300–303,305

ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამი დიდი კაბადოკიელი მამის – ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობის რაობაზე. მთლიანობაში შევეხეთ ამ მამათა ღვაწლს და როგორც მივუთითებდით ორ უმთავრეს დამსახურებას და წარმატებას შეიძლება გავუსვათ ხაზი მათთან დაკავშირებით. პირველია ის, რომ ხსენებულმა მამებმა თავიანთ მოღვაწეობაში, თავიანთ საქმით ღვაწლში და სამოძღვრო ღვაწლში იმემკვიდრეს, სრულყოფილად შეითვისეს და შეისისხლხორცეს ყველა ის ღირსება, ყველა ის წარმატებულობა, რაც კი ნებისმიერ რეგიონში საეკლესიო ისტორიისა, ქრისტიანული ოიკუმენისა, საქმითი მოღვაწეობის მხრივ, საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მხრივ გამოვლენილა. იქნებოდა ეს ალექსანდრიული საღვთისმეტყველო ხაზი, ანტიოქიური სკოლარული ტრადიცია, რომაული, [1]კართაგენული, პალესტინის კესარიისა, იერუსალიმისა თუ თავად კაბადოკიური.

მათი მოღვაწეობის განსაკუთრებულობას პირველ რიგში ეს მხარე ქმნის, რომ ყველა სასიკეთო მიღწევა უფრო ადრეული ეპოქისა მათ თავიანთ თავში სრულყვეს, შეითვისეს და უკვე ამითვე განაპირობეს მეორე განსაკუთრებული თვისება საკუთარი მოღვაწეობისა. ხოლო ეს მეორე თვისება გახლავთ ის, რომ ამ პირველი უდიდესი მიღწევით ყველაზე უფრო ღირსეულ მემკვიდრეებად გამოჩინებით მთელი წინარე საუკუნეებისა, კაბადოკიელი მამები მოგვევლინენ როგორც უმტკიცესი მესაფუძვლენი მთელი შემდგომდროინდელი საეკლესიო ისტორიისა, ანუ პირველ რიგში მათ მიიღეს ყოველივე, აღიზარდნენ ნამემკვიდრევზე, იმემკვიდრეს მთელი ღირსებანი და ამისგან განუყოფლად, მაგრამ მაინც [2]ყველივე ამის შემდეგ, თვითონვე გახდნენ უმტკიცესი მესაფუძვლენი, როგორც ვთქვით, შეურყეველი ფუძე მთელი შემდგომდროინდელი საეკლესიო-სამოღვაწეო-საღვთისმეტყველო მიღწევებისა, საღვთისმეტ-ყველო-სამოღვაწეო ტრადიციისა.

კაბადოკიელ მამათა შორის უწინარესობა და უპირატესობა მაინც განეკუთვნება, რა თქმა უნდა, წმინდა ბასილი დიდს, რომელიც ზოგადად ერთ-ერთი უპირველესი წინამდგომია ეკლესიის მამათა შორის ღვთის წინაშე. ჩვენ ამ საკითხზე საუბარიც გვქონდა და კვლავ შეგახსენებთ, რომ როდესაც X ს-ის მიწურულსა და უფრო XI ს-ის დამდეგს პრობლემა შეიქმნა ერთ-ერთ უაღრესად ღირსეულ მოღვაწესთან დაკავშირებით, კერძოდ წმინდა სვიმეონ მეტაფრასთან დაკავშირებით, რომელმაც უადრესი პერიოდის ხარვეზიანი, უგემოვნოდ და არაიშვიათად მცდარად დაწერილი ჰაგიოგრაფიული ძეგლები [3]გადაამეტაფრასა, ანუ გარდაკაზმა, განამშვენა, შეამკო ენობრივადაც და გამართა დოგმატურადაც ანუ მოძღვრებითადაც. აი ამ უდიდესი მოღვაწის ნამოღვაწარს პრობლემა შეექმნა, რადგან ბევრნი არ სცნობდნენ ღირსებას მისი ნამოღვაწარისას. ასეთ ჟამს, როგორც ამაზე ჩვენ დეტალურად გვაუწყებს დიდი ქართველი ღვთისმეტყველი წმინდა ეფრემ მცირე, ერთ-ერთ ბერძენ კეთილმსახურ მოწესეს, მოღვაწეს, ხილვა მიეცა ღვთისგან და ეს ხილვა ეკლესიისგან შეწყნარებულ იქნა როგორც ჭეშმარიტების გამომხატველი. ხილვის შინაარსი კი ამგვარი გახლდათ, რომ, როგორც ეს კეთილმსახური პიროვნება ყვება თავისვე ნახილავსა და განჭვრეტილს, აღმოჩენილა იგი სამეუფო პალატის შორიახლოს, იგივე ღვთიური პალატის, იგივე ზეციური იერუსალიმის, იგივე ცათა სასუფევლის, როგორც ამ შემთხვევაში სიმბოლურად ტაძრად [4]ანუ სასახლედ გამოხატულის შორიახლოს, ხოლო სამეუფო პალატიდან როდესაც ისმა ხმა “შემოვიდეს ბასილი”, საეკლესიო მოღვაწეთაგან პირველი სწორედ ბასილი დიდი შესულა, აკიდებული ჰქონდა რა თავისი წერილობითი შრომები. შემდგომ იმავე პალატიდან ისმა ხმა მომხმობი ორი მოღვაწისა – წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირისა, რომლებიც მეორე რიგში შევიდნენ პალატში და მესამე რიგის ხმობა საკუთრივ წმინდა სვიმეონ მეტაფრასისადმი ყოფილა და ეს უკანასკნელიც, დატვირთული საკუთარი ნაწერებით, იმავე პალატში შებრძანებულა. ეს ხილვაც სწამებს იმას, რაზეც ვამბობდით, რომ საეკლესიო ტრადიციაში ეკლესიის ღვთისმეტყველ მამათა შორის პირველობას ჩვეულებრივ (თუ ამ კუთხით და ამ ფორმულირებით საერთოდ შესაძლებელია საღვთისმეტყველო მიღწევებზე საუბარი, [5]თუმცა ეს ხილვა სწამებს, რომ ეს შესაძლებელია), უცილობლად ბასილი დიდს განუკუთვნებდნენ. ეს ზოგადად და, რა თქმა უნდა, საკუთრივ იმ სამეულში, რასაც კაბადოკიელი მამები გულისხმობს, ბასილი დიდის პირველობასა და მეწინამძღვრეობას უპირობოდ აღიარებდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველიც და წმინდა გრიგოლ ნოსელიც, უწოდებდნენ რა ბასილის თავიანთ მოძღვარს, თავიანთ მასწავლებელს, თავიანთ უფროსს და არა მხოლოდ მეგობარს და არა მხოლოდ ხორციელ ძმას, ამ შემთხვევაში გრიგოლ ნოსელის მხრიდან.

მაინც რითი გამოირჩევა ბასილი დიდი იმ ერთმთლიანი მოღვაწეობის და განუყოფლობის წიაღში? რა განაპირობებს მის თვითმდგომობას, თავისთავადობას, მის პიროვნულ წვლილს იმ უდიდეს საქმეში, რაც კაბადოკიელმა მამებმა განასრულეს და განახორციელეს? აი ასეთი მახასიათებელი, ასეთი ნიშანდებულება ბასილი დიდის ღვაწლისა, პირველ რიგში, საძიებელი გახლავთ მის [6]საქმით მოღვაწეობაში. მას ტყუილად არ მოიხსენიებდნენ როგორც “კაცი საქმისა”, რადგან იგი იყო ჭეშმარიტად უდიდესი საქმის წამომწყები, პრაქტიკულად განმახორციელებელი და პრაქტიკულად ბოლომდე მიმყვანი. იმ მომენტში, იმ ეპოქაში, როდესაც ბასილი დიდი ცხოვრობდა, ყველაზე დიდი საქმე ეს იყო არიანული ერესის დაძლევა და ზოგადად ერეტიკოსთა შემოტევისგან მართლმადიდებლური მოძღვრებისა და ტრადიციის სიწმინდის გადარჩენა. ეს ყველაფერი ბასილის წინაშე მთელი თავისი აუცილებლობით იკვეთება 60-იანი წლებიდან, როდესაც იგი უკვე ნათელღებულია, ქრისტიანია (მან გვიან მიიღო ნათელი, გვიან მოინათლა, როდესაც სწავლა დააბოლოვა) და ის უკვე უდიდეს სულიერ წარმატებას აღწევს საეკლესიო მსახურების  სულიერ კიბეზე, ხდება რა ბოლოს ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიისა. [7]განსაკუთრებით ეპისკოპალური პატივის მიღების ჟამს გაცნობიერდება მისი სულიერი თვალის წინაშე, რომ იმ დროს არ არის ჯერ კიდევ ჟამი დამშვიდებული, გნებავთ საღვთისმეტყველო მოღვაწეობისა, არამედ ჯერ კიდევ ჟამია უშუალო ხელჩართული, საქმითი ბრძოლისა. საქმითი ბრძოლისა არა მხოლოდ სულიერ უკეთურ ძალთა წინაშე, არამედ მათ ამქვეყნიურ ხორციელ მსახურთა წინაშეც, კერძოდ ერეტიკოსთა წინაშეც. შემოტევა ერესისა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ პერიოდში იმ მასშტაბისა იყო, რომ ყოფითი თვალით რომ შეგვეხედა მოვლენებისთვის (რა თქმა უნდა, იმ ეპოქაში ბევრი შეხედავდა ამ თვალით, ყველა ვერ აღმოჩნდებოდა ყოველთვის იმ სიმაღლეზე, რომ საღვთისმეტყველო და მართლმადიდებლური სიწმინდის უძლეველობის მწვერვალიდან შეეხედა [8]მხოლოდ ამ აღძრული უმძვინვარესი ბრძოლისთვის), ბევრს უკიდურესი სასოწარკვეთა დაეუფლებოდა და ეუფლებოდა კიდეც. თვით გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი ეპისტოლეც კი აღიბეჭდავს დიდ მწუხარებას მოვლენათა განვითარების გამო, ფაქტობრივად არის იქ გამხატული იმედგაცრუებითი წუხილი იმისა, რომ ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ერესის მხრიდან ჯერჯერობით კვლავ წარმატებულად (მათი გაგებით) ხორციელდება, რომ ჭეშმარიტება იშრიტება და რომ, როგორც ამ ეპისტოლის ეფრემისეულ ძველქართულ თარგმანშია, “სიბნელე მეფდება და ქრისტე მძინარეობს”. ანუ აქ მინიშნებაა ნავში მაცხოვრის ძილზე, როდესაც ღელვა ატყდა ზღვაზე და გრიგოლ ღვთისმეტყველს, როდესაც ის ამ ეპისტოლეს წერდა 70-იან [9]წლებში, ჯერ კიდევ ეს მდგომარეობა ეგულვის, რომ ჯერ კიდევ მძინარეობს ქრისტე, ჯერ კიდევ არ განუღვიძია მას, რომ შეჰრისხოს ზღვას, ქარს და დააცხროს მღელვარება და მშფოთვარება. აი ასეთ ჟამს, ასეთ დროს, როდესაც ყველა იმ მწვერვალიდან ვერ უყურებდა მოვლენებს და შეიძლებოდა, რომ დიდი იმედგაცრუება დაუფლებოდა, ბრძოლის გარდახდა სრულიად აუცილებელი ჩანდა, რომ იყო დრო მორკინალობისა და ასპარეზობისა, კვლავ ავღნიშნავთ, არა მხოლოდ სულიერი ღწვით. მოგეხსენებათ უდიდესი სულიერი ღვაწლია მეუდაბნოეობა, საკუთარ კელინში დაყუდებითად, განმარტოებითად უკეთურ ძალთა, უკეთურ სულიერ უხორცო ძალთა წინააღმდეგ შერკინება. მაგრამ ბასილი დიდი გრძნობდა, რომ მის გარემოში და იმ ეპოქაში, IV ს-ის 60-იანი წლებიდან მხოლოდ ეს ღვაწლი და [10]ეს ბრძოლა კი არაა საკმარისი და მხოლოდ იმ სულიერ უხორცო უკეთურ ძალთა წინააღმდეგ, არამედ აუცილებელია თვით ამ ყოფაშივე, არა მხოლოდ განდეგილობაში, არამედ უშუალოდ ამ ყოფაშივე, ხალხმრავალ ეპარქიებში, დიდ ტაძრების გარშემო შემოკრებილ მრევლში დაუღალავი ღწვა და შერკინება იმ უკეთურ პირებთან, რომლებიც უხორცო გადაგვარებულ ძალთა მსახურნი გახდნენ და ერთობლივი შეტევით მართლმადიდებლობის აღმოფხვრას ცდილობენ. ყველაზე უფრო სიმპტომატური ნიმუში ამგვარი განწყობისა და რომ ბასილი დიდის ხედვა აჭარბებს ბევრისას და მათ შორის იმ მომენტში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თვით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისასაც კი, აი ამის ყველაზე მეტყველი ბიოგრაფიული თუ ცხოვრებისეული ამბავი გახლავთ ის, რომ სწორედ ბასილი მოუხმობს განმარტოებაში და მდუმარებაში მყოფ გრიგოლ ღვთისმეტყველს და ის გაუხსნის მას სულიერ [11]თვალს იქეთკენ, რომ არ არის ახლა ჟამი განდეგილური განმარტოებისა, მდუმარებისა, პირიქით აუცილებელია თვით მრევლში ყოფნა, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, რომ იქ მოძალებული მტერი უკუქცეულ იქნეს და ეს დიდი სიმრავლე მრევლისა  წარწყმედის გზაზე არ გადაიყვანოს. ამიტომ მოუხმობს ბასილი ორგზის გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომ შეუერთდეს მას ბრძოლაში, მის გვერდით დადგეს, იტვირთოს საღვთო მორკინალობა, საღვთო მხედრობა იმ უმძიმესი ასპარეზობის ჟამს, რაც მართლმადიდებლობას უჩვეულოდ და მოულოდნელად და უკიდურესად გაძლიერებული ერესის – არიანელობის წინააღმდეგ მართებდა. აი ეს ხედვა ბასილი დიდისა, რომ გარდაუვალია ბრძოლა და ამ ბრძოლისთვის უკვე აუცილებელია მთელი შემტევი მოღვაწეობის [12]წარმართვა და ყველა ვინც შემძლეა იმისა, რომ სულიერი მახვილი ხელთ იპყრას, საბრძოლო მწყობრში უნდა ჩადგეს, იმ მწყობრში, რომელსაც მაცხოვრის, ყოვლაწმინდა სამების ხელდასხმით იმ მომენტში ბასილი დიდი მღვდელმთავრობს და მეწინამძღვრეობს. ეს ერთი მხარეა ბასილი დიდის განსაკუთრებული სულიერი ხედვისა, რომ მან იმდრონდელ მამათა შორის ყველაზე უფრო მეტად იგრძნო აუცილებლობა დაუყოვნებელი ბრძოლის გამართვისა, დაუყვნებელი შებრძოლების აუცილებლობისა. მაგრამ მეორე მხარეც ასევე გამომარჩეველია მისი პიროვნებისა იმ განსაკუთრებული სულიერი ხედვის სიმაღლით, რაც მას მიუღია. კერძოდ დაწყებულ იქნა ბრძოლა მაგრამ ეს ბრძოლა არ წარიმართებოდა, თავისთავად ცხადია,  ისე რომ მყისიერად დაძლეულიყო მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგე კვლავაც ძლიერია და კვალვაც და კვლავაც ძლიერდებოდა, [13]იმ ზომამდე, რომ ნებისმიერ სხვა წინამძღვარს, ნებისმიერ სხვა მხედართმთავარს ამ ბრძოლაში, ვინც კი იქნებოდა ბასილის ნაცვლად, დიდი ალბათობაა, რომ უკიდურესი იმედგაცრუება ჰქონოდა და ბრძოლა უდროოდ შეეწყივიტა, რადგანაც თითქოსდა მძლეობა უკეთურებისა ვერ ჩანდა, კვლავ აღვნიშნავთ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა (ყოფითად ასე ჩანდა) არიანელობა, ყველაფერი ამ უკანასკნელთ ჰქონდათ დაპყრობილი, ყველა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საკვანძო და სულიერად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პუნქტი, წერტილი, სულიერი სიმაღლე. აი ასეთი ყოფითი გაგებით სრული უიმედობის ჟამს კვლავ ბასილი გამოჩნდა ყველას წინაშე, როგორც უდიდესი მანუგეშებელი და უკიდურესად სარწმუნო ტონით მანუგეშებელი ყველასი, რომ მიუხედავად ასეთი მოულოდნელი და ამ ერესის მყისიერი [14]აფეთქებისა, რამაც მათ, თითქოსდა, მთელი ქრისტიანული ოიკუმენა დააპყრობინა, როცა ისე ჩანდა რომ მათი ძლევა თითქოს შეუძლებელი ჩანდა, აი ამ დროს სწორედ ერესის ზეობის ზენიტში ბასილი დიდმა უდიდესი ნუგეშის სიტყვები მიაგო თავის თანამებრძოლთ, თანამოსაგრეთ, რაც მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია ხაზგასმულად გამოვლენილი, რომ “ახლოს არის ძლევა, ახლოს არის დამარცხება უკეთირებისა”.

