349-350
განკაცების შესახებ ნესტორიანული, მონოფიზიტური და მართლმადიდებლური სწავლება (ნაწილი პირველი)

ნესტორიანიზმის შესახებ გახლავთ ჩვენი მსჯელობა. ჩვენ შესავალ ნაწილში სირთულე პრობლემისა წარმოვაჩინეთ. რამდენიმე საკითხს შევეხეთ და კვლავ გვინდა იმავე კითხვაზე პასუხი უკვე სხვა თვისებათა მხრივ, სხვა განშტობების მხრივ წინამდებარე საუბარში შეძლებისდაგვარად ასევე წარმოვაჩინოთ.

კითხვა კი კვლავ იგივეა: განკაცებული ღვთის ორი ბუნება როგორ შეერთდა, რას ნიშნავს ეს შეერთებულობა? ღმერთჰიპოსტასის, მეორე ჰიპოსტასის, ძე ღვთისას განკაცებისას ორი ბუნება - საღმრთო ბუნება, რომელიც მას განკაცებამდეც და მარადიულად ჰქონდა და აქვს და კაცობრივი ბუნება, რომელიც მან განკაცებისას მიიღო ძე ღმერთის პიროვნებაში, მის ჰიპოსტასში როგორ შეერთდა, რა სახის კავშირია ორ ბუნებას შორის? დოგმატი ამგვარია, რომ ეს კავშირი არის ერთი მხრივ ყოვლადშეურწყმელი, [1]ყოვლადშეურევნელი და მეორე მხრივ ყოვლადგანუყოფელი. და თუ განუყოფელია შეურევნელი როგორღა რჩება და თუ შეურევნელია განუყოფელი როგორღა არის?

ყველაზე უფრო გამოკვეთილი პასუხი ამ დოგმატთან დაკავშირებით ქალკედონის კრებამ ჩამოაყალიბა. ქალკედონის კრება კი თავის მხრივ ეფუძნება კირილე ალექსანდრიელისა და თეოდოროიტე კვირელის შრომებს. ეს შრომები კი ერთიმეორეს ავსებს. ავსებს იმ კუთხით, რომ კირილე, ეპაექრებოდა რა ნესტორს, მიზნად ისახავდა განკაცებული ღვთის ერთპიროვნულობის დასაბუთებას, ხოლო თეოდორიტე ეპაექრებოდა რა კირილეს და შემდეგ პაექრობის გარეშეც (როდესაც გააცნობიერა რომ კირილე ამავე აღმსარებლობისა იყო), თავისთავადი თვითღირებულებით განიხილავდა და განმარტავდა საკითხს იმის შესახებ, რომ განკაცებული ღმერთი ერთი პიროვნება არის ორბუნებოვანი. ამით შენივთდება ეს დოგმატი გამოთქმის სახით, რომ განკაცება გულისხმობს ძე ღმერთის [2]მიერ ადამიანური ბუნების მიღებას და განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის ერთი პიროვნება ორბუნებოვანი. განკაცებული ღვთის იესო ქრისტეს, ორბუნებოვანის ერთპიროვნულობა დაასაბუთა ყოვლადურყევად კირილემ და განკაცებული ღვთის იესო ქრისტეს ერთი პიროვნების ორბუნებოვნება დაასაბუთა ასევე ყოვლად ურყევად თეოდორიტე კვირელმა. თეოდორიტე თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მცდარად ფიქრობდა, რომ კირილე ამ მხარეს თვლიდა საეჭვოდ, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია, ამიტომ ამ დოგმატზე ჰქონდა აქცენტი, მაგრამ გაარკვია რა, რომ კირილეს მიზანდასახულობა ამ დოგმატის უარყოფა, ცხადია, არანარიად არ არის და ისიც ამ აღსარებისაა, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია, ამის შემდეგ ზოგადად იმავე დოგმატის ვრცლად განმარტება განიზრახა და მრავალ თავის ნაშრომში ეს ყოველივე ჩამოაყალიბა.

ჩვენ ადრეც ვთქვით, კვლავაც ვიტყვით და არაერთგზის გავიმეორებთ, რომ არ კმარა [3]მხოლოდ თქმა იმისა, რომ განკაცებისას ორი ბუნება შეერთდა, ანდა განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი. განკაცებისას ორი ბუნების შეერთებას აღიარებს მონოფიზიტობაც, ხოლო განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას აღიარებს ნესტორიანიზმიც. და თუ ეს კმარა მხოლოდ, მაშინ რა განსხვავებაა ნესტორიანელობას, მონოფიზიტობას და მართლმადიდებლობას შორის? საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორი ბუნების შეერთების საკითხი დიამეტრულად განსხვავებულად აღიქმება მონოფიზიტთა მიერ, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ ნესტორიანელთა მიერ და სრულიად განსხვავებულად და ჭეშმარიტად ღვთივმშვენიერად და ღმერთშემოსილი წვდომით მართლმადიდებლობის მიერ. აი ეს სამი სახე განმარტებისა ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ზედმიწევნით უნდა იყოს შემეცნებული, რომ ცდომილებაში არ შევიდეთ, თუნდაც სრულიად გულწრფელად. შეიძლება მაცთურის გარეშეც, ე.ი. ჩვენი გონებით, აზროვნებით, ლოგიკური მსჯელობით, გულწრფელად შევცდეთ და [4]ორბუნებოვნების მოძღვრება გვესმოდეს ნესტორიანულად, ორი ბუნების შეერთება გვესმოდეს მონოფიზიტურად და ამავე დროს ვთვლიდეთ, რომ ჩვენ მართლმადიდებლურად გვესმის ეს ყოველივე. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ერთი მხრივ ჩვენ შეიძლება სრულიად გულწრფელად ვცდებოდეთ ჩვენივე ლოგიკიდან და ჩვენი შეზღუდული გონებიდან გამომდინარე. მეორე მხარეა, უფრო მძიმე, როდესაც ასპარეზზე გამოდის მაცთური, მზაკვარი, ვისაც შესანიშნავად ესმის თუ რა არის მონოფიზიტობა, რა არის ნესტორიანელობა, რა არის მართლმადიდებლური სწავლება ამავე ორბუნებოვნების შესახებ და თვითონ, არის რა გადადრეკილი ერესისკენ, მონოფიზიტობა იქნება ეს თუ ნესტორიანელობა, ისიც კარგად უწყის, რომ ამ მწვალებლობათა პირდაპირი გამოთქმით მართლმადიდებლურ ქვეყანაში მაშინვე მხილებული იქნება, ნიღაბი ჩამოეხსნება და შესაბამისად თავის მიზანს ვერ მაიღწევს, რომ თავისი მწვალებლობისკენ მიიმხროს მრავალი. ამიტომ არის მოფიქრებული (და ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა [5]დაწყებული V საუკუნიდანვე) ასეთი ფორმა, რომ მართლმადიდებლობად, დიოფიზიტობად გაასაღონ ის, რაც არსებითად არის ვთქვათ ამ შემთხვევაში ნესტორიანიზმი. მკითხველს და მსმენელს, რომელიც სპეციფიკაში საკითხისა არ არის გარკვეული, ძალიან ადვილად შეუქმნიან ილუზიას იმისა, რომ თითქოსდა ორბუნებოვნება სწორედ ისაა, რასაც ისინი ამბობენ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ესაა უაღრესად ადვილად მისაღწევი ისეთ საზოგადოებაში, ისეთ ხალხში, რომლებსაც ამ მხრივ სპეციალური სწავლება არ მიუღიათ, მიზანდასახული, ტერმინოლოგიური და საღვთისმეყველო წვდომანი არა აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად, აღსარებითად იფარგლებიან ქრისტიანული მოძღვრების შემეცნების ჟამს, ანუ მხოლოდ მრწამსის აღსარებით განისაზღვრება მათი ქრისტიანობა. აი ასეთი ხალხის გადაბირება ნესტორიანულ ორბუნებოვნებაზე გახლავთ სრულიად ადვილი, თან ისე, რომ [6]ბოლომდე მათ სჯეროდეთ თითქოსდა ეკლესიის მამათა ხაზს მიჰყვებიან.

