მრავალსაუკუნოვანი ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებაში მძლავრი გარდატეხა ქრისტიანულმა მოძღვრებამ შეიტანა. ახალმა შჯულმა ამ კულტურის სახე და მთავარი მახასიათებლები განსაზღვრა.

ქრისტიანული კულტურის კერები საქართველოში პირველივე საუკუნეში ჩნდება, თუმცა, ახალი კულტურის აღმავლობა სათავეს IV საუკუნიდან იღებს - მას შემდეგ, რაც ქართლი ინათლება წმიდა ნინოს მიერ და ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად ცხადდება.

 

 

საეკლესიო გალობა ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში. წმიდა საბა განწმენდილის (გარდ. 532 წ.) ანდერძის თანახმად, VI საუკუნის დასაწყისში პალესტინაში ქართველები წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) ქართულ ენაზე ასრულებდნენ. იმხანად მათ ხელთ ჰქონდათ საღვთისმსახურო წიგნები, ფსალმუნური საგალობლების შემცველი ხელნაწერები („ჟამნი“, „სამხრისა“ და სხვ.), რომლებიც ქართველ მეფეთ მთავართა, მღვდელმთავართა კარზე თუ ღირსშესანიშნავ ტაძართა გარშემო ითარგმნებოდა.

ცნობილია ისიც, რომ VI საუკუნის გასულს, საქართველოს ეკლესიის ოცდათხუთმეტ ეპარქიაში (გარდა ცურტავისა) ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა.

მკვლევართა აზრით, საქართველოში თავდაპირველად ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად, ერთი მხრივ, ბიზანტიიდან, ხოლო მეორე მხრივ, პალესტინიდან შემოსული გალობა გავრცელდებოდა.

საგულისხმოა, რომ ქართული ჰიმნოგრაფიის პირველმა სამონასტრო კერებმა პალესტინაში დაიდო ბინა. ეს იყო ქრისტიანული გალობის განვითარების ადრებიზანტიური ხანა, როდესაც ერთმანეთს ერთვოდა სირიული, ებრაული და ბერძნული სასულიერო მუსიკის ტრადიციები. უძველესი ქრისტიანული საგალობლების ნაირფეროვნების შესახებ ჯერ კიდევ IV საუკუნის მომლოცველი ნეტარი პავლა წერდა. იერუსალიმში მან სხვადასხვა წარმომავლობის მგალობელთა გუნდების ისეთივე მრავალფეროვნება აღმოაჩინა, როგორც განსხვავებულ ენებზე მოსაუბრე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა სიმრავლე. უნდა ვივარაიდოთ, რომ ქართული გალობაც ძველთაგანვე თვითმყოფადობით იქნებოდა გამორჩეული. იგი მალე მიიღებდა ეროვნულ იერსახეს. მის ასეთ თავისთავადობას ქართული სამუსიკო აზროვნების კანონზომიერებანი და ქართული ენის ბუნება განაპირობებდა. ქართველებს ხომ ჰიმნოგრაფიული ხელნაწერები უკვე VI საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდათ ნათარგმნი.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული „იერუსალიმური განჩინებაა“, რომელიც სხვაგვარად „ლექციონარადაც“ იწოდება. ლექციონარის ნუსხებს შორის ყველაზე ადრეული ე.წ. ხანმეტი ლექციონარია. იგი V საუკუნის II ნახევრის საღვთისმსახურო პრაქტიკას ასახავს (კრებული ფრაგმენტის სახითაა მოღწეული). ხელნაწერი თარგმნილი უნდა იყოს არაუგვიანეს VI საუკუნის დამდეგისა. „ხანმეტ ლექციონარში“ ჰიმნოგრაფიული მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ფსალმუნური გალობით და რამდენიმე ისეთი საგალობლით, რომლებიც ღვთისმსახურებაში გალობათა უძველეს ფენას შეადგენს.

იერუსალიმური ლექციონარის ნუსხები (ნათარგმნი VI-VIII საუკუნეებში) ასახავენ გალობის ფორმათა განვითარებას, საგალობელთა სახეობების მრავალფეროვნებას, შეიცავენ მდიდარ სამუსიკო ტერმინოლოგიას. აქ შეტანილია ქართველ წმინდანთა ხსენებები: კოზმასი, კათოლიკოსისა პამასი, ყოველთა წმიდათა (რომლებიც ქართლში მოწამეობრივად აღსრულნენ) და მცხეთის ჯვრის დღესასწაული. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში ორიგინალური ჰიმნოგრაფიის განვითარებას მკვიდრი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი.

მაგდა სუხიაშვილი
გაზეთი „ქართული გალობა“, № 1, 2006 წ.

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge-დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)