ერთ-ერთი სქოლიო, დართული იაკობ ხუცესის თხზულებაზე "წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა"

 

ქრისტიანულ მწერლობაში არაიშვიათია "ქნარის" (ბერძნ. κιθάρα) ანუ "ებანის" სახისმეტყველებითი განმარტებანი. მაგალითად, ორიგენე ასეთ კომენტარს უკეთებს 56.9 ფსალმუნურ მუხლს ("გაიღვიძე, დიდებავ ჩემო; გაიღვიძე, საფსალმუნევ და ქნარო; გავიღვიძებ განთიადისას"): "დავითი თავის თავს უბრძანებს, რომ საღვთო საგალობელი შეთხზას მან (ἐξυφαίνειν). იგი "თავის დიდებად" ("დიდებავ ჩემო") სახელდებს წინასწარმეტყველურ მადლს, საკუთარ თავს კი უწოდებს "საფსალმუნეს" და "ქნარს" (=ებანს, κιθάραν), როგორც სულიწმიდის ორღანოდ (ὄργανον) ქმნილს, მოასწავებს რა "საფსალმუნის" მიერ სულს (ψυχήν), ხოლო "ქნარის" მიერ - სხეულს. სწორედ ამ ჩვეულ ორღანოებს (=საკრავებს) განასახიერებს იგი კვლავ, რომ ჩვეულებისამებრ ააჟღეროს, სულიწმიდისგან რაც შთაეგონა. და ბოლოს, დასძენს: "მე გავიღვიძებ განთიადისას", ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: "წინასწარმეტყველური სულით განათლებული არა მხოლოდ ამჟამად ვუგალობებ [უფალს], არამედ მზე რომ ამოვა და სამომავლო დღის განთიადს რომ გამოაჩინებს, ყველა ხალხისა და მორწმუნე ერის მემწყობრეთმოძღვარი (χοροδιδάσκαλος1) ვიქნები" (ორიგენე, ფსალმუნთა შესახებ, 56.9).

იგივე ავტორი 32.2 ფსალმუნურ მუხლს ("აღსარება უთხარით უფალს ქნარით, ათსიმიანი საფსალმუნით უგალობეთ მას") ამგვარად განმარტავს:

"ქნარი" (κιθάρα) ესაა საქმითი სული (ψυχὴ πρακτική), ღვთის მცნენებით აღძრული, "საფსალმუნე კი (ψαλτήριον δέ) - განწმენდილი გონება (νοῦς καθαρός), სულიერი ცოდნით აღძრული. ამასთან ჩვენც გვესადაგება "ძველი აღთქმის" მუსიკალური საკრავები, სულიერად აღძრულნი. კერძოდ "ქნარი" სახეობრივად (τροπικῶς) სხეულს აღნიშნავს, "საფსალმუნე" კი - სულს (τὸ πνεῦμα), რომლებიც მუსიკალურად არის თანაშეწყობილი იმ ბრძენთან, საჭიროებისამებრ სიმებივით რომ იყენებს სხეულის ნაწილებს და სულის ძალებს (ταῖς δυνάμεσι τοῦ πνεύματος)... "ათსიმიანი" იგივეა, რაც "ათძარღვიანი", რადგან "სიმი" "ძარღვია", ხოლო "ათსიმიან საფსალმუნედ" ითქმის სხეულიც როგორც გრძნობის ხუთი ორგანოს და სულის (ψυχῆς) ხუთი მოქმედების მქონე, ხდება რა ესა თუ ის მოქმედება [სულისა] ამა თუ იმ გრძნობის მიერ" (Selecta in Psalm. PG. 12, col. 1304).

წმ. ათანასე დიდის მოკლე განმარტებანი ასეთია:

ფს. 70.22 - "რადგან მე ვაღიარებ შენდამი ფსალმუნის საკრავებით2 შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო".

