311–318
ნაშრომის განხილვა

(ნაწილი პირველი)

ჩვენს ბოლო საუბარში შევეხეთ წმინდა გრიგოლ ნოსელს, ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. გარკვეული შესავალი ნაწილის შემდეგ უკვე გადავდგით ნაბიჯები კონკრეტული ძეგლებისაკენ, კონკრეტული ნაშრომებისაკენ და ის მსმენელები, რომლებიც წინა საუბარს უსმენდნენ, ალბათ მოელიან, ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, მსჯელობის განგრძობას “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით, რაც ცალკე წიგნად დაგვიტოვა წმინდა გრიგოლ ნოსელმა.
როგორც აღვნიშნავდით, ისევე როგორც ყველა სხვა ძეგლი ამ მოღვაწისა, ხსენებული ნაშრომიც აუცილებლად ორპლანიანია, ორნაწილედია და ორ საფეხურს გულისხმობს. ერთი ეს გახლავთ ისტორიული თხრობა, ისტორიული ამბავი და მეორე აღნიშნული ისტორიული ამბის ღრმად სულიერი განმარტება, სულიერი სინამდვილის განჭვრეტა ზედაპირულ თხრობაში. ამიტომ პირველ ნაწილში აღნიშნული ნაშრომისა წმინდა გრიგოლ ნოსელი [1]დეტალურად გადმოგვცემს და შინაგანი საღვთისმეტყველო ჩანართებით აღრმავებს ბიბლიურ თხრობას, მაგრამ გამოკვეთილად საღვთისმეტყველო განმარტების მიზანდასახულობით აღნიშნულ თხრობას ხელახლა უბრუნდება თავისი ნაშრომის II ნაწილში და როგოც უკვე ვამბობდით, ყოველ დეტალს მოსე წინასწარმეტყველთან ბიბლიური თხრობის მიხედვით დაკავშირებულს, ყველა მოვლენას მისი ცხვრებისას, განსაკუთრებულად სულიერი სახისმეტყველებითი კუთხით განმარტავს და იაზრებს. ვამბობდით, რომ ნიმუშად ზოგიერთ მომენტს დავასახელებდით უფრო ცხადი რომ იყოს ჩვენი სათქმელი.

მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით გრიგოლ ნოსელი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს თვით ამ ბიბლიური პატრიარქის დაბადების უჩვეულობაზე. მოსე მოგეხსენებათ ჩვეულებრივ გარემოში არ დაბადებულა, ის დაიბადა იმ დროს, როდესაც ებრაელები უკიდურესად [2]შეჭირვებულნი, შევიწროებულნი იყვნენ ეგვიპტელთაგან და ეგვიპტელთა წინამძღვრის, მათი გამგებლისა და მათი მეფის ფარაონისგან. თუმცა თავის მხრივ ეგვიპტელები ებრაელებისადმი გამოთქვამდნენ დიდ საყვედურს და შიშიც ჰქონდათ მათი, რადგანაც ხედავდნენ, რომ ებრაული ტომის ფიზიკურმა გამრავლებამ მათი ძლიერება საფრთხის ქვეშ დააყენა. რის გამოც ფარაონმა გამოსცა სასტიკი კანონი, რომ ყველა ებრაელი ყრმა, ყველა ებრაელი ვაჟი დაბადებისთანავე მშობელსვე უნდა მოეკლა, ხოლო თუ ქალი შეეძინებოდა, რა თქმა უნდა, ის ამ კანონს არ ექვემდებარებოდა და ცოცხალი რჩებოდა. ეს ყოველივე ისტორიულად იყო, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ბიბლიის ნებისმიერი უწყება ისტრიულადაც ჭეშმარიტია, მაგრამ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა თავის თავში შესაძლოა ღრმად სულიერ, ღრმად [3]სიმბოლურ გააზრებას ატარებდეს. ამჯერადაც ამ თვალით განმარტავს ხსენებულ მოვლენას, ხსნებულ ისტორიულ ამბავს წმინდა გრიგოლ ნოსელი. იგი ფარაონში არ ხედავს მხოლოდ მიწიერ ფარაონს, მხოლოდ ეგვიპტელთა ერთ-ერთ კონკრეტულ იმპერატორს, არამედ ზოგადად ტირანთა, უკეთურ გამგებელთა და ბატონთა პირველმოთავეს განჭვრეტს მასში, თავად ეშმაკეულ უკეთურ ძალას აიგივებს იგი ამ ფარაონთან, ეს ფარაონი მისთვის არის უკეთური ძალის, ეშმაკის სიმბოლო. ეგვიპტე ესაა ერთი მხრივ ჯოჯოხეთის და მეორე მხრივ ჯოჯოხეთური მდგომარეობის სიმბოლო, სადაც ცოდვით დაცემის შედეგად კაცობრიობა მკვიდრდება. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმ საკითხზე, რომ მაცხოვნებელი სწავლების მიხედვით ვიდრე მხსნელის მოვლინებამდე ყველა ადამიანი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, იმიტომ რომ ცოდვის მეუფება იყო აქამდე და ყველაზე ღირსეული ადამიანიც კი ამ [4]ცოდვის შვილი იყო, წარმწყმედელი ცოდვისა. ხოლო წარწყმედა სწორედ ჯოჯოხეთის ტყვეობა იყო და ეგვიპტეც გრიგოლ ნოსელისთვის არის ცოდვისა და წარწყმედის მეუფების ადგილი, მათი საუფლო, ცოდვის საბატონო, იგივე ჯოჯოხეთისა და ჯოჯოხეთში დატყვევებულობის სიმბოლო. ეს ბრძანებულებაც, ფარაონისგან რაც გამოვიდა, რომ ვაჟი აუცილებლად უნდა მოიკლას, ხოლო ქალი ცოცხალი დარჩეს, წმინდა გრიგოლ ნოსელს ასეთი ახსნის საფუძველს აძლევს, რომ ვაჟი ესაა მხნეობის, ახოვანების სიმბოლო, მოღვაწეობის სიმბოლო. ხოლო მოღვაწეობაში ეკლესიური ხედვა, ეკლესიური განმარტება უპირატესად და უპირველესად ასკეტურ ღვაწლს, სათნოებით ძალისხმევასა და ახოვანებას გულისხმობს. ამიტომ გრიგოლ ნოსელისთვის სწორედ მოღვაწის და სათნოებაშემოსილობის სიმბოლოა ვაჟი, [5]რომლის გამრავლებაც არ უნდა ცოდვილიანობას და ცოდვის მოთავეს. მაშინ როცა ქალი უფრო მიდრეკილია გრძნობადობისკენ, ვნებებისკენ და ამ შემთხვევაში გრიგოლ ნოსელისთვის ქალი სწორედ ვნებადობისა და ცოდვისკენ მიდრეკილობის სიმბოლოდ წარმოჩნდება. ამიტომ ქალის გამრავლებას ხელს არ უშლის ფარაონი, ცოდვის მოთავე, ანუ ცოდვისკენ მიდრეკილების გაძლიერებას ის ხელს არ უშლის, მაგრამ ცოდვის წინააღმდეგ ამხედრებულობას კი მკვეთრად უშლის ხელს. ვაჟი სწორედ ამის სიმბოლოა, რადგან იგი სათნოების, სათნოებაშემოსილობის, მოღვაწეობის გამოხატულებაა გრიგოლ ნოსელისთვის, ხოლო მოღვაწეობა და სათნოებაშემოსილობა სწორედ ცოდვის მოწინააღმდეგეა და ცოდვის შემმუსვრელია. შესაბამისად ფარაონი სასტიკად კრძალავს სიმბოლურად ვაჟის ანუ ნებისმიერი სათნებითი ღვაწლის აღსრულებას, ყოვლითურთ ეწინააღდეგება მას და ამრავლებს რა ქალებს, ანუ სიმბოლურად ცოდვისკენ [6]მიდრეკილებას აძლიერებს რა ადამიანებში, სრული დაღუპვისა და ცოდვაში სრული შთანთქმულბისაკენ უბიძგებს მათ.

აი ასეთ ჟამს, ასეთი საყოველთაო დაცემის ჟამს იბადება მოსე. მოსე იბადება და გამოცემული ბრძანების გამო ისიც უნდა მოკვდეს, რადგანაც ყრმაა, რადგანაც ისიც სხვა დაღუპული ყრმების მსგავსად სათნებითი მოღვაწეობის სიმბოლოა, სათნოებითი მოღვაწეობის სახისმეტყველებითი ანუ სწორედ სიმბოლური გამოხატულებაა, ხოლო სათნოებას უკეთურება ებრძვის. მაგრამ საღვთო განგებით, რაც ბიბლიურ თხრობაში ამ შემთხვევაში მშობელთა მოქმედებაში გამჟღავნდა, მოსე არ დაიღუპება. მას პატარა ყუთში ჩასვავენ, რომელსაც გარედან შემოალგოზავენ, შემოაგლესენ გუდრონს ანუ ფისს, რომ წყალმა არ შეაღწიოს შიგნით და ამ სახით მდინარეში გადააგდებენ. ეს მდინარე [7]წმინდა გრიგილ ნოსელისთვის არის ცხოვრების მდინარე, ათასგვარი საცდურის, ათასგვარი მღელვარებისა და მრავალგვარი დაბრკოლებისა და საფრთხის შემცველი, ასეთ მდინარეში კი თუ ადამიანი ყოველგვარი საფარველის გარეშე შეცურავს, მას დაღუპვა არ აცდება. ეს ყუთი, ეს კიდობანი (მას ზოგჯერ კიდობანიც ეწოდება) გრიგოლ ნოსელისთვის არის ის მცნებითი მოძღვრება, იმ მცნებებში გაცხადებული მოძღვრება, რამაც ადამიანი საცთურთაგან უნდა დაიცვას. ათი მცნების სიმბოლოა ეს კიდობანი, რომლითაც გარეშემოზღუდული ადამიანი ამ ცხოვრების მდინარით არ დაინთქმება. მითუმეტეს თუ შემოგოზილია ეს მცნებანი, ანუ ეს მცნებები თუ გამთლიანებულია, ურთიერთდაკავშირებულია და არ ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი მცნებაა აღსრულებული ადამიანისგან და მეორე მისგან უგულებელყოფილი, არამედ ყველა ეს მცნება თუ თანაშეკავშირებულად და შემტკიცებულად უპყრია ადამიანს [8]და თუ ამით იფარავს ის თავის თავს, ცხვორების მდინარე მასში ვერ შეაღწევს. მაგრამ შემდეგ ხდება ის, რომ ეს ყუთი, ეს კიდობანი გაირიყება ნაპირზე, ამაღლებულ ბორცვთან, სადაც იმ დროს ფარაონის ასული თავის მეგობრებთან ერთად ლაღობს. ეს ასული ფარაონისა არის ბერწი და გრიგოლ ნოსელის განმარტებით იგი (ე.ი. ფარაონის ასული) სიმბოლოა მთელი წარმართული კულტურისა, მთელი წარმართული სამყაროსი (თუმცა ამ შემთხვევაში მას აქცენტი აქვს სწორედ კულტურაზე), რაც თავისთავდ უნაყოფოა, ანუ ბერწია, ხოლო ყოველი ბერწი და უნაყოფო იმას ნიშნავს, რომ მას სიცოცხლის მოტანა არ შეუძლია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ კონკრეტულად ანტიკურ და ზოგადად წარმართულ სწავლებებს არ შეუძლიათ ადამიანს მოუტანონ ცხონება ანუ სულიერი სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე და ამიტომ არის ეს წარმართული სამყარო თავისი [9]თუნდაც კულტურული გამოვლინებით, ნებისმიერი მიღწევებით თავისთავად უნაყოფო, იმიტომ, რომ ის ვერასოდეს ცხონების ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ამის სიმბოლოა გრიგოლ ნოსელისთვის ფარაონის ასული, რომელიც ბიბლიური თხრობით ბერწი ანუ უშვილო იყო. მაგრამ ნახა რა მან გამორიყული კიდობანი, ახადა რა თავზე და დაინახა რა დამშვენებული ყრმა, რომელიც ღიმილს და სათნოებას აფრქვევდა, უწოდა მას მოსე ანუ “წყლიდან ამოყვანილი”, “ცხოვრების მდინარიდან ამოყვანილი” და იმდენად შეითვისა ეს ყრმა, რომ მისი აღზრდა გადაწყვიტა. მაგრამ ბიბლიური თხრობის მიხედვით ვიცით, რომ საკუთრივ აღმზრდელი მოსესი კვლავ მისი დედა გახდა, რადგანაც ფარაონის ასულს, რა თქმა უნდა, რძე არ ჰქონდა და აუცილებელი გახდა მოეძებნათ ვინმე ქალი, რომელიც რძეს აწოვებდა ყრმას. ასეთად კი მოსეს დის დახმარებით და ღვთის განგებით კვლავ მისი დედა გამოჩნდა. დედამ ასაზრდოვა [10]იგი, დედამ აღზარდა თავისი რძით, რითაც გრიგოლ ნოსელმა ამ მოვლენით ასეთი ჭეშმარიტება წარმოგვიჩინა, რომ ადამიანი რომელიც წარმართულ კულტურაში შედის და ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ფარაონის ასული წარმართობის, წარმართული აზროვნების, წარმართულ სწავლებათა სიმბოლოა, აი ამ სწავლებებს როდესაც ადამიანი მიეცემა, იმ შემთხვევაში იქნება მისი ამგვარი ქმედება უსაფრთხო, თუ მას მასაზრდოებელი კვლავაც თავისი მშობლიური დედა ეყოლება. ხოლო ადამიანს, ჭეშმარიტების გზაზე მდგომს, ერთადერთი მშობელი დედა ჰყავს ეკლესიის სახით. სწორედ მაშინაა უსაფრთხო ნებისმიერი მოძღვრების შესწავლა, ნებისმიერი მოძღვრების სიღრმეებში შესვლა, რომ იქნებ იქ რაიმე ღირებული ვპოვოთ და ამგვარი მოღვაწეობის დასასრულიც მხოლოდ მაშინაა წარმატებული და ღირსეული, თუ ნებისმიერ წამს ადამიანის მასაზრდოებლად კვლავ რჩება მისი მშობელი დედა [11]ეკლესია, საეკლესიო სწავლება.

არა ასე სახეობრივად, მაგრამ სხვადასხვაგვარი განმარტებების და ზოგჯერ დებულებების სახით, რა თქმა უნდა, ეს მოძღვრება ჩვენ ყველა საეკლესიო მოძღვართან გვხვდება, გნებავთ ბასილი დიდთან, გრიგოლ ღვთისმეტყველთან, მაქსიმე აღმსარებელთან, მოგვიანებით იოანე დამასკელთან, რომ ადამიანი, მიცემული არაქრისტიანულ, არაეკლესიურ, გარე ეკლესიურ სწავლებებს, შესაძლოა თავის მშობელ დედას გარკვეული მანძილით დაცილებული, სულიერად განუყრელი უნდა იყოს მასთან, მისგან საზრდოობდეს და ყველგან ყოვლითურთ ამგვარი ვინმე კეთილ ნაყოფს მოიმუშაკებს, კეთილ ნაყოფს მოიმუშაკებს თავისი თავისთვისაც და კეთილ ნაყოფს მოიმუშაკებს თავისი სულიერი ძმებისთვისაც.

მაგრამ ისმის კითხვა: რა საჭიროა გასვლა უცხოობაში, მსოფლიოს გარეეკლესიურ ნაწილში, გარეეკლესიურ კულტურაში და იქ რაიმეს ძიება? წმინდა გრიგოლ ნოსელი და [12]კაბადოკიელი მამები ამ საკითხს ძალიან გულდასმით განიხილავენ. მათთვის წარმართობა აბსოლუტურად უღირსი არ გახლავთ, ისევე როგორც არცერთი საეკლესიო მოღვაწისთვის. რაც არ უნდა ცალკეული პირები, თავისთავად გაუკუღმართებულნი, ძველად, ეხლა და მომავალში ცდილობდნენ დაგვაჯერონ, რომ თითქოსდა ეკლესიის მამები სრულიად უპირობოდ მოიკვეთენ თავისი თავისგან და ყოვლად უღირსად თვლიან ნებისმიერ არაეკლესიურს, ეს ყოველივე სინამდვილეს არ შეეფერება. პირიქითაა აბსოლუტურად ვითარება (ჩვენ ამ საკითხზე დაახლოებით სამი ბროშურა მაინც გვაქვს გამოცემული, სადაც უმნიშვნელოვანესი ციტატები და სწავლებანი ეკლესიის მამებისა შეკრებილია), რომ გარეეკლესიურ წიაღშიც არის რამ ღირსებითი მარცვლები და ისინიც არ უნდა დაეკარგოს ღირსებათა და სიკეთეთა წიაღს, დედაეკლესიას. რადგანაც ყველა ღირსეული, ყველა კეთილი, ყველა ჭეშმარიტი მარცვლის წყარო კვლავაც ღვთიურობაა, რაც არ უნდა უცხო გარემოში [13]იყოს ესა თუ ის მარცვალი გაბნეული. ამიტომ ეკლესიის მამათა ღვაწლი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ საკუთრივ საეკლესიო წიაღში დაუნჯებული სიბრძნე რაც არის, ეს განუმარტოს მორწმუნეებს. რა თქმა უნდა, პირველადი ღვაწლი ეს გახლავთ, მაგრამ მათი ვალდებულება ისიცაა, თუ ეკლესიის გარეთ სადმე კეთილი მარცვალი, იგივე ღვთიური მარცვალი უცხოობაში არის მიმობნეული, ყველა ეს მარცვალი კვლავ მოკრიბონ, შემოკრიბონ და დედაეკლესიაში, მათ მშობლიურ წიაღში და ერთადერთ წიაღში სიკეთისა, კვლავ დააუნჯონ. გრიგოლ ნოსელიც ამას გვაუწყებს ჩვენ, ამას გვასწავლის და ამბობს, რომ ანტიკური კულტურა თავისთავად უნაყოფოა, მაგრამ ეს კულტურა და ამ კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტები შესაძლოა ღირსეული და ღირებული აღმოჩნდეს ჭეშმარიტების სამსახურში. ისევე როგორც ვთქვათ ნებისმიერი სიტყვა, წარმართობაში არაიშვიათად გამოყენებული, ეკლესიური სწავლების მიხედვით, ღირსებას მოკლებულია, რაც არ უნდა [14]წარმართული შინაარსით იყოს დატვირთული, მაგრამ თუ ეს ტერმინი, თავისთავად მნიშვნელოვანი, უკვე ჭეშმარიტი მოძღვრების გამომხატველი გახდება, დიდ ღირსებას იძენს. სათნოებითი მოღვაწეობის მარცვლები და ნიმუშები ქრისტიანობამდეც იყო ანტიკურ პერიოდში, სათნოებათა შესახებ, ეთიკური ღვაწლის შესახებ მოძღვრება იყო ჩამოყალიბებული, რაც ეკლესიას უმნიშვნელოდ არ უცვნია. პირიქით ყოვლითურთ გულდასმით გამოიძია ეს სწავლებანი და რაც კი თანხვედრი იყო ჭეშმარიტ მოძღვრებასთან, ყოველივე ეს ჭეშმარიტებისვე წიაღში უკანვე შემოაქცია და დააბრუნა. ამიტომ ყოველივეს ეს, რაც კი ჭეშმარიტებასთან ახლოს მდგომია თავისი არსითა და რაობით, მაგრამ დაცილებულია ჭეშმარიტებას თავისი მყოფობით და გაბნეულია უცხო გარემოში, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს [15]ჭეშმარიტების სამსახურში და ამიტომ იქვე უნდა იყოს იგი დაბრუნებული.

ამ საკითხს არაერთგზის უბრუნდება წმინდა გრიგოლ ნოსელი. მან ხაზი იმიტომ გაუსვა მოსე წინასწარმეტყველის აღზრდას ფარაონის კარზე უშუალოდ ფარაონის ასულის ზედამხედველობით, რომ ამით მიანიშნა ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი განათლებული უნდა იყოს, მან ცოდნა უნდა შეიძინოს, რაც კი მის დროს კაცობრიული მიღწევებია ეს ყოველივე აითვისოს. ამ ყოველივეთი იგი ჭეშმარტების შემეცნების ჟამს დიდ სარგებელს მიიღებს ანუ ყოველივე ამას ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენებს.

ყველაზე მარტივი მონაცემი ავიღოთ, რაც ნაწილობრივ უკვე ვთქვით: ანტიკურ ტრადიციაში თვალსაჩინო მიღწევები გახლდათ ტერმინოლოგიურ საკითხებში. თვით არისტოტელე, ერთ-ერთი უდიდესი ტერმინოლოგი, მრავალი ტერმინის [16]შემომტანი გახდა. საერთოდ ფილოსოფიას ჩვევია, რა თქმა უნდა, თავისი მოძღვრების სწორედ ტერმინებში გადმოცემა. ტერმინთა დიდი მნიშვნელობა და დანიშნულება ეკლესიის მამებს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდათ, რადგანაც ტერმინი, როგორც ჩვენ ადრეც განგვიმარტავს, სხვა არაფერია თუ არა მნიშვნელობაშემოსაზღვრული სიტყვა, ანუ სიტყვა რომლის რაღაც მნიშვნელობაა ცალკე გამოყოფილი და მხოლოდ ამ მნიშვნელობით მოიხმობა ეს სიტყვა, რომელსაც თავისთავად შეიძლება ბევრი სხვა აზრიც ჰქონდეს. გარკვეული მნიშვნელობით და მთლიანად ავსება ამა თუ იმ სიტყვისა და ყველა სხვა მნიშვნელობის იმ მომენტში მისგან გამორიცხვა აღნიშნულ სიტყვას ტერმინად აქცევს. ამგვარი ტერმინების მოხმობა მოძღვრების გადმოსაცემად სწორედ მაშინაა აუცილებელი, როდესაც გვინდა, რომ ჩვენ ეს მოძღვრება სხვებისთვის გადაცემის ჟამს იმდენად ზედმიწევნით გამოვთქვათ, რომ გამოთქმის ჟამს არანაირად არ დაზიანდეს და რაღაც ცდომილება არ შეიძინოს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოძღვრებას მასთან შესაფერისი და ადამიანთათვის რაც [17]დასატევნელია, მაქსიმალურად მისადაგებული სიტყვებით ანუ ტერმინებით გამოვთქვამთ. სწორედ ტერმინებში ფორმულირებული საეკლესიო მოძღვრება გახლავთ დოგმატიკა. დოგმატიკის ღირსებანი და მწვერვალზე მყოფობა დოგმატიკისა, საეკლესიო მწერლობის ჟანრებს შორის, ვფიქრობთ ყველა მსმენელისთვის აბსოლუტურად ცხადია. ამიტომ რადგან ეკლესიურმა მოძღვრებამ ასე ღრმად განჭვრიტა ტერმინთა დანიშნულება და ტერმინოლოგიის აუცილებლობა მოძღვრების გადმოცემაში, ხოლო ეს ტერმინოლოგია დიდად დამუშავებული იყო ანტიკურობაში, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ეკლესიამ მოიხმო, გამოიყენა და გამოიყენა არა როგორც უცხო უცხომ, არამედ პირიქით როგორც თავისსავე წიაღში უკანვე შემოტანილი. იმიტომ, რომ, კვლავ ავღნიშნავთ, ეკლესიური სწავლებით ნებისმიერი ღირსეული აზრი, ნებისმიერი ღირსეული, თუნდაც პრაქტიკული ქმედება, რაც კი წარმართულ გარემოში სადმე გამოვლენილა, ყოველივე ეს სწორედ იმ წარმართული გარემოსთვისაა უცხო, რადგანაც ჭეშმარიტი [18]სწავლების, ჭეშმარიტი მოძღვრების გამონაკრთომი მხოლოდ ამ ჭეშმარიტი მოძღვრების მონათესავეა და არა იმ ადგილისა, იმ უცხო გარემოსი, სადაც ეს გამოკრთომა შეიძლება მოხდეს. შესაბამისად ეკლესიის მამები როდესაც ვთქვათ პლატონისგან, არისტოტელესგან, სტოიკოსებისგან, უფრო ადრე პითაგორელებისგან, ნატურ ფილოსოფოსებისგან და სხვებისგან გარკვეულ ღირსეულ სწავლებებს გამოკრებდნენ და ეკლესიის წიაღში მათ შემოტანას გულმოდგინეობდნენ, ამ მხრივ ისინი აბსოლუტურად არ მიიჩნევდნენ, რომ თითქოსდა რაღაც საეკლესიო მოძღვრებისთვის უცხო გარემოდან შემოტანილ, ამ მოძღვრებასთან თვისობრივად დაუკავშირებელ, სწავლებებს ეძიებდნენ. პირიქით, როგორც უკვე ვთქვით, ხაზგასმით მიიჩნეოდა, რომ რაც კი პლატონის წავლებაში ვთქვათ ჭეშმარიტია, ეს პლატონისა კი არ არის, პლატონური მოძღვრების კუთვნილება კი არ არის, არამედ ქრისტიანული მოძღვრების კუთვნილებაა პლატონურ მოძღვრებაში შემთხვევით [19]მოხვედრილი, ანუ უცხო გარემოში აღმოჩენილი, როგორც სარეველაში, შეიძლება იფქლი ანუ ხორბალი აღმოჩნდეს. იფქლი ანუ ხორბალი კეთილ კულტურათა (კულტურაში ამ შემთხვევაში კეთილი ნაყოფის მქონე მცენარეს ვგულისხმობთ) მონათესავეა და არა, რა თქმა უნდა, სარეველასი. არისტოტელურ სწავლებაში რაც კი ჭეშმარიტია ესეც ქრისტიანულია და არა არისტოტელეს მოძღვრების კუთვნილება, იმიტომ, რომ მთლიანობაში არისტოტელური მოძღვრება ეკლესიური ხედვით ცდომილებაა და ჭეშმარიტი მარცვალი არ შეიძლება ცდომილების მონათესავე იყოს, ჭეშმარიტების მარცვალი მხოლოდ ჭეშმარიტების მონათესავეა და რადგან საეკლესიო სწავლებას მიდევნებულთათვის მხოლოდ საეკლესიო მოძღვრებაა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ნებისმიერი კეთილი, ნებისმიერი ჭეშმარიტი აზრის სწავლება, ქმედება, ყოველივე ეს სწორედ ამ ჭეშმარიტების მონათესავეა, ამ ჭეშმარიტების განუყოფელი ნაწილია და არა იმ უცხო გარემოსი, [20]იმ სარეველებისა, არა იმ გაუკუღმართებებისა და ცდომილებებისა. ეს აზრი იყო მეწინამძღვრე ეკლესიის მამებისათვის, რომლებიც დაუცხრომლად გამოეძიებდნენ ანტიკურ ნაწერებს, არ უშინდებოდნენ საყვედურებსაც კი თუნდაც თავიანთ თანამოაზრეთაგან, რომლებიც თავიანთი შეზღუდული გონებით, რა თქმა უნდა, ამ დიდ მიზანს ვერ აცნობიერებდნენ (მათი გაბედულება დღესაც სანიმუშო უნდა იყოს ჩვენთვის), და ამგვარად უშიშარნი ეკლესიის წიაღს ამდიდრებდნენ, წმინდა ეფრემ მცირის თქმით სიმდიდრედ ეკლესიისა წამოიღებდნენ ზოგადად წარმართობაში რაც კი რამ კეთილი, რაც კი რამ სიკეთე იყო, რაც კი რამ ჭეშმარიტების სამსახურისათვის გამოსადეგი და ვარგისი იყო.

