წინამდებარე პუბლიკაცია ღვთის ბუნებითი უხილავობის შესახებ მსჯელობას ორი მიმართულებით წარმართავს. კერძოდ, ხუთწიგნეულში აღწერილია, თუ როგორ განიზრახა სინას მთაზე განმარტოებულმა წინასწარმეტყველმა მოსემ საღთო დიდების ხილვა1, რაზეც ღმერთი ამგვარად უპასუხებს მას: "არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს" (გამოს. 33.20). საეკლესიო ლიტერატურაში აღნიშნული ბიბლიური მუხლი ორნაირად განიმარტება. განხილვას პირველი მნიშნელობით დავიწყებთ. წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, მთაზე ამაღლებული დიდი მოღვაწე საღვთო ბუნების განჭვრეტას დაეშურა. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: "... ევედრების [მოსე], რაჲთამცა გამოუჩნდა მას ღმერთი, არათუ ვითარ მას ძალ-ედვა ხილვად, არამედ ვითარცა იგი თავადი არს"2.

პირველი მნიშვნელობის თანახმად, ღვთის პირის უხილავობა გულისხმობს, რომ ქმნილება ვერასოდეს შეიმეცნებს საღვთო ბუნებას, რადგან შეუძლებელია, დროითა და სივრცით გარეშემოწერილი გონიერი არსება (ანგელოზი თუ ადამიანი) მარადიულ, ყველგანმყოფ ღმერთს არსობრივად ჭვრეტდეს; ხოლო თუკი ვინმე დაუსაბამო ბუნების მხილველობას მიაწერს საკუთარ თავს, ჭეშმარიტებისაგან გარემიქცეული, სიცრუის მქადაგებელი აღმოჩნდება. აი, რას ბრძანებს აღნიშნულის შესახებ ღირსი გრიგოლ ნოსელი:

 

 

"არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს" - ხოლო ესე სიტყუაჲ არათუ ესრეთ არს, ვითარმცა მიზეზ სიკუდილისა ექმნებოდა იგი მხედველთა მისთა; რამეთუ ვითარმცა ექმნა პირი იგი ცხორებისაჲ მიზეზ სიკუდილისა მისდა მიახლებულთა?! არამედ, ვინაჲთგან ბუნებით ცხოველსმყოფელი არს ღმერთი, ხოლო თჳსი3 საღმრთოჲსა ბუნებისაჲ ესე არს, რომელ უზეშთაეს არს ყოვლისა ხილვისა და მიწთომისა და შეუძლებელ არს ხილვაჲ მისი; აწ უკუჱ, რომელმანცა თქუას, თუ ღმერთი ხილვადთაგანი რაჲმე არს, ანუ ჰგონებდეს, თუ შესაძლებელ არს ხილვაჲ მისი, ესევითარი იგი განდრეკილ არს ჭეშმარიტისა მის ჭეშმარიტებისაგან და არღარა აქუს ცხორებაჲ, ვინაჲთგან ცთომილ არს ბუნებაჲ მისი... «ვერ იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს», ესე იგი არს, ვითარმედ: პირი ჩემი ხილვად შეუძლებელ არს. ხოლო უკუეთუ იხილოს კაცმან პირი ჩემი, ამას არა პირი ჩემი უხილავს, არამედ სხუაჲ რაჲმე მაცთური უცნებაჲ, რომელსა ჰგონებს, თუ პირი ჩემი არს. და უკუეთუ ირწმუნოს იგი და შემრაცხოს მე სახილავად შესაძლებელი, იგი ვერ ცხონდეს, რამეთუ ცთომილ არს ბოროტად“4.

ნისის ეპისკოპოსის თანახმად, შეუძლებელია, სიცოცხლის მომნიჭებელი ზესახიერი ღმერთი იზრახავდეს ვინმეს მოკვდინებას, რადგან თავად არის ყოველივეს შემოქმედი და არარსებობიდან მყოფობაში მომყვანი. თუკი ვინმე ღვთის მხილველობას, ე. ი. საღვთო ბუნების ჭვრეტასა და შემეცნებას განიზრახავს, რაც ყოვლადშეუძლებელი მოვლენაა, ასეთი ადამიანი განშორებულია ჭეშმარიტებას და მაცთური ოცნების ტყვეობაში აღმოჩენილი არათუ ღვთისმცოდნეობაში წარემატება, არამედ სულიერი სიკვდილის თანაზიარი გახდება.

კაპადოკიელი მოღვაწის ზემოდამოწმებული მოძღვრების შესაბამის სწავლებას წარმოგვიდგენს დიდი მღვდელთმთავარი, წმინდა იოანე ოქროპირი. აი, რას ბრძანებს იგი:

„ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსითა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თვალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა «გამოუკულეველად გზათა მისთა» (რომ. 11. 33) იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონებითა მოგონებაჲ. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა სხჳთა სახითა იხილვების და გულისჴმა-იყოფების კაცთმოყუარებისა მისისათჳს“5.

კაპადოკიელ და კონსტანტინოპოლელ მღვდელთმთავართა დამოწმებული განმარტებანი უცვალებელი საეკლესიო რჯულდებაა. შესაბამისად, როდესაც წმინდა წერილში ღვთის მხილველობაზეა საუბარი, ასეთი გამოთქმანი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური, სახისმეტყველებითი შინაარსისაა, რის გასააზრებლადაც დაინტერესებული მკითხველი შესაბამის ეგზეგეზისს უნდა გაეცნოს (სანამ სათაურში მოხმობილი ბიბლიური ციტატის მეორე მნიშვნელობას განვიხილავდეთ, საღვთო ბუნების არსობრივ შეუცნობლობასთან დაკავშირებით მსჯელობას განვაგრძობთ და შესაბამის საეკლესიო განმარტებებს მოვიხმობთ).

წმინდა ეგნატე ანტიოქიელის მიერ სმირნის ეპისკოპოსის, წმინდა პოლიკარპესადმი გაგზავნილ ეპისტოლეში ვკითხულობთ:

„აღიარებდი ქრისტესა - ძესა ღმრთისასა, ჟამიერად და უჟამად, ბუნებით (საღვთო ბუნებით; ი. ო.) უხილავად და ჴორცითა ხილულად, ღმრთეებით განუხილველად და შეუხებელად და უჴორცოდ, ხოლო ჩუენთჳს ხილულად და შეხებულად და განხილულად ჴორცითა, უვნებელად ღმრთეებითა, ხოლო ჩუენთჳს ვნებულად კაცებითა, რომელი-იგი ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თჳნიერ ხოლო ცოდვისა, და ყოველნივე ვნებანი ჩუენთჳს დაითმინნა“6.

იმავე მოძღვრებას ვხვდებით წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომაში - „ციური იერარქიის შესახებ“. მარტვილი მოძღვარი ერთგან შენიშნავს:

„თუკი ვინმე იტყვის, რომ ზოგ წმინდანს უშუალოდ გამოეცხადა თვით ღმერთი, კარგად უნდა იცოდეს მან, რომ უწმინდეს სიტყვათა თანახმად, ის, რაც საიდუმლოა ღვთისა, «არავის უხილავს» (გამოს. 33.20; იოანე 1.18; იოანე 4.12; 1 ტიმ. 6.16) და ვერც ვერავინ იხილავს. თეოფანიები, ღვთის შესაფერის გამოცხადებათა სახით, წმიდა ხილვებში მიემადლათ წმინდანებს მათი მჭვრეტელობითი უნარის შესაბამისად. ამგვარმა ხილვამ სახეობრივად შემოსაზღვა უსახოთა საღვთო მსგავსება და მხოლოდ ასე გამოაჩინა იგი, რომ ამ გზით ღვთიურისაკენ აემაღლებინა მჭვრეტელები. სწორედ ამიტომ, ყოვლადბრძენი ღვთისმეტყველება ხილვას «თეფანიას» ანუ «ღვთის გამოჩინებას» უწოდებს, რადგანაც «ხილვა» საღვთო გამობრწყინებით აღავსებს მჭვრეტელებს და ღვთიურის რაღაც ნაწილთან წმიდად აზიარებს მათ“7.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებო სწავლებას გვთავაზობს წმინდა გრიგოლ ნოსელი ზემოხსენებულ შრომაში „მოსეს ცხოვრება“. იგი ბრძანებს, რომ წმინდა წერილში აღწერილი მოვლენები იდუმალ გაგვიმხელს, თუ როგორ ჭვრეტდა შემოქმედს მოსე. საქმე ისაა, რომ თადაპირველად, ცხვრების მწემსვისას ნანახ გამოცხადებაში წინასწარმეტყველმა უფალი მაყვლოვანზე გარემოცული ცეცხლის სახით იხილა8; გარკვეული დროის შემდეგ, ეგვიპტიდან გამოსვლისას, მოსე ქორების მთაზე ამაღლდება, სადაც თავდაპირველად, მსგავსად შეუწველი მაყვლოვანისა, კვლავაც ცეცხლის სახით განჭვრეტს ღმერთს9, მაგრამ ზესრბოლის დაუოკებელი გულისთქმით მოცული წინასწარმეტყველი ამჯერად სრულ წყვდიადში შედის10, სადაც იმეცნებს, თუ ვინ არის ღმერთი და ეს ორი მოვლენა თითქოს ერთურთის საპირისპიროა (ე. ი. ერთი მხრივ, ღმერთის, როგორც ცეცხლოვანი სინათლის ხილვა და, მეორე მხრივ, წყვდიადთან მისი გაიგივება). კაპადოკიელი მღვდელთმთავარი ხსენებული ბიბლიური ადგილის განმარტებისას შენიშნავს:

„ხოლო რასა მოასწავებს შინაგან ნისლსა შესლვაჲ მოსესი და მუნ ხილვაჲ ღმრთისაჲ? რამეთუ წინააღმდეგობრივ ჩანს ესე პირველისა მის ღმრთისმხილველობისა, რამეთუ მაშინ ნათელსა შინა და ცეცხლსა, ხოლო აქა ნისლსა შინა იხილა ღმერთი. არამედ ნუცამცა ამას გარეწრად შევჰრაცხავთ, რამეთუ ამას გუასწავებს სახე იგი სიტყჳსაჲ მის, ვითარმედ ღმრთისმსახურებისა გულისჴმის-ყოფაჲ ნათელ იქმნების პირველად, რავდენცა თანა იქმნას. რამეთუ წინააღმდგომი ღმრთისმსახურებისაჲ ბნელი არს, ხოლო გარემიქცევაჲ ბნელისაჲ გამოჩინებითა ნათლისაჲთა იქმნების. არამედ ესევითარი იგი ნათელი, რაზომცა აღორძნდებოდის და რაზომცა გონებაჲ წარემატებოდის და სისრულედ მიიწეოდის და უმეტესსა გულისჴმის-ყოფასა მოიღებდეს, რაზომცა მიეახლებოდის საღმრთოსა მას ხილვასა, ეგეზომცა უმეტესად იხილავს საღმრთოჲსა მის ბუნებისა უხილაობასა“11.

წარმოდგენილი განმარტების თახნახმად, რაჟამს ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას შეუდგება ადამიანი, უწინარეს არსებული სულიერი სიბნელე წარიხოცება და ნათელი აღმოუცისკრდება მას, რასაც ღვთის მხილველობის დასაწყისი შეიძლება ეწოდოს. და რაც უფრო გულმოდგინედ იმუშაკებს მოღვაწე და სულიერ საფეხურებზე ამაღლდება იგი, მით უფრო აღმატებულის მჭვრეტელი შეიქმნება, ხოლო ამგვარი ზესრბოლით შემოქმედთან დაახლოებისას მთელი არსებით შეიმეცნებს, რომ თვალუწვდენელი წყვდიადია (ე. ი. ბუნებითა და არსებით შეუმეცნებელია) ღმერთი12.

საღვთო ბუნების მიუწვდომლობის თაობაზე მსჯელობას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“:

„ხოლო ვითარცა მოვლო მრავალმეძიებელისა მის გონებისა მიერ ყოველი იგი ზეშთასოფელისა ქალაქი და არცაღა საცნაურთა მათ და უხილავთა ძალთა (ე. ი. ანგელოზთა; ი. ო.) შორის იხილა, რომლისათჳს იგი სუროდა, მაშინ დაუტევა ყოველივე იგი საპოვნელი და პოვნილი საძიებელი და ესრეთ პოვა, რომელსა-იგი ეძიებდა, რომელი-იგი მიუწდომელობითა ხოლო მიიწდომების და ამის მიერ ხოლო იპოვების უპოვნელი იგი, თუ რაჲ არს, რაჟამს ყოვლითურთ მიუწდომელობაჲ მისი აღიაროს, რომლისა იგი ყოველივე მისაწდომელი გამოძიებაჲ მეძიებელთა მათ წინააღმდგომ და დამაბრკოლებელ პოვნისა მისისა იქმნების“13.

წარმოდგენილ სწავლებაში კაპადოკიელი მღვდელთმთავარი, განმარტავს რა ეკლესიასტეს წიგნს, მკითხველს სწორი მოღვაწეობის გზას დაუსახავს: ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ უნდა დააფიქროს გონიერი არსება და მარადისობისკენ სწრაფვის სურვილით ზეციურისკენ მიმართოს იგი, რადგან თუკი ადამიანის არსებითი მიზანი ისეთი რამის ძიება იქნება, რაც ხელშესახები, დაუფლებადი, დასაკუთრებადი და საპოვნელია, მსგავსი მსურველობა ჭეშმარიტების შემეცნებაში ხელისშემშლელი აღმოჩნდება, რადგან გარეშემოუწერელი ღმერთი „მიუწდომელობითა ხოლო მიიწდომების და ამის მიერ ხოლო იპოვების უპოვნელი იგი“.

