ძველ ქართულად

ოკტონბერსა: კთ:

გუაკურთხენ, მამაო!

1. ფრიად უკუე შუენიერისა და მრავალ-საწადელისა და საღმრთოჲსა ქებისა და ბრწყინვალედ შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და აღმასრულებელნი საღმრთოთა მცნებათა მისთანი. რამეთუ თავადი მეუფე და ღმერთი ჩუენი ჰნატრის მათ ბრძანებათა შინა სახარებისათა, იტყოდეს რაჲ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" და შემდგომითი-შემდგომად სხუანი იგი ყოველნი ნეტარებანი. ხოლო დასასრულსა ვითარცა ნიჭსა რას-მე და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა წინა უყოფს და სასყიდლად შრომათა მიჰმადლებს და ეტყჳს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ [არს] ცათა შინა". და სხუასა ადგილსა იტყჳს: "ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი ბოროტნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა". და კუალად მამაჲ ღმრთისაჲ დავით იტყჳს: "ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა[ჲ] ჩემი", და "ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს". ხოლო ესე სიხარული მოიწევის საღმრთოჲსა მისგან ნეტარებისა, რომელსა იგი-ვე წინაწარმეტყუელი დასაბამსა ფსალმუნთასა დასწერს ნეტარებასა კაცისასა "რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა" და კუალად: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა მავალნი შჯულსა უფლისასა".

და ყოლად ბრძნისა მამისა ყოლად ბრძენი ძე სოლომონ იტყჳს: "ნეტარ არს კაცი, რომელმან მოიგო გონიერებაჲ და მოკუდავმან, რომელმან პოვა მეცნიერებაჲ". ხოლო ოქრო[ჲ] აედონი ეკლესიისა[ჲ] პავლე ჴმობს: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ და კუალად გეტყჳ: გიხაროდენ". რამეთუ სარწმუნოებაჲ თქუენი სამარადისოსა ნეტარებასა მოგატყუებს თქუენ და ამით სასოებითა განმტკიცებულთა ძუელისა და ახლისა სჯულისა წმიდათა ისწავეს მოთმინებაჲ და სარწმუნოებით რბიოდეს გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, ვითარცა იგი-ვე პავლე, პირი ქრისტესი, იტყჳ[ს]: "რამეთუ არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მისთა ძალ საქმეთა მამხილებელ არა ხილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი" ძუელსა და ახალსა შინა საღმრთოდ განბრწყინვებულნი, რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მისგან მდიდრად აღმომდინარისა წყარო[ჲ]სა მრავალნი ირწყვებიან მტილნ[ი] და სამოთხენი და სიმრავლე ნერგთა თჳთოსახეთა[ჲ] მადლისა მისგან და ნიჭისა საღმრთო[ჲ]სა, ეგრეთ-ვე მოეფინების ყოველთა თითოეულად განფენა მადლთა, ვითარცა იგი-ვე პავლე ჴმობს: "განფენანი მადლთანი [არიან]" და თესლად-თესლადი ენათა და კუალად იტყჳს: "პირველად მოციქულნი, მწყემსნი და მოძღუარნი და მამანი დაეწესნეს", რამეთუ შემდგომითი შემდგომად არა დააკლებს მადლი სულისა აღმოშობად შვილთა მათ ემბაზისათა ვითარცა იგი სიტყუაჲ მეტყუელი, ვითარმედ: "მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით სახელითა მამისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისა[ჲ]თა; და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ". და შემდგომი. და სხჳთ "აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანაჲ", და კუალად მოციქული იტყჳს: იესუ ქრისტე, გუშინ და დღეს და იგი თავადი უკუნისამდე", რომელმან აწ-ცა აღმოაბრწყინვა ვითარცა რაჲ ელვა-ცისკროვნება[ჲ] ახალთა ამათ მნათობთა[ჲ] ახალსა სამყაროსა წმიდისა ეკლესიისა[სა], რაჲთა ვითარცა მთიები ბრწყინვიდენ პირსა ყოვლისა სოფლისასა და ბაძვად საღმრთოდ მოქალაქობისა გულსა ყოველთა მოსწრაფეთასა. რამეთუ აჰა ესერა ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა ჟამთა-ცა ჩუენთა იხილვნეს ახალნი მნათობნი და მოძღუარნი და მასწავლელნი, ვითარცა ძუელსა შინა ელია და იოვანე, და შემდგომად პავლე თებელი და დიდი ანტონი, მაკარი, ეფთჳმი, საბა და გერასიმე და რად გჳჴმს თჳთოეულად წარმოთქუმა[ჲ], ყოველნი მსგავსნი და მობაძავნი მათნი, რომელთა ვლეს მოსწრაფებით იწროჲ და საჭირველი გზაჲ, მიმყვანებელი ზეცისა ქალაქად, რომლისა ხუროთ-მოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს. ხოლო იტყჳან ვიეთნი-მე, ვითარმედ: "ჟამთა ამათ ჩუენთა არღარავის ჴელ-ეწიფების მსგავსებაჲ პირველთა მამათა[ჲ], რამეთუ განგებითა რა[ჲ]თმე საღმრთოჲთა მიფარულ არს". არამედ შენ ისმინე გულს-მოდგინედ, საყუარელო, რომლისათჳს აწ სიტყუაჲ წარმართებულ არს. რამეთუ ყოვლითურთ მსგავს იქმნა ამათ წმიდათა მამათა ყოლად ბრწყინვალე და ზეცისა ჩინებისა ღირსი ყოლად წმიდაჲ მამაჲ და მოძღუარი ნეტარი სერაპიონ.

გარნა ვიტყოდით ზოგს-რაჲმე შეკრებულთა ცხორებისა მისისათა აღწერით მოთხრობად და საღმრთოთა სმენის-მოყუარისა სიწმიდისა თქუენისა მოჴსენებად, ჵ პატიოსანო და საღმრთოო კრებულო და მწყობრ-მდგომობით მიმსგავსებულნო ზეცისა დასთანო, რომელნი მკჳდრ ჩინებულ ხართ ტალავართა ნამუშაკევთა მისთა, მღდელნო და მამანო უდაბნო[ჲ]სა დიდისა ზარზმისანო, რომელთა წილ კეთილ გხუდა დიდი ესე მნათობი მამაჲ, მამათა მოძღუარი და მასწავლელი, რაჲთა გუესმოდი[ა]ნ სწავლანი და საღმრთონი საქმენი და შრომანი მისნი და ვადიდებდეთ მამასა ზეცათასა, ვითარცა-იგი უფალი იტყჳს, ვითარმედ: "ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი", და შემდგომნი. ხოლო ჯერ არს ჩუენდა, ძმანო, რაჲთა ჩუენ-ცა ძალისაებრი ვაჩინოთ ბაძვა[ჲ] დიდისა მის მოძღურისა და მწყემსისა[ჲ], და აწ გულს-მოდგინედ და შრომის-მოყუარებით ვისმინოთ მცირე ესე სიტყჳსამიერი გამოხატვაჲ ვრცელისა მის ფრიად საწადელისა ცხორებისა მისისა და აწინდელისა აქა შემოკრებისაჲ. ხოლო ცრემლით ვევედრები სიყუარულსა თქუენსა ყოლად უღირსი ესე, რაჲთა თანა-ლმობილ იქმნეთ უძლურებისა ჩემისა მოცემად სიტყუაჲ ღირსი აღებასა პირისა ჩემისასა სიტყჳსა მიერ უსიტყუთა სიტყჳერ-მყოფელისა და უძლურთა განმაძლიერებელისა, რამეთუ იწყებს სიტყუაჲ დასაბამსა ცხორებისა მისისასა.

2. ესე ნეტარი და ყოლად ქებული სერაპიონ აღმოსცენდა ქუეყანასა კლარჯეთისასა მშობელთაგან ღირსთა და პატიოსნებით და ლიტონად ცხორებულთა, რომელნი შრომით და ქუეყანის-მოქმედებით იზარდებოდეს და ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა, და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის-აპყრობასა, და სიმშჳდით და სიმდაბლით იყოფვოდეს მსგავსად საწინაწარმეტყუელო[ჲ]სა სიტყჳსა: "ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა" და შემდგომი. ხოლო მამასა ამის ნეტარისასა ეწოდებოდა კჳპრიანე, ხოლო სახელსა დედისა მისისასა უმეცარ ვართ, არა თუ სახე-ბოროტებისა რაჲსათჳს-მე, არამედ ჟამთაგან დაფარვისათჳს, რამეთუ რომელმან ესევითარი გამოიღო ნაყოფი, ვერ ეგების მისი უშუერებით და უნდოდ წარწ\ყმედაჲ, ვითარცა უფალი-ცა იტყოდა: "ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად". ესრეთ დედაჲ ამისი ნეტარისა[ჲ] სახე-მოჴსენებელად დაიფარა სოფლით, რამეთუ ნათლად რაჲ გამოიყვანა წმიდაჲ ესე ნაშობი ორთა თანა ძმათა მისთა, რომელი ერთი იგი უხუცეს იყო და ერთი უმრწემეს, რომლისა ჴსენებაჲ მრავალგზის ეგულების სიტყუასა, რამეთუ შვნა რაჲ სამნი ესე ნაშობნი და განიხარა შვილთ-სხმისაგან, ვითარცა მეფსალმუნე დასწერს: "დედაჲ შვილთა ზედა სახარულევანი," ნათლად გამომყვანებელი მათი ნათლად წარუვალად მიიცვალა. ხოლო უმრწემესი ძე იოვანე დაშთა ყოლად უსრული და ენა-ბრგუნილი. იგი უკუე აზარდა მამამან მისმან კჳპრიანე, ვითარცა შეჰგავს მამასა შვილთ-მოყუარესა. არამედ შემდგომად არა მრავალთა წელთა აღესრულა მამა[ჲ]ცა ამათ ნეტართაჲ და წინაშე ღმრთისა მიიცვალა სიბერითა კეთილითა განპოხებული. და დაშთეს სამნი-ვე იგი ყრმანი მსგავსად ბაბილოვნისა ყრმათა ალსა მას შინა სიგლახაკისასა შეთხეულნი.

ხოლო აქა ეგულების სიტყუასა მცირედ წიაღსლვა[ჲ] სხუად მიმართ, რაჲთა უმეტეს გამოჩნდეს კეთილთა მათ ნერგთა ნაყოფთ-მცენარებაჲ, და ამისსა შემდგომად კუალად არა ოდენ ასწილ, არამედ უმეტეს-ცა რტო-განრთხმით გარდაფენილებაჲ ოცდაათეულად, სამოცეულად და ასეულად, რაჲთა დასასრულსა თხრობისასა გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარი ტკბილი და შუენიერი დამწიფდა ტევანი მათისა მის მოძღურებისა ნამუშაკევთაჲ,

3. არამედ აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა დიდთა მათთჳს უდაბნოთა და მონასტერთა მოვიჴსენოთ, თუ ვინა[ჲ] იქმნა შენება[ჲ] მათი, ანუ ვინ იყვნეს მაშენებელნი იგი, პირველად-სული იგი და მადლი საღმრთოჲ, და მერმე -- მის მიერ აღძრულნი წმიდანი იგი მამანი. რამეთუ აღეშენა რაჲ წმიდაჲ და დიდი უდაბნო[ჲ] ოპიზაჲ მონაზონთა მიერ, რომელთა ეწოდებოდა ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი. ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა მუნით და აღაშენა უწყებითა საღმრთოჲთა მცირე ეგუტერი და შესაკრებელი მცირეთა ძმათა[ჲ] ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან. ხოლო ესე სიტყუაჲ მამათა მიერ მოვალს ჩუენდა, რამეთუ მიქაელ იყო აღმაშენებელი, სასწაულთა და ნიშთა მოქმედი მაღალთა და დიდთაჲ, რომელი იყო მოწაფე დიდისა შიოჲსი საკჳრველთ-მოქმედისაჲ, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისა[ჲ], ბრწყინვიდა ქუეყანასა ქართლისასა.

ამისა ნეტარისა მიქაელის მიმართ წარემართა ყოლად ბრძენი სერაპიონ, რომელსა თანა-ჰყვა ძმა[ჲ] მცირე ჰასაკითა. რამეთუ დიდსა მიქაელს, ვითარცა რაჲ მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა, შეჰვედრა თავი თჳსი. ხოლო ნეტარსა მას სხუანი-ცა მრავალნი აქუნდეს მოწაფენი, სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა, ვითარცა დიდსა ანტონის ილარიონ და მაკარი, ეგრეთ-ვე მიქაელს ბასილი და მარკელაოზ. და მათ თანა შეივედრა ნეტარი სერაპიონ თანა-ძმითურთ და თანა-აღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა. ხოლო უხუცესი იგი ძმაჲ წესითა მსოფლიოჲთა დამპყრობელ ექმნა მამულსა სამკჳდრებელსა და იგი-ვე შეიტკბო ტალანტი, მოღუაწებაჲ უცხოთა და გლახაკთაჲ.

ამისსა შემდგომად მო-რა[ჲ]-იწია ჟამი, წმიდაჲ მამა[ჲ] ჩუენი ვითარცა ღირსი ბრძანებითა მიქაელისითა პატივითა მღდელობისა[ჲ]თა სრულ იქმნა და ღირსებით მსახურ საღმრთო[ჲ]სა საკურთხეველისა. და ამან ყოლად განთქ[უ]მულმან და დიდთა ნიშთა მოქმედმან მიქაელ აღზარდნა და სრულებად სათნოებისა აღიყვანნა იგინი, ვინა[ჲ]ცა ხედვიდეს საღმრთოსა მას მოქალაქობასა მისსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთ[ა] და სასწაულთა დიდთა მის მიერ აღსრულებულთა, რომელნი შემდგომად სიკუდილისა მისისა აღწერნეს მოწაფეთა მისთა. ამას რაჲ ყოველსა ხედვიდეს წმიდანი იგი, ვითარცა მაგალითთა კეთილთა შთახედვიდეს მსგავსად ჴელოვანთა მხატვართა და მისმიერთა მადლთა მოღებითა აშენებდეს საფუძველსა ზედა სწავლათა მისთასა არა თივასა ლერწამსა, არამედ ოქროსა, ვეცხლსა და თუალთა ანთრაკთა. ხოლო მის მიერ შეყუარებულ იყვნეს ვითარცა კეთილად მიმღებ\ელნი სწავლათა მისთანი.

ამით ესევითარითა საქმითა აღასრულეს ჟამი მრავალი წინაშე მისსა და ყოვლითურთ მობაძავ მისსა იქმნნეს.

4. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს, რაჲთა ნეშტი თხრობისა[ჲ] გულს-მოდგინებით ვისმინოთ, თუ ვითარ მოიწივნე[ს] სანახებთა ქუეყანისა სამცხისათა. ესერა ვთქუათ, რამეთუ იყო რაჲ დიდი იგი მამა[ჲ] და მოძღუარი მიქაელ მდგომარე ლოცვასა ღამისასა, განკჳრვებაჲ რაჲმე დაეცა და აღიტაცა ზეცად და იხილა ვინმე, ვითარცა მღდელ-შუენიერად შემოსილი, და ეტყოდა მას, რაჲთა მის მიერ განსწავლულნი იგი მოწაფენი მყის წარავლინნეს ქუეყანად სამცხისა, რომელ არიან სერაპიონ და იოვანე. და უჩუენებდა ნიშთა რათ-მე და სახეთა, თუ რომელსა მივიდენ ადგილსა; პოონ, მივიდენ რა[ჲ], სასწაული იგი და მუნ ჴელ-ყონ აღშენებაჲ მონასტრისა[ჲ] და შეკრიბნეს მას შინა სულნი მრავალნი სადიდებელად ღმრთისა და მეუფისა ყოველთაჲსა.

და ესე ჩუენებაჲ აქამომდე იყავნ!

ხოლო მო-რა[ჲ]-ეგო გონებასა წმიდაჲ იგი, რომელსა მრავალნი ეხილვნეს ნიშნი საღმრთონი, და მოუწოდა წმიდათა მათ და შეჭმუნებულითა პირითა ჰრქუა სერაპიონს: "საყუარელო შვილო და ქრისტეს მიერ ძმაო სერაპიონ, ფრიად მძიმედ აღმიჩნდა ბრძანებაჲ ესე, რამეთუ ფრიად-ცა უყუარს სულსა თანა-ზრდილობაჲ და უფრო[ჲ]ს-ღა, რომელნი საღმრთოჲთა სიყუარულითა შეკრულ იყვნენ. აწ ვინა[ჲ]თგან საღმრთოჲ არს ბრძანებაჲ ესე, რაჲთა განხჳდე ამიერ და აღაშენო სულთ-სამზრუნველოჲ, სადა-იგი გიჩუენოს შენ ღმერთმან", ხოლო მას ესმა რაჲ წმიდისა მიერ, დავარდა ფერჴთა თანა მისთა და მყოვარ ჟამ უჴმოდ მდებარე იყო. ხოლო წმიდამან უპყრა ჴელი, აღადგინა და ეტყოდა: "გულპყრობილ იყავ, შვილო, რამეთუ შეუძლებელ არს ბრძანებასა საღმრთოსა მცირედ-ცა წინა-განწყობაჲ, და ესე-ცა ბრძანებაჲ-ვე არს, რაჲთა რომელი გეტყოდა ჯუარისა ოდენ მარტოდ ტჳრთვასა, იგი-ვე გეტყჳს, რაჲთა ცხოველი ხატი განკაცებისა მისისა[ჲ] იტჳრთო და ეგრეთ განხჳდეთ, რაჲთა აღ-რაჲ-აშენოთ წმიდაჲ ეკლესია[ჲ], მას შინა აღმართოთ იგი თაყუანის-[ს]აცემელად და სენთა და უძლურთა განმდევნელად და სულთა მრავალთა გამოსაჴსნელად."

