ბავშვთა აღზრდის შესახებ

ოჯახი პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. საზოგადოებას, რომელიც მთელი სერიოზულობით არ აღიქვამს ზნეობრივად ჯანსაღი და სულიერად ამაღლებული ოჯახების არსებობის აუცილებლობას და მთელი მონდომებით არ იბრძვის ოჯახური სიწმინდის შემბღალავი ძალების წინააღმდეგ, გარდაუვალი მოსპობა ელოდება. ასეთი რამ მრავალმა უძველესმა ცივილიზაციამ იწვნია. ოჯახი თავად ღვთის მიერ არის დაფუძნებული და, შესაბამისად, მხოლოდ ღმერთშია საძებნი ის გზები, რომელზე სიარულითაც, ერთი მხრივ, თავად ოჯახი იქნება ზნეობრივად და სულიერად ჩამოყალიბებული და მეორე მხრივ, ამგვარი ოჯახების სიმრავლით საზოგადოებაც მოგებული დარჩება.

ჩვენ ხშირად გვხვდება ხოლმე სხვადასხვა სახის მითითებები, ისეთი, როგორიცაა, ვთქვათ “ფრთხილად, მაღალი ძაბვაა!” ან “თბილისამდე დარჩენილია ამდენი და ამდენი კილომეტრი” და სხვა. აი ბიბლიაში წერია ასეთი სიტყვები: “ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს” (II რჯული, 6.4-9).რას გულისხმობს მოსე წინასწარმეტყველი, როცა ისრაელიანებს განუწესებს, რომ მათ ღვთის სიტყვები ნიშნად ჰქონდეთ ხელზე, შუბლზე, სახლის კარებსა და წართხლებზე? ხელები ადამიანის მიერ აღსრულებული საქმეების სიმბოლოა. წმინდა მოსე ამბობს, მორწმუნეთა ოჯახი ისეთ საქმეებს უნდა აღასრულებდეს, რომ მათი ნამოქმედარი ნიშანი უნდა იყოს იმისა, რომ მათ ღმერთი უყვართ. ყოველი საქმე მხოლოდ ადამიანის შინაგანი განწყობილების გამომხატველია. შესაბამისად, როცა წმინდა მოსე საქმეებზე მიგვითითებს, უწინარეს ყოვლისა ღვთისათვის სათნო განწყობაზე საუბრობს. ქრისტიანული ოჯახი მაგალითი უნდა იყოს სხვებისათვის. მასთან სახლში შესული უნდა ხვდებოდეს, რომ იმყოფება რაღაცა განსხვავებულ გარემოში. ამ ოჯახის წევრები თავიანთი საქმეებით ანუ ცხოვრების წესით უნდა აცხადებდნენ თავიანთ რწმენას. სწორედ ეს არის სახლის კარებსა და წართხლზე ღვთის სიტყვების დაწერა.

ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის ნიშანი მხოლოდ გარეგნული გამომხატველობით არის შემოფარგლული და სინამდვილეში ნანახი გაგონილს არ შეესაბამება. ქრისტიანული ოჯახის ყოფა სწორედ იმით არის განსხვავებული, რომ გარეგნული ნიშნები აბსოლუტურად შეესაბამება შინაგან განწყობას. ოჯახში აქვთ ხატები, დადიან წირვაზე – ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ოჯახის წევრები ქრისტიანები არიან, მაგრამ თუკი მოხდება ისე, რომ ამ ოჯახის წევრები არ იცხოვრებენ ეკლესიურად, მაშინ აღნიშნული ნიშნები მხოლოდ ნიშნებად დარჩება და აღარ იარსებებს ის ქადაგება, რომელიც ხელებზე და შუბლზე უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ჭეშმარიტ მორწმუნეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბავშვს, რომელიც ხედავს მხოლოდ გარეგნულ ნიშნებს და საქციელით სხვა რამეს აკვირდება, ცნობიერებაში უმკრთალდება მოკრძალება ეკლესიისა და თვლის, რომ ეკლესიურობა სწორედ ეს, ოდენ გარეგნული ნიშნებით ცხოვრებაა. ანუ მისთვის ქრისტიანობა მხოლოდ სახლში ხატების გამოფენა და პერიოდულად ეკლესიაში მისვლა იქნება. ამდენად, ცოლ-ქმრის ნამდვილი ღვთისმოსაობა მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებისათვის, არამედ, უწინარეს ყოვლისა თავად მათი შვილებისათვის. ბავშვი ოჯახშივე უნდა ხედავდეს ბიბლიის კითხვის, ლოცვისა და წირვაზე სიარულის ადექვატურ ვითარებას. ასეთ შემთხვევაში მას ბავშვობიდანვე ისეთი შეხედულება ჩამოუყალიბდება ეკლესიაზე, რომელიც მას არასოდეს გადააცდენს ჭეშმარიტი გზიდან.