მსგავს მოძღვრებას ვხვდებით იმავე კაპადოკიელი მამის მიერ აღწერილ წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებაში: რაჟამს გრიგოლ საკვირველთმოქმედმა წარმართ ფილოსოფოსთა ფუჭადდამაშვრალობა იხილა, დაუტევა ისინი და „მტკიცესა მას სიტყუასა სარწმუნოებისასა შეევედრა, რომელი-იგი არცა ერთსა მეტყუელებისა ჴელოვნებასა და სიტყუათა შეთხზულებასა და ურგებსა სივერაგესა დამამტკიცებელად თჳსა მიითუალავს, არამედ სიმარტივითა სიტყუათაჲთა სწორებით ყოველთა ზედა მიეფინების, რომლისა-იგი უმრავლესნი საქმენი ზეშთა არიან დარწმუნებისა, რამეთუ უკუეთუმცა ესევითარი იყო, რომელ კაცობრივთა გულისსიტყუათა მიერ შეიცვოდა, არარაჲთმცა უმეტეს იყო წარმართთა სიბრძნისა, ვინაჲთგან იგინიცა, რომელსა მისწუთენ, მას ირწმუნებენ, ხოლო, ვინაჲთგან უვალ არს კაცობრივთა გულისსიტყუათა მიწთომისაგან ბუნებაჲ იგი ყოველთა გონებათა აღმატებული, ამისთჳს გულისსიტყუათა წილ სარწმუნოებაჲ იქმნების და თავსა თჳსსა ზეშთა სიტყჳსა და მიწთომისა აღამაღლებს“14.

წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, რაჟამს ნეოკესარიის ეკლესიის ღირსეული წინამძღოლი წარმავალი სოფლის ამაოებაში დარწმუნდა, ყოველივე ქვეყნიურ საქმეს განეკრძალა და წარმართ ფილოსოფოსთა სიბრძნე უგულებელყო, რადგან მათ მიერ მოპოვებული ცოდნა, იყო რა დაფუძნებული ადამიანურ შესაძლებლობებზე (ოდენ რაციონალურ განსჯა-ძიებაზე), უფრო აღმატებულისკენ (მეტაფიზიკური სამყაროსკენ) სვლის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა. ამიტომაც ჭეშმარიტი სიბრძნით ზეგარდამო განათლებული და «საკვირველთმოქმედად» წოდებული მოძღვარი მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი ღმერთის შემეცნებას დაეწაფა, რომელიც „უვალ არს კაცობრივთა გულისსიტყუათა მიწთომისაგან“, თუმცა გულწრფელად მაძიებელთ საკუთარ თავს გამოუცხადებს და ზეციურ საიდუმლოთა საუნჯეებისკენ უწინამძღვრებს მათ15.

იგივე კაპადოკიელი მღვდელთმთავარი შრომაში სახელწოდებით „დაბადებისათჳს კაცისა“ ღვთისადმი ადამიანის ხატისებრიობის შესახებ საუბრობს და ერთგან ჩვენთვის საყურადღებო მოძღვრებას გადმოგვცემს. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს:

„აწ უკუე, ვინაჲთგან ერთი საღმრთოჲსა ბუნებისა საქმეთაგანი არს მიუწდომელობაჲ ბუნებისა და არსებისაჲ, ყოვლითურთ უცილობელ არს, რაჲთა ხატსაცა, ამით კერძოჲთა, პირმშოჲსა მის ხატისა მსგავსებაჲ აქუნდეს. რამეთუ, უკუეთუმცა ბუნებაჲ ხატისაჲ მიიწუდომებოდა, ხოლო პირმშოჲმცა იგი ხატი ზეშთა იყო მიწუდომისა, წინააღდგომაჲ იგი ამის პირისაჲ ნაკლულევანებასა მასმცა ხატისასა საანჯმნო ჰყოფდა და ამხილებდა, ხოლო ვინაჲთგან ივლტის ბუნებაჲ ჩუენი ცნობისაგან და მიწუდომისა გონებისა, რომელი-იგი არს ხატი დამბადებელისაჲ, განჭეშმარიტებული აქუს აღმატებულისა მის ბუნებისა მსგავსებაჲ, და თჳსითა უცნაურობითა გამოსახავს მიუწდომელსა მას ბუნებასა“16.

წარმოდგენილი სწავლების თანახმად, ქმნილებისათვის ყოვლითურთ უწვდენელია საღვთო ბუნება. შესაბამისად, ვინაიდან ადამიანი შემოქმედის ხატისებრ მოევლინა სამყაროს, ხატისებრიობა იმასაც მიანიშნებს, რომ თავად ადამიანური ბუნების შემეცნებაც ოდენ ნაწილობრივ არის შესაძლებელი, რადგან საღვთო არსების იდუმალებას დატევნისაებრ გამოსახავს საკუთარ თავში ჩვენეული ბუნება.

ღვთის მიუწვდომლობის შესახებ მსჯელობას მრავალგზის ვხვდებით დიდი კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებებში. კერძოდ, 45-ე სიტყვაში ვკითხულობთ:

„ღმერთი იყო მარადის და არს და იყოს და უფროჲსად, არს მარადის... რამეთუ ყოველივე არსებაჲ შემოუკრებიეს და აქუს თავსა შორის თჳსსა, რომლისაჲ არცა დასაბამი არს, არცა დასასრული, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, მიუწთომელი და უსაზღვროჲ, რომელი გარეგან არს ყოვლისავე მოგონებისა და ჟამთა და ბუნებისა“17.

აქვე დავიმოწმებთ იმავე ციტატის წმინდა ეფრემ მცირისეულ თარგმანს:

„ღმერთი იყო მარადის და იყო და იყოს, უფროჲსღა, არს მარადის... რამეთუ ყოველი ყოფაჲ თავსა შორის თჳსსა შეკრებულად აქუს, არცა დაწყებულად, არცა დაცხრომადად, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, წიაღუვლელი და შეუსაზღვრებელი, ზეშთ აღმვლდომი ყოვლისა მოგონებისა და ჟამთა და ბუნებისა“18.

კაპადოკიელი წმინდანი იმავე 45-ე სიტყვაში მსჯელობას განაგრძობს და ბრძანებს:

„ესოდენ ეჩუენის გონებასა ჩუენსა და მასცა, რაჟამს წმინდა არნ, ვითარცა-იგი სიმალე ელვისა დაუდგრომელისაჲ. და მე ვჰგონებ, ვითარმედ ესე ამისთჳს, რაჲთა ხილვითა მით მცირედითა მიგჳზიდვიდეს მისა (რამეთუ სრულიად უხილავი უსასოებისა მომატყუებელ არს და სრულიად არა მისლვისა მისისა) და კუალად მიუწთომელობისა მისთჳს მისისა გჳკჳრდეს იგი. და რაჟამს გჳკჳრდეს, უმეტესად გუსუროდის; ხოლო რაჟამს გუსუროდის რაჲ მისა, წმინდა ვიქმნებოდით მის მიერ, და რაჟამს წმიდა ვიქმნებოდით, მაშინ ღმრთივშუენიერად გამოვჩნდეთ... . მიუწთომელ არს უკუე ღმერთი და ძნიად საცნობელ და ესე ოდენ არს მისი საცნაურ მიუწთომელობაჲ, დაღაცათუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ ვინაჲთგან მარტივ არს ბუნებაჲ მისი, ამისთვს ანუ ყოლადვე მიუწთომელ არს, ანუ სრულიად მისაწთომელ“19.

წმინდა ეფრემ მცირის თარგმანი:

„ესოდენ განაბრწყინვებნ ჩუენსა სამთავროსა და მასცა განწმენდილსა, რაოდენ ხილვაჲ ელვისა მსწრაფლ დაუდგრომელისაჲ. ჩემდა საგონის, რაჲთა მისაწდომელობით მიგჳზიდნეს მისსა (რამეთუ სრულიად მიუწდომელი, უსასო და ჴელთუგდებელ), ხოლო მიუწდომელობითა იკჳრვებოდის, და დაკჳრვებული უფროჲს ისურვებოდის; ხოლო აღსურვებული განგუწმედდეს; და განგუწმიდნეს რაჲ, ღმრთისსახე მყვნეს... . მიუწდომელ არს უკუე ღმერთი და ძნიად საცნობელ და ესე ოდენ არს მისი საცნაურ მიუწდომელობაჲ, დაღათუ ვინმე ჰგონებდეს მარტივბუნების მყოფობისათჳს ანუ ყუვლად მიუწდომელ ყოფასა, ანუ სრულიად მისაწდომელობასა“20.

მსგავს სწავლებას ვხვდებით გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვაში:

„რამეთუ პირველი იგი და უზეშთაესი და თვალთშეუდგამი ნათელი ღმერთი არს, რომელსა ვერცა გონებაჲ მისწუთების, ვერცა ენაჲ გამოიტყჳს, განმანათლებელი ყოვლისავე სიტყჳერისა ბუნებისაჲ; ვითარცა არს ხილულთა შორის მზეჱ, ესევითარი არს იგი უხილავთა მათ შორის - რაჲზომცა განვწმდებოდით, უმეტესად და უბრწყინვალესად გვეჩუენების, რაჲზომცა გუეჩუენოს, უმეტესად შევიყუარებთ მას, და რაჲზომცა შევიყუაროთ, უმეტესად გულისჴმა-ვჰყოფთ მას. თჳთ იგი თავადი არს მხილველ და მიმწთომელ თავისა თჳსისა და მცირედ გარეგანთა მიმართ განეფინების. ხოლო ნათელსა მას ვიტყჳ, რომელი მამისა თანა და ძისა და სულისა წმიდისა იხილვების, რომელთა სიმდიდრე არს ერთობაჲ და ერთი იგი შარავანდედი ბრწყინვალებისაჲ“21.

წმინდა ეფრემ მცირის თარგმანი:

„ღმერთი უკუე არს ნათელი უპირატეს და შეუხებელ, არცა გონებით დასატევნელ, არცა სიტყჳთ სათქუმელ, ყოვლისავე სიტყჳერისა ბუნებისა განმანათლებელ; ესევითარი საცნაურთათჳს, რაჲ-იგი მზე გრძნობადთათჳს - რაოდენ განვწმდებოდით, გუეოცნების, და რაოდენ ვიოცნოთ, შეიყუარების, და კუალად რაოდენ შევიყუაროთ, იცნობების, თჳთ თავისა თჳსისა მხედველ და დამტევნელ და მცირედ გარეშეთაცა მიმართ განფენილ. ხოლო ნათელსა ვიტყჳ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა შორის სახილველსა, რომელთა სიმდიდრე არს ერთნებაობაჲ და ერთი გამოკრთოლვაჲ ბრწყინვალებისაჲ“22.

აქვე დავიმოწმებთ ხსენებული კაპადოკიელი მამის 42-ე სიტყვას:

„ღმრთეებაჲ თავით თჳსით უხილავ არს“23.

