17 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბერძენი მუსიკათმცოდნე - ბიზანტისტი სტათისი შეხვდა კონსერვატორიაში არსებული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებს. ამ ღონისძიების აუცილებლობა განაპირობა ბერძენი სტუმრის შეხვედრამ ქართული საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომლებთან, რომელის დროსაც ნათელი გახდა, რომ ბატონი სტათისი ნაკლებად იცნობს ქართულ სამგალობლო ტრადიციას და მის შესახებ ზოგიერთი ქართველი არაკომპეტენტური პირისაგან არასწორი ინფორმაცია აქვს მიღებული.

კონსერვატორიაში შეხვედრის დასაწყისშივე სტუმარმა აღნიშნა, რომ მას არ სურს ქართული გალობის შესახებ საქართველოში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებიდან რომელიმე ერთს მიემხროს, თუმცა, შეხვედრის მსვლელობისას მან შენიშნა, რომ ქართულ გალობას ბიზანტიურისაგან კილოური თავისებურებები გამოარჩევს, რაც, რატომღაც, ქართულ გალობას ნაკლად ჩაუთვალა.

თავდაპირველად, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მანანა ანდრიაძემ ბატონ სტათისს და დამსწრე საზოგადოებას (რომელთაგან უმეტესობას ქართულ-ბიზანტიური სამგალობლო ექსპერიმენტის მომხრეები შეადგენდნენ) მცირე ექსკურსი ჩაუტარა ქართული გალობის ისტორიული გზის შესახებ. აღინიშნა, რომ უძველესი ქართული ნევმირებული (სამუსიკო ნიშნების მქონე) ხელნაწერები ანალოგიური პალეობიზანტიურის თანადროულია, ამასთან, მათი ნევმები განსხვავებულია ბერძნულისაგან, რაც უკვე იმდროინდელი (X ს.) ქართული გალობის თვითმყოფადობაზე მიუთითებს. ამ ფაქტს მოწმობს, აგრეთვე, წმიდა გიორგი მთაწმიდელის მიერ მოხსენიებული ქართული „ავაჯი“ (ჰანგი) და მიქაელ მოდრეკილის მიერ შეკრებილი ბერძნული და ქართული საგალობლები. ქალბატონმა მანანამ დამსწრეებს მოუთხრო საქართველოს ეკლესიის ძნელბედობის პერიოდების შესახებ, როდესაც ქართველი სასულიერო იერარქები და მრევლი (მათ შორის დღეს წმიდანად შერაცხილნი) თავგამოდებით ცდილობდნენ წინაპართა მიერ შემონახული ქართული გალობის დაფიქსირებასა და თაობათათვის გადაცემას, რისი შედეგიცაა დღეს ჩვენს ხელთ არსებული ათასობით საგალობელი.

ბატონმა სტათისმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ქალბატონ მანანას ქართული გალობის შესახებ, რაზედაც ამომწურავი პასუხი მიიღო. კერძოდ, ნათელი გახდა, რომ ქართულ კრებულებში არის სტრიქონზედა და სტრიქონქვედა ნევმები, თუმცა ნევმების ცალფა წყებაც არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ერთხმიანობას აღნიშნავდეს (ქართული გალობის XIX-XX საუკუნის შემკრებნიც დროის უქონლობის გამო ჰანგს კანონიკურ პირველ ხმაზე იწერდნენ ამასთან, მეორე და მესამე ხმის შეწყობის ზეპირი ტრადიცია არსებობდა). თავის მხრივ, პატივცემულმა სტუმარმა თავი აარიდა მუსიკისმცოდნე მაგდა სუხიაშვილის შეკითხვას, თუ რა ძირითადი მუსიკალური გამოხატულება აქვს რვა ხმათა სისტემას. საინტერესო, მცირე დისპუტი გაიმართა ბატონ სტათისსა და მუსიკისმცოდნე ეკატერინე ონიანს შორის, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ქართული ნევმური სისტემა, მართლაც, პრინციპულად განსხვავდება ბერძნულისგან. ყოველივე ამან ჩვენი სტუმრის პროფესიონალიზმი ეჭქვეშ დააყენა. მუსიკისმცოდნე თამაზ გაბისონიამ დამსწრეთ მიუთითა ყოველი ერის, როგორც სიტყვიერი, ისე მუსიკალური ენის არსებობის რეალობაზე, აგრეთვე - სახარების ქართულად თარგმნის პარალელურად ბიზანტიური სამგალობლო მუსიკის ქართულზე „თარგმნის“ გარდუვალობაზე. ქართული საეკლესიო გალობის ცენტრის მეთაურმა, მუსიკისმცოდნე მალხაზ ერქვანიძემ შენიშვნა გამოთქვა ბატონი სტათისის სიტყვებზე: „გალობა ხელოვნების დარგია და არავინ არ უნდა იყოს შეზღუდული, იგალობოს ის, რაც მოსწონს“. ბატონმა მალხაზმა შეახსენა დამსწრეთ, რომ ეკლესიაში ამგვარი თავისუფლება თვითნებობას უახლოვდება და რომ ის, თუ რა უნდა იგალობებოდეს ეკლესიაში, ეპისკოპატის გადასაწყვეტია.

ბატონმა სტათისმა გაიმეორა, რომ მას არ უფიქრია ორი ხსენებული ტრადიციის შედარება. ამის მიუხედავად, მისთვის გამოცანად დარჩა, თუ როგორ შეიძლება არამაჟორ-მინორულ (არაევროპულ) წყობაში მრავალხმიანი სტრუქტურის არსებობა. სტუმარს განემარტა, რომ ქართულ გალობას ბიზანტიურის მსგავსად გამოარჩევს ტეტრაქორდული წყობა, რვა-ხმა სისტემის მოდუსური ფრაზეოლოგია და სხვა ის ნიშნები, რაც უცხოა გვიანდელი, ევროპული წყობის არატრადიციული სამგალობლო ცდებისათვის.

ბატონმა სტათისმა აღნიშნა, რომ ბიზანტიური გალობა „ანტიკის შვილია“. მან აგრეთვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბიზანტიური გალობა მუსიკის მხრივ მსგავსია, ბერძნული ხალხური მუსიკისა.

დასასრულს, მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა რუსუდან წურწუმიამ მადლობა მოუხადა პატივცემულ სტუმარს ნაყოფიერი შეხვედრისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერძენი და ქართველი მუსიკისმცოდნეების სამეცნიერო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც დაგვეხმარება ერთმანეთის საეკლესიო სამუსიკო კულტურის უკეთ გაცნობაში.

საეკლესიო გალობის ცენტრი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge-დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 19:08)