1. ჩვეულებრივ როტორები და სოფისტები, წერას რომ იწყებენ, ჭეშმარიტების ჩაწვდომას კი არ ფიქრობენ, იმას ცდილობენ, რაც შეიძლება დახვეწილად ჩამოაყალიბონ წინადადება, მოხდენილად თქვან სათქმელი და ამრიგად, თავიანთი თხრობა მაღალფარდოვანი და საამო გახადონ მსმენელის ყურთათვის. ისინი ლამაზი სიტყვებით გვნუსხავენ და ნატიფი შედარებებით გვხიბლავენ, ის კი სულ არ ანაღვლებთ მართალი სიტყვა როგორ უნდა თქვან, რამეთუ დიდებას ეძიებენ და კაცთმოთნეობის მონანი არიან. ჭეშმარიტების მოყვარულნი კი იმაზე ზრუნავენ, რომ სიმართლე ილაპარაკონ და ჭეშმარიტება გამოიკვლიონ, თუნდაც მათ სიტყვას სინატიფე აკლდეს და არც მჭევრმეტყველობით გამოირჩეოდეს, რამეთუ ყოველივე ამას ჭეშმარიტების სინატიფე ურჩევნიათ და არ სურთ ლამაზი ფრაზებით დაფარონ სიცარიელე – ესაა ნამდვილი სიბრძნის ნიშანი.

ჰოდა, მეც შევეცდები შევაქო ჩემი სულიერი მამა, თუმცა გონებითაც სუსტი ვარ, სიტყვითაც და სულითაც. ამას იმიტომ როდი ვიქმ, რომ მისგან შექებას მოველი – რა უნდა უხაროდეს მას, ვისაც არაფერი ხიბლავდა სააქაოში და ვინც ისეთი ჯილდო მოიპოვა, რომლის მიმღებელი ყოველი კაცი დაუტევებს ყოველივე მსოფლიოს, რამეთუ მიწიერ ცხოვრებაში არაფერია მყარი და ნეტარების მომტანი, ყოველივე ჩრდილივით განილევა და გაზაფხულის ყვავილივით ჭკნება. გარდა ამისა, იგი აქაც უღირსად თვლიდა თავს უბრალო ბერის სახელისთვისაც კი, ეს იყო მისი უდიდესი სიმდაბლისა და სულის სიწმინდის ნიშანი. მაშ, რაღას აქნევს ჩვენს შექებას ამსოფლით გარდასული და უმანკოთა შორის დამკვიდრებული, სადაც კვალიც არსად ჩანს დიდემისმოყვარეობისა?

2. მაგრამ თუ ვინმეს, ისევ მე შემფერის შევაქო იგი ყველაფრისათვის და მათ შორის სიტყვის ნიჭისთვისაც, რომელიც მისი შრომისა და ზრუნვის წყალობით მოვიპოვე, და რომელიც მასვე უნდა შევწირო, საპასუხო ძღვნად. მე ვიცი, რომ მამის დიდება შვილზე გადადის, როგორც ბრძენი ამბობს: “რამეთუ დიდება კაცისა პატივისაგან მამისა მისისა” (ზირ. 3,11). მაგრამ სახელზე არ ვზრუნავ, რამეთუ ესეც ვიცი: თუ კაცმა თვითონ მოუპოვა სახელი თავის თავსა და თავის სახლს, მამის დანატოვარ ქონებას აორკეცებს, ხოლო თუ საკუთარი სახელი და პატივი არ გააჩნია, მაშინ მამის დიდება ჩემი არ იყოს, ვერაფერს არგებს. მაგრამ არც ის შეიძლება, მარადიული დუმილის სიმძიმის ქვეშ მოვაქციოთ მისი სათნოებებით სავსე ცხოვრება, იგი, როგორც ანთებული ჩირაღდანი, სანთელზე უნდა შემოვდგათ, რათა უნათებდეს არა ერთსა და ორ კაცს, არამედ, ვბედავ ამის თქმას, ქრისტეს მთელ ეკლესიას. მაშ, რაკი წმიდა პლატონის ამბის ცოდნა ჩვენთვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც, და რაკი თავის თავში აერთიანებს ჭეშმარიტსა და საჭიროს, შევუდგეთ მის ქებას და დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საერთოდ იწყებენ ხოლმე.


თავი პირველი


(დაბადება, აღზრდა, ბითვინიაში წასვლა)


3. ნეტარი პლატონის მშობლები იყვნენ სერგი და ევთიმია. ისინი ჩამომავლობითაც წარჩინებულნი იყვნენ და თავიანთი ცხოვრებითაც კეთილი სახელი მოიხვეჭეს. შესანიშნავი ზნე-ჩვეულებებით გამოირჩეოდნენ და მეურნეობაზე ისე ზრუნავდნენ, რომ ქონება ერთი-ორად გაზარდეს, რითაც ნათესაობის გაკვირვება გამოიწვიეს. მაგრამ უმაღლესი ქება მათთვის კარგი შვილების ყოლაა, რამეთუ შვეს იგი, ვისაც დღეს ხოტბას ვასხამთ, როგორც კეთილ მორჩს, მის შემდეკ კი ორი ასული, ასევე სახელოვანნი. მათ შესახებაც ხომ ბევრი რამ კეთილი გვსმენია, ერთი მათგანი საერო ცხოვრებაში ანათებდა, მეორე კი, დედაჩემი, სამონაზვნო დასშიც გამობრწყინდა. მაგრამ მაშინ, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ზეცით რისხვა გარდამოხდა (ჩვენი თხრობის საგანი გვაიძულებს ამაზე ვილაპარაკოთ) და დიდი სიკვდილიანობა მოუტანა ხალხს. ავადმყოფობა მხოლოდ რამდენიმე სოფელსა და ქალაქში როდი მძვინვარებდა, იგი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ეგვიპტის თავზე მოწეული სასჯელის მსგავსად, და განსაკუთრებით ბიზანტიას გაავლო მუსრი. ამ დროს დაასრულეს ცხოვრება პლატონის სანატრელმა მშობლებმაც. ალბათ დროული და სასარგებლო იქნება ამ სიკვდილის აღწერა: ვინც ამ ამბავს გონების ყურს მიაპყრობს, მისი სული მაცხოვნებელი შიშით აღივსება.

4. კაცი რომ ავად გახდებოდა, მის ტანსაცმელს უეცრად დააჩნდებოდა ზეთის საღებავით მოხაზული, ცხოველსმყოფელი ჯვარის გამოსახულება, თითქოს მხატვრის, უფრო სწორად, თვით მაღალი ღმერთის ხელით შესრულებული. ეს ნიშანი ვისაც დაეტყობოდა, ერთს შეჰყვირებდა და მყისვე სიკვდილი ცელავდა. ისეც ხდებოდა, რომ მკვდარი და მისი დამფლველი ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე სამარეში წვებოდნენ, გვერდიგვერდ, რომ ერთი გამწევი ხარი ოთხ გვამს ეზიდებოდა. საბრალო გვამები განუწყვეტილივ გადაჰქონდათ სასაფლაოზე, ყოველი მხრიდან ქვითინისა და საწყალობელი მოთქმის ხმა გაისმოდა: მტვირთავებს არაქათი ეცლებოდათ, მესაფლავეები არ ჰყოფნიდათ, სახლების კარებები იჭედებოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, სასაფლაოები გადატვირთული იყო, და ორ თვეში ხალხმრავალი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქი თითქმის უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ეს მოხდა უსჯულო მეფე კონსტანტინეს დროს, რომელმაც ქრისტეს ხატი შეურაცხყო – ეს წყეული შეცთომილთა კერპს უწოდებდა ხატს. უფრო სწორად, მან ხატი კი არა, თვით ქრისტე ღმერთი შეურაცხყო, რამეთუ ხატის ღირსება მის პირველსახემდე ადის, როგორც ღმრთაებრივმა ბასილიმ თქვა. ასეთი ჭირი უსჯულოთათვის ზეცით მოვლენილი სამართლიანი სასჯელია, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს ჩვენ, უდიდეს ცოდვებს მიცემულნი, ღმრთის რისხვა ცხოვნების გზას უჩვენებს მათ, ვინც სიმდაბლით ღებულობს დარიგებას. მაგრამ მოდი, ჩემს მამას მივუბრუნდეთ.

5. ამგვარად, სულ პატარა ბიჭი იყო, ობლად რომ დარჩა. მისი აღზრდა ერთმა ნათესავმა ითავა. სიჭაბუკეს რომ მიაღწია, მისი ნიჭი შესანიშნავი გონებით გაბრწყინდა, როგორც ნორჩი ყლორტი, სწორედ გაზრდილი. ასეთი გონება იშვიათად გვხვდება ხოლმე მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ობლებს შორის. თავისი შრომითა და გულმოდგინებით ისე სრულყოფილად შეისწავლა სანოტარო საქმე, რომ ამას, ალბათ, სხვა მშობლების ხელშეწყობითაც ვერ მოახერხებდა. იგი ეხმარებოდა თავის ბიძას, რომელიც მაშინ სამეფო ხაზინას განაგებდა, და ამ საქმეში, ისე იყო გარკვეული, რომ ბიძამისს მხოლოდ სახელი ერქვა უფროსის, სამუშაოს კი პლატონი ასრულებდა. ამისთვის მეფის ხაზინადრებიც პატივს სცემდნენ, უფროსებსაც უყვარდათ და თვით მეფეც იცნობდა.

6. ამასთან იგი სიჭაბუკის თავაწყვეტილ ვნებებს როდი ეძლეოდა, როგორც მის ადგილას სხვა, თავისუფალი და ქარაფშუტა კაცი მოიქცეოდა. პლატონი მშვენივრად ახერხებდა თავისი თავის მოთოკვას, ერიდებოდა უგუნურ კაცთა საზოგადოებას და გონებადამჯდარ ადამიანებს ეტანებოდა, ურთიერთობას აბამდა კეთილშობილ და პატიოსან ხალხთან, თავისზე უმცროსებთან კი არა, უფროსებთან მეგობრობდა, და თითქოს შეუმჩნევლად მიიწევდა გარეგნული პატივისაგან სულიერი კეთილშობილებისაკენ. იგი სხვა თანატოლებივით არ დადიოდა ნადიმებზე, თავქარიანი ხალხივით არ ჰკლავდა სულს კოჭის თამაშითა და ლოთობით, არამედ გულმოდგინედ აკეთებდა თავის საქმეს და ამით ისეთი სიმდიდრე დააგროვა, რომ საკუთარი ქონება გაუჩნდა, სრულიად დამოუკიდებელი მამის დანატოვარი მდიდარი მემკვიდრეობისაგან. ეს შეუძლებელი იქნებოდა, მას რომ ყველაფერში დამოუკიდებლობა არ გამოეჩინა. დამოუკიდებლობა ამკობდა მას, ყოვლივე კეთილის მოყვარულს, სიმდაბლითა და გონიერებით, ჩააგონებდა დაეცვა თავი ყმაწვილურ ვნებათაგან, რამეთუ, თუ კაცი ამ ვნებებს აჰყვება, ვერც ვერაფერს შეიძენს და რაც აქვს, იმასაც დაკარგავს.