ბასილი დიდისგან ჩვენამდე მოღწეული გახლავთ პირადი ეპისტოლეები, რაღაც განსაკუთრებული ღირსების მქონე ძეგლები, რადგანაც მათში თვით პიროვნება ჩანს თავისი გრძნობადობით, თავისი ხორციელი და ხორცშესხმული ბუნებით და არა რაღაც აბსტრაქტული მონაცემი, სადაც [15]ეს ადამიანობა ნაკლებად შესამჩნევია. აღნიშნული ეპისტოლეები კვლავაც უნდა იქცნენ ჩვენი აზრით არაერთი დაკვირვების საგნად, ყველა მორწმუნემ უნდა გაიცნოს ისინი, რადგან ამ ეპისტოლეებით ყველა ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ დარწმუნდება თუ რაოდენი უდიდესი და უმძიმესი სულიერი მღელვარებანი ჰქონდათ საეკლესიო მოძღვრების მეწინამძღვრეებს, რომ ისინი არ ყოფილან, ასე ვთქვათ, მღელვარებათა და ტკივილთა გარეშე, პირიქით უდიდესი ტკივილები და უდიდესი სიმძიმილი გადაიტანეს და საკუთარი სისხლით და გარჯილობით მოიპოვეს და მოგვიპოვეს გამარჯვება. და აი ამგვარი სულიერი მღელვარების ამსახველ ერთ-ერთ გვიანდელ ეპისტოლეში ბასილი დიდი ამბობს რა, რომ დიდ წუხილსა და სიმძიმილს შეეპყრო თვითონ ისიც, უკეთურთა გამძლეობისა და ასეთი გაძლიერების გამო, ადრესატს ეპისტოლისას, თავის მეგობარს, ვისაც ამ ეპისტოლეს უგზავნის, ეუბნება, რომ “უეცრად [16]მეწვია დიდი სიმშვიდე და ვიგრძენი ღვთივმოვლენილი ამ სიმშვიდის გზით, რომ ახლოს არის ძლევა, რომ მტერი მარცხდება”. სამწუხაროდ ყოფითი აზრით და ყოფითი გაგებით თვითონ ბასილი დიდი ამ დამარცხებას უშუალოდ ვერ მოესწრო, რადგან 379 წლის 1 ანვარს იგი აღესრულა, მაგრამ მან შეამზადა ყველაზე მტკიცე საფუძველი უკთრების დაძლევისა, რაც აღსრულდა II მსოფლიო კრებაზე 381 წელს, როდესაც არიანელობა, მასთან ერთად სხვა გაუკუღმართებანიც, განსაკუთრებით მაკედონიანელობა, რომელიც უკვე სულიწმინდის ღმერთობას უარყოფდა, ნიკეის კრების რჯულდების კვლავ დამტკიცებით აღმოფხვრილ იქნა. თვით იმპერატორი, დიდი მოღვაწე თეოდოსი, ანუ თეოდოსი დიდი იმპერატორი ჭეშმარიტების უერთგულეს გუშაგად მოგვევლინა, განსხვავებით იმ [17]იმპერატორებისაგან, რომლებიც მის უწინარეს სწორედ არიანელობას თანამდგომობდნენ და არიანელობას აძლიერებდნენ წარმოუდგენელი მასშტაბებით.

ასე რომ, ბასილი დიდის სულიერი ხედვანი და უტყუარი შორსჭვრეტანი ყველა ნაბიჯზე მისი ცხოვრებისა სახეზეა, გამჟღავნებულია და ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ მას განსაკუთრებული საქმითი ღვაწლის პასუხისმგებლობა განეკუთვნა ღვთისგან და უაღრესად ღირსეულად აღასრულა და განასრულა კიდეც პასუხისმგებლობით ნატვირთი ვალდებულება. მას შეუდგა მთელი მაშინდელი მწყობრი დიდი მოღვაწეებისა, მასვე განუკუთვნეს პატივი წინამძღვრობისა და მანაც ყველა მათგანი ღირსეულ მებრძოლთა კრებულად ურთიერთშეანივთა, რომ ბრძოლა ყოფილიყო გადამწყვეტი და ამ შემთხვევაში არიანელობასთან დაკავშირებით საბოლოო. მართლაც საბოლოო აღმოჩნდა ეს ბრძოლა არიანელებისთვის, [18]არა მხოლოდ ბასილი დიდისგან, არამედ სწორედ იმ სულიერი ლაშქრისგან, რაც ბასილიმ შემოკრიბა, მათ შორის პირველ რიგში გრიგოლ ღვთისმეტყველის არიანელობის განმაქიქებელი სულიერი ისრებისგან, ანუ ქადაგებებისგან და არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, გრიგოლ ნოსელისგან, რომლის ფუნდამენტური ნაშრომი “ევნომიუსის წინააღმდეგ” ამ ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასამარცხებელი და უაღრესად განათლებული გვიანარიანელი ღვთისმეტყველის საბოლოო და ყოვლითურთ დამხობად იქცა. ყოველივე ამის მიზეზობრივი პირველ სათავე, რა თქმა უნდა, ბასილი დიდია. მან იცოდა რა ძალა შესწევდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, რა ძალა შესწევდა მის ხორციელ ძმას გრიგოლ ნოსელს და სხვებსა და სხვებს, რომლებიც მოიხმო, თვით უმეთაურა და გამარჯვება მოაპოვებინა.

300–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=p6EDsVhym6w

 

წმიდა ბასილი დიდის “ექვსთა დღეთა”-ს ძველი ქართული თარგმანები

ჩვენ კაბადოკიელ მამებზე გვქონდა განხილვა. წინა საუბარში შევეხეთ კონკრეტულად წმინდა ბასილი დიდს. ალბათ უფრო ზოგადი იყო ჩვენი წინა საუბარი იმ ღვაწლის გამოკვეთისთვის, რაც ბასილი დიდს გამოარჩევს ეკლესიის მამათა შორის, თვით კაბადოკიელ მამათა შორისაც და მის წინამძღვრულ ღირსებას და იმ სულიერი ბრძოლის, სულიერი მორკინალობის გამარჯვებამდე სწორედ მისი ძალისხმევით მიყვანას აბსოლუტურად თვალსაჩინოს ხდის. მაგრამ რაც შეეხება ბასილი დიდის, როგორც ღვთისმეტყველის, როგორც საეკლესიო ავტორის დამსახურებას, ეს განხილვის მეორე მხარეა, ასევე ვრცელი და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ღრმა.

ძეგლები, ნაშრომები ბასილი დიდისგან ჩვენამდე დატოვებულნი, თავისი სიღრმისეულობით, განსაკუთრებული ღირებულებით, ყოველთვის იქნება ქრისტიანთა, ჭეშმარიტ [1]საეკლესიო მოღვაწეთა მოღვაწეობისათვის მიმართულების მიმცემი. ასე იყო საუკუნეების მანძილზე, ასე იყო მეოთხე საუკუნიდან, თვით მის სიცოცხლეშივე და ამგვარადვეა დღესაც და ამგვარად იქნება სამომავლოდაც. ამ ნაშრომებიდან პირველ რიგში ყოველთვის მაინც სახელდება ბასილის სახელგანთქმული ჰომილიები ბიბლიური ექვსი დღის შესახებ. ამ ჰომილიებს, რიცხვით ცხრას, ერთ მთლიან ნაშრომად წარმოდგენილს, ძველ ქართულ თარგმანში ეწოდება “ექვსთა დღეთაი”  და როგორც უკვე ვთქვით იგი შესაქმის წიგნის პირველ თავს ეხება, სადაც ექვს დღეში სამყაროს ნივთიერი შექმნა მუხლობრივად არის ნაუწყები და გადმოცემული. ამ ძეგლის მნიშვნელობას მრავალი მხარე წარმოაჩენს და მათ შორის საკუთრივ ქართული მონაცემებიც, თუნდაც ის ფაქტი, რომ ხსენებული ძეგლი სრულყოფილად თავიდან ბოლომდე ორგზის ითარგმნა. [2]ორივე ეს ღირსეული თარგმანია, თუმცა მაინც მეორე თარგმანი განსაკუთრებული მთარგმნელობითი სიმაღლეა, თუმცა პირველი თარგმანიც არ გახლავთ ხარვეზიანი ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაისა”, რაც როგორც ჩანს IX ს-ში განხორციელდა. უფრო ადრინდელ ეპოქას ჩვენ დღეისათვის ვერ ვივარაუდებთ, რადგანაც ამ თარგმანში უკვე სახეზეა ახალსპარსული და არაბული სიტყვები, რაც VIII ს-ის მიწურულამდე ქართულ ენაში არ არსებობდა. ეს გახლავთ პირველი თარგმანი, შემდეგ კი ჭეშმარიტად ნეტარხსენებულმა გიორგი მთაწმინდელმა სხვა მრავალ ღვაწლთან ერთად ეს სიკეთეც მოანიჭა ქართველ ერს, რომ აღნიშნული უდიდესი ძეგლი ბასილი დიდისა ხელმეორედ თარგმნა ქართულად. როგორც მის სულიერ სიმაღლეს და ზნეობას შეეფერებოდა, გიორგი მთაწმინდელმა პირველი ქართული თარგმანიც მოიხსენია თავის თარგმანზე დართულ ანდერძში და შესაბამისი ღირსებაც [3]განუკუთვნა იმ პირველ მთარგმნელებს, როდესაც თქვა: “ხოლო ღმერთმან პირველნიცა იგი თარგმანნი აკურთხენ, ფრიად ხელი აღმიპყრეს” (შემეშველნენ, შემეწიენ, დამეხმარნენ). ე.ი. “ის პირველი მთარგმნელებიც აკურთხოს ღმერთმა, რადგან ძალიან დამეხმარნენო”. მართლაც თუ ჩვენ ამ ორ თარგმანს ერთიმეორეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ყველა იმ ადგილს, რაც კი ბერძნული ტექსტის კვალობაზე შეიძლება, რომ არ შეიცვალოს, ე.ი. რაც კი მართებული თარგმანია, თითქმის შეუცვლელად ტოვებს. მაგრამ ამავე დროს განამშვენებს, შეამკობს, სრულყობს და აზუსტებს მრავალ ადგილს და შედეგად ვიღებთ, როგორც ნაწილობრივ ვთქვით კიდეც, მთარგმნელობითი მოღვაწეობის ერთ-ერთ მწვერვალს, განსაკუთრებული ღირსებებით აღბეჭდილ თარგმანს, რაც სხვათაშორის თვითონ მთარგმნელმაც [4]ამგვარადვე შეაფასა. მაგრამ ამგვარადვე შეაფასა არა იმის გამო, რომ საკუთარ თავს განუკუთვნა თარგმანის ღირსებები, არამედ აბსოლუტურად სხვა გაგებით (ჩვენ ადრეც აღგვინიშნავს და გვისაუბრია ამ თემაზე, როდესაც მთარგმნელბითი მოღვაწეობის დიდ საღვთისმეტყველო ღირსებაზე ვსაუბრობდით), რომ ყველა ღირსებას რაც კი მის თარგმანს ახლავს გიორგი მთაწმინდელი კვლავაც ბასილი დიდს განუკუთვნებს და განუკუთვნებს არა სიმბოლურად, არა მეტაფორულად, არა, ასე ვთქვათ, ფორმალური თავმდაბლობით, არამედ გულწრფელად, სულიერი ჭეშმარიტების განცდით, ანუ იმ აზრით, რომ იგი ჭეშმარიტად თავის თანამონაწილედ მთარგმნოლობითი საქმიანობის ჟამს რაცხს ბასილი დიდს და უფრო მეტიც ბასილის მიიჩნევს ჭეშმარიტ მთარგმნელად, ხოლო საკუთარ თავს მხოლოდ მსახურად, მხოლოდ შემსრულებლად ყოველივე იმისა, რასაც სულიერად ბასილი დიდი [5]აღასრულებს. ეს უნიკალური ანდერძი, ზოგადად მთარგმნელობითი მოღვაწეობის საეკლესიო არსის გამომაჩინებელი, ვფიქრობთ ყველას მიერ უნდა იყოს გააზრებული, აღქმული. ვფიქრობთ თავიდანაც უნდა გამოქვეყნდეს თუნდაც მარტო ეს ანდერძი, შეიძლება მთელი თარგმანიც გიორგი მთაწმინდელისა ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაისა”, მაგრამ ეს ანდერძი, როგორც თავისთავადი, დამოუკიდებელი საღვთისმეტყველო ნაშრომი და საღვთისმეტყველო ხედვის ერთ-ერთი მწვერვალი საჭიროებს ხელმეორე გამოცემას. ამ ანდერძში გიორგი მთაწმინდელი პირდაპირ მიუთითებს და მიუთითებს იგი გადამწერებს თავისი ნაშრომისას, თავისი თარგმანისას, რომ (ახალქართულად და პერიფრაზულად თუ ვიტყვით) “რომლებიც კი ამ თარგმანს გადასწერთ შემდეგში, არა ისე გადაწეროთ თითქოს [6]ჩემი მწიკულევანი ანუ ცოდვილი ხელი თარგმნიდა და ნუსხვიდა, არამედ ისე გადაწერეთ, არამედ ესრეთ გარდაჰსწერდეთ (ძველი ქართული ტექსტი რომ მოვიხმოთ), ვითარმცა ახლად აღეწერა წმიდასა ბასილის”. ე.ი ისე გადაწერეთო, თითქოს ხელახლა დაწერა ბასილი დიდმა, ოღონდ დაწერა ამჯერად ქართულ ენაზეო. იმიტომო, - აგრძელებს გიორგი მთაწმინდელი, - დაღაცათუ (თუმცაღა, მიუხედავად იმისა რომ) მწიკულევანი ხელი ჩემი თარგმნიდა და ნუსხვიდა, თვითვე იყო მთარგმნელიცა და მნუსხველიცა”. ე.ი. თვით იმ გადაწერის, იმ ე.წ. შავი სამუშაოს პროცესშიც კი ბასილის სულიერ წინამძღვრობას და თანამონაწილეობას მთელი არსებით გრძნობს გიორგი მთაწმინდელი და თუ ეს მისეული თარგმანის მისივე გადანაწერიც ღირსეულია, ესეც ბასილისგან განხორციელებულად [7]წარმოუჩნდება მას. ცხადია, ამგვარი შეფასება საკუთარი თარგმანისა სწორედ ასეთი სულიერი ხედვიდან გამომდინარეობს, თორემ სხვაგვარად ვინმეს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაის” საკუთარ თარგმანს გიორგი მთაწმინდელი თვითონვე განუკუთვნებს რაღაც განსაკუთრებულ ღირსებას, რაც, ცხადია, ამპარტავნების მარცვლის შემცველი იქნებოდა. მაგრამ ყოვლითურთ განირიდებს თავის თავისგან რაიმე ღირსებაში თანამონაწილეობას და მხოლოდ ბასილი დიდს განუკუთვნებს ყოველივე იმას, რაც კი მის თარგმანში ღირსეულია.

