ძველი ქართული თარგმანი
თქუმული წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა, ძმისა წმიდისა და დიდისა ბასილისი1

უფალო, წარმიმართე.

კეთილი წესიერებაჲ დადვა ღმერთმან ჩუენთა ამათ დღესასწაულთა ზედა, რომელნი-ესე შემდგომითი-შემდგომად აღვასრულენით დღეთა ამათ და აღვასრულებთ. ხოლო წესიერებაჲ ესე არს, ვითარცა დიდმან პავლე ბრძანა, რომელმან ძალითა სულისაჲთა პირველითგან უწყოდა, რამეთუ იტყჳს იგი პირველად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა დაწესებასა, და მერმე მწყემსთა და მოძღუართასა (I კორ. 12.28). და ეგრეთვე არს აწ წესი ესე სულიერთა ამათ კრებათაჲ. რამეთუ პირველსა მას არა აღვჰრაცხავ მე სხუათა თანა, რამეთუ ვინაჲთგან მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შობისაჲ წმიდისაგან ქალწულისა არა ოდენ კრებაჲ არს წმიდაჲ, არამედ წმიდაჲ არს წმიდათაჲ და კრებაჲ კრებათაჲ. არამედ შემდგომნი იგი მისნი ვთქუნეთ, რომელ-იგი პირველ მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი იქმნნეს აღმასრულებელ კრებისა ჩუენისა. რამეთუ ორივე ესე მადლი მათ თანა იყო - მოციქულობისაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ. ხოლო ესე არიან: სტეფანე, პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე. ხოლო შემდგომად მათსა, კუალად წესისა და ჯერისაებრ არს წინამძღუარ კრებისა ამის ჩუენისა მწყემსი ესე და მოძღუარი.

ხოლო ვინ არს ესე? ვთქუაა სახელი, ანუ კმა არს მადლი იგი მისი, თჳნიერ სახელისაცა, გამოჩინებად მისსა? რამეთუ რაჟამს მოძღუარი და მწყემსი გესმას, შემდგომად მოციქულთასა გულისჴმა-ყავ ჭეშმარიტი იგი მოძღუარი და მწყემსი; ამას ვიტყჳ ჭურსა მას რჩეულსა, მაღალსა საქმითაცა და სიტყჳთა, ბასილის, მკჳრცხლსა მას ღმრთისა მიმართ შობითგან, მჴცოვანსა გონებითა სიყრმითგან, რომელი განსწავლულ იქმნა მსგავსად მოსესსა ყოვლითა მით სიბრძნითა გარეშითა (საქმე მოც. 7.22), ხოლო საღმრთოთა მათ წერილთა სიჩჩოჲთგანვე აღსასრულადმდე არა განეშორა, ამისთჳსცა მოძღურად ყოველთა კაცთა ყო იგი ღმერთმან, ყოვლითავე სიბრძნითა - საღმრთოჲთაცა და კაცობრივითა, და ორკერძოვე მძლე ყო ყოველთა წინააღმდგომთა. და რამეთუ მწვალებელთა სიღრმესა მას შინა წერილისასა დანთქმიდა, ხოლო წარმართთა მათითავე სიტყჳთა შეიპყრობდა, ხოლო ძლევაჲ იგი არა დაცემაჲ იყო ძლეულთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღდგომაჲ. უკუეთუმცა ოდენ არა სრულიად დაიბნელნიან გონებანი, არამედ მოვიდიან ჭეშმარიტებისა გულისჴმის-ყოფასა.

ესე არს უკუე დამგებელ დღენდელისა ამის ტაბლისა დამგებელ ჩუენდა, ჴმამაღალი იგი ქადაგი სულისა წმიდისაჲ, ახოვანი ქრისტეს მჴედარი, ნესტჳ იგი ღმრთისმეტყუელებისაჲ, მბრძოლი წინააღმდგომთა ქრისტესთაჲ, რომლისა მოციქულთა შემდგომებასა ჟამი ოდენ იქმს. რამეთუ, უკუეთუმცა ბასილი დღეთა მათ პავლესთა ყოფილ იყო, მისთანავემცა აღწერილ იყო და არა შემდგომად მისს[ა], და ამას არა გარეგან ჭეშმარიტებისა ვიტყჳ; და ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ წმიდანი თუ ჟამითა უპირატეს და უკუანაჲს იქმნნეს, ესე დაუტევოთ, რამეთუ სათნოებისა მიმართ ჟამისა უპირატესობაჲ და შემდგომებაჲ ერთ არს, ვინაჲთგან სათნოებისა სიდიდე გონებისაგან იქმნების და არა ჟამისაგან. არამედ გამოვიძიოთ სარწმუნოებაჲ ამისი სარწმუნოებასა თანა პავლესსა და სიტყუაჲ სიტყუასა თანა, და ესრეთ იპოოს ჭეშმარიტებით, ვითარმედ ერთი იგი მადლი იყო სულისა წმიდისა ორთავე ამათ სწორთა და სრულებით აღმავსებელი. უკუეთუ კულა პავლე ადრე იყო და ბასილი შემდგომად მრავალთა ჟამთასა გამოჩნდა, ესე ღმრთისა განგებულებისა საქმე არს და არა უდარესობაჲ სათნოებისაჲ. რამეთუ მოსეცა აბრაჰამის შემდგომად იყო და სამოელ - მოსესსა, და ელია - სამოელისსა, და დიდი იგი ნაშობთა შორის დედათაჲსა იოვანე - ელიაჲსსა; და ესრეთღა პავლე და სხუანი იგი მოციქულნი, და შემდგომად მათსა - ბასილი.

