მისასალმებელია, აგრეთვე, ქალაქ მცხეთის წოდება „წმინდა დედაქალაქად“, თუმცა, სამწუხაროდ, ამავეს ვერ ვიტყვით კიდევ ერთ ბოლოდროინდელ სიახლეზე, რაც ისევ მცხეთას უკავშირდება და გულისხმობს ხარება-დღეს ამ ქალაქის კურთხევას.

აღვნიშნავთ, რომ არსობრივ პრობლემას ქმნის არა ქალაქის კურთხევა (თუმცა ქვეყანაში კურთხევითი მიზნით მხოლოდ ერთი ქალაქის გამოყოფა სხვა ქალაქებისგან მაინც იწვევს სირთულეს), არამედ იმაზე აქცენტირება, რომ აღდგა უძველესი ტრადიცია, რაც თითქოსდა უკავშირდება XI ს-ის წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს მელქისედეკ I-ს. გვარწმუნებენ, რომ ამ ჭეშმარიტად განსაკუთრებულ მოღვაწეს ხარების დღესასწაული (25 მარტი) დაუდგენია „მცხეთის აღაპის“ ანუ მცხეთის კურთხევის დღედ, რაც თურმე უწყვეტად აღესრულებოდა ყოველ წელს და, ასე ვთქვათ, გაუქმებულა მხოლოდ ეგზარქოსობის დროს.

ჩვენთვის უცნობია, თუ რომელმა ცრუმეცნიერმა შეიტანა (თავის გამოჩენის მიზნით) ეს უკიდურესად მკრეხელური სიცრუე საეკლესიო წრეებში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ წელსაც სწორედ ზემორე მოტივაციის საფუძველზე შესრულდა მცხეთის „აღაპი“ ანუ, როგორც ფიქრობენ, მცხეთის „კურთხევა“, რაც მეტად ვრცლად გაშუქდა ეთერში და, ამასთან, შესაბამის სიუჟეტებს არაერთი საინფორმაციო კომენტარიც დაერთო, თუმცა საკუთრივ „სამეცნიერო“ კუთხით მხოლოდ ერთი განმარტება მოვისმინეთ.

დავიმოწმებთ აღნიშნულ განმარტებას უცვლელად:

„მცხეთა იყო მუდამ აი, ამ დღეს (ხარებას, ე.ჭ.) მოხსენებული და მელქისედეკ კათალიკოსმა ეს დღე, როდესაც არაბების შემდგომ ის უკვე შემობრუნდება აქეთ და უფრო მძლავრად მოქმედებს კათალიკოსის, საჭეთმპყრობელის ხელი აქ, მან დაადგინა მცხეთის აღაპის დღედ ანუ მცხეთის მოხსენება და ამ დღეს იკურთხებოდა ხოლმე წესით, ესე ქრისტიანობაში მთელი ქალაქი იკურთხება და განიწმინდება და განემზადება დღეს უკვე ხვალინდელი აღდგომისთვის“1 (ხაზგასმები აქაც და ქვემოთაც ყველგან ჩვენია, ე. ჭ.).

ერთადერთი აზრი, რაც ზემომოტანილი ციტატის რთული სინტაქსიდან შეიძლება გამოვიტანოთ, ისაა, რომ თურმე მელქისედეკ კათალიკოსს ხარების დღესასწაული (25 მარტი) დაუდგენია მცხეთის აღაპის ანუ მცხეთის მოხსენიების, იგივე მცხეთის კურთხევის დღედ.

ანალოგიური ტექსტით სავსეა ინტერნეტ-საიტები. მაგალითად:

„XI ს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, „ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე. „დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, - ვკითხულობთ მატიანეში. უკვე სამი წელია აღდგა ტრადიცია და „ხარებობას“ მღვდელმთავრისა და სამღვდელოების მონაწილეობით მცხეთის კურთხევა ხდება“2.

კიდევ:

„XI ს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, „ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე. „დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, -ვკითხულობთ მატიანეში“3.

კიდევ:

„როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, XI საუკუნეში წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად, „ხარებობას“ წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე დადგინდა. „დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, - ვკითხულობთ მატიანეში“4.

კიდევ:

XI ს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, „ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე. „დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, - ვკითხულობთ მატიანეში“5.

კიდევ:

„შაბათს მცხეთა იკურთხება. XI ს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, „ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე. „დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, - ვკითხულობთ მატიანეში. უკვე სამი წელია აღდგა ტრადიცია“6.

კიდევ:

„მე-11 საუკუნეში პატრიარქმა მელქისედეკმა პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსების პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება“7.

კიდევ:

„ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველში აღინიშნება. ... „ანდერძში“8 წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს“9.

და ა.შ. და ა.შ.


აშკარაა, რომ ზემორე ინფორმაციათა ავტორები აბსოლუტურად უვიცნი არიან როგორც ძველი ქართული ენისა, ასევე - საეკლესიო ტერმინოლოგიისა, კონკრეტულად კი, ამ შემთხვევაში - ტერმინ „აღაპისა“ და, აგრეთვე, იმ კონტექსტისა, სადაც ეს ტერმინი თითქოსდა ზემორე შინაარსით იხსენიება.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა მარტივი რიგის ანუ ლიტონი უვიცობა, არამედ - მკრეხელური უვიცობა, ვინაიდან შედეგი ხსენებული უვიცობისა უკიდურესად მკრეხელურია, რაზეც ქვემოთ გვექნება მსჯელობა.

საკითხიდან რომ არ გადავუხვიოთ, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ შევუდგებით ტერმინ „აღაპის“ ზოგადი ისტორიის განხილვას10, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ წმ. მელქისედეკ I-ის დროისთვის (და ბევრად ადრეც), ანდერძ-კოლოფონებსა თუ სავედრებლებში ეს ტერმინი აღნიშნავდა (და დღესაც აღნიშნავს) არა ზოგადად მოსახსენებელს, არამედ - მხოლოდ და მხოლოდ მიცვალებულის საუკუნო მოსახსენებელს კონკრეტულ დღეზე, შესაბამისი წირვა-ლოცვითა და ტრაპეზობით, რაც ნიშნავს, რომ „აღაპი“ ესაა მიცვალებულის „სულის საოხი“ ანუ „ცოდვათშესანდობელი მოხსენიების“ დღე.

