დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე ერთ-ერთი იმ გამორჩეულ მოღვაწეთაგანია, ვინც შემოგვინახა გადაგვარებისა და დავიწყების პირას მისული ძველი ქართული მუსიკალური კულტურა.

რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე 1845 წელს დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ კალაგონში, რომელიც გურია-იმერეთის საზღვარზე მდებარეობდა. ხუნდაძეთა გვარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. რაჟდენის უფროსი ძმა ერმალო ხუნდაძე ქართული საეკლესიო გალობისა და საერო სიმღერების სახელგანთქმული შემსრულებელი ყოფილა. ასევე მუსიკალური ნიჭით ყოფილან დაჯილდოებულნი რაჟდენის უმცროსი ვაჟი ელიზბარი (ჭულა) და ქალიშვილი ბაბო.

დეკანოზი რაჟდენი ბრწყინვალე მგალობელი, მასწავლებელი, ლოტბარი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო. რაჟდენს ძველი საეკლესიო კილოები და მრავალი საგალობელი შემოქმედის სკოლის ძველი თვალსაჩინო თაობის მგალობელ-მომღერალთა უკანასკნელი წარმომადგენლებისაგან, დავით და ანტონ დუმბაძეებისაგან შეუსწავლია. დეკანოზ რაჟდენს ძველი მცოდნე პირებისაგან ზეპირი გადმოცემით ჰქონდა შესწავლილი 5000-ზე მეტი ქართული სიმღერა-გალობა.

ბავშვობაში რაჟდენი ცხენს გადმოუგდია, რის გამოც ძლიერ დაშავებულა და 1883 წელს მისთვის მარცხენა ფეხი მოუკვეთიათ. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი რაჟდენისათვის მატერიალური და მორალური დახმარება მგალობელ-მომღერალს თეიმურაზ გეგეჭკორს აღმოუჩენია, რომელთან ერთადაც იგი მარტვილში მუშაობდა 1870-იან წლებში.

რაჟდენი წლების მანძილზე იღწვოდა მარტვილში. აქვე თანამშრომლობდა რაჟდენი დიტო ჭალაგანიძესთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი დუმბაძეების მოწაფე იყო, დიმიტრი ჭალაგანიძესთან მსახურება დიდად ავითარებდა მის მუსიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას. დიმიტრის ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი როგორც შემოქმედის, ასევე გელათის სკოლა. დიტო ჭალაგანიძის მოსწავლისა და მწერლის – ლადო გეგეჭკორის გადმოცემით, ზეპირი შესწავლის გარდა რაჟდენი დიტოსაგან იწერდა კიდეც საგალობელთა ნიმუშებს.

მარტვილში სამღვდელმთავარო გუნდში რაჟდენი 1882 წლამდე მსახურობდა დიტო ჭალაგანიძესა და თეიმურაზ გეგეჭკორთან ერთად. იქ ყოფნის დროს იგი იყო სამღვდელო კანდიდატების გალობის მასწავლებელი და გამომცდელი. 1883 წელს ქუთაისში გადმოიყვანეს, სადაც წლების მანძილზე მთავარდიაკვნად და გალობის მასწავლებლად იყო დადგენილი. ამავე დროს იგი მსახურობს ქუთაისის საკათედრო ტაძრის გუნდში: ნიკო მეძმარიაშვილთან, სინო კანდელაკთან და სხვა მგალობლებთან ერთად, - ივლიანე წერეთლის ლოტბარობით.

1884 წელს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსისა და გალობის აღმადგინებელი კომიტეტის მიერ ქალაქ ქუთაისში მივლინებულ ფილიმონ ქორიძეს კომისიის წევრებმა გამოურჩიეს მცოდნე მგალობლები: რაჟდენ ხუნდაძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, ივლიანე წერეთელი, რომელთაც ანტონ დუმბაძე უწევდა მეთვალყურეობასა და ხელმძღვანელობას. ფილიმონის მიერ მთგან 1885-86 წლებში ჩაწერილი საგალობლები მხოლოდ ათი წლის შემდეგ, - 1895 წელს გამოიცა კრებულად. ეს კრებული საგალობელთა პირველ ისტორიულ გამოცემას წარმოადგენს.

