საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.

ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის დავდადებული

----------------------------------

ქართული გალობის დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე 1835 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის, იესეს ოჯახში დაიბადა. მამაპაპისეული სახლი, რომელშიც ფილიმონი იზრდებოდა, წმიდა გიორგის სახელობის უძველეს მონასტერთან ახლოს მდებარეობდა. სიმღერა-გალობისადმი დიდი სიყვარული, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი და ხმის განსაცვიფრებელი სიძლიერე ფილიმონმა ყრმობის ასაკიდან გამოამჟღავნა.
დაწყებითი განათლება ფილიმონ ქორიძემ მამამისის უახლოესი მეგობრისა და მოყვრის, მღვდელ იაკინთესგან მიიღო.

1853 წელს ფილიმონ ქორიძე სწავლას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში აგრძელებს. ამ პერიოდში ფილიმონი გალობს სასწავლებლის საეკლესიო გუნდში.

მღვდელ იესე ქორიძეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მისი ვაჟი წინაპართა კვალს გაჰყოლოდა და სასულიერო პირი გამხდარიყო. ღვთისმსახურებაში მუდმივი მონაწილეობის გამო ქორიძეების საგვარეულოს დიდმა ნაწილმა მოგვიანებით ახალი გვარი - კანდელაკი მიიღო.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი ფილიმონმა 1855 წელს წარიჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ იგი სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში მიდის, - შესანიშნავი სარეკომენდაციო წერილით ქუთაისიდან.

თბილისის სემინარიაში გაუსაძლისი პირობები იყო. "ჩემთვის, ბუნების წიაღში აღზრდილი ადამიანისათვის, ეს რეჟიმი ძალიან სამძიმო იყო, - იგონებდა ფილიმონ ქორიძე. მხოლოდ რამდენიმე საგანი და სემინარიის გუნდში გალობა უმსუბუქებდა მას ამ გარემოებას.

ფილიმონმა სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდელმსახურების გზა აირჩია, მაგრამ ეს განზრახვა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სისრულეში მალევე ვერ მოიყვანა.

ეს პერიოდი ფილიმონისათვის შინაგანი ძიებით იყო აღსავსე. მალე ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ მისი ცხოვრების გეზი შეცვალა და მომავალ დიდ მოღვაწეს სავალი გზა დაანახა.

ერთხელ ფილიმონმა იტალიელი დირიჟორი გაიცნო, რომელმაც მისი ხმით აღფრთოვანებულმა, ახალგაზრდა მგალობელს საოპერო სიმღერის შესასწავლად იტალიაში წასვლა შესთავაზა. ეს ერთი შეხედვით ძნელი საქმე ფილიმონის  ახლადშერთული მეუღლის მდიდარმა ოჯახმა უზრუნველყო.

1868 წელს ფილიმონ ქორიძე მილანში ჩადის. იგი იყო პირველი ქართველი მომღერალი, ვინც იტალიაში წარდგა მსმენელის წინაშე. იტალიელები მას გულთბილად შეხვდნენ. იგი მალე დაეუფლა საოპერო მომღერლის ჩვევებს და წარმატებებიც მოიპოვა. მომღერალთა მცირე დასთან ერთად სამხრეთ ამერიკაშიც კი გაემგზავრა საგასტროლოდ.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მაინც ლა სკალაში წარმატებული დებიუტი იყო.

1870 წელს ფილიმონ ქორიძე ცოლის მძიმე ავადმყოფობის გამო იტალიას ტოვებს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს სამშობლოში რჩება. შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ჩადის მიწვევით, მაგრამ რუსული და იტალიური ვოკალური სკოლის სხვაობის გამო მისი გამოსვლები ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ფილიმონი უახლოვდება თავის მომავალ მეუღლეს ზინაიდა ვორობეცს, რომელიც მომავალში მისი უერთგულესი თანამდგომელი და შემწე გახდა.

1873 წელს ფილიმონი კვლავ ჩადის იტალიაში და მალე იტალიის საუკეთესო ბანის წოდებას აღწევს. მაგრამ მომღერალს სამშობლოში ყოფნის სურვილი მოსვენებას არ აძლევს.

აღსანიშნავია, რომ 1879 წელს გაზეთ "დროებაში" იბეჭდება წერილი, რომელშიც მუსიკოსს მისი ეროვნული საუნჯის - ხალხური სიმღერისა და გალობის მოვლა-პატრონობას სთხოვენ.