ჩვენ იგივე შეიძლებოდა დაგვენახა მცირედით სხვა კუთხით, თუნდაც ეფრემ მცირის მიერ თარგმნილ ძეგლებზე დართულ ანდერძებში. მისი თარმგანები უდიდესი ძეგლების თარგმანებია, გნებავთ იოანე დამასკელის “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, დიონისე არეოპაგელის შრომები, [8]ჰაგიოგრაფიული, უბრწყინვალესი და უაღრესად რთულად სათარგმნი მეტაფრასული ტექსტები და მრავალი და მრავალი სხვა. ასეთი ტექსტების ქართულ თარგმანთა ღირსებებს არსად ეფრემ მცირე, რა თქმა უნდა, ოდნავადაც კი საკუთარ თავს არ განუკუთვნებს. ცხადია, ის ხვდება, რომ ჭეშმარიტად აქვს ღირსებები ამ თარგმანებს. ჩვენ ეს ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ფორმალური ანუ განზრახ თავის მოყრუება, თვალის დაბრმავება და ფსევდო თავმდაბლობა ეკლესიის მამებისთვის ყოვლად შეუძლებელია. ღირსებანი თუა ამ ღირსებებსაც ხედავს საეკლესიო მოღვაწე, საკუთარ ღვაწლშიც რომ ღირსებაა, რა თქმა უნდა, იმასაც ხედავს, ის განზრახ თავს არ მოიზღუდავს და არ იტყვის, რომ ეს უღირსებაა. მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ამ ღირსებათა წყაროდ საკუთარ თავს ის ვერ დასახავს, ვერ დასახავს იმიტომ, რომ საკუთარ თავში ის არ ხედავს იმ [9]წინამძღვრულ სულიერ ძალას, რამაც ეს ღირსებანი მის თარგმანს მიანიჭა, ამიტომ ის ამ მეწინამძღვრეობით მადლსა და ძალას სხვას განუკუთვნებს. თუ გიორგი მთაწმინდელი თვით ბასილი დიდს განუკუთვნებს ამ წინამძღვრულ მადლმოსილებას, ეფრემ მცირე უშუალოდ მის სულიერ მოძღვრებს, იქნება ეს საბა თუხარსელი (ანდა თუხარელი), ანტონი ტბელი, ზოგჯერ იოანე მთავარაისძესაც, გაბრიელს, კვირიკეს, სტეფანეს და მრავალ სხვას განუკუთვნებს იმ ღირსებებს რაც მის თარგმანებს აქვთ. აი ამგვარადვე გიორგი მთაწმინდელიც, ხედავს რა, რომ ქართული ტექსტი ჭეშმარიტად გამომსახველია და დამტევია ორიგინალის აზრისა, მიიჩნევს და დარწმუნებულია და ასაბუთებს, რომ ეს ყოველივე ბასილი დიდის სულიერი წინამძღვრობის ნაყოფია. და თუ მის დამსახაურებაზე (ე.ი. გიორგი მთაწმინდელის) იქნება [10]რაიმე საუბარი, როგორც ჩანს ის საკუთარ თავს მხოლოდ იმ ღირსებას განუკუთვნებს, რომ მთელი სულით, მთელი ნებით და გონებით მიენდო ბასილი დიდის წინამძღვრობას, სულიერად ისმინა ყოველივე მისი. როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შრომები, თვით მათივე აღიარებით სულიწმინდის ნაკარნახევია, სულიწმინდისგან ნამეტყველებია პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არ ითქმის გადატანითი მნიშვნელობით არც მათგან და არც ელესიის მამათაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმავე სწავლებას იმარხავენ ანუ ინარჩუნებენ, არამედ მრწმასშია შეტანილი ეს სწავლება, რომ სულიწმინდა იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ, ანუ წინასწარმეტყველთა პირით. მაგრამ თუ წინასწარმეტყველთა საკუთარ ღირსებაზე იქნება საუბარი, ეს ღირსება სწორედ ისაა, რომ ისინი მორჩილი კალმები, საწერი საშუალებები აღმოჩნდნენ დახელოვნებული მწიგნობრის ანუ სულიწმინდის, სომბლურად რომ ვთქვათ, ხელში, ამგვარადვე გიორგი მთაწმინდელი თუ რაიმე ღირსებას საკუთარ თავს განუკუთვნებდა, ეს ღირსება [11]სწორედ ეს იქნებოდა და მხოლოდ ეს, რომ იგი მორჩილი, სრულიად მიმნდობი შემსრულებელი აღმოჩნდა ყოველივე იმისა, რაც ბასილი დიდისგან სულიერად ეუწყა. სხვანაირად ვერც იმას ავხსნით ჩვენ, რომ იმავე გიორგი მთაწმინდელმა როდესაც ფსალმუნთა ახალი რედაქცია ჩამოაყალიბა ქართულად, რაც ნიმუში გახდა და დაკანონდა საქართველოს ეკლესიაში, ანდერძი შეუდგინა ასევე მასაც და იქ თავის ამ ნაღვაწს უწოდა ნაღვაწი “ყოვლითა ჭეშმარიტებითა სავსე”. ჩვენ, ცხადია, მცდარი გაგებით შეიძლებოდა აქ დაგვენახა დიდი ამპარტავნება, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი ნაღვაწი, რაც არ უნდა ღირსეული იყოს, ქრისტიანმა მოღვაწემ თვითონვე ამგვარი კვალიფიკაციით წარადგინოს მკითხველის წინაშე. მაგრამ სხვა არის თუ მთარგმნელი, ამ შემთხვევაში გიორგი მთაწმინდელი, იმ თარგმანის უკლებლივ ყველა ღირსებას საკუთარ თავს კი არ განუკუთვნებს და ამის გამო კი არ ამბობს, რომ ყოვლითა ჭეშმარიტებითაა სავსე, [12]არამედ განუკუთვნებს ამ შემთხვევაში უკვე ფსალმუნთა ჭეშმარიტ ავტორს წმინდა დავით წინასწარმეტყელს და მხოლოდ და მხოლოდ მის სიკეთედ, მის მადლმოსილებად, გნებავთ ასეც ვთქვათ, მის მიღწევად თვლის იმას, რომ ქართული ტექსტი ფსალმუნისა გამოჩნდა ყოვლითა ჭეშმარიტებითა სავსე. ხოლო საკუთარ თავს კვლავც, ვფიქრობთ, მხოლოდ იმ ღირსებას განუკუთვნებდა, რომ თვითონ, ისევე როგორც თავის მხრივ დავით წინასწარმეტყველი სულიწმინდის კალმად, ერთგულ, მიმნდობ და მორჩილ კალმად წარმოაჩენდა თავის თავს, ამგვარადვე გიორგი მთაწმინდელიც თავის თავს, როგორც ჩანს, რაცხდა ერთგულ, სანდო და მორჩილ კალმად დავით წინასწარმეტყველის ხელში და დავით წინასწარმეტყველის წიაღ, დავით წინასწარმეტყველის გავლით და მიღმა სულიწმინდის სიმბოლურ ხელში.

მაგრამ ჩვენ კვლავ იმ საკითხს დავუბრუნდებით, რომ ბასილი დიდი აღმოჩნდა, გიორგი მთაწმინდელის პირდაპირი [13]უწყებით, სულიერი წინამძღვარი იმ უაღრესად ღირსეული თარგმანის შექმნისას, რაც საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, ჩვენამდეცაა მოღწეული და გამოცემულიც გახლავთ, სხვათაშორის, 1947 წელს. საკაოდ დამაკმაყოფილებელი მეცნიერული დონით გამოიცა ეს ძველი ქართული თარგმანი გიორგი მთაწმინდელისა ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაისა” ღირსეული მკვლევრის კახაძის მიერ. ამ გამოცემას ახლავს საკმაოდ ვრცელი ლექსიკონი, იმ დროისთვის იშვიათი და სხვათაშორის მოგვიანო პერიოდისთვისაც. ყველაზე მეტი ხარვეზი და ნაკლი ძველი ქართული ტექსტების პუბლიკაციებისა გხლავთ უაღრესად ნაკლულევანი ლექსიკონები. მაშინ როცა ამა თუ იმ ტექსტის პუბლიკაციის ხარისხი ორი კომპონენტით განისაზღვრება, სქოლიოებით ანუ ტექსტოლოგიური განმარტებებით, რაც უნდა ერთვოდეს ტექსტს და მეორე აბსოლუტურად ამომწურავი, თუ ბერძნულიდანაა თარგმნილი, [14]ბერძნულ-ქართული და პირუკუ ქართულ-ბერძნული ლექსიკონი. შეიძლება მას ვუწოდოთ ტერმინოლოგიური ლექიკონი, გნებავთ ტერმინთ-შესიტყვებითი, თუნდაც ზოგადად ლექსიკონი, მაგრამ ის უნდა იყოს ყოვლითურთ ამომწურავი, იმდენად ამომწურავი, რომ იმავე ტექსტზე მომუშავე მეორე პირს ორიგინალის ნახვა ფაქტობრივად აღარ უნდა დასჭირდეს, ყველაფერი ლექსიკონში და იმ ტექსტოლოგიურ შენიშვნებში ასახული უნდა იყოს. ვფიქრობთ ესაა ნამდვილი პუბლიკაცია ტექსტისა და ამ მხრივ ხარვეზიანი ბევრი ბუბლიკაცია ხელახლა ითხოვს აუცილებლად გამოცემას. ამის ფონზე კი კახაძის მიერ გამოცემული ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაის” გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი (რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ ვალდებულნი ვართ გამომცემელს განვუკუთვნოთ შესაბამისი პატივი), ღირსეულად წარმოჩნდება. გამოცემაზე დართული ლექსიკონური მხარეც საკმაოდ ვრცელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად თუ ვიტყვით მთელ ტექსტობრივ სისავსეს და ღირსებებს ის ვერ იტევს. აურაცხელი უაღრესად მნიშვნელოვანი [15]ტექსტობრივ-ტერმინოლოგიურ-ლექსიკური მხარე ამ თარგმანისა ვერ აისახა ლექსიკონში, ალბათ ვერც აისახებოდა, იმიტომ, რომ მაშინ სხვა ფორმატის გამოცემა უნდა ყოფილიყო, მოცულობითაც გაცილებით დიდი, რადგან იგი საკმაოდ ტევადი ტექსტია, ტევადი ტექსტის ამომწურავი ლექსიკონი კი ყოველთვის უფრო ვრცელი გამოდის, ვიდრე საკუთრივ ტექსტი, თუ მითუმეტეს ნიმუშებიც იქნება ლექსიკონში ციტირებული. ამის საშუალება 1947 წელს ნამდვილად არ იქნებოდა და ამიტომ ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ეს ხარვეზი მეცნიერს განვუკუთვნოთ, პირიქით ის რაც მან შეასრულა ესეც ძალიან ღირსეულია.

რაც შეეხება იმ უადრეს თარგმანს, ე.ი. გიორგი მთაწმინდელის უწინარეს თარგმანს იმავე “ექვსთა დღეთაისა”-ს, ისიც გამოცემული გახლავთ ცნობილი მკვლევრის ბატონ ილია აბულაძის მიერ, რომელმაც ეს ტექსტი 1964 წელს გამოაქვეყნა მეორე უმნიშვნელოვანეს ძველ ქართულ თარგმანთან, გრიგოლ ნოსელის “ექვსთა დღეთაის” უადრეს ქართულ თარგმანთან ერთად (ორივე ეს თარგმანი ერთბლივად გახლავთ გამოცემული), თუმცა ლექსიკონური [16]ასპექტით ნაკლულევანება აქაც, რა თქმა უნდა, მკვეთრად შესამჩნევია. მაგრამ რადგან გამოცემა არსებობს ესეც დიდად წინ გადადგმული ნაბიჯია და თუ კვლავ დადგება საჭიროება თუნდაც იმ უადრესი თარგმანების გამოცემისა, უკვე საკუთრივ ხელნაწერთა შორის ძიებებისა და ამ მხრივ შრომატევადი სამუშაოს შესრულების გარეშე, იმიტომ, რომ ეს სამუშაო უკვე შესრულებულია, მხოლოდ ბერძნულ ორიგინალთან შედარების საფუძველზე შესაძლებელია ამ ხარვეზის გამოსწორება, და ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ორივე ძეგლი – ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაი” და გრიგოლ ნოსელის “ექვსთა დღეთაიც” აურაცხელი ტერმინის დამტევი გახლავთ და მათი უადრესი ქართული შესატყვისების გამომზეურება და ამ ყოველივეს სრულად ასახვა გადაუდებელი აუცილებლობაა ქართული ფილოლოგიისა.