საიდან გამომდინარეობს ასეთი სირთულე, ასეთი, ასე ვთქვათ, გარეგნული რთულად გასამჟღავნებელი მზაკვრობა ნესტორიანული მოძღვრებისა ორბუნებოვნების შესახებ? გამომდინარეობს იქიდან, რომ ნესტრიანელებიც ორი ბუნების შეერთებას, დაკავშირებას სრულიად ხაზგასმით რჯულმდებლობენ. მაგრამ პრინციპული განსხვავებანი თუ ჩვენ გვეცოდინება, თუ როგორ აღიქვამს საკითხს მონოფიზიტობა, როგორ აღიქვამს საკითხს ნესტორიანელობა და რას რჯულმდებლობს მართლმადიდებლობა, თუ არსებითი ნიშნები გვეცოდინება და ეს ნიშნები, როგორც სიმპტომები, ჩვენს მიერ ყველა აუცილებელ შემთხვევაში მომარჯვებული იქნება, ცთომილების ალბათობა უკვე მინიმუმადმე დავა. ეკლესიის მამათა მიერ ეს ნიშნები არის სრულიად გამჭვირვალედ ჩამოყალიბებული. ჩვენ არაერთგზის აღვნიშნავდით და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ საეკლესიო მოძღვრება არც ერთი კატეგორიის, [7]უხეშად რომ ვთქვათ, არცერთი დონის ქრისტიან მართლმადიდებელს არ ტოვებს შემწეობისა და მშველელის გარეშე. თუ ვინმე შემძლებელია იმისა, რომ რთული ტერმინოლოგიური და საღვთისმეტყველო დებულებანი მთელი სიღრმით გაისიგრძეგანოს, მას, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი შრომატევადი საქმის შესრულების კვალობაზე სრულიად გამოკვეთილად ძალუძს მთელი იმ სისავსის შემეცნება და შესწავლა, რაც გულისხმობს ეკლესიის მამათა ურთულეს ტერმინოლოგიურ შრომებს, მსოფლიო კრებათა ასევე ურთულეს ტერმინოლოგიურ დადგენილებებს თავიანთი კომენტარებით და სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი ამ დონეზე არ არის. ქრისტიანული მოძღვრება, როგორც სარწმუნოება, ელიტარული წრისთვის არასოდეს არ ყოფილა განკუთვნილი და საზოგადოდ სარწმუნოება ჩვეულებრივ გულისხმობს იმას, რომ მასში ბევრი რამ არის მხოლოდ და მხოლოდ რწმენით მისაღები. ასეთ შემთხვევაში აი ამ რწმენითად მიმღები ნაწილის [8]გადაბირება შესაძლებელია რომ მოხდეს მზაკვართა მიერ, მათი რომლებსაც სწამთ გულწრფელად და მრწამსობრივად ერთი განკაცებული ღმერთის ორბუნებოვნება, თუმცა კი არ იციან ეს ორბუნებოვნება შინაგანად როგორ უნდა იქნეს აღქმული, ტერმინოლოგიურად, დებულებითად და სხვა. ასეტ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმემ, შეგნებულად ცთომილებაში მყოფმა, რომელსაც მიმხრობთა თავის გარშემო შემოკრება უნდა, რადგან პატივმოყვარეობითი ჟინი გარდუვალია ცთომილებაში მყოფისთვის, ესაა ყველა ცთომილების სათავე (როგორც არაერთგზის მიუთითებენ მამები) და იმდენად ძალმოსილი ხდება და იმდენად დამპყრობელი ხდება ადამიანის გულისა პატივმოყვარეობითი ჟინი, რომ ეს პიროვნება საკუთარ პატივმოყვარეობას ყველაფერს ანაცვალებს, მათ შორის გნებავთ მატერილურ კეთილდღეობასაც და სხვა, ოღონდ ეს პატივმოყვარეობითი ჟინი დაიკმაყოფილოს, რომ მას პატივი სცენ, რომ იგი თაყვანცემული იქნეს. არაიშვიათად ადამინები მთლიანად ტოვებენ ამსოფლიურ სიკეთეებს, მაგრამ არა ღვთისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვათა წინაშე წარმოჩნდნენ და სხვათაგან [9]თაყვანისცემა მიიღონ, გამოჩნდეს თუ როგორ მოღვაწეა ის, რაოდენ შეჰბედა მარხვისა და ლოცვის სათნოებათა მწვერვალებს, როგორ გაუმეცარდა ამ სოფლისგან და სხვა და სხვა. ე.ი. ეს ყველაფერი პიროვნებისგან მოიღვაწება მხოლოდ და მხოლოდ სხვათა დასანახად. როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს (ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში მისი ეს უძვირფასესი სწავლება მოგვიხმია, რომელმაც მრავალი ქრისტიანი და მრავალი მოღვაწე მოიხილა და ორჯგუფად განყო ისინი): ვნახე მოღვაწენი, რომლებმაც უდიდესი სათნოებანი მოიღვაწეს და ღვთისგან ცხონებულნი იქნენ. და ვნახე სხვანი, რომლებმაც არანაკლები სათნოებნი მოიღვაწეს და ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტიც და უფრო ადვილად დასძლიეს ეშმაკი სხვადასხვა შემთხვევაში და გაცილებით უფრო ადვილად გაიმარჯვეს ცოდვებზე და თითქოსდა უფრო აღემატნენ იმ პირველთ. მაგრამ ვერ გააცნობიერეს, რომ სიადვილე გამარჯვებებისა მტრის და [10]უკეთურის ხაფანგი იყო, რომელმაც სიღრმეში შეიტყუა ისინი, ვინც იოლად მიაღწიეს წარმატებებს, რადგანაც ყველა სათნოება აჩუქა მათ ეშმაკმა, არცერთი სათნოების მოპოვებაში ხელი არ შეუშალა, რადგანაც კარგად ხედავდა, რომ გამარჯვებათა ამ სიადვილის საფუძველზე ყველაზე უფრო მთავარს კიდევ უფრო მძლავრად შთანერგავდა მათში, ყველაზე უფრო მთავარ ანკესს, ყველაზე უფრო მთავარ ცთომილებასა და ცოდვას, რომელიც მოღვაწეობის დაწყებამდეც იყო მათში, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმად შთანერგავდა მათში, ეს გახლავთ სწორედ პატივმოყვარეობა. რაც უფრო მეტად იხვეჭენ სათნოებებს პიროვნებები, რომლებიც ეკლესიური განსწავლულობით არ წინაურდებიან, მით მეტად იპყრობს მათ პატივმოყვარეობა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ არაერთგზის დასმულა კითხვა: რა რჯის პიროვნებას, რომ ეცადოს მრავალთა და მრავალთა გადაბირებას? სწორედ ეს პატივმოყვარეობითი ჟინი. ეს ჟინი იმდენად ძლიერია, რომ ნათლის ანგელოზს ზეცა დაატოვებინა [11]და ამქვეყანას და ამქვეყნის სხვადასხვა სიამეებს ვერ დაატოვებინებს პიროვნებას, რომელსაც ამ ჟინის დაკმაყოფილება სურს? რა თქმა უნდა, ეს უმძლავრესი რამ არის და ამ დროს, რომ მსგავსი პატივმოყვარისგან და მზაკვრისგან გადაბირებული არ იქნეს ის პიროვნებები, რომლებიც განსწავლულნი არ არიან მოძღვრებაში სიღრმისეულ დონეზე, ეკლესია არც მათ ტოვებს მშველელის გარეშე. თუმცა მათ შეიძლება არ ჰქონდეთ იმდენი განსწავლულობა, რომ სპეციალურად დაამუშაონ საეკლესიო მოძღვართა შრომები, სპეციალურად დაამუშაონ რჯულდებითი ძეგლები, მათ შორის უპირველესი “რჯულის კანონი”, გნებავთ ქართულ სინამდვილეში “დოგმატიკონი” და სხვა, მაგრამ ის ყველას ძალუძს, როგორც უკვე ვთქვით, რომ ერთი შრომა დაამუშაონ, ერთი სახელმძღვანელო შეისწავლონ. ეს სახელმძღვანელო კი გახლავთ წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომი, ეკლესიისგან ნაკურთხი “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”. ამიტომ კვლავ შევახსებნეთ ჩვენს მსმენელებს განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობანი. ყველაზე დაბალი შესაძლებლობისაც [12]რომ იყოს ადამიანი აი ამ შესაძლებლობისგან მოკლებული არავინა არ არის. ამიტომ საბაბს ნუ მოიპოვებენ იმისას, რომ როცა ამის ჟამი დადგება თქვან: ჩვენ არ გვქონდა გონებრივი უნარი, არ გვქონდა სულიერი ძალა იმისა, რომ ჭეშმარიტების სიღრმეში  ჩავსულიყავით, არ არის ჩვენი ბრალი, რომ მზაკვარმა ჩვენი გულწრფელობა და ლიტონი გონება გამოიყენა იმისათვის, რომ უკეთურებისკენ მივექციეთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს საბაბი აღმოფხვრილია, იმიტომ, რომ ამ ერთი ნაშრომის დამუშავება აბსოლუტურად ყველა ადამიანს ძალუძს და არათუ ძალუძს, ვალდებულიცაა. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მსმენელს ეს სახელმძღვანელო, სადაც შემოკრებილია ყველა დოგმატი (სხვანაირად შეუძლებელიცაა, თვითონ სათაური გვიკარნახებს ამას - “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, ასეთი ბრწყინვალე და მრავლისმეტყველი სათაური აქვს მას) დაამუშაონ და შეისწავლონ. აქაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ყველა არსებითი სწავლება ფუნდამენტურად ჩამოყალიბებული, რომელიც შეიძლება დაიზეპიროს კიდეც [13](ალბათ ამის ვალდებულებაც აქვს მსმენელს) წამკითხველმა, რომელსაც დავუშვათ სხვა შრომათა შესწავლის დრო, მოცლა, ათასგვარი მიზეზები, თავის მართლებანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის თან ახლავს.

ამ ნაშრომში ნესტორიანიზმთან დაკავშირებით ცალკეული თავებია მოცემული და კარგი იქნებოდა მსმენელი, რომელიც ჩვენს გადაცემას ყურს ადევნებს, გულისყურს აპყრობს, წინასწარ იყოს ამ თავებს გაცნობილი, რადგანაც მისთვის უფრო იოლი იქნება აღქმა იმ ყოველივესი, რაც ნესტორიანიზმთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ითქმის. მათ შორის იმ სირთულისა, რასაც ჩვენ ასე მკვეთრად ვუსვამთ ხაზს.

ამრიგად კითხვა ისმის შემდეგნაირად: ორი ბუნების შეერთება როგორ გავიგოთ? რას ნიშნავს მონოფიზიტური გაგება ორი ბუნების შეერთებისა, რას ნიშნავს ნესტორიანული გაგება ორი ბუნების შეერთებისა და რა სწავლებაა მართლმადიდებლობისა ამ ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით? ჯერ მოკლედ აღვნიშნავთ ამ ყოველივეს და შემდეგ სიღრმისეულად განვიხილავთ.