და ვითარცა-იგი პირველთა მათ წმიდათა ზედა არარაჲ უდარესობაჲ შემოიღო ჟამისა უკუანაჲსკნელობამან, ეგრეთვე აქაცა დავიდუმოთ ჟამთა უკუანაჲსკნელობაჲ, რამეთუ ესე ღმრთისა განგებულებისა საქმე არს, რომელმან-იგი ყოველივე უწყის უწინარეს ყოფისა, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს (დან. 13.42), და მანვე უწყოდა თითოეულთა ჟამთა შინა გამოჩინებადი იგი ეშმაკისა სენი კაცთა ზედა, და ეგრეთვე თითოეულისა სენისა შემსგავსებული მკურნალი განაგო პირველითგანვე. ამისთჳსცა, გამოჩნდა რაჲ ბოროტებაჲ იგი ქალდეველთაჲ ოდესმე, რომელნი-იგი მიზეზსა ყოველთა დაბადებულთა საქმისასა ვარსკულავთა მიაჩემებდეს, მაშინ აღადგინა აბრაჰამ, რომელმან იცნა დაბადებულთა მიერ დამბადებელი და სხუათაცა წინამძღუარ სარწმუნოებისა ექმნა.

და კუალად, განძლიერდა რაჲ გრძნებაჲ იგი მეგჳპტელთაჲ, გამოაჩინა მოსე, რომელმან გარდამატებულებითა მით სიბრძნისა თჳსისაჲთა უჩინო-ყო უკეთურებაჲ მათი, ვითარცა უწყით ყოველთა, რომელთა აღმოგიკითხავს წერილი, ვითარ სძლო გრძნეულთა მათ (გამოსლ. 7.9-12). ხოლო შემდგომთა მათ ჟამთა შინა, რაჟამს ისრაელნი უმთავროებითა ბოროტსა შინა იყვნეს, გამოაჩინა სამოელ, რომელმან ასწავა მათ კეთილი და განაყენებდა უცხოთელსთა შეერთებისაგან; და მერმე მეფობაჲ დაუდვა მათ და შჯულისმდებელ იქმნა მეფობისა.

ხოლო შემდგომად მრავალთა ნათესავათაჲსა აღდგა რაჲ აქაბ, დედაკაცისა დამონებული იგი, განვარდა ღმრთისაგან მის მიერ და შემოიღო კერპთმსახურებაჲ ისრაელთა ერსა ზედა; მაშინ კუალად გამოაჩინა ღმერთმან ელია, რომელსა აქუნდა ძალი, შემსგავსებული განკურნებად დიდისა მის სენისა, კაცი განშორებული შუებათაგან ჴორციელთა, დაბურვილი თმითა თჳსითა, მყოფი უდაბნოსა შინა, მოსილი ხალენითა, მოთმინე ყინელთა შინა და სიცხეთა, რომელი-[იგი] გამოუჩნდა ერსა და სიყმილისა მის ტანჯვითა შეეხო მათ და განკურნა ფრიადი იგი ბოროტი, ცეცხლითა რაჲ წყლისა მიერ დაწუა შესაწირავი იგი.

კუალად შემდგომად მრავლისა ჟამისა აღდგა ძალითა მით და სულითა ელიაჲსითა სავსე ძე ზაქარიაჲსი და ელისაბედისი, რომელი-იგი მრავალთა მათ ცოდვათა ერისათა და უშჯულოებათა ქადაგებითა მით სინანულისაჲთა დაჰჴსნიდა და ნათლისღებასა ქადაგებდა (მათე 3.1-12). და შემდგომად ქრისტეს ჩუენგან ამაღლებისა განივლინნეს მოციქულნი ქადაგებად, რომელთაგან ერთი არს პავლე. ხოლო იხილენ, თუ ნუუკუე ნაკლულევანება რაჲმე იქმნაა ამას, სხუათა მათგან წმიდათა, ჟამისა მიერ? ანუ არა, მეყსეულად აღეხილნეს რაჲ თუალნი და აღეძარცუა საბურველი ჰურიათა სიბრმისაჲ, იქმნა ტრფიალ ნათლისა მის, რომელი ეჩუენა; და განიბანა რაჲ წმიდითა მით საბანელითა, მეყსეულად არა საღმრთოჲ იგი ბუნებაჲ შეიმოსაა და აღიძარცუა ჴორცთა იგი ზრქელი მთავრობაჲ და უხილავთა მათ შინა ზეცისათა იქცეოდა და მუნით მოიღო ძალი სიტყჳსაჲ და განანათლნა ყოველნი წარმართანი?

ხოლო ეგრეთვე ჟამსა ამას გამოაჩინა ღმერთმან ნეტარი ესე, რაჲთა არა იყოს უკურნებელ სენი იგი ბოროტი, ეშმაკისა მიერ მოწევნული. ხოლო არა უმეცარ ხართ თქუენცა სენსა მას, რომლისა ზე იქმნა გამოჩინებაჲ მისი, რამეთუ ვინაჲთგან კერპთ[ა] მიმართ სიბორგილე ქრისტეს განკაცებითა განქარვებულ იქმნა, და იყო სოფელი მშჳდობით და ყოველსა ქუეყანასა ქადაგებულ იყო ღმრთისმსახურებაჲ, და მაცთური იგი კაცთაჲ არღარა მოხარულ იყო, რამეთუ ქრისტეს სახელითა განიდევნებოდა ქუეყანით. ხოლო ბრძენ არს უკეთური იგი და მრავალღონე ბოროტისა მიმართ. არა დააკლდა მას ღონე მისისა მის ბოროტებისაჲ, რაჲთამცა კუალად საცთურითა მით მოიმორჩილნა კაცნი; არამედ სახითა მით ქრისტიანობისაჲთა შემოიღო კერპთმსახურებაჲ, რამეთუ დაუბადებელსა მას ბუნებასა ზედა გამოთქუას დაბადებულებაჲ, რაჲთა ესრეთ თაყუანის-სცემდენ კაცნი არა დაუბადებელსა [და] დამბადებელსა ღმერთსა, არამედ დაბადებულსა, და დაბადებულისა მიმართ აქუნდეს სასოებაჲ და მისგან მოელოდინ საშჯელსა. ესრეთ შევიდა კაცთა მათ თანა, რომელნი-იგი შემძლებელ იყვნეს ყოვლისა მის უკეთურებისა მისისა დატევნად. არიოზს ვიტყჳ და აეტის, ევდოქსიოსს და ევნომიოსს და სხუათა მრავალთა, რომელთა მიერ მოკლებული იგი კერპთმსახურებაჲ კუალად აღორძნდა და დაიპყრა სოფელი ბოროტმან, ვინაჲთგან მეფენიცა და მთავარნი შემწე მისსა იყვნეს.

