"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა" (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

დღეისათვის დადგენილია, რომ ზემოხსენებული ძეგლი მოძღვართა სახელმძღვანელოდ დამკვიდრდა მართლმადიდებლურ სამყაროში. აღნიშნული ნაშრომის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ცხადია, იმაშიც გამოიხატება, რომ მისი სახით ჩვენამდე მოაღწია უძველესმა მართლმადიდებლურმა პენიტენციალურმა კანონარმა. ამ ძეგლის ღირსება ნ. ზაოზერსკის ასე აქვს გამოკვეთილი: "ეს კანონარი იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე (имел огромное значение) აღმოსავლური ეკლესიის ეპიტემიური სჯულისკანონის ჩამოყალიბების ისტორიაში" (დასახ. შრომა, გვ. 25). ხსენებული კანონარი განსაკუთრებით ავტორიტეტული გახდა მას შემდეგ, რაც ათონის წმინდა მთამ X ს-იდან მართლმადიდებლურ "სჯულისკანონად" დააკანონა იგი. ნ. ზაოზერსკი შენიშნავს: "უნდა ვიფიქროთ, რომ ეს კანონარი არ შედგენილა ათონზე, არამედ იგი მოტანილი იქნა აქ ადრე და X ს-ში აქ ჰქონდა მას ავტორიტეტი როგორც წმინდა მამის ნაშრომს" (გვ. 33-34). იოანე მონაზონის "კანონარის" ანუ "სჯულისკანონის" საყოველთაო გავრცელებულობას და განსაკუთრებულ მართლმადიდებლურ ღირსებას ასე წარმოაჩენს ხსენებული მკვლევარი: "ამ კანონარს ჰქონდა უაღრესად ფართო გავრცელებულობა (весьма широкое распространение) მეათე და, ალბათ უკვე თვით მეცხრე საუკუნის მიწურულისთვისაც არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც" (გვ. 15). აღნიშნული "სჯულისკანონის" მართლმადიდებლურ სიწმინდეს და საღვთო მადლმოსილებას ადასტურებს მისი ზედმიწევნითი სლავური თარგმანიც, რაც მკვლევართა დასაბუთებით, მიეკუთვნება ან საკუთრივ სლავების უწმინდეს განმანათლებლებს (или самими апостолами славян) ანდა მათ უახლოეს მოწაფეებს (или их ближайшими учениками) (იხ. ზაოზერსკის დასახ. შრომა, გვ. 15-16). განსაკუთრებით მკვეთრი და უპირობო განაცხადი აღნიშნული "სჯულისკანონის" როგორც მოძღვართათვის საყოველთაოდ დაკანონებული რჯულდებითი სახელმძღვანელოს შესახებ მოცემულია წმ. ექვთიმე ათონელის წინასიტყვაობაში, სადაც ხსენებულ ძეგლთან დაკავშირებით ათონის წმინდა მთის განჩინება ასეა ფორმულირებული: "და აწ ყოველნი მოძღუარნი ამას წესსა ზედა განჰკანონებენ შეცოდებულთა" (დასახ. გამოც. გვ. 2). X ს-ის შემდეგ იოანე მონაზონის "კანონარის" (იგივე "სჯულისკანონის" ანუ "ნომოკანონის") მნიშვნელობა მართლმადიდებლურ სამყაროში კიდევ უფრო იზრდება. მოვუსმინოთ კვლავ ნ. ზაოზერსკის: "უაღრესად ბევრი სიტყვა-სიტყვითი ამონაწერი ამ "კანონარიდან" ჩვენ გვხვდება ნიკონ შავმთელის (XI ს.) სახელგანთქმულ წიგნში. X ს-ში... და XI ს-ში... რჯულდებითი კომპილაციების შედგენა იოანე მონაზონის "კანონარზე" დაყრდნობით უკვე უაღრესად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, და კიდევ უფრო ჩვეულებრივი გახდა ეს პროცესი მომდევნო საუკუნეებში, როგორც ამას მოწმობს მსგავსი კომპილაციების შემცველი ბერძნულ-სლავური ხელნაწერების აღურიცხავი რაოდენობა, რაც კი ჩვენამდეა შემონახული" (დასახ. გამოც. გვ. 16). ყოველივე ზემოაღნიშნული, ვფიქრობთ, აშკარას ხდის იოანე მონაზონის "სჯულისკანონის", როგორც სავალდებულო პენიტენციალური სახელმძღვანელოს, მნიშვნელობას. ჩვენთვის უაღრესად ფასეულია აღნიშნული ძეგლის როგორც ბერძნულ-სლავური ტექსტები, ასევე წმ. ექვთიმე მთაწმინდელის ზემომითითებული ღვთივმიმადლებული თარგმანი, რომელშიც მცირედი კომენტარებით X ს-ის ათონის წმინდა მთის რჯულდებითი სწავლებებიცაა ასახული. ეს თარგმანი პირველად ა. ხახანაშვილმა გამოსცა (იხ. ზემოთ მითითება აღნიშნულ გამოცემაზე), მეორედ კი - ე. გიუნაშვილმა (მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბ. 1972).