ჩვენს დროში საკმაოდ აქტუალურია ავტორიტეტულობის საკითხი. ხშირია შემთხვევა, როცა მშობლებისათვის “აბსოლუტურად მოულოდნელად” აღმოჩნდება, რომ მათ შვილს მოსწონს და სურს მიბაძოს ისეთ ადამიანს, რომლის ცხოვრების წესი, თითქოსდა, მიუღებელია ამ ოჯახში. შემდგომ იწყება მშობლებისაგან ახსნა განმარტებების მიცემა თავიანთი შვილისათვის, ხშირად მუქარა და უხეში მიმართვებიც გაისმის, მაგრამ უშედეგოდ. ასეთ დროს მშობლები გაოგნებულნი არიან, თუ რის გამო მოხდა, რომ მათი შვილისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა ის, რასაც თითქოსდა, მათ ოჯახთან საერთო არაფერი ჰქონდა. ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ბავშვმა იმ პერიოდში, როცა მას ყველაფრის სჯეროდა და ყველაფერს ზედმიწევნითი ნდობით აღიქვამდა, ჩათვალა, რომ შესაძლებელია მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ცხოვრება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბავშვს მაინც აქვს სურვილი არანაყალბევი სინამდვილის განცდისა და ის მცირე შემთხვევასაც კი არ უშვებს ხელიდან, რომ თავისი შეხედულებები რაღაცა ფორმით გამოხატოს ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა მართლაც სერიოზულია, გამოსავალი მაინც არსებობს. ეს გამოსავალი, უწინარეს ყოვლისა, თავად ღვთის სიტყვებში უნდა ვეძიოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობლები შთააგონებდნენ შვილებს და შესაბამისი ცხოვრებითაც უქადაგებდნენ ღვთის სათნო ცხოვრების წესს.

იყო ერთი ადამიანი. იგი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მას მრავალ ცთუნებასთან შეხლა მოუხდა. ჯარში იგი ისეთ ადამიანებს შეხვდა, რომელთა ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა იმ აღზრდას, რაც მას ოჯახში ჰქონდა მიღებული. ვითარების შესაბამისად, ამ პიროვნებამ, ვერ შესძლო თავი შეეკავებინა საცთურისაგან და მრავალ უკეთურ გულისთქმას დაემონა. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ დაშორებოდა იმ ზნეობრივ სიმაღლეს, რაც ოჯახიდან ჰქონდა წამოღებული. შაქმე იმ დონემდე იყო მისული, რომ ამ პიროვნებამ თითქმის უარი თქვა თავის წარსულზე და სულ სხვა, ბიწიერი ცხოვრების დაწყება სცადა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ვერაფრით დაივიწყა თავისი მშობლები, გონებიდან ვერ გადაიგდო მათი ცხოვრების წესი, გულიდან ვერ ამოიღო ის სიყვარული, რაც მშობლებისაგან ჰქონდა მიღებული. ის თავის ოჯახში ნაყალბევს, ოდენ გარეგნული ნიშნებით შემოფარგლულს ვერაფერს იხსენებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ადამიანისათვის მშობლები, თავიანთი ქრისტიანული ცხოვრების წესით, უდიდეს ავტორიტეტებად წარმოდგნენ. სხვამ ვერავინ შეძლო ამ ავტორიტეტს ჩანაცვლებოდა, ვერც მომხიბლავი მომავლის დახატვითა და ვერც აბუჩად აგდებით. აი, მაშინ კი შეძლო ამ პიროვნებამ ბიწიერი ცხოვრებისათვის უარი ეთქვა და როგორც თავად იხსენებდა, მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვერც კი წარმოიდგენდა.

სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ბიბლია. ის ოჯახი, სადაც მშობლები მართლაც ცხოვრობენ ისე, როგორც ამას ეკლესია ასწავლის, შვილებისათვის უდიდეს ავტორიტეტებად წარმოდგებიან და მაშინ უკვე საშიში აღარ არის გარე სამყაროს ზემოქმედება, რომელიც ათასგვარი ხრიკებით მოქმედებს ახალგაზრდაზე. ასეთ შემთხვევაში მშობლებს აღარ გაუკვირდებათ ის, თუ მათი შვილისათვის რატომ იქცა ერთ დროს თითქოსდა მიუღებელი დიდ ფასეულობად. ამ დროს მშობლის ლოცვა მხოლოდ შვილის ყურს კი არა გულსაც სწვდება და როცა ბავშვის სათნო გულში მშობლის ლოცვა ჩაიღვრება, მას იქიდან ვეღარ განდევნის ვერანაირი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლები თავიანთი ეკლესიურობით მაგალითს აძლევდნენ შვილებს. ზემოთ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: მაგალითის მიცემა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მშობლების ცხოვრების წესი ზედმიწევნით ემთხვევა ბავშვის მიერ მოსმენილსა და გაგონილს. ისეთ ოჯახში, სადაც უფლის სახელი კარებსა და წართხლზე ცხოვრებით არის დაწერილი, მშობელს შვილს უკეთური ვეღარ წაართმევს, რადგანაც მათ თავიანთი ცხოვრებით შვილისათვის ხელებსა და შუბლზე უფლის ერთგულება შეუბავთ და მის გულში მშობლის პატივისცემა და ღვთის სიყვარულის ღრმა კვალი გაუვლიათ.

 

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", #34(387), 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 30 MARCH 2016 13:10)