1881 წელს ფილიმონ ქორიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება. თბილისის საოპერო თეატრში ნაკლები ინტენსივობით მოღვაწეობს. სამაგიეროდ, იგი აქტიურად ჩაება ეროვნული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დაცვა-აღორძინების საქმეში.

შვილის, მიხეილ ქორიძის გადმოცემით, სიმღერა-გალობის კილოს შენარჩუნების საკითხი ფილიმონის ფიქრის საგანი გამხდარა. არასწორად გადმოცემული ჰანგი დიდ გულისტკივილს იწვევდა მასში. მით უმეტეს, რომ თავად ბავშვობიდან იყო ნაზიარები ამ საუნჯეს.

მელიტონ ბალანჩივაძის გადმოცემით, ქართული სიმღერა-გალობის ბედ-იღბალზე ფიქრისას ფილიმონ ქორიძეს თავად გაუჩნდა ძველთაძველი კილოების ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერისა და ამ გზით მათი უცვლელად შენახვის იდეა. "საშვილიშვილო საქმე იყო მე ამას ვგრძნობდი და, რა თქმა უნდა, ვღელავდი". - იგონებდა ფილიმონი.

ფილიმონ ქორიძე ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა მათ, ვინც მას ქართული გალობის დაცვა-აღდგენის საქმეში დიდი თანადგომა აღმოუჩინეს: მელიტონ ბალანჩივაძეს, აკაკი წერეთელს, გიორგი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს, მელქისედეკ ნაკაშიძეს, ნესტორ კონტრიძეს, ივლიანე წერეთელს, ალექსანდრე ყაზბეგს, ილია კიკნაველიძეს, ალექსანდრე ბერიძეს და სხვებს.

ქართული საეკლესიო საგალობლებისა და სიმღერების ნოტირების საქმეს ფილიმონ ქორიძე 1882 წელს შეუდგა. საგალობლებს იგი ძველი საეკლესიო კილოების შესანიშნავი მცოდნეებისაგან - მელქისედეკ ნაკაშიძისა და ნესტორ კონტრიძისგან იწერდა. რამდენიმე თვეში მას ბევრი სხვადასხვანაირი კილო ჩაუწერია.

ფილიმონ ქორიძე მოწადინებული იყო, გაეფანტა ეჭვი, თითქოს ქართული სიმღერა-გალობის ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ჩაწერა შეუძლებელი იყო. ამ მიზნით მან მომღერალ-მგალობელთა გუნდის შედგენა გადაწყვიტა.

ამ საქმეში ახლო ნათესავი და მეგობარი მელიტონ ბალანჩივაძე ეხმარებოდა. სწორედ ამ უკანასკნელის გუნდის წევრებისაგან შეადგინა ფილიმონმა თავისი გუნდი. გუნდის რეპეტიციები, ისევე როგორც სიმღერა, გალობის ნოტებზე ჩაწერაც ხშირად ფილიმონის სახლში მიმდინარეობდა. ნოტების გადათეთრებაში ფილიმონს მეუღლე ეხმარებოდა. მეცადინეობასთან ერთად გუნდი საკონცერტო მოღვაწეობასაც ეწეოდა. გუნდის ერთ-ერთ გამოსვლას ანტონ დუმბაძე გამოეხმაურა: "აქამდის არ მჯეროდა, რომ ქართული საეკლესიო გალობის და სალხინო სიმღერების ნოტებზეც გადაღება შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ ჩემის ყურით გავიგონე და ეხლა ურწმუნოება უადგილო ჯიუტობა იქნება". - წერდა სახელმოხვეჭილი ლოტბარი.

მალე ფილიმონ ქორიძემ უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი ძალა და ენერგია მხოლოდდამხოლოდ ეროვნული მუსიკის, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "საშვილიშვილო საქმისთვის" შეელია.

საკუთარ არჩევანზე საუბრისას ფილიმონ ქორიძე აღნიშნავდა: "საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე,... შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია,... ჩემი დღევანდელი მუშაობა კი - საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე,... ჩემი ნამუშევარი ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს."