მოკლედ კი ამგვარად გადმოიცემა აღნიშნული საკითხი, რომ მონოფიზიტური [14]გაგებით, მონოფიზიტური ცრუ სწავლებით, როდესაც ღმერთჰიპოსტასი განკაცდა ანუ როდესაც საღმრთო ბუნების მქონე ძე ღმერთმა კაცობრივი ბუნება მიიღო, საღვთო ბუნებამ, როგორც უძლიერესმა, შთანთქა კაცობრივი ბუნება. მონოფიზიტობაში არსებული, ასე ვთქვათ, სახესხვაობანი და განშტოებანი იმის მიხედვით განსხვავდებიან, თუ რა სიძლიერისაა კაცობრივი ბუნების შთანთქმა საღვთო ბუნების მიერ. ზოგნი ამას შედარებით მცირე დოზას განუკუთვნებენ, ზოგნი უფრო მეტს და ზოგნი ტოტალურს. მათ კვალობაზე არიან უკიდურესი მონოფიზიტები, არიან ზომიერი მონოფიზიტები და მეტად ზომიერი მონოფიზიტები. ე.ი. ეს ხარისხები იმის მიხედვით განისაზღვრება მონოფიზიტობაში, თუ რა დონეზე განსაზღვრავენ ისინი კაცობრივი ბუნების შთანთქმულობას საღვთო ბუნებისგან. ესაა მონოფიზიტური ცრუ სწავლება, რომ ერთი ჰიპოსტასი ბუნებითაც, განკაცების შემდეგ, ერთი დარჩა, [15]ანუ ის არის ერთპიროვანი და ერთბუნებოვანი. თუმცა მონოფიზიტები არანაირად არ უარყოფენ, რომ ორი ბუნება შეერთდა. ზოგს ჰგონია, რომ თითქოს მონოფიზიტები ამას უარყოფენ. ეს, რა თქმა უნდა, ყოვლად შეუძლებელია. ისინი არც მაცხოვრის განკაცებას არ უარყოფდნენ, არც მის ჯვარცმას, არც მის სიკვდილს და არც მის აღდგომას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მონოფიზიტები აღდგომას დიდი ზეიმით ასრულებენ. მაგრამ ისინი საკითხის არსში არ ღრმავდებიან, იმიტომ, რომ მათი, ჩვენს მიერ უკვე თქმული, დებულება მთელ ამ თაყვანისცემით მსახურებას სრულიად ამაოს ხდის და ამაოს წარმოაჩენს. მართლაც, განკაცება როგორ შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ მასში კაცება არ შენარჩუნდა? დაახლოებით ასეთი სიმბოლო რომ მოვიხმოთ: მზემ რომ დააცხუნოს ცვარზე და ეს ცვარი თუ აორთქლდა, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იქ ნოტიოობაა, სისველეა და სხვა. ასე რომ, განკაცება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ ადამიანური ბუნების რეალობას, ნამდვილობას, [16]ნამდვილად შენარჩუნებულობას ვაღიარებთ. მაგრამ თუ ვთვლით, რომ ის აორთქლდა, ის შეისრუტა საღვთო ბუნების სიძლიერემ, ის შთანთქმულ იქნა ანუ ის გაუქმდა, მისი თვისებები გაუქმდა და გადაგვარდა, ცხადია, ეს უკვე განკაცება აღარ არის. თუ განკაცება აღარ არის, მაშინ როგორ შეგვიძლია, რომ აი ამგვარად აღსარებული ღვთის ჯვარცმა ვადიდოთ. იმიტომ, რომ სადღაა ჯვარცმა. საღვთო ბუნება შეუძლებელია, რომ ჯვარცმული იყოს. საღვთო ბუნება, როგორც აბსოლუტურად არამატერიალური, ვერანაირ ხორციელ ტკივილს ვერ განიკუთვნებს, ვერ დაითმენს და სხვა. კაცობრივი ბუნება კი უკვე გაუქმებულად არის მონოფიზიტებისგან აღიარებული. ასე რომ, ჯვარცმისადმი თაყვანისცემა, რაც ფორმალურად მონოფიზიტებში ძალიან ძლიერია (საკითხავებიც კი აქვთ გამოთქმული), ეს არის აბსოლუტურად ფუჭი. რას აღიარებენ, რას სცემენ თაყვანს, როდესაც მის რეალობას უარყოფენ. თუ კაცობრივი ბუნება არ შენარჩუნდა, მაშ რა ეცვა ჯვარს? რომელ ტკივილს ვგულშემატკივრობთ ჩვენ? (ანუ გულშემატკივრობენ [17]მონოფიზიტები). ამაზე დიდი ცთომილება რა უნდა იყოს. მითუმეტეს როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად მოკვდა, თუ მისი კაცობრივი ბუნება აქამდე ჩვენგან უარყოფილია? როგორ განეყო მისი კაცობრივი სული მის კაცობრივ სხეულს, თუ ამ კაცობრივი სულისა და ამ კაცობრივი გონების რეალობა უარყოფილია? რისი აღდგომა მოხდა, რომელ აღდგომას დღესასწაულობს მონოფიზიტობა? თუ კაცობრივი ბუნება შთანთქმულია, გადაგვარებული და გაუქმებულია, საღვთო ბუნება ხომ არ აღდგებოდა. საღვთო ბუნება არც არასოდეს დაეცემა, არც არასოდეს აღდგება, საღვთო ბუნება ყოვლადია, ყოვლის მპყრობელია, ყოვლად იგივეობრივია. ეს მონოფიზიტთაგანაც სრულიადაა გაცნობიერებული, რომ ისინი აღდგომას დღესასწაულობენ მაცხოვრის ადამიანური აღდგომის კუთხით, მაგრამ თუ ეს ბუნება უკვე უარყოფილია მათგან, როგორღაა შესაძლებელი, რომ ჭეშმარიტად იდღესასწაულონ აღდგომა. ასე რომ, მონოფიზიტური აღქმა ორი ბუნების შეერთებისა აი ასეთ გაუკუღმართებათა მთელ წყებას შეიცავს თავის თავში და [18]მთელ მსახურებით და თაყვანცემით ტრადიციას აუქმებს.

მაგრამ ჩვენი აქცენტი არ შეიძლება მხოლოდ მონოფიზიტობაზე იყოს. იმავე მასშტაბით და ცალკეული ასპექტებით კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით გაუკუღმართებას და გაუკუღმართებათა მთელ წყებას შეიცავს თავის თავში ნესტორიანული აღქმა ორი ბუნების შეერთებისა. თუ მონოფიზიტური აღქმით ორი ბუნება იმდენად შეუერთდა ერთმანეთს, რომ ერთმანეთს შეერია, ნესტორიანული აღქმით ორი ბუნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიმეორის გვერდით აღმოჩნდა ყოველგვარი შეერთების გარეშე. მართალია ნესტორიანელები არაიშვიათად ხმარობენ ტერმინ შეერთებასაც, უფრო სწორად დაკავშირებასაც, მაგრამ ისევე როგორც მონოფიზიტების მხრივ ვნახეთ, თუ რაოდენ ფუჭი აღმოჩნდა მათი სხვადასხვა მსახურებითი მხარეები იმ მთავარის უარყოფის გამო, ამგვარადვეა ნესტორიანელებშიც. ისინი მთავარს უარყოფენ და შესაბამისად ნებისმიერი დაკავშირება და რეალური შეერთება საღვთო და კაცობრივი ბუნებისა მათ მიერ საფუძველშივეა უარყოფილი. [19]მათ არ შეიძლება ღმრთეებისა და კაცების შეერთებაზე ისაუბრონ. თვითონ სიტყვა შეერთება იმდენად ტევადი და გამომსახველია, რომ ამ ორი ბუნების განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს ცხადყოფს მაცხოვრის ღმერთჰიპოსტასში. მაგრამ ისინი ამ ორი ბუნების გათიშულობას მოძღვრობენ. ისინი არ ამბობენ და ვერც იტყვიან იმას, რომ ეს ორი ბუნება განუყოფლადაა შეერთებული. ეს ორი ბუნება დაკავშირდა ერთიმეორესთან, ერთიმეორის გვერდით დაიდო, მაგრამ ერთიმეორისადმი არანაირი ზემოქმედება არ ჰქონია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონოფიზიტობა ორი ბუნების შეერთებას საღვთო ბუნებისგან ისეთი ზემოქმედების მქონედ აღიარებს, რომ კაცობრივი ბუნება ისპობა, ნესტორიანელობა კი ორი ბუნების დაკავშირებას იმ სახით აღიარებს, რომ ეს ორი ბუნება მხოლოდ და მხოლოდ დადებულია ერთიმეორის გვერდით ყოველგვარი ურთიერთქმედების, რეალური შეერთების და მითუმეტეს განუყოფლობის გარეშე და შესაბამისად განკაცება კვლავ ფიქცია ხდება. იმიტომ, რომ თვითონ სიტყვა [20]“განკაცება” გვიჩვენებს, რომ მან ვისაც ადამიანობა არა აქვს ეს ადამიანობა უნდა მიიღოს, ის ვისაც ადამიანობა არა აქვს ამ ადამიანური ბუნების მიმღები უნდა იყოს. და თუ, როგორც ნესტორი ამბობს,  ღმერთი პიროვნება დაუკავშირდა ადამიან პიროვნებას, ამ ღმერთ პიროვნებას ისედაც არ მიუღია ადამიანური ბუნება, ის უბრალოდ ადამიანური ბუნების მქონე პიროვნებას დაუკავშირდა და სადღაა აქ განკაცება? განკაცება სწორედ ისაა, რომ კაცობრივი ბუნების არმქონემ კაცობრივი ბუნება მიიღო. და თუ კაცობრივი ბუნების არმქონე კვლავაც ამ ბუნების არმქონე დარჩა, რადგან ბუნებას კი არ დაკავშირებია ის, არამედ ამ ბუნების მქონე ადამიან პიროვნებას, რა თქმა უნდა, ეს უკვე განკაცება აღარ არის. და არათუ განკაცება აღარ არის, საზოგადოდ მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს ერთი არსის ერთი სინამდვილის შესახებ საუბრისას. ნესტორის მიხედვით ღმერთპიროვნება დაუკავშირდა ადამიან პიროვნებას. ამგვარი დაკავშირებანი, როგორც ეკლესიის მამები არაიშვიათად შენიშნავენ, [21]მრავალგზის მომხდარა იესო ქრისტეს ხორციელ შობამდეც და მრავალგზის მოხდება მაცხოვრის ხორციელი შობის შემდეგაც. ანუ ღმერთპიროვნება ადამიან პიროვნებას მრავალგზის დაკავშირებია. უფალი წინასწარმეტყველთ უკავშირდებოდა, მოციქულებს დაუკავშირდა, ყველა წმინდანს ღმერთპიროვნება უკავშირდება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის განკაცება და თუ ჩვენ ამას განკაცებას დავარქმევთ, მაშინ განკაცებანი აურაცხელ შემთხვევაში მოხმდარა და საკუთრივ მაცხოვრის განკაცება არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობისა არ ყოფილა, რადგან ანალოგიური თურმე მრავალი მომხდარა. აი ასეთი საშინელების შემცველია ნესტორიანული ცრუ სწავლება ორბუნებოვნების შესახებ, მათი გაგება ორბუნებოვნებისა.