ესევითარი რაჲ მრავალი ესმა წმიდასა მას, სიტყჳსა წილ ცრემლთა სიმრავლე გარდამოადინა და ჰრქუა: "უკუეთუ სათნო არს, მამაო, წინაშე შენსა, ევედრე ღმერთსა ჩემთჳს, რაჲთა არა განმაშოროს წმიდასა კრებულსა შენსა და მარადის ხილვად წმიდასა პირსა შენსა". ხოლო მან მიუგო და ჰრქუა, რაჲთა არა დააკლდე საღმრთოსა გჳრგჳნსა მორჩილთასა, ამიერ დააცადენ სიტყჳს-გებანი და მზა-ყავ თავი შენი სლვად გზათა, და თანა-მოგზაურ შენდა ყავ ძმა[ჲ] შენი იოვანე და ოთხნი ძმათა ამათგანნი, ხოლო აუწყნა ნიშნი რა[ჲ]მე მის ადგილისანი, რაჲთა ადვილად იცნან ადგილნი იგი, რომლისა აღშენებად ბრძანება[ჲ] მოეღო, და ესე-ცა ჰრქუა, ვითარმედ: "უწყოდეთ, შვილნო, რამეთუ სულთა მრავალთა მიზეზ ექმნეთ ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა ვითარცა იტყჳს მოციქული: "ჴმასა მას თანა საყჳრისასა მრავალთა თანა შენ ძლით ცხოვნებულთა წარმოუდგე მეუფესა".

ესევითარნი რაჲ სიტყუანი ესმნეს წმიდისა მისგან, არღარა იკადრა წინა-განწყობაჲ, არამედ შეუ[ვ]რდა ცრემლით და მოწლედ შეიტკბნე[ს] ურთიერთას წმიდათა მათ, და ეგრეთ-ვე მსგავსად ყოველნი ძმანი, და ლოცვაჲ წმიდისა[ჲ] საგზალ თჳსსა ყვეს

5. ხოლო წარმოემართნეს რაჲ, მათ თანა-ეტჳრთა ცხოველი ხატი ფერისცვალებისა[ჲ] თანა-შემწედ და სასოდ ყოველთა ქრისტეანეთა. ხოლო სლვასა მას მათსა, ვითარცა სამეუფოთა პალატთა, უჭირველად ვიდოდეს, ვიდრემდის მოიწინეს მთასა მას, ვითარცა სიმაღლესა ცისასა აღძრულნი, და დადგეს ადგილსა მას, რომელსა ბერას ჯუარ ეწოდების. ხოლო წმიდამან მან ვითარცა თითითა უჩუენა მათ ადგილი იგი, სადა ეგულებოდა აღშენებაჲ მონასტრისა[ჲ], და ვითარცა შთამოვიდეს დასასრულსა მას ჴევისასა, რომელ არს უტყჳსა, მოვიდეს ადგილსა რას-მე ძინძედ სახელ-დებულსა, განიმსტურეს რა[ჲ]მე და განიცადეს, და იხილეს, რამეთუ უდაბნო იყო და შეცვულ ტყეთა და ჴევთა. და შეიყუარეს იგი ძმათა მათ. ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა, ვითარმედ: "არა არიან სასწაულნი იგი ადგილსა ამას, რომელი გჳბრძანა წარმომგზავნელმან მოძღუარმან ჩუენმან. ხოლო ეგრეთ-ცა ჴელ-ყვეს და იწყეს შენებად მცირე ტალავარი და ადგილი რა[ჲ]მე მონასტრისა[ჲ], და დაყვნეს მუნ არა მცირედნი დღენი.

ხოლო ეუწყა რაჲ უფალთა მის დაბისათა, ვითარმედ უცხო[თ]ა ვიეთ-მე მონაზონთა ჰნებავს ადგილსა მას აღშენებად მონასტერი, ხოლო მათ არა ინებეს, რამეთუ იყვნეს ყოვლითურთ მჴეცებრივ, უწირავ და ბოროტ, რამეთუ არა ინებეს კურთხევა[ჲ] წმიდათა მათგან. ამისთჳს ზედა-მიეტევნეს მათ და ვითარცა იგი წერილ არს კაცთა მათთჳს ნაზარეველთა, ვითარმედ "მოიყვანეს ქრისტე წუერამდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი მათი დაშენებულ იყო", ეგრეთ-ვე წმიდანი ესე პირამდე მის მდინარისა, რომელ არს აღმოსავალით ადგილსა მას. და წიაღ-მოვლეს რაჲ მდინარე იგი და მოვიდეს დასავალით მისსა, ვითარ ორ მილიონ, ადგილთა ყოლად ტყეთა და უვალთა კაცთა მიერ, და მიმო-რა[ჲ]-ვიდოდეს ჭირით და შრომით ადგილთა მათ იწროთა, პოვე[ს] ნიშები და სასწაულები, უწყებული დიდისა მისგან მოძღურისა, და განიხარეს დიდითა სიხარულითა. და გულსავსე-ბით მეცნიერ იქმნეს, ვითარმედ არა ცუდ და ამაო არს გზა[ჲ] იგი საჭიროებით სლვისა მათისა[ჲ]. და იხილეს რაჲმე ბორცჳ მცირე, უმაღლესი სხუათა მათ ადგილთა[ჲ], და აღმოსავალით ბორცუსა მას წყალი აღმომცენარე, მდინარი და შუენიერი, რომელი-იგი გულსავსე-ჰყოფდა წადილსა მას მგზავრობისასა. ხოლო მიმოგანიმსტურეს და იხილეს, და არა იპოვა ადგილი ველოანი და ფართოებით შემწყნარებელი მათი. და უბრძანა წმიდამან მან, რაჲთა საშუალ წყაროსა მას და ბორცუსა მოიქმნას ადგილი და აღეშენოს მცირე ტალავარი, რომელი ექმნა მათ შემწყნარებელ უცხოებისა მათისა, და რაჲთა ცხოველ[ი] იგი ხატი მას შინა თაყუანის-იცემებოდის მათ მიერ.

6. ხოლო ჩუენ აქა წარვმართოთ სიტყუაჲ და განცხადებულად წარმოუჩინოთ სიყუარულსა თქუენსა, თუ ვითარ იყო ადგილისა მის წარმართებაჲ, ანუ ვინ იყო კაცი იგი, რომელმან ყოველი-ვე ვითარცა ღმრთისამიერითა ბრძანებითა კეთილად წარუმართა მათ. რამეთუ იყო ვინმე მთავარი დიდი და წარჩინებული ქუეყანასა ამას, რომელი ყოველთა ჰმატდა სიმდიდრითა და სიმრავლითა ერთა და აგარაკთაჲთა, რომლისა სივრცე საზღვართ-ვრცელ და მრავალ იყო. და არა თუ ქუეყანიერთა და ქუე-მეთრევთაგან მდიდროოდა, არამედ ღმრთის-მსახურებით ცხორებულთა-ცა ყოველთა ერეოდა. და ვითარცა იობისთჳს წერილ არს: "ჭეშმარიტად მართალ და უბრალო." ესევითარი ესე კაცი იყოფოდა და მრავალთა ტაძართა და კარავთა იქცეოდა, რომელსა სახელი ეწოდა გიორგი, მეორედ ჩორჩანელი, რომლისა ტაძარნი შენ იყვნეს სანახებსა ჩორჩანისა და ზანავისასა. ხოლო უმრავლესთა ჟამთა ინადირობნ იგი ადგილთა მათ ცხროჭა წოდებულთა, რამეთუ იყო მუნ სიმრავლე თხათა და სხუათა ნადირთა ველურთა[ჲ], და არეთა მათ ეშენა სახლი, რომელ ოდეს-მე ეწიის ღამე, სადგურ ყვიან მას შინა სიბნელისათჳს ღამისა და უვალობისა და სიჴშოჲსა ტყეთა[ჲ]სა.

და იყო, რაჟამს დაიბანაკეს წმიდათა მათ ადგილსა მას ზემო-ჴსენებულსა და ქმნეს [ტალავარი] მახლობელად ბორცჳსა მის, და აღაგზნეს ცეცხლი, და ვითარცა აჴდა კუამლი დიდძალი. ხოლო ვითარცა იხილა გიორგი მორწმუნემან, იყო რაჲ მდევარ ნადირთა, განკჳრდა ფრიად და ჰრქუა წინაშე-მდგომელთა: "ვინა[ჲ] არს ადგილსა იმას სიჴშო[ჲ] კუამლისა[ჲ], ანუ თუ ვის რად უჴმს ცეცხლი? უკუეთუ ვინმე ეძიებს ნადირთა, რად კადნიერ და ურცხჳნო ქმნილ არს? დაღათუ სხუაჲ საჭირო რაჲ ვის უჴმს, ჩუენ ვითარ არა მეცნიერ ვართ?" არამედ ვერავინ მისცა პასუხი, ვინა[ჲ]ცა მყის უბრძანა ერთსა ვის-მე მონათაგანსა: "და წარვედ მსწრაფლ", ჰრქუა, "და ზედა-მიწევნით ცან ძალი საქმისაჲ ამის და მაუწყე ჩუენ, თუ რა[ჲ]-მე არს სახილავი ესე?"

ხოლო წარვიდა მყის ყრმა[ჲ] იგი და ჭირით და შრომით მიჰყვა კუამლსა მის ცეცხლისასა. ხოლო ვითარცა მიიწია მუნ, იხილა ტალავარი იგი და კაცნი შემოსილნი ხალენებითა უცხოჲთა მეუდაბნოეთაჲთა, განჰკრთა უკუე კაცი იგი, ხოლო იგინი-ცა განკჳრდეს. და მივლინებული იგი ჰკითხვიდა ვინაობასა ანუ რაჲ-მე არიან საქმენი მათნი, რომელნი ესევითარითა სიგლახაკითა იხილვებიან და ესევითარსა ამას უღუაწსა ადგილსა იხილვებიან? ხოლო მათ-ცა მიუგეს და ჰრქუეს: "და საყუარელო, შენ უკუე ვინ ხარ, ანუ რად გიჴმს ზედა-მიწევნით ცნობაჲ ჩუენისა ვითარებისა[ჲ]?" და კაცი იგი ეტყოდა: "მთავრისა ვარ მე დიდისა, რომლისა სახელი გიორგი, რომლისა მიერ მოვივლინე მე, რამეთუ დაუკჳრდა ესევითარსა ამას ადგილსა კუა[მ]ლი ცეცხლისა[ჲ] და ყოლად ყოფაჲ კაცისა[ჲ]". ხოლო წმიდასა მას ვითარცა ესმა, რამეთუ მთავარი არს და უფალი ადგილთა მათ, გამოიკითხა გამოწულილვით ყოველი საქმე მისი. და ვითარცა ცნა ზედა-მიწევნით, ვითარმედ უფალ არს მათ ადგილთა და მპყრობელ ყოველთა მათ სანახებთა, მეყსეულად იწყო წმიდამან სერაპიონ და მყის წარმოუთხრა პირველითგან ვიდრე მუნ ჟამამდე, თუ რომლისა მიზეზისათჳს მოიწინეს ადგილსა მას, და ვითარმედ ეგულების აღშენებაჲ მონასტრისა[ჲ], და ესე-ცა შესძინა, ვითარმედ: "ბრძანე\ბა[ჲ] არს საღმრთოჲ, და მოწაფენი ვართ ნიშთა და სასწაულთა მიერ განბრწყინვებულისა მიქაელ პარეხელისანი".

და ვითარცა ესმა ესე ყოველი კაცსა მას და რაჲ-იგი იხილა, ყოველი მიუთხრა დიდსა მას მთავარსა და ყოველთა წინაშე-მდგომელთა. ხოლო იგინი მთავრითურთ შიშმან და განკჳრვებამან შეიპყრნა და საოცარ რა[ჲ]მე ჰგონეს საქმე იგი, ხოლო კაცი იგი ეტყოდა მათ, ვითარმედ: "კაცნი მინახვან ყოლად ჴორცითა მყოფნი, ხატითა და სახითა მონაზონთა[ჲ]თა და არა საოცრად, არამედ ცხადად".

ხოლო განთენნა რაჲ, კუალად უბრძანა მთავარმან ორთა საკუთართა თჳსთა და გონებითა-ცა ფრთხილთა, რაჲთა ზედა-მიწევნით ცნან ყოველი-ვე.

ხოლო წარმოვიდეს კაცნი იგი. და ვითარცა მოიწინეს წინაშე წმიდისა მის მამისა, და იხილნა იგინი და გულისჴმა-ყო, რამეთუ მთავარნი არიან და საკუთარნი დიდისა მის მთავრისანი, მიეგება და მოწლედ მოიკითხნა წმიდამან მან და წინაშე ხატსა წარავლინნა, და თაყუანის-[ს]ცეს რა[ჲ], და იკურთხნეს და განიხარეს დიდად ფრიად.

მაშინ ჰრქუეს მთავართა მათ წმიდასა სერაპიონს და სხუათა მათ ძმათა:

"ვჰმადლობთ ღმერთსა, წმიდანო მეუფენო", რომელმან ჟამთა ამათ მოხედვა-ყო ჩუენ ზედა და ქუეყანასა ზედა გჳჩუენნა კაცნი ზეცისანი. ხოლო აწ გულსავსე- გუყვენით ჩუენ, თუ რომლისათჳს ჯერ-იჩინა სიწმიდემან [თქუენ]მან მოსლვა[ჲ] უღუაწთა ამათ და უვალთა ადგილთა.

მაშინ წმიდამან მამამან სერაპიონ სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ გამოსახა და სულთ-ითქუმა სიღრმით სულისა[ჲ]თ და ესრეთ ჰრქუა მათ: "ჩუენ, ჵ საყუარელნო, დაღაცათუ ცოდვილ ვართ, კაცნი ვართ ქრისტეანენი, და გურწამს ქრისტე ღმერთი ჩუენისა ცხოვრებისათჳს განკაცებული და მოველით აღდგომასა ყოველთასა და წმიდათათჳს განმზადებულსა ნეტარებასა, რომელ არას ვიტყჳთ გარეგან ჭეშმარიტებისა, რამეთუ მოწაფენი ვართ დიდისა მის და განთქ[უ]მულისა მიქაელ პარეხელისანი და ბრძანებითა საღმრთოჲთა მის მიერ წარმოვლენილნი, და რაჲთა ადგილსა ამას აღვაშენოთ შესაკრებელი ცხოვართა პირმეტყუელთა[ჲ]". და ყოველი-ვე წარმოუთხრა შემდგომითი-შემდგომად. ხოლო მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, რამეთუ ჭეშმარიტ არიან სიტყუანი მათნი, სახელი დიდისა მის მოძღურისა[ჲ] ესმა, თაყუანის-სცეს ხატსა მას ცხოველსა, და წმიდანი იგი მოიკითხნეს და წარემართნეს და მიიწინეს, რაჲთა წინაშე გიორგი ღმრთის-მსახურისა ყოველი-ვე ხილული და სმენილი წარმოუთხრას. ხოლო მას ესმა რაჲ, ვითარმედ მოწაფენი მიქაელისნი არიან, ირწმუნა ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მათთა[ჲ] და განიხარა, და წარვიდა სახიდ თჳსსა და სურვიელ იყო ხილვასა მათსა.

7. ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა, რაჲთა მზა-ყვნენ გზანი მიმყვანებელნი ადგილსა მას, რომელსა-ცა იყვნეს წმიდანი იგი და აღეკაზმა და აღიღო მცირედი რა[ჲ]მე ევლოგიაჲ, რომელი შეეტყუებოდა კაცთა მათ მეუდაბნოეთა, და მის თანა წარიყვანნა ხუცესნი-ცა საცეცხურ-საკუმეველებითა. და წარავლინნა წინაჲთ მკჳრცხლ მავალნ[ი], რაჲთა განჰმზადებდენ გზათა. და მი-რა[ჲ]-იწინეს ადგილსა მას, რომელსა წმიდანი იგი იყვნეს. ხოლო ცნეს რაჲ წმიდათა მათ, და მყის წინა მიეგებნეს მთავარსა და სადა-იგი წყარო[ჲ] [არს], განვიდეს ადგილსა მას, ვინა[ჲ]ცა გარდაჴდა საჴედარსა და შეუვრდა ხატსა მას ცხოველსა, და ეგრეთ-ვე წმიდანი იგი მოიკითხნა და იკურთხა მათ მიერ. მაშინ მიუგო მთავარმან მამათა მათ ნეტართა და მდუღარითა სულითა ეტყოდა: "და ვ[ა]მადლობ ღმერთსა და მეუფესა, ჵ წმიდანო, რომელმან არა უგულებელს-ყო უღირსებაჲ ჩუენი და დღეთა შინა ჩემთა ყო ჩემ თანა სასწაული, რომელმან აწ ღირს-მყო ყოლად არა-ღირსი ესე პირველად თაყუანის-ცემად ცხოველსა ხატსა მისსა, და მერმე წმიდათა პირთა თქუენთა". ხოლო სანატრელი სერაპიონ აღივსო სულითა წმიდითა და მსგავსად მდინარისა აღმოადინებდა თაფლ-მწთოლვარითა მით ენითა სწავლათა საღმრთოთა, და ვითარცა მდინარე ედემისა[ჲ] აღმოუწყაროოდა ოქრო-ნაკადულით პირით მისით, რომლისათჳს-ცა განკჳრდა მთავარი იგი და ყოველნი წინაშე-მდგომნი, რომლისათჳს-ცა შეუ[ვ]რდეს ფერჴთა მისთა და ეტყოდეს: "ვითარცა ერთი მოციქულთაგანი ქრისტემან მოგავლინა, აწ უკუე ჯერისაებრსა ყოფად გჳბრძანებდი, მამაო!" და წმიდათა მათ ძალისაებრ ჰ[რ]ქუეს არა ყოვნებად საღმრთოსა ბრძანებასა, ვითარცა ჯერ-არს ადგილსა ამას აღშენებად მონასტერი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა. ხოლო მთავარი იგი შეუვრდა მათ და ეტყოდა: "გევედრები, ჵ წმიდანო, ნუ დაამძიმებთ ჩემ ზედა სათხოველსა, რამეთუ აჰა ესერა ხედავთ, ვითარ ყოვლითურთ უქმ და უღუაწ არს ადგილი ესე, და ყოლად უღონოდ გხედავ თქუენ მსგავსად მოციქულთა. ხოლო ვინა[ჲ]თგან ღმერთსა მოღუაწედ ჩემდა მოუვლინებიეთ, საქმენი ესე, რომელთა იტყჳთ, თჳნიერ ჩემსა არა წარემართებიან. აწ უკუე არს ადგილი, რომელი მარჯუე არს და მომზავებელ ამათ საქმეთა, ვინაჲ-ცა ბრძანენ სიწმიდემან თქუენმან, რაჲთა მუნ აღვაშენოთ მონასტერი, რამეთუ აქა შეუძლებელ არს ყოლად რა[ჲ]საცა ეგევითარისა საქმედ".

ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა მას: "ღმერთმან, რომელმან უბრძანა მოსეს კუერთხითა განპებაჲ ზღჳსა[ჲ] და კუალად უდაბნოს კლდისაგან უღაღისა აღმოცენებად წყალი, და მოღებასა საზრდელისასა უწჳმა მანანა[ჲ] ერსა, ვინა[ჲ] იგი-ვე არს აქა-ცა, რომელმან ძნელოვანნი ადვილ ყვნეს ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოჲთა. ხოლო შეუძლებელ არს, რაჲთა-მცა ბრძანებასა საღმრთოსა წინა-განვეწყვენით და ადგილი ესე სხუად ვცვალეთ, რამეთუ ნიშნი და უწყებანი ადგილსა ამას უწამებენ". ხოლო მთავარმან ჰრქუა: "ეგებისა ესე, მამაო, რაჲთა კაცმან ნეფსით თავი ჭირთა მისცეს და უკუანა[ჲ]სკნელ მოკიცხულ და მაშურალ იპოოს ცუდად?". ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: "გონიერად ისმინე, ჵ მთავარო, იგავი ესე, რამეთუ მარგალიტნი და თუალნი პატიოსანნი მიმოგანბნეულ რაჲ იყვნენ თანა-აღრევით მიწასა, არა ესრეთ ბრწყინვენ წინაშე თუალებსა ხილვის-მოყუარეთასა, ვითარ იგი რაჟამს გამოიჴურვნენ და განწმდენ და ოქრო-თხზულებით შეიწყვნენ კეთილთა მიერ მჭედელთა, მაშინ-ღა გამოჩნდეს ბრწყინვალებაჲ მათი და იქოს მუშაკი და შუენიერებაჲ მათი, ეგრეთ-ვე ადგილი ესე რაჟამს ჴელ-ყონ ჴელოვანთა მუშაკთა, მაშინ იხილოს თუალმან მხილველთამან შუენიერებაჲ ადგილისა ამის, ვინა[ჲ]ცა ნუ გუაიძულებ დატევებად ადგილისა ამის და სხუად ცვალებად, რამეთუ ესე ვერ ეგების ჩუენ მიერ".

ესე რაჲ ესმა მთავარსა, თავი მოიდრიკა და დადუმნა. ამისსა შემდგომად აღდგა, ილოცა და ჰრქუა მათ: "ლოცვა ყავთ ჩუენთჳს, წმიდანო, რამეთუ მე არა მშურს ადგილი ესე, ხოლო სხუად თანა-ლმობაჲ და შეწევნა[ჲ] ყოლად შეუძლებელ არს." და მოჰგუარეს მას საჴედარი და წარვიდა, და ეტყოდა და ჰრქუა წმიდათა მათ: "არა თურე ღირს ვიყავ ლოცვასა თქუენსა" და წარვიდა მწუხარე. და ვითარცა მივიდა მდინარესა მას წინაშე მათსა მყოფსა, და იხილა მცირე რა[ჲ]მე კლდე და გარდაჴდა მას ზედა და დაჯდა. და მოუწოდა ერთსა ყრმათაგანსა და ჰრქუა მას: "მივედ, ძმაო, და არქუ წმიდათა მათ, რაჲთა მოვიდენ ადგილსა ამას". ხოლო ვითარცა წარგზავნა იგი, ჰ[რ]ქუა თჳსთა საკუთართა: "ვინა[ჲ]თგან არა ინებეს წმიდათა მათ ადგილთა მას ზანავისათა, რაჲთა-მცა მუნ გუეშენა უდაბნო[ჲ] დიდი და მაღალი, აწ უკუე რაჲ ჯერ-არს ყოფად". ხოლო მათ ჰრქუეს: "რაჲთა არა დავაბრკოლოთ გულს-მოდგინებაჲ მათი".

ხოლო მთავარმან ჰრქუა: "საღმრთოჲსა ძალისა განუგებელად არა არს საქმე ესე კაცთაგან, ამისთჳს-ცა ჯერ-არს, რაჲთა ძალისაებრი ვაჩუენოთ შეწევნა[ჲ]". და ვითარცა მოიწინეს წმიდანი იგი ადგილსა მას, და კუალად-ცა ეტყოდა მათ მთავარი იგი: "გევედრები, წმიდანო ღმრთისანო, რაჲთა ერთი მომმადლო[თ] მე, რამეთუ არიან ადგილნი მრავალნი და კეთილნი და ნაშენებითა ღონიერნი და იხილნეთ იგინი, და უკუეთუ დიდად მოაშუნდეს სულსა თქუენსა, აჰა ადგილნი და შესავალნი და ყოველი საჴმარი უხუებით". ხოლო ნეტარმან სერაპიონ კუალად-ცა ჰრქუა: "მსგავსად მოციქულისა ვიტყოდი: "უკუეთუმცა ანგელოზი მახარებდა, გარეშე მისსა, რომელი გუეხარა, არა გურწამს".

მაშინ გიორგი მოუწოდა ვის-მე ჭაბუკსა ასაკითა, რომელ არს ძალითა, და ჰრქუა: "შვილო საყუარელო, გზა-ჰყევ წმიდათა ამათ და ხვალე განთიადითგან ვიდრე მწუხრამდე [რაოდენი] შემოწერით შემოვლიან, მიმიცემიეს მათდა, ვინა[ჲ]თგან ადგილსა ამას წადიერ არიან. და უკუეთუ ვინმე იპოოს დამახრწეველ მათდა უცხოებისათჳს, ყოველთა-ვე აუწყე, ვითარმედ თავისუფლებით და ნებისაებრ აშენებენ მონასტერსა საბრძანებელსა შინა ჩუენსა". ხოლო წმიდათა მათ მამათა ეტყოდა: "გულპყრობილ იყვენით, ვითარმედ ყოვლითა ძალითა თანა-შემწე თქუენდა ვარ მე და მზრუნველ, და არავინ წინა-აღმდგომ ჩუენდა არს ადგილთა ამათ, რომელთა გეგულების დაპყრობად, ხოლო შემდგომად სამისა დღისა კუალად გიხილნე, უფალსა თუ ენებოს". ვინა[ჲ] წმიდათა მათ განიხარეს ფრიად და მადლობაჲ აღუარეს. და მამათა ღამე იგი კლდესა მას ზედა განათიეს. და ესე-ცა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს, მოწევნული ჩუენდა, ვითარმედ ხილვა[ჲ] ანგელოზისა[ჲ] იხილა ღამესა ამას, რომელი განაძლიერებდა მას და გულს-მოდგინებით შრომად უბრძანებდა, რომლისათჳს-ცა შემდგომად ორისა დღისა შექმნნა ორნი ჯუარნი წმიდამან მან ჴელითა თჳსითა და კლდესა მას ზედა აღმართნა სახელსა ზედა წმიდათა მთავარანგელოზთასა. ხოლო უკუანა[ჲ]სკნელ მცირე ეგუტერი-ცა აღეშენა, რამეთუ ნიშნი და კურნებანი სნეულთანი იქმნებოდეს საღმრთო[ჲ]საგან მადლის[ა] წმიდათა მათ მთავარანგელოზთა[ჲ]სა.

8. ხოლო ჩუენ კუალად აღვიდეთ პირველსა-ვე სიტყუასა და ძალისაებრ ვიპყრათ წესი თხრობისა[ჲ]. რამეთუ გან-რაჲ-ათიეს ღამე იგი და მზე აღმობრწყინდებოდა, აღდგა წმიდაჲ იგი და ძმა[ჲ] მისი იოვანე და ერთი ძმათა მათგანი, რომელთა რიცხჳ ექუს იყო, და წარემართნეს ჭაბუკსა მას თანა სამნი იგი და სამნი დაეტევნეს ადგილსა მას. ხოლო იწყეს სლვად პირსა მის მდინარისასა დასავალით კერძო. და ვითარ ვლეს, მიიწი[ნ]ეს შესაკრებელსა ორთა მათ წყალთასა. ხოლო იყო მუნ წისქჳლ[ი], სახლი რა[ჲ]მე შესაკრებელსა მას შუა წყალთასა, რომელსა საძმო ეწოდებოდა. და ამას შინა იყვნეს კაცნი რა[ჲ]მე უკეთურნი, ყოლად მჴეცებრივნი, ვითარცა ადგილისა უკაცო[ჲ]სა და უცხო[ჲ]სანი.

"...და ვითარცა მივიწიენით ადგილსა მას, მაშინ ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, გუეტყოდა: "წმიდანო ღმრთისანო, სა[ჲ]თ გნებავს სლვა[ჲ]?" ხოლო ჩუენ გუენება, რაჲთა გარე-შეწერით შემოვლოთ სიმგრგულე მათ ადგილთა[ჲ], ვინა[ჲ] პირი სამხრით ვიქც[ი]ეთ თანა-აღყოლად ერთისა მის მდინარისა. ხოლო გჳხილნეს რაჲ კაცთა მის დაბა-წისქჳლისათა, იწყეს ყენებად ჩუენდა, და ვითარცა ცოფნი წინა რბიოდეს. ხოლო ჭაბუკი იგი აყენებდა მათ და რისხვით უთქუმიდა, რომელთა-ცა მიექცა წმიდაჲ იგი და რისხვით ეტყოდა წინაწარმეტყუელებით: "ვიხილე უღმრთოჲ აღმაღლებული ნაძუთამდე ლიბანისა და თანა-წავჰჴედ, და არა იპოვა ადგილი მისი".

ხოლო, შენ, იხილე, საყუარელო, თუ ვითარ საღმრთო[ჲ]თა სულითა სავსე იყო წმიდაჲ ესე, ანუ თუ რასა-ღა მოასწავებდა კაცთა მათთჳს სიტყჳთა მით საწინაწარმეტყუელო[ჲ]თა, არამედ შემდგომად მცირედისა მოოჴრებასა და სრულიად უჩინო-ყოფასა ადგილისაგან მათისა, რომელი-იგი შემდგომად მცირედისა დრო-მეც, საყუარელო, და სიტყუამან წარმოგიჩინოს.

ხოლო აწ პირველსა-ვე შევეხნეთ თქუმად. რამეთუ აღვჰყევით პირსა მის მდინარისასა და მივიწიენით ჴევსა რას-მე ღრმასა და უღაღსა, რომელსა გოდერძისა ეწოდების. და ფრიად ძლით შევედით მას შინა, ვინა[ჲ]ცა სიჴშო[ჲ]სა მისგან მყოვარ ჟამ ვერღარა ვიხილეთ ცაჲ ანუ მზისა შარავანდედი. რომლისათჳს-ცა ჭირით და შრომით დაყოვნებულნი, ვითარცა სიზრქით ალმურისა[ჲ]თ ანუ სიღრმით უყისა[ჲ]თ აღმოშობილნი, აღვედით რაჲ თავსა მის ჴევისასა და ვიხილენით მცირენი რა[ჲ]მე ყანობირნი და მცირე დაბაჲ.

და მყის მიერ მოგუეგება კაცი ვინმე კეთილი, მჴცოვანი, და მოწლედ მოიკითხვიდა წმიდასა მას და აწუევდა, რაჲთა მცირედ განისუენოს შრომისა მისგან, რამეთუ განსმენილ იყო მოსლვა[ჲ] ჩუენი ყოველთა მათ სანახებთა და გუკითხვიდა კაცი იგი, თუ რად გჳჴმს უგზოთა და უვალთა ადგილთა სლვა[ჲ]. ხოლო ჭაბუკმან მან იცნა იგი და ყოველი-ვე საქმე ჩუენი ზედა-მიწევნით მიუთხრა. და ვითარცა მრავალგზის გუევედრებოდა კაცი იგი, რაჲთა ღამესა მას სავანე ვყოთ სახლსა მისსა. ხოლო წმიდამან მან მადლობით მიითუალა კეთილი იგი გონებაჲ მისი და ჰკითხა სახელი და ჰ[რ]ქუა, ვითარმედ: "შეუძლებელ არს არა-მისლვა[ჲ] ჩუენი ადგილსა მას დროსსა". და კაცი იგი ეტყოდა: "სახელი ჩემი ია, ხოლო დაყოვნებულ თქუენდა [არს] ადგილსა მას მისლვაჲ, რომელსა იტყჳთ." ვინა[ჲ] წმიდაჲ იგი ეტყოდა: "საყუარელო ძმაო ია, შრომა თავს-იდევ ღმრთისათჳს და მცირედ თანა-მოგზაურ მექმენ ჩუენ". ხოლო მოიღეს მცირედ პური და მარილი და ყველი. და რომელთა ენება, ჭამეს, ხოლო წმიდასა მას ყოლად არარაჲსა გემო[ჲ] უხილავს.

ხოლო კაცი იგი ია თანა-მოგზაურ გუექმნა ჩუენ. და წარვემართენით აღმოსავალით კერძო და ვიდოდეთ ქედთა რა[თ]მე მაღალთა, ტყიანთა და ლოდოანთა. და ვითარცა აღვედით უმაღლესთა ადგილთა, და ჰკითხა მას კაცსა წმიდამან მან: "საყუარელო ია, რაჲ ეწოდების ადგილსა ამას?" ხოლო იგი ეტყოდა: "რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა[ჲ] და ბაკთა ეწოდების".

ხოლო წმიდამან მან აღიღო ჴელითა თჳსითა ორთოჴი რკინისა[ჲ] და გამოაქანდაკნა ჯუარნი ლოდთა რათ-მე ზედა დიდ-დიდთა, რომელნი-იგი იხილვებიან ვიდრე დღენდე[ლ]ად დღემდე.

კუალად მიიხილა წმიდამან და იხილა აღმოსავალით კერძო ქედსა ზედა მას ტბაჲ აღრეული ლალითა, რომელი-იგი სახედ მწჳრისა იხილვებოდა. დაგჳკჳრდა ჩუენ ფრიად და ვ[ჰ]კითხეთ კაცსა მას: "რაჲ არს ადგილი ესე უცხო[ჲ]სა ამის წყლისა[ჲ]?" ხოლო ია მომიგო ჩუენ: "ესე არს ტბაჲ მღრჳე ყოლად-ვე, რომელსა ეწოდების სათაჴუე, და არს ამას შინა სიმრავლე თაჴუთა [და] სხუათა ნადირთა[ჲ] და დედა[ჲ] შფოთთა და ბრძოლათა[ჲ], რამეთუ ჟამსა ამას აქა იხილვებიან მდევარნი ნადირთანი, შეკრებულნი თჳთოეულთა სანახებთანი და ურთიერთას მდევარნი საქმეთა უჯეროთანი, რომელნი კლვად-ცა მზა არიან თჳთოეულისა".

