366-370
ძველი იადგარის ჩამოყალიბების შესახებ

როგორც წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ ჩვენ ბუნებრივად, იერუსალიმური ლექციონარის რაობისა და ამ ლექციონართან დაკავშირებული მეცნიერულ-ლიტურგიკული პრობლემატიკის ყველაზე უფრო მოკლე სახით მიმოხილვის შემდეგ, შევეხებოდით ჰიმნოგრაფიულ საკითხებს, ასევე უაღრესად მჭიდროდ დაკავშირებულს ლექციონართან.

საეკლესიო ჰიმნოგრაფია სხვადასხვა სახით, სხვადასხვა მოდიფიკაციით ყოველთვის თანამდევი იყო, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებისა. კარგად არის ცნობილი, რომ თავდაპირველად ძველ ეკლესიაში, საეკლესიო ღვთისმსახურებაში ჰიმნოგრაფიულ ელემენტს თითქმის მთლიანად მხოლოდ ფსალმუნნი შეადგენდა, ფსალმუნნი იგალობებოდა და თანდათანობით ხდება ისე, რომ ფსალმუნთა გვერდით ფსალმუნთა დამატებად (ამ სიტყვას შემდეგ განვმარტავთ), ჩნდება საკუთრივ ეკლესიის მამათაგან დაწერილი, შექმნილი საგალობლები, გალობითი [1]სტროფები, რასაც ძველქართულად დასდებლები ანდა დასადებლები ეწოდებათ. “დასადებელი” უფრო ძველი ფორმაა ამ ტერმინისა, “დასდებელი” შეკვეცილი სახეა მისი და ორივე მათგანი ცხადყოფს, რომ ის გალობითი სტროფები, რაც ამ სახელწოდებით განისაზღვრებოდა, ემატებოდა, დაედებოდა რაღაცას და დაედებოდა სწორედ ფსალმუნებს. ფსალმუნნი, როგორც აღვნიშნეთ პირველ ეტაპზე თითქმის მთლიანად მოიცავდა საეკლესიო ჰიმნოგრაფიას, ანუ გალობა მხოლოდ ამით იყო წარმოდგენილი. შემდეგ თანდათანობით ჩნდება საკუთრივ ეკლესიის მამათაგან დაწერილი გალობითი ტექსტები, გალობითი სტროფები, რაც ემატება ფსალმუნურ ტექსტებს, ანუ მათზე დასადებლებია, მაგრამ ფსალმუნთა ხვედრითი წონა კვლავ დომინანტურია. შემდეგ ეს წონა თანდათან იკლებს და თანდათან იმატებს ჰიმნოგრაფიული საგალობლები, ანუ ეკლესიის მამათაგან დაწერილი გალობითი ტექსტები, რომლებიც რაოდენობრივად თანდათან უფრო და უფრო მეტი ხდება და გარკვეულ პერიოდში უსაზღვროც ხდება. VIII-IX სს.-ში [2]აღურიცხავი რაოდენობის საგალობლები იქმნება ბერძნულად, ითარგმნება სხვა ენებზე, მათ შორის ქართულადაც, და ამ საგალობელთა თავმოყრა ხდება საგანგებო ლიტურგიკულ კრებულებში, რომლებითაც, ისევე როგორც ლექციონართან დაკავშირებით აღვნიშნავდით, სწორედ ძველი ქართული ლიტერატურა გახლავთ განსაკუთრებით მდიდარი. ბევრ უცნობ ფურცელს საეკლესიო ჰიმნოგრაფიის ისტორიაში შლის სწორედ ძველი ქართული ჰიმნოგრაფიული კრებულების მეცნიერული შესწავლა.

ჩვენ ხანმეტ ლექციონარზე საუბრისას აღვნიშნავდით, რომ ამ ლექციონარში ფსალმუნებთან ერთად დამოწმებულია უძველესი საეკლესიო საგალობელი “ნათელი მხიარული”. სხვა გალობითი ელემენტი ხანმეტ ლექციონარში შესამჩნევი არ გახლავთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებულიყო ამ დროისათვის სხვა საგალობელნი ქართულ ენაზე. როგორც არ უნდა იყოს აშკარაა, რომ ხანმეტი ლექციონარის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შემდეგ ხდება მაინც არსებითად ქართულ ენაზე ჰიმნოგრაფიული ტექსტების თარგმნა [3]მასობრივად. ამ ტექსტების რაოდნეობა შთამბეჭდავი სწორედ VII-VIII სს.-ში უნდა გამხდარიყო, იმიტომ, რომ დაახლოებით VII საუკუნემდე ალბათ ხანმეტი ლექციონარი იტოვებდა და ინარჩუნებდა უფლებამოსილებას ლიტურგიკული რეგლამენტირებისას. თუმცა ეს ძეგლი ფრაგმენტულადაა მოღწეული, მაგრამ რაც მოღწეულია ესაა ყველაზე არსებითი ნაწილი ლიტურგიკული წელიწადისა – აღდგომისა და კვირაცხოვლობისა. რადგან ამ ნაწილშიც კი ჰიმნოგრაფიული ელემენტი მხოლოდ ერთი საგალობლითაა განსაზღვრული, ძალიან საეჭვოა ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი სიუხვე საეკლესიო საგალობელთა მხრივ ხანმეტი ლექციონარის ჩვენამდე არ მოღწეულ და დაკარგულ ნაწილებში ყოფილიყო გამოვლენილი. ამიტომ აშკარაა, რომ VII ს-ის შემდეგ ხდება არსებითი ნაბიჯის გადადგმა ქართულ ენაზე ჰიმნოგრაფიული ტექსტების თარგმნისა და VIII საუკუნე, ჩვენი აზრით, არის ის ეპოქა, როდესაც საქართველოს სამღვდელმსახურო და ზოგადად საღვთისმსახურო ტრადიციაში საეკლესიო საგალობელთა რაოდნეობა ჭეშმარიტად [4]აღწევს იმ სიმაღლეს და იმ საზომს, რაც მას გარკვეულწილად, შესაძლოა უფრო მომეტებულად, საკუთრივ ბიზანტიაშიც ექნებოდა. მაგრამ ასეთი მოჭარბება საგალობელთა ტექსტებისა, როგორც ნაწილობრივ აღვნიშნეთ, თავისთავად შექმნიდა საჭიროებას სპეციალური კრებულის შექმნისას.