რაჟდენი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. დიდია მისი დამსახურება საეკლესიო ლიტერატურის სფეროში. მან ზედმიწევნით იცოდა საეკლესიო ტიპიკონი,სახარებისა და სამოციქულოს კილოში კითხვა. 1890 წელს მან შეკრიბა და პირველად ქართულ ენაზე გამოსცა ტიპიკონის სახელმძღვანელო, რომელიც 1911 წელს ხელახლა გამოიცა. წიგნის წინასიტყვაობაში იგი წერს: “ვისაც უნდა კარგი მწირველი და მლოცველი იყოს, მან უეჭველად ტიბიკონიც კარგად უნდა იცოდეს. ეკლესიის მსახურმა რაც არ უნდა ზედმწიევნით იცოდეს საღვთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, მისთვის უქმი და გამოუდეგარია იგი, თუ მან ტიბიკონიც კარგად არ იცის”.

რაჟდენს ასევე შეუდგენია ძველი ქართული სიტყვების ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი. რომელიც მისმა ქალიშვილმა ქეთევანმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა.

რაჟდენ ხუნდაძე თითქმის 50 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძველ ქართულ სიმღერა-გალობას ასწავლიდა ქუთაისის სასულიერო სემინარიასა და ეპარქიების სასწავლებლებში. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა) ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი მღვდლად აკურთხა, ხოლო დეკანოზის ხარისხში 1923 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა აიყვანა.

დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს გურულ-იმერული გალობის პირვანდელი სახით აღდგენის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა სადა კილოს ჩაწერა, რაც მან კიდეც განახორციელა 1911 წელს. მან გამოსცა მის მიერ სამ ხმაზე ჩაწერილი საგალობელთა კრებული. საინტერესოა ის, რომ, რაჟდენის აზრით, თითოეული ხმის ჩანაწრი წარმოადგენს გამშვენებული (“გავარჯიშებულ-გადაკრიმანჭულებული”) გურულ-იმერული გალობის ... (პირველი კანონიკური ხმა), რომლის საშუალებითაც უნდა “გაიმარგლოს” გურულ-იმერული გალობა. ეს საგალობლები რაჟდენს მეტად მძიმე პერიოდში ჩაუწერია. საგალობელთა ჩაწერისას მას არ ჰქონია არც ფისჰარმონია და არც რაიმე სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი. კრებულის წინასიტყვაობაში რაჟდენ ხუნდაძე მოგვითხრობს ქართული გალობის მდგომარეობაზე XIX საუკუნის II ნახევრამდე. თურმე ჩვენში უკანასკნელ დრომდე გალობდნენ ხუნდაძის მიერ ჩაწერილ ამ სადა კილოზე, რომლიდანაც მომდინარეობს რთული, გამშვენებული, ე.წ. “გადაკრიმანჭულებული” გალობა. “ვისაც პირველად ამ სადა კილოზე არ უსწავლია გალობა, - ამბობს რაჟდენი – ის ყოველთვის დაშორებული იქნება გურულ-იმერული გალობის ბუნებას”. მისი აზრით, სადა კილო არის გავარჯიშებული გურულ-იმერული გალობის საფუძველი, რომელიც მგალობლის ინდივიდუალური მუსიკალური უნარის შესაბამისად ვითარდება. მისი აზრით გავარჯიშებულ-გადაკრიმანჭულებულ სიმღერებს, სადას განვითარებულ სახეს რომ წარმოადგენენ, ასრულებდნენ გურიის უკანასკნელი მთავრის – მამია გურიელის დროს; მანამდე კი გავრცელებული ყოფილა სადად თქმული გალობა.

რაჟდენის გურულ-იმერული სადა კილოს საგალობლების გამოცემამდე იგი 1903 წელს სპეციალისტების დახმარებით შეუმოწმებია დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძეს.

მელიტონ კელენჯერიძე ამ ნაშრომის წინასიტყვაობაში წერს: “ცდამ გვიჩვენა, რომ ფილიმონ ქორიძის გამოცემა თავისი სირთულით საკმაოდ ძნელი შესათვისებელია, რადგან იქ გადაღებული არ არის სადა კილო, არამედ ეგრედ წოდებული განვითარებული, გრძელი და გადაკრიმანჭულებული გალობა. მაგრამ საქმე ისაა, როდესაც გურულ-იმერულ გალობას შეურყვნელად დაცვის საკითხზეა ლაპარაკი, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სადა კილო, რაც არა მარტო ნაციონალური ხასიათის მასალაა, არამედ პირვანდელ მარტივ კილოსაც წარმოადგენს, რომელზედაც შენდება ყოველი შემდეგი ნაწარმოები. და თუ პირველი დაიკარგა – მეორე ვერაფერს გვეტყვის პირველზე. ამ გარემოებათა გამო აუცილებელი შეიქმნა ამ სადა კილოს ნოტებზე გადაღება და გამოცემა. ამ ნაშრომის მიზანი ისიც არის, რომ შემონახული იქნას ქართული გალობა, როგორც უშრეტი წყარო მომავალი ნიჭიერი მუსიკოსების შემოქმედებისათვის”.

