358
კირიონ ქართლის კათოლიკოსი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ საკუთრივ ქართლის სულიერ ისტორიას იმ მონაკვეთში მისი არსებობისა, როდესაც ყველაზე უფრო პრინციპული არჩევანის გაკეთების აუცილებლობა იყო ქართველი ერის წინაშე და ჭეშმარიტად ურთულესი გამორჩევების ჟამს ქართველმა ერმა მართლაც, წმინდა წერილის სიტყვისებრ, უმჯობესი გამოირჩია. ისევე როგორც მარიამმა, ლაზარს დამ უმჯობესი, კეთილი ნაწილი გამოირჩია უფლისა, მის ფერხთით შევრდომილმა შეიმეცნა რა ჭეშმარიტება.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს, ქართლის, ქართული ენის ლაზარესთან შედარება ამ უადრესი ეპოქიდანვე იღებდეს სათავეს. მეგობრობა მაცხოვართან ქართველი ერისა აი ამ დროს იყო გამოკვეთილი ყველაზე მასშტაბურად, [1]ამ ეპოქალური შეხლა-შემოხლის ჟამს სხვადასხვა სარწმუნოებებისა, აღმსარებლობებისა, მოძღვრებებისა, როდესაც ჭეშმარიტის გამორჩევა ურთულესი იყო. სირთულის ცალკეულ ასპექტებს ჩვენ უკვე შევეხეთ და ვფიქრობთ მსმენელისთვის დამაჯერებელი უნდა იყოს ის დებულება, რაც თავში აღვნიშნეთ, რომ სწორედ ამ საღვთისმეტყველო პაექრობათა დიდ ორომტრიალში, ამ ურთულეს ეპოქაში გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი თვისება ქართველი ერისა – მართებული არჩევანის გაკეთების უნარი, უმჯობესის გამორჩევის უნარი. ეს გამორჩევა, ცხადია, ერის წინამძღვარ შვილებს ეკუთვნით. ჩვენ ბევრი მათგანის სახელი სამწუხაროდ არ ვიცით (სამწუხაროდ ამქვეყნიური გაგებით, თორემ ეკლესიური სწავლებით ცათა შინა ცხოველთა წიგნში ისინი მარად ჩაწერილები არიან), მაგრამ ზოგი ვინმე, რა თქმა უნდა, ვიცით და მათგან უპირველესი [2]კირიონ კათალიკოსია, რომელმაც მონოფიზიტობასთან ურთულეს ბრძოლებში გამოატარა ქართველი ერი ბიბლიური ისუ ნავეს მსგავსად და შეიყვანა იგი მართლმადიდებლური ცხონების წიაღში. უმხედართმთავრა ღირსეულად, შეუდრეკლად ჯერ მოსე წინასწარმეტყველისებრ (უეჭველად გვიჩნდება ეს ანალოგია), რომ როგორც მოსე შედიოდა ფარაონთან და ყველანაირი საშუალებით ცდილობდა ისრაელის გამოყვანას ეგვიპტიდან, ასე მრავალგზის კირიონი შედიოდა პაექრობაში, დიალოგში (ეს უფრო სწორი ტერმინი იქნება. რა თქმა უნდა, შინაგანად ეს პოზიციის სრულიად ურყევად დაცვით პაექრობა იყო, მაგრამ ფორმით ეს იყო დიალოგი. დიალოგის ფორმას ფაქტობრივად თვით კირიონი თავისი მხრიდან არ გასცილებია. მას მკვეთრი და კადნიერი განცხადებანი არ გაუკეთებია სომეხ პატრაირქთა მიმართ), და დინჯად, [3]თავის მიზანში აბსოლუტური დარწმუნებულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ განაშორებდა ქართლს სომხეთისგან. ეს განშორება ძალიან რთული იყო. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ჩვენ ამ სირთულეს კარგად ვერ ვგრძნობდეთ, მაგრამ ამ ეპისტოლეებიდან აშკარად ჩანს, რომ სომხეთი ქართლს იმავე არჩევანის ქვეშ (ანუ მონოფიზიტობის) მოიაზრებდა, რა არჩევანიც მან გააკეთა. რა თქმა უნდა, გარკვეული გადახრები ქართველთა გარკვეული წრეებისა ამ მხრივ სავსებით შესაძლებელია რომ ყოფილიყო, მაშინ კი არა უფრო გვიანდელ პერიოდშიც, დღესაც შეიძლება იყოს მსგავსი რამ, მაგრამ მთელი ქართველი ერის მომავლის პასუხისმგებლობა მაშინ უეჭველად კირიონმა აიღო. კირონისთვის ეს უმძიმესი ბრძოლა გახლდათ თუნდაც იმიტომ, რომ მას სომხეთში ჰქონდა აღზრდა და განსწავლულობა მიღებული და, ცხადია, სომხები მას საკუთარ ინტერესთა დამცველად განიკუთვნებდნენ, ამგვარად განიგულებდნენ. ისევე როგორც მოსე დიდად წარემატა ფარაონის კარზე, იქ მიიღო აღზრდა, [4]მაგრამ სწორედ იქედან გამოიყვანა ისრაელი, რადგანაც მან დაინახა ყველაზე უკეთ რა წიაღი იყო წარწყმედისა ეგვიპტე. აქედან მომდინარეობს ეგვიპტის სიმბოლურად ჯოჯოხეთად გააზრება. საგალობლებში ეს ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, რომ ეგვიპტური გულმძიმობა, ეგვიპტურ ცოდვებში განფრთილობა არის სწორედ ჯოჯოხეთი სულიერად. ამ ჯოჯოხეთს გამოაშორა მოსემ ისრაელი, რომ ცხონების ქვეყნისკენ ეწინამძღვრა მისთვის და ღირსეული მხედარმთავარი განწესებინა მისი აღსრულების შემდეგ, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვანდა მას აღთქმულ ქვეყანაში. ძალიან ემსგავსება მოსეს ღვაწლს კირიონის ღვაწლი, არა მარტო შედეგის და მიღწეულის მიხედვით, არამედ ყოფითად განვლილი გზის ცალკეული მოვლენების ურთიერთშედარებიდან და დიდი მსგავსებიდან გამომდინარე. ამას ძალიან საყვედურობდნენ სომეხნი კირიონს, რომ აღზრდა მათთან მიიღო და ეხლა [5]დგამს ნაბიჯებს იქეთკენ, რომ ქართლი სომხეთისგან საბოლოოდ ჩამოაცილოს. მე ყველა მსმენელს ვთხოვ ეს ეპისტოლეები გაიცნონ და წაიკითხონ. თარგმანი ამ ეპისტოლეებისა, ბატონ ზაზა ალექსიძის მიერ შესრულებული, ქართულად ხელმისაწვდომია და ამ ეპისტოლეების გულდასმით შემეცნებით კარგად განვჭვრეტთ თუ რა დიდი მისია შეასრულა კირიონმა.