ეს საკითხები საგალობელთა კრებულის შექმნასთან დაკავშირებით უაღრესად ღრმად და საფუძვლიანად, მეცნიერულად კარგა ხანია განიხილება და შეისწავლება. კარგად არის ცნობილი დაინტერესებულ პირთათვის ის უნიკალური და დიდი მნიშვნელობის პუბლიკაცია, რასაც “უძველესი იადგარი” ეწოდება, რაც არსებითად სამი პიროვნების მიერ მომზადდა (ქალბატონების ელენე მეტრეველის, ლილი ხევსურიანისა და ცაცა ჭანკიევის მიერ). პუბლიკაციას ერთვის ვრცელი გამოკვლევა, დაახლოებით 300 გვერდიანი, თავისი მეცნიერული დანართებითურთ და მთლიანობაში ეს ძეგლი უდიდესი მნიშვნელობის მასალას გვაწვდის ლიტურგიკული ჰიმნოგრაფიის, [5]როგორც კორნელი კეკელიძე უწოდებს, ალბათ სამუშაო ტერმინად, ლიტურგიკული პოეზიის შესასწავლად. ამ პუბლიკაციას ეწოდება “უძველესი იადგარი” და უკვე ეს სახელწოდება მიუთითებს, რომ იადგარი საგალობელთა კრებულს ნიშნავს. რადგან საგალობელთა კრებულს ასე ეწოდება პუბლიკაციაში, ცხადია, რომ ეს სახელწოდება სწორედ საგალობელთა კრებულს გულისხმობს, ანუ უძველეს პერიოდში საგალობელთა კრებული სწორედ ასე - იადგარად იწოდებოდა. შეიძლებოდა ჩვენ გამოგვეთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ტერმინი “უძველესი” მთლად ადეკვატური არ უნდა იყოს. ჯობდა ის ფორმა შეგვენარჩუნებინა, რაც ამ პერიოდის (VIII-IX სს.-ის) საგალობელთა კრებულს გვიანდელ მოღვაწეთაგან (X ს-ის) და ნუსხათაგან ეწოდება, ეს გახლავთ “ძველი იადგარი”. უძველესობა კიდევ სხვა რამეა და არსად არცერთხელ ძველი საგალობლები უძველესად წოდებული არ გახლავთ. მაშინ როცა “ძველნი” მათ ძალიან ხშირად ეწოდებათ. შესაბამისად ამ პუბლიაკაციასაც უნდა წოდებოდა [6]“ძველი იადგარი”. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ამას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ აქ წარმოდგენილი გახლავთ ქართულ ენაზე არსებული ყველაზე ძველი, დღეისათვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, საგალობელთა კრებული.