ხსენებულ ძეგლში შესაბამისი ადგილი ეთმობა დიდმარხვაში თევზის მიღების საკითხს. საგულისხმოა, ამასთან, რომ ხსენებული საკითხის შესახებ რჯულდება მოწოდებულია მარხვის სამი ხარისხიდან ყველაზე მკაცრის, კერძოდ, პირველი ხარისხის, ფარგლებში (მეორე და მესამე ხარისხები მარხვისა უფრო მსუბუქია). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვემომოტანილი განაწესი ეხებათ კონკრეტულად განკანონებულებს ანუ დასჯილებს, რომლებსაც შეცოდებათა გამო გამკაცრებული აქვთ მარხვა. ეს ნიშნავს, რომ ქვემორე რჯულდება დადებულია ეპიტიმიის ქვეშ მყოფთა მიმართ ყველაზე მძიმე და მკაცრი მარხვის სახით. დავიმოწმებთ მოკლედ და მკაფიოდ გამოთქმულ მთავარ რჯულდებას ბერძნულად (ორიგინალის ენაზე), ძველი სლავურად, რუსულად, ძველი ქართული (ექვთიმესეული) თარგმანით და ახალ ქართულად:

ბერძნული:

τὴν δὲ μεγάλην τεσσαρακοστὴν, εἰ δυνατὸν τοὺς κοσμικοὺς ὀψαρίου μὴ μετέχειν, πλῆν σαββάτου καὶ κυριακῆς

სლავური:

... (ბერძნულ-სლავური ტექსტებისათვის იხ. В. Заозерский Н. А.‚ Хаханов А. С. Номоканон Иоанна Постника в его редакциях: грузинской, греческой и славянской М., 1902, стр. 67).

რუსული თარგმანი:

В великий же пост кающиеся миряне не должны употреблять рыбы, ни пить вина, исключая субботы и воскресенья (Заозерский Н. А., Хаханов А. С. Номоканон Иоанна Постника в его редакциях: грузинской, греческой и славянской М., 1902, стр. 66).

წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანი:

"ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იჴმარებენ, ნუმცა ღჳნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კჳრიაკეთასა".

ახალ ქართული თარგმანი:

"ხოლო დიდმარხვაში, თუ შესაძლებელია, ერისკაცებმა არ მიიღონ თევზი, გარდა შაბათ-კვირიაკისა".

მკითხველისთვის რომ ვითარება უფრო ნათელი იყოს, ხსენებული ძეგლიდან დავიმოწმებთ მარხვასთან დაკავშირებულ მთლიან კონტექსტს სიტყვა-სიტყვითი ახალი ქართული თარგმანით (შესაბამისი ექვთიმესეული, სლავური და ბერძნული ტექსტები იხ. ზემომითითებულ პუბლიკაციებში):

"ხოლო საჭმელისა და სასმელის შესახებ ისე განესაზღვროთ, როგორც ამას დაიტევს თითოეული მათგანის ბუნება და შემძლეობა, [რადგან სამი სახესხვაობაა მონანულთა მარხვისა, როგორც მამაკაცთათვის, ასევე ქალთათვის, და ამ სამიდან, რომელიც ესურვებათ, ის მიიღონ].


რაც შეეხება მონანულთა დასწრებას ლიტურგიაზე, ისინი [სახარების მოსმენის შემდეგ] კათაკმევლებთან ერთად უნდა გამოვიდნენ ტაძრიდან და ნართექსში [ექვთიმე: „ეზოში“] დადგნენ, ხოლო მწუხრზე, ცისკარზე და სხვა მსახურებაზე ყოვლითურთ დაუბრკოლებლად შეუძლიათ ტაძარში დგომა, სადაც კი და როდესაც კი ინებებენ.

