საკითხი, რომლის განხილვასაც წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით, შემდეგია: იცოდნენ თუ არა ძველი აღთქმის მართლებმა (დავაკონკრეტებთ, მამათმთავრებმა და წინასწარმეტყველებმა), რომ ერთარსი ღმერთი სამპიროვანია. დავიმოწმებთ წმინდა ანასტასი სინელის შესაბამის სწავლებას: „ხოლო უკუეთუ ეძიებ, თუ რომლისა მადლისათჳს ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი ყოვლით-კერძო წერილისა პირისა ღმრთისა გამოჩინებასა და მოსლვასა ეძიებდეს და ილოცვიდეს და მოელოდეს და არა ბუნებისასა, ისმინე ამისთჳს ერთბამად მამობრივიცა და სარწმუნოჲ სიტყუაჲ და ნუ წინააღუდგები. მეცნიერ უკუე იქმნნეს მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი და მამათმთავარნი (μακάριοι προφῆται καὶ πατριάρχαι), ვითარმედ არა ზიარობისათჳს ბუნებისა წმიდისა სამებისა ყოვლითურთსა სავსებასა სამთავე პირთა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა - უკანაჲსკნელთა ჟამთა ქუეყანასა ზედა გამოჩინებაჲ და განჴორციელებაჲ ეგულების, არამედ ერთსა პირსა (ἔν πρόσωπον), რომელ არს ღმერთი სიტყუაჲ (Θεὸς Λόγος). ამის მადლისათჳს არა სამობითისა არსებისა ღმრთისა მოსვლასა იტყოდეს, არამედ პირისა ღმრთისა (προσώπου Θεου) გამოჩინებასა ქადაგებდეს“1.

ღირსი ანასტასი სინელის დამოწმებული სწავლების თანახმად, წმინდა წერილის სულიერად შემმეცნებელი წინასწარმეტყველები, რომლებმაც უწყოდნენ, რომ ერთია (τὸ κοινὸν) საღვთო ბუნება, არათუ ხსენებული ბუნების განკაცებას მოელოდნენ, არამედ ღვთის პირის, ე. ი. ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის გამოჩინების (განხორციელების) ჟამს ეძიებდნენ. სინელი მოღვაწე სრულიად მკაფიოდ განმარტავს ამგვარი მოლოდინის განმაპირობებელ მიზეზს და გვაუწყებს, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე მამათმთავრებმა და წინასწარმეტყველებმა სულიწმინდით შეიმეცნეს ღვთის სამპიროვნულობა და სწორედ ამიტომ არ ქადაგებდნენ მამის, ძისა და სულიწმინდის განკაცებას, არამედ ღმერთი სიტყვის (შდრ. Θεὸς Λόγος), ე. ი. ძე ღმერთის მოვლინების შესახებ მაუწყებლობდნენ. შესაბამისად, საღვთო პირთა სიმრავლის (სამგვამოვნების) მჭვრეტელმა მამათმთავრებმა და წინასწარმეტყველებმა ისიც უწყოდნენ, თუ საკუთრივ რომელი ჰიპოსტასი შეიერთებდა კაცობრივ ბუნებას (ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო დოგმატების მიხედვით, დამოწმებული სინტაგმა - Θεὸς Λόγος მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს მიემართება და არანაირად მამის ან სულიწმინდის ჰიპოსტასებს. ამასთან, წმინდა ანასტასი სინელის თანახმად, ზემოგაცხადებული სწავლება «მამებისეული (ე. ი. ეკლესიის მამათა; ი. ო.) და ამასთანავე, სარწმუნო სიტყვაა» (შდრ. „ერთბამად მამობრივიცა და სარწმუნოჲ სიტყუაჲ“; [PG. t. 89; col. 133, B]: λόγον πατρικὸν ὁμοῦ τε καὶ πιστόν), რასაც არავინ უნდა დაუპირისპირდეს).