საგალობლების პარტიტურის სამ ხმაზე გადაღებაში რაჟდენს შვილები ეხმარებოდნენ. პირველ ხმას მისი ქალიშვილი ბაბო მღეროდა, მეორეს ვაჟიშვილი ელიზბარი, მესამეს კი თვითონ რაჟდენი. ასეთი გზით იწერდა იგი საგალობლებს და ამოწმებდა ჩაწერილის სისწორეს.

მოგვიანებით 1912 წელს, რაჟდენ ხუნდაძემ სამ ხმაზე გააწყო ის საგალობლები (500-ზე მეტი), რომელიც ფილიმონ ქორიძემ ჩაიწერა ცალ ხმაში, მონაცვლეობით – ანტონ და დავით დუმბაძეების, მელქისედეკ ნაკაშიძისა და სხვა მგალობელთაგან. მაქსიმე შარაძისა და ექვთიმე კერესელიძის დავალებით. პირველი ხმის დაფიქსირებით განსწავლული მგალობლისათვის შესაძლებელი იყო, ხმების შეწყობის პრინციპით აღედგინა მთლიანი საგალობელი.

ფილიმონის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ექვთიმე კერესელიძემ ამ საქმის დამთავრება (დანარჩენი ორი ხმის შეწყობა) გურულ-იმერული საგალობლების შესანიშნავ მცოდნეს – რაჟდენ ხუნდაძეს მიანდო: “ამ დროიდგან დავიწყე ნოტის საგალობლებზე ზრუნვა, დავიწყე წეს-რიგზე და გადავარჩიე ცალ ხმიანი საგალობლები, რომ სამ ხმაზე დავაწერინო ვისმეს. 1912 წელს ქორიძე უკვე ცოცხალი არ იყო, აღარ იყვნენ არც დუმბაძეები. ამისათვის გელათიდგან ქუთაისს, მღვდელ რაჟდენ ხუნდაძესთან მივედი და შევეკითხე: მე მაქვს ცალ ხმაზე ქორიძისგან დაწერილი ათასამდე საგალობელნი და ვეძებ იმისთანა მცოდნე მგალობლებს, რომ ის ცალფა ხმაზე დაწერილი საგალობლები სამ ხმაზე გაიწყოს და ნოტებზე გადაღებულ იქმნას მეთქი. მან მითხრა: რაღა შორს ეძებ მგალობლებს და გადამღებს, ესენი მე თვითონ კარგად შემიძლია ვიგალობო, სამ ხმაზე გავაწყო, დავსწერო და გამზადებული გადმოგცე და გადმოცემის დროს ორივემ ვიგალობოთ ნოტებით, რომ კარგად მოწონებულად იყოს ნოტებზე დაწერილი და გადაღებული...” – გადმოგვცემს წმიდა ექვთიმე კერესელიძე თავის ნაშრომში – “ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა”.

დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ რამდენიმე წლის განმავლობაში სამხმიანი გუნდისათვის გააწყო 3100 სიმღერა-გალობა. მუსიკალური მემკვიდრეობის სახით შემორჩენილია რაჟდენის სანოტო რვეულები, რომელშიც მრავალი სიმღერა-გალობაა თავმოყრილი. ამ რვეულებს თან ახლავს რაჟდენისავე წარწერა: “დიდი ხანია მცოდნე მგალობლები მიიცვალნენ და დღეს აღარავინ არის! საუკუნოდ იყოს მათი ხსენება! ეს ხმები ჩვენი ერის ჰარმონიული შემოქმედებაა. ბევრს შეუგნებელს კი მიუღებელი და გადასაყრელი ჰგონია, რაკი ეკლესიური სიტყვებით არის დაწერილი”. სწორედ ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ებრძოდა მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით იგი.