ამ კრებულის რაობა ქართველ და ევროპელ მკვლევართაგან ინტენსიურად შეისწავლება. საზოგადოდ დღეისათვის ალბათ ნაკლებად შესამჩნევია რაიმე განსხვავებანი მეცნიერულ დებულებათა მხრივ და ჩამოყალიბებულია მყარი პოზიცია, დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შედგა პირველი კრებული საგალობლებისა. ეს დასკვნა, ეს თვალსაზრისი შემდეგს გულისხმობს, რომ უძველესი იადგარი, ანუ იგივე ძველი იადგარი, არის გამონაყოფი, აღმონაცენი იერუსალიმური ლექციონარისგან. ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ ერთი თვალსაზრისის მიხედვით იერუსალიმური ლექციონარი უძველესი პერიოდიდან ეტაპობრივად ქართულ ენაზე ფორმირებული ძეგლია. თავდაპირველად იერუსალიმური [7]ლექციონარი  მიიჩნევა, რომ საგალობლებს თვითონვე შეიცავდა მთლიანი სახით, მაგრამ როდესაც საგალობელთა რიცხვი გაიზარდა, აუცილებელი გახდა მისი ცალკე კრებულად გამოყოფა. იმიტომ, რომ იერუსალიმური ლექციონარის მოცულობა ვეღარ იტევდა მას და სწორედ ამგვარი გამოცალკევების შედეგად მოხდა ფორმირება პირველი ცალკე მდგომი კრებულისა, რაც საეკლესიო საგალობლებს შეიცავდა. ანუ უძველესი იადგარი წარმოჩნდა, ამ თვალსაზრისის მიხედვით, იერუსალიმური ლექციონარის ლიტურგიკულ დანართად. რამდენადაც ღვთისმსახურებისათვის საგალობელნი აუცილებელია, ის მცირე რიცხვი საგალობლებისა, რაც ადრეულ ეკლესიას ახასიათებდა, თვითონ ლექციონარის წეს-განგებით ტექსტში შეიტანებოდა სრული სახით და სამღვდელო პირისთვის სხვა წიგნის საჭიროება აღარ ვლინდებოდა, რადგანაც ამავე იერუსალიმურ ლექციონარში იყო ჩართული ის ტექსტები, რაც გალობის მხრივ უნდა აღვლენილიყო ტაძარში. მაგრამ როდესაც საგალობელთა რიცხვი გაიზარდა, ისინი ცალკე იქნა გამოყოფილი, ხოლო თუ რომელი საგალობელი როდის უნდა აღვლენილიყო მგალობელთაგან, [8]ამას იერუსალიმური ლექციონარი განსაზღვრავდა, ინარჩუნებდა რა საგალობელთა დასაწყისებს მოცემულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ დასაწყისის მიხედვით კი ადვილად ხდებოდა განსაზღვრა იმისა, თუ მოცემულ შემთხვევაში რომელი საგალობელი უნდა მოხმობილიყო. ასე რომ, კვლავ ხაზს გავუსვამთ, მიიჩნევა საგალობლები თავდაპირველად იერუსალიმურ ლექციონარში ჩართულად. შემდგომ რაოდენობრივი ზრდა საგალობლებისა საფუძველი გახდა იმისათვის, რომ ცალკე კრებულად გამოყოფილიყვნენ ეს საგალობლები, ხოლო იერუსალიმურ ლექციონარში საგალობელთა მთლიანი ტექსტების ნაცვლად მხოლოდ დასაწყისები დარჩა, რომ მოღვაწეს, მგალობელს, წეს-განგების აღმსრულებელს შესძლებოდა ამა თუ იმ დღესასწაულთან მისი შესაბამისი საგალობლის უცთომლად დაკავშირება.

რაც შეეხება თარიღობრივ მაჩვენებლებს, თუ ეს ყველაფერი როდის უნდა მომხდარიყო, ჩვეულებრივ ამგვარი სურათი იხატება, რომ უძველესი იადგარი ლექციონარისგან უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით VII ს-ის შუა წლებში. ანუ VII ს-ის მიწურულს [9]უძველესი იადგარი, როგორც მთელი წლის საგალობელთა კრებული, რა თქმა უნდა, შერჩევითად დღესასწაულებისა, მაგრამ მაინც მთელი წლის განფენილობით, ქართულად უნდა არსებულიყო. ანუ იმგვარი ტიპის იადგარი, რომელიც კალენდარულ ხსენებათა შესაბამის საგალობლებს შეიცავდა მთელი წლის მასშტაბით, თუმცა გამოკრებილად, ანუ შერჩეულ დღესასწაულებს, იმ დღესასწაულებს, რომლებზეც უკვე არსებობდა საგალობლები (ცხადია საგალობლები ერთბაშად ყველა ხსენებაზე არ დაწერილა, არამედ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულთა მიმართ), ქართულ ენაზე უკვე VII ს-ის მიწურულს უნდა არსებულიყო ხსენებული დამკვიდრებული თვალსაზრისი მიხედვით (ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი თვალსაზრისია). შემდეგში კი თანდათანობით ამ საგალობელთა რიცხვი დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა, რამაც X ს-ის დამდეგს შედარებით უფრო ვრცელი [10]იადგარები მოგვცა ჩვენ, ხოლო X ს-ის II ნახევარში კიდევ უფრო ვრცელი საგალობელთა კრებულები, იადგარებად წოდებულები, რომლებსაც ახალი იადგარები ეწოდებათ. ანუ X ს-ის ისეთი ნუსხები, როგორიცაა “შინ. 1”, “შინ. 14”, “შინ. 59”, “შინ. 64”, “შინ. 65” და სხვები, წარმოადგენენ იმ კრებულს, რასაც ახალი იადგარი ეწოდება.

კარგად არის ცნობილი, რომ საწელიწდო იადგარი, ამ დასახელების ძეგლი, რაც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, შერჩევითად, მაგრამ მთელი წლის განფენილობით დღესასწაულთა მიმართ დაწერილ საგალობელთა კრებულს გულისხმობს, მითითებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, სადაც გიორგი მერჩულე გვაუწყებს, რომ “და არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოი იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან”. ე.ი. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დახასიათებისას გიორგი მერჩულე უთითებს, რომ [11]მის სახელს უკავშირდება საწელიწდო იადგარიც. რა თქმა უნდა, ზემორე თვალსაზრისის კვალობაზე შეუძლებელია გრიგოლ ხანძთელი საწელიწდო იადგარის ავტორად იქნეს მიჩნეული, რადგანაც თუ VII ს-ში უკვე საწელიწდო იადგარი ქართულად არსებობდა, VIII-IX სს.-ის მიჯნაზე გრიგოლ ხანძთელი ამ ტიპის ძეგლს ხელმეორედ ვერ დაწერდა. ამიტომ მიიჩნევა, რომ გრიგოლ ხანძთელმა გადაწერა უკვე არსებული საწელიწდო იადგარი, ქართულ ენაზე გაცილებით ადრე, ასე ვთქვათ უხსოვარ დროს,  ჩამოყალიბებული. ანუ საწელიწდო იადგართან დაკავშირებით გრიგოლი მხოლოდ გადამწერია.