ვინაიდან ზემოხსენებული საკითხი უაღრესად საყურადღებოა, განხილვას განვაგრძობთ და შევნიშნავთ, რომ შესაძლოა, ძველი აღთქმის მართალთა მიერ ღვთის სამპიროვნულობის შემეცნებასთან დაკავშირებული სწავლება მხოლოდ წმინდა ანასტასის მოძღვრებად მიიჩნიოს ვინმემ და უფრო არგუმენტირებული, სხვა წყაროებით გამყარებული ანალიზი მოითხოვოს. საქმე ისაა, რომ დამოწმებული სწავლება მართლაც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, წმინდა ანასტასი სინელს ეკუთვნის, მაგრამ მისი შრომის ქართული თარგმანის ავტორი ქრისტიანული ეკლესიის ასევე უდიდესი მოღვაწე, წმინდა ეფრემ მცირის მოწაფე და გელათური მთარგმნელობითი სკოლის ფუძემდებელი - ღირსი არსენ იყალთოელია, რომელმაც დოგმატური საკითხების შემცველი რამდენიმე ათეული ძეგლი თარგმნა ქართულ ენაზე და შედგენილ კრებულს შესაბამისი სახელი - «დოგმატიკონი» უწოდა. სწორედ ხსნებულ კრებულში შედის ანასტასი სინელის მიერ დაწერილი ძეგლი „წინამძღუარი“.

დარწმუნებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თუკი წმინდა არსენი არ გაიზიარებდა ღირსი ანასტასი სინელის ზემოდამოწმებულ უმნიშვნელოვანეს სწავლებას, არც სათარგმნი წყაროების ნუსხაში შემოიტანდა მას; ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ ადგილს გარდაუვალი უეჭველობით შესაბამის კომენტარს დაურთავდა, რომ ქართველი მკითხველი „გაუკუღმართებული დოგმატური მოძღვრების“ გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო უნებლიეთ. ამგვარი აზრის გამოთქმისკენ იმავე მოღვაწის კიდევ ერთი თარგამნი მიგვმართავს. კერძოდ, «დოგმატიკონში» შემავალი ერთ-ერთი შრომა წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს, ნიკიტა სტითატს ეკუთვნის. ესაა ხუთი პოლემიკური სიტყვა სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ. მეხუთე სიტყვაში ხსენებული მოძღვარი ერთგან უცომო და გაფუებული პურის შესახებ მსჯელობს და მათთან დაკავშირებით წმინდა წერილში გამოყენებული ტერმინების შესახებ საუბრობს. სტითატის ხსენებულ შრომაში ვკითხულობთ: „არამედ ყოველი ძუელიცა წიგნი სხუა-ყოფასა იტყჳს პურისასა და სხუასა - უცომოჲსასა. რამეთუ აბრაამის ზე ჴუეზათა იტყჳს სამთა, ხოლო ლოთის ზე - უცომოსა. და მოსე «მოუწოდეთო, - თქუა, - რაგოელს, რაჲთა ჭამოს პური» (შდრ. გამოს. 2.20). და ესრეთ არს ჩვეულებაჲ წერილისაჲ, რაჲთა არცა პურსა უცომოდ იტყოდის, არცა უცომოსა - პურად“2.

საქმე ისაა, რომ ნიკიტა სტითატის ბერძნულენოვან ტექსტში არადოგმატური, ფაქტობრივი უზუსტობაა დაშვებული. კერძოდ, წმინდა წერილის თანახმად, მას შემდეგ, რაც ეგვიპტიდან გაქცეული მოსე მადიამელი რაგოელის შვიდ ასულს ცხვრის დარწყულებაში დაეხმარა, შვილებმა მამას უამბეს მის შესახებ, რაგოელმა კი მადლიერების ნიშნად მოსე თავისთან მიიხმო, რომ ერთად ეჭმათ პური: „ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა თჳსისა იოთორისთა. და ვითარცა მოვიდეს ვსებად წყალსა, ვიდრემდე აღივსნეს წყლის სასუმელნი იგი, რაჲთა ასუან ცხოვართა მამისა თჳსისათა, მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი. აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოუვსო წყალი და ასუა ცხოვართა მათთა. და შევიდეს იგინი იოთორისა, მამისა მათისა. ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს? ჰრქუეს მათ: კაცმან ვინმე მეეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და აღმომივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა. ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსა დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას (ე. ი. მოსეს; ი. ო.), რაჲთა ჭამოს პური. და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, ცოლად მოსეს“ (გამოს. 2. 16-21). ნიკიტა სტითატის ზემოდამოწმებული შრომის ბერძნული დედანი კი მოსეს მიერ პურის საჭმელად რაგოელის მიწვევას გვაუწყებს (კვლკავ დავიმოწმებთ შესაბამის ძველ ქართულ თარგმანს: „და მოსე «მოუწოდეთო, - თქუა, - რაგოელს, რაჲთა ჭამოს პური»“).