და ვითარცა წარვემართენით ტბისა მის მიმართ, და კაცი იგი ია შეუ[ვ]რდა წმიდასა და ღმრთისა მადლობასა აღუარებდა ხილვისათჳს ჩუენისა. და ესრეთ გუეტყოდა, რაჲთა ყოლად-ვე უბრძანებდეთ, უკუეთუ რაჲ გუენებოს მის მიერ.

ხოლო წმიდამან ჰრქუა მას: "ნუ წარხუალ ჯერეთ, ძმაო, რამეთუ ჭაბუკი ესე უმეცარ არს ადგილთა ამათ". და ია ეტყოდა: "ქრისტემან მომმადლოს, რაჲთა მარადის ვიყოფვოდე სიწმიდისა თქუენისა თანა, მამაო". და ვითარცა შთავედით პირსა მის ტბისასა, ვჰკითხეთ კაცსა მას ჟამი დღისა[ჲ]. ხოლო მან მომიგო: "მწუხრ არს და მიდრეკილ დღე". ხოლო წმიდამან მან მიუგო: "რაჲ არს იმიერით ქედთა ამათ ტყიანთა, ანუ სიმაღლე დიდისა ამის მთისა[ჲ]. რომელ არს ზემოთ ჩუენსა?" და მან მიუგო: "მთა[ჲ] ესე მაღალი არს, თავი ყოველთა ამათ ქედთა[ჲ], რომელსა ჰრქჳან თავი შეშათა[ჲ]; რამეთუ თავი არს ყოველთა ამათ მაღნართა[ჲ], ამისთჳს შეშის-თავ ეწოდების. და უვალ [არს] კაცთა და პირუტყუთა[გან] სიმაღლისათჳს მისისა. ხოლო წინა[ჲ]თ ჩუენსა არიან ადგილნი მცირედ კაცრიელნი, და აწ ვინა[ჲ]თგან მოსწრაფე ხართ, რაჲთა ადგილსა მას დროსსა მიხჳდეთ, არა ჯერ-არს ყოვნებად. რაჲთა არა უჟამოდ გეწიოს ღამე". ვინა[ჲ]ცა ენება წმიდასა მას, რაჲთა ტბაჲ იგი მარჯუ[ე]ნით წარვლოთ და წარვიდეთ ღელეთა მიერ, რომელნი იყვნეს წინაშე ჩუენსა.

და ვითარცა ვიდოდეთ, აჰა ესერა მოვიდეს ვინმე კაცნი უკეთურნი, რომელნი გუეტყოდეს, რაჲთა დავაცადოთ სლვა[ჲ] კერძოთა მათ, რომელთა მიგუემართა, რამეთუ ჟამი არს-ო ნადირთაჲ, რომელნი მოვლენ ტბასა ამას, რამეთუ მზა არიან მონადირენი ადგილთა ამათ, რაჲთა არა იქმნას ცთომა[ჲ] მათი თქუენ მიერ. და არა გჳტევნეს რაჲთურთით წარსლვად კერძოთა მათ, და ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, ძლიერად წინა-აღუდგებოდა მათ, და არა იყო მათ თანა სმენა[ჲ], არამედ გარე-უკუ-მოგუაქცინეს და პირი იგი ზღჳსა[ჲ] მის დასავალით წიაღ-ვლეთ, მოვედით თავსა შთასავალისა მის ქედისასა, რომელ არა იყო ყოლად კუალი მგზავრობისა[ჲ] და არცა გზა[ჲ], ხოლო კაცი იგი ია გჳჩუენებდა მცირესა რას-მე დაბასა და სახელ-სდებდა კაცსა სახელოანსა და კეთილსა, რომელსა ეწოდა გარბანელ და გუეტყოდა: "მივედით ადგილსა იმას ამის იწროჲსა მიერ გზისა, და კაცმან მან ადვილად მიგიყვანნეს ადგილსა მას, სადა[ჲ]თ იქმნა წიაღსლვა[ჲ] თქუენი განთიად".

9. არამედ, საყუარელნო ძმანო და გულს-მოდგინედ სმენის-მოყუარენო მამანო, უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვის-მენდეთ საკჳრველთა ამათ საქმეთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმან ესევითარი მოგუმადლა ჩუენ მამაჲ და მოძღუარი. და ვითარცა მოვედით ადგილსა მას, რომელსა ბაბგენ უწოდიან, და ვიხილეთ მცირე ველი ადგილსა მას ბობხა წოდებულსა, და გჳთხრა ჩუენ ია ყოველი-ვე კაცისა მისთჳს გარბანელისა. მაშინ ია შეუვრდა წმიდასა მას და მოწლედ მოიკითხა, ხოლო წმიდამან მან ჯუარი დასწერა და ეტყოდა მას: "ღმერთმან მოგაგოს ნაცვალი მგზავრობისა შენისა[ჲ], ძმაო! ხოლო გეტყჳ შენ, რამეთუ ადრე იხილო მისაგებელი კაცთა მათ ბოროტთა და შფოთის-მოყუარეთა[ჲ]".

ხოლო ვითარცა იგი განგუეშორა და წარმოვიდა, ჩუენ შთამოვედით შთასაქანელსა მას, ვითარცა წყალთასა. და ვითარ მივედით დაბასა მას, აჰა ესერა ზემო კაცი იგი ჴსენებული მივიდოდა სახედ თჳსად ორთა თანა ძეთა მისთა. და ვითარცა გჳხილნა ჩუენ ესევითარითა რაჲთ-მე სახითა, განჰკრთა და მოწლედ განგჳკითხვიდა და განგჳხილვიდა ჩუენ. და ვითარ ცნა, ვითარმედ იგინი არიან, რომელნი მოსრულ არიან ადგილთა ამათ აღშენებად მონასტრისა, და იხილა რაჲ, ვითარ-იგი არღარა იყო ჩუენ თანა სახე სამოსელთა ჩუენთა[ჲ] და ყოვლითურთ დაბძარულ იყვნეს ასონი ჩუენნი, მაშინ ცრემლით მოეხჳა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მის წმიდისათა. და ესრეთ იხილა რაჲ წმიდამან მან კაცი იგი, ეტყოდა: "საყუარელო და ქრისტეს მიერ ძმაო გარბანელო, აწ აჰა ესერა მცირედ თანა-ლმობით შეეწიე მგზავრობასა ჩუენსა და რაჲთა წარგჳძღუე ვიდრე მდინარემდე, რომელ არს ჩრდილო[ჲ]თ ჩუენსა". ხოლო იგი გულს-მოდგინედ და ცრემლით ეტყოდა, ვითარმედ: "არა ეგების ეგე, ჵ წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ ესერა დასლვასა მზისასა ღმერთმან მოგიყვანნა ცოდვილისა მონისა თქუენისა, და ვხედავ წყლულებასა ფერჴთა თქუენ\თასა და [გევედრები], რაჲთა მცირედ განისუენოთ მაშურალობისაგან  მგზავრობისა თქუენისა და რაჲთა ზედა-მიწევნით ვცნა, უკუეთუ რაჲ-არს ესოდენი ესე მდუღარებაჲ სულისა თქუენისა[ჲ], რომელ ესრეთ გა[ი]ძულა დადებად სული უღაღთა ამათ და უვალთა გზათა სლვად". წმიდამან ჰრქუა მას: "შეუძლებელ არს ჩემგან, რაჲთა-მცა არა მივედით ადგილსა მას განჩინებულსა". ხოლო შერბიოდა შინა კაცი იგი და კუალად გამოვიდა თანა მეუღლითურთ; მსგავსად სარეფთელისა და სომანიტელისა შეუვრდეს ფერჴთა წმიდისათა, და ვითარ ვერ არწმუნეს, მაშინ ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, შეუ[ვ]რდა ძმასა მისსა იოვანეს და ეტყოდა: "აჰა ესერა არა დაშთომილ არს სული ჩუენ თანა, დავემორჩილნეთ კაცსა ამას, რამეთუ არღარა არს ჟამი სლვისა[ჲ]". ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: რომელმან-იგი გაბაონს ისო ნავესსა დაუყენა მზე* და კუალად წმიდასა მას ბერსა ბესარიონს, ამან-ვე ჩუენ-ცა ღირს მყვნეს მზესა ამას თანა ხილვად და თაყუანის-ცემად წმიდასა ხატსა მისსა." მაშინ წარმოუძღუა კაცი იგი და წარმო-რა[ჲ]-ემართნეს, ჭაბუკმან მან ჰრქუა წმიდათა მათ: "ლოცვა ყავთ ჩემთჳს, წმიდანო, რამეთუ ხვალე ინებოს თუ ღმერთმან, შევემთხჳო წმიდათა ფერჴთა თქუენთა", ვინაჲ-ცა ესე განგებულებით იქმნა, [რაჲთა] თანა-ეწამოს იგი დიდებულსა მას სასწაულსა, რომელსა შემდგომად მცირედისა ეგულების სიტყუასა წარმოთქუმა[ჲ].

და ვითარცა წარმოვედით, იპოვა წინაშე ჩუენსა გზა[ჲ] რა[ჲ]მე, იწრო[ჲ] და ძნიად საჭირველი. ხოლო გარბანელმან უბრძანა ძესა თჳსსა, რაჲთა თანა გზა-მყვეს ვიდრე პირამდე მდინარისა, რომელსა შთავედით რაჲ, და აღმავალნი კუალად გჳხილნეს ძმათა მათ, მოგუეგებნეს.

ხოლო შენ, საყუარელო, განიხილე-ღა საკჳრველი ესე, რამეთუ რაჟამს კაცისა მისგან წარმოვედით და ვიდრე მოსლვამდე ჩუენდა, კუალად ეგო [მზე] ადგილსა მას სიტყჳსაებრ წმიდისა, რომელი-ესე გჳკჳრდა და ვადიდებდით ღმერთსა, მადიდებელთა მისთა. ხოლო გჳხილნეს რაჲ ძმათა მუნ მყოფთა, ცრემლოოდეს ჩუენ ზედა, რამეთუ სამოსელი ჩუენი ყოლად არღარა იყო, და ფერჴნი ჩუენნი დაჯეჯკილ და დაბძარულ იყვნეს. და მცირედ რა[ჲ]მე ნუგეშინის-ვიეცით საზრდელი, რომელი პოვა მათ თანა, ხოლო განთენა რაჲ, შევწირენით ლოცვანი და მოიღო წმიდამან მან ჴელითა თჳსითა შეშაჲ, და ვითარცა პირველ ვთქუთ, და შექმნნა ჯუარნი და აღმართნა სახელსა ზედა წმიდათა მთავარ ანგელოზთასა. და ვითარცა იყო ჟამი სამჟმისა[ჲ], ვილოცევდით რაჲ ადგილსა მას, და აჰა ესერა კაცი იგი გარბანელი და ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, და ორნი კაცნი, უცხონი კაცნი, და მოიწინეს სწრაფით ჩუენდა. ხოლო ჩუენ ვიხილენით რაჲ, განვიხარეთ. და იგინი იყვნეს შეპყრობილ შიშითა რაჲთ-მე დიდითა, და კაცნი იგი უცხონი -- ვითარცა მკუდარნი ხილვითა. ხოლო ჩუენ ვიკითხევდით მიზეზსა, თუ რა[ჲ]სათჳს სულთქუმით და ექჳთ მოიწინეს იგინი, ანუ ვინ არიან კაცნი იგი, რომელნი სახედ მკუდართა უჴმო და უსიტყუ არიან? ხოლო იწყო თხრობად გარბანელმან და ჰრქუა წმიდათა მათ: "რაჟამს იგი წარმოხუედით თქუენ, და ჭაბუკი ესე იყო ფრიად მაშურალ, და იყო ღამე, და მივიღეთ საზრდელი და გჳკჳრდა ფრიადი სიმჴნე თქუენი და ვადიდეთ ღმერთი და დავიძინეთ. ხოლო გან-რაჲ-თენა, წინაშე თქუენ[სა] წარმოსლვად ვემზადებოდით. აჰა ესერა იქმნა ძრვა[ჲ] და ოხრაჲ რაჲმე, ვითარცა ქარისა[ჲ] და განვკჳრდით ფრიად, და შემდგომად მცირედისა მოვიდეს კაცნი ესე, ვითარცა-ესე ხედავთ, და ძლით იწყეს სიტყუად და ვითარცა ვჰკითხევდით, თუ "რა[ჲ]-მე იყო ჴმაჲ ესე და ძრვაჲ?" ხოლო ამათ მოგჳგეს და გურქუეს, რამეთუ "განიპო კლდე იგი, რომელი იყო დასავალით ტბისა მის, და წარვიდეს წყალნი იგი მრღჳენ[ი], და ჩუენ, რომელნი ვიპოენით გარემოს ადგილისა მის, განვიბნიენით ძლიერისა მისგან ზარისა და შთამოვედით კაცისა ამის, რამეთუ მეცნიერ იყო ჩუენდა". და ვითარცა იგინი ამას იტყოდეს მოწამედ სიტყუათა მათთა იხილვებოდა მდინარე იგი, რამეთუ არღარა იტევდეს ადგილნი თჳსნი, რამეთუ ყოვლით კერძო გარდაეცა მრღჳე, ვითარცა მწჳრე, რომლისათჳს-ცა განკჳრვებამან შეგჳპყრნა ყოველნი.

ხოლო ჭაბუკი იგი ეტყოდა წმიდასა მას: "აჰა ესერა ვხედავ, რამეთუ სიტყუანი შენნი საქმე არიან, ვინა[ჲ] მაჴსოვს გუშინდელი იგი, [რა]ჟამს-იგი უბრძანებდით კაცსა მას, რომელი თანა-მოგზაურ გუექმნა ვიდრე ტბამდე სათაჴჳსა, ვითარმედ ადრე იხილო მისაგებელი კაცთა ამათ შფოთის -- მოყუარეთა და კუალად კაცთა მათ, რომელნი-იგი შესაკრებელსა მას წყალთასა წინა რბიოდეს ვითარცა ეშმაკეულნი; რამეთუ ვჰგონებ, რომელ არცა-ღა თუ კუალი იპოოს ადგილისა მის".

ხოლო ვითარცა დასცხრა მდინარისა მის დიდროაჲ, ვცანთ ჭეშმარიტი, ვითარმედ ადგილი იგი ტბისაჲ იხილვების ველად ლოდოანად, ხოლო ადგილი იგი წისქჳლ-სახლთა[ჲ] კუალად წარღუნილ და უჩინო, ამისსა შემდგომად შეუ[ვ]რდა წმიდასა ჭაბუკი იგი და მიიღო ლოცვა[ჲ], და ჰრქუა: "უფალსა თუ ენებოს, ადრე გიხილნე, ხოლო უკუეთუ რაჲ გნებავს მთავრისა მიერ, მიბრძანეთ, რამეთუ მას-ცა ჰნებავს ხილვა[ჲ] თქუენი ადრე". და წმიდამან ჰრქუა: "თჳნიერ საღმრთოჲსა კურთხევისა არარაჲს მკადრე ვართ წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ უმჯობესად უწყის ყოველი, სიტყჳსაე[ბ]რ სოლომონისა: "ყურნი ბრძნისანი მარადის მზა არიან საღმრთოთა სიტყუათა".

და წარვიდა ჭაბუკი იგი და ჩუენ დავშთით ადგილსა-ვე მას.

ხოლო მი-რა[ჲ]-იწია ჭაბუკი იგი წინაშე მთავრისა, და ყოველი-ვე წარმოუთხრა შემდგომითი-შემდგომად, და რომელთა ესმა, განკჳრვებაჲ დაეცა, [ზარი] განჰჴდა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ ღმრთის-მსახური იგი შიშითა და სიხარულითა აღივსო და წარემართა ხილვად სასწაულთა მათ და ნიშთა, და ყოველნი საბრძანებელნი მისნი მის თანა და გარემო სანახებნი მათ არეთანი, რომელთა-ცა ასმ[ი]ოდა დიდი ესე საკჳრველებაჲ, და მყის კრებული დიდძალი შეკრბა ადგილსა მას, სადა-იგი იყვნეს წმიდანი იგი. და ვითარცა მოვიდა მთავარი, ამბორს-უყო ხატსა მას ცხოველსა, და შევრდომით მოიკითხნა იგინი, და განკჳრვებით იკითხვიდა სასწაულთა მათთჳს. და ყოველი-ვე ზედა-მიწევნით ცნა კაცთა მათ მიერ, რომელნი მას წარევლინნეს, ვითარ ადგილი ტბისა[ჲ] მის ველოან ქმნილ არს და შესაკრებელი იგი წყალთა[ჲ] დაფარულ იყო ქჳშათა მიერ და ლოდთა, რომელსა კაცნი იგი ჭირისა მისგან განრომილნი თჳთ წარმოიტყოდიან.

