საკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება.

ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

წმინდა დიმიტრი როსტოველი ეყრდნობა წმინდა სტეფანე ათონელს, რომელიც თავის ცნობილ  წიგნში “გონითი სამოთხე” მოგვითხრობს: “ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ზეცად ამაღლების ჟამს, მისი მოწაფეები იესუს დედასთან, მარიამთან ერთად იმყოფებოდნენ სიონის მთაზე და მოელოდნენ ნუგეშინისმცემელს, ვინაიდან ნაბრძანები ჰქონდათ უფლისაგან, რომ არ განშორებოდნენ იერუსალიმს, არამედ  დალოდებოდნენ უფლის აღთქმას (ლუკასაგან, 24:49; მოციქულთა საქმენი 1:4). მოციქულებმა წილი ჰყარეს იმის გასაგებად, თუ რომელი რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო  საქადაგებლად. ყოვლადწმინდამ თქვა: “მნებავს მეც ვიყარო წილი თქვენთან ერთად, რომ არც მე დავრჩე ჩემი წილხვედრი ქვეყნის გარეშე, რომელიც უფლის ნებით მეუწყება მე.” ამ წილისყრის შედეგად მარიამს ხვდა იბერიის ქვეყანა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მზად იყო სულიწმინდის გარდამოსვლისთანავე წასულიყო იბერიის ქვეყანაში, მაგრამ ღვთის ანგელოზმა უთხრა მას არ განშორებოდა იერუსალიმს.”

თვით წმინდა ნინოს საქართველოში მოვლინებაც ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის გამოხატულებაა, როგორც ამის შესახებ გვაუწყებს არსენ ბერი : მრავალი წლის გასვლის შემდეგ წყალობით  მოგვხედა ზეცით ყოვლადსახიერმა დედოფალმა უფლისა მიერ მისთვის წილხვდომილსა ქვეყანასა და ნათესავსა ჩვენსა ქართველთასა და ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის ნეტარ, რამეთუ ნაწილ მისა ვიწოდნით და იგია შემდგომად ღვთისა განმანთავისუფლებელი ჩვენი მთავრისა მის ბნელისა მონებისა და სრულისა ტყვეობისაგან. ეჩვენა იგი ღირსსა ნინოს და უთხრა: “აჰა, ესერა წარგავლინებ შენ ქადაგად ნათესავთა მიმართ უცხოთა, ნაწილსა ჩემსა ქვეყანასა ჩრდილოისასა, ერისა მიმართ ქართველთაისა, წარვედ სიმხნით და უშიშად და უქადაგე ჭეშმარიტებაი”;მან მოკვეთა ვენახის რტო და შექმნა ჯუარის სახედ და მისცა იგი წმინდა ნინოს და უთხრა: “ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, თანაშემწე გეყო და არა დაგიტეო შენ”.

მიუხედავად წყაროების ერთსულოვანი მოწმობისა, საკითხი ასე ისმის:

ქართლის წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ქართველთა ამპარტავნული გამონაგონია (სამწუხაროდ ამან თანდათანობით ფართო განვრცობა შეიძინა), თუ საქმე გვაქვს ისტორიულ  სინამდვილესთან?

ამ საკითხზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებობს ამ ესოდენ აღმატებული მოვლენის საღვთო მიზეზები, რომელთა შემეცნება ჩვენთვის შეუძლებელია;  მაგრამ არსებობს მიზეზები, რომელთა შემეცნება კაცობრივ გონებას ძალუძს და ისინი ჩვენი განხილვის  საგნად  უნდა  იქცეს. სანამ კონკრეტული არგუმენტების განხილვას შევუდგებით,  დავსვათ კითხვა:

რა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ქართლთან ყველაზე მეტად დაკავშირებული სამი მოღვაწე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა ნინო - ასე მოისწრაფის საქართველოსკენ.