წმინდა არსენ იყალთოელმა აღნიშნულ ადგილს აშიაზე ჩვენთვის საყურადღებო განმარტება დაურთო: „მოსესთჳს თქუა ჰრაგოელ, ვითარ-იგი „გამოსვლათასა“ წერილ არს, ვითარმედ „მოუწოდეთო მოსეს, რაჲთა ჭამოს პური“ (გამოს. 2. 20). გარნა ამის წიგნისა დედასა ბერძულსა ესრეთ ეწერა, ვითარცა ესერა აქა დამიწერია. არა თუ ანუ ბერძული ვერ გამიგონებია (ე. ი. შინაარსი ვერ გამიგია; ი. ო.), ანუ წერილისა სიტყვა არა მჴსოვნებია. შემინდვეთ თავისა მართლებისათჳსო. არსენი“3.

შესაბამისად, სათარგმნი წყაროებისადმი საქართველოს ეკლესიის უდიდესი წმინდანის ამგვარი დამოკიდებულება უპირობოდ ცხადყოფს ერთ რამეს: ღირსი არსენი წმინდა ანასტასი სინელის სწავლებას რომ არ ეთანხმებოდეს და მცდარად მიიჩნევდეს მას, ქართველ მკითხველს აშიაზე მიანიშნებდა აღნიშნულის შესახებ; მაგრამ, ვინაიდან დიდმა მოძღვარმა სინელი მამის შრომაში გამოთქმულ აზრს დუმილით აუარა გვერდი, სწორედ ამით დაამოწმა, რომ სრულად იზიარებს სწავლებას ძველი აღთქმის მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა მიერ ღვთის სამპიროვნულობის შემეცნების შესახებ.

განხილვას კვლავ განვაგრძობთ იმ მიზანდასახულობით, რომ ჩვენი ზემოდამოწმებული მსჯელობა კიდევ მეტად გამყარდეს, ისევ წმინდა არსენ იყალთოელის მიერ ანასტასი სინელის შრომაზე „წინამძღუარი“ დართულ ანდერძს წარმოვადგენთ მკითხველის წინაშე: „დაესრულა «წინამძღუარი» წმიდისა ანასტასი სინელისაჲ კონსტანტინუპოლის მონასტერსა შინა წმიდასა გიორგისა მანგანას. შენდა მადლობაჲ, წმიდაო თანაარსო, ზესთაარსთაო სამებაო, ერთღმრთეებაო, რომლისა გამოუთქუმელთა კაცთმოყუარებათა გარდამატებულითა ურიცხუებითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა და ლოცვითა ბერთა ჩემთა იოვანე რატეულისაჲ და გიორგი ქართველისაჲთა ღირს-ვიქმენ მე, უუნდოესი ყოველთა დაბადებულთა შენთაჲ, მდაბალი მონაზონი არსენი ბერძულისაგან ქართულად თარგმანებასა წმიდისა ამის წიგნისასა, რომელი-ესე (ეს წიგნი, «წინამძღუარი» - ი. ო.) ნამდჳლვე სეხნად სახელისა თჳსისა წინამძღუარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაჲ და თუალი, რომლითა ჰხედავს, და პირი, რომლითა ზრახავს, და სასმენელი, რომლითა ესმინ ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი, და საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა ყუავილთასა და მარჯუენე მკლავი, რომლითა ესრის და სდევნის სამწვალებლობთა მჴეცთა გესლიანსა სიბოროტესა“4.