რაც შეეხება მართლმადიდებლურ სწავლებას: მართლმადიდებლური სწავლება ერთი მხრივ მონოფიზიტობას კატეგორიულად აღმოფხვრის იმის დოგმატურად აღიარებით, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი. მართლმადიდებლობა მკვეთრად უსვამს ხაზს კაცობრივი ბუნების სრულად შენარჩუნებას. იმიტომ, რომ ერთი თვისებაც რომ [22]კაცობრივი ბუნებისგან ბუნებითად გაუქმებული იყოს შეერთების შემდეგ, ეს ბუნება უკვე კაცობრივი ბუნება აღარ იქნებოდა. ამ სწავლებაში, სხვათაშორის, თანხვდება მონოფიზიტობაც, მართლმადიებლობაც, ნესტორიანელობაც, ანტიკური ფილოსოფიაც და ყველა, რომ ბუნებას თუკი ერთი ბუნებითი თვისება გამოაკლდება ის ბუნება ისპობა, ან სხვა ბუნებად გარდაიქმნება. იმიტომ, რომ ბუნებითი თვისება სწორედ ისაა, რომლის გარეშეც ეს ბუნება არ შეიძლება არსებობდეს. ნიმუშად რომ ვთქვათ, მაგალითად მიწას რომ სიმძიმის თვისება გამოაკლდეს, ის მიწა უკვე აღარ იქნება. წყალს რომ სისველის თვისება გამოაკლდეს, ის წყალი აღარ იქნება. ჩვენ ადრე ოთხელემენტოვანი ონტოლოგიის შესახებ გვქონდა განხილვა, რომ ეკლესიის მამათა სწავლებით ერთი ნივთიერი ბუნება მეორე ნივთიერ ბუნებაში სწორედ ამის კვალობაზე გადადის, რომ შესაძლებელია მათში თვისებათა შეცვლა. კვლავ შეგვიძლია ეს სწავლება მოვიხმოთ, რომ მაგალითად მიწის თვისებებიდან, რომ მიწა არის მძიმე, ცივი და მშრალი, [23]ერთ-ერთის შეცვლის საფუძველზე შეიძლება მიწა წყლად გარდაიქმნეს, კერძოდ თუ სიმშრალის ნაცვლად მიწა სისველის თვისებას მიიღებს. იმიტომ, რომ მძიმე, ცივი და სველი არის წყალი. საკმარისია სიმძიმის თვისება წყლისა გაუქმდეს, რომ ეს წყალი ჰაერი ხდება, რადგან ჰაერი იტევს, ერთი მხრივ, სიმსუბუქეს და მეორე მხრივ ნოტიობას. მაგრამ საკმარისია ჰაერის ნოტიობა სიმშრალე გახდეს, რომ ეს ჰაერი ცეცხლად გარდაიქმნება, რადგან სიმსუბუქისა და სიმშრალის თვისებები სწორედ ცეცხლს აქვს. საკმარისია ცეცხლის სიმშრალე სიმძიმედ გარდაიქმნეს, რომ ის მიწა ხდება, იმიტომ, რომ მძიმე და მშრალი სწორედ მიწაა.

არსებობს შეძენილი თვისებებიც, არსებობს ადვილად შეთვისებადი და ადვილად დაკარგვადი თვისებები. ჩვენ ამაზე თავის დროზე საუბარი გვქონდა, რომ ეკლესიის მამათა სწავლებით გამოიყოფა თვისებათა სამი კატეგორია. ერთია ბუნებითი თვისებები ანუ იგივე თანდაყოფილი თვისებები. რაწამს არსებობს ესა თუ ის არსი მყისვე ეს თვისებები არის მასში, [24]ანუ მისი ბუნების განმსაზღვრელი. აი ამგვარ თვისებათაგან ერთის გაქრობაც კი მთელი ბუნების მოსპობას იწვევს და როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამაში არის სრული ერთაზროვნება ნებისმიერ მოაზროვნეთა შორის. მეორე კატეგორიის თვისებაა არათანდაყოლილი, მაგრამ მყარად შთანერგილი, რასაც ბერძნულში სპეციალური ტერმინი აქვს “ჰექსის” და რაც ქართულად მრავალგვარად ითარგმნებოდა, ითარგმნებოდა როგორც “წესი, ჩვეულებაი, გუარი”, ბოლოს “ანაგები” დამკვიდრდა, რომელიც გახდა ტერმინოლოგიური შესატყვისი ბერძნული “ჰექსის”-ისა. ე.ი. ესაა შეძენილი, მაგრამ ძნელად მოსაშორებელი ანუ მყარად შთანერგილი თვისება, ფაქტობრივად რომ ემსგავსება და თითქმის უტოლდება ბუნებითი თვისების სიმყარეს. მაგრამ ის მაინც შეძენილია, უდიდესი სირთულეა მისი მოშორება, მაგრამ ასეა თუ ისე მისი მოშორება ბუნების მოსპობას არ გამოიწვევს. შეიძლება ძალიან დააზიანოს ბუნება, მაგრამ მის მოსპობას არ გამოიწვევს. და მესამე გახლავთ თვისება, რომელსაც ადვილად იღებს ადამიანი და ადვილად შეიძლება მოიშოროს, რომელსაც ბერძნულში ეწოდება [25]“დიათესის” და რისი პირდაპირი, ბუკვალური შესატყვისია ქართული სიტყვა “განწყობა”. თვითონ ბერძნული სიტყვაც ამავე ეტიმოლოგიისაა, რადგან “დია” არის “გან”, ხოლო “თესის” არის დალაგება, დაწყობა, დადება და სხვა. ასე რომ, “დიათესის” ანუ იგივე ლათინური “დისპოზიციო” და რუსული “რასპალაჟენიე”, ქართული “განწყობა”, “განწყობილება” კარგად იტევს ამ ტერმინის თვისობრივ გაგებას, რომ როგორც ქართული “განწყობა” ერთი მხრივ დაწყობა-დალაგებას ნიშნავს, მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვას უკვე შეძენილი აქვს შინაარსი ქმნილების მნიშვნელობით, თუ რა განწყობა მაქვს მე დღეს, რა განწყობილება მექნება ხვალ. და ეს განწყობილება კარგად იტევს ადვილცვალებადობის შინაარსს. რაღაც განწყობა, მდგომარეობა ანუ თვისობრივი ვითარება მე ამ წუთში მაქვს, მაგრამ მეორე წუთში შეიძლება არ მქონდეს. აი ეს “დიათესის”, რაც ძველქართულად ყველაზე უფრო გამოკვეთილი ტერმინოლოგიური შესატყვისობით გელათურ სკოლაში გადმოიცემოდა, როგორც მოწ..., ნიშნავს რაღაცისადმი სიყვარულით მიდრეკას, იგივე მიდრეკილებას. [26]აი ეს მიდრეკილება შეიძლება ერთი გვქონდეს, რომელიც შემდეგ შეიცვალოს და სხვა. თუმცა უფრო კარგი შესატყვისი მაინც “განწყობაა”, რადგან ეს სიტყვა კარგად იტევს ადვილცვალებადობის ნიუანსს.

