357
მართლმადიდებლობა – ქართლის სულიერი არჩევანი

ჩვენ შევეხეთ საეკლესიო ისტორიისა და საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს V ს-ის I ნახევარს, ნაწილობრივ შუა წლებსაც, როდესაც უმძიმეს ერეტიკულ გადახრებთან პაექრობაში, შემაძრწუნებელ ცთომილებებთან პაექრობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა გამოცხადებითი სწავლების, ჭეშმარიტი მოძღვრების შეურიგებლობა ყოველგვარი დოგმატური დარღვევისადმი, როგორც ადამიანისთვის ყველაზე უფრო მთავარის - გამომხსნელობითი, მაცხოვნებლობითი მოძღვრების გაუფასურების მცდელობისა.

ყოველგვარი ერეტიკული გადახვევა სწორედ ამ მიზანდასახულობას შეიცავს თავის თავში, [1]რაც, ცხადია, ყოვლადგანუხორციელებლია. მაგრამ კაცობრივი ზრახვანი ზოგჯერ ამ განუხორციელებელსაც ეპოტინება და იმდენად ღიმილის მომგვრელია ღვთივდაფუძნებული მოძღვრების წინააღმდეგ გალაშქრება, რომ აქ რომ პიროვნებათა სამომავლო ხვედრის საკითხი არ იდგეს, ყოველი იმ პიროვნებისა, რომელიც შეუძლია ერესს წარიტაცოს ის, რა თქმა უნდა, განხილვასაც კი არ დაექვემადებარებოდა ეს ყოველივე. რადგან, თავისთავად ცხადია, რომ წმინდა მოძღვრებას ოდნავ მაინც მწიკვლსა და ბიწს ერესი ვერასოდეს ვერ შეახებს, შეუძლებელია, რომ სიწმინდემ გაითავისოს და განიკუთვნოს ჭუჭყი და უკეთურებ. მაგრამ იმ ჭუჭყსა და უკეთურებაში რომ ბევრი ადამიანი არ აღმოჩნდეს შთაკვეთებული, შთანთქმული, ამის გამოა უდიდესი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და გაბედულება ეკლესიის მამებისა, ესოდენ დაუცხრომლად, [2]ესოდენ დაუღალავი გულმოდგინებით გამოვლენილი და აღსრულებული, რომ გამოფხიზლდნენ მავანნი და ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ცთომილების გზაზე არ დამდგარან, გონს მოეგონ და ყოვლითურთ შეესაკუთრონ წმინდა მოძღვრებას.

ჩვენ ამგვარ შესავალს იმიტომ ვუმძღვარებთ წინამდებარე საუბარს, რომ მხოლოდ ინდივიდზეც არ არის მიმართული ამგვარი წმინდა მოქმედება, წმინდა მოღვაწეობა ეკლესიის მამებისა. ზოგადად ინდივიდად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პირობითად მთელი ერიც, ერები, ტომები, მოდგმები. ხშირად სამწუხაროდ ყოფითი კანონიკიდან გამომდინარე ხდება ისე, რომ ამა თუ იმ ერში დათესილი ბაცილა იმ ერის, ანუ ნათესაურად, სისხლხორცეულად ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანის კრებულის ყველა წახნაგს გამსჭვალავს და ამიტომ ვხვდებით ჩვენ ასეთ მოვლენას [3]კაცობრიობის ისტორიაში, რომ ცალკეული ცთომილი აღმსარებლობები ფაქტობრივად ეროვნული აღმსარებლობები ხდება. ლათინებმა არსებითად კათოლიკობა განიკუთვნეს მოგვიანებით, ანგლიკანობა, მოგეხსენებათ, ინგლისელთა ხვედრია, ქართველობა და მართლმადიდებლობა ასევე ჩვენს გეოგრაფიულ სივრცეში იდენტურია, მონოფიზიტობა და სომხობა ასევე იდენტური გახდა. საკუთრივ კათოლიკობამ, მოგვიანებით საფრანგეთთან დაკავშირებულმა, ფრანგობის სახელი მიიღო და ეს ყოველივე ჩვენ მკაფიოდ გვიდასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ არაიშვიათად რომელიმე ცთომილება მთელი ერის გადაგვარებას განაპირობებს და ამგვარი გადაგვარების წინააღმდეგ ეკლესიის მამათა ბრძოლა კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება ჩვენთვის, რადგანაც უკვე ინდივიდების გადარჩენაზე კი აღარ არის საქმე, არამედ მთელი ტომებისა და ეროვნებების.