სულიერ კიბეზე ზემსრბოლი ადამიანის შესახებ მსჯელობას ვხვდებით, აგრეთვე, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 39-ე სიტყვაში. ღირსი მოძღვარი სოლომონის იგავთა წიგნში გაჟღერებულ სწავლებას განმარტავს (შდრ. იგავ. 1.7): „დასაბამი სიბრძნისაჲ - შიში უფლისაჲ“; (იგავ. 9.10): „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ“) და ბრძანებს: „დასაბამად სიბრძნისა შიშსა იტყჳს. - რამეთუ არა გონებითისა მის ხედვისაგან შიშად ჯერ-არს მოსლვაჲ, არამედ შიშისაგან - ხედვად (რამეთუ ხედვამან უაღჳრომან მრავალგზის კაპანსა შთააბნიის), არამედ ჯერ-არს პირველად შიშითა ღმრთისაჲთა განსწავლაჲ და განწმედაჲ თავთა თჳსთაჲ და მერმეღა სიმაღლედ გულისჴმისყოფისა და სულიერისა ხედვისა აღსლვად. რამეთუ სადა-იგი არს შიში, არნ მცნებათა დამარხვაჲ და სადა იქმნეს აღსრულებაჲ მცნებათაჲ, იქმნების განწმედაჲ ჴორცთაჲ და განქარვებაჲ არმურისა მის მოხუეულისა სულსა ზედა, რომელი არა შეუნდობს ხილვად განცხადებულად საღმრთოსა მას ბრწყინვალებასა. რამეთუ სადა იყოს სიწმიდეჱ, მოვალს მუნ ბრწყინვალებაჲ. ხოლო ბრწყინვალებაჲ არს სურვილისა მის აღსრულებაჲ და საწადელისა მის ხილვაჲ, რომელთა ჰსურის სიტყჳსა მისებრ წინაჲსწარმეტყუელისა, ვითარმედ: „ჰსურის სულსა ჩემსა შენდამი“ (ფს. 41.1), ღმერთო ძლიერო და ცხოველო, რომელ არს დიდებაჲ და ბრწყინვალებაჲ სამგვამოვნისა მის და ერთარსებისა წმიდისა სამებისაჲ“ (Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberica V, დასახ. შრომა, გვ. 56-58). წარმოდგენილი სწავლების თანახმად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი სულიერი სრბოლის ასპარეზზე პირველ საფეხურად ღვთისადმი შიშს წარმოგვიდგენს, რაც გონებით ხედვას უნდა უსწრებდეს წინ, და მოღვაწის აღვირს უწოდებს მას, რადგან თუკი ადამიანი საღვთო შიშის გარეშე შეიქმნება ზეციურ საიდუმლოთა მჭვრეტელი, შესაძლოა, საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა შეექმნას, რაც ბუნებრივია, დიდი დაცემის საწინდარი გახდება (შდრ. „რამეთუ ხედვამან უაღჳრომან მრავალგზის კაპანსა შთააბნიის“ (შდრ. [იხ. PG. t. 36; col. 404, B]: θεωρία γὰρ ἀχαλίνωτος τάχα ἀν καὶ κατὰ κρημνῶν ὤσειεν). ბერძნული ტერმინი κρημνός (ძვ. ქართ. „კაპანი“) განიმარტება, როგორც „ვიწრო გზა“, „ქვაღორღი“, „კლდე“, „ღრე“ და, წინამდებარე კონტექსტის გათვალისწინებით, სარწმუნოებრივ გზაზე მსრბოლელი მოღვაწის ამპარტავნების ვნებით განპირობებულ დაბრკოლებებს გულისხმობს. მსგავს სწავლებას გადმოგვცემს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. ღირსი მოძღვარი ერთგან ბრძანებს: „როგორც ფეხშეკრული ბეღურა, თუ იგი ფრენას შეეცდება, მიწისკენ დაიქაჩება, დაიზიდავს რა თოკი, ასევე გონებაც, თუ ჯერაც არ მოუპოვებია მას უვნებობა და ციურთა ცოდნისკენ აფრინდება, ვნებებით ქვედაზიდული მიწისკენ დაიქაჩება“ („გზა სამეუფო“, # 1(4), წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ (გამონაკრები სწავლებანი), ძელი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 1996 წ., გვ. 29]). სულიერ საფრთხეებზე საუბრის შემდეგ კაპადოკიელი მღვდელთმთავარი მორწმუნის სწორი განვითარების იერარქიულ საფეხურებზე მსჯელობს: რაჟამს საღვთო შიშს მოიპოვებს ადამიანი, მცნებათა დამმარხველი გახდება იგი, რაც ხორციელი ბუნების განწმენდისა და სულიერი სიბრმავის კურნების საწინდარია და სიწმინდეს ეზიარება ასეთი პიროვნება; ხოლო სიწმინდეშემოსილობა ზეციური ბრწყინვალებით განამდიდრებს მოღვაწეს, რითაც ღვთის სიტყვის აღსრულების სურვილი და შემოქმედის მარადიული ჭვრეტის გულისთქმა განცხოველდება მასში და, წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, სწორედ ამგვარად აღსრულებული საქმეა ჭეშარიტი სათნოება (შდრ. „სათნოებაჲ თავისუფალი არს და უუფლოჲ და ნეფსით მოსაპოვნებელი, ხოლო პატიჟებული (ე.ი. სასჯელის შიშის მიზეზით აღსრულებული; ი.ო.) და იძლებული სათნოებად არა იწოდების, არცა შესაძლებელ არს სათნოებად წოდებაჲ მისი“ [იხ. წმინდა გრიგოლ ნოსელი, „დაბადებისათჳს კაცისა“, დასახ. შრომა, გვ. 157]. იგივე კაპადოკიელი მოძღარი სხვაგან შენიშნავს: „რაჟამს ნებაჲ უქმ იქმნას, უქმ ქმნილ არს უეჭუელად სათნოებაჲცა, უქმობითა ნებისაჲთა შეკრული“ [იხ. წმინდა გრიგოლ ნოსელი, „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისაჲ“; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა; ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1/2008, გვ. 132-133]).

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 39-ე სიტყვის კომენტირებისას მაქსიმე აღმსარებელი ღვთის შემმეცნებლის შესაძლებლობაზე საუბრობს (კერძოდ, შემდეგ სიტყვებს განმარტავს: „ამისთჳს განიწმინდებოდედ“) და ბრძანებს: „ესე იგი არს, ვითარმედ ვინაჲთგან განწმედაჲ საჴმარ არს, ამისთჳს პირველად განვიწმედდეთ თავთა, რამეთუ სადა სულისა განწმედაჲ იყოს სათნოებათაგან, მუნ მოვალს გამობრწყინვებაჲ მეცნიერებისაჲ, რომელი ღმრთისმსახურებით განსწავლითა მეცნიერებად ღმრთისა აღიყვანებს სულსა და შემშჭუალავს სურვილსა მისსა, რომელი-იგი არს დასასრული წადიერებათაჲ“ (წმინდა მაქსიმე აღმსარებლის „გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კომენტარები“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი; 2/2009; გვ. 324). ღირსი მამის თანახმად, სული სათნოებათა მოპოვების გზით განიწმინდება, რასაც საღვთო ცოდნაში წარმატება მოჰყვება, ცოდნის მიერ კი ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას შეუდგება ადამიანი, რა დროსაც ღვთის შემმეცნებელი გახდება იგი და მარადის ზეციურისთვის უთქვამს გული. წმინდა მაქსიმე ამგვარ მდგომარეობას „წადიერებათა დასასრულს“ უწოდებს, რადგან არ არსებობს სხვა, აღმატებული მსურველობა. მსგავს სწავლებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 21-ე სიტყვაში. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „თავადი არს უმაღლესი ყოველთა ცნობათა, რომლისამდე ყოველი სურვილი და წადილი დადგების და უზეშთაეს ვერსადა მიიწევის, რამეთუ არცა არს რაჲ უმაღლესი და არცა ყოფად არს სადა, ვერცა ჰპოებს რას უაღრესსა გონებაჲ, რაოდენცა სიბრძნისმეტყუელ იყოს და სიღრმეთა შემავალ და გამომეძიებელ საიდუმლოთა. რამეთუ იგი არს ყოველთა საწადელთა აღსასრული, სადა-იგი მიიწინენ რაჲ, ყოვლისა გონიერისა და საცნაურისა ხედვისა განსვენებაჲ არს“ (Sancti Gregorii Nazianzeni opera… VI, დასახ. შრომა, გვ. 50-52).

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის წარმოდგენილი სწავლებები ასე ჯამდება: გონიერი არსება ვერასოდეს შეიმეცნებს, თუ როგორია ღმერთი ბუნებით, მაგრამ ამგავრი მიუწვდომლობა რომ კაცთათავის უსასოების შთამაგანობელი არ ყოფილიყო, შემოქმედმა წყალობა მოიღო ქმნილებაზე და საკუთარი თავის ჭვრეტის შესაძლებელობის გარეშე არ დაუტევა იგი. კერძოდ, რაჟამს სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, ღმერთი მსწრაფლწარმავალი ელვასავით გამოუკრთება, რომ მცირედის მოხილვით აღმატებულის ძიების სურვილი აღიძრას მასში. კაპადოკიელი მოძღვარი ერთგვარ იერარქიულ საფეხურებს წარმოგვიდგენს, თუ როგორ ვითარდება ჭეშმარიტი მორწმუნე ღმერთმჩენეობის (თეოფანიის, ღვთის გამოცხადების) გზით: ზემოხსენებული მყისიერი მოხილვა შემოქმედის სიდიადეში დაარწმუენებს მოღვაწეს, რითაც მისი შეუცნობადობის იდუმალებას გულისხმაჰყოფს ის, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივ გაოცებას, სულიერ აღტაცებას განაპირობებს, ხოლო გაკვირვება მუდმივ ხსოვნასა და სურვილს განაცხოველებს, რომ მარადის ღვთის გამოკრთომის მოლოდინში იყოს იგი.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 38-ე სიტყვას მაქსიმე აღმსარებელმა ვრცელი კომენტარები დაურთო (ჯამში 101 კომენტარი), რომელთაგან ერთ-ერთი შემდეგს გვაუწყებს (კერძოდ, აღმსარებელი მოძღვარი განმარტავს კაპადოკიელი მამის მიერ გამოთქმულ შემდეგ ციტატას: „რომელი გონებით ოდენ აჩრდილის სახედ გამოისახვის“24):

„ესე იგი არს, ვითარმედ ხედვითა დაბადებულთაჲთა და სმენითა წერილთაჲთა გამოვსახავთ, ვითარმედ არს ღმერთი. ხოლო თუ რაჲ არს, არა უწყით, ანუ ვითარი არს ბუნებაჲ მისი“25.

ღირსი მამის თანახმად, ღვთის არსებობის შესახებ ცოდნას ადამიანი ქმნილ სამყაროზე დაკვირვებითა და წმინდა წერილის საშუალებით მოიპოვებს, თუმცა თავად შემოქმედის ბუნებას ვერასოდეს მისწვდება26.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მსჯელობას განაგრძობს და ამჯერად გრიგოლ ღვთისმეტყველის მორიგ სწვალებას განმარტავს (გულისხმება კაპადოკიელი მამის შემდეგი სიტყვები: „სხუათა და სხუათა ხილვათა და სახეთაგან შეკრბების ერთად სახედ ჭეშმარიტებისა“)27:

„ესე იგი არს, ვითარმედ რაჟამს გულისჴმაჰყოფდეს გონებაჲ ხედვითა დაბადებულთაჲთა დამბადებელსა მას ყოველთასა, გულისჴმა-ჰყოფს, ვითარმედ არს, რომელმან შექმნა ესე ყოველნი. და მერმე ეძიებნ, და თუ რაჲ არს იგი, ანუ ვითარი. და მოიგონის, ვითარმედ არა სულ არს, ვითარ სხუანი ესე სულნი, არცა ჴორც, არცა ცეცხლ, არცა სხუაჲ რაჲ ესევითართაგანი, რამეთუ ვითარმცა იყო დამბადებელი მსგავს მის მიერ დაბადებულთაჲ? და ამის ყოვლისაგან შემოკრიბის და ცნის, ვითარმედ არცა ერთი რაჲ არს მათგანი, არამედ მიუწთომელ არს სრულიად და მოუგონებელ ბუნებაჲ მისი“28.

იმავე კომენტარებში ღირსი მაქსიმე ერთგან შენიშნავს:

„ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ იცნობებოდის ჩუენ მიერ, რაჲთა არავინ თქუას, თუ მისაწთომელ არს ღმერთი, ამისთჳს მეყსეულად აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი ღმრთისმეტყუელებად, ვითარმედ მიუწთომელ არს ღმერთი და ძნიად საცნობელ. და რაჟამს ფრიად ვინ ისწრაფოს, ამას ოდენ მისწუთეს, ვითარმედ მიუწთომელ არს“29.

აღმსარებლად წოდებული მოძღვრის თანახმად, რაჟამს ქმნილებებზე დაკვირვების გზით ჯერ კიდევ უცნობი ღმერთის არსებობაში განისწავლება ადამიანი, ბუნებრივად სწორედ ამ ქმნილებებთან შედარების საშუალებით ცდილობს გაიგოს, თუ ვინ არის და როგორია იგი. ამგვარი შემეცნების გზაზე მსრბოლელი ცოდნაში წარემატება, რადგან ვერაფერს პოულობს საერთოს მარადიულ, ყველგანმყოფსა და დასაბამიერ, გარეშემოწერილს შორის და ჭეშმარიტ მცოდნეობას დაუფლებული შეურყეველ რწმენას შეიძენს, რომ „მიუწთომელ არს [ღმერთი] სრულიად და მოუგონებელ ბუნებაჲ მისი“.

წმინდა მაქსემე აღმსარებელი სხვაგან შენიშნავს:

„მხოლოდ მოქმედებებიდან შეიცნობა იგი რამდენადმე, ხოლო მის შესახებ არსობრივი და ჰიპოსტასური ცოდნა ყველასთვის ერთნაირად მიუვალია, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც, რადგან ვერავისგან ვერ შეიცნობა იგი ვერანაირად“30.

იმავე საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი, ქმნილება შემოქმედს მიეახლოს, მეორე საუკუნეში მოღვაწე დიდი მღვდელთმთავრის, თეოფილე ანტიოქიელის შესაბამის სწავლებას დავიმოწმებთ:

„როგორც სული, კაცთათვის განუჭვრეტელი არსი, არ იხილვება ადამიანში, მაგრამ სხეულის მოძრაობის გზით შეიცნობა იგი, ამგვარადვე არავის გააჩნია შემძლეობა, ხორციელი თვალებით იხილოს ღმერთი, არამედ მისი წინაგანგებისა და საქმეების მიერ დაინახება და შეიმეცნება. გამშვენებული ხომალდის გამოსახულებას რომ დაინახავს მავანი ზღვაში, მოსწრაფესა და ნაპირსკენ ჭეშმარიტად მომავალს, მაშინ მასში მყოფი ხომალდის მმართველი მენავეთმოძღვრისკენ იწინამძღვრება; ამგვარადვეა საჭირო ყოველთა მესაჭე ღმერთის მყოფობის შემეცნება, ხორციელ თვალთაგან უხილავისა მისი გარეშემოუცველობის მიზეზით“31.

ღვთის შემეცნების შესახებ საყურადღებო მოძღვრებას გადმოგვცემს წმინდა იოანე ოქროპირი. კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავრის თქმით:

„რომელმან წმიდა-ყოს გული თჳსი ყოვლისა ვნებისაგან და ყოვლისაგან ნივთიერისა წინააღმდგომისა, შუენიერებასა შინა სულისა თჳსისასა იხილოს ხატი საღმრთოჲსა მის ბუნებისაჲ“32. ე. ი. დაუსაბამო და გარეშემოუწერელი შემოქმედის გამოუკვლეველ ბუნებას ადამიანი საკუთარი განწმენდის გზით საკუთარ თავშივე აღბეჭდილი საღვთო ხატების მიერ დატევნისაებრ შეიმეცნებს33.

