყოფიერებისა. ნაშრომები, [18]რაც მის სახელს განეკუთვნება, უშუალოდ და ჭეშმარიტად მისგან დაწერილნი და მეორე ნაწილი, არანკლებ მცირე და შეიძლება ითქვას უფრო მრავალრიცხოვანი, რაც მისი ავტორობითაა, მაგრამ მას არ დაუწერია, აი ეს ორი დიდი ნაწილი ერთად წარმოჩენილი, ესაა უზარმაზარი მასალა, ესაა ოკეანე, რომლის შესწავლაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და ეს ერთი, ორი და გნებავთ ათეულობით ადამიანის საქმე არ გახლავთ, არც ერთი ქვეყნის საქმე არ არის. ესაა მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წმინდა ვალდებულება ამ დიდი სახელის წინაშე, რომ მისი ნამოღვაწარი ისეთივე ღირსეულობით შეისწავლოს, დაამუშაოს ტექსტობრივად, შინაარსობრივად, ღვთისმეტყველურად და იმგვარადვე გადმოსცეს და მიაწოდოს მკითხველს, როგორადაც თვით ავტორისგან ეს ყოველივე გადმოგვეცა. ეს არის პარადოქსი, რომ იოანე ოქროპირის ნაშრომები [19]ყველაზე ნაკლებად გახლავთ მეცნიერულად დამუშავებული. მეცნიერულად დამუშავებულია ყველაზე ნაკლებად სწორედ იმ მიზეზით (თუმცა ეს მიზეზი ჩვეულებრივ მიჩქმალულია), რომ საქმე არის ძალიან რთულად დასაძლევი. თითქოს ერთი შეხედვით იოანე ოქროპირი, რომელიც ყველასთვის ცნობილია, პირველ რიგში უნდა შესწავლილიყო, ტექსტობრივად პირველ რიგში უნდა დამუშავებულიყო ეს მასალა, ჯერ, რა თქმა უნდა, ორიგინალის (ბერძნულ) ენაზე, შემდგომ სხვადასხვაენოვან თარგმანებში და ერთ დიდ საუნჯედ უკვე მოწოდებული უნდა იყოს ეს ყოველივე მკითხველისათვის. მაგრამ მხოლოდ თითო ოროლა ნაშრომი გახლავთ ამ კუთხით შესწავლილი, ესეც ბოლო ხანებში, მაშინ როცა ორ საუკუნეზე მეტს ითვლის, პირდაპირი და ნამდვილი მეცნიერული გაგებით, საეკლესიო ფილოლოგია, რა დროსაც უამრავი ავტორი დამუშავდა. ჩვენ ამ მეცნიერული დისციპლინის ნაღვაწს, რა თქმა უნდა, ოდნავადაც არ ვაკნინებთ. ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უდიდესი ძალისხმევით შეისწავლება [20]ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიურად საეკლესიო მოღვაწეთა ნაშრომები, რადგან თუ გამართული ტექსტით არ არის ძეგლი მოწოდებული, რაღაც ცდომილებამ ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგვიტანოს, ჩავთვალოთ, რომ ეს წმინდანის სიტყვაა და ამ დროს აღმოჩნდეს, რომ ეს სრულიად შემთხვევითი, აბსურდული, ანდა წინასწარგანზრახული რომელიღაც გადამწერის ცდომილება ყოფილა. მსგავსი რამ ძალიან ხშირად მომხდარა. აუგიათ მთელი თეორია, აუგიათ მთელი სწავლება ამა თუ იმ გამონათქვამზე და აღმოჩენილა შემდგომ, მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ღირსეულ ფილოლოგს, ღირსეულ მეცნიერს გამოუვლენია უადრესი ხელნაწერი, რომ ეს რაღაც გვიანდელი დამატება ყოფილა. შესაბამისად მანამდე აღძრული მეცნიერული ცრუ პაექრობანი სრულიად გაუქმებულა და გაბათილებულა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ტექსტის დადგენას. ყოველთვის, ვიდრე რაიმეს ან ვინმეს შესახებ ჩამოყალიბებულ საუბარს დავიწყებდეთ, ჯერ ის მასალა, [21]რაზეც დაყრდნობილი უნდა იყოს ჩვენი მსჯელობა, ყოვლად უშეცდომოდ უნდა გვქონდეს დადგენილი. ცდომილებაზე აგებული მსჯელობით არა მარტო საკუთარ თავს შეიძლება მოვუტანოთ ზიანი, არამედ ძალიან ბევრსაც. ამიტომ, საეკლესიო ფილოლოგია გახლავთ უდიდესი მნიშვნელობის დისციპლინა, რომელმაც გამოსაცემად მოამზადა, გამოსცა, დაამუშავა ისეთ დიდ მოღვაწეთა ნაშრომები, როგორებიც არიან გნებავთ ჩვენს მიერ უკვე განხილული წმინდა დიონისე არეოპაგელი, თავისთავად უაღრესად რთულად დასაძლევი ტექსტი, ურთულესი სინტაქსით, თავისი საღვთისმეტყველო შინაარსით; წმინდა ბასილი დიდის შრომები, წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომების 9 ტომეული, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა ინტენსიური პუბლიკაცია ხდება ამ ბოლო ხანებში და სხვა და სხვა. და ამ ფონზე წინასწარ, თითქოსდა იგულისხმება, რომ იოანე ოქროპირის შრომები მომზადებულია და გამოცემულია. სამწუხაროდ ღირსეულ [22]პატროლოგიათა ავტორები არ უშინდებიან ამის აღნიშვნას, რომ იოანე ოქროპირის შრომები კვლავაც დაუმუშავებელია და იქვე ხაზგასმით მიუთითებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია (სწორედ ამ სიტყვებით) წმინდა იოანე ოქროპირის ნაშრომთა დამუშავება. ამის მიზეზი კი, როგორც აღვნიშნეთ, გახლავთ ის, რომ მასალა არის უზარმაზარი და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ფაქტობრივად წინასწარ თავის გაწირვას მოითხოვს პიროვნებისგან, თუ ის მართლაც განიზრახავს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამიტომ გახლავთ, რომ ვერავინ ვერ შეჰბედა ასეთ მთლიანობაში იოანე ოქროპირის შრომათა დამუშავებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იოანე ოქროპირი საერთოდ დაუმუშავებელია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. ისეთი ცნობილი სერიალი ეკლესიის მამათა შრომების ბერძნული ტექსტების პუბლიკაციისა, როგორიც გახლავთ “ქრისტიანული წყაროები”, რაც პარიზში გამოიცემა და დაახლოებით 450 ტომია (თუ მეტია არა) გამოქვეყნებული, შეიცავს, ცხადია წმინდა იოანე ოქროპირის შრომებსაც გარკვეულწილად. მაგრამ ეს, [23]როგორც იტყვიან, არის ზღვაში წვეთი იმ მარვალრიცხოვან მასალასთან შედარებით, რაც იოანე ოქროპირის სახელს უკავშირდება. რაც შეეხება თუნდაც ჩვენს მიერ ხსენებულ მოღვაწეებს, იქნება ეს წმინდა დიონისე არეოპაგელი, მაქსიმე აღმსარებელი, გრიგოლ ნოსელი თუ სხვები, მათი შრომები მაინც ეტევა გარკვეულ ფარგლებში. დიონისე არეოპაგელის ნაშრომები ერთ წიგნში ეტევა და ქართული პუბლიკაციაც მისი ნაშრომების თარგმანისა ერთი წიგნია. ასევეა სხვა ენებზეც. არც წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომებია შემოუსაზღვრავი, მისი შრომები, როგორც აღვნიშნეთ, 9 ტომში იქნა დატევნილი. მაგრამ იოანე ოქროპირის ნაშრომები ვერ მოთავსდება ასეთი რაოდენობის ტომებში, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი მემკვიდრეობა აქვს ამ მოღვაწეს და შესაბამისად აუცილებლად უნდა გამთლიანდეს ძალები სხვადსახვა ქვეყნისა და ინტერესები სხვადასხვა დაწესებულებებისა, რომ ერთობლივი შემართებით ეს დიდი საქმე დაიძლიოს. კარგა ხანს შეუბედავი იყო, [24]ასე შეგვიძლია ვთქვათ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაშრომთა დამუშავებაც, მაგრამ გადაიდგა ძალიან საფუძვლიანი და უაღრესად დიდი იმედების მომცემი და ფაქტობრივად უკვე დიდწილად რეალიზებული ნაბიჯები ამ მოღვაწის უდიდესი სულიერი ღირებულების სიტყვათა, იგივე ქადაგებათა, ჰომილიათა პუბლიკაციისათვის. არა მხოლოდ ორიგინალის (ბერძნულ) ენაზე, არამედ ქართულ ენაზეც, სომხურ ენაზეც, სირიულ ენაზეც, ყველა ენაზე, რომელ ენაზეც კი თარგმნილია მისი შრომები. ნამდვილი პუბლიკაცია სწორედ ეს გახლავთ, იმიტომ, რომ თარგმანსაც თავისი დიდი ღირებულება აქვს. ჯერ ერთი უდიდესწილად თარგმანები იმ ეპოქისაა, რა ეპოქის ხელნაწერებიც ორიგინალისა ჩვენ არ მოგვეპოვება. ასეთ დროს თარგმანს თვით ტექსტის დაზუსტებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ თარგმანი, ასევე დიდ მოღვაწეთა მიერ შესრულებული, ეს იგივე სულიერი წვდომაა, განმარტებაა ორიგინალისა. თუნდაც ქართულენოვანი თარგმანები უდიდეს სახელებს უკავშირდება, [25]როგორიცაა მაგალითად წმინდა ექვთიმე ათონელი, გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, უფრო ადრე თეოფილე ხუცესმონაზონი, გელათური სკოლა და სხვა. ასეთ მოღვაწეთა ნამოღვაწარის უბრალო ფრაგმენტიც კი, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისა ხდება შემდეგში და მითუმეტეს მათგან შესრულებული თარგმანები არაიშვიათად ტოლფასია ორიგინალისა. ამიტომაა ეს პოზიცია თუ პუბლიკაციის ეს მეთოდი გამართლებული, რომ მოღვაწე გამოიცეს არა მხოლოდ იმ ენაზე, რა ენაზეც ის წერდა, არამედ თუ რომელიმე სხვა ენაზეც არსებობს თარგმანები მისი ნაშრომებისა, ერთობლივად, ერთ დიდ კორპუსად ეს ყოველივე გამთლიანებულად მიეწოდოს მკითხველს.