ხოლო მოვიდეს მღდელნი და მონაზონნი თჳთოეულთა მათგან ადგილთა და სიხარულით მოიკითხვიდეს წმიდათა მათ. და სხუანი-ცა მონაზონნი მრავალნი შემოკრბეს. და ადგილისა მისგან მის მდინარის-კიდისა ლოცვით და ლიტანიით ადგილსა მას პირველ ჴსენებულსა ბორცუსა აღვედით. და ბრძანებითა მთავრისა[ჲ]თა მოიქმნა ადგილი იგი და ველოან იქმნა. და სხუანი-ცა მთავარნი მოიწინეს გარემოთა ადგილთანი და თჳთოეულ[ნ]ი უთხრობდეს წმიდათა მათ სიმარჯუესა სამონასტრეთა ადგილთასა, და კაცი-ცა იგი, რომელ პირველ იოტა ძინძედ წოდებულისა მისგან ადგილისა, მოწლედ შეუვრდებოდა და აწუევდა, რაჲთა მუნ აშენებდენ, რომელსა-ცა მიუგო წმიდამან და ჰრქუა: "სულსა შინა უკეთურსა შიში ღმრთისაჲ არა დაემკჳდრების, არცა ჯერ-იყო მარგალიტსა დასხმად წინაშე ღორთა, რამეთუ ბრმა[ჲ]ცა თანა-წარჰჴდების ოქროსა მის წინაშე მდებარესა, არამედ შენდობილ იყავნ პირველი ცთომა[ჲ] შენი, ხოლო ჩუენ ნუ ვინ გუაიძულებს სხუად ცვალებად ადგილისა". ხოლო ყოველი იგი კრებული დიდად განსთქუმიდეს: "ესე სასწაულნი თანა-მოდგამ არიან მოსეს მიერ ქმნილთა მათ განპებასა ზღჳსასა და კლდისაგან აღმოცენებასა წყლისასა და კუალად კიდობნისა მიერ განპებასა იორდანისასა და კუალად გრიგოლის მიერ საკჳრვ\ელთ-მოქმედისა განჴმობასა მის ტბისასა, რომელი იყო მიზეზ მტერობისა მის ძმათა[ჲ]სა. ეგრეთ-ვე ტბაჲ ესე მიზეზი შფოთთა და კაცის-კლვათა[ჲ] განჴმა წმიდათა ამათ მიერ". ხოლო წმიდაჲ იგი, ვითარცა იყო უცხო[ჲ] ზუაობისაგან, მიუგო და ჰრქუა მათ: "ნუ ჰგონებთ, მთავარნო და ერნო, თუ-მცა ჩუენითა რაჲთ-მე ძალითა ქმნილ იყვნეს სასწაულნი ესე, არამედ რამეთუ ადიდა ხატი პირისა თჳსისა[ჲ] ქრისტემან ღმერთმან, რაჲთა თქუენ გრწმენეს, ვითარმედ არა ტყუვილ და ამაო არიან საქმენი ესე, რომელთა თქუენ ხედავთ". მიერითგან ეწოდა სახელი შემსგავსებული საქმეთა ადგილსა მას, რამეთუ ეწოდა ზარზმა ერთა მათგან, რომელნი ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო ლოცვით და გალობით განათიეს ღამე იგი და განთიად მოიკითხნეს წმიდანი იგი და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსა.

10. ხოლო ღმრთის-მსახური გიორგი დაშთა მათ თანა და უბრძანა, რაჲთა მოიძიონ ადგილი, სადა ჰნებავს აღშენებად ეკლესიაჲ. და მისცნა საჴმარნი უხუებით. და წარვიდოდა რაჲ, უბრძანა კუალად-ცა მოსლვა[ჲ]. მიერითგან იწყეს ძიებად ადგილსა, სადა უშენონ ღმერთსა სადიდებელად ეკლესია[ჲ]. ხოლო წმიდასა მას ენება, რაჲთა[მცა] ბორცუსა მას ზედა უმაღლესსა აღაშ\ენა ეკლესიაჲ. და ძმაჲ მისი იოვანე და სხუანი ძმანი ეტყოდეს: "ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს, და ძმანი ესე შიშუელ და გლახაკ". რომლისათჳს-ცა იქმნა ცილობაჲ შორის მათსა. და ვითარცა-იგი გედეონ საწუმისი დადვა გამოცდად საქმეთა და კუალად დიდმან თევდოსი ნაჴშირთა მიერ მოიძია ადგილი, სადა აღაშენოს მონასტერი, ეგრეთ-ვე ამათ ნეტართა ყვეს, რამეთუ აღავსნეს ორნი კანდელნი სწორითა ზეთითა და დადგნეს ადგილთა მათ ცილობისათა. რამეთუ იყო მცირე ღელე სამხრით ადგილსა მას უმაღლესსა, და კანდელი იოვანესი დადგა მუნ თჳთ იოვანე, ხოლო ბორცუსა მას ზედა -- წმიდამან სერაპიონ. და ორნი-ვე დადგეს ლოცვად. ხოლო ვითარცა განთენა, იხილვა დავსებულად კანდელი იგი სერაპიონისი, ხოლო კანდელი იგი იოვანესი ბრწყინვიდა ვიდრე შუა სამხრამდე. რამეთუ ესე განგებულებაჲ იყო საღმრთოჲ, რაჲთა არა სწრაფით, არამედ ფრიად შუენიერად ჟამსა თჳსსა აღეშენოს საყდარი მაღალსა მას ადგილსა. ესე რაჲ იხილეს ყოველთა, დაამტკიცეს, რაჲთა მუნ იწყონ შენებად ეკლესიისა.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა ძმასა თჳსსა თაფლ-მწთოლვარითა მით ენითა: "ძმაო იოვანე, ღმერთმან გაჩუენა საკჳრველი ესე დიდებული, რამეთუ იხილა ნაკლულევანებაჲ გონებისა შენისა[ჲ]. ხოლო ესე უწყოდე, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ადგილსა ამას აღეშენოს საყდარი ფრიად შუენიერი". და შეჰკაზმეს ადგილი იგი...

და შეემატებოდა რიცხუსა ძმათასა, რამეთუ მოიზიდვიდა სახელ-განთქუმულებაჲ კაცისა მის ღმრთისა[ჲ], და სახედ მდინარისა ირწყვებოდეს ტკბილთა მათ სიტყუათა მისთაგან. რამეთუ კაცი იგი პირველ ჴსენებული გარბანელი და ორნი იგი ძმანი, რომელნი დანთქმასა ტბისა[სა] განერნეს, იკურთხნეს მონაზონად ჴელითა მის წმიდისა[ჲ]თა, ვინა[ჲ]თგან ახალსა ამას მოსეს ებრძანა ახლისა ისრაჱლისა წინამძღურობაჲ, ამისთჳს უჴმდეს თანა-შემწედ საქმესა მის კარვისა ახალნი ბესელიელ და ელიაბ, რამეთუ არა თუ ნისლსა შევიდა და ფიცარნი ქვისანი მოიხუნა, რომელსა შჯული და მცნებანი წერილ იყვნეს, არამედ თჳთ იგი აღმწერელი მათი გონებითა მოაქუნდა, რომელი მას-ვე, მოსეს, ნაპრალსა კლდისასა დაფარულსა ეტყოდა: "მე ვარ, რომელი იგი ვარ". და მთასა ზედა თაბორსა მოსეს და ელიას თანა ზრახვიდა, თავთა მათ თანა მოწაფეთასა, ესე აქა ჴორცითა გამოსახული მჴართა ზედა ეტჳრთა და თაყუანის-საცემელად მორწმუნეთა აღემართა. რომლისათჳს-ცა იწყეს შენებად ეკლესიისა და დადვეს საფუძველი ადგილსა მას, რომელი იოვანე გამოარჩია. ხოლო საჭირო იქმნა შენებაჲ მისი, რამეთუ ქვანი მათ ადგილთანი ტყეთაგან დაფარულ იყვნეს, ვინა[ჲ]ცა წყლისაგან რაჲს-მე ღონიერობდეს და უშუერსა რას-მე ქვასა მუნით გამოიღებდეს.

ხოლო იყვნეს ხუროთ-მოძღუარ და ზედა-მდგომელ საქმისა მის გარბანელი და ორნი იგი ძმანი. ხოლო განითქუა რაჲ, ვითარმედ ესევითარნი ესე კაცნი ესრეთ აღაშენებენ ეკლესიასა, იწყეს სახედ მდინარისა მოსლვად საქმესა მას ეკლესიისასა. და არა იპოვა რაჲთურთით ქვა[ჲ], და ჭირით და შრომით მდინარისა მისგან მოიღებდეს. ვინა[ჲ]ცა კუალად-ცა მოვიდა მუნ ღმრთის-მსახური იგი გიორგი და განიცადა ყოველი საქმე მათი, და იურვოდა, რაჲთა-მცა კეთილად აღეშენა ეკლესია[ჲ] იგი, და მოუჴდა გულსა და ჰრქუა წმიდათა მათ: "ქრისტეს მიერ განბრძნობილნო მამანო, უკუეთუ სთნავს სიწმიდესა თქუენსა, არს ადგილი ერთი, სადა ეკლესია[ჲ] მისი დაცემულ არს ძრვისაგან. აწ, უკუეთუ ჰბრძანოთ, ადვილ არს, რაჲთა იგი მოვიღოთ", ხოლო ცნეს რაჲ წმიდათა მათ, რამეთუ უჴმ[რ]ად მდებარე არს ეკლესია[ჲ] იგი, ბრძანეს, რაჲთა სწრაფით ჴელ-ყონ საქმესა მას. და იწყეს მოღებად მეყსეულად რაოდენი ეჴმარებოდა ეკლესიისა მისთჳს. და იცნობებიან ქვანი იგი ზოგს-რაჲმე კუთხთა მიერ და კამარათა, ხოლო არს სახელი ადგილისა მის უმწაჲ, რომელი შორავს ათორმეტ მილიონ.

ხოლო შემდგომად სამისა წლისა სრულ იქმნა ეკლესიაჲ და შეიმკო ყოვლითა განგებითა, რომელი შეჰგვანდა ჟამსა მას. და აღმართეს მას შინა ცხოველს-მყოფელი ხატი ფერისცვალებისა[ჲ]. და ამისსა შემდგომად სენაკები-ცა იშენეს ძმათა. და შემოკრბა კრებული დიდძალი ძმათა[ჲ], რამეთუ მადლი სულისა[ჲ] და სახელგანთქ[უ]მულებაჲ კაცისა მის ღმრთისაჲ მოიზიდვიდა ყოველთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: "სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი, შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე მათ შორის". რაოდენ უფრო[ჲ]ს მრავალთა თანა შეკრებულთა ღმრთის-მსახურებისათჳს! ხოლო ღმრთის-მსახურმან გიორგი მისცნა ყოველნი საჴმარნი, ჯორები და კარაულები, და რაოდენი რაჲ უჴმდა სიმრავლესა ძმათასა. ხოლო წმიდამან მან განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი, რომლისა მიერ ირწყვებოდეს საღმრთოჲთა მადლითა, ვინა[ჲ]ცა სოფლებნი-ცა (!) მისცნა კაცმან მან ღმრთისამან გიორგი, ვიდრემდის მოსწრაფე იყო, რაჲთა ყოველი-ვე ადგილისა მისთჳს წარაგოს, ხოლო მრავალთა იწყეს მიბაძვებად მისა. და ვითარცა პირველ კარავსა მოსესსა თუალთა და მარგალიტთა და სხუათა-ცა მათ ნივთ[თ]ა აღშენებისათჳს კარვისა, ეგრეთ-ვე სახედ ძალისაებრ აჩუენებდეს შესაწირავსა ახლისა ამის კარვისას[ა] რომელ არს ეკლესიაჲ ქრისტესი.

11. ხოლო აქა სხუა[დ] იცვალების ლექსი სიტყჳსა[ჲ] უსაკუთრესად თქუმად სასწაულთა წმიდისა ამის კაცისათა და რაჲთა ცხოვრებაჲ-ცა ღმრთის-მსახურისა გიორგისი უმეტეს გამოცხადნეს. ხოლო მოგუეთხრა ესე არა თუ უჩინოთა ვიეთ-მე მიერ კაცთა, არამედ ფრიად-ცა საჩინოთა და ბრწყინვალეთა, ვიტყჳთ უკუე გიორგის ებისკოპოსსა მაწყუერელსა, რომელი-იგი აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთის-მოშიშთა, ხოლო აღიზარდა იგი განთქუმულსა მას უდაბნოსა ოპიზას, რამეთუ იტყოდა ღმერთ-შემოსილი იგი უტყუელითა მით პირითა, ვითარმედ: ვიყავ რაჲ უდაბნოსა ოპიზისასა, საყოფელსა წმიდისა წინა-მორბედისა ნათლის-მცემელისასა, და მიერ აღვედ დიდისა მამისა მიქაელისა და ვიყავ რაჲ წინაშე მისსა, მაშინ წარავლინნა მიქაელ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და მიუწერა ებისტოლე სერაპიონს და ძმასა მისსა იოვანეს მსწრაფლ მისლვად წინაშე მისსა, რამეთუ იცოდა ჟამი განსლვისა თჳსისა[ჲ], რა[ჲ]თა იხილვნენ ურთიერთას და რაჲთა ზედა-მიწევნით ცნას, თუ ვითარ იქმნა შენებაჲ ზეცით უწყებულისა მის ადგილისა[ჲ]. ხოლო იგი, ვითარცა იყო ბრძანებასა მოძღურისა[სა] მორჩილ, მსწრაფლ მოვიდა თჳსით ძმითურთ, რომელსა სხუანი-ცა მრავალნი ძმანი ჰყვეს. და ვითარცა იხილეს ურთიერთას დიდმან მიქაელ და სერაპიონ, განიშუეს, ვითარცა შეჰგავს მხიარულებით, ცრემლთა თანა აღრევით ჰმადლობდეს ღმერთსა და მიიღეს კურთხევაჲ ყოველთა ძმათა ურთიერთას. და ვითარცა გარდაჴდეს ორნი დღენი და განვისუენეთ, მესამესა დღესა იწყო დიდმან მიქაელ და გამოჰკითხა წარმართებაჲ და ვითარებაჲ ადგილისა მის, ანუ თუ ვინ იყო თანა-შემწე და მოღუაწე მათდა. ხოლო ნეტარმან სერაპიონ იწყო პირველითგან და ყოველი წარმოუთხრა: და ვითარ თანა-შემწე მათდა იქმნა დიდი იგი მთავარი გიორგი ჩორჩანელი, და ყოველი-ვე მათ ზედა მოწევნული, და ვითარ ადგილსა მას ორძის სიმრავლე  ძმათა, და სასწაულთა მათთჳს დიდთა განჴმობისათჳს ტბისა და კაცთა მათთჳს ურჩთა დაფარვისა, და ყოველი-ვე, რაჲ-ცა იქმნა, შემდგომითი-შემდგომად. ვინა[ჲ] განიხარა წმიდამან მან და მადლი მისცა ღმერთსა და აკურთხა კურთხეული იგი კაცი გიორგი ჩორჩანელი; და თუ ვითარ შემსგავსებული სახელი ეწოდა ზარზმა ერთა მიერ, სასწაულთა საკჳრველთა ზარ-განჴდილთა. ესე ყოველი რაჲ ესმა წმიდასა მას, იხარებდა სულითა.

ამისსა შემდგომად მოუწოდა მამამან მიქაელ კელარსა და ჰრქუა, რაჲთა მზა-ყოს სერი. მერმე წართქუნეს განწესებულნი ფსალმუნნი ჟამსა ცხრა-ჟმისასა და დასხდეს სერობად, და იწდიეს ღჳნო, და სულიერი და ჴორციელი სიხარული განზავეს. მაშინ წმიდამან მამამან დიდთა ნიშთა და  მიერ ბრწყინვალემან მიქაელ მიხედა ნეტარსა სერაპიონს და ჰრქუა: "ჵ საყუარელო შვილო და ძმაო სერაპიონ, მრწამს ჭეშმარიტად ღმრთისა სასწაულთა მათთჳს შენ მიერ აღსრულებულთა, ანუ თუ ვითარ იყოს წარმართებაჲ ადგილისა მის, გულსავსე-ვიქმნე, უკუეთუ ესე იქმნეს." ხოლო განგებითა საღმრთოჲთა იყო კედელსა ეკლესიისასა რტოჲ ბაჲაჲსაჲ მრავალ-ჟამეული. და აღიღო ჴელითა თჳსითა მამამან მიქაელ და მისცა წმიდასა სერაპიონს და ჰრქუა: "შვილო, დაჰნერგე ესე მახლობელად ეკლესიისა, და უკუეთუ განედლდეს, უწყოდე ჭეშმარიტად, რამეთუ ნაყოფიერებაჲ არს ადგილისა მის. წარვედ და გულს-მოდგინედ აშენებდი". ვინა[ჲ]ცა განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი მუნ მსხდომარენი და ჰრქუეს ურთიერთას: "არა დიდ არს ორთა-ვე ამათ მიერ სიდიდე სასწაულისაჲ", ხოლო ყოლად უცხო[ჲ] იგი ზუაობისაგან შეუ[ვ]რდა წმიდასა მას და ეტყოდა: "წმიდაო ღმრთისაო, წინაშე შენსა არარაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოგიღებიეს მთათა-ცა ცვალებამდე. და გამოუღო ჴელთა მისთა და დაჰნერგა ქუეყანასა. ხოლო შემდგომად მცირედისა განედლდა და რტო-გარდაფენით ქადაგებდა დიდებულსა მას სასწაულსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა, განკჳრდეს და ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა განისმა სასწაული ესე გარემოთა მათ უდაბნოთა, ყოველნი განჰკრთეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა და მოქმედსა საკჳრველებათასა.