ასე რომ, ბასილი დიდის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი “ექვსთა დღეთაი” ასე სრულფასოვნად აისახა ძველ ქართულ ტრადიციაში, ორგზის ითარგმნა და ორივეგზის მნიშვნელოვანი [17]სრულყოფილებით. პირველ თარგმანზე ვამბობთ განსაკუთრებით, თორემ მეორე თარგმანის შესახებ ასეთი გამონათქვამი უკვე აღარ შეიძლება გამოყენებულ იქნას, რადგან იგი სრულყოფილებაზე აღმატებულიც კი გახლავთ, ესაა რაღაც ზესრულყოფილება, რაც ამ თარგმანშია მიღწეული გიორგი მთაწმინდელისგან.

 

301–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Hp97LZwFX10

 

“ექვსთა დღეთაის” განხილვა

ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებული ორი ჰომილიის შესახებ ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით

ჩვენს წინა შეხვედრაზე უკვე დავიწყეთ ისეთი დიდი მოღვაწის, როგორიც გახლდათ წმინდა ბასილი დიდი, ცხოვრებისა და საღვთისმეტყველ მემკვიდრეობის განხილვა. უკვე შევეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს ბასილი დიდისას, ბიბლიური ექვსი დღის განმარტებებს, რაც ცხრა ჰომილიის სახით გადმოსცა ბასილიმ და რომლის ძველ ქართულ თარგმანებზეც საკმაოდ დეტალური განხილვა წინა შეხვედრაზე წარმოვადგინეთ. ჩვენ ორიოდე სიტყვით კვლავ ამ ძეგლს შევეხებით და შემდგომ სხვა თხზულებებზეც, რა თქმა უნდა, გადავალთ.

უპირველესად იმის აღნიშვნა არის ალბათ საჭირო, რომ ამ ჰომილიებში, ქართულ თარგმანებს რომ თავი დავანებოთ და საკუთრივ ბერძნულ ორიგინალზე გვქონდეს მსჯელობა, ბასილი დიდი ჩვენს წინაშე წარმოსდგება როგორც განსაკუთრებით ღრმად გამომეტყველი ბიბლიურ-საეკლესიო მოძღვრებისა, ამ შემთხვევაში შესაქმესთან დაკავშირებით [1]და გამომეტყველი (ამ სიტყვას განზრახ ვიყენებთ ჩვენ) ზეპირი მეტყველების წესით. ეს ნიშნავს იმას, რომ ხსენებული ჰომილიები ბასილის წერილობით არ გაუფორმებია, თვითონ მას არ დაუწერია, იგი მოძღვრებას და განმარტებას წარმოთქვამდა ამბიონიდან და იწერდნენ მსმენელები, უაღრესად დახელოვნებული სტენოგრაფები, რის საფუძველზეც მთელი ტექსტი უცვლელად შემოგვენახა. საკუთრივ ტექსტობრივი დასაწყისებიც თითოეული ჰომილიისა მათ მქადაგებლურ ხასიათს, რომ ზეპირად წარმოითქვენ ისინი, უეჭველ-ჰყოფს, რომ ვთქვათ: “გუშინ ჩვენ, - ამბობს ბასილი, შევეხეთ ამ საკითხს, დღეს კი ამას განვიხილავთ”. მომდევნო ქადაგებაც ასევე წინარე ქადაგების განგრძობას ყოველთვის ხაზს უსვამს და ერთმთლიან ციკლად ქადაგებებისა წარმოჩნდება ჩვენს წინაშე ხსენებული ცხრა ჰომილია. ასე რომ, სტილი და ხასიათი ამ ძეგლისა არის მქადაგებლური, ზეპირ წარმოთქმითი [2]და არა უშუალოდ ბასილისგან, არამედ სტენოგრაფისტებისგან გახლავთ ფიქსირებული წერილობითი სახით. ჩვენ არაერთგზის განგვიხილავს, რომ დიდი ნაწილი ეკლესიის მამათა ამგვარი ხასიათის ჰომილეტიკური შრომებისა ჩაწერილია სტენოგრაფისტებისგან, მსმენელთაგან, მორწმუნე მრევლისგან და არა მქადაგებლის მიერ უშუალოდ.

ამ მხარეს, რომ ზეპირად წარმოითქვა აღნიშნული ჰომილიები, ჩვენ შეიძლება კიდევ ისეთი განმარტებაც მოვადევნოთ, რომ ამ ჰომილიების წარმოთქმის და წერილობით გამოქვეყნების შემდგომ აღმოცენებული გაუგებრობანი გარკვეულწილად გავფანტოთ და ავხსნათ. ვითარება ამგვარი გახლავთ: როდესაც ბასილი დიდმა აღნიშნული ჰომილიები წარმოთქვა და ეს ჰომილიები წერილობით გავრცელდა, მავანმა და მავანმა ხმა აღიმაღლა ბასილის წინააღმდეგ (ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს ამგვარი გამოხდომების შესახებ [3]ბასილი დიდის პიროვნების განხილვის ჟამს) იმ მიზეზით, იმ საბაბით, რომ თითქოსდა ეს ჰომილიები უაღრესად პრიმიტიული იყო. პრობლემა შეიქმნა ბასილის ამ ჰომილიებთან დაკავშირებით ერთი მხრივ საღვთისმეტყველო სიღრმის თვალსაზრისით და მეორე მხრივ გარკვეულ ბუნდოვანებათა ასპექტით. თუ საღვთისმეტყველო სიღრმე, ამგვარი ბრალდება მეტ კომენტარს არ საჭიროებს, გასაგებია რაშია ბრალდების არსი, რომ ვითომცდა პრიმიტიული, მარტივი ენით არის უღრმესი სწავლებანი გამოთქმული და შინაგანი სიღრმე ვითომცდა არ ახლავს ბასილის მეტყველებას. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მიერ მეორე რიგში გადმოცემულ საყვედურს ბუნდოვანებათა შესახებ, აქ უკვე გარკვეული დაზუსტებაა საჭირო, რადგან ბუნდოვანებანი ეხებოდა რამდენიმე საკითხს. პირველი ეს გახლავთ ამგვარი რაღაც შეკითხვასავით ბასილის წინაშე, [4]ხოლო შეკითხვის მიზეზი განპიროვნებული იყო იმით, რომ ბასილის შრომაში თითქოსდა ადეკვატური პასუხი ზოგ შეკითხვაზე გაცემული არ იყო და ეს შეკითხვანი ხელახლა წამოიჭრებოდა ზოგადად მოძღვრების წინაშე და კონკრეტულად ბასილი დიდის წინაშე. ხოლო შეკითხვები ამგვარია:

I. როგორ უნდა განგვემარტა ჩვენ ბიბლიის პირველი სიტყვა “დასაბამად” (“დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი”), ანდა ცისა და ქვეყნის, ორი უკიდურესი წერტილის დაბადება რას ნიშნავს, მათ შორის არსებული სივრცე დაიბადა თუ არა მათთან ერთად და თუ მიწა და ცა პირველივე მუხლშივეა დაბადებულად ნაუწყები ღვთისგან, შემდგომი ექვსი დღის მანძილზე რაღა იქმნება?

II. პირველ მუხლში ხსენებული “ცა” (“დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი”) და შემდგომ კვლავ ხსენებული “ცა” სამყაროსთან [5]დაკავშირებით (“და სამყაროსა ეწოდა ცაი”) ერთი და იგივეა თუ განსხვავებულია ერთი მეორისგან და ორი ცის შესახებ არის აქ უწყება?

III. ბიბლიის პირველი წიგნის პირველი მუხლის ბოლოს ნაუწყები “სული ღმრთისაი” (“და სული ღმრთისაი იქცედა ზედა წყალთა”) სულიწმინდას გულისხმობს თუ რაღაც სხვაგვარი განმარტებით უნდა აიხსნას?

IV პავლე მოციქულისგან ნაუწყები მესამე ცა როგორ უნდა განიმარტოს (შეგახსენებთ პავლე მოციქული გვაუწყებს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნა სიცოცხლეშივე, ხორცში მყოფობის დროსვე, მესამე ცაზე ატაცებული “ერთი ვინმე წმინდანი”. აქ მესამე პირშია პავლე მოციქულისგან ნაუწყები, მაგრამ ძველთაგანვე ერთსულვანი აზრი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აქ პავლე მოციქული თავის თავს გულისხმობს, როდესაც იგი ამბობს, რომ “ვიცი კაცი, რომელი [6]გინათუ ხორცითა, გინათუ უხორცო არა ვიცი, აღტაცებულ იქმნა მესამე ცადმდე და იხილა მუნ მშვენიერებაი სამოთხისაი, რომელსა ენაი კაცბრივი ვერ მეტყველებს. რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”) და რა მიმართებაშია ეს მესამე ცა იქვე ნახსენებ სამოთხესთან? სამოთხე მესამე ცაზეა, დედამიწაზეა თუ როგორი განმარტებანი უნდა მიეცეს ამ  ყოველივეს?

აქ წამოჭრილი პრობლემები რეალურად არსებობს, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ამგვარი ორი მომენტი ერთიმეორეს გავუიგივოთ. პირველი საყვედური, რომ ბასილი დიდი პრიმიტიულად მსჯელობს, აშკარდ თვითმიზნურია, ხოლო დანარჩენი შეკითხვანი, რაც ჩამოვთვალეთ, მართლაც იმსახურებს ყურადღებას და განმარტების აუცილებლობას. მაგრამ ბასილი დიდი ამ შეკითხვათა წამოჭრის ჟამს უკვე აღსრულებული იყო და მას არ დასცალდა ამ [7]კითხვებზე პასუხის გაცემა და იმ საყვედურთა გაფანტვა, რაც მის წინააღმდეგ გამოითქმოდა. ყოველივე ეს და ვალდებულება ამ ბუნდოვანებათა გაფანტვისა იტვირთა მისმა ხორციელმა ძმამ და დიდმა ღვთისმეტყველმა წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რასაც ჩვენ შესაბამის ადგილზე შევეხებით, თუ როგორი პასუხები გასცა ყოველივე ამას გრიგოლმა თავის სახელგანთმულ შრომაში “პასუხი ექვსთა დღეთა შესახებ”. აქ იგულისხმება არა ბიბლიური ექვსი დღე, არამედ ბასილი დიდის შრომა, ანუ რომ გავშიფროთ ეს სათაური გრიგოლ ნოსელის ამ ძეგლისა, შეიძლებოდა ამგვარად გადმოგვეცა: “პასუხი ბასილი დიდის ექვსთა დღეთას შესახებ”. და ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემა გრიგოლ ნოსელისგან ამომწურავად, სიღრმისეულად, დასაბუთებულად, ღვისმეტყველურად არის პასუხგაცემული. მაგრამ დავუბრუნდეთ ბასილი დიდს.