კ. კეკელიძე მიუთითებს:

„აღაპი - მკვდრის მოსახსენებელი ტრაპეზი, უფრო ზუსტად, პურისჭამა. ლაოდიკიის კრების 28-ე კანონი და VI მსოფლიო კრების 74-ე კანონი, რომელსაც ბალსამონი განმარტავს იმ საღვთო განწესებულებად, რაც ძველად ღირსპატიოსან ქრისტიანთა მიერ განემზადებოდა საეკლესიო მსახურთა და გლახაკთათვის გარდაცვლილთა ნეტარებით მოსახსენებლად.“11

ტერმინი „აღაპი“ ლიტურგიკული შინაარსით არაერთ ძეგლშია დამოწმებული. ამ ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 1083 წლის „პეტრიწონის ტიპიკონი“, რომელშიც დიდი ქართველი დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანისძე მკაფიოდ აღწერს, თუ როგორ უნდა აღასრულონ მისი გარდაცვლილი ნათესავების და თვით მისი გარდაცვალების შემდგომი ხსენება და აღაპი.

აღნიშნულ აღწერილობას, კერძოდ, შეიცავს ზემოხსენებული „ტიპიკონის“ 21-ე თავი სახელწოდებით:

„მცნებაჲ ძმათა მიმართ თუ ვითარ ჯერ-არს ყოფად საჴსენებელი ჩემი და მიცვალებულთა ჩემთაჲ და აღაპისა ქმნაჲ12 და საფასისა განყოფაჲ დღესა ჴსენებისა ჩუენისასა და წყალობისა ყოფად გლახაკთა მიმართ“13.

აღაპის საკითხს გრიგოლ ბაკურიანისძე ეხება, აგრეთვე, „ტიპიკონის“ ბოლოს, სადაც კონკრეტულად უთითებს, ერთი მხრივ, მისი, მეორე მხრივ კი მისი ძმისა და მამის სააღაპე დღეებსა და დღესასწაულებს:

„საჴსრად სულთა ჩუენთათჳს და ყოველთა მიცვალებულთა ჩუენთა ესრეთ ჰყოფდენ: ხარებასა დღესა ყოველთა ჟამი ჩემთჳს წირონ. მას დღესა ტრაპეზი დაეგოს უხუებით. გლახაკთა უღონოთა განეყოს დრაჰკანი ათი. და მღდელთა ჟამისმწირველთა ექუსთა ვითა ზემო დაგჳწერია და განგჳწესებიან. სამთა და სამთა თჳთო დრაჰკანი. ქრისტეს შობად ყოველთა მღდელთა ჟამი ჩემთჳს წირონ. მას დღესა ტაბლაჲ დაეგოს ბრწყინვალე. და გლახაკთა უღონოთა განეყოს დრაჰკანი ათი და ექუსთა ჟამისმწირველთა მიეცეს დრაჰკანი ორი. მიგებებად ყოველთა მღდელთა ჟამი ჩემთჳს წირონ. ტრაპეზი დაეგოს უხუებით მას დღესა და გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი და ექუსთა ხუცესთა მიეცეს დრაჰკანი ორი. განცხადებად ყოველთა მღდელთა ჟამი ჩემთჳს წირონ. მას დღესა ტაბლაჲ დაეგოს ბრწყინვალე, გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი და ექუსთა ხუცესთა მიეცეს დრაჰკანი. ბ. ფერისცვალებად ყოველთა მღდელთა ჟამი ჩემთჳს წირონ. მას დღესა ტრაპეზი დაეგოს უხუებით და გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი და ხუცესთა ექუსთა მიეცეს დრაჰკანი ორი. ბზობად ყოველთა მღდელთა ჟამი ჩემთჳს წირონ. მას დღესა ტაბლაჲ დაეგოს უხუებით გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი და ექუსთა ხუცესთა მიეცეს დრაჰკანი ორი. ესე ექუსნი საუფლონი დღესასწაულნი ჩემ გრიგოლისთჳს, ზემო-ჴსენებულისა ამის მონასტრისა მაშენებელისათჳს, განმიჩენიან, რაჲთა ჩემთჳს აღაპსა ჰყოფდენ ამით სახითა. და კუალად ამასვე პირსა ზედა განვაწესებ და დავამტკიცებ სანატრელისა ძმისა ჩემისა აბაზ მაგისტროსისათჳს: დიდსა პარასკევსა ტაბლაჲ დაეგოს ჯერისაებრ და გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი და დაღაცათუ მას დღესა ჟამის-წირვაჲ არა აღესრულების, არამედ უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა განახლებაჲ იქმნების, ჯერ-არს რაჲთა ექუსთა ჟამის-მწირველთა ორი დრაჰკანი მიეცეს. დიდსა შაბათსა მღდელთა ჟამი ძმისა ჩემისა აბაზისთჳს წირონ. მას დღესა ტაბლაჲ დაეგოს უხუებით, გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი, ექუსთა ხუცესთა მიეცეს დრაჰკანი ორი. აღვსებასა დღესა ყოველთა მღდელთა ჟამი ძმისა ჩემისათჳს წირონ, ტრაპეზი დაეგოს ბრწყინვალე, გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი, ექუსთა ხუცესთა დრაჰკანი ორი. ამაღლებად ყოველთა ძმისა ჩემისათჳს წირონ, ტრაპეზი დაეგოს უხუებით, გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი, ჟამის-მწირველთა დრაჰკანი ორი. სულისა წმიდისა მოსლვად ყოველთა ძმისა ჩემისათჳს ჟამი წირონ, ტაბლაჲ დაეგოს ბრწყინვალე, გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი, ექუსთა ხუცესთა დრაჰკანი ორი. დიდი ხუთშაბათი ზემო დაიწერა სანატრელისა მამისა ჩუენისა ბაკურიანისათჳს და ათი დრაჰკანი დაგჳწერია გასაყოფელად გლახაკთა. კუალად მუნითცა მიეცეს მღდელთა ჟამის-მწირველთა ორი დრაჰკანი. და მიცვალებასა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, რომელ არს დღესასწაული წმიდისა ეკლესიისა ჩუენისაჲ, და თავის-კუეთასა წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისასა და გიორგი-წმიდობად ძმათა მონასტრისათა განეყოს თორმეტ-თორმეტი დრაჰკანი. ამათ სამთავე დღესასწაულთა ოცდა ათექუსმეტი დრაჰკანი მონასტრისა ჩუენისა მონაზონთა განეყოს, ჟამის-მწირველთა და ყოველთა ძმათა ერთობით სწორად: ათორმეტი ღმრთისმშობლისა მიცვალებად, ათორმეტი თავის-კუეთად, ათორმეტი გიორგი-წმიდობად. რაჲმეთუ არს უწყებად: უკუეთუ ხარებაჲ დიდსა ხუთშაბათსა მიჴუდეს, ექუსთა მღდელთა ჟამისმწირველთა, - სამთა მამისა ჩუენისათჳს წირონ და სამთა ჩემთჳს, ხოლო მათი განწესებული არა დააკლდეს, არცა რომელ ვითარ გლახაკთათჳს განგჳწესებია თითოეულისა დღესასწაულისაჲ, არამედ წარსაგებელი ყოველი განეყოს. ეგრეთ-ვე დიდსა პარასკევსა და დიდსა შაბათსა და აღვსებასა უკუეთუ ხარებაჲ მიჴუდეს, ესრეთ ჰყოფდენ“14.