აი ამის სიმბოლოდ ესახება გრიგოლ ნოსელს მოსე წინასწარემტყველის აღზრდა ფარაონის ასულის გვერდით, ფარაონის საიმპერატორო კარზე, ანუ წარმართულ გარემოში, იგივე წარმართული კულტურის წიაღში, რომ ყოველივე რაც კი შეიძლება იქ ღირსება იყოს [21]ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა შეითვისოს, თუ ამის უნარი მას აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქრისტიანი ასე უნდა მოღვაწეობდეს, ეს ერთ-ერთი სახეობაა მოღვაწეობისა, თუმცა ამ სახეობის გვირგვინი რაც არის ეს შემდგომ გამოჩნდება. ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ერთ გზას ჭეშმარიტებისკენ ვერ აირჩევს. მათი ადგილიც ამქვეყნად სხვადასხვაა, მაგრამ ის ვინც მრავალთა და მრავალთა წინამძღვარი უნდა გახდეს, ის ვინც ერის წინამძღვარი უნდა გახდეს, მას გარკვეული გზის გავლა აუცილებლობად, ვალდებულებად აქვს გრიგოლ ნოსელის სწავლების მიხედვით და აი ამგვარი ყაიდის მოღვაწე, კვლავ ავღნიშნავთ, ერის მეწინამძღვრედ ვინც უნდა მოგვევლინოს, ვალდებულია, რომ ღრმად შეისწავლოს ზოგადად კაცობრიული კულტურა, ღირსებანი ამოწუროს და ამოსრუტოს ყოველივე და რაც კი ჭეშმარიტების სამსახურში მნიშვნელოვანი და გამოსადეგი [22]იქნება ეს ყოველივე კვლავაც ჭეშმარიტების წიაღს დაუბრუნოს. მაგრამ მთელ ამ ღვაწლში, მთელ ამ შემეცნებით მოღვაწეობაში, კვლავ აღვნიშნავთ, მისთვის მარადიულად მასაზრდოებელი ერთადერთი წიაღი, დედა ეკლესიის ყოვლად უცვალებელი სწავლება უნდა იყოს. აი მაშინ არის წარმატებული ამგვარი პირის ასეთი დაუცხრომელი და გულმოდგინე საქმიანობა, განათლების მიღების მხრივ, წარმართული კულტურის ღირსებათა შეთვისების მხრივ. მოსე წინასწარმეტყველმაც განვლო ეს გზა, პირველი ეტაპი ერის მეწინამძღვრედ გახდომის გზაზე უაღრესად ღირსეულად დასძლია, აღიზარდა ფარაონის კარზე, თავის თავში სრულყო წარმართული კულტურის შეთვისება, რაც კი ღირსეულია ამ კულტურათაგან. აღიზარდა რა, ანუ ძველი ქართულით რომ ვთქვათ, “განმწვისდა რა” (ჭაბუკი გახდა რა) მოსე, უკვე მის წინაშე სხვა ვალდებულება, სხვა აუცილებლობა [23]წარმოჩნდება. რამდენიმე თვისებაა, რომლებსაც გრიგოლ ნოსელი მკვეთრად გამოყოფს, აუცილებლად მოსახვეჭი იმ პირისგან, რომელიც ღვთის დადგინებით და მისი პიროვნული გულგახსნილობითაც ერის წინამძღვრად უნდა მოგვევლინოს და დიდი მისია აღასრულოს, დაცემულობაში მყოფი ერი ჭეშმარიტების სინათლეზე გამოიყვანოს. ამას უიშვიათესად თუ შეძლებს პიროვნება და სწორედ ამ უიშვიათეს მოღვაწეთა ნიმუშია ამ შემთხვევაში მოსე წინასწარმეტყველი, რომლის ცხოვრებისეული ეტაპების ამგვარი სულიერი თვალით განხილვა წმინდა გრიგოლ ნოსელისგან, ჩვენს წინაშე სათითაოდ გამოკვეთს, სათითაოდ გვიცნობიერებს ყოველ ჩვენთაგანს, იმ აუცილებელ თვისებებს, რომელთა, როგორც მარცვალთა, შეკრებისას პიროვნება ღირსეულად წარსდგება თავისი ერის წინაშე და მას ღვთივდადგინების პატივიც მიეგება, რომ უწინამძღვროს ერს ბნელეთიდან [24]სინათლისაკენ.

 

311–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=TP1JQ4fMMys

 

(ნაწილი მეორე)

ჩვენ კვლავ წმინდა გრიგოლ ნოსელის შესახებ გვექნება მსჯელობა და ალბათ კიდევ რამდენიმე შეხვედრას დავუთმობთ ამ მოღვაწეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კონკრეტული შეხება გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობასთან წინა საუბარში გულისხმობდა სახელდობრ მის ცნობილ შრომას “მოსეს ცხოვრება” და შევეცადეთ, რომ უფრო ახლოს შინაარსობრივად გავცნობოდით ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ჩვენი საუბარი მივიდა იმ მონაკვეთამდე, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი აღიზარდა რა ფარაონის კარზე, სიჭაბუკეში შევიდა. როგორც აღვნიშნავდით გრიგოლ ნოსელი ყოველ დეტალს, არა მხოლოდ მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებულს, არამედ საზოგადოდ ძველი აღთქმის ყოველ მოვლენას, ყოველ ფაქტს, ყოველ გამონათქვამს სულიერი თვალით ხედავს, სულიერი თვალით ჭვრეტს და ამ შემთხვევაშიც მოსეს განჭაბუკება მხოლოდ მის ფიზიკურ გაზრდაზე არ მიანიშნებს [1]კომენტატორისთვის (გრიგოლ ნოსელისთვის). ჩვენ აღვნიშნავდით, რომ გრიგოლისთვის სათნოებანი სიმბოლურად გამოიხატება ვაჟით, მამაკაცით, ხოლო მიწიერებისკენ და ვნებადობისკენ მიდრეკილება უფრო ქალისმიერი ბუნებით არის სიმბოლიზებული გრიგოლ ნოსელისგან. ამიტომ ამ შემთხვევაშიც განჭაბუკება მოსესი ნიშნავს სათნოებებში მის გაძლიერებას. თუ ვაჟობა, ყრმად დაბადება სათნოებაში შესვლას გულისხმობს, იმიტომ, რომ ყრმა თვითონ სათნოების სიმბოლოა, ყრმის დავაჟკაცება ანუ განჭაბუკება უკვე სათნოებაში გაწვრთნილობას, სათნოებაში აღზრდილობას მოასწავებს. გრიგოლ ნოსელი პირველ რიგში სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსე წინასწარმეტყველი დაწინაურებული აღმოჩნდა ამ კუთხით, რომ მან შეითვისა სათნოებანი და თავის თავში სრულყო სათნოებითი ღირსებანი. შესაბამისად [2]პირველი აუცილებელი თვისება იმ დიდი გზის განსრულებისა და მოღვაწეობის მწვერვალზე მისვლისა, რაზეც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით, ანუ ერის ჭეშმარიტ წინამძღვრად გახდომისა, მოსე წინასწარმეტყველისგან უკვე აღსრულებულია და ზოგადად ნიმუშია დადებული ყველა ანალოგიური ტიპის მოღვაწისათვის. ადამიანი რომელიც ღვთის დადგინებით და მისივე ნებელობითი გულგახსნილობით იმისკენ, რომ ეს ტვირთი მიიღოს, განიზრახავს ღვთის წინამძღვრობას, პირველ რიგში მან აუცილებლად სათნოებებში უნდა სრულყოს თავისი თავი, ღვთის მსგავსება უნდა მოიპოვს, ღვთის მსგავსება, რაც სწორედ სათნოებითი სრულყოფის გამოხატულებაა. ამ აუცილებელი, უმტკიცესი საფუძვლის გარეშე, წმინდა გრიგოლ ნოსელის და ზოგადად ეკლესიის სწავლებით (გრიგოლ ნოსელი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეკლესიურ მოძღვრებას გამოთქვამს) აბსოლუტურად შეუძლებელია განღმრთობის გზაზე სვლა, პირადი და მითუმეტეს [3]სხვათა ამ გზაზე წაყვანა და სხვათა წინამძღვრობა იმ ღვთიური ღვთისმცონდობის ფერდობზე, როგორც შემდეგში იტყვის თავად გრიგოლ ნოსელი, რომლის მწვერვალზეც თავად უფალია დადგინებული. ამიტომ ეს პირველი აუცილებელი მონაპოვარი მკვეთრად არის  გამოხატული და ვრცლად განმარტებული გრიგოლ ნოსელის ხსენებულ შრომაში, სათნოებებში ძალისამებრ (ე.ი. რამდენადაც ამას ადამიანის ბუნება დაიტევს) საკუთარი თავის გაწვრთნა, საკუთარი თავის სათნოებითი სრულყოფა.

როდესაც ამ სიმაღლეს მიაღწევს ადამიანი, როდესაც თვისება გახდება მისთვის სათნოებითი მიმსგავსება ღვთისადმი, ამის შემდგომ ის სულიერად უკვე თვალგახელილია. ის მიმოიხედავს გარშემო, მისთვის გამჭვირვალეა ამქვეყნიური, წუთისოფლისეული ღირსება-ნაკლოვანებანი და უკვე კარგად ხედავს თავისი ერის უმძიმეს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში აქ ერში არ იგულისხმება აუცილებლად ტომობრივი [4]გაერთიანება, თუმცა ესეც სახეზეა თავისთავად ცხადია. ყველა ვინც ღვთიური ჭეშმარიტებისაკენ სვლას განიზრახავს, ყველა ვინც ღვთის შვილად, ეკლესიის შვილად ყოფნას თავის თავს დაუწინდავს, აი ესენი არიან ამ შემხვევაში ის ქრისტიანთა ტომი, გნებავთ კათაკმეველთა ტომიც, რომლებიც ტაძარში შესვლას აპირებენ, ნეოფიტების ანუ ახალმოქცეულების, ახალნათელღებულების, რომლებსაც განმტკიცება ესაჭიროებათ, ტომი, რომლებსაც აღმატებული მეწინამძღვრე  სჭირდებათ, რომ ღვაწლში არ დაბრკოლდნენ, ღვაწლი ღირსეულად განასრულონ და მოიპოვონ შესაბამისი მისაგებელი, რაც ღვთისგანვეა დადგინებული. აი ამგვარი გონებითი თვალით მიმომზირველი მოსე უკვე მოღვაწეობითი სირთულეების, მოღვაწეობითი სიძნელეების აღმქმელი და განმცდელიც ხდება. ბიბლიური თხრობით მას ორი რამ მოვლენა, აქამდე მისთვის უცნობი [5]შემთხვევა უკავშირდება. პირველი ეს არის (ამ შემთხვევაში აქ მიმდევრობას არა აქვს მნიშვნელობა) ორი ებრაელის ურთიერთქიშპობა ანუ ორი თანატომელის, სულიერად ორი ქრისტიანის, ორი ქრისტიანული ჭეშმარიტების მიმდევრის ურთიერთდაპირისპირება, ხოლო მეორე იუდეველისა და ეგვიპტელის ანუ ალეგორიული შინაარსით ქრისტიანისა და წარმართის, ანდა უფრო ფართოდ რომ ვთქვათ ქრისტიანისა და არაქრისტიანის დაპირისპირება. პირველ შემთხვევაში მოსე წინასწარმეტყველი მათ მოარიგებს, ურთიერთდააზავებს, რითაც მოცემულია ნიმუში ქრისტიან ძმათა შორის ყოველთვის მშვიდობისმყოფელობითი ღვაწლის განხორციელებისა ნებისმიერი ჩვენთაგანის მიერ, რომ არა დანაწილებას, არა ურთიერთგათიშულობას უნდა ვესწრაფოდეთ, [6]არამედ პირიქით განხეთქილებაში, ურთიერთდაპირისპირებაში მყოფ ძმათა თანაშემოკრებას ჭეშმარიტების წიაღში, მათ ურთიერთშერიგებას, დაზავებას და ურთიერთდაგებას (დაგება ძველქართულში სწორედ დაზავებას ნიშნავდა). ხოლო როდესაც დაპირისპირება ხდება ქრისტიანსა და წარმართს შორის, რა თქმა უნდა, აქ პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც იგულისხმება არა ფიზიკური დაპირისპირება, არამედ დაპირისპირება სულიერი, გნებავთ მოძღვრებითი დაპირისპირება ჭეშმარიტებისა და არაჭეშმარიტებისა. აი ასეთ დროს უკვე მორიგება შეუძლებელია, რადგანაც ის რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების წიაღში ვერასოდეს ჩაერთვის და მისგან უნდა მოკვეთილ იქნეს. მართლაც მოსე წინასწარმეტყველი კლავს ეგვიპტელს, რითაც სახეობრივად, ფაქტობრივად რჯულისებრ განგვიწესებს ჩვენ, რომ ყოველივე უცხო, ჭეშმარიტებისგან უცხო (იგულისხმება აზრი, ზრახვა, [7]მანკიერი ქმედება, ყველა თეორიული და პრაქტიკული გადაცდომა ჭეშმარიტებისგან) ყოვლითურთ უშეღავათოდ უნდა მოვიკევთოთ ჩვენგან. ძველი აღთქმის სულიერი ებრაელი არის იგივე ახალი აღთქმის ქრისტიანი. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის იუდეველი, რომელმაც ახალი აღთქმა შეურაცხყო და შეურაცხყო თვით ძველი აღთქმაც. ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, რომ იუდეველნი არა მხოლოდ ახალი აღთქმის მიმღებნი არ არიან, ისინი (მათთვის მოულოდნელად ალბათ) თვით ძველი აღთქმის მგმობელებიც და ვერ მიმღებლებიც არიან, რადგანც ძველი აღთქმის სული არის ახალი აღთქმა და ვინც გმობს ახალ აღთქმას, რა თქმა უნდა, ის ძველ აღთქმასაც გმობს. ამიტომ აქ ძველ აღთქმასთან დაკავშირებით, პავლე მოციქულისგან მომდინარე ყველა საეკლესიო მოძღვარი იმ ებრაელ მართალთ, რომლებიც ძველ აღთქმაში მოღვაწეობდნენ, წარმოგვიჩენენ და დაგვისახავენ ახალი აღთქმის მართალთა ანუ ქრისტიანთა წინა სახეებად. [8]ამ შემთხვევაში ის ებრაელიც, რომელსაც გამოექომაგება მოსე, ჭეშმარიტებისკენ მსვლელი ქრისტიანის სიმბოლოა, ხოლო თავად მოსე ამგვარ გზაზე მდგომ მართალთა წინამძღვრად გამოჩინებული, რომელიც არა მხოლოდ თავისი თავისგან განაშორებს ყოველსავე უცხოს, არამედ სხვათაგანაც იმ ეგვიპტელისებრ ჰკლავს, განაშორებს, განაგდებს ჭეშმარიტების გზაზე თუკი რამ დაბრკოლება მისგან ნაწინამძღვრებ მართალთ გამოუჩნდებათ და ფაქტობრივად გზას უკაფავს მათ, როგორც უდიდესი ახოვანი მოღვაწე ჭეშმარიტებაში.

აი ამ ორი ქმედებით მოსე წარმოაჩენს თავის თავს უკვე როგორც ჭეშმარიტად შემძლეს მართებული არჩევანის გაკეთებისა, რომ მას აქვს ის სულიერი სიმაღლე მოპოვებული, რომ შეუძლია ღირსეულად განსაჯოს თავისი ერისთვის, მისთვის მშობლიური და მისგან [9]საწინამძღვროდ დაწინდული ერისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენ არ ვართ იმ მწვერვალამდე მისულები, რომ ჩავთვალოთ მოსე როგორც უკვე მთლიანად ჩამოყალიბებული, ბოლომდე აღზრდილი ჭეშმარიტებაში და ფაქტობრივად როგორც უკვე ერის წინამძღვარი. ერის წინამძღვრობას კვლავ ბევრი რამ აშორებს მოსეს, მან მხოლოდ ღირსეული ნაბიჯები გადადგა იქითკენ, რომ უკვე ნამდვილად, არსებითად იღვაწოს თავისი პიროვნული ჩამოყალიბებისთვის, პიროვნული სრულყოფისთვის, განღმრთობის მწვერვალამდე მისვლისთვის, რომ თანაგანაღმრთოს მისთვის საყვარელი ერიც.

მაგრამ რა ნაბიჯებია ეს და რა გზა არის ის, რასაც მოსე უდიდესი წადიერებითა და მგზნებარებით შეუდგება? ეს გახლავთ უკვე ჭეშმარიტად განღმრთბის გზა, ნამდვილი განღმრთობა აი ამის შემდეგ იწყება. აქამდე რაც იყო ეს ყოველივე წინა საფუძვლებია როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოღონდ [10]ღირსეული წინასაფუძვლები, გულის გახსნა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ ჭეშმარიტების სრულად შეთვისების მცდელობა ამის შემდეგ იწყება. როგორც ეკლესიის მამები და ამ შემთხვევაში კონკრეტულად გრიგოლ ნოსელი, მკვეთრად უსვამს ხაზს, ჩვენ ვხედავთ მოსეს მოღვაწეობაში უეჭველად ცალკე გამოსაყოფ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთა მთლიანობითი აღქმა იგივეა რაც განღმრთობის გზის სრულყოფილად გააზრება ნებისმიერი მკითხველისა თუ მსმენელისგან. რა არის პირველი ეტაპი, პირველი საფეხური განღმრთბისა? ბიბლიურ თხრობაზე დაკვირვებით ამგვარ პირველ ეტაპად, პირველ ხარისხად განღმრთობის გზაზე, პირველ ნაბიჯად წმინდა გრიგოლ ნოსელი მიიჩნევს საკუთარი თავის განწმენდას ამაქვეყნისეული ყოველგვარი ბიწისგან. მოსემ აქეთკენ ღირსეული ნაბიჯები გადადგა, ჩვენ ვნახეთ ის განისწავლა კაცობრიულ კულტურაში, ის სულიერად ახოვანების გარკვეულ სიმაღლემდე ავიდა, [11]გამოიჩინა უაღრესად მართებული განმრჩეველობითი უნარი, როდესაც ერთი მხრივ ძმანი ურთიერთთან შეარიგა, ხოლო მტერი ჭეშმარიტებისა მოიკვეთა. აი ამგვარი ღირსეული წინასაფუძვლების შექმნის შემდეგ მოსე უკვე თავისი თავის ყოვლითურთ განწმენდას შეუდგება, რადგანაც განუწმენდელი, თავის თავში უკეთურებათა შემცველი, სხვათა წინამძღვარი სიწმინდისაკენ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. მაგრამ რა არის ამის მიმანიშნებელი თვით ბიბლიურ თხრობაში? ამის მკვეთრ გამოხატულებად ბიბლიურ თხრობაში წმინდა გრიგოლ ნოსელს მიაჩნია თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ მწყემსავდა მოსე წინასწარმეტყველი, როგორ გახდა ის მწყემსი თავისი სიმამრისა და აი ამ მწყემსურ ღვაწლში როგორ განშორდა ამაქვეყნის ხმაურიან თავყრილობებს, რაც სიმბოლურად მოასწავებს მღელვარე, ცოდვისმიერი [12]ამქვეყნიური ტალღებისგან მშვიდობიან ნაპირზე თავის გარიდებას, ანუ საკუთარ თავში ჩაღრმავებას. წინასაწრმეტყველი მთლიანად თავის თავს მიუბრუნდა, თავის თავში ჩაღრმავდა, ყოვლითურთ განიძარცვა ამაქვყნისეული ბიწი, მწიკვლი, შერყვნილება და ღვთისკენ გონითი თვალით მაცქერალი, ღვთისკენ მზერა მიპყრობილი იმ უდიდესი სიწმინდის გამოშუქების მომლოდინე ხდება, რაც განწმენდილმა გულმა, თვით მაცხოვრის მთელი წერილის აღთქმითვე, უნდა მიიღოს. ამას აღუთქვამს უფალი მის მიმდევართ, გულით განწმენდილებს, რომლებმაც ყოველივე წარმავალი და წუთიერი დაუტევეს მარადიულისთვის, რომ მათ გულში ჭეშმარიტი სინათლე დაივანებს. ანუ განმწმენდელობა აუცილებელია განღმრთობის მწვერვალზე ასასვლელად, განღმრთობა სხვა არა არის რა თუ არა ღვთიური მადლისმიერი შუქით [13]ყოვლითურ გამსჭვალვა პიროვნებისა. მოსე წინასწარმეტყველმა ჭეშმარიტად შეამზადა თავისი თავი ამ მადლის მისაღებად და როგორც უკვე ვთქვით ბიბლიურ თხრობაში მისი ამგვარი ღვაწლის ალეგორიული გამოხატულებაა ის ეპიზოდი მისი ცხოვრებისა, როდესაც იგი მწყემსობას ეწეოდა.

მაგრამ რა ხდება შემდეგ? ესაა პირველი ეტაპი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მეორე, მოჰყვეს უნდა ის შედეგი (მეორე ეტაპი ამ შემთხვევაში არის შედეგი პირველი ეტაპისა) იმ ღვაწლისა, რაც პირველ ეტაპზე განახორციელა მოსე წინასწარმეტყველმა. მისი განმწმენდელობითი დაუცხრომელი გულმოდგინება დაგვირგვინდება მოლოდინისამებრ საღვთო გაბრწყინების შეთვისებით. და ჩვენ ვხედავთ მის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი იხილავს და განჭვრეტს ცეცხლმოდებულ აალებულ მაყვლის ბუჩქს. ბიბლიური თხრობა, როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, [14]ხორციელად ანუ მატერიალურად გამომსახველი ჭეშმარიტებისა, იგივე ალეგორიულად წინასწარმეტყველი ჭეშმარიტებაზე, იმას გვაუწყებს ამ თხრობით, ამ უცნაური ეპიზოდით, ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქით, რომ დადგება ჟამი და ჭეშმარიტ მაყვალს სულიერ მაყვალს მოედება ცეცხლი, რა თქმა უნდა, უნივთო ცეცხლი, არამატერიალური ცეცხლი, სულიერი ცეცხლი, რომლისგანაც ის არ დაიწვება. თვით ბიბლიური თხრობა იმდენად ხელშესახებად გამოკვეთს თავის თავში ნაგულისხმევ აზრს, რაზეც ის წინასწარმეტყველებს, რომ ეკლესიის მამათა განმარტებანი, შეიძლება ითქვას მხოლოდ რაღაც გარკვეულ თხელ საფარველს აცლის ამ თხრობას, თორემ აზრის სიკაშკაშე მარგალიტივით მბრწყინავი, თვით ამ საფარველშიც კი აშუქებს და ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც დიდ შეუცნობელ, აქამდე აბსოლუტურად [15]ადამიანური გონებისთვის უცხო და მიუწვდომელ მოვლენაზეა მინიშნება. მართლაც ასეთი მოვლენა დადგება მაშინ, როდესაც ღმერთი თავისი ღმრთეებით ანუ შეუქმნელი სულიერი ცეცხლით შეეხება კაცობრივ ბუნებას და არ დასწვავს მას, ანუ ყოვლითურთ შეინარჩუნებს კაცობრივ ბუნებას, ეს ყოველივე აღსრულდება ყოვლადწინდა ღვთისმშობლის წიაღში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახლავთ ის სულიერი მაყვალი, რომელმაც შეიწყნარა ცეცხლი ზეციური, მაგრამ ამისგან ის არ დაიწვა, აალდა, მასში აღიგზნო ეს ცეცხლი, რაც მოეფინა მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქმნილებას, რომ ცოდვისგან განეწმინდა იგი (დაცემული ქმნილება) და აღედგინა თავდაპირველ უცოდველბაში. როგორც ბრძმედი ოქროს, ძვირფას ლითონს განაშორებს ყოველივე მინარევისგან და გამოახურვებს მას ანუ გამოჭედავს წმინდა ბაჯაღლო ოქროდ, [16]ამგვარადვე ზეციურმა ცეცხლმა იტვირთა უდიდესი ღვაწლი დაცემული კაცობრიობის, დაცემული სოფლის განწმენდისა და თავდაპირველ უცოდველობაში, თავდაპირველ სიწმინდეში ადამიანთა კვლავ აღდგინებისა ანუ ძველი ქართულით “კუალად გებისა”. აი ეს სასწაული აღსრულდა სულიერი მაყვლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, მის მიერ, რადგანაც მან მოგვანიჭა ჩვენ ღმერთი ხორცშესხმული (ეს გამონათქვამი გახლავთ შეუცვლელი, უცვალებელი დოგმატური ფრაზა). ჩვენ პირობითად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ასეც ვთქვათ, რომ მან (ღმრთისმშობელმა) ღმერთი მოგვანიჭა, მაგრამ ყოველთვის ვგულისხმობთ, რომ ხორცშესხმული ღმერთი მოგვანიჭა. ხორცშეუსხმელი ღმერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ მოუნიჭებია. ამ მეორე სიტყვის ან დამატება, პირდაპირ თქმა მისი, ანდა ისეთი რამ, რომ ყოველთვის უნდა ვგულისხმობდეთ მას, აუცილებელია, რადგან ამით ბათილდება ის ძველთაგანვე მომდინარე ცნობილი საყვედური [17]ნესტორიანთაგან, თუ როგორ შეიძლება, რომ ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობელი ვუწოდოთ, როდესაც ადამიანისგან შეუძლებელია, რომ ღმერთი იშვასო. ეს იყო ნესტორიანელთა ცნობილი დებულება მართლმადიდებელთა წინააღმდეგ, მაშინ როცა მართლმადიებლური პასუხი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, რომ ღმერთი ხორცშეუსხმელი, რა თქმა უნდა, ადამიანისგან შეუძლებელია რომ იშვეს, მაგრამ ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ღმერთი, მაგრამ არა ღმრთულად, არა ღმრთეებით, არამედ ღმერთი შვა, ოღონდ კაცობრივად ანუ ღმერთი შვა ხორცშესხმული. რა თქმა უნდა, ის მაინც ითქმის და ჭეშმარიტად ითქმის ღმრთისმშობლად, მიუხედავად იმისა, რომ მას ღმრთეება არ უშვია, იმიტომ, რომ კაცობრივად მისგან შობილი ღმერთი ამ კაცების ჰიპოსტასურად მქონეა. ე.ი. ეს კაცობრივი ბუნება, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გზით შეიძინა მაცხოვარმა იესო ქრისტემ, მაცხოვრის ისეთივე ბუნება გახდა, რგორიც აქამდე იყო მისი ღმრთეება, ყოვლითურთ მისია ეს ბუნებაც.