ხოლო ქრისტეშობას, ნათლისღებას, ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს და დიდ შაბათს, აღდგომის დიდ კვირიაკეს, [სულთმოფენობას], წმინდა მოციქულთა ხსენების დღეს [ანუ ვარდობას] და მარიამობას ზიარების ნაცვლად მათ უნდა შესვან წმინდა ნათლისღების აიაზმა და ასე გაიხსნილონ: მონანულმა მონაზონებმა ყველითა და კვერცხით, ხოლო მონანულმა ერისკაცებმა - ხორცითაც. ამასთან, უნდა გამოიკითხონ მათგან, შეუძლიათ თუ არა ცოდვათსახეობათა რაოდენობის თქმა, რადგან ვინც ვერ შეძლებს ამის თქმას, უნდა განისაჯოს როგორც უძღები.

სამი სახესხვაობა აქვს საჭმლისა და სასმელის შესახებ ჩემეულ ეპიტიმიას ყველას მიმართ, რადგან, მონათა და მხევალთა გარდა, ერთი და იგივე განსჯა და სჯა არის საჭირო ქალთა და კაცთა, საეროთა და მონაზონთა შესახებ, თუმცა ჩანს, რომ ქალები გარკვეულწილად მეტად უნდა იქნენ გამოკითხულნი და გამოკვლეულნი, რადგან ისინი მამაკაცებზე უფრო ვარდებიან მაგიაში, მკითხაობაში, მწამვლელობაში და სხვა ამგვარ ბილწმოქმედებაში, ამასთან მათთვის ჩვეული დედათა წესითაც რყვნიან ისინი ამის უმეცარ მამაკაცებს და მკვლელობებსაც ბედავენ ორსულობათა ჟამს ათასგვარი ხერხებით, როდესაც მათი ერთი ნაწილი დაორსულებამდე ცდილობს ორსულობის საწინააღმდეგო რაღაც მცენარეებით საშოს შებილწვას ანუ ყოველთვიურად მკვლელობის ჩადენას, მეორე ნაწილი დაორსულების შემდეგ [სვამს ჩვილის მოსაკლავ წამალს], ზოგი კი, სხვათა ბრძანებას დამორჩილებული, ახალშობილ სრულ ჩვილს თავისივე ხელებით ახრჩობს. კიდევ, მამაკაცთა მსგავსად, ქალწულებიც ხელითდაცემას სჩადიან, რომლებსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არა აქვთ მამაკაცისა.

ამრიგად, ესენი ყველა, [მამაკაცები იქნებიან თუ ქალები, როდესაც შეინანებენ და აღიარებენ თავის დანაშაულს, უზიარებლობით უნდა განკანონდნენ, როგორც ეს ზემოთ წერია თითოეული ცოდვის შესაბამისად], ამასთან მათ უნდა მიიღონ ქვემორე სამი სახესხვაობიდან ერთ-ერთი ეპიტიმია, გარდა მონებისა და მხევლებისა, რადგან მონებსა და მხევლებს საღვთო კანონთა მიერ დაუკანონდათ ეპიტიმიის მხოლოდ სანახევროდ მიღება, რამეთუ ისინი საკუთარი თავის ბატონ-პატრონები არ არიან.


პირველი განწესება:

ესაა ჩემგან ყველას მიმართ მიცემული ეპიმიტიათა პირველი განწესება (აღნიშნული ეპიტიმია ყველაზეა, გარდა მონებისა და მხევლებისა):

ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი, აგრეთვე ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი არ მოღონ2; სამშაბათს და ხუთშაბათს ყველაფერი დაუბრკოლებლად ჭამონ გარდა ხორცისა. შაბათსა და კვირას არცერთი საჭმელი და სასმელი არანაირად არ აეკრძალოთ, არამედ ისევე დაუბრკოლებლად მიიღონ ყოველივე, როგორც ყველა დანარჩენმა, რომლებსაც ეპიტიმია არა აქვთ (ესე იგი, მიიღონ ხორციც, ღვინოც და სხვა ყველაფერი). ასევე, ყველა საუფლო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე, აგრეთვე რა დღესაც თორმეტი მოციქულის სახელი შეიძლება ხვდეს3 და რა დღეც არ უნდა იყოს ეს, საჭმელისა და სასმელის მხრივ დაუბრკოლებელი იყოს ის, ვისაც ეპიტიმია აქვს, და არც ოთხშაბათი, არც პარასკევი არ დაიცეას ამგვარ დღესასწაულზე4, ისევე როგორც მაშინ, როდესაც არის იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული ანდა თორმეტდღეული [ქრისტეს შობიდან ნათლისღებამდე], [ნათლისღების მომდევნო შვიდეული], აღდგომის ბრწყინვალე შეიდეული, სულთმოფენობის შვიდეული (რასაც სულიწმინდის შვიდეულს ვუწოდებთ). რაც შეეხება დროს ახალკვირიაკიდან სულთმოფენობამდე, ეს დღეებიც მთლიანად და ყოვლითურთ ხსნილი იყოს მათთვის, მხოლოდ ოთხშაბათ-პარასკევს იმარხონ თავ-თავისი სახით, ერისკაცებმა - ხორცისგან, მონაზონებმა - ყველისგან და კვერცხისგან5. ასევე, ყველასათვის ყოვლითურთ ხსნილია კიდევ ორი შვიდეული: არაჯვორისა და ხორციელისა[1], გარდა მათი თთხშაბათ-პარასკევისა, რადგან ეს დღეები მაშინ სრული სიწმინდით უნდა დაიცვან, თუ შეუძლიათ - თევზის გარეშეც6, და საღამომდე არ უნდა ჭამონ, რადგან საღვთო კანონისგან ეგევეა განსაზღვრული მუდმივად (გარდა, როგორც ითქვა, დღესასწაულისა, თორმეტდღეულისა და სულთმოფენობისა) და არ უნდა დაირღვეს ეს მარხვა არაფრის სიყვარულის გამო (არ ვიცი - უძლურებისა თუ სხვა რამ დიდი გასაჭირის შესაბამისად). [ხოლო ყველიერის მსგეფსი ყველით და კვერცხით არის ხსნილი მონაზონებისთვისაც და ერისკაცებისთვისაც, რადგან ხორცი ხორცის აღების კვირადღეს აიღება].

ამასთან, განკანონებულებს ღვინო აეკრძალოთ, თუკი შესაძლებელია, ყოველთვის, გარდა შაბათ-კვირისა და დღესასწაულისა; არ უნდა იქნეს მათთვის დაშვებული ღვინო ორშაბათსა და ოთხშაბათ-პარასკევს. ეს ნიშნავს, რომ შესვან მათ დღეში ერთი ლიტრა7 ღვინო, ხოლო თუ ვინმე შეძლებს, რომ აღნიშნული სამი დღის განმავლობაში არ დალიოს ღვინო, დიდი მისაგებელი ექნება; თუმცა თითოეული მათგანის ბუნება, ნება და ჩვევა უნდა შეიცნოს მოძღვარმა და ასე განსაზღვროს განწესებულზე მეტის დალევა მათთვის.

ასევე, განვაწესებთ, რომ წმ. ფილიპეს ორმოცეულის და თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] მარხვებში[2] ერისკაცები ხორცს ნუ გასინჯავენ, მონაზონები კი - ყველსა და კვერცხს, გარდა იოანეს შობისა8 და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა9, ხოლო თუ ვინმე ამ დღეებშიც იმარხულებს, არავინ არ იქნება მისი შემაფერხებელი.

ხოლო დიდმარხვაში, თუ შესაძლებელია, ერისკაცებმა არ მიიღონ თევზი, გარდა შაბათ-კვირიაკისა, მონაზონებმა კი - არც ზეთი, მაგრამ თუ ამას არ ირჩევენ, მაშინ მხოლოდ სამშაბათი და ხუთშაბათი გახსნან: ერისკაცებმა - თევზით, მონაზონებმა - ზეთით, [თევზი კი ამ უკანასკნელებმა ხარების დღესასწაულზე გახსნან]10[3]; კიდევ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა, რომ ვინც მწოლიარეა, ღვინოც არ მიიღოს მან, გარდა შაბათ-კვირიაკისა. კიდევ, თუ აუცილებლობა შეიქმნება (სულმოკლეობის, გემოთმოყვარეობის და ბევრი სხვა მოსალოდნელი მიზეზის გამო) და არ ირჩევენ ამ სახით მარხვას, მაშინ ორშაბათსა და ოთხშაბათ-პარასკევს არცერთმა მათგანმა, რომელმაც კი სინანული აღირჩია, არც კი დაყნოსოს ღვინო და, განსაკუთრებით, მარხვის მთელი პირველი შვიდეულის განმავლობაში საერთოდ არ შესვას იგი, ხოლო უკანასკნელ შვიდეულში, ესე იგი ვნების კვირაში, მხოლოდ ხუთშაბათს მიიღოს მცირე ღვინო.