ცხადია, ამ მხარეს მეორე გაუკუღმართებ არ უნდა ახლდეს. [4]როდესაც ამა თუ იმ ერის სახელს განიკუთვნებს ესა თუ ის ცთომილი მოძღვრება, ეს არ ნიშნავს, რომ იმ ერის ყველა წარმომადგენელი მართლაც ამ მოძღვრების წიაღშია. აქ საუბარია უფრო დიდ ნაწილზე ამა თუ იმ ერისა და რაც უფრო დიდი ნაწილია ერესში ჩათრეული, მით უფრო მეტად ხდება ამ ერესისადმი ეროვნული სახელის განკუთვნა. ისევე როგორც, დავუშვათ, იუდაიზმი ებრაელთა ერის ნიშანდობლივ თვისებად წარმოჩნდება. მაგრამ, ცხადია, არნაირად არ იგულისხმება, რომ აქ ამა თუ იმ ეროვნების ყველა წევრია ცთომილებაში მყოფი. პიროვნული ღირსებანი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს და ამგვარი ადამიანები კიდევ უფრო მეტად ღირსეულად წარმოჩნდებიან საეკლესიო უცთომელი ხედვის თვალსაწიერზე, როდესაც ისინი საკუთარი ეროვნების და ეროვნული სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართავენ ღვაწლს. ჯერ კიდევ წმინდა ისიდორე პელუზიელი სრულიად ხაზგასმით გვაუწყებდა [5]იმასთან დაკავშირებით, რომ ჭეშმარიტების ძლიერება არაიშვიათად ამა თუ იმ პიროვნებას საკუთარი ერის და ე.წ. ეროვნული სარწმუნოების წინააღმდეგ აამხედრებს. ზოგჯერ ეს ქვეცნობიერადაც ხდება, როდესაც სიმართლეს პიროვნება, რომელიც პატიოსანი და გულწრფელია, ვერ უარყოფს, თუმცა ისიც ცთომილი მოძღვრების ნაშიერია. ისიდორეს მაგალითად მოჰყავს ცნობილი იუდეველი ღვთისმეტყველი ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც წმინდა მამის მკაფიო მითითებით, თუმცა თავისი აღმსარებლობით იუდეველი, დაუპირისპირდა იუდაიზმს იმით, რომ მამისეული ჰიპოსტასის გვერდით მან განჭვრიტა მეორე, ძე ღმერთის ჰიპოსტასიც. აი ეს მხარე (მეორე ჰიპოსტასის განჭვრეტა) იმდენად გამომრჩეველი გახდა იუდაიზმის წყვდიადისგან, რომ საეკლესიო მართლმჭვრეტელობამ დიდ ღირსებად მიიჩნია ამგვარი [6]განმჭვრეტელობა ფილონისა. მიუხედავად იმისა, რომ ფილონი ყოვლადწმინდა სამების დოგმატამდე არანაირად არ ამაღლებულა, მაგრამ იგი რაღაცით მაინც აღემატა თავის თანამოძმეებს და ჭეშმარიტება ვერ უარყო, რადგანაც ძველი აღთქმის ჩინებული მცონე გახლდათ. ძველ აღთქმაში კი ღვთის ჰიპოსტასური მრავლობითობა მკაფიოდ ჩანს, ანუ მამა ღმერთის ჰიპოსტასის გვერდით მკაფიოდ იკვეთება სხვა ჰიპოსტასიც. კიდევ რომ აღმატებულიყო და ამაღლებულიყო ფილონი, არა მხოლოდ მეორე ჰიპოსტასს, არამედ მესამესაც, ანუ ჰიპოსტასური მრავლობითობის სამობას შეიცნობდა, მაგრამ სამწუხაროდ ის ამ სიმაღლეზე ვერ ავიდა. მაგრამ რა სიმაღლეზეც ავიდა, კვლავ აღვნიშნავთ, ეკლესიამ ეს არ დაუკარგა მას და წმინდა ისიდორე პელუზიელმა ძალიან აღმატებული შეფასება მისცა მის ამ წარმატებულ ღვწას, როდესაც პირდაპირ დებულების სახით მიგვითითა, რომ ამგვარი შემმეცნებლობით, საკუთარ რჯულთან ამგვარი დაპირისპირებით და მის [7]გულში ჭეშმარიტების ამგვარი მძლეობით, ანუ მეორე ჰიპოსტასის განჭვრეტით, ფილონიც დაუკავშირდა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებას (ზედმიწევნით ეს ფრაზა აქვს ისიდორეს გამოყენებულ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც მისი ეს გამონათქვამი). ასე რომ, ინდივიდები ყველა ერშია. რა თქმა უნდა, ფილონზე მეტი მიღწევები არაიშვიათად შეიძლება ვნახოთ ასევე სხვა ე.წ. ეროვნული აღმსარებლობების, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ტყვეობაში მყოფი პირების ღვაწლში. იგივე იუდეველები, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ზოგჯერ ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლები პირდაპირ ხდებოდნენ. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში, მოგეხსენებათ, პირველქრისტიანები სწორედ ყოფილი იუდეველები გახდნენ. ჯერ მათ ჩამოაბრძანეს მაცხოვრის წმინდა კვართი და უკვე ისინი იმ ჟამს სულიერად ქრისტიანები იყვნენ. პირველ რიგში ელიოზის დედა, რომელმაც განჭვრიტა იესო ქრისტეს ღმერთობა და უშვებდა რა შვილს შორეულ იერუსალიმში მცხეთიდან, [8]მას საგანგებო გაფრთხილება მისცა, რომ ის არა-თანა შერთვოდა იუდეველთა განზრახვას. რჯულის და მერჯულეთა ბრძანებაზე უნდა წასულიყო იერუსალიმში, რადგანაც იმ ჟამს ჯერ კიდევ ახალი რჯული მათთვის სარწმუნოებად დაფუძნებული არ იყო (მცხეთელი იუდეველებისთვის), ისინი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის რჯულში იმყოფებოდნენ, მაგრამ ძველი აღთქმის რჯულიდან ელიოზის დედამ განჭვრიტა სინათლე და ჭეშმარიტება მაცხოვრის მიერ ნაქადაგები მოძღვრებისა და მისი ღვაწლისა. ამიტომ აფრთხილებს საგანგებოდ ის ელიოზს, რომ არ შეეზიაროს იუდეველთა ზრახვებს და არ გახდეს ღვთის მკვლელი, რაც შეასრულა კიდეც ელიოზმა. ამავე ღირსებამ განაპირობა ელიოზისადმი მაცხოვრის კვართის განკუთვნა და ამ კვართის მის მიერ მცხეთაში ჩამობრძანება. აქ კიდევ ერთი დიდი მოღვაწე წარმოჩნდება ჩვენს წინაშე, ელიოზის და სიდონია, რომელმაც განისაკუთრა, შეიტკბო მაცხოვრის კვართი [9]და მასთან ერთად დაიკრძალა.