7. ამას რა მოჰყვა? იგი იმდენად გონიერი კაცი იყო და ისე კარგად მიჰყავდა ყოფითი საქმეები (ეს კი სოფელში ძალიან ფასობდა და იმ ხალხის პატივისცემას იმსახურებდა, ვინც თავიანთი ქალიშვილებისათვის საქმროებს დაეძებს), რომ ყოველი მხრიდან ურჩევდნენ, დიდგვაროვანი ან მდიდარი ცოლი შეერთ. მაგრამ მის გულში უკვე ენთო ღმრთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომელმაც ყოფითობის ჭაობში დანთქმისაგან იხსნა იგი. რამეთუ თამაშობებს წიგნის კითხვა ერჩივნა, თეატრებს – ტაძრები, ურცხვთა საკრებულოებს – მონასტრები, და რაც ყველაზე მეტად ქების ღირსია, თავის დაფარულ აზრებს, გულისთქმებსა და საქმეებს რომელიმე იღუმენს ანდობდა. აქედან ჩანს, რომ მასში ღმრთის სიყვარული იყო დამკვიდრებული, და ისინი, ვინც მის აღსარებას ისმენდნენ, განცვიფრებულნი რჩებოდნენ ჭაბუკის ზნეობრივი სრულყოფილებით.

8. ამგვარად გონების თვალი უხილავის ჭვრეტას მიაპყრო და მისი სიყვარულით განიმსჭვალა, თავის თავში ყოველგვარი მიწიერი სურვილები დათრგუნა და ღმრთაებრივი ანტონის მსგავსად მოიქცა – გაყიდა თავისი ქონება და მამის მემკვიდრეობაც, მხოლოდ მცირედი დაუტოვა ორ უმცროს ძმას, მონებიც გაათავისუფლა და აბრაამის მზადყოფნით დაუტევა ეს სოფელი. თან სადმე ახლო-მახლო კი არ შეუდგა მოღვაწეობას, არამედ ძალიან შორს, ოლიმპოს მიდამოებში, იმ ადგილას და იმ კაცთან, რომელიც მას ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა მიუთითა. სიმბოლოთა მონასტერი აირჩია, ხელმძღვანელად კი თეოკტისტე, კაცი, რომლის ცხოვრებაც მშვენიერი იყო, ჩამომავლობაც კეთილშობილი ჰქონდა და აღსასრულიც ნეტარი. ახლა კი, ვგონებ, ის დროა ვთქვათ, როგორ წამოვიდა პლატონი სამშობლოდან, რამეთუ ეს ამბავი მსმენელს მსოფლიო სევდას გაუფანტავს. იგი გაშორდა თავის სახლს და თან წაიყვანა ერთი ყველაზე საყვარელი მონა. როდესაც მიაღწია ადგილს, რომელსაც სამეფო ჰქვია, შევიდა ერთ-ერთ გამოქვაბულში, და უბრძანა, თავის მხლებელს, თმა შეეკრიჭა მისთვის, შემდეგ კი შესამოსელში ისე გამოეწყო, როგორც ბრწყინვალე ძოწეულში. რა სანახაობა უნდა ყოფილიყო – ერთი შინ ბრუნდებოდა, საერო ტანსაცმელში ჩაცმული (იგი, რა თქმა უნდა, ტირილით დაემხო მუხლებზე, რამეთუ თავის ბატონს კარგავდა), მეორე კი მარტოდმარტო რჩებოდა, მხოლოდ ღმერთი იყო მასთან, რომლის გულისთვისაც წამოიწყო ეს ყველაფერი. ასეთია ღმრთაებრივი სიყვარული, რომელიც სრულიად იპყრობს გულს და მხოლოდ თავისკენ იზიდავს მხურვალე სურვილს კაცისას.


თავი მეორე


(მონასტერში ცხოვრება. სათნოებებში წვრთნა)


9. როდესაც არჩეულ ხელმძღვანელთან მივიდა, მან ჰკითხა, ვინ ხარ, საიდან მოხვედი და რა გსურსო, და სთხოვა ყველა კითხვაზე ნათელი პასუხი გაეცა. როდესაც პლატონმა მოახსენა თავისი სამშობლოს, ჩამომავლობისა და აღზრდის ამბავი, ბერმა უთხრა, შენ ვერ შეძლებ აიტანო მონაზვნური შრომა ამ ქვეყანაში, სადაც მეტისმეტად მძიმე პირობებია საცხოვრებლადო. ამაზე ქრისტეს მხედარმა მიუგო: ”მამაო, ყველაფერს შენ გაბარებ: გონებას, ნებას, ხორცს – როგორც გენებოს, ისე მოექეცი მონას, რომელიც მთლიანად შენ დაგემორჩილება”. საოცარი განზრახვაა გამოთქმული! კიდევ უფრო საოცარ მორჩილებას სთავაზობს მოძღვარს! პირველი იმიტომაა საოცარი, რომ პლატონს ღმრთისადმი ყოვლისმძლე სიყვარული დაეუფლა სიჭაბუკეში, იმ დროს, როცა საერო საქმეები მშვენივრად მისდიოდა და კიდევ უფრო შესანიშნავი იმედები შეეძლო ჰქონოდა – სიმდიდრე, დიდება, ხორციელი განცხრომა და სრული დამოუკიდებლობა. მეორე კიდევ უფრო საოცარია იმიტომ, რომ მან მორჩილება შესთავაზა მოძღვარს, და ამით საუკეთესო გზა აირჩია. ეს ორგულებით კი არ უქნია, როგორც დღეს ბევრი სჩადის, ანუ ისე, რომ სულაც არ ამბობს უარს ამ სოფელზე, არამედ ისე, როგორც ამას ჭეშმარიტი სიტყვა მოითხოვს. რამეთუ ისინი, არ ვიცი კი რატომ, ივიწყებენ მაცხვრისაგან თქმულს: “ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან, რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თვისისა, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა” (ლუკა 14,33), და სხვაგან: “ყოველივე, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე” (ლუკა 18,22). ამას ივიწყებენ და იშენებენ ეკლესიებსა და მონასტრებს, მერე აღთქმას დებენ და იწყებენ იქ გამგებლობასა და თავის ნებაზე ბატონობას, იხვეჭენ მონებსა და ქონებას. აღთქმა გუშინ დადეს და დღეს უკვე გამოცდილი იღუმენებივით იქცევიან, გუშინ საკუთარ თავს ვერ მართავდნენ გონივრულად, დღეს კი, სხვების ხელმძღვანელობა იდეს თავს განუსჯელად. მათ სათნოებათა გამო კი არ მიეცათ უფროსობა, საკუთარი ქონებით იყიდეს. ისინი, ვისაც მრავალი წელი მორჩილების სწავლაში უნდა გაეტარებინა, უეცრად გამგებლობის სიმაღლეზე ადიან და პირველის განსაცდელების გამოვლამდე მეორის ხიფათებში იგდებენ თავს, ისინი თავიანთ მორჩილებაში მყოფ მონაზვნებსაც თავისნაირებად ზრდიან. პლატონმა კი, მას შემდეგ, რაც მონაზვნობის აღთქმა დადო, გულწრფელი მორჩილებაც გამოიჩინა, და მორჩილებას წინ უძღოდა განდგომა ამა სოფლისაგან, როგორც ელვა უძღვის წინ ჭექა-ქუხილს, ანდა განთიადი – მზის ამოსვლას, რამეთუ, ვინც სწორად განუდგება სოფელს, სწორადაც შეუდგება მორჩილებას, ხოლო ვინც ერთში მოიკოჭლებს, ის ვერც მეორეში იქნება სრულყოფილი.

10. მრავალფერია სათნოების საქმენი: მარხვის სრულყოფა, მღვიძარება, ცრემლთა თხევა, მხურვალე ლოცვა, შიშველ მიწაზე წოლა, უბრალო სამოსის ტარება, ხელსაქმე, ხშირი მუხლის დრეკა, სიკვდილის ხსოვნა, ფსალმუნება, მტკიცედ დოგმა. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოეთხოვება მორჩილს ისე, როგორც აღსარება და მორჩილება, რომელთა მეშვეობითაც სული განათლდება და ნება კვდება, და მიიღწევა სრული სულიერი ერთობა სულიერად შობადისა (მორჩილისა) და სულიერად მშობელისა (ბერისა). ვინც ეს საქმე არ არჩია სხვა ყოველივეს, ის ვერ შეძლებს იტვირთოს მორჩილება, და რაც ცხოვნების საშუალება ჰგონია, სწორედ ის ექცევა საცთურის მიზეზად. მარხვა, მღვიძარება და სხვა ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი სახე მოღვაწეობისა თავისთავად ქების ღირსია, მაგრამ ისინი ვერას არგებენ და დაცემის მიზეზადაც კი ექცევიან საკუთარ ნებას აყოლილებს, თუ იგი იღუმენის ცოდნასა და წესებს არ ემორჩილება. და პირიქით, ვინც აღსარებასა და მორჩილებაში ვარჯიშობს და სხვა ყოველივეს მეორე ადგილას აყენებს, ის ამ ორი ღვაწლით ყველაფერს მოიპოვებს.

11. ნეტარი მამა ამ კანონს იშვიათი გულმოდგინებით იცავდა, ამით კეთილი საფუძველი დადო და ზედ ააგო სრულყოფილების მტკიცე შენობა, ყოველ გულის სიტყვას აღიარებდა მოძღვრის წინაშე და ყველაფერს მორჩილების კანონის მიხედვით ასრულებდა.

ამრიგად, წმ. წერილის სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო საყვარელი ძე თავისი მამისა – (ღმრთისა). იგი იყო შეურყეველი მარხვაში, განსჯის უნარით დაჯილდოებული, გამოირჩეოდა თავისი ბრწყინვალებით თანამოსაგრეთა შორის, არც მონასტრული მოღვაწეობით ჩამორჩებოდა ვინმეს, განმარტოებით ცხოვრობდა რომელიმე მისებურად განწყობილ ძმასთან ერთად. მდუმარების წესის მიხედვით ემორჩილებოდა ნეტარხსენებულ თეოკტისტეს – ხან სენაკში მოღვაწეობდა და ხან ძმებთან ერთად – ფსალმუნებში მონაწილეობდა, სატრაპეზოში მუშაობდა, საერთო მორჩილებებსაც ასრულებდა – ასე ვთქვათ, კინოვიტიც იყო და მეტიც, და ყველაფერში ზომიერებას იცავდა. კეთილშობილი ჩამომავლობისა იყო, მაგრამ, არ აღიზიანებდა უბრალო ხალხთან ერთად ცხოვრება. ყველაზე შავ სამუშაოსაც არ თაკილობდა, თუმცა ადრე მონები ემსახურებოდნენ. საკუთარი მხრებით გაჰქონდა ნაკელი, ბოსტანს რწყავდა, მოთმინებით ფქვავდა მარცვლელულს და იმავე დროს დიდი გულმოდგინებითა და რუდუნებით იწერდა წიგნებს.

