ადამიანი - ღვთის ხატი და მსგავსება

"შესაქმის" წიგნის მიხედვით, ადამიანის შექმნისას ღმერთი ამბობს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (1.27).

ზემოთ არაერთგზის შევხებივართ ღვთისადმი ადამიანის ხატებას და მსგავსებას. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებაზე.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს ჩვენი ოპონენტიც, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ჯერ კითხვას სხვამს:

"ახლა გავარკვიოთ, არის თუ არა ადამიანში ღმრთის ხატებასა და მსგავსებას შორის განსხვავება?"

იმგვარი რიხითაა თქმული "ახლა გავარკვიოთ", თითქოს მართლაც გრ. რუხაძე "არკვევდეს" რასმე. სინამდვილეში, ზემოციტირებულ შეკითხვას მოდევნებული ერთფურცლიანი მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა მიტროპოლიტ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველების" შესაბამისი ადგილის (გვ. 456-458) უხეირო გადმონაწერი.

ცნობილია, რომ ღვთისადმი ხატება ადამიანისა უფრო იმგვარ თვისებებს გულისხმობს (თავისუფალი ნება, მოაზროვნეობა, მეუფებრივობა), რაც დაცემულ მდგომარეობაშიც გარკვეულწილად უნარჩუნდება (თუმცა გაუკუღმართებულად) ადამიანურ ბუნებას. რაც შეეხება მსგავსებას, იგი გულისხმობს სათნოებით თვისებებს (სიკეთე, სამართლიანობა, სიწმინდე, ლმობიერება, სიმშვიდე, უშურველობა, სიმდაბლე და ა.შ.).

აღნიშნული ვითარება თავისთავად განაპირობებს ხატებასა და მსგავსებას შორის გარკვეულ სხვაობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სხვაობა არ არის მკვეთრი და, ამიტომ, ხატებაში არსობრივად მსგავსებაც დაინახება, მსგავსებაში კი - ხატება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ამჯერად ყურადღებამისაქცევია ის, რომ ოპონენტი ხატებასა და მსგავსებას შორის სწორედ არსობრივ მიჯნას ავლებს და მკვეთრად ყოფს მათ ერთმანეთისგან. ამგვარი განყოფა გრ. რუხაძესთან თავს იჩენს სწორედ ღვთისადმი ადამიანის ძეობის საკითხის განხილვის დროს. დავიმოწმებთ ოპონენტის სიტყვებს, რომელთა ნაწილი ზემოთ უკვე მოხმობილი გვქონდა:

"ეკლესია იმას კი არ ასწავლის, რომ ადამიანი დასაბამიდანვე ღვთის ძედ შეიქმნა, არამედ ადამიანისათვის ღმრთის ძეობას ძე ღმერთის განკაცებითა და ნათლისღების გზით მიმადლებულ ანუ მადლით შეძენილ მდგომარეობად წარმოგვიდგენს. ამასთანავე არა ძე ღმერთის ხატად, არამედ მადლით შვილად წოდებას გვასწავლის. ისე როგორც წმინდანებიც იწოდებიან ღმერთებად, მაგრამ ეს არა მხოლოდ ღმრთეების ხატებას, არამედ მათ ცხოვრებისეულ ანუ ზნეობრივ მდგომარეობას, უკვე მიღებულ მსგავსებას გამოხატავს" (გვ. 61).

სიტყვა "მსგავსებას"  გრ. რუხაძე სქოლიოში ასეთ შენიშვნას ურთავს:

"* იხ. თავი: ღმრთის ხატება და მსგავსება ადამიანში: "ღმრთის ხატს ყოფიერებასთან ერთად ვიღებთ, ხოლო მსგავსება ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ, რომლისთვისაც ღმერთმა მხოლოდ შესაძლებლობა მოგვცა" (გვ. 61).

ამრიგად, როგორც სრულიად აშკარაა, გრ. რუხაძისთვის დასაბამში ადამიანს მხოლოდ ხატება ჰქონდა, ხოლო მსგავსება შემდეგ უნდა მოეპოვებინა მას, რისთვისაც ღვთისგან მხოლოდ შესაძლებლობა (და არა თვით მსგავსება) ჰქონდა მიცემული. აქედან გამომდინარე, გრ. რუხაძე, როგორც ვნახეთ, კატეგორიულად უარყოფს დასაბამში ადამიანის ძეობას ღვთისადმი.

მართლაც, თუ ადამიანს დასაბამში ღვთისადმი სათნოებითი მსგავსება არ ჰქონდა, ცხადია არც ძეობილობა ექნებოდა, რადგან ღვთის მადლისმიერი ძე სწორედ ისაა, ვინც სულიწმინდის მადლის, ძეობილობის საბოძვარს არ შერყვნის და სათნოებითად მიემსგავსება უფალს.

როგორც ზემოთ ვნახეთ, ეკლესიის მოძღვარნი ერთხმად ღაღადებენ, რომ ადამიანს დასაბამშივე ჰქონდა ღვთისადმი ძეობილობა და მაცხოვარმა, წმ. ბასილი დიდის თქმით, ჩვენ სწორედ იმ დასაბამიერ ძეობილობასთან დაგვაბრუნა, რაც ცოდვით გავაუკუღმართეთ. შესაბამისად, ღვთის ძეობილი უთუოდ სულიწმინდის მადლის მფლობელია და სათნოებებით შემკული ანუ სათნოებითად მსგავსი ღვთისა. უკვე დამოწმებული გვქონდა აურაცხელი ციტატა იმის საჩვენებლად, რომ ცოდვამდელ ადამიანში შთამკვიდრებული იყო სულიწმინდა და მას (ცოდვამდელ ადამიანს) ამკობდა ყველა სათნოება. ეს მდგომარეობა რომ შენარჩუნებულიყო, აღარც ღვთის განკაცება გახდებოდა საჭირო, მაგრამ რადგან ადამიანმა ვერ დაიცვა ძეობის პატივი და დაეცა, მისი გამოხსნისათვის განკაცდა თვით შემოქმედი, რომელმაც სწორედ დასაბამიერი ძეობილობა და ასევე დასაბამიერი ღვთისადმი ხატება და მსგავსება აღუდგინა ადამიანს.

ამჯერადაც რომ თავიდანვე გამოაშკარავდეს გრ. რუხაძის ცთომილება, დავმიმოწმებთ წმ. კირილე ალექსანდრიელის მოძღვრებას სწორედ აღნიშნულ საკითხზე. დიდი მოძღვარი განსახილველ საკითხს ასე ასათაურებს:

"მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ: ერთი მხრივ, "ხატისებრობა" მივიღეთ მყისვე შექმნისთანავე (κτισθέντες εὐθύς), ხოლო "მსგავსებისებრობა" - არანაირად, რადგან დაცულია იგი ჩვენთვის სამერმისო საუკუნეში. ამიტომაც დაწერილია: "რაჟამს ქრისტე გაცხადდება, მისი მსგავსნი ვიქნებით" (I იოანე 3.2). და კიდევ თქმულია: "შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" და ადამიანის შექმნის შემდეგ ითქმის: "შექმნა ღმერთმა ადამიანი, თავისი ხატისებრ შექმნა იგი", დაიდუმა რა აქ "მსგავსებისებრობა", რათა ეჩვენებინა, რომ ჯერ არ მიგვიღია იგი, არამედ დაცულია ჩვენთვის იმ ნეტარ ცხოვრებაში".

მოვუსმინოთ წმინდანის პასუხი:

"თუ ამბობენ, რომ სხვადასხვაა "ხატისებრობა" და "მსგავსებისებრობა", განსხვავება მიუთითონ, ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ სხვას არაფერს ცხადყოფს "ხატისებრობა", თუ არა "მსგავსებისებრობას", ასევე, "მსგავსებისებრობაც" - "ხატისებრობას". ღვთისადმი მსგავსება ხვედრებული გვაქვს პირველი შესაქმიდანვე (τὴν δὲ γε πρὸς θεὸν ὁμοίωσιν ἐλάχομεν ἐν πρώτῃ κατασκευῇ) და ვართ ხატება ღვთისა (εἰκονισμὸς θεοῦ), რადგან, როგორც მითქვამს, მიმღებელია ადამიანური შექმნილობა, უფრო კი ბუნება, სიკეთისაც, სამართლიანობისაც და სიწმინდისაც და ამათი სურვილი შთასაძირკვლებული აქვს (ἐγκαταβεβλημένην ἔχει) ღვთისგან. ამის დანახვა შესაძლებელია შემდეგიდან: ადამიანურ გონებას გადახრა შეემთხვა, მაგრამ არა ცუდიდან კარგისკენ, არამედ კარგიდან - ცუდისკენ. ამრიგად, მართებულია პირველად იმის წინაარსებობა, რისი დამტოვებელიც გადავიხარეთ, რადგან ის, რომ ადამიანის სულში პირველი შექმნისთანავე (ἐκ πρώτης κατασκευῆς) შთაითესა (ἐνεσπάρη) ყოველგვარი კარგის სურვილი და წადილი, და ცოდნა, ამას ასაჩინოებს ყოვლადბრძენი პავლე, რომელიც ამბობს: "რაჟამს წარმართნი, რჯულის არმქონენი, ბუნებით მოქმედებენ რჯულისას, ისინი, რჯულის არმქონენი, თავისი თავის რჯული არიან, რომლებიც აჩვენებენ რჯულის საქმეს, დაწერილს მათ გულებში, თანამოწამეობს რა მათი სინდისი" (რომ. 11. 14-15). თუკი წარმართებსაც, რომლებიც რჯულის გარეთ არიან, ბუნებითად ძალუძთ იცოდნენ რჯული ანუ რჯულმდებლის (მოსეს, ე.ჭ.) მიზანი, ცხადი იყოს ამიერიდან ყველასთვის, რომ მართალი და კეთილი შეიქმნა დასაბამში ადამიანური ბუნება (δῆλον ἔσται παντί τῷ λοιπὸν, ὅτι δικαία καὶ ἀγαθὴ γέγονεν ἐν αρχαῖς ἡ ἀνθρώπου φύσις). და ამისათვის იქნა იგი შემოყვანილი ღვთისაგან, ატარებდა რა მის ხატებას (μόρφωσιν) და ხატს სიკეთისას (εἰκόνα τῆς ἀγαθότητος), რამეთუ წმინდაც (ἅγιος) იყო ადამიანის ცხოვრების პირველი ჟამი (ὁ πρῶτος χρόνος), ხოლო შემოვიდა რა ცოდვა, ღვთისადმი მსგავსების ხატოვნებანი (οἱ τῆς πρὸς θεὸν ὁμοιώσεως χαρακτῆρες) კვლავაც ბრწყინვალე აღარ დარჩა ჩვენში, მაგრამ კიდევ, მას შემდეგ, რაც ადამიანი გახდა მხოლოდშობილი სიტყვა ღვთისა, ხელახლა წმინდა გახდა ადამიანის ბუნება (ἁγία γέγονεν αὖθις ἡ ἀνθρώπου φύσις), სამართლიანობისა და წმინდამყოფელობის მიერ მისდამი (მხოლოდშობილისადმი, ე.ჭ.) უკუდახატული (ἀναμορφουμένη). ასე ამბობს სადღაც ყოვლადბრძენი პავლე: "ხოლო რადგან ჩვენ ყველანი განცხადებული პირით სარკისებრ ვჭვრეტთ (κατοπτριζόμενοι) დიდებას უფლისას, იმავე ხატად გარდავიხატებით (μεταμορφούμεθα), დიდებიდან - დიდებისკენ, როგორც - უფალ სულისგან" (II კორ. 3.18), ხოლო უფალი სულია. ამრიგად, უკუგანახლება (ἀνανέωσις) და თითქოსდა ხელახლაშექმნა (ἀναπλασμός) მოხდა ადამიანური ბუნებისა ქრისტეში, შეენაწევრა რა ჩვენი ხორცი წმინდა ცხოვრებას სულიწმინდაში. მაგრამ თუ თქვა წმინდა წერილმა სადღაც, რომ "შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისი ხატისებრ", დაიდუმა კი "მსგავსებისებრობა", გვამრთებს შევიცნოთ, რომ საკმარისი იყო ეთქვა "ხატისებრობა", როგორც სხვა არაფრის ცხადმყოფელი, თუ არა "მსგავსებისებრობისა", რადგან ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ("მსგავსებისებრობა", ე.ჭ.) ჩვენთვის დაცულია სამერმისო საუკუნეში, რამეთუ თქვა რა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ", ვინ გაბედავს თქმას, რომ შეიქმნა იგი "ხატისებრ", მაგრამ - ჯერაც არა "მსგავსებისებრ"? ამასთან, მსგავსნი ვიქნებით ქრისტესი უხრწნელების მიხდვით და სიკვდილზე უმჯობესქმნილობით, აგრეთვე ამ დიდების მიხედვით, რაც თვით მან მოგვმადლა ჩვენ, რადგან კიდევ წერს ღვთივშთაგონებული პავლე: "რამეთუ მოვკვდით და თქვენი ცხოვრება დაფარულია ქრისტესთან ერთად ღმერთში. რაჟამს ქრისტე განცხადდება, - ცხოვრება ჩვენი, - მაშინ თქვენც მასთან ერთად განცხადდებით დიდებაში" (კოლას. 3. 3-4). სხვაგან კიდევ: "რომელიც გარდასახავს ჩვენი სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს თანახატი მისი დიდების სხეულისა" (ფილიპ. 3.21), რადგან ამჟამადაც არ ვართ "მისი მსგავსებისებრ ყოფნის" გარეთ, თუ ჭეშმარიტია, რომ იგი დაიხატვის ჩვენში სულიწმინდის მიერ, რამეთუ კვლავ წერს პავლე გალატელებს: "შვილნო, რომლებსაც კვლავ სალმობით გშობთ, ვიდრე არ დაიხატება ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19). მართლაც, რაჟამს ჩვენს თავს მორწმუნეებად და წმინდანებად ვიცავთ, მაშინ იხილვება ქრისტე დახატული (μορφούμενος) ჩვენში, რომელიც ჩვენს გონებებში თავის ხატოვნებათა შთამაელვებელია (ἐναστράπτων)" (ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ, PG. 76, 1085-1088).

რა შეიძლება იყოს აქ წარმოდგენილ მსჯელობაზე ნათელი და გსაგები?

დიახ, წმ. კირილე მხოლოდ იმას რჯულმდებლობს, რომ "ღვთისადმი მსგავსება ხვედრებული გვაქვს პირველი შესაქმიდანვე და ვართ ხატება ღვთისა". დიდი მოძღვარი გაფრთხილების ტონით კატეგორიულად ამბობს: "ვინ გაბედავს თქმას (τίς ὁ φάναι τολμῶν), რომ შეიქმნა ადამიანი ხატისებრ, მაგრამ - ჯერაც არა მსგავსებისებრ", თუმცა ეს მკაცრი სიტყვები გრ. რუხაძეზე არ მოქმედებს, რადგან იგი, იმყოფება რა წმ. კირილე ალექსანდრიელთან დიამეტრულ დაპირისპირებაში, თავის მხრივ ცრუდ დამბეჭდველობს, რომ დასაბამში ადამიანმა მხოლოდ ხატება მიიღო, მსგავსება და ძეობილობა კი მაცხოვრის განკაცების შემდეგ შეიძინაო.

ამრიგად, წმ. კირილეს სწავლებით, ადამიანს დასაბამშივე ჰქონდა სათნოებითი მსგავსება ღვთისადმი, იყო რა კეთილი, სამართლიანი და წმინდა, ცოდვის შემოსვლამ ღვთისადმი ადამიანის ხატოვნებანი (ანუ თვისობრივი გამოხატულებანი, თვისობრივი აღბეჭდილობანი) დააბნელა, მაგრამ განკაცდა რა ღმერთი, ხელახლა (αὖθις) წმინდა ანუ ღვთის მსგავსი გახდა ადამიანური ბუნება და თავიდან დაიხატა, თავიდან ხატიქმნა, ანუ სათნოებითი სიწმინდით კვლავ მსგავსება მიიღო ძე ღმერთისადმი (განკაცების შემდეგ იესო ქრისტედ წოდებულისადმი). ესაა ადამიანური ბუნების უკუგანახლება, ახალშექმნა ქრისტეში.

მაცხოვრისადმი ხატქმნილობა ადამიანური ბუნებისა რომ იმავე ძე ღმერთისადმი (განკაცების შემდეგ ქრისტედ წოდებულისადმი) ხელახალი ხატქმნილობაა, ე.ი. განახლებაა თავდაპირველი ხატქმნილობისა, დახატულობისა, ამას წმ. კირილე უაღრესად ნათლად ასწავლის აგრეთვე იმავე შრომის მესამე თავში (სათაურით: "მსგავსადვე, ადამიანი არის ღვთის ხატისებრ"), სადაც ვკითხულობთ:

"ხოლო დახატულნი ვართ (μεμορφώμεθα) მისდამი პირველი და უსაკუთრესი გვარისამებრ (κατὰ πρῶτον μὲν τρόπον καὶ κυριώτατον), - რაც კი შეიძლება მოაზრებულ იქნეს, - სათნოებისამებრ და სიწმინდისამებრ, რადგან წმინდაა ღვთიურობა, ყველა სათნოების დასაბამი, წყარო და სათავე. ხოლო ის, რომ შესაფერისია, რათა სწორედ ასე იქნეს უფრო გააზრებული ღვთის ხატისებრ ადამიანის შექმნა, ამას გვასწავლის ყოვლადბრძენი პავლეც, რომელიც გალატელთა მიმართ ამბობს: "შვილნო, რომლებსაც კვლავ სალმობით გშობთ, ვიდრემდე დაიხატება ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19). რამეთუ იხატება (μορφοῦται) იგი ჩვენშიც სულიწმინდისეული წმინდამყოფელობის შედეგად (δι' ἁγιασμοῦ, τοῦ διὰ Πνεύματος) ხმობის მიერ (διὰ κλήσεως), რაც მისდამი (ქრისტესადმი, ე.ჭ.) რწმენით ხდება. მაგრამ იმათში, რომლებიც რწმენას გარდახდებიან, ხატოვნებანი (χαρακτῆρες) საღად (ὑγιῶς) აღარ ბრწყინავენ. ამის გამო სხვა სულიერ ტკივილშობადობასა და გონისეულ ახალშობას საჭიროებენ ისინი, რათა რაჟამს სულიწმინდა, წმინდამყოფელობის გზით, საღვთო ხატს შთააელვარებს მათში, კვლავ ქრისტეს მიმართ უკუდაიხატნონ (ἵνα τοῦ ἁγίου Πνεύματος ἐν αὐτοῖς ἐναστράπτοντος δι' ἁγιασμοῦ τὴν θείαν εἰκόνα, πάλιν εἰς Χριστὸν ἀναμορφωθεῖεν)".