ამ კითხვაზე პასუხი არსებითად  ჩანს  წმინდა ნინოს მიმართვაში დვინელი “მიაფორისადმი” - “სად  არს ჩრდილოისა  იგი ქვეყანაი, ანუ სადა არს სამოსელი იგი უფლისა ჩვენისაი?”

როგორც ვხედავთ ამ სწრაფვის მიზეზი წმინდა ნინოსათვის არის კვართის სამყოფელის და კვართის მფლობელი ქვეყნის მოძიება და მონახულება.

ჩვენ ამჯერად არ შევეხებით თავად კვართის ღვთისმეტყველებას და არ შევუდგებით იმ სულიერ მიზეზებზე მსჯელობას, რამაც განაპირობა უფლის კვართის წილად  ხვედრება მცხეთისადმი (ამ საკითხზე მოგვიანებით გვექნება შემოკლებული მსჯელობა), ხაზგასმით აღვნიშნავთ  მხოლოდ იმას, რომ წმინდა ნინოს ქართლისკენ მსვლელობას განაპირობებს მისი სწრაფვა კვართის ცხოველმყოფელი სიწმინდისაკენ, ყველაზე დიდი საუფლო სიწმინდისაკენ ხილულ  სამყაროში. ეჭვი არაა, რომ თუ კვართი სხვა ქვეყანაში იქნებოდა დავანებული, წმინდა ნინო იქითკენ გაეშურებოდა.

წმინდა ნინოს ტრფიალება კვართისადმი ესაა მისი ტრფიალება შემოქმედის უწმინდესი რელიქვიისადმი. ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას იმიტომ, რომ წმინდა ნინოსაგან (და უკლებლივ ყველა სხვა წმინდანისაგან) განსხვავებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, გარდა უდიდესი საუფლო სიწმიდისადმი  ტრფიალებისა, აღავსებდა სხვა უმძლავრესი სიყვარულიც კვართისადმი - ესაა განსაკუთრებული დედობრივი სიყვარული თავისი ხორციელი ძისადმი.

როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთის დედას, ყველაზე აღმატებულს დედათა შორის, არ ექნებოდა უდიდესი სურვილი მოეძია თავისი ძის სამოსელი? ყველაზე მეტად  ხომ სწორედ მას ექნებოდა იესუს კვართისადმი ტრფიალება და თუ ექნებოდა, როგორ შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ ღვთის განგებით სხვას რგებოდა წილად კვართის ქვეყანა?

ამასთან, დაეჭვებაც არ შეიძლება, რომ კვართისადმი მარიამის განუზომელი სიყვარული უთუოდ განივრცობოდა იმ ქვეყანაზეც, რომელსაც წილად ხვდა ხსენებული სიწმინდე და რომელიც ღვთის განგებით ძველთაგანვე (უფლის ჯვარცმიდანვე) დადგინებულ იქნა “ყოვლადსასურველზე უფრო სასურველის” (კვართის) გუშაგად ანუ კვართისმცველად.

აი, რატომ ისწრაფვის ასე ძლიერად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქართლისკენ, აი, რა აყვარებს მას ასე გამორჩეულად ამ ქვეყანას, სადაც  დავანებულია  მისი ძის სამოსელი. აი, ეს არის უმყარესი საფუძველი იმისა, რომ კვართის წილხვედრი ქვეყანა ხდება სწორედ  მისი  წილხვდომილი.

საზოგადოდ (და მოვლენის არსში წვდომისთვის ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია) ქართლს უკავშირდება ორი სახის წილხვდომილობა:

(I) კვართი წილად-ხვდა ქართლს, როგორც ეს ხაზგასმულია უკლებლივ ყველა წყაროში (შდრ. “მოქცევაი”: “წილით-ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუისი”).

(II) ქართლი წილად-ხვდა ყოვლადწმინდას, როგორც ეს ცხადად  ჩანს ზემომოტანილ წყაროებში.

ღვთისმშობელთან და კვართთან დაკავშირებით, წილხვედრილობის სხვა გამოვლინება არც ქართლმა და არც, საზოგადოდ, საქრისტიანომ არ იცის.