12. გინდა მეტი იცოდე მის სხვა საქმეთა შესახებ? მკაცრად მისდევდა მორჩილების წესს და, როცა ხანდახან მოძღვარი სტუმრების თანდასწრებით ყვედრებით ავსებდა, ეს ქველი კაცი ისე მშვიდად იყო, თითქოს აქებენო. ძალიან გარკვევით კითხულობდა ძმების წინაშე, მაგრამ სულიერი მამა რომ ეუბნებოდა, ბუნდოვნად კითხულობდა, ამასაც სიმდაბლით ღებულობდა. უჯერო სიტყვის გაგონებაზე თავს დაბლა ხრიდა თავისი მოძღვარივით, რამეთუ ჭეშმარიტად კეთილშობილი იყო სულითაც და ხორცითაც. ხელსაქმე კარგად ეხერხებოდა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერს აკეთებდა. შრომისმოყვარე და ღმერთის წინაშე სათნო იყო, მაგრამ უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა. როდესაც მამა ათავისუფლებდა მუხლისდრეკის ლოცვების შემდეგ, იგი თავისი თავით ტკბობას კი არ ეძლეოდა. არამედ შენდობას სთხოვდა ბერს, თითქოს რაიმე დაეშავებინოს. ამბობენ, მოძღვარი იღლებოდა ამის გამოცდაში, როცა დაცინვით და ყვედრებით ავსებდა. მას კი არ ბეზრდებოდა საყვედურის მოსმენა, რამეთუ ნებსით თავის დამდაბლებით უხილავ დიდებას იხვეჭდა. ორიოდე სიტყვას იმაზეც ვიტყვი, რაც მონაზვნობის აღთქმებს არ ეხებოდა, მაგრამ მის მიერ ბრძნულად იყო განსჯილი. პლატონი ისეთი სიყვარულითა და სიმდაბლით იყო შემოსილი, რომ სთხოვდა, ევედრებოდა ძმებს, სილა გაეწნათ და ჯოხით ეცემათ იგი, და ახერხებდა მათ დარწმუნებას და მერე მოთმინებით იტანდა ტკივილს, ხოლო როდესაც მოძღვრის ბრძანებით სჯიდნენ, ისე უხაროდა, თითქოს რაღაც საჩუქარი უბოძესო. საოცარია, რომ უცხოსავით სჯიდნენ და ჯილდოს მიმღებელივით უხაროდა. სხვები, მის მხედველნი, იმდენადვე დიდ სარგებელს ღებულობდნენ, რამდენადაც დიდი იყო თვითონ დამთმენელი სასჯელისა, რომელიც ამ მოთმინებით ქრისტეს ბაძავდა.

13. განა შეიძლებოდა არ გყვარებოდა პლატონი, რაკი იგი ასეთი იყო? განა შეიძლება, სულიერ მამას უთნოდ და ურგებად შეერაცხა იგი, ვინც თავს იდო სრული მორჩილების ღვაწლი? პირიქით, როგორც ვთქვი, სწორედ ამისთვის ძალიან უყვარდა. და ყველა მონაზონი იმას ამბობდა, პლატონი მის სათნოებათა გამო ყველაფერია მამისათვისო, რომ იგია მართლად მხედველი თვალი, გამრჯე ხელი, მოსწრაფე ფეხი, კეთილი მრჩეველი, ძლიერი შემწე, სასიამოვნო თანამოსაუბრე, ერთგული მცველი ყოველივესი, რაც სახლში და მის გარეთაა, მაგალითი მოწაფეებისათვის, ძმებისათვის და თვით მამისთვისაც. იგი ისეთი საჭირო იყო ყველასთვის, რომ როდესაც სადმე წასვლა უხდებოდა, თეოკტისტე წუხდა და, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”არა აქუნდა ლხინება სულისა” (II კორ. 2,13) სიყვარულისა გამო. მასზე უკეთ ვის შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება? მასზე ალერსიანად ვინ სცემდა ნუგეშს მწუხარეს, ან ნივთიერ სახმარზე ვინ იზრუნებდა მასზე მეტად? როცა ვინმესთვის პატივის მიგება იყო საჭირო, მასზე დახვეწილად ვინ იქმოდა ამას? ამიტომ მამა შვილს ისე ენდობოდა, რომ მის კუთვნილს ყველაფერს პლატონი განაგებდა, და იმავე დროს იმდენად უანგარო იყო, რომ ერთი გროშიც არ გააჩნდა თავისი. და ამისთვის რა საზღაურს ღებულობდა? მამის სიყვარულს. სულით იგი იაკობს ენათესავებოდა, მისგან წამოვიდნენ პატრიარქები, იერარქები და მღვდელმთავრები, მათგან კი გამრავლდნენ მორწმუნენი და უეჭველია, კიდევაც გამრავლდებიან დალოცვილი თესლის მეშვეობით. ასეთია ეს ჭეშმარიტი მოყვარული სიკეთისა, ასეთია ნაყოფი, სრული მორჩილების მიერ გამოღებული.

14. როდესაც მისმა ხელმძღვანელმა ზეციური მეუფის სამკვიდრებელში განისვენა, ღირსმა პლატონმა მისი ადგილი დაიკავა და მისივე ცხოვრების წესი გადაიღო, შეიყვარა მდუმარება, სწორი და კანონიერი, და ისე კი არ შედგომია ამ საქმეს, როგორც ახლა ბევრი იქცევა: ისინი განუსჯელად იდებენ თავს მდუმარების ღვაწლს და მანამ, სანამ ხორცისთვის სულის დამორჩილებას ისწავლიდნენ, ბოროტ სულებთან ჭიდილს იწყებენ. ასეთები ბრძოლაზე ფიქრობენ მხლოდ გამარჯვების ჟამს, - მაშინ გამოცდილების გახსენებაც უხდებათ, რათა, ღმრთის შეწევნით, საეჭვო გამარჯვება მოიპოვონ. საეჭვოა-მეთქი, ვამბობ, რადგან თუ კაცს ჯერ მორჩილება არ უსწავლია, როგორ უნდა დაიმორჩილოს მასთან მებრძოლი ვნებები? და ვისაც წმინდა მორჩილების დამარხვა არ ძალუძს, ის მდუმარების მთაზე როგორ ავა? განა ცხადი არაა, რომ ვინც ამ მთას ნაადრევად მიადგება, ან ქვებით ჩაქოლვა ელის, ან ისრით მოწყლვა და სულიერი სიკვდილი, როგორც წმიდა წერილი ამბობს (გამოსვლ. 19,13). მაგრამ ჩვენ ვის ამბავსაც ვყვებით, ის ასე არ მოქცეულა. გულით და გონებით მამას დაემორჩილა, ამიტომ სიბრძნით და მშვიდობით მიაღწია მთის მწვერვალს, გონება ღმერთთან სიახლოვით განიწმინდა და მისი ხედვით დატკბა, უმაღლეს სფეროებს მისწვდა, რამეთუ არაფერია ღმრთის ჭვრეტაზე უფრო სასიამოვნო, ესაა ყველაზე ტკბილი და სასურველი მათთვის, ვინც ერთხელ იგემა ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული და მისი წყალობით სრულიად დაავიწყდა ხორციელი საზრდელზე ფიქრი. ამგვარად, იგი უფრო და უფრო მეტ საზომს აღწევდა და გულის სიღრმეში დებდა აღმავლის საფუძველს (ფს. 63,7).

 

თავი მესამე


ღირსი პლატონი მონასტრის წინამძღვარი ხდება.
კონსტანტინოპოლში გაქცევა


15. რადგან სრული სიყვარული მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ზრუნავს, იმაზეც ფიქრობს, სხვას რითი არგოს, ამიტომ ღირსი პლატონი ძმობის მამად ანუ ჩირაღდნად, ნეტარი თეოკტისტეს მემკვიდრედ დაადგინეს. მონასტერს იღუმენიც ჰყავდა, და ორივემ ერთად ეს სავანე სულიერი და ნივთიერი მხრივაც გამორჩეულად აქცია. ღირსი პლატონი ძირითადად ორ მოწაფეს უწევდა მოძღვრებას, რომლებიც ემსახურებოდნენ და მის ცხოვრებას იყოფდნენ, ოღონდ ტრაპეზს კი არა, დაყუდებას. ერთი მათგანი, ანტონი, დღესაც ცოცხალია და დაე, ის იყოს ჩვენი ხელმძღვანელი ამ თხრობაში. იგი ამბობს, რომ მამის ძირითადი საკვები იყო პური, ცერცვი, ხილი და ბოსტნეული, ყველაფერი უზეთო, კვირადღეებისა და დღესასწაულების გარდა, როდესაც იგი ძმებთან ერთად იყოფდა ტრაპეზს. სასმელად წყაროს წყალს ხმარობდა, რომელიც განწმენდს კაცის გონებას, და არა ღვინოს. წყალსაც ყოველდღე როდი სვამდა, არამედ ზოგჯერ დღეგამოშვებით, ზოგჯერ კი, კვირაში ორჯერაც. ისეც ხდებოდა, რომ ათ დღეში ერთხელ სვამდა ცოტა წყალს, თუ ამას წყალი შეიძლება ეწოდოს, სვამდა შეკავებული მადითა და ბუნებრივი ზომიერებით, რომელიც მეორე ბუნებად ექცა.

16. მისი სამოსი, უბრალო და იაფი, მხოლოდ სიცხისაგან იფარავდა პატრონს, იგი არც ნაზი ქსოვილისაგან იყო შეკერილი და არც რაიმე ნახატებით მორთული, ასეთ სამოსს ხომ ფუფუნებას მიჩეული ხალხი ატარებს და არა ბერები. ლოცვა და კითხვა, რაც ხორციელი საზრდელის მაგივრობას უწევდა, მკაცრად განსაზღვრულ დროს დაწესებული და ერთობ დაძაბული ჰქონდა. მამებისგან გადმოცემულ მუხლისდრეკის წესს ხშირად ასრულებდა, ასე რომ ხელებზე ბებრები ასხდა, მიწა კი იმ ადგილას, სადაც იგი ლოცულობდა, დღემდე დატკეპნილია. რბილი და ფართო საწოლი კი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ იმისათვის ვარგისი, კაცს რომ ზედ მოესვენა და სხეულს სულიერი მოღვაწეობისათვის საჭირო სიმხნე შეენარჩუნებინა. ხელსაქმეს გულმოდგინედ ეკიდებოდა, ეს მისი ერთ-ერთი ისეთი ღვაწლია, რომელმაც განსაკუთრებით გაუთქვა სახელი და აქცია წმ. მოციქულის სწორად, რომელიც ამბობს: ”სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნენ ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე, 20,34), ”და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამ” (2 თეს. 3,8) – არც პური გვიჭამია სადმე გაურჯელადო. მასზე გულმოდგინედ ვინ იწერდა წიგნებს, ანდა ვინ ეკიდებოდა ყოველ საქმეს მისებური მონდომებით? ვინ მოსთვლის მათ, ვისაც მისი ხელით გადაწერილი წიგნები აქვს, სხვადასხვა წმ. მამათა შრომებისგან ამოკრებილი, ან ვინ იტყვის, რა სარგებლობა მოაქვთ ამ წიგნებს მათ მფლობელთათვის? ან ჩვენ საიდანღა გვაქვს ამდენი წიგნი? განა ყოველივე ამას მის წმინდა ღვაწლსა და მის წმინდა მარჯვენას არ უნდა ვუმადლოდეთ? ამ წიგნების წამკითხველთ სული გვინათლდება და გაოცება გვიპყრობს – რა ლამაზი ხელწერა ჰქონდა მათ გადამწერს. მაგრამ ჩვენ დუმილით ავუარეთ გვერდი რაღაც ისეთს, რასაც ახლა უსათუოდ უნდა მივუბრუნდეთ.