დამოწმებული ანდერძი, ვფიქრობთ, ყველანაირ ეჭვს გაფანტავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა არსენს ანასტასი სინელის მიერ საკუთარ შრომაში შემოკრებილი სწავლებების მიმართ. კვლავ გავიმეორებთ შთამბეჭდავ ეპითეტებს, რომლებიც ღირსმა იყალთოელმა მოძღვარმა უშურველად განუკუთვნა სინელი მამის ნამოღვაწარს: „წინამძღუარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაჲ და თუალი ... და პირი ... და სასმენელი ... და საყნოსელი ... და მარჯუენე მკლავი, რომლითა ესრის და სდევნის სამწვალებლობთა მჴეცთა გესლიანსა სიბოროტესა“.

შესაბამისად, წმინდა ანასტასი სინელის სწავლება ძველი აღთქმის მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა მიერ საღვთო ჰიპოსტასთა სიმრავლის (ღმერთის სამპიროვნულობის) ცოდნის შესახებ, ღირსი არსენ იყალთოელის სიტყვებით რომ ვთქვათ, უცთომელი საეკლესიო მოძღვრებაა, რითაც მწვალებელ მხეცთა გესლიანი სიბოროტე განიდევნება.

მიუხედავად ზემოდამოწმებული მსჯელობისა, შესაძლოა, კვლავაც დარჩეს ვინმეს უკმარისობის განცდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხმობილ მოძღვართა სიმცირის მიზეზით (განხილულ წყაროებში მხოლოდ წმინდა ანასტასი სინელისა და წმინდა არსენ იყალთოელის შესახებ იყო საუბარი). ამიტომაც ამჯერად ღირსი გრიგოლ პალამას შესაბამის სწავლებას დავიმოწმებთ. კერძოდ, თესალონიკელი მღვდელთმთავარი შრომაში - „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ“ ასეთ მოძღვრებას გადმოგვცემს: „ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წინასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში, - საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით“5.

წმინდა გრიგოლ პალამას დამოწმებული სწავლების თანახმად, ახალ აღთქმაში გაცხადებული დოგმატები ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველებისთვისაც იყო საცნაური, თუმცა კონკრეტულად რომელ დოგმატებს გულისხმობდა თესალონიკელი მღვდელთმთავარი, მოხმობილ ციტატაში არ გამოკვეთილა (წინადადების დასასრულ ნაწილში სამერმისო მისაგებელის შესახებ არის საუბარი, რასაც ამასოფლიდან მარადისობაში გარდანაცვლებული წმინდანები ეზიარებიან).

ღირსი მოძღვარი მსჯელობას განაგრძობს და ზემოგანხილულ თემას ასე ეხმიანება: „ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს, - რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი, - ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძალულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა: ,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს“ (მარკ. 12.19), - ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანახმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი, - მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, - გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში - ყველასათვის ნათელი გახდება, რომ თანახმიერია ცხად [საქმეებთან] ამჟამინდელი საიდუმლონიც“6.

ამის შემდეგ ღირსი მოძღვარი ზემოთქმულს ასე შეაჯამებს: „გვმართებს განვჭვრიტოთ ისიც, რომ თუმცა ღმრთეების სამგვამოვნება მოგვიანებით გაცხადდა ქვეყნის კიდემდე, არანაირად არ დაუზიანებია იგი ერთმთავრობის შესახებ სწავლებას; პირიქით, ზედმიწევნითაც შეიცნობოდა (შდრ. [PG. t. 150; col. 1228, B]: ἀκριβῶς ἐγινώσκετο, თვით საქმეთა ახდომამდე, იმჟამინდელ წინასწარმეტყველთაგან, და კეთილშეწყნარებულიც იყო იმ პირთა მიერ, წინასწარმეტყველთ რომ მაშინ ყური უგდეს“7.

ვფიქრობთ, ხაზგასმულ ნაწილში გადმოცემული სწავლება სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს წმინდა გრიგოლ პალამას დამოკიდებულებას ზემოგანხილული საკითხისადმი: თესალონიკელი მღვდელთმთავარი წმინდა ანასტასი სინელის მოძღვრებას იმეორებს და ნათლად განაჩინებს, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველებს ზედმიწევნითი დოგმატური სიზუსტითა (ἀκριβῶς) და სისავსით ეუწყათ ღვთის სამპიროვნულობის საიდუმლო და, ამასთან, გულწრფელად ურთიერთობაში შემოსულ ადამიანებსაც განუცხადებდნენ მას.