აი ამგვარი რამ გახლავთ აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროებისა წმინდა იოანე ოქროპირთან დაკავშირებით. ესაა დიდი საქმე, დიდი აუცილებლობა, ვალდებულება და ამ საუბარში ჩვენ სწორედ ამგვარი დასკვნისკენ მივდიოდით, [26]ამის გამოკვეთა გვსურდა, თუ რა ვალდებულება ადევს დღევანდელ და მომავალ თაობებს წმინდა იოანე ოქროპირის უწმინდესი სახელის წინაშე.


332–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=cIYorri1hC8

 

შრომათა მოკლე მიმოხილვა

წინა საუბარში ჩვენ შევეცადეთ ჩამოყალიბებული სახით გამოგვეკვეთა ის ვალდებულება, რაც წმინდა იოანე ოქროპირის, ამ უდიდესი მოღვაწის წინაშე აქვს დღევანდელ და მომავალ თაობებს მისი ნაშრომების მეცნიერული სახით პუბლიკაცია-დამუშავება ფილოლოგიურ-ტექტოლოგიური კუთხით. არა მხოლოდ ორიგინალისა, არამედ ყველა, სხვაენოვანი თარგმანები რომ ეწოდება, სხვაენოვანი ტექსტებისა ერთმთლიანად, რომ ამ პიროვნების ჭეშმარიტი სულიერი სიდიადე პუბლიკაციითაც თვალსაჩინო იყოს მკითხველისათვის.

ამ კუთხით ქართულ საეკლესიო ლიტერატურასაც, ქართულ საეკლესიო ფილოლოგიასაც, რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა აქვს სათქმელი. იმიტომ, რომ როგორც არაიშვიათად სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც წმინდა იოანე ოქროპირთან დაკავშირებითაც ძველი ქართული ხელნაწერები მრავალ [1]მოულოდნელ და მნიშვნელოვან მასალას ინახავს. თითქოს იოანე ოქროპირთან დაკავშირებით ამგვარი რამ ნაკლებ სავარაუდოა, რადგანაც თვით ბერძნულ ენაზეც მართლაც აღურიცხავი რაოდენობის ხელნაწერებში ყველაფერია, ვითომცდა, შემონახული. გარდა ბერძნულისა სხვა ენებზეც, სირიული იქნება ეს, სომხური, სლავური, ლათინური თუ სხვა, დაუთვლელი რაოდენობის ნაშრომებია იოანე ოქროპირისა და კიდევ რაღა უნდა იყოს. მაგრამ (ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ადრეც მივუთითებდით), ჯერ თვით ბერძნულ ენაზეც, მერე სხვა ენებზეც და მათ შორის ქართულ ენაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა იოანე ოქროპირის ნაშრომთა გამომზეურება. ნამდვილი აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ 50-იან წლებში დიდმა მეცნიერმა ილია აბულაძემ იოანე ოქროპირის აქამდე უცნობი ჰომილიები მოიძია და გამოაქვეყნა. [2]1955 წელს გამოვიდა ეს წიგნი, რასაც “მამათა სწავლანი” ეწოდება, ანუ იქ იოანე ოქროპირთან ერთად სხვა მამებიც არიან წარმოდგენილნი, არის წმინდა ბასილი დიდი, წმინდა ეფრემ ასური, მარტვირი მონაზონი, ისააკ ასური და სხვები. მაგრამ ყველაზე დიდი წილი მოდის იოანე ოქროპირზე და არის ისეთი ქადაგებები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გახდა ჩვენთვის ცნობილი. ისევე როგორც დიდი მნიშვნელობისაა ბოლო ხანს გამოვლენილი ერთ-ერთი იერუსალიმური ხელნაწერი, რომელიც იოანე ოქროპირის ჰომილიათა გვიანდელ გელათური ეპოქის თარგმანებს შეიცავს და რომელთა დიდი ნაწილი მართალია მოღწეულია ბერძნულადაც, მაგრამ გამოქვეყნებული არ გახლავთ. სხვათაშორის არც ქართული მასალაა ჯერჯერობით გამოცემული. ამ მასალით, როდესაც იგი დამუშავდება და გამომზეურდება, ჩვენი ცოდნა იოანე ოქროპირის შესახებ მნიშვნელოვნად შეივსება. იმიტომ, რომ ჭეშმარიტად [3]განსაკუთრებული ღირებულების ქადაგებები გახლავთ.

მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იოანე ოქროპირის ნაშრომთა ზღვარდაუდებელ რაოდენობაზე, აქ იგულისხმება ერთი მხრივ განმარტებითი ხასიათის ჰომილიები, ე.წ. ეგზეგეტური ჰომილიები, წმინდა წერილის განმარტებას რომ ისახავენ მიზნად, ერთი მხრივ ძველი აღთქმისა, მეორე მხრივ ახალი აღთქმისა. ეს ერთი დიდი ნაწილია, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და საღვთისმეტყველო კუთხით უაღრესად ღირებული და ფასეული მისი მემკვიდრეობისა. გნებავთ ძველი აღთქმიდან რომ მივუთითოთ ისეთ ნაშრომზე, როგორიც გახლდათ “შესაქმის წიგნის განმარტება”, ბიბლიური ექვსი დღის და “შესაქმის” მომდევნო მონაკვეთების იოანე ოქროპირისეული განმარტება, რაც ძველქართულადაც გახლავთ თარგმნილი, თუმცა რატომღაც თარგმანი ბოლომდე არ არის მიყვანილი (ძველ ქართულ თარგმანში მას ეწოდება “თარგმანებაი (განმარტება) დაბადებისაი”). [4]ახალი აღთქმიდან, რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ და ვისაუბრეთ ამის შესახებ ადრე, “მათეს სახარების განმარტება”, “იოანე ღვთისმეტყველის სახარების განმარტება”, რომლებიც ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი (წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ) და რაც გამოქვეყნებულიცაა; მისგანვე განმარტებული “სამოცქიულო”, განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეები, უდიდესი ღირებულების მქონენი, დაულევნელი სამოძღვრო საუნჯის და სწავლებითი სიღრმის შემცველნი. ეს განმარტებანი ერთი ნაწილია მისი მოღვაწეობისა. მაგრამ მეორე ნაწილი, მოცულობით უფრო მეტი, ეს გახლავთ ქადაგებანი, ჰომილიები, საეკლესიო დღესასწაულებზე და არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულის განმარტების ფარგლებში, არამედ დღესასწაულთან დაკავშირებით ამა თუ იმ ზნეობრივ [5]თემაზე, ამა თუ იმ სულიერ მოვლენაზე, უდიდესი სულიერი მნიშვნელობის საკითხზე. იქნება ეს ცალკეული სათნოებანი, იქნება ეს ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამოუცნობი მოვლენა, მისგან ყველაზე მძიმედ აღსაქმელი ყოფითი სიკვდილი, სულისა და ხორცის გაყრა, იქნება ეს სამომავლო განკითხვა, სამსჯავროზე წარდგომა თუ მრავალი სხვა. ამგვარი თემატიკა არაიშვიათად უკავშირდება კონკრეტულ დღესასწაულს და წმინდა იოანე ოქროპირი, განმარტავს რა სადღესასწაულო მოვლენას, ჩვეულებისამებრ ყოველთვის სამოძღვრო სწავლებას, ზნეობრივ დარიგებას იქვე გვაწვდის. რა თქმა უნდა, ეს უშუალოდ მისი ვალდებულება იყო როგორც მქადაგებლისა იმ კონკრეტულ ყოფით მომენტში. [6]მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული ეს ვალდებულება, რომ ზნეობრივი შეგონების გარეშე არცერთ თავის ქადაგებას არ დააბოლოებდა და ამიტომ არის ეს უაღრესად ფასეული, რომ წერილობით ჩვენ ყოველივე ეს შემოგვენახა, თაობები იმოძღვრებიან, თაობები ზნეობაში, სათნოებაში განისწავლებიან, ვნებათაგან განიზღუდებიან ამ დიდი მოძღვრის განსაკუთრებული წინამძღვრული, დამმოძღვრელობითი მადლის შედეგად.