ჩვენ წინა საუბარში იერუსალიმურ ლექციონართან დაკავშირებით მივუთითეთ ჩვენი ახალი პუბლიკაცია, სადაც ხსენებულ ლექციონარზე შეძლებისდაგვარად ვრცელი მსჯელობაა მოცემული. ამ პუბლიკაციას კვლავ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, იმიტომ, რომ მასში იერუსალიმურ ლექციონართან ერთად ცალკე გამოყოფილად, ანუ ცალკე სქოლიოში ასევე ვრცლად ვსმჯელობთ საწელიწდო იადგარის შესახებაც. რადგან გვგონია და ვთვლით, რომ მსმენელთა შორის იქნებიან იმგვარი პირები, [12]რომლებიც ცხოვლად არიან დაინტერესებულნი ამ უადრესი, უძველესი, უარქაულესი ლიტურგიკული ძეგლებით, მათ მიმართ კვლავ გავიმეორებთ, რომ შეუძლიათ ასეთი სრული განხილვა, ჩვენი შეძლების კვალობაზე, ჰპოვონ შემდეგ პუბლიკაციაში სახელწოდებით “ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა”. ეს გახლავთ ჩვენეული პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილი გახლავთ ერთი მხრივ ძველი ქართული ტექსტები, ხელახალი მეცნიერული ტექსტის დადგენით, პარალელური ახალქართული თარგმანით, ახალქართული მეცნიერული სიტყვა-სიტყვითი თარგმანით, რასაც თან ერთვის ვრცელი საღვთისმეტყველო-ფილოლოგიური კომენტარები. სივრცელეს ამ კომენტარებისას თვით პუბლიკაციის მოცულობაც ადასტურებს. კერძოდ ის გახლავთ 1152 გვერდის შემცველი და ვფიქრობთ სულ მალე (სასიგნალო ცალები დაბეჭდილია და მისი უწმინდესობაც გაცნობილია უკვე ერთ-ერთ სასიგნალო ცალთან) საყოველთაო მისაწვდომობისთვის გადება ცნობილი, [13]როდესაც მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში უკვე დაბეჭდილი იქნება. სწორედ ამ პუბლიკაციაში ჰპოვებენ დაინტერესებული პირები ჩვენს თვალსაზრისს უფრო ვრცლად და უფრო არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულს. ხოლო წინამდებარე რადიო საუბარში მხოლოდ, რა თქმა უნდა, ზოგიერთ შტრიხზე შეგვეძლება აქცენტის გაკეთება, იმგვარ შტრიხებზე, რომლებიც საწელიწდო იადგარის ჩამოყალიბების და იერუსალიმური ლექციონართან მისი მიმართების საკითხებს, ჩვენი აზრით საკმაოდ დასაბუთებულად, წარმოგვიჩენს.

 

366–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=BNtcQHK3cCA

 

ძველი იადგარისა და იერუსალიმური ლექციონარის ურთიერთმიმართების შესახებ

ვინც ჩვენს ბოლო გადაცემას უსმენდა, ემახსოვრება, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ საკითხს შევეხეთ დასასრულს ჩვენი ბოლო შეხვედრისა. ეს გახლავთ ორი განსაკუთრებული ღირებულების ლიტურგიკული კრებულის, ერთი მხრივ იერუსალიმური ლექციონარის და მეორე მხრივ უძველესი იადგარის ურთიერთმიმართების საკითხი.

როგორც აღვნიშნეთ ჩვენ წინა შეხვედრაზე, ცხადია, ამ სპეციფიკურად მეცნიერულ და რთულად გამოსაკვლევ საკითხს ჩვენ აქ სრული მოცულობით ვერ წარმოვაჩენთ, მხოლოდ ძირითად ასპექტებზე გვექნება ყურადღება გამახვილებული. მსმენელს კი, რომელიც დაინტერესებულია ამ თემატიკით, კვლავ მივუთითებთ უფრო ვრცლად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნოს ჩვენს ახალ პუბლიკაციას სახელწოდებით “ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა”, სადაც რამდენადაც შეგვეძლო იერუსალიმური ლექციონარისა და უძველესი იადგარის წარმოშობისა და ურთიერთმიმართების პრობლემატიკა განვიხილეთ [1]ჩვენთვის შესაძლებელი სისრულით. გარკვეული დასკვნები, რაც ამ წერილობითი პუბლიკაციიდან გამომდინარეობს, ზეპირადაც ეთერში წარმოდგენილი იქნება ყველაზე უფრო შთამბეჭდავი და ყველაზე უფრო ადვილად აღსაქმელი არგუმენტების მოხმობით.