დასტურად იმისა, რომ წმინდა გრიგოლის დამოწმებული სწავლება არა მხოლოდ მისი შეხედულებაა, არამედ საყოველთაო საეკლესიო რჯულდება, ერთ მნიშვნელოვან მოვლენას მივაპყრობთ ყურადღებას. საქმე ისაა, რომ თესალონიკელმა მოღვაწემ დასახელებულ შრომაში - „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ“ - თაბორზე მაცხოვრის მიერ მოციქულებისთვის გაცხადებული ნათლის უქმნელობაზე ისაუბრა. ღირსი მღვდელთმთავარი შესაბამისი არგუმენტებით წარმართავს მსჯელობას და მის თანამედროვეთა შორის არსებულ ცრუ შეხედულებებს ამხელს. „ტომოსში“ განხილული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანი იყო ათონზე მოღვაწე მამებისთვის, რომ ოცდაერთმა სასულიერო პირმა საკუთარი ხელმოწერით დაამოწმა წმინდა გრიგოლ პალამას გადმოცემული სწავლების ჭეშმარიტება.

წარმოვადგენთ შესაბამის ადგილს: „ეს გვისწავლია წერილისაგან, ეს მიგვიღია ჩვენი მამებისაგან, ეს შეგვიცვნია მცირე გამოცდილებით (დავაკონკრეტებთ: თაბორის მთაზე გაცხადებული ნათლის უქმნელობასთან ერთად სწავლება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ ღვთის სამპიროვნულობის ცოდნის შესახებ, რადგან სწორედ ხსენებული საკითხის განხილვით იწყებს წმინდა გრიგოლ პალამა საკუთარ „ტომოსს“; ი. ო.), ეს არის ის, რაც მღვდელმონაზონთა შორის უპატიოსნესმა ძმამ ჩვენმა, უფალმა გრიგოლმა დაწერა სამღვდელოდ მემყუდროეთათვის, და რასაც, როგორც წმინდანთა გადმოცემებისადმი ზედმიწევნით მიდევნებულს, წამკითხველთა დასარწმუნებლად ხელს ვაწერთ: პროტოსი წმინდა მთის ღირს მონასტერთა მღვდელმონაზონი ისააკი; წინამძღვარი ღირსეული სამეფო და წმინდა ლავრისა, თეოდოსი მღვდელმონაზონი; ხოლო ჰქონდა ხელმოწერა იბერთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე; წინამძღვარი ბატოპედის ღირსეული და სამეფო მონასტრისა, მღვდელმონაზონი იოანიკიოსი; ხოლო ჰქონდა ხელმოწერა სერბთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე; უნარჩევესმა მღვდელმონაზონმა ფილოთეოსმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე; მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი [მოძღვარი] ესფიგმენის ღირსეული მონასტრისა, ამფილოქე; მღველმონაზონთა შორის უუნდოესმა გერასიმემ, ვნახე რა და წავიკითხე ღვთისმოყვარეობით დაწერილნი და მივიღე რა, ხელი მოვაწერე; უუნდოესმა ბერმა და მონაზონთა შორის უნარჩევესმა მოსემ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე; მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი [მოძღვარი] ბატოპედიისა თეოდოსიოსი; წინამძღვარი კუტლუმუსის წმინდა მონასტრისა თეოსტერიქტოს მღვდელმონაზონი; ცოდვილმა გერონტი მარულელმა, ღირსეული ლავრის ბერთა შორის შერაცხილმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე; მონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე მუძალონი; მონაზონთა შორის უნარჩევესმა და უნდომ, გრიგოლ სტრაბოლანკადიტელმა, თითქოსდა მემყუდროემ, ვცნობ და ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე; მაგულას სკიტის ბერთაგანმა და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესმა ესაიამ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე; მონაზონთა შორის უნარჩევესი მარკოზ სინელი; მაგულას სკიტის [ბერი] და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე; ჰქონდა, აგრეთვე, სირიელი მემყუდროე ბერის ხელმოწერა თავის ენაზე; მონაზონთა შორის უნარჩევსი სოფრონი; მონაზონთა შორის უნარჩევესი იოასაფი; ერისის და წმინდა მთის მდაბალმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ვარ რა ნასაზრდოები წმინდა მთის და მამათა გადმოცემებით და ვადასტურებ რა, რომ აქ ხელისმომწერ რჩეულთა მიერ მთელი წმინდა მთა ეთანხმება [ზემოთქმულს] და ხელს აწერს, მეც დავეთანხმე და დავბეჭდე რა, ხელი მოვაწერე; და ამასაც, ყველასთან ერთად, მივაწერ, რომ ვინც არ ეთანხმება წმინდანებს, როგორც [ვეთანხმებით] ჩვენ და ჩვენზე მცირედით უწინარესი მამები, ჩვენ მის ზიარებას არ შევიწყნარებთ“8.