ჩვენ შეიძლებოდა ასეთი რამ მიგვეთითებინა მსმენელისთვის, რომ უფრო ცოცხლად წარმოედგინა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მოცულობა იოანე ოქროპირის წერილობითი მემკვიდრეობისა, თუნდაც ფილოლოგიური კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მეცნიერული ღირებულებების მქონე ნაშრომზე. ეს გახლავთ კორნელი კეკელიძის მიერ დამუშავებული, ანბანურად დალაგებული ჩამონათვალი ქართულად არსებული საეკლესიო მოღვაწეების [7]ნაშრომებისა და ამ შემთხვევაში იქ შესაბამის ადგილას წმინდა იოანე ოქროპირის ნაშრომებისაც. იქ უშუალოდ ტექსტები არაა გამოქვეყნებული, არამედ მხოლოდ ნაშრომების ჩამონათვალია, ქართულად რა ძეგლებია იოანე ოქროპირისა თარგმნილი და რა ხელნაწერებშია ისინი დაცული. დალაგებული აქვს კორნელი კეკელიძეს, რამდენადაც შესაძლებელი იყო თემატურადაც, რაც ჩვენ სხვა ავტორებთან დაკავშირებით არ გვაქვს და არც იყო იქ საჭიროება, ზნეობრივი სწავლებანი, სადღესასწაულო ჰომილიები, განმარტებითი ჰომილიები და ერთმთლიანად ეს ყოველივე, ამ ფილოლოგიურ ნაშრომში შემოკრებილი, რაღაც უჩვეულო მონუმენტურობის შთაბეჭდილებას უქმნის მკითხველს. საკმარისია ეს ყოველივე ჩვენ ჩავიკითხოთ, რომ, საერთოდ გაგებულიც [8]რომ არ გვქონდეს იოანე ოქროპირის სახელი, უეჭველად ეკლესიის საფუძვლად წარმოჩნდება ჩვენს წინაშე ეს დიდი მოღვაწე და უაღრესად ცხოველი ინტერესიც აღგვეძვრის მისი სულიერი ნამოღვაწარისა და ნამემკვიდრევის უფრო ღრმად გაცნობისა და ჩაწვდომისა. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ მხოლოდ სიტყვით ნუ ვიქნებით წმინდა მოღვაწეთა, წმინდა მამათა, საეკლესიო ავტორთა პატივისმცემელნი, მართლაც გავეცნოთ მათ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ნაკლოვანება, დეფიციტი, რაც დღეს შეიგრძნობა, და გამოკვეთილი თავისებურება (გნებავთ ჩემს შესახებ ვთქვათ, გნებავთ სხვის შესახებ) თანამედროვე ქრისტიანისა ესაა უდიდესწილად მხოლოდ ეპითეტური, შემკობითი სახით წმინდანის პატივისცემა, მაგრამ უშუალოდ, კონკრეტულად მისი ნაშრომების ძალიან ნაკლებად ცოდნა. [9]ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთი პიროვნებისგან ადვილად დაიძლევა და ადვილად აითვისება წმინდა იოანე ოქროპირის უდიდესი და უზარმაზარი მოცულობის ნამოღვაწარი, მაგრამ გადავდგათ უნდა ნაბიჯები. თუნდაც ყველაზე მცირე მოცულობის ქადაგებაც, როგორც მდინარის ერთი წვეთი, იმ სულიერ მდინარეს ცხოვლად გვაგრძნობინებს. მისაწვდომია ეს ყოველივე, არსებობს, შემონახულია და მხოლოდ მცირედი ძალისხმევაა ჩვენგან საჭირო. ამას ითხოვს სიწმინდე, ამას ითხოვს თავად ეს დიდი მოძღვარი. ის არ დამშვრალა მარტო მის თანამედროვეთათვის, რომლებიც უსმენდნენ მას, ყველა თაობისთვის დაშვრა იგი და ის დიდი მთარგმნელებიც, რომლებმაც არაფერი არ დაიშურეს, არანაირი ენერგია, არანაირი შესაძლებლობა, რომ ეს წმინდა სწავლებანი მშობლიურ ენაზე მოეწოდებინათ ჩვენთვის. რისთვის დაშვრენ, თუ ჩვენ ამ ყოველივეს დავივიწყებთ, [10]რაღაც უხეირო თარგმანს ზერელედ გადავათვალიერებთ (ჩვეულებრივ რუსულიდან შესრულებულს) და დავირწმუნებთ თავს, რომ ჩვენ ამ მოღვაწის შესახებ ყველაფერი ვიცით და თითქოსდა პატივისმცემელნი ვართ მისი. ჭეშმარიტი პატივისცემა აუცილებლად გულისხმობს მისი ნამოღვაწარის სისხლხორცეულად შეთვისებას, აღქმას. პიროვნება უნდა შემოვიდეს ჩვენში ცხოველი ხატით (რაზეც უკვე ჩვენ ვსაუბრობდით) და შემოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ მისგან გადმოცემულს, მის სწავლებებს, რაშიც თვით იგი არის განსახოვნებული, განცხადებული, ამ ყოველივეს აღვიქვამთ და შევითვისებთ. მითუმეტეს წმინდა იოანე ოქროპირის მეტყველება გახლავთ ყველასთვის საწვდომი, ყველასთვის გასაგები. თუ ვინმეს მართლაც შეიძლება მსოფლიო მოძღვარი ეწოდოს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წმინდა იოანე კონსტანტინოპოლელს (მას ასეც ეწოდება ხელნაწერებში უდიდესწილად). ის ყველა [11]ადამიანის მოძღვარია, ნებისმიერი განათლებისა, ნებისმიერი დამტევნელობისა, ნებისმიერი შესაძლებლობისა, აღქმის უნარისა და ა.შ. ყველასთვისაა დაულევნელი საზრდო მის წმინდა ქადაგებებში. ამიტომ, თუ ვდგამთ ჭეშმარიტ ნაბიჯებს საეკლესიო მოძღვრების შესწავლისკენ, აქ არანაირად არ კმარა მხოლოდ მოსმენა ვინმესი საეკლესიო ლიტერატურის შესახებ, რაც არ უნდა ციტატები იქნეს წაკითხული და სხვა, აუცილებელია პირადად ჩვენ შევემეცნოთ, შევემოყვსოთ და შევეტკბოთ იმ მოძღვარს, რომლის ნაწერებიც ღვთის მადლით ჩვენამდე შემონახულა. ჩვენ შეგვიძლია წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებათა აღქმა დავიწყოთ მათეს სახარების განმარტებით. მხოლოდ ეს წიგნი რომ დაამუშაოს თანამედროვე ქრისტიანმა უდიდეს საუნჯეს შეიძენს ამით. რა კუთხით, რა სახით, რა თემაზე [12]არ ვნახავთ ჩვენ იქ ჩამოყალიბებულ, უაღრესად ღრმა პასუხს, ღრმა სწავლებას.

ძალიან მშვიდად გვინდა ერთი რამ კიდევ ვთქვათ, რომ სხვადასხვა პაექრობანი, რაც არაიშვიათად წამოიჭრება ამა თუ იმ ეპოქაში და დღესაც, უდიდესწილად შედეგია იმისა, რომ ჩვენ გვგონია ეს საკითხები თითქოსდა ახლა გამომზეურდა. მაშინ როცა ყველა საკითხი, ყველა პრობლემა ყოველთვის იდგა და ყველა მათგანზე, სრულიად ხაზგასმით ვამბობთ, პასუხი გაცემულია. ნებისმიერ გააქტიურებას ასეთი ცრუ პაექრობისას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული, წერილობით დაუნჯებული საეკლესიო პასუხების უცოდინრობა, უმეცრება. ელემენტარული მონდომება რომ არ მჟღავნდება პიროვნებისგან იქეთკენ, რომ შეისწავლოს წმინდა მემკვიდრეობა ეკლესიის მამებისა. იქ ხომ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკვე პასუხგაცემულია. მართლაც ღირსეული შესწავლა რომ ხდებოდეს ყოველივე ამისა, არანაირი პაექრობა [13]არანაირ საკითხზე დღეს არ გაიმართება, თუნდაც სრულიად თანამედროვე რამ მოვლენა ხდებოდეს. არცერთი მოვლენა ისეთი არ არის, რაიმე მსგავსი უფრო ადრე რომ არ ყოფილა და იმ წინარეს გვიანდელ გამოძახილად რომ არ შეიძლება მივცეთ კვალიფიცირება. ასეთ დროს ნებისმიერი თანამედროვე მოვლენა მართლმადიდებლური სწავლების ხედვაში აბსოლუტურად კანონზომიერად შეიძლება განიმარტოს, პასუხგაცემული იქნეს, თუ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკლესიის მამათა ნაშრომები გულდასმით გვექნება შესწავლილი, სიღრმისეულად ჩაწვდომილი იქნება ჩვენგან, მოძიებული ეს ყოველივე და ოდნავადაც მაინც ჩვენს ძალასა და ენერგიას ამ ყოველივეს შესასწავლად არ დავზოგავთ. როცა პასუხი უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, იქ უკვე პაექრობის აღძვრა ისეთ საკითხზე, რაც უკვე პასუხგაცემულია, უკიდურესი კადნიერებაა. ასეთი თემაც რომ ავიღოთ, ვთქვათ გამძაფრებული დაპირისპირებაა მოგეხსენებათ დღეს, როგორც სხვადასხვა დროს ყოველთვის [14]ყოფილა, იეღოველებისა წმინდა მოძღვრებისადმი. მაგრამ მათ წინააღმდეგ პასუხებს ჩვენ დღეს ვეძიებთ. ვცდილობთ რაღაც მოვიფიქროთ, შინაგანდ ვიცით, რომ სრული სიცრუეა მათი სწავლება, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ საეკლესიო მოძღვრებაა, მაგრამ ეს რომ დავასაბუთოდ მარტო შინაგანი განცდა ამისა, რა თქმა უნდა, არ კმარა, ეს უნდა დასაბუთდეს. ჭეშმარიტი მოძღვრების მართლაც ჭეშმარიტება  აუცილებლად უნდა დასაბუთდეს, ხოლო დასაბუთება ყოველთვის მაშინ არის მტკიცე, თუ ის დიდ სახელებს, დიდ ავტორიტეტებს ეფუძნება. ასეთ დროს არ ვიცით რა ამ დიდ მოღვაწეთა ნაშრომები, გვგონია, რომ ეს ახალი მოვლენაა, თითქოს ადრე არავითარი განმარტებანი, პასუხები ამ უბედურებაზე არ მოწოდებულა ეკლესიისგან და დღეს ვეძიებთ შესაბამის პასუხებს. ასეთ დროს არაიშვიათად გვინახავს პიროვნება, მართლმადიებელი, ეკლესიისგან არიანელობის წინააღმდეგ ძალიან გულანთებულად აღძრული, [15]მაგრამ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი იმის გამო, რომ რასაც თვითონ თვლიდა ღირსეულ პასუხად მყისვე გაფანტულა მოწინააღმდეგეთა, ცრუ ღვთისმეტყველთა ძალიან მზაკვრული, მაგრამ დახელოვნებული პასუხებით. როდის დაიძლევა ეს ყოველივე? დაიძლევა მხოლოდ მაშინ, როცა თუნდაც იმავე იეღოველობის წინარე ფესვებს გამოვიკვლევთ და ვნახავთ, რომ იეღოველობა სხვა არაფერია, თუ არა სახექმნილი, სახეშეცვლილი არიანელობა, ხოლო არიანელობის დამხობა ეკლესიის მამებმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად, აურაცხელი არგუმენტის საფუძველზე, ყოვლითურთ ამომწურავად აღასრულეს. ეს ყოველივე დაუნჯებულია, დატოვებულია, შემონახულია ჩვენამდე და იგივე არგუმენტები ძირფესვიანად აღმოფხვრის ამ ცრუ სწავლებას, თუ იმ არგუმენტებს გავეცნობით, მართებულად მოვიხმობთ და გამოვიყენებთ მათ.

წმინდა იოანე ოქროპირი [16]გახლავთ უდიდესი ანტიერეტიკოსი. ჩვენ შეიძლება ზოგჯერ ჩვენ თვითონ ასე თუ ისე შევიცნოთ, გავიგოთ, ვთქვათ ისეთ დიდ მოღვაწეთა სწავლებანი, როგორიცაა წმინდა კირილე ალექსანდრიელი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, წმინდა თეოდორე სტუდიელი და სხვები, მაგრამ საკმაოდ რთული მათი მეტყველება სხვებისთვის გასაგებად ვერ გადავცეთ და არგუმენტი ღირსეულად ვერ გამოვიყენოთ. მაგრამ აქ გვეშველება ჩვენ წმინდა იოანე ოქროპირი. მისი მეტყველება ყველასთვის გასაგებია. მისი სწავლებანი, მის მიერ ამა თუ იმ ცთომილების მხილება იმდენად გამჭვირვალე ენითაა, იმდენად ყველასთვის საწვდომი და გასაგები ლექსიკური მარაგითაა, ტერიმნოლოგიითაა ეს ყოველივე გადმოცემული, რომ შეუძლებელია ჯერ ვერ გავიგოთ და მერე სხვასაც ეს ყოველივე ვერ მივაწოდოთ. აი ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტიერტიკის ისტორიაში წმინდა იოანე ოქროპირს. [17]ყველა დიდი სახელია, ყველა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, მაგრამ ყველას თავისი სფერო აქვს მოღვაწეობისა. ერთნი შინაგანად, სიღრმისეულად ღვთისმეტყველურად ამარცხებენ მოწინააღმდეგეს, მეორენი ამავე ღვთისმეტყველებას ყველასთვის გასაგებ მარტივ, ადვილად საწვდომ ენაზე გამოთქვამენ და ყველას უპყრობენ ხელს, ყველას აწვდიან ჭეშმარიტების დამცველ და უკეთურებისა და ცრუ სწალვების განმგმირავ მახვილს. იოანე ოქროპირისგან საუკუნეების მანძილზე მთელ საქრისტიანოს ასეთი შემმუსვრელი მახვილი ხელთ ეპყრა მისი ნაშრომების სახით და, რა თქმა უნდა, ეს მახვილი დღესაც ამგვარადვე ხელთ უნდა გვეპყრას ჩვენ, თუ ვთვლით, რომ ჭეშმარიტად მათი სწავლების მემკვიდრეები ვართ.