17. იმ დროს უღმრთების სასტიკი ზამთარი იდგა, მეფობდა კონსტანტინე, კაცი ურცხვი, ბოროტების ჭურჭელი, მრავალთავიანი გველეშაპი, ხატმბრძოლთა მწვალებლობის მხედარი, მონაზონთა სასტიკი მდევნელი. რომელი ჩვენგანი, ნაზარეველთაგანი, არ უწამებია, რომელი დამალული არ უძებნია, რომელი თავისი მოწინააღმდეგე არ ჩაუთრევია უსჯულოების უფსკრულში? ხოლო თუ ვინმე დიდებულთაგანი ახერხებდა დამალვას, როგორც ნაპერწკალი – წყვდიადში, იმას უკვე მომკვდარად თვლიდნენ მიწის ზემოთ დარჩენილნი. ასეთი იყო ჩვენი ელიაც, რომელსაც ღმერთი იფარავდა იმ ადგილებში, სადაც მოღვაწეობდა, რათა ახალ აქაბს არ ჩავარდნოდა ხელში – და მის უღმრთოებასთან არაფერი ჰქონოდა საერთო, არამედ ღამის გრიგალი გადაეტანა და ცისკრის ვარსკვლავივით გამობრწყინებულიყო ჩვენთვის – ეს ასეც მოხდა. რამეთუ რაღაც აუცილებლობის გამო ჩავიდა ბიზანტიაში, როდესაც ქალაქში აქა-იქ გაფანტული სანთლებივით კვლავ გამოჩნდნენ გადარჩენილი ბერები.

18. და რამეთუ ნეტარი (ასე იმიტომ როდი ვუწოდეთ, რომ დედაჩემის ძმა იყო) მკვდრეთით აღდგომილს ჰგავდა, მისი ჩამოსვლა მხოლოდ ნათესავებმა კი არა, მთელმა ბიზანტიამ გაიგო, ყველგან ეპატიჟებოდნენ და სურდათ სიხარულით მისალმებოდნენ, მოწიწებით მიეღოთ და მისი მაცხოვნებელი სწავლებით დამტკბარიყვნენ. რამეთუ იგი იყო საოცრად ტკბილმოუბარი კაცი, ქცევით – კიდევ უფრო სასიამოვნო, გარეგნობით – ნამდვილი მოღვაწე, მრავალფეროვანი დარიგებები ჰქონდა და, როგორც მოციქული იტყვის, იყო ყოველივე ყოველთვის. იგი გახლდათ მეოჯახეთა დამრიგებელი, ქალწულთა მფარველი, ხელისუფალთა მრჩეველი, სულიერად ავადმყოფთა მკურნალი. მშობლებს შვილებთან არიგებდა და შვილებს – მშობლებთან, ურჩევდა მონებს თავიანთი ბატონების ერთგულნი ყოფილიყვნენ, ხოლო ბატონებს ჩააგონებდა მოწყალება გამოეჩინათ მონების მიმართ. რათა ცნობილი გახდეს ყოველივე, რასაც ეს ღმრთის კაცი აკეთებდა, ერთ რამეს გეტყვით და დანარჩენიც გასაგები იქნება. მას შემდეგ, რაც ქალაქის მკვიდრთა მონახულება დაიწყო, ყველა სახლი განაახლა და ღმრთის სათნო ცხოვრებისაკენ მოაქცია. როგორ? შეგონებებით აღმოფხვრა ფიცი, სწავლებით მოთოკა ფუფუნება, ზნეობრივი დარიგებით გააღვიძა ადამიანებში გლახაკთა სიყვარული, ამიტომ იქ, სადაც პლატონი იყო, ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიმდიდრის არად ჩაგდება და უხვი მოწყალების გაღება. იგი კითხვისა და სხვა კეთილი საქმეების ჩვევას ნერგავდა ხალხში და ყოველივე ამას შრომისა და დაღლის ფასად აკეთებდა, დღე და ღამე, მოთმინებით, მღვიძარებით, მოგზაურობის დროს მეგობრების და ნათესავებისგან მიღებულ ნუგეშინისცემას თავის განსაცდელებს უპირისპირებდა და საქმით იმეორებდა მოციქულისგან თქმულს: ”არამედ აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუ უკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო” (I კორ. 9,27).

19. ამგვარად, ღირსმა პლატონმა მაღლა ასწია სარწმუნოების დონე სამეფო ალაქში, როგორც იმ ადამიანმა, რომლის სიტყვა ცხოვრებით იყო დამტკიცებული და რომელიც თუნდაც თავისი უბრალო სამოსით სიკეთისაკენ მოუწოდებდა მნახველს. და თუ იგი, კარგად აღზრდილი, თავის მეტყველებას მსმენელის გემოვნებას უფარდებდა, დაე ყველამ სცნოს მისი საუბრების შედეგი და ნუ განსჯის მის გარეგნულ სახეს. რა ნაყოფს ვგულისხმობ? ცოდვილთა სინანულსა და სოფლისაგან განდგომილთა რიცხვის მატებას. რამეთუ ეს კაცი იყო პირველი და თითქმის ერთადერთი, ვინც მონაზვნობაზე ფიქრი ჩააგონა ჩვენს ნათესავებსაც და სხვებსაც, ამიტომ მას სთხოვდნენ ქალაქის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრობას, რაზეც მან უარი თქვა. მაშინდელი პატრიარქიც ცდილობდა ნიკომიდიის ერთ-ერთი ეკლესიის ეპისკოპოსობაზე დაეყოლიებინა იგი, მაგრამ არც ამას დათანხმდა. ამგვარად, სამღვდელო დასის წინამძღვრობის ღირსი გაურბოდა ამ პატივს, სათნოებების შეძენისთვის იღვწოდა და მაღალი იერარქიის მიღებისა ეშინოდა. თავის საყვარელ მდუმარებასა და კეთილს საქმეებს დაუბრუნდა – გლახაკებს მფარველობდა, უსამართლოდ მსჯავრდადებულებს ესარჩლებოდა, მწუხარებს ნუგეშს სცემდა, და საერთოდ, ყველას შეეწეოდა, ვისაც რაიმე უჭირდა და იმას იქმოდა ზეპირადაც და წერილობითაც, რამეთუ სხვა წამალი მისდამი მღაღადებელთათვის არ გააჩნდა. და ეს წამალი ჭრიდა – თითქოს აღვიძებდა კაცის სინდისს და მოწყალების გაცემას ჩააგონებდა ყველას, ვისაც ეს შეეძლო.

20. იგი უხვად არიგებდა მოწყალების იქიდან, რასაც აძლევდა ის ხალხი, ვინც უხრწნელი და სამარადისო სიკეთეთა მოპოვებაზე ზრუნავდა და ამისთვის აქაურ ქონებას იყენებდა. თუ სხვა არაფრის მიცემა არ შეეძლო, ცდილობდა ნუგეში ეცა მწუხარეთათვის და ხანგრძლივი საუბრით დაემშვიდებინა ტანჯული მშფოთვარე სული. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მასაც იობივით შეეძლო ეთქვა: ”უძლური იგი განერის ხელისაგან ძლიერისა”.

ამიტომ მას პატივს სცემდნენ, როგორც მამას, ადიდებდნენ, როგორც შემწეს, აქებდნენ, როგორც მფარველს. მისი ნახვა, მასპინძლობა, მასთან შეხვედრა სურდათ მონასტრებში მყოფთაც და განდეგილებსაც, მას კარგად იცნობდნენ იმ ადგილებიდან შორს, სადაც თვითონ ცხოვრობდა, პლატონის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი. ამ სახელს, ცხადია, არც მომავალი დაივიწყებს, რამეთუ სათნოება უკვდავია.

 

თავი მეოთხე


პლატონი საკუდიონის მონასტრის წინამძღვარი ხდება
და მონაწილეობს კრებაში, რომელიც წმიდა ხატთა
თაყვანისცემის საკითხს ეძღვნება


21. ჩვენს წინაშეა ქრისტეშემოსილი ირინე, თავისი სახელის შესაფერისად, ანუ მშვიდობიანად რომ მეფობდა. მის დროს სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად ყოველი მსურველისთვის გაიღო მონაზვნობის კარი, კარი, რომელიც ადრინდელი უსჯულო მეფობის დროს დაკეტილი იყო, როგორც ოდესღაც ქრისტეანობის კარები იყო დახშული წარმართობის დროს. მაშინ მოხდა ჩვენი ყოვლად პატიოსანი განდგომა სოფლისაგან. დიდმა მამამ დაყუდებული ცხოვრების შემდეგ მმართველობა მიიღო, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა. მას არ სურდა უფროსობა, ან განა შეიძლება ყველაზე მაღალ ადგილებზე უარის მთქმელ კაცს ყველაზე დაბალი მოენდომებინა? მაგრამ იგი სისხლმა გახადა იძულებული თავს-ედო ეს საქმე (სიმართლე უნდა ვთქვა, თუმცა სიტყვა ”სისხლი” უცნაურად კი ჟღერს), და მაინც, ჰქონდა იმედი იღუმენობაშიც მოეხერხებინა მდუმარების დამარხვა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რამეთუ მან ვერ ჰპოვა, რასაც მოელოდა: იღუმენობამ მრავალი განსაცდელი მოუტანა, ვისგან და ვის გამო მოხდა ეს, ამის შესახებ, ზოგიერთი კერძო პირის პატივისცემით, არაფერს ვიტყვი. ერთი კია, რომ ჩვენს მამას მძიმე და მშფოთვარე ცხოვრება ჰქონდა, ისეთი, როგორიც მის მისწრაფებებს სრულიად არ შეესაბამებოდა.

22. რას აკეთებს ეს კეთილშობილი მამა და მრჩეველი? როდესაც ნახა, რომ წინამძღვრობა დაეკისრა და გაქცევით ვერ უშველიდა თავს (თუმცა კი ხშირად ფიქრობდა ამაზე), აღარ დაუყოვნებია, სულიერი თვალი ცას მიაპყრო და წმიდა მამების მიბაძვით დაიწყო ცხოვრება. უახლოეს, მახინჯსა და დახლართულ მაგალითებს როდი ბაძავდა, მოციქულთა ცხოვრების თავდაპირველ წესს მისდევდა (ასე უნდა მოიქცეს ყველა, ვისაც მონაზვნური სახის შემოსვა სურს, თუ მათ წმიდა მამების მსგავსად ცხოვრება და ცხოვნების მოპოვება უნდათ). პირველ ყოვლისა, აი რა საქმე წამოიწყო, და თანაც ყმაწვილური შემართებით;
23. როდესაც პლატონმა დიდი და ღმერთშემოსილი ბასილის ტიბიკონის შესწავლას მიჰყო ხელი, ნამდვილ სამოთხედ შერაცხა იგი და დაინახა, რომ მისი დროის მონასტრებში გამეფებული ჩვეულებები მონაზვნურ ცხოვრებას არაფრით არ ჰგავდა. მონასტრებში ცხოვრობდნენ მონაქალები, მდედრობითი სქესის პირუტყვის მომვლელნი, ამას კი ბევრი რამ სულისთვის მავნე მოჰქონდა. ამიტომ ნახე, როგორ მოიქცა ღირსი მამა: ჯერ გამოცდილ ხალხს ესაუბრა, რათა თვით სიკეთეშიც ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო (რამეთუ შორს იყო თავნებობისაგან და რჩევის გარეშე არაფერს იქმოდა), მერე კი ბოლო მოუღო უმსგავსო გადმოცემებს, როგორც ბოროტ მწვალებლობებს, და თავისი მონასტერი გამართა მონაქალებსა და მდედრობითი სქესის პირუტყვის გარეშე, სხვა შემოსავლიანი საქმეებიც აღკვეთა, ამ საქმეებს ხომ თვით ღმრთაებრივი ბასილი ვაჭრუკანობას უწოდებდა და ყველას ურჩევდა თავიდან აერიდებინა იგი.