12. ხოლო შეუდგა სასწაული სასწაულსა, რომელსა ეგულვები[ს] თქუმაჲ და კუალად-ქცევა[ჲ] საზღვართა-ვე თჳსთა სიტყჳსა[თა]. რამეთუ ვიდრე-ღა იყვნეს ესრეთ ჟამ რაოდენ-მე მხიარულნი სულითა [და] შუებითა, და ყოველნი აღივსებოდეს საღმრთოჲთა მადლითა, ხოლო დღესა ერთსა ილოცვიდეს რაჲ ჟამსა სამ-ჟმისასა და აჰა ესერა დაეცა განკჳრვებაჲ წმიდასა მას და მყოვარ ჟამ დგა განცჳბრებული. ამისსა შემდგომად ვითარცა რულისაგან ღრმისა განღჳძებულმან მიხედნა ნეტარსა სერაპიონს და ჰრქუა: "ისწრაფე, ძმაო, და წარვედ ადგილთა ნამუშაკევთა შენთა, რამეთუ შფოთნი რაჲმე შემთხუევად არიან ჟამ რაოდენ-მე, ხოლო თუ უნდეს ღმერთსა, ადრე იქმნას განქარვებაჲ მათი, გარნა მე ვერღა მიხილო ოდეს-ცა სოფელსა ამას, რამეთუ ადრე წარვალ ამიერ. ხოლო შეკრებასა მას ყოველთასა ნებითა ღმრთისაჲთა გიხილო მხიარული და ბრწყინვალე, ვითარცა რაჲ მუშაკი კეთილი, სასყიდლითა განმდიდრებული. ხოლო ძმა[ჲ] შენი იოვანე მივედინ ადგილსა სხუასა, რომელი, ისწაოს რაჲ, შენებასა მისსა მოსწრაფედ თანა-მზრუნველ ექმნას კაცთა მათ, რომელნი პოვნეს ადგილსა მას, რომელსა მონასტერი აშენოს". და მისცა მას სასწაული და ნიში, რომელსა ეგულებოდა მისლვა[ჲ] იოვანეს.

ხოლო ესევითარი რაჲ ტკბილი ანდერძი წარმოთქუა და ყოველი ყოფადი წინა[ჲ]სწარ მოუსწავა და წარგზავნნა ცრემლითა აღსავსენი და უფრო[ჲ]ს-ღა, რამეთუ არა ესვიდეს კუალად ხილვასა მისსა. ხოლო მოიწინეს რაჲ დიდსა მას უდაბნოსა კლარჯეთისასა ოპიზას, მოეგ[ებ]ნეს მათ მამანი და სურვილით მოწლედ მოიკითხნეს და შემსგავსებული პატივი წინა-უყვეს. და ვითარცა დაყვნეს დღენი რავდენნიმე ...

ხოლო ვითარცა იყო წმიდაჲ იგი მდაბალ და აღუზუავებელ, ტკბილითა და დაშნითა ჴელითა იხილვებოდა მდგომარედ ხუროთა თანა საეკლესიოთა, რამეთუ იყო სხუათა-ვე სათნოებათა მეცნიერ სჯულთა საეკლესიოთა და ფრიად შემკულ წესითა ხუცოებისა[ჲ]თა.

ვინა[ჲ] იხილა ვინმე იგი ესევითარითა სახითა ზუავმან და სილაღითა შეპყრობილმან, იწყო გმობად წმიდისა მის და იტყოდა: "აჰა დიდი და განთქუმული სერაპიონ ვითარ-ღა უსიტყუ და უჴმო იხილვების და რაჲთურთით ესევითართა პატივთა ყოლად არა ღირს არს ესე". ამას რაჲ იტყოდა შურითა საეშმაკო[ჲ]თა აღსავსე იგი, აჰა საკჳრველებათა შენთა ქრისტე! რამეთუ სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა[ჲ] სრულ იქმნა, რომელი იტყჳს: "უფალმან მიაგოს უსჯულოებაჲ მათი", და კუალად: "[უტყუ] იყავნ ენა[ჲ] მზაკუარი მეტყუელი მართლისათჳს უსჯულოებასა". ხოლო ვითარცა მდგომარე იყვნეს ეკლესიას, მყის წინაშე ყოველთასა დაეცა კაცი იგი უჴმოდ მდებარე და გარდამოაგდო ენაჲ განსივებული, საშინელთა პეროოდა და გორვიდა. მაშინ განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი იგი დასნი მგალობელთანი, ხოლო რომელთა ასმ[ი]ოდა კაცისა მისგან იგი წმიდისათჳს, ურთიერთას იტყოდეს: "ნუუკუე მის მიერ მოიწია მსწრაფლი ესე მხილებაჲ". ხოლო კაცი იგი მოეგო გონებასა და გულისჴმა-ყო ცთომილებაჲ თჳსი და დაღაცათუ ენითა ვერ მეტყუელებდა, არამედ ეგრეთ-ცა შეუ[ვ]რდა მწყობრსა მას მამათასა და წინაშე მათსა აღიარა ცთომილებაჲ თჳსი. ხოლო ყოველნი იგი შეუ[ვ]რდეს წმიდასა მას, რაჲთა მიუტეოს ცოდვა[ჲ] იგი. და იგი ესრეთ ეტყოდა მათ: "კრებულო წმიდაო და მწყობრო რჩეულო, ნუ იყოფინ, თუ-მცა ჩემ ძლით რაჲ შეჰმთხუეოდა ძმასა ამას, არამედ სიტყჳსაებრ იაკობ მოციქულისა: "თანა-გუაც ძმათ-მოყუარებით, რაჲთა ყოველთა ულოცოთ, და უფალმან ყოს ლხინებაჲ უძლურისა[ჲ] ამის". ხოლო ყოველნი იგი უმეტეს შეუ[ვ]რდეს   წმიდასა ამას: "მიუტევე, წმიდაო ღმრთისაო, და შეიწყალე საწყალობელი ესე". ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: "აჰა და მეცა მზა ვარ თქუენ თანა". და მოიდრიკნა მუჴლნი და თქუა: "უფალო იესუ, ძეო ღმრთისა მამისაო, რომელი მოხუედ სოფლად მოძიებად შეცთომილთა, ვითარცა-იგი სიტყჳთა აღატყუე ყრუ[ჲ] იგი და უტყჳ. ეგრეთ-ვე, მეუფეო უფალო ღმერთო, განკურნე ყრმა[ჲ]ცა ესე, რომელი შესცთა სივერაგითა ეშმაკისა[ჲ]თა". და ვითარცა ესე თქუა, მყის დასცხრა ფრიადი იგი სასტიკებაჲ ენისა მისისა[ჲ] და კუალად ეგო ადგილსა-ვე თჳსსა. და რომელთა იხილეს, განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა.

და განითქუა სასწაული ესე ყოველთა შორის და იტყოდეს: "რომელმან-იგი რტო[ჲ] ბაჲაჲსაჲ განჴმელი ფურცლის-მშობლად გამოაჩინა მსგავსად განჴმელისა მის ჴელისა, რომელი-იგი განკურნა უფალმან, და აჰრონის მიერ განედლებულისა მის კუერთხისა და კუალად ხისა მის, რომელი მიყრდნობითა დიდისა მოწამისა ხარალამპისითა განედლდა და მყის ნაყოფიერ იქმნა, და კუალად აკრაკანტელთა ნათელმან გრიგოლი, ამათ სასწაულთა არარაჲთ უდარეს არიან აწ აღსრულებულნი ესე წმიდისა სერაპიონის მიერ. რამეთუ იტყჳს უფალი: "რომელსა მე ვჰრწმენე, უმეტესი ჩემსა ქმნეს*", და საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა. ამათ და ამათვითართა ურთიერთას იტყოდეს ყოველნი იგი და ადიდებდეს ღმერთსა.

13. ამიერ კუალად ვიპყრათ ნეშტი იგი თხრობისა[ჲ] და პირველსა-ვე სიტყუასა აღვიდეთ, და ვითარცა ესე სასწაულნი იქმნ[ნ]ეს წმიდისა მის მიერ ადგილთა მათ, რომელთა აღზრდილ-ღა იყო, და წინაშე მოძღურისა, რომელი იყო თავ და წარმართება ყოველთა საქმეთა მისთა, და ძმა[ჲ]ცა იგი მათი უხუცესი, რომელი პირველ ვაჴსენეთ, იხი\ლეს და სურვილით მოიკითხეს და თანა ექცეოდა ყოველსა მას მუნ ყოფასა შინა მათსა, ხოლო იჯმნეს წმიდათა მათ უდაბნო[ჲ]სა მისგან, და მოიკითხნეს წმიდანი იგი მამანი და წარვიდეს. და ვითარცა გარდავლეს მთა[ჲ] იგი არსიან წოდებული და მივიდეს ჴევსა ყველისასა, ხოლო იქმნა რა[ჲ]მე მუნ-ცა ნაკლულევანებისა სრულ ყოფად განგებულებით, რამეთუ აჰა ესერა მოეგებნეს კაცნი ვინმე მონაზონნი და ჰრქუეს: "კეთილად მოხუედით, საღმრთონო მუშაკნო ქრისტეს ვენაჴისანო, რამეთუ ბრძანებულ არს, რაჲთა ადგილთა ამათ თქუენ მიერ აღეშენოს მონასტერი, რომელსა ჩუენ-ცა ვიჭირვით, და მოგელით თქუენ, ვითარცა უწყებულნი. რამეთუ აქა-ცა თქუენ-ვე ხართ წინამძღუარ და მასწავლელ საქმეთა ამათ". და უჩუენეს ადგილი, რომელსა ზედა იხილვნეს ნიშნი იგი ბრძანებისაებრ დიდისა მიქაელისისა, და უბრძანა წმიდამან სერაპიონ ძმასა თჳსსა, რაჲთა გულს-მოდგინედ იწყოს და აღაშენოს მონასტერი ბრძანებისაებრ წმიდისა მის. რომლისათჳს-ცა საქმე ესე ფრიად შეუძნდა იოვანეს, გარნა ვერ მკადრე იქმნა წინა-განწყობად ორთა-ვე მათ ბრძანებასა, არამედ ესე ხოლო ჰრქუა სერაპიონს: "უკუეთუ ჯერ-არს, რაჲთა ჟამითით ვიხილვიდე საღმრთოსა პირსა თქუენსა, მზა ვარ მე აღსრულებად ბრძანებათა შენთა". ხოლო წმიდამან უბრძანა ყოლად-ვე ხილვად ურთიერთას. და აღეშენა მონასტერი იგი ბრძანებისაებრ დიდისა მის მოძღურისა. და შეამკო ყოვლითა სამკაულითა, ვითარცა შეჰგვანდა, და უწოდა სახელი სეხნაჲ თჳსი, რამეთუ იოვანე-წმიდა ეწოდების ადგილსა მას. მოვიდოდა ჟამითი-ჟამად ძმისა თჳსისა თანა და ისწავებნ ყოველსა-ვე განგებასა მონასტრისასა.

არამედ აქა ნეშტი სიტყჳსა[ჲ] წინაუკმო ვცვალეთ, რამეთუ შეეზავა სიტყუაჲ სიტყუასა და ვერღარა განვყავთ აღშენებაჲ იგი მონასტრისა[ჲ], რომელი სახელად იოვანესსა აღეშენა.

და ვითარცა წარვიდა მიერ წმიდაჲ სერაპიონ და მოვიდა თჳსთა მათ თანა კრებულთა, და ყოველნი მიეგებნეს სიხარულითა მოიკითხეს სურვილით, და მოიხილნა იგინი და რაოდენი რაჲ ეშენა ახალსა მას ხუროთ-მოძღუარსა და ვითარ სიმრავლე ძმათა სიმრავლედ დიდად აღწევნულად, ესე ყოველი რაჲ იხილა, განმხიარულებული ჰმადლობდა ღმერთსა.

14. ხოლო აქა ეგულების სიტყუასა კუალად ქცევა[ჲ] სხუად მიმართ. რამეთუ მიუთ[ხ]რეს ღმერთ-შემოსილსა მამასა სერაპიონს სიკუდილი დიდისა მის მთავრისა გიორგისი, რომელი იყო აღმაშენებელი ადგილისა მის, ესე რაჲ ესმა, ვითარცა შეჰგვანდა, დიდად იგლოვა, ცრემლოოდა ვითარცა მჴსნელი ლაზარეს ზედა და უმეტეს, რომელ არა თანა-დახუდა სიკუდილსა მისსა, ვინა[ჲ]ცა ჰრქუა იკონომოსსა და ხუცესთა და ძმათა ყოველთა, რაჲთა ხვალის დღე მივიდენ საფლავად მისსა, ადგილსა მას ზანავისასა, სადა-იგი მონასტერი შუენიერი შენ არს, რომლისა-იგი იყვნეს პირველნი აღმაშენებელნი ამასპო და ქურდია. ხოლო აწ კუალად და[ჲ] გიორგისი, რომელი იყო ცოლი დიდისა მთავრისა მირიანისი, ძისა ბეშქენ ბაჰლაუნდისა[ჲ] [ძისა] იოვანესი, ხოლო გიორგი შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო. რამეთუ ორნი შვილნი სიჩჩოებასა-ვე შინა წასრულ იყვნეს და შემდგომად მათისა დედა[ჲ]ცა, ნათლად გამომყვანებელი მათი, მიიცვალა, და სხჳსა მეუღლისა შეერთებაჲ არღაოდეს თავს-იდვა. და ვითარცა ვთქუთ, გარდა-რაჲ-იცვალა ყოლად კურთხეული იგი გიორგი, ყოველი-ვე, რაჲ-ცა აქუნდა, და მამული და ყოველნი ეკლესიანი და მონაგები მისი დასა მისსა შე[ჰ]ვედრა და შვილთა მისთა საკუთრებით განუთჳსა, რომელთა ეწოდა სულა, ბეშქენ და ლაკლაკი. ხოლო ვითარცა ვთქუთ, მივიდა წმიდაჲ იგი საფლავსა ზედა მისსა, მოწლედ და თანა-ლმობით იტირა. და ვითარცა ჯერ-იყო, მოიკითხა და ნუგეშინის-სცა დასა მისსა ლატავრის, რომელსა უკუანა[ჲ]სკნელ თეკლა იწოდა, და კურთხევითა საღმრთო[ჲ]თა აკურთხნა სამნი-ვე იგი ყრმანი მსგავსად სამთა ყრმათა აბრამიანთა. მერმე მოიღო ანდერძი დიდისა მის მთავრისა გიორგისი და წარიკითხა აღსავსემან ცრემლითა, და ილოცა მისთჳს და აკურთხა კურთხეული იგი კაცი, რამეთუ მდიდრად მიეცა ყოველი-ვე უხუებით: აგარაკნი თავისუფლებით და საქონელი მრავალ-ფერი და სიმრავლე საჴედართა და მროწეულთა[ჲ]. და სასოებით შეჰვედრა სული წმიდისა მის კაცისა[ჲ]. და ამას შინა გარდაჴდეს წელნი და აორძნდებოდა და წარემატებოდა ადგილი იგი ფრიად.

ხოლო მოვიწიენით რაჲ სიტყუასა ამას, ჯერ-არს გულისჴმის-ყოფით-რე სმენა[ჲ], თუ ვითართა მადლთა ღირს ქმნულ იყო დიდი იგი მამა[ჲ] მიქაელ, რამეთუ აჰა ადგილი იგი, რომელი უწინაწარმეტყუელა ნეტარსა სერაპიონს, ვითარმედ შფოთნი და განსაცთელნი შემთხუევად არიან ადგილსა მას ნამუშაკევსა შენსა, აჰა ესერა წარმოვთქუათ.