მაშინ უკუე ღმრთისა მიერ გამოჩნდა ბასილი, ვითარცა აქაბის ზე ელია და დაცემულსა მას წესსა მღდელობისასა ჴელი აღუპყრა და სანთელი იგი დაშრეტილი სარწმუნოებისაჲ განაბრწყინვა კუალად მის თანა დამკჳდრებულისა მის მადლისა მიერ, და ვითარცა ღამით, ზღუასა შინა შეცთომილთა ცეცხლი, ესრეთ გამოუჩნდა ეკლესიასა და ყოველნი [სი]მართლისა გზისა მომართ მოაქცინა. წინა-აღუდგებოდა მთავართა, ეშჯოდა ეპარხოსთა, სიტყუას-უგებდა ერისთავთა, კადნიერ იყო წინაშე მეფეთა, ღაღადებდა ეკლესიათა ზედა; შორიელთა მათ, პავლესებრ დიდისა, ებისტოლებითა უწოდდა. უძლეველ იყო წინააღმდგომთა მიერ, რამეთუ უშიშ იყო განმაქიქებელთაგან, რომელსა თჳთ თავი თჳსი სასოებისა მისთჳს სასუფეველისა განექიქა. უშიშ იყო ექსორიობისაგან, რომელმან ერთი ოდენ იცოდა მამულად თჳსად, რომელ არს სამოთხე, ხოლო ყოველსავე ამას სოფელსა ადგილად ექსორიობისა ბუნებისა ჩუენისა სახელ-სდებდა. ხოლო სიკუდილისაგან ოდესმცა შეძრწუნდა, რომელი-იგი მარადღე თავსა თჳსსა მოაკუდინებდა, რომელსა განსაცდელად უჩნდა, რომელ არა მრავალგზის მოკუდებოდა სიკუდილითა მით მოწამეთაჲთა, ვინაჲთგან ბუნებაჲ ჩუენი ერთისა სიკუდილისა თანამდებ არს.

რაჲთა უკუე ნაკლულევან იქმნა იგი სხუათა მათ დიდთა წმიდათაგან? თქუთ, ჵ მონანო სამებისანო, და თქუთ მეცნიერებით; გამოიძიენით საქმენი მისნი სხუათასა თანა და იხილეთ, თუ რომლითა ნაკლულევან იქმნა მათგან.

შეიყუარა ღმერთი დიდმან პავლე, რამეთუ ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ; რომლისა მიერ არს სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ და სიკეთე მოთმინებისაჲ და ყოველნივე მადლნი სულისა წმიდისანი. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲზომ იყო პავლეს თანა საზომი სიყუარულისა ღმრთისაჲ. სთქუ განაღა, ვითარმედ: ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა მისითა (მათე 22.37); რამეთუ ესე დადვა სრულისა მის ღმრთისა სიყუარულისა საზომი შჯულმან, და რომელსაცა უკუე ყოველი გული თჳსი, სული და გონებაჲ შეემშჭუალოს ღმრთისადა და არარაჲსა მიმართ ჴორციელისა საქმისა მიდრკებოდის, იგი მიწთომილ არს სრულსა მას საზომსა სიყუარულისასა. ხოლო მოძღურისა ამის ჩუენისათჳს რაჲ სთქუა? - შეუძლოსა ვინმე გამოჩინებად, თუ სოფლისა საქმეთა რაჲსამეგანისა მიდრეკილ იყო; სიმდიდრისა მიმართ ანუ დიდებისა ანუ გულისთქუმისა, რომლისათჳს არცა საჴმარ არს თქუმად? ხოლო რაჟამს გამოჩნდეს, ვითარმედ ამათ ყოველთა მტერ იყო და მბრძოლ და არა თავისა თჳსისაგან ოდენ უჩინო-ჰყოფდა ამათ ყოველთა, არამედ სხუათაგანცა სწავლითა თჳსითა და სახითა საქმეთა მისთაჲთა, მაშინ საცნაურ იქმნას, ვითარმედ ესეზომ მოიგო სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲზომ არღარა ეტეოდა ბუნებასა შინა კაცთასა; რამეთუ რომელსა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა უყუარდეს ღმერთი, მას ადგილი არღარა აქუს უმეტესისა მიმართ მისლვად, ვინაჲთგან უკუე ესე არს სრული საზომი სიყუარულისაჲ - ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა. ხოლო უყუარდა ესრეთ ღმერთი პავლესცა და ბასილის, სწორედ სა[და]მე უყუარდა ორთავე, ჭეშმარიტად. ხოლო ვინაჲთგან სიყუარული სწორად აქუნდა, რომელი-იგი თავი არს ყოველთა სათნოებათაჲ, ვითარცა თჳთ იგი მოციქული უპატიოსნე[სა]დ წინაწარმეტყუელებისა უწოდს მას, უმტკიცეს სასოებისა (I კორ. 13.13) და სხუათა ყოველთავე კეთილთაჲსა, და უფალიცა შჯულისა და წინაწარმეტყუელთა ამისსა დამოკიდებასა იტყჳს (მათე 22.40). და ვინაჲთგან დიდსა ამას ზედა და მშობელსა ყოველთა სათნოებათასა, სწორ პავლესსა იყო, სხუათა მათცა ზედა სადმე, რომელნი-იგი სიყუარულისაგან იშვებიან, არა უდარეს მისსა არს, რამეთუ, ვითარცა, რომელსა ბუნებაჲ კაცთა აქუნ, ყოველივე აქუს. ეგრეთვე, რომელსა სიყუარული აქუნდეს სრული, ყოველნი იგი მისნი შემდგომნიცა სათნოებანი ჰქონან. რამეთუ, გინათუ სარწმუნოებისა მიერ ვცხონდებით, გინა სასოებისა, ანუ თუ მოთმინებისა (კორ. 13.7). სიყუარულსა ესე ყოველი აქუს მის თანა და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა თითოეულად ვიტყოდი; რომელნი-იგი ძირისა ამისგან სიყუარულისა სათნოებანი აღმოეცენებიან და რომელსაცა იგი აქუნდეს, არცა ერთისა-გან სათნოებისა ნაკლულევან არს. ხოლო ნეტარსა ბასილის აქუნდა იგი. არა სადმე ნაკლულევან იყო ერთისაგანცა კეთილისა.

არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: მან მესამე ცაჲ იხილა და მიიტაცა სამოთხედ და ესმნნეს გამოუთქუმელნი სიტყუანი (II კორ. 12.2), გარნა არცა იგი ცხადად ჴორცითა იქმნა ამის მადლისა შემწყნარებელ, ვითარცა თჳთ წამებს და არა დაჰფარავს იჭუეულებასა მას, ვითარმედ: ”გინა თუ ჴორციელად, ანუ თუ გარეგან ჴორცთა, არა უწყი, ღმერთმან უწყის” (II კორ. 12.3). და ამისთჳსცა ვთქუა მე, ვითარმედ: ჴორციელად თუ არა უხილავს ესევითარი, არამედ ხილვითა მით გონიერითა არარაჲ ამათგანი დაუტეობიეს უხილავად. და მოწამე არს მის მიერ თქუმული იგი საკითხავი, რომელი აღწერა და დაგჳტევა ჩუენ.

კუალად მან იერუსალემით ილურიკედმდე ქადაგა სახარებაჲ (რომ. 15.19) და ამანცა ყოველი სოფელი აღავსო ქადაგებითა.

რაჲ ვთქუათ სხუათა მათთჳს საქმეთა მისთა, რომელთა ესე კეთილად მიემსგავსა; რამეთუ ჯუარს-ეცუა იგი სოფლისა, და ამისდაცა ყოველი სოფელი ჯუარცუმულ იყო (გალატ. 6.14). მოაკუდინნა მან ჴორცნი; აღასრულა ესე ამანცა; და ცხორებაჲ ორთაჲვე ქრისტე იყო და ორთავე სარგებელად აქუნდა მისთჳს სიკუდილი და წარსლვაჲ ღმრთისა, ვიდრეღა ყოფაჲ უბადრუკსა ამას სოფელსა შინა.

კუალად, უკუეთუ დიდისა ნათლისმცემელისა იოვანეს თანა გამოვიძიოთ საქმე ამისი, არა ვიტყჳ, თუ: არა უზეშთაეს არს იგი, რომელი სიტყუამან ჭეშმარიტებისამან წამა, ვითარმედ: უზეშთაეს არს ნაშობთა შორის დედათაჲსა (მათე 11.11), არამედ რაჲთა ვიხილოთ, თუ ვითარ ეშურებოდა ყოვლითურთ ცხორებასა მისსა, ესრეთ გულისჴმა-ვყოთ:

არა იყო იოანე მოსილ სამოსლითა ჩჩჳლითა, არცა ლერწამ, შერყეულ ქართა მიერ. ხოლო ამას ზედა - ვინ რაჲ გუაბრალოს, ვთქუათ თუ, ვითარმედ: არა უდარესად დიდისა იოვანესსა აქუნდა მას ესე. რამეთუ ვინ არა უწყის, ვითარ-იგი ყოვლისა ჩჩჳლისა და ჴორცთა განმსუენებელისა2 საქმისა მბრძოლ იქმნა და მარადის ღუაწლი უყუარდა და მოთმინება სიცხეთა შინა და სიცივეთა; მარხვითა და მღჳძარებითა განლინა ჴორცნი და ქალაქთა შინა, ვითარცა უდაბნოთა იქცეოდა, და არარაჲ ევნებოდა სიმრავლისა მისგან; და უდაბნონი აღავსნა მონაზონთა მიერ; რამეთუ არცა სხუათა თანა ყოფითა დაყუდებასა მისსა ევნებოდა, არცა, მარტოდ რაჲ არნ, ურგებად იყო სხუათასა.

ხოლო არა ლერწამ ყოფასა მისსა, არცა ქართა მიერ შერყეულობასა გჳჩუენებს ყოველთა მიერ განსაცდელთა შინა მიუდრეკელობა[ჲ] მისი კეთილისაგან; რამეთუ სათნო-ეყო პირველითგან უპოვარება და კლდე შეურყეველ იქმნა გულისსიტყუაჲ იგი; სურვილ იქმნა სიწმიდით ცხორებისა, და მთა მაღალ და მიუდრეკელ იყო სურვილი იგი და არა ლერწამ, განსაცდელთა მიერ შერყეულ.

ხოლო სიყუარულისა მისისა, რომელი წმიდისა მიმართ აქუნდა, რაჲ იყო მიმდრეკელ? - არცა სიკუდილი, არცა ცხორებაჲ, არცა საწუთროჲ, არცა საუკუნოჲ (რომ. 8.38) შემძლებელ იყო მისისა სიყუარულისა შერყევად ღმრთისაგან.

და ეგრეთ, ყოველთა შინა სათნოებათა არა იყო იგი ლერწამ ადრე მიმდრეკელ, არამედ კლდე შეურყეველ. კადნიერ [იყო] იოვანე ჰეროდეს მიმართ და ესე - უალის მიმართ. ვიხილოთ ორთავე ამათ განყოფილება; რამეთუ იგი ჴელმწიფე იყო ერთსა ქუეყანასა პალესტინისასა ბრძანებითა ჰრომთაჲთა, ხოლო ამას აქუნდა სპარსეთითგან ვიდრე ვრეტანიადმდე და უკეანოსაჲ ზღუად, და მისი წინააღმდგომი იყო დედაკაცსა მას ზედა უშჯულოებისათჳს, რაჲთა აღჳრ-ასხნეს გულისთქუმათა მათ. ხოლო უალის მიმართ მოძღურისა იგი კადნიერებაჲ ამისთჳს იყო, რაჲთა შეუხებელად დაიცვას ქრისტეს სარწმუნოებაჲ და არა შეაგინოს ყოველი სოფელი. დადევთ უკუე მძლავრებაჲ ამისი და ძალი ჰეროდეს თანა, და საქმე იგი - ამას თანა; რამეთუ მუნ შეგინება იგი ჰეროდესი ოდენ იყო, ხოლო აქა - გარდაქცევა იგი სარწმუნოებისა, [და] ყოვლისა სოფლისა წარწყმედა. დაადგრა იგი, ვიდრე სიკუდილადმდე კადნიერებასა შინა და ესეცა არა შეშინებულ იქმნა სიკუდილისაგან ყოლადვე.