დამოწმებული ციტატაც და აურაცხელი სხვაც, რაც ზემოთ გვქონდა მოტანილი, მთელი სიმკვეთრით აყალიბებს სწავლებას ღვთისადმი ადამიანის ხატებისა და მსგავსების შესახებ:

ხატისეული თვისებებითაც და მსგავსებითი ხატოვნებითაც ადამიანი დასაბამშივე სულიწმინდის მიერ (რაც მასში შთაიბერა მამა ღმრთისგან) დახატული ანუ ხატქმნილი იყო ყოვლადწმინდა სამების ბუნებისადმი, რომელმაც თავიდანვე შექმნა იგი არა მხოლოდ თავისუფალი ნებით, მოაზროვნეობით, მეუფებრივობით (რაც ხატებრივ თვისებებად მიიჩნევა), არამედ სათნოებითი ღირსებებითაც (სიკეთით, სამართლიანობით, სიწმინდით, სიმდაბლით, უხრწნელებით, რაც მსგავსებისეულ თვისებებად მიიჩნევა). ყოველივე ეს ადამიანს ანიჭებდა მადლმოსილებას, ნეტარეულობას და დიდებულებას, რადგან ხატებისეულ და მსგავსებისეულ თვისებათა თავდაპირველი მთლიანობა, შეერთებული (როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის) აღმატებულ ცოდნასთან, უცოდველ ადამიანს წარმოაჩენდა მამისეულ კერიაში, მამისეულ მხარეში დამკვიდრებულ საყვარელ ძედ, ძეობილად ღვთისა, რომელიც თავის თავში მადლისმიერად გამომხატველი იყო ძე ღმერთის (მამა ღმერთის ჭეშმარიტი და ბუნებითი ხატის) ბუნებითი ძეობისა, ანუ იგი დამშვენებული იყო "ძეობის ხატითაც", ძეობილობის პატივითაც, რითაც ადამიანი როგორც მადლისმიერი ხატი (სულიწმინდისეული წმინდამყოფელობის შედეგად) დახატული იყო თავისი პირმშოხატისადმი, მხოლოდშობილი ძისადმი, მამის უცვალებელი და ბუნებითი ხატისადმი (განკაცების შემდეგ ქრისტედ წოდებულისადმი). ცოდვის შემოსვლით დაბნელებული ხატება და მსგავსება კვლავ აღადგინა განკაცებულმა ძე ღმერთმა, იესო ქრისტემ, რომელმაც ხელახლა შთაჰბერა სულიწმინდა მისდამი მორწმუნეებს და დაუწესა კაცობრიობას ნათლისღების საიდუმლო, რაც გვანიჭებს საკუთრივ "ძეობილობის სულს" ანუ სულიწმინდას, რომლის მადლითაც (ისევე როგორც დასაბამში) კვლავ ვიძენთ დასაბამიერ ძეობილობას ანუ კვლავ უკუდავიხატებით ძე ღმერთისადმი (განკაცების შემდეგ ქრისტედ წოდებულისადმი). ამგვარი მადლის მიმღებნი (ქრისტიანები) და შემდეგ კვლავ შემცოდენი ხელახლა საჭიროებენ განწმენდას (ცხადია, სინანულის საიდუმლოს გზით), რომ კვლავ გაბრწყინდეს მათში ნათლობის მიერ აღდგენილი და განახლებული ძეობილობა ანუ საღვთო ხატება და მსგავსება, და "კვლავ უკუდაიხატონ ქრისტესადმი".

დავიმოწმებთ კიდევ რამდენიმე ციტატას წმ. კირილეს შრომებიდან, სადაც აშკარად ჩანს ღვთისმოსავი ადამიანის მსგავსებისებრობა მისი პირველშექმნიდანვე:

"ყოველთა ზედა მყოფი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν) ადამიანის შექმნას (πεποιῆσθαι) ადასტურებს საღვთო წერილი" ("იოანეს სახარების განმარტება", PG. 73, 204 D).

კიდევ:

"...დაინახავს, რომ ცხონებულია მისი ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნილი" (PG. 73, 969 A).

კიდევ:

"შექმნილები ვართ ხატისებრ და მსგავსებისებრ შემოქმედი ღვთისა" (PG. 70, col 236 B; ბერძნ. ტექსტი იხ. ზემოთ).

"რამეთუ ქმნილნი ვართ მისი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (PG. 75, 673 C).

"ამრიგად ძენი - ძის მიერ, ვართ ჩვენ ხატი ღვთისა და მსგავსება (εἰκιὼν δὲ θεοῦ καὶ ὁμοίωσις ἡμεῖς), ასე შექმნილნი დასაბამში (οὕτω τὸ ἐν αρχαῖς πεπλαστουργημένοι) მთელი ბუნებისადმი, - ცხადია, რომ უზენაესისადმი" (სამების შესახებ, III დიალოგი, PG. 75. 837 C; მინის გამოცემაში ნაცვლად სიტყვისა "ძის მიერ" მცდარად არის "ძეობა". იხ. კრიტიკული გამოცემა: SC. t. 237, p. 100; შდრ. შენიშვნა, იქვე p. 403).

"რამეთუ შევიქმენით თვით ჩვენც ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ, ხოლო ჩვენში საღვთო გამოხატულების (ἐξεικονισμόν) შთამნერგველი უთუოდ იქნებოდა წმინდამყოფელობა (ὁ ἁγιασμός), ესე იგი, სულიწმინდაში ზიარება ძესთან (ἡ ἐν Πνεύματι μέθεξις τοῦ Υἱοῦ). და ამიტომ, როცა ადამიანური ბუნება გაუკუღმართებისკენ დასხლტა და ხატის მშვენიერება დამახინჯდა, ახალშევიქმენით დასაბამისადმი (κεκαινουργήμεθα πρὸς τὸ ἀπαρχῆς), სულიწმინდის მიერ კვლავ დასაფუძვლებულნი ხატად შემოქმედისა, ცხადია კი, რომ ძისა (ἀναστοιχειούμενοι διὰ Πνεύματος εἰκόνα τοῦ κτίσαντος, δῆλον δὲ ὅτι τοῦ Υἱοῦ), რომლის მიერაც არის ყოველივე მამისგან" (იქვე, VI დიალოგი, PG. 75, p. 1013; SC. t. 246, p. 34).

ახლა მოვუხმოთ სხვა დიდ მოძღვართ, რომლებიც ასევე არაორაზროვნად რჯულმდებლობენ დასაბამშივე ადამიანის შექმნას ღვთისადმი მსგავსების პატივით.

ნეტარი თეოდორიტე კვირელი:

"შექმნა იგი (ადამიანი, ე.ჭ.) დასაბამში, პატივი მიაგო მსგავსებით" (PG. 83, 761 D; სრული ციტატა და ორიგინალზე მითითება ლათინური თარგმანითურთ იხ. ზემოთ).

წმ. ათანასე ალექსანდრიელი:

"ყოვლის შემოქმედმა და ყოვლადმეუფე ღმერთმა, ზემიღმიერად მყოფმა ყოველ არსებაზე და ადამიანურ წარმოდგენაზე, როგორც კეთილმა და ზემშვენიერმა, თავისი სიტყვის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ შექმნა ადამიანური მოდგმა თავისი ხატისებრ და, აღაგო იგი, მისდამი (სიტყვისადმი, ე.ჭ.) მსგავსების გზით (διὰ τῆς πρὸς αὐτὸν ὁμοιώσεως), არსთა მჭვრეტელად და შემმეცნებლად" (წარმართთა წინააღმდეგ, 2; SC. t. 18, p. 52-54; შდრ. კვლევითი ნაწილი, წამძღვარებული წმ. ათანასეს მეორე შრომაზე: "სიტყვის განკაცების შესახებ", SC. t. 199, p. 76).

იგივე მოძღვარი:

"... ამ სახით შეძლონ განჭვრეტა მამის სიტყვისა, რომლისებრაც შეიქმნენ კიდეც დასაბამიდან, რადგან ღვთის ხატისებრ დაიბადა იგი (ადამიანი, ე.ჭ.) და შეიქმნა მსგავსებისებრ (καὶ καθ' ὁμοίωσιν γέγονεν), როგორც აღნიშნავს კიდეც წერილი, როდესაც ამბობს ღვთის პირით: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (იქვე, p. 164).

ახლა დავიმოწმებთ წმ. ლეონ დიდის სწავლებას:

"ღმერთი ჯეროვნად ითხოვს მისდამი ბაძვას (imitationem sui) იმათგან, რომლებიც შექმნა თავის ხატად და მსგავსად (quos ad imaginem et similitudinem suam fecit)" (7-ე ქადაგება, მარხვის შესახებ, 2.7; SC. 49. p. 140).

კიდევ:

"... რომელშიც (იესო ქრისტეში, ე.ჭ.) არის სრული უბიწოება და ჭეშმარიტი ბუნება იმისა, ვინც ღვთის ხატისბრ და მსგავსებისებრ (ad imaginem et similitudinem Dei) შეიქმნა" (51-ე ქადაგება, ვნების შესახებ. 2.28; SC. t. 74, p. 166).

კიდევ:

"თუკი ადამიანი, შექმნილი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ (ad imaginem et similitudinem Dei factus), დარჩებოდა თავისი ბუნების ღირსებაში, თუ არ მოტყუვდებოდა ეშმაკეული მზაკვრობით და თუ არ გარდახდებოდა, სიხარბის გამო (per concupiscentiam), მისდამი დადებულ მცნებას, სამყაროს შემოქმედი არ გახდებოდა ქმნილება (Creator mundi creatura non fieret), არცთუ მარადიული დაექვემდებარებოდა ჟამიერებას, არც მამაღმერთის სწორი ძეღმერთი მიიღებდა მონის ხატს და ცოდვის ხორცის მსგავსებას" (64-ე ქადაგება სულთმოფენობის შესახებ, 2.5; იქვე, p. 314).

კიდევ:

"რა არის ისე მართებული და ისე ღირსეული, თუ არა ის, რომ ქმნილებამ, შექმნილმა ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ, ჰბაძოს თავის შემოქმედს" (79-ე ქადაგება, მეშვიდე თვის მარხვის შესახებ 1.31; SC. t. 200, 130).

კიდევ:

"ადამიანმა უნდა შეიცნოს თავისი მოდგმის ღირსება და გაიაზროს, რომ შექმნილია თავისი შემოქმედის ხატისებრ და მსგავსებისებრ" (იქვე, 81-ე ქადაგება, 2.10 p. 146).

კიდევ:

"ადამიანი, რომელიც შექმნილია ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ, არაფერს ფლობს თავისი ბუნების ღირსებაში ესოდენ შესაფერისს მისთვის, რამდენადაც იმას, რომ ჰბაძავდეს თავისი შემოქმედის სიკეთეს" (90-ე ქადაგება, 2.21; p. 220).

ახლა მოვუხმოთ წმ. იოანე ოქროპირს:

"ღმერთმა იგი (კაცი, ე.ჭ.) შექმნა ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν), რადგან თქვა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (ქალწულებისათვის, 46.3; SC. t. 125, p. 260).

იგივე მოძღვარი:

"და ის, ვინც ესოდენ პატივთაგან, - ხატისებრობით, მსგავსებისებრობით (τῷ κατ' εἰκόνα, τῷ καθ' ὁμοίωσιν) და დანარჩენ კურთხევათაგან, - იქნა პატივდებული, არ დარჩებოდა მოკლებული არც იმას, რაც სიკეთეთა თავია (ჭეშმარიტ ცოდნას, ე.ჭ.)" (VI ჰომილია შესაქმის შესახებ, თავი 1; SC. t. 433, 288-290).

წმ. ამბროსი მედიოლანელი რჯულდებითად გამოთქვამს იმავე მოძღვრებას:

"უთუოდ საღვთო ხატისებრ და მსგავსებისებრ არის შექმნილი ადამიანთა ბუნება (κατ' εἰκόνα θείαν καὶ ὁμοίωσιν πάντως ἡ τῶν ἀνθρώπων δεδημιούργηται φύσιν, ლათ.: Humana porro natura ad imaginem ac similitudinem divinam omnino efficta est" (ცხოვრება წმინდა ამბროსი მედიოლანელისა", PG. 116, 880-881).

იგივე მოძღვარი თავის ცნობილ შრომაში De Sacramentis, მიმართავს რა ადამიანს, პირდაპირ წერს:

"მდიდარი იყავი, შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად (ad factus)" (V. 27, SC. t. 25, p. 134).

წმ. მაკარი დიდი აღნიშნავს:

"სულის დაბადებისას, ამგვარი შექმნა მან (უფალმა, ე.ჭ.) იგი: არ ჩაუდია მის ბუნებაში ბოროტება, არ იცოდა მისმა (სულმა, ე.ჭ.) ბუნებამ ბოროტება, არამედ ღმერთმა შექმნა იგი სულიწმინდის სათნოებათა ხატისებრ (κατὰ τὴν εἰκόνα τῶν ἀρετῶν τοῦ Πνεύματος ἐποίησεν αὐτήν, ფრანგ. თარგ.: Dieu la fit à l'image des vertus de l'Esprit), ჩადო მასში სათნოებათა რჯულნი (νόμους ἀρετῶν), განმრჩეველობა, ცოდნა, გონიერება, რწმენა, სიყვარული და დანარჩენი სათნოებანი სულიწმინდის ხატისებრ (κατὰ τὴν εἰκόνα τοῦ Πνεύματος, ფრ. თარგმ.: à l'image de l'Esprit)" (26-ე ჰომილია, 7.2 SC. t. 275, p. 310).

ალექსანდრე მონაზონი წერს:

"ამრიგად, ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα ἰδίαν καὶ ὁμοίωσιν) და დაამკვიდრა იგი სამოთხეში" (PG. 87 Γ', col. 4021 A).

წმ. სოფრონ იერუსალიმელი ხარებისადმი მიძღვნილ მეორე ქადაგებაში გვამცნებს:

"ამრიგად, შექმნა რა ღმერთმა დასაბამში ყოვლიერება, რაც არ არსებობდა... ქმნის იგი ადამიანსაც თავისი ხატისებრ, შეამზადა რა იგი მოაზროვნე სულისა და სხეულისგან, რომელიც დააფუძნა თავისი კეთილობის ხატადაც და მსგავსებადაც (ὅν καὶ εἰκόνα τε καὶ ὁμοίωσιν τῆς οἰκείας ἀγαθότητος τέθεικεν, ლათ.: propriae bonitatis et imaginem et similitudinem eum effecit), მიჰმადლა მას თვითუფლებრივი ცხოვრება, ჰყო იგი ღვთის სამოთხის მოსახლედ და ქმნა იგი კეთილი, განუჩინა რა მას საღვთო და მაცხოვნებელი მცნება, რომ არც ხატის სიდიადით გაამპარტავნებულიყო და არც ღვთისადმი მსგავსების გამო (μηδ' ἐκ τῆς πρὸς θεὸν ὁμοιώσεως, ლათ.: neve ob similitudinem cum Deo) უგუნურებით ღვთის ბუნებად წარმოესახა თავი" (PG. 87 Γ', 3229 A-B).

წმ. სოფრონი შემდეგ აღგვიწერს ადამიანის დაცემას და ხაზს უსვამს რა მის უბადრუკებას, კვლავ იხსენებს სამოთხისეულ ყოფას, როდესაც ნეტარებაში მკვიდრობდა იგი. კერძოდ:

"როდესაც მას ჰქონდა უმწვერვალესი კეთილდღეობა (εὐημερίαν ἄκραν), როდესაც საზრდოობდა სამოთხის ნაყოფთაგან, როდესაც უშურველად იშვებდა ყველა სიკეთით (ὅτε πάντων ἀγαθῶν ἀφθόνως ἀπήλαυεν), როდესაც იღებდა ღვთის ნათელცისკროვნებას (φωταυγείας), როდესაც იგი, ქმნილებად მყოფი, მიწიერ ქმნილებებზე მეუფებდა, როდესაც ღვთის ხატად იყო შერაცხილი და ღვთის მსგავსებით საკვირველად განიხარებდა (καὶ ὁμοιαώσει θεοῦ θαυμαστῶς ἐφαιδρύνετο, ლათ.: et propter suam cum Deo similitudinem mirum in modum refulgebat)" (იქვე. 3232 A-B).

"წმ. აკაკი კაპადოკიელის მარტვილობის" მეტაფრასში, რაც წმ. სვიმეონ ლოგოთეტს ეკუთვნის, ვკითხულობთ:

"კურთხეულია შენი დიდების სახელი, უფალო, რომელმაც შენი მხოლოდშობილი ძით და ცხოველმყოფელი სულით პატივი მიაგე ადამიანს, რომელიც შენი ხატისებრ და მსგავსებისებრ შეჰქმენი (ὅν κατ' εἰκόνα σὴν καὶ ὁμοίωσιν ἔπλασας)" (PG. 115, 240 A).

"დიდმოწამე მავრიკიოსის და მის მეგობართა მარტვილობის" მეტაფრასში წმინდანები ასე ლოცულობენ:

"უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმაც დაგვბადე ჩვენ შენი ხატისებრ და მსგავსებისებრ (ὁ κτίσας ἡμᾶς κατ' εἰκόνα σὴν καὶ ὁμοίωσιν)... შენ შეგვედრებთ ჩვენს სულებს" (იქვე, 369 C).

"წმ. ბარბარეს მარტვილობაში" დიდმოწამე ქალწული ასე მიმართავს უფალს:

"უწყი უფალო, რომ ხორცნი ვართ ჩვენ და სისხლი, შენაქმნი შენს უხრწნელ ხელთაგან და შენი ხატითა და მსგავსებით პატივდებულნი (καὶ ἐικόνι σῇ καὶ ὁμοιώσει τετιμημένοι)" (PG. 116, 316 A).

ამასვე აუწყებს წმ. ევსტათი წარმართ მთავრებს:

"წმ. ევსტათიმ თქვა: - დავიწყებ შენი პოეტის ჰესიოდეს მსგავსად: დასაბამში იყო ერებოსი და ქაოსი, ესე იგი, ბნელი (ζόφος) და სიღრმე წყალთა (βυθὸς ὑδάτων). ღრმერთმა მოაწესრიგა (διακοσμήσας) ეს სოფელი, თუმცა არა ქვემდებარე თუ წინასწარარსებული ნივთისგან, არამედ არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა მან ყოველივე, სიტყვით და ბრძანებით დაჰბადა მთელი შესაქმე და შექმნა ადამიანიც თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ (ἐποίησε καὶ τὸν ἄνθρωπον κατ' εἰκόνα ἑαυτοῦ καὶ ὁμοίωσιν)" (იქვე, 493 C).

წმ. ირინეოს ლიონელი:


"ადამიანი არის შეზავება (temperatio) სულისა და ხორცისა, რომელიც ხატქმნილია ღვთისადმი მსგავსებით (qui secundum similutidinem Dei formatus est, ბერძნ. რესპ.: "καθ' ὁμοίωσιν θεοῦ μεμορφωμένης") და მისი (ღვთის, ე.ჭ.) ხელთა მიერ, ესე იგი ძისა და სულიწმინდის მიერ არის შექმნილი" ("მწვალებლობათა წინააღმდეგ", IV, Pr. 4, SC. t. 100, p. 391).