მონასტრული ცხოვრების ასეთი გამოსწორება იოლად როდი ხდებოდა, პირიქით, მონასტერში მცხოვრები გამოუცდელი ძმებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ და გარედანაც არაერთი უსიამოვნება შეამთხვიეს. არცაა გასაკვირი, რამეთუ ადვილი არაა დამკვიდრებული ჩვეულებების აღმოფხვრა, და კეთილის წამოწყება მუდამ შურს იწვევს. მაშ განა ამაღლებული აზროვნების შედეგი არაა მავნე გადმოცემებზე უარის თქმა და მისაბაძ მაგალითად ქცევა მათთვის, ვისაც მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითც სწადდა მონაზვნობა? რამეთუ როგორ უნდა იყოს ნამდვილი მონაზონი ის, ვინც ვინმეს ბატონობას და თავის მონობაში შიშის გრძნობას იწვევს?ან როგორ უნდა ჰქონდეს დაწმენდილი სულიერი ხედვა ასკეტს, რომელსაც მასთან ერთად მცხოვრები ქალები ემსახურებიან, ეს მაშინ, როდესაც ამ საცთურის გარეშე ადვილად ვარდება კაცი განსაცდელში? ამრიგად, პლატონმა თავის უახლოეს თანამოსაგრეებში მისწრაფება და გულმოდგინება გააღვიძა, შორს მცხოვრებმა ბერებმაც გადაიღეს კეთილი წესები, ღირსმა პლატონმა კი უკვდავი დიდება მოიხვეჭა. და თუნდაც ჰყოლოდა ამ საქმეში შემწე და თანამოსაგრე, რომელიც ამაზე წერდა და ლაპარაკობდა, მადლობა მაინც მამას უნდა შევწიროთ, რამეთუ შვილი ყველაფერში მამას უნდა ჰბაძავდეს და თავისი თავი მთლიანად მამას ჩააბაროს.

24. ამის შემდეგ პლატონი იკრძალავს ქალაქში გასვლას, ნათესავებთან საუბრებს, უფროსებთან სიახლოვეს, და მტკიცე სულიერ ზღუდეს ივლებს გარშემო, ზრუნავს თავის სამწყსოზე, სწავლების პურით კვებავს და დარიგებას წყაროთი არწყულებს. ამას ის მოსდევს, რომ იზრდება ლია, ანუ სამწყსო მრავლდება და სახელოვანი ხდება, იდიდება ღმერთი, რომლისგანაც ღებულობენ კაცნი ყოველ სიკეთეს. მაგრამ ამასაობაში კინაღამ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ღმრთისმოშიში ირინეს მეფობის დროს, როდესაც წმ. ხატების საკითხზე ბევრს მსჯელობდნენ და ზოგი მომხრე იყო მათი თაყვანისცემისა, ზოგი კი წინააღმდეგი, პლატონი იმ უმცირესობას ეკუთვნოდა, ვინც აშკარად ქადაგებდა ჭეშმარიტებას, რაც შეეძლო, უპირისპირდებოდა ხატმებრძოლებს და თუმცა მეცნიერი არ იყო, მაგრამ უბრალო და სარწმუნო საუბარი ჰქონდა და სიტყვაუხვიც იყო თავისი სახელის შესაფერისად (ბერძნულად პლატონი უხვს ნიშნავს). ამას ისიც მოწმობს, რომ ყველაზე დიდი მიტროპოლიის მოციქულთა სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კრებაზე მაშინდელმა პატრიარქმა ტარასიმ იგი კრების წევრად აირჩია, რამეთუ ეს იყო კაცი, რომელიც არც ადრე უფრთხოდა მწვალებელთა მუქარას და არც შეშინებია ჯარის შფოთისა და წინააღმდეგობისა. ეს ჯარი დიდ ტაძარში შეიჭრა, თან პატრიარქის ლანძღვა-გინებასა და ცრუ კრების ქებას მოჰყვა, იმ კრებისა, რომელმაც გამოიტანა დადგენილებები წმ. ხატების წინააღმდეგ (754 წ.). ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტების დასადგენად მოწვეული ეს კრება დაიშალა, და დედოფალი თითქოს ლომებისაგან დაგლეჯას გადარჩენილი, სამშვიდობოს გამოვიდა, როდესაც ირინე, ასე ვთქვათ, უსისხლო მოწამედ იქცა, მაშინ ჩვენი იღუმენიც, ისევე როგორც პატრიარქი, ვერ შეაშინა ამ ამბებმა. მალე, მას შემდეგ რაც ველური და მოუთოკავი არმია დაშალეს, იგი ნიკეაში მიიწვიეს.

25. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მართლმადიდებლობის დროშა განამტკიცეს, ღირსი მამა თავის მონასტერსა და იღუმენობას დაუბრუნდა. აქ იგი ავად გახდა, რაც მისი სანატრელი აღსასრულის მოახლოებას მოასწავებდა, და იღუმენობა გადმოგვცა ჩვენ, თუმცა მორჩილის სახელის ღირსიც არ ვიყავით. ამგვარად, სასურველ სიმდაბლეს მიაღწია და თავის მწუხარებებს ბოლო დაუდო, უამრავი შეურაცხყოფისაგან გათავისუფლდა და ისეთი გახდა, როგორიც ადრე იყო – უანგარო, უპოვარი, ამაო სოფლის საზრუნავისაგან თავისუფალი. ასე რომ, შური ვეღარ დაჩრდილავდა მისი სათნოების სხივს. მართალთაც ხომ გამოსცდის ხოლმე ღმერთი, რათა მწუხარებათა ცეცხლში გამოიწრთონ და სულით ოქროზე უფრო განწმენდილნი გახდნენ, და სწორი გზით მავალნი არ ეცემიან, რათა დაინახონ, რომ ყოველი სიკეთე ღმრთისაგან ენიჭებათ.

 

თავი მეხუთე


თუ რა დაითმინა პლატონმა კონსტანტინესა და
თეოდოტეს უსჯულო ქორწინების დაგმობისათვის



26. ღირსი პლატონის იღუმენობის ამბავი დავასრულეთ და ახლა იმას მოგიყვებით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ, ვაი, რომ ტირილი შემფერის, რამეთუ, ერთი მხრივ, სიმართლის თქმა მინდა და, მეორე მხრივ, ამ ამბის მონაწილეთა დასანდობად გაჩუმებას ვარჩევდი. მაგრამ რაკიღა სხგვარად შეუძლებელია იმის თქმა, რისი დამალვაც არ ეგების, ამიტომ შევუდგები საქმეს. ამით უბედურების მონაწილეთათვის ნიშნის მოგებას კი არ ვაპირებ, ჩემი მამის სათნოებების აღწერა მსურს. ”ვაი შენდა, ქალაქო, ოდეს მეუფე შენი ჩჩვილ იყოს” (ეკლ. 10,16) – ოდესღაც საღმრთო წერილში ამოვიკითხე, ახლა კი საკუთარი გამოცდილებითაც დავრწმუნდი. კონსტანტინე, ირინეს ვაჟი, რომლის დედა მართალი სარწმუნოებითა და ღმრთისმოშიშებით გამოირჩეოდა, თვითონ მეფური აღვირახსნილობით იყო სნეული. იგი სიყმაწვილეში გამეფდა, მთლიანად განაგდო შიში დედის წინაშე და მისი მეთვალყურეობა, მოიძულა ღმრთაებრივი კანონები, მიატოვა სჯულიერი ცოლი და ჰეროდეს მსგავსად მრუშობას მისცა თავი. ამის მოყოლა რაღად დაგვჭირდა? იმად, რომ ჩვენმა იღუმენმა იოანე ნათლისმცემელს მიჰბაძა და მაშინ, როცა თითქმის ყველა მხარს უჭერდა უსჯულოებას, მხოლოდ ისა და მისი მოწაფეები დარჩნენ მოუდრეკელნი, და ამისთვის ვინ იცის რა განსაცდელი არ გამოიარა მთელი წლის მანძილზე? არც ჭორები დაჰკლებია, არც მუქარა, ჯოხით ცემა, გაძევება და ტანჯვა-წამება.

27. იმპერატორმა, ამ გზით რომ ვერაფერს მიაღწია, სხვა ხერხს მიმართა. და რაც შემდეგ მოხდა, მავანთა და მავანთა ხელით კეთდებოდა, თორემ სინამდვილეში, საღმრთო წერილის სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერს აბესალომი წარმართავდა. ჩვენთან მოვლინებული ბერებისა და ჩვენი მიმოწერის ამბები თქვენც იცით. როდესაც ეს საშუალებებიც უძლური აღმოჩნდა, რამეთუ მამამ ყველაფერს მოვალეობა დაუპირისპირა, მაშინ მეფემ, რომელსაც აღარ შეეძლო ნიღბის ტარება, თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ჩვენდა სავალალოდ ეს იმით გამოიხატა, რომ ქრისტეს მონასტერში, რომელსაც მხოლოდ საღმრთო სჯული იცავდა, ორი მთავარსარდალი გამოაგზავნა, თითქოს მტრის წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას. მწყემსი შეიპყრეს, ცხოვარნი განაბნინეს – ზოგი მათრახით სცემეს, ზოგი გადაასახლეს, დანარჩენებს დევნა გამოუცხადეს. და რაც ყველაზე სამწუხაროა, გამოიცა მეფის ბრძანება, რომ უფლისათვის დევნულნი არსად შეეწყნარებინათ, და წმიდა მონასტრების წინამძღვრებიც ემორჩილებოდნენ ამ ბრძანებას. მხოლოდ მცირედნი ბედავდნენ მათ შეფარებას. ქრისტეს კი თითქოს ეძინა (მარკ. 4,38), მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზებით სცდიდა დევნულებს, თუ რამდენად მტკიცე იყო ღმრთისადმი მათი სიყვარული, და შემწყნარედ უმზერდა მდევნელთა სისასტიკეს, რათა ისინი სინანულისკენ მოექცია.

28. ამასობაში ქრისტს მხედარი რასა იქმს? თავისი ნებით შორდება შვილებს, მარტოდმარტო რჩება მწყემსი კეთილი ”რომელმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის” (იოანე 10,11), კეისართან მიჰყავთ ბადრაგის თანხლებით და ვბედავ ამის თქმას, იოანე წინასწარმეტყველვით წარუდგება კონსტანტინეს, თუმცა იოანე თვითონ ეახლა ჰეროდეს, პლატონი კი სხვებმა მიჰგვარეს. იხილეთ მხნე გული! ხელისუფლებას არ შეუშინდა, მუქარამ ვერ შეაკრთო, შეგონებებს არ დაჰყვა, თუმცა ამ ჰეროდიას სისხლით ენათესავებოდა. პირიქით, მტკიცედ პასუხობდა და ურცხვენელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. უფლის წინასწარმეტყველმა თქვა: ”არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის ცოლი შენი” (ლუკა 6,18). იგივე უთხრა ჰეროდეს მიმსგავსებულ იმპერატორს იოანეს მიმბაძავმაც. მაგრამ მისთვის თავი არ მოუკვეთიათ, რამეთუ იმპერატორს არ სურდა მოწამედ ექცია ის, ვინც, როგორც ადრეც არაერთხელ უთქვამს, მზად იყო ამისთვის. ქრისტეს აღმსარებლად კი თავისდა უნებლიეთ მაინც გახადა, რამეთუ ჭეშმარიტების მღაღადებელი ავაზაკივით სენაკში ჩაკეტა, ათასი ბოქლომი დაადო კარებს და ბრძანა საჭმელი სარკმლიდან მიეწოდებინათ, რათა ვერავის ენახა ის, ვისაც თვით უფალი კარგად ხედავდა.