მივიდეთ ელიაჲს თანა, დიდისა მის, და ვიხილოთ, ვითარ-იგი მისსაცა ცხორებასა მიემსგავსა ნეტარი იგი. რაჲ არს უკუე მსგავსება მისი მოძღუარსა მის მიერ ჩუენისა: შური სარწმუნოებისათჳს, შერისხვა[ჲ] ურჩულოთაჲ საშინელებით, სიყუარული წმიდაჲ, მარადის სურვილი ჭეშმარიტებისა მიმართ, არარაჲსა ჴორციელისა მიმართ მიდრეკილი ცხორებაჲ; მაღალი ყოვლისაგან ხილვა[ჲ] მისი, შემსგავსებული სულისა მისისა წესსა; პატიოსნება[ჲ] და წესიერება[ჲ] ჭეშმარიტი, არა მოპოვნებული ტყუ[ვ]ილით; დაყუდება უძლიერესი სიტყჳსა; ზრუნვაჲ საუკუნეთა მათ სასოებათათჳს; შეურაცხება წარმავალთა ამათ; სიმდაბლე ჯეროანი; - ესე არიან და მსგავსნი ამათნი, რომლითა მიემსგავსა ცხორებაჲ მოძღურისა ელიაჲსსა. უკუეთუ კულა ორმეოცისა დღისა იგი მარხვა[ჲ] ელიაჲსა ვინ წინა-მიყო, მე მოძღურისა მის ყოველთა დღეთა მარხვაჲ უჩუენო, და კუალად ესეცა უთხრა, ვითარმედ: მუნ პური იგი, რომელი ჭამა უწინარეს მარხვისა მის, უცხოჲ რაჲმე ძალი იყო მას შინა, რომელმან მისცა წინაწარმეტყუელსა ესეზომისა მის ჟამისა მარხვისა ძალი, და ესე საცნაურ არს ამის მიერ, ვითარმედ, რომელმან-იგი მოართუა ჭამადი, არა კაცთაგანი იყო, არამედ ანგელოზთაჲ. ამისთჳს მოუდნობელ იყო ძალი იგი მისგან. ხოლო აქა არღარაჲ ახალი იქმნა საკჳრველი, არამედ საზომ საზრდელისა გონებაჲ იყო, რომელი არა ესეზომსა მისცემდა ჴორცთა, რაჲზომ ბუნებაჲ ითხოვნ, არამედ ვითარ-იგი მარხვისა შჯული ბრძანებს. ხოლო მღდელობაჲ იგი მოძღურისაჲ მიემსგავსა ჭეშმარიტად სახესა მას წინაწარმეტყუელისა მიერ აღსრულებულსა, რომელი-იგი ძალითა მით სამებისაჲთა ცეცხლსა მას ზეცისასა მარადის წმიდასა მას შესაწირავსა ზედა გარდამოიყვანებდა, რომელი-იგი არს მადლი სულისა წმიდისაჲ.

უწჳმროებაჲ კუალად მოძღუარმან არცა მოაწია, არცა დაჰჴსნა. რამეთუ წინაწარმეტყუელმან მოაწია წყლულებაჲ იგი და ამისთჳს თჳთვე იქმნა მკურნალ მისსა. და უფროჲსად ამან მოაწია არა, არამედ ღმრთისა მიერ მოწევნული იგი, რომელ ყოველივე ზამთარი უწჳმროებით იქმნა, თჳსითა ვედრებითა დააცხრვო.

და რომელი-იგი მან გამოზარდა ქურივი, მისი სახე აქუს ჩუენსაცა მოძღუარსა; რამეთუ სიყმილი ოდესმე მოიწია ქალაქსა ზედა მისსა, და რაჟამს-იგი ძნიად შემძლებელ იყვნეს სხუანი თავთა თჳსთა გამოზრდად, მან ნეტარმან გამოზარდნა ყოველნივე ქალაქისა მისისა და გარემო სოფელთა გლახაკნი.

უკუეთუ კულა ელია ცეცხლისა ეტლითა ამაღლდა, დიდ არს საქმე იგი და საკჳრველ. გარნა ამისიცა აღსლვაჲ ზეცად არა უდარეს არს, რომელმან ეტლად მიიხუნა სათნოებანი და მოქალაქობაჲ იგი ცეცხლისფერი. სამოელისებრ ღმრთისა შეწირულ იყო და შობაჲ მისი ღმრთისა მოცემულ, რომელი-იგი სასიკუდინოჲთა სენითა შეპყრობილ იქმნა, ყრმა რაჲ იყო ჩჩჳლ. იხილა მამამან ჩუენმან ჩუენებასა ღამისასა უფალი, რომელი ეტყოდა: ”წარვედ, ცოცხალ არს ძე შენი”. და გან-რაჲ-იღჳძა, პოვა-ცა ესრეთ.

და მღდელობითა უზეშთაეს იქმნა სამოელისსაცა, რამეთუ მსხუერპლსა მას სიტყჳერსა უსისხლოსა შესწირვიდა მშჳდობისათჳს სოფლისა და ცოდვათა შენდობისათჳს ყოველთაჲსა, დაჴსნად წვალებისა და გარე-მიქცევად ბარბაროზთა.