მართალია, არსებითი საკითხი, რომელსაც თესალონიკელი მღვდელთმთავარი „წმინდა მთის ტომოსში“ განიხილავს, თაბორის მთაზე წარმოჩენილი საღვთო ნათლის უქმნელობაა და სწორედ აღნიშნული მოძღვრების ჭეშმარიტებას ადასტურებენ ათონელი მამები საკუთარი ხელმოწერით, თუმცა, ბუნებრივია, იგივე მოწმობა ღირსი გრიგოლ პალამას მიერ შრომის დასაწყის ნაწილში გადმოცემულ მოძღვრებაზეც განივრცობა, რომლის თანახმადაც, ძველ აღთქმაში მოღვაწე წინასწარმეტყველებმა საღვთო მადლის ზემოქმედების შედეგად უწყოდნენ, რომ ერთბუნებოვანი ღმერთი სამპიროვანია. შესაბამისად, ზემოდამოწმებული წყაროები ამომწურავად უპასხუხებს კითხვას: იყო თუ არა ძველი აღთქმის მამათმთავართა და წინასწარმეტყველთათვის ცნობილი სამყაროს შემოქმედი ღმერთის სამჰიპოსტასურობა? წმინდა ანასტასი სინელის, წმინდა არსენ იყალთოელის, წმინდა გრიგოლ პალამასა და ათონის მთაზე მოღვაწე მამათა სწავლება სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს საეკლესიო რჯულდებას: ახალი აღთქმის ეპოქაში ერთბუნებოვანი ღმერთის საყოველთაოდ გაცხადებული სამგვამოვნება ქრისტეშობამდელ პერიოდშიც იყო საცნაური ჭეშმარიტ მოღვაწეობას შედგომილი ადამიანებისთვის.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ქადაგებდნენ ხმამაღლა ძველი აღთქმის მართალნი საღვთო ჰიპოსტასთა სიმრავლეს; პასუხის გასაცემად წმინდა გრიგოლ პალამას ზემოდამოწმებულ სწავლებას განსხვავებული ხაზგასმებით კავლავ წარმოვადგენთ: „ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს, - რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი, - ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძალულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა: „უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს“ (მარკ. 12.19), - ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის“9.

თესალონიკელი მღვდელთმთავრის დამოწმებული სწავლება გარკვევით გვაუწყებს მიზეზს, თუ რატომ არ ხმოვანდებოდა ძველი აღთქმის ეპოქაში საღვთო ჰიპოსტასთა სიმრავლე: ვინაიდან რჩეული ერი სრულიად უმეცარი იყო აღნიშნული საიდუმლოსი და მოსმენის შემთხვევაშიც არ შეიწყნარებდა მას, საღვთო განგებულებით დუმდნენ ქრისტეშობამდე მოღვაწე მართალი ადამიანები, რომ ამაო ვნებათაღელვისა და უსიამოვნების მიზეზი არ გამხდარიყო მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება; თუმცა, იმავე წმინდანის თანახმად, გულწრფელად მსურველთ დიდი მოშურნეობით განსწავლიდნენ ღვთისაგან იდუმალი სახით გაცხადებულ დოგმატებში.