შემდგომში IV ს-ში წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლისას თვით წმინდა ნინო გარკვეულ ჟამს იუდეველთა შორის მყოფობდა, როგორც ეს “ქართლის მოქცევაშია” თქმული, იმის გამო, რომ მან იცოდა ებრაული ენა და სხვა ენა, ამ შემთხვევაში ქართული, ცხადია, არ ესმოდა. მაგრამ შემდგომ უფრო დიდი გაბრწყინება მოიწია მცხეთელ იუდეველებზე, რომელთაგან ნაწილი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა აბიათარისა და მისი შვილის სიდონიას წინამძღვრობით.

სხვა სარწმუნოებათა შორისაც, თუ ამგვარი მაგალითების მითითებას განვაგრძობთ, კერძოდ მაგალითად მონოფიზიტთა შორისაც, მონოფიზიტობის აღმსარებელ ერთა შორისაც არაიშვიათად გამოვლენილან პიროვნებანი, რომლებმაც მართლმადიდებლობა აღიარეს და უარყვეს მონოფიზიტობა. აქაც შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს მეზობელ სომხეთში ჟამი-ჟამ გამოჩნდებოდნენ ღირსეული [10]მოღვაწეები, დიოფიზიტობისკენ ანუ ქალკედონიტობისკენ, იგივე განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების აღმსარებლობისკენ, ჭეშმარიტი სარმწუნოებისკენ რწმენითად მოქცეულნი, ნათელღებულნი და მონოფიზიტობას განდგომილნი. ამგვარ დიოფიზიტ სომეხთა სიმრავლე შესამჩნევი და თვალსაჩინო იყო VIII-IX-X საუკუნეების ტაო-კლარჯეთში და როგორც მკვლევართა ნაწილი, ჩვენის აზრით სამართლიანად, ფიქრობს მათი დამსახურება უნდა იყოს ზოგიერთი ღირსეული სომეხი მოღვაწის მარტვილობისა თუ ცხოვრების (ე.ი. ამა თუ იმ მოღვაწისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული აღწერილობის) ქართულად თარგმნა.