კიდევ:

"დაბადებული და შექმნილი ადამიანი იქმნება უქმნელი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν)" (დამოწმებულია წმ. იოანე დამასკელის მიერ; იქვე IV, 38.3; p. 954).

კიდევ:

"რაჟამს ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა იგი, თავის თავში შემოკრიბა (recapitulavit, ἀνεκεφαλαιώσατο) ადამიანთა ხანგრძლივი ისტორია, ერთბაშად (in compendio, ἐν συντόμῳ) მოგვიბოძა ცხონება, რომ ის, რაც წარვწყმიდეთ ადამში, ესე იგი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ ყოფნა, ეს უკუმიგვეღო იესო ქრისტეში (ut quod perdideramus in Adam, id est secundum imaginem et similitudinem esse Dei, hoc in Christo Iesu reci peremus; ἵνα ὁ ἀπεβάλομεν ἐν 'Αδάμ, ταυτεστι τὸ κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν εἶναι θεοῦ, τοῦτο ἐν Χριστῷ 'Ιησοῦ ἀπολάβωμεν)" (იქვე, III. 18.1; SC. t. 211, p. 342-345).

იგივე წმინდანი:

"ამრიგად, აუცილებელი იყო, რომ უფალს, მოსულს წარწყმედილი ცხრისადმი და ესოდენი განგებულების დამაგვირგვინებელს (სიტყვ. "შემოკრების მოქმედს", ე.ჭ.), რომელმაც მოიძია თავისი ქმნილება, ეცხოვნებინა თვით ის ადამიანი, შექმნილი მისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, ესე იგი ადამი (αὐτὸν ἐκεῖνον τὸν ἄνθρωπον σῶσαι τὸν γεγονότα κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν αὐτοῦ, τουτεστι τὸν Ἀδάμ), რომელსაც აღსრულებული ჰქონდა ჟამი მისი ურჩობის გამო [მოწევნული] სასჯელისა" (იქვე, III. 23.1; p. 445).

იგივე წმინდანი:

"მამისეული სათნოჩენით, მისმა ხელებმა ცხოველყვეს ადამიანი, რომ ქმნილიყო ადამი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ" (იქვე V. 2.1; SC. t. 153. p. 29).

კიდევ:

"იდიდება ღმერთი თავის ქმნილებაში, რომელიც სრულყო მან (καταρτίσας) თანახატად და შესატყვისად თავისი ძისა (conforme illud et consequens suo puero adaptans; σύμμορφον αὐτὸ καὶ ἀκόλουθον τῷ ἰδίῳ Παιδὶ καταρτίσας), რამეთუ მამის ხელთა მიერ, ესე იგი ძისგან და სულისგან, იქმნება ადამიანი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ და არა ნაწილი ადამიანისა" (იქვე, V. 6.1; p. 73).

კიდევ:

"ადამიანები, სამართლიანობის ნაყოფთა არმქონენი და ნივთცოფიერნი (ὑληματικοί), მზრუნველობას მიახლებულნი და ღვთის სიტყვის როგორც გადმონერგილობის (ἐγκεντρισμόν) მიმღებნი მიდიან ადამიანის დასაბამიერ ბუნებასთან, ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ ქმნილთან (εἰς τὴν ἀρχαίαν χωροῦσι τοῦ ἀνθρώπου φύσιν, τὴν κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν γεγονυῖαν θεοῦ)" (იქვე V. 10.1; p. 127).

კიდევ:

"და ამის გამო დასძინა [მოციქულმა]: "და შეიმოსეთ ახალი, განახლებული შემოქმედის ხატისებრ შემეცნებაში" (კოლ. 3.10). როცა თქვა "განახლებული... შემეცნებაში", მიანიშნა, რომ თვით ის ადამიანი, რომელიც პირველად უმეცრებაში იყო, ესე იგი უმეცარი იყო ღვთისა, განახლდება მისი შემეცნების შედეგად, რადგან ღვთის ცოდნა განაახლებს ადამიანს. ხოლო როცა თქვა: "შემოქმედის ხატისებრ", იმ ადამიანის შემოკრება მოასწავა, რომელიც დასაბამში შეიქმნა ღვთის ხატისებრ" (იქვე V. 12.4; p. 157).

კიდევ:

"უფალი იშვა ქალწულისგან, შემუსრა ჩვენი მოწინააღმდეგე და სრულყო ადამიანი (perficiens hominemn) ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ" (იქვე V. 21.2; p. 267).

კიდევ:

"ადამიანი, შექმნილი დასაბამში ღვთის ხელთა მიერ, ესე იგი ძისგან და სულისგან, იქმნება ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ" (იქვე V. 28.4; p. 361).

კიდევ:

"ერთია კაცობრიობა, რომელშიც სრულდება ღვთის საიდუმლონი, "რომელთა (საიდუმლოთა, ე.ჭ.) ჭვრეტა სურთ ანგელოზებს" (I პეტრ. 1.2), არ ძალუძთ რა გამოიკვლიონ ღვთის სიბრძნე, რითაც მისი (ღვთის, ე.ჭ.) ქმნილება სრულიქმნება ძის თანახატად და თანასხეულად, რათა მისი ნაშობი პირმშო სიტყვა ჩამოვიდეს ქმნილებასთან, ესე იგი დაბადებულთან და დატევნული გახდეს მისგან, ქმნილებამ კი კვლავ დაიტიოს სიტყვა (καὶ τὸ ποίημα πάλιν χωρῇ τὸν Λογον) და აღვიდეს მისდამი, ზეაღმატებული ანგელოზებზე და ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ ქმნილი" (იქვე V. 36.3; p. 467).

წმ. კირილე იერუსალიმელი:

"თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად. და "ხატებაჲ" იგი მოიღო, ხოლო "მსგავსებაჲ" იგი დააბნელა ურჩებითა მით" ("აღდგომისათჳს მკუდრეთით", სინური მრავალთავი, თბ. 1959, გვ. 159).

წმ. მაკარი ეგვიპტელი:

"დასაბამში ღვთის ხელთაგან ქმნილი ადამიანი იყო ფრიად სიწმინდესა და თვინიერებაში (ἐν καθαρότητι καὶ ἡμερότητι πολλῆ), ხოლო რაჟამს გარდახდა იგი ღვთის მცნებას, განაჩენს დაექვემდებარა" (III კოლექციის VIII ჰომილია, 3.1; იხ. SC. t. 275, p. 148).

წმ. იოანე ოქროპირი, ეხება რა "შესაქმის" აღნიშნულ მუხლს, განმარტავს, თუ რას ნიშნავს "მსგავსებისებრობა":

"ვთქვით, თუ რა არის ეს "ხატისებრობა" და "მსგავსებისებრობა", კერძოდ, რომ ესაა არა არსების განუსხვავებლობა (ე.ი. არა ის, რომ ადამიანს და ღმერთს ერთი და იგივე არსება აქვთ, ე.ჭ.), არამედ - მთავრობის მსგავსება (ე.ი. ადამიანი მადლისმიერი ხატია საღვთო ხელმწიფებისა, ე.ჭ.); ხოლო "მსგავსებისებრობა" იგივეა, რაც თვინიერება, უდრტვინველობა და ძალისამებრ მიმსგავსება ღვთისადმი სათნოების ნიშნით" ("ჰომილიები შესაქმის შესახებ", PG. 54, 591; SC. t. 433, p. 204).

აღნიშნული "მსგავსებისებრობა" წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, დასაბამშივე ჰქონდა ადამიანს:

"რითაც პირუტყვთაგან განვსხვავდებით და რითაც მხეცებზე უკეთესნი ვართ - ესაა ბოროტებისა და სათნოების ცოდნა, შეცნობა უკეთურებისა და არაუმეცრება (μὴ ἀγνοεῖν), იმისა, რაც კარგია, ხოლო თუ ჩვენ ახლა ვიცით ეს (და არა მარტო ჩვენ, არამედ - სკვითებმაც და ბარბაროსებმაც), ბევრად უფრო მეტად (πολλῷ μᾶλλον) ეცოდინებოდა ეს იმ ადამიანს მაშინ, ცოდვის უწინარეს (πρὸ τῆς ἁμαρτίας) და იგი, პატივდებული ესოდენ პატივთაგან - ხატისებრობით, მსგავსებისებრობით (τῷ καθ' ὁμοίωσιν), დანარჩენი კურთხევებით - არ იქნებოდა მოკლებული მთავარ სიკეთეს (ბოროტისა და კეთილის გარჩევას, ე.ჭ.)" (იქვე, 606; SC. t. 288-290).

ნეტარი ავგუსტინე:

"ამრიგად, ძმანო, ვკითხულობთ, თუ როგორ შეიქმნა (factus est) ადამიანი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ (ad imaginem et similitudinem Dei)" ("განმარტება იოანეს პირველი ეპისტოლისა", SC. t. 75, p. 350).

წმ. ევლოგი ალექსანდრიელი:

"რადგან ნამდვილად გახდნენ მთლად ხორცისანი და ვნებადი აზრებისა და ყველა სხვა ცოდვისანი, ხორცად გარდაქმნეს მათ ის, რაც მიიღეს - სული ხატისებრ და მსგავსებისებრ ღვთისა (πνεῦμα κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν Θεοῦ)" (ნავატიანოსთა წინააღმდეგ, მეორე სიტყვა, ციტირებულია წმ. ფოტი პატრიარქის მიერ: "ბიბლიოთეკა", cod. CCLXXX, PG. 104, 329 B).

წმ. დოროთე ღაზელი:

"ბუნებითად (φυσικῶς) გვაქვს სათნოებანი, ღვთისგან ბოძებულნი ჩვენდამი, როგორც ამბობს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ". თქვა: "ხატისებრ", რადგან უხრწნელი და თვითუფლებრივი შექმნა ღმერთმა სული, ხოლო ამბობს: "მსგავსებისებრ", ესე იგი: "სათნოებისებრ" ("სხვადასხვა სწავლებანი", XII. 134; PG. 88, 1757 C; იხ. SC. t. 92, p. 396).

იგივე მოძღვარი:

"ასე რომ, ბუნებითად მოგვცა ღმერთმა სათნოებანი" (იქვე).

კიდევ:

"ღმერთმა ადამიანი შექმნა ღვთის ხატისებრ, ესე იგი: უკვდავი, თვითუფლებრივი, შემკობილი ყველა სათნოებით (κεκοσμένον πάσῃ ἀρετῇ, შდრ. ფრანგ. თარგ. "paré de toute vertu")" (იქვე 1.1; 1617 B; SC. t. 92, p. 146).

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი:

"კეთილად ჰქონდეს ზიარება
ქმნილებას შემოქმედთან,
როგორც შემოქმედის ხატისებრ
და მსგავსებისებრ მყოფს"


(23-ე ჰიმნი, 66-68, SC. t. 174, p. 192).

"სოფლის მოყვარული მტერია ღვთისა,
ხოლო იმ ადამიანს, მან რომ შექმნა
თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, -
მას ვუწოდებთ "სოფლად".

(33-ე ჰიმნი, 18-19; იქვე p. 414).

"ეს არის თვით ყოველთა შემქმნელი ღმერთი, რომელმაც შემოგვიყვანა ჩვენც, აიღო რა მტვერი მიწიდან და მოგვმადლა (χαρισάμενος) გონება, სიტყვა და სული, შეგვქმნა რა ჩვენ თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ (ὁ κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν αὐτοῦ ποιήσας ἡμᾶς)" (პირველი საღვთისმეტყველო, 218-221, SC. t. 122, p. 112).

"...ასე არის პატივდებული ადამიანიც, ვინც ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შეიქმნა (ὁ κατ' εἰκόνα θεοῦ καὶ ὁμοίωσιν κτισθείς)" (მესამე ეთიკური, 152-154; იქვე p. 400).

"ვინც მან თავისი უხილავი ხელებით თავისი მსგავსებისებრ და ხატისებრ შექმნა (καθ' ὁμοίωσιν καὶ κατ' εἰκόνα αὐτοῦ πεποίηκεν), მისი, დაცემულის კვლავ აღდგინება ინება არა სხვის მიერ, არამედ თავისი თავის მიერ" (მეათე ეთიკური, 67-69; SC. t. 129, p. 264).

"თუკი ღმერთმა უსულონი ესოდენ შეამკო და ადიდა კეთილსურნელებით, რაოდენ უფრო შეგამკობს შენ, ამის მსურველს, სათნოებათა სახეობებით და რაოდენ გადიდებს სულიწმინდის კეთილსურნელებით, შენ, რომელიც შეგქმნა კიდეც თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ (ὅν καὶ κατ' εἰκόνα ἑαυτοῦ ἔκτισε καὶ ὁμοίωσιν)" (მეთოთხმეტე ეთიკური, 124-127; იქვე, p. 430).

ნიკიტა სტითატი:


"საჭიროდ ვცან, რომ სიბერეში და ჩემი ცხოვრების მიწურულს მეფილოსოფოსა გონისმიერი, უკვდავი და ღვთიური სულის შესახებ, რომლის მიერაც ვჩანვარ მე ჩემი დამბადებლის ხატისებრ, რომელთან ერთადაც თან ვატარებ მის მსგავსებისებრობას (ἐκείνου τὸ καθ' ὁμοίωσιν ἐπιφέρομαι) და რომლისაც არის მოაზროვნეობის ღირსება. მართებული და სასარგებლო მეჩვენა ამგვარი მცდელობა, როგორც ეჩვენება ეს აგრეთვე ყველა სხვას, ვისაც ძალუძს კეთილად განსაჯოს საღვთო და ადამიანურ საქმეთა შესახებ. ხოლო ჩავთვალე, რომ პირველ რიგში ნათლად ვუწყოდე ჩემი თავი, რომელიც ვარ ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ" (სიტყვა სულის შესახებ, შესავალი, 1; SC. t. 81, p. 64).

იგივე მოძღვარი:

"შეაერთა რა ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება შეურევლად, კერძოდ, გონითობა სულისა და გრძნობადობა სხვადასხვა [სტიქიონებისგან] შედგენილი სხეულისა, შესაქმის ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე წამს სრულყო მან ადამიანი, - ერთი პიროვნება, - თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ (ἕν πρόσωπον τὸν ἄνθρωπον ἀπετέλεσε κατ' εἰκονα αὑτοῦ καὶ καθ' ὁμοίωσιν), რომელიც იხილა კიდეც, როგორც "ძალიან კარგი", აძლევს მას სულიწმინდას (Πνεῦμα ἅγιον δίδωσιν αὐτῷ) არსთა შეცნობისათვის, მედეგობისათვის და წინასწარმეტყველებისათვის, რომლის (სულიწმინდის, ე.ჭ.) მიერ და რომელთან ზიარებითაც (ἐκ μετουσίας τούτου) მას, მადლით ღმერთს და მიწიერთა მეფეს, თვითუფლებრივობით სცა პატივი და სამოთხეში, როგორც სამეფოს სასახლეში, დაადგინა იგი. მის (სულიწმინდის, ე.ჭ.) მიერ იგი (ადამიანი, ე.ჭ.), მთლიანი, მყისიერად შეიქმნა "ცოცხალ სულად" (εἰς ψυχὴν ζῶσαν), ჰქონდა რა თავის თავში მრავალი ძალა და თვისება ვითარცა შექმნილს ნამდვილად ხატისებრ და მსგავსებისებრ ღვთისა (οἷα δὴ κατ' εἰκόνα θεοῦ καὶ καθ' ὁμοίωσιν πλασθείς), რომელმაც საკვირველად დაჰბადა იგი წინასწარარსებული ნივთისგან. შექმნა იგი ღმერთმა უბოროტო, წრფელი, ჩაუძიებელი, უზრუნველი, უმწუხრო, შემკული ყველა სათნოებით და ყველა სიკეთით (πάσῃ ἀρετῇ καὶ πᾶσιν ἀγαθοῖς κομῶντα, შდრ. ფრანგ. თარგ. "...orné de toute vertu et de tous biens")" (იქვე, თავი III: განჭვრეტა ადამიანური ქმნილების დაბადებისა, 14-16; SC. t. 81, p. 78).

კიდევ:

"და იხილე ამ ახალი ქმნილების მრავალსისრულე, რომელიც შეიქმნა მსგავსებისებრ და ხატისებრ ღვთისა" (იქვე, თავი IV: რა არის ადამიანის შექმნის საღვთო მიზანი? 19; p. 82).

იგივე მოძღვარი:

"იღებს რა ღმერთი მიზეზებს ორივესგან, ესე იგი გონისეულ და გრძნობად ქმნილებათაგან, თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ ქმნის იგი ადამიანს, როგორც ეს ცხადყოფილია (κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν αὐτοῦ πλάττει τὸν ἄνθρωπον, ὡς δεδήλωται)" (იქვე, თავი IV: რა არის ადამიანის შექმნის საღვთო მიზანი? 18; p. 80).

"მსგავსებისებრობა (τὸ καθ' ὁμοίωσιν) ესაა სამართლიანობა, ჭეშმარიტება, გულმოწყალება, თანაგრძნობა, კაცთმოყვარეობა. რომლებშიც ესენი მოქმედებს და იცვება (ἐνεργεῖ καὶ φυλάττεται), მათში იხილვება ცხადად ხატისებრობა და მსგავსებისებრობა" (იქვე, თავი V: რა არის ხატისებრობა ღვთისა და მსგავსებისებრობა და რა არის სულის არსება? 23; p. 86).

"აიღო მტვერი მიწისგან, შექმნა ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ და ქმნა იგი მთელი შესაქმის მეფედ" (სტუდიელ დიაკონთა სარტყელის შესახებ, 13; p. 504).

წმ. სვიმეონ თესალონიკელი:


"შეგვქმნა მან ჩვენ თავისი ხატისებრ და საკუთარი ხელებით, შთაამკვიდრა ჩვენში გონისმიერი, მოაზროვნე და მნებელობითი სული, აღავსო იგი ყველა სიბრძნითა და ცოდნით, შთანერგა მასში საღვთო სათნოების ყველა სახეობა (ἐνεφύτευσεν αὐτῇ πᾶν εἶδος θείας ἀρετῆς)" (პასუხები გაბრიელ პენტაპოლიტელისადმი, PG. 155, col. 924).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ვნახოთ, თუ რა წყაროებს ეფუძნება აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანმა ხატება დასაბამშივე მიიღო, ხოლო მსგავსება თითქოს მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ უნდა მოეპოვებინა მას საღვთო მადლით და საკუთარი მოღვაწეობით.