ხოლო მოსე დიდი წინამდებარე არს ყოველთა სახედ სათნოებისა. ვიხილოთ უკუე, ვითარ ესე ჰბაძვიდა მას; რამეთუ მოსე იშვილა ასულმან ფარაოჲსმან სძითა მისისავე დედისაჲთა; ეგრეთვე ესე ნეტარი ისწავლიდა საფილოსოფოსოთა მათ სწავლათა და სძისა მისგან ეკლესიისა არა დააკლდა. უვარ-ყო მოსე მტყუვარისა მის დედისა შვილობაჲ, და უვარ-ყო ამანცა არაჭეშმარიტი იგი, რომელი არაოდეს შეიყუარა. რამეთუ ყოველი ზუაობაჲ ფილოსოფოსთაჲ განაგდო და ამაოჲ იგი დიდებაჲ და ყოველივე სიყუარული მისი იყო სიმდაბლისა მიმართ. მოაკუდინა ამანცა ნივთი იგი ვნებათაჲ, ვითარცა მან მეგჳბტელი, და შეეწია ესე სიწმიდესა, ვითარცა იგი - ჰურიასა მას. დაუტევა მოსე ეგჳბტე და წარვიდა უდაბნოჲსა კერძოთა; დაუტევა ამანცა ყოველი ამბოხებაჲ ქალაქისაჲ და იყოფოდა უდაბნოთა შინა, ვიდრე ჟამამდე გამოჩინებისა მისისა. განათლდა იგი ცეცხლითა მით მაყულოვნისაჲთა; არამედ ამისიცა მაქუს ესევითარი, რამეთუ ილოცავნ რაჲ ღამით თჳსსა მას სენაკსა, ნათელი მოეფინის ზეცით არა ნივთიერი, არამედ საღმრთოჲ.

იჴსნა მოსე ერი იგი მძლავრისა მისგან; ეწამების ჩუენსაცა ამას შჯულისმდებელსა ამისთჳს ყოველი ერი, რომელი-იგი მღდელთმოძღურებითა მისითა ღმრთისა მიიყვანა.

და რად საჴმარ არს თითოეულისა თქუმაჲ, რომელნი ამან წყალსა წიაღ-იყვანნა; რავდენთა სიტყჳთა თჳსითა სუეტი იგი ცეცხლისაჲ უჩუენა; რავდენნი ღრუბლითა მით სულისაჲთა აცხოვნნა; რავდენნი ზეცისა საზრდელითა გამოზარდნა; ვითარ მიემსგავსის კლდესა, რომელსა კუერთხი გამომდინარე ჰყოფდა, რაჟამს ამანცა ნიში იგი ჯუარისაჲ პირსა ზედა გამოსახის, - ვითარ ასუმიდა ერსა მას წყურიელსა წყაროჲ იგი, უფსკრულისა მსგავსი სიმდიდრითა.

ვითარნი ამან საწამებელნი კარავნი აღაშენნა, სამკჳდრებელნი გლახაკთანი, რომელ მის ზე სანატრელ იყო სიგლახაკე! და კუალად, ჭეშმარიტად კარვად, სამკჳდრებელად ღმრთისა, თჳსი სული შეამკო და სუეტნი აღჰმართნა მას შინა მტკიცენი, რომელ არიან გულიუსსიტყუანი ღმრთისმოშიშებისანი. და ეგრეთვე საბანელი აღაშენა მუნ შინა წარმჴოცელად ყოველთა ბიწთა სულისათა წყლითა მით ცრემლთა თუალთა მისთაჲთა.

რავდენნი სასანთლენი აღჰმართნა სულსა შინა თითოეულისასა, რომელთა შინაგანნი განაბრწყინვნა სიტყჳთა თჳსითა! რავდენნი აღაშენნა და ქმნნა ლოცვისა საკურთხეველნი და სასაკუმეველნი უზაკუველისა მის ოქროჲსაგან, რომელ არს ჭეშმარიტი და წმიდაჲ გონებაჲ, რომლისა ბრწყინვალებაჲ მძიმემან ცუდად მზუაობრობისა ბნელმან არა დააშავა!

რად საჴმარ არს დაფარულისა მის კიდობნისათჳს თქუმად, რომელი თითოეულსა შორის შეუქმნა და ფიცარნი იგი აღთქუმისანი, საღმრთოჲთა თითითა წერილნი, თითოეულისა სულსა შინა დასხნა, და უფროჲსად თჳთ გულსა თითოეულისასა ჰყოფდა კიდობან, შემწყნარებელ საიდუმლოთა მათ სულიერთა, რომელთა შინა დაიწერების შჯული აღსრულებითა მისითა, ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ ესე გამოითარგმანების თითად ღმრთისა.

მის შორის კუერთხი იგი მღდელობისაჲ თჳსითა ნაყოფითა ყუაოდა ძალითა მით სიწმიდისაჲთა და ტაკუკი იგი მანანაჲსაგან არა დაცარიელდებოდა, რამეთუ სული ცარიელ მაშინ იქმნების საზრდელისა მისგან ზეცისა, რაჟამს ცოდვაჲ შევიდეს მას შინა და მანანაჲ იგი უჩინო ყოს, ხოლო მანანაჲ არს ზეცისა იგი პური.

რადღა საჴმარ არს თქუმად, რომელი-იგი ყოველთა უწყით, თუ ვითარ შეიმოსდა იგი სამღდელოსა მას სამოსელსა და სხუათა მათ შეამკობდა თჳსითა მით სახითა; ვითარ-იგი მარადის მკერდსა ზედა აქუნდა სამკაული იგი ჭეშმარიტებისაჲ, და სხუაჲ ყოველივე თქუენ გულისჴმა-ყავთ, ვითარ სახე მისსა იყო, რომელი-იგი თჳთ ესევითარი იყო და სხუათაცა ზიარ შუენიერებისა მისისა ჰყოფდა.

მრავალგზის გჳხილავს იგი შინაგან ნისლსა მას შესრული, სადა ღმერთი იყო, რამეთუ რაჲ-იგი სხუათა მიერ უცნაურ და უხილავ იყო, მას გამოუცხადებდა ძალი იგი სულისაჲ, ვიდრეღა თჳთ მას ნისლსა შევიდის, სადა-იგი სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაფარულ არს.