კომენტარი: "დავითი ამბობს: ასე განვამზადებ ჩემს თავს აღსარების მიერ, რომ ღირსი გავხდე "გალობათმეტყველების საკრავად" (=საჭურველად; σκεῦος ὑμνολογηίας) წოდებისა, რადგან თუ "რჩეულობის ჭურჭლად" წოდება დაშვებულია (პავლე მოციქულისადმი, ე.ჭ.), ცხადია, - გალობათმეტყველების ჭურჭლადაც".

ფს. 70.22 - "გიგალობთ შენ ქნარით".

კომენტარი: "ესე იგი, - სულისმიერი ჰარმონიით (τῇ τῆς ψυχῆς ἁρμονίᾳ), რადგან როდესაც არაფერს თავისი თავისადმი საწინააღმდეგოს არ მოქმედებს ან არ განიცდის სული, - არც ყოფითად, არც მოძღვრებითად, - მაშინ, დიახ მაშინ, სამართლიანად დაერქმევა მას "გონითი ქნარი" (νοητὴ κιθάρα)" ("ფსალმ. განმარტ.", PG. 27, col. 321).

80.3 ფსალმუნურ მუხლს ("მიიღეთ ფსალმუნი და მიეცით ბობღანი, საამური საფსალმუნე ქნარითურთ"3) ორიგენე ასეთ საყურადღებო ახსნას უძებნის:

"ჩანს, რომ ერთს მაძლევს მე სიტყვა, სამს კი ითხოვს ჩემგან, რადგან მაძლევს მე "ფსალმუნს" (შდრ. "მიიღეთ ფსალმუნი", ე.ჭ.) და ითხოვს ჩემგან პირველად "ბობღანს" (τύμπανον4), მეორედ - "საფსალმუნეს", შემდეგ კი - "ქნარს", რათა შევიცნო, რომ მაძლევს მე მადლს ღვთისას, მოძღვრებას, ხოლო ითხოვს ჩემგან მთლიან სიწმინდეს, რომ განვიწმინდო მთლიანად: სულით (τῷ πνεύματι ), სამშვინველით (τῇ ψυχῇ)5 და სხეულით, რომ ვაქო ღმერთი "ბობღნით", ესე იგი "სხეულის მოკვდინებით", შემდეგ შევძლო თითქოსდა "საფსალმუნისეული" თანახმიერების (სიმფონიის - συμφωνίαν) დამყარება სულიწმინდის "ქნართან", "სამშვინველთან" (πρὸς κιθάραν τοῦ Πνεύματος, πρὸς τὴν ψυχὴν), ანუ, მოციქულის კვალობაზე, "გონებასთან", რადგან ასე ამბობს იგი: "ვგალობ რა სულით (πνεύματι), ვგალობ გონებითაც" (I კორ. 14.15). კიდევ, "საფსალმუნედ" თქვა დავითმა "სხეული" იმ თანაშეწყობილებისა და თანახმიერების გამო (ე.ი. "იმ ჰარმონიისა და იმ სიმფონიის გამო" (διὰ τὴν γενομένην ἁρμονίαν καὶ συμφωνίαν), რაც მასთან აქვს სამშვინველს (ψυχῆς), რომ კეთილშეწყობილნი (ἄρτιοι) გახდნენ ღვთის ადამიანები და განუკუთვნონ სულები ღმერთს, და სხეულებიც, - არა სოფელს, არამედ უფალს" (Fragm. in. Psalm. Ps. 80.6).

ზემომოტანილ 32.2 ფსალმუნურ მუხლს ("აღსარება უთხარით უფალს ქნარით, ათსიმიანი საფსალმუნით უგალობეთ მას") წმ. ბასილი დიდი ამგვარად განმარტავს:

"უპირველესად, ქნარითაა საჭირო უფლისადმი აღსარების თქმა ანუ კეთილშეწყობილად (ἐναρμονίως) გაცემა (ე.ი. გამოვლენა, ე.ჭ.) სხეულისმიერი მოქმედებებისა, რადგან როდესაც სხეულით ვცოდავდით, წარმოვაჩენდით რა ჩვენს ნაწილებს ცოდვის მონებად უსჯულოების მხრივ, სხეულითვე უნდა ვაღიარებდეთ და იმავე ორგანოს (=სხეულს) მოვიხმარდეთ ცოდვის აღსახოცელად. კიცხავდი? აკურთხე! ანგარებას იჩენდი? გაეცი! მემთვრალეობდი? იმარხულე! ამპარტავნებდი? დამდაბლდი! მოშურნეობდი? ნუგეში ეცი! კლავდი? იმარტვილე, ანუ მარტვილობის თანაბარძალოვანი საქმენი აღასრულე, აღსარების გზით გვემე შენი სხეული, და მაშინ, აღსარების შემდეგ, ღირსი იქნები "ათსიმიანი საფსალმუნით" უგალობო ღმერთს, რადგან საჭიროა, რომ უპირველესად წარემატოს სხეულისმიერი მოქმედებანი, რომ ღვთის სიტყვასთან თანაშეწყობილად ("ჰარმონიულად" - ἁρμονίως) სრულყოს [ღვაწლი] და ასე ამაღლდეს გონისეულთა მჭვრეტელობამდე, ვინაიდან "საფსალმუნედ", როგორც ჩანს, ითქვა "ზენათა მეძიებელი გონება", რადგან ამ საკრავის შემზადებულობას ხმოვანი ძალა ზემოდან აქვს. მაშ, სხეულის საქმენი თითქოსდა ქვემოდან ამბობს აღსარებას ღვთისადმი, ხოლო გონების (როგორც თითქოსდა სულიწმიდისგან ხმაშთაბერილის) მიერ ნაუწყებ საიდუმლოებებს სათავეები ზემოდან აქვს" ("ფსალმუნთა შესახებ", PG. 29, col. 325).

წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის:

"გალობდა ოდესღაც დავითი ფსალმუნებით და ჩვენც, ასევე, დავითთან ერთად - დღეს. მას ჰქონდა უსულო სიმების ქნარი, ეკლესიას კი აქვს ქნარი, განსულიერებული სიმებით გაბმული (ἀπὸ νευρῶν ἐμψύχων ἐντεταμένην). ჩვენი ენები ქნარის სიმებია და თუმცა სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, თანახმიერია (σύμφωνον) ღვთისმსახურება. მართლაც, თუმცა ასაკით განიყოფებიან ქალნი და კაცნი, მოხუცნი და ახალგაზრდები, მაგრამ არ განიყოფებიან ისინი გალობის სიტყვით (κατὰ τὸν τῆς ὑμνῳδίας λόγον), რადგან თითოეულის ხმას სულიწმინდა შეაზავებს (κεράσαν) და ყველაში ერთ მელოდიას მოიმუშაკებს იგი, როგორც ეს გააცხადა თვით დავითმაც, როდესაც მან ყველა ასაკსა და ყოველ ბუნებას ამ თანახმიერებისკენ (συμφωνίαν) უწოდა და თქვა: "ყოველი სული (πνοὴ ) აქებდით უფალსა" (ფს. 150.6) და "აქე, სულო ჩემო, უფალი" (ფს. 145.1) ("ფსალმუნთა შესახებ", PG. 55, col. 521).

კატენებში შეტანილია წმ. ათანასე და წმ. კირილე ალექსანდრიელების განმარტება 32.2 ფსალმუნურ მუხლზე ("აღსარება უთხარით უფალს ქნარით"). აღნიშნული განმარტება შემდეგი სახისაა:

"დავითი "ქნარად" ამბობს სხეულს, რომლის მეირაც სჩვევია გონებას "დაკვრა", რაჟამს გრძნობის ორგანოების, როგორც სიმების, მიერ მელოდია აღევლინება ღვთისადმი. იგივე "ქნარი" ცხადყოფს სხეულის მოკვდინებასაც და სათნოებათა თანაშეწყობასაც (συμφωνίαν), რადგან საკუთრივ სხეულის მოკვდინებას "სიმები" (="ძარღვები", νευραι6) მოასწავებს, სიმფონიას კი - ჰარმონიები (συμφωνίαν δὲ αἱ ἁρμονίαι)" (PG. 69, col. 1017).