კვლავ გავიმეორებთ ჩვენთვის ამოსავალ დებულებას, რა დებულებამდეც ჩვენ გარკვეული კვლევის შედეგად მივედით, მაგრამ ამჯერად განხილვის ჟამს ეს დებულება შეგვიძლია თავშივე ვთქვათ. კრებული უძველესი იადგარი თავის თავში გულისხმობს მთელი წლის მასშტაბით შერჩევითად, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებთან დაკავშირებით, მაგრამ მთელი წლის მასშტაბით, საგალობელთა და საზოგადოდ ღვთისმსახურების გალობითი ნაწილის წერილობით ნაკრებს. აქ მხოლოდ ჰიმნები არ გახლავთ, აქ არის, რა თქმა უნდა, ფსალმუნური ნაწილი ძალიან ხშირად, არის ისეთი მცირე ფორმის საგალობლები და მცირე [2]ფორმის ტექსტები, რომელთა კვალიფიკაციაც ცალკე შეიძლება იქნეს განხილული, მაგრამ არსებითი ნაწილი უძველესი იადგარისა, ცხადია, არის სხვადახვა დანიშნულების და სხვადასხვა მოცულობის საგალობლები. ასე რომ პირობითად უძველესი იადგარი ჩვენ შეგვიძლია ვიგულვოთ, როგორც საგალობელთა კრებული. მაგრამ რადგანაც იგი გამოკვეთილად ლიტურგიკული ანუ ღვთისმსახურებითი დანიშნულებისაა, ცხადია, შეიცავს ტიპიკონურ შენიშვნებსაც, ცალკეულ მითითებებსაც, უაღრესად საყურადღებოს, რაც არაიშვიათად იმ მიზანდასახულობისაა, რომ უძველესი იადგარი ზოგადად მთელ საღვთისმსახურო კონტექსტში თავის ადგილას ჩააყენოს. ანუ ის პარალელები, რაც სხვა ლიტურგიკულ წიგნებთან დაკავშირებითაც სრულიად აუცილებელია (ისე ღვთისმსახურება ვერ შესრულდება), შესაბამის ადგილას ტექსტობრივად არის წარმოდგენილი ხსენებულ კრებულ უძველეს იადგარში. [3]ასე რომ, ერთი მხრივ გვაქვს იერუსალიმური ლექციონარი ანუ მთელი წლის კალენდარულ-სადღესასწაულო რეგლამენტირების განმსაზღვრელი ძეგლი, იგივე ტიპოსი, რაზეც ჩვენ რამდენიმე საუბარი გვქონდა და მეორე მხრივ უძველეს იადგართან უმჭიდროესად დაკავშირებული ძეგლი უძველესი იადგარი. უძველეს იადგარს ჩვენ პირობითად ვამბობთ. გაცილებით მართებული იქნებოდა გვეთქვა ძველი იადგარი, რადგან ტერმინი “უძველესი” ქართულ ხელნაწერებში ჩვენ არ გვხვდება. მხოლოდ თანამედროვე შეფასებით შეიძლება მოხმობილ იქნეს ამგვარი ტერმინი, რადგანაც დღესდღეობით ყველაზე ადრეული კრებული საგალობლებისა სწორედ ის კრებულია, რასაც უძველეს იადგარს უწოდებენ მკვლევარნი. თუმცა კვლავ აღვნიშნავთ, რომ თვით გალობითი ტექსტების შემცველ ძველქართულ კრებულებში, სადაც თავს იჩენს ძველ საგალობლებთან ერთად ახალი საგალობლებიც, საკუთრივ ტერმინი “უძველესი” ჩვენ არცერთხელ არ გვხვდება. [4]ამიტომ ადეკვატურობის კუთხით ერთადერთი მართებული ფორმა იქნებოდა – ძველი იადგარი, შედარებით იმ იადგარებთან, რომლებსაც ახალი იადგარები ეწოდებათ.