აღნიშნული ტექსტისადმი დართულ „ლექსიკონში“ ა. შანიძე მიუთითებს:

„აღაპი (ἀγάπη) - მკვდრის სულის მოსახსენებლად დაგებული ტრაპეზი15.

ასევე, „ქართლის ცხოვრების“ სალექსიკონო დანართში ს. ყაუხჩიშვილი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს:

„აღაპი - „მიცვალებულთა მოსახსენებელი“, ბერძნ. ἀγάπη“16.

უფრო ადრე, XIX ს-ის მიწურულს, ცნობილი ლექსიკოგრაფი დ. ჩუბინაშვილი შენიშნავდა:

„აღაპი - მოხსენება მიცვალებულთა ლოცვა-წირვითა და პურითა, поминки აღაპი გაუჩინეთ - мы назначили день поминок ”17 (შდრ. поминки -ის განმარტება: Поминки, поминок - ქელეხი, აღაპი, = справить п. по усопшему - მიცვალებულთათვის აღაპის გადახდა“)18.

შდრ. მისივე:

„სააღაპო - მოსახსენებელი მიცვალებულთა“19.

დავიმოწმებთ, აგრეთვე, ა. ნეიმანის განმარტებას:

„აღაპი - სულთაობა, მიცვალებულთა მოხსენება, მიცვალებულების დღე, ... ქელეხი“20; „ქელეხი - ჭირის პური, რიგი, რიგობა, სულის ახსნა, რიგის გადახდა, აღაპი“21.

ეგევე შინაარსი აქვს ტერმინ „აღაპს“ წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილ „დიდ სვინაქსარში“ (შდრ. გამოცემაზე დართული განმარტება: „აღაპი [ἀγάπη] -სიყვარულის ტრაპეზი, მიცვალებულის სულის მოსახსენებლად განკუთვნილი ლოცვა და პურისჭამა მონასტერში“)22.

შდრ. აგრეთვე:

„მოსახსენიებელი ტრაპეზი (აღაპი, ქელეხი): ტრაპეზზე გარდაცვლილთა მოხსენიების კეთილმსახურებითი ჩვეულება დიდი ხანია ცნობილია. ის ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ იერემიასთანაა აღწერილი, საიდანაც ცხადდება, რომ ძველ იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ „გარდაცვლილთა გამო სანუგეშოდ ... მათთვის პურის განტეხვა (იერემია, 16.723)“24.

ტერმინ „აღაპის“ ზემომითითებული ლიტურგიკული მნიშვნელობა, როგორც აღვნიშნეთ, მრავალი წყაროთია დამოწმებული.

მაგალითად „იერუსალიმის სააღაპე წიგნში“ ვკითხულობთ:

„ჴორციელისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი და პანაშჳდი საუკუნოჲ გრიგოლი დრანდელისაჲ. შეუნდვენ ღმერთმან“25.

„ყველიერისა შაბათსა წირვა და აღაპი ბარათას, შეუნდვენ ღმერთმან; სამშაბათსა აღაპი მისისა ძმისა საღირისი, შეუნდვენ ღმერთმან“26.

„ყველიერისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი საღირ გარეყანის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან“27.

„თევდორობად აღაპი კახას-შვილისა გამრეკლისა, შეუნდვენ ღმერთმან“28.

„პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი აფრიდონის ძისა არსლანისი, შეუნდვენ ღმერთმან“29.

„ვახტანგს აღაპი ბზობისა დღესა, და ვინცა მოშალოს, რისხავმსცა ღმერთი და ყოველნი მისნი“30.

„ახალკუირიაკითსა სამშაფაჲთსა აღაპი ვაცას ძისა შოთასი, შეუნდვენ ღმერთმან“31.

და ა.შ. და ა.შ.

საგულისხმოა, რომ „აღაპი“ ანუ იგივე „საუკუნო ხსენების დღე“, წესისამებრ, სიცოცხლეშივე განესაზღვრებოდათ შემომწირველებს ანუ იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი რამ შესწირეს ეკლესია-მონასტრებს.