ამ ჭეშმარიტების [18]წინასწარ განჭვრეტა მოსე წინასწარმეტყველისგან გახლავთ ყველაზე დიდი გაბრწყინება ღვთიური შუქით (აქაც ხარისხებია, რა თქმა უნდა). ღვთიური შუქით შეიძლება გარკვეულწილად გაბრწყინდეს ადამინი, გამოკრთეს მასში ღვთიური შუქი, მაგრამ ყოვლითურთ აღივსოს ამ ბრწყინვალებით, ეს უკვე სხვა ხარისხია, სხვა სიმაღლეა. სწორედ ამგვარი ზეციური სინათლის სისავსით აღივსო მოსე. იმაზე დიდი სისავსე არ არის, თუ არა სწავლება იმის შესახებ, რომ მოივლინება ღმერთი ხორცშესხმული, რომელიც იშვება ყოვლადწმინდა მარიამისგან და შესაბამისად მარიამი ჭეშმარიტად ღვთისმშობელია, ადამიანი ხდება ღვთისმშობელი, ღმერთი ადამიანი ხდება, ხოლო ადამიანი ღვთისმშობელი ხდება. აი ამ უდიადესი სწავლების, როგორც უზენაესი სინათლის მიმღები მოსე, განიძარცვავს, ძველი ქართულით რომ ვთქვათ, ხამლს [19]ანუ ფეხსაცმელებს, რადგან იმ მიწაზე, სადაც აალებული, ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქი იყო, ფეხსაცმლებით ის ვერ შეაბიჯებდა, რადგანაც ეს ფეხსაცმლები, ეს ხამლი ეკლესიის მამათა ერთსულოვანი სწავლებით ალეგორიული მინიშნებაა მიწიერებაზე, დაცემულობაზე, ამაქვეყნისეულ მდგომარეობაზე. თუ ადამიანი არ განიძარცვავს ძველ კაცებას (ძველი კაცების ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნების სიმბოლოა ამ შემთხვევაში ხამლი, ფეხსაცმელი, რომელიც მკვდარი ცხოველის ტყავისგან არის შექმნილი და ამ შინაარსს იტევს), ისე სიწმინდეში ის ვერ შევა, იმ წმინდა სინათლის მჭვრეტელი და აღმქმელი ვერ გახდება, რისი ღირსიც მოსე წინასწარმეტყველი გახდა თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც მან განმწმენდელობითი ღვაწლი უკვე აღასრულა და თავისი კაცობრივი ბუნება, თავისი გული განამზადა ღვთიური ჭეშმარიტების მისაღებად.

 

312–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=A_c9uUFC-t4

 

(ნაწილი მესამე)

ჩვენ განვიხილავდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთ უდიდეს შრომას “მოსეს ცხოვრებას”, რომელიც გამორჩეულად მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თითქმის დაწვრილებით საუბრობს განღმრთობის გზაზე ადამიანის ამაღლების ცალკეულ ხარისხთა, საფეხურთა შესახებ, გვაუწყებს ამ ყოველივეს და ერთ მოძღვრებად გვაწვდის. ჩვენ რამდენიმე ხარისხი, რამდენიმე ეტაპი წინა საუბრებში განვიხილეთ, ჯერ მოსამზადებელი ეტაპი, შემდგომ კი რეალური საფეხურები. ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი ესაა განმწმენდელობითი საფეხური, მეორე საფეუხური, მეორე ხარისხი ზეაღსვლისა პირველის შედეგად ადამიანისათვის მონიჭებული, ვინც ამის ღირსი გახდა, ესაა ღვთიური შუქით ავსება, საღვთო სინათლის სავსებითი ანუ სისავსით მიღება საღვთო სინათლისა, რასაც (ჩვენ წინა საუბარში ამაზე [1]ტერმინოლოგიური დაკონკრეტება აღარ გვქონია), თუ პირველ ეტაპს ეწოდება განმწმენდელობითი, აი ამ მეორე ეტაპს ეწოდება განმანათლებლობითი, ანდა გასხივოსნებითი. დღეს განმანათლებლობა მოგეხსენებათ სხვა შინაარსის დამტევია და ის ერუდიციის მიღებას, ცოდნის შეძენას უკავშირდება, მაგრამ ეკლესიური სწავლებით განმანათლებლობა იმ არაქვეყნიური უნივთო სინათლით, ღვთიური სინათლით ადამიანის აღვსებას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ცოდნის მიღებად განიმარტება. მაგრამ ეს ცოდნა არ გახლავთ ამ შემთხვეაში ქვეყნიური ცოდნა, ესაა ღვთიური ცოდნა, საღვთო ცოდნა, რომლითაც მყისიერად აღივსება ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ ღვთიური სინათლის მიმღები და დამტევი ხდება, როგორც მოსე წინასწარმეტყველი გახდა თავისი ღირსეული მოღვაწეობის გარკვეულ მომენტში, იხილა რა მან აალებული ანუ ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქი. და აი ეს ეპიზოდი ბიბლიური თხრობისა, როგორც აღვნიშნავდით, [2]ალეგორიულად არის უწყება განღმრთობის მეორე ეტაპისა, რომელსაც გასხივოსნებითი ანუ განმანათლებლობითი, განათლებითი ეტაპი ეწოდება.

მაგრამ არც ეს ეტაპი არ გახლავთ დაგვირგვინება და მწვერვალი, არამედ იგი უფრო აღმატებული ღვაწლისკენ შემართების საფუძველი უნდა გახდეს. აღნიშნული პირველი ორი ხარისხი, პირველი ორი ეტაპი, პირველი ორი საფეხური – განმწმენდელობითი და გასხივოსნებითი, თავისი თავით კი არ არის მნიშვნელოვანი, ანუ როგორც დღეს მკვიდრდება მართებულად ამ შესიტყვების ზმნური ფორმა, თავისი თავით კი არ მნიშვნელობს, არამედ განიჭვრიტება ორივე ეს ხარისხი, უნდ განიჭვრიტებოდეს უფრო აღმატებული ხარისხისკენ, უფრო აღმატებული საფეხურისკენ, რაც მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრებაში მაშინ დადგება, როდესაც ებრაელი ერი მისი წინამძღვრობით [3]მიადგება სინას მთას. მაგრამ ჩვენ ვიდრე ამ მესამე ეტაპს შევეხებოდეთ, ჯერ მეორე ეტაპზე უნდა შევჩერდეთ, იმიტომ, რომ მეორე ეტაპის მიმღები ადამიანი უკვე უფლებამოსილია ღვთისგან და საკუთარ თავში უკვე გრძნობს იმ სულიერ ძალას, რომ შემძლებელია ერის წინამძღვრობისა. ე.ი. მესამე ეტაპი უკვე ერის წინამძღვრის საკუთრივ წინამძღვრულ ღვაწლში აღესრულება და არ არის აუცილებელი, რომ ეს ეტაპიც მის წინამძღვრად გამოჩინებას უსწრებდეს წინ. გადატანითი მნიშვნელბით თუ ლაკონურად რომ ვთქვათ მესამე ეტაპი ერის წინამძღვართა ეტაპია. აქ არ იგულისხმება აუცილებლად ერის წინამძღვარი მთავარასარდლის გაგებით, შეიძლება ყოვლითურთ უპოვარი იყოს ასეთი პიროვნება, ყოვლითურთ მდაბალი, მაგრამ თავისი სულიერი აღმატებულებით, იმ ეტაპების განვლის და ყველა იმ [4]ღირსეული ნაყოფის მომუშაკების შემდეგ, რაზეც ვისაუბრეთ, ღვთივ დადგინებით და საკუთარი გულგახსნილობით ერის წინამძღვრად გამოჩინებული.

მაგრამ მეორე ეტაპი და პირველი ეტაპი ანუ განმწმენდელობითი და გასხივოსნებითი ეტაპი აუცილებლად უნდა მიღწეული იყოს იმ პიროვნებისგან, რომელიც დიდ ღვაწლს და დიდ ტვირთს აიღებს თავის თავზე, რომ უწინამძღვროს თავის ერს. სამწუხაროდ ეს უდიდესწილად დავიწყებული იყო, უდიდესწილად დავიწყებულია და მომავალშიც დავიწყებული იქნება. იმდენად ესწრაფვიან ადამიანები სხვებს უწინამძღვრონ, რომ ამ სიჩქარეში ავიწყდებათ პირველ რიგში საკუთარ თავს რომ უნდა გაუხდნენ წინამძღვრებად. ჯერ ჩვენს თავს უნდა ვუწინამძღვროთ, რომ სხვათა წინამძღვრობა შევძლოთ. როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თავის წინამძღვარნი ვართ, თუკი არც განმწმენდელობითი ღირსება მოგვიპოვებია, თუკი არც უფლისმიერი სულიერი ცოდნით ვართ შემკობილი და კვლავაც ცოდვებისა და [5]ვნებების ჭაობში ვსულდგმულობთ, თუ ამას სულდგმულობა ჰქვია. რა თქმა უნდა, ვნებადი დაცემულობა ადამიანს არ აშორებს იმ ძალაუფლებითი, პატივმოყვარეობითი განზრახვისგან, რომ სხვებზე იმეფოს, სხვებზე იმეუფოს, სხვებს წინამძღოლად გაუხდეს. ძველთაგანვე და ანტიკურ პერიოდშიც, როდესაც სათნოებითი ღვთისმეტყველება მნიშვნელოვანწილად ჩამოყალიბდა, ეთიკის შესახებ მოძღვრება მეცნიერულად შეიქმნა და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეკლესიურ სწავლებაში როცა სათნოებითი ღვთისმეტყველება, როგორც ერთი სრულყოფილი განშტოება საეკლესიო ღვთისმეტყველებისა მრავალი უდიდესი მოღვაწის, ასკეტის მეცადინეობითა და მეოხებით ფუძემდებლურად დაფუძნდა, ფუძემდებლურად დაწესდა ჩვენთვის, აი ამ სწავლებებში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ვნებათა შორის უმძაფრესია პატივმოყვარეობის ვნება. ადამიანთა [6]უდიდესი ნაწილი სხვათა წინამძღვრობას, რა თქმა უნდა, ძალაუფლებითი, პატივმოყვარეობითი ტკბობის თვალთახედვით აღიქვამს და ამიტომ ეძიებენ და ეშურებიან ამ ყველზე უფრო მეტად მოსარიდებელ და ყველაზე მეტად საკუთარი თავისგან რაც შეიძლება განსაზღუდველ პატივს. თუკი თუნდაც საკუთარი თავის წინამძღვრობა ურთულეს ღვაწლთან და შრომასთანაა დაკავშირებული, რაოდენ უფრო მეტად რთული და ძნელი უნდა იყოს მრავალთა და მრავალთა წინამძღვრობა. მითუმეტეს ამას აბსოლუტურად არაფერი არა აქვს საერთო ძალაუფლების, პატივმოყვარეობის ვნებასთან. ეს მხოლოდ ხიბლია ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავსაც აჯერებენ, რომ თითქოს სხვების წინაშე ვალის მოხდა უნდათ, სხვათა შველა უნდათ, სხვათა შეწევნა და თითქოს საღვთო ღვაწლში არიან, მაგრამ ერთი თხრობისა არ იყოს, რომელიც ჩვენ ადრე მოვიტანეთ იმავე წმინდა გრიგოლ ნოსელისგან, [7]თუ როგორ გამოაშკარავდა ადამინის ნიღბის მქონე მაიმუნი, რომ ის მაიმუნია, მოიძრო რა ნიღაბი ნუგბარი საჭმელის დანახვაზე და საერთოდ დაივიწყა მთელი ის უნარ-ჩვევები, რაც გაწვრთნის შედეგად მისმა მფლობელმა მას შესძინა, ამგვარადვე ერის თითქოსდა ტკივილით ყალბად მჭმუნვარე პირები მყისვე იმ მაიმუნის სახეს აჩვენებენ და ნიღაბს განიძარცვავენ, რაწამს ამასოფლისეული საცთური წინ გადაეღობებათ და დაადასტურებენ, რომ მხოლოდ ნიღაბია მათთვის მთავარი და არა შინაგანი ღვთისგან მოწევნილი და მისგანვე დიდი შრომით მოპოვებული და დიდი შრომით ღირსეულად ნატარები ტვირთი მეწინამძღვრეობისა. ხაზგასმით ვამბობთ და ეს საეკლესიო მოძღვრების გამომთქმელ უდიდეს მამათაგან ზედმიწევნით დებულებად არის ჩამოყალიბებული, რომ [8]ერის წინამძღვარი პირველ რიგში საკუთარი თავის წინამძღვარი უნდა იყოს, მას აუცილებლად განვლილი უნდა ჰქონდეს ის ეტაპები, რაც უკვე ავღნიშნეთ. ჯერ კაცობრიული ცოდნის მხრივ ყოვლითურთ ამოწურული უნდა ჰქოდნეს რაც კი შესაძლოა უდიდეს და ურთულეს ღვაწლში მისთვის საჭირო აღმოჩნდეს. შემდგომ ყოვლითურთ განიწმინდოს თავისი თავი ამა სოფლის ვნებათაგან, შემდგომ ღვთიური მადლმოსილება აუცილებალდ უნდა გარდავიდეს მასზე, აღივსოს უნდა საღვთო სინათლით, რაც ცოდნისმიერი სრულყოფის მწვერვალია და აი ამ სულიერი ცოდნით, ღვთიური ცოდნით გამსჭვალული პიროვნება თავის მოღვაწეობაში, თავის ქმედებაში სათნოებითი საქმითი ღირსებისა და სულიერი ცოდნისმიერი, გონებითი ღირსების ერთმთლიანობას უნდა წარმოაჩენდეს. ამგვარ ხარისხამდე მისული პიროვნება უკვე ვალდებულია, [9]მას რომც არ უნდოდეს (რა თქმა უნდა, ყველა ამგვარი პიროვნება კვლავ ავღნიშნავთ, თავის თავს აბსოლუტურად სრულიად გულწრფელად უღირსად მიიჩნევს ისეთი დიდი ვალდებულების აღებისათვის, რაც არის ერის წინამძღვრობა), რომ ეს ნაბიჯი გადადგას, რადგანაც აუცილებელია შველა, შემწეობა მისი სულიერი თანამოძმეებისთვის, რომლებიც დაკირთებულნი არიან მონობას, რომლებიც იტანჯებიან სიცრუისა და სიყალბის ჯოჯოხეთში. ეგვიპტე გახლავთ ჯოჯოხეთის სიმბოლო, როგორც ჩვენ ამაზე უკვე გვქნდა საუბარი, ნებისმიერი დაცემულობა, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ არაპირდაპირი მნიშვნელობით, აუცილებლად ჯოჯოხეთია. ამ ჯოჯოხეთში მყოფნი, მრავალნი შეიძლება ამას ვერც გრძნობენ, მაგრამ ვინც ამის დამნახავია მას მართებს რომ გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, მოსე წინასწარმეტყველის მსგავსი ახოვანება, ყოვლითურთ უდრეკობა, უშიშრობა და [10]მან მისთვის აქამდე სრულიად უცხო, მაგრამ სავალდებულო მოვალეობა უნდა იტვირთოს, მოვალეობა ერის წინამძღვრობისა, რომ ეგვიპტისგან გამოიყვანოს იგი, გამოიყვანოს იგი სულიერი დაცემულობისგან. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამგვარი პირი წინასწარვე ხედავს იმ ქვეყანას, იმ მადლმოსილ მიწას, იმ აღთქმულ მიწას, ცხონების მიწას სადაც ეს ერი უნდა შეიყვანოს. დაცემულობიდან ცხონებისკენ სვლა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ერი მიენდობა ღირსეულ წინამძღვარს, ხოლო წინამძღვარი მართლაც ღირსეული იქნება, ერთი მხრივ, არსებული მდგომარეობის, ჯოჯოხეთურობის ბოლომდე განჭვრეტითა და შემეცნებით და მეორე მხრივ ცხონების, მაცხოვნებლობის, სულიერი გადარჩენის და ამ გადარჩენის წიაღის წინასწარვე ცოდნითა და წინასწარხედვით. [11]გამზერილობა ერის წინამძღვრისა ისე შორს უნდა იყოს, რომ, როგორც ავღნიშნეთ, მწვერვალს ღვთისმცოდნეობის ფერდობისას უნდა წვდებოდეს, ამ მწვერვალს ჭვრეტდეს, უნდა ხედავდეს უშორეულეს კონტურებს ცხონების სამკვიდროსი და ამის შემდეგ ეგვიპტური ჯოჯოხეთისგან თავისი ერის წინსვლის გზაზე მისთვის უცთომელი იქნება გზა, რადგანაც მან იცის ის სულიერი გზა, რომელიც განაშორებს წყვდიადისგან და სინათლეში შეიყვანს მასაც და მას მინდობილ მისთვის უძვირფასეს კრებულს ადამიანებისას.

მოსე წინასწარმეტყველის ღვაწლი არის მარადიული ღვაწლი ჭეშმარიტი ერის წინამძღვრისა. რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსე არ ყოფილა წინამძღვარი ერისა, მრავალნი გამოჩინებულან ღვთის მადლით სხვადასხვა დროს. მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დიდი მოძღვარი ეკლესიისა ერის წინამძღვარი იყო და ერის წინამძღვარი იქნება, ყველა ამგვარი მოღვაწე [12]სულიერად თუ პირდაპირი მნიშვნელობით თანაშერთულია იმ მოძღვრებასთან, რასაც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამ წიგნში გადმოგვცემს. ჩვენ იმიტომ ვამბობთ სულიერად თუ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ შეიძლება გარკვეულ პირებს ეს სწავლება წერილობითი სახით წაკითხული არც ჰქონდათ. სხვა თუ არაფერი გრიგოლ ნოსელზე ადრეც ცხოვრობდნენ ადამიანები, მაგრამ იმავე მოძღვრების დამტევნი იყვნენ, ხოლო წმინდა გრიგოლ ნოსელის განსაკუთრებული ღვაწლი ის გახლავთ, რომ მან მრავალთაგან განხორციელებული, მრავალთაგან აღსრულებული და ბოლომდე მიყვანილი სულიერი ასპარეზობა, გამარჯვებული ასპარეზობა წერილობით ჩამოგვიყალიბა, წერილობით შრომად დაგვიდო წინ. რაც ეხლა ვთქვით, რომ ყველა ღირსეული საეკლესიო მოღვაწე ფაქტობრივად წინამძღვარია ერისა, თვით ამ ნაშრომის შესავალშივე ჩვენ შეგვიძლია ეს აზრი ამოვიკითხოთ, რადგანაც ხსენებული შრომა “მოსეს ცხოვრება” ვინმე სამეფო კარის წარმომადგენელს [13]ანდა გამორჩეულ ვიღაც დიდებულს, ერისთმთავარს კი არ გაეგზავნა გრიგოლ ნოსელისგან, არამედ გაეგზავნა ერთ უბრალო დაყუდებულ ბერს, რომელმაც თვითონ სთხოვა თავის მხრივ გრიგოლ ნოსელს, რომ მიეცა მისთვის ნიმუში მოღვაწეობისა, თუ როგორ ემოღვაწა, რა გზით ევლო, აი ამის ნიმუში წერილობითი აღწერილობის სახით ითხოვა მან გრიგოლ ნოსელისგან და გრიგოლ ნოსელმა “მოსეს ცხოვრება” მას გაუგზავნა, მას მიუძღვნა. აქედან აბსოლუტურად თვალსაჩინოა აზრი იმის შესახებ, რომ ეს ნაშრომი არ არის განკუთვნილი აუცილებლად იმათთვის, რომლებიც თავიანთი თანამდებობით, თავიანთი წოდებრივი აღმატებულებით არიან გამორჩეულნი. რა თქმა უნდა, ისინიც იგულისხმებიან თუ ღირსეულნი არიან და უფრო მეტად იქნებიან ამ ნაშრომის მიმღებნი, ვიდრე ამგვარი თანამდებობისგან განძარცვული [14]პირები, რადგან მოსე წინასწარმეტყველივით ორ ღვაწლს შეათავსებენ, რომ არა მხოლოდ სულიერად აღმოჩნდებიან ერის წინამძღვრები, არამედ აღმოჩნდებიან ერის წინამძღვრები პრაქტიკული ქმედებითაც, ამსოფლიური, ცხოვრებისეული, კუთხითაც. ცხადია ასეთი ღირსეული წარჩინებული პირებიც ყოფილან, თუნდაც ჩვენს რეალობაში დავით აღმაშენებელი, რომელიც ორივე მხრივ წინამძღვარი იყო ერისა, როგორც ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი, მართლმადიდებლური მოძღვრების გზით ერის კიდევ უფრო აღმატებული სიწმინდისაკენ მეწინამძღვრე (მისი “გალობანი სინანულისანი” ამის თვალნათლივი ნიმუშია), მაგრამ მეორე მხრივ თავისი პრაქტიკული ღვაწლით, თავისი, ასე ვთქვათ, თანამდებობრივი მოვალეობით, თავისი მეფობით და თავისი მეფობის უაღრესად ღირსეული აღსრულებით ასევე წინამძღვრად გამოჩნდა ერისა. შესაბამისად ერის წინამძღვრობამ ყველაზე უფრო ღირსეული გამოვლინება ჰპოვა, ნაყოფი იყო განსაკუთრებული. [15]ორივემხრივი წინამძღვრობის აღსრულება ერთი პიროვნებისგან ერს ჭეშმარიტ მეწინამძღვრეობად გაუხდა და შედეგი ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ დაწინაურდა ქართველი ერი სულიერად, როგორ დაწინაურდა ქართველი ერი ამქვეყნიური ცხოვრების წესითაც და როგორ გახდა იგი ნიმუში საზეპურო ერისა, ღვთივრჩეული ერისა. ოღონდ კვლავ იმ ხაზგასმით, რომ ღვთვრჩეულობა ყოველთვის ნიშნავს არა გამორჩეულობას და აღმატებულებას სხვათაგან, ყოფითი ხედვით და ყოფითი გაგებით, არამედ პირუკუ უკიდურეს დადაბლებულობას, ყველას მსახურად გახდომას, ამქვყნიური სიკეთეებისგან სრული არასმქონეობით, ამქვეყნიურ სიკეთეთა უპოვარებით შემკობილობას. აი ამის ნიმუში არის ჭეშმარიტი აღმატებულება, ვინც აღმატებულია ის უდიდესი თავმდაბლობის ტაძარში მკვიდრობს და იქ აღასრულებს თავის მსახურებას, ვინც აღმატებულია [16]ის ყველაზე მეტად უპოვარია და არასმქონეა. ამგვარი წინამძღვარნი პირველ რიგში ეკლესიის მოძღვარნი, გამორჩეულნი მამანი, კანონიზებული წმინდანები სწორედ იმიტომ გვეგულვიან, რომ რაც უფრო წინაურდებიან სულიერ ხარისხში, მით უფრო მეტად ყოფითი სიამეებისგან განიშორებენ თავს და ყოფით აღმატებულებათა შორის უქვეომოეს და უქვემოეს საფეხურებამდე დადაბლდებიან. ნებისმიერი საეკლესიო ხარისხი, იქნება ეს მღვდლობა, ეპისკოპოსობა, შემდეგ ქვე საფეხურები: მთავარეპისკოპოსობა, მიტროპოლიტობა, პატრიარქობა, ყველა ეს, კვლავ ავღნიშნავთ, ხარისხია უპოვარებაში, თავმდაბლობაში და სათნოებებში. ეპოსკოპოსი მღვდელზე მეტად თავმდაბალი უნდა იყოს, მღვდელზე მეტად არასმქონე და უპოვარი უნდა იყოს, მთავარეპისკოპოსი კიდევ მეტად, მიტროპოლიტი [17]კიდევ მეტად და პატრიარქი მწვერვალი უნდა იყოს და მარადიული ნიმუში უპოვარებისა, არასმქონეობისა, აბსოლუტური განძარცვულბისა ამა სოფლის სიკეთეთაგან, ყოვლითურთი თავმდაბლობისგან, ყველას მსახურობისა. რაც უფრო აღმატებულია იერარქიაში პიროვნება, მით უფრო მეტად მსახურია იგი ყველასი. თვით სახელწოდებებიც ამას ცხადყოფდა და ამას ცხადყოფს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი როდესაც ხაზგასმით ერის წინამძღვრობას ეკლესიის მოძღვართ ვუკავშირებთ, ჭეშმარიტ მოძღვართ ეკლესიისას, ყოვლითურთ განძარცვულთ ამა სოფლის დიდებათაგან, წარმატებულობათაგან, თანამდებობათაგან, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი წინამძღვრობა ერისა ამაში არ მოიაზრება. მაგრამ თუ ესეც ვალდებულებად აწევს ადამიანს და არა ძალაუფლებისმოყვარეობად და პატივმოყვარეობის ვნებად, არამედ მართლაც ვალდებულებად აწევს და თანაშეაერთებს სულიერ აღმატებულებას და ღირსეულ აღსრულებას ამქვეყნიური ვალდებულებისას, ნაყოფი იმგვარადვე ღირსეული ექნება როგორიც იყო, კვლავ ხაზს გავუსვამთ, [18]დავით წინასწარმეტყველის დროს, როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს და რომლის ნიმუშიც პირველად ჩვენ მოგვცა თავად მოსე წინასწარმეტყველმა, სულიერად მეწინამძღვრემ ერისამ და პრაქტიკულად განმახორციელებელმაც ებრაელი ერის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მისიისა – ეგვიპტის ჯოჯოხეთური ტყვეობიდან აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა რა მან თავისი ერი. ხოლო ის, რომ თვით მოსე წინასწარმეტყველი თვით ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში ღვთის განგებით, რა თქმა უნდა, გრიგოლ ნოსელისგან ესეც სათანადოდ არის ახსნილი, ისევე როგორც ჩვენს მიერ ჯერ არ ხსენებული მესამე ეტაპი განღმრთობითი გზისა, რაც მოსე წინასწარმეტყველმა როგორც უკვე ერის წინამძღვარმა მაშინ განიცადა. თუმცა ამ ყოველივეზე შემდგომ გვექნება საუბარი.