ამჯერად ორიგენეს შესაბამის სწავლებას დავიმოწმებთ. წარმოდგენილი განხილვისას ალექსანდრიელი ეგზეგეტის შრომით - „საწყისთა შესახებ“ ვიხელმძღვანელებთ. უპირველესად, შევნიშნავთ, რომ მიუხედავად ხსენებული განმმარტებლის საყოველთაოდ აღიარებული ცთომილებებისა, მისი წერილობითი მემკვიდრეობისთვის ეკლესიის მამებს ცალსახად უარყოფითი შეფასება არასოდეს მიუციათ, რისი ნათელი დასტურია ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შედგენილი შრომა - „ფილოკალია“ („მშვენიერებისმოყვარეობა“), რომელშიც ორიგენეს შემოქმედებაში დაცული ღირსეული სწავლებანი შემოკრიბეს და, მოძღვრების გადმოცემისას, თავადაც არაერთგზის იხელმძღვანელეს ალექსანდრიელი ბიბლეისტის არგუმენტაციით. აღნიშნულის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომჩენია იმავე წმინდა გრიგოლ ნაზიანზელისა და მოგვიანებით, წმინდა იოანე დამასკელის მიერ ძე ღმერთის ჰიპოსტასში თანაშეკავშირებული ორი ბუნების ურთიერთმიმართების განსახილველად მოტანილი მაგალითი, თუ როგორ მდიდრდება საპირისპირო თვისებით (სიმხურვალით) ცეცხლში აღმოჩენილი რკინა და ამასთან, კვალავ ინარჩუნებს საკუთარი ბუნებისთვის მახასიათებელ თვისებას (სიგრილეს). ხსენებულ სწავლებას ვხვდებით შრომაში - „საწყისთა შესახებ“, კერძოდ, ქვეთავში, სახელწოდებით „ქრისტეს განკაცების შესახებ“34.

ზემოხსენებული შრომის პირველი წიგნის პირველ თავში35 ორიგენე საღვთო ბუნების უხილავობაზე მსჯელობს და ერთგან შენიშნავს, რომ დაუსაბამო არსი ყოვლითურთ მიუწვდომელია ქმნილებისთვის. ხსენებული ეგზეგეტი საკუთარი სიტყვების დასამოწმებლად წმინდა წერილის ციტატას იშველიებს: „რომელი-იგი (ძე ღმერთი; ი. ო.) არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“ (კოლას 1.15). შესაბამისად, ორიგენეს თქმით, თავად «წერილი» ადასტურებს ღმერთის განუჭვრეტელობას, რადგან უხილავი ღმერთის (მამის ჰიპოსტასის) ხატი - ძე, ბუნერივია, რომ ასევე უხილავია. ალექსანდრიელი განმმარტებელი მსჯელობას განაგრძობს და ზემოთქმული აზრის გასამყარებლად მკითხველს ახალ არგუმენტს სთავაზობს: „ასევე იოანეც ამბობს სახარებაში: «ღმერთი არავის არასოდეს უხილავს» (იაონ. 1.18) და ცხადად აუწყებს ყველას, ვისაც გაგება ხელეწიფება: არ არსებობს ისეთი ბუნება, ღმერთის ხილვა რომ ძალუძდეს. მას არ უთქვამს, თითქოს ბუნებით სახილველ ღმერთს მხოლოდ სუსტი ქმნილება ვერ განჭვრეტს, არამედ ბრძანა, რომ შეუძლებელია თავისი ბუნებით იყოს ღმერთი ხილული“36.

იმავე მოძღვრებას წარმოგვიდგენს ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმინდა ანასტასი სინელი. ღირსი მამა შრომაში სახელწოდებით „წინამძღუარი“ ბრძანებს:

„ვერცა ჰპოებ ყოველსავე შინა ძუელსა და ახალსა აღთქუმასა ბუნებასა გინა არსებასა ღმრთისასა გამოცხადებულად ანუ თქუმულად, არამედ ყოველთავე ღმრთისა უხილავისა ჩუენებასა სახითა და აჩრდილობით მხილველთა სახოვნებითი და არა ბუნებითი ხედვაჲ არსებისა ღმრთისაჲ იხილეს, ვითარ-იგი დანიელ ძუელისა დღეთაჲსა პირი და ვითარცა ძისა კაცისაჲ სხუჲ პირი, მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა, და ესაია სახესა შინა და შესახედავსა სახოვნებითსა კაცობრივისა პირისასა ჩუენებით იხილა უფალი, მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა, არამედ არა საღმრთოჲსა ბუნებისა მხილველთა, ვითარცა სახესა რასმე შინა რაოდენ ეძლო მათ ხილვად და რაოდენ დასატევნელ იყო კაცობრივითა სახითა გამოცხადებაჲ მათდა უხილავისა და დაუსახველისა ღმრთისაჲ“37.

იგივე სწავლებას წარმოგვიდგენს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სულიერი მეგობარი, ღირსი თალასი, რომელმაც, თავისივე სიტყვების თანახმად, მახარებელთა რაოდენობის შესაბამისად, ოთხი ასეულისაგან შემდგარი გამონათქვამების კრებული დაწერა და ვინმე პავლე ხუცესს გაუგზავნა. პირველ ასეულში, კერძოდ, 59-ე გამონათქვამში, ვკითხულობთ:

„ვითარცა არსებით უცნაურ (შეუცნობელი; ი. ო.) არს ღმერთი, ეგრეთვე დიდებითა დაუსრულებელ არს“.

მორიგ მე-60 მუხლში იღუმენი თალასი ბრძანებს:

„რომლისა არსებისა დასაბამ და დასასრულ არა არს, მისისა არცა სიბრძნისა შესაძლებელ არს გამოკვლევაჲ“38.

მართალია, მოცემულ ვითარებაში საკუთრივ საღვთო ბუნების მიუწვდომლობაზე, ერთი შეხედვით, არაფერია ნათქვამი, მაგრამ შემოქმედის სიბრძის ყოველგვარ შემეცნებაზე აღმატებულება სწორედ იმ აზრისკენ მიგვმართავს, რომ ქმნილება ვერასოდეს განჭვრეტს ტრანსცენდენტული ღმერთის არსებას.

მეოთხე ასეულში (მუხლი 90) ვკითხულობთ:

„და ყოველნივე სიტყუანი სამებისა წმიდისათჳს თქმულნი, არა თუ მას მოასწავებენ, რაჲ იგი არს არსებაჲ და ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, რამეთუ ესე ყოვლითურთ გამოუთქუმელ არს და მიუწდომელ, და თჳთ თავადისა მის წმიდისა სამებისა მიერ ხოლო საცნაურ; არამედ სახელითა და სიტყუათა მიერ საქმეთა მისთა გულისჴმისყოფასა და დიდებასა წარმოაჩენს“39.

დამოწმებულ ეგზეგეტიკურ წყაროებში გადმოცემულ სწავლებას წმინდა გრიგოლ ნოსელის ღვთისმხილველობასთან დაკავშირებით გამოთქმული რამდენიმე შესაბამისი წინადადებით შევაჯამებთ:

„[საღვთო ბუნება] ... უზეშთაეს არს ყოვლისა ცნობისა და არარაჲსა სხჳსა მსგავსი“40; „... უზეშთაეს არს ყოვლისავე ცნობისა საძიებელი იგი, ვითარცა ნისლითა, გარემოხუეული მიუწთომელობითა“41; „... თჳსი საღმრთოჲსა ბუნებისაჲ ესე არს, რომელ უზეშთაეს არს ყოვლისა ხილვისა და მიწთომისა და შეუძლებელ არს ხილვაჲ მისი“42; „... ცხორების მომცემელი და ცხოველსმყოფელი იგი ბუნებაჲ უზეშთაეს არს ყოვლისავე ხილვისა და ცნობისა და მიწთომისა“43; „ესე არს ხილვაჲ მისი (ღმერთის; ი. ო.), რაჲთა ცნას [მოღვაწემ; ი. ო.] ჭეშმარიტებით, ვითარმედ შეუძლებელ არს მისი ხილვაჲ“44; „ესე არს ჭემარიტი ხილვაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არაოდეს დადგეს სურვილისა მისგან მისა მიმართ მხედველი იგი“45; „[ღმერთი] ყოვლისავე ნიშნიანისა ხატისაგან გარესკნელ არს“46.

კვლავ დავუბრუნდებით სტატიის დასაწყიში გამოთქმულ აზრს; სათქმელს შევაჯამებთ და აღვნიშნავთ, რომ სიტყვები: „არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს“ (გამოს. 33.20), პირველი მნიშვნელობის თანახამდ, ქმინლებისგან საღვთო ბუნებისა და არსების შეუცნობლობას, სრულ მიუწვდომლობას გულისხმობს, რასაც ეკლესიის მამათა ზემოდამოწმებული განმარტებები ერთხმად განაჩინებს; თუმცა ეგზეგეტიკურ შრომაში - „მოსეს ცხოვრება“ ღირსი გრიგოლ ნოსელი იმავე ბიბლიური ციტატის განსხვავებულ განმარტებასაც გვთავაზობს, რის გასააზრებლადაც წმინდა წერილში აღწერილ მოვლენებს მოვიხმობთ. კერძოდ, საქმე ისაა, რომ საკუთარი შემოქმედისადმი ტრფიალით აღსავსე მოსე წინასწარმეტყველის ღვთისმხილველობის მხურვალე სურვილს უფალი უპასუხებს და უცთომელ სწავლებას განუწესებს, თუ როგორ უნდა ისრბოლოს სულიერ ასპარეზზე შედგომილმა მოღვაწემ: „და ჰრქუა უფალმან: აჰა-ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა იხილო“ (გამოს. 33. 21-23).

წარმოდგენილი სიტყვების თანახმად, მოსეს კლდეზე დგომა განესაზღვრება (შდრ. „სდგე შენ კლდესა ზედა“), მოგვიანებით იგი კლდის ნაპრალში გადაინაცვლებს (შდრ. „დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა“), სადაც ღვთის «ხელი» დაეფარება მას (შდრ. „დაგფარო ჴელითა ჩემითა შენ ზედა“), უფლის დიდების ჩავლისას ღმერთი საკუთარ «ხელს» წინასწარმეტყველისაგან აიღებს (შდრ. „და აღვიღო ჴელი ჩემი“), ხოლო ნაპრალში მყოფი მოსე შეძლებს, მის წინაშე მსრბოლელი საღვთო დიდების ზურგის მხარეს უმზიროს (შდრ. „მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა იხილო“). ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი წინასწარმეტყველის კლდეზე დგომაში მოღვაწის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებულობას მოიაზრებს, ხოლო ნაპრალთან დაკავშირებით, რომელშიც საუფლო დიდების სრბოლისას იმყოფება მოსე, რომ იქიდან იხილოს მისთვის გაცხადებული თეოფანია, ასეთ ეგზეგეზისს გვთავაზობს: „ნაპრალად ღმრთისა კლდისა თქუა სარწმუნოებისა მიერი მეცნიერებაჲ“ (A 61; 290 v); ე. ი. ცოდნა, რომელიც გამოცხადებითაა მიღებული და რწმენაზეა დაფუძნებული. თუმცა მოქმედება ამაზე არ სრულდება: კლდეზე ამაღლებული (ე. ი. ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული), ხოლო შემდეგ კლდის ნაპრალში განამრტოებული (ე. ი. რწმენისმიერი საუფლო ცოდნით გამდიდრებული) წინასწარმეტყველი საღვთო ხელით დაიფარება. წმინდა გრიგოლ ნოსელი აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშნავს: „ჴელი ღმრთისაჲ არს ძალი იგი ყოველთა შემოქმედი, მხოლოდშობილი იგი ძჱ და ღმერთი, რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, რომელი-იგი კეთილად მსრბოლთათჳსცა ადგილი არს სრბისაჲ და გზაჲ, ვითარცა თავადი იტყჳს: „მე ვარ გზაჲ“ (იოან. 14.6) და მტკიცეთათჳს კლდე არს შეურყეველი და სახლ განსუენებისა. რომელიცა უკუჱ მის მიერ დაიფაროს, მაშინ ესმას ჴმაჲ იგი მწოდებელისაჲ მის და შემდგომად ჴმისა მისისაჲ განვიდეს“47. წარმოდგენილი სწავლების თანახმად, საღვთო «ხელში» ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი იგულისხმება, ვის მიერაც ღმერთის სამგვამოვნების საიდუმლო განეცხადება ქმნილებას.