ამიტომ განმარტავენ:

„აღაპი - ბერძნულად „ძმური ტრაპეზი“, I: ეკლესიის შემომწირველთა აღმნუსხველი წიგნი; II: იგივე ქელეხი“32.

კიდევ:

„აღაპი - ბერძნ. I: წიგნი, სადაც აღნიშნულია ეკლესიის ან მონასტრის შემომწირველთა სახელები; II: იგივეა, რაც ქელეხი“33.

ამასვე სწამებს ზემოხსენებული „სააღაპე წიგნის“ შემდეგი უწყება:

„გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის-მამამან ნეოფიტემ, გიორგი ლიპარიტელსა და თანამეცხედრესა მისსა ნესტან-დარეჯანს ჭილაძის ასულსა საუკუნოდ აღაპი წმიდისა გიორგისა დღესასწაულსა, და ვინცა შესცვალოს რისხავსმცა ღმერთი და ყოველნი მისნი
წმიდანი. სანწკუ34 შემოსწირა და მისად სამუქფოდ35 გაუჩინეთ წირვა და აღაპი, ქრონიკონსა ტჱ“36.

ვნახოთ, აგრეთვე, „ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელი“:

„ნუშ37 შემოსწირა კუბასტი ბერძული ... აღაპი გარდაეჴდების სულისა წმიდისა მოფენასა; წორბელმან შემოსწირა ზნაკუას გლეხი ბ და მიწანი და მისთვის აღაპი გარდაიხდების ჯვრისა გამოჩინებასა. ვარაზ-ვაჩე ქველაჲს ძემ შემოსწირა ძისა მისისათვის ფუთს გლეხი ბ და აღაპი გარდაეხდების დღესა ახალკვირიაკესა: წირქუალელისა ძემან შემოსწირა გლეხი ზ ... და ამისთვის გარდაეხდების აღაპი დღე ფერისცვალება და საფლავთა მისთა ზედა დაგვიდგენია ჟამის მწირველი ა“38.

კიდევ, საბას ტაძრის წარწერა:

„ოქროპირმან შემოვსწირე ... გამიკუეთეს საუკუნე აღაპი საუფლო[სა] პირველს[ა] დღესასწაულსა - აღვსებასა დღეს[ა]“39.

ამრიგად, ვინაიდან ტერმინ „აღაპის“ როგორც „საუკუნო მოსახსენებლის“ მნიშვნელობა უაშკარესია და იგი, ცხადია, საკუთრივ გარდაცვლილობას ანუ საუკუნო განსვენებულობას უკავშირდება, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ წმინდა მელქისედეკმა მცხეთის “აღაპი“ ანუ მცხეთის „ქელეხი“ დააწესა? ნუთუ იგი მცხეთას იმ ცოდვილ მიცვალებულად მიიჩნევდა, რომელსაც „სულის საოხი“ ანუ „ცოდვათ-შესანდობელი მოხსენიების“ დღე სჭირდებოდა? ანკი იმაზე უფრო შეუსაბამო რა უნდა იყოს, რომ ვისაუბროთ ქალაქის თუ სოფლის (ე.ი. რომელიმე ფიზიკური ადგილის) „აღაპის“ (გნებავთ „მოსახსენებლის“) დაწესებაზე, მაშინ როცა „აღაპიც“ და „მოსახსენებელიც“, ცხადია, მხოლოდ პიროვნებისადმია (ისიც გარდაცვლილისადმი), რომ საუკუნო მეოხება გაუწიოს მას ანუ საუკუნოდ „საოხი“ იყოს მისთვის, საუკუნოდ შეეწეოდეს მის სულს?

მაშ, რამ განაპირობა ესოდენ გაუგონარი და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა წიაღისთვის ყოვლითურთ უცხო მოვლენისა თუ აზრის აღმოცენება?

მიზეზი მარტივია:

წმ. მელქისედეკის „ანდერძის“ გაყალბება, რისი სათავეც, როგორც აღვნიშნავდით, ძველი ქართული ენის ელემენტარული უვიცობაა (ყოველ შემთხვევაში, გვინდა ვიფიქროთ, რომ მიზეზი მხოლოდ ესაა).

აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო მწერლობის ერთ-ერთი დიდად ფასეული დოკუმენტი - წმ. მელქისედეკ I-ის სახელგანთქმული „ანდერძი“, რაც დღემდე ექვსგზის არის გამოცემული, შესაბამის მონაკვეთს, სადაც ვითომცდა „მცხეთის აღაპზეა“ უწყება, ექვსივე პუბლიკაციის მიხედვით, ამგვარად წარმოგვიდგენს:

„დაუდევ ამას წმიდასა დედაქალაქსა შიგან აღაპი დღე ხარებაჲ“40.

ეს ტექსტი ახალ ქართულად ნიშნავს:

„დავუწესე ამ წმინდა დედაქალაქში აღაპის დღედ ხარება“.

როგორც ვხედავთ, საუბარია მცხეთაში აღაპის დაწესებაზე ხარება-დღეს (თუ ვისი აღაპისა, ქვემოთ ვნახავთ) და არანაირად - მცხეთის აღაპის დაწესებაზე ხარება-დღეს.

ამჯერად ის ტექსტი ვნახოთ, რაც საფუძველი გახდა ყალბი ინფორმაციისა „მცხეთის აღაპის“ შესახებ და რაც ზე
მოდამოწმებული ინტერნეტ-საიტების ციტატებში უცვლელად მეორდება:

„დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“ (სრული კონტექსტები იხ. ზემოთ).

როგორც ვხედავთ, „ანდერძის“ ნამდვილი ტექსტიდან ამოღებულია შინაარსობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თანდებული „შიგან“, რითაც დიამეტრულად იცვლება წინადადების აზრი და ვიღებთ აბსოლუტურად ყალბ ტექსტს, რაც თითქოსდა გვაუწყებს იმის შესახებ, რომ ხარება დღეს „აღაპის დადება“ მომხდარა „წმიდა დედაქალაქისთვის“ ანუ მცხეთისთვის.