მაგრამ ასეა თუ ისე, ესაა იადგარი, საგალობელთა კრებული, რომლის ყველაზე ძველი სახე უმჭიდროეს კავშირშია იერუსალიმურ ლექციონართან და ეს ორი კრებული შესაბამისად ერთობლივ განხილვასაც საჭიროებს. როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენს პრინციპულ დებულებას სათავეში წარმოვადგენდით ჩვენი განხილვისა, ეს დებულება გახლავთ შემდეგი, რომ აღმოცენებითი კუთხით, წარმოშობითი თვალსაზრისით ჩვენი აზრით უძველესი იადგარი არ გამომდინარეობს იერუსალიმური ლექციონარიდან. საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისი ამგვარი გახლავთ, რომ ლექციონარის ანუ მთელი წლის კალენდარულ-სადღესასწაულო ტიპოსის, თავისი ბიბლიური საკითხავებით, პირველადი სახე ქართულად ითარგმნა დაახლოებით V-VI სს.-ის მიჯნაზე, რაც ფრაგმენტულად მოღწეულია ძეგლში, რასაც ეწოდება [5]“ხანმეტი ლექციონარი”. შემდეგ ეს ერთგზისი თარგმანი თანდათანობითი შევსებით საკუთრივ ქართულ ნიადაგზე ჩამოყალიბდა ვრცელ ტიპიკონად მთელი წლისა, რასაც იერუსალიმური ლექციონარი ეწოდება. იგულისხმება, რომ იმ პირველ თარგმანსაც ასე ეწოდებოდა და ეს სახელი მას შემდეგ და შემდეგ შერჩა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არქეტიპისგან მნიშვნელოვნად განსხვავდა შემდეგში, განესხვავა თავის თარგამინის პირველ სახეს ქართულ ნიადაგზე. ეს იყო და არის მიღებული თვალსაზრისი იერუსალიმურ ლექციონართან დაკავშირებით, რომ ასეთი თანდათანობითი შევსების გზით ქართულივე ნიადაგზე ჩამოყალიბდა ის ვრცელი საწელიწდო წეს-განგება, რასაც ძველქართულ ოთხ ცნობილ ხელნაწერში აქვს დაცულობა და რაც იერუსალიმურ წეს-განგებად იწოდება და ამგვარად გახლავთ ცნობილი. ესაა ჩამოყალიბებული თვალსაზრისი. ამ თვალსაზრისის კვალობაზე ყალიბდება და გაბატონებულია მეორე თვალსაზრისიც, საკუთრივ იადგართან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც [6]უძველესი იადგარის ყველაზე უფრო პირველადი სახე, ანუ ეს საგალობლები, თავდაპირველად იერუსალიმური ლექციონარის ასევე პირველადი სახის ტექსტშივე იყო ჩართული. ე.ი. დავუშვათ სადაც მითითებული იყო კალენდარული ხსენება რომელიმე მოღვაწისა და გარკვეული განგება მოტანილი იყო ამ დღის საღვთისმსახურო ნაწილის აღსასრულებლად, იქვე იყო საგალობელთა ტექსტებიც მოტანილი. ანუ იერუსალიმური კალენდარის არქეტიპი თავის თავშივე შეიცავდა იადგარსაც ანუ ჰიმნოგრაფიულ ნაწილსაც. შემდეგში ჰიმნოგრაფიული ნაწილის თანდათანობითი გაფართოების გამო, ახალ-ახალი საგალობლების დაწერის საფუძველზე, იმდენად მოცულობითი ტექსტი შეიქმნა ჰიმნებისა, რომ როგორც ფიქრობენ იგი უკვე ვეღარ დაეტია იერუსალიმური ლექციონარის, ანუ წეს-განგების, ანუ ტიპიკონის ფარგლებში და ცალკე იქნა მისგან გამოყოფილი, როგორც მისი დანართი, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს დანართიც ხელთ ჰქონდა ღვთისმსახურს. იერუსლაიმურ ლექციონარში მხოლოდ დასაწყისზეა მინიშნება ამა თუ იმ საგალობლისა. გადავშლით უკვე სრული ტექსტების შემცველ [7]ცალკე გამოყოფილ კრებულს და შესაბამისი დასაწყისის კვალობაზე იქ მთელ ტექსტს ვიპოვით საგალობლისას და მივუსადაგებთ კიდეც იმ კალენდარულ ხსენებას, სადაც ესა თუ ის დასაწყისია მოტანილი. აი ამგვარადაა განსაზღვრული უძველესი იადგარის ჩამოყალიბება იერუსალიმური ლექციონარის საფუველზე, რომ ის ჯერ შედიოდა უძველეს წეს-განგებაში, უძველეს სახეში იერუსალიმური წეს-განგების ქართულ თარგმანში. შემდეგ და შემდეგ ახალ-ახალი ჰიმნოგრაფიული ტექსტების დამატებისას შეიქმნა აუცილებლობა, რომ საგალობელთა ნაკრები ცალკე ძეგლად გამოყოფილიყო იერუსალიმური ლექციონარისგან, რაც მოხდა კიდეც და რასაც ეწოდა კიდეც იადგარი. ეს გამოყოფა კი, როგორც მიიჩნევენ, უნდა მომხდარიყო VII ს-ის შუა წლებში. ასეთ ადრეულ ეპოქისად განსაზღვრავენ უძველესი იადგარის, როგორც ქართულენოვანი კრებულის, ჩამოყალიბებას. ქართულენოვანს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ როგორც იერუსალიმური ლექციონარის გვიანდელი სახეობა არ მიიჩნევა თარგმანად, არამედ თავდაპირველი, ერთგზის, უადრეს ეპოქაში (V-VI სს.-ის მიუჯნაზე) უკვე შესრულებული თარგმანის [8]გვიანდელ შევსება-განვითრარებად საკუთრივ ქართულ ნიადაგზე (ამგვარად არის კვალიფიცირებული ჩვენამდე მოღწეული იერუსალიმური ლექციონარის ტექსტის ჩამოყალიბება, რომ ის ფაქტობრივად ქართულენოვანი ძეგლი გამოდის ამ თვალსაზრისით), ანალოგიურადვე უძველესი სახეც იადგარისა აღარ მიიჩნევა თარგმანად. თავისთავად ცხადია, იმიტომ, რომ ის ჯერ იერუსალიმური ლექციონარის ტექსტში იყო, შემდეგ თანდათნობით იქ ახალ-ახალი საგალობლები შეიტანებოდა და გარკვეულ მომენტში ცალკე იქნა მისგან გამოყოფილი. რა თქმა უნდა, ივარაუდება, რომ ანალოგიური ტიპის ბერძნულ წეს-განგებასაც იგივე ვითარება სდევდა კვალად, ანუ ბერძნულად და ქართულად თანადროულად და ერთნაირად ადეკვატურად მიმდინარეობდა ლიტურგიკული პროცესი. რომ როგორც ბერძნულში წეს-განგების ანუ ტიპიკონის თავდაპირველი ტექსტი თავის თავშივე შეიცავდა საგალობლებსაც, შესაბამის კალენდარულ ხსენებებთან დაკავშირებით, მაგრამ საგალობელთა სიჭარბემ მოგვიანებით აუცილებელი გახადა ამ საგალობლების ცალკე [9]კრებულად, როგორც დანართისა, გამოყოფა უძველესი წეს-განგებისგან, ანალოგიურადვე, მიიჩნევა, რომ ქართულშიც არა თარგმანის სახით, არამედ იმავე ლიტურგიკული პროცესის კვალობაზე, მხოლოდ და მხოლოდ ამოსავალი წერტილის სახით, პირველთარგმანი არის გამოყოფილი წეს-განგებისა, რომელიც იმავე ლიტურგიკულ ევოლუციას განიცდიდა, რასაც საკუთრივ ბერძნულში ხსენებული წეს-განგების ბერძნული ორიგინალი. ანუ ქართულშიც ერთგზის ითარგმნა რა წეს-განგება, შემდეგ უკვე საკუთრივ ქართულ ნიადაგზე ვითარდება იგი. ცხადია, ვითარდება არა იმ გაგებით, რომ ქართულად იწერება ორიგინალური რამ ძეგლები, არამედ სხვადასხვა დროს ითარგმნება, მაგრამ ეს მთარგმნელობითი პროცესი არის არა კრებულისა, არამედ ცალკეული ძეგლებისა, რომლებიც ამ კრებულში შეიტანება. ანუ თვითონ კრებულის ევოლუცია საკუთრივ ქართულ ნიადაგზე ხდება, საქართველოში ეკლესიის წიაღში ხდება.