დავიმოწმებთ წმ. მაქსიმე აღმსარებელსაც:

"ვინც გონითი დავითის (=მაცხოვრის, ე.ჭ.) მსასოებელია7, თუმცა მოშურნედ ეყოლება მას "საული"8, მაგრამ არ იქნება შეპყრობილი მისგან, არამედ, პირიქითაც, დიდი კაცთმოყვარეობის გამო, როგორც უვნებო, მოძაგებულიც კი ჰკურნებს უკეთური სულით შეპყრობილ მტერს სულის ქნარით (τῇ κιθάρα τοῦ Πνεύματος) და გონებამრთელს ხდის მას, გაათავისუფლებს რა თითქოსდა უკეთური ძალისგან ანუ მიწიერი ცნობიერების უკეთური ფანატიზმისგან ("ეპილეფსიისგან" - შეპყრობილობისგან) (კითხვა-მიგებანი თალასესადმი, თ. 65).

ტერმინი "ქნარი" გვხვდება უშუალოდ წმინდანთა მიმართაც. წმ. იოანე ოქროპირი ნეტარ ფილოგონიოსთან დაკავშირებით აღნიშნავს:

"ვის უხილავს ოდესმე სადღესასწაულო კრებულში შემოსული მეუფე? აქ არავის უხილავს არასოდეს, მაგრამ იქ მყოფნი მუდამჟამს ჭვრეტენ (როგორც ძალუძთ მათ ჭვრეტა) მეუფეს მათთან თანამყოფსაც და თავისი დიდების ბრწყინვალებით ყველა თავისი თანამავალის შემამკობელსაც. ამასთან, აქაური სადღესასწაულო კრებულები9, დღე რომ განახევრდება ხშირად იშლება კიდეც, იქაური კი ამგვარი როდია, რადგან არ განიცდის იგი არც თვეთა ცვლას, არც წელთა წრიულ მიმოქცევებს, არცთუ დღეთა აღრიცხვას, არამედ მუდამჟამს მდგომობს. და ყოველი მისი სიკეთე დასასრულის გარეშეა და დაბოლოება არ იცის, ისევე, როგორც - არც სიბერე; არცთუ ის ძალუძს მას, რომ დაიშრიტოს, არამედ ჰგიეს უბერებელი და უკვდავი. არ არის იქ არანაირი მშფოთვარება ამა სოფლისა, არც მღელვარება, არამედ ფრიადია ის სოფელი, სადაც ყველანი ჯეროვანი კეთილწესიერებით, როგორც რამ ქნარით (ὥσπερ ἐν κιθάρα τινί), შეწყობილად აღუვლენენ ყოველი შესაქმის მეუფეს ყოველგვარი ტკბილი მუსიკის ყოვლადმწყობრ მელოდიას (πανααρμόνιον μελῳδίαν), სული კი (ψυχὴ δέ), როგორც შეუვა ტაძრებსა და საღვთო რამ საიდუმლოებებში მყოფი, საღვთო მისტაგოგიას აღასრულებს იქ. დიახ, ამ ნეტარ და უბერებელ სამყოფელში გადავიდა დღეს ნეტარი ფილოგონიოსი" (ნეტარი ფილოგონიოსის შესახებ, ანომეელთა წინააღმდეგ, ჰომ. 6, PG. 48, col. 750).

იმავე წმ. იოანე ოქროპირის ავტორიბით ცნობილია ჰომილია რომანოზ მარტვილის შესახებ, სადაც ვკითხულობთ:

"მარტვილი მიემსგავსა ქნარს, აჟღერდა10 რა ტანჯვათა ხემით" (PG. 50, col. 613).