29. კეისარს ხელს უწყობდნენ მონასტრების წინამძღვრები, რომელთაც ვერ დავასახელებ, რამეთუ მრცხვენია. საპყრობილედ ექცა სასახლის კარის გაპარტახებული მონასტერი, დარაჯიც უცნაური ჰყავდა – მემრუშეთათვის ჯვარისდამწერი. ისღა დამრჩენია, წინასწარმეტყველთან ერთად ვთქვა: ”ვაი მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქვეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს” (მიქ. 7,2). რაღა ვთქვა მასზე, ვინც წმინდანის მეთვალყურეობა მემრუშეთა დამაქორწინებელს დააკისრა? ანდა მასზე, ვისაც იმპერატორმა უდანაშაულო კაცის განსჯა დაავალა? რაღა ვთქვა იერარქებზე, რომლებიც იმპერატორმა საპყრობილეში გაუგზავნა პლატონს, რათა დაეყოლიებინათ იგი სიტყვით მაინც დათანხმებოდა და სანაცვლოდ მიეღო თავისუფლება და თავისი ქონების პატრონობის უფლება? რაღა ვთქვა გარეშე განმაქიქებლებსა და მაყვედრებლებზე – ნათესავებსა და უცხოებზე, მონაზვნებსა და ერისკაცებზე? ჰოი უგუნურებავ, ანუ, უფრო სწორად, ჭეშმარიტების წინააღმდეგ აღძრულო უმეცრებავ! უსჯულო ქორწინების მომხრენი გმობენ კეთილშობილი მამის სიმტკიცეს, მეფის საამებლად ღმრთის სასუფევლისაგან განდგომილნი შეურაცხყოფენ მას, ვინც თავისი მოღვაწეობით უფალს ადიდებს. ქრისტეს მსახურმა კი იმ დროის საშინელი სისასტიკე ისე დაითმინა, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებასა და მის დამცველთათვის განმზადებულ საზღაურზე ფიქრობდა. სატუსაღოს სატანჯველს ისე იტანდა, თითქოს ტაძარში მდგარიყოს, რამეთუ, თუ კაცი ნიადაგ ღმერთზე ფიქრობს, მას ვერავინ და ვერაფერი მოერევა.

30. მალე მემრუშე მეფე, რომელსაც არ სურდა სამართლიანად მოქცევა, დაეცა, რათა მეფეებსაც ესწავლათ, რომ არ შეიძლება ღმრთაებრივი კანონების შებღალვა, კაცთა უსამართლო დევნა და დატუსაღება, იმის მიუხედავად, რომ სხვა მოკვდავთაგან განსხვავებით ძოწეული ჰმოსიათ. საღმრთო სჯულის ერთგულმა დამცველმა გამარჯვებულმა დატოვა საპყრობილე, მრავალმა შეამკო იგი ქება-დიდებით. წმინდანს ხოტბას ასხამდნენ, პატივს სცემდნენ და მოწამედ სახელდებდნენ ისინიც, ვინც გუშინ სასაცილოდ იგდებდა და ყვედრებით ავსებდა, რამეთუ, გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, როდესაც რისხვა გადაივლის და საქმე თავისთავად ნათელი ხდება, კაცის სათნოებების აღიარება მტრებსაც შეუძლიათ, თუმცა კი ადრე სხვაგვარად ფიქრობდნენ. როდესაც კვლავ მშვიდობის თანამოსახელე ირინე გამეფდა, რომელიც განადიდებდა და პატივს სცემდა წმინდანს მისი მოწამებრივი ღირსებისათვის, მყისვე ზღვის მოქცევის მსგავსად მტრები მოკეთეებად და თაყვანისმცემლებად გაუხდნენ, ისე რომ თვით მისი საპყრობილის მცველმა (იღუმენმა იოსებმა) პატიება სთხოვა და მიწადვე დაუკრა თავი. მაგრამ უმალ ცივი ქვა იგრძნობდა რამეს, ვიდრე იოსები შეცვლიდა თავის თქმულსა და ნამოქმედარს.

31. როდესაც გადასახლებიდან დავბრუნდით, სხვები კიდევ სხვა ადგილებიდან ჩამოვიდნენ და შევიკრიბეთ, როგორც მართვენი ფრინველის ფრთების ქვეშ, ამ ამბავმა ღმრთისმოშიშ კაცთა სიხარული გამოიწვია: თავს შეუერთდნენ სხეულის ნაწილები, და იქნებ ასეთი შემთხვევის შესახებ ღაღადებდა ხმამაღლა ესაია, თუმცა კადნიერება კია ჩემგან ამის თქმა: ”აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, მოვიდენ ძენი შენნი შორით. მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა” (ესაია 60, 4-5). ამას ამბობდა ესაია. მე კი დავუმატებდი: პატრიარქი იმიტომ განიმსჭვალა მოწიწებით პლატონის მიმართ, რომ თავს იცავდა და ერთობას სთხოვდა მას. ასეც მოხდა, როდესაც განკვეთეს უსჯულო მეფე და განიშორეს უთანხმოება, რომელსაც განსაკუთრებით გაურბოდა ნეტარი, თუმცა ყველა ხოტბას ასხამდა გამარჯვებისთვის. ანდა, რა უნდა იყოს იმდენად სათნო ღმრთისათვის, რამდენადაც თანხმობა და ერთიანობა, როდესაც ეს ერთიანობა ღმრთის მცნებებს არ არღვევს?

 

თავი მეექვსე


პლატონის შეპყრობა კონსტანტინოპოლში.
პატრიარქ ნიკიფორეს მკაცრი დამოკიდებულება მისდამი



32. ყოველივე ამის შემდეგ, ბარბაროსთა შემოსევის გამო ჩვენი ადრინდელი სავანიდან ბიზანტიაში გადავედით. აქ ჩვენი კეთილისმოყვარე მამა დაყუდებულ ცხოვრებას იწყებს, რამეთუ იღუმენობის თავსდება აღარ სურს. მაგრამ ნახე, ახლაც რა საოცრად იქცევა! დიდი სიმდაბლის გამო და იმისთვის, რომ ძმობას ორი უფროსი არ ჰყოლოდა, ღმრთისმობაძავი მამა მორჩილების უღელს იდებს, და ამას იქმს მოწმეთა თანდასწრებით, რომლებიც იმავე მორჩილებისთვის არიან შეკრებილნი. განა საოცარი არაა ყოფილი მამა იწოდებოდეს შვილად, და თან იმის შვილად, ვისაც ადრე უბრძანებდა? და ეს ხდება იმდენი შრომის შედეგად, რომელთა მტვირთველისთვის მხოლოდ ზომიერების დაცვაც კი უკვე ქების ღირსი იქნებოდა. თანაც ეს საკვირველი კაცი ყოველივეს ხალისით აკეთებდა, ისე კი არა, რომ მხოლოდ სახელი დაეთმო სხვისთვის იღუმენისა, არამედ გულწრფელად და ღმრთივგანბრძნობილად. რამეთუ, სადაც აღსარებას ამბობენ იღუმენის წინაშე, იქ ნდობაცაა, სადაც ნდობაა, იქვეა საკუთარი ნების დატევება, ხოლო სადაც საკუთარი ნების დატევებაა, იქაა სრული მორჩილება. მისი ღვაწლის მოწმენი არიან ისინი, ვისთვისაც იგი რაიმეს სთხოვდა იღუმენს: თუ მის თხოვნას შეისმენდნენ, ისევე უხაროდა, როგორც მთხოვნელს, და თუ არ შეისმენდნენ, არც ის სწყინდა. მას მხოლოდ ის სურდა, მთხოვნელისთვის რითიმე ერგო, და არა ის, რომ მისი ნება აღსრულებულიყო. ”ვაი ჩემდა”, მამაო, ვიტყვი წინასწარმეტყველის პირით, ”ვითარცა ვინ მშევ მე?” (იერ. 15,10) შენ არ გეთაკილებოდა მამა გეწოდებინა მისთვის, ვინც შენი შვილობის ღირსიც კი არ იყო. რატომ მაიძულე მიმეღო ესოდენ დიდი პატივი მე, ვისაც შენს მორჩილებაში ყოფნა არ დამიმსახურებია? ღმერთმა და შენმა წმიდა სულმა უწყიან ამის მიზეზი, როგორც უწყიან, რომ სიყვარული, ან უფრო სწორად, მორჩილება მეტს შეძლებენ, ვიდრე ძალდატანება, და მოგვეცემა იმის უნარი, რომ მოკლე სიტყვით დავასრულოთ ჩვენი ამბავი.

33. ახლა ჩვენს საგანს მივუბრუნდეთ. მამა დაეყუდა და მისი სამყოფელი იყო ძალიან ვიწრო, ზაფხულში კი ისეთი ცხელი, რომ ქალდეველთა სახმილს მოგაგონებდათ, რადგან ტყვიის სახურავი მეტისმეტად ხურდებოდა. ის კი, არათუ არ დრტვინავდა, არამედ გაძლიერებულად ლოცულობდა, რომ მომავალ ცხოვრებაშიც ასეთივე განსასვენებლის ღირსი გამხდარიყო. ამრიგად, შრომის სიყვარულით იმსუბუქებდა და უსიამოვნებებს სასოებით განაზავებდა – სიყვარული და სასოება ორივე დიდი სათნოებაა და ძალას მატებენ კაცს. მაგრამ ღვაწლის მოყვარე არც ამით დაკმაყოფილდა, იგი ხელითაც შრომობდა, რამეთუ საკმაოდ დიდი ძალა ჰქონდა, კიდევ უფრო მეტად ღმერთზე ფიქრს ეძლეოდა და ნიადაგ სულიერ მტრებს ებრძოდა. განსაკუთრებით გულმოდგინებით ძმობის წევრებზე ზრუნავდა: მწუხარეს ანუგეშებდა, დასაცემად მიდრეკილს ხელს აღუპყრობდა, განრისხებულს ამშვიდებდა და მისი ხასიათის შესაფერ საუბარს უმართავდა, მოკლედ, სულთა დიდი მკურნალი და ყველა ტანჯულის შემწე იყო. ვერც იმას დავმალავ, რომ ფეხზე საკმაოდ მძიმე ჯაჭვები ეკიდა და მხნედ იტანდა სიმძიმეს (ყოველი გონიერი კაცისთვის ცხადია, რა ძნელი იქნებოდა ჯაჭვებით ძილიც, სიფხიზლეც და შრომაც). ამას ვინმეს დასანახად როდი იქმოდა, რათა ყველას თვალწინ გამოეფინა თავისი დაყუდება, და არც იმას ცდილობდა, რომ შეექო თავისი საქმე, როგორც სათნოების სახელოსნო (ასე ხომ თესალიის მღვიმეში დაყუდებული ქირონი იქცეოდა), ჩვენი მოღვაწისათვის უცხო იყო ეს ვნება-მაჩვენებლობა, არამედ იმისათვის, რომ დაყუდება ოდნავ შეესუსტებინა და სიმდაბლით დაეფარა იგი. ეს ამბავი თითქმის არავინ იცოდა, მხოლოდ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მან უფლის გულისთვის დატოვა სენაკი და თავისდა უნებლიეთ ცნობილი გახდა. მაგრამ ამაზე კმარა, რამეთუ მკითხველსაც ზომიერება უყვარს და არც მწერალს აქვს მეტის თქმის ძალა.