ზემოთ ჩვენ ვსაუბრობდით „მკრეხელობაზე“, რასაც კვლავ გავიმეორებთ, ვინაიდან ჭეშმარიტად უკიდურესი მკრეხელობაა წმინდანის „ანდერძის“ ტექსტის კარდინალური შეცვლა და მასში იმ აზრის შეტანა, თითქოს მელქისედეკმა მისთვის (და ყველა ჩვენგანისთვის) სათაყვანო მცხეთა გარდაცვლილ ქალაქად, მიცვალებულად გამოაცხადა და მას „აღაპი“, იგივე „ქელეხი“ ანუ „ცოდვათ-შესანდობელი ხსენება“ („სულის საოხი დღე“) დაუწესა.

მაგრამ დავუბრუნდეთ „ანდერძის“ ნამდვილ ტექსტს და ვიკითხოთ:

თუ ზემორე ციტატაში „აღაპის დადება“ მცხეთას არ გულისხმობს, მაშ ვისი „აღაპის დადებაზეა“ საუბარი?

აქ უკვე აშკარავდება მეორე სიყალბე (ან „ანდერძის“ ტექსტის აბსოლუტური ვერგაგება), რაც ნიშნავს იმას, რომ ხსენებული ციტატა ამოგლეჯილია ბუნებრივი კონტექსტიდან, ისე თითქოს იგი აზრობრივად თვითკმარი იყოს.

სინამდვილეში აღნიშნული ციტატის სახით საქმე გვაქვს არა დასრულებული აზრის მქონე წინადადებასთან, არამედ მხოლოდ წინმსწრები სიტყვების დამაბოლოებელ მონაკვეთთან, რისი შინაარსიც მარტოოდენ მთლიან კონტექსტში შეიმეცნება.

დავიმოწმებთ სრულ ტექსტს:

„და ტაოს ვიყიდე სოფელი „ზადკარეკი“ ხუთითა აგარაჲთა41, და ძაღლისხევს ვიყიდე სოფელი „ორთაჲ“ სამითა აგარაჲთა. ესე ორნივე სოფელნი მათითა აგარაჲთა ძმათა ჩემთა განძითა ვიყიდენ და დაუდევ ამას წმიდასა დედაქალაქსა შიგან აღაპი დღე ხარებაი“42.

ამრიგად, როგორც აშკარაა, მელქისედეკს ორი სოფელი (კერძოდ „ზედკარეკი“ და „ორთაი“) შეუსყიდია არა თავისი ხარჯით, არამედ - თავისი ძმების განძით, რის გამოც მას თავისი ძმებისთვის, როგორც შემომწირველთათვის, მცხეთაში ანუ წმინდა დედაქალაქში ხარება-დღე (25 მარტი) დაუწესებია „აღაპად“ ანუ „მათი საუკუნო ხსენების დღედ“43.

ესაა ერთადერთი მნიშვნელობა ზემორე ტექსტისა, რაც, როგორც ვხედავთ, სრულიად აქარწყლებს „მცხეთის აღაპის“ შესახებ შექმნილ ტყუილს და წმიდა მელქისედეკს აბსოლუტურად ათავისუფლებს იმ უმძიმესი ბრალდებისგან, რომ თითქოს მას მცხეთა გარდაცვლილად შეურაცხავს და ამ მარადცოცხალი ქალაქისთვის, როგორც მიცვალებულისთვის, ვითომცდა საუკუნო აღაპის დღე დაუდგენია.

საგულისხმოა, რომ „ანდერძის“ მომდევნო ნაწილში წმ. მელქისედეკი, ზედმიწევნით იმავე კონტექსტით, უკვე თავისი თავისადმი „აღაპის“ დადებაზეც გვაუწყებს:

„ამას წმიდასა დედაქალაქსა შიგან დავიდევ აღაპი თუესა იანვარსა კდ, დღესასწაულსა ყოველთა წმიდათასა; ღამის-თევით და ჟამისწირვით აღესრულებოდის“44.

შეუძლებელია აქ არ გაგვახსენდეს გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ აღაპის დაწესება ჯერ თავისი ძმის აბაზ მაგისტროსისთვის და შემდეგ თავისი თავისთვის. კვლავ დავიმოწმებთ შესაბამის უწყებას:

„მცნებაჲ ძმათა მიმართ თუ ვითარ ჯერ-არს ყოფად საჴსენებელი ჩემი და მიცვალებულთა ჩემთაჲ და აღაპისა ქმნაჲ45 და საფასისა განყოფაჲ დღესა ჴსენებისა ჩუენისასა და წყალობისა ყოფად გლახაკთა მიმართ“46. „განვაწესეთ უკუე საჴსენებელი ნეტარისა და კეთილად-ჴსენებულისა ძმისა ჩემისა აბაზ მაგისტროსისაჲ ყოფად დღესა, რომელსა შინა მიიცვალა იგი - თუესა სეკდენბერსა ოცსა, წმიდისა მოწამისა ევსტათის დღესასწაულსა47. ...ჩემთჳს აღაპსა ჰყოფდენ ამით სახითა, და კუალად ამასვე პირსა ზედა განვაწესებ და დავამტკიცებ [აღაპსა] სანატრელისა ძმისა ჩემისა აბაზ მაგისტროსისათჳს“48.

და ბოლოს, აბსოლუტურად უეჭველი დადასტურება იმისა, რომ წმ. მელქისედეკი ზემომოტანილ ტექსტში საუბრობს არა მცხეთისადმი, არამედ კონკრეტულად თავისი ძმებისადმი აღაპის დადების შესახებ, ესაა ანდერძის დამაბოლოებელი ნაწილი, სადაც კიდევ ერთხელ (მესამეგზის) გვხვდება ტერმინი „აღაპი“ (სულ ეს სამი დამოწმებაა ამ ტერმინისა ხსენებულ ტექსტში), ოღონდ - არა ვინმე სხვის მიმართ, არამედ - ზემოაღნიშნული ორი აღაპის შესახებ კვლავ საუწყებლად.