ჭეშმარიტების შემმეცნებელი წინასწარმეტყველის წინაშე საკუთარი შემოქმედის დიდება ჩაივლის, მაგრამ მოსე ვერ იხილავს პირს ღვთისას (შდრ. „პირი ჩემი არა იხილო“), არამედ მხოლოდ ზურგის მხრიდან განჭვრეტს მას (შდრ. „მაშინ იხილო ზურგით ჩემსა“). ბუნებრივია, წინამდებარე შემთხვევაშიც წმინდა წერილისთვის დამახასიათებელ ღრმა სიმბოლიკასთან გვაქვს საქმე, რომლის შინაარსს საფუძვლიანად განგვიმარტავს ზემოხსენებული კაპადოკიელი მღვდელთმთავარი. აი, რას ბრძანებს იგი:

„და ამისთჳს უკუჱ გუასწავლის მოსე, რომელი ისწრაფდა ხილვად ღმრთისა, თუ რაჲ არს ხილვაჲ მისი, ანუ თუ ვითარ იხილვების ღმერთი, რამეთუ შემდგომად ღმრთისა სლვაჲ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ. რამეთუ წარსლვაჲ მისი შედგომასა მეორისასა მოასწავებს, ვინაჲთგან შეუძლებელ არს, თუმცა უმეცარმან გზისამან უცთომელად წარვლო გზაჲ, არათუ წინამძღუარსა შეუდგს. უკუეთუ კულა მარადის წინამძღურისა მის ზურგსა ხედვიდეს, არაოდეს მიდრკეს მართლისა გზისაგან; რამეთუ, რომელი არა ზურგსა ხედვიდეს წინამძღურისასა, არამედ ანუ პირისპირ დადგეს, ანუ გუერდსა მისსა ხედვიდეს, სხუაჲ გზაჲ მოუგიეს მას თავისა თჳსისაჲ და არღარა მას მისდევს. ამისთჳსცა ეტყოდა ღმერთი მოსეს, ვითარმედ: «პირი ჩემი არა გეჩუენოს შენ»; ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ პირისპირ იქნები წინამძღურისა, რაჲთა არა წინააღმდგომისა მიმართ იყოს გზაჲ შენი, რამეთუ კეთილი უვაღრესსა კეთილსა არა პირისპირ იქმნების, არამედ უკუანა შეუდგს, ხოლო უკეთურებაჲ კეთილისა მიმართ პირისპირ წინააღუდგების და ვნებაჲ სათნოებისა პირისპირ დგას. ხოლო სათნოებაჲ სათნოებასა არა აღუდგების წინაშე პირსა და მოსეცა უკუჱ არა პირისპირ დაუდგების ღმერთსა ხედვად, არამედ ზურგსა მისსა ჰხედავს; რამეთუ რომელი პირისპირ დაუდგეს, არა ცხონდეს, ვითარცა წამებს საღმრთოჲ იგი ჴმაჲ, ვითარმედ: «არა იხილოს კაცმან პირი» უფლისაჲ და «ცხონდეს»... ხოლო რომელი ესრეთ შეუდგს ღმერთსა, ესევითარსა მას არღარა შეეხების უკეთურებისა ღონეთაგან, არამედ მაღალ არს ყოვლისა ესევითარისაგან“48.

დამოწმებულ ეგზეგეზისში რამდენიმე საკითხი იქცევს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად, ადამისა და ევას დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ცოდნაში ნაკლებობა იყო, რაც ქმნილებისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებაა, მაგრამ შეცოდების თავიდან ასარიდებლად პირველმშობლებს შესაბამისი მცნებები განუსაზღვრა შემოქმედმა, რათა ჭეშმარიტი მოძღვრის სიტყვას მინდობილებს დაუბრკოლებლად ემუშაკათ ედემის ბაღში. თუმცა ბიბლიური ისტორიის თანახმად, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა: „კაცი პატივსა შინა იყო, - და მიუხედავად ამისა, - არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფსალ. 48.13)49. შესაბამისად, სამოთხის გარეთ დარჩენილ ადამიანს, მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით მოხმობილი სწავლების საფუძველზე, წმინდა წერილი სულიერი მოღვაწეობის სწორ მიმართულებას განუწესებს, რომ ქმნილება კვლავ არ დაუპირისპირდეს საკუთარ შემოქმედს. ღირსი გრიგოლ ნოსელის თანახმად, უხილავი ღვთის ჭვრეტაში უფლისადმი შედგომა, მის კვალზე მიყოლა იგულისხმება (შდრ. „შემდგომად ღმრთისა სლვაჲ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ“), რაც მოცემული მცნებების (ზოგადად, წმინდა წერილში გაცხადბული მოძღვრების) მიმართ დაქვემდებარებას გულსიხმობს, რადგან ადამიანს ყოველთვის სჭირდება ისეთი ვინმე, ვინც ჭეშმარიტ წინამძღვრობას გაუწევს მას, რომ თავად გზის არმცოდნემ დაუბრკოლებლად განვლოს ამასოფლის სარბიელი (შდრ. „შეუძლებელ არს, თუმცა უმეცარმან გზისამან უცთომელად წარვლო გზაჲ, არათუ წინამძღუარსა შეუდგს“)50; ხოლო წინამძღოლს შედგომილი მოღვაწე სიმბოლურად წინამსრბოლელის ზურგის მხილველად ითქმის, რადგან მხოლოდ ამგვარი განლაგების შემთხვევაშია შესაძლებელი უპირატესისაგან განუშორებლად მუდმივი წინსწრაფვა; ასეთი მიმართება კი (საღვთო დიდების «ზურგისკენ» ცქერა), ნისის ეპისკოპოსის თანამხად, ღვთისადმი სრული მინდობის შედეგია და კაცობრივი ნების საღვთო ნებისადმი განუხრელად დაქვემდებარებას გულისხმობს, რაც თავისთავად გამორიცხავს ამგვარად მსრბოლელის დაცემას, რადგან შემოქმედის ნებელობა მარადის სახიერია, ხოლო მისდამი მორჩილება (ღმერთისა და ადამიანის ნებელობათა სინერგია) საფუძველშივე აღმოფხვრის მცდარ არჩევანს. წმინდა გრიგოლ ნოსელის მიხედვით, თუკი ადამიანი ღვთის «პირის» (და არა საკუთრივ «ზურგის») ხილვას მოიწადინებს და აღნიშნულ საქმეს დაეშურება, მყისვე დაუპირისპირდება უფალს, რადგან საღვთო «პირის» ხილვა, თავისთავად ცხადია, რომ ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი: რაჟამს ბუნებით მოძღვრას მიდევნებული ადამიანი ადგილს მოინაცვლებს და საკუთარი შემოქმედის «პირისპირ» (წინააღმდეგ) დაიწყებს მოძრაობას და სწორედ ამაზეა ნათქვამი, რომ არ ძალუძს ადამიანს, ღვთის პირი იხილოს და იცოცხლოს (ე. ი. მარადული სიცოცხლის თანაზიარი გახდეს).

ზემოდამოწმებული განმარტებანი ასე ჯამდება:

„არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს“, ერთი მხრივ, საღვთო ბუნების სრულ მიუწვდომლობას გვიცხადებს, რომ ვერასოდეს შეიმეცნებს გონიერი ქმნილება დაუსაბამო ყოვლადწმინდა სამებას არსობრივად, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე სიტყვებით წმინდა წერილი სამეუფო გზის (სწორი მოღვაწეობის) შესახებ რჯულდებას წარმოაჩენს, რაც ერთადერთ შემთხვევაში - ჭეშმარიტი ღვთისადმი შედგომისას და ოდენ მისი „ზურგისკენ“ მზერისას - არის შესაძლებელი.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთი არცთუ უმნიშვნელო მოვლენისკენ მივაპყრობთ:

საქმე ისაა, რომ ნისის მღვდელთმთავრის შრომაში „მოსეს ცხოვრება“ დამოწმებულია ბიბლიური მუხლი, რომელიც წმინდა წერილის ძველ ქართულ თარგმანებში განსახვავებულად არის წარმოდგენილი51. კაპადოკიელი მოღვაწის ზემოხსენებული ეგზეგეტიკური ნაშრომის ბერძნული ენიდან მთარგმნელმა წმინდა ექვთიმე ათონელმა, ბუნებრივია, დედანში ასახული ციტატის თარგმანი წარმოგვიდგინა: „აჰა, ესერა ადგილი არს ჩემ თანა“ (შდრ. Gr. ἰδοὺ τόπος παρ’ ἐμοί). წმინდა გრიგოლ ნოსელი აღნიშნულ ბიბლიურ მუხლს ასე ეხმიანება: „ვჰგონებ უკუჱ, ვითარმედ ესევითარსა ძალსა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმცა ეტყოდა ღმერთი, ვითარმედ: ვინაჲთგან სურვილი შენი წინაჲთ კერძო გზიდავს მარადის და სრბისა შენისა განძღომაჲ არა არს, არა იცი განძღომაჲ კეთილთა, არამედ მარადის უმეტესისა მიმართ სურვიელ ხარ, აჰა ესერა, ესევითარი ადგილი გიჩუენო შენ სრბისა შენისაჲ, რომელი ვეროდეს დაჰლიო, ვერცა ჰპოვო დასასრული, ვერცა დადგე სრბისაგან, არამედ რავდენცა ჰრბიოდე, ადგილი სრბისაჲ არა დაგელიოს“52.

დამოწმებულ სწავლებას საღვთო გზაზე მსრბოლელი მოღვაწის მარადის წინაგაწვდომის შესახებ, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის თანახმად, «ეპექტასისი» ეწოდება, რაც, თავის მხრივ, პავლე მოციქულის სიტყვებს ეფუძნება (ფილიპ. 3. 13): „ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები“ (შდრ. ἀδελφοί, ἐγὼ ἐμαυτὸν οὐ λογίζομαι κατειληφέναι· ἓν δέ, τὰ μὲν ὀπίσω ἐπιλανθανόμενος τοῖς δὲ ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος53) და ამგვარ ასპარეზს ნისელი მღვდელთმთავარი საღვთო სიკეთეებით განუძღომლობას უწოდებს (შდრ. „ვინაჲთგან სურვილი შენი (მოსესი; ი. ო.) წინაჲთ კერძო გზიდავს მარადის და სრბისა შენისა განძღომაჲ არა არს, არა იცი განძღომაჲ კეთილთა, არამედ მარადის უმეტესისა მიმართ სურვიელ ხარ“).

იმავე შრომაში კაპადოკიელი მამა ერთგან შენიშნავს:

„... ესევითარი იგი სული უმაღლეს თავისა თჳსისა იქმნებინ სურვილით მით ზეცისა კეთილთაჲთა, მარადის წარმატებული წინამდებარისა მიმართ, ვითარცა მოციქული იტყჳს, და დღითიდღე უმაღლესისა მიმართ ყვის სლვაჲ თჳსი, რამეთუ რაოდენ ამაღლდებოდის, ეგეოდენ სურვიელ იქმნების წინამდებარისა მიმართ სიმაღლისა და ესრეთ დაუცადებელ იქმნის უმეტესად ამაღლებისა მიმართ აღორძინებაჲ ძალისა მისისაჲ“54.

სხვა: „ესე არს ჭემარიტი ხილვაჲ ღმრთისაჲ - არასადა განძღომაჲ სურვილითა მისითა, რამეთუ ჯერ-არს მარადის ხედვაჲ მისი და, რაოდენ შესაძლებელ იყოს ხილვაჲ, მის მიერ უმეტესისა მიმართ სურვილი“55.

იმავე საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე გამოხმაურებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის სხვა შრომაში სახელწოდებით - „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“. ღირსი მღვდელთმთავარი ბრძანებს:

„სამარადისოდ უვაღრესთა რათმე და გარდამატებულთა კეთილთა პოვნაჲ არა შეუნდობს წარსულთა მათ კეთილთა განცდად სურვილსა მას მომგებელისასა, რამეთუ შუებაჲ იგი უვაღრესთა მათ უდარესთა მათ პატიოსნებასა დაჰფარავს, ვინაჲცა ფილოსოფოსობაჲ საუფლოთა მათ მოძღურებათაჲ ესევითარი არს, ვითარ ჩუენ ვჰგონებთ“56.

სხვა: „არაოდეს დასცხრების სურვილი აღმავალისაჲ მის ცნობილთა მათ სიმაღლითა, არამედ უაღრესთა მიერ კუალად სხუათა უაღრესთა გულისთქუმათა მიმართ შემდგომითი შემდგომად აღვალს სული იგი ღმრთისმოყუარე და ყოვლადვე უვაღრესთა მიმართ აღსლვითა უსაზღვრო იქმნების და დაუსრულებელ“57.

სხვა: „რომელსა სუროდეს ხილვაჲ ღმრთისაჲ, მარადის შედგომითა მისითა იხილავს სასუფეველსა მას. და ხილვაჲ პირისა მისისისაჲ არს დაუცადებელად სლვაჲ მისა მიმართ და შედგომითა სიტყჳსაჲთა წარმართებული“58.