34. მაშინდელი პატრიარქის – ტარასის სიკვდილის შემდეგ, როდესაც მომავალი პატრიარქის არჩევაზე მსჯელობდნენ და სხვადასხვა კანდიდატურას ასახელებდნენ, ისე რომ ყველა გამოჩენაზე ფიქრობდა და არა ჭეშმარიტებაზე, მაშინ ჩვენს მამასაც ჰკითხეს აზრი, და ჰკითხეს არა მარტო ცნობილმა იერარქებმა, არამედ თვით იმპერატორმაც. ჭეშმარიტების გულისთვის, მითხარით ერთი, რა უნდა ექნა? განა მას, ვინც ამდენი შრომა იტვირთა და ვინც ყველასათვის უმკაცრესი ცხოვრების ნიმუში იყო, საერთო სარგებლობისთვის პირუთვნელად არ უნდა ეთქვა თავისი აზრი? არაო, ამბობენ მისი აბუჩად ამგდებნი, ან არცოდნა უნდა მოემიზეზებინა, ანდა თავად შემკითხველისთვის მიენდო არჩევანიო. მაგრამ პირველი სიცრუეა, მეორე – თვალთმაქცობა, და ორივე ერთად სიძულვილის ღირსია. მან თავისი ხმა შეაწია ერთს (აღარ ვამბობ, ვის), და ისე შეაწია, თითქოს თვით ღმერთი მოიყვანა მოწმედ. ეპისკოპოსებმა სიხარულით მიიღეს და არ ვიცი კი როგორ, დაეთანხმნენ პლატონის წერილს, ხოლო იმპერატორმა, ამომრჩევლების ბარათები რომ მიიღო, აურდაურია და ყირაზე დააყენა ყველაფერი, როგორც კოჭის თამაშის დროს ხდება ხოლმე.

35. პლატონი (მას შემდეგ, რაც წინამძღვრის ყოლის აუცილებლობამ კრების ყოველი წევრი აიძულა თავისი თავი დაესახელებინა ამ ადგილზე), ღამით გაემგზავრა ერთ მონაზონთან, იმპერატორის ნათესავთან, საერთო სარგებლობისათვის არ შეუშინდა გარეთ გამოსვლას, მოელაპარაკა მას და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდა. ეს რომ გაიგო, იმპერატორი განრისხდა, ცოტახანს შეიცადა, ვიდრე მისი ნება ასრულდებოდა, მერე კი მე და პლატონი შეგვიპყრო და ოცდაოთხი დღე მკაცრი დაცვა დაგვიყენა, მერე კი მონასტერში გაგვიშვა. ღირს კი იმის მოყოლა, რა განრისხებული იყო წმ. მამაზე, ანუ როგორ ებრძოდა თვით ჭეშმარიტებას, შფოთს აგდებდა ძმობაში, ზოგს საპყრობილეში აგდებდა, ზოგს სასამართლოს გადასცემდა, თუმცა ყველას სწორედ იგი მიაჩნდა ძლეულად და სასაცილოდ აგდების ღირსად? ეს იყო მხოლოდ დასაწყისი მის მიერ ჩაფიქრებული უსჯულოებისა, პირველი მცდელობა, მისი აშკარა უგუნურების ნაყოფი. მალე უბედურებათა მთელი ნაკადი წამოვიდა, მათი მიზეზი იყო იოსები, მემრუშეთა დამაქორწინებელი, შინაგანი მტერი, ეკლესიაში შფოთის ჩამომგდები. რაკი გველის შხამივით ვერიდებოდით კანონიკურ ურთიერთობას მასთან, ამიტომ იმპერატორი მუქარას მუქარაზე გვითვლიდა ჩვენ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფთ.

36. რამდენიმე სიტყვით როგორ გიამბოთ მაშინდელი შიშისა და დევნის, ღვაწლისა და განსაცდელის შესახებ, მთელი წელი რომ გრძელდებოდა? ეს მხოლოდ ყოველივე ამის დამთმენმა და მის გვერდით მყოფმა შეიძლება გაიგონ. ბოლოს და ბოლოს, ჯარმა ალყა შემოარტყა მონასტერს და არავის აძლევდა სიტყვის თქმის ან თუნდაც თავის წამოწევის უფლებას. შიგნით შიშია, გარეთ – დიდი შფოთი, და იქიდან მუქარა მუქარაზე მოდის, არც მინდა იმის თქმა, ვისგან მათ ბერული სამოსის მიმართ პატივისცემის გამო. რა სასტიკი დრო იყო!@თითქმის არავინ იდგა მოვლენათა მაშინდელ მსველობაზე მაღლა, არავის შეეძლო სწორი რჩევის მოცემა და ღმრთის საქმის დაცვა: ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ღამით ჩვენი მამა ძმობას მოსწყვიტს, ამას მოჰყვა მისი დატუსაღება, დატუსაღებას – კრების დღე. ამ კრებაზე სხვა სამ პყრობილთან ერთად წმ. მამაც მიიყვანეს, თან სამხედრო დაცვაც ახლდა, როგორც ვინმე ავაზაკთაგანს. საბრალო სანახავი იყო სნეული ბერი, რომელიც საკეცზე იწვა, ფეხებზე ჯაჭვები ედო, და ერთი მცველი მეორეს ისე გადასცემდა, თითქოს ედო, და ერთი მცველი მეორეს ისე გადასცემდა, თითქოს რაღაც უწმინდურობას იშორებსო თავიდან.

37. ვაი, რომ ამას კრების წესრიგი გვიქვია! ესაა ქრისტეანული სახელმწიფოს განჩინება! რით განსხვავდება იგი ერთხელ გამართული ყაჩაღური კრების დადგენილებისაგან, ანდა მწვალებელ მეფეთა კანონებისაგან? მაგრამ ისე რომ არ ვილაპარაკო კრების ამბებზე, როგორც ბავშვურ ხუმრობაზე, იმასღა ვიტყვი, რომ ჩვენს მამას ერთ-ერთი ქალაქგარე კუნძულზე გადასახლება მიუსაჯეს, ჩვენი ძმა კი სხვა, ყველაზე ღატაკ კუნძულზე გაამწესეს, იქ კი პირქუშ საპყრობილეში აღმოჩნდა. განა ბედის დაცინვა არ არის, რომ ერისკაცები მონაზვნებზე კაცთმოყვარენი აღმოჩნდნენ და მსაჯულთა მსმენელები არ შეუშინდნენ სამართლიანი განაჩენის გამოტანას, რამეთუ კანონის დარღვევა აშკარა იყო! აღარას ვიტყვი აბანოს შესახებ, სადაც იმპერატორმა ჯარის დახმარებით მონასტრის მთელი ძმომა შეყარა და ცდილობდა ყოველი მათგანის თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ მოტყუვდა – დაინახა, რომ საღმრთო სჯულის ერთგულება მასზე ძლიერი იყო. არც მონასტრების საპყრობილეებსა და იღუმენებს შევეხები, რომლებიც გათვალისწინებულზე მეტად აჭირვებდნენ ტუსაღებს, იმაზეც დუმილს ვარჩევ, რაც შემდეგ მოხდა, როდესაც ყველგან მხოლოდ ერთსა და იმავე ლაპარაკს გაიგონებდით – ციხეებში ჩაყრაზე, გადასახლებაზე, დევნაზე, გადაყენებაზე, მუქარაზე, სიცოფეზე, დაკითხვებსა და ჩვენებებზე, და ყოველ ქალაქში აფრთხილებდნენ, რომ ძმები არავის შეეფარებინა. ასე რომ, ზოგიერთი მიწის ნაპრალებში იმალებოდა.

38. და ეს ყველაფერი რისთვის ხდებოდა (გაოცება კვლავ მაიძულებს იმ ამბებს მივუბრუნდე)? რათა დაუსჯელად ეპარპაშა მღვდელს, რომელმაც სახარებისა და ნათლისმცემლის საწინააღმდეგოდ ჯვარი დაწერა მემრუშეებს, და ამით თითქოს ეკლესიის მხსნელი იკონომია დაუშვა, ამ მღვდლის მოწინააღმდეგენი კი, ვინც სახარების თანახმად იქცეოდა, უსჯულოებად და განდგომილებად შერაცხილიყვნენ! საბრალო მდევნელო, სახელად ქრისტიანო და სინამდვილეში ქრისტეს სჯულის დამრღვეველო, რისთვის მძვინვარებ შენს ლეკვთან (ალბათ იოსები იგულისხმება) ერთად ასე სასტიკად? არ იცი განა, რომ ღმრთის უძლეველ კანონებს ებრძვი, რომლებიც ჯეთ არასოდეს არც ერთ მეფეს არ შეუმუსრავს? არ იცი განა, რომ ყოველი შენსავით მათთან მორკინალი, სამარცხვინოდ წარწყმდა?

39. მაგრამ ისევ იმ ამბავს მივუბრუნდეთ, თუ როგორ წაიყვანეს ღმრთისმსახური. კვლავ სდევნიან, კვლავ გვაშორებენ, კვლავ ორ კაცს მიჰყავს (რამეთუ თვითონ უკვე აღარ შეუძლია სიარული), კვლავ სადღაც მიათრევენ, და თვით უგრძნობი ქვებიც ტირიან, ამ უსამართლობის მხედველნი. დაე, მოგვითხრობს ამის შესახებ მოწამე მამანტის მხარემ, დაე, აღწეროს ეს ამბავი კუნძულმა ოქსიამ, რომელიც ჩემი ძმის შემდეგ ჩემი მამის მცველიც გახდა. მეომარი-მონაზვნების (არ ვიცი, სხვა რა სახელი ვუწოდო მათ) გულმხეცობისა კი არა გითხრათ? როგორც ჯოჯოხეთის უფსკრულში, ისე ჩაკეტეს სენაკში მართალი, სნეულებებითა და სიბერით გატანჯული. ამსოფლიურ სიკეთეებსა და იმპერატორს დამონებულნი, ისინი ერთ კაცს მიუჩენდნენ ხოლმე პლატონს, რომელსაც დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა მიეკითხა. ხშირად ხდებოდა, რომ ბერი სთხოვდა მას გადაადგილებას რაიმე ხორციელი საჭიროების გამო, ის კიდევ დაცინვით უპასუხებდა, ბერი წამალს სთხოვდა, ის კი კარებს მიუხურავდა და მიდიოდა. და ყოველივე ამას ღირსი პლატონი მოთმინებით იტანდა, ისე რომ არ ღალატობდა თავის აღმსარებლობას, რომელიც ღმერთისა და კაცთა წინაშე თავს-იდო. როდესაც იმპერატორმა შეიტყო, რომ იგი დასნეულდა და სიკვდილის პირასაა, ბიზანტიაში გადაიყვანა და ოდნავ მოილბო სასტიკი გული, დააპირა თავისი ბოროტი საქმის გამოსწორება. მაგრამ რამეთუ მისი ზრახვები მართალ საფუძვლებს არ ეყრდნობოდა, ამიტომ ბოლომდე ვერც ისინი მიიყვანა. რამეთუ მალე იგი, ცოფმორეული, ღმრთის ძლიერმა მარჯვენამ სკვითებთან მიაგდო და იქ ჯარიანად დაღუპა, ამით მომდევნო თაობებს საშინელი მაგალითი უჩვენა და საზარელი გადმოცემა დაუტოვა ამის შესახებ, რომ ”გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი” (რომ. 11,33). ღირსი პლატონი კი ჩვენთან ერთად მაშინდელი ღმრთისმოშიში მეფის ბრძანებით თავის სამწყსოს დაუბრუნდა და აღმსარებლად გამოცხადდა.