და ვითარცა იყო დიდსა დაწყნარებასა და მშჳდობასა შინა ადგილი იგი შემდგომად გარდაცვალებისა დიდისა მთავრისა გიორგისისა და კეთილად წარემატებოდა ყოველი საბრძანებელი მისი, რომელი დაეტევა დისა მისისა თეკლა[ჲ]სა და შვილთა მისთადა, ვინაჲ ბირებითა ეშმაკისა[ჲ]თა იქმნა უწესო[ჲ] ამბოხი, რამეთუ მოკლა ლაკლაკმან დისიძე თჳსი, რამეთუ მძლავრებით ეტყოდა, ვითარმედ ნაწილ-უც მამულსა თანა თქუენსა დასა ამას თქუენსა, ვინა[ჲ]თგან თქუენ-ცა დედისა მიერ გაქუს, რომლისათჳს-ცა განმრავლდეს სიტყჳს-გებანი ურთიერთას, და ესრეთ მოკლა დისიძე თჳსი და ესე რაჲ ესრეთ იქმნა, განგრძელდა საქმე ესე სამ წელ. ხოლო წელსა მეოთხესა ამათ საქმეთასა განაბრწყინვა ღმერთმან დიდი იგი მღდელთ-მოძღუარი გიორგი შუარტყლელი, რომელმან დაიპყრა საყდარი აწყურისა[ჲ], რამეთუ არა ჯერ-იყო ცხედარსა ქუეშე დაფარვა[ჲ] სანთლისა[ჲ]. და ჴელთ-იდვა რაჲ განგებაჲ სამცხისა[ჲ], დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს-იყო, და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი. ხოლო ადგილი იგი, ზარზმად წოდებული, ეგო უძრავად ყოლად-ვე შეწევნითა ღმრთისა[ჲ]თა და მადლითა სასწაულთა მიერ ნიშებ-შემოსილისა მამისა სერაპიონისითა. და ვითარცა გარდაჴდა წელიწადი შჳდად აღთუალული, დასცხრეს და დადუმნეს ყოველნი-ვე შფოთნი და უწესოებანი წმიდისა ამის მღდელთ-მოძღურისა გიორგის მიერ. ხოლო ყოველთა ამათ საქმეთა სიმრავლისათა მეტყუელ[ი] პირი და ენა[ჲ] დიდსა-ვე თანა გიორგის მაწყუერელსა იყო ნეტარი-ცა მამა[ჲ] სერაპიონ. ვინა[ჲ]ცა ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი-იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანა[ჲ]სკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს, პირმან მან უტყუველმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელსა, ვითარ-იგი ბაჲა[ჲ]საჲ რტოჲ განედლდა და ვითარ ეშმაკისა ბირებითა ცთუნებული იგი ზუავი და ამპარტავანი ენა[ჲ] განკურნა, რამეთუ ყოველთა-ვე თჳთ-მხილველ ქმნილ იყო.

15. ხოლო აწ კუალად აღვედინ სიტყუაჲ ჩუენი პირველ დაწყებულთა სიტყუათა შემდგომითი-შემდგომად. და ვითარცა იქმნა დაწყნარებაჲ შფოთთა[ჲ] მათ, და დღითი-დღე შეეძინებოდა წარმატებაჲ მონასტრისა[ჲ] მის. და ძმა[ჲ]ცა მისი იოვანე ზედაჲს-ზედა მოვალნ და იკურთხევინ მის მიერ და ისწავლინ ყოველსა, რაჲ-ცა აკლდა მის მიერ შენებულსა მას მონასტერსა. ხოლო ესე წესი დაუდვეს თავთა თჳსთა ნეტართა მათ, რამეთუ ლოცვასა ღამისასა ჴელ-განპყრობით დგიან დასსა თანა მგალობელთასა. ხოლო მოეახლის რაჲ ცისკარი, განეშორნიან ვითარ ქვის-სატყორცელ ოდენ, და მყუდროებით და ცრემლით შესწირვიდიან ვედრებათა, რაჲთა ამით-ცა ემსგავსნენ თჳსსა მეუფესა. და ესრეთ დღითი-დღე შესძინებდეს ტალანტსა, რაჲთა მიართუან აღნადგინებითურთ განმყოფელსა მას მადლთასა. ესრეთ რაჲ შუა წარჴდა სიმრავლე წელთა[ჲ] და სიბერითა კეთილითა განპოხნეს და ფუფუნებულ და ჩჩჳლ იქმნეს საღმრთოჲთა ცნობითა. და იყო ამისსა შემდგომად გარდაიცვალა და[ჲ]ცა იგი გიორგისი თეკლა, და დაშთეს სამნი-ვე იგი ძენი მისნი, და წარემართა უფლებაჲ მათი, და იკურთხა თესლი მათი, ვითარცა აბრაჰამისი და იაკობისი.

16. გარნა აწ ჯერ-არს, ძმანო, რაჲთა გულს-მოდგინედ ვისმინოთ აწ თქუმული ესე. და გესმოდის რაჲ დასაბამი და აღსასრული ნეტარისა ამის ცხორებისა[ჲ], გიკჳრდეს და ადიდებდეთ ღმერთსა. რამეთუ მახლობელ რაჲ იქმნა სოფლით წარსლვისა და მწუხარებისაგან სიხარულად მისლვისა, მოუწოდა კრებულსა მას ძმათასა და ჰრქუა: "ძმანო და მამანო! მსურის მე, რაჲთა მოციქულისაებრ ვიტყოდი: "სრბაჲ აღსრულებულ არს და სარწმუნოებაჲ დამიმარხავს", ხოლო ვიტყჳ არა თუ ზუაობითა, არამედ ვესავ, რამეთუ ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი", არა მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი, რამეთუ ესრეთ მზა არიან გჳრგჳნ[ნ]ი მოყუარეთათჳს მისთა, ვითარცა თჳთ თავადი იტყჳს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ", "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა", ხოლო თქუენ, შვილნო, ისწავეთ მეტყუელისა: "შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა და გონებითა, და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი*", და კუალად იტყჳს: "უკ[უ]ე\თუ გინდეს, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეთ ჰყოფდით თქუენ მათდა მიმართ. და ამათ მცნებათა და ყოველი სჯულ[ი] და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან", და "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას." ხოლო თქუენ, ძმანო, დაიმარხეთ ყოვლისა პირველად სიყუარული ღმრთისა და მოყუსისა[ჲ], ვითარცა თავი სჯულისა და წინაწარმეტყუელისა[ჲ], და მარადის ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცთელსა, რამეთუ ლოცვა[ჲ] მიმაახლებელი არს ღმრთისა[ჲ] და ბჭე სასუფეველისა[ჲ] შემაერთებელი ანგელოზთა[ჲ] და დამცემელი ეშმაკთა[ჲ]. რამეთუ წმიდათა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ლოცვა[ჲ] თქუეს საჭურველად, მარხვა[ჲ] ზღუდედ და წმიდანი ცრემლნი საბანელად, ხოლო მორჩილებაჲ წამებად, რომელი-ესე ღუაწლით შემოსილთა მოწაფეთა თანა დაუთხეველად სისხლთა გჳრგჳნოსან ჰყოფს კაცსა".

ესევითარი მრავალი წარმოუთხრა წმიდამან მან ოქრო-ნაკადულით პირით მისით მოწაფეთა თჳსთა. და კუალად ჰრქუა: "მე ძმანო, აჰა ესერა წარვალ შემდგომად მცირედთა დღეთა, ხოლო თქუენ იძიეთ მამა[ჲ] და წინამოძღუარი, რომელი შემძლებელ იყოს მწყსად თქუენდა, ვითარცა შვილთა და ძმათა", ხოლო ყოველნი იგი აღვსებულ[ნ]ი ცრემლითა ტიროდეს ფრიად და არავინ მიუგო ტირილისა მისგან ფრიადისა და მო-რაჲ-ეგნეს თავთა თჳსთა, მიუგეს ესრეთ და ჰრქუეს: "ჩუენ, მამაო, ვინაჲთგან ობოლ ვიქმნებით ტკბილისა და ყოლად მოწყალისა მამისაგან, არა უწყით რაჲ მიგიგოთ". და წმიდამან ჰრქუა: "ვინა[ჲ]თგან, შვილნო, არას მითხრობთ, მე, გლახაკსა, თანა-მაც, რაჲთა მე-ვე ვიტყოდი ჯერისაებრ".

და იყო ვინმე მღდელთაგანი კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტქბილი სიტყჳთა და საქმითა, სახელით გიორგი. ამას მოუწოდა წმიდამან და ჰრქუა: "ჵ, საყუარელო შვილო გიორგი, რამეთუ წილ კეთილ ხუედრებულ არს შენდა, რაჲთა შემდგომდ ჩემსა სამწყსო[ჲ] ესე ქრისტესი ვითარცა მამამან სულთ-მოყუარემან კეთილად დამწყსო, და ვითარცა შეჰგავს შვილთა მამის-მოყუარეთა, შეუდგენ ჴმასა შენსა". ესე სიტყუანი რაჲ ესმნეს გიორგის, აღვსებული ცრემლითა ეტყოდა: "მძიმე არს, ჵ წმიდაო, დადებად ბეჭთა ჩემთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი, და გევედრები, რაჲთა შენდობაჲ ჰყო  და არღარა მიბ[რ]ძანო კუალად-ცა".

ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: "არა მე, არამედ ქრისტე გჳბრძანებს ჩემ მიერ". და სიტყჳთა ამით დაარწმუნა წინამოძღ[უ]რობაჲ ძმათა მათ, რომლისათჳს-ცა ყოველთა მათ განიხარეს, რამეთუ მსგავსად-ვე მისა ხედვიდა ყოველი იგი კრებული. და შეჰვედრა სამწყსო[ჲ] იგი თჳსი გიორგის, და განუჩინ[ნ]ა ყოველნი, რაოდენ[ნ]ი უჴ\მდეს მნენი ეკლესიისანი. და განაწყო კრებული იგი განგებითა საღმრთო[ჲ]თა და ფრიად შუენიერითა, ვინა[ჲ]ცა დღესა მეშჳდესა ყოველთა ამათ საქმეთასა მცირედ რაჲმე დასნეულდა და მიწვა ცხედრად. ხოლო დღესა მეხუთესა აღდგა, ვითარცა ახალ განჭაბუკებული, და მიიწია წმიდად საკურთხეველად და შეემთხჳა წმიდასა ტრაპეზსა და განმაცხოველებელსა ხატსა ქრისტეს კაცებისასა. და უბ[რ]ძანა, რაჲთა აზიარონ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და დაიბეჭდა საუფლოჲ ჯუარი და მოიკითხა თითოეულად სიმრავლე იგი ძმათა[ჲ] და ჰრქუა: "ილოცეთ ჩემთჳს, ძმანო, და ცხონდით, რამეთუ ამიერითგან არღარა მიხილოთ სოფელსა ამას".

და წარვიდა და მიიწია ცხედრად ჟამსა მეექუსესა. და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა, რომლისა[ჲ] სურვიელ იყო მარადის.

ხოლო არა მცირედ იგლოვეს მამათა ლავრისათა ჯერისაებრ და ცრემლით. მაშინ მოვიდა ძმა[ჲ] მისი იოვანე, რამეთუ უწყებული იყო სულისაგან, ვითარცა ღრუბლითა აღტაცებული. და შემოკრბა სიმრავლე გარემოთა მონასტერთა და სოფელთაჲ. ხოლო მოვიდა ღმერთ-შემოსილი გიორგი მაწყუერელი-ცა ჯუარითა ყოველთა თანა მწყობრთა ეკლესიისათა. და ესე-ცა ვთქუათ, რამეთუ მწყობრნი  ანგელოზთანი კრებულსა თანა ყოველთა წმიდათასა შეერთებულნი მოიწინეს, ვითარცა თანა-მოკარვისა და თანა-მოსაგრისა მათისა, და ყოველთა აღიტყუელნეს ჴელნ[ი] სიხარულითა და ზეცას აღიყვანეს ყოლად სანატრელი იგი სული მისი. და ზეცისანი განმხიარულებულნი ადიდებდეს ღმერთსა, ხოლო ქუეყანის[ა]ნი გუამისა მის წმიდისა შეხებითა სენთა და სალმობათაგან ჴსნილნი მადლობასა და თაყუანის-ცემასა შესწირვიდეს და ჯეროვნითა გალობითა და სანთელთა სიმრავლითა და საკუმეველთა სულნელებითა შემურეს და დადვეს საფლავსა, რომელი იგი თჳთ შეემზადა მას აღმოსავალით საკურთხეველისა, რაჲთა დღითი-დღე ხილვითა მისითა იჴსენებდეს სიკუდილსა, რომელი-იგი სამარადისოდ წინაშე თუალთა აქუნდა. და ესრეთ სრულ ყვეს წესი იგი სამკუდროჲ. და მრავალნი ჟამსა მას დაფლვისა მისისასა მრავალ-ფერთა სენთაგან განიკურნნეს, რაჲთა ყოველთა უწყოდი[ა]ნ, ვითარმედ სიკუდილისა-ცა [შემდგომად] ცხოველ არს და იღუწის სარწმუნოებით შევედრებულთა.

ხოლო სიმრავლე სასწაულთა მისთა[ჲ] ვერცა თუ გონებათაგან მისაწ[უ]თომელ არს, გარნა კერძო-რაჲმე და მცირედი მოვიჴსენოთ და მერმე დუმილი მივსცეთ სიტყუასა.

ჯერეთ ცხედარსა-ვე აქუნდა მრავალ-მოღუაწე იგი გუამი წმიდისა მის და აჰა ესერა მოიწია კაცი ვინმე ყოლად განჴმელი, რომელი ფრიად რაჲმე სასტიკებით განიჭრებოდა ტკივილისა სიმძაფრითა, რამეთუ სისხლი წარსდიოდა სარცხჳნელსა მისსა და ჴმობდა ჴმითა უშუერითა. და ვითარცა მყის მოიწია, მოეხჳა მოწლედ ცხედარსა მისსა, და აჰა ესერა კაცი იგი იქმნა ვითარცა მკუდარი. და მეყსეულად სახილველად ყოველთა ასოსა მას თესლ-მცენარესა წარსცჳეს ორნი ქვანი განსაკ[რ]თომელნი სიდიდითა. და იქმნა კაცი იგი ყოლად მრთელ, ვითარ-მცა არარაჲ შემთხუეოდა ვნებაჲ იგი. და ყოველთა, რომელთა იხილეს, ადიდეს ღმერთი, მადიდებელი წმიდათა მისთაჲ.

ვინა[ჲ]ცა ჟამსა მას მოიწია სიმრავლე თითოსახეთა სნეულთა[ჲ] და ყოველნი განიკურნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო შემდგომად დაფლვისა მისისა და მიწად მიფარვისა ვიდრე დღენდელად დღემდე მიუწ[უ]დომელ არიან ნიშნი და ძალნი მის მიერ აღსრულებულნი თჳთოეულთა ზედა სნეულთა, და კაცობრივისა ენისა მიერ შეუძლებელ არს წარმოთქუმა[ჲ] და აღწერა[ჲ] ყოველთა მათ სასწაულთა[ჲ], რომელნი-იგი სარწმუნოთა კაცთა ფიცით მოგჳთხრნეს ჩუენ.

ხოლო ჩუენთა ამათ ჟამთა ხილული და სმენილი ვითარ მიუთხრათ სიყუარულსა თქუენსა, რამეთუ უშურველად ფშჳს მადლ" ნაწილთა მისთა[ჲ] სარწმუნოებით მვედრებელთათჳს, რომელი-იგი მარადის აღესრულების სადიდებელად ღმრთისა.

17. ხოლო ამიერითგან მოვიჴსენოთ, თუ ვითარსა მადლსა ღირს ქმნულ იყო წინაწარმეტყუელებისა[სა], რამეთუ აჰა ესერა ეგულების სიტყუასა მოჴსენებად სიტყუა[ჲ] იგი, რაჟამს ჰრქუა ძმასა თჳსსა იოვანეს, ვითარმედ: "ჟამთა ბორცუსა ამას ზედა აღეშენოს ეკლესია[ჲ] ფრიად შუენიერი". რამეთუ აჰა ჟამი იგი წინაწარმეტყუელებისა[ჲ] მოიწია, რამეთუ ვიდრე-ღა იგი ცოცხალ იყო, წმიდაჲ ესე ყოველთა მიერ საყუარელ და ყოველთა მეგობარ იყო და მოძღუარ, რომლისათჳს-ცა დაემოწაფა წმიდასა ამას კაცი ვინმე ყოლად უცნაური. და იყო კაცი იგი ადგილისაგან მცირისა, რომელსა ძარღუას სოფელ ეწოდების, და დღითი-დღე მოვიდის კაცი იგი და ეტყოდა წმიდასა მას, ვითარმედ: "მაკურთხე, მამაო, წმიდითა ჴელითა შენითა და შემრთე წმიდასა კრებულსა შენსა." ხოლო იგი აყენებდა ჟამად, რაჲთა უფრო[ჲ]ს გამოჩნდეს საკჳრველი მისითა მით ერის-კაცად მიმყოვრებითა. ხოლო იგი ეტყოდა: "მაკურთხე, მამაო, და მიიღე მცირე ევლოგიაჲ და წარაგე საშენებელად მონასტრისა". ხოლო იგი კუალად-ცა უბრძანებდა, რაჲთა დრო-ყოს და თჳთ მოვალს ჟამი, რაჲთა იქმნეს მონაზონ და ევლოგია[ჲ], რომელ განგიმზადებიეს, ფრიად რაჲმე ეჴმაროს.