მეორე განწესება

მეორე განწესება ამგვარია:

თუ განკანონებულებს არ ძალუძთ, უფრო კი არ ნებავთ ზემორე განწესების დაცვა, მაშინ ყოვლითურთ წმინდად დაიცვან მათ [ორშაბათი და] ოთხშაბათ-პარასკევი და არც კი დაყნოსონ ღვინო, ესე იგი ერისკაცებმა არ გასინჯონ ხორცი, ყველი, [თუ შეეძლებათ] - თევზიც, არამედ მხოლოდ ზეთი, ბოსტნეული და მწვანილი, ხოლო მონაზონებმა კი - არც ზეთი, თუ უძლურებაში არ იქნებიან. რაც შეეხება შვიდეულის დანარჩენ ხუთ დღეს, ყოვლითურთ ყველაფრით გაიხსნილონ, შესაბამისად იმისა, ჭამის რა აღთქმაც აქვთ, კერძოდ, ერისკაცებმა ყოველმხრივ, ესე იგი ხორცითაც, ხოლო მონაზონებმა ყველით, კვერცხით და რძით.11


მესამე განწესება

მესამე სახე, რაც გასაჭირისაა, ამგვარია:

თუ არც ზემორე განწესებას დაემორჩილებიან გემოთმოყვარეობის, ცუდმედიდობის ან უძლურების გამო, მაშინ შვიდეულის აღნიშნული ორი დღე, როგორც ითქვა, მთლიანად სიწმინდით დაიცვან მთელი მათი ეპიტიმიის განმავლობაში, კერძოდ, რომ მონაზონებმა ზეთი მიიღონ, ერისკაცებმა კი თევზიც, [ხოლო შვიდეულის სხვა დღეებში თითოეულმა მათგანმა გაიხსნილოს თავისი შესაბამისი საჭმელით: ერისკაცებმა - საერისკაცოთი, მონაზონებმა - სამონაზვნოთი]."12

* * *

აი, ამგვარია "კანონარის" რჯულდებანი მარხვასთან დაკავშირებით.

თევზის როგორც ნებადართული სამარხვო საჭმელის შესახებ საგანგებო აღნიშვნა გვხვდება, ერთი მხრივ, წმ. ექვთიმეს ცნობილ პასუხში მისდამი გაგზავნილ შეკითხვებზე, მეორე მხრივ კი VI მსოფლიო კრების კანონთა საფუძველზე შედგენილ "სჯულისკანონში", რაც ასევე წმ. ექვთიმეს რედაქციას წარმოადგენს.

უპირველესად, მოვიტანთ შესაბამის ციტატას ამ უკანასკნელიდან:

"და ესეცა გუესმა, თუ ქუეყანასა მას სომხითისასა წუელასა (=რძის ნაწარმს, ე.ჭ.) და თევზსა და ღჳნოსა ერთად შეჰრაცხვენ და ესე სრულადი არს სიცოფე და უგუნურებაჲ და წარტყუენვაჲ მტერისაგან. ჭეშმარიტად ყოველი უწესოჲ და განდრეკილი მოძღურებაჲ ეშმაკისა მიერ მოპოვნებულ არს. ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს ზიარებაჲ, არცა თჳსებაჲ წუელისა და თევზისაჲ და ზეთისა და ღჳნისაჲ. იგინი უკუე, რომელნი ამათ შეაერთებენ, წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან. დღეთა მათ წმიდათა მარხვათასა წუელისა ჭამად არცა შაბათ-კჳრიაკეთა, არცა სხუათა დღეთა ვის ჴელ-ეწიფების, ხოლო თევზი და ზეთი და ღჳნოჲ, ვითარცა ვის ძალ-ედვას, მარხვადცა ჴელ-ეწიფების და უძლურებისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსმე სათანადოჲსა მიზეზისა, განჴსნად არა დაყენებულ არს" (ე. გიუნაშვილის დასახ. გამოც. გვ. 34).