40. თუ როგორ მოხდა ეს ყოველივე, ამაზე გაჩუმება კი არ შეგვფერის. იმათი ზრუნვით, ვინც განსჯიდა ჩვენს საქციელს, სულერთია, კეთილგანწყობილნი იყვნენ თუ პირიქით, მტრულად, მოისპო საცთური, რომლის გამოც ჩვენი და პატრიარქის უთანხმოება წარმოიშვა. იმპერატორებმა ჰკითხეს მას, უწმინდესი თავს იმით იმართლებდა, რომ ყოველივე მაშინდელი იმპერატორის ხათრით გააკეთა. ამრიგად, დამყარდა თანხმობა და ერთობა პატრიარქთან, რამეთუ არაფერია ღმრთისათვის ისე სათნო, როგორც მშვიდობა და თანხმობა, როდესაც ეს თანხმობა მართალ სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, ღმრთის მცნებას არ გადადის ან ღმრთაებრივ კანონებს არ არღვევს. სწორედ ასეთი ჩანდა ჩვენი თანხმობა ყველა გონიერი კაცის თვალში. რაც ამას მოჰყვა, იმაზე არ მინდა ლაპარაკი, რამეთუ აქ დიდი მსგავსებაა ღმერთშემოსილი მამების დროინდელ ამბებთან და იკონომიის გამო გვერდს ვუვლით, ანუ, უფრო სწორად, გვერდს ვუვლით იმიტომ, რომ ეს ყოველივე მოუსყიდველი მსაჯულის მკაცრი განკითხვისთვის ინახება, იმქვეყნად რომ მოგველის ყველას.

თავი მეშვიდე



ღირსი პლატონის უკანასკნელი ავადმყოფობა
და კეთილი აღსასრული



41.  შემდეგ რაღა იყო? წმიდა მამას დაყუდებულის ცხოვრება აღარ გაუგრძელებია, რამეთუ დამოუკიდებლად ხორცის ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაც კი აღარ შეეძლო. იგი ხან საწოლზე იწვა, თითქოს ისვენებდა ასკეტური ღვაწლის სანაცვლოდ, ხან კი სავარძელში იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა ფსალმუნს, ან სულიერი ლოცვით ლოცულობდა და უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ძმებისთვის – რჩევით, შეხსენებით, დარიგებით, ნუგეშისცემით, თავისი მამობრივი, კეთილი ჩვევის თანახმად. მას აღარც მუშაობა შეეძლო, აღარც მუხლისდრეკა, აღარც კითხვის მოსმენა, მხოლოდ მის ახლოს მდგომი მორჩილის წაკითხულს თუ დაუგდებდა ყურს. ამასთან, იგი მწუხარე და მოღუშული იყო, თითქოს სული წარიწყმიდა სულიერი მსახურების შეწყვეტითა და ფიზიკური მუშაობის მიტოვებით. თუ ხანდახან მიიღებდა საზრდელს ავადმყოფობის გამო, ანდა მორჩილებით აბანოში შევიდოდა, ამისთვის ღმერთს მადლობდა და თან წუხდა, რომ ადრინდელი მკაცრი ცხოვრება დააგდო. მაგრამ მან ჭეშმარიტად ბრწყინვალე ასპარეზი და მზის გზა განვლო, რამეთუ მორჩილებით დაიწყო და მორჩილებითვე დაასრულა, ყოველი ღვაწლი დაითმინა, სრულყო თავისი ცხოვრების წლები, როგორ ერთი დღე და აღდგა მარადიული ცხოვრებისათვის, რათა დაუღამებელი ნათლით დამტკბარიყო. დათვალე მისი საქმენი, და ორმოცდარვა წელი გამოგივა. ამას მიუმატე ოცდაოთხი წელი სოფლისაგან განდგომამდე, კიდევ ოთხი წელი დევნულებისა და სამი წელი სნეულებისა, და ნახავ, რომ წმიდა მამა 79 წლისა აღესრულა.

42. მაგრამ, ვაიმე, როგორ დავასრულო უცრემლოდ ჩემი ამბავი? ბერი იწვა, თავის სულს, როგორც ძვირფას შესაწირავს, ამ სოფლით გასვლისთვის ამზადებდა, მის საწოლთან შეკრებილი ძმებიც ელოდნენ მისგან შესაწირავს – წმიდა ლოცვას. მან დალოცა და ეამბორა ყველა ძმას და განემზადა კუბოსთვის, რომლის ხილვა კარგა ხანია სურდა, თუმცა მას მოკვეთილი ჰქონდა საკუთარი ნება და ამიტომ არ უსრულდებოდა ეს სურვილი. კუბო რომ დაინახა, გაიხარა და მადლი შესწირა უფალს ამ სიტყვებით: ”ესე არს განსასვენებლი ჩემი უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 131,14), და კიდევ: ”უფალმან ნება მოშიშთა მისთა ყოს” (ფს. 144,19). მრავალი უცხოც მოდიოდა მის სანახავად, იმის მიუხედავად, რომ დიდმარხვა იყო, მოდიოდნენ მონაზვნები და ერისკაცები, კურთხევას იღებდნენ და უკან ბერის სულიერი საზრდელით სავსენი ბრუნდებოდნენ. თვით უწმიდესი პატრიარქი მოვიდა, ლოცვა-კურთხევა სთხოვა და დაემშვიდობა. ეს წუთი იყო ყველა საეჭვო უთანხმოების მკურნალი და ძველ მწუხარებათა განმაქარვებელი. შემდეგ ყველა მოიგონა, ყველასთვის ილოცა, ყველას შეუნდო – ვინც რამე შესცოდა, ვინც სდევნა, ვინც შეაწუხა – როგორც ჭეშმარიტად ღმრთის კაცმა და სიკვდილის წინაც ქრისტეს მობაძავმა.

43. მაგრამ, რაკი ანდერძიც უნდა შეედგია, ვნახოთ რა დატოვა? მართალი სარწმუნოება და სულიერი ცხოვრება, რომელთა წიაღშიც ცოცხლობდა და რომელთა წიაღშიც აღესრულა, ქონების გაყოფის შესახებ კი არაფერი დაუბარებია, რამეთუ ზედა სამოსიც კი არ გააჩნდა. რა თქმა უნდა, მე, მდაბალმა, ვკითხე, რაიმე საკუთრება ხომ არა გაქვს-მეთქი, პასუხად მან ტანსაცმელზე შეივლო ხელი და დაიფერთხა, იმის ნიშნად, რომ არაფერი გააჩნდა, და სუსტი ხმით მითხრა, ყველაფერი შენ გადმოგეციო. არ შემიძლია დუმილით ავუარო გვერდი მის ერთ ნათქვამს, რომელსაც წინასწარმეტყელების მნიშვნელობა ჰქონდა – რომ თვითონ უგალობებდა თავის თავს სიკვდილის წინ. გულმკერდის არე სტკიოდა და მძიმედ სუნთქავდა, და მაინც ჩვეულებრივ ჩურჩულით ლოცულობდა, განსაკუთრებით ხშირად კი ერთი საეკლესიო საგალობლის ნაწილს იმეორებდა: ”აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანისა” (ესაია 26,19). იგი იქ მყოფთაც სთხოვდა განუწყვეტლივ ეგალობათ ეს მუხლი, ვიდრე ხმის ამოღება შეეძლო. გალობას მაშინვე მოჰყვა აღსასრულიც, რომელიც მართალი ლაზარეს ხსენების დღეს დაემთხვა, ეს საგალობელი ლაზარეს ეხება და დაე, მის თანა დაიმკვიდროს ჩვენმა მამამაც.

44. იწვა გამშვენიერებული სქემოსნის შესამოსელში, ბოლოს გამოსათხოვარი სიტყვა Yთქვა, მერე მარჯვნივ გადაიქნია თავი ისეთი მსუბუქი და სასიამოვნო მოძრაობით, თითქოს თავის თავთან დარჩენა ინებაო, მზის დასვლისას კი თვალები დახუჭა და თავისი წმიდა სული ანგელოზებს შეჰვედრა, რომლებმაც იგი წარუდგინეს მზეს სიმართლისას. ამჟამად იგი ცათა შინა განისვენებს და არა მარტო მოღვაწეთა წესთა შორის და ღმრთის წინაშე დგომის ღირსია, არამედ, კადნიერებით ვიტყვი, აღმსარებელთა შორისაა მითვალული, რამეთუ, ვისი ღვაწლიც თავს-იდო, მათ მემკვიდრეობასაც ეზიარა. მეტიც: მორჩილთა შორის იგი საუკეთესო მორჩილია, ორგზის გვირგვინოსანი მორჩილებისთვის, მდუმარეთა თანა – ჭეშმარიტი მდუმარე, იღუმენთა თანა – ჭეშმარიტი იღუმენი, დაყუდებულთა თანა – არა მარტო დაყუდებული, არამედ მორჩილიც, რაც კიდევ უფრო საპატიოა, აღმსარებელთა თანა – უტყუარი აღმსარებელი, რასაც მისი ცხოვრება მოწმობს. მე კი, საწყალობელი, საუკეთესო მამის დამკარგავი, სად ვპოვებ საყრდენს, თავშესაფარს მშფოთვარე სულისთვის? სად ვპოვებ მრჩეველს, ვნებებით შეიწრებული? როგორ გავუძლებ ბოროტის შემოტევას, რაკი სახლში მოძღვარი და დამრიგებელი აღარ მეყოლება?

45. მაგრამ, - ჰოი, ღმრთაებრივო და წმიდა კაცო! მომხედე მაღლიდან მოწყალებით, აღმადგინე დაცემად მიდრეკილი, წარმიმართე გზად მავალს და დამიტევე უვნებელად, გაუძეხ და დამწყსე ჩემთან ერთად სიტყვიერნი ცხოვარნი ესე, მრავლითა შრომითა და ჭირითა შენითა შეკრებილნი, რათა შენი გზით ვიდოდნენ და ღმრთის მცნებები მტკიცედ დაიმარხონ. მოხედე, დაიცევ, შეეწიე მცირესა და დიდ სამწყსოებს, როგორც აღგვითქვი ამსოფლით განსვლის ჟამს, რამეთუ შენია ყველა ის სამწყსო, რომელთა იღუმენებიც შენი სულიერი შვილები და შვილთა შვილები არიან. რაკი შენ გვეყოლები შუამდგომელად ღმერთთან და ღმრთის წინაშე, ყველანი დაცულნი ვიქნებით ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, არსად გადავუხვევთ მართალ სარწმუნოებას ვისიმე შიშის გამო, არ განვეშორებით ღმრთის მცნებებს, არ შემოვუშვებთ გულში დამღუპველ ვნებებს და არ დავაგდებთ მოღვაწეობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, რომლისა არს დიდება, პატივი და სიმტკიცე, თანა ყოვლისა მპყრობელსა მამისა და ცხოველსმყოფელისა და ყოვლადწმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

თარგმნა რუსიკო ბუაჩიძემ

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II, თბილისი 1991 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:34)