ამგვარი განვრცობა ნიმუშებისა, რა თქმა უნდა,  ლათინებთან მიმართებაშიც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ლათინები დიდწილად დაუკავშირდნენ და გაუიგივდნენ კათოლიკობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ლათინი, ცხადია, კათოლიკე იყო. მათ შორის ბევრი უარმყოფელი გახდა კათოლიკობისა, [11]რომლებმაც აღიარეს და განიკუთვნეს მართლმადიდებლობა.

ჩვენ უფრო გვიანდელ ეპოქას აღარ შევეხებით. გარკვეული შემთხვევები იმისა, თუ როგორ დატოვა თავისი ძველი რჯული ამა თუ იმ პიროვნებამ და როგორ შეეთვისა და შეეტკბო მართლმადიდებლობას, მსმენელთათვის, მკითხველთათვის, საზოგადოების ფართო წრისათვის, რა თქმა უნდა, ცნობილია.

როდესაც ჩვენ ამგვარ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ეს ყოველივე ჩვენ შესავალი სახით გვინდა წავუმძღვაროთ იმ კითხვაზე პასუხს, რაც, ვფიქრობთ, უეჭველად უნდა დაისვას მსმენელთა მიერ და შესაძლოა ისმის კიდეც, თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო აღნიშნულ დიდ თეოლოგიურ დისპუტთა ჟამს? ჭეშმარიტების და სიცრუის გამიჯვნისა და განცალკევების ჟამს? როგორ მოხდა, რომ საქართველომ მართლმადიდებლობა აირჩია?

შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ IV-V სს.-ის ურთულეს [12]საღვთისმეტყველო პაექრობებზე და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართლის შესახებ რამდენიმე სიტყვა არ ვთქვათ. კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო, ისევე როგორც ის ერები, რომლებიც უკვე ვახსენეთ, არსობრივად დაუკავშირდა მართლმადიდებლობას. ამ შემთხვევაშიც, ცხადია, არ იგულისხმება, რომ ყველა ქართველი მართლმადიდებელი გახდა, ანდა არის, ეს, ცხადია, აბსურდია. იგულისხმება მხოლოდ ის, რომ დედა ძარღვი ქართველი ერისა მართლმადიდებლურად ფეთქავს, ფეთქავს უხსოვარი დროიდან მოკიდებული. მაგრამ რომელია ეს უხსოვარი დრო და როგორ მოხდა, რომ, ვთქვათ, გვერდიგვერდ მეზობლობაში სომხეთმა მონოფიზიტობა აირჩია (ჩვენ აღარაფერს ვამბობთ აზერბაიჯანზე, სადაც აბსოლუტურად არაქრისტიანული სარწმუნოებაა დამკვიდრბეული, ისევე როგორც ზოგადად კავკასიაზე), ხოლო საქართველომ მართლმადიდებლობა? საქართველოს მიერ საკუთარი ხვედრის და საკუთარი სულიერი გზის ყოვლითურთ მართლმადიდებლობისკენ მიდრეკა, რა თქმა უნდა, [13]მყისიერად და გაუცნობიერებლად არ მოხმდარა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ცალკეული ისტორიული რეალიების, თუნდაც ეკლესიის მიერ უკვე განვლილი საუკუნეების გადასახედიდან, შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივდივართ, რაც ეკლესიის წიაღში გამთლიანებული ქართველი ერის ერთ ღირსებაზე მიგვითითებს. ეს ღირსება გახლავთ მართებული არჩევანის, სამომავლო გზის მართებულად განსაზღვრის უნარი. ჩვენ ვიცნობთ გვიანდელი ეპოქის სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ აღმსარებლობისაა მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე. ისტორიული ვითარებიდან იმ გაგებით, რომ რა სარწმუნეობაც გავრცელდა მათში, თაობიდან თაობაზე გადადის ეს სარწმუნოება ყოველგვარი გაცნობიერებისა და შეგნებული შემეცნების გარეშე. [14]მამა-პაპათა რჯულს მომდევნონი, შთამომავლნი პირდაპირ იღებენ, ითვისებენ მექანიკურად და ასევე განაგრძობენ გადაცემას იმავე რჯულისას შემდგომი თაობებისადმი. ამ ნიშნით არაიშვიათად პიროვნება თუ ერი მატარებელია რჯულისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეთვისებული აქვს იმ ქვეყანაში, იმ რეგიონში, იმ ქალაქში, იმ სოფელში დაბადების გამო. სხვაგან რომ ამგვარი პირი დაბადებულიყო, ის სხვა სარწმუნოებისა იქნებოდა. ე.ი. მას არ უღვაწია, მას არ უზრუნია საკუთარი გამომრჩევლობით ჭეშმარიტი სწავლება განეკუთვნა თავისი თავისთვის. რაც მას გადმოსცეს მიიღო და იმას განაგრძობს და იმას ერთგულობს ყოველგვარი ჩაწვდომის გარეშე. ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ქართველი ერის ისტორიას, ვნახავთ, რომ ყველა წინაპირობა იყო იმისთვის ქართლს რომ მართლმადიდებლობა არ აერჩია, ქართლი რომ მართლმადიდებლობას არ შედგომოდა. ჯერ წარმართული [15]კერპთაყვანისმცემლური სარწმუნოებიდან გამომდინარე, რაც ქართლში მოგეხსენებათ უაღრესად დამკვიდრებული იყო საუკუნეების მანძილზე, მართლაც უხსოვარი დროიდან. მრავალი კერპი ბატონობდა და ბომონობდა საქართველოში და თავზარს სცემდა მოსახლეობას, ხალხს, თუნდაც იმ აღწერილობიდან გამომდინარე, რაც ქართლის მოქცევის ამსახველ უდიდეს საეკლესიო ძეგლში სახელწოდებით “მოქცევაი ქართლისაი”, გვაქვს მოცემული. ასე რომ, ერთი მხრივ წარმართობა ესოდენ გაბატონებული იყო ქართლში, მეორე მხრივ კი იუდაიზმი რა მასშტაბით ფეხმოკიდებული. იმდენად ფეხმოკიდებული, როგორც იმავე ძეგლში ეს სრულიად თვალსაჩინოა, რომ საქართველოს, ქართლის მრავალი რეგიონის სულიერ ცხოვრებას ისინი უწინამძღვრებდნენ. უშუალოდ წარმართობაში ნაგულისხმევია სხვადასხვა კერძოობითი სარწმუნოებანი, ვთქვათ ესაა კერპთაყვანისმცემლობა, [16]მაზდიანობა, მითრაიზმის ნაკვალევი, შესამჩნევია მანიქეიზმის არსებობა ქართლში, როგორც ამას მკაფიოდ ადასტურებს III ს-ის შუა ქლების ერთ-ერთი სპარსული წარწერა (რაზეც ჩვენ წერილობით სხვა დროს გვქონდა საუბარი), სადაც პირდაპირ იხსენიება მანიქეიზმის მიმდევარი ქართლის მეფე და ქართლში მანიქეიზმის არსებობა უეჭველად არის მითითებული და აღნიშნული. ასე რომ, ეს სარწმუნოებაცა ქართლში, მცხეთაში. რა თქმა უნდა, მრავალ რეგიონში იყო ეს ჭრელი სურათი, მაგრამ ამ სურათს სახეს და მიმართულებას აძლევდა მცხეთა. მცხეთა იყო მთელი ქართლის სულიერი წინამძღვარი ყველა დროს, მას შემდეგ, რაც ის მოსახლეობის რაოდენობითაც შესამჩნევი გახდა საქართველოს ისტორიაში. მცხეთის ისტორიის შესწავლის ფონზე დღევანელი გადასახედიდან ხდება ყველა იმ დასკვნის გაკეთება, რაც ნაწილობრივ მივანიშენთ. [17]აი ეს სარწმუნოებანი ბობოქრობს, ბომონობს, წარმართობს და იუდეველობს მცხეთაში. ასეთ დროს მოციქულისგან ჩაგდებული გაუხუნარი და შეუმუსრავი მარცვალი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა აღორძინდება მოციქულთასოწრის წმინდა ნინოს ღვაწლის შედეგად. მაგრამ ჩვენ ვიცით მრავალი რეგიონი, სადაც იმოღვაწეს მოციქულებმა, ღირსეული მარცვალი ჩააგდეს, ხელახლა მივიდნენ განმანათლებლები, მაგრამ მოგვიანებით ეს კეთილად დათესილი ნერგი გახუნდა, გაუკუღმართდა, განიხრწნა და გახმა. მართლმადიდებლური თვალთახედვით მრავალ ქვეყანაში მოხდა მსგავსი რამ. სომხები თავიანთ განმანათლებლად თადეოზ მოციქულს მიიჩნევენ. შემდგომში, მოგეხსენებათ, გრიგოლ პართელი აღასრულებდა მისიონერულ ღვაწლს და სწორედ მან მოაქცია სომეხნი. და მიუხედავად იმისა, რომ მოციქულისგან ჩაგდებული მარცვალი, რა თქმა უნდა, უაღრესად ღირსეულია, განმანათლებელიც, [18]რომელსაც საკუთარ სახელად ეწოდა ეს (გრიგოლ განმანათლებელი), გრიგოლ პართელი უდიდესი წმინდანი გახლავთ, უდიდესი ღვაწლის აღმსრულებელი სომეხთათვის, სრულიად მალე მათ მაინც მონოფიზიტობა მიიღეს და აღიარეს.