 

313–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=SQj-hEN2kek

 

(ნაწილი მეოთხე)

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა წმინდა გრიგლ ნოსელის შრომებს. კონკრეტულად დავიწყეთ განხილვა და შინაარსობრივი ანალიზი მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომისა, რომელსაც ეწოდება “მოსეს ცხოვრება”, რომელიც ყველა დროისათვის, ყველა ეპოქისათვის და ყვალა თაობისათვის სახელმძღვანელო მნიშვნელობის სწავლებას შეიცავს, სწავლებას იმის შესახებ ერთი მხრივ, თუ განღმრთობის გზა წარმატებით როგორ უნდა განვლოს ჭეშმარიტების მაძიებელმა პიროვნებამ და მეორე მხრივ პიროვნება, რომელიც თავისი ბედკრული ქვეყნის, თავისი ბედკრული ერის წინამძღვრად უნდა დადგინდეს, რა თვისებებით, რა არსობრივი მიღწევებით უნდა იყოს დამშვენებული და შემკული.

აი ეს ორი ურთიერთთანაშერწყმული მიზანდასახულობა აქვს წმინდა გრიგოლ ნოსელს, როდესაც იგი ბიბილურ თხრობას [1]მოსე წინასწარმეტყველის შესახებ უაღრესად ღრმა, სიღრმისეული, სულიერი, იგივე სახისმეტყველებითი ანუ ალეგორიული წესით განიხილავს. გრიგოლ ნოსელის მიზანდასახულობას წარმოადგენს ის, რომ როგორც უკვე ვამბობდით ბიბლიური ისტორიული თხრობის პარალელურად, იმ თხრობის პარალელურად, რაც ყველა თავისი მონაცემითა და ფაქტით აბსოლუტურად ჭეშმარიტია და თავისთავად ცხადია ნადმვილი, ამავე დროს ამის პარალელურად ჩვენს წინაშე გაცხადდეს ის სულიერი ისტორია ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნებისა, რომელიც გარკვეულ ჟამს თავის ამგვარ ძიებაში ერის წინამძღვარიც ხდება, რისი მარადიული ნიმუშიც სწორედ მოსე წინასწარმეტყველია.

ჩვენ შევეხეთ ორ ხარისხს ჭეშმარიტების ძიებისა და განღმრთობის გზაზე. [2]შევეხთ აგრეთვე ამ ორი ხარისხის წინა პერიოდსაც, როგორც მოსამზადებელ მყარ საფუძველს უკვე განღმრთობის საფეხურზე შედგომისა. ხოლო კონკრეტულად ეს ორი ხარისხი, ორი საფეხური, კვლავ შეგახსენებთ, გულისხმობდა და შეესაბამებოდა პირველ რიგში განმწმენდელობით ღვაწლს, რომ პიროვნებამ, რომელიც განღმრთობის გზაზე დგას, უპირველესად განმწმენდელობითი ეტაპი უნდა განვლოს, ხოლო შემდგომ მასზედ მოიწევა ვლინება ღვთის ძალისა, ღვთის მადლისა, გაბრწყინების, გასხივოსნების სახით. ამიტომ ეს მეორე ეტაპი გახლავთ გასხივოსნებითი ეტაპი, განათლებითი ეტაპი, ნათლის მიღების მნიშვნელობით. ავღნიშნავდით, რომ უკვე ამ ორი ეტაპის გამვლელი პიროვნება შემძლებელია იმისა რომ ერს უწინამძღვროს. ვინც ყოვლითურთ მოიკვეთა ამა ქვეყნის წარმავალნი საცთურნი, ვნებანი თავის თავში დასძლია, [3]ძალისამებრ სრულად მოიხვეჭა საღვთო სათნოებანი, ანუ დაიმკვიდრა, განაცხოველა და განაახლა თავის თავში მსგავსება ღვთისადმი, პირველქმნილი უცოდველი ადამისა, რაც ცოდვამ წაშალა ადამიანებში, ხელახლა ამას აღადგინებს მაცხოვრის კვალზე მსვლელი. იმიტომ, რომ ის დაცემული სწორედ მაცხოვარმა აღადგინა და მოღვაწე შედგომილი მაცხოვრის კვალს, მაცხოვრისვე ღვაწლით თავის თავში აღიდგენს და განიახლებს იმ თავდაპირველ ხატებასაც და მსგავსებასაც ღვთისადმი (თუმცა ხატებას სხვა ნიუანსი აქვს და მსგავსებას სხვა). აი ამ განმწმენდელობითი ქმედებით ამგვარ შედეგს ჰპოვებს პიროვნება და შემდეგ უკვე განწმენდილი გულითა და განწმენდილი გონებით ანუ როგორც ეკლესიის მამები არაიშვიათად მეორეგვარი ტერმინებითაც გამოხატავენ ამ ვითარებას, ახალი გულითა და ახალი გონებით შესძლებს იგი ახალი სიტყვის [4]მიღებას. როგორც თავის დროზე ეს შესანიშნავად ბრძანა ათენაგორა ათენელმა, თეოფილე ანტიოქიელმა, უფრო ადრე წმინდა ეგნატე ანტიოქიელთანაც იგივე სწავლებაა. რა თქმა უნდა, ერთსულოვანია ამ მხრივ ეკლესიის მამათა მოძღვრება, ისევე როგორც ყოველმხრივ.

უდიდესი მოძღვარი წმინდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი პირველთაგანია, როგორც ადრეც ნაწილობრივ ავღნიშნეთ, რომელმაც ღვთისმეტყველურად დაასაბუთა და გამოკვეთა ჩვენს წინაშე, რომ განღმრთობის გზაზე ღვთისმხილველობა პირდაპირი მნიშვნელობით, ე.ი. ღვთიური ბრწყინავალების ხილვა, არ არის ამ გზის მწვერვალი, ეს ერთ-ერთი შუა საფეხურია. პირველად უფალი ღირსეულთ სინათლეში ეცხადება, ნათლის სახით გამოუბრწყინდება, ყოვლითურთ განანთლებს [5]მათ განახლებულ გონებასა და გულს, მაგრამ ეს არ არის დასასრული, ეს არ არის მწვერვალი. პიროვნება ჭვრეტს მოფენილ სინათლეში მეტისმეტ ბრწყინვალებას, რომლისკენაც ძალუმად ისწრაფვის, უფრო ზუსტად თვით ეს ზეციური ბრწყინვალება გარდარეული სიძლიერით იზიდავს მას მაგნიტისებრ თავისკენ, დაუძლეველი მაგნიტური მიზიდულობით. ეს პიროვნებაც გულგახსნილი ამ მიზიდულობის მიღებისა მაღლდება ზეციურისკენ, კიდევ უფრო წარემატება ღვთისმცოდნეობის და განღმრთობის გზაზე და იმ უწმინდეს ფერდობზე, რაც არაერთგზის გვიხსენებია, რომ მწვერვალამდე აღვიდეს და დაგეს იქ იმ მწვერვალზე, რომელიც, იმავე ბიბლიური თხრობის მიხედვით მოსეს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ყოვლითურთ ბნელია, არმურია, წყვდიადია, რომლის სიღრმეებიდან თვალისმომჭრელი ელვარებანი გამოკრთება [6]ცეცხლის ალებივით. ამით ცხადდება, რომ ეს სიბნელე არ არის ყოფითი სიბნელე, ეს არაა პირდაპირი გაგებით წყვდიადი, პირიქით ეს არის მეტისმეტი ანუ დამაბრმავებელი სინათლის წვდიადი, იმდენად, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, ზეგარდარეული ელვარება ღვთიური ბრწყინვალებისა, რომ ნებისმიერ შემმეცნებელ თვალს, იქნება ეს ადამიანისა თუ იქნება ეს ანგელოზისა, ორივე მათაგანისათვის ესაა დამაბრმავებელი, წყვდიადთან უფრო მსგავსი ვიდრე სინათლესთან. ისევე როგორც მზის მჭვრეტელი თვალი მზიურ ბრწყინვალებას ღამედ და სიბნელედ უფრო აღიქვამს ვიდრე სინათლედ, გაცილებით და განუზომლად უფრო მეტად ღვთიური ბრწყინვალების ჭეშმარიტად მხედველი, განღმრთობის მწვერვალზე იმდენად მეტისმეტი სინათლის მოფენას გრძნობს, რომ ამ სინათლის მიმართ მზერა აპყრობილი, მისდამი მზერა შეკერტებული (ჩვენ კვლავ გავიხსენებთ ამ ძველქართულ ტერმინს და გვსურს რომ მსმენელებმაც [7]ეს სიტყვა დაიმახსოვრონ. ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ლექსიკური ერთეული გახლავთ ძველი ქართული ენისა – შეკერტება ანუ თვალმოუცილებლად, მზერა მოუცილებლად მიბჯენა ხედვისა იმ ობიექტზე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე უფრო საძიებელია, სანეტაროა, რასაც ვესწრაფვით და რომლის მოხელთებაც გვწადია) ხსენებულ ბრწყინვალებას თანდათანობით ღამედ, წყვდიადად, მიუწვდომელი სიღრმის მქონე სინათლის ტბად აღიქვამს, რაში ჩაძირვაც ნიშნავს მთელი ამქვეყნიური გრძნობადობისგან, მთელი ამქვეყნიური აზროვნებისგანაც და გონებითი ღვაწლისგანაც ყოვლითურთ გაუცნაურებას, კიდევ უფრო აღმატებას და ქვე დატოვებას გრძნობებისას, ქვე დატოვებას აზრებისას, ყოველგვარი გრძნობითი და გონებითი მოქმედების აბსოლუტურ განზღუდვას საკუთრი თავისგან და ამ ყოველივეს ზევით პოვნას იმ ჭეშმარიტად სასურველისას, [8]რომლის თავისი თავისკენ, თავისი წიაღისკენ მარადმიმზიდველმა ძალმა, აი ეს უდიდესი სიკეთე და ნაყოფი მოუტანა განღმრთობის გზაზე მდგომ და მარადიულად ზეაღმსვლელ და ღირსეულ პიროვნებას, რომლის ნიმუშიც, როგორც ვთქვით, სწორედ მოსე წინასწარმეტყველია. მაგრამ ეს პიროვნების პირადი ღვაწლია, ამით არის ურთიერთთანაშერწყმული და თანაშეწნული, რაც თავის დროზეც ავღნიშნეთ, ეს ორი გზა, ერთი პირადი განღმრთობის ეტაპობრიობანი, ცალკეული საფეხურები, ხარისხები, რომელსაც ესა თუ ის მოღვაწე თავისი შინაგანი სულიერი ასპარეზობით დაუცხრომელი გულმოდგინებით შეიმეცნებს და სულიერი გრძნობით აღიქვამს და ეს მისი პირადი გზაა ღვთსკენ, ამავე დროს კი პარალელურად ამისა მეწინამძღვრედ გახდომა სხვებისათვის, რომ სხვანიც იმავე ზეაღმავალ გზაზე მოგზაურებად დაადგინოს, მათაც მისცეს სანიშნე წინსვლისა, რომ [9]ისინიც წარემატებოდნენ ჭეშმარიტებისკენ, მარადიულად განღმრთობადი სინათლისაკენ.

ამიტომ მოსე წინასწარმეტყველიც, რომელმაც პირველი ორი ხარისხი ღირსეულად აღვლო ანუ ზეაღემატა მათ, უკვე შემძლებელია სხვათათვის წინამძღვრობისა. ეს ყოვლითურთ განსრულებული მოღვაწე, ახოვანი მხედარი ჭეშმარიტებისა მიმოიხილავს რა თავისი ცხოვრების განვლილი გზის სიღრმისეული შემეცნებით, წინარე ცხოვრების სულიერი აღქმის შედეგად პოულობს იმ აუცილებელ სულიერ წყაროს, კვლავაც და მარადგანახლებადს მასში, რომ არა მხოლოდ თვითნ დაწინაურდეს, არა მხოლოდ თვითონ ისწრაფოს წინ, ეს ყოვლითურთ შეუფერხებლად შინაგანად მასში, როგორც ერთგზის ანთებული ცეცხლი, მარადმოქმედებს და მარადწარემატება, ის ცეცხლი არ მინავლდება, მაგრამ ეს მისთვის არის, მის შიგნით არის და გარეგან თვალთაგან დაფარულია. ამ დროს პიროვნება არ არის [10]და არც უნდა იყოს არასოდეს გაუცხობეული თანამოძმეთაგან, პირიქით, რაც უფრო წინაურდება მით უფრო მეტად გრძნობს ამგვარი მოღვაწე თანამოძმეთა შეჭირვებას, მათ წუხილს, მათ სულიერ ტკივილებს და აქვს უდიდესი შინაგანი მოთხვნილებაც და საღვთო ვალდებულებაც, რომ ხელი აღუპყროს მათ, შეეშველოს, თანაშეეწიოს და არა მხოლოდ ამ სულიერი სიმძიმილისგან გამოიყვანოს ისინი, არამედ თავისი განღმრთობისებრ მათაც განღმრთობის სიტკბოება მიჰმადლოს, განღმრთობის გზაზე ისინიც წინმსვლელებად განაწესოს ერთ მარადიულ და მრადაწარმატებულ სულიერ მოასპარეზეებად, რომელთა მხედართმთავრადაც სწორედ თვითონ მოგვევლინება. მოსე წინასწარმეტყველი სწორედ ამ პერიოდში, ამ ორი ეტაპის გავლის შემდეგ, გრიგოლ ნოსელის სწავლების მიხედვით, გაცილებით უფრო ღრმად გააცნობიერებს თავისი ერის გასაჭირს, იმ დაცემულობას, რაშიც ისრაელია და ეგვიპტური მონობის ქვეშ მათ [11]დაკირთებულობას. ანუ სულიერი პლანით ღირსეული მოღვაწე ნებისმიერი ეპოქისა და ნებისმიერი ქვეყნისა, რაც უფრო წარმატებულია მით უფრო მეტად განიცდის თავისი ერის სატკივარს, მით უფრო მეტად სტკივა ტკივილი თავისი ერისა, ზოგადად კაცობრიობისა, ქვეყნიერებისა, ადამიანებისა, უფრო ძალუმად ისწრაფვის, გულმოდგინედ მოშურნეობს და მოღვაწეობს, რომ ეს სიმძიმილი შეუმსუბუქოს მათ, დაანახოს, რომ ისინი ჯოჯოხეთში არიან და ჯოჯოხეთიდან სამოთხისკენ ზეაღუძღვეს ყველას ვინც მის კვალზე მიყოლას ინებებს. ამიტომაც მოსე წინასწარმეტყველი, ბიბლიური თხრობის მიხედვით უკვე ისრაელის მეწინამძღვრე, სულიერი აზრით და სულიერი დატვირთულობით ზოგადად ნიმუში ხდება ჩვენთვის ადამიანთა, ჩვენს თანამოძმეთა წინაშე ჩვენი ვალდებულების სიღრმისეული გაცნობეირებისა, როცა გარკვეულ სიმაღლეზე შევდგებით. ამით განსხვავდება მკვეთრად სხვათაშორის [12]მოღვაწეთა შორის ერთი მხრივ ჭეშმარიტი განღმრთობის მწვერვალისკენ დაუცხრომელი სვლა და მეორე მხრივ ცრუ განღმრთობითი ღვწა, მხლოდ გარეგან თვალთათვის, ვითომცდა განღმრთობისკენ მსწრაფველობა და ამაო გულმოდგინება მარტოოდენ პირადი პატივმოყვარეობითი გრძნობის და გრძნობების დაკმაყოფილების მიზანდასახულობით. ყველგან, ყოველთვის ყველა შემთხვევაში ნებისმიერ მოვლენას თავისი ნაცვალმოვლენა თანაშეეზრდება, როგორც ამას წმინდა ათენაგორა ათენელი გვაუწყებს, აღმოცენდება რა ჭეშმარიტება თანააღმოცენდება და თანაშეეზრდება მას მყისვე ცრუ ჭეშმარიტება და არ არის იოლი გავარჩიოთ, თუ რომელია ჭეშმარიტების კარიკატურა და რომელია თავადი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების ყოველ გამოვლინებას მსგავსი რამ ახლავს. შეიძლება პიროვნება ახოვნად მოღვაწეობდეს ასკეზისში, ასკეტობდეს, სათნოებებს მოიხვეჭდეს და სათნებითი [13]ღვაწლის მწვერვალზე მივიდეს, როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს მსგავსადვე შეიძლება სხვანიც ვნახოთ იმავე მწვერვალამდე მისულები, მაგრამ ერთნი ჭეშმარიტად იღვწიან ხოლო მეორენი ფარისევლობენ. მათ შორის განსხვავება რა არის? განსხვავება ერთადერთი გახლავთ, ესაა არსებითი და ესაა უდიდესი სწავლება ასკეტიზმის კუთხით და ასკეტიზმის ისტორიის თვალსაზრისით წმინდა იოანე სინელისგან გამჟღავნებული ჩვენთვის. ეს უღრმესი სწავლება ჭეშმარიტი ასკეზისისა, ჭეშმარიტი ღწვისა, მარადსწავლებადი მოძღვრებაა ნებისმიერი ტაობისთვის, რაც მის შრომაში სახელწოდებით “კიბე” ძველ ქართულ თარგმანში ორგზის და საზოგადოდ ამ ტექსტში მთელი სიღრმით არის გამჟღავნებული, როდესაც ეს მოღვაწე გვასწავლის: “ვიხილე ადამიანები, შეუდერეკელნი ღვაწლში, ახოვანნი მოღვაწეობაში და ღვაწლისა და მოღვაწეობის ღირსეული ნაყოფის მიმღებნი. მაგრამ ვიხილნე სხვანიც არანაკლებ შეუდრეკელნი ღვაწლში, მაგრამ უკეთური ნაყოფის მიმღებნი”. [14]საქმი ის არის, რომ როდესაც პიროვნება მოღვაწეობას იწყებს, ზოგს უკეთურება ადვილად უთმობს ასპარეზს, ადვილად მარცხდება, ადვილად გაეგება მას ფერხქვეშ და ესენიც ძალამოცემულნი იმით, რომ იოლად განვლეს ასპარეზი, ვერ ხედავენ უკეთურების მზაკვრობას, საკუთარ ძლიერებას განუკუთვნებენ ამ წარმატებას, ხოლო ეშმაკი მათ უთმობს ყველა სათნოებას. ისევე როგორც უკუქცეული მტერი თანდათან ტოვებს სხვადასხვა რამ ძვირფასს თავისას, ხოლო უკან მიდევნებული ლაშქარი ნადავლისებრ იტაცებს მისგან დანატოვარს, მსგავსადვე უკეთურების წინააღმდეგ ამხედრებული ზოგი პიროვნება ძალიან იოლად ისაკუთრებს ყოველ სათნოებას და ეშმაკი უკან-უკან იხევს რა, თითო სათნოებას, თითო ბრძოლის ჟამს ადვილად თმობს. მაგრამ არ თმობს და არასოდს დათმობს ერთს, იმიტომ, რომ ამის დათმობა უკვე ძლევაა უკეთრებისა და ჭეშმარიტი გამარჯვებაა, ხოლო ეს პირნი [15]არ არიან ღირსნი ჭეშმარიტი გამარჯვებისა. სწორედ ამ მხრივ საჩინოვდება მათი ღვაწლის ფარისევლობა, მათი ასკეტური პირფერობა, რადგანაც იღვწიან მხოლოდ პატივმოყვარეობის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ ღირსეულ და დიდ მოღვაწეებად გამოჩნდნენ სხვათა წინაშე. აი სწორედ ამას არ თმობს მათში ეშმაკი, ისინი ყველა სათნოებას მოიპოვებენ, ყველა ვნებას ადვილად განიგდებენ, მაგრამ ვერ განიგდებენ ერთს ეს გახალვთ ამპარტავნება. ანკესისებრ მათში ტოვებს უკეთურება ამპარტავნებას და რაწამს ეს ანკესი ანუ ამპარტავნება მათში ფესვს გაიდგამს, ყველა სხვა ღვაწლი დაუცხრომელი და ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, ზეადამიანური ძალისხმევით მათგან მიღწეული, აურაცხელი ღამისთევებითა და სხვადასხვაგვარი მოღვაწეობითი სახეებით, მყისვე უფასურდება და არა მხოლოდ უფასურდება, ამ მოღვაწეობათა და ნაყოფთა გაუფასურების სასჯელიც ზედდაედება მოღვაწეს, [16]რომელმაც არა მხოლოდ თვით მიიღო იმედგაცრუება ბრძოლაში, არამედ ვალდებულებაც დაეკისრა იმისა, რომ ყოველივე მიღწეული ესოდენ ფუჭად რომ წარაგო, ამისთვისაც პასუხი უნდა აგოს. მან ტალანტი მიიღო ღვთისგან და ეს ტალანტი ღირსეულად არ მოიხმარა, ფუჭად განაბნია და ეს, რა თქმა უნდა, ზედმეტად ტვირთად დაედება მას. ამპარტავნება გახლავთ სწორედ ზღვარგამყოფი მიჯნა ღირსეულ და ცრუ მოღვაწეთა შორის. განღმრთობის გზაზე სვლის მხრივაც რაც უფრო ღვაწლში შედის მოღვაწე, როგორც ადრეც ვამბობდით, ესაა სვლა და წარმატება თავმდაბლობაში, უპოვარებაში, არასმქნეობაში, თანამოძმეთა სიყვარულში. ამპარტავანს თანამოძმენი არ უყვარს და ამითაა ამპარტავნება მკვეთრად გამოხატული ეგოიზმი, სხვათა [17]მოკვეთა. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონეზე და თუ მის პირად ამბიციას არ ეხება ეს თანამოძმეთა სიყვარული და თანამოძმეებზე ზრუნვა, თავისთავად ცხადია მას შეიძლება ადამიანურად სხვები უყვარდეს, მაგრამ რაწამს ეს ყოველივე შეიძლება მის პირად თავმოყვარეობას, თავმოთნეობას, პატივმოყვარეობას შეეხოს, ყოვლითურთ ყველა გაიწირება საკუთარი პატივმოყვარეობის გარდა. მრავალთ უთქვამთ და მრავალთაგან სწავლებად ჩამოყალიბებულა საეკლესიო წიაღში, რომ არ არის ვნება უფრო მძლავრი და უფრო ძნელად მოსაკვეთი, ვიდრე ამპარტავნება. იგივე წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს სიძვის და მრუშობის ცოდვა ქონდეს, მაგრამ სხვა ადამიანთა სწავლებითა და შეგონებით მან ეს ცოდვა დაძლიოს და დატოვოს. შესაძლაო კიდევ სხვა რამ ცოდვა ჰქონდეს ადამიანს, ვთქვათ ცილისმწამებლობისა, ცრუფიცისა და სხვა და ანგელოზური ძალის გამოცხადებით, როდესც გაცნობიერდება მის წინაშე, რომ ფუჭია, სიმდაბლეა, დაცემულობაა ეს ყოველივე და ზეციური სიკეთის წინაშე [18]სირცხვილია ამგვარი ცოდვის ჩადენა მაოზროვნე ქმნილებისგან, ღვთის ხატად ქმნილი ქმნილებისგან, ადამიანმა შეიძლება ესეც წარიხოცოს და აღმოიფხვრას თავისი თავისგან. მაგრამ თუ ადამიანს ამპარტავნების ბაცილა შეეყრება, ყოვლითურთ უკურნებელია იგი, თუ სასწაულებრივი რამ ღვთის ჩარევა არ აღსრულდა მის ცხოვრებაში. აქაც ამ შემთხვევაში მოსეს ცხოვრებასთან დაკავშირებითაც სწორედ ეს მხარე წამოიწევს წინა პლანზე, რომ როდესაც გარკვეულ ჟამს პიროვნება უკვე დაწინაურებული, სიმაღლეზე შემდგარი, თითქოსდა მხოლოდ ზეციურისკენ არის მზერამიბჯენილი, სინამდვილეში, თუ ის ღირსეული მოღვაწეა, მთელი თავისი არსებით გაცილებით უფრო ცხოვლად შეიგრძნობს თავს თანამოძმეთა სულიერ ტკივილებს და განწყობილიცაა იმისათვის, რომ მათ თავი ანაცვალოს, მათთვის თავი გასწიროს, რისი მარადიული ნიმუშიც თავად მაცხოვარია. შეუძლებელია პიროვნება ქრისტიანი იყოს აი ამ გრძნობის გარეშე, იმიტომ, რომ თუ ქრისტიანი ხარ ქრისტესმიერი ყველაზე [19]აღმატებული ღვაწლი მშობლიური და თვისობრივი უნდა იყოს ამგვარი ადამიანისთვის, რომელიც იმავე მაცხოვრის, ქრისტეს კვალზე დგას. მაცხოვრის ყველაზე აღმატებული გამოვლინება ქმნილებისადმი სწორედ ეს გახლავთ, ადამიანთა გამო საკუთარი თავის გაწირვა. ეს ზოგადად ყოვლადწმინდა სამების მოქმედებაა ქმნილების და ადამიანთა წინაშე. მამამ არა ჰრიდა მხოლოდშობილსა თვისსა ძესა, არამედ მოსცა კაცთა გამოსახსნელად და რა თქა უნდა, თანამოქმედია ამ ყოველივესი სულიწმინდა, იმიტომ, რომ ერთმოქმედებაა ყოვლადწმინდა სამება, მიუხედავად ზოგთა მცდარი და დოგმატის დამრღვევი ცრუ სწავლებისა, რომ თითქოს სამი მოქმედებაა ყოვლადწმინდა სამებაში. მოქმედება ერთია და შესაბამისად რასაც მოქმედებს ძე, მყისვე თანამოქმედია მამა და მყისვე თანამოქმედია სულიწმინდა, იმიტომ, რომ ერთმოქმედნი არიან ისინი, ერთია მოქმედი და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდ სამება სამი მოქმედია, იმიტომ, რომ ეს უკვე სამღმერთიანობის ტოლფასი იქნება. ამიტომ მოქმედებს [20]რა ძე კაცობრიობის გამოხსნას, იმავე გამოხსნას მოქმედებს მამაც  და იმავე გამოხსნას მოქმედებს სულიწმინდაც, მაგრამ ეს მოქმედება ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთაგან აღსრულდება ძის მიერ, ძეზე აღსრულდება ეს ყოველივე, ძე დაიდება მსხვერპლად კაცობრიობის გამოხსნისათვის, ის არის ერთადერთი ბუნებითი მსხვერპლი ქმნილებისათვის გაღებული, ესაა თავდადება თანაარსთათვის (მაცხოვარი ჩვენი თანაარსი გახდა, მიიღო რა კაცობრივი ბუნება) და მარადიული ნიმუში ჩვენთვის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ამ თვისებაზეა დაფუძნებული. ამ თვისების გარეშე, რაც იგივე სიყვარულის თვისებაა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რის გამოც თავს გასწირავ მეორისთვის, ამის გარეშე არანაირი ღვაწლი, არანაირი გამაოგნებელი სასწაულთმოქმედების უნარი თუ ნებისმიერი ქმედების უნარი არანაირად არ ფასობს, არც ღვთის წინაშე და არც ჩვენს ცხოვრებაში ნაყოფის სახით არანაირ სიკეთეს არ მოგვიხვეჭს. მაგრამ ამპარტავანისთვის ეს უცხოა, ეს არის ზღვარგამყოფი და ის საფეხური, [21]სადაც უკვე განიყოფებიან მოღვაწენი. ორი ეტაპი შესაძლოა განვლოს, კიდევ კრთხელ ავღნიშნავთ, პიროვნებაამაც, რომელიც პირადი პატივმოყვარეობითა და ამბიციით იღვწის ამ გზაზე. მან შეიძლება მოიკვეთოს ყველა ვნება გარდა ამპარტავნებისა, რა თქმა უნდა, იქნება ეს ხორციელი ვნებანი, იქნება ეს სულიერი ვნებანი, მიიღოს, რამდენადაც მას ეს ძალუძს, განწმენდილობა და გულმოწყალე უფალმა სასწაულებრივი გამოვლინებით (იქნებ მისი ამპარტავნება ამით აღმოიფხვრას) გამოუვლინოს კიდეც ნათელი თვისი (შესაძლოა ამ პიროვნებამ ხიბლისმიერი ნათელი მიიღოს და იფიქროს რომ გაბრწყინებაში ვარო) და ჯერ კიდევ ვერ განარჩიოს იგი და მეორე ღირსეული მოღვაწე, ცხოვარნი და თიკანი ჯერ კიდევ შეიძლება ვერ განირჩენ ამ მომენტში ამ ორ ხარისხში გარეშე თვალთა მიერ, მაგრამ ამის შემდგომ უკვე მათი განყოფა სავსებით თვალსაჩინოა. ღირსეული მოღვაწე, ჭეშმარიტად ღვაწლ და ბრძოლა გადატანილი, განწყობილია იმისთვის, რომ თავის ერს თავი ანაცვალოს, თავის თანამოძმეთ თავი ანაცვალოს, რომ როგორმე გამოიხსნას [22]იგი. ხოლო ამგვარი ღვაწლის ცრუდ მომნაყოფებებელი პიროვნება, რა თქმა უნდა, არაფერს სხვისთვის არსობრივად არ გაიღებს, თუკი ეს ყოველივე კვლავაც თავისი ამბიციის, თავისი ამპარტავნული მიზნის მიღწევას არ დაექვემდებარება. მოსე წინასწამეტყველი ღირსეულ მოღვაწეთა ნიმუშია და შესაბამისად იგი უკვე შედგა ერის წინამძღვრობის კათედრაზე, ერის წინამძღვრობის საკურთხეველზე, რომ ჭეშმარიტი საკურთხევლისკენ, ახალი აღთქმის ქვეყნისკენ, უწინამძღვროს მათ.