მოვისმინოთ:

„და რომელმან ქართლისა კათალიკოზმან, გინა რამანცა გუარმან კაცმან შემდგომად ჩემსა და შემდგომითი-შემდგომად, ვიდრემდის49 წმიდაჲ ესე დედაქალაქი ეგოს, ნაქმარი და განწესებული ესე სულისა ჩემისათჳს შეცვალოს, რომელ ზემოჲთგან ქუემომდენ დაგჳწერია, რასაცა ჟამსა რაჲსაცა მიზეზისა მოღებითა აქციოს50 და ამა საკურთხეველსა და საფლავთა ჩემთა ხუცესი და ესე გასარომელი51 მისი მოაკლოს, ანუ აღაპი ჩემი და ძმათა ჩემთაჲ შეცვალოს - ჰრისხავსმცა მამაჲ, ძე და სულიწმიდაჲ, და წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, სუეტი-ცხოველი, ხატი ღმრთეებისაჲ, წმიდაჲ ღმრთისმშობელი, ძელი ცხორებისაჲ და წმიდანი ესე მარტჳლნი, და კიდემცა არს წესთაგან საეკლესიოთა და ნაწილიმცა მისი იუდას თანა არს, რომელმან განყიდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და-მცა-ისჯების უარისმყოფელთა ღმრთისათა თანა. ესე ვითა ზემოჲ დამიწერია, ესე ქუემოჲთ ჴელითა ჩემითა დამიმტკიცებია. ვინ აქციოს52, კრულია დაუსაბამოჲსა ღმრთისა პირითა, წმიდისა ღმრთისმშობელისა მადლითა, წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა, წმიდათა მოციქულთა მადლითა და ყოველთა წმიდათა მადლითა; კრულმცა არს სულით და ჴორცით ორსავე ცხორებასა ამისი გამტეხელი, და ვინ დაამტკიცოს, ჯუარი და კურთხევაჲ აქუს5354.

ვინაიდან მელქისედეკი მხოლოდ ორ „აღაპს“ ახსენებს („აღაპი ჩემი და ძმათა ჩემთაჲ“) და ვინაიდან „ანდერძის“ წინა ნაწილშიც მხოლოდ ორგზის არის დამოწმებული „აღაპი“, რომელთაგან ერთი, როგორც აღვნიშნეთ, ის აღაპია, რაც მელქისედეკს საკუთარი თავისადმი დაუდგენია (24 იანვარს), უნათლესია და უაშკარესია, რომ მეორე „აღაპი“ (ხარება დღეს) სწორედ მის ძმებს უკავშირდება.

და რა გამოდის?

მიუხედავად იმისა, რომ წმ. მელქისედეკ კათოლიკოსმა ესოდენ საზარელი შემრისხველობითა და უმძიმესზე უმძიმესი დაწყევლით წინდაწინ დაგმო ყველა ის პირი, ვინც შეცვლიდა მისი ანდერძის რომელიმე განაწესს, მათ შორის, უმკვეთრესი ხაზგასმით - „მისი და მისი ძმების აღაპს“ (კვლავ შდრ. „რომელმან ქართლისა კათალიკოზმან, გინა რამანცა გუარმან კაცმან შემდგომად ჩემსა ... აღაპი ჩემი და ძმათა ჩემთაჲ შეცვალოს“), არათუ ეს არ იქნა დაცული, არამედ, პირიქით, ბოლო ხანებში (ნებსით თუ უნებლიედ) მოხდა კარდინალური შეცვლა და გადაკეთება-გაყალბება ანდერძისა, კერძოდ, აბსოლუტური უგულებელყოფა მელქისედეკის ძმების აღაპისა55 და, სანაცვლოდ, შემოტანა გაუგონარი მკრეხელობისა - „მცხეთის აღაპისა“.

ამრიგად, იმ მიზნით, რომ ზემორე თავზარდამცემი წყევლის მოქმედება შეწყდეს და მას შეენაცვლოს „ჯუარი და კურთხევაჲ“, აუცილებელია გაუქმდეს ე.წ. „მცხეთის აღაპი“ და, ამასთან, ღრმა სინანულთან ერთად, დაუყოვნებლივ აღდგეს ხარება-დღეს მელქისედეკისგან ნაანდერძევი აღაპი მისი ხორციელი ძმებისა56.

---------------------------------------------------------

1 - „ერთსულოვნება“, 7 აპრილი, 19 სთ-ის პროგრამა „სადღესასწაულო მსახურება“. კომენტარი ეკუთვნის ხელოვნებათმცოდნე ქ. აბაშიძეს.

2 - https://old.sololaki.ru/qhvela-siakhle/dghes-mtskhethas-akurthkheben.

3 - https://1tv.ge/news/mghvdelmsakhurebi-dghes-mckhetas-akurtkheben/.

4 - https://www.ambebi.ge/article/221922-xval-mcxetas-akurtxeben/

5 - https://1tv.ge/news/mghvdelmsakhurebi-dghes-mckhetas-akurtkheben/

6 - http://www.pictograph.club/instagram/orthodoxnino/4835473082.

7 - http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/7487-patriarqis-mosaydrem-mitropolitma-shiom-sasuliero-pirebthan-erthad-mckhetha-akurtkha.html

8 - იგულისხმება წმ. მელქისედეკის ზემოხსენებული ანდერძი.

9 - http://reportiori.ge/old/gzapress.ge/?menuid=3&id=22410.

10 - კერძოდ, არ შევეხებით უადრეს პერიოდში მის განუყოფელ კავშირს ევქარისტიასთან.

11 - Иерусалимский канонарь VII века, Тф. 1912, с. 323-324.

12 - შდრ. თვით ტექსტში „სიყუარულისა ქმნაჲ“, ა. შანიძე, თხზულებანი, IX, თბ. 1986, გვ. 98.