აი ეს სამი კატეგორიის თვისებ გახლავთ და ამათგან ჩვენი აქცენტი ამჯერად არის პირველზე, ბუნებით თვისებაზე, რომლის შეცვლითაც ბუნება ისპობა. ამით კი იმის თქმა გვინდა, რომ თუ კაცობრივ ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისებაც კი შეიცვალა ეს კაცობრივი ბუნება უკვე კაცობრივი ბუნება აღარ იქნება და ის ფაქტობრივად მოსპობილი იქნება. თუ საღვთო ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისება შეიცვალა, თუ ანგელოზურ ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისება შეიცვალა, ეს ბუნებანიც გაუქმებულია. ამიტომ, ვსაუბრობთ რა იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ბუნება ნესტორიანული აღსარებით ერთიმეორესთან თითქოსდა რაღაც კავშირშია, მაგრამ ეს კავშირი მის მიერ გამოკეთილი არ არის, რადგან ის ორ ბუნებასთან ერთად აღიარებს ორპიროვნულობასაც და ესაა მკვეთრი ცთომილება მისი. შესაბამისად ნესტორის მოძღვრების [27]ამ ცრუ დებულების შიგნით დამალული უკუღმართობანი მსმენელისთვის, მკითხველისთვის, ნებისმიერი მართლმადიდებლურად მოაზროვნე ადამიანისთვის ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ ორი ბუნება ერთიმეორეს არ დაკავშირებია, მაშინ განკაცებაც არ მომხდარა. მაგრამ თუ დაუკავშირდა და ერთ-ერთი თვისება შეიცვალა, მაშინ ის ბუნება მთლიანად მოსპობილა და განკაცებაც არ მომხდარა. ერთს ნესტორიანელობა აღიარებს, მეორეს მონოფიზიტობა, მაგრამ არსებითად ორივე მათგანი უარყოფს, როგორც აღვნიშნეთ, განკაცებას. უარყოფს პირველიც, უარყოფს მეორეც, მონოფიზიტობაც, რადგანაც იგი უშვებს განკაცებას სავსებით რეალურად, რომ მართლაც მიიღო ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ საღვთო ბუნებამ ეს ადამიანური ბუნება თავის თავში შთანთქა. განკაცება მართალია მოხდა, მაგრამ ვერ შენარჩუნდა. აი ასეთია მონოფიზიტობის სახე, რომ საღვთო ბუნებასთან კაცობრივი ბუნების [28]შეერთების პირველწამშივე განკაცება უკვე მოსპობილია, იმიტომ, რომ კაცობრივი ბუნება გაუქმებულია. ნესტორიანიზმი საერთოდ არ უშვებს განკაცების შესაძლებლობას, რადგან ის აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ორი პიროვნების შეერთებას და ორბუნებოვნებას იმდენად აღიარებს, რამდენადაც ეს ორი პიროვნება თავ-თავის მხრივ ბუნებებს შეიცავს, რომ ღმერთპიროვნება, რომელიც უერთდება ადამიან პიროვნებას, ეს ღმერთი პიროვნება თავის მხრივ საღვთო ბუნების მქონეა, ადამიანი პიროვნება თავის მხრივ ადამიანური ბუნების მქონეა და ეს ორი პიროვნება როდესაც ერთდება, შესაბამისად ერთდება ორი ბუნებაც. მაგრამ ორი ბუნების შეერთების წინაპირობა ნესტორისთვის არის ორი პიროვნების შეერთება. ასე რომ, ის რეალურად არანაირ განკაცებას არ აღიარებს.

სწორედ ამ ორ გაუკუღმართებულ მხარეს შორის არის მართლმადიდებლური სწავლება, რომელმაც დოგმატურად ხაზი გაუსვა რა განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას მთლიანად აღმოფხვრა, როგორც უკვე ვთქვით, მონოფიზიტობა, სწორედ იმის გამო, რომ თუნდაც ერთი [29]ბუნებითი თვისების გაუქმებაზე ემსჯელათ მონოფიზიტებს, რომ მხოლოდ ერთი თვისება გაუქმდა კაცობრივი ბუნებისა და სხვა ყველაფერი შენარჩუნდა, ისინი მაინც განკაცების უარმყოფელნი იქნებოდნენ, რადგანაც ამ ერთი ბუნებითი თვისების გაუქმებით, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მთელი ბუნება გაუქმდებოდა. არაა აუცილებელი ჩვენ ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ მონოფიზიტთა აღსარებით ყველა კაცობრივი ბუნება უქმდება. ერთი თვისებაც რომ თქვან მონოფიზიტებმა,  რომ გაუქმდა, უკვე ეს ტოლფასია იმისა მათ რომ თქვან ყველა თვისება კაცობრივი ბუნებისა გაუქმდა ანუ კაცობრივი ბუნება როგორც ასეთი გაუქმდა. შესაძლოა ის სხვა თვისებები, რომელთა გაუქმებასაც ისინი ხაზს არ უსვამენ, თავისთავად ობიექტურად, ონტოლოგიურად ანუ ყოფიერებითად შენარჩუნდა, მაგრამ შენარჩუნდა უკვე სხვა ბუნებად, ის სხვა ბუნებად გარდაიქმნა. ისევე როგორც, როდესაც აღვნიშნავდით, რომ მიწას თუ მოაკლდება სიმშრალე და ამის ნაცვლად ის შეიძენს სისველეს წყალი ხდება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მას შეეცვალა სიმძიმის თვისება, წყალსაც აქვს სიმძიმის თვისება, მაგრამ ეს სიმძიმის თვისება უკვე მიწის ბუნებას ვეღარ ქმნის, [30]ის სისველესთან კავშირში წყლის ბუნებას ქმნის და მიწის ბუნება, როგორც ასეთი, და მიწა როგორც ბუნება მთლიანად მოსპობილია. იგივეა ამ შემთხვევაშიც, რომ კაცობრივი ბუნების ერთი თვისებაც რომ გაუქმებულად აღიარონ მონოფიზიტებმა ეს ტოლფასია იმისა, რომ მთელი კაცობრივი ბუნების გაუქმებულობა აღიარონ მათ. აი ეს მოსპო და გააუქმა მართლმადიდებლობამ იმ დოგმატის აღიარებით, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი. მაგრამ აქ მეორე საფრთხეა. ეს ორბუნებოვნება მართალია აუქმებს ორი ბუნების შერწყმას და ერთი ბუნების, კაცობრივი ბუნების, მოსპობას, მაგრამ არანაკლები საფრთხე რჩება. ეს ორი ბუნება საერთოდ დაუკავშირდა კი ერთმანეთს რეალურად, შეერთდა კი ეს ორი ბუნება? აი ამ მეორე, ანუ ნესტორიანულ საცთურს, რომელიც ფაქტობრივად უარყოფს ამ ორი ბუნების შეერთებას, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, გარდაკუეთით აღმოფხვრის დოგმატის პირველი ნაწილი – “ღმერთი სიტყვის ერთი პიროვნება”, რომ განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის ერთი პიროვნება ორბუნებოვანი. ორბუნებოვნება აღმოფხვრის მონოფიზიტობას, [31]ერთპიროვნულობა განკაცებული ღვთისა, აღსარებული ყველა მართლმადიდებლის მიერ, აღმოფხვრის ნესტორიანელობას. იმიტომ, რომ ერთ პირზეა საუბარი, ერთმა პირმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი ბუნება, საღვთო ბუნება, თავის წიაღში მიიღო მეორე ბუნებაც. და შეუძლებელია, რომ ერთ პიროვნებაში ორი ბუნება ურთიერთკავშირში არ იყოს, რადგან ერთიდაიმავე პიროვნებისაა ორივე ბუნება. როგორც ყველა ჩვენთაგანში, რომლებიც ერთი პიროვნებანი ვართ, არსებობს ორი ბუნება – სხეულებრივი და სულიერი და რადგანაც ორივე ჩვენია, რომლებიც ერთმანეთს განუყოფლად უკავშირდება, ამგვარადვე მაცხოვარშიც, ერთპიროვნებაშიც ორი ბუნება განუყოფლადაა დაკავშირებული. მაგრამ თვით ორი ბუნების მკვეთრად ხაზგასმა ამ დაკავშირების შერევას, ურთიერთშეთქვეფას ყოვლითურთ აღმოფხვრის, ხოლო ორი ბუნების ერთ პიროვნებად რჯულდება ამ ორი ბუნების დაუკავშირებლობას, შეუერთებლობას აღმოფხვრის. ეს ორი ბუნება ჭეშმარიტად დაუკავშირდა ერთმანეთს და ამას ცხადყოფს ერთპიროვნულობა ამ ორი ბუნებისა. ხოლო იმას, რომ ეს ერთი პიროვნება [32]თავის თავში ორი ბუნების შერევნას არ შეიცავს, ამას ცხადყოფს ტერმინი ორბუნებოვნება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ორბუნებოვნების ღირსებას, თვითონ ტერმინის ღირსებას, ერთი პიროვნების ორბუნებოვნების ღირსებას, რომ რაწამს ვამბობთ კაცობრივ ბუნებას, ხოლო ორბუნებოვნებას რადგან ვამბობთ ვგულისხმობთ კაცობრივ ბუნებას და საღვთო ბუნებას. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კაცობრივ ბუნებას ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადსრულად, ყველა თავისი თვისებით შენარჩუნებულად. როგორც აღვნიშნეთ ერთი ბუნებითი თვისებაც კაცობრივი ბუნებისა ბუნებითად რომ გაუქმებულიყო, მაშინ ეს კაცობრივი ბუნება თავისთავად გაუქმებული იქნებოდა და ტერმინი ორობუნებოვნება, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ის ბუნება აღარ არსებობს, რომელშიც ერთი თვისებაც კი გაუქმდა. ამიტომ მკვეთრად ვუწოდებთ რა განკაცებულ ღმერთს ორბუნებოვანს, ამით, ასევე მკვეთრად ხაზს გავუსვამთ, რომ ის არის სრულად ორბუნებოვანი, სრულად კაცობრივი ბუნებით და სრულად საღვთო ბუნებით, ანუ უკეთ პირიქით, სრულად საღვთო ბუნებით და სრულად კაცობრივი ბუნებით. მაგრამ ერთ პიროვნებაში [33]ორი ბუნების თანაარსებობა რას ნიშნავს, რაც არის სწორედ ნესტორიანიზმის ვერ გაგება და რითაც იგი თიშავს ამ ორ ბუნებას, აი ესაა ყველაზე რთულად განსამარტავი. მართალია ეკლესიური სწავლება, მართლმადიდებლობა ერთი მხრივ უარყოფს მონოფიზიტურ შეთქვეფას, მაგრამ ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, იგი უარყოფს ნესტორიანულ გათიშულობასაც ამ ორი ბუნებისას. მაგრამ თუ გათიშულობა არაა ამ ორი ბუნებისა, რა სახით უკავშირდებიან ეს ორი ბუნებანი ერთმანეთს, რა ტერმინი აქვს გამოყენებული მართლმადიდებლობას? არა შერევნა, არა განყოფა, მაგრამ გამდიდრება, რომ საღვთო ბუნება როდესაც შეერთებული ხდება კაცობრივ ბუნებასთან, არანაირი მათი შეთქვეფა არ ხდება, ამავე დროს არანაირი გათიშულობა მათ შორის არ რჩება, არამედ საღვთო ბუნებისგან მდიდრდება კაცობრივი ბუნება. გამდიდრებულობა არანაირად არ ნიშნავს კაცობრივი ბუნების რომელიმე ბუნებითი თვისების, არათუ მთელი სისრულით, არამედ ოდნავ მაინც აღმოფხვრას. ეს ბუნებითი თვისებანი სრულად ნარჩუნდება, [34]მაგრამ გამდიდრება სწორედ ისაა, რომ საღვთო ბუნების ამა თუ იმ თვისებით, არა ბუნებითად, არამედ გამდიდრებითად აღივსება კაცობრივი ბუნება. ეს გამდიდრებითი თვისებები ეკლესიის მამათა სწავლებით არის ოთხი: 1) მცოდნეობა. საღვთო ბუნებისგან საღვთო ცოდნა მყისიერად კაცობრივი ბუნების გამაშუქებელი ხდება; 2) საღვთო ბუნების ბუნებითი ცხოველმყოფელობა კაცობრივი ბუნების, თავისთავად ბუნებითად არაცხოველმყოფელის ცხოველმყოფლად გარდამქმნელი ხდება, მხოლოდ გამდიდრებითად და არანაირად სხვა აზრით. ე.ი არა ბუნებითად გარდამქმნელი, არამედ გამდიდრებითად, რომ ის ავლენს, ის ირეკლავს, ის გამსჭვალული ხდება ამ თვისებით და გადასცემს სხვას. ისევე როგორც სარკეში მზე აირეკლება, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ მზის რომელიმე თვისება სარკის რომელიმე ბუნებითი თვისება გახდა და ამ არეკვლით სარკის არცერთი თვისება არ უქმდება ოდნავადაც კი, ამგვარადვე კაცობრივმა ბუნებამ აირეკლა [35]საღვთო ბუნების თვისებანი, რითაც იგი გამდიდრდა. 3) საღვთო ძლიერება და 4) საღვთო მეუფებრიობა. აი ამ ოთხი თვისებით მდიდრდება კაცობრივი ბუნება შეერთების პირველწამიდანვე.