მრავალგზის აღუდგა პირისპირ ამალეკსა და საჭურველად იჴმარის ლოცვაჲ, რომელმან, ჴელნი რაჲ აღიპყრნის, ჭეშმარიტმან მან იესუ, დასცინის მბრძოლნი იგი. მრავალთა მანქანებანი ბალამის მსგავსნი მან უჩინო-ყვნა, რომელნი არა ჭეშმარიტსა მას სიტყუასა ისმენდეს, არამედ ვირებრივსა მას ეშმაკთა სწავლასა ირწმუნებდეს; არამედ პირი მათი უქმ იყო, რამეთუ ლოცვაჲ იგი მოძღურისაჲ წყევასა მას კურთხევად შესცვალებდა.

ესე მითქუამს მე შემოკლებით, ხოლო გულისჴმა-ყოს ყოველთა მათ სახეთა საიდუმლოჲ ცხორებასა ამისსა შინა, რომელი არა უმეცარ იყოს მისდა; რომელმან-იგი მრავალთა მწამლველობანი, ქმნულნი ვიეთმე ზედა, უქმ და უჩინო ყვნა; არამედ საშუვალი ყოველივე დაუტეო და აღსასრული ორთაჲვე მოვიჴსენო.

დაუტევეს ორთავე ცხორებაჲ ესე. ხოლო საჴსენებელი ჴსენებათა სიყუარულისა მათისაჲ არცა ერთმან დაუტევა. რამეთუ არცა მოსეს საფლავი იპოვების, არცა ამისი დარჩა ნივთი რაჲმე მისი ქუეყანასა ზედა, არამედ, განვიდა რაჲ ცხორებასა ამისგან, მეყსეულად უჩინო იქმნა მის თანა ყოველივე ნივთი მისი, რაჲთა არა დაფარულ იყოს მიწისაგანთა შინა ნივთთა სიმაღლე მისისა სათნოებისაჲ; ვითარცა მოსესთჳს წამებს წერილი, ვითარმედ არა იპოვა საფლავი მისი ვიდრე დღენდელად დღედმდე (II შჯ. 34,6). ხოლო ამისი დაღაცათუ საფლავი საჩინო იქმნა, არამედ ნივთი არარაჲ იპოვა ქუეყანასა ზედა.

ვინაჲთგან უკუე ესრეთ არს საქმე ბასილისი, რომელ, რომელსაცა წმიდათაგანსა თანა-შეამსგავსო, არა ნაკლულევან იპოების.

კუალად, დაიწერა ჴსენებაჲ მისი დღესასწაულთა შორის ამას დღესა, რომელსა შინა აღესრულა. არამედ ჯერ-არს შესხმაჲ მისი საქმეთა მათ მიერ, რომელნი მისდა საყუარელ არიან. ვიხილოთ უკუე, თუ რაჲ არს მისდა საყუარელ.

ნუუკუე ვინმე კაციბრივთა საქმეთა მიერ ინებოს შესხმაჲ და ქებაჲ მისი მამულისაგან და ნათესავთა ჴორციელად; რამეთუ დაღაცათუ ესეცა დიდებულად აქუნდა, არამედ სიმრავლე კეთილთა მისთაჲ ამას ყოველსა შეურაცხ-ჰყოფს, რამეთუ ცხორებაჲ მისი წინააღმდგომ იყო ამის ყოვლისა ჴორციელთა ზედა ზუაობისა. ხოლო სულიერთა მათ საკჳრველებათა მისთა ქებაჲ და შესხმაჲ ჯეროვნად კაცთაგან შეუძლებელ არს. ამისთჳს უკუე, რაჲთა არა სიმდაბლესა თანა სიტყუათასა მდაბლად გამოჩნდეს დიდებაჲ მისი, ჯერ არს დუმილით განკჳრვებაჲ მისთა მათ საქმეთა ზედა, რამეთუ, რაჲ ვინ თქუას მისთჳს ღირსი სიტყუათაგან ქუეყანისათა, რაჲთამცა ესრეთ, ვითარცა არს, უჩუენა იგი კაცთა; ანუ თუ თქუას ვინ ჴორციელი იგი დიდებულთაგანობაჲ მისი, გარნა თავს იდვა-მცა მან ჴორცთა-მიერი და სისხლთა ქებაჲ, რომელი-იგი ჴორცთა მტერ იყო; რომელ მარადის, ვითარცა მონასა ბოროტსა და განდგომილსა, სტანჯვიდა მას და არაოდეს ულხენდა, ვითარცა მეფე უწყალოჲ. ხოლო რომელი-იგი ჴორცთა მიმართ ესრეთ იყო, ჴორციელთა საქმეთაგან მისი შესხმაჲ უგუნურებაჲ არს, რამეთუ ვითარ შეჰრაცხოს აწ პატივად, რომელი-იგი ამასვე ცხორებასა სირცხჳლად აქუნდა; ეგრეთვე უკუე არცა სოფლისა ნივთთაგან შეიწყნარებს იგი შესხმასა, რამეთუ, რომელი-იგი სოფელსა ევლტოდა და შ[ეშ]ჭირდებოდა აქა ყოფად, ვიდრეღა ცათაცა არა თავს-იდებდა, რაჲთამცა უმაღლეს მისსა იყვნეს; არამედ სულითა უზეშთაეს მათსა ამაღლდებოდა და ხილულთა დაუტევებდა და უხილავთა მათ შინა იქცეოდა და წინაშე ღმრთისა წარდგებოდა; და ვერ ეძლო საკრველსა მას ჴორცთასა გონებისა მისისა დაყენებად; მან ვითარ თავს-იდვას აწ ქებად სოფლისა საქმეთა მიერ?