13 - ა. შანიძე, თხზულებანი, IX, თბ. 1986, გვ. 58. ბერძ. და ფრაგ. თარგმაებისთვის იხ. Paul Gautier, Le typikon du sébaste Grégoire Pakourianos, In: Revue des études byzantines, tome 42, 1984, p. 96-97.

14 - იქვე, გვ. 121-122. შდრ. გრიგოლ ბაკურიანისძის ძმისადმი განკუთვნილი აღაპის აღწერილობა: „განვაწესეთ უკუე საჴსენებელი ნეტარისა და კეთილად-ჴსენებულისა ძმისა ჩემისა აბაზ მაგისტროსისაჲ ყოფად დღესა, რომელსა შინა მიიცვალა იგი - თუესა სეკდენბერსა ოცსა, წმიდისა მოწამისა ევსტათის დღესასწაულსა, რაჲთა დაეგოს მას დღესა შინა ტაბლაჲ ბრწყინვალე და შუენიერი და აღსავსე ყოვლითა კეთილითა, რომელიცა მოეცეს ღმერთსა. მწუხრსა სუან ძმათა ორ-ორი კრასაული: სამხრად ოთხ-ოთხი, და რაოდენნი ჟამის-მწირველნი იყვნენ მღდელნი მონასტერსა შინა და გარე სოხასტერთა და სოფელთა შინა, მას დღესა ყოველთა მისთჳს წირონ ჟამი და მიეცეს მას დღესა გასაყოფელად გლახაკთა დრაჰკანი სამეოც და ათორმეტი: და შემდგომად ღამის-თევისა და ჟამის-წირვისა კუალად განეყოს დრაჰკანი ოცდა ოთხი ძმათა მათ მოსრულთა დღესა ჴსენებისა მისისასა“, დასახ. გამოც. გვ. 98-99.

15 - დასახ. გამოც, გვ. 141.

16 - ქართლის ცხოვრება, II, თბ. 1959, გვ. 544.

17 - დ. ჩუბინაშვილი, ქართ.-რუს. ლექს. თბ. 1984, გვ. 60-61.

18 - რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ. 1983, გვ. 536.

19 - დ. ჩუბინაშვილი, ქართ.-რუს. ლექს. თბ. 1984, გვ. 1052.

20 - ა. ნეიმანი, ქართულ სინონიმთა ლექს. თბ. 1978, გვ. 38.

21 - იქვე, გვ. 486.

22 - დიდი სვინაქსარი, დასახ. გამოც, გვ. 141.

23 - შდრ. OJ: „და არა განტყდეს პური ჴუეზაჲ გლოვასა შინა მათსა ნუგეშინისსაცემელად მკუდართა ზედა“. G: „და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათსა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა“.

24 - დაკრძალვის მართლმადიდებლური წესი, http://www.orthodox.ge/index.php?id=biblioteka/dakrdzalvis cesi.php

25 - ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბილისი 1962, გვ. 72.

26 - იქვე, გვ. 72.

27 - იქვე, გვ. 72.

28 - იქვე, გვ. 72.

29 - იქვე, გვ. 72.

30 - იქვე, გვ. 76.

31 - იქვე, გვ. 77.

32 - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, შეადგინა ა. ელერდაშვილმა, I გამოც. თბ. 2006: „აღაპი“.

33 - ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი, ი. გეგეჭკორი, ნ. მოლაშვილი, თბ. 2008: „აღაპი“.

34 - შენაწირი ადგილის სახელია.

35 - ე.ი. სანაცვლო მისაგებელად, საზღაურად.

36 - იქვე, გვ. 77.

37 - შემომწირველის სახელია.

38 - მ. ბერძენიშვილი, ნიკორწმინდის „დაწერილი“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 34, თბ., 1962, გვ. 35. იხ. აგრეთვე, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. III, თბ. 1970, გვ. 27.

39 - ვ. ბერიძემ აღნიშნული ანდერძის ტექსტი გამოაქვეყნა თავის წიგნში „სამცხის ხუროთმოძღვრება XIII-XVI საუკუნეებისა, თბ. 1950“. ამ პუბლიკაციას გამოეხმაურა კ. კეკელიძე, რომელიც შეეხო ზემორე ანდერძის ტექსტსაც და ცდომილებად მიიჩნია ვ. ბერიძის მიერ „აღვსებად“ გახსნა ქარაგმისა „აღ-ბასა“. თავის მხრივ, კ. კეკელიძემ მართებულ ფორმად ივარაუდა სიტყვა „აღებასა“, ვინაიდან, მისი კატეგორიული მითითებით, „აღვსების“ დღეს არ შეიძლებოდა აღაპის განწესება (შდრ. „აღვსების ან აღდგომის დღეს აღაპს არ უჩენდნენ არავის“, ეტიუდები X, თბ. 1968, გვ. 187). საკვირველია, როგორ დაუშვა ასეთი სერიოზული შეცდომა ძველი ქართული ფილოლოგიის ამ უდიდესმა კორიფემ, თუმცა საქმე რომ შეცდომასთან გვაქვს, ეს აშკარაა, ვინაიდან „აღაპს“ უმეტესწილად სწორედ გამორჩეულ დღესასწაულებზე (მათ შორის, აღვსების ანუ აღდგომის დღეზეც) დებდნენ. მაგალითისთვის, ისევ დავიმოწმებთ კონკრეტულ ნიმუშებს იერუსალიმის ზემოხსენებული „სააღაპე წიგნიდან“: „დიდსა აღვსებასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გრიგოლ ფანასკერტელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. აღვსებასა დღესა წირვა და აღაპი საუკუნო მა... [ხელნაწერი არ იკითხება, ე.ჭ.] შეუნდვნეს ღმერთმან“ (ე. მეტრეველის დასახ. პუბლიკაცია, გვ. 73); „აღდგომასა აღაპი ხალილისი, შეუნდვნეს ღმერთმან“. (იქვე. შდრ. აგრეთვე, ზემოთ გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ თავისი თავისთვის აღაპის დადება ექვს საუფლო დღესასწაულზე). რაც შეეხება ვ. ბერიძის მიერ დადგენილ ტექსტს, მასში ცდომილება სხვა მხრივაა. კერძოდ, უაღრესად მცდარია იოტიანი სიტყვა „საუფლოჲ“, ვინაიდან ამ სახით იგი „აღაპს“ უკავშირდება და გამოდის, რომ „აღაპია“ საუფლო, მაშინ როცა ამ სიტყვაში იოტა უფუნქციოა ანუ საქმე გვაქვს იოტა-მეტობის ცნობილ შემთხვევასთან, რაც ნიშნავს, რომ ეს სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ აღვსებას ეხება, გრამატიკულად მისი მსაზღვრელია და გულისხმობს იმას, რომ „აღვსებაა“ „საუფლო პირველი დღესასწაული“.