აი ამ ქარტეხილების დროს, მიუხედავად კულტურული უდიდესი სიმჭიდროვისა, პრინციპული საკითხის გადაწყვეტის ჟამს ქართლმა სხვა გზა აირჩია სომხეთმა კი სხვა. ეს გზის არჩევა ქართლისგან პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, იმ სარწმუნოებათა მღელვარე ტალღებში ღირსეულად მესაჭეობა იყო ეროვნული ხომალდისა, რომ ეს ტალღები დაუცემლად, წყალში დაუნთქმელად განვლო, გვერდი აუარა წარმართობის ათასგვარ სახეობას, რაც მცხეთაში კულტობრივად გახლდათ დაფუძნებული, იუდეველობის უმძლავრეს საცთურს ასევე გვერდი აუარა და ქრისტიანობის სახელწოდების ქვეშ გამოვლენილ აღმსარებლობათა [19]შორის, ბეწვის ხიდზე მავალმა ქართველმა ერმა სასიცოცხლოდ მაცხოვნებლობითად გადამწყვეტი არჩევანი გააკეთა. თუმცა, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ყველანაირი წინაპირობა იყო იმისა, რომ მას სრულიად სხვა არჩევანი გაეკეთებინა. ან წარმართობაში დარჩენილიყო, ან იუდაიზმისკენ გადახრილიყო, ან მონოფიზიტობა ეღიარებინა სომეხთა მსგავსად, ანდა მეოთხე საცთური, სწორედ V ს-ის I ნახევრიდან მძლავრად გამოვლენილი ქრისტიანობის ისტორიაში, ნესტორიანიზმის უმძვინვარესი ბაცილა გახმდარიყო მისი დასნეულების მიზეზი. მაგრამ ყოველივე ეს ღირსეულმა ქართველმა ერმა იმ ეპოქისა, წინამძღვრებმა, სულიერმა მეციხოვნეებმა ქართველი ერისა, უდიდესი ახოვანებით უკუაგდეს, გახსნეს კარიბჭე და ცხონების კარიბჭისკენ უწინამძღვრეს მთელ ქართველ ერს. ამას ვუწოდებთ ჩვენ უნარს გონიერი განმრჩეველობისას, გონიერი [20]არჩევანისას, რამაც ქართველი ერი ჭეშმარიტად შეაყენა ცხონების გზას.