1883 წლის ბოლოს ფილიმონ ქორიძეს ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერების დიდი რაოდენობა დაუგროვდა. მან იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა 1883 წლის ბოლოს დაასრულა, ხოლო კრებულის სახით, 1884 წელს აიკინძა. ხელნაწერების გამოქვეყნებას იგი იტალიაში ან რუსეთში გეგმავდა. მას ე.წ. "სასულიერო ბანკში" ცოლის მზითევის თანხის იმედი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად ეს ბანკი გაკოტრდა.

ქართული გალობის ნოტებზე გადატანის საქმის გულშემატკივრებმა არქიმანდრიტებმა მაკარიმ (ბატატაშვილი) და გრიგოლმა (დადიანი) საჭირო თანხების მოსაპოვებლად დახმარებისათვის მაშინდელ ეგზარქოს პავლეს მიმართეს. ეგზარქოსმა, მათი წინადადების საფუძველზე, კომისიის შექმნის განკარგულება გასცა, რასაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი. თუმცა ეს წამოწყებაც უშედეგოდ დამთავრდა.

მაგრამ ფილიმონ ქორიძე დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას მაინც განაგრძობს. იგი ქართული მუსიკის ნოტირების შესაძლებლობაში საზოგადოების სულ უფრო ფართო წრის დარწმუნებას და მათგან თანადგომის მოპოვებას ცდილობს. ამისთვის მან 1883 წლის დეკემბერში არაოფიციალური კრება მოიწვია. კრების დამსწრე პირებმა აღიარეს ამ საქმის საჭიროება და მოღვაწეს დახმარება აღუთქვეს.

1884 წლის ბოლოს ფილიმონ ქორიძე თავისი გუნდის წევრებთან ერთად ქუთაისში მიემგზავრება - თავისი ნამუშევრის იქაური მსმენელისთვის წარსადგენად. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) დიდი სიხარულით შეხვედრია ამ ამბავს და ამ დღესთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოდან საუკეთესო "სრული" მგალობლები მოუწვევია.

სახელმოხვეჭილმა მგალობლებმა რამდენიმე შენიშვნა გამოთქვეს იმ პირების მიმართ, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც ფილიმონ ქორიძე იწერდა საგალობლებს. სიმონ გუგუნავასა და რაჟდენ ხუნდაძის განმარტებით, საგალობლის ზოგიერთი ნიმუში "ბუნებით" ხმაში არ ყოფილა ჩაწერილი. ამის შემდეგ მგალობლებს მოუთათბირებიათ და გადაუწყვეტიათ, საგალობლების ნოტირების საქმეში საუკეთესო მცოდნეები ერთობლივი ძალისხმევით დახმარებოდნენ ფილიმონს.

1884 წელს, ქუთაისში დაარსებულმა ქართული საეკლესიო გალობის აღმდეგნელმა კომიტეტმა ფილიმონს ორ წელიწადში (1885-1886 წლები) იმერულ-გურული კილოს 400 საგალობლის ნოტებზე გადატანა დაავალა - პირველ რიგში კი, - ღვთისმსახურებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგალობლებისა. ესენია: სამი წირვის წესი - იოანე ოქროპირისა, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსისა, აღდგომის წირვის სადღესასწაულო, მღვდლის კურთხევის, ქორწინების საგალობლები, სადღესასწაულო განიცადეები და საგალობლები "შესვენებულთა ზედა". ამისათვის კომიტეტმა გამოარჩია ქართული საეკლესიო გალობის საუკეთესო მცოდნეები: მარტვილის საკათედრო ტაძრის მგალობელი დიმიტრი ჭალაგანიძე, ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი მთავარდიაკონი რაჟდენ ხუნდაძე და ქუთაისის საკათედრო ტაძრის იპოდიაკონი ივლიანე წერეთელი, რომელთაც უხელმძღვანელებდა სახელგანთქმული ანტონ დუმბაძე.

ამ საშვილიშვილო საქმეს ფილიმონ ქორიძე 1885 წელს ქუთაისში შეუდგა, სადაც საცხოვრებლად გადავიდა ოჯახთან ერთად.

გარდა დასახელებული მგალობლებისა, მას საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდნენ ასევე ცნობილი მგალობლები: დეკანოზი დავით დუმბაძე, ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე და დეკანოზი ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე.

ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ჰანგის სისწორე მრავალგზის მოწმდებოდა, რათა არ დარღვეულიყო საგალობლის კილო. საგალობელთა შესაბამის ხელნაწერებში ხშირად ვხვდებით ძლისპირების თავში ან ბოლოში დართულ წარწერებს. "შესწორებულია", "განხილულია". წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ქორიძის გუნდი შემოწმებულ საგალობლებს წირვისას სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში გალობდა.

ფილიმონ ქორიძემ დროულად შეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება და 1887 წლისათვის დაახლოებით 400 საგალობელი ჩაიწერა.

საეკლესიო გალობის აღმდგენელმა კომიტეტმა დანიშნა კრება, რომელმაც საბოლოოდ შეამოწმა ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტირებული საგალობლები. კრებაზე მოწვეულმა დიდმა მგალობლებმა აღტაცება ვერ დამალეს.

ქუთაისში ფილიმონ ქორიძე საგალობლების ნოტირების გარდა, ხალხურ სიმღერებსაც იწერდა, ხელმძღვანელობდა გუნდს და საქართველოს სხვადასხვა დაბა-სოფლებში დიდი წარმატებით მართავდა კონცერტებს.

საგალობლების ნოტირებასთან ერთად ფილიმონ ქორიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის გუნდსაც ლოტბარობდა. უსახსრობის გამო იგი მეუღლესთან ერთად მუსიკის კერძო გაკვეთილებს ატარებდა. ფილიმონი ხშირად უსასყიდლოდ ამეცადინებდა გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს. ხოლო მისი მეუღლე დიდ შრომას ეწეოდა უამრავ მოსწავლესთან კარდაკარ სიარულით. რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობა მალე შეირყა და 1889 წელს, ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფილიმონმა ყველაფრის ხალისი დაკარგა, რის გამოც მისი შვილების მოვლა-პატრონობა მეზობლებმა და ახლობლებმა იკისრეს.

1890 წელს ფილიმონ ქორიძე მეგობრების რჩევით თბილისში ჩამოდის. მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით აქ იგი "მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტად" წოდებულ "საღმრთო წიგნთსაკითხავის" დამაარსებლებს, მაქსიმე შარაძესა და ესტატე კერესელიძეს (მომავალში ექვთიმე აღმსარებელს) ხვდება... "კაბინეტის" წევრებმა მას ნოტების სწავლება სთხოვეს და საცხოვრებელ ბინასა და გასამრჯელოსაც შეჰპირდნენ. ფილიმონ ქორიძემ სიხარულით მიიღო ეს წინადადება და ერთ თვეში შეასწავლა ნოტის კითხვა თორმეტ ახალგაზრდას, რომლებიც ყოველ კვირა და უქმე დღეებში თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში გალობდნენ.

ახლადჩამოყალიბებულმა გუნდმა საგალობლებთან ერთად ხალხური სიმღერების შესწავლაც დაიწყო და კონცერტებშიც მონაწილეობდა. ამავე პერიოდში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, საკმაოდ მოკლე ხანში ფილიმონს ბათუმის საკრებული ტაძრის გუნდი ჩამოუყალიბებია და დიდი მოწონება დაუმსახურებია.

1890-91 წლებში "კაბინეტის" დამაარსებლებმა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხელშეწყობით პირველი სტამბისა და ნოტის საბეჭდი შრიფტის შეძენის შემდეგ გადაწყვიტეს ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში მიევლინებინათ დიდი მგალობლის ანტონ დუმბაძისგან საგალობლების ჩასაწერად, სადაც ფილიმონი 1893 წელს მიემგზავრება. მივლინებისათვის ხარჯები გაიღეს აგრეთვე არისტო ქუთათელაძემ და ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი). ამ საქმისთვის ფილიმონ ქორიძეს ფისჰარმონიაც უყიდეს.

ოზურგეთში ანტონ დუმბაძეს გალობაში ეხმარებოდნენ მისი შვილი დეკანოზი დავითი და ნამოწაფარი - სიმონ მოლარიშვილი. დიდი სამუშაოს გამო ფილიმონი მხოლოდ პირველი ხმის ჩაწერას სჯერდება (ეს იყო ზედა ხმა, ე.წ. "თქმა". რადგან მოძახილისა და ბანის შეწყობას შესაძლებლად შემდეგშიც მიიჩნევდნენ). ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ძველი კილოების ჩასაწერად ფილიმონი სოფელ-სოფელ დადიოდა - ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიჰყვებოდა.