დავიდუმოთ უკუე ქუეყანისა საქმეთა და მამულთათჳს თქუმად მის ზედა, რომელთაგანი არცა ერთი არს კეთილ რაჲმე ანუ სანატრელ. ხოლო მამული მისი იგი ვაჴსენოთ, რომელი მან ფრიად შეიყუარა და ესრეთ ისწრაფა, ვიდრემდის მიემთხჳა მას, და ნათესავი იგი წმიდაჲ. ხოლო რაჲ არს ნათესავი და მამული ბასილისი, ვიხილოთ. ნათესავი უკუე მისი არს თჳსებაჲ ღმრთისაჲ, და მამული მისი არს სათნოებაჲ. რამეთუ რომელმან ღმერთი შეიწყნაროს, ვითარცა მახარებელი იტყჳს, ჴელმწიფებაჲ აქუს მას შვილ ღმრთისა ყოფად (იოანე 1.12). აწ უკუე, რომელსა სათნოებაჲ აქუს, თჳსი არს იგი ღმრთისაჲ. ვითარცა მას სამოსლად აქუნდა ქალწულებაჲ და მონაგებად - სიბრძნე, და ტაძრად - სიმართლე და ჭეშმარიტებაჲ და სიწმიდე, რომელთა ზედა იხარებდა უფროჲს, ვიდრეღა, რომელნი-იგი ოქრომოლესულთა მათ ტაძართა შინა იშუებენ. რომელმანცა უკუე ესევითარისა მამულისა და ნათესავობისაგან შეასხას მას, მან ჭეშმარიტი თქუას, და რაჲ-იგი არს საყუარელ მისდა.

ხოლო ჴორცთათჳს და სისხლთა და სიმდიდრეთა წარმავალთა იქებოდენ მოყუარენი იგი სოფლისანი. აწ უკუე სიტყუაჲ ჩუენი ვერ მისწუთების შესხმად მისდა, ჴელოვნებითა ჴორციელითა, დაუტევოთ ესევითარი ესე საქმე. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: და ვითარ ვქმნათ შესხმაჲ მისი, უკუეთუ ჯეროვანი ქებაჲ მისი ჩუენ ვერ ძალ-გჳც და ჴორციელთა ამათ სიტყუათაგანი მას არა შუენის? ანუ ვითარ აღვასრულოთ სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, ვითარმედ ”ჴსენებაჲ მართლისაჲ ქებით აღესრულების”? (იგავნი 10.7) - ისმინეთ უკუე, რამეთუ არს ღონეცა, რომლითა შეუძლოთ შესხმად მისდა; ესე იგი არს, რაჲთა ჴსენებითა მისითა ვისწრაფდეთ მიმსგავსებად სათნოებისა მისისა სიკეთესა. რამეთუ ვითარცა რომელი სახესა და წერილსა ბეჭედსა ზედა თუალითა პატიოსნითა შემკობილსა ენებოს სხჳსადა მითხრობაჲ სიტყჳთ, და სხუამან დაჰბეჭდოს იგი ცჳლსა ზედა და ესრეთ უჩუენოს სხუათა, უჭეშმარიტეს იპოების მისი იგი, რომელმან ცჳლსა ზედა დაჰბეჭდის, ვიდრე სიტყჳთმეტყუელისაჲ მისი. ეგრეთვე, უკუეთუ ვის ენებოს შემკობაჲ სათნოებისაჲ და გამოაჩინოს იგი თავსა თჳსსა [შორის], უფრო შემძლებელ არს იგი ღირსებით ქებად მისდა, ვიდრეღა რომელი სიტყჳთ იტყოდის.

ეგრეთვე ჩუენ, ძმანო, შევამკოთ სიწმიდე მისი ჩუენითა მისდა მიმსგავსებითა, და უპოვარებაჲ მისი ვაქოთ ჩუენითა მისდა ბაძვითა; და შეურაცხებაჲ მისი სოფლისა მიმართ - ნუმცა სიტყჳთ ოდენ ითქუმის ჩუენ მიერ, თუ: ”კეთილ არს”, არამედ ჩუენცა შეურაცხ-ვყოთ სოფელი. ნუ იტყჳ ამას ოდენ, თუ იგი ღმრთისადა შემშჭუალულ იყო, არამედ შეემშჭუალე შენცა ღმერთსა. ნუცა ესრეთ ოდენ ჰქადაგებ, თუ: ”მისდა მონაგებ იყო საუკუნოჲ განსუენებაჲ”, არამედ შენცა დაიუნჯე მუნ განსუენებაჲ. მან შეცვალა ცხორებაჲ თჳსი ქუეყანით ზეცად, - შეცვალე შენცა, ვითარცა მოძღუარმან მან ქმნა. რამეთუ განმტკიცებული იგი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი. მიემსგავსე შენცა მოძღუარსა მას კეთილსა, რამეთუ სხუათაცა საქმეთა ზედა - მკურნალობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ანუ სხუასა რასმე, სირცხჳლ არს მოწფისათჳს, უკუეთუ სიტყჳთ აქებდეს მოძღუარსა თჳსსა და თჳთ მისისა ჴელოვნებისაგანი არარაჲ აქუნდეს. და ჰრქუან მას სხუათა, ვითარმედ: ვითარ მკურნალსა მოძღურად შენდა უწოდ, რომელმან არა იცი კურნებაჲ? ანუ ვითარ ფილოსოფოსი იყო მოძღუარ შენდა, რომელი-ეგე უსწავლელ ხარ? არამედ, რომელი ჴელოვანსა ვის მოძღურად აღიარებდეს და აქებდეს, მიემსგავსენ მას საქმითა, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ მისი.

ეგრეთვე უკუე ჩუენცა, რომელნი ბასილის, დიდსა მას და დიდებულსა, მოძღურად ჩუენდა სახელ-ვსდებთ, საქმით ვაჩუენოთ მოწფობაჲ მისი, რაჲთა მოვიგოთ საქმე იგი, რომელმან ყო იგი სახელოვან წინაშე ღმრთისა და კაცთა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

-------------------------------------------------------------------------------------

1 - ტექსტი დადგენილია შემდეგი ხელნაწერების გათვალისწინებით: A – A 55, 54r-58r (XI-XII სს.); B – A 142, 92r-99r (XI ს.); C – A 108, 127r-131r (XII ს.); D – A 394, 33r-37r (XVIII ს.).

2 - აქ A-ს აკლია. მნუსხველს ჰქონდა დეფექტური ნუსხა, თანაც ეს დეფექტი ვერ შეუნიშნავს და იმავე სტრიქონში აგრძელებს მომდევნო ფურცლის ტექსტს. A-ის დაკლებულ ტექსტს აღვადგენთ D-ის მიხედვით

 

თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა

ხელნაწერი გამოსაცემად მოამზადა მალხაზ კობიაშვილმა

ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, ტ. I, 2008 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 01 February 2013 14:25)