როდესაც “ექვსთა დღეთაი” გავრცელებული გახდა, იგი ითარგმნა სხვა ენებზეც, პირველ რიგში ლათინურად [8](ჩვენ ქართულ თარგმანზე უკვე ვიმსჯელეთ და მასზე აღარ შევჩერდებით) IV ს-ის მიწურულში და ეს ლათინური თარგმანიც ცხრა ჰომილიით შემოიფარგლება. ამ მხარეს ყურადღებას ვაქცევთ იმის გამო, რომ ბერძნულ ენაზე გარდა აღნიშნული ცხრა ჰომილიისა ცნობილია აგრეთვე ორი ძეგლი იმავე “ექვსთა დღეთა”-სთან კავშირში, ოღონდ კონკრეტულად ადამიანის შექმნის მხრივ. როგორც ცნობილია ბასილი დიდმა თავის ამ ჰომილიებში ვერ მოასწრო კონკრეტულად ღვთისგან ადამიანის შექმნის საღვთისმეტყველო განმარტება. მან თავისი განმარტებანი დააბოლოვა ცხოველთა შექმნით და, როგორც ვთქვით, ვერ დაასრულა წინასწარ ჩაფიქრებული ციკლი საღვთისმეტყველო განმარტებებისა. შემდეგში ადამიანის შექმნის განმარტების ნაკლულევანება ბასილი დიდის წიგნისა შეავსო კვლავაც ჩვენს მიერ ხსენებულმა წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რომელმაც დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა [9]“ადამიანის შექმნის შესახებ”, რომელსაც ასევე გრიგოლ ნოსელის შესახებ განხილვისას შევეხებით. ამჯერად კი იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ მიუხედავად ამგვარი დამკვიდრებული აზრისა, რომ ბასილი დიდს არ განუმარტავს ადამიანის შექმნა, რომ ის ვერ მოესწრო ადამიანის შექმნის განმარტებას, რადგან აღესრულა 379 წლის 1 იანვარს, ბერძნულ ენაზე შემონახული გახლავთ ორი ჰომილია კონკრეტულად ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიქმნა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად. ეს ჰომილიები ხელნაწერთა ნაწილში კონკრეტულად ბასილი დიდს მიეკუთვნება, თუმცა არის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც გრიგოლ ნოსელს აკუთვნებენ მათ. კარგა ხანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილოლოგიური პრობლემა საეკლესიო მეცნიერებისთვის ხსენებული ორი [10]ჰომილიის ავტორობის განსაზღვრა, იდენტიფიკაცია, ატრიბუცია ანუ მათი ავტორის დადგენა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტორი წმინდა გრიგოლ ნოსელია, ნაწილი მიიჩნევს, რომ ბასილი დიდია, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ არც ერთი მათგანი მისი ავტორი არ არის. თუ ჩვენ საკითხს სიღრმისეულად შევხედავთ, ვფიქრობთ, ყველაზე უფრო მისაღები გახლავთ ბოლო დაშვება, რომ არც ბასილი დიდი არ უნდა იყოს ამ ნაშრომთა ავტორი და არც წმინდა გრიგოლ ნოსელი. თუ ამ უკანასკნელით დავიწყებთ, საეკლესიო ტრადიციითაც და მკვლევართა დაკვირვებითაც უკვე მისი ავტორობა, ე.ი. გრიგოლ ნოსელის ავტორობა გამოირიცხება. გამოირიცხება ერთი ფაქტის გამოც, სხვებს რომ თავი დავანებოთ, რომ გრიგოლ ნოსელი გახლდათ ის მოღვაწე, რომელიც ადამიანის ღვთისადმი მსგავსებას და არა მარტო ადამიანის ღვთისადმი ხატებას აღიარებდა შესაქმის დასაბამშივე, რომ ადამიანს მაშინვე მიეცა არა მხოლოდ ხატება ღვთის, არამედ აგრეთვე დატევნისებრ სრული მსგავსება ღვთისადმი. [11]ამ ორ ჰომილიაში კი ეს აზრი ამგვარად გამოკვეთილი არ არის. რა თქმა უნდა, მეორე გვარი უტრირებაა და გაზვიადებაა იმის თქმა, თითქოს ამ ორ ჰომილიაში ადამიანის შექმნა ღვთის მსგავსებისებრ ვითომცდა პოტენციურად მიიჩნევა შესაქმის დასაბამში. სამწუხაროდ ეს გაუკუღმართება, ეს ცრუ დასკვნა ადამიანის ღვთისადმი მსგავსებასთან დაკავშირებით ძალიან ფეხმოკიდებული გახდა. არავის არ უკითხავს, არავის არ გამოუკვლევია იმის შესახებ, ვითომცდა ადამიანი დასაბამში ღვთის მსგავსად კი არ შეიქმნა, არამედ მხოლოდ პოტენციურად, თესლობითად მიეცა მას მსგავსება, ხოლო ხატება სრულად იტვირთა, რომ ვისია ეს აზრი და საიდან მომდინარეობს. ამ აზრს მექანიკურად განუკუთვნებდნენ წმინდა გრიგოლ ნოსელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გრიგოლ ნოსელის აზრი არის დიამეტრულად საწინააღმდეგო. ეს ციტატები სწორედ ამ ორი ჰომილიიდან მოიხმობა რუს ღვთისმეტყველთაგან, ერთადერთი ძეგლი ეს გახლავთ, მაშინ როცა მთელი დანარჩენი საღვთისმეტყველო მოცულობა მართლმადიდებლობისა ერთსულოვნად სწამებს, რომ ადამიანი დასაბამშივე [12]შეიქმნა როგორც ხატებად ღვთისა, ასევე მსგავსებად ღვთისა. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად გვაქვს განხილული ჩვენს წიგნში “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, რომლის თითქმის მთელი მოცულობა ამ თემას ეხება და ყველა ციტატა რაც კი შესაძლებელი იყო ამ მხრივ მოგვეძია ორიგინალების მხრივაც და თარგმანებითაც და სათანადო კომენტარებითაც აქ წარმოდგენილია და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ჰპოვოს პასუხი აღნიშნულ კითხვაზე. გრიგოლ ნოსელის სწავლება ამ კუთხით დაწვრილებითაა დღეისათვის შესწავლილი, სხვათაშორის, დიდი წვლილი მიუძღვით ევროპელ მკვლევარებს, გამოქვეყნებულია რამდენიმე პირველადი მნიშვნელობის გამოკვლევა, მაგალითად ერთ-ერთი მკვლევარი გახლავთ ბერძენი წარმოშობის გერმანელი მკვლევარი მერკი, რომელმაც სპეციალური შრომა მიუძღვნა ამ საკითხს სახელწოდებით “ღვთის მსგავსება გრიგოლ ნოსელთან”. ისევე როგორც სხვა ფრანგი და ინგლისელი მკვლევარები, რომელთა შრომებიც ძალიან მნიშვნელოვანია წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, უპირობოდ ერთ დასკვნადე მიდიან, რომ გრიგოლ ნოსელისთვის გამოირიცხება აზრი [13]იმის შესახებ, თითქოს ადამიანი დასაბამში ღვთის მსგავსებად არ შექმნილა. ამის გამო უპირობოდ დგინდება, რომ ეს ჰომილიები გრიგოლ ნოსელის დაწერილი არ არის, ხოლო ეკუთვნის თუ არა იგივე ჰომილიები წმინდა ბასილი დიდს, ამ საინტერესო საკითხს ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე შევეხებით.

 

302–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=p2ACZ4KUWsE

 

ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებული ორი ჰომილიის შესახებ ადამიანის შესაქმესთან დაკავშირებით (გაგრძელება).

მისი სხვა ეგზეგეტური და ასკეტური ჟანრის შრომები

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას. განვიხილავდით ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებული ორი უაღრესად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ძეგლის ატრიბუციის საკითხს, თუ იმას თუ ვინ არის მათი ნამდვილი ავტორი. შევეხეთ ერთ-ერთ ვარაუდს, რომ შესაძლოა გრიგოლ ნოსელი ყოფილიყო მათი ავტორი, გამოთქმულს გარკვეულ პირთაგან და როგორც უკვე ამაზე მსჯელობა გვქონდა, დღეისათვის სრულიად დამაჯერებელი და არგუმენტირებული დასკვნაა მიღებული, რომ გრიგოლ ნოსელი შეუძლებელია ამ შრომათა ავტორი ყოფილიყო. გარდა ამ მეცნიერული დასკვნისა იგივე გახლავთ ეკლესიური პოზიციაც. მართალია ხელნაწერებში ზოგჯერ გრიგოლ ნოსელის ავტორობა ჩნდება, მაგრამ ხელნაწერული ვითარება ამ მხრივ ჩვენთვის ვერ იქნება დამაბოლოებელი დასკვნის გამოტანის საფუძველი, გაცილებით მნიშვნელოვანია საეკლესიო დასკვნა, სპეციალური შეფასება, [1]რაც ეკუთვნის IX ს-ის უდიდეს მოღვაწეს წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, აღმსარებელს, რომელიც არანაირად ამ ორ ჰომილიას წმინდა გრიგოლ ნოსელს არ უკავშირებს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ შეიძლება თუ არა მათი დაკავშირება წმინდა ბასილი დიდის სახელთან? ამ მხრივ ბოლო ხანებში უფრო მეტი გადახრაა პოზიტიური დასკვნისკენ, ანუ იმ დასკვნისკენ, რომ შესაძლებელია ბასილი დიდი ამ ჰომილიათა ავტორი ყოფილიყო. ბოლო ხანებში განხორციელდა ხსენებული ორი ჰომილიის ძალიან მაღალი დონის მეცნიერული პუბლიკაცია საფრანგეთში, ცნობილ სერიალში “ქრისტიანული წყაროები”. გამომცემლებმა, ორმა ფრანგმა მკვლევარმა უყოყმანოდ განუკუთვნეს ეს ძეგლები, ეს ჰომილიები წმინდა ბასილი დიდის სახელს. ავტორადაც ბასილი დიდი აწერია ამ პუბლიკაციას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ალბათობისთვის და პოზიტიური დასკვნისთვის ძალიან ნაკლები ადგილია, [2]ყოველშემთხვევაში არგუმენტირებანი ამ მხრივ თითქმის უსაფუძვლოა და ერთადერთი, რაც ვითომცდა ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას გვავარაუდებინებს, გახლავთ შემდეგი, რომ ეს ჰომილიები ისეთივე სტილითაა დაწერილი, ისეთივე მარტივი ტერმინოლოგიითაა მოძღვრება გადმოცემული, როგორც ეს საზოგადოდ ბასილი დიდს ახასიათებდა. აი ესაა მთავარი დასკვნა ამ მკვლევარებისა, რომლებიც ბასილი დიდს განუკუთვნებენ ხსენებულ ჰომილიებს. რა თქმა უნდა, ბასილის გავლენა შესაძლოა მართლაც იყოს ამ ჰომილიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტორი ერთი და იგივეა. ეკლესიის მამათა შრომები ამა თუ იმ ეპოქაში იმდენად სიღრმისეულად შეისისხლხორცებოდა სხვადასხვა თაობის მოღვაწეთა მიერ, რომ ეს, თავისთავად ცხადია, სტილშიც მკვეთრად ჩანდა. შრომას იმიტომ წერს ღვთისმეტყველი, რომ გვიანდელმა თაობებმა იმემკვიდრონ იგი. თუნდაც, დავუშვათ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, როგორც ვამბობდით კაბადოკიელ მამათა შესახებ საუბრის დასაწყისში, [3]იმ ზომის გავლენა მოახდინა გვიანდელ თაობებზე, რომ მისი სტილი თითქმის ყველა გვიანდელ მოღვაწესთან შეიმჩნევა და გამოსჭვივის. ასე რომ, ცოდნა ბასილი დიდის შრომებისა, ბასილი დიდის სტილისა და ახლობლობა და მიმსგავსებულბა ამ სტილთან, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს ავტორობის თვალსაზრისით ერთ და იმავე პიროვნებას. მაგრამ არგუმენტი, კვლავ გავიმეორებთ, მხოლოდ ეს გახლავთ, მაშინ როცა საპირისპირო არგუმენტები, რომ ბასილი დიდს არ ეკუთვნის ეს ჰომილიები, იმდენად საგულისხმოა, რომ ძნელად თუ რაიმე სხვა არგუმენტით ისინი დაიძლევა და გადაილახება. პირველი გახლავთ არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბასილის ხორციელი ძმა და მისი სულიერი მემკვიდრე წმინდა გრიგოლ ნოსელი იწყებს რა თავისი სახელგანთქმული შრომის “კაცისა შესაქმის” წერას, შესავალში უპირველესად იმას გვაუწყებს, რომ ბასილი დიდის ქადაგებანი ნაკლულევანი აღმოჩნდა, რამდენადაც ხსენებულ მოღვაწეს გარდაცვალების გამო [4]განუხილველი დარჩა ადამიანის შექმნა. ე.ი. გრიგოლ ნოსელი აბსლუტურად ერთაზროვნად გვაუწყებს, რომ ბასილი დიდმა ვერ მოასწრო ადამიანის შექმნის საკითხის განხილვა და რომ მან სწორედ ამ მიზანდასახულობით დაწერა თავისი ეს ვრცელი შრომა, დაწერა იმიტომ, რომ ნაკლი და ხარვეზი ბასილი დიდის შრომას არ ჰქონოდა და ეს ყოველივე აღმოფხვრილიყო. ასე რომ, პირველი და ყველაზე მთავარი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ ეს ჰომილიები რომ ბასილი დიდის არ ეკუთვნის, გახლავთ ყველაზე დიდი, ამ შემთხვევაში სარწმუნო წყარო, წმინდა გრიგოლ ნოსელის პირდაპირი უწყება, რაც გამოთქმულია ბასილი დიდის გარდაცვალების უახლოეს ხანებში, დაახლოებით 380-381 წლებში (ე.ი. დაახლოებით ერთი წლის ფარგლებში). ცხადია, გრიგოლ ნოსელზე უკეთ არავის არ ეცოდინებოდა ბასილი დიდმა განმარტა თუ არა ადამიანის შექმნა. და ეს ორი ჰომილია რომ ბასილი დიდს წარმოეთქვა ანდა დაეწერა, სადაც საკმაოდ [5]მოცულობითად არის განმარტებული სწორედ ადამიანის შესაქმის საკითხი, ადამიანის შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად, ცხადია, გრიგოლ ნოსელი ასე კატეგორიულად ვეღარ იტყოდა, რომ ბასილის სრულიად განუხილველი დარჩა ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი და რომ მან ივალდებულა თვითონ ამ ხარვეზისა და ამ ნაკლის აღმოფხვრა და გამოსწორება.

ამასთან ბასილის რომ ეს ჰომილიები მართლაც წარმოეთქვა, ისინი ხსენებულ ცხრა ჰომილიასთან ერთად უნდა გავრცელებულიყო მორწმუნეთა შორის. რა თქმა უნდა, ცალკე არც ეს მკვლევრები არ ამბობენ, რომ ბასილიმ თითქოს ეს ორი ჰომილია რაღაც ამ ციკლისგან ამოვარდნილად სხვა დროს და სხვა პირობებში წარმოთქვა. მათი შეხედულება ასეთია, რომ ბასილიმ წარმოთქვა ჯერ ცხრა ჰომილია ექვსი დღის შესახებ და ეს ცხრა ჰომილია ბოლოვდებოდა ცხოველთა შესაქმის საკითხის განხილვით. რა თქმა უნდა, ბასილი მაშინვე განიზრახავდა ადამიანის შექმნის საკითხის განხილვასაც, მაგრამ იგი ავად გახდა, - ამბობენ ხსენებული მკვლევარები, მძიმედ გახდა ავად, [6]ვეღარ შეძლო ქადაგებათა განგრძობა და მათი თქმით სწორედ ამ აზრის ანარეკლია შედარებით გვიანდელ უმცროს თანამედროვეთა ცნობები, რომ ბასილიმ ვერ დააბოლოვა ექვსი დღის განხილვა. მაგრამ, - ამბობენ ეს მკვლევარები, რომლებმაც ბასილის განუკუთვნეს უახლოეს პუბლიკაციაში ხსენებული ორი ჰომილია, შემდეგ გამოჯანმრთელდა ბასილი და შესძლო ადამიანის შესაქმის შესახებ ჰომილიათა წარმოთქმაც.

თავისთავად ეს რაც გადმოვეცით, ამ გადმოცემაშიც კი, რაც, ალბათ მსმენელისთვის ცხადია, ხელოვნურობას დიდი დოზით შეიცავს, ძნელად დასაჯერებელია ეს ყოველივე, მაგრამ მხოლოდ ამაში არ გახლავთ საქმე. ვთქვათ ბასილიმ შესძლო მხოლოდ ცხრა ჰომილიის წარმოთქმა და დააბოლოვა თავისი ჰომილიები ცხოველთა შესაქმით, იმიტომ, რომ მეტი ვერ შესძლო ფიზიკურად. შემდგომ ის ავად გახდა, კვლავ გამოჯანმრთელდა და წარმოთქვა ორი ჰომილია. ამ დროს, - ვარაუდობენ ეს მკვლევარები, ის ცხრა ჰომილია უკვე გავრცელებული იყო და ამიტომ მიიღო მან დამოუკიდებელი სახე. ეს ორი გვიან წარმოთქმული ჰომილია კი [7]ვეღარ დაუკავშირდა იმ ცხრა ჰომილიან კრებულს. ვთქვათ ეს მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ გრიგოლ ნოსელის დროს, როდესაც ის “კაცისა შესაქმისას” წერდა, ანდა მეტიც ჩვენს მიერ ხსენებულ ძეგლს “პასუხი ექვსთა მათ დღეთათვის”, რაც კონკრეტულად ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაი”-ზე პასუხს წარმოადგენს, წერდა, მაშინ ხომ ბასილი მართლაც აღსრულებულია, და თუ აღსრულებულია და ეს ჰომილიები მართლაც მას წარმოუთქვამს, ე.ი. ეს ჰომილიები უკვე არსებობდა, ცხადია, ისინი პირველ რიგში გრიგოლ ნოსელისთვის იქნებოდა ცნობილი და რაღაცნაირად სადმე მაინც მათ შესახებ ცნობა, უწყება რომ არ მოეცა ჩვენთვის, ესაა სრულიად დაუჯერებელი და წარმუდგენელი.