სრულიად ნათელია, რომ ორივე შემთხვევაში “წილხვდომილობას” აქვს საკუთრივ საეკლესიო, ლიტურგიკული შინაარსი, რაც  თავის თავში აღიბეჭდავს საუფლო განგებას,

შესაბამისად, აბსოლუტურად ცხადია, რომ ღვთისმშობელმა იწილხვედრა სწორედ ის ქვეყანა, რომელმაც იწილხვედრა კვართი ბუნებითი ღმერთისა, მარიამის ძისა, რაც ცხადყოფს ამ ორი წილხვედრილობის არსობრივ განუყოფლობას და ფაქტობრივ დადასტურებას იმისას, რაზეც ზემოთ გვქონდა მსჯელობა:

ღვთისმშობელს წილად-ხვდა ქართლი სწორედ იმიტომ, რომ ქართლისადმი იყო წილხვდომილი (თავის სულიერ მიზეზთა გამო) კვართი მისი უსაყვარლესი ძისა.

აქვე უნდა იქნეს განხილული საკითხი წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოღვაწეო  ურთიერთკავშირის შესახებ. ის ფაქტი, რომ უფრო ადრეულ  წყაროებში ცალ-ცალკეა ფიქსირებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა საქართველოში და საქართველოს წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი  სრულიად არ აკნინებს აზრს, რომ წმინდა ანდრია მოციქულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოღვაწეობა საქართველოს მიმართ განუყრელ ურთიერთკავშირშია, ერთიმეორის გარეშე არ არსებობს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიდოდით იმ აზრამდე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის მოციქულთა კრებული უსისტემო რამ კოცობრივი წარმონაქმნი ყოფილა, განშორებული ყოველგვარი საღვთო განგებულებისაგან და უფლის მადლისაგან განშიშვლებული. როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთი მხრივ, ღვთისმშობელს  წილად ხვდა საქართველო, მეორე მხრივ კი ანდრია პირველწოდებულმა აღასრულა წილხვდომილობის ვალდებულება და ეს ორი მოვლენა ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად განხორციელდა? განა ანდრია მოციქულს არ ეცოდინებოდა, თუ რომელი ქვეყანა ხვდა წილად მარიამს? როგორ შეიძლებოდა ღვთისმშობელისათვის უცნობი დარჩენილიყო ის ფაქტი, რომ ანდრია მოციქული სწორედ მის წილხვდომილ ქვეყანაში  აპირებდა საქადაგებლად წასვლას, ანდა თავად ანდრია როგორ გაკადნიერდებოდა აგრერიგად, რომ მარიამის  სამოღვაწეო ქვეყანაში აღესრულებინა, მარიამისგან დაფარულად, მარიამისადმი წილხვედრებული ვალდებულება?

ამრიგად, ნათელია, რომ ქართლის წილხვდომობა ღვთისმშობლისადმი და ანდრია პირველწოდებულის მიერ იმავე ქართლის  გაქრისტიანება ორი მთლიანი მოვლენაა და ურთიერთისაგან  არანაირად არ განიყოფა.

ხოლო, თუ რატომ შეენაცვლა მოციქული ღვთისმშობელს ღვთივგანწესებული  ვალდებულების აღსრულებაში, ეს მოვლენა ღვთის განგებულების საიდუმლოა, ხოლო რაც ადამიანურად  შეიძლება აიხსნას, მოცემულია “ქართლის ცხოვრებაში”.

უფლის ამაღლების შემდეგ,  როცა მოციქულებმა წილი-იგდეს, მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ხვდა “მოქცევაი ქუეყანისა  საქართველოისაი”. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენებით  ეჩვენა მისი ძე, რომელმაც უთხრა, რომ იგი არ უგულებელს-ყოფდა ერსა მას საზეპუროსა “უფროის ყოველთა ნათესავთა” მისითა მეოხებითა. “ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა წარატანე ხატი შენი  ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ  ხატი  იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა”.