40 - იხ. ნ. ბერძენიშვილი, მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, საქართველოს მუზეუმის მოამბე, VI, ტფ. 1929-1930 წწ., გვ. 290. აგრეთვე: ქართული ისტორიული საბუთები - IX-XIII სს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ და ნ. შოშიაშვილმა, თბ. 1984, გვ. 26.; აგრეთვე: ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ. 1970, გვ. 22; აგრეთვე: თ. ჟორდანია, ქრონიკები, I, თბ. 1892, გვ. 185; აგრეთვე: თ. ჟორდანია, ქრონიკები, I, თბ. 1892, გვ. 33 (არ ვუთითებთ დ. ჩუბინაშვილის 1863 წ-ის გამოცემას, რისი მეცნიერული ღირებულებაც მეტად მცირეა).

41 - ე.ი. მამულით.

42 - იხ. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. შრომა, გვ. 290. აგრეთვე: ქართული ისტორიული საბუთები, დასახ. შრომა, გვ. 26., აგრეთვე: ქართული სამართლის ძეგლები, დასახ. შრომა, გვ. 22; აგრეთვე: თ. ჟორდანია, I, გვ. 185, II, გვ. 33.

43 - შდრ. ანალოგიური ანდერძი: „აღაპი დიდს ხუთშაბათს გარდაიჴდიდენ. ასი მარჩილი მოგუცა. და ვინც დააკლოს და არ გადაიხადოს, რისხავმსცა მამა, ძე და სული წმიდაჲ და ყოველნი წმიდანი ღმრთისანი. ამინ“. (იერუსალიმის სააღაპე წიგნი, დასახ. გამოც. გვ. 76). შდრ. აგრეთვე, ზემოდამოწმებული ანდერძი: „გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის-მამამან ნეოფიტემ, გიორგი ლიპარიტელსა და თანამეცხედრესა მისსა ნესტან-დარეჯანს ჭილაძის ასულსა საუკუნოდ აღაპი წმიდისა გიორგისა დღესასწაულსა, და ვინცა შესცვალოს რისხავსმცა ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი. სანწკუ (სოფლის სახელია, ე.ჭ.) შემოსწირა და მისად სამუქფოდ (ე.ი. სანაცვლო მისაგებელად, ე.ჭ.) გაუჩინეთ წირვა და აღაპი, ქრონიკონსა ტჱ (იქვე, გვ. 77).

44 - ნ. ბერძენიშვილი, დასახ. შრომა, გვ. 292. აგრეთვე: ქართული ისტორიული საბუთები, დასახ. შრომა, გვ. 28.; აგრეთვე: ქართული სამართლის ძეგლები, დასახ. შრომა, გვ. 24; აგრეთვე: თ. ჟორდანია, I, გვ. 187, II, გვ. 34.

45 - კვლავ შდრ. თვით ტექსტში „სიყუარულისა ქმნაჲ“, ა. შანიძე, თხზულებანი, IX, თბ. 1986, გვ. 98.

46 - ა. შანიძე, თხზულებანი, IX, თბ. 1986, გვ. 58.

47 - იქვე, გვ. 98-99.

48 - იქვე, გვ. 121-122.

49 - ვიდრემდის, სანამ.

50 - გადააკეთოს, გააყალბოს.

51 - სარჩო, გასამრჯელო.

52 - გადააკეთოს, გააყალბოს.

53 - შდრ. წმ. გიორგი მთაწმინდელის ანდერძი „ფსალმუნთა“ მისეულ თარგმანზე: „უკუეთუ ვინმე ... ქართულთა დავითთა დაიწერდეს, ჯუარი აქუს და კურთხევაჲ! რომელმან კულა ჩუენი დავითი ზეპირით იძალოს, გინა ესე მრავლითა სისხლითა თარგმნილი წინა დაიდვას და დავითისა რყუნად და ზე-ქუე ქცევად დაუწყოს, საშჯელი მოჰჴადენ ღმერთმან დღესა მას საშინელისა საშჯელისასა!“ (ფსალმუნნი, მზ. შანიძის გამოც. თბ. 1960, გვ. 027).

54 - ნ. ბერძენიშვილი, დასახ. შრომა, გვ. 292. აგრეთვე: ქართული ისტორიული საბუთები, დასახ. შრომა, გვ. 28.; აგრეთვე: ქართული სამართლის ძეგლები, დასახ. შრომა, გვ. 24; აგრეთვე: თ. ჟორდანია, I, გვ. 187, II, გვ. 34-35.

55 - რაც შეეხება საკუთრივ მელქისედეკის აღაპს, რადგან ეს მოღვაწე წმინდანია და ცათა შინა მკვიდრობს, მის სულს სააღაპე შეწევნა აღარ სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მისი აღაპი აღსრულებულია.

56 - სხვათაშორის, ყურადღებამისაქცევია ის განსაკუთრებული სიყვარული ხორციელი ძმებისადმი, რაც მელქისედეკის (და, აგრეთვე, გრიგოლ ბაკურიანისძის) ზემოციტირებულ სიტყვებში მჟღავნდება.


მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი", თბილისი 2018 წ.

ტექსტის ელ-ვერსია მოამზადა ანზორ ჩიქობავამ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 JANUARY 2019 16:16)