წინამდებარე პუბლიკაციის დასასრულს ერთ მნშვნელოვან მოვლენას შევეხებით. საქმე ისაა, რომ წმინდა ეკლესია მდინარე იორდანეზე მაცხოვრის ნათლისღებისას აღსრულებულ საიდუმლოს ტერმინოლოგიურად «განცხადებას» უწოდებს, რადგან ზეციდან მომდინარე ხმა მამის ჰიპოსტასს ასაჩინოებდა, ამასთან, უფალზე დადგრომილი მტრედი სულიწმინდის საიდუმლოს გამოსახავდა, ხოლო თავად იესო ქრისტე ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის განკაცების მისტიკურ სწავლებას წარმოუჩენდა ღვთის ხატისებრ შექმნილ გონიერ ქმნილებას10. შესაბამისად, ზემოგანხილული წყაროების შეჯამებისას ისმის კითხვა: რა განსხვავებაა ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე მართალთა შემეცნებასა და მაცხოვრის ნათლისღებისას აღსრულებულ ერთარსი ღმერთის სამპიროვნულობის განცხადებას შორის?

დასმულ შეკითხვას ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმინდა სოფრონ იერუსალიმელი ასე უპასუხებს: „ვინაჲცა აქა (მდინარე იორდანეზე; ი. ო.) არა იგავთა და სახეთა რათმე მიერ, ვითრცა პირველ, არამედ ბრწყინვალედ და თჳნიერ ყოვლისა დაფარულებისა განცხადნა სამგუამოვნებაჲ ნეტარისა სამებისაჲ: მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ“11.

იერუსალიმის ეკლესიის ღირსი მღვდელთმთავრის თანახმად, იესო ქრისტეს ნათლისღებამდე, ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე მართალი ადამიანები ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს (ღვთის სამპიროვნულობას) იგავებითა და სახეებით იმეცნებდნენ, ხოლო მდინარე იორდანეზე აღსრულებული მოვლენით, ხსენებულ იგავებსა და სახეებში უწინარეს ჟამს გასაიდუმლოებული ერთბუნებოვანი ღმერთის სამჰიპოსტასურობა ყოველგვარი დაფარულობის გარეშე (შდრ. „თჳნიერ ყოვლისა დაფარულებისა“) თავად განკაცებულმა ღმერთმა საყოველთაოდ განაცხადა ადამიანთა წინაშე.

-------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ და დ. შენგელიამ; გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ, თბილისი, 2015, გვ. 163; შდრ. PG. t. 89; col. 133, B, C.

2 - დოგმატიკონი II, ნიკიტა სტითატი, თხზულებანი, ხუთი პოლემიკური სიტყვა და ეპისტოლეთა ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მაია რაფავამ; ტექსტები „აღსავალთათჳს“, „სულისათჳს“ და „სამოთხისათჳს“ გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მარიამ კასრაძემ; ლექსიკონი და საძიებლები მოამზადეს მაია რაფავამ და ნანა ჩიკვატიამ, თბილისი, 2013, გვ. 275.

3 - დოგმატიკონი II, ნიკიტა სტითატი, დასახ. შრომა, გვ. 275.

4 - დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, დასახ. შრომა, გვ. 346.

5 - ჟურნალი „გზა სამეუფო“, N 1(4), წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ“, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომეტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 1996, გვ. 4.

6 - წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი...“, დასახ. შრომა, გვ. 4-5.

7 - წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი...“, დასახ. შრომა, გვ. 5.

8 - წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი...“, დასახ. შრომა, გვ. 14-16.

9 - წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი...“, დასახ. შრომა, გვ. 4-5.