ანდრია პირველწოდებულს ასე მიმართავს მარიამი: “…გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო  სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანას,  ჩემდა წილხუდომილსა, რაითა მე ვიყო  განმგებელი  ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო  მათ, და არავინ  მტერთაგან მძლე ექმნეს  მათ.”

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიდო პირზე და გამოისახა ხატი ღვთისმშობლისა ყრმითურთ  და ეს ხატი არის, “ქართლის ცხოვრების” უწყებით, აწყურის ღვთისმშობლის  ხატი. მისცა იგი ხატი მოციქულ ანდრიას და უთხრა: “მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე და მეცა თანაშემწე ვარ  ქადაგებასა მაგას, და დიდად  შევეწიო  განაწილებასა მას ჩემდა ხუედრებულსა”.

ზემოთქმული მიგვითითებს, რომ ღვთისმშობლისათვის  ქართლის  განსაკუთრებულობა  განპირობებული უნდა ყოფილიყო ცალკერძ ჩვენთვის დაფარული საღვთო მიზეზით, მეორე მხრივ კი — უწმინდესი კვართის აქ დაფლულობით,  ანუ  კვართშემოსილობით.

ეს ყოველივე, კვლავ ხაზს გავუსვამთ,  ნიშნავს შემდეგ უმყარეს კავშირს:

კვართი წილხვდომილია ქართლისადმი, ხოლო კვართშემოსილი ანუ ქრისტეშემოსილი ქართლი წილხვდომილია ღვთისმშობლისადმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რა არის მიზეზი იმისა, რომ კვართი წილად ხვდა ქართლს?

საუფლო კვართი ანუ “ქიტონი” იყო ზეციურად  მოქსოვილი და ჩვეულებრივ სამოსს არ ჰგავდა, რომელიც შეიძლება დაიხეს, დაიცრიცოს, მოისპოს. იგი თუმცა ნივთიერი იყო, მაგრამ მას მსჭვალავდა საღვთო მადლი, რაც მის განუხრწნელობას იცავდა, ისევე, როგორც მადლი ინახავს უხრწნელად  ყოველ  სიწმიდეს.

სულიერად  კვართი მატარებელია იმ ერთობისა,  რაც მოდის ზემოდან (ციდან), მამისგან და რაც  არანაირად არ შეიძლებოდა დარღვეულიყო  მისი მიმღებელისა და მფლობელის მიერ (წმინდა კვიპრიანე კართაგენელი).

კვართი საქართველოში ჩამოაბრძანა ელიოზმა, რომელიც,  როგორც ჩანს, არაიშვიათად  ჩადიოდა იერუსალიმში. სწორედ მას ერგო  აღსასრულებლად დიდი ღვაწლი:

წილხვდომილი კვართის ქართლში ჩამობრძანება.

მცხეთაში ჩამობრძანებული კვართი გულში ჩაიკრა ელიოზის დამ და სული  განუტევა.

ამ მოვლენას წინ უძღოდა ელიოზის ღვთისსათნო დედის მიცვალება. მან მწარედ განიცადა მაცხოვრის ჯვარცმა. როგორც “მოქცევაი” გვაუწყებს, იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვამდნენ უფალს და პასენაკმა (უროს დამკვრელმა) სამსჭვალს(ლურსმანს) დაჰკრა კვერი (ურო), მაცხოვრის დალურსმვის ხმა მცხეთაში  გაიგონა ელიოზის დედამ, რომელმაც აღმოთქვა უდიდესი საუფლო ჭეშმარიტება,  იმჟამად  თითქმის  ყველასთვის დაფარული, მაცხოვრის ბუნებითი ღმერთობის შესახებ და შემდეგ ტკივილით  გულშეძრულმა სული განუტევა.

ეს არის უაღრესად  მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენა, სრულიად  განსაკუთრებული ხილვა,  გამოცხადება, რითაც  ქართლს(და ქართლიდან მთელ ქვეყნიერებას) ეუწყა უდიდესი საიდუმლო, რომ ჯვარს ეცვა არა ადამიანი, არამედ  ხორცშესხმული ღმერთი.