ჩვენ აქვე აღვნიშნავთ ხაზგასმით, რომ მეცნიერულად არ გვესახება დასაბუთებულად (ამაზე ამჯერად დეტალურად ვერ ვიმსჯელებთ. ეს ჩვენის აზრით სრულიად უპირობოა), რომ ქართლის კათალიკოს კირიონს არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს მონოთელიტ კიროს ფაზისელთან. ამის დამადასტურებელად უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა ამ ჰიპოთეზას შესაძლოა ვინმე უჭერდეს მხარს. ეს ჰიპოთეზა გამოთქმულია, ძალიან დიდი ძალისხმევაა გაღებული იმ მხრივ, რომ ეს იდენტურობა [6]დადასტურდეს, მაგრამ, კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს იდენტურობა არანაირიად არ დასტურდება. კირიონს აბსოლუტურად სხვა მისია ჰქონდა, იგი არ იფარგლებოდა მხოლოდ პირადი მოღვაწეობით და პირადი შემეცნებით ჭეშმარიტებისა, მას უდიდესი პასუხისგმებლობა ჰქონდა ნატვირთი მთელი ერისა და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოაშორა რა ქართლი ყოვლითურთ სომხეთს, ასევე მთლიანობაში და უდანაკარგოდ შეიყვანა ქართველი ერი მართლმადიდებლობაში. და ის მინავლებული ფეთქვა ჭეშმარიტი მოძღვრებისა ისე გამძლავრდა, რომ შორეულ რომშიც კი გახმიანდა, სადაც კირიონმა სათანადო ეპისტოლეც კი გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ რომის პაპის საპასუხო ეპისტოლე, როგორც იცით ჩვენამე მოღწეული გახალვთ. ესეც მის პიროვნებას განსაკუთრებული შტრიხებით ამკობს, მისი პიროვნების ღვაწლის მონუმენტურობას გამოკვეთს, რადგანაც მსგავსი ნაბიჯი სხვა კათალიკოსისგან გადადგმული ამ ადრეულ ეპოქაში ჩვენ არ ვიცით. [7]ის შემოკრებდა თავის გარშემო მართლმადიდებელ მოღვაწეებს, რომელთა შეწევნითაც, რომელთა მხარდაჭრითაც კირიონმა ჭეშმარიტად აღასრულა ის, რაც მიზნად ჰქონდა დასახული. ცხადია, ამ ეპოქაში რომი მართლმადიდებლურია, რომის პაპი კი, წმინდანად კანონიზებული, ვისთანაც მიწერ-მოწერა ჰქონდა კირიონს, გახლავთ გრიგოლ ჰრომთა პაპი. შესაბამისად მართლმადიდებლური მსოფლიოს წევრად ქართლის განკუთვნა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ღვაწლის შემდეგ მნიშვნელოვანწილად სწორედ კირიონის დამსახურებაა. ეს მხარე ჩვენ გვიკარნახებს იმას, რომ კირიონი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სიმაღლის ღვთისმეტყველი. სხვაგვარად ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ყოვლად შეუძლებელია. რომ არა ღრმა საღვთისმეტყველო მწვდომელობა, კირიონი ვერ შეძლებდა მონოფიზიტობის უკეთურების განჭვრეტას და ქალკედონური აღმსარებლობის, როგორც [8]უცთომელი და უცვალებელი მოძღვრების, შემეცნებას.