ამრიგად, ეს საკითხი, რომ ბასილი თავისი გამოჯანმრთელების ერთ პერიოდში ცხრა ჰომილიას წარმოთქვამს, შემდეგ მცირედ სნეულდება და კვლავ გამოჯანმრთელებული ორ ჰომილიას წარმოთქვამს, ვითარებას არ ცვლის, რადგანაც მისი აღსრულების ჟამს ხომ ცხადია თერთმეტივე ჰომილია იქნებოდა წარმოთქმული და გრიგოლ ნოსელისთვის ეს თერთმეტივე ხომ ცნობილი უნდა ყოფილიყო აუცილებლად, ანდა გნებავთ გრიგოლ ღვთისმეტყველისთვის, ან ამფილოქე იკონიელისთვის.

[8]ეს ბერძნულ ტრადიციაში, მაგრამ რაღა ვთქვათ სხვაენოვან თარგმანებზე. თუ ბერძნულში ვთქვათ კიდევ ვიფიქროთ და დავუშვათ, რომ ცალკე შეიქმნა ცხრა ჰომილია ბასილი დიდისა და გვიან დაემატა მათ ორი ჰომილია, მაგრამ გვიან დამატებული მაინც ცალკე გამოყოფილად წარმოჩნდა და იმ ცხრა ჰომილიას ვეღარ შეუერთდა, სხვაენოვან თარგმანებში რატომღა არ შევიდა იგი? ცნობილია, რომ ლათინურად თარგმნა ხსენებული ჰომილიებისა თითქმის დაუყოვნებლივ ხდება ბასილის გარდაცვალების შემდეგ 80-იან წლებში, 5-6 წლის შემდეგ ბასილის აღსრულებიდან. მაგრამ ეს ლათინური თარგმანი მხოლოდ ცხრა ჰომილიას შეიცავს და კვალიც კი იმ ორი ჰომილიისა არსად არ ჩნდება. ასევე გვიანდელი მოღვაწეები, როდესაც ბასილი დიდის შესახებ საუბრობენ და საუბრობენ ძალიან დეტალურად, კონკრეტულად შესაქმის წიგნზე მისი განმარტებების მხრივ, ყოველთვის და მხოლოდ მიუთითებენ ცხრა ჰომილიას. არის კიდევ მრავალი სხვა [9]ფაქტი, რაზეც ამჟამად დეტალურად ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ეს ორი გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა, რომ არც ბერძნულში და არც უადრეს ლათინურ თარგმანში ცხრა ჰომილიას არასოდეს არ შეერთვოდა ეს ორი ჰომილია, ამავე დროს კი ამ ორი ჰომილიის შესახებ არაფერი არ იცოდა ბასილის ხორციელმა ძმამ და სულიერმა მემკვიდრემ წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რომელსაც ალბათ პირველს უნდა სცოდნოდა მათ შესახებ, მისმა განუყრელმა მეგობარმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა და იმავე ეპოქის სხვა დიდმა მოღვაწეებმა, აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ჰომილიები ბასილი დიდის არ ეკუთვნის. ამიტომაა, რომ არა მხოლოდ საეკლესიო ტრადიციით, არამედ მცნიერულადაც ყოვლითურთ მიუღებელი ჩანს, ჩვენი აზრით, შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჰომილიები ბასილი დიდმა დაწერა. საეკლესიო განჩინებაც ამგვარია, თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ამ შემთხვევაში კვლავ იმავე წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, რომელიც საეკლესიო შეფასებას გვაწვდის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის უყოყმანო განჩინებით, სწორედ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ პირველ არგუმენტზე, რომ გრიგოლ ნოსელმა არაფერი არ იცის ამ ორი [10]ჰომილიის შესახებ, ასკვნის, რომ ეს ჰომილიები არ არის ბასილი დიდისა. ამიტომ, მიუხედავად სხვადასხვა მკვლევრისგან ამ ჰომილიათა ან ბასილისეულად ანდა გრიგოლ ნოსელისეულად მიჩნევისა, ჩვენ მაინც დღეისათვის არანაირი არგუმენტი, არანაირი წყარო, არანაირი მონაცემი ამის დასაბუთებისთვის არ გვაქვს და ეს ჰომილიები, როგორც ამბობდა თუნდაც იგივე ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი და ზოგი მკვლევარი XIX-XX ს-ში, ანონიმურად უნდა ვცნოთ და მივიჩნიოთ, რომ ვიღაც სხვა მოღვაწისგან არის დაწერილი შედარებით გვიანდელ ეპოქაში, დაახლოებით V-VI საუკუნეების მიჯნაზე.

ჩვენ ამ ორ ჰომილიას იმიტომ შევეხეთ, რომ ჰექსემერონული ციკლი ბასილი დიდისა ერთობლივად განგვეხილა. ხოლო ჰექსემერონული ციკლი ნიშნავს იმ ჰომილიების ციკლს და ერთობლიობას, რაც ბიბლიურ ექვს დღეს ეხება (ბერძნულად “ჰექსემერონ” ნიშნავს “ექვს დღიურს”) და ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებით [11]სწორედ ეს ორი ძეგლი წარმოჩნდება ამ მხრივ, ერთი ცხრა ჰომილია, ნამდვილად მისგან დაწერილი და მეორე ორი ჰომილია, გარკვეულ პირთაგან მისდამი მიკუთვნებული, მაგრამ რაიმე დამარწმუნებელი არგუმენტის გარეშე.

მაგრამ, ცხადია, ბასილის თუნდაც ეგზეგეტური მოღვაწეობა მხოლოდ ამ ძეგლით, “ექვსთა დრეთა”-ის ცხრა ჰომილიით არ განისაზღვრება. კონკრეტულად ძველ აღთქმასთან დაკავშირებით ბასილის სწავლებანი დღემდე ეკლესიის მიერ ძვირფას საუნჯედ არის შემონახული, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი განმარტება, როგორიც გახლავთ ესაიაი წიგნის კომენტარები, რომელიც საკუთრივ ძველ ქართულად თარგმნილი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ერთ მცირე ფრაგმენტს, რაც “დიდ რჯულის კანონშია” ციტირებული და “რჯულის კანონის” თარგმნასთან ერთად ამ ციტატის თარგმნაც მოხდა, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ყურადღება მისაქცევია, გარდა ესაიას წიგნის განმარტებისა, ფსალმუნთა მისეული განმარტებანი, რაც მეტნაკლებად ქართულშიც არის ასახული კატენებიან ბიბლიაში, რომლის ქართული თარგმანიც ეფრემ მცირის სახელს [12]უკავშირდება. სხვათაშორის ბასილი დიდისგან ფსალმუნთა განმარტება არაა, ასე ვთქვათ, რიგითი ეგზეგეტური მოღვაწეობა საეკლესიო მამისა, ის საკმაოდ უჩვეულო ფორმის განმარტება გახლავთ, რომლის ახსნასაც, ე.ი. ასეთი უჩვეულო ფორმა რატომ ჰქონდა ფსალმუნთა ბასილისეულ განმარტებას, ჩვენ ვნახულობთ იმავე წმინდა ეფრემ მცირესთან. მართლაც თუ ჯერ განმარტების გარეშე შევხედავთ ბასილი დიდის ფსალმუნთა კომენტარებს, ვერ გავერკვევით რატომაა, რომ ცალკეული მუხლები განმარტებულია, მაგრამ მუხლების მთელი წყება განუმარტავადაა დატოვებული, რა პრინციპით იქნა შერჩეული ფსალმუნთა ზოგიერთი მუხლი, რასაც ბასილი დიდი განმარტავს? აი ამის შესახებ ეფრემ მცირე ასეთ ახსნას გვაწვდის, რომ ბასილი დიდს სპეციალურად ფსალმუნთა განმარტება არ ჰქონდა მიზნად, მას არ დაუწერია ამ მხრივ რაღაც საგანგებო შრომა, იგი როგორც მღვდელმთავარი, როდესაც შედიოდა ტაძარში, ფსალმუნთა რომელი მუხლიც [13]იგალობებოდა იმ დროს სწორედ იმ მუხლს განუმარტავდა მრევლს. ანუ ეს განმარტებანიც ბასილისგან ზეპირად იყო მოწოდებული მრევლის წინაშე, ხოლო მიმდევრობა და ასეთი შერჩევითობა ფსალმუნთა მუხლებისა განეკუთვნება არა საკუთრივ ავტორს (ე.ი. ბასილი დიდს), არამედ თვით მოვლენას, რომელ ფსალმუნზეც დაემთხვეოდა მღვდელმთავრის შესვლა ტაძარში, ის მუხლი განიმარტებოდა მისგან მრევლის წინაშე. თავისთავად, ეს ძალიან ღრმა შინაარსის შემცველი განმარტებანი, როგორც უკვე ვთქვით მოგვიანებით შევიდა ე.წ. კატენებიან ბიბლიაში. კატენებიანი ბიბლია, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ნიშნავს საღვთო წერილის იმგვარ სახეს ხელნაწერში როდესაც ტექსტიცაა წმინდა წერილისა წარმოდგენილი და აშიაზე კომენტარებიც. ეს კომენტარები არ არის ერთი ავტორისა, არამედ სხვადასხვა ავტორისა, ზოგჯერ კი ერთი ავტორის სხვადასხვა განმარტება. ანუ როდესაც ხელნაწერის შუაში, ფურცლის შუაში წარმოდგენილია კიმენი, თვით საღვთო წერილის ტექსტი, [14]აშიაზე კი წყება, სერია, ჯაჭვი განმარტებებისა. თვითონ “კატენა” ნიშნავს ჯაჭვს, სერიას, ამ შემთხვევაში საკუთრივ განმარტებებთან დაკვშირებით. კატენებიანი ბიბლია იგივე კომენტარებიანი ბიბლიაა, განმარტებებიანი ანუ სქოლიოებიანი ბიბლიაა, როგორიც გახლავთ ქართულ სინამდვილეში გელათური ბიბლია. თუმცა გელათური ბიბლია საკუთრივ ფსალმუნთა წიგნს არ შეიცავს, ეს ხელნაწერი თვითონ დაზიანებულია და ხელნაწერის დაზიანებულობის გამოა თუ იმის გამო, რომ ამგვარი წესით ფსალმუნი ქართულად უკვე არსებობდა გელათური ბიბლიის შექმნის ჟამს, ეს დღეისათვის ძნელი დასადგენია. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ აქ ანგარიშის გაწევა მოხდა ძველი ტრადიციისადმი. XII ს-ში კატენებიანი წესით სწორედ “ფსალმუნნია” დამუშავებული, როგორც უკვე ვთქვით, ეფრემ მცირემ შეადგინა და თარგმნა უზარმაზარი ძეგლი “ფსალმუნთა განმარტებანი”, სადაც თითოეული [15]მუხლი ფსალმუნისა მრავალჯერადი კომენტარებით არის ახსნა-განმარტებული და ეს უზამარმაზარი მოცულობის ძეგლი ოთხმოციან წლებში დააბოლოვა მან. სამწუხაროდ შემორჩენილი გახლავთ, ყოველშემთხვევაში დღესდღეობით ცნობილია, მხოლოდ პირველი ნაწილი, ე.ი. დაახლოებით 76 ფსალმუნის განმარტება, მეორე ნაწილი კი, რაც მას უეჭველად ჰქონდა შესრულებული, დღემდე უცნობი გახლავთ. ეფრემ მცირისგან ქართულად თარგმნილ-შედგენილ ამ ფსალმუნთა განმარტებებს, ანუ იგივე კატენებიან ფსალმუნს წმინდა ეგზეგეტური ხასიათის ფორმა აქვს ქართულში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ერთი მამისგან ერთჯერადი განმარტება კი არაა მოწოდებული, არამედ მრავალი მამისგან მრავალჯერადი განმარტება ერთი და იმავე ფსალმუნური მუხლისა. [16]თვით ეფრემ მცირეც გვაუწყებს, რომ მას რაღაც ერთი კონკრეტული დედანი კი არ აუღია ბერძნულში, თუნდაც ამგვარი მრავალჯერადი განმარტებების კრებული, არამედ მას თვითონ შეუკრებია ეს ყოველივე. ჯერ ცალკეული ავტორები მოუძიებია და მათ შორის ბასილი დიდსაც ასახელებს იგი და შემდგომ ორი, ანტიოქიის სვიმეონ წმინდის ბიბლიოთეკაში, კატენებიანი “ფსალმუნნი”, რომლებიც ამ წმინდა მამათა განმარტებებით მას თვითონ შეუვსია, ეს ყოველივე უზარმაზარი მოცულობის ძეგლად გაუმთლიანებია და ქართულად, როგორც უკვე ავღნიშენთ, გადმოუღია. სწორედ ამ თარგმანის შესავალში (ეს შესავალი თავისთავად ერთ-ერთი ღირსეული საღვთისმეტყველო შრომაა ეფრემ მცირისა) ხსენებული მოღვაწე ჩვენ გვაუწყებს ბასილისგან ფსალმუნთა განმარტების თაობაზე და გვიხსნის თუ რამ განაპირობა ასეთი შერჩევითობა ფსალმუნური მუხლებისა ბასილი დიდის განმარტებაში. ასე რომ, ბასილი დიდის ფსალმუნთა განმარტებანი ქართულად მეტნაკლებად, [17]შეიძლება ითქვას, რომ თარგმნილი გახლავთ.

ეგზეგეტური ღვაწლი ბასილი დიდისა არსებითად მაინც ზეპირი გზით წარმოებდა. ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაზე ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, მაგრამ “ექვსთა დღეთაის” შესახებ მისგან წარმოთქმული ცხრა ჰომილია და ფსალმუნური განმარტებები უეჭველად ზეპირი გზით მოწოდებული სწავლებანია, მრევლისგან სტენოგრაფიული წესით ჩაწერილნი. საერთოდ ბასილი დიდის ეგზეგეტიკა მკვლევართაგან ხანგრძლივი ჟამის მანძილზე შეისწავლებოდა, უაღრესად საგულისხმო დასკვნებია მიღებული, დეტალურადაა შესწავლილი მისი ეგზეგეტური მეთოდი, სტილი, ტერმინოლოგია, ცალკეული სწავლებანი და ამ მხრივ ბასილი ჩვენს წინაშე წარმოჩნდება როგორც ერთ-ერთი უდიდესი ეგზეგეტთაგანი საეკლესიო ისტორიაში.