ცხადია, ამ თვასლაზრისის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ პატივისცემითია ჩვენი, ძალიან და მკვეთრად გამოხატული პატივიცემის მხრივ, იმიტომ, რომ [10]გარკვეულ წინასწარ შრომატევად სამუშაოებს გულისხმობდა ამგვარი დასკვნების ჩამოყალიბება. შესრულებული გახლავთ, ხაზგასმით ვიტყვით, ლიტურგიკული კვლევა-ძიების მხრივ უაღრესად რთული და ფაქტობრივად ძნელად დასაფასებელი და შესაფასებელი სამუშაო დიდ მკვლევართაგან, რომელთა სათავეში ჩვენ კვლავ შეგვიძლია ბატონი კორნელი კეკელიძე დავასახელოთ, ისევე როგორც მიქელ თარხნიშვილი, ქალბატონი ელენე მეტრეველი, ხელნაწერთა ინსტიტუტში მომუშავე უაღრესად ღვაწლმოსილი მოღვაწენი, მათ შორის ევროპაში დაინეტრესებული პირებიც ქართულენოვანი ლექციონარითა და იადგარით. თვით ის პუბლიკაცია კი, რასაც უძველესი “იადგარი ეწოდება”, დაგვირგვინება გახლავთ ამ უდიდესი, უაღრესად შრომატევადი და კვლავ ხაზს გავუსვამთ, ძნელად შესაფასებელი საქმისა. მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვქონდეს [11]უფლება ჩვენი თვალსაზრისი გამოვთქვათ. არასოდეს რაიმე განსხვავებული თვალსაზრისის გამოთქმა არ უკავშირდება აბსოლუტურად არანაირ უგულებელყოფას სხვა მკვლევართა განსაკუთრებული ღვაწლისა. პირიქით ნებისმიერი ახალი თვალსაზრისი იმავე ღვაწლის განგრძობაა და იმავე ღვაწლის დამსახაურებაა. რომ არ იყოს რაიმე წინმსწრები უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპები, მართებული თუ არამართებული, მაგრამ ახალი თვალსაზრისები ვერც ვერასოდეს გამოითქმება. ამ გაგებით და ამ კონტექსტში ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ წერილობით და ზეპირი საუბრის სახითაც ამ უაღრესად მნიშვნელოვან და კარდინალური ღირებულების მქონე საკითხებზე ჩვენი თვალსაზრისი სრულიად დაუფარავად გამოგვეთქვა, რადგანაც ამგვარი მნიშვნელობის საკითხები უკვე ფარავს ყოველგვარ გარეგან და ფორმალურ ქმედებას, იმ მხრივ, რომ განვერიდოთ და თავი ვარიდოთ საკუთარი თვალსაზრისების ჩამოყალიბებასა და გამოთქმას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საეკლესიო კულტურისთვის ხსენებული ორი ძეგლი [12]ჭეშმარიტად პირველადი ღირებულებისაა და ამიტომ მათი ისტორიისა და მათი გენეზისის საკითხების კვლევა სწორედ იმ ძირძველ, ფუნდამენტურ საკითხებთან მიგვაახლებს, რასაც საქართველოში ქრისტიანული ანუ მაცხოვნებელი, გადამრჩენი მოძღვრების დამკვიდრება ეწოდება.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც შესავალი სახით ვთქვით, კვლავ იმ დებულებას გავიმეორებთ, რომ საპირისპიროდ იმ თვალსაზრისისა, რაც უკვე ჩამოვაყალიბეთ, ჩვენი აზრით არც იერუსალიმური ლექციონარი, არსებითად ის ტექსტი, რაც ჩვენამდე მოღწეულია, არ გახლავთ უძველესი ეპოქის პირველთარგმანის გვიანდელი შევსება-მატებანი საკუთრივ საქართველოს ეკლესიის წიაღში, არამედ დამოუკიდებელი თარგმანი, როგორც ამაზე დეტალური მსჯელობა გვქონდა, შესრულებული IX ს-ის I ნახევარში და იგი კონკრეტულად გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული, [13]და ასევე არც უძველესი იადგარია შესაბამისად თანდათანობით მოცულობითი მატების შედეგად იერუსალიმური ლექციონარის თავდაპირველი ტექსტიდან გარკვეულ ეტაპზე გამოყოფილი, არამედ ლექციონარისგან დამოუკიდებლად შედგენილი კრებული გარკვეულ პერიოდში და შედგენისთანავე, ე.ი. როდესაც იერუსალიმური ლექციონარი ითარგმნა და ეს კრებული ცალ-ცალკე შედგა, მყისვე ურთიერთისადმი დაკავშირებული, რადგანაც ერთი საღვთისმსახურო წიაღის კუთვნილება გახლავთ ორივე. შესაბამისად, გარდაუვალად განუყოფელი მათი თანაშეკავშირება, მას შემდეგ რაც ორივე კრებული რეალურად, წერილობითად შეიქმნა, განხორციელდა და განხორციელდა მყისიერად. ზეპირ ტრადიციაში ყოველთვის, ნებისმიერ ჟამს, თუნდაც რომ იერუსალიმურ ლექციონარს ან ნებისმიერ სხვა სახის წეს-განგებას, წერილობითი სახე არ ჰქონოდა (ასეც იქნებოდა [14]და იყო კიდეც გარკვეულ პერიოდში), არც საგალობლებს ჰქონოდათ წერილობითი სახე, ისინი ღვთისმსახურების ჟამს ამ ზეპირ ტრადიციაში ისედაც დაკავშირებულნი იყვნენ. ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტი და ხაზგასმა გვაქვს იმაზე, თვით ეს ორი ძეგლი, როგორც წერილობითი დოკუმენტი, როგორ უკავშირდება ერთიმეორეს. თორემ წეს-განგება რომ განუყოფლად შეიცავს საგალობლებსაც, რომ თუკი უკვე არსებობენ ეს საგალობლები, ეს ბუნებრივია და ამიტომაა, რომ ეს ორი კრებულიც, როდესაც ისინი წერლიობითად ჩამოყალიბდნენ, ბუნებითი აუცილებლობის გამო ხდება მათი დაკავშირება. ბუნებითი აუცილებლობა სწორედ ისაა, რომ ვერანაირი ტიპიკონური განჩინებანი ღვთისმსახურებითად ხორცს ვერ შეისხამს, თუ მას გალობითი ნაწილიც მყისვე არ ერთვის. თუნდაც რომ ეს გალობითი ნაწილი მხოლოდ ფსალმუნური იყოს. ჰიმნოგრაფიული ნაწილი, იგივე ფსალმუნური ლოცვით-გალობითი დანიშნულებისაა ეკლესიაში და შესაბამისად წეს-განგებასთან შეერთებულია, განუყოფლად გადაჯაჭვულია მასთან. ანუ კალენდარულ-სადღესასწაულო ტიპოსი როდესაც წერილობითად ჩამოყალიბდება [15]თავისი ბიბლიური საკითხავებითა და ტიპიკონური მითითებებით და ასევე წერილობით კრებულად გაფორმდება ზეპირად არსებული საგალობლები, რა თქმა უნდა, ეს ორი კრებულიც მყისვე ისევე თანაშეეხორცება ერთიმეორეს, როგორც ზეპირ ტრადიციაში მანამდე თანაშეხორცებული იყო წეს-განგებითი ასპექტი ღვთისმსახურებისა და ლოცვით-გალობითი ანუ ჰიმნოგრაფიული ნაწილი ამავე ღვთისმსახურებისა.