10 - დავიმოწმებთ უძველეს იადგარში დაცულ შესაბამის ლიტურგიკულ საკითხავებს: „დიდებაჲ შენდა, დაუსაბამოო ღმერთო, რომელმან განათლებისათჳს სოფლისა მოავლინე დიდებაჲ შენდა, დაუსაბამოო ღმერთო, რომელმან განათლებისათჳს სოფლისა მოავლინე ძჱ შენი მაღლით სიმდაბლით. დიდებაჲ შენდა, ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელმან შეჰმუსრე წყალთა შინა თავები ვეშაპისაჲ. დიდებაჲ შენდა, სულო წმიდაო, რომელმან შთასლვითა შენითა დღეს იორდანეს განაცხადე სამებაჲ წმიდაჲ, განუყოფელი, ერთი ღმრთეებაჲ, რამეთუ მართალ და წმიდა არს სა[ხელი მისი]“ (უძველესი იადგარი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა, თბილისი, 1980 წ., გვ. 45); კიდევ: „დღეს განცხადნა სამებაჲ წმიდაჲ წყალთა მათ ზედა იორდანისათა და ჩუენ ყოველთა მოგუანიჭა ცხორებაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ“ (Ibid. გვ. 48); კიდევ: „რომელი გამოუთქმელ ხარ დიდებითა ღმრთეებისაჲთა, დღეს საცნაურ იქმენ სამებაჲ ერთარსებაჲ, ძჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ. დიდებულ ხარ, ღმერთო მამათა ჩუენთაო“ (Ibid. გვ. 50); კიდევ: „ყოველნი ცის კიდენი განათლდეს შენითა, ქრისტე, ნათლის-ღებითა, რამეთუ საშინელი ჴმაჲ ისმოდა ზეგარდამო მამისა მიერ ძისა მომართ. რაჟამს განშიშულებული შთაჰჴედ წყალთა შინა, შეძრწუნდეს. რომელი მამით და სულით წმიდითურთ განსცხადენ, ქრისტე, გაქებთ შენ და გაკურთხევთ შენ“ (Ibid. გვ. 52); კიდევ: „რომელი მამით და სულით წმიდითურთ თაყუანის-იცემების ძეჲ და დღეს ქუეყანასა ზედა განცხადებულად სამებაჲ წმიდაჲ ეცნობა ყოველსა ერსა იორდანესა ზედა, ოდეს ძეჲ ღმრთისაჲ ნათელს-იღებდა და მამაჲ ზეგარდამო წამებდა და სული წმიდაჲ გარდამომავალი იხილეს, ვითარცა ტრედი, მის ზედა“ (Ibid. გვ. 52); კიდევ: „შენ, სამებაო წმიდაო, იორდანესა ზედა განეცხადე ყოველსა ერსა: მამაჲ - წამებითა, ძეჲ - ნათლის-ღებითა და სული წმიდაჲ - სახედ ტრედისა შენ ზედა გარდამოსლვითა. არამედ მორწმუნეთა, ვითარ ეცნობა სამებისა ერთარსებაჲ, განათლდეს გონებანიმათნი და დაუცხრომელად ადიდებდეს მამასა და ძესა და წმიდასასულსა - ერთარსებასა, ერთღმრთეებასა, სამებასა განუყოფ“ (Ibid. გვ. 53); კიდევ: „რომელი მამისა თანა და ძისა თანა იდიდები სული წმიდაჲ და გარდამოჴედ იორდანესა მდინარესა, განსცხადენ სამებაჲ წმიდაჲ, გაკურთხევთ“ (Ibid. გვ. 60); კიდევ: „სამებაჲ გამოცხადნა იორდანესა ზედა ნათლის-ღებასა შენსა, ქრისტე, რაჟამს მამისა მიერ იწამე და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა მოვიდა შენ ზედა. რომელმან ნათელ-იღე [ჩუენთუის და ნათლის-ღებითა შენითა მაცხოვნენ ჩუენ, უფალო, დიდებაჲ შენდა]“ (Ibid. გვ. 65); კიდევ: „წყალთა ბუნებანი განწმდეს დღეს იორდანეს, რამეთუ მათ ზედა განცხადნა სამებაჲ წმიდაჲ“ (Ibid. გვ. 67).

11 - თბილისის სასულიერო აკადემია, გრაგნილი, II, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, თბილისის სასულიერო აკადემისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2015 წ., „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა სოფრონ იერუსალიმელ პატრირქისაჲ სიტყუაჲ წმიდისათჳს ნათლისღებისა მაცხოვრისა ჩუენისა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინსიტყვა და საკითხის მოკლე მიმოხილვა წაუმძღვარა გიორგი ბერიშვილმა, გვ. 46.

 

სტატია იდება ავტორის ნებართვით

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 22 JUNE 2017 19:23)