მაგრამ მხოლოდ ეგზეგეტიკა არ გახლავთ მისი მოღვაწეობის სფერო. ბასილი თავის საღვთისმეტყველო შრომებში ჩვენს წინაშე წარმოჩნდება ამავე დროს [18]როგორც ერთ-ერთი უდიდესი სათნოებათმეტყველი, ანუ ასკეტური მოღვაწეობის ღვთისმეტყველურად შემფასებელი, ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ფუძემდებელი თავის სახელგანთქმულ შრომებში, როგორებიცაა “სამოღვაწეო თავნი”, “ითიკა” (ძველ ქართულად ასე ეწოდება მას), “ასკეტიკონი”, რომლებიც (ეს ბოლო ორი) სრულყოფილად გახლავთ ქართულად თარგმნილი და თავისი შედარებით მცირე მოცულობის სტატიებით, რასაც შეიცავს ეს ასკეტური ნაშრომი ბასილი დიდისა, ცალ-ცალკე ყოველი მათგანი უაღრესად ფასეულია არა მხოლოდ ასკეტიკის თვალსაწიერიდან, არამედ ზოგადად საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიის კუთხით. ამიტომ სავსებით სამართლიანია მკვლევართა დასკვნა იმის შესახებ, რომ მონასტიციზმის ფაქტობრივი ფუძემდებელი არის ბასილი დიდი. მართალია ჩვენ ამაზე დეტალური მსჯელობა გვქონდა, რომ სამონასტრო ტიპის განდეგილობაც და ანაქორეტული ტიპის განდეგილობაც [19]ბასილის უწინარეს არის დაფუძნებული, წმინდა ანტონი დიდის, ამონას, პახუმის, მათ სულიერ თანამოაზრეთა მიერ, მაგრამ დასაბუთება, დამყარება და დაფუძნებულობა ყოველივე ამას სწორედ ბასილი დიდმა შესძინა და მკვლევართა შორისაც ურყევია დასკვნა, რომ მონასტიციზმის მესაფუძვლე არის ბასილი დიდი. ნამდვილი, ჭეშმარიტი, საღვთო რეგლამენტატორი სამონასტრო მოღვაწეობისა და ზოგადად ასკეტიზმისა და განდეგილური ღვაწლის ღვთისმეტყველური თვალით განმჭვრეტი და ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი უდიდესი მესაფუძვლეც იგივე ბასილი დიდი გახლავთ. მან თავის ცხოვრებაში პრაქტიკულად განახორციელა ის ასკეტური იდეალები, რასაც საკმაოდ ადრეულ ასაკში დაუკავშირდა თვითონვე, როდესაც მოვლო მან მთელი ეგვიპტური მეუდაბნოეობა, ყველაზე უფრო ღირსეული და სათნო წესები მათგან შეითვისა, ღვთისმეტყველურად [20]განჭვრიტა მეუდაბნოეობის სულიერი არსი და მისი სამოღვაწეო თავები, როგორც უდიდესი მასწავლებელი ყველა ჩვენთაგანისა, ნებისმიერი გასნაცდელისა და ცხოვრებისეული სირთულის ჟამს, მთელ სამომავლო საქრისტიანო მემკვიდრეობას დაუტოვა.

 

303–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=P3WBMJUt65U

 

ბასილი დიდის საღვთისმეტყველო სწავლებანი     

მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა

ჩვენს წინა საუბარში ზოგად შტრიხებში, შთაბეჭდილების შექმნის მიზნით, შევეხეთ წმინდა ბასილი დიდს, როგორც საეკლესიო ფილოსოფოსს, საეკლესიო ფილოსოფიის პროფილის განმსაზღვრელს და ამავე დროს საეკლესიო პოზიციის მყარად ჩამომყალიბებელს ანტიკურ ფილოსოფიასთან დაკავშირებით. ავღნიშნავდით, რომ სწორედ მან მისცა პირველმა მყარი თეორიული განზოგადება საეკლესიო ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ღირსეული ანტიკურობაში და რა არის უღირსებითი, რა არის უარსაყოფი. ამ მიზნით დაწერა მან თავისი ცნობილი შრომა სახელწოდებით “როგორ ვიკითხოთ ანტიკური ლიტერატურა”. საგულისხმოა, რომ მან ეს შრომა ახალგაზრდებს გაუგზავნა, ახალგაზრდებს მიმართა მან ამ შრომით, რადგანაც ჭაბუკურ წლებში შეცდომის დაშვება მთელი ცხოვრების შეცდომად შეიძლება გახდეს, ხოლო თავიდანვე მართებული გეზის არჩევა, გნებავთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, მრავალი კუთხით შემდგომ და შემდგომ ამა სოფლისეულ მღელვარებათა [1]და ცდომილებათა განმზღუდველი და ამ ახალგაზრდების გადამრჩენელი შეიძლება გახდეს. ამიტომ მიიმართება ეს შრომა ბასილისა ახალგაზრდებისადმი. ეჭვი არ გვეპარება ბევრმა და ბევრმა შეითვისა და შეიწყნარა ბასილი დიდის სწავლება და, როგორც ავღნიშნავდით, ყველა დროსა და ყველა ეპოქაში ეს შრომა ქრისტიანებს უნდა მიეწოდებოდეს, რომ თვითნებურად და თვითრჯულობითად არ გამოგვქონდეს დასკვნები ნებისმიერ მოვლენასთან, ამ შემთხვევაში თუნდაც ანტიკურობასთან, ფილოსოფიასთან დაკავშირებით. არც ხელაღებით ვგმობდეთ, როგორც ბევრს სჩვევია და არც ხელაღებით და ყოვლითურთ ვითვისებდეთ, როგორც ასევე არაერთგზის ვლინდება დღევანდელ ყოფაში. ის შუალედური სამეუფო გზა, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბასილი დიდიც გახლავთ, კვლავაც უნდა გაცოცხლდეს ჯერ ჩვენს გონებაში და შემდგომ დღევანდელ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რათა არც მარცხნივ და არც მარჯვნივ არ მოხდეს ჭეშმარიტების გზიდან გადაცდომა და გადადრეკა. [2]ბასილისგან ჩამოყალიბებული ეს პოზიცია, ეს განზოგადებული სწავლება იმის შესახებ, თუ რა არის ღირსეული ანტიკურობაში და რა არის უღირსებითი, აი ამ ნაშრომის მიწოდების შემდეგ თანამედროვე ქრისტიანებისადმი, ბევრი ცდომილებისგან, კვლავ ავღნიშნავთ, დაიცავს მათ. სამწუხაროდ ძველქართულად ეს ძეგლი თარგმნილი არ გახლდათ და ამ მხრივ რაღაც საფუძველი ამ ძეგლის თარგმნისა არ არის, მაგრამ ეს ძეგლი განძისებრ შემონახული საეკლესიო ტრადიციაში, თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ მრავალ სასარგებლო ნაყოფად დღესაც ქართველ მკითხველს, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეიძლება რომ მიეწოდოს, რითაც ბასილი დიდის, როგორც ფილოსოფოსის და როგორც ფილოსოფიის თეორეტიკოსის სახე მკაფიოდ გამოიკვეთება.

ბასილი როგორც ჭეშმარიტად საღვთო ფილოსოფოსი, ჩვენს წინაშე [3]ცხადდება ისეთ ურთულეს სამოძღვრო საკითხებზე მსჯელობისას, რაც ერთი მხრივ უკავშირდება ზეციურ, შეუქმნელ წიაღს, ყოვლადწმინდა სამებას და მეორე მხრივ ქმნილებას თავისი ორი გამოკვეთილი სახეობით (გონიერ ქმნილებაზე გვაქვს საუბარი), ანგელოზურ და ადამიანურ ქმნილებას და სამივე კუთხით მას ფუძემდებლური სწავლებანი აქვს მოცემული. ერთი მხრივ მისეული ტრიადოლოგია ანუ მოძღვრება ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ყოვლადწმინდა სამების შესახებ მოძღვრებიდან კი განსაკუთრებით საკუთრივ სულიწმინდის ჰიპოსტასზე უმყარესად ჩამოყალიბებული მისი დოგმატური სწავლებანი (რაც მას თავის ცნობილ შრომაში ამავე სათაურით “სულიწმინდის შესახებ” აქვს მოცემული) და მეორე მხრივ იმავე ბასილი დიდის ანგელოლოგია, ანგელოზთა შესახებ მოძღვრება და განსაკუთრებით ადამიანის შესახებ [4]სწავლება, ანუ ანთრპოლოგია, ჩვენს წინაშე ცხადად წარმოაჩენს ბასილი დიდის, როგორც ჭეშმარიტად საღვთო ფილოსოფოსის სახეს. მხოლოდ ეს უკანასკნელიც რომ ავიღოთ ჩვენ, ამ კუთხითაც ბასილის მოძღვრებისა და ბასილის ღვაწლის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჭეშმარიტების გამოთქმის და ჭეშმარიტების ჩვენში დამკვიდრების ასპექტით შეუცვლელია და ძველთაგანვე ეკლესიის მამათაგან ყოვლითურთ ერთსულოვნად აღიარებული, როგორც სრულიად უცდომელი დებულებანი, რაც დღესაც ჩვენთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს.

მაშინ როცა საკუთრივ ადამიანის შესახებ მოძღვრებასთან დაკავშირებით ყოველივე ჩამოყალიბებულია, დადგენილია და ყოვლითურთ დეტალურადაა განმარტებული (კერძოდ განმარტებულია ის, რომ ადამიანი არის ორბუნებოვანი - სხეულებრივი და სულიერი ბუნების მოქნე, რომ ადამიანის სული ანუ ადამიანის “ფსიხე” შინაგანად სამნაწილედია, ესაა [5]ე.წ. გულისწყრომითი ნაწილი, გულისთქმითი ნაწილი და გონითი ნაწილი, რომ გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილი ცხოველსაც აქვს და ამით ადამიანური სული და ცხოველური სული უკავშირდება ერთიმეროეს, მაგრამ ადამიანური “ფსიხე” ანუ ადამიანის სული იმით არის მეტი ცხოველზე, რომ მას აქვს გონითი ნაწილი, რაც არა აქვს ცხოველს და ამ გონითი ნაწილით არის ადამიანი ადამიანი. ესაა ყველაზე მნიშვნელვანი რამ ადამიანში, რასაც ეკლესიის მამები ზოგჯერ “პნევმა”-ს უწოდებენ (რუსულად “დუხ”), რაც ქართულად ასევე “სულად” ითარგმნება. ზოგჯერ მას ბერძნულად უწოდებენ “ნუს” ანუ ქართულად “გონება”, ზოგჯერ კი უწოდებენ, როგორც უკვე ვთქვით, გონით ნაწილს, აზროვნებით ნაწილს, ბერძნულად “ლოგისტიკონ”. “ლოგოს” ბერძნულში არა მხოლოდ სიტყვას ნიშნავს, არამედ აგრეთვე აზრს, გონს, შესაბამისად “ლოგისტიკონ” ნიშნავს გონით, აზროვნებით, ანდა აზრისმიერ ნაწილს, რითაც ადამიანი ადამიანია), ბასილი დიდის სწავლებანი ამ კუთხით, [6]განსაკუთრებით მისი ანთროპოლოგია, ანუ ადამიანის შესახებ სწავლება, კვლავ ავღნიშნავთ, დღესაც და მარადის სახელმძღვანელო უნდა იყოს ჩვენთვის.

თუნდაც ადამიანის პირველშესაქმის საკითხი, თუ როგორ შეიქმნა ღვთისგან ადამიანი, მართალია საკუთრივ იმ შრომაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, “ექვსთა დღეთას შესახებ” ცხრა ჰომილიში ბასილიმ ვეღარ მოასწრო ადამიანის შექმნის შესახებ ბიბლიური მუხლის ზედმიწევნითი კომენტირება, მაგრამ სხვა შრომებში არაიშვიათად ამ საკითხს ის, რა თქმა უნდა, ეხება და ზედმიწევნით ცხადად გვიყალიბებს სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მოხდა ადამიანის შექმნა დასაბმში, რას ნიშნავს ადამიანის შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სწორედ ბასილი დიდი გახლავთ ის ავტორი, რომელიც, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, დაუწყვედელად ღაღადებს ძეობილობის ანუ ღვთისადმი შვილობის დასაბამშივე მიმადლებულობას პირველქმნილი ადამიანისადმი და მხოლოდღა ამის განახლებულობას მაცხოვრისგან, თუნდაც უფრო აღმატებულ ხარისხში, [7]მაგრამ განახლებულობას, ადამიანთა შვილობითი ხარისხის აღდგენას ძე ღმერთის განკაცების გზით და არა იმას, რომ მხოლოდ მაცხოვრის განკაცების წამიდან იწყება ადამიანთა შვილობა ღვთისადმი. “ეს შვილობა ღვთისადმი ქონდა ადამიანს, - გვასწავლის ბასილი დიდი, დაჰკარგა მან ეს შეცოდების შედეგად და მოვიდა ძე ღვთისა, რომ ძეობილბა (ეს უნიკალური ტერმინი ჩვენ არაერთგზის განგვიმარატავს, რაც არსენ იყალთოელისგან დაფუძნებული ტერმინი გახლავთ და ნიშნავს მადლით ძეობას ღვთისადმი ანუ მადლისმიერ შვილობას და არა, რა თქმა უნდა, ბუნებით ძეობას), რაც ადამიანს დასაბამშივე ქონდა ღვთისადმი და რაც ცოდვისგან დაიკარგა, ბუნებითმა ძემ, ძე ღმერთმა, განკაცებულმა ღმერთმა, რომელსაც განკაცებისას ეწოდა იესო ქრისტე, აღუდგინა ადამიანებს, კვლავ განუახლა მათ ის დაკარგული ძეობილობა ღვთისადმი”. ბასილი დიდი ამას ზედმიწევნით ცხადად გამოთქვამს, როდესაც გვასწავლის, რომ [8]სწორედ იმისთვის იყო ღვთის ჩასახვა, ღვთის შობა ყოვლადწმინდა მარიამისგან, ღვთის ბავშვად ყოფნა, აღზრდა, ქადაგება, ჭეშმარიტების სწავლების გამო შეპყრობა, ჯვარცმა, დაფლვა და ძლევამოსილი აღდგომა და ამაღლება ზეცად, ეს ყოველივე მხოლოდ იმის გამო იყო, - ხაზს უსვამს ბასილი დიდი, რომ ადამიანებს კვლავ განახლებოდათ ის დასაბამიერი ძეობილობა ღვთისადმი, რაც მათ ჰქონდათ და დაკარგეს.