 

314–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=_sd4YTUazhI

 

(ნაწილი მეხუთე)

ჩვენს წინა საუაბარში ვეხებოდით მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრების იმ მონაკვეთს, როდესაც ამ პიროვნებამ ღირსეულად განვლო, ძველ ქართულად აღვლო ორი საფეხური განღმრთობისა. ეს იგივე ზეცათ მავალობაა, ზეცად სვვლაა მოსესი, რისი კვლავაც ნიმუში, კვლავაც მარადისი წინამძღვარი თავად მაცხოვარია, რომლის შესახებაც სწორედ ეს სიტყვებია თქმული: “რომელმან აღვლა ცანი”. აი ამ ცათა აღმვლელი ანუ იგივე ხარისხთა აღმვლელი, განღმრთობის ცათა აღმვლელი მოსე წინასწარემტყველი ორი ცის ზეაღვსლის შემდეგ ერის წინამძღვრად გამოჩნდება, მიუხედავად ამ ვალდებულების უდიდესი სირთულის გაცნობეირებისა, მოვალეობად დაედება ეს ტვირთი მას მხრებზე და ისიც მხრებმოუდრეკელი ამ უდიდესი ტვირთის ქვეშ მშველელად, თანაშემწედ გამოუჩნდება თავის ერს და ძალისამებრ [1]მრავალგვარი საუფლო შემწეობით გაუცნობიერებს მათ იმ უმძიმეს სულიერ მდგომარეობას (აქ სულიერზე მაქვს, რა თქმა უნდა, აქცენტი) რაშიც ისინი იმყოფებოდნენ. თვით თხრობაში ხორციელი მდგომარეობაა წინა პლანზე და ეს ასეც იყო, მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, გრიგოლ ნოსელი სულიერ პლანს კითხულობს ამ ყოველივეში, სულიერი თხრობა არის მისგან და სულიერი მოძღვრება განჭვრეტილი და აქ ადამიანის ზოგადი დაცემულობის გამოხატულებაა ამ შემთხვევაში ებრაელთა მდგომარეობა ეგვიპტეში. ეგვიპტე, კვლავ გავიმერეობთ, ჯოჯოხეთის სიმბოლოა, ჯოჯოხეთს კი ორი გაგება აქვს, ერთი თვითონ ადგილი წარწყმედისა რეალურად, და მეორე ზოგადად დაცემულობითი მდგომარეობა, რომ შეიძლება კონკრეტულად ჯოჯოხეთში არ იყო, დედამიწაზე იყო, მაგრამ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იყო სულიერად. წარწყმედილნი, ვიდრე ისინი ჯოჯოხეთში დამკვიდრდებოდნენ მანამდე ქვეყნად მკვიდრობდნენ და კვლავაც ჯოჯოხეთში იყვნენ. აი ამ გაგებით ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში მყოფობა ადამიანისა კერძოობითად და ზოგადად ადამიანთა სიმრავლისა გამოიხატება ებრაელთა ერის ეგვიპტეში [2]მყოფობით.

ესეც ერთი პრობლემაა, ესეც ერთი საკითხია, რომ პიროვნებას გავაცნობიერებინოთ თავისი მდგომარეობა. დაცემულობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ პიროვნებამ იცის მისი დაცემულობის შესახებ, პირიქით არაიშვიათად და უდიდესწილად დაცემულობაში მყოფს ცხონებაში ჰგონია თავი და ღირსებაში მყოფს, რა თქმა უნდა, უკიდურესად ექიშპება, მეტოქეობას იჩენს მისდამი, რადგანაც გამოფხიზლების მაკურნებელი მადლი, რაც ღირსეული მოღვაწისგან თავის თანამოძმეთა მიმართ აღსრულდება, მკაცრი ექიმისებრ ტკივილს იწვევს ავადმყოფში, სნეულში და სნეული ამ ტკივილს ყოვლითურთ თავს არიდებს. მაგრამ ღირსეული მკურნალი ყველაფერს დაითმენს სნეულისგან, თუ მას ამ სნეულის გადარჩენა სწადია, თუ ეს სნეული მისი თანამოძმეა და მისი სიცოცხლე მისთვის ძვირფასია. ყველაფერს გაიღებს ის, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი მას შვებას მოჰგვრის და არად დაგიდევთ მის ჩივილებს, [3]მის საყვედურებს, უკიდურეს შეურაცხყოფებს, რაც თავად მაცხოვარმა ყველაზე მეტად განიცადა და დაითმინა, “თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყანრეს” და არა მხოლოდ არა შეიწყნარეს, არამედ უკიდურესად დაამდაბლეს და შეურაცხყვეს, შეაგინეს მისი ამქვეყნიური ღვაწლი, თვითონ ის პიროვნულად. მიუხედავად ამისა სიყვარული მაცხოვრისა არ განელებულა თანამოძმეთადმი და მემკვიდრენი თავისი, იმავე ღვაწლის განმგრძობნი, მოციქულთა სახით, შემდგომ ღირსეულ საეკლესიო მოღვაწეთა სახით ყოველ თაობას მანვე მიჰმადლა. აი ამგვარ მოღვაწეთა წინასახეა, წინანიმუშია მოსე წინასწარმეტყველი, ისიც მრავალ შეჭირვებას დაითმენს თავის თანამოძმეთაგან, მუდმივი საყვედურები, მუდმივი მდურვანი, ყვედრებანი, შეურაცხყოფანი სხვათა და სხვათა გამო, ყოველგვარი დაბრკოლების ჟამს კვლავაც ებრაელი ერისგან მონატრება ეგვიპტური ცხოვრებისა, თითქოსდა [4]ის უკეთესი იყო, რადგანაც გულით და გონებით ისინი ჯერაც ვერ განშორებიან იმ დაცემულობას და ვინც რისი მსგავსია იმისკენ ისწრაფვის, ვინც რისი თანაბუნებითია მისკენ აქვს მას გულისყური. თავად მაცხოვარიც გვაუწყებს, რომ სადაც არის თქვენი საუნჯე ანუ თქვენი საგანძური, იქაა თქვენი გული, სადაც განძი გეგულება, შენი ნაშრომი, შენი ნაოფლარი და გადანახული შენი გული, რა თქმა უნდა, იქ არის. ამიტომ რადგანაც მათ სულიერი თვალი გახსნილი ჯერაც არ ჰქონდათ და საუნჯე ცათა შინა არ ეგულებოდათ, ეგვიპტური ცხოვრება, მას შემდეგ რაც დატოვეს ეგვიპტე, დიდ სიკეთედ ეზმანებოდათ. თუმცა რამდენიმე დაბრკოლების დაძლევის შემდგომ მოსე წინასწარმეტყველმა ღირსეულად აღასრულა თავისი ვალი და აღთქმულ ქვეყნამდე მიიყვანა მისგან ნაწინამძღვრები ერი.

მაგრამ ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს ხდება ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენა. მნიშვნელობა ამ მოვლენისა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის, მაშინ [5]გაცხადდა, როცა წმინდა გრიგოლ ნოსელის ხსენებული ნაშრომი “მოსეს ცხოვრება” ძველი ქართული თარგმანის სახით შესწავლილ იქნა ჩემგან. აქ რა მოვლენაზეა საუბარი? როდესაც ისრაელი ტოვებს ეგვიპტეს, ბიბლიური თხრობის მიხედვით, მოგეხსენებათ ებრაელები თან წაიღებენ ეგვიპტელთა სამკაულებს, სამშვენისებს, წინასწარ გამოითხოვენ მათგან ამ ყოველივეს, რომ მსახურება აღუსრულონ თავიანთ ღმერთს. მოგეხსენებათ ისინი კვლავაც დაბრკოლებულნი იქნებოდნენ მათი ფარული მიზანი აშკარად რომ გაემხილათ, რომ მართლაც დატოვებას აპირებდნენ ეგვიპტისას. ამიტომ მიზანდასახულობა და გარეგანი მიზეზი მათი განშორებისა ეგვიპტისგან ამგვარია, რომ რამდენიმე დღე თავიანთ ღმერთს უნდა ემსახურონ და ამ მსახურებისთვის ამობენ რომ სჭირდებათ სამკაულები. ებრაელები ეგვიპტელთა სამკაულებს მოიხვეჭენ, გაძარცვავენ ეგვიპტეს და ასე დასტოვებენ მას. უდიდესი შინაარსის მქონე მოვლენა გახლავთ ეს ყოველივე. [6]ეგვიპტე, როგორც ავღნიშნეთ, ჯოჯოხეთია, ჯოჯოხეთი კი ერთი მხრივ ის ადგილია, სადაც წარწყმედილნი დამკვდირდებიან მარადიულად და ახლაც მკვიდრობენ, მაგრამ მეორე მხრივ ჯოჯოხეთი არის დაცემული მდგომარეობა. აი ეს დაცემული მდგომარეობა, მეორე გაგება ჯოჯოხეთისა, არ ნიშნავს აბსოლუტურ ჯოჯოხეთს, სრულ დაცემულობას, რომ იქ ყველაფერი უკეთურებაა. პირიქით აქაა თანააღრეული კეთილი და ბოროტი, თანაღრეულად განძი ანუ საუნჯე და არანაირი ღირებულების არ მქონე ნივთები, სიწმინდე და უკეთურება, ყოველივე ეს თანააღრეულია. თვით ებრაელი ერის მყოფობაც ჯოჯოხეთში იმას ნიშნავს, რომ ებრაელი ერი, რა თქმა უნდა, ღირსების მქონე ერია და ეს ღირსება ჯოხეთის ტყვეობაშია. მაგრამ ჯოჯოხეთიდან გამოსვლა, რაც მაცხოვრის მიერ კაცობრიობის ჯოჯოხეთისგან აღმოყვანების წინასახეა (ამ შემთხვევაში მოსე წინასწარმეტყველი მაცხოვრის წინასახეა, მაცხოვარმა კი ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა კაცობრიობა და მეორედ მოსვლის ჟამს დამთავრდება განყოფა [7]ჯოჯოხეთისა და სამოთხისა. აქ მეორედ მოსვლის წინასახეც გვაქვს ჩვენ ამ ბიბლიურ თხრობაში), ნიშნავს იმას, რომ ჯოჯოხეთი უნდა განიძარცვოს ყოველივე ღირსებისგან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ღირსება დარჩეს ჯოჯოხეთში. ღირსების ტყვეობა კვლავ გაგრძელდეს, როდესაც გამოხსნა აღსრულდება, აი ეს შეუძლებელი გახლავთ და უსამართლოც იქნებოდა, რომ ღირსება მარადიულად ტყვეობაში დარჩენილიყო, ჯოჯოხეთის პყრობილებაში ყოფილიყო. ჭეშმარიტი გამოხსნა იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი ღირსება თავის ბუნებრივ ადგილას, თავის ღირსეულობაში რომ მარადიულად დავანდება და რომ ჯოჯოხეთში რაც უღირსებობაა შეუძლებელია მისგან სრულიად უცხო ღირსებანი ტყვეობაში იმყოფებოდეს, აი ამის წინასახეა ებრაელთა მიერ ეგვიპტელთა განძარცვა. ანუ ჯოჯოხეთი იძარცვება ყველა თავისი სამკაულისგან, ყველა თავისი ღირსებისგან. ის სიტყვებიც, რომ ეს ყოველივე ჩვენ ჩვენი ღვთისმსახურებისთვის გვჭირდებაო, მრავლისმეტყველია. მართლაც ეს ღირსებანი [8]ყოველივე, რაც ჯოჯოხეთისგან უნდა გამოტანილ იქნეს, რისგანაც უნდა განიძარცვოს ჯოჯოხეთი, ღვთიური ბუნებისაა, ღვთის ღირსებისადმი თანაბუნებითია და ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი, ღვთისმსახურების ნაწილია. გრიგოლ ნოსელი ყველაზე უფრო გამოკვეთილად სწორედ ამ ადგილას გვაუწყებს, რომ აღნიშნულ ღირსებათა შორის პირველ რიგში იგულისხმება ის სულიერი ფასეულობანი, ის მიღწევები, გნებავთ კულტურული მიღწევები, აზროვნებითი და ზოგადად კაცობრიული მიღწევები, რაც წინაქრისტიანულ ეპოქაში, წარმართულ ეპოქაში არსებობდა. წარმართული ეპოქა არ იყო აბსოლუტურად უღირსებო, მნიშვნელოვანი ღირსებანი იქაც გამოიკვეთა და ესეც ღვთის დიდი წყალობაა. იმიტომ, რომ ადამიანმა ღვთივბოძებული გონებით და ღვთიური დაშვებით არაერთი ღირსეული ღვაწლი განახორციელა წინაქრისტიანულ ეპოქაში. თვით ანტიკურ მოაზროვნეთა შორისაც მრავალი აღმოცენდა კეთილი სწავლება (მართალია თანაშერეული უკეთურებასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ამ [9]ღირსებებზეა საუბარი), იფქლის ანუ ხორბლის მარცვალნი, გაბნეულნი სარეველა მცენარეთა შორის, ფეხით დატკეპნილი და დათრგუნულნი უგუნურ პირუტყვთა მიერ, მაგრამ მაინც ღირსეულნი, მარგალიტნი და ძვირფასი თავები ტალახით და ჭუჭყით გაშავებულნი. მაგრამ მათი შინაგანი ღირსების მცნოებელი ჭეშმარიტება გამოარჩევს ამ ყოველივეს უკეთურების ჭუჭყისგან, გადააცლის ყოველივეს, რაც გარედან მიტმასნილია და მარგალიტისა და ძვირფასი თვლების ელვარება, იფქლის ანუ ხორბლის კეთილნაყოფიერება ჯეჯილისებრ კვლავ აღმოცენდება, გამოვლინდება და გამობრწყინდება. ეს ყოველივე კი ჯოჯოხეთში (ეგვიპტეში) არ უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ იგიც ღვთის მარცვალია, საღვთო წარმომავლობის სიკეთეა, როგორც საკუთრივ ჭეშმარიტებაში დაუნჯებული სიმდიდრენი. კვლავ ამ სიმდიდრეთა საგანძურში უნდა შემოიკრიბოს ეს ყოველივე, ამის ნიმუში თავად მაცხოვარმა მისცა კაცობრიობას, [10]ისევე როგორც მოციქულებმა და ყველა ღირსეული მოღვაწე ეკლესიისა ამავე ღვაწლით აღასრულებდა თავის ამქვეყნიურ ცხოვრებას, როდესაც თანამოძმეთათვის უშურველად გასცემდა ყოველივეს. თანამოძმეებში კი პირველ რიგში იმ დაცემულ ახლობელთა, ნათესავთა, წარმართთა ცხონებისთვის ღვაწლს მოიაზრებდა, რომლის გარეშეც ჭეშმარიტი ქრიტიანული მოღვაწეობა და ვალდებულება ქრისტიანისა, რა თქმა უნდა, აღსრულებული ვერ იქნება. მოსე წინასწარმეტყველი და ებრაელი ერი ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს სწორედ ამას განასახიერებენ, რომ ანტიკური კულტურისგან, ანტიკური ფილოსოფიისგან, ანტიკური მწერლობისგან, ზოგადად ანტიკური ცივილიზაციისგან, სულიერებისგან ყოველივე რაც ღირსეულია მათ მიერ გამოტანილი ხდება, ამ ყოველივეს თვით ისინი შეითვისებენ, რადგანაც ქრისტიანული ნაწილი (ეს ქრისტიანული ნაწილია, ღვთიური ნაწილია და ღვთიური რაც არის აუცილებლად ქრისტიანულია) ჭეშმარიტ წიაღში [11]ქრისტიანობისა დედა ეკლესიაში უნდა დამკვიდრდეს და ეკლესიის სიმდიდრეს შეემატოს, ანუ როგორც წმინდა ეფრემ მცირე ამბობს: “მეკერპეთა სიბრძნეს ვძარცვავთ და გამოგვაქვს ეს სიბრძნე სიმდიდრედ ეკლესიისა”, ისევე როგორც ყველა წმნდა მოძღვარი ამავეს გვასწავლის ჩვენ.

ამ საკიხთზე ჩვენ რამდენიმე ბროშურა გვაქვს გამოშვებული და ამჟამად დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ ხსენებული ეპიზოდის გრიგოლ ნოსელისეული ახსნის მნიშვნელობა გვინდა გამოვკვეთოთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ გახლავთ, რომ ებრაელები მიდიან და თითქოსდა უბრალოდ აშარჟებენ, დასცინიან ეგვიპტელებს, რომ სამაკაულებსაც კი სტაცებენ მათ. აქ რაღაც ამგვარი ქმედება არ იგულისხმება, აქ ძალიან ღრმა აზრია, რომ აქ მოესწავება პირველ რიგში მაცხოვრისგან კაცობრიობის ჯოჯოხეთიდან აღმოყვანება და მეორედ მოსვლის ჟამს მარადისი და საბოლოო გამიჯვნა ჯოჯოხეთისა და ცხონებისა, ჯოჯოხეთისა რომელშიც აღარ რჩება არანაირი ღირსება, ესაა [12]აბსოლუტური უღირსებობა და სრული არაფრობა. აქ მივდივართ სწორედ იმ აზრთან, რომ ჯოჯოხეთი და არაფრობა ერთი და იგივეა, არა ყოფითად არაფრობა (ყოფითად ის რეალობაა), არამედ სულიერი არაფრობა და ჯოჯოხეთი იგივეობრივია, რადგანაც არანაირი ღირსება ჯოჯოხეთში არ შეიძლება დარჩეს, არანაირი ღირსება არ შეიძლება მის ტყვეობაში იმყოფებოდეს, თორემ ეს კვლავ ჯოჯოხეთის ამპარტავნების წყარო იქნება, რომ მან – უღირსებამ ღირსეულობაზე ბატონობა კვლავ განაგრძო. ამიტომ ყოველგვარი ღირსებისგან განიძარცვება უკეთურება, განიძარცვება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთი რჩება მხოლოდ როგორც უღირსებობა და რადგანაც მნიშვნელობა და რაობა მხოლოდ ღირსებას აქვს, ჯოჯოხეთი ხდება აბსოლუტური არარაობა და აბსოლუტური უღირსებობა. აი ამ უდიდესი საიდუმლოს, უდიდესი სწავლების წინასახეა, წინაგამოთქმაა ბიბლიური თხრობა: “განვიდნენ რა ეგვიპტისგან, დატოვეს რა ეგვიპტე, თან გაიყოლეს ეგვიპტის მთელი სიმდიდრე”.

სხვათაშორის [13]აქ ეკლესიის მამები ამქვეყნიდან ადამიანის გარდაცვალებასაც ჭვრეტენ, რომ პირველი წიგნი ესაა შექმნის წიგნი ანუ ადამიანი, ყოფითად შექმნილი, ხორციელად შექმნილი, სულიერად იქმნება თავისი სულიერი ღვაწლით, ხოლო მეორე წიგნი რომელსაც “გამოსვლა” ეწოდება და რომელსაც მაგალითად იოანე პეტრიწი ქართულად თარგმნის როგორც “განსვლაი” ანუ გასვლა, გასვლა ამ ქვეყნიდან, ნიშნავს სულიერქმნილი ადამიანისგან ყოველივე ხორციელის განძარცვას და გარდაცვალებას სწორედ იმ აზრით, რომ მხოლოდ ღირსეული რამ მიაქვს, ხოლო წარმავალს, ფუჭს და მნიშვნელობა მოკლებულს აქ ტოვებს მარადიული გახრწნისთვის, ღირსებებს კი თან გაიყოლებს. აი ამის სიმბლოდაც ესახებათ ეკლესიის მამებს ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან. მაგრამ საკუთრივ გრიგოლ ნოსელის დიადი სწავლება კვლავ იმ აზრით და მნიშვნელობით აღიქვამს ყოველივეს, რა მნიშვნელობაც ზემოთ მოვიხსენეთ, რომ ებრაელი ერი [14]მიდის ეგვიპტიდან და თან მიაქვს ეგვიპტის ანუ ჯოჯოხეთის ყველა ღირსება. ეს ღირსებანი ამ შემთხვევაში წინა ქრისტიანული და ზოგადად არაქრისტიანული სამყაროს ღირსებანია, რომ ერთადერთი შემკრებელი ღირსებებისა მხოლოდ საეკლესიო წიაღია, ნებისმიერი ღირსება აქ უნდა შეჯამდეს, აქ უნდა დამკვიდრდეს, აქ უნდა დასაძირკვლდეს, მთელი სამყაროსგან აქ შემოიკრიბება ყოველივე და დანარჩენი, რაც კი ეკლესიის გარეთ იქნება, ეს იქნება აბსოლუტური უღირსებობა, რადგანაც რაც ღირსეულობა იყო თავის ბუნებით, თავის ჭეშმარიტ საღვთო საუფლოში უკვე დავანებულ იქნა, როგორც ერთი დიდი ღირსეულობა, ერთი დიდი საუნჯე ღვთივდასაძირკვლებული და ღვთივაღშენებული.

გამოდიან რა ებრაელები ეგვიპტიდან, მოსე კვლავ მეწინამძღვრეობს მათ, კვლავ უწინამძღვრებს აღთქმული ქვეყნისკენ. არ არის ადვილი ჯოჯოხეთიდან გამოსვლა, არ არის ადვილი საკუთარი დაცემულობის გადალახვა, [15]იმ თვისებათა, იმ ჩვევათა მოკვეთა, რაც დაცემულობამ ადამიანში შეასისხლხორცა, არა მხოლოდ შეატმასნა გარედან, არამედ მტკიცედ შეუდუღაბა მას სამწუხაროდ.

ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ერთ-ერთ ტერმინზე ბერძნულ ენაში, რასაც ძველ ქართულ თარგმანებში ნაირგვარი შესატყვისი აქვს. ეს გახლავთ ტერმინი “ჰექსის”, რასაც ჩვეულებრივ თარგმნიან როგორც “თვისებაი” და თვისებას ნიშნავს, მაგრამ არ ნიშნავს ჩვეულებრივ თვისებას. უფრო გამომსახველია არსენ იყალთოელის შესატყვისი “განუჭრელი თვისებაი”, ე.ი. ისეთი თვისება რომელიც არ მოგშორდება ადვილად, შესისხლხორცებული რომ არის ადამიანში, თუმცა ადამიანთან ერთად თანდაყოლილი არ გახლავთ. ერთია თანდაყოლილი, მემკვიდრეობით გადაცემული ბუნებითი თვისება, დაბადებიდანვე რომ აქვს ადამიანს, მაგრამ მეორეა შეძენილი თვისება. შეძენილი თვისებანი არის ორგვარი, ერთია შეძენილი თვისება, რომელიც ადვილად შეიძლება წარიხოცოს და კვლავაც აღმოიფხვრას, რომელსაც ბერძნულში გამოხატავას ტერმინი “დიათესის”, რასაც [16]შეესაბამება ლათინური “დისპოზიციო” და რომლის პირდაპირი კალკირებაა ქართული ტერმინი “განწყობა”. ეს თანამედროვე სიტყვა “განწყობა” უახლოვდება ტერმინ “დიათეზისს”, რომლის ძველქართული ყველაზე უფრო ტერმინოლოგიური შესატყვისი გახლდათ “მოწლეობაი”. განწყობა ნიშნავს იმას, რომ რაღაც განწყობა გვექმნება, რომელიც ადვილად შეიძლება შეგვეცვალოს, რაღაც თვისობრივი მდგომარეობა გვაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება ადვილად შეიცვალოს და მუდმივი არ არის. ქართული ტერმინი “განწყობა” დატვირთულია ლათინური “დისპოზიციოს”, რუსული “რასპალაჟენიეს” და ბერძნული “დიათეზისის” მნიშვნელობით. მაგრამ მეორეა თვისება, რომელიც რაწამს შემოვა ადამიანში, გაიდგამს ფესვებს და მისი აღმოფხვრა იქიდან უკიდურესად ძნელია, თითქმის ბუნებითი ხდება, თითქმის არსობრივი ხდება. აი ამგვარი თვისების აღმნიშვნელი გახლავთ ტერმინი “ჰექსის”, არსენ იყალთოელის თარგმანით, როგორც უკვე გითხარით, “განუჭრელი თვისებაი”. ეფრემ მცირე მას თარგმნის არანაკლებ გამომსახველი ტერმინით “ანაგები”. თვითონ ეს სიტყვაც “ანაგები” კარგად ცხადყოფს, რომ ეს თვისება აგებულებაში შედის, უკვე აგებულების ნაწილი [17]ხდება, რომლის გარეშეც აღნაგობა დაირღვევა. ეს “ანაგები” უფრო ბატონდება, იმიტომ, რომ არსენ იყალთოელის “განუჭრელი თვისებაი” მაინც ორსიტყვედია, ორსიტყვედი კი ნაკლებად მკვიდრდება ტერმინად. გელათურ სკოლაშიც “ანაგები” გვაქვს ჩვენ ბერძნული “ჰექსისის” არსებით შესატყვისად და იოანე პეტრიწიც ამ ტერმინს იყენებს მცირედი ფორმაცვალებით, როგორც “ანაგი”.

ეს ყოველივე იმასთან დაკავშირებით გავიხსენეთ, რომ დაცემულობა ადამიანში “ანაგებისებრ” შემოდის, “ჰექსისისებრ” შემოდის, “განუჭრელი თვისებისებრ” შემოდის და მისი აღმოფხვრა და მოკვეთა ადვილი არ არის. ამას დაუცხრომელი ღვწა, წლები სჭირდება, კვლავ მონატრება იმ ძველი დროისა. რეციდივები იმ ძველი მდგომარეობისა არაიშვიათად იჩენს თავს და მართლაც უდიდესი მოთმინებით უნდა იყოს აღჭურვილი მოძღვარი, წინამძღვარი, რომ დაითმინოს უგუნურება მისგან საწინამძღვრო ერისა, მისგან საწინამძღვრო ადამიანებისა, აურაცხელი შფოთნი, აღშფოთებანი, უმადურებანი, რომ ბოლოს და ბოლოს აღთქმულ ქვეყნამდე მიიყვანოს [18]ისინი. აღთქმული ქვეყნისგენ გზა უაღრესად მტანჯველი, განმკურნებელი გზაა, ესაა გზა, რაც შეესაბამება მკურნალობის პერიოდს. ესაა მკურნალობის ციკლი, მკურნალობის პერიოდი, რასაც ღვთივაღძრული მოსე წინასწარმეტყველისგან ებრაელი ერი იღებს იმ ორმოცწლიანი ხეტიალის ჟამს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანას მიაღწევდეს. მოსე წინასწარმეტყველის მოთმინების განსაკუთრებული სიმაღლე გამოაჩენს მას ჭეშმარიტად ახოვან მოღვაწედ. ეს პერიოდი არა მხოლოდ ებრაელი ერის შემოწმებისა და გამოცდის პერიოდია, არამედ უფრო მეტად თვით მოსესი, არის თუ არა იგი ღირსეული წინამძღვარი ერისა, თუ მომედგრდება ღვაწლში და მოუძლურდება და განიშორებს ამ ვალდებულებას. და თუკი ღირსეულად დაითმენს და მოთმინება საზოგადოდ მოღვაწეობისა და ასკეზისის ერთი ყველაზე დიდი მწვერვალია და მოთმინების გარეშე არცერთი სათნოება არ მოიხვეჭება, აი ამ მოთმინებას თუ მოსე წინასწარმეტყველი ისევე [19]ღირსეულად აჩვენებს, როგორც სხვა მიღწევებს თავის ცხოვრებაში ადრე რომ გამოაჩინა, იგი ღირსი გახდება განღმრთობის მწვერვალზე აღსვლისა. მართლაც მოსე წინასწარმეტყველი ჭეშმარიტად ადის განღმრთობის მწვერვალზე, მესამე საფეხურზე, რაც დაგვირგვინებაა განღმრთობის გზისა, წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით, ზოგადად ეკლესიის მამათა სწავლებით, იქნება ეს დიონისე არეოპაგელი, განსაკუთრებით წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, უაღრესად ღრმა თვალით ამავე მოძღვრების განმჭვრეტი და გადმომცემი ჩვენთვის. წმინდა მაკარი ეგვიპტელი თავის სულიერ სწავლებებში ამავე ეტაპებს უაღრესად შთამბეჭდავად გადმოგვცემს, იმიტომ, რომ პირადად მას აქვს განცდილი, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო სისტემური წესით ამავე მოძღვრების გადმომცემი კვლავაც წმინდა გრიგოლ ნოსელია. არა მხოლოდ ამ შრომაში, ჩვენ სხვა შრომებსაც შევეხებით და ამ შემთხვევაში არ დავინანებთ რაოდენობას ლექციებისას, რომ ცალკეული მისი შრომები ამ კუთხით განვიხილოთ, რომ მესამე ეტაპი არის მწვერვალი განღმრთობისა, ადამიანური ანუ ქმნილებითი დატევნისამებრ და ეს მწვერვალი [20]მოსეს ცხოვრებაში მაშინ აღსრულდება და მაშინ განხორციელდება, როდესაც იგი ებრაელი ერის მდურვათა, ყვედრებათა და უმადურებათა ნიაღვარის შუაში მდგომი, მოთმინებითი ღვაწლის, მოთმინებითი შემართების, აქამდე კაცობრიობისთვის უჩვეულო ახოვანებას წარმოაჩენს და ღვთისა და კაცთა წინაშე ჭეშმარიტად დაადასტურებს, რომ იგი ღირსეული წინამძღვარია ერისა უკეთურებისგან ჭეშმარიტებისკენ.

 

315–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=7t2qdwioZVc

 

(ნაწილი მეექვსე)

ჩვენ კვლავ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრების შესახებ გვექნება საუბარი. იმ გამოხმაურებათა კვალობაზე, რაც ჩვენს წინა საუბრებთან დაკავშირებით იყო, ვგრძნობთ, რომ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, ე.ი. ერის წინამძღვრობის შესახებ საეკლესიო სწავლებასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე უფრო ჩამოყალიბებულად წმინდა გრიგოლ ნოსელმა გამოთქვა, ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენ მისი ერთი კონკრეტული ნაშრომის საფუძველზე განვიხილეთ ეს მოძღვრება, ნაშრომისა, რომელსაც “მოსეს ცხოვრება” ეწოდება, რომელშიც (რამდენიმეგზის გვიწევს ამის აღნიშვნა, მაგრამ ვფიქრობთ აუცილებელია, იმიტომ, რომ ახალ-ახალ საუბრებს და ახალ-ახალ გადაცემებს შესაძლოა ისეთი მსმენელიც შეემატა, რომელიც წინარეს არ უსმენდა და მათაც რომ გარკვეულობა ჰქონდეთ თუ რაზეა საუბარი), ბიბლიური თხრობა, ისტორიული გადმოცემა [1]მოსეს ცხოვრების შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ განჭვრეტილია ყოფითი თხრობის პარალელურად სულიერი სიღრმით, სულიერი თვალით და მოსეს, როგორც ღვთის მაძიებელი და გარკვეულ მომენტში ერის წინამძღვრად დადგინებული მოღვაწის ნიმუშის კვალობაზე გრიგოლ ნოსელისგან ყალიბდება დიდი მოძღვრება ზოგადად განღმრთობის გზის შესახებ, ზოგადად ერის მეწინამძღვრეობის და ამ მეწინამძღვრეობის მტვირთველი პირის აუცილებელ საღვთო თვისებათა შესახებ.

ჩვენ ხაზგასმით მივუთითებდით, რომ ეკლესიური სწავლება აბსოლტურად გამორიცხავს შესაძლებლობას ერის ნამდვილ წინამძღვრად ისეთი პიროვნების წარმოჩენისას, რომელსაც არ ამკობს ჩვენს მიერ წინა საუბრებში განხილული თვისებები, ის თვისებები, რაც მოსე წინასწარეტმყველმა ისტორიულად, პიროვნულად შეიძინა და რითაც მან ნიმუში მოგვცა ზოგადად [2]ერის წინამძღვრისა, თუ რა თვისებების მეუნჯე, რა თვისებათა დამტევი და შემსისხლხორცებელი, საკუთარ პერსონაში განმახორციელებელი უნდა იყოს ამგვარი მოღვაწე.

ჩვენ აღვნიშნავდით, რომ განღმრთობის გზაზე მდგომი პიროვნება პირველ აუციებელ საფეხურად, ქვაკუთხედად განღმრთობისა განიწმენდს საკუთარ თავს, ანუ წარმატებულად განვლის განმწმენდელობით ეტაპს, განმწმენდელობით ხარისხს, როდესაც იგი მოიკვეთს ამა სოფლის საცთურს, ამა სოფლის საცთურთაგან უკვე ვნებათაგან აღუძვრელია. ამ მდგომარეობას ეკლესიის მამათა მიერ სპეციალური ტერმინი აქვს განკუთვნილი (სხვათაშორის ეს ტერმინი დღესაც გამოიყენება, ოღონდ განსხვავებული შინაარსით), კერძოდ “აპათეია”. დღეს ჩვენ რომ ვიყენებთ ტერმინს “აპათია”, ეს გახლავთ საეკლესიო, მეტიც შეიძლება ითქვას, ასკეტური ღვთისმეტყველებისთვის ნიშანდობლივი ტერმინი, რაც პირდაპირი თარგმანით ქართულად ნიშნავს “უვნებობას”, “ვნებათაგან [3]აღუძვრელობას”, რაც საზოგადოდ ასკეტური ღვაწლის, განმწმენდელებოთი მოღვაწეობის მწვერვალად არის შერაცხილი დიდ ღვთისმეტყველთა მიერ. აი ამ “აპათეია”-ს მიღწევა, უვნებობის საფეხურის, უვნებობის მწვერვალის მიღწევა სავალედებულოა ნებისმიერი მოღვაწისთვის, რომელიც განღმრთობას განიზრახავს. თავად ეს განწმენდა განღმრთობა არ გახლავთ, მაგრამ ესაა აუცილებელი საფუძველი განღმრთობისა, მომზადება საკუთარი პიროვნებისა ღვთიური გამობრწყინების მისაღებად, რაც თავისთავად უკვე განღმრთობის უდიდესი გამოვლინებაა, თუმცა არა უმწვერვალესი. მოსე წინასწარმეტყველმა მსგავსად განიწმინდა თავისი თავი. ჩვენ იმაზეც ვსაუბრობდით, რომ თვით ამ ეტაპსაც თავისი წანამძღვრები აუცილებლად აქვს, ამ დიდ ღვაწლში, განღმრთობის ამ პირველ დიად ხარისხში, სანამ პიროვნება ყოვლითურთ განიკუთვნებდეს თავის თავს, მას წინარე, ე.წ. ქვე საფეხურები, ქვე ეტაპები, ქვე ხარისხები აქვს გსავლელი. [4]ამას ხელმეორედ აღარ განვიხილავთ, მხოლოდ იმ მეტყველ ნიშანზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ დიდი მიზანდასახულობის, დიდი ღვაწლისათვის ღვთისგან განკუთვნილი პიროვნება, რომელიც მართალია წინასწარი მღელვარებით და მისთვის განკუთვნილი ტვირთის სიმძიმის სრული გაცნობიერებით ცდილობს განეკრძალოს საღვთო ვალდებულებას, მაგრამ ამავე დროს მორჩილების აუცილებელ და საღვთო სათნოებასაც აღასრულებს, რომლის გარეშეც ცხონება შეუძლებელია. ე.ი. ტვირთის საზიდად თავისი თავი არ მიაჩნია ღირსად, არ მიაჩნია იმგვარი ახოვანების მქონედ, რომ ეს საღვთო ტვირთი ერის მეწინამძღვრეობისა, მომავალში რაც მას აუცილებლად უნდა განეკუთვნოს, შესძლოს მან ამის ზიდვა, ამის ატანა. მაგრამ რადგან ღვთისგან ეკისრება მას ეს ვადლებულება, ერთი მხრივ ამგვარი წარმომავლობა ვალდებულებისა, რომ ღვთისგან მოდის ეს სულიერი ბრძანებულება, მას [5]დიდ ძალას აძლევს, საკუთარ თავზე აღამატებს მას, აღამაღლებს საკუთარი თავის უნარზე და დამტევნელობაზე, მაგრამ მეორე მხრივ უცნობიერებს იმასაც, რომ თუნდაც არ შეეძლოს, იგი ვალდებულია მორჩილების კანონი აღასრულოს. რადგანაც, როგორც ეს ეკლესიის მამათაგან ხშირად არის ხაზგასმული და სხვათაშორის ქართულ სინამდვილეშიც “აბო ტფილელის” ავტორის იოანე საბანისძის მიერაც, სოლომონ ბრძენის ჭეშმარიტად საღვთო სიტყვები, რომ “შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო”. საეკლესიო მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სიტყვათა წინაშე, ღვთის შიშის წინაშე საკუთარი პიროვნული ნების სრული მოკვეთით აღასრულეს ეკლესიის მამებმა, თორემ არცერთი მათგანი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, საკუთარ თავს წინასწარ არანაირად არ თვლიდა იმის ღირსად, რომ ვთქვათ რაიმე დიდი სამოღვაწეო საქმე აღესრულებინა, ვთქვათ მოექცია რომელიმე ქვეყანა [6]ან ექადაგა იქ, ანდა რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საღვთისმეტყველო შრომა დაეწერა, გნებავთ ჰაგიოგრაფიული აღწერილობა მოეცა და სხვა. ყოველივე ეს იმდენად აღმატებულად წარმოუჩნდებოდათ მათ, რომ საკუთარი თავის შესაძლებლობებეზე მათი ამტანობის შესაფარდისად ბევრად მძიმედ ეჩვენებოდათ და მხოლოდ მათი სურვილი რომ ყოფილიყო ისინი ამ ღვაწლისგან საკუთარ თავს, როგორც უღირსს განაშორებდნენ. მაგრამ სულიერი, საღვთო იძულება, იძულება არა პიროვნულ ნებაზე ძალდატანებით, არამედ პიროვნული ნების უკეთ ცოდნით (საუფლო ყოვლისმცოდნეობამ უკეთ იცის ესა თუ ის პიროვნება რისი დამტევია, რისი აღსრულების შემძლეა, ვიდრე თვით იმ პიროვნებამ), ადამიანური პიროვნული ნების უკეთ მცოდნე უფალი ამ პიროვნულ ნებას მისთვის შესაფერის ტვირთს განუწესებს, თუნდაც რომ იმ პიროვნებამ საკუთარი შესაძლებლობები არ იცოდეს და წინდაწინვე საკუთარ თავს განაკრძალებდეს, [7]განაშორებდეს ამ ტვირთისგან. ღვთის ნებას იმიტომ არის მინდობილი წმინდანთა მწყობრი, რომ სწორედ ეს საფუძველი აქვს მათ გულმოდგინებას საუფლო საქმეთა აღსრულებისას, რომ პირადი ხედვით ისინი ამის შემძლენი არ არიან და უფრო მეტად ამის ღირსნი არ არიან, მაგრამ ამავე დროს ისიც უწყიან, რომ საუფლო ყოვლისმცოდნეობა გაცილებით უკეთ ჭვრეტს მათ შესაძლებლობებს და რადგან დაეკისრათ ღვთისგან, ვალდებულნიც არიან, რომ აღასრულონ. ყველა ასეთ შემთხვევაში წინამძღვარი მათი ღვაწლისა გახლდათ სწორედ ეს სიტყვები და შიში ამ სიტყვათა, ამ სიტყვებში ნაგულისხმევი შინაარსის წინაშე, რომ “შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო”. ამან გადაადგმევინა უაღრესად გაბედული სამოღვაწეო ნაბიჯები მრავალ დიდ საეკლესიო მამას და უდიდესი საგანძური მოღვაწეობისა, გნებავთ საქმითი მოღვაწეობისა, გნებავთ ხედვითი მოღვაწეობისა, გამორჩეული ნაყოფი [8]და სიკეთე ეკლესიის მამათა ღვაწლისა სწორედ ამ სიტყვათა მიმართ საღვთო კრძალვით განწყობილმა მოღვაწეებმა აღასრულეს და ეს სიტყვები გახდა მიზეზი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, უდიდესი საბოძვარისა, რაც შემდგომ და შემდგომ თაობებს და დღევანდელ თაობას მორწმუნეებისას ესოდენ უხვად აქვს მომადლებული და გადმოცემული მემკვიდრეობით წინა თაობებისგან.

ასეთი წიაღსვლა იმიტომ განვახორციელეთ, რომ მოსე წინასწარმეტყველიც, როგორც ნიმუში განღმრთობის გზაზე მდგომი პიროვნებისა, რა თქმა უნდა, თავის თავს არ თვლის ღირსად, თავის თავს არ თვლის შემძლედ იმისა, რომ ეს დიდი მისია აღასრულოს, განღმრთობის მწვერვალზე ავიდეს და შემდგომ, როგორც აუცილებელი პირობა განღმრთობისა, სხვებსაც უწინამძღვროს იმ სიმაღლისკენ, რომელიც მან დაიპყრო. მაგრამ საღვთო ვალდებულება მკვეთრად ვლინდება მასზე და ჩვენ ბიბლიური თხრობიდანაც ყოველ [9]მუხლში, ყოველ აღწერილობაში მოსეს მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ვგრძნობთ საუფლო ნების მბრძანებლურ გამოვლინებას. ჩვენ თუ ეს საფუძველი არ გვაქვს ამვარი ეპიზოდების კითხვისას, რომ ამ თვალით წავიკითხოთ და განვმარტოთ სხვადასხვა ადგილი წმინდა წერილისა, აუცილებლად დიდ ცდომილებაში ჩავვარდებით და მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უფალი ძალადობრივად, ძალმომრეობითად, ტირანულად ამოქმედებს ამა თუ იმ პიროვნებას, მიუხედავად ამ პიროვნების ნებისა. აქ ჩვენ პირდაპირი გაგებით ძალადობასთან არ გვაქვს საქმე, აბსოლუტურად შეუძლებელია მსგავსი რამ. იმიტომ, რომ არაერთგზის აღგვინიშნავს და ეს დოგმატია, რჯულია ეკლესიისა წმინდა გრიგოლ ნოსელის სიტყვებითვე გამოთქმული, რომ “იძულებით ქმნილსა არაოდეს ვიტყვით სათნოებად”. აი ამ გაგებით იძულება კი არ არის, როგორც აღვნიშნეთ, არამედ ეს გახლავთ, თუ კონკრეტულად მოსე წინასწარმეტყველს ავიღებთ [10]ამ შემთხვევაში ნიმუშად, იმავე მოსე წინასწარმეტყველის შესაძლებლობათა გაცილებით ზედმიწევნით და აბსოლუტურად უცდომელად ცოდნა ყოვლისმცოდნე ძალისგან, ვიდრე ეს თვით მოსე წინასწარმტყველმა უწყის. ამიტომ სწორედ იმ ხვედრს განუკუთვნებს მას უფალი, რისი აღმსრულებელიც შინაგანად ეს პიროვნებაა, და არ განუკუთვნებს მეორეს, ვთქვათ მის ძმას, არ განუკუთვნებს სხვებს, რომლებიც მოსეს გვერდით თანამოღვაწენი არიან, მაგრამ იმ დიდი მისიის აღმსრულებელი კონკრეტულად მოსეა, გარეგნულად თითქოს ნაკლებ შემძლე ამისა, ენაბრგვილი და პირადადაც ყოვლითურთ მონდომებული, რომ ეს ღვაწლი თავიდან აიცილოს, მაგრამ ღვთიური, სულიერი ბრძანებულების წინაშე საღვთო მორჩილება აღასრულებინებს მას, მისი გაგებით, მისი ცოდნით მისთვის შეუძლებელს. შესაძლებელია  არაიშვიათად მართლაც შეუძლებელია და კაცთათვის საზოგადოდ დიდი ღვაწლის, გამორჩეული საღვთო ღვაწლის აღსრულება საკუთარი შესაძლებლობებით ყოველთვის შეუძლებელია, მაგრამ [11]გამორჩეულობა პიროვნებისა სწორედ იმ მხრივ ვლინდება, თუ ვინ განუკუთვნებს თავის ნებას სრულყოფილად ღვთის ნებას. აი ეს გახლავთ ნებისმიერი სამოღვაწეო საქმის აღსრულების საფუძველი. არა ის, რომ ესა თუ ის პიროვნება მართლაც შემძლეა დამოუკიდებლად თავისი ძალებით, ე.ი. ღვთის შეწევნის გარეშე, რაიმე გამორჩეულად კეთილის, მნიშვნელოვანის აღსრულებისა, არამედ ამ ყოველივეს აღსრულებას საფუძვლად უდევს ამ პიროვნების ნებელობითი მინდობა ღვთის ნებისადმი. რამდენად მეტად მიენდობა ესა თუ ის პიროვნება საუფლო ნებას, იმდენად მეტად აღმატებულ საქმეს აღასრულებს ის. ვინც სრულად დაუქვემდებარებს თავის ნებას საღვთო ძალას, საღვთო ღვთიურ ნებელობას, ყველა იმ საქმის სრულყოფილად აღმსრულებელი გახდება, რაც ღვთისგანვე მიეცემა მას. თორემ უფლის სიტყვები, რომ “კაცთაგან შეუძლებელ არს, გარნა არა ღვთსაგან”, აი უფლის ეს სიტყვები თუ ადამიანისგან [12]არ არის გაცნობიერებული და ადამიანი თვლის, რომ მისგან არის რაღაც შესაძლებელი და მისგან არის რაღაც შეუძლებელი, მაგრამ ორივე შემთხვევაში თავის თავს განუკუთვნებს შემძლეობასაც და შეუძლებლობასაც, ასეთი ადამიანისგან ღვთის წინასწარგანზრახვითა და წინასწარგამორჩევით არავითარი საქმე არ აღსრულდება, ღმერთი არ გამოარჩევს ასეთ პიროვნებას, იმიტომ, რომ ეს პიროვნება საკუთარ ნებაზეა მინდობილი. რაღაც ხიბლისმიერად მან შეიძლება მართლაც აღასრულოს, ან თავისი თავი მოატყუოს ან სხვები მოატყუოს, შეიძლება საკუთარი თავის გარშემო, საკუთარი თავის წინაშე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა გამორჩეული ძალისხმევის შესახებ, მაგრამ არსებითი ნაყოფი არასოდეს არ გამოვლინდება, ხელშესახები მიღწევა და წარმატება მისგან არასოდეს არ მიიღწევა, იმიტომ, რომ ყოველივეს აღმსრულებელი, როგორც ეს ნებისმიერი მორწმუნისთვის აბსოლუტურად ცხადია, მხოლოდ საუფლო ნებაა და ადამიანი იმ ზომამდე აღასრულებს საუფლო ნებას, რა ზომამდეც საკუთარ ნებას განუკუთვნებს მას. მოსე [13]წინასწარმეტყველმა ყოვლითურთ განუკუთვნა და დაუქვემდებარა თავისი ნება ღვთიურობას, ის განეკრძალვოდა დიდ ღვაწლს, მაგრამ ისიც უწყოდა, რომ ყოველივეს აღსრულება შესაძლებელია ღვთიური ნებისგან. ამ ნებას მინდობილმა გადალახა რა პირველი საფეხური, რაზეც ჩვენ საუბარი დავიწყეთ, განმწმენდელობითი ღვაწლი, ღირსი გახდა ჭეშმარიტად იმ ძველი აღთქმის ეპოქისთვის უცხო უმწვერვალესი ღვთის გამობრწყინების დატევნისა, როდესაც ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქი იხილა მან, მაყვლის ბუჩქი, რომელიც ცეცხლის მიერ არ იწვებოდა, რითაც სამომავლო უდიადესი საიდუმლო გაეცხადა მას ღვთის განკაცებისა, ქალწულისგან ხორცშესხმული ღმერთის შობისა, რაზეც ჩვენ დეტალური საუბარი გვქნდა.