ბოლო სიტყვები ელიოზის და სიდონიას პატიოსნისა დედისა ამგვარი იყო:

“მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალით  ღმერთი ხორცითა მოსრული და მაცხოვარი, და იქმენით  მტერ  შემოქმედისა”.

ესაა იესუ ქრისტეს, როგორც ბუნებითი ღმერთის და ჭეშმარიტი მხსნელის პირველი სრული აღიარება კაცობრიობის ისტორიაში.

ელიოზის დედა, რომელიც უფლის ხორციელი ტკივილით  განიგმირა პარასკევ დღეს, უფალთან თანამოწამეობის პატივით  შეიმკო და წარმოდგა როგორც პირველი მარტვილი ეკლესიის ისტორიაში.

მაგრამ ღმრთივგანბრძნობილი დედა ელიოზისა ეკუთვნოდა მცხეთის ებრაელთა თემს და, რა თქმა უნდა, ღვთისმოსავობითად აღიბეჭდავდა მათ სულიერებას, ხოლო მცხეთელი ებრაელები, როგორც იმჟამად (მაცხოვრის ჯვარცმისას) ძველი აღთქმის მართალთა დაღვთისგანმჭვრეტ  სამღვდელოთა უცთომელი სარწმუნოებრივი ხაზის ერთადერთი და ნამდვილი მემკვიდრენი და მოსაყდრენი, ძალისამებრ  სრულად იმეცნებენ  იესუ  ქრისტეს ღმერთობას, აცნობიერებენ იმ სინამდვილეს,  რომ ძველი აღთქმა ახლით უნდა შეიცვალოს, რომ აღესრულება საიდუმლოთა საიდუმლო — ძლევა ჯოჯოხეთისა.

ამგვარად, მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს ძველი აღთქმის ეკლესია არა იერუსალიმში, არამედ სწორედ  მცხეთაში წარმოჩნდება როგორც ჭეშმარიტი მემკვიდრე წინამოსწავებული ცოდნისა.

ეს სულიერი, ახალი აღთქმის წინასწარ განმჭვრეტი ცოდნა,  იმჟამად  იერუსალიმის  ნაცვლად შეუბღალავად დაცულ  მცხეთაში, აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც  დაიცვა ქართლის ებრაელები მაცხოვრის ჯვარმცმელთა თანაზიარებისგან. უთუოდ  ამან განაპირობა  უფლის მიერ  კვართის მიმადლება მათთვის, მცხეთელი ებრაელებისთვის \ სულით ქრისტიანებისათვის ქართლის მიწაზე.

ქართლის ეკლესიის მიერ კვართის ფლობა ამ ეკლესიის თვისობრივ აღმატებულებას კი არ გამოხატავს, არამედ - ღვთისგან მისდამი მსახურებითი მისიის დაკისრებულობას მთელი მართლმადიდებლობის წინაშე.

კვართში ნაგულისხმევი საიდუმლო ეს არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის აბსოლუტური მთლიანობისა და მხოლოობის (ერთადერთობის) განურღვევლობა და განუყოფელობა მსგავსად  კვართისა.

სწორედ  ეს, — ბუნებითი და კვართისებრ მარადგანურღვეველი ერთეკლესიობა, - უნდა დაიცვას ქართლის ადგილობითმა ეკლესიამ, ამისთვის უნდა აღასრულოს მან დაუცხრომელი ზესთამბრძოლობა მთელი სამართლმადიდებლოსა და მთელი ქვეყნიერების წინაშე.

საუფლო კვართი, როგორც უწმინდესი ტვირთი სამოღვაწეოდ  გვერგო  ჩვენ, სიწმინდეს კი დიდი კრძალვა სჭირდება, პატივად  მიღებული სიწმინდე სულიერი ტვირთია. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ამ სიწმინდის მფლობელს ჰმართებს არა ამპარტავნება, არამედ - თავმდაბლობა, რადგან თავმდაბლობაა ის ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს სიწმინდის ღირსეულად  ზიდვას  შეაძლებინებს.

კვართის სამარხის ადგილსამყოფელი ზოგადად ცნობილია, თუმცა თავად კვართი დაფარულია კაცთა თვალისთვის, ვინაიდან საუფლო სიწმინდენი, წმინდა რელიქვიები მხოლოდ უფლის ნებით შეიძლება გამოცხადდეს. თუ უფალი ინებებს, გამოვლინდება კვართიც, წმინდა ელიას ხალენის სამყოფელიც. ამიტომ მთელი ის ისტორიები, საუკუნეთა განმავლობაში შეხზულნი, კვართის აქა თუ იქ მყოფობისა, აქა თუ იქ გაჩუქებისა - რუსეთსა თუ სხვა ქვეყანაში - სრულიად უსაფუძვლოა.

კვართი დაფლულია მცხეთაში. მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის მისი სამყოფელი, მისი განსასვენებელი და ვერანაირი ძალისხმევით ვერ დადგინდება ეს ადგილი, თუ არა უფლის წყალობით, ხოლო ეს მოხდება, უწყებათა კვალობაზე, მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს.

კვართი ანუ “ქიტონი” როგორც ეკლესიის სიმბოლო, შესაბამისად, სიმბოლოა ეკლესიის თავისა ანუ თავად მაცხოვრისა. ცხადია, ვისაც წილად  ხვდა  კვართი, მას წილად  ხვდა ქრისტე.  კვართი, რომელსაც წილად ხვდა  კვართი, ხდება კვართის წილხვედრი და კვართშემოსილი ანუ ეკლესიაშემოსილი,  ქრისტეშემოსილი, კვართისებრ განურღვეველი.

რატომ ხვდა უფლის განგებით კვართი ქართლს?

მაცხოვრის ხორციელი მოღვაწეობისას სწორედ ქართლში აღესრულა ის განსაკუთრებული მღვდელმოქმედებითი საიდუმლო, რაც წესით იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო,  რომ არაიმჟამინდელ იერუსალიმელ სამღვდელოთა სულიერი სიბრმავე. სწორედ მათ უნდა მიეღოთ განკაცებული მაცხოვარი და ამით, წმინდა კირილე ალექსანდრიელის სიტყვათა კვალობაზე, იერუსალიმის ძველი აღთქმის ეკლესიის სამღვდელონი ახალი აღთქმის ეკლესიის სამღვდელოთახასირხამდე აღიწეოდნენ, ქრისტეშემოსილად, ქრისტეს სულიერ სხეულად გარდაიქმნებოდნენ , გახდებოდნენ “დიდი ნაწილი” ახალი აღთქმის ეკლესიისა და ცხონებისკენ წარუძღვებოდნენ წარმართებს. ზემოხსენებული სულიერი სიბრმავის მიზეზით  ეს ასე არ მოხდა.

კვართი დამკვიდრდა იქ, სადაც პირველად გაუხსნეს გული ძველი აღთქმისმღვდლებმა უფალს , სადაც გაიდო პირველი “ულპოლვილი” ხიდი ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმისაკენ, სადაც პირველად მოხდა ჰურიათა ბაგინის ეკლესიად  გარდაქმნა და მასზე წმინდა ნინოს მიერ მაცხოვნებელი ჯვრის აღმართვა.

მაცხოვრის მღვდელმოქმედება მცხეთისადმი გულისხმობს ქართლის დედაქალაქის გარდაქმნას იერუსალიმად, მართლმადიდებლობის წმინდა დედაქალაქად.  ეს მღვდელმოქმედება იწყება კვართის მოვანებით  და გვირგვინდება მცხეთის ძლევაშემოსილი ჯვარის აღმართვით.