წმინდა იოანე ოქროპირის ნაშრომების მიმოხილვისას ჩვენ შეიძლებოდა სხვადასხვა თემა გამოგვეყო, თუმცა ეს შემოუსაზღვრავია, რადგან არ არსებობს საკითხი, რაზეც ეს მოღვაწე [18]სწავლებას არ გადმოსცემდეს. მაგრამ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სწავლებანი, რაზეც ჩვენ რამდენადაც ეს მხარე ამ ბოლო ხანს გამოვკვეთეთ, რომ მარტო ინფორმაციული კუთხით არ შემოვიფარგლოთ და ამა თუ იმ მოღვაწესთან დაკავშირებით ცალკეული თემაც, შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ამას რადიოფორმატი დაიტევს, წარმოვადგინოთ, ამ შემთხვევაში წმინდა იოანე ოქროპირთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას არ უკავშირდება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჭეშმარიტების ჯაჭვისა, განხილვა საეკლესიო სწავლებისა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადამიანის ხატად და მსგავსად ღვთისა შექმნა. იმიტომ, რომ იმ დიდ სახელთა შორის, რომლებმაც ღვთისმეტყველურად განმარტეს ეს უღრმესი ბიბლიური სწავლება, “დაბადების” I თავის 26-27 მუხლებისა, ადამიანის ღვთის ხატად და მსგავსად დაბადება, აი ამ მრავალ დიდ სახელს შორის, [19]რომლებმაც ეს ყოველივე შეისწავლეს, ერთ-ერთი განსაკუთრებული წმინდა იოანე ოქროპირის სახელია. შესაბამისად ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე შევეცდებით, რომ წარმოვადგინოთ განმარტებანი ეკლესიის მამებისა, მათი სწავლება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ადამიანის შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად, თუ როგორია კონკრეტულად წმინდა იოანე ოქროპირის სწავლება. მაინცდამაინც იოანე ოქროპირთან დაკავშირებით იმიტომ ვთვლით საჭიროდ ამ უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო თემის წინ წამოწევას, რომ სწორედ იოანე ოქროპირის სახელს ეფარებოდნენ ადრეც, საუკუნეთა წინ მავანნი და დღესაც მათი მემკვიდრეები ამ სახელს ეფარებიან, სრულიად მცდარი და აბსოლუტურად არამართლმადიდებლური სწავლების შემოტანისას, რომ თითქოსდა ბიბლიური სიტყვა ადამიანის ღვთის ხატად და მსგავსად დაბადების შესახებ დასაბამშივე მცდარია, რომ არავითარი მსგავსება ღვთისადმი ადამიანს დასაბამში არ ჰქონია. ამავე დროს რას ნიშნავს ხატება ღვთისა, ადამიანმა რომ მიიღო [20]პირველშექმნისას. აქაც წმინდა იოანე ოქროპირის სწავლების სრულიად მცდარი გაგებისა და ტექსტის დამახინჯებულად თარგმნის საფუძველზე შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ უცხო სწავლება საბელიანიზმისა, ყოვლადწმინდა სამების ერთპიროვნულობისა ანუ ჰიპოსტასური ერთხატობისა, რაც საუკუნეების მანძილზე მრავალი დიდი მოღვაწისგან დაგმობილა. ეკლესია, წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ხმამაღალი საყვირია ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებისა, მკაფიოდ გვასწავლის, რომ არსობრივი ხატება ღვთისა ერთია, ბუნებითია, რომლის წიაღში, რომლისგან განუყოფლად ჰგიეს ამავე დროს სამი ჰიპოსტასური ხატი - მამისა, ძისა და ყოვლადწმინდა სულისა. ესაა ყველა მოძღვრისგან ნაქადაგები, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირისგან. მაგრამ თუ რატომ ხდება, რომ სწორედ იოანე ოქროპირის სახელს იშველიებენ მავანნი ამ სწავლების დამახინჯების ჟამს, ამ ყოველივეს განმარტებას [21]ჩვენ შემდგომ საუბრებში შევეცდებით.

 

333–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=V0OTlWblsSA

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:05)