ასე რომ, მონოფიზიტობა ორბუნებოვნებას აღიქვამს ურთიერთშეთქვეფის კუთხით, ნესტორიანელობა ორბუნებოვნებას აღიქვამს ურთიერთგათიშულობის კუთხით, მართლმადიდებლობა კი ორბუნებოვნებას აღიქვამს საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნების გამდიდრების კუთხით. აი ამის წვდომაა უარსებითესი და ამიტომ ვამბობდით დასაწყისში, რომ მხოლოდ თქმა იმისა ჩვენ ვაღიარებთ ორი ბუნების შეერთებას, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არ არის. იმიტომ, რომ ორი ბუნების შეერთებას აღიარებს მონოფიზიტობა, მაგრამ აღიარებს იმ კუთხით, რომ კაცობრივი ბუნება იძლია საღვთო ბუნებისგან და შთაინთქა მისგან. ორი ბუნების დაკავშირებას გარკვეულწილად [36]აღიარებს ნესტორიანელობა, მაგრამ შუამავლობითად, რომ ორი პიროვნება როდესაც დაუკავშირდა ერთმანეთს, შესაბამისად მათი ბუნებანიც დაუკავშირდა. მაგრამ ეს არაა რეალური, ნამდვილი კავშირი და ფაქტობრივად ნესტორიანელობა ორი ბუნების ერთიმეორის გვერდით დადებას, ყოველგვარი ურთიერთზემოქმედების გარეშე გათიშულობას მოძღვრობს. ხოლო მართლმადიდებლობა ასწავლის იმას, რომ შეერთდა ორი ბუნება და ამავე დროს დასძენს, რომ სრულად შენარჩუნებით კაცობრივი ბუნებისა, მაგრამ ამავე კაცობრივი ბუნების გამდიდრებით საღვთო ბუნების თვისებებისგან. გამდიდრების შესახებ მოძღვრება გახლავთ ის ცენტრალური სწავლება, რითაც განისაზღვრება მართლმადიდებლური მოძღვრება განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების შესახებ და რითაც იგი ემიჯნება როგორც ნესტორიანიზმს ასევე მონოფიზიტობას.

 

 

349–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=pe-3mhS1OHQ



განკაცების შესახებ ნესტორიანული, მონოფიზიტური და მართლმადიდებლური სწავლება (ნაწილი მეორე)

ჩვენ კვლავ იმ ურთულეს თემას ვეხებით, რაც ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუ მოძღვრებების მხილებას გულისხმობს და ამავე დროს მართლმადიდებლური სწავლების, ყველაზე უფრო განზოგადებული შტრიხებით მსმენელისათვის გადაცემას.

შევეხეთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მონოფიზიტობა აღიარებს რა ორი ბუნების შეერთებას, მხოლოდ ფორმალურად ხდება ამ მოძღვრების ამღიარებელი, რადგანაც მყისვე, ამ ცრუ სწავლების მიხედვით, კაცური ბუნება უქმდება, შთაინთქმევა, ირღვევა საღვთო ბუნების მოქმედებით და ორბუნებოვნება, მათი გაგებითა და მათი აღსარებით, არანაირად ნარჩუნდება. ამიტომ ეს აღარაა და არანაირად არც შეიძლება იყოს მოძღვრება ორბუნებოვნების შესახებ. გარეგნულად, თითქოს, უფრო მიახლოებულია ჭეშმარიტებასთან [1]ნესტორიანელობა, თუმცა ეს გარეგნული მიახლოება აძლიერებს იმ სირთულეს, რაც ერეტიკული მზაკვრობის გამოვლინებას გულისხმობს. მონოფიზიტობაში ეს უფრო გამჭვირვალეა, რადგან მონოფიზიტი არ მიიჩნევს, არ დებს თავს ორბუნებოვნებაზე, არამედ პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ერთბუნებოვნების აღმსარებელია, რომ ორი ბუნება ერთ ბუნებად შეერთდა, ერთ ბუნებად შეირწყა, ერთ ბუნებად შედგა. ამის საპირისპიროდ ნესტორიანელობა მკვეთრად უსვამს ხაზს ორბუნებოვნებას, მაგრამ აქ საცთურის მატებასთან ერთად ცთომილებაც გაცილებით ღრმაა, რადგანაც საერთოდ უარყოფილია თვით ის შეერთებაც კი. თუ მონოფიზიტობაში თვით შეერთება ორი ბუნებისა არანაირად არაა უარყოფილი და ერთ პიროვნებაში აღიარებენ ისინი ამ შეერთებას და ამ მხრივ მონოფიზიტობა თანხმობაშია მართლმადიდბლობასთან და განერიდება ნესტორიანელობას და ამ კუთხით მონოფიზიტობა უფრო ნაკლებ ცთომილებაშია, მეორე მხრივ ნესტორიანელობა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ყოველგვარ შეერთებას უარყოფს. იქ არცაა [2]საუბარი შეერთებაზე, შეერთებაზეა საუბარი მხოლოდ პიროვნებებთან დაკავშირებით, ორი პიროვნების შეერთებას გულისხმობს ნესტორიანელობა, ძე ღმერთისას და კაც იესოსი. ორივე მათგანს, რა თქმა უნდა, ბუნებანი აქვთ, ძე ღმერთს - საღვთო ბუნება, კაც იესოს – ადამიანური ბუნება და ორი ბუნება იმდენად ერთდება ნესტორის კვალობაზე, რამდენადაც ერთდება ორი პიროვნება. ამ ორ პიროვნებას მათი თანმხლები ბუნებანიც, ცხადია, არ აღმოეფხვრება და ორი პიროვნების შეერთების შედეგად ორი ბუნებაც რაღაცნაირად ერთიმეორეს უკავშირდება. მაგრამ ეს, ცხადია, არანაირად არაა ორი ბუნების შეერთების შესახებ მოძღვრება, რადგანაც ორი ბუნების შეერთებაზე ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, როდესაც ერთ პიროვნებაზე გვაქვს მსჯელობა. თორემ ორი პიროვნების შეერთება, კვლავ აღვნიშნავთ, კაცობრიობის ისტორიაში მრავალგზის დადასტურებულა. ყველა მაგალითი, სადაც უფალი წმინდანთან დაკავშირებით მისდამი მადლის მიმფენი ყოფილა, ორი პიროვნების დაკავშირებას ცხადყოფს: [3]ერთი ღმერთი, მეორე განწმენდილი ადამიანი, რომელსაც უფალი მადლს მიჰფენს ანუ პიროვნულად მას უკავშირდება. და თუ ეს პიროვნული დაკავშირებანი განკაცებას გულისხმობს, მაშინ აურაცხელ შემთხვევაში მომხდარა, ხდება და მოხდება განკაცება. ასე რომ, ნესტორიანელობა კიდევ უფრო მეტი ცთომილებაა, ვიდრე მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის ცთომილება მეორე ნაწილშია მოძღვრებისა, პირველ ნაწილში ისინი არ ცდებიან, მართლმადიდებლობასთან თანხმობაში არიან, ამბობენ რა, რომ ჭეშმარიტად მოხდა ძე ღმერთის განკაცება ანუ ადამიანური ბუნების მიღება მისგან. მაგრამ მათივე მოძღვრებით მიიღო რა ადამიანური ბუნება ძე ღმერთმა თვით ადამიანური ბუნება რა სახით არის ძე ღმერთის პიროვნებაში შენარჩუნებული, აი ამ მხრივ ცდებიან უკიდურესად მონოფიზიტები, ამბობენ რა, რომ ეს ბუნება არ შენარჩუნდა. მაგრამ ნესტორიანელობა ამ მოძღვრების თვით სათავეს უარყოფს, შეერთება საერთოდ გაუქმებულია ნესტორის მოძღვრებაში და შესაბამისად სხვა ნაწილებიც, თავისთავად ცხადია, მცდარია. ასე რომ, ფორმალური მიმსგავსებულობა მართლმადიდებლობასთან ორბუნებოვნების [4]ნიშნით, რაც, სხვათა შორის, მონოფიზიტებს ძალიან აბნევდათ და ისინი ხშირად მართლმადიდებლობასა და ნესტორიანელობას ერთიმეორეში ურევდნენ, შეიძლება ითქვას ერთიმეორეში გაეთქვიფათ ეს ორი მოძღვრება - ერთი წმინდა და მეორე მწავლებლური, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ორბუნებოვნებას აღიარებს. მაგრამ ეს არის მხოლოდ ფორმალური ნიშანი. კვლავ ხაზს გავუსვამთ, ჩვენ ჭეშმარიტი ორბუნებოვნების აღმსარებელნი მაშინ ვართ, როცა ამ ორი ბუნების რეალურ შეერთებაზე ვმსჯელობთ. არა ფორმალურ, როგორც ეს ნესტორთანაა, გამომდინარე იქიდან, რომ რადგან ორი პიროვნება შეერთდა ამიტომ შეერთდა თითქოსდა ორი ბუნებაც, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ერთმა პიროვნებამ, მხოლოდ და მხოლოდ საღვთო ბუნების მქონემ განკაცებამდე, განკაცებისას თავის ერთ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა კაცობრივი ბუნება. ერთ პიროვნებაში ორი ბუნების თანაარსებობა გახლავთ ამ ორი ბუნების ურთიერთკავშირის უმწვერვალესი, როგორც ეს ეკლესიის მამათაგან გამოითქმის, [5]გამოვლინება ამ დაკავშირებისა. ანუ ესაა უმწვერვალესი შეერთება. მსგავსი შეერთება ორი ბუნებისა – საღვთო და ადამიანური ბუნებისა, რა თქმა უნდა, არასოდეს არ მომხდარა, არც არასოდეს მოხდება. ამიტომ ეწოდება მას უმწვერვალესი შეერთება, ე.ი. ყველაზე უფრო მაქსიმალურად აღმატებული სახე შეერთებისა. თუმცა ეს აღმატებულება მხოლოდ იმ წერტილამდეა, რა წერტილამდეც ორივე ბუნება აბსოლუტურად ინარჩუნებს თავის ყველა თვისებას. იმ მწვერვალამდეა ეს შეერთებულობა სანამ ორივე ბუნება სრულად არის შენარჩუნებული. როგორც წინა საუბარშიც აღვნიშნავდით, ჩვენ შეგვიძლია სიტყვა “სრულად” არც დავამატოთ, რადგან ერთი თვისების ნაკლებობაც კი უკვე მთლიანად უარყოფს ორბუნებოვნებას. იმიტომ, რომ კვლავ ხაზს გავუსვამთ, ყველა ბუნებითი თვისება შენარჩუნებული უნდა იყოს ამა თუ იმ ბუნებაში, ამა თუ იმ არსში და საკმარისია თუნდაც ერთი ბუნებითი თვისება გაუქმდეს, რომ ეს ბუნება თავისთავად უქმდება და ისპობა. იმიტომ, რომ ბუნებითის გაუქმება ბუნების გაუქმებასაც ნიშნავს. ამიტომ არა აქვს აქ [6]მნიშვნელობა იმაზე ხაზგასმას, რომ ვთქვათ მხოლოდ ერთი თვისება ხომ არ გაუქმდა მაცხოვრის ბუნებაში და ნუთუ არ შეგვიძლია ცოტა მაინც კომპრომისზე რომ წავიდეთ. მაგალითად ისტორიულად მონოფიზიტობასთან ურთიერთობისას საუკუნეთა მანძილზე თუნდაც საქართველოსთვის ეს პრობლემა იყო, რადგანაც მონოფიზიტურ სომხეთთან ძალიან ახლო კავშირში იმყოფებოდა და არაერთგზის წამოიჭრებოდა ეს საკითხი, რომ ხომ არ შეგვეძლო გარკვეული კომპრომისი, ვთქვათ, გვეთქვა, რომ რაღაც თვისებაში კაცობრივი ბუნება საღვთო ბუნებისგან იძლია და ის თვისება მასში ბუნებითად აღმოიფხვრა. ე.ი. ერთი თვისების დონეზე მაინც მიგვეღო მონოფიზიტთა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ კაცობრივი ბუნება საღვთო ბუნების სიძლიერემ გარდაქმნა ბუნებითად. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ აქ ერთზე, ორზე და ზოგადად რაოდენობაზე არაა საქმე, ერთი ბუნებითი თვისების ბუნებითი შეცვლაც რომ ვაღიაროთ, ეს უკვე მთელი ბუნების შეცვლას უდრის. აბსოლუტურად იდენტურია თქმა იმისა, რომ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში ერთი თვისება მოსპო საღვთო ბუნებამ და თქმა იმისა, რომ მაცხოვრის მთელი კაცობრივი [7]ბუნება მოსპო საღვთო ბუნებამ. ამ ორ ფორუმულირებას შორის არავითარი სხვაობა არაა. ეს ჩვენ შეიძლება გარეგნულად წარმოგვიჩნდება სხვაობად ეს ორი გამონათქვამი, თორემ არსობრივად, დოგმატურად, სწავლებითად ეს იდენტურია. გამომდინარე იქიდან, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ არა მხოლოდ ადამიანურ, არამედ ნებისმიერ სხვა ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისების გაქრობაც კი ამ ბუნების გადაგვარებას, ამ ბუნების ამ სახით მოსპობას იწვევს. ეს ბუნება უკვე ეს ბუნება აღარაა. ადამიანურ ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისების გაუქმება ადამიანური ბუნების გაუქმებას ნიშნავს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დავუშვათ ცალკეული კომპონენტები ბუნებაში უქმდება საერთოდ და არაფრობა ხდება, არამედ სხვა ბუნებად გადაიქცევა, ის ადამიანური ბუნება აღარ იქნება. ისევე როგორც მიწის თვისებებში ერთი თვისებაც რომ გაუქმდეს, ეს მიწა წყლად გადაიქცევა, წყალში ერთი თვისებაც რომ გაუქმდეს ის ჰაერად გადაიქცევა და ა.შ. ე.ი. დანარჩენი თვისებები კი არ ქრება და არაფრობა კი არ ხდება, ნარჩუნდება, თავისთავად ცხადია, მაგრამ სხვა ბუნებად წარმოჩნდება და სხვა ბუნებად გარდაიქმნება. [8]ამიტომ თუ მაცხოვრის ადამინურ ბუნებაში თუნდაც ერთი ბუნებითი თვისება გაუქმდა საღვთო ბუნების მძლეობით, ეს ბუნება უკვე ადამიანური ბუნება აღარაა, როგორც ადამიანური ბუნება ის მთლიანად მოსპობილი უნდა იყოს. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ, რაც არ უნდა იკონომიის მოთხოვნილება იყოს ვინმესგან და სხვა და სხვა (ვფიქრობთ საკმაოდ დგება ეს საკითხი დღესაც, როცა არის საუბარი სხვადასხვა დიალოგზე თუ ურთიერთკომპრომისებზე), ამ კუთხით კომპრომისზე ვისაუბროთ. ზოგადად კომპრომისი, იკონომია ეკლესიურად განსაზღვრულია რა ჩარჩოებს უნდა იტევდეს. დოგმატიკასთან დაკავშირებით კომპრომისი უბრალოდ შეუძლებელია. არა რაღაც პირადი ახირებისა და არა სხვათა მიმართ შეურიგებლობის გამო, არამედ შეუძლებელია სწავლებითად. იმიტომ, რომ თავისთავად აუქმებს ეს ყველა სწავლებით ასპექტს. ერთი დოგმატური ელემენტის აღმოფხვრაც, როგორც ბუნებით თვისებებზე ვსაუბრობდით, არსებითად ყველა დოგმატის გაუქმებას ნიშნავს. იმიტომ, რომ დანარჩენიც უკვე შეუძლებელია [9]სრული მართებულობით ესმოდეს პიროვნებას და ეს ერთი ცთომილება, ერთი დაცემულობა მას მაინც დაცემულობაში ტოვებს. ისევე როგორც პიროვნება, რომელიც თუნდაც ერთი მომაკვდინებელი ცოდვით წავიდეს ამ ქვეყნიდან, უცხოვნებელია, რაც არ უნდა სხვა მხრივ ის სათნოებაში იყოს, ასევე თუნდაც ერთი დოგმატის მხრივ ადამიანი დაცემულობაში იყოს და სხვა ყველაფრით ჭეშმარიტებაში ანუ ჭეშმარიტ სწავლებას ფლობდეს, იმ ერთით ყოველთვის ხაფანგში და ყოველთვის ბორკილში იქნება. და სანამ ის ამ ხაფანგისგან არ გათავისუფლდება არ შეიძლება, რომ მასზე ვისაუბროთ როგორც თავისუფალზე, როგორც სასუფევლის მკვიდრზე და სხვა. ამრიგად, დასკვნა, ვფიქრობთ, აბსოლუტურად ცხადია, რომ არც მონოფიზიტური დაკნინება კაცობრივი ბუნებისა ორი ბუნების შეერთების პირველწამიდანვე, არც ნესტორიანული გათიშვა ამ ორი ბუნებისა არ შეიძლება, რომ ოდნავადაც ჭეშმარიტ სწავლებასთან თანაზიარი იყოს. ჭეშმარიტი სწავლება ეფუძნება, ერთი მხრივ, ერთ პიროვნებაში ორი ბუნების შეერთებას, და რადგან ეს ორი ბუნება სრულად ნარჩუნდება [10]და თვითონ სახელწოდება ბუნებებისა ამას უკვე ნიშნავს, ვუწოდებთ რა საღვთო ბუნებას საღვთო ბუნებას, ადამიანურ ბუნებას ადამიანურ ბუნებას, უკვე ცხადია, რომ ორივე მათგანი სრულადაა შენარჩუნებული. ვინც ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობა იცის, მისთვის ეს აბსოლუტურად ცხადია. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ საკმარისია ადამიანურ ბუნებაში ერთი თვისებაც კი გაუქმებულიყო და არასრული ადამიანური ბუნება ჰქონოდა უფალს, ის უკვე ადამიანური ბუნება აღარ იქნებოდა, ის იქნებოდა სხვა რაღაც ბუნება, მაგრამ არა ადამიანური. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ უფალს, ერთ პიროვნებას აქვს განკაცებისას საღვთო და ადამიანური ბუნება, რომც არ დავუმატოთ სიტყვა “სრული”, თავისთავად ტერმინი “ბუნება” ამ სისრულეს თავის თავში შეიცავს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში როცა ხაზგასმულია ის, თუ რა ბუნებაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ჩვენ მაინც ვუმატებთ მკვეთრად ამ სიტყვას, რომ მავანთა და მავანთა მხრიდან, რომლებიც ტერმინოლოგიური განსწავლულობისანი არ არიან, ყოველგვარი საბაბი, მიზეზი ცთომილებისა აღმოფხვრილი იყოს. ამიტომ მკვეთრად და კატეგორიულად ვამბობთ, [11]რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი, მასში არის აბსოლოუტური სისრულით, ყველა თავისი ბუნებითი თვისებით კაცობრივი ბუნება და ყველა თავისი ბუნებითი თვისებით საღვთო ბუნება. მაგრამ ეს ორი ბუნება როგორ კავშირშია ერთიმეორესთან? ნუთუ ნესტორიანული ცრუ მოძღვრების ბაცილა შეიძლება რაიმეთი საფუძვლის მქონე იყოს, რომ ეს ორი ბუნება გათიშულია ერთიმეორისგან? ამას გამორიცხავს მართლმადიდებლური სწავლების პირველი ნაწილი, რომ ეს ორი ბუნება ერთ პიროვნებაშია. ე.ი. ორივე ეს კომპონენტი ჩვენთვის არის განუყრელი და უძვირფასესი. ერთ პიროვნებაზე ვამბობთ რა, რომ ორბუნებოვანია, უკვე ცხადვყოფთ, რომ ეს ორივე ბუნება სრულადაა შენარჩუნებული ზემოაღნიშნულის საფუძველზე. მაგრამ ამავე დროს ვამბობთ რა, რომ ეს ორი ბუნება ერთ პიროვნებაშია, მივუთითებთ, რომ ეს ორი ბუნება განსაკუთრებული კავშირითაა ერთიმეროესთან, ანუ ჭეშმარიტად შეერთებულია ერთიმეორესთან. იმ ზომამდე შეერთებულია, რომ კაცობრივ ბუნებას ენიჭება სრულიად განსაკუთრებული მადლი ღვთისგან - საღვთო ბუნების დამტევნელობა. [12]რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელია ჩვენ ვთქვათ, რომ ადამიანური ბუნება, ნებისმიერი ქმნილებითი ბუნება, არათუ მთელი სისრულით, ოდნავ მაინც პირდაპირი გაგებით საღვთო ბუნების დამტევნელი იყოს, მაგრამ მაცხოვრის კაცებამ მისი ღმრთეება დაიტია. დაიტია არა იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებითი თვისებაა, არამედ იმიტომ, რომ უფლისმიერი ყოვლისშემძლეობით კაცობრივი ბუნება ამის შემძლებელი გახდა, რომ მან საღვთო ბუნება დაიტია. ჩვენ ვამბობთ, რომ განკაცებისას მოხდა ორივე ბუნებისგან ურთიერთდამტევნელობა. მაგრამ ეს ურთიერთდამტევნელობა პირდაპირი მნიშვნელობით საღვთო ბუნებაზე ითქმის, რადგანაც სწორედ საღვთო ბუნებაა შემძლებელი ყოვლის დატევნისა და მათ შორის მაცხოვრის კაცობრივი ბუნებისა. ამასთან თავისთავად ცხადია, რომ ხორცს და ხორციელ ბუნებას არა აქვს საღვთო ბუნების დამტევნელობის თვისება, მაგრამ აი ესეც შეეძინა მაცხოვრის კაცებას. ამიტომაა ეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომ მაცხოვრის კაცება გახდა დამტევნელი ღმრთეებისა. რატომ არ დაირღვა მისი კაცობრივი ბუნება? სწორედ ეს გახლავთ განსაკუთრებული [13]საიდუმლო, რომ ამ კაცებამ შეინარჩუნა თავისი კაცობრივი საზღვრები, ის შექმნილობითი საზღვრებიდან არანაირად არ გასულა, მაგრამ ღვთის სასწაულითა და საიდუმლო მოქმედებით ის გახდა შემძლებელი საღვთო ბუნების დატევნისა.