 

* * *

აი, ამგვარია "ქნარის" საეკლესიო განმარტებანი. ეჭვი არაა, რომ იაკობ ხუცესის გამონათქვამი "სულიერი ქნარი" სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საღვთო ღვაწლის ჟამს მოღვაწის მიერ ფსალმუნთა გალობის აღვლენას საეკლესიო წესით. საკუთრივ "ქნარი" უთუოდ ფსალმუნებს ნიშნავს, "სულიერი" კი იმას გულისხმობს, რომ თუმცა, როგორც წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს, დავითის ფსალმუნებს გალობს, ცხადია, ეკლესიაც, მაგრამ გალობს არა დავითისებრ, ნივთიერი ქნარით11, არამედ - სულიერით ანუ საეკლესიო გალობის წესით, რაც განუყრელია ღვაწლისგან, ასკეზისისგან, რასაც "შეაზავებს სულიწმინდა" და რაც არის "სულისმიერი ჰარმონია", და "გონითი ქნარი", როგორც უწოდებს მას წმ. ათანასე, ანუ ესაა, ორიგენესებრ, იგივე, "ქნარი სულისა (სულიწმინდისა)", რითაც აღევლინება "ყოველგვარი ტკბილი მუსიკის ყოვლადმწყობრი მელოდია" (წმ. იოანე ოქროპირი). ამასვე ნიშნავს გამონათქვამი "დავითის ქნარი", როგორც თავად იაკობ ხუცესი უწოდებს მას "მარტვილობის" დასასრულს: "დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვადიდებდეთ".

----------------------------------------------

1 - ე.ი. ცეკვა-თამაშისა და სიმღერა-გალობის მასწავლებელი.

2 - "საკრავებით" - ათანასესთან მრავლობით რიცხვშია: ἐν σκεύεσι, თუმცა სეპტუაგინტას გამოცემაში მხოლობითი გვაქვს: ἐν σκεύει. საყურადღებოა, რომ გიორგის თარგმანი, ათანასეს მსგავსად, მრავლობითს გვიჩვენებს: "ჭურებითა საფსალმუნისაჲთა" წინაათონური: "განმზადებულითა გალობითა"; ლათ. მხ. რ. in. vasis psalmi.

3 - ეს მუხლი ნაწილობრივ დავიმოწმეთ ძველი ქართული რედაქციებიდან. ამჯერად მოვიტანთ სრულ ტექსტებს: წინაათონური - "აღიღეთ ფსალმუნი და მიეცით მას კურთხევაჲ, უგალობდით მას ჴმითა ტკბილითა"; გიორგი - "აიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა".

4 - ე.ი. "დაფ-დაფს", "დაირას".

5 - ეკლესიის მამათა სწავლებით, πνεῦμα არის ψυχή-ს ნაწილი და მხოლოდ ღირსებითად (ე.ი. პირობითად) შეიძლება გამოვყოთ ცალკე (და არა ბუნებითდ).

6 - ბერძნული ტერმინები ἡ νευρα და τὸ νεῦρον აღნიშნავს როგორც "ძარღვს", ასევე "სიმს".

7 - შდრ. τὸν νοητὸν Δαυιδ προσδεχόμενος.

8 - ე.ი. უკეთური ძალა.

9 - აქაც და ზემოთაც "სადღესასწაულო კრებულად" გადმოვცემთ ბერძნულ πανήγυρις.

10 - სიტყვ. "ჟღერადობად აღიძრა".

11 - გალობა საკუთრივ ქნარის თანხლებით დამოწმებულია წმ. იოანე ოქრპირის ცნობილი საკითხავის ("გურიტისათჳს") უძველეს ქართულ თარგმანში: "მარიამ, დამან მოსჱსმან, ქნარითა თქუას: უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს" (სინ. მრ. 230.74; აქ "ქნარია" სომხურშიც, საიდანაც არის თარგმნილი ქართული ტექსტი; იხ. ი. აბულ. შრ. I, გვ. 223).

 

ედიშერ ჭელიძე

74-ე სქოლიო იაკობ ხუცესის თხზულებაზე "წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა". "საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი,

გამომცემლობა "ახალი ივირონი"
2008 წ. თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 მაისი 2020 10:23)