ეს ძეგლი, სხვათაშორის, რუსული თარგმანითაცაა დღეს ხელმისაწვდომი, საქართველოშიც არის ეს რუსული თარგმანი და იქაც შესანიშნავადაა გადმოცემული ეს მოძღვრება: “დრევნიე სინა პალაჟენიე”. “სინაპალაჟენიე” ამ შემთხვევაში გახლავთ შესაბამისი ბერძნული ტერმინის “ჰიოთესიას” კალკირება (“ჰიოს” არის ძე, ხოლო “თესის” დადება). ქართულშიც არსებობდა ამგვარი კალკირებული შესატყვისი ხსენებული ბერძნული [9]ტერმინისა - “ძედ დადებაი” (ეს კონკრეტულად გელათური ტერმინი გახლავთ). საზოგადოდ ეს ბერძნული უდიდესი საღვთისმეტყველო ტერმინი “ჰიუთესიას”, რაც პავლე მოციქულისგან გახლავთ დაფუძნებული და რამდენიმეგზის მისგან გამოყენებული, ქართულად სამგვარად ითარგმნებოდა. არსენ იყალთოელამდე ეს ტერმინი ითარგმნებოდა როგორც “შვილებაი”, რომ უფალმა “შვილებაი” მოგვმადლა ჩვენ “ღვთისაი”. მაგრამ არსენი უფრო ტერმინოლოგიურად ზედმიწევნით თარგმანს გვაწვდის - “ძეობილობაი”. ეს იმიტომ, რომ ბერძნულ ტერმინში აქცენტირებულია სწორედ “ძე” და არა “შვილი” (“ჰიოს” არის ძე, მაშინ როცა შვილი არის “ტეკნონ”). ამიტომ “შვილებაი” შინაარსით კი არის მართებული თარგმანი, მაგრამ ტერმინოლოგიურად ზედმიწევნითი ვერ არის. არსენ იყალთოელი უნიკალურად ზედმიწევნით ტერმინს გვთავაზობს ჩვენ იმ ბერძნული სიტყვისას, ანუ მას შემოაქვს ტერმინი “ძეობილობა”, რაც ნიშნავს არა ბუნებით არამედ სწორედ მადლისმიერ ძეობას, რომ უფალმა ინება და გვაჩუქა თავისი თავისადმი ძეობა. მესამე ტერმინი გახლავთ გელათური შესატყვისი [10]“ძედ დადებულობა”, რაც ამ შემთხვევაში იგივეობრივია ჩვენს მიერ ხსენებული რუსული ტერმინისა “სინა პალაჟენია”.

ასევე ბასილი დიდი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ხატმეტყველი, ხატის რაობის ფილოსოფიურად განმმარტებელი, ხატის ფილოსოფოსი, რომელმაც ჭეშმარიტად გვასწავლა და გვაუწყა, რომ სხვა არის ხატი არსებისა და სხვანი არიან ხატნი იმავე ერთარსება ღვთისა. ბერძნულში ხატის აღმნიშვნელი, ამ შემთხვევაში რაც ჩვენთვის საყურადღებოა, ორი ტერმინია (საზოგადოდ ყველაზე გამოკვეთილი ტერმინი ხატის აღმნიშვნელი სამი გახლავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი), ერთი  ეს გახლავთ თერმინი “ჰე მორფე” და მეორე “ხარაკტერ”. აი ეს “მორფე”, საიდანაც არის სხვათაშორის ტერმინი “მორფოლოგია”, არის არსობრივი ტერმინი, ანუ ყოვლადწმინდა სამების ერთარსობრივ ხატს გვაუწყებს, მაშინ როცა [11]“ხარაკტერ” მხოლოდ, გვამოვნებით ანუ პიროვნულ ხატს აღნიშნავს და რადგან სამია პირი ყოვლადწმინდა სამებისა, შესაბამისად სამია “ხარაკტერი” ყოვლადწმინდა სამებისა, ანუ სამი ჰიპოსტასური ხატი არსებობს, და რადგან ერთია ამ სამპიროვანი ღვთის ბუნება, შესაბამისად “მორფე” ანუ არსობრივი ხატი ანუ ბუნებითი ხატიც ასევე ერთია. აი ამ ორი მდგომარეობის, ორი გაგების და ორი აზრის ურთიერთ აღრევა, რა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომაა, რაც ასევე დაგმობილია ბასილი დიდისგან. ასევე ბასილისგანვეა უცხადესად განმარტებული თუ რა არის ჭეშმარიტი რაობა საეკლესიო ხატმეტყველებისა.

ჩვენ ეს საკითხები ვრცლად გვაქვს განხილული წერილობით და დაინტერესებულმა მსმენელმა შეიძლება ნახოს ჩვენი შედარებით მცირე მოცულობის წიგნი “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, სადაც შევეცადეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გამონათქვამი ბასილი დიდისა საკუთრივ ტერმინ “ხატთან” დაკავშირებით მოგვეხმო ქართულად. მაგრამ [12]მხოლოდ ბასილის სწავლებანი ამ შემთხვევაში ქართულ ენაზე საუბრისას შეიძლება ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა არ იყოს, რადგან მავანი გვეტყვის, რომ აღნიშნული ტერმინი ჩვენი თარგმანია და ის მოცემულ შემთხვევაში “ხატად” კი არ უნდა ითარგმნოს, არამედ რაღაც სხვა ტერმინად. მაგრამ ჩვენ ამის დიდი ტრადიცია გვაქვს საქართველოში, ბასილის ამგვარი ხატმეტყველებითი სწავლებანი ქართულად ჯერ კიდევ წმინდა არსენ იყალთოელმა თარგმნა და არა მხოლოდ თარგმნა, არამედ თავის უდიდეს კრებულში “დოგმატიკონში” შეიტანა, სადაც სწორედ ამ ტერმინებს იყენებს იგი - “ხატი”, “ხატებაი”, “ხატოვნებაი”, ბასილისეული ტერმინების “მორფესა” და “ხარაკტერის” ქართულად გადმოსაცემად. ამ ტერმინების არსენისეულ თარგმანში ზედმიწევნით ცხადად ჩანს, რომ არსობრივი ხატი ყოვლადწმინდა სამებისა უცილობლად ერთია, მაგრამ იმავე ერთარსება ღვთის სამპიროვნება აუცილებლად სამ ჰიპოსტასურ ხატს გულისხმობს, სამ “ხარაკტერს” გულისხმობს და ვინც ამ სამ ჰიპოსტასურ ხატს ერთ ხატად შეარწყამს, იგი ერთპიროვნულობის [13]აღმსარებელია, იგივე იუდეველია, იგივე საბელიანელია, რომლებიც სწორედ ერთარსება ღვთის ერთ პიროვნებას აღიარებდნენ და არა სამპიროვნებას.

რა თქმა უნდა, ბასილის სწავლებანი, მრავალი კუთხით გამჟღავნებულნი და გამოვლენილნი, აღუწყავი სიმდიდრეა ჩვენთვის. ჩვენ რამდენიმე საკითხს მხოლოდ იმის წარმოსაჩენად ვეხებით და იმის გაცხადებას ვცდილობთ, რაც შთაბეჭდილებას შექმნის, მართებულ გეზს მოგვცემს ჩვენ იქეთკენ, რომ იმ სიღრმეშიც შევაღწიოთ, რასაც ბასილი დიდის უდიდესი ღირებულების საღვთისმეტყველო შრომები საკუთარ წიაღში მოიცავს. ეს შრომები მხოლოდ, ასე ვთქვათ, ლიტერატურული და მწიგნობრული ხასიათის შრომები არ გახლავთ, არის ასევე არანაკლებ ღირებულების მქონე მისი პირადი ეპისტოლეები, რაც ჩვენ არაერთგზის გვიხსენებია და მოგვიხმია, სადაც ბასილი დიდი როგორც ადამიანი, როგორც ამცხოვრებისეული გრძნობებისა და ტკივილების მქონე პიროვნება მკვეთრად ვლინდება ჩვენს წინაშე, [14]ჩვენს წინაშე ის ცოცხლდება ამ ეპისტოლეთა გზით, როგორც ხორცშესხმული ადმაიანი. არა როგორც რაღაც სქემა, როგორც ზმანება, როგორც შეიძლება ვინმემ შეიქმნას აზრი, რომ მას თითქოს არანაირი ხორციელი ტკივილი, წუხილი და საურავი არ ჰქონია. ამ ეპისტოლეების განხილვა და წაკითხვა უბრალო ამბავი არ გახლავთ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს ერთი ხასიათის და ერთი განწყობის ეპისტოლეები არ არის, აქ შეიძლება ითქვას, რომ არის სხვადასხვა ციკლი. კარგად არის ცნობილი, და ეს საეკლესიო ისტორიაში ყოველთვის ცალკე განიხილებოდა, პირადი ეპისტოლეების ერთი უმნიშვნელოვანესი ციკლი დაკავშირებული წარმართ ფილოსოფოს ლიბანიოსთან. ეს მართლაც რაღაც უნიკალური მოვლენაა, ქრისტიანისა და წარმართის უჭკნობი მეგობრობის ამსახველი სტრიქონები, რაც ნიმუში უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის, თუ როგორი ადამიანური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენს გარშემო მყოფი პირებისადმი. ბასილი დიდი [15]ამ მხრივაც ჭეშმარიტად დიდი მასწავლებელია ჩვენი. ეს ციკლი ძველ ქართულადაც არის თარგმნილი ეფრემ მცირისგან და გამოცემულიც გახლავთ. ღირსება ვისაც არ უნდა ჰქონდეს არასოდეს არ უნდა მივჩქმალოთ, არასოდეს არ უნდა დავაკნინოთ, ადამიანური ღირსება არავის არ უნდა შევულახოთ, რისი ნიმუშიც სწორედ ბასილი დიდი გახლავთ. არა მხოლოდ არაფერ ბრალდებას ადამიანური ასპექტით ლიბანიოსის წინაშე არ აყენებს, არამედ ყველა სტრიქონში, ყოველ მუხლში გამოყოფს და ხაზს უსვამს ლიბანიოსის ღირსებებს. ზოგჯერ ეს ღირსებები იმდენად მკვეთრად და იმდენად აღმატებულადაა გამოთქმული, რომ შეუძლებელია მკითხველს ლიბანიოსისადმი განსაკუთრებული პატივისცემა არ გაუჩნდეს. თვით მისი (ე.ი. ლიბანიოსის) საპასუხო ეპისტოლეებიც დიდი კრძალვისა და რიდის აღმბეჭდველია თავის შიგნით, კრძალვისა ბასილის ჭეშმარიტად საღვთო გონებისადმი და მისი ზნეობრივი, [16]განსაკუთრებით თუნდაც არაქრისტიანებისადმი დამოკიდებულების ასპექტით. ლიბანიოსის მხრიდან გამოკვეთილი თაყვანისცემა აი ამ ორი ღირსებითი შტრიხისა ბასილი დიდის ღვაწლში და ბასილის პიროვნებაში, შეუძლებელია, რომ შთაბეჭდილების ქვეშ არ აქცევდეს მკითხველს და არათუ შეუძლებელია ეს ასეც უნდა იყოს. იმიტომ შეიქმნა ეს ციკლი ბასილისგან, იმიტომ შემოინახა ეკლესიამ უდიდეს საუნჯედ ეს მიმოწერა და ყველა მართლმადიდებლურ ენაზე (ყოველშემთხვევაში რაც ჩვენ ვიცით) იმიტომ ითარგმნა, რომ არ გავიდეთ იმ ზნეობრივი საზღვრების გარეთ, რაც მართლმადიდებლობამ და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბასილი დიდმა დაგვიწესა ჩვენ.

მეორე ციკლი გახლავთ ასევე და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ საკუთრვ საღვთისმეტყველო ასპექტით, ბასილი დიდისა და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, ძველი ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “ეპისტოლენი ურთიერთ არსნი”, ანუ ერთიმეორისადმი მიწერილი ეპისტოლეები, [17]რომლებიც ამ ორი დიდი მოღვაწის წარუვალი სულიერი მეგობრობის უტყარი ნიშია. მარადიული სანიშნეა აგრეთვე ყველა ჩვენთაგანისა, იმის საჩვენებლად, თუ რა არის ჭეშმარიტი სულიერი მეგობრობა, ამ შემთხვევაში სარწმუნოებითაც ერთ სულ და ერთ ხორცმყოფი ორი დიდი მოღვაწისა. ამ ეპისტოლეების წაკითხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უცნაური და აუხსნელი აღარ იქნება ის სიტყვები, რითაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დაიწყო თავისი ცნობილი ეპიტაფია ბასილი დიდის საფლავზე, სადაც ის ამბობს: “ვგონებდი თუ ხორცნი თვინიერ სულთასა ცხონდეს, ვიდრეღა ჩემი და შენი განყოფაი”. ე.ი. იმასაც კი ვიფიქრებდი, რომ ხორცი, ეს მკვდარი მატერია, შეიძლება სულის გარეშე ცხონდესო, ვიდრე ის, რომ მე და შენ დავცილებოდით ერთიმეორესო. [18]ასეთი უდიდესი მონატრებითი ტკივილის გამომხატველია ის სიტყვები, რაც გრიგოლ ღვთისმეტყველმა ბასილი დიდის აღსრულების შემდეგ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, საფლავზე ეპიტაფიის სახით წააწერა.

სხვა ციკლია კიდევ ამ ეპისტლეებისა, საკუთრივ ღვთისმტყველებითი ასპექტით, ამა თუ იმ პიროვნებისადმი გაგზავნილი წერილები, ნაწილობრივ შემონახული საპასუხო ეპისტოლეებიც, და მიუხედავად იმისა, რომ ცალკე რჩება უკვე საკუთრივ პირადი, გრძნობითი ხასიათის ეპისტოლეები, მაინც ის საღვთისმეტყველო ეპისტოლეებიც კი ამ უკანასკნელთაგან მკვეთრად არ იმიჯნებიან, რადგანაც ისინიც მრავალ გრძნობისმიერ, ადამიანურ, ამქვეყნიური ტკივილებით აღსავსე განცდას იტევს და მკითხველზე, არა მხოლოდ საღვთისმეტყველო კუთხით, არამედ გრძნობითი ასპექტითაც მართლაც წარუშლელ და აღუხოცელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

305–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=69SvCnOrjNA

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 27 APRIL 2016 20:19)