მაგრამ ეს თანაშეხორცება (ეს ტერმინი საზოგადოდ ეკლესიური ტერმინი გახლავთ და კარგად ესადაგება ამ ორი ძეგლის გამთლიანებას) მაინც მეორეულია კრებულების ისტორიაში და ამ ძეგლების წერილობითი სახით არსებობის ისტორიაში. პირველადი კი ის გახლავთ, რომ ცალკე იერუსალიმური ლექციონარი ითარგმნა ქართულად ჩვენი აზრით და ცალკე შედგა პირველი კრებული, ქართულ ენაზე მანამდე ზეპირად არსებული, საგალობლებისა. ანუ წერილობითად გაფორმებული კრებული პირველად შედგა იერუსალიმური ლექციონარისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ჩვენ ამჯერად ამით დავაბოლოვებთ [16]შესავალ ნაწილს მსჯელობისას უძველეს იადგართან დაკავშირებით (პირობითად და ტრადიციულად ჩვენ მაინც ვიყენებთ ამ ტერმინს, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ უფრო მართებული იქნებოდა “ძველი იადგარი”) და შემდეგ შეხვედრაზე უკვე, კონკრეტულად რადიო საუბრის ფორმატის გათვალისწინებით, საკუთრივ ძველ იადგართან დაკავშირებულ სამეცნიერო-საღვთისმსახურო ანუ ლიტურგიკულ პრობლემატიკას უფრო დეტალურად შევეხებით.

 

367–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=6fhjqDXzL0Y

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 12:35)