ზემოთ ვნახეთ, რომ ეკლესიის მამები ღვთისადმი შვილობას ანუ ძეობილობას პირველშექმნიდანვე (დასაბამიდანვე) განუკუთვნებენ ადამიანს, რაც (ეს თავდაპირველი ძეობილობა) მოსპო ცოდვამ და რაც კვლავ განაახლა განკაცებულმა ღმერთმა.

ამრიგად, რადგან ძეობილობა დასაბამშივე ჰქონდა ადამიანს, ცხადია, მსგავსებაც ანუ სათნოებითი ღირსებაც დასაბამშივე ყოფილა ნიშანდობლივი მისთვის. მართლაც, როგორც ზემორე ციტატები რჯულმდებლობენ, ადამიანს ღმერთმა პირველშესაქმეშივე მიჰმადლა არა მხოლოდ ხატება, არამედ მსგავსებაც. შესაბამისად, აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მსგავსება მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ გახდა მოსაპოვებელი ადამიანისთვის, არცერთი წყაროთი არ დასტურდება. ჩვენი ოპონენტი, როგორც აღვნიშნეთ, ეყრდნობა მიტროპოლიტ მაკარის ზემომითითებულ შრომას, მაგრამ მაკარისთან საუბარია საკუთრივ "ხატისებრობისა" და "მსგავსებისებრობის" გარჩევაზე (რომ ხატება ერთს გულისხმობს, მსგავსება კი - მეორეს) და არა იმაზე, თითქოს ხატება პირველშექმნითვე მიიღო ადამიანმა, მსგავსება კი თითქოს მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ გახდა საწვდომი მისთვის. ასე რომ, თუმცა გრ. რუხაძე სიტყვა-სიტყვით იწერს მიტროპოლიტ მაკარის მსჯელობას (ბრჭყალებისა და წყაროს მითითების გარეშე), მაგრამ სხვა კონტექსტში ათავსებს მას და, შესაბამისად, მნიშვნელობასაც უცვლის. მიუხედავად ამისა, რადგან სწორედ მაკარის ზემოაღნიშნული მსჯელობა გახდა გრ. რუხაძის ცთომილების არაპირდაპირი მიზეზი, ვნახოთ რა მართლმადიდებლურ წყაროებს ეფუძნება ხსენებული მსჯელობა.

მაკარი პირველ რიგში მოუხმობს კლიმენტი ალექსანდრიელს, რომელიც გვასწავლის:

"ხატისებრობა მყისვე შექმნითვე აქვს მიღებული ადამიანს, ხოლო მსგავსებისებრობა მოგვიანებით, სრულყოფის შესაბამისად, უნდა შეიძინოს მან" (Strom. 2.22).

კლიმენტის ეს სიტყვები არ გულისხმობს საკუთრივ პირველშესაქმეს. იგი ეხება ადამიანის ზოგად მდგოამრეობას დაცემის შემდეგ, როდესაც მას (ადამიანს) დაბადებითვე თან დაჰყვება თავისუფალი ნებისა და აზროვნების (ე.ი. "ხატისებრობის") თვისებები, მაგრამ სათნოებითი მსგავსება (ანუ სათნოებებში სრულყოფა, რაც იმავე თავისუფალი ნებისა და აზროვნების სრულყოფასაც გულისხმობს ჭეშმარიტებაში) ნათლისღების მადლით და საკუთარი ძალისხმევით უნდა მოეპოვებინა მას. ამიტომაა, რომ კლიმენტი იყენებს არა შესიტყვებას "პირველშექმნითვე" (κατὰ τὴν πρώτην γένεσιν), არამედ - "შექმნითვე" (κατὰ τὴν γένεσιν). რაც შეეხება ადამიანის დასაბამიერ ანუ პირველქმნილ (ე.ი. ცოდვამდელ) მდგომარეობას, კლიმენტი სრულიად აშკარად განუკუთვნებს მას არა მხოლოდ "ხატისებრობას", არამედ - "მსგვსებისებრობასაც". ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმენტის შრომა "სიტყვა - პედაგოგი", რომელიც თვით ფოტი პატრიარქის მიერაც (ე.ი. იმ მოძღვრის მიერაც, ვინც გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამს კლიმენტისეული "სტრომატას" მიმართ) სრულიად ხაზგასმით არის მიჩნეული ღირსეულ მართლმადიდებლურ ძეგლად. ამ ნაშრომში კლიმენტი, წარმოაჩენს რა კოსმეტიკის უარყოფით მხარეს, ხაზგასმით აღნიშნავს:

"უმართებულოა, რომ ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნილებმა (τοὺς κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν θεοῦ γεγονότας), როგორც არქეტიპის შეურაცხმყოფლებმა, გარეგანი მოკაზმულობა მოიზიდონ და საღვთო შემოქმედებას ადამიანური ბოროტხელოვნება ამჯობინონ" (იხ. SC. t. 158, p. 132; წიგნი VIII, თავი XI, 66.1).1

მაკარის მიერ დასახელებულია (კონკრეტული ციტატის გარეშე) წმ. ამბროსი მედიოლანელი, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ, ხსენებული მოძღვარი სრულიად აშკარად რჯულმდებლობს ღვთისადმი ადამიანის ხატებასა და მსგავსებას შესაქმის დასაბამშივე.

მითითებულია, აგრეთვე წმ. იოანე დამასკელი და დამოწმებულია მისი შემდეგი სიტყვები (მოგვაქვს რუსული ციტატის თარგმანი):

"სიტყვით: "ხატისებრ" აღინიშნება ძალა გონებისა და ძალა თავისუფლებისა (αὐτεξούσιον), ხოლო სიტყვით: "მსგავსებისებრ" - მიმსგავსება (ღვთისადმი) სათნოებაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია" (მაკარი, გვ. 457, შენ. 1351).

აღნიშნული სიტყვები აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა თავდაპირველად თითქოს მხოლოდ ხატება მიიღო ღვთისა, ხოლო მსგავსება მოგვიანებით (მაცხოვრის განაკცების შემდეგ) გახდა მოსაპოვებელი მისთვის. ეს გამოირიცხება თუნდაც იმით, რომ წმ. იოანე დამასკელი სწორედ ზემომოტანილი ციტატის წინ სრულიად აშკარად რჯულმდებლობს დასაბამშივე ადამიანის შექმნას არა მხოლოდ ღვთის ხატისებრ, არამედ ამავე დროს - ღვთის მსგავსებისებრ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ თვით გრ. რუხაძეს მოაქვს ეფრემ მცირისეული თარგმანი დამასკელის არა მხოლოდ ზემოციტირებული სიტყვებისა, არამედ მათი წინამორბედი ნაწილიც (რაც გამოტოვებულია მაკარისთან), მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ოპონენტი ვერ წვდება ძველი ქართული ტექსტის ემპირიულ შინაარსს და გამოაქვს დასკვნა, რაც დიამეტრულად ეწინააღმდეგება წმ. იოანე დამასკელის მოძღვრებას. ჯერ მოვიტანთ წმ. იოანე დამასკელის სიტყვებს:

"ხილულისა და უხილავის ბუნებისაგან დაჰბადა კაცი თჳსითა ჴელითა ხატად და მსგავსად თჳსსა, ქუეყანით უკუე დაჰბადნა ჴორცნი, ხოლო სული სიტყჳერი და საცნაური მისცა მას თჳსითა შთაბერვითა, რომელსა საღმრთოდ ხატებად უწოდთ, რამეთუ ხატებაჲ საცნაურებასა და თჳთმფლობელობასა მოასწავებს, ხოლო მსგავსებაჲ სათნოებითსა მსგავსებასა ძალისაებრ".

როგორც ვხედავთ წმ. იოანე დამასკელი ჯერ იმას განაჩინებს, რომ ღმერთმა ადამიანი "დაჰბადა" (ე.ი. კი არ განიზრახა მხოლოდ, არამედ საქმითაც აღასრულა თავისი განზრახვა) "ხატად და მსგავსად თჳსსა", შემდეგ კი მოცემულია იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს, ერთი მხრივ, "ხატისებრობა" ანუ "ხატება" (კერძოდ, რომ ხატება გულისხმობს განისმიერობასა და თვითუფლებრივობას - τὸ νοερὸν καὶ αὐτεξούσιον), მეორე მხრივ კი - "მსგავსებისებრობა" ანუ "მსგავსება" (კერძოდ, რომ "მსგავსება" ესაა ძალისამებრ სათნოებით მიმსგავსება ღვთისადმი). რადგან პირველქმნილ ადამიანს წმ. იოანეს განჩინებით ხატებაც ჰქონდა ღვთისა და მსგავსებაც, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა როგორც გონისმიერება და თვითუფლებრივობა (ანუ "ხატისებრობა"), ასევე, ძალისამებრ, სათნოებითი სრულყოფილებაც ანუ სათნოებითი მიმსგავსება ღვთისადმი (ე.ი. "მსგავსებისებრობა").

დავიმოწმებთ დამასკელის ზემორე სიტყვათა არსენ იყალთოელისეულ თარგმანსაც:

"ხილულისაგან და უხილავისა ბუნებისა დაჰბადა კაცი თჳსითა ჴელითა ხატისაებრ და მსგავსებისა თჳსისა, და ქუეყანისაგან უკუე ჴორცნი შეჰმზადნა, სულისა სიტყჳერისა და გონიერისა შთაბერვისა თჳსისა მიერ მინიჭებელმან მისმან, რომელსა-იგი საღმრთოდ ხატებად ვიტყჳთ, და რამეთუ ხატისაებრობაჲ ვიდრემე გონიერობასა და თჳთმფლობელობასა ცხად-ჰყოფს, ხოლო მსგავსებისაებრობაჲ - ძალისაებრსა მსგავსებასა სათნოებისასა" (S-1463, 69v2).

როგორც ვხედავთ წმ. იოანე დამასკელის სიტყვები სავსებით აზრნათელია, მაგრამ ახლა ამ სიტყვებზე გრ. რუხაძის "დასკვნას" მოვუსმინოთ:

"აქედან გამომდინარე, შემოქმედისგან ღმრთის ხატს ყოფიერებასთან ერთად ვიღებთ, ხოლო მსგავსება ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ, რომლისთვისაც ღმერთმა მხოლოდ შესაძლებლობა მოგვცა
(ხაზი ჩვენია, ე.ჭ.)" (გვ. 41).

ამრიგად, ამჯერადაც, ისევე როგორც ზემორე შემთხვევებში, სახეზეა წმინდანის სწავლების დიამეტრული შეცვლა. მართლაც, წმ. იოანე დამასკელი - რჯულმდებლობს არა იმას, რომ ადამიანს თავის პირველ შესაქმეში მხოლოდ მსგავსების შესაძლებლობა ჰქონდა მიცემული ღვთისგან, არამედ - თვით მსგავსება. ეს რჯულდება, გარდა ზემომოტანილი ციტატისა, წმ. იოანეს სხვაგანაც აქვს გამოთქმული. მაგალითად, აგვიწერს რა პირველქმნილ ადამიანს, დამასკელი, მართლმადიდებელ მამათა კვალობაზე, წარმოგვიდგენს მას ყველა სათნოებით შემკულად და, შესაბამისად, ღვთის მსგავსად, რამეთუ ღვთისადმი მსგავსება სწორედ სათნოებებით შემკობას ნიშნავს. აი, დიდი მოძღვრის ნათელი განჩინება, რაც მოსდევს ზემომოტანილ ციტატას (მოგვაქვს წმ. არსენის თარგმანი):

"შექმნა უკუე ღმერთმან კაცი უბოროტოდ, წრფელად, სათნოებიანად, უმწუხაროდ, უზრუნველად, ყოვლითა სათნოებითა განბრწყინვებულად (πάσῃ ἀρετῇ κατηγλαῖσμενον. ლათ. omni virtutum genere decoratum), ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსედ" (S-1463, 69v2; PG. 94.921 A).

ამრიგად, წმ. იოანე დამასკელის ურყევი რჯულდებით, პირველქმნილ ადამიანს ჰქონდა როგორც ხატება ღვთისადმი, ასევე მსგავსებაც. შესაბამისად, ღვთისადმი მსგავსება მაცხოვრის განკაცების შემდეგ კი არ გახდა პირველად საწვდომი ადამიანთათვის (რაც თითქოს მანამდე მხოლოდ შესაძლოებლობის სახით არსებობდა თვით პირველქმნილ ადამიანშიც კი), არამედ განკაცებულმა ღმერთმა ადამიანებს აღუდგინა ანუ კვლავ გაუხსნა გზა იმ თავდაპირველი მსგავსების ანუ სათნოებითი სრულყოფის ხელახლა მოპოვებისკენ, რაც უცოდველ ადამიანს ჰქონდა თავის პირველქმნილობაში და რაც ცოდვამ გააუკუღმართა. კვლავ მოვიტანთ იმავე წმინდანის რჯულდებას (წმ. არსენის თარგმანით):

"ხოლო განკაცნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ვითარად-იგი შეექმნა კაცი, ეგევითარობაჲვე მიჰმადლოს მას, რამეთუ შეექმნა იგი ხატისაებრ თჳსისა გონიერად და თჳთმფლობელად, და - მსგავსებისაებრ, ესე იგი არს სრულად სათნოებითა, რაოდენსა მისწუდებოდა ბუნებაჲ კაცისაჲ" (89v2; 1108A).

აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა:

მაცხოვარი მოვიდა, რათა ადამიანისათვის კვლავ ის მიემადლებინა, როგორადაც შექმნა, ხოლო შექმნა კი იგი თავისი ხატისებრ (გონიერად და თვითუფლებრივად) და - მსგავსებისებრ, ანუ სათნოებითად სრულქმნილი, რამდენადაც ამას მისწვდებოდა ადამიანის ბუნება.

ცოტა ქვემოთ დიდი მოძღვარი კვლავ განაჩინებს:

"ვინაჲთგან უკუე მომცა (ღმერთმა, ე.ჭ.) უაღრესისაგან და არა დავიმარხეთ (οὐκ ἐφυλάξαμεν), მიიღებს უდარესისა ჩუენისა, - ვიტყჳ უკუე, - ბუნებისაგან, რაჲთა თავისა მიმართ თჳსისა და თავსა შინა თჳსსა განაახლოს (ἀνακαινίσῃ, instauret) ხატისებრობაჲ და მსგავსებისაებრობაჲ" (90.1; 1108 B).

ამრიგად, მაცხოვრის განკაცებამ ადამიანებს კვლავ აღუდგინა, კვლავ განუახლა მსგავსება ღვთისადმი ანუ იგივე ძეობილობა. ამასთან, რამდენადაც დაცემულ ადამიანებს ღვთისადმი ძეობილობას ანუ შვილებას მაცხოვრის მიერ დადგენილი ნათლისღების საიდუმლო ანიჭებს სულიწმინდის მადლით, შესაბამისად, წმ. იოანე დამასკელი მსგავსების ანუ ძეობილობის კვლავ აღდგენაზე, ე.ი. დაკარგულის დაბრუნებაზე ხაზგასმით საუბრობს სწორედ ნათლობის საიდუმლოს განმარტების ჟამს. დიდი მოძღვარი უპირველესად შემდეგს გვასწავლის.

"ვინაჲთგან მრჩობლ არს კაცი, - სულისაგან და ჴორცთა, მრჩობლი მომცა ჩუენ განწმედაჲცა, - წყლისა მიერ და სულისა (სულიწმინდისა, ე.ჭ.), რაჲთა სულმან (სულიწმინდამ, ე.ჭ.) უკუე ჩუენშორისი იგი ხატებაჲ და მსგავსებაჲ განაახლოს (τοῦ μὲν Πνεύματος τὸ κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν ἐν ἡμῖν ἀνακαινίζοντος), ხოლო წყალმან მადლითა სულისაჲთა (სულიწმიდისაჲთა, ე.ჭ.) ჴორცნი ცოდვისაგან განწმიდნეს და ხრწნილებისაგან განათავისუფლნეს" (91v1; 1121 A).

შემდეგ მოძღვარი დასძენს:

"მეორედ შობაჲ (ე.ი. ნათლისღება, ე.ჭ.) სულისა მიმართ მიიწევის, რამეთუ სარწმუნოებამან უწყის მადლით შვილყოფაჲ (ὑιοθετεῖν) სულისა მიერ (სულიწმინდის მიერ, ე.ჭ.) ჩუენ, დაბადებულთა ამათი, და პირველისა მის ნეტარებისა მიმართ კუალად გებაჲ (καὶ εἰς τὴν ἀρχαίαν ἄγειν μακαριότητα)" (91v1; 1121 B).

ამ პატარა აბზაცში ღმრთივსულიერად არის შემოკრებილი მთელი მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღების ჟამს სულიწმინდის მადლით ძეობილობის მიღება ანუ ღვთისადმი "შვილყოფა" რაიმე აქამდე არარსებული მდგომარეობის მოპოვება კი არაა ადამიანთა მიერ (როგორც ამას "გვინერგავს" გრ. რუხაძე), არამედ - ერთხელ უკვე არსებულ ანუ დასაბამიერ (ἀρχαίαν) ნეტარებაში (რაც მოგვისპო ცოდვამ) ჩვენი უკუმიბრუნება და "კუალად გება".

ბოლო ავტორად, რომელიც მიტროპოლიტ მაკარის კვალობაზე მითითებული და ვრცლად ციტირებული აქვს გრ. რუხაძეს, თითქოს არის წმ. გრიგოლ ნოსელი. ფაქტობრივად, სწორედ ეს უკაკანასკნელი დამოწმებაა ჩვენი ოპონენტის მთავარი საყრდენი.