გარდა ძველი ქართული მუსიკალური შემოქმედების სწავლებისა და სანოტო სისტემაზე დაფიქსირებისა, დეკანოზი რაჟდენი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესასთან. სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს გაზეთებში: “დროება”, “ივერია”, “კვალი”, “კოლხიდა”, “მწყემსი”, “ფარი”, “შინაური საქმეები”, “ჩვენი ქვეყანა”, “განათლება” და სხვა პერიოდულ გამოცემებში. იგი რაჟდენ საჯავახოელის და ბეკო ქართველიშვილის ფსევდონიმებით წერდა. აქვეყნებდა სტატიებს ქართული სიმღერა-გალობის დავის და გავრცელების შესახებ. ესარჩლებოდა ცარიზმის მიერ დევნილ ქართულ ენას. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მეფის მთავრობამ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალა და ქარულ ეკლესიაში სლავური საეკლესიო ენა შემოიღო. ასევე ხუნდაძე აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საპროტესტო გამოსვლებში, რომელიც უკავშირდებოდა 1893 წელს მეფის მთავრობის განზრახვით ბაგრატის ტაძრის ნანგრევების აღებას და მის ადგილას სემინარიის შენობის აგებას. რაჟდენი თავისი პატრიოტული ლექსებითა და პუბლიკაციებით, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად, მხურვალე მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა სასულიერო ჟურნალებშიც.

დღეს ჩვენთვის ცნობილია რაჟდენ ხუნდაძის მიერ ნოტებზე გადაღებული 1641 საგალობელი და 277 ხალხური სიმღერა. ეს უნიკალური მასალა რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ ოკუპაციის შემდეგ რაჟდენ ხუნდაძემ ზედაზნის მონასტრის ბერებს გადასცა შესანახად,სადაც მხოლოდ 1937 წელს რაჟდენის უფროსმა ვაჟმა - შალვა ხუნდაძემ შემთხვევით მიაკვლია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და ხალხური შემოქმედების სახლს (ამჟამად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) გადასცა. მას გული წყდებოდა იმაზე, რომ სათანადოდ არ იყო დაფასებული და იდევნებოდა კიდეც ძველი ქართული მუსიკალური შემოქმედება.

დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე მწვავედ განიცდის ქართული გალობის სავალალო მდგომარეობას XX საუკუნის დამდეგს და იღწვის კიდეც როგორც პედაგოგი და მოღვაწე: ასწავლის ქართულ გალობას, სკოლებში აყალიბებს მომღერალთა გუნდებს, მართავს საჯარო კონცერტებს. ამის მაგალითია 1916 წელს ქუთაისში გამართული კონცერტი, რომელიც მისი ლოტბარობით ჩატარდა. ამ კონცერტზე შესრულდა ის საგალობლები, რომლებიც ბოლოს 70 წლის განმავლობაში არ აჟღერებულა. ყველა ეს საგალობელი რაჟდენის მიერ იქნა ნოტებზე ჩაწერილი. ამ კონცერტისათვის რაჟდენს წაუმძღვარებია მოხსენება (ასლი ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში), რომელშიც ნათქვამია: “ჩვენი გალობისთანა მდიდარი გალობა ხმების სხვადასხვაობით მე არ მგონია სხვა რომელიმე ერს ჰქონდეს. მარტო ძლისპირები იანგარიშება 590. ყველა ამათგანს სხვადასხვა ხმა აქვს და ერთი მეორეს ძალიან ცოტათი წააგავს. ყველა ამათგანს ზეპირად სწავლობდნენ მხოლოდ წიგნების საშუალებით და ამ გზით გადასცემდნენ ერთმანეთს. ნოტები არ იცოდნენ. იმის დამახსოვრება, თუ რომელი რომელს ხმაზე დაიწყებოდა, იმის ზეპირად მოგონება რა საკვირველია ძნელი იყო. ამ ხმების გამოსარკვევად ქართველებსაც ჰქონდათ შემდეგი ტერმინები: ჩაბანება, ბუხუნი, საჭიქენი, აუვალ, აქაია, ხელმწიფე კილო, საბრუნავი, უსტაური ოინი, ასამაღლებელი, ყოვლადწმიდის კილო, ნოინი, შეყრილი, ჩაჟანგული, აუვილი, ავაძა, ამონი და ოდია. აი, ასეთ ტერმინებს ხმარობდნენ იმ აუარებელ გალობათა და ურიცხვ ხმათა მოსაგონებლად”. სამწუხაროდ რაჟდენს არცერთი ამ ტერმინებიდან არ განუმარტავს.

1921 წელს რაჟდენმა სამუსიკო ქრესტომათიისათვის შეაგროვა და შეადგინა ხალხური სიმღერები. მას ასევე შეუდგენია ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი სათანადო ახსნა-განმარტებით, რომელიც მის უფროს ქალიშვილს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის გადაუცია.

მამა რაჟდენი გარდაიცვალა 1929 წელს.

 

ნინო ნანეიშვილი

გაზეთი “ქართული გალობა”, №9, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 15 FEBRUARY 2012 18:14)