ფილიმონ ქორიძე წერდა: "ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არცერთ ტომს არცერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტის შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები".

ოზურგეთში ფილიმონმა საეკლესიო საგალობლების თორმეტი კრებული შეადგინა.

1894 წელს "კაბინეტის" წევრები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს სთხოვენ საკუთარი ხარჯებით ნოტების დაბეჭდვის ნებართვას. მღვდელმთავრის კურთხევის შემდეგ ხელნაწერები თბილისში ივლიანე წერეთელს ჩამოაქვს. ქუთაისიდან გამოგზავნილ სანოტო მასალას მიემატა ოზურგეთში ნოტირებული ნიმუშები და 1895-1911 წლებში ქართული საეკლესიო საგალობლების ექვსი კრებული დაიბეჭდა:

1. ქართული გალობა, ლიტურღია იოანე ოქროპირისა, პარტიტურა №1, ტფ., 1895;

2. საგალობელნი პირველშეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა, და ქორწინებისა, პარტიტურა №2, ტფ., 1901;

3. მიცვალებულის საგალობლები, პარტიტურა №3, ტფ., 1899;

4. აღდგომის საგალობლები, პარტიტურა №4, ტფ., 1904;

5. სადღესასწაულო განიცადეები, ტფ., 1908;

6. სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა, პარტიტურა №5, ტფ., 1911;

ფილიმონი ფიქრობდა, რომ საგალობლების სანოტო კრებულების სასწავლო თუ საღვთისმსახურო პრაქტიკაში გამოყენება შესაბამის მომზადებას, სამუსიკო ანბანის ცოდნას მოითხოვდა სახელმძღვანელოს შექმნა. ამ მიზნით მან შეადგინა მუსიკის ელემენტარული თეორიის საწყისი კურსის სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრულად განმარტავდა ამა თუ იმ მუსიკალურ თავისებურებებს.

1895 წელს ფილიმონ ქორიძე კვლავ ოზურგეთში მიემგზავრება. აქაური საკრებულო ეკლესიის წინამძღვარი დავით დუმბაძე მას მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბებას სთხოვს, რაზეც სიამოვნებით თანხმდება. გუნდი უდიდესი წარმატებით სარგებლობს გურიაში. ფილიმონი პარალელურად სიმღერა-საგალობლების შეგროვებას განაგრძობს.

1897 წელს ოზურგეთში საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტი შეიქმნა, რომლის თავჯდომარედ ცნობილი მგალობელი და პოეტი სიმონ გუგუნავა დანიშნეს. ცხადია, მუშაობის მთელი სიმძიმე კომიტეტის წევრებთან ერთად ფილიმონ ქორიძემ იტვირთა.

1896-1899 წლებში გურიაში შემკრებლობითი მოღვაწეობის გარდა, ფილიმონმა მთელი დასავლეთ საქართველო მოიარა და მგალობელ-მომღერალთა მრავალი სხვა გუნდი ჩამოაყალიბა. მისი მომზადებული მგალობლები მსახურობენ ოზურგეთის, ხონის, სუფსის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ბათუმის საკრებულო ტაძრებში. მაგრამ მათ შორის მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია ოზურგეთის მგალობელ-მომღერალთა და ქუთაისის ეთნოგრაფიული გუნდი.

მგალობელთა შორის განსაკუთრებული სამუსიკო ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდებს ფილიმონ ქორიძე სალოტბარო ხელოვნებასაც ასწავლიდა. მისი ეს ღვაწლი საგანგებოდ აღინიშნებოდა ქართულ პრესაში. 90-იან წლებში ფილიმონი მარტვილშიც მოღვაწეობს, როგორც სამუსიკო ანბანისა და გალობის პედაგოგი, სადაც ასევე შესანიშნავ გუნდს აყალიბებს. 1900-იან წლებში ფილიმონი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელშიც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მოგვიანებით ფილიმონ ქორიძის - აღმზრდელის დიდ ამაგს ცნობილი მომღერალი ვარლამ სიმონიშვილიც მადლიერებით მოიგონებს.