მცხეთის ჯვარში, პირდაპირი გაგებით, შთამსჭვალულია თავად  გოლგოთის ჯვარი (ჭელიშური: “ჯვარი იგი ქრისტეს ღმრთისაი”) და ისიც (მცხეთის ჯვარიც) იმგვარივე მსოფლიო (და არა კერძო ეროვნული ღირსების) სიწმინდეა, როგორც თავად  კვართი. ამიტომ აღიმართა მცხეთის ჯვარი (უფრო ზუსტად, მცხეთაში გამოჩინებული იერუსალიმის გოლგოთის ჯვარი), თანახმად მისი პოსტამენტის წარწერისა, “მცველად ყოვლისა სოფლისა”.

რაც შეეხება მცხეთის გარდაქმნას იერუსალიმად, ამის გამოხატულებაა ისიც, რომ სწორედ მცხეთაში ხდება მაცხოვრის წილ “გამოთხოვილი” ბარაბას შთამომავლების გაქრისტიანება, რაც უნიკალური ისტორიული ფაქტიცაა და განსაკუთრებული სიღრმის სულიერი სინამდვილეც.

როგორც აღვნიშნეთ,  მცხეთის ჯვარი იგივეა, რაც  მცხეთაში აღმართული გოლგოთის ჯვარი. შესაბამისად, მცხეთის იერუსალიმად  გარდაქმნა, მისი გაიერუსალიმება, მართლმადიდებლობის წმინდა დედაქალაქად მისი გარდაქმნა, ესაა საღვთო მღვდელმოქმედება, დასაბამ-დადებული იერუსალიმში გოლგოთის ჯვარზე(როდესაც კვართი უფლისა წილად  ხვდა მცხეთას) და სრულქმნილი მცხეთაში, იმავე გოლგოთის ჯვარზე..

ჯვარცმული მაცხოვრის კვართი და მცხეთის ჯვარი სულიერად განუყოფელია. ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ცნობილია გადმოცემა მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და შემდგომ მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ. ეს მოვლენები საგანგებო დღესასწაულებით აღინიშნებოდა: ჯვრის აღმართვა იდღესასწაულებოდა (და რამდენიმე  წელია კვლავ იდღესასწაულება) აღდგომიდან მესამე კვირა დღეს, ხოლო ჯვრის საკვირველი გამოჩინება – სულთმოფენობის შემდგომ პირველ  ოთხშაბათს. ორივე ეს მოვლენა, როგორც ერთი მთლიანი, თავისი მადლმოსილებით  უთანაბრდებოდა ერთი მხრივ 14 სექტემბერს ჯვრის აღმართვის ანუ “ჯუართა აღპყრობის” და მეორე მხრივ, იერუსალიმში აღსრულებულ ჯვრის გამოჩინების (351 წ. ხსენება 7 მაისს) უდიდეს დღესასწაულებს (“მოქცევაი ქართლისაი, თავი 23 და 24; ლეონტი მროველი”ქართლის ცხოვრება”, არსენ ბერი “ცხორებაი წმიდისა ნინოსი”, ანონიმი ავტორი “ცხორებაი ღირსისა ნინოსი”).

საქართველოს ეკლესიისთვის მცხეთის ჯვარი, როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი გაგებით მაცხოვრის ანუ იერუსალიმის ჯვრად განიჭვრიტება, ხოლო მცხეთის გოლგოთა, სადაც ჯვარი აღიმართა, სულიერად იერუსალიმის გოლგოთის იგივეობრივია, რაც ცხადყოფს, რომ კვართშემოსილი და ღვთისმშობლის წილხვედრი ქართლი კვართის ბუნებითი მფლობელის, განკაცებული ღვთისა და, ამასთან, ღვთისმშობლის ხორციელი ძის, უფალ იესუ ქრისტეს მიმსგავსებით, გოლგოთის გავლით  ძლევაშემოსილად მიემართება მაცხოვნებელი აღდგომისაკენ.

 

 

”უფლის ციხე ”N3 2014

 

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით theologia.ge-ს ადმინისტრაციას

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 01 JUNE 2015 16:09)