აი ამ ორი ეტაპის შემდგომ, როგორც ვსაუბრობდით, მოსე წინასწარმეტყველი ღირსი ხდება ღვთის სულიერი განწესებით, ღვთის ამ ღვაწლისკენ [14]წინასწარვე ხმობით და უკვე საქმეში რეალიზებით, ერის წინამძღოლობისა. რითაც ჩვენ მკაფიოდ გვესწავლება, რომ ეს ორი საფეხური ერის წინამძღვრისთვის საკმარისია, ე.ი. პიროვნება რომ დადგინდეს ერის წინამძღვრად, მან განმწმენდელობითი ხარისხი უნდა განვლოს, გასხივოსნებითი ხარისხი უნდა განვლოს, ანუ ღვთიური გამობრწყინების დამტევი უნდა გახდეს, ამ გამორწყინებით განიბრწყინოს მისი შინაგანი კაცი. რაც პირდაპირი მნიშვნელობით სინათლით ფიზიკური სხივით განათება, რა თქმა უნდა, არ გახლავთ. აბსლუტურად ცხადია, რომ ესაა საღვთო ცოდნით და სათონებითი ღვთისადმი მსგავსებით ადამიანის გაბრწყინება და გამშვენება. ასეთი პიროვნება, შემკობილია ცოდნით, როგორც მოსე წინასწარემტყველი იყო, არა მხოლოდ მაცხოვნებელი [15]ცოდნით, რაც არის სამოთხისეული ხე ცხოვრებისა, რისი სიმბოლოც არის მოსე წინასწარმეტყველის გამოზრდა მისივე დედისგან, ანუ ეკლესიური საზრდო, ე.ი. არა მხოლოდ ამ ცოდნით, არამედ ამასოფლისეული ცოდნით, რადგანაც გარკვეული სიკეთენი იქაც მოიპოვება, კვლავაც ღვთივ წარმომავლობისა. ყველა ეს სიკეთე, ამა ქვეყანაში მიმოფანტული, ხსენებულმა პიროვნებამ უნდა გამოკრიბოს, ამ სოფლისგან ჭეშმარიტ წიაღში ყოველივე ეს დააუნჯოს, ისევე როგორც ისრაელმა ეგვიპტის მთელი სამკაულები თავისთვის მოიპოვა. ეგვიპტელები განიძარცვნენ ამ სამკაულებისგან და აქ სწორედ ის სწავლებაა ნაგულისხმევი და შეიძლება ითქვას აშკარად გამოთქმული, რომ ამა სოფელს ღირსეული პიროვნება ყველა სიკეთისგან განძარცვავს და არ შეიძლება, რომ რაიმე ღირსება, რაიმე სიკეთე იყოს იმგვარი, რაც ამ [16]წუთისოფლის თვისებისა იქნება. ყველაფერი რაც სიკეთეა აუცილებლად ღვთიური წარმომავლობისაა, ღვთიური ღირსებისაა და განღმრთობის გზაზე მდგომი პიროვნება ამ ყოველივეს ისრაელისებრ თან გაიყოლებს. წუთისოფლის დაცემულობაში და წარმავლობაში ის არ დატოვებს ამ ღირსებებს, მაღლდება რა წუთისოფელზე და მარადისობას ესწრაფვის რა, წუთისოფლისგან რაც შეიძლება, რომ თან გაიყოლოს მან მარადისობისკენ, ანუ რაც კი წარმომავლობით მარადიულია და ნებისმიერი სიკეთე მარადიულია თავისი წარმომავლობით, აი ამ სიკეთეებს მოიხვეჭს, შემოკრებს, ყოველივე ამით გამშვენდება და საღვთო ცოდნით და სოფლიური ცოდნით ანუ ორმაგი ცოდნით, ორმაგი სიბრძნით დამშვენებული მოღვაწე, სათნოებით სრულყოფილებას მიღწეული განმწნდელობითი გზის შედეგად და ღვთის ჭურჭლად ქცეული, რადგანაც ამგვარი განმწმენდელობის შედეგად ღირსი გახდა, რომ მიეღო ღვთიური გამობრწყინება, ანუ ყოვლითურთ გაბრწყინებულიყო მისი სულიერება, [17]როგორც მანათობელი ვარსკვლავი, როგორც ჩირაღდანი, უკვე ვალდებული ხდება, რომ სხვებს გაუნათოს გზა, გაუნათოს გზა იქითკენ, საითკენაც არის თვით მისი პიროვნულ მიზანსწრაფვა, თვით მისი პიროვნული სვლა, მარადიული წინწვდომა ანუ ეპექტასისი, რომელ ტერმინზედაც და ამ ტერმინში ნაგულისხმევ მოძღვრებაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია.

აი ყოველივე ამ მცირე-მცირე და საფეხურებად გამოსაყოფი უმნიშვნელოვანესი ეტაპების, ხარისხების განმვლელი მოსე დგინდება რა ერის წინამძღვრად ამ ერის აღთქმული ქვეყნისკენ ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, უმძიმეს პირობებში მატარებელი, ღვაწლის არნახული შემართებით აღმსრულებელი და უმწვერვალესი მოთმინების მაჩვენებელი, ღირსი ხდება განღმრთობის მესამე საფეხურზე [18]ასვლისა, მესამე ხარისხის დატევნისა, რაც თავისთავად ეკლესიის მამათა სწავლებით ადამიანური ქმნილებისათვის განღმრთობის მწვერვალია.

 

316–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rz7rcZmwzbs

 

(ნაწილი მეშვიდე)

წინა საუბარში ჩვენ შევჩერდით მოსე წინასწარმეტყველის და მისი სახით განღმრთობის გზაზე მგომი პიროვნების მოღვაწეობისა და სულიერი ზეაღსვლის მესამე საფეხურზე. პირველი ორი საფეხურის შესახებ უკვე გვქონდა არაერთგზისი საუბარი, რომელსაც შემდეგში კვლავ დავუბრუნდებით, მაგრამ ეხლა უშუალოდ მესამე საფეხურთან დაკავშირებით გადმოვცემთ იმ მოძღვრებას, რაც წმინდა გრიგოლ ნოსელმა ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში “მოსეს ცხოვრება”, ამ ნაშრომის II ნაწილში, რომლის ყველაზე უფრო მთავარი ღრმა სწავლება სწორედ III ეტაპთან დაკავშირებით არის მოწოდებული.

ეს ეტაპი მოსეს ცხოვრებაში დგება მაშინ, როდესაც ისრაელი მისი წინამძღვრობით სინას მთას ანუ ძველ ქართულად სინაის მთას მიუახლოვდება. სწორედ ამ დროს დგება მომენტი მოსეს ცხოვრებაში, რომ იგი ერის მეწინამძღვრედ მხლოდ ორი ხარისხის გავლით კი არ წარსდგეს, [1]არამედ მესამე ხარისხის აღმვლელიც აღმოჩნდეს, რადგანაც თვით მასაც პიროვნულად უკვე მოთხოვნილება აქვს სულიერი, სწრაფვა აქვს განღმრთობის იმ მწვერვალისკენ ზეახილვისა, სადაც ეკლესიის მამათა შრომებში დამკვიდრებული გამოთქმის მიხედვით “ჭეშმარიტად ჰგიეს მარადის სასურველი იგი”, ე.ი. სადაც უფალი ჭეშმარიტად დამკვიდრებულია იმ განღმრთობის მწვერვალზე. ეს არა მხოლოდ თავისთვის განსაკუთვნავად უჩანს მოსეს, ეს მესამე საფეხურის, პირობითად რომ ვთქვათ, დაპყრობა, არამედ მისი წინამძღვრობაც აუცილებლად საჭიროებს ამ საფეხურის გავლას, რადგან ისრაელი, მისგან საწინამძღვრო ერი, უკვე სხვა სიმაღლის მქონე პიროვნებას საჭიროებს. ადრინდელი მოსე უკვე ამ ერს ვეღარ უწინამძღვრებს, მოსე კიდევ უფრო აღმატებული, [2]კიდევ უფრო განღმრთობილი ესაჭიროება ერს, რომელიც მძიმე ღვაწლში, უდაბნოში ორმოცწლიანი მიმოქცევისას  მრავალგზის ფიზიკურად გატეხილი, სულიერად გატეხილი, მომნატრებელი იმ ეგვიპტური ყოფისა, რაც სულიერად უმძიმესი იყო, მაგრამ გარკვეული მატერიალური შვებანი ეზმანებათ მათ, უდაბნოს მძიმე ცხოვრებაში შეჭირვებულთ და უკვე მოსე წინასწარმეტყველის აქამდე მოპოვებული მხნეობაც, ახოვანებაც კი ვეღარ ხდება საკმარისი, რომ ერი დაიცვას გაუკუღმართებისგან. ამიტომ ღვთის განგებით და მოსეს სულიერი განწყობითაც, იმიტომ, რომ ის არის უკვე შემძლებელი ამ მესამე ეტაპზე აღსვლისა (ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ საფეხურები თვითმიზნური წვდომისა არ არის. პიროვნება მაშინ ახერხებს განღმრთობის ამა თუ იმ ხარისხში შესვლას, როდესაც ის შემძლებელია დაიტიოს ის სიმაღლე, რასაც ხსენებული [3]ხარისხი გულისხმობს), აი ამ მომენტში მოსე ჭეშმარიტად შემძლეა მესამე ხარისხში შესვლისა, განღმრთობის მესამე საფეხურზე აღსვლისა, რადგანაც უდაბნოში უმძიმესმა ყოფამ და ცხოვრებამ და ყველაზე მძიმე პერიოდმა მისი წინამძღვრობისა ისრაელის ისტორიაში, მას შესძინა განსაკუთრებული მხნეობანი, მან გამოავლინა მოთმინების საარაკო უნარი, მოთმინება კი, როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან ადამიანს განღმრთობის ჭეშმარიტად უმწვერვალეს საფეხურზე აიყვანს, “რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს”. სინას მთაზე შეაბიჯებს მოსე, ღთისგან ხმობილი. ჩვენ თავის დროზე ამაზე ამ მხრივაც გვქონდა გარკვეული განმარტებანი, სწორედ გრიგოლ ნოსელის შრომაზე დაყრდნობით, რომ ესაა სულიერი ფერდობი განღმრთობისა, ღვთისმცოდნეობისა, ბერძნულად “თეოგნოსიისა” და ამ ფერდობზე აღსვლა მხოლოდ მას შეუძლია, [4]ვინც მოემზადა ამისთვის. ამ ფერდობის სხვადასხვა ხარისხს, ე.ი. ამ ღვთისმცოდნეობის ფერდობის სხვადასხვა ხარისხს ის პიროვნებები წვდებიან, რომლებიც შესაბამის შემძლეობას ავლენენ. თუ ვინმე მცირედით მაინც შემძლებელია ღვთისმცოდნეობის მიღებისა, ის ამ ფერდობის მცირე ნაწილს აივლის, ვინც უფრო მეტის დამტევია უფრო მეტ სიმაღლეს დაიკავებს, მაგრამ იმგვარად ახოვანი მოღვაწენი, როგორიც მოსეა, მწვერვალამდე ზეაღსვლის შემძლებელნი არიან. თვით ბიბლიურ თხრობაშიც იმდენად ცხადადაა ეს სულიერი შინაარსი გამოკვეთილი, რომ რაღაცნაირად შთაბეჭდილება რჩება თითქოს მცირედი რაღაც უთხელესი გარსია ისტორიულ თხრობაზე გადაფარებული და ეს სულიერი შინაარსი ყველაზე მკვეთრად იმ დაპირისპირებული მდგომარეობის წარმოჩენაში ვლინდება, რაც უკავშირდება ერთი მხრივ ისრაელს, ერს, ხალხს და მეორე მხრივ პიროვნულად მოსე წინასწარმეტყველს. [5]მათ შორის მკვეთრი სულიერი სხვაობა ყველაზე მეტად აქ იჩენს თავს, რადგანაც მოსემ გამოავლინა სულიერი უნარი, რომ სინაის მთაზე ავიდეს, მას ამის შემძლეობა აქვს, მაგრამ ისრაელის ერი მას ვეღარ მიჰყვა. მთელ უდაბნოში უკან მიჰყვებოდა ისრაელი მოსეს, მაგრამ სინას მთის ფერდობზე ვერ აჰყვა მას, ვერ აჰყვა იმიტომ, რომ მისი სულიერი მომზადება, სულიერი მდგომარეობა განუზომლად ჩამორჩებოდა მოსე წინასწარმეტყველის სულიერ აღმატებულებას. ზეადის მოსე ფერდობზე და მწვერვალიდან ხილვადად საშინელი, მოსმენისათვის საზარელი, ადამიანური გონებისათვის დაუტევნელი და აღუქმელი უცხო რამ სახილველი ვლინდება. წყვდიადში ჩაფლული მწვერვალიდან გამოკრთება ცეცხლის ენები, მოისმის ხმა და ეს ხმა უფრო და უფრო ძალუმად ჟღერს, რაც უფრო ზევით ადის მოსე. წმინდა გრიგოლ ნოსელი [6]დაწვრილებით განმარტებას გვაწვდის ამ მოვლენისას, აბსოლუტურად სულიერად გადმოსცემს ამ ყოველივეს, რეალურად მომხდარს, რომ ისტორიულად მართლაც ავიდა მოსე სინას მთაზე, მაგრამ იმ მომენტში მოსე ყოვლითურთ სულიერი განცდით, სულიერი აღქმით იყო მოცული და გამსჭვალული, ფიზიკური სახილველის ჭვრეტისას ღრმა სულიერ სახილველს ჭვრეტდა, ჭვრეტდა იმას, რომ სინაის მთის მწვერვალი ღვთისმცოდნეობის მწვერვალია, ხოლო ღვთისმცოდნეობის მწვერვალი ესაა აბსოლუტური მიუწვდომლობა, იმდენად აღმატებული სინათლე, რომ მჭვრეტელ თვალს აბსოლუტურ სიბნელედ ეჩვენება ის, სრულ წყვდიადად ეჩვენება ღვთისმცოდნეობის მწვერვალი. არა, როგორც არაერთგზის გვითქვამს, ყოფითი სიბნელის გამო, არამედ პირუკუ უმეტესად კაშკაშა, ზეკაშკაშა სინათლის გამო. [7]ხმოვანებაც, რაც მწვერვალიდან მოისმის, ესაა სულიერი მოძღვრების, ჭეშმარიტი  მოძღვრების, ღვთის შესახებ მოძღვრების,  უფრო და უფრო აშკარად გამოვლენა მოსეს წინაშე. ამიტომაა ძნელი ის დასატევნელად, ამიტომაა ის მიმსგავსებული ფიზიკურ ბგერადობას. ფიზიკური ბგერადობის დატევნაც ხარისხებს გულისხმობს. განსაკუთრებით ხმოვანი ბგერა ძნელად დასატევნელია სასმენელისთვის და უკიდურესად გაზრდილი ხმოვანება დაუტევნელიც კი აღმოჩნდება ადამიანის სმენისთვის. სულიერად კი აქ იგულისხმება მოძღვრების დატევნადობა, კვლავაც გვესწავლება, რომ მოძღვრება თანდათანობით უნდა იქნეს ადამიანისგან აღქმული, ერთბაშად, მოუმზადებლად, რისი დატევნაც არ ძალგვიძს იმის დატევნისკენ უგუნურად სწრაფვა არათუ განღმრთობის საწინდარი გახდება, არამედ პირუკუ დაღუპვისა და წარწყმედისა, რადგანაც ის აღმატებული, ადამიანური ბუნებაზე [8]განუზომლად მაღლა მდგომი ჭეშმარიტება თანდათანობით თუ არ იქნა ადამაინისგან მოპოვებული და შეთვისებული, კვლავ აღვნიშნავთ, ყოვლითურთ დაარღვევს მის შედგენილობას, მის ბუნებას და არა ისე, რომ მოსეს ნაბიჯ-ნაბიჯ ზეაღსვლით განღმრთობის მიზეზად გაუხდეს მას. მხოლოდ ამგვარი ქმედების ჟამს, რაც მოსეს შესახებ ბიბლიურ თხრობაში ვლინდება, ღვთიური ჭეშმარიტება ყოვლითურთ განაბრწყინებს ადამიანს, თანდათან გააფართოვებს რა მისი დატევნითობის უნარს, მისაღები გახდება რა მისგან და თანდათანობით მოპოვებული და ათვისებული, აი ასეთი ზეაღსვლითი თანამიმდევრული აღმა აზიდვის შედეგად შეძლებს ღირსეული მოღვაწე, რომ სინას მთის მწვერვალზე სრულ წყვდიადში შევიდეს და გაუჩინარდეს კაცთა თვალთაგან. აქ სრულ წყვდიადში ეკლესიის მამათა ერთსულოვანი სწავლებით ([9]ყველაზე უფრო ცხადლივ ეს სწორედ გრიგოლ ნოსელისგანაა გამოთქმული) იგულისხმება ღვთიური ბუნების აბსოლუტური მიუწვდომლობის გაცნობიერება ქმნილებისგან. როგორც ეს მოღვაწე ამბობს, თუნდაც ექვთიმე ათონელის თარგმანში, რომ “ჭეშმარიტი ღმრთისმხილველობაი ეგე არს, რომელ ყოვლითურთ უხილავ არს ბუნებაი ღმრთისაი”. ე.ი. ამის ყოვლითურთ შეთვისება და აღქმა, არა თეორიულად ცოდნა, არამედ განცდა მთელი ბუნებით, რომ ღმერთი სრულიად უხილავია ბუნებით მთელი ქმნილებისგან, აი ეს გახლავთ ჭეშმარიტი ღვთისმხილველობა. მაგრამ როგორც აღვნიშნავდით თავად უფალი სრულ უცოდნელობაში არ ტოვებს ქმნილებას, მიუხედავად იმისა, რომ ქმნილება აბსლუტურად უუნაროა იმისათვის, რომ თუნდაც მცირედით მაინც მიწვდეს ღვთიურ ბუნებას, უუნაროა იმიტომ, რომ ღვთიური ბუნება განუზომლად განშორებულია მისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა უფალი იჩენს გულმოწყალებას და გამოუვლინდება [10]მას (ქმნილებას), მოქმედებაში ავლენს თავის თავს და ამით ხდება საწვდომი ღმერთი. ღმერთი საწვდომია არა თავისი ბუნებით, არამედ თავისი მოქმედებით, თავისი გამოვლინებით და რასაც და როგორადაც თავის თავს გამოგვივლენს ჩვენ, აქედან ვიცით მისი ბუნების შესახებ. არა იქიდან, რომ ჩვენ თვით ჩავწვდით ჩვენს ბუნებას, არამედ უფალმა თავად გამოგვივლინა თავისი ბუნება, მოგვცა ცოდნა თავისი ბუნების შესახებ, რადგანაც იგი უტყუარია და მოქმედებაშიც იგივეა, გამოვლინებაშიც იგივეა, რაც ბუნებაშია. ამიტომ ვიცით და შევიცანით რა უფალი გამოვლინებაში, თავისი ყოვლადი სახიერებით, ყოვლისმცოდნეობით, ყოვლისშემძლეობით, ყოვლისმაცხოვნებლობით და ა.შ., მის ბუნებასვე განვუკუთვნებთ ყველა ამ თვისებას და აქედან ვიქმნით წარმოდგენას და აქედან ვაყალიბებთ მოძღვრებას ღვთის ბუნების თვისებათა შესახებ. აი ამ ყოველივეს დამტევი ხდება მოსე, ამ უღრმესი ღვთისმეტყველებისა სინას მთაზე [11]ასული. ესაა, როგორც ჩვენ ვთქვით, ღვთისმეტყველების მწვერვალი, რასაც უკუთქმითი ანუ აპოფატიკური ღვთისმეტყველება ეწოდება, ანუ ღვთიურობის აღქმა მის აბსოლუტურ შეუცნობლობაში და აბსოლუტურ გამოუთქმელობაში. აი ამგვარად აღქმა ღვთიურობისა, რომ ის აბსოლუტურად შეუმეცნებელია, ის აბსოლუტურად უხილავია (იოანე ღვთისმეტყველის თქმით “ღმერთი არასადა ვინ იხილა”), ის აბსოლუტურად მიუწვდომელია, აი ეს გახლავთ ღვთისმეტყველების მწვერვალი, განღმრთობის მწვერვალი, სინაის მთის მწვერვალზე მყოფი წყვდიადის სიღრმეში შესვლა. ესაა ის სიღრმე, სადაც წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით იხილვება ზეციური იერუსალიმი, ის უზენაესი ღვთივგამობრწყინებული კარავი, კიდობანი, ზენა იერუსალიმის, ღვთის ჭეშმარიტი ქალაქის საიდუმლოთა დამტევი, რომლის [12]განმჭვრეტი მოსე შემდგომში, წინ თუ გავუსწრებთ მოვლენებს, სინაის მთის ძირთან კვლავ უკუ მოქცეული და ჩამოსელი, ნახული ნიმუშის კვალად ხილვად, შეხებად, მატერიალურ კარავს ააგებინებს ბესელიელს, რომ სომბოლურად მარადის თვალწინ ჰქონდეს იმ შემთხვევაში ისრაელის ერს და საყოველთაოდ და მარადიულად ჭეშმარიტ ისრაელს, განღმრთობილთა კრებულს, ქრისტიანთა ტომს, მათი საუკუნო სამშობლო, სადაც მარადისობაში უნდა დაივანონ მათ, რაც გახლავთ ზეციური იერუსალიმი. ზეციური იერუსალიმის განჭვრეტა ღვთიური ცოდნის მწვერვალია, ესაა იგივე ზეციური ეკლესია, სადაც მარადიულად მღვდელმთავრობს ბუნებითი მღვდელმთავარი მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე. ესაა ამავე დროს განღმრთობის [13]მესამე ხარისხი, როგორც უკვე ვთქვით და მწვერვალი განღმრთობისა, რასაც წმინდა დიონისე არეოპაგელი უწოდებს სრულმყოფელბით ხარისხს, იმიტომ, რომ სრულყოფას იღებს ამ ჟამს ადამიანი, და რაც ბერნულად გამოითქმის როგორც “ტელესიურგიკოს” (ამ ტერმინს პირველად სწორედ დიონისე იყენებს ქრისტიანულ მწერლობაში). საზოგადოდ წმინდა დიონისე არეოპაგელის ტერმინები ძალიან გამომსახველია და ზედმიწევნით თანმხვედრი იმ მოძღვრებასთან განღმრთობის ხარისთა შესახებ, რაც წმინდა გრიგოლ ნოსელთან გვაქვს. პირველი ეტაპი – განმწმენდელობითი, წმინდა დიონისე არეოპგალის ტერმინოლოგიით სწორედ ამ შინაარსს იტევს, ბერძნულად “კათარტიკოს”, რაც იგივე განმწმენელობითი ეტაპს ნიშნავს, იმიტომ, რომ “კათარსისი” სწორედ განწმენდას ნიშნავს. მეორე ეტაპს დიონისე არეოპგალი უწოდებს “ფოტისტიკოს”, რაც გამასხივოსნებელს, განმანათლებელს, გამანათებელს ნიშნავს (“ფოს” ბერძნულად არის ნათელი, სინათლე). [14]მესამე ეტაპს კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დიონისე უწოდებს “ტელესიურგიკოს” ანუ სრულმყოფელობით ეტაპს, რასაც შეესაბამება წმინდა გრიგოლ ნოსელისგან განმარტებული ბიბლიური თხრობა მოსე წინასწარმეტყველის მიერ სინაის მთის მწვერვალზე აღსვლისა. ასე რომ, თუ გრიგოლ ნოსელი ეტაპებს, გარკვეულ შემთხვევაში სახელებსაც არქმევს, მაგრამ ამავე დროს ბიბლიურ პარადიგმებსაც იყენებს თითოეული ხარისხის აღსანიშნავად, რომ პირველი (“განმწმენდელობითი”) ეტაპის აღმნიშვნელია მოსე წინასწარმეტყველისგან ცხვრების მწყემსობა, განრიდება ამა სოფლის საცთურთაგან და თავყრილობათაგან და განმარტოებაში საკუთარი ვნებების წინააღმდეგ ამხედრება, განწმენდა საკუთარი თავისა, მოკვეთა ვნებებისა, ამა სოფლის საცთურისა და სათნოებებით გამშვენებულობა. მეორე ეტაპს წმინდა გრიგოლ ნოსელი ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქის ხილვად სახელდებს, ესაა იგივე გასხივოსნებითი ეტაპი, ზოგჯერ [15]ეკლესიის მამათაგან წოდებული მზესხოვოსნებითი ეტაპი, სოლარული ეტაპი (ამ ეტაპის შესახებ სწავლებას ეწოდება სოლარული ღვთისმეტყველება, სოლარული მისტიკა) და მესამე ეტაპის განმასახიერებელი არის მოსეს მიერ ღვთის ხილვა წყვდიადში, ანუ მისი აბსოლუტური უხილავობის მთელი არსებით შეგრძნება და შეცნობა იმისა, რაც არის ღამითი ღვთისმეტყველება, ღამითი მისტიკა ანუ “ნოქტიურნული მისტიკა” (როგორც ეს დაკანონებულია სპეციალურ ლიტერატურიაში), იგივე ღვთის ხილვა ღამეში, ყველაზე უფრო აღმატებული მდგომარეობა ღვთის მხილველობისა, რაც ჩვენივე არაერთგზისი მითითებით, “ვეფხისტყაოსანშიც” მკვეთრად არის გამოვლენილი, როდესაც ღმერთს ეწოდება მზიანი ღამე, რომ უფალი ჩვენი შემეცნებითი თვალისთვის ჯერ მზიანია ანუ ჯერ ხილვადად წარმოგვიჩნდება, განგვანათებს და გაგვასხივოსნებს, მაგრამ თანდათან იმდენად იმატებს ინტენსივობა ამ [16]სინათილისა, იმდენად ძლიერდება იგი, რომ ჩვენ შემმეცნებელ თვალსა და გონებას უმალ წყვდიადად წარმოუჩნდება, ვიდრე სინათლედ და ესაა ღამე. ამ ფრაზაშიც (“მზიანი ღამე”) არსებითი ბირთვი არის სწორედ “ღამე”, “მზიანი” არის ეპითეტი ამ ღამისა. აქ არ არის თქმული “ღამიანი მზე”, რუსთველისთვის ცენტრალური არის “ღამე” და “მზიანი” არის გარეგანი ფორმა ამ ღამისა, ანუ ბუნებითად ღმერთი ღამეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად  მიუწვდომელი ქმნილებისგან, აბსოლუტურად უხილავი ქმნილებისგან, აბსოლუტურად შეუმეცნებელი ქმნილებისგან. ბუნებითად ესაა ღმერთი, მაგრამ როგორც ვთქვით ის გამოვლინებაში გვეცხადება ჩვენ, გამოვლინებაში გვეუწყება ჩვენ, გამოვლინებაში ხდება საწვდომი ჩვენთვის და ესაა მზიანობა, ესაა ხილვადობა, ესაა გასხივოსნება ჩვენი ღვთისგან. თავისი მოქმედებით იგი შემოდის ჩვენში, ჭეშმარიტად გაგვაბრწყინებს ჩვენ და თავისი თავის შესახებ ცოდნას გვაწვდის. გამთლიანება ამ ორი მდგომარეობისა, [17]რომ ღმერთი გამოცხადებაში მზიანია, გამოვლინებაში სულიერად ხილვადია და თავისი თავის შესახებ ცოდნის მომწოდებელია, მაგრამ ბუნებითად აბსოლუტურად მიუწვდომელია და უხილავია, აი ამ ორი მდგომარეობის, ღვთის შესახებ ჩვენი ცოდნის ამ ორი მდგომარეობის, ერთი მცოდნეობისა და მეორე უცოდნელობის, ერთი მხილველობისა და მეორე უხილავობის, ერთი მწვდომელობისა და მეორე უწვდომელობის გამთლიანება გახლავთ გამოთქმა “მზიანი ღამე”. ისევე როგორც თავის დროზე ეს წმინდა გრიგოლ ნოსელმა გაამთლიანა თავის შესანიშნავ შესიტყვებაში, როდესაც თქვა “მბრწყინავი წყვდიადი” (“ლამპროს გნოფოს”). ასეთია მისი ცნობილი შესიტყვება “მოსეს ცხვრებაში” გამოყენებული სწორედ ამ ეტაპზე, როდესაც მოსე სინაის მთის მწვერვალზე ავა და უხილავთა ხილვის სიბნელეში შევა. ასე ეწოდება ამ მდგომარეობას, ესაა “შესლვაი ხილვასა შინა უხილავთასა”, უხილავთა ხილვის წიაღში შესვლა. იმიტომ, რომ ბუნებითად უხილავია ზეციურობა, ღვთიურობა და [18]სულიერი მგრძნობელობით განცდა მათი ითქმის ხილვად. იმ სრულ უხილავობაში, იმ ზეჭარბი სინათლის დამაბრმავებელ სიკაშკაშეში ანუ ჩვენი თვალისთვის წყვდიადში, საღვთო წყვდიადში, იმდენად დიდი სულიერი გრძნობადობაა, რომ პიროვნება მთელი თავისი არსებით განიმსჭვალება რაღაც უდიდესის განცდით. ესაა ინტუიტიური წვდომა ღვთისა და ესაა, კვლავ აღვნიშნავთ, საღვთო წყვდიადი, რომელიც გამოვლინებაში, მოქმედებაში მბრწყინავი, ჩვენი გამასხივოსნებელი, ჩვენთვის სულიერი თვალით სახილველი ხდება. “მბრწყინავი წყვდიადი” გრიგოლ ნოსელისა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა საღვთისმეტყველო ტერმინოლგიის მხრივ და აბსოლუტურად აშკარაა, რომ რუსთველისეული “მზიანი ღამე”, რომელიც გარეგანი სახით ოდნავ სხვაობს, არსებითად წმინდა გრიგოლ ნოსელის ამ გამონათქვამიდან მოდის, “მბრწყინავი წყვდიადის” მცირედ პოეტური [19]გარდათქმაა რუსთველური “მზიანი ღამე”. აი ამ ეტაპზე ადის მოსე, აქ ხდება მისი განღმრთობა ბოლომდე, სრულად და უკვე სხვა ტიპის წინაძღვარია იგი ერისა, როდესაც სინაის მთის მწვერვალიდან ქვემოთ ეშვება.

