(ნაწყვეტი "წმ. ბასილი ახლის ცხოვრების" უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)

[როგორც ცნობილია, "წმ. ბასილი ახლის ცხოვრება" შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და ხილვას სამომავლო განკითხვისას. ტექსტობრივი სანდოობის მიზნით მოპოვებული იქნა ორიგინალის უძველესი, კერძოდ XIII ს-ის ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერის ტექსტი (478, ლამბროსის აღწერილობით 4598, შესრულებული პერგამენტზე in 8), რაც მოსკოვის სინოდალური ხელნაწერის (250, XVI ს-ისა) ვარიანტებითურთ გამოსცა ს.გ. ვილინსკიმ (იხ. С.Г. Вилинский, Житие св. Василия Нового в Русской Литературе, ч. II, Обесса, 1911, с. 5-142). ეს უნიკალური ბერძნული რედაქცია შეიცავს საზვერეების აღწერილობასაც და განკითხვის წინასწარმეტყველებასაც. ქვემოთ წარმოვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სიტყვა-სიტყვით თარგმანს (შესაბამისი ბერძნული ტექსტისათვის იხ. დასახ. გამოც., გვ. 98-99).]

"...და აღსრულდა რა ესენი ამგვარად, კვლავ გამოაცალკევა უფალმა მარცხენითთაგან და აჰა, სხვა კრებული, დანარჩენებისგან განშორებული, წარმოდგა, მას შემდეგ, რაც, უპირველესად, ზემოხსენებული დედოფალი ზეავიდა თავისი მამისკენ, საიდანაც იყო ჩამოსული (ხოლო ღვთისა და მამის ასულად სიტყვამ უწოდა მოწყალებას, რადგან ყველა გვარეობითი სათნოება, რომელთაგან თვით არის პირველი, შთანერგილი აქვს მას მათგანვე). ხოლო ამჟამად მსაჯულის წინაშე მდგარი კრებული დაბრმავებული იყო და იწინამძღვრებოდა იგი ღვთის ნიშანცემით. მასში არ განიჭვრიტებოდა არც უკეთურება, არც კეთილობა. და მიჰხედა უფალმა მათ, და არ გამწყრალა მათზე. მაგრამ მათ მშობლებზე ძალიან განრისხდა, რომლებმაც არ ისწრაფეს, რომ საღვთო ნათლობით სრულეყოთ და გაენათლებინათ ისინი. და ბრძანა უფალმა მიეცათ მათთვის ადგილი მოსვენებისა სამხრეთით და მცირე რამ დატკბობა საუკუნო ცხოვრებით ღვთის გამოუთქმელი წყალობისა და კაცთმოყვარეობის გამო.1 და მაშინ ღრმა გულიდან ამოიკვნესა და თქვა ყოველმა მათგანმა მართალი მსაჯულისადმი: "ჰოი, უფალო, კეთილი ხარ და კეთილმოწყალე და შენს ხელთაგან შექმნილთა მიმართ გულკეთილი ხარ შენი სიკეთისა და კეთილმოწყალების შესაბამისად. მხოლოდღა ამას ვითხოვთ, რომ მივემთხვიოთ რამ წყალობას და არა სხვა რამეს, რადგან შენ როგორც ცხოვრებისა და სიკვდილის უფალმა შენს მსჯავრთა მიერ დაგვაკელი ჩვენ ამ წუთიერ ცხოვრებას მანამ, სანამ მცნობელობა გვექნებოდა, სანამ ჩვენი გრძნობები სრულიქმნებოდა ხრწნადი სხეულის შემტკიცებისა და ზრდის კვალობაზე. ამიტომ, როგორც ღმერთი, მოწყალებით თანალმობიერი იყავ ჩვენდამი". და, ამრიგად, განაჩინა უფალმა მიეცათ მათთვის მოსვენებულობა სამხრეთით და რამ შედგომა მცირე რამ განსვენებისადმი,2 თუმცა - გაშორებულად მართალთაგან და მათი მემკვიდრეობისაგან. ხოლო ეს იყო კრებული უასაკო ჩვილთა და ყრმათა ქრისტიანების თესლიდან, რომლებმაც ვერ მოასწრეს მიღება წმინდა ნათლისღების ბეჭდისა.3

------------------------------------------------------------

* აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: "საეკლესიო სიწმინდენი", 2001, 1, გვ. 6.

1 - καὶ ἐνετείλατο  Κύριος δοθῆναι τόπον αὐτοῖς ἀναπαύσεως κατὰ μεσημβρίαν καὶ τινα μικρὰν ἀπόλαυσιν αἰωνίου ζωῆς διὰ ἔλεον ἄφατον καὶ φιλανθρωπίαν Θεοῦ.

2 - καὶ δὴ συνέταξεν ὁ Κύριος δοθῆναι ταύτοις κατάπαυσιν κατὰ μεσημβρίαν καὶ τινα ἐπακολούθησιν μικράς τινος ἀναπαύσεως.

3 - როგრც აღნიშნული გვქონდა, მავანნი მზაკვრულად მატყუარობდნენ, რომ “წმინდა ბასილი ახლის ცხოვრებაში” უნათლავ ჩვილთა საუკუნო ხვედრად “დასავლეთი” არისო მითითებული, მაგრამ ამჯერად ეს სამარცხვინო ტყუილიც გამოააშკარავდა, რადგან, როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ძეგლში უნათლავ ჩვილთა საუკუნო ხვედრად ორგზის სრულიად ხაზგასმითაა განჩინებული “სამხრეთი”, სადაც სიკეთეში და ნეტარებაში მათი მონაწილეობაც ამავე ძეგლის მიერ უპირობოდ არის ნამცნები.

ედიშერ ჭელიძე

"მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში", თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:05)