ეპექტასისის შესახებ უაღრესად საყურადღებო სწავლებას გვთავაზობს წმინდა გრიგოლ ნოსელის იმავე შრომაში „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“. ღირსი მოძრვარი ერთგან შენიშნავს:

„წარჰჴდა ოდესმე მოსესცა სასურველი იგი პირი უფლისაჲ და ესრეთვე პირი იგი შჯულისმდებელისაჲ; მარადის, სადა-იგი იყო, გარეშე იქმნებოდა და თანაწარსრულსა მას სიტყუასა შეუდგებოდა და არასადა დადგებოდა უაღრესისა მიმართ აღორძინებისაგან, რამეთუ დასაბამსა აღორძნდა, რაჟამს-იგი მეგჳბტელთა მეფობისა უმაღლეს შეჰრაცხა ყუედრებაჲ იგი ქრისტესი და უფროჲსღა აღირჩია თანაძჳრისხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა ქონებაჲ საწუთროჲსა მის ცოდვისა საშუებელისაჲ. და კუალად აღორძნდა, რაჟამს ერეოდა დაწუნებულსა მას ებრაელსა მეგჳბტელი იგი და შურისგებითა მით ისრაიტელისათჳს მოკლა მეგჳბტელი იგი... . კუალად უაღრეს იქმნა თავისა თჳსისა, რაჟამს-იგი მრავალჟამ უდაბნოთა შინა მოღუაწებითა უშფოთველად სცვიდა ცხორებასა თჳსსა. და მერმე ცეცხლითა მით მაყულისაჲთა განათლდა და შემდგომად მისა სასმენელიცა შარავანდედსა მას თანა ნათლისასა სიტყჳსა მიერ გაბრწყინდა და ამათ თანა განიშიშულნა ფერჴნი თჳსნი შესასხმელთა მათგან მკუდრისათა, მოსრნა კუერთხითა გუელნი იგი მეგვიპტელთანი, იჴსნნა მძლავრებისაგან ფარაოჲსა ტომნი თჳსნი, უძღოდა მათ საგრილითა ღრუბლისაჲთა. განაპო უფსკრული, დაანთქა მძლავრი, დაატკბო მერრანი, სუა კლდისაგან, განძღა ანგელოზთა საზრდელისაგან. ესმნეს საყჳრნი, მთასა მას მოტყინარესა შეჰკადრა, თხემსა მთისასა აღიწია, ღრუბელი განვლო, შინაგან ნისლისა შევიდა, სადა-იგი იყო ღმერთი59. შჯული მოიღო. მზედ შეიცვალა შეუხებელად და განუცდელად, რომლისა პირისაგან გამოჰკრთებოდეს ნათელნი და ყოველთავე მათ აღმაღლებათა მისთა და პირად-პირადთა ღმრთისმხილველობათა ვითარ ვინ უძლო სიტყჳთა წარმოთქუმად, გარნა ესრეთცა ესოდენი იგი და ესევითარი, რომელი ესოდენთა საქმეთა შინა შევიდა ესეოდენთა სიმაღლეთა მიერ ღმრთისა მიმართ ამაღლდა; წუთღა განუძღომელ არს გულისთქუმაჲ მისი უმაღლესთა სურვილთა მიმართ და პირისპირ ხილვად ღმრთისა ილოცავს. და ესე, ოდეს-იგი წამა მისთჳს სიტყუამან, ვითარმედ პირისპირ ღირს-იქმნა იგი ზრახვასა ღმრთისასა, არამედ არცა ვითარცა მეგობრისა მეგობრისა მიმართ ზრახვამან, არცა პირისპირ ღმრთისა მიმართ მეტყუელებამან უმაღლესთა გულისთქუმათაგან უძლეს დაყენებაჲ მისი, არამედ იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, განცხადებულად მიჩუენე მე თავი შენი. და რომელმან თხოვილისა მის მადლისა მიცემაჲ აღუთქუა და რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „გიცი შენ უფროჲს ყოველთა“ (გამოს. 33.17), თანა-წარვლო იგი, რაჟამს-იგი საღმრთოსა მას ადგილსა ჴურელსა ჴელისა მის მიერ საღმრთოჲსა დაფარა, ვიდრეღა შემდგომად წარსვლისა ძნიად სამე იხილა ზურგით მისა. და ვითარ ვჰგონებ, ამას გუასწავებს ჩუენ სიტყუაჲ ამის მიერ, ვითარმედ რომელსა სუროდის ხილვაჲ ღმრთისაჲ, მარადის შედგომითა მისითა იხილავს სასუფეველსა მას. და ხილვაჲ პირისა მისისაჲ არს დაუცადებელად სლვაჲ მისა მიმართ და შედგომითა სიტყჳსაჲთა წარმართებული“60.

დამოწმებულ სწავლებაში წმინდა გრიგოლ ნოსელი ღვთისადმი მოსეს განსაკუთრებულ სწრაფვას წარმოაჩენს, თუ როგორი გულმოდგინებითა და მოშურნეობით წარემატება დიდი იუდეველი მოღვაწე ღვთისშემეცნების საქმეში. ნისის მღვდელთმთავრი ბიბლიაში აღწერილ ცნობებს ემყარება და ეპექტასისის დასაწყისად მოსეს მხურვალე სურვილს წარმოგვიდგენს, რომ მიუხედავად ფარაონის სახლში ყოფნით განპირობებული კეთილდღეობისა, წინასწარმეტყველი სულიერად მარადის საკუთარი ხალხის მძიმე ხვედრს თანაეზიარებოდა (შდრ. „რამეთუ დასაბამსა აღორძნდა, რაჟამს-იგი... უფროჲსღა აღირჩია თანაძჳრისხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა ქონებაჲ საწუთროჲსა მის ცოდვისა საშუებელისაჲ“). შემდეგ დაჩაგრული თანატომელი დაიცვა და ეგვიპტელი მოაკვდინა, რაშიც კვლავ მოსეს სულიერი წინსწრაფვა განიჭვრიტება (შდრ. „და კუალად აღორძნდა, რაჟამს ერეოდა დაწუნებულსა მას ებრაელსა მეგჳბტელი იგი და შურისგებითა მით ისრაიტელისათჳს მოკლა მეგჳბტელი იგი“); ყოველი მორიგი მოვლენა (უდაბნოში მწყემსობა, შეუწველი მაყვალი, პირველი პასექი, მონობის ქვეყნიდან გამოსვლა, გზაში აღსრულებული მრავალი სასწაული, ქორების მთაზე რჯულის მიღება და ა. შ.) წარმოაჩენს, რომ საკუთარ თავს მარადის აღემატება მოსე და ბოლოს ისეთი საღვთო კადნიერებით განიმსჭვალება, თავად შემოქმედის განჭვრეტისთვის უთქვამს გული, რისთვისაც ღვთის მეგობრად იწოდება იგი და სწორედ ამ დროს შეიმეცნებს უმაღლეს ჭეშმარიტებას: „რომელსა სუროდის ხილვაჲ ღმრთისაჲ, მარადის შედგომითა მისითა იხილავს სასუფეველსა მას. და ხილვაჲ პირისა მისისაჲ არს დაუცადებელად სლვაჲ მისა მიმართ და შედგომითა სიტყჳსაჲთა წარმართებული“.

ეპექტასისის შესახებ მოძღვრებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში „შესხმაჲ წმიდისა გრიგოლი საკჳრველთმოქმედისაჲ“. ნეოკესარიის ეკლესიის საჭეთმპყრობლის სათნოებათა მაქებელი კაპადოკიელი მღვდელთმთავარი შენიშნავს:

„... სიჩჩოჲთგანვე ყოველსა სიყრმისა ჩუეულებათა განეშორა, ესე იგი არს ცხენოსნობასა და ნადირობასა და სამოსელთა სიკეთესა და მღერასა და განცხრომასა და შუებასა და ჭადრაგთა და ასპარეზთა ურგებსა შექცევასა, და ყოველი ძალი და გულსმოდგინებაჲ თჳსი სათნოებათა მოგებასა შემსჭუალა და უმეტეს და უმეტეს წარემატებოდა, რამეთუ მარადის პირველსა მას დაივიწყებდა და შემდგომსა მას მისწუდებოდა და განკრძალულად სდევდა გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა“61.

აქვე დავიმოწმებთ სხვა კაპადოკიელი მამის, წმინდა ბასილი დიდის შესაბამის მოძღვრებას:

„... რომელი მოიწყლას ისრითა მის სიყუარულისა მისისაჲთა (ე. ი. ღვთის სიყვარულით; ი. ო.), რაზომცა საღმრთოსა მას და მიუწდომელსა შუენიერებასა გულისჴმა-ჰყოფდეს, უმეტესად ემატების წყლულებასა მას სიყუარულისა მისისასა და რაზომცა ისწრაფდეს სურვილითა მით მისითა განძღომად, ეგზომცა განუძღომელ იქმნების იგი, რამეთუ გულისთქუმათა მათ ჴორციელთა შეუდგს განძღომაჲ, ხოლო საღმრთოჲ იგი სურვილი რაზომცა მიეცემოდის, ეგზომცა განუძღომელ არს“62.

მსგავს სწავლებას ვხვდებით წმინდა იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტებაში. კერძოდ, კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავარი ერთ-ერთი მუხლის კომენტირებისას (მათ. 5.6) დავით მეფის შესახებ საუბრობს და ერთგან ფსალმუნთა წიგნიდან შესაბამის მუხლს ციტირებს:

„ვითარცა სურის ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო! ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა (ფსალ. 41. 2-3)?“ და ბრძანებს: „რამეთუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ვჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღთქუმული ესე მცნებაჲ უფლისაჲ (იგულისხმება მეოთხე ნეტერება: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“) და განუძღომელი იგი განძღომაჲ ესევითართა მათ კეთილთაჲ“63.

ანალოგიური შინაარსის მოძღვრებას დაიტევს ღირსი თალასის ზემოხსენებულ შრომაში გაჟღერებული სიტყვები «დაუსრულებელი სისრულე», ე. ი. სისრულე, რომელიც არაამქვეყნიურია, მიღმიერია და წარმავალი სოფლიდან მარადისობაში გარდანაცვლებულ მოღვაწეს მარადის სიახლისკენ უწინამძღვრებს. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს:

„ნეტარ არს, რომელი მისწუდა დაუსრულებელსა სისრულესა; ხოლო იგი მისწუდა მას, რომელმან დასრულებადი ესე წიაღვლო“64.

წარმოდგენილ სწავლებებში არსებითი ისაა, რომ საღვთო მცნებათა გულწრფელად აღმსრულებელი მოღვაწე არასოდეს განიცდის თვითკმაყოფილებას, რადგან მისგან წვდომილი სათნოებით სხვა, აღმატებული სათნოებისკენ იწინამძღვრება იგი. შესაბამისად, ვინაიდან მოსაპოვებელი მარადის აღემატება მოპოვებულს, ხოლო სულიერი სრბოლის პროცესი გარეშემოუწერელი არის, ღვთისკენ მსწრაფველის მზერა მუდმივად წინაგაწვდენილია, რაც არ აძლევს მას შესაძლებლობას, დასჯერდეს მომუშაკებულს65.

--------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - შდრ. "და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩუენე დიდებაჲ თავისა შენისაჲ" (გამოს. 33.18).

2 - წმ. გრიგოლ ნოსელის სახელგანთქმულ "მოსეს ცხოვრებას" ვიმოწმებთ წმ. ექვთიმე ათონელის თარგმანით, ცნობილი ნუსხიდან P-3 (დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; გამოც. თ. აფციაური, წმინდა გრიგოლ ნოსელის "მოსეს ცხოვრება" და მისი ძველი ქართლი თარგმანი, თბ. 2004 წ. იხ. დანართი, გვ. 86).

3 - შდრ. ίδιον δε γνώρισμα (PG. t. 44: col. 404, B); ე. ი. საკუთარი თვისება, ნიშანი.

4 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 87.

5 - წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 230.

6 - „მერვე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი პოლიკარპოჲს მიმართ, ზმირნელ ეპისკოპოსისა“, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1988 წელი, გვ. 591.

7 - ზეციური იერარქია; წმ. დიონისე არეოპაგელი, ციური იერარქიის შესახებ; თარგმნა ედიშერ ჭელიძემ, გამომცემლობა მერმისი, 2006 წ., გვ. 23.

8 - შდრ. (გამოს. 3. 1-2): „და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა, მღდელისა მადიამელისათა, და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმრთისასა ქორებს. ეჩუენა მას ანგელოზი ცეცხლითა ალისაჲთა მაყულოანით გამო. და იხილა, ვითარმედ მაყულოანსა აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწუების“ (ბერძ. καὶ Μωυσῆς ἦν ποιμαίνων τὰ πρόβατα Ιοθορ τοῦ γαμβροῦ αὐτοῦ τοῦ ἱερέως Μαδιαμ καὶ ἤγαγεν τὰ πρόβατα ὑπὸ τὴν ἔρημον καὶ ἦλθεν εἰςτὸ ὄρος Χωρηβ ὤφθη δὲ αὐτῷ ἄγγελος κυρίου ἐν φλογὶ πυρὸς ἐκ τοῦ βάτου καὶ ὁρᾷ ὅτι ὁ βάτος καίεται πυρί ὁ δὲ βάτος οὐ κατεκαίετο).

9 - შდრ. (გამოსვ. 19.18): „ხოლო მთაჲ იგი სინაჲ კუმოდა ყოვლად, რამეთუ გარდამოსრულ იყო ღმერთი მას ზედა ცეცხლითა და აღვიდოდა კუამლი, ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ და განჰკრთა ერი იგი ფრიად“ (ბერძ. τὸ δὲ ὄρος τὸ Σινα ἐκαπνίζετο ὅλον διὰ τὸ καταβεβηκέναι ἐπ’ αὐτὸ τὸν θεὸν ἐν πυρί καὶ ἀνέβαινεν ὁ καπνὸς ὡς καπνὸς καμίνου καὶ ἐξέστηπᾶς ὁ λαὸς σφόδρα).

10 - შდრ. (გამოსვ. 20.21): „ხოლო მოსე შევიდა წყუდიადსა, სადა-იგი იყო ღმერთი“ (ბერძ. Μωυσῆς δὲ εἰσῆλθεν εἰς τὸν γνόφον οὗ ἦν ὁ θεός).

11 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 61-62.