 

317–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=oNqn61R511s

 

(ნაწილი მერვე)

ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით მოსეს ბიბლიური ცხოვრების წმინდა გრიგოლ ნოსელისეული განმარტების იმ ადგილზე, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა წარმატებით აღვლო, ე.ი. ზევითკენ დასძლია და აღემატა მეორე ხარისხს განღმრთობისას და მესამე ხარისხის მადლით განიმსჭვალა, რაც ბიბლიური თხრობით სახისმეტყველდება იმ ეპიზოდში, როდესაც მოსემ სინას მთის ფერდობი აიარა მარტომ და შევიდა მწვერვალზე დაუნჯებულ ნისლში, იმ საღვთო წყვდიადში, რაც სიბნელე იყო, მხოლო და მხოლოდ მეტისმეტი სინათლის გამო. აქ იხილა მოსემ ზეციური იერუსალიმი, აქ განჭვრიტა მართალთა ზეციური სუფევის არსი სასუფევლისა [1]და ბრუნდება რა სინაის მთიდან, მოსე უვე არის განუზომლად უფრო აღმატებული თავის ადრინდელ მდგომარეობაზე, თვით თავის პიროვნებაზეც კი, რადგან მან ჭეშმარიტად ღირსეულად გადალახა პიროვნული ქვენა ზღვარი, საკუთარ თავს აღემატა და ღვთიურ ბუნებას, ღვთიურ ნებას ყოვლითურთ განუკუთვნა საკუთარი კაცობრივი ნება. სწორედ წმინდა გრიგოლ ნოსელის უიშვიათესი და ურჩეულესი გამონათქვამია სიტყვები – “საკუთარ თავზე აღმატება”, რაც სხვათაშორის, უაღრესად პოპულარული ხდება გვიანდელ ეპოქაში, XVIII-XIX საუკუნეებიდან, როდესაც ამ გამონათქვამის ზოგიერთი ასპექტი ახასიათებს ცალკეულ მოდერნისტულ და ულტრამოდერნისტულ მიმართულებებს. იქნება ეს ფილოსოფიაში თუ მწერლობაში, ზოგადად კულტურაში, მაგრამ არავინ იცის წარმომავლობა ამ გამონათქვამისა და [2]ამ გამონათქვამის ჭეშმარიტი შინაარსიც ბევრისთვის დაფარულია. მაგრამ წყარო გახლავთ სწორედ წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელმაც ბიბლიურ სწავლებაზე დაყრდნობით ამგვარი სიტყვებით შეაჯამა განღმრთობის გზაზე მდგომი პიროვნების განსაკურებით წარმატებული ზეაღსვლითი მოვლენა. მან ამგვარი კვალიფიკაცია მისცა განღმრთობის მწვერვალს, რომ ამ ჟამს, ამ დროს ადამიანი აღემატება საკუთარ თავს. საკუთარ თავზე აღმატება გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ადამიანი ყოვლითურთ განიმსჭვალება ღვთიური ჭეშმარიტებით, ღვთიური პიროვნულობით და საკუთარ პიროვნულობას ყოვლითურთ უქვემდებარებს მას. როგორც პავლე მოციქული ხმამაღლა ხმობს თავისი თავის ამგვარი მდგომარეობის შესახებ, რომ “არღარა მე ცხოველ ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ შორის ქრისტე”, ე.ი. მე კი აღარ ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში [3]ცოცხალია ქრისტე. აი ეს გახლავთ განღმრთობის მწვერვალი, ამ ხარისხის დამტევნელი აღმოჩნდა მოსე და შესაბამისად მიეგო კიდეც განსაკუთრებული პატივი ღვთისგან, მიენიჭა რა მას ათი მცნების ფიცარი.

ჩვენ ყველა დეტალს, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ გამოვიწვლილავთ. ვრცელნი განმარტებანი წმინდა გრიგოლ ნოსელისა, უღრმესნი და ერთი მეორეზე უფრო ღრმა აზრის დამტევნი, ცალკეულად უნდა იქნეს პიროვნებისგან (ამ შემთხვევაში მსმენელისგან) გააზრებული, გაანალიზებული, არაერთგზის უკანვე უნდა მიუბრუნდნენ მკითხველნი და მსმენელნი წინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებას. ყოველი მისი გამონათქვამი და სწავლებანი უაღრესად ტევადია და ერთჯერადი შემეცნების ობიექტი არ გახლავთ. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ძირითად შტრიხებს, ყველაზე არსებითს მოვიხსენებთ ამჯერად და [4]გრიგოლ ნოსელის სწავლების უმთავრეს ასპექტებს მოსე წინასწარმეტყველის და მისი სახით განღმრთობის მეძიებელი პიროვნების ზეაღსვლითი გზის, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, მებოძირებზე ანუ გზაგასაყარებზე, ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებზე ჩვენგან განხილული იქნება.

ამ შემთხვევაში მწვერვალი ამგვარი ღვაწლისა გვირგვინდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფლისგან განსაკუთრებით აღმატებული სწავლების ბოძებით მოსესადმი, ათი მცნების ბოძებით, ფიცარზე დაწერილის თავად ღვთის მიერ. მაგრამ აქ ბიბლიური თხრობა უაღრესად კონტრასტულ სურათს გვიხატავს. ერთი მხრივ განღმრთობის მწვერვალზე მყოფი პიროვნება, ჭეშმარიტებას ყოვლითურთ შემეცნებული, თავად უკვე გაჭეშმარიტებული ანუ ჭეშმარიტების სულიერ ნაწილად ქცეული, ყოვლითურთ გამსჭვალულია თავადი ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტებით გამსჭვალვა კი [5]უკიდურესად, უაღრესად ცხოველყოფს ადამიანის შინაგან ენერგიებს, სულიერ ძალებს და ყველაზე მთავარს სიყვარულისმიერ განწყობას ყოვლიერებისადმი, ღვთის სიყვარულით ჭვრეტას ყველა ქმნილებისას. აი ამგვარი სიყვარულით ყოვლითურთ აღვსილი მოსე ჩამოდის მთის ფერდობიდან. მას უყვარს ყველა და ყველაფერი ღვთივქმნილი, რადგან განღმრთბის მწვერვალი ამგვარ მდგომარეობას იტევს. ამაზე ჩვენ მხოლოდ წმინდა გრიგოლ ნოსელი როდი გვემოძღვრება, ამასვე გვასწავლის უდიდესი მასწავლებელი წმინდა მაკარი ეგვიპტელი, რომლის უმნიშვნელვანესი ნაწერებიც ძველქართული თარგმანით ექვთიმე ათონელისგან შესრულებული გამოცემული გახლავთ, თუმცა სამწუხაროდ ცოტა თუ იცნობს ამ პუბლიკაციას, სადაც უღრმესი განღმრთობითი აღმატებულებანი, რაც მას პირადად განუცდია, ადვილ გასაგები ენით [6]ყველასთვის საწვდომი და უაღრესად შთამბეჭდავი ენით არის გადმოცემული და ნაუწყები და განღმრთობის უწმერვალესი მდგომარეობაც ამ პიროვნებისგან დახასიათებულია სწორედ იმგვარად, როგორც აღვნიშნავდით, რომ პიროვნება ზეციური სიყვარულის ისრით განწონილი და მოწყლული ანუ დაჭრილი, იმდენად აღივსება სიყვარულით ყოველივეს მიმართ, რომ მისთვის არავითარს, ქმნილებათა შორის ჩენილ სახესხვაობას მნიშვნელობა აღარ აქვს, მას ყოვლითურთ ყოველგან ყოველივე უვარს.

ეს უდიადესი სიტყვები ამ დიდი ასკეტისა და ღვთვმჭვრეტელისა ჩვენ ახალქართული თარგმანითაც გამოვაქვეყნეთ გაზეთ “საეკლესიო სიწმინდენის” მეორე ნომერში, სადაც პუბლიცირებულია მაკარი ეგვიპტელის ყველაზე უფრო, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანი სწავლება განღმრთობის და ზეციური გაბრწყინების შესახებ, [7]რომელსაც სქოლიოებში ერთვის ძველი ქართული ტექსტიც. ეს თავისთავადაც აუცილებელია, იმიტომ, რომ ექვთიმე ათონელის თარგმანი ჭეშმარიტად უბრწყინვალესია, თუმცა მეორე მხარეც ქონდა ამ შემთხვევაში ჩვენგან ძველი ქართული თარგმანის დართვას სქოლიოში, რომ ვინმეს ჩვენეულ თვითნებობად არ მიეჩნია ის სიტყვები, ის უღრმესი კაცობრივი, ღვთისგან მომდიანრე და კაცობრივი და ქმნილებითი სიყვარულით აღსავსე სიტყვები, ანუ მთელი ქმნილებისადმი განწონილი სიტყვები ამ მოღვაწისა, განურჩევლად ყველა ადამიანისადმი მიმართული. დაინტერესებულ მსმენელს იმაზეც მივუთითებთ, რომ შეიძლება ეს ნომერი გაზეთისა ვერ მოიძიონ, მაგრამ იგივე ტექსტი წმინდა მაკარი ეგვიპტელისა გამოქვეყნდა სასულიერო აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომათა II ტომში, რომელიც ახლახანს გამოვიდა.

ამავე სწავლებას იტევს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის უბრწყინვალესი სიტყვები საღვთო ცოდნის შესახებ, [8]რაც განღმრთობის მწვერვალია ასევე, ამ ცოდნის მიმღები პიროვნება როგორაა აღვსილი უდიდესი სიყვარულით ყველა ადამიანისადმი, ყველა ქმნილებისადმი, რომ იგი არავის აღარ განარჩევს, ყველას გულშემატკივრობს (მაქსიმეს ეს სიტყვები ასევე ოგზის გამოქვეყნდა ჩვენს მიერ).

იგივე სწავლებაა წმინდა გრიგოლ ნოსელისგან. ეს ერთმთლიანი სწავლებაა ეკლესიისა განღმრთობის შესახებ, ჭეშმარიტების საიდუმლოებითი წვდომის შესახებ, ჭეშმარიტების მწვერვალის და მწვერვალზე მყოფი პიროვნების მდგომარეობის შესახებ, როდესაც მისი გული განვრცობილია და გახსნილია მთელი ქმნილების მიმართ, იტევს რა სიყვარულით ყოვლიერებას.

აი ამგვარი უდიდესი სიყვარულით აღვსილი მოსე ჩამოდის მთის ფერდობზე და რა დახვდება მას მთის ძირას? მისგან ნაწინამძღვრები ერი, ესოდენი ტანჯვითა და გვემით ამ მდგომარეობამდე მოყვანილი, [9]რომ ცოტაც და უნდა შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში (გეზი აქეთკენაა აღებული), ცხონებისკენ მავალ რთულ გზაზე მრავალგვარ დაბრკოლებათა და სირთულეთა გადალახვის შემდეგ სინაის მთის ძირამდე მოყვანილი ერი, თითქოსდა განღმრთობისკენ ზეასული და ზეაზიდული, უკიდურეს დაცემულობაში კვლავ შთაკვეთებული, ღრეობის, წარმართული მსახურების მოტრფიალე, ოქროს კერპის მოთაყვანე ანუ უკიდურეს გონებრივ და სულიერ დაცემულობამდე დამდაბლებული. რადგანაც კერპთაყვანისმცემლობაზე უფრო მეტი დაცემულობა შეუძლებელია ადამიანურმა გონებამ წარმოისახოს. ქვათა და ხეთა თაყვანისცემა ესაა უკიდურესი დაცემა ადამიანური ღვთივქმნილი გონებისა, რომელიც ღვთის მსგავსია თავისი წარმოშობით. რაოდენი შეძრწუნება დაეუფლებოდა მოსეს, როდესაც იგი კერთაყვანისმცემელ ერს დაინახავდა. მოსეს მოაქვს [10]საღვთო სიყვარული ღვთიური ცეცხლისებრ გულში პყრობილი, რომ იგი არ ჩააქრეს, მისთვის ეს არასოდეს ჩაქრება, მაგრამ სხვებისთვის რომ არ ჩაქრეს და სხვებზეც რომ გადავიდეს. ისევე როგორც ჭეშმარიტად ყველას მიმართ განივრცობა და ნებისმიერ რწმენით აღვსილ პიროვნებას მიეგება სასწაული ღვთიური ცეცხლისა, ასევე ღვთიური სიყვარულის ცეცხლი უნდა მოჰფენოდა მთელ ისრაელს. ამიტომ ჩამოაქვს უდიდესი სასოებით ეს სიყვარულის ცეცხლი სინაის მთის ფერდობიდან მოსეს, მაგრამ ჰპოვა ერი სულიერად გაუბედურებული, არათუ საღვთო სიყვარულის ვერ დამტევი, არამედ ადამიანური სიყვარულისგანაც ყოვლითურთ განძარცვული, უკიდურეს სიშლეგესა და ცნობავნებულებას მიცემული. ამიტომ შეიმუსრა, ამიტომ დაიმსხვრა მისგან ღვთივბოძებული სჯულის ფიცრები, მაგრამ ეს მყისიერი აბობოქრება მისი მრისხანებისა კვლავ ერისადმი თანალმობამ შეცვალა, [11]რომ მიუხედავად დაცემულობისა უკიდურესად უყვარს თავისი მშობლიური ერი მოსეს. ყველა განღმრთბილ აღმატებულ ადამიანს თავისი თანამოძმენი, კაცობრიობა უდიდესი სიყვარულით უყვარს, მიუხედავად დიდი ნაწილის მკვეთრი დაცემულობისა და ამიტომ ამ მდგომარეობამ წონასწორობა არ უნდა დააკარგინოს თანამოძმეთა განღმრთობის მაძიებელ პიროვნებას. მოსე წინასწარემტყველის ეს წამიერი გრძნობათ აყოლა ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ, ამისგან გაგვაკრძალებს და ამ სიფრთხილეს შთანერგავს ჩვენში, რადგანაც ვინც ჭეშმარიტად განღმრთობილია, მას უდიდესი გულშემატკივრობაც აქვს ადამიანისადმი, მოყვასისადმი, რომელიც მთელი ყოვლითა გონებითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გულისხმითა არის შეყვარებული მის მიერ უფლისებრ, როგორც უფალი უნდა უყვარდეს მას. ამიტომ მოსე კვლავ უბრუნდება სინაის მწვერვალს, [12]კვლავ მიიღებს უფლისგან მცნებებს, რომელსაც უკვე თვითონ დასწერს და ამ საბოძვარს უკვე აღარ დაამსხვრევს, რადგან თავისი ვალდებულება მისთვის, შეიძლება ითქვას, ხორცშესხმულია, ის ხელშესახებია, გამოკვეთილად ხედავს იმ უდიდეს და უმძიმეს ვალდებულებას, რაც ერის წინაშე მას ეკისრება, რომ თუ მეწინამძღვრეც გრძნობებს აჰყვა მაშ უმარჯვია წარწყმედას და ცხონება ხომ საბოლოოდ მიუწვდომელი დარჩება ასეთი ერისთვის, რადგანაც საკუთარი ძალისხმევით იგი ამ ცხონებას ვერ მიწვდება, ის გონება დაბნელებულია და თუ წინამძღვარმა მიატოვა ამ სიბნელეში, რაღა აცხონებს მას. აი ამ მიზანდასახულობით მოსე სინაის მთიდან მეორეგზის ქვედაშვებული შემდგომში გაცილებით ნაკლებად აჰყვება გრძნობებს. ის ყოვლითურთ მზერა მიპყრობილია საკუთარი ღვაწლისკენ და შეუდრეკელად, ახოვნად, შემდგომად ამისა, წარემართება და თან წაიყოლებს მთელ ერს [13]აღთქმული ქვეყნისკენ.

ყველა მოვლენა, რაც ამ გზაზე ხდება, მათ შორის მწარე წყლის კვერთხით დატკბობა, წყაროს გადმოდენა კლდიდან და სხვა, უფრო ადრეული უმნიშვნელოვანესი მოვლენებიც, თუნდაც მეწამული ზღვის გადალახვა, კვერთხით განპობა ზღვისა და ამ უდიდესი სასწაულის აღსრულება რეალურად რომ ჭეშმარიტად მოხდა და ამ დროს ღრმა სულიერი შინაარსითაც რომაა დატვირთული, ეს ყოველივე განსაკუთრებული სულიერი თვალით არის განჭვრეტილი გრიგოლ ნოსელისგან. ჩვენი საუბრის ფორმატი, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს ამ დეტალების სრულ განმარტებას და ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მსმენელებს, რომ მოიძიონ ეს ნაშრომი, თავად გაეცნონ და თავად შეისწავლონ სიღრმისეულად. ჩვენ კი იმ წერტილისკენ მივაქცევთ ყურადღებას, რაც აღთქმული ქვეყნის კარიბჭესთან ებრაელი ერის მისვლას გულისხმობს. როგორც ცნობილია თვით მოსე ვერ შეუძღვება ებრაელებს აღთქმულ ქვეყენაში. ის თვით ვერ გადალახავს იმ ზღურბლს, რადგანაც მისი ვალდებულება, [14]ღვთივდაკისრებული მისია მთავრდება აღთქმული ქვეყნის წინ. მისი ვალდებულება იყო სწორედ აღთქმულ ქვეყნამდე ისრაელის მოყვანა. აი აქ მჟღავნდება ყველაზე მეტად მოსე წინასწარემტყველის სახისმეტყველებითი კავშირი იოანე ნათლისმცემელთან. ეს პიროვნება წმინდა გრიგლ ნოსელის სწავლებით ორ განსაკუთრებულ სიმბოლურ შინაარსს იტევს, ერთი მხრივ წინასახეა იგი მაცხოვრისა, რომელმაც ჯოჯოხეთიდან ანუ სულიერი ეგვიპტიდან ამოიყვანა კაცობრიობა და მეორე მხრივ მოსე წინასახეა იოანე ნათლისმცემლისა, რომელმაც საკუთარი ნათლისღებითი მოღვაწეობით მაცხოვნებელ, ქრისტიანულ ნათლობამდე მიიყვანა კაცობრიობა. იგი უშუალოდ წინამორბედი იყო მაცხოვრისა და მისი ნათლობაც უშუალოდ წინამორბედი გახლდათ მაცხოვნებელი, იესო ქრისტესგან 6 იანვარს მდინარე იორდანეში აღსრულებული გამომხსნელობითი ნათლისღებისა. [15]აი ამ გაგებით არის იოანე ნათლისმცემელი მოსე წინასწარმეტყველის ღვაწლის აღმსრულებელი, ანუ რაც მოსემ რეალურადაც და სახეობრივადაც აღასრულა, ეს ყოველივე შემდგომში იოანე ნათლისმცემელს დაეკისრა ღვთისგან, რომ წინამორბედი გამხდარიყო გამომხსნელი ნათლისღებისა. ხოლო საკუთრივ აღთქმულ ქვეყანაში ანუ მაცხოვენებლი ნათლისღების წიაღში, იგივე საეკლესიო მაცხოვნებლობის წიაღში კაცობრიობის შემყვანი, ბიბლიური სახისმეტყველებით მოსეს შემდგომო მხედართმთავარი და წინამძღვარი ისუ ნავეა, რომლის სახელიც ძველი აღთქმის ხელნაწერებში ორი ფორმით გვხვდება ჩვენ, ერთი ესაა ისუ და არანაკლები სიხშირით მეორე ფორმა იესუ. თვით ეს სახელის იგივეობაც აშკარად ცხადყოფს, რომ მოსე წინასწარმეტყველმა გარკვეულ ჟამამდე თავისი ცხოვრებისა იტვირთა მაცხოვრის წინასახეობა, [16]განსაკუთრებით იმ მოვლენების ჟამს, როდესაც მან ეგვიპტიდან გამოიყვანა ერი, მაგრამ უშუალოდ ახალი აღთქმის წიაღში შესვლის ჟამს მაცხოვრის წინასახეობა, ანუ წინასწარ მაცხოვრის ღვაწლის სახისმეტყველება განეკუთვნა იესო ნავეს. წმინდა არსენ იყალთოელი ჩვეულებრივ ქართულ თარგმანებში სწორედ იესუს წერს (ბერძ. “იისუ”. ბერძნული “ეტა” ამ დროისათვის ქართულში ჩვეულებრივ “ი”-თი გადმოდის, იმიტომ, რომ “ეტა” “ი”-თ გამოითქმის თვით ბერძნულშიც უკვე X-XI ს-ში ჩამოყალიბებულად. ამიტომ არსენ იყალთოელის თარგმანებში ჩვენ ისუ ნავეს სახელად გვხვდება იისუ ნავე, რითაც ხაზგასმაა იმაზე, რომ სახელითაც მჟღავნებდა ძველი აღთქმის ამ წინამძღოლის წინასახეობა მაცხოვრთან, რომ იგი ერთ-ერთი წინასახეა, სომბოლურად წინა გამომსახველია მაცხოვრის იესო ქრისტეს, განკაცებული ღვთის მიერ აღსრულებული გამომხსნელობითი ღვაწლისა).

წმინდა გრიგოლ ნოსელს თავისი [17]განმარტებანი უკვე ისუ ნავეს წიგნზე არ განუვრცია. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად საყურადღებო იქნებოდა თავისთავად. მან დააბოლოვა მოსეს ცხოვრებით, თვითონ ბიბლიური თხრობის ფარგლებით, თუმცა გარკვეული მცირედი, მინიშნებითი განმარტებებით ისუ ნავეს ღვაწლიც გამოკვეთა ჩვენს წინაშეც, იმ ისუ ნავესი, რომელმაც სახეობრივად მაცხოვრისებრ ახოვნად უწინამძღვრა ისრაელს, რომ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც რძე და თაფლი დის, ანუ სადაც სულიერი მოძღვრება, ადამიანის სასუფევლით დამატკბობელი, იქ შესულთათვის ყოვლითურთ გახსნილია და ახალშობს მათ ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის.

ეს დიდი წიგნი “მოსეს ცხოვრება”, დასაწყისში აღვნიშნეთ, ქართულად თარგმნა წმინდა ექვთიმე ათონელმა და სხვა მრავალ ღვაწლთან ერთად ამ დიდმა მთარგმნელმა, დიდმა ღვთისმეტყველმა ესეც არ დაიშურა ქართველი ერისთვის, ეს მადლიც მოგვიბოძა და [18]დაგვიმკვიდრა ჩვენ.

 

318–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=EkklbHLb6gI

 

თხზულების ტექსტი იხ.: წმ. გრიგოლ ნოსელი - ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 APRIL 2016 11:39)