ამის სიმბოლოდ ჩვეულებრივ მოიხმობა ასეთი ნიმუში: ისევე როგორც სრულიად პატარა ნატეხი მინა, სარკე შემძლებელია მთელი მზე აირეკლოს თავის თავში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სარკეს, ამ მინას თავისი შეზღუდული საზღვრები დარღვეული აქვს, ის იმავე საზღვრებშია, მაგრამ ირეკლავს მზეს და მზე მაინც მზედ რჩება და მხოლოდ მიეშუქება ის ამ სარკეს და ამით ხდება სარკეში მისი დატევნა და მისი აელვარება. ამავე დროს არც იმას ვამბობთ, რომ ამ სარკეში მზის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნა დატევნილი და მეორე არა, არამედ მთლიანად იქნა დატევნილი და აქ დატევნილობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მან, უფრო სუსტმა, შეუდარებლად სუსტმა და უსასრულოდ სუსტმა, როგორიცაა კაცობრივი ბუნება, აირეკლა თავის თავში ღმრთეება, [14]ამ ღმრთეებით გაბრწყინდა იგი, ამ ღმრთეებით გამდიდრდა იგი და გამოვლინდა კიდეც ეს მაცხოვრის მოქმდებაში, როდესაც მან ყოველივეს ცოდნა გამოავლინა, საღვთო ცოდნა ჭეშმარიტად აჩვენა თავის კაცობრივ ბუნებაშიც, ოღონდ არა ბუნებითად, რომ მას კაცობრივად ჰქონდა ეს თვისება საღვთო ბუნებასთან შეერთების გარეშე, არამედ გამდიდრებითად, ისევე როგორც ცხოველმყოფელობის თვისება, ისევე როგორც მეუფებრიობის თვისება, რამაც მისი კაცობრივი ბუნების მონურობა ამით გააბრწყინა, გააშუქა საღვთო მეუფებრიობით და ამიტომ, წმინდა იოანე დამასკელის თქმით, განკაცების შემდეგ ჩვენ მაცხოვარს აღარც მონად ვამბობთ კაცობრივადაც, აღარც უმეცრად ვამბობთ, აღარც არაცხოველმყოფლად ვამბობთ და აღარც უძლურად. თუმცა ყველა ეს თვისება მის კაცობრივ ბუნებაში ოდნავ შეუმცირებლად არის შენარჩუნებული, მაგრამ გამდიდრებითად მაცხოვრის კაცობრივი ბუნებაც აი ამ საღვთო თვისებებს ავლენს: ცხოველმყოფელობისას, მცოდნეობისას, [15]მეუფებრიობისას და შემძლეობისას. ისევე როგორც მზის შუქზე აელვარებული მინა, რომელიც თავისთავად მაშუქებლობის წყარო არაა და მას არა აქვს უნარი, რომ თვითონ აშუქებდეს სინათლეს, ხდება რა სინათლის გამომცემი, ეს ხდება მხოლოდ მზისგან გამდიდრების შედეგად და ჩვენ რომ ერთი წამით მაინც დავხშოთ მზე, ეს მინა კვლავ ზუსტად ისევე შეუმცირებლად ავლენს იმ თვისებას, რომ არ შეუძლია თავისთავად აშუქებდეს სინათლეს, როგორც ეს ნებისმიერ სხვა ნივთს აქვს, რომელსაც არა აქვს მანათობლობის თვისება. მაგრამ რაწამს მზე მიეშუქება მას, ის ამ თვისების აღქმის, ამ თვისებით გამსჭვალვის და სხვათათვის გადაცემის უნარს იძენს, რომ მას შეუძლია მიაშუქოს ეს შუქი სხვა საგნებს, სხვა ქმნილებებს. ამგვარადვე კაცობრივი ბუნება მაცხოვრისა შუქდება, ბრწყინდება, მდიდრდება საღვთო ბუნების ღირსებებით და ამ ღირსებებს ავლენს თვითონაც უკვე გამდიდრებითად და შეძენითად.

აი ეს არის [16]ყველაზე უფრო არსებითი, როდესაც ორი ბუნების შეერთებაზე ჩვენ ვსაუბრობთ. თუმცა ამჯერად ამით დავაბოლოვებთ, ხოლო შემდეგ შეხვედრაზე კონკრეტულად იმას განვიხილავთ, თუ რა შეიძლება ეწოდოს თვითონ ამ ღირსებებს, რითაც კაცობრივი ბუნება მდიდრდება საღვთო ბუნებისგან.

 

350–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=uw4RtCLIsKQ

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 13 April 2016 14:16)