12 - მსგავს სწავლებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში სახელწოდებით - „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“. კაპადოკიელი მღვდელთმთავარი ერთგან საკუთარ ძმას, წმინდა პეტრე სებასტიელს მიმართვას და ბრძანებს: „ხოლო უკუეთუ შენ, ვითარცა მთასა სინასა, მრავალი იგი ერი ქუე დაგიტევებიეს და უფროჲს სხუათასა აღმაღლებულ ხარ გონებითა და გნებავს, რაჲთა მოსეს თანა შეხჳდე ნისლსა მას უხილავთა ხილვისასა, სადა-იგი შევიდა და იხილა უხილავი იგი და უსმენელთა მათ სმენად ღირს იქმნა, და გნებავს ცნობად მაღალსა მას წესსა დაბადებულთასა...“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ედიშერ ჭელიძემ, საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალენდარი, გვ. 202; შდრ. PG. t. 44, col. 65, C). კაპადოკიელი მოძღვარი საკუთარ ძმას, სებასტიის ეკლესიის წინამძღოლს დიდი იუდეველი მოღვაწისადმი მბაძველად წარმოგვიდგენს და აღნიშნული აზრის გამოთქმისას წმინდა წერილის შესაბამის სწავლებას ემყარება. ნისელი მღვდელთმთავარი შრომაში „მოსეს ცხოვრება“ იმავე საკითხს ასე ეხმიანება: რაჟამს ებრაელმა ერმა სინას მთაზე ენით გამოუთქმელი, შემაძრწუნებელი გამოცხადება იხილა, თხოვნით მიმართა მოსეს, რომ ღმერთთან ეშუამდგომლა მას, თავად კი მთის ძირისკენ ისწრაფა. მარტო დარჩენილი და ზემსრბოლი წინასწარმეტყველი საღვთო წყვდიადში შეაბიჯებს (შდრ. გამოსვ. 20.21): „ხოლო მოსე შევიდა წყუდიადსა, სადა-იგი იყო ღმერთი“; ბერძ. Μωυσῆς δὲ εἰσῆλθεν εἰς τὸν γνόφον οὗ ἦν ὁ θεός), რაზეც კაპადოკიელი წმინდანი შენიშნავს: „და ვინაჲთგან იგინი (ერი; ი. ო.) განეშორნეს მას (მოსეს; ი. ო.) და მხოლოჲ დაშთა, მაშინ თავადსა მასცა ნისლსა შეჰკადრა და შინაგან უხილავთასა შევიდა. და იყოფოდა უხილავსა მას თანა უხილავად, რაჲთამცა გუასწავა, ვითარმედ უჴმს, რომელსა ენებოს ყოფაჲ ღმრთისა თანა, გარეგან ყოველთა ხილულთასა ყოფად და უხილავთა მიმართ და მიუწდომელთა აღყვანებაჲ გონებისა თჳსისაჲ, და რაჲთა მუნ ჰრწმენეს ყოფად ღმრთისა, სადა არა მისწუთების გონებაჲ. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მუნ, მოიხუნა საღმრთონი ბრძანებანი, რომელნი-იგი იყვნეს სწავლანი სათნოებისანი, რომლისა თავი არს ღმრთისმსახურებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა მის ბუნებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ყოვლისა ცნობისა და არარაჲსა სხვისა მსგავსი“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 14). დამოწმებულ სწავლებაში რამდენიმე საკითხზე მახვილდება ყურადღება. კერძოდ, ზეციური საუნჯის ძიება ქვეყნიურზე უარის თქმით და გონების უხილავისკენ აპყრობით არის შესაძლებელი. ამასთან, ამგვარი მოშურნეობით გულმოცემული და ღვთის შემეცნების დაუსრულებელ გზაზე შედგომილი მოღვაწე ბუნებრივად აცნობიერებს, რომ ყოველივეზე აღმატებულია უფალი და ვერავის მიამსგავსებ მას. სინას მთაზე ზეაღმსრბოლელი წინასწარმეტყველის შესახებ საყურადღებო სწავლებას გადმოსცემს წმინდა დიონისე არეოპაგელი შრომაში სახელწოდებით „საიდუმლო ღმრთისმეტყუელებისათვს“. მარტვილი მღვდელთმთავარი ერთგან ბრძანებს: „არათუ ლიტონად ებრძანა საკჳრველსა მოსეს, რაჲთა პირველად თჳთ განწმდეს; და კუალად, რაჲთა არა ესე ვითართაგან განეშოროს; და შემდგომად ყოვლისავე განწმედისა ესმა მრავალ ჴმობაჲ იგი საყჳრთაჲ და იხილნა ნათელნი მრავალნი სიწმიდით ელვარენი და მრავალ შარავანდედად გარდაფენილნი. ამისა შემდგომად განიყო მრავალთაგან და უწარჩინებულესთა მღდელთა მწუერვალობასა საღმრთოთა აღსავალთასა მიიწია; დაღათუ თჳთ ღმრთისა თანა ვერ მისწუთა, ხოლო იხილა არა თჳთ იგი, რომელი უხილავ არს, არამედ ადგილი, სადა-იგი დადგა-რომელი, ვითარ ვჰგონებ, ამას მოასწავებს, ვითარმედ უსაღმრთოესნი და უმწუერვალესნი ხილულთა და საცნაურთანი ზედადადებითნი რაჲმე სიტყუანი გარემოჲს ჰმოსიან უზეშთაესსა მას, რომელთა მიერ ზეშთა ყოველთა მოგონებათა გუეჩუენების მოსლვაჲ მისი საცნაურთა მათ სრულობათა წმიდათა მათ ადგილთა შემავალობითა“ (პეტრე იბერი, დასახ. შრომა, „საიდუმლო ღმრთისმეტყუელებისათვს“, გვ. 224-225).

13 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გულნაზ კიკნაძემ, თბილისი, 2013, გვ. 185.

14 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „შესხმაჲ წმიდისა გრიგოლი საკჳრველთმოქმედისაჲ“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი; 2/2009; გვ. 408-409. მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ ხსენებული ჰაგიოგრაფიული შრომა ჩვენამდე ორი ქართული თარგმანითაა მოღწეული. პირველი მათგანი წმინდა გიორგი მთაწმინდელს ეკუთვნის (იხ. დასახ. შრომა, გვ. 400-460), ხოლო მეორე - წმინდა ეფრემ მცირეს (იხ. დასახ. შრომა, გვ. 461-539). ვიმოწმებთ ათონურ თარგმანს. ხაზგასმული ნაწილის ეფრემისეული თარგმანი ასეთია: „ხოლო ვინაჲთგან შეუძლებელ არს გულისსიტყჳსაგან კაცობრივისა მიწთომად ბუნებასა მას ზეშთააღმატებულსა, ამისთჳსცა სარწმუნოებაჲ იქმნების ნაცვლად გულისსიტყჳსა“ (დასახ. შრომა, გვ. 471-472).

15 - ნისის ეკლესიის წინამძღოლი შრომაში „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“ საყურადღებო სწავლებას გადმოგვცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოღვაწეს განეცხადება შემოქმედი: „რომელმანცა უკუე ყოველნივე ძალნი სულისა თჳსისანი «ყოვლისაგანვე სხჳსა უკეთურებისა» (1 თეს. 5.22) განიწმიდნეს, ვიკადრებ და ვიტყჳ, ვითარმედ მას გამოეცხადოს ბუნებითი იგი კეთილი, რომელი-იგი არს ყოვლისავე კეთილისა და შუენიერებისა მიზეზი“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თბილისი, 2011 წ., გვ. 155).

16 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „დაბადებისათჳს კაცისა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა; ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2/2009; გვ. 124-125.

17 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika I, Orationes I, XLV, XLIV, XLI, Turnhout – Leuven) 1998, p. 30 (მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის „სიტყვათა“ ძველი ქართული თარგმანების დამოწმებისას, მთარგმნელის ვინაობის მიუთითებლობისას იგულისხმება, რომ წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის ტექსტით ვხელმძღვანელობთ).

18 - Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberika I, დასახ. შრომა, გვ. 31. არის შემთხვევები, როდესაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სხვადასხვა „სიტყვაში“ ესა თუ ის სწავლება, ფაქტობრივად, ზედმიწევნითი სიზუსტით მეორდება. საქმე ისაა, რომ კაპადოკიელ მღვდელთმთავარს, როგორც სხვათა განსწავლის ვალდებულების მქონეს, ბუნებრივია, ხშირად უწევდა, უწინარეს წარმოთქმული მოძღვრებანი მოგვიანებითაც შეეხსენებინა მსმენელისთვის. მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაბამის შედარებებს წარმოვადგენთ (45-ე სიტყვა; ექვთიმე ათონელის თარგმანი): „რამეთუ ყოველივე არსებაჲ შემოუკრებიეს და აქუს თავსა შორის თჳსსა, რომლისაჲ არცა დასაბამი არს, არცა დასასრული, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, მიუწთომელი და უსაზღვროჲ, რომელი გარეგან არს ყოვლისავე მოგონებისა და ჟამთა და ბუნებისა“ (Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika I, დასახ. შრომა, გვ. 30); შდრ. (38-ე სიტყვა; ექვთიმე ათონელის თარგმანი): „რამეთუ ყოველივე არსებაჲ შემოუკრებიეს და აქუს თავსა შორის თჳსსა, რომლისა არცა დასაბამი არს, არცა დასასრული, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, მიუწთომელი და უსაზღვროჲ, რომელი გარეგან არს ყოვლისავე მოგონებისა და ჟამთა და ბუნებისა“ (Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika III, Orationes XXXVIII, ed. a H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, Th. Othkhmezouri, M. Raphava (Corpus Christianorum, Series Graeca, 45, Corpus Nazianzenum, 12, Turnhout – Leuven), 2001, p. 68); როგორც ვნახეთ, ექვთიმე ათონელის მიერ შესრულებული ორი სხვადასხვა „სიტყვის“ (45-ე და 38-ე „სიტყვა“) დამოწმებული თარგმანები იდენტურია. ამჯერად იმავე ადგილის ეფრემისეულ თარგმანებს წარმოვადგენთ (45-ე სიტყვა; ეფრემ მცირე): „რამეთუ ყოველი ყოფაჲ თავსა შორის თჳსსა შეკრებულად აქუს, არცა დაწყებულად, არცა დაცხრომადად, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, წიაღუვლელი და შეუსაზღვრებელი, ზეშთ აღმვლდომი ყოვლისა მოგონებისა და ჟამთა და ბუნებისა“ (Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika I, დასახ. შრომა, გვ. 31); შდრ. (38-ე სიტყვა; ეფრემ მცირე): „რამეთუ ყოველი ყოფაჲ თავსა შორის თჳსსა შეკრებულად აქუს, არცა დაწყებული, არცა დაცხრომადი, ვითარცა უფსკრული რაჲმე არსებისაჲ, განუზომელი და უსაზღვროჲ, ზესთ აღმავალი ყოვლისა მოგონებისა და ჟამისა და ბუნებისა“ (Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 69). ჩვენი ვარაუდით, ვინაიდან რიგ ადგილებში გრიგოლ ღვთისმეტყველის „სიტყვათა“ ბერძნულ ტექსტში ზემოხსენებული მიზეზით იდენტური სწავლებები იყო გადმოცემული, წმინდა ექვთიმე ათონელი ასეთი მონაკვეთების თანხვედრისას ადრე შესრულებულ თარგმანებს იმოწმებს, მაშინ როდესაც ღირსი ეფრემ მცირე ყველა „სიტყვას“ თნამიმდევრულად, ხელახლა თარგმნის, ისე რომ უწინარეს თარგმანს აღარ იშველიებს, რაც ბუნებრივად განაპირობებს ეფრემისეულ რედაქციაში მცირეოდენ განსხვავებულობას.

19 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika I, დასახ. შრომა, გვ. 32-34.

20 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika I, დასახ. შრომა, გვ. 33-35.

21 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika V, Turnhout – Leuven), 2007, p. 132

22 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika V, დასახ. შრომა, გვ. 133.

23 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika VI, Turnhout – Leuven, 2013, p. 318.

24 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 68.

25 - Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 168.