ხოლო ვითარცა მოიწია ჟამი და მიიცვალა წმიდაჲ იგი, მოიწია მესამე დღე მიცვალებისა მისისა[ჲ] და დაიდვა წმიდაჲ იგი პირველ ჴსენებულსა მას საფლავსა, რომელი თჳთ ეშენა აღმოსავალით საკურთხეველსა დამართებით სარკუმელსა. და მოვიდა კაცი იგი, ვითარცა ვთქუთ, დღესა მესამესა მიცვალებისა მისისა[სა] და იტირა ფრიად და წმიდასა მას ეშჯოდა ვითარცა ცხოველსა არა ჴელითა მისითა აღკუეცისათჳს მისისა, რომლისათჳს-ცა იტყოდა, ვითარმედ: "არა განეშოროს საფლავსა, ვიდრემდის არა მონაზონ იქმნეს და ევლოგია[ჲ]ცა იგი დადვას ადგილსა მას სამარხოსა მისისასა". და ვითარცა ესრეთ მდუღარე იყო კაცი იგი, მაშინ უბრძანა მამასახლისმან მნეთა ეკლესიისათა, რაჲთა მოიღონ სამჴარი და კუნკული და აღკუეცონ კაცი იგი. ხოლო მათ მსწრაფლ შეუდგინეს საქმე სიტყუასა, და აღკუეცეს კაცი იგი და აღასრულეს მის ზედა ყოველი წესი მონაზონთა[ჲ]. და ვითარცა წარვიდა იხილეს რაჲ უცხო[ჲ]თა სამოსლითა შემოსილი, და ენება კუალად ერისაგან ყოფაჲ. და ვითარცა ვერ შეუძლეს მორჩილებაჲ მისი, უთხრეს ესე უფალსა მისსა, რამეთუ იყო კაცი იგი საჴმარ და მსრბოლ გზათა შორთა.

ხოლო კაცმან მან ვითარცა აგრძნა, ვითარმედ არა უტევებენ ნებისაებრ მისისა, მაშინ აღიღო ევლოგია[ჲ] იგი და რაოდენი რაჲ ეძლო სახლით თჳსით და სივლტოლა[ჲ] იჴუმია. ვინა[ჲ]ცა დევნა-უყვეს უკ[უ]ანა მისსა, და შეწევნითა მის წმიდისა[ჲ]თა ვერ ეწინეს. და ვითარცა შევიდა კაცი იგი შეიპყრან და წარუღონ, რაჲ იგი აქუნდა, და მიიწია კაცი იგი დამართებით სარკუმელსა ეკლესიისასა და შეაგდო, რაჲ-იგი აქუნდა ჴელთ-საჴოცელსა შინა გამოკრულ. და ესრეთ უღონო რაჲ იქმნეს მდევარნი იგი, ევედრნეს წინამძღუარსა გიორგის, რაჲთა განეხუნენ კარნი ეკლესიისანი და რაჲთა წმიდასა მას თაყუანის-სცენ და მათ-ცა იხილონ, რაჲ-იგი შეეწირა ევლოგიაჲ კაცსა მას. ეჰა განგებულებაჲ საღმრთო[ჲ], და რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ მიცვალებისა-ცა [შემდგომად] ძალ-უც წმიდასა მას ქმნად, რაჲცა ენებოს. და ვითარცა განეხუნეს კარნი და შევიდეს წმიდად ეკლესიად და აღვიდეს საკურთხეველად და იძიეს რაჲ იგი ცხადად შევრდომილ იყო სახილველად ყოველთა და არღარა იპოვა მათ მიერ, და შიშმან და განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა.

18. ხოლო ვითარცა წარჴდეს წელნი მრავალნი და წინამძღუარი გიორგი გარდაიცვალა, რომლისა მონაცვალედ დადგა მიქაელ ვინმე, რომელსა გიორგი-ვე ამცნო, ვითარმედ: "იწყეთ შენებად ეკლესიისა ბრძანებისაებრ მამისა სერაპიონისა და ნურარას ზრუნავ წარსაგებელთათჳს, რამეთუ ჩუენებით მეუწყა წმიდისა მიერ, ვითარმედ ევლოგია[ჲ] იგი, რომელ მოიღო კაცმან მან, იგი დამარხულ არს ქუეშე კერძო ჯუარისა (რომელი იყო თავით კერძო წმიდისა მის), აღმოიღეთ იგი და მიეცით ყოველთა მუშაკთა, და კაცი იგი კეთილი ყავთ განმგე ყოვლისა, ვითარცა-იგი ჩემ მიერ-ცა განმგებელ იყო ყოველთა საჭიროთა სამსახურთა მონასტრისათა." და ამის მიქაელის ზე იწყეს ეკლესია[ჲ] იგი, წინაჲსწარ გამოსახული წმიდისა მიერ თთუესა ივნისსა ოთხსა, დღესა ხუთშაბათსა, რამეთუ ჴელოვნებით განთქუმულსა კაცსა მოუწოდა   მიქაელ ქუეყანისაგან ბერძენთასა, ადგილისაგან ხუფათ წოდებულისა, ბრძანებითა უფალთა[ჲ]თა. რომელსა თანა-შემწედ აქუნდა გალატოზ სახელით შუარტყლელი. და ესე ორნი-ვე იყვნეს მოძღუარ და მასწავლელ სიმრავლესა მუშაკთასა, და ვითარცა უწყოდა მამამან მიქაელ უწყებითა მამისა[ჲ]თა გიორგისითა, ძებნა ევლოგიაჲ იგი, რამეთუ მივიდეს მღდელნი სახარებითა და სანთლებითა საკუმეველთა თანა, და თჳთ კაცი იგი მომღებელი ევლოგიისა[ჲ] მის. და ვითარცა წარიკითხეს სახარებაჲ იოვანეს თავისა[ჲ]: "პირველითგან იყო სიტყუაჲ", და მოიდრიკნეს მუხლნი და ევედრნეს წმიდასა სერაპიონს, და გარდაუსუენეს ჯუარი იგი, ვითარცა უწყებულ იყო მამისა გიორგისდა, ეჰა საკჳრველებათა შენთა, ქრისტე! რამეთუ იპოვა ყოლად შეუძრველად ბეჭედი, რომელი იხილა რაჲ კაცმან მან, განკჳრდა. და ყოველთა მადლობაჲ მისცეს ღმერთსა და წმიდასა სერაპიონს. ხოლო იკითხეს კაცისა მის მიერ რიცხჳ ოქრო[ჲ]საჲ და ვითარებაჲ. ხოლო მან ჰრქუა: "ოქრო[ჲ] ეგე არს ოქრო[ჲ]საგან თლილისა და წმიდისა, სახითა პირველთა მეფეთაჲთა, ხოლო რიცხჳთ იყო ბეჭედსა ამას შინა დრაჰკანი სამასი ხუთითურთ". და ვითარცა განჰჴსნეს მანდილი, რომელსა შინა გამოკრულ იქ[მ]ნა, და იპოვა, ვითარცა პირველ ეთქუა კაცსა მას, და იწყეს შენებად გულს-მოდგინედ. და ყვეს კაცი იგი განმგებელ არა თუ გალატოზთა, არამედ ძმათა-ცა იკონომოსობაჲ ერწმუნა. და ესრეთ წარემართა შენებაჲ იგი ეკლესიისა[ჲ]. ვინა[ჲ]ცა საფუძველით და ხარის[ხ]თაჲთგან იღუწოდა კაცი იგი ყოველთა მუშაკთა თჳნიერ სანოვაგეთასა, და ვითარცა აღეშენა შტო[ჲ]თურთ ვიდრე სარკუმელთამდის, დაილია ოქრო[ჲ] იგი კაცისა[ჲ] მის, სადა-იგი გამოქანდაკებით ქადაგებს, ვითარმედ: "აქა დაილია საფასე ჩემი, სადა ესერა მდგომარე ვარ და მიტჳრთავს ჯუარი ქრისტესი". და იყო ვითარ გასრულდა სარკუმლამდე, გამოხატეს თჳთ მიქაელცა ორთა მათ თანა გალატოზთა ზედა სარკუმელსა აღმოსავალისასა. ხოლო მადლი წმიდისა[ჲ] მარადის მოსცემდის წარსაგებელთა, რამეთუ სახედ მდინარისა შემოსდიოდეს საჴმარნი. და აღეშენა ვიდრე სამჴურემდე მამობასა მიქაელისსა. და დაუტევა ცხორებაჲ ესე და წარვიდა უფლისა.

ამისსა შემდგომად დაიდგინა მონაცვალედ მისა პავლე ვინმე ხუცესი, კაცი წამებული ყოვლისა მიერ ერისა. ვინა[ჲ]ცა ამან პავლე სრულ ყო ეკლესია[ჲ] და შეამკო ყოვლითა სამკაულითა. და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისა[ჲ], და აკურთხეს ყოვლითა კურთხევითა მამობასა შინა პავლესსა. და კაცი-ცა იგი, მომღებელი ევლოგიისა[ჲ], სიბერითა კეთილითა განპოხებული, და წარვიდა უფლისა. და ესე აქამომდე იყავნ.

19. ხოლო ჩუენ შემდგომად ამისა სხუაჲ-ცა მოვიჴსენოთ და ეგრეთ დავიბეჭდოთ სიტყჳსა, რამეთუ თჳთ დასწერს ბასილი, რომელმან ცხორებაჲ ესე წმიდისა[ჲ] აღწერა, და იტყჳს, ვითარმედ: "მე ბასილი, ძმის-წული წმიდისა სერაპიონისი, უნარჩევესი ყოველთა მოწესეთა[ჲ], შემდგომად ჟამთა მიცვალებისა მისისათა მოვიწიე ზედა წმიდასა სამარხვოსა მისსა და ვიხილე ყოლად ბრწყინვალედ და კეთილად ყოველი-ვე ნამუშაკევი მისი, და განვიშჳ და განვიხარე. ხოლო რაჟამს ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მიიღებდეს დღითი-დღესა კურნებასა, ამისთჳს-ცა ბრძანებითა უფალთა[ჲ]თა ჴელ-ვყავ და შევჰმზადე ლარნაკი ქვისა და აღვაღე საფლავსა მისსა, რომლისა მიერ გამოჴდა სული სულნელებისაჲ, მიუწდომელისა[ჲ], და ყოველნი აღვივსენით მადლითა და საკჳრველებათაგან, მაშინ ქმნილთა ვადიდეთ ღმერთი, რამეთუ მრავალნი უძლურნი შე-რა[ჲ]-ეხნეს წმიდათა მათ ძუალთა მისთა, მრავალნი სენნი დაიჴსნნეს და განმხიარულებულნი მიიქცეოდეს და ადიდებდეს ღმერთსა საკჳრველებათასა. და სანთელთა სიმრავლითა და მადლითა მგალობელთა[ჲ]თა დავსხენით ლარნაკსა შინა ახალსა, და აღვმართეთ მას ზედა ჯუარი სახელსა ზედა წინა-მორბედისა[სა] საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისა[სა] და განვაჩინეთ, რაჲთა ერთი მღდელთაგანი შესწირვიდეს მას შინა მსხუერპლსა საუფლოსა. ხოლო განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა ამის გალობითა და შესხმითა სულიერითა, და ღამის თევითა, დღესასწაულობითა, ოკდონბერსა ოც და ცხრასა, და შემდგომად ჟამსა მის წირვისასა სულიერსა თანა შუებად ჴორციელთა სანოვაგეთა მიერ მდიდრად და უხუებით, რათა ორკერძო-ვე მხიარულთა ვადიდოთ ღმერთი, რომელი ადიდებს წმიდათა მისთა".

ხოლო ჩუენ კუალად ერთი-ღა მივსცეთ სასწაულთა მისთაგანი თხრობასა და მერმე შევევედრნეთ ნავთ-საყუდელსა მყუდრო-დუმილისასა, რამეთუ ვითარცა ოდენ გუედგა ლარნაკი იგი წმიდისა[ჲ] და გალობაჲ იყო პირსა შინა ყოველთასა, აჰა ესერა მოიწია კაცი, რომელსა მრავლით ჟამითგან ელმოდა თუალი მარჯუენე, რამეთუ ნათლისაგან სრულიად დაკლებულ იყო. ხოლო ფრიადი იგი ტკივილი ცხად-ჰყოფდა ერთისა მისცა დაბრმობასა. და ვითარცა ვიხილეთ ყოველთა, გუელმოდა ყოველთა მის თანა. ხოლო იყო კაცი იგი დაბისაგან ბობღა წოდე\ბულისა. და ვითარცა მოიწია კაცი იგი, შეუ[ვ]რდა ლარნაკსა წმიდისასა. და ვიხილეთ ყოველთა საკჳრველებაჲ დიდი, რამეთუ ყოლად მრთელად იპოვა მყის კაცი იგი. და ყოველთა ვადიდეთ ღმერთი, რომელი ყოლად-ვე იქმს დღითი-დღე ლარნაკსა ზედა მისსა წმიდისა[სა] ძალთა და სასწაულთა. ხოლო ამისსა შემდგომად ბასილი მიითუალა წინამძღურობაჲ, რომელმან-იგი კეთილად იღუაწა ჟამ რაოდენ-მე ადგილი იგი ნამუშაკევი მამის-ძმისა თჳსისა[ჲ].

20. არამედ ჩუენ, გლახაკთა და უსწავლელთა, შენდა-ვე მივაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი, ჵ მამაო მამათაო, დიდო მოღუაწეო ყოველთაო, ვითარცა-იგი პირველ ჩუენსა, ეგრეთ-ვე შემდგომითი-შემდგომად. აწ-ცა ჩუენ უძლურთა და უღირსთა შვილად შენდა სახელ-დებულთა ნუ ოდეს დამივიწყებ და ნუცა გარე-უკუნ-აქცევ მეოხებად და ღუწად გამზადებულსა პირსა შენსა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთა[ჲ]სა. ხოლო ჩუენ რაჲ შესხმა[ჲ] მიგიძღუანოთ, რამეთუ უზეშთაეს კაცთა ბუნებისა არს ბრწყინვალებით წარმატებაჲ ცხორებისა შენისა[ჲ], ვინა[ჲ]ცა შენისა-ვე მოღუაწებისა სიტყუათა შევწირავთ შენდა, ვედრებითა შეგივრდები რაჲ, მეოხებითა შენითა ჰყო ლხინებაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ, ჵ ანგელოზთა თანა-მზრახვალო, სამებისა წმიდისა სარწმუნოო მონაო, რომელმან ას წილად აღაორძინე ტალანტი რწმუნებული შენდა, ჵ უძლურთა მკურნალო, ჭირვეულთა შემწეო, ღელვა-გუემულთა ნავთ-საყუდელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უცხოთა და მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო, მოღუაწეთა სამკაულო, მონაზონთა რჩეულებაო, მამათა სიქადულო, წინამძღუართა დიდო მნათობო, და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა ნავთ-საყუდელო უღელვოო, ხოლო მორჩილთა საღმრთოჲსა შურისა მასწავლელო, მამათა დიდება-ო, და რაჲთა მოკლედ ვთქუათ, ჵ ყოვლისა სახელისა და საქმისა კეთილისა ღირსო, შეიწირენ ჩემმიერნი სათნოებათა შენთა სიტყჳთ გა[მო]სახვანი უღირსთაგან ბაგეთა აღმოთქუმულნი, და ვითარცა ხარ მონა[ჲ] ღმრთისა სიტყჳსა[ჲ], მიემსგავსე ქრისტესა მეუფესა, რომელმან-იგი ქურივისა წულ[ილ]ნი მიითუალნა, და ნუ გარე მიიქცევ ალაბასტრსა უღირსთა ბაგეთასა, ვითარცა ქრისტემან მეძავისა მის, და სავანე ყავ ჩუენ თანა, ჵ წმიდაო, ვითარცა უფალმან სახლსა ზაქესსა, და მიჴსნენ ჩუენ ლოცვითა შენითა ყოველთაგან მტერისა მანქანებათა, და ვითარცა სოფელსა ამას წმიდისა მოძღურებისა შენისა მოწაფედ წოდებულ ვართ, ეგრეთ-ვე ზიარ-მყვენ მერმესა მას უკ[უ]ანა[ჲ]სკნელსა დღესა დიდებით მოსლვასა მეუფისასა, დგომად მახლობელად შენსა ყოველთა თანა წმიდათა, მარჯუენით უფლისა და ღმრთისა, უღირსნი ესე მოწაფენი შენნი, სამგზის სანატრელო მამაო წმიდაო სერაპიონ, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობ[ე]ლისა[ჲ]თა და მადლითა და ლოცვითა შენითა და წმიდათა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა და მოწამეთა[ჲ]თა და ყოლად ქებულთა მღდელთ-მოძღუართა[ჲ]თა და მამათა[ჲ]თა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ უღირსნი ესე სმენად ჴმასა მას ზატიკობისასა წმიდათა ანგელოზთა თანა, რომელნი სამ-წმიდა-არსობით ადიდებენ სამებასა ერთ-არსებასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემა[ჲ] აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: - http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm - დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 03 February 2012 13:22)