სხვათაშორის აქ, როგორც ჩვენ ადრეც ვამბობდით, გამოვლინდა სწორედ ის მხარე, რაც მეორე უკიდურესობა (ერთი მონოფიზიტობა) გახლდათ ცთომილებისა – ნესტორიანელობა. კირიონს სწორედ ნესტორიანელობას აბრალებდნენ სომეხნი, რომ თითქოს მან ნესტორიანელები ჩამოიყვანა ქართლში. ცხადია, ისინი ვინც კირიონმა ჩამოიყვანა გახლდნენ მართლმადიდებლები, მაგრამ მონოფიზიტისთვის მართლმადიდებლობა ნესტორიანელობად ჩანს, ისევე როგორც ნესტორიანელისთვის იგივე მართლმადიდებლობა მონოფიზიტობად ჩანს. კირიონი არის პირველი აშკარად გამოკვეთილი ფიგურა, რომელმაც ორმხრივი ბრძოლა მიიღო – ბრძოლა მონოფიზიტთაგან და ბრძოლა ნესტორიანელთაგან, ფორმალურად და სიმძიმის მიხედვით ერთი და იმავე ბრალდებით, რომ მონოფიზიტები მას ნესტორიანელობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო ნესტორიანელობა მას, რა თქმა უნდა, მონოფიზიტობისკენ განუკუთვნებდა ადგილს. მაგრამ ამ ორ უფსკრულსა და საშინელებას შორის მან (კირიონმა), [9]ანტიკური მითოლოგიის მსგავსად (რასაც ეკლესიის მამები იშველიებენ) სცილასა და ქარიბდას შორის სიმრთელით გაატარა ქართველთა ხომალდი და ქართველთა ურემი (როგორც ეს გვიანდელ პერიოდშია კვალიფიცირებული წმინდა ეფრემ მცირის მიერ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ისტორიას სწორედ ურემთან ადარებს და უწოდებს მას “ქართველთა ურემს”), რომელზეც სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობის ღირსეული ძნები დაიდებოდა დიდ მოღვაწეთაგან. ერთ-ერთი პირველი ძნის დამდები ამ ქართველთა ურემზე გახლავთ სწორედ კირიონი, ღვთისმეტყველთა შორის, უეჭველად, ერთ-ერთი უდიდესი. ძალიან სამწუხაროა, რომ მისი თეოლოგიური წვდომის ამსახველი კონკრეტული დოკუმენტები ჩვენამდე არ მოღწეულა. ჩვენ არაფერს ვამბობთ კირიონისგან გაგზავნილ იმ საპასუხო ეპისტოლეებზე, რაც სომხურადაა მოღწეული, რადგან ეს ეპისტოლეები, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ეპისტოლეებია. დიპლომატიურნი იმ გაგებით, რომ ფარავს [10](ვალდებულიც იყო დაეფარა) თავის განზრახვას კირიონი, ნაწილ-ნაწილ ამჟღავნებს მას, რადგან მყისვე ყოველივეს გაცხადებისას სომეხთა შემოტევა შეიძლებოდა მოგერიებული ვერ ყოფილიყო. მცირე-მცირედ გამოთქვამს თავის გულისნადებს კირიონი, მცირე-მცირედ შორდება იგი სომხეთს და ბოლოს, როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯის გადაგმის ჟამი დადგა მან ყოვლითურთ მოკვეთა ის სარწმუნოებრივი კავშირი და გადაჭრა ის სარწმუნოებრივი ძარღვი, რაც სომხებსა და ქართველებს თუნდაც IV ს-ში აკავშირებდათ, როდესაც სომხეთი მართლმადიდებლური აღმსარებლობისა გახლდათ გრიგოლ პართელის ღვაწლის შედეგად.