ცნობილია, რომ წმ. გრიგოლ ნოსელი არის ერთი იმ უდიდეს მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთაგანი, რომელიც ღრმად აანალიზებს ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას და ურყევად ასაბუთებს სწორედ იმ რჯულდებას, რომ ადამიანი დასაბამშივე შეიქმნა როგორც ღვთის ხატისებრ, ასევე ღვთის მსგავსებისებრ, რაც განაქარვა ცოდვამ და რაც კვლავ აღგვიდგინა განკაცებულმა ღმერთმა (ამ უსაღვთოესის წავლების შემცველ მრავალ ციტატას ქვემოთ მოვიტანთ). შესაბამისად, საყურადღებოა, თუ რას ეყრდნობა მტკიცება იმის შესახებ, თითქოს წმ. გრიგოლ ნოსელი უარყოფდეს დასაბამში ადამიანის შექმნას ღვთის მსგავსებისებრ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ის ციტატები, რაც გრ. რუხაძეს წმ. გრიგოლ ნოსელის ავტორობით აქვს მოტანილი, ამავე ავტორის (წმ. გრიგოლის) კუთვნილებადაა მითითებული მიტროპოლიტ მაკარის მიერაც, მაგრამ საქმე ისაა, რომ როდესაც ხსენებული მიტროპოლიტი თავის წიგნს წერდა (XIX ს-ის II ნახევარი), მაშინ საეკლესიო ფილოლოგიაში მრავალი პრობლემა დაუზუსტებელი იყო. შემდეგში ქრისტიანულმა წყაროდმცოდნეობამ არნახული წინსვლა განიცადა, რის გამოც თანამედროვე მკვლევარი უთუოდ ვალდებულია გამოიჩინოს თუნდაც უაღრესად ელემენტარული განსწავლულობა საეკლესიო ტექსტოლოგიის პრობლემატიკაში, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

ციტატები, რომლებიც მიტროპოლიტ მაკარის მიერ წმ. გრიგოლ ნოსელის ავტორობით არის მოტანილი, ამოღებულია პატროლოგიაში კარგად ცნობილი ჰომილიიდან სათაურით: "ადამიანის შესაქმის შესახებ სიტყვა ა: ხატისებრობის შესახებ". ეს ჰიმილია, ისევე როგორც მისი გაგრძელება ("ადამიანის შესახებ სიტყვა ბ"), უძველესი დროიდანვე ავტორობის თვალსაზრისით დიდად პრობლემური იყო. ხელნაწერთა ერთ ნაწილში ამ ორი ჰომილიის ავტორად წმ. ბასილი დიდია წარმოდგენილი, მეორე ნაწილში კი - წმ. გრიგოლ ნოსელი. ხელნაწერებს ახლავთ მინაწერები, სადაც გამჟღავნებულია ბუნდოვანება და გაურკვევლობა ხსენებული ჰომილიების ატრიბუციასთან დაკავშირებით. ეს აშკარად ჩანს იმ ნუსხებში, რომლებიც R, M, C და Z ლიტერებით აღინიშნება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა Y ხელნაწერის (Athos, Vatopedi gr. 128) გლოსა, რაც ერთვის ზემორე ორი ჰომილიიდან პირველს: "ეს და ამის შემდგომი სიტყვა არ არის მთლად ნამდვილი (სიტყვ.: "არა აქვთ მთლად ნამდვილობა" - შდრ. ბერძნ.: Οὗτος καὶ ὁ μετὰ τοῦτον λόγος οὐδ' ὅλως τὸ γνήσιον ἔχουσιν. ფრანგ. თარგ.: "ce discours et celui qui suit ne sont pas entierement authentiques").2

დღეისათვის ყველა მკვლევარი ერთსულოვნად გამორიცხავს იმას, რომ ამ ჰომილიათა ავტორი (თუნდაც რამენაირი ჰიპოთეტურობით) შეიძლებოდა ყოფილიყო წმ. გრიგოლ ნოსელი, რადგან ამ უკანასკნელის სწავლება ღვთისადმი ადამიანის სრული დასაბამიერი მსგავსების შესახებ, რაც მის ყველა შრომაში უმკვეთრესად არის გამჟღავნებული, მთლიანად გვერდავლილია ხსენებულ ჰომილიებში. თითქოს მეტი ალბათობა აქვს აზრს სავარაუდო ავტორად წმ. ბასილის დაშვების შესახებ. კერძოდ, მითითებულ ალბათობას ქმნის გარკვეული სტილურ-ტერმინოლოგიური მსგავსებანი, რამაც ორ ფრანგ მკვლევარს (ა. სმეს და მ. ვან ესბროკს) ამ ბოლო დროს მისცა კიდეც იმის გაბედულება, რომ აღნიშნული ჰომილიები წმ. ბასილის ავტორობით გამოექვეყნებინათ (იხ. სქოლიოში დამოწმებული შრომა), მაგრამ ეს დაშვებაც (წმ. ბასილის შესაძლო ავტორობა) გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდება. საქმე ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ჰომილიები, თუკი ისინი ბასილი დიდს ეკუთვნის, აუცილებლად უნდა მოეხსენიებინა წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელმაც უშუალოდ ბასილის სიკვდილის შემდეგ (379 წ.) ივალდებულა ბიბლიური ექვსი დღის შესახებ ამ უკანასკნელისგან (ბასილისგან) წარმოთქმულ-გამოქვეყნებული ცხრა ჰომილიის დაბოლოება საკუთრივ ადამიანის შესაქმის განმარტების მხრივ, მაგრამ ცნობილია, რომ გრიგოლ ნოსელი სრული დუმილით უვლის გვერდს ხსენებულ ორ ჰომილიას. ამასთან, 386-390 წლებში წმ. ამბროსი მედიოლანელი წარმოთქვამს და აქვეყნებს თავის ცნობილ "ჰექსემერონს" ("ექვსი დღის განმარტებას"), რაც მთლიანად გამსჭვალულია წმ. ბასილის ზემოაღნიშნული ცხრა ჰომილიით, ხოლო ის დანარჩენი ორი ჰომილია, რაზეც ვსაუბრობთ, წმ. ამბროსისთვისაც სრულიად უცნობი რჩება. ასევე, ბასილის მხოლოდ ცხრა ჰომილიას უთითებს ნეტარი ჰიერონიმეც თავის შრომაში "ბრწყინვალე კაცთა შესახებ", რაც მან 393 წ. დაწერა. უაღრესად საგულისხმოა ისიც, რომ წმ. ბასილის ჰექსემერონის ლათინურ თარგმანში, რაც შეასრულა ევსტათიმ 415-416 წწ.-ში, კვლავაც მხოლოდ ცხრა ჰომილიაა წარმოდგენილი და ამჯერადაც არსად იჩენს თავს ზემოხსენებული პრობლემური ორი ჰომილია. ამიტომაც უარყოფდა ამ ჰომილიათა ბასილისეულობას წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი IX ს-ში, როდესაც ხაზგასმით წერდა: "ის, რომ შესაძლოა ბასილისა იყოს ეს თხზულებანი, ვერაფრით ვერ დავეთანხმები (οὔπω σύμφημι), იმდენად რამდენადაც თავს იკავებს ამაზე მისი დედმამიშვილი; ვგულისხმობ წმინდა გრიგოლს, რომელიც იმ მხრივ, რაც მღვდლობას შეეხება, ღირსეულად მღვდელთმთავრობდა ნისელებს და რომელმაც, იცოდა რა ყველაზე უკეთესად (πάντων μάλιστα), თუ რა ეკუთვნოდა თავის ძმას, თქვა, რომ მის (ბასილის, ე.ჭ.) განხილვებს ექვსი დღის შესახებ აკლდა ადამიანთან დაკავშირებული მსჯელობა, რაც შეავსო თვით მან (გრგოლმა, ე.ჭ.) როგორც მოწაფემ, გადმოსცა რა მოძღვრის აზრი".3

წარმოქმნილი გაუგებრობა გახდა იმ უჩვეულო შემთხვევის მიზეზი, რომ Patrologia Graeca-ს ცნობილმა გამომცემელმა ჟ. მინმა ხსენებული ჰომილიები ერთდროულად გამოაქვეყნა, როგორც წმ. ბასილი დიდის ავტორობით (ზემორე სერიალის 30-ე ტომში), ასევე წმ. გრიგოლ ნოსელის ავტორობით (იმავე სერიალის 44-ე ტომში).

დიდ პრობლემას ქმნის აღნიშნული ჰომილიების ტექსტიც, რადგან მას ხელნაწერებში ერთგვაროვნება არა აქვს. დღეისათვის ცნობილია სამი რედაქცია: მოკლე (დაცულია 19 ხელნაწერში), გადამუშავებული (დაცულია 11 ხელნაწერში) და ვრცელი (დაცულია 3 ხელნაწერში). მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ეს მხარეც ავტორობის დილემას კიდევ უფრო ართულებს. ამიტომ აღნიშნავდნენ ა. სმე და მ. ვან ესბროკი:

"მართებდათ რა გადაწყვეტილების მიღება ბასილის, გრიგოლ ნოსელის ან ანონიმური ავტორის (un auteur anonyme) სასარგებლოდ, კრიტიკოსებმა დღემდე ვერ შეძლეს ურთიერთშეთანხმება".4

ერთი რამ აშკარაა:

ხსენებული ჰომილიები არანაირად არ შეიძლება დაუკავშირდეს წმ. გრიგოლ ნოსელის სახელს. საგულისხმოა, რომ თუმცა ჟ. გარნიეს გამოცემაში აღნიშნული ჰომილიები პირობითად შეტანილი ბასილი დიდის შრომებში, მაგრამ ისინი მოთავსებულია იმ ნაწილში, რასაც ეწოდება Spuria ("ნაყალბევნი"),5 რადგან ჟ. გარნიე ასაბუთებდა, რომ ეს ჰომილიები "არაავთენტურია და გვიანდელი" (inauthentiques et tardives).6 ამავე აზრს იცავდა ცნობილი პატროლოგი ო. ბარდენჰევერი, რომელიც "მთლიანად უარყოფდა ორივე ატრიბუციას"7 (ე.ი. როგორც ბასილის, ასევე გრიგოლ ნოსელის ავტორობას).

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, აშკარაა, რომ ხსენებული ჰომილიები საკუთრივ წმ. გრიგოლ ნოსელის ხატმეტყველების წარმოსაჩენად ვერ გამოგვადგება, რადგანა არანაირად არ მიეკუთვნებიან მას.

ახლა, რაც შეეხება თვით ამ ჰომილიათა ხატმეტყველებას:

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ არც ეს ჰომილიები ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ მოძღვრებას არანაირი კუთხით. მათში არსად მინიშნებითაც კი არაა უარყოფილი პირველქმნილი ადამიანის მსგავსებრობა ღვთისადმი. პირიქით, კატეგორიულადაა აღნიშნული:

"ამრიგად, აუცილებელია ადამიანის ქმნა ხატისებრ და მსგავსებისებრ" (οὐκοῦν ἀναγκαῖόν ἐστι γενέσθαι ἄνθρωπον κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν) (I. 15. 15-16; დასახ. გამოც. SC. t. 160, p. 206).

თუ ადამიანის ქმნა ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ აუცილებელია, როგორ დავუშვათ, რომ პირველქმნილი და უცოდველი ადამიანი, ვითარცა უსრულყოფილესი შენაქმნი ღვთისა, მოუკლებელი იყო ამ აუცილებელს?

მაშ, როგორ აიხსნება, რომ ზემორე ჰომილიები ხაზს უსვამენ, ერთი მხრივ, ადამიანის ხატისებრობას შექმნილობისთანავე, ხოლო, მეორე მხრივ, მსგავსებისებრობის პოტენციურობას?

მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა შორის ეს საკითხი ორგვარად განიმარტება:

პირველი განმარტებით ხატისებრობის თანდაყოლილობა, ხოლო მსგავსებისებრობის მოპოვების აუცილებლობა გულისხმობს არა დასაბამიერ, ცოდვამდელ მდგომარეობას, როდესაც პირველქმნილი ადამიანი, უკლებლივ ყველა ღვთისმეტყველის განმარტებით, ყოვლითურთ შემკობილი იყო სათნოებებით ანუ ღვთისადმი მსგავსებისებრობით, არამედ - მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდგომს. ამიტომაა, რომ ზემორე საკითხზე ღვთისმეტყველნი საუბრობენ აწმყო დროში. თუ ეს აწმყო ცოდვამდელ ჟამსაც გულისხმობს, მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ადამიანში პირველშექმნიდან დღემდე არაფერი შეცვლილა, რომ ცოდვას არაფერი გაუუკუღმართებია ადამიანის ღვთისადმი ხატებასა და მსგავსებაში, ამგვარი დასკვნა კი დიამეტრულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის ისტორია სამ ეპოქად განიყოფება: უცოდველი (ცოდვამდელი, თავისუფალი), ცოდვის შემდგომი (დაცემული, ცოდვის ტყვეობაში) და კვლავ უცოდველობაში აღდგინებული (გამოხსნილი, განთავისუფლებული). შესაბამისად, ღვთისმეტყველება, აწმყო დროში საუბრობს რა ადამიანზე, კაცობრიობაზე, გულისხმობს მის დაცემულ, ცოდვის შემდგომ მდგომარეობას, როდესაც ხატისებრობის თვისებები ყოფიერებითად არის შენარჩუნებული (მართლაც, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მოაზროვნეობა), რაც მყისიერად განწმენდადია და აღდგინებადია საღვთო ნათლისღების მადლით, ხოლო სათნოებებში სრულყოფა, საღვთო ნათლისღების მადლთან ერთად, აუცილებელი პირადი ძალისხმევით მოიპოვება, რაც არის სწორედ მსგავსებისებრობა. აი, ესაა ნაგულისხმევი წმ. დიოდოქოს ფოტიკელის სიტყვებში:

"ყველა ადამიანი ღვთის ხატისებრ ვართ (πάντες ἄνθρωποι κατ' εἰκόνα ἐσμὲν θεοῦ), ხოლო მსგავსებისებრობა (τὸ δὲ καθ' ὁμοίωσιν) იმათია მხოლოდ, რომლებმაც დიდი სიყვარულის გამო საკუთარი თავისუფლება ღმერთს დაამონეს, რადგან როდესაც არ ვართ საკუთარი თავისანი, მაშინ მსგავსნი ვართ მისი, ვინც ჩვენ სიყვარულით შეგვარიგა თავის თავთან, რასაც ვერავინ მიაღწევს ისე, თუ არ დაარწმუნებს თავის სულს, რომ არ დაეწაფოს იგი ამა ყოფის იოლ დიდებას" (სამოღვაწეო თავები, თ. 4, იხ. SC. t. 5, p. 86).

ვფიქრობთ, სრულიად აშკარაა, რომ საუბარი ეხება დაცემულ მდგომარეობას, რადგან ამა ყოფის ფუჭი დიდების ხიბლი სწორედ დაცემის შემდეგ არსებობს და არა დაცემამდე, არა სამოთხეშივე.

ზემოხსენებულ ანონიმურ ჰომილიებშიც სავსებით აშკარადაა გამჟღავნებული, რომ მსჯელობა ეხება ადამიანის დაცემულ მდგომარეობას (რაც, ცხადია, წინასწარაა განჭვრეტილი უფლის შემოქმედებით სიტყვებში). მართლაც, აქ ხაზგასმულია, რომ საუბარი ეხება სასუფევლის მოპოვებას სახარების გზით, ქრისტიანობის გზით, რაც სწორედ დაცემული კაცობრიობის გამოხსნის აღსრულებაა და არა დაუცემელისა, არა თავისუფალისა. აი, სათანადო ადგილები:

"შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ". პირველი მათგანი გაჩენიდანვე გვაქვს, ხოლო მეორეს არჩევანის მიერ (ἐκ προαιρέσεως) წარმატებულვყოფთ. პირველ შემზადებაშივე თანაარსებობს ჩვენში ღვთის ხატისებრ ქმნილობა. არჩევანის მიერ ჩვენში მიიღწევა ღვთის მსგავსებისებრ ყოფნა, ხოლო ეს "არჩევანისმიერობა" შესაძლებლობად არსებობს ჩვენში, ხოლო მოქმედებად ჩვენს თავზე აღვძრავთ. წინასწარ რომ არ ეთქვა უფალს ჩვენი შექმნისას: "შევქმნათ" და "მსგავსებისებრ", რომ არ მოემადლებინა ჩვენთვის ძალა მსგავსებისებრად გახდომისა, საკუთარი უფლებამოსილებით ვერ მივიღებდით ღვთისადმი მსგავსებას. ამრიგად, ახლა (νῦν) შესაძლებლობითად შეგვქმნა მან ჩვენ მსგავსმყოფელებად ღვთისადმი (ὁμοιωτικοὺς θεῷ), ხოლო მოგვცა რა ძალა მივმსგავსებოდით ღმერთს, მიგვიშვა ჩვენ, რომ მუშაკნი ვყოფილიყავით ღვთისადმი მსგავსებისა, რომ ჩვენი ყოფილიყო მუშაკობის საზღაური, რათა არ ვყოფილიყავით, მხატვრისგან შექმნილი ნახატებივით, ფუჭად მდებარენი, რომ სხვისადმი არ ჰქონოდა საქებარი იმას, რაც ჩვენს მსგავსებას შეეხება, რადგან რაჟამს ხატს ნახავ, ზედმიწევნით დასახულს პირველსახისადმი, არათუ ხატს შეაქებ, არამედ დამხატველს განუცვიფრდები. ამიტომ, საკვირველება რომ ჩემი ყოფილიყო და არა სხვისი, მე დამიტოვა მან ღვთის მსგავსებისებრ გახდომა, რადგან ხატისებრ მაქვს მე მაოზროვნედ ყოფნა, ხოლო მსგავსებისებრ ვხდები ქრისტიანად გახდომისას" (თ. 16, p. 206-208).

კიდევ:

"შევქმნათ ადამიანი ხატისებრ". ჰქონდეს მას ხატისებრობა შექმნილობაში; გახდეს იგი მსგავსებისებრიც. ამისი ძალა მოგვცა, ხოლო რომ შეექმენი მას მსგავსებისებრაც, სადღა იქნებოდა შენი მადლი? რის გამო დაიდგამდი გვირგვინს, რადგან შემოქმედს რომ ყველაფერი მოებოძებინა, როგორღა გაგეხსნებოდა შენ ცათა სასუფეველი? ახლა კი (νῦν δέ) პირველი მათგანი მოცემული გვაქვს, ხოლო მეორე არასრულადაა დატოვებული, რათა შენი თავი სრულყო და ღირსი გახდე ღვთისგან საზღაურის უკუბოძებისა. მაშ, როგორ ვხდებით მსგავსებისებრ? სახარებათა მიერ. რა არის ქრისტიანობა? ღვთის მსგავსება ადამიანის ბუნების შესაძლებლობისებრ. თუკი მიიღე ქრისტიანად ყოფნა, ისწრაფე, რომ გახდე მსგავსი ღვთისადმი. შეიმოსე ქრისტე. მაგრამ როგორ შეიმოსავ აღუბეჭდველი? როგორ შეიმოსავ ნათლობამიუღებელი, რომელსაც უხრწნელების სამოსელი არ მიგიღია? უკუაქცევ ღვთისადმი მსგავსებას? შენთვის რომ მეთქვა: მოდი, გახდი მსგავსი მეფისა, განა მოკეთედ არ მიმიჩნევდი? ხოლო რადგან მსურს შენი გახდომა ღვთის მსგავსად, გაურბიხარ ჩემს სიტყვას, შენს ღმერთმქნელს, ყურდახშული, რომ არ ისმინო მაცხოვნებელი სიტყვები?" (იქვე, თ. 17; p. 210-212).