როდესაც V ს-ის მიწურულისა და VI ს-ის I ნახევრის შუა წლების ქართლის ისტორიას ვუკვირდებით და ეს ისტორია და მაშინდელი ვითარება ზედმიწევნით არის ასახული იმ მიწერ-მოწერაში, რაც ქართლისა და სომეხ კათალიკოსთა შორის წარმოებდა, სრულიად ნათლად იკვეთება სურათი იმისა, რომ არჩევანი საქართველოს უწმინდეს ერის წინამძღვარ შვილთა მიერ გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯი ეს იყო უდიდესი შინაგანი განსჯის, შინაგანი ღვაწლის, ღვთის შემეცნების ანუ ე.წ. თეოგნოზიის მწვერვალზე ასვლის ეპოქა და საბოლოოდ სრულიად ურყევი უცვალებელი გადაწყვეტილების მიღება. ეს გახლდათ გადაწყვეტილება ქალკედონის კრების კვალზე სვლისა. [21]ქალკედონის IV მსოფლიო კრებამ მრავალი ნიშნით დიდად განსაზღვრა ამ ქვეყნად წუთისოფელში ეკლესიის სამომავლო გზის მიმართულება და სწორედ ეს კრება ყველაზე მეტად, წინარე სამ კრებაზე მეტად, კავკასიის რეგიონისთვის იქცა განმრჩეველობის და ჭეშმარიტის გამორჩევის, უმჯობესის გამორჩევის ქვაკუთხედად. ზოგნი დაბრკოლდნენ ამ ქვაკუთხედზე, ზოგთათვის კი სწორედ ეს ქვაკუთხედი გახდა უმტკიცესი საყრდენი, თავსაკიდური ლოდი, რაზეც ეს ერი შემდეგში დაეშენა. ჩვენმა მეზობლებმა განიშორეს ეს კრება და განიშორეს ლოდი თავსაკიდური, განიშორეს მართლმადიდებლური სწავლებით თავად მაცხოვარი, რადგან სწორედ მაცხოვარი იესო ქრისტეა ჭეშმარიტი თავსაკიდური ლოდი და ლოდი იგი, რომელ განიშორეს მათ, არ განიშორა, ყოვლითურთ შეითვისა და შეისისხლხორცა ქართველმა ერმა.

ჩვენ აღარაფერს ვამბობთ იმაზე, [22]რომ ეს დიდფასის მარგალიტი მრავალმა სხვა ერმა მანამდე განიშორა უკვე, იმ სარწმუნოებათა მიმდევრებმა, რაც უკვე აღვნიშნეთ და დავასახელეთ, წარმართობის შინაგანი სახესხვაობის მიმდევარმა ერებმა და იუდეველებმა. მათ შეუდგნენ მოგვიანებით, მართლმადიდებელთა დიდად სამწუხაროდ, არმენები ანუ სომხები და კიდევ სხვანიც. ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით გამოკვეთილად რა აღმსარებლობისა იყვნენ ჩვენს გვერდით ასევე მკვიდრად და უმჭიდროესად ქართლთან დაკავშირებული ალბანები, ალბანელები, მათი აღმსარებლობითი ხაზი საითკენ იყო. ვამბოთ, რომ არ ვიცით ეს ყოფითად, თორემ თავისთავად სარწმუნოებრივად სრულიად ცხადია, რომ ისინი მართლმადიდებლური არჩევანისა არ ყოფილან. რადგან საეკლესიო სწავლებით მართლმადიდებლობა, როგორც მაცხოვნებლობა და ქვაკუთხედი ერისა, მისი გადამრჩენი ხდება და ეჭვი არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ [23]ალბანები ჭეშმარიტად გადარჩებოდნენ აღნიშნულ საძირკველს თუ დაეშენებოდნენ. ეს, ასე ვთქვათ, სარწმუნოებრივი ხედვით რომ ვთქვათ, მაგრამ ყოფითი, ფაქტობრივი, ისტორიული მონაცემებითაც ეს სდრულიად აშკარაა, რადგანაც სომხებთან დაპირისპირების ჟამს ქართველი მართლმადიდებლებისა, უთუოდ იქნებოდა აღნიშნული ამ დაპირისპირებათა ამსახველ დოკუმენტებში, რომ ალბანები იმავე მართლმადიებლურ სარწმუნოებას მიყვებოდნენ და განეშორებოდნენ მონოფიზიტობას. მსგავსი მითითება ჩვენ არსად არ გვხვდება და ამ, ალბანთა ქრისტიანული მიმართულების გაურკვევლობის ფონზე, ერთი რამ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მართლმადიდებლური ორიენტაციისა არ გახლდნენ.

 

357–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=3t5bScbEqqI

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:27)