ჩვენამდე მოღწეულ წყაროებში ფართოდაა გაშუქებული მისი მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლი. მართალია, მწირია ინფორმაცია დიდი ხელოვანის პიროვნული თვისებების შესახებ, მაგრამ გაბნეული ცნობებით მაინც იკვეთება ღვთისნიერი, კეთილშობილი, გულისხმიერი ადამიანის, მზრუნველი მამისა და მეგობრის სახე.

თბილისში დიდი მოღვაწე უსახსრობას განიცდიდა. ხშირად როიალის აწყობითაც მოუპოვებია ლუკმაპური. მის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი მთლიანად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მგზავრობს, საგალობლებისა თუ ხალხური სიმღერების ჩაწერას ხმარდებოდა. ეს ფილიმონ ქორიძეს ყველაზე მეტად ახარებდა. "ჩემს ხანგრძლივ უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი". - ამბობდა იგი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ფილიმონ ქორიძე მის მიერ ჩაწერილი ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენას. "ეს კონცერტები ჩემთვის არა მხოლოდ ნამუშევრის ჩვენებაა, არამედ ქართული მუსიკის შესასწავლი კონსერვატორიააო", - ამბობდა იგი.

1900 წელს ფილიმონ ქორიძე 30-კაციან ეთნოგრაფიულ გუნდს აყალიბებს, რომლებიც ძირითადად გურული მომღერლებისგან შედგებოდა. "ქორიძის ხოროს", როგორც მას უწოდებდნენ, კონცერტები მსმენელთა აღტაცებას იმსახურებდა.

1904 წლიდან ფილიმონ ქორიძე განსაკუთრებულად ზრუნავს სასულიერო მუსიკის ნიმუშების დაფიქსირებაზე, რადგან ხედავს, რომ ამ საქმის მცოდნე ხალხი თანდათან აკლდება წუთისოფელს. 1905 წლისთვის მას 1751 საგალობელი ჰქონია ჩაწერილი.

1904-1905 წლებში ფილიმონ ქორიძე თბილისში არისტო ქუთათელაძისგან იწერს საგალობლებს. მის მიერ ერთ ხმაში ჩაწერილი ნიმუშები (საუფლო თუ სხვა დღესასწაულთა ჰიმნები, პარაკლიტონის რვა ხმაზე გაწყობილი დასდებლები, ცისკრის წარდგომები, ჭრელები და სხვა) თხუთმეტ რვეულში გადანაწილდა, რაც შემდგომში ერთ წიგნად აიკინძა.

1908 წელს ფილიმონ ქორიძე საგალობლების ჩაწერის მიზნით კვლავ ოზურგეთში ჩავიდა. იგი მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაბინავდა. ამ უკანასკნელთან ასევე ცხოვრობდნენ და გალობას ეუფლებოდნენ არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ თოიძე, მოსე ჭელიძე და კონსტანტინე სალუქვაძე.

ფილიმონ ქორიძემ კარგად იცოდა, თუ რა განძს წარმოადგენდა ქართული საგალობლების ჩანაწერები და მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა (საკუთარ შვილსაც კი), გარდა ექვთიმე კერესელიძისა. "მეშინია, მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო". - ამბობდა ფილიმონი. მან ამ ხელნაწერების იტალიაში გამოცემა გადაწყვიტა. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებასაც კი აწარმოებდა იტალიელებთან. იტალიაში წასვლაც გადაწყვიტა. მაგრამ ბახმაროში ცხენით მგზავრობისას დაშავდა, სისხლი მოეწამლა და 1911 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა.

დასაფლავების დღეს მოღვაწეს მელქისედეკ ნაკაშიძე, არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ ჩხიკვიშვილი და სამსონ ჭანუყვაძე მის მიერვე ჩაწერილ საგალობლებს უგალობდნენ.

ასე დაასრულა ამქვეყნიური მოღვაწეობა თავდადებულმა ხელოვანმა - ფილიმონ ქორიძემ. მან თავისი შემოქმედებითი ნიჭისა და მამულიშვილური თვითშეგნების, თავდადებული შრომისა და ეროვნული მუსიკის უდიდესი სიყვარულის წყალობით გაქრობისაგან იხსნა დასავლეთ საქართველოს სამონასტრო სკოლების საგალობელთა უდიდესი ნაწილი.


ნინო ნანეიშვილი

გაზეთი "ქართული გალობა", №7, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 19:13)