აქ მოტანილ საღვთო სწავლებაში ზედმიწევნით ცხადადაა გამოკვეთილი, რომ ხატისებრობა ესაა ადამიანის საკუთრივ ქმნილებითი (ანუ, ფრანგული თარგმანის მიხედვით, სტრუქტურული) თვისებები (მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება, მეუფებრიობა), ხოლო ამ თვისებათა ღვთისკენ მიდრეკა (ანუ როგორც წმ. დიადოქოს ფოტიკელი გვასწავლის, ხატოსებრობაზე მსგავსებისებრობის აღბეჭდვა) იგივეა, რაც სათნოებითი სრულყოფა ანუ განღმრთობილობა. თუ შეიძლება, რომ ხატისებრი თვისებები ან ღვთისკენ იქნეს მიმართული ან ბოროტისკენ (თავისუფალი ნებით ადამიანს ძალუძს მოიაზროს, იზრახოს როგორც ბოროტი, ასევე კეთილი), სათნოებითი თვისებები მხოლოდ ღვთისკენ მიმართულობის, სიკეთისკენ მიდრეკილობის გამოხატულებაა, ანუ სწორედ ღვთისკენ მთლიანი მიდრეკილობაა მსგავსებისებრობა. მართლაც, შეუძლებელია, რომ, მაგალითად, სამართლიანობის სათნოება (ისევე როგორც სიწმინდისა, სიკეთისა, ქველმოქმედებისა, თავმდაბლობისა და სხვა) ჩვენი ნებისამებრ ხან  ღვთისკენ (სამართლიანობისკენ, სიწმინდისკენ, სიკეთისკენ და მისთ) მივმართოთ, ხან კი უკეთურებისკენ (უსამართლობისკენ, უწმინდურებისკენ, ბოროტებისკენ და მისთ).

ზემოხსნებული ჰომილიის სიტყვები სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ თუკი ყველა ადამიანს ხატისებრობასთან ერთად მსგავსებისებრობაც (ანუ სათნოებანიც) ყოფიერებითად (ანუ შექმნილობითად, სტრუქტურულად) ექნებოდა სრულყოფილი სახით შთანერგილი თანდაყოლილად, იგი ვერასოდეს შეძლებდა არჩევანი გაეკეთებინა სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და უკეთურებას შორის, ანუ მას თუმცა ექნებოდა სათნოებანი, მაგრამ, ყოველგვარი თავისი პირადი არჩევანის გარეშე, რაც, ცხადია, გააუქმებდა მის თავისუფალ ნებას, შესაბამისად - მისვე ხატისებრობას და, ამის საფუძველზე, მსგავსებისებრობასაც, რადგან ეკლესიის მამათა ერთსულოვანი სწავლებით, სათნოება არაა ის, რაც იძულებითია, უნებურია, არამედ - მხოლოდ ნებაყოფლობით არჩეული და ღვწილი სიკეთე. მართლაც, წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს (მოგვაქვს წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი): "არა სათნოებაჲ არს იძულებით ქმნილი" (S-1463, 65v1; PG. 96, 924 B); ასევე, წმ. გრიგოლ ნოსელი მიუთითებს (წმ. გიორგი მთაწმინდლის თარგმანი): "სათნოებაჲ თავისუფალი არს და უუფლოჲ და ნებსით მოსაპოვნელი, ხოლო დაპატიჟებული (ე.ი. მისჯილი - κατηναγκασμένον, ე.ჭ.) და იძულებული სათნოებად არა იწოდების, არცა შესაძლებელ არს სათნოებად წოდებაჲ მისი" (დაბადებისათჳს კაცისა, A-73, 164v; PG. 44, 184 B).

როცა ადამიანი თავის ხატისებრობას მთლიანად ღვთისკენ მიმართავს, იგი ამით ადამიანის ბუნებისათვის შესაძლებელ სრულ მსგავსებისებრობასაც ანუ სათნოებებში სისრულესაც იხვეჭს. მართლაც, როდესაც ადამიანი თავისი ნებაყოფლობითი არჩევანით ანუ თავისუფალი ნებით (ე.ი. ხატისებრი თვისებით) მთლიანად ღმერთს შეუდგება, როდესაც იგი თავისი გონებით ანუ მოაზროვნეობით (ე.ი. ხატისებრი თვისებით) მხოლოდ ღმერთს შეემეცნება, როდესაც იგი თავისი გამგებლობითი, ბატონობითი, მეუფებრიობითი უნარით (ე.ი. ხატისებრი თვისებით), ერთი მხრივ, მთლიანად იმეუფებს, იბატონებს საკუთარ ვნებებზე, მეორე მხრივ კი კეთილად (ანუ ღვთისკენ, ცხონებისკენ) უგამგებლებს, უმეთაურებს სხვებს, სწორედ მაშინ ხდება იგი ჭურჭელი ღვთისა და მაშინ ხდება იგი ჭურჭელი ღვთისა და მაშინ გაბრწყინდება მასში როგორც სარკეში მთელი სისავსით (ადამიანური ბუნების შეძლებისამებრ) საღვთო ბუნების თვისებები, სათნოებებად სახელდებულნი (სიკეთე, სიწმინდე, სამართლიანობა, სიმდაბლე, უზაკველობა, გულმოწყალება, უშფოთველობა და ა.შ.), რაც გვირგვინდება განღმრთობილი მდგომარეობით, ეკლესიის მამათა მიერ "უვნებობად" ("აპათია", ἀπάθεια) წოდებულით.

ხსენებულ ჰომილიაში საგანგებოდაა აღნიშნული, თუ რა თვისებებს გულისხმობდა ღვთისადმი მსგავსება:

"გახდით სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეციერი" (მათ. 5.48). ხედავ, სად გვაძლევს ჩვენ უფალი მსგავსებისებრობას (τὸ καθ' ὁμοίωσιν)? "რამეთუ თავისი მზე ამოჰყავს უკეთურებზე და კეთილებზე და აწვიმებს მართლებზე და უსამართლოებზე" (მათ. 5.45). თუკი გახდები უკეთურების მოძულე, ძვირუხსენებელი, არგამხსენებელი გუშინდელი მტრობისა, თუ გახდები ძმათმოყვარე, თანამგრძნობი - მიემსგავსები ღმერთს (ὁμοιώθης θεῷ). თუკი ისეთივე გახდები შენდა შემცოდველი ძმისადმი, როგორიც არის ღმერთი შენდამი, ცოდვილისადმი, მიემსგავსები ღმერთს მოყვასისადმი გულმოწყალებით. ასე რომ, ხატისებრობა გაქვს, რადგან ხარ მოაზროვნე, მსგავსებისებრი კი გახდები კეთილობის (χρηστότητα) მოხვეჭით. მოიხვეჭე "ნაწლევნი მოწყალებისანი, კეთილობა" (კოლ. 3.12), რათა შეიმოსო ქრისტე და მისდამი შეთვისებულობით შეეთვისო ღმერთს (ყოვლადწმინდა სამებას, ე.ჭ.)" (იქვე, თ. 17, გვ. 208-210).

პირველქმნილ ადამიანს ცოდვით დაცემამდე მთელი თავისი ხატისებრობა მთლიანად ღვთისკენ ჰქონდა მიმართული, მთლიანად ღმერთს აღირჩევდა იგი, ღვთისას იზრახავდა, ღვთისებრ გამგებლობდა თავის საპატრონოს, ანუ ყოვლითურთ ღმერთში მკვიდრობდა. მისი სულის სარკეც მთლიანად წმინდა იყო ცოდვისგან და, შესაბამისად, ძალისამებრ სრულად ირეკლავდა საღვთო ბუნების თვისებებს ანუ სათნოებებს, რის გამოც ჰქონდა დატევნისებრ სრული ხატება და მსგავსება ღვთისა, მაგრამ როდესაც მან თავისი ხატისებრობა გააუკუღმართა ანუ ღვთისგან განზღუდა და ბოროტისკენ მიმართა იგი, რადგან თავისუფალი ნებით ისმინა და გონებაში მიიღო უკეთურის რჩევა, მაშინ ცოდვამ აამღვრია და დაალაქავა მისი სულის სარკე, რის გამოც სათნოებანი ანუ ღვთისადმი მსგავსებისებრობაც წარიხოცა მისგან, თუმცა ხატისებრობა (მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება, გამგებლობა), როგორც ყოფიერებითი თვისება, გადაგვარებული სახითაც, ყოფიერებითადვე კვლავ შენარჩუნდა მასში, როგორც სამომავლოდ განწმენდადი, განახლებადი ადამიანის გამოხსნის აუცილებლობის საფუძველზე. როდესაც მოივლინა მხსნელი, იმათ, რომლებმაც შეგნებული არჩევანით (ე.ი. ხატისებრი თვისებით) ინებეს შედგომოდნენ მას, მიიღეს მაცხოვნებელი ნათლობა, რითაც განიწმინდა, განახლდა, აღდგა ანუ გაუკუღმართებიდან, გადაგვარებიდან, ექსორიობიდან თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა ღვთისადმი ხატისებრობა, შემდეგ კი მათვე, ამა სოფლის სამოღვაწეო ასპარეზზე ჭეშმარიტებისთვის მბრძოლებმა, სძლიეს ვნებებს, მოიპოვეს თავდაპირველი უვნებობა და კვლავ გახდნენ ჭურჭელნი ღვთისა, ანუ მათი სულის სათნოებითი სარკე კვლავ გახდა მიმღები, დამტევი და ამრეკლავი საღვთო ბუნების თვისებებისა.

მართლაც, ვინ იტყვის, რომ პირველქმნილი ადამიანი არ იყო უვნებო ანუ უცოდველი (ადამიანთათვის შესაძლებლად), რაც სათნოებათა მწვერვალია; არ იყო კეთილი, მოწყალე, წმინდა, და მისთ?! თუ ეს თვისებები არ ამკობდა მას, მაშინ საღვთო მადლი და ცხონებულობა (რაც იყო კიდეც სამოთხისეული მდგომარეობა) რითღა ვლინდებოდა მასში? ან კიდევ, როდესაც ვსწავლობთ, რომ მაცხოვარმა მისდამი შედგომილთ პირველქმნილობითი, თავდაპირველი, ცოდვამდელი მდგომარეობა დაუბრუნა, რა იგულისხმება ამ დაბრუნებაში, თუ არა საღვთო ანუ სათნოებითი თვისებებით მათი კვლავ შემკობა, რაც არის სწორედ მსგავსებისებრობა?

წმ. დიოდოქოს ფოტიკელი, საუბრობს რა დაცემული კაცობრიობის შესახებ, კვლავ გადმოგვცემს სწავლებას ხატებისა და მსგავსების შესახებ:

"ვართ ღვთის ხატისებრ სულის გონისმიერი მოძრაობით (τῷ νοερῷ τῆς ψυχῆς κινήματι), რადგან სხეული არის როგორც სახლი მისი (სულისა, ე.ჭ.). ამიტომ, მას შემდეგ, რაც ადამის დანაშაულის მიზეზით არა მხოლოდ სულის ხატოვნების შტრიხები დალაქავდა (οὐ μόνον αἱ γραμμαὶ τοῦ χαρακτῆρος τῆς ψυχῆς ἐρρυπώθησας), არამედ თვით ჩვენი სხეულიც ხრწნილებაში ჩავარდა, ამის გამო განსხეულდა ღვთის წმინდა სიტყვა, რომელმაც, როგორც ღმერთმა, მოგვმადლა ჩვენ აღმოშობისათვის მაცხოვნებელი წყალი თავისი ნათლისღების გზით. ხოლო აღმოვიშვებით წყლისგან წმინდა და ცხოველმყოფელი სულის მოქმედებით, რისგანაც მყისვე სულითაც და სხეულითაც განვიწმინდებით (თუკი მთელი განწყობით მიდის ვინმე ღმერთთან), რაჟამს დაიკარვებს ჩვენზე სულიწმინდა, რომლის მიერაც განიდევნება ცოდვა. მართლაც, არ არის შესაძლებელი, რომ სულში, რომლის ხატოვნებაც ერთია და მარტივი, ორი პირი თანამყოფობდეს, როგორც ეს ზოგიერთებმა ისაზრეს,8 რადგან როდესაც საღვთო მადლი, უსაზღვრო რამ სიყვარულით, შეუთანადებს თავის თავს, წმინდა ნათლისღების შედეგად, ხატისებრობის შტრიხებს (ταῖς γραμμαῖς τοῦ κατ' εἰκόνα) მსგავსების წინდად (ἐπὶ ἀρραβῶνι τῆς ὁμοιώσεωσ), სადღა შეძლებს დატევნას უკეთურის პირი, რაჟამს არ არსებობს (ყველაზე მეტად) არავითარი ზიარება სინათლისა სიბნელესთან?" (იქვე, თ. 78; p. 135-136).

სხვაგანაც იგივე მოძღვარი კვლავ ნათლად გვასწავლის:

"აღმოშობის წმინდა მადლი ნათლისღების გზით ორ სიკეთეს გვძენს ჩვენ, რომელთაგან ერთი უსაზღვროდ აღემატება მეორეს, მაგრამ იმ ერთს მყისვე მოგვმადლებს, რადგან თვით ამ წყალში განგვაახლებს ჩვენ და განაბრწყინებს სულის ყველა შტრიხს, ესე იგი - ხატისებრობას (τοῦτ' ἔστιν τὸ κατ' εἰκόνα), გადარეცხავს რა ცოდვის ყველა ლაქას. რაც შეეხება მეორეს, იგი მოელის იმას, რომ ჩვენთან ერთად იქნეს მომუშაკებული, რაც არის მსგავსებისებრობა (ὅπερ ἐστὶ τό καθ' ὁμοίωσιν). რაჟამს დაიწყებს გონება დიდი გრძნობით (ἐν πολλῇ αἰσθήσει) დაგემოვნებას (γεύεσθαι) სულიწმინდის კეთილობისას, მაშინ გვმართებს ვიცოდეთ, რომ მადლი იწყება ხატისებრობაზე მსგავსებისებრობის დახატვას (ἄρχεται ἡ χάρις ὥσπερ ἐπιζωγραφεῖν εἰς τὸ κατ' εἰκόνα τὸ καθ' ὁμοίωσιν). ისევე, როგორც მხატვრები პირველად ერთი ფერით მოხაზავენ ადამიანის გარეგნობას, შემდეგ კი, მცირე-მცირედ, ფერზე ფერს ააყვავილებენ და ამგვარად თვით თმებამდეც კი დაიცავენ იმის სახეს, ვის მსგავსებასაც ხატავენ, ასევე ღვთის მადლიც პირველად, ნათლისღების მიერ, ხატისებრობას შეაწყობს (ῥυθμίζει) იმისადმი, რაც იყო, რაჟამს შეიქმნა ადაიანი, ხოლო როდესაც გვნახავს ჩვენ მთელი წადიერებით მსურველებს მსგავსების მშვენიერებისა (τοῦ καλλους τῆς ὁμοιώσεως) და შიშვლად და უშიშრად მდგომებს მის (მსგავსების) სახელოსნოში (εἰς τὸ ταύτης ἐργαστήριον), მაშინ სათნოებას სათნოებაზე ააყვავილებს იგი, დიდებიდან დიდებისაკენ ზეაიყვანს სულის სახეს და შესძენს მას მსგავსების ხატოვნებას (τὸν χαρακτῆρα τῆς ὁμοιώσεως). ამრიგად, გრძნობა (ἡ αἴσθησις) ასაჩინოებს ჩვენს დასახვას მსგავსებისებრობით (ἡμᾶς μορφοῦσθαι τὸ καθ' ὁμοίωσιν), ხოლო მსგავსების სისრულეს ნათელქმნით შევიცნობთ, რადგან, ერთი მხრივ, ყველა სათნოებას გრძნობის მიერ ითვისებს გონება, რომელიც წარემატება გამოუთქმელი რამ შეზომილობითა და სიმწყობრით, მეორე მხრივ კი არავის ძალუძს მოიპოვოს სულიერი სიყვარული, თუ არ განათლდება იგი მთელი გულსავსებით სულიწმინდისგან. მართლაც, თუ გონება სრულად არ მიიღებს საღვთო სინათლის მიერ მსგავსებისებრობას, შეიძლება ჰქონდეს მას თითქმის ყველა სხვა სათნოება, მაგრამ სრული სიყვარულისგან კვლავაც უნაწილო დარჩება, რადგან რაჟამს  მიემსგავსება იგი ღვთის სათნოებას (როგორც დაიტევს, ვამბობ, ადამიანი მიმსგავსებას ღვთისადმი), მაშინ საღვთო სიყვარულის მსგავსების მატარებელიც იქნება იგი. ისევე როგორც ნახატებზე გამოხატულისადმი დამატებული ფერთა მთელი ყვავილოვანი შეფერილობა თვით ღიმილამდეც კი იცავს მსგავსებას იმისადმი, ვისი მსგავსებაც დაიხატა, ასევე იმათთან დაკავშირებითაც, რომლებიც საღვთო მადლის მიერ დაიხატნენ საღვთო მსგავსებისადმი, სიყვარულისმიერი ნათელქმნა, დამატებული მათზე, წარმოაჩენს, რომ ხატისებრობა მთლიანწილად არის მსგავსებისებრობის კეთილმშვენობაში. მართლაც, არცერთ სხვა სათნოებას არ ძალუძს შესძინოს სულს უვნებობა, თუ არა მხოლოდ სიყვარულს. ასე რომ, დღითი-დღე განახლდება ჩვენი შინაგანი კაცი სიყვარულის დაგემოვნებით, ხოლო აღივსება მის სისრულეში" (იქვე, თ. 89, p. 149-150).

ახლა შევეხოთ მეორეგვარ განმარტებას:

მსგავსებისებრობის პოტენციურობა შეიძლება ითქვას პირველქმნილ ადამიანზეც, პირველმამის ცოდვამდელ მდგომარეობაზეც, მაგრამ არნაირად იმ აზრით, რომ თითქოს მას შემოქმედისგან ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიცემული ღვთისადმი მსგავსება.

ეკლესია ურყევად ასწავლის, რომ ადამიანის პირველშექმნილობა იყო ადამიანის განღმრთობილობა, მადლმოსილება, ძეობილობა, ანუ ხატებასთან ერთად მსგავსებაც ღვთისადმი, ესე იგი ყველა სათნოებით გამშვენებულობა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ხატებისგან განსხვავებით მსგავსება პირველმამისთვის პოტენციური იყო.

საქმე ისაა, რომ ღვთისადმი ხატისებრობას ადამიანი მართლაც პირველშექმნიდანვე ავლენდა მოქმედებაში (იგი აზროვნებდა, არსებობდა თავისუფალი ნებით, მეუფებდა მის სამკვიდროზე). რაც შეეხება მსგავსებისებრობას ანუ სათნოებაშემოსილობას, იგი გულისხმობს აუცილებელ წინსვლითობას, წარმატებადობას, რისი საფუძველიც სამოღვაწეო ასპარეზია, და მიუხედავად იმისა, რომ ესეც შექმნისთანავე მიეცა პირველმამას სულიწმინდისმიერი შთაბერვილობით (იხ. ციტატები ზემოთ), თვით იგი (პირველმამა) ვერსად ავლენდა, ვერსად ამოქმედებდა მას, იმიტომ რომ სათნოებათა გამოვლენის ასპარეზი ანუ ბრძოლის ველი ჯერ  კიდევ არავის უხმობდა. მართლაც, თუმცა სამართლიანი იყო პირველქმნილი ადამიანი, სად უნდა გამოევლინა ეს სათნოება, როცა მის გარშემო უსამართლობა არ არსებობდა? ასევე, ცხადია, ჰქონდა მას კეთილობის ანუ ქველმოქმედებისა და გულმოწყალების სათნოება, მაგრამ ვისდამი გამოავლენდა ამას, როდესაც დაჩაგრული და შესაწყალებელი ჯერაც არავინ იყო? უაღმატებულეს სიმშვიდესაც და უშფოთველობასაც ფლობდა იგი (წმ. იოანე ოქროპირის სწავლებისებრ), მაგრამ როგორ წარმოაჩენდა ამას, როდესაც ბრძოლანი და მშფოთვარებანი არსად აღიძვროდა?