ასე რომ, ამ ურთულეს ეპოქაში, მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის ორი უმძლავრესი ტალღის მართლმადიდებლობის ხომალდზე განუწყვეტელი და იმ ეპოქაში ყოველჟამიერი მიხეთქების და ამ ხომალდის დანთქმის მათ მიერ გამოხატული [11]უძლიერესი სურვილის ეპოქაში, ქართველი ერი იმ დიდ მართლმადიდებლურ ხომალდზე განიკუთვნებს თავის თავს, რომლის სიძლიერესაც და სიმტკიცესაც ვერანაირი ტალღა ვერ შეარყევს, რადგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიის საფუძველს ვერასოდეს დაამხობს და ვერ მოერევა. ასეთი მართებული არჩევანი ერთ-ერთი დიდი სასწაულია, რაც კაცობრიობის ისტორიაში განხორციელებულა და აღსრულებულა.

ეს არჩევანი განხორციელდა სახელმწიფოსგან, რომელიც არ იყო ძლიერი სახელმწიფო, რომელიც, როგორც დღეს არის, მცირე ქვეყანა გახლდათ და ძალიან ადვილი იყო, რომ სხვადასხვა ერს დაეპყრო იგი. თვით VI ს-ში სპარსელთა მონობაშიც იმყოფებოდა ქართველი ერი და მიუხედავად ყოველგვარი ყოფითი გასაჭირისა, უდიდესი ყოფითი ზეწოლისა და თითქმის განადგურების პირამდე მიმყვანი კვეთებებისა და გარედან შემოტევებისა, მართებული ცნობიერება ქართველი ერისა არ დაჩრდილულა, [12]მის უკეთილშობილეს და უდიდესი საღვთისმეტყველო წვდომის მქონე შვილთა განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად. რის გამოც მათ ყოველწამიერად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მადლიერებით უდიდეს პატივისცემას უნდა განვუკუთვნებდეთ.

 

358–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=brCWV9rQIt0

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:18)