როგორც ვხედავთ აღნიშნული "სჯულისკანონი" რჯულმდებლობს, რომ წმინდა მარხვებში ერისკაცთათვის თევზის კატეგორიული აკრძალვა როგორც სომხური წესი, ესაა "სრულიად სიცოფე" და "ეშმაკის მიერ მოპოვნებული", ხოლო ამის მოქმედნი "წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან".

ამჯერად დავიმოწმებთ თავად წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ათონის მთის სახელით მოცემულ განჩინებას, რომლის მიხედვითაც თევზის ჭამის აკრძალვა დიდმარხვის კვირადღეებში, კვლავაც, არც მეტი არც ნაკლები, სომხურ წესად და დანაშაულად არის მიჩნეული. მოვიტანთ დიდი მოძღვრის სწავლებას მისი ცნობილი კანონიკური ეპისტოლიდან:

წიგნი, რომელი მამამან ეფთჳმე მიუწერა მთაწმიდით თეოდორეს ხუცესსა მრეკალსა პასუხად

"დიდთა მარხვათა შაბათ-კჳრიაკეთა იწირვის ჟამი და ხარებად და დიდსა ხუთშაბათსა. სხუათა დღეთა განაახლებენ, ჟამისწირვასა არა აღასრულებენ... ხოლო თევზისა ჭამაჲ კჳრიაკეთა არა ბრალი არს და იგი გარდაკუეთელი წუელასა თანა შერაცხვაჲ ბრალი არს და აუგი, და თუ ვითა ქმნილ არს ჩუენსა ქუეყანასა, მიკჳრს. ჯერ-არს წესიერად ჴმარებაჲ. ხარებად დასტურად არაჴმარებაჲ ბრალი არს. გარდაკუეთით სომხური არს წუელასა თანა შერაცხვაჲ და რჩულისა-კანონსაცა სწერია ჭამაჲ" (იხ. ეპისტოლის სრული ტექსტი, რაც XI ს-ის ათონურ ხელნაწერშია დაცული, შემდეგ გამოცემაში: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ათონური კოლექცია I, თბ. 1986, გვ. 121-123; "წუელა" = რძის ნაწარმი)

* * *

და ბოლოს, ხაზგასმით აღსანიშნია, რომ რუსეთში, XV ს-ის ჩათვლით, ჯერ კიდევ სრულიად იყო შენარჩუნებული ზემოგანხილული ათონური ტრადიცია დიდმარხვის შაბათ-კვირის დღეებში და ხარებას თევზის ნებადართულობის შესახებ. ამას მკაფიოდ ადასტურებს დიდი მოძღვრის, კიევის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმინდა ფოტის კანონიკური ნაშრომი სათაურით: "შეგონება სამღვდელო ხარისხის მნიშვნელობისა და მღვდელმსახურთა ვალდებულებების შესახებ" (Поучение 0 Важности Священнаго Сана и Обязанностяхъ Священнослужителей). ამ განსაკუთრებული ღირსების ძეგლებში, რაც უდიდესი კრძალვით იყო დაცული შემდგომი თაობების რუს წმინდანთა შორის, "წმინდა დიდმარხვის შესახებ" (О Великомъ Святемъ Посте) სრულიად გარკვევით არის უწყებული შემდეგი: "ეს ღვთივრჩეული მარხვა ყველასგან დაცული იყოს წმინდად და სიმთვრალის გარეშე, ხოლო შაბათსა და კვირას, და ბზობის კვირას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას, - ამ დღეებში თევზი იჭამოს" (Богоизбранньхй тотъ Постъ о всемъ блюдуще чисто и безъ пьяньства, въ субботы же и въ неделя, и въ Цветную Неделю и въ Благовещение пречистыя Богоматере, въ тыя дни рыбы ясти. იხ. Русская историческая библиотека, т. 6, ч. 1, Памятники Древне-Русскагв Каноническаго Права, часть Первая Памятники XI-XV СПб., 1880, стлб 516). საგულისხმოა, რომ ხსენებული ძეგლის გამოცემას საძიებელში ახლავს საგანგბო მითითება: "შაბათობით, კვირაობით და ხარებას ნებადართულია თევზის ჭამა" (по субботамъ, воскресеньям и въ Благовещение разрешается есть рыбу, стлб