ამიტომ ამბობს ერთგან წმ. კირილე ალექსანდრიელი. - სწორედ კირილე ალექსანდრიელი და არა სხვა ვინმე (ანუ სწორედ ის მოძღვარი, რომლის ხატმეტყველებითი სწავლებებიდან მრავალი ადგილი დავიმოწმეთ ზემოთ და რომელიც უმკვეთრესად გამოთქვამდა დებულებას, ერთი მხრივ, ღვთისადმი პირველშექმნილი ადამიანის სრული სათნოებითი მსგავსების შესახებ, მეორე მხრივ კი, იმის შესახებ, რომ ხატისებრობა განუყოფელია მსგავსებისებრობისგან), რომ ადამიანს დასაბამში თავისი "მსგავსებისებრობა" ამოქმედებული არ ჰქონდა და როდესაც, მაცხოვრის განკაცების მადლით, კვლავ მიეცა ადამიანურ ბუნებას ის, რაც აუმოქმედებელი იყო ადამში, სათნოებანი უკვე მოქმედებაში გამოჩნდა. სწორედ ამ აზრით განმარტავს დიდი მოძღვარი მაცხოვრის სიტყვას "უმეტესი" ("მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უმეტესად ჰქონდეთ", იოანე 10.10). კერძოდ, წმ. კირილეს განმარტებით, თუმცა ადამსაც ჰქონდა სიწმინდე, მაგრამ არა - მოქმედებაში (რადგან, ცხადია, არსად იყო უწმინდურება), მაშინ როცა ცოდვით დაცემისგან აღდგინებულნი სწორედ მოქმედებაში გამოჩნდნენ წმინდანებად, რაც არის საკუთრივ "უმეტესობა". ახლა მოვიტანთ სრულ ციტატას წმ. კირილეს შრომიდან "ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ".

"ის, რომ ადამიანური ბუნებისთვის ყველა სიკეთის მომნიჭებელი გახდა მოსული ქრისტე, ვინ გაბედავს ამის ართქმას? ანდა ვინ უარყოფს და იტყვის, რომ უსარგებლო იყო ჩვენთვის ამ ქვეყნად მისი მოვლინება? რამეთუ ადამიანი დასაბამში შეიქმნა მისი ხატისებრ (γέγονε μὲν γὰρ κατ' εἰκόνα τὴν πρὸς αὐτὸν ἐν ἀρχαῖς ὁ ἄνθρωπος) და ბუნება ვარგისი იყო ყველა სიკეთის მისაღებად და სათნოებაში წარმატებისათვის, რამეთუ "შეგვქმნა მან ჩვენ კეთილ საქმეთათვის" (ეფეს. 2.10), როგორც წერს ყოვლადბრძენი პავლე. მაგრამ ცოდვამ გააუჩინარა ღვთისსახოვანი ხატის მშვენიერება (τῆς θεοειδοῦς εἱκόνος τὸ κάλλος) და სატანამ ადამიანობის ბრწყინვალე პირი (τὸ πρόσωπον) ჭუჭყით სავსედ წარმოაჩინა. გარნა გამოჩნდა განმაახლებელი (ὁ ἀνακαινιστής), რომელმაც დასაბამიერისკენ უკუდახატა დაჩაგრული, და კვლავ თავისი ხატისადმი გარდაგვქმნა ჩვენ რათა მისი საღვთო ბუნების ხატოვნებანი შთამშვენებულიყო ჩვენში9 წმინდამყოფელობის, სამართლიანობისა და სათნოებითი კეთილცხოვრების მიერ, რამეთუ სწორედ ისაა კარი და გზა, რომლის მიერ ძალგვიძს ყოველივე საუკეთესოსკენ სწრაფვა და სავალთა სწორყოფა, რათა ჩვენში, რომლებიც ქრისტეში ვართ, გამოჩნდეს ურჩეულესი ხატის მშვენიერება, თუ თვით საქმეთა მიერ ვიქველმოქმედებთ. ხოლო პირველქმნილში ყოველგვარი ვარგისიანობა იყო, ატარებდა რა იგი ძალას (პოტენციას) სათნოების ასათვისებლად, მაგრამ არა უთუოდ მოქმედებასაც. ამიტომ თქვა თვით ქრისტემაც ჩვენს ანუ თავის ცხვართა შესახებ: "მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უმეტესად (περισσόν) ჰქონდეთ" (იოანე 10.10), რამეთუ კვლავ მიეცა ადამიანურ ბუნებას ის, რაც ადამში იყო დასაბამში (τὸ ἐν 'Αδὰμ ἐν ἀρχῇ), ესე იგი, განწმენდილობა (ὁ ἁγιασμός), ხოლო "უმეტესობად", როგორც ვფიქრობ, თქვა ღირსეულებად ჩენილობა მოქმედების მიხედვით (τὸ κατ' ἐνεργειαν ὁρᾶσθαι σεπτούς) და თვით წარმატებათა მიერ მხიარულქმნილობა" (PG. 76, 1093-1096).

ამრიგად, რადგან "კვლავ მიეცა ადამიანურ ბუნებას ის, რაც ადამში იყო დასაბამიდან", ხოლო რადგან ადამიანს სწორედ ღვთისადმი ძეობილობა მიეცა მაცხოვრის მიერ, შესაბამისად მას დასაბამშიც სწორედ ეს ძეობილობა ჰქონდა (როგორც ამაზე ვრცლად ვიმსჯელეთ ზემოთ), რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ დასაბამშივე (ცოდვამდე) ადამიანი არა მხოლოდ ხატი იყოს ღვთისა, არამედ - მსგავსიც, რადგან ძეობილობა მწვერვალია ღვთისადმი მსგავსებისა, როგორც ამას აშკარად ასწავლის ეკლესია:

"რამეთუ არა ფრიად დააკლდა ანგელოზთაგან კაცი და რამეთუ უძლავს მას მათ (ანგელოზთა, ე.ჭ.) თანად ყოფად და მახლობელად მათსა დადგომად, უფროჲსღა რამეთუ ძალ-უც ღმრთისაცა მსგავსებად და, რომელი - ფრიად უაღრეს, მადლით შვილ მისსა ყოფად" (მოსაჴსენებელი წმიდისა და დიდებულისა მოციქულისა ქრისტესისა და მახარებლისა იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ).10

სწორედ ეს - მადლით ღვთის შვილად ანუ ძეობილად ყოფნა, რაც "ფრიად უაღრესია" (τὸ γε πολλῷ μεῖζον) "ღვთისადმი მსგავსებაზე" ანუ მწვერვალია მსგავსებისებრობისა - აი, ეს დაკარგა ადამიანმა ცოდვის შედეგად და ეს აღუდგინა მას განკაცებულმა ღმერთმა.

ამიტომ უძღვნიან (კვლავ გავიმეორებთ) იესო ქრისტეს ამგვარ სადიდებელს:

"განუჴუებელად ღმრთეებისაგან უცოდველად იქმენ ჩუენთჳს ჩუენებრ. მამისა საყდარსა არადამტევებელმან ქალწული დაისახლე ჩემთჳს, რაჲთა მე ცანი დავისახლნე, ძუელისა დავრდომილებისაგან აღვემართო და ცოდვისაგან განვერე და პირველი შვილობაჲ უკუმოვიღო (τὴν προτέραν ὑιοθεσίαν ἀπολαβών, priman adoptionem susipiens)".11

უაღრესად მნიშვნელოვანია წმ. კირილე ალექსანდრიელის მიერ ყურადღების საგანგებო გამახვილება მაცხოვრის სიტყვაზე "უმეტესი" ("მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უმეტესად12 ჰქონდეთ", იოანე 10.10), რაც ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ ადამიანებს უთუოდ დასაბამიერი (ცოდვამდელი) ნეტარებისა და ცხონებულობისაკენ გაუხსნა კვლავ გზა, მაგრამ ესაა უკვე ცხონებულობა უფრო აღმატებული ხარისხით, რადგან დასაბამიერი ცხონებულობა მხოლოდ საბოძვარი იყო ღვთისა, ხოლო სამომავლო კი ოდენ განკაცებული ღვთის სისხლის ფასად და, ამასთან, თვით ადამიანის აუცილებელი პირადი ძალისხმევით მოიპოვება; ესაა ცხონებულობა, რომელიც შეურყეველია და მას აღარ ემუქრება პირველისებრ კვლავ დაკარგვა, რადგან საფუძვლად უდევს ცოდვით დაცემის შედეგების გამოცდილება და ღვთის გამომხსნელობითი ღვაწლით და მადლით ნაწინამძღვრები პირადი სამოღვაწეო გამარჯვების დაუვიწყარი სიხარული (სასუფეველში დამკვიდრებულნი აღარასოდეს დაეცემიან).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ კვლავ დავუბრუნდეთ წმ. გრიგოლ ნოსელს და კონკრეტული ციტატების საფუძველზე ვნახოთ, მართლა უარყოფს ეს საღვთო მოძღვარი პირველქმნილი ადამიანის მსგავსებას ღვთისადმი (როგორც მავანნი ენამტკივნეულობენ), თუ პირიქით სხვა მამებზე უფრო მკვეთრადაც კი ასაბუთებს სწორედ საპირისპიროს: დასაბამშივე ადამიანის შექმნას არა მხოლოდ სრული ხატებით, არამედ - სრული მსგავსებითაც (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წმ. გრიგოლთან, მრავალი სხვა მოძღვრის დარად, ზოგჯერ მთლიანად გაიგივებულია ხატება და მსგავსება).

"ადამიანური ბუნება, რადგან იგი სხვებზე მთავრობისათვის შეიქმნა, ყოვლის მეუფისადმი მსგავსების მიერ (διὰ τῆς... ὁμοιότητος), აღიმართა როგორც რამ სულიერი ხატი, ზიარებული არქეტიპის ღირსებასთანაც და სახელთანაც, არა პორფირით გარემოსილი, არცთუ სკიპტრითა და დიადემით ღირსების წარმომაჩენელი (რადგან არც არქეტიპია ამათში), არამედ ძოწეულის ნაცვლად ემოსა სათნოება (τὴν ἀρετὴν ἠμφιεσμένη), რაც ყოველ სამოსზე უფრო უსამეუფოესია (βασιλικώτατον), იყო რა, ნაცვლად სკიპტრისა, უკვდავების ნეტარებაზე დაყრდნობილი, სამეფო დიადემის სანაცვლოდ კი სამართლიანობის გვირგვინით შემკობილი. ასე რომ, ყოველმხრივ სამეუფო ღირსებაში წარმოჩნდებოდა, ზედმიწევნით მიმსგავსებული არქეტიპული მშვენიერებისადმი (δι' ἀκριβείας πρὸς τὸ ἀρχέτυπον κάλλος ὁμοιωθεῖσαν)" (ადამიანის შექმნის შესახებ, PG. 44, 436 C-D).

მოვიტანთ აღნიშნული ადგილის წმ. გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანს:

"კაცობრივიცა ბუნებაჲ, ვინაჲთგან მთავრად სხუათა მათ შეიმზადებდა მსგავსებითა მით ყოველთა მეუფისაჲთა შემკული, ვითარცა სულიერი ხატი, ესრეთ აღემართა ზიარებად პირმშოჲსა მის ხატისა (არქეტიპის, ე.ჭ.) სახელთაცა და პატივითა, არა პორფირითა შემოსილი, არცა სამეუფოჲთა კუერთხითა და გჳრგჳნითა მეფობისა პატივსა მქადაგებელი (რამეთუ არცა პირმშოჲ იგი ხატი არს ამათ შინა), არამედ ძოწეულისა წილ ემოსა მას სათნოებაჲ, რომელი-იგი უპატიოსნეს არს ყოველთავე სამკაულთა სამეუფოთა და კუერთხისა წილ ნეტარებითა მით უკუდავებისაჲთა განმტკიცნებოდა. და ესრეთ ყოვლით-კერძო სამეუფოჲთა მით პატივითა განშუენებული პირმშოჲსა მის სიკეთისა გამოწულილვით მსგავს იყო" (A-73, 132-132v; ნ. შალამბერიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული ტექსტი, გვ. 15-16).

ამრიგად პირველქმნილი ადამიანი არა უბრალოდ მსგავსი იყო ღვთისა, არამედ - "გამოწულილვით (ზედმიწევნით, ე.ჭ.) მსგავსი", რადგან "ემოსა მას სათნოება".

კიდევ:

"ჩვენმა შემქმნელმა სათნოებათა ზედდაფენით (ἐπιβολῇ) საკუთარი მშვენებისადმი ააყვავილა ხატი" (col. 137 A; წმ. გიორგის თარგმანი: "ესრეთ გულისჴმა-ყავ დამბადებელისათჳსცა ჩუენისა, რამეთუ, ვითარცა ფერთა მიერ, სათნოებათა ბრწყინვალებითა მსგავსად თჳსისა შუენიერებისა აღაყუავა ხატი თჳსი" 132v; გვ. 16).

კიდევ უფრო ცხადად:

"...სიწმინდე, უვნებობა, ნეტარება, ყველა ბოროტებისგან უცხოობა და რაც კი ამგვარი სახეობისაა, რომელთა მიერაც გამოისახება ადამიანებში ღვთიურობისადმი მსგავსება. თავისი ხატის ამგვარი ყვავილებით გამოხატა შემოქმედმა ჩვენი ბუნება" (137 B; წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანი: "აქუნდა სიწმიდე და უვნებელობაჲ და ნეტარებაჲ და ყოვლისავე ბოროტისაგან უცხოყოფაჲ და რაოდენიცა არს მსგავსი ამათი, რომელთა მიერ გამოისახვის კაცთა შორის საღმრთოჲ მსგავსებაჲ. და ესევითართა ყვავილთა მიერ თჳსისა ხატოვნებისათა (τῆς ἰδίας εἰκόνος) ჩუენი ესე ბუნებაჲ გამოწერა დამბადებელმან და შეამკო", იქვე 133; გვ. 17).

როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანი უკლებლივ ყველა სათნოებით ანუ სრული მსგავსებისებრობით ყოფილა შემკობილი.

მოგვაქვს სხვა ნიმუშები:

"თუკი ვიქნებოდით, რაც დასაბამიდან ვიყავით, საერთოდ აღარ დაგვჭირდებოდა ტყავის სამოსელი, რადგან ზედდაგვნათოდა ჩვენ ღვთიურობისადმი მსგავსება (ἐπιλαμπούσης ἡμῖν τῆς πρὸς τὸ θεῖον ὁμοιώσεως), ხოლო საღვთო ხატი (χαρακτήρ), რაც დასაბამში ჩვენზე წარმოჩნდა, არათუ რაიმენაირი სახისა თუ ფერის თვისება იყო, არამედ რითაც განიჭვრიტება საღვთო მშვენიერება, იმგვარით მშვენდებოდა ადამიანიც, რომელიც უვნებობის, ნეტარების, უხრწნელების მიერ არქეტიპული მადლისადმი იყო მიმსგავსებული (ἀπομιμούμενος)" (მკვდართა შესახებ, PG. 46, 521 D-524A).

"თვისობრივი ხატოვნება ადამიანისა ესაა ღვთიურობისადმი მსგავსება" (ფსალმუნთა ზედწერილების განმარტება, PG. 44, 557 C).

"ადამიანური ნეტარების განსაზღვრება ესაა ღვთიურობისადმი მსგავსება" (PG. 44, 433 C).

"ქრისტიანობის აღთქმა - ესაა ადამიანის უკუმიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისკენ. ამრიგად, თუ ადამიანი დასაბამიერი მსგავსება იყო ღვთისა (εἰ δὲ τὸ ἀρχαῖον θεοῦ ὁμοίωμα ὁ ἀνθρωπος ἦν), არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია, როდესაც განვაჩინეთ, რომ "ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა" (რა არის ქრისტიანობის სახელი და აღთქმა?, PG. 46, 244 D; Gregorii Nysseni Opera, VIII.I (Ascetica), ed. W. Jaeger... Leiden 1963, p. 136).

"...ამათი წიაღ მგზავრობის მიზანი და დასასრული ესაა დასაბამიერისაკენ კვლავაღდგინება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ღვთიურობისადმი მსგავსება" (მკვდართა შესახებ, PG. 46, 520 D).

"ყოველი ქმნილება ღვთისა მშვენიერია და არაფრით უკუსაგდები... მაგრამ რადგან... ადამიანთა ცხოვრებას შემოეხრწნა (εἰσεφθάρη) მცოდველობისადმი მიყოლა... და სულის ის ღვთისსახოვანი მშვენიერება, რომელიც შეიქმნა პროტოტიპის მიბაძვით, ბოროტების ჟანგით რკინისებრ გაშავდა... ამის გამო ეს დიდი და პატიოსანი (როგორც წერილისგან იწოდა) ადამიანი, საკუთარი ღირსებისგან განვარდა. შეემთხვა რა იგივე, რაც შეემთხვევათ დაცურებისას ჭაობში ჩავარდნილებს და სახეზე ტალახწაცხებულებს, რომლებსაც ახლობლებიც კი ვეღარ ცნობენ. ასევე ამანაც, ცოდვის ჭაობში ჩავარდნილმა, წარწყმიდა ხატად ყოფნა უხრწნელი ღვთისა, ხოლო ცოდვის მიერ გადაიმოსა მან ხრწნადი და თიხოვანი ხატი, რომლის უკუგდებასაც შეაგონებს სიტყვა, რათა წმინდა მოღვაწეობით, როგორც რამ წყლით, განიწმინდოს იგი (ადამიანი), რადგან აღიხოცება რა მიწიერი საფარველი, კვლავ გაცხადდება სულის მშვენიერება. უკუგდება იმისა, რაც უცხოა, ესაა თავისი მშობლიურისკენ და ბუნებისეულისკენ მიბრუნება (ἐπάνοδος), რისი მიღწევაც სხვა გზით შეუძლებელია, თუ არ გახდება იგი კვლავ იმგვარი, როგორიც დასაბამში შეიქმნა (οἷος ἐξ ἀρχῆς ἐκτίσθη), რამეთუ არაა ჩვენი საქმე, არცთუ ადამიანური ძალისხმევით წარმატებაა ღვთიურობისადმი მსგავსება (ἡ πρὸς τὸ Θεῖον ὁμοίωσις), არამედ ეს განეკუთვნებოდა ღვთის დიდმბოძებლობას, რომელმაც მყისვე პირველ შექმნასთან ერთად მიჰმადლა ბუნებას მისდამი მსგავსება (εὐθὺς ἅμὰ τῇ πρώτῃ γενέσει χαρισαμένου τῇ φύσει τὴν πρὸς αὐτὸν ὁμοιότητα)" (PG. 46, 372 A-D).

"ამგვარად, იგი, თავისი თავისგან უკუმგდები ყოველივე უცხოსი (რაც არის ცოდვა) და თანანადებთაგან გამომდინარე სირცხვილის განმრძარცველი, თავისუფლებაში და კადნიერებაში13 იმყოფება, ხოლო თავისუფლება ესაა უბატონობისა და თვითმპყრობელობისადმი მიმსგავსება, რაც ჩვენ დასაბამში შთაგვებოძა ღვთისგან, მაგრამ დაფარა იგი თანანადებთა სირცხვილმა" (სულისა და აღდგომის შესახებ, PG. 46, 101 C-104 D).

"არქეტიპის მსგავსებაში იყო ადამიანი" (დიდი კატეხიზმური ქადაგება, PG. 46, 24 C; შდრ. წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: "მსგავსებასა შინა პირმშოჲსა ხატისასა იყო კაცი", ხელნ. Ath. 14, 8v).

"ის გავხდებით, რაც იყო თავის პირველ ცხოვრებაში პირველქმნილი (ἐκεῖνο γενώμεθα ὁ ἦν παρὰ τὴν πρώτην ἑαυτοῦ ζωὴν ὁ πρωτόπλαστος)" (ქალწულობისათვის, SC. t. 119, p. 416-418).

"შესაძლებელია, რომ ჩვენ, უკუმსრბოლნი, მივუბრუნდეთ დასაბამიერ ნეტარებას" (იქვე, p. 418).

"თუ კვლავაღდგინებულთა ცხოვრება ანგელოზებისას უნათესავდება, ცხადია დანაშაულამდელი ყოფაც ანგელოზური რამ ყოფილა. ამიტომ, ჩვენი ცხოვრების უკუმიბრუნება დასაბამიერისკენ (ἡ πρὸς τὸ ἀρχαῖον τῆς ζωῆς ἡμῶν ἐπάνοδος) ანგელოზებს არის მიმსგავსებული" (ადამიანის შექმნის შესახებ, PG. 44, 188 D; შდრ. წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: "და ვინაჲთგან მუნვე მიქცეულთა ცხორებაჲ ანგელოზთა თჳსებად გამოისახვის, ცხად არს, რამეთუ პირველ მცნებისა გარდასლვისა ცხორებაჲ ანგელოზებრივი რაჲმე იყო და ჭეშმარიტად პირველისა მის ცხორებისა ჩუენისა მიმართ აღსლვაჲ ანგელოზთა მიემსგავსების", A-73, 168, ნ. შალამბ. გვ. 82-83).

"აღდგომა არის ჩვენი ბუნების კვლავაღდგინება დასაბამიერისკენ (ἀνάστασις ἐστιν ἡ εἰς τὸ ἀρχαῖον τῆς φύσεως ἡμῶν ἀποκατάστασις)" (სულისა და აღდგომის შესახებ, PG. 46, 148; შდრ. იქვე 149 D, 146 C და სხვა).

"სავენახე ჩემი არ დავიცავი" (ქებ. 1.5)... სავენახე არის უკვდავება, სავენახე არის უვნებობა და ღვთიურობისადმი მსგავსება (καὶ ἡ πρὸς τὸ θεῖον ὁμοίωσις)" (ქება ქებათას განმარტება, PG. 44, 800 C).

"ადამიანის პირველი შესაქმე სწამებს, რომ ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ მოხდა ჩვენი ბუნების შექმნა, უთუოდ იმიტომ, რომ ყოვლითურთ ჰქონდა ხატისებრ ქმნილს არქეტიპისადმი მსგავსება (διὰ πάντων εἶχε κατ' εἰκόνα γενόμενος τὴν πρὸς ἀρχέτυπον ὁμοιότητα)" (იქვე, 1100 D).

"საღვთო ბუნების მიბაძულობად (μίμημα) შეიქმნა ადამიანი, სხვა სიკეთეებთან ერთად არჩევანის თვითუფლებრივობითაც ღვთიურობისადმი მსგავსების დამცველი" (დიდი ხატეხიზმური ქადაგება, PG. 45, 57 C).

"აღვიდეთ კვლავ იმ ღვთისსახოვანი მადლისკენ, რითაც დასაბამში შექმნა ღმერთმა ადამიანი, თქვა რა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (ადამიანის შექმნის შესახებ, PG. 44, 256 C; შდრ. წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: "კუალადცა აღვიდეთ ღმერთშემოსილისა მადლისა, რომლითა-იგი შეამკო ღმერთმან დასაბამსა კაცი და თქუა ვითარმედ: ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა" (A-73, 209 v, გვ. 156).

"სხვა არაფერია აღდგომა, თუ არა ყოვლითურთ დასაბამიერისკენ კვლავაღდგინება (οὐδὲ γὰρ ἄλλο τί ἐστιν ἡ ἀνάστασις, εἴ μὴ πάντως ἡ εἰς τὸ ἀρχαῖον ἀποκατάστασις)" (ეკლესიასტეს განმარტება, PG. 44, 633 C).

"სული დასაბამში შეიქმნა იმად, რადაც მოგვიანებით კვლავ განწმენდილი კვლავ გამოჩნდება" (იქვე).

"ასევე, შინაგანი კაციც... რაჟამს გადაიფხეკს (ἀποξύσηται) ამ გესლის ჭუჭყს, რაც უკეთურების მომგონმა აღმოაცენა ხატებაზე (τῇ μορφῇ), კვლავ უკუმიიღებს იგი არქეტიპისადმი მსგავსებას (πάλιν ἀναλήψεται τὴν πρὸς τὸ ἀρχέτυττον ὁμοιότητα) და კეთილი იქნება... და ასე გახდება ნეტარი ის, ვინც წმინდაა გულით, რადგან თავისი სიწმინდის მხედველი ხატში არქეტიპს განჭვრეტს" (ქება ქებათას განმარტება, PG. 44, 824 C; იხ. H. Merki, 'Ομοίωσις Θεῶ,..., p. 154).

"როგორც ხდება თვალისთვის შუქის განცდა, იმიტომ, რომ აქვს მას თავის თავში ბუნებითი შუქი თანამონათესავის აღსაქმელად... ასევე, ყველანაირი აუცილებლობით, ღმერთთან თანაზიარების14 მხრივაც, ზიარებულობისათვის არსებობს რამ თანამონათესავე იმის ბუნებაში, ვინც ამას განიცდის. ამიტომ თქვა წერილმა, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატისებრ, რათა, ვფიქრობ, მსგავსი მსგავსს ჭვრეტდეს, ხოლო ჭვრეტა ღვთისა ესაა სულის ცხოვრება" (უასაკოდ წარტაცებულ ჩვილთა შესახებ, PG. 46, 473D-176A).

და სხვა და სხვა (ზოგი მნიშვნელოვანი ციტატა ამავე მამის შრომებიდან იხ., აგრეთვე, ჩვენი გამოკვლევის პირველ ნაწილში).

ბოლოს, დავიმოწმებთ რამდენიმე ადგილს წმ. გრიგოლ ნოსელის "სწავლათა" ძველი ქართული თარგმანიდან, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელს ეკუთვნის, და რაც სრულიად ცხადად გვიჩვენებს პირველქმნილ ადამიანში ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების განუყოფლობას.

"არც ერთი სიტყუაჲ, წინააღმდგომი სათნოებისაჲ, იპოების შემზადებასა შინა კაცებისასა" (A55, 4v).

"გუამთა ჩუენთა ჭურჭლისა შემოქმედმან ხილული ესე კერძოჲ ჴორცთაჲ... აღდგომისა მიერ განაახლა, უცხოქმნილი ყოვლისავე წინააღმდგომისა ნივთისაგან, და პირველსავე შუენიერებასა კუალად-აგო" (2r; 5r).

"რომლისა მიერ (ღვთის მიერ, ე.ჭ.) კაციცა მოვიდა ცხორებად და ყოვლითავე კეთილითა ღმრთივშუენიერითა შეიმკო" (5v).

"გაჴსოვდეს სამე დასაბამსავე სიტყჳსა ჩუენისასა წარმოთქუმული იგი ჩუენ მიერ, ვითარმედ, მსგავსად ღმრთისა დაიბადა კაცი (μου (μίμημα τῆς θείας φύσεως κατεσκευάσθη ὁ ἄνθρωπος), სხუათა მათცა კეთილთათჳს, და უმეტესად თჳთმფლობელობისა მიერ, - საღმრთოჲსა მის მსგავსებისა განმკუთვნელად (τὴν πρὸς τὸ θεῖον διασώζων ὁμοίωσιν)" (10v; შდრ. Ath. 14,23r; ბერძნ. PG. 46, col. 57 C-D).

"მსგავსი არს კაცი საღმრთოჲსა ბუნებისაჲ" (10v).

"ამას ყოველსა მოკლითა სიტყჳთა გუაუწყებს წიგნი იგი დიდებული დაბადებისაჲ, რამეთუ იტყჳს ხატად ღმრთისა დაბადებასა კაცისასა და ხატებისა და მსგავსებისა მიერ ყოველთა მათ ღმრთისა მსგავსებისა ხატებათა აღრაცხავს" (Ath. 14, 8v).

მოვიტანთ ბერძნული ტექსტის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილის სიტყვა-სიტყვით თარგმანს თანამედროვე ენაზე:

"ესენი გარემომცველობითი მეტყველებით, ერთი გამონათქვამის მიერ წარმოაჩინა კოსმოგონიის (ქვეყნიერების შესაქმის) სიტყვამ, თქვა რა ადამიანის დაბადება ღვთის ხატისებრ, რადგან ხატისებრ მსგავსებაში (ἐν γὰρ τῇ ὁμοιώσει τῇ κατὰ τὴν εἰκόνα; ლათ: in hac enim assimilatione ad imaginem) შედის ყოვლითურთ იმათი ჩამონათვალი, რაც გამომხატველია ღვთისა" (შდრ. PG. 46, 21D).

"უკუეთუმცა ჭირი რაჲმე უფლებდა კაცთა ცხორებასა ზედა, ნაცილმცა იყო სიტყუაჲ ხატებისაჲ, რაჟამს მით კერძოჲთა გამო-მცა ეჴუებოდა პირმშოჲსა მისგან ხატისა ... ვინაჲცა ღმრთისა მიმსგავსებულისაჲ მის ჯერ-იყო, რაჲთა კეთილისა მიმართ მისლვაჲ და მას შინა დადგრომაჲ ნიჭად სათნოებისად შეერაცხებოდის და ღუაწლთა საძლეველად" (Ath. 14, 8v).

"შეიქმნა კაცი მობაძავად ზეცისა ძალთა და ხატად და მსგავსებად ღმრთეებისა და უხილავითა და ხილულითა შუენიერებითა გამოუთქუმელად განშუენდა. მძიმედ და მოუთმენლად აღუჩნდა ესე ქუეყანისა განმგებელსა მას ძალსა (ოდესმე ანგელოზსა, ხოლო აწ ბოროტსა ეშმაკსა), რაჲთამცა ფლობასა მისსა ქუეშე მყოფისა ბუნებისაგან ესევითარი არსებაჲ დაიბადა, რომელიცა თავადისა მის დამბადებელისა მსგავს იყო (ὡμοιωμένη)" (9v; col. 28B).

"საღმრთოჲთა კურთხევითა განმტკიცებულ იყო და განძლიერებულ კაცი იგი და აღმაღლებულ პატივითა, რამეთუ მფლობელად დაწესებულ იყო ქუეყანისა და ყოველთავე, რომელნი იყვნეს მის ზედა და შუენიერ სიკეთითა, რამეთუ ხატი იყო პირმშოჲსა მის სიკეთისაჲ და უვნებელ ბუნებითა, რამეთუ მსგავსი იყო (μίμημα ἦν) უვნებელისა მის ბუნებისაჲ და აღსავსე კადნიერებითა,15 რამეთუ წინაშე პირსა თავადისა მის საღმრთოჲსა დიდებისასა იფუფუნებდა" (10v; 29B).

მოტანილი ციტატები, ვფიქრობთ, ააშკარავებს იმ აზრის სრულ ცთომილებას, რომლის მიხედვითაც წმ. გრიგოლ ნოსელი თითქოს არ აღიარებდა ღვთისადმი ადამიანის მსგავსებას შესაქმის დასაბამშივე. როგორც ვნახეთ, ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლიმენტის იმავე შრომაში გვხვდება კიდევ რამდენიმე მითითება. მაგალითად: "მართებულად არის ადამიანი საყვარელი ღვთისათვის, რადგან ქმნილება (πλάσμα) მისი, რომელმაც სხვები მხოლოდ ბრძანებით დაჰბადა, ადამიანი კი თავისი თავის მიერ ხელქმნა და შთაჰბერა მას თავისი რამ საკუთარი" (წიგნი I, თ. III, SC. t. 70, p. 122, 7.1); კიდევ: "შეგვფერის ჩვენ, რომ სანაცვლო სიყვარული გვქონდეს მისდამი, ვინც სიყვარულით გვიწინამძღვრებს რჩეული ცხოვრებისაკენ, რომ მისეული არჩევანის განწესებათა მიხედვით ვცხოვრობდეთ, რომ არა მხოლოდ აღვასრულებდეთ ნაბრძანებთ ანდა ვიცავდეთ აკრძალულთ, არამედ ზოგ ხატს (უკეთურების ხატს, ე.ჭ.) უკუვაგდებდეთ, ზოგს კი (სიკეთისას, ე.ჭ.) რაც შეიძლება მეტად ვბაძავდეთ და მსგავსებისებრ აღვასრულებდეთ პედაგოგის (მაცხოვრის, ე.ჭ.) საქმეებს, რათა სრულიქმნეს ხატისებრობა და მსგავსებისებრობა (ἵνα δὴ τὸ κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν πληρωθῇ)" (იქვე, p. 124; 9.1). ერთგან კლიმენტი თვით უფალ იესოს განუკუთვნებს: ხატისებრობას და მსგავსებისებრობას": "აქედან ცხადია, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი, კეთილი, მართალი ძე, იესო, მამის ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν τοῦ Πατρὸς Υἱόν 'Ιησοῦν), სიტყვა ღვთისა, ჩვენს პედაგოგად მყოფი, ვისაც გადაგვცა ჩვენ ღმერთმა" (წიგნი 1. თავი XI; p. 282; 97.2); საგულისხმოა, რომ კლიმენტი საკუთრივ ქრისტეს კაცებას განუკუთვნებს ერთდროულად ხატებასაც და მსგავსებასაც, ხოლო სხვა ადამიანებს (დაცემულობაში მყოფთ) - მხოლოდ ხატებას. აი, მისი სიტყვები: "ესაა (ქრისტეა, ე.ჭ.) თვით იგი, რომელმაც დაჰბადა ადამიანი მიწისგან და ახლად შვა წყლით, აღზარდა იგი სულით, უმასწავლებლა სიტყვით და წმინდა მცნებებით წარმართა იგი ძეობილობისა და ცხონებისაკენ, რათა მიწითშობილი ადამიანი დაწინარეუებითად (ἐκ προσβάσεως) გარდაექმნა (μεταπλάσας) მას წმინდად და ზეციურად და ყველაზე მეტად სრულექმნა (μάλιστα πληρώση) ის საღვთო ხმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ". და გახდა კიდეც ქრისტე სავსებით ის, რაც თქვა ღმერთმა, ხოლო სხვა ადამიანი მხოლოდ ხატისებრ მოიაზრება" (წ. 1; თ. XII; p. 284, 98. 2-3).

აღნიშნულ სიტყვებს გამომცემელი ასეთ საყურადღებოა შენიშვნას ურთავს:

"ჩვენ აქ ვპოულობთ ზედმიწევნით გამოთქმულს დინამიურ მოძღვრებას ხატისა და მსგავსების შესახებ, რაც ასეთი მოწონებით სარგებლობდა ბერძნულ პატრისტიკაში: რომ ხატება წარუხოცელია, მსგავსება კი კვლავ მოსაპოვებელი (la ressemblance à reconquérir)" (იქვე, p. 284, n. 4).

2 - იხ. Basile de Césarée, Sur L' origine de l'homme, Paris 1970, p. 34 (SC. t. 160).

3 - Basile de Césarée, დასახ. გამოც. გვ. 66.

4 - Basile de Césarée, დასახ. გამოც. გვ. 16. ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ იხ. იქვე, გვ. 17-19; 14-15; 22-23; 66.

5 - დასახ. გამოც., გვ. 14.

6 - იქვე, გვ. 150.

7 - იქვე, გვ. 15.

8 - ამ სიტყვებს თვით წმ. დიადოქოსი განმარტავს სხვა ადგილას: "ამბობენ, რომ მორწმუნეთა გულებში თანამყოფობს ორი პირი - მადლისა და ცოდვისა" (იქვე, თ. 80. p. 137).

9 - ἐμπρέπειν ἡμῖν.

10 - ძველი მეტაფრასული კრებულები, ნ. გოგუაძის გამოც., თბ. 1986, გვ. 427. ბერძნული ორიგინალი, იხ. PG. 116, col. 684 B.

11 - ძველი მეტაფრასული... გვ. 428; ბერძნ-ლათ. PG. 116, col. 685 B.

12 - ბერძნ. περισσόν (ლათ. abundantius), შეიძლებოდა გვეთარგმნა სიტყვებით: "უფრო ჭარბად" (შდრ. ინგლ. more abundantly, რუს. с избытком).

13 - ბერძნული ἡ παρρησία, რაც ქართულად ტერმინოლოგიურად ითარგმნებოდა როგორც "კადნიერებაჲ", საეკლესიო მწერლობაში ხშირად უაღრესად დადებითი შინაარსისაა (ისევე, როგორც საღვთო შური) და გულისხმობს მოღვაწის განსაკუთრებულ მადლმოსილებას, ღვთის წინაშე მის გაბედულ სიტყვახსნილობას.

14 - ბერძნ. μετουσία, რაც გელათურ სკოლაში ითარგმნებოდა, როგორც "შეარსვაჲ".

15 - "კადნიერებაჲ" (παρρησία), როგორც აღვნიშნეთ, წმინდანთა მისამართით უაღრესად დადებითი შინაარსისაა და გამოხატავს მათ განსაკუთრებულ თავისუფლებას, გაბედულ სიტყვახსნილობას ღვთის წინაშე.

 

ედიშერ ჭელიძე - "მართლმადიდებლური ხატმეტყველება"

თბილისი, 2001 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:54)