26 - ხილულთა გზით უხილავი ღმერთის შემეცნების შესახებ სწავლებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“. კაპადოკიელი მოღვაწე ერთგან ბრძანებს: „კაცობრივი გონებაჲ ორთა ბუნებათა შინა მდგომარე არს, რომელთაგანი ერთი უჴორცო არს და გონიერ და უხრწნელ, ხოლო მეორე იგი - ჴორციელ და ნივთიერ და პირუტყუ. და რაჟამს-იგი ზიარებისაგან ზრქელისა მის და ქუეყანის ცხორებისა განწმნდეს სული სათნოებათა მიერ და აღიხილნეს თუალნი გონებისანი, თჳსებისა მიმართ საღმრთოჲსა არა დასცხრების გამოკულევად და გამოძიებად დასაბამისა მის არსთაჲსა, თუ რაჲ არს წყაროჲ იგი შუენიერებისა მის არსთაჲსა, ვინაჲ აღმოეცენების ძალი, ვინაჲ აღმოდის სიბრძნე ესე, რომელი ხილულთა შორის იხილვების... . და ვითარცა იგი წყაროჲსა თანა ქუეყანით აღმომავალი ქარი არა დაადგრების ტბათა შინა სიღრმისათა, არამედ პერულ იქმნების და თჳსებისა მიმართ ქართაჲსა აღმოვალს და რაჟამს წარვლის ბუშტმან მან გინა პერულმან პირი წყლისაჲ და მიიწიის კიდესა მისსა და ჰაერთა შეეზავის, მაშინღა დადგის აღმართ სლვისაგან. ესევითარივე საქმე იხილვების საღმრთოთა საქმეთა გამომეძიებელსა სულსა თანა, რამეთუ რაჟამს ქუეყანით უზეშთაესისა გულისჴმისყოფისა მიმართ გონებაჲ თჳსი აღამაღლოს და საქმეთა ღმრთისათა საკჳრველებანი გულისჴმა-ყვნეს, უმეტესისა მიმართ წარმატებად გამოკულევისა მის მიერ ვერ ჴელ-ეწიფების, ვერცა ძალ-უც, არამედ განკჳრდების და ადიდებს მას ამისთჳს ოდენ, რამეთუ ჰგიეს არსებასა შინა და იცნობს დაბადებულთაგან დამბადებელსა თჳსსა, განიცდის შუენიერებასა ცისასა და მნათობთა ბრწყინვალებასა... და ოთხთა მათ ჟამთა მიერ თავისა თჳსისა მიმართ მოქცეულსა, და ქუეყანასა და მცენარეთა მისთა და ყოველივე, რაჲ არს მას შინა, და განყოფილებასა მას და მრავალფერებასა მათსა, რომელნი ვლენან მას ზედა, და ცხორებასა და სახესა და წესსა და მრავალსახესა მას ცხოველთა ბუნებასა, რაოდენნი იგი წყალთა შინა იქცევიან და რაოდენნი ჰაერთა შინა მყოფ არიან, რომელნი-იგი ქუეყანასა ზედა ცხოვნდებიან, და მრავალფერთა მათ ნერგთა სახესა და პირად-პირადთა მცენარეთა და გემოთა თჳთებასა და სხუათა ყოველთავე, რომელთა მიერ საქმენი ღმრთისანი წარმოიჩინებიან, განიცდის სული საკჳრველებასა მათსა და განიზრახავს გონებასა შინა თჳსსა და დაამტკიცებს, ვითარმედ არს ღმერთი“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 295-296). ნისელი მღვდელთმთავარის თანახმად, როდესაც ყოველი ამაო საზრუნავის დატევებითა და სათნოებათა მოპოვების გზით განიწმინდება სული, გონების უხილავი თვალები აღეხილება ადამიანს და არსთა დასაბამის ძიებას შეუდგება იგი. კაპადოკიელი მოძღვარი ასეთ მოღვაწეს წყლის ფსკერიდან ამომავალ ჰაერს ადარებს, რომელიც ბუნებრივად ზედაპირისკენ ისწრაფვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში წყვეტს მოძრაობას, რაჟამს წყლის კიდეს მიაღწევს და თანაარს სტიქიონს (ე. ი. წყლის ზედაპირზე განფენილ ჰაერს) შეურთდება. საღმრთო საქმეთა გამომეძიებელი ადამიანი, მოიხილავს რა სამყაროს, კერძოდ, ციურ მნათობებს, წელიწადის დროთა ჰარმონიულ მონაცვლეობას, მცენარეთა მრავალფეროვნებას, ცხოველებს, თევზებსა თუ ფრინველებს და ყოველივეს, რაც ქვეყნიერებაზე მრავლად არის წარმოდგენილი, ქმნილებათა მშვენიერებით სულიერ განკვირვებაში მოსული მათ შემოქმედს განადიდებს და დაუოკებელი სურვილი აღეძვრება, გაიგოს, ვინ არის იგი და დაბადებულთა მიერ ყოველთა დამბადებელი ღმერთის შემმეცნებელი და სარწმუნოებრივ კლდეზე დაფუძნებული იტყვის: „არს ღმერთი“.

27 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 70).

28 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 172.

29 - Sancti Gregorii Nazianzeni opera; Versio iberika III, დასახ. შრომა, გვ. 175.

30 - წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ (გამონაკრები სწავლებანი), დასახ. შრომა, გვ. 24.

31 - Sources Chrétiennes, Théophile d'Antioche; Trois livres à Autolycus, t. 20, Paris, 1948, p. 66.

32 - წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 231.

33 - მსგავსი მოძრვრება გადმოცემულია წმინდა ანტონი დიდის VII ეპისტოლეში. კერძოდ, დიდი მეუდაბნოე მამა ერთგან ბრძანებს: „რომელმან თავი თჳსი იცნა, მან ღმერთი იცნა, ხოლო რომელმან ღმერთი იცნა, თანააცს მას თანყუანისცემად ღმრთისა ვითარ იგი ჯერ-არს“ (წმ. ანტონი დიდის ეპისტოლეთა ძველი ქართული ვერსია უძველესი (X ს.) სინური ხელნაწერების მიხედვით, ჟერარ გარიტი, 1955, გვ. 45; ტექსტი დამოწმებულია მცირედი კორექტირებით). იმავე სწავლებას ვხვდებით წმინდა სივიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სამადლობელ სიტყვაში. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „საიდან, როგორ შევიცნობდი, მეუფეო, რომ შენ, რომელიც ხარ უხილავი და შეუცველი, ჩვენსავე შიგნით იხილვები და შეიცვები?“ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, N 1, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, „სამადლობელი“, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომეტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 1994 წ., გვ. 15). ხსენებულ შრომაში ღირსი სვიმეონი ერთგან შენიშნავს: „ჰოი, სასწაულო! ვინც ცაში მყოფად მეგულვებოდა, მყისვე ვიხილე ჩემსავე შიგნით... . აი, ამგვარად გიხილე შენ, ჩემი ღმერთი, ხოლო აქამდე არ ვიცოდი და არც მჯეროდა, რომ იხილვება ღმერთი ვინმესგან (რამდენადაც კი შეიძლება დანახვა ღვთისა)“ (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, „სამადლობელი“, დასახ. შრომა, გვ. 18).

34 - შდრ. PG. t. 11, Ωριγένης Περί αρχών, De incarnatione Christi; col. 213-214.

35 - იხ. PG. t. 11, Ωριγένης Περί αρχών, De Deo („ღვთის შესახებ“), col. 121-130.

36 - Ориген; О началах; იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Origen/o_nachalah/#0_3; შდრ. PG. t. 11, Ωριγένης Περί αρχών, col. 128-129.

37 - დოგმატიკონი, I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ და დ. შენგელიამ; გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ, თბილისი, 2015, გვ. 162.

38 - აბბა თალასე, სიყვარულის, მარხვისა და სულიერი მოქალაქეიობის შესახებ პავლე ხუცესისადმი, გამოქვეყნებულია საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალედარში, გვ. 421.

39 - აბბა თალასე, სიყვარულის, მარხვისა და სულიერი მოქალაქეიობის შესახებ..., დასახ. შრომა, გვ. 455.

40 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 14.

41 - იქვე გვ. 62.

42 - იქვე, გვ. 86.

43 - იქვე, გვ. 87.

44 - იქვე, გვ. 62.

45 - იქვე, გვ. 86.

46- წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 312.

47 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 92.

48 - იქვე, გვ. 93.

49 - წმინდა გრიგოლ ნოსელი ფსალმუნის აღნიშნულ სიტყვებს, უპირველეს ყოვლისა, ადამსა და ევას განუკუთვნებს, რაც შემდგომში მთელი კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის წარმომჩენი გახდა. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „ვინაჲცა დიდი დავით წყალობისათჳს კაცობრივისა უბადრუკებისა, ესევითართა სიტყუათა მიერ ჰგოდებს ბუნებასა ჩუენსა და იტყჳს, ვითარმედ: «კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო». პატივად უწოდა ანგელოზთა სწორებასა, და მერმე იტყჳს, ვითარმედ: «ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ». და ჭეშმარიტად პირუტყულ არს პირუტყული ესე შობაჲ, რომელი შეიწყნარა ბუნებამან ჩუენმან ნივთიერითა ამით ქცეულებითა და ხრწნილებითა“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „დაბადებისათჳს კაცისა“, დასახ. შრომა, გვ. 157).

50 - ძირითადი თემიდან მცირედს გადავუხვევთ და შევნიშნავთ, რომ წინამძღვრისადმი დაქვემდებარების აუცილებლობაზე საგულისხმო მსჯელობას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“. კაპადოკიელი მღვდელთმთავარი ერთგან „ეკლესიასტეს“ წიგნის სიტყვათა საყურადღებო განმარტებას წარმოგვიდგენს და ბრძანებს: „და ვინაჲთგან მრავალნი არიან შემავალ ამას ცხორებასა უმეცარნი და გამოუცდელნი, ესემცა არს ღონე მათი, რაჲთა პირველ ყოვლისა პოვონ წინამძღუარი ამის გზისაჲ და მასწავლელი კეთილი, რაჲთა არა უმეცრებისა მათისაგან უგზოთა შინა და ეკლოვანთა შესცთენ. რამეთუ «კეთილ არიან ორნი უფროჲს ერთისა» (ეკლეს. 4.9), ვითარცა სოლომონ იტყჳს, და ადვილად დაეცემის ერთი იგი, რაჟამს უმეცარ იყოს, მტერისა მიერ, რომელი უმზირის ყოველსა კაცსა. და ჭეშმარიტად «ვაჲ არს ესევითარისა მის», სიტყჳსაებრ მისვე ბრძნისა სოლომონისა, რამეთუ «რაჟამს დაეცეს, არავინ ჰყავნ აღმადგინებელი» (ეკლეს. 4.10)“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, დასახ. შრომა, გვ. 188-189). თავად მოძღვართან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იღვაწოს სწორად მან, უმნიშვნელოვანეს ეგზეგეზისს გვთავაზობს წმინდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების კომენტირებისას. კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავარი ერთგან ბრძანებს: „არა ამისგან უჴმს შიში წინამძღუარსა, ნუუკუე თქუან მისთჳს ბოროტი, ანუ დევნონ, გინა აყუედრონ, არამედ ამისგან უჴმს შიში, უკუეთუ წადიერობითა მით წინამძღურობისა და პატივისაჲთა იპოოს თანააღმყოლელ და არა მაბრალობელ მოქმედთა ბოროტისათა, რამეთუ მაშინ განქარდეს, ვითარცა მარილი, და უჴმარ იქმნას. უკუეთუ კულა ეგოს წინააღდგომასა და მხილებასა შინა ბოროტისმოქმედთაჲსა, მაშინ უხაროდენ, რამეთუ ესე არს საქმე მარილისაჲ, რაჲთა შეუჴდებოდის და ატკივნებდეს წყლულებასა და ამით სახითა იცვას იგი დალპობისაგან და სიმყრალისა. და მერმე ტკივნეულთა მათგან და მოწყლულთა მრავალგზის იქმნის ბოროტის-ზრახვაჲ და გინებაჲ მკურნალისა მის და წამლისა მის მატკივნებელისაჲ, არამედ არას ავნებს ესე ჭეშმარიტსა მას წინამძღუარსა და უფროჲსადღა გამოაჩინებს ძლიერებასა და სიკეთესა მისსა. ხოლო უკუეთუ შიშითა მით ბოროტისსიტყჳსა და შეურაცხებისაჲთა იქმნას განმცემელ ჭეშმარიტებისა და ჯეროვნისა მის სიფიცხისა, აქაცა ფრიად უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ საწუნელ და შეურაცხ და უმეტესად საყუედრელ იქმნას, რამეთუ ესე მოასწავა სიტყჳთა მით, ვითარმედ: „დათრგუნვად კაცთა მიერ“ (მათ. 5.13), და მერმესა მას საუკუნესა სასყიდლით დადგინებულთა მათ მწყემსთა თანა შეირაცხოს, განმრყუნელთა სამწყსოჲსათა“ (წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 240).

51 - Gr. Gr. ἰδοὺ τόπος παρ’ ἐμοί (იხ. PG. t. 44; col. 405). შდრ. (გამოს. 33. 21): „აჰა-ესერა, ადგილი შენ წინაშე“ (ნუსხები: OBS); „აჰა, ადგილი მთა“ (ნუსხები: AKC). როგორც ვხედავთ, არცერთი ნუსხის დამოწმებული მონაცემი ბერძნული ციტატის შინაარს ზედმიწევნითი სიზუსტით არ ასახავს.

52 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 89.

53 - მიმღეობა ἐπεκτεινόμενος მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან ἐπεκτείνω, რაც „სწრაფვას“, „მიწვდენას“, „წვდომას“ ნიშნავს.

54 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 84-85.

55 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „მოსეს ცხოვრება“..., დასახ. შრომა, დანართი, გვ. 88.

56 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 179.

57 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 231.

58 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 311.

59 - შდრ. „ხოლო მოსე შევიდა წყუდიადსა, სადა-იგი იყო ღმერთი“ (გამოსვ. 20.21).

60 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, დასახ. შრომა, გვ. 309-311.

61 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, შესხმაჲ წმიდისა გრიგოლი საკჳრველთმოქმედისაჲ, დასახ. შრომა, გვ. 407 (ვიმოწმებთ გიორგო მთაწმინდელის თარგმანს).

62 - წმინდა ბასილი დიდი, „სწავლანი ლოცვისათჳს“, თბილისის სასულიერო აკადემია, გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული III, თბილისი, 2015, გვ. 50.

63 - წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 227.

64 - აბბა თალასე, სიყვარულის, მარხვისა და სულიერი მოქალაქეობის შესახებ..., დასახ. შრომა, გვ. 420.

65 - ეპექტასისის შესახებ დაწვრილებით იხ. მშვენიერებათმოყვარეობა II, თბ. 2013, გვ. 484-499; 638.

 

ტექსტი გამოქვეყნებულია თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების VII ტომში, 2016 წ. 23-57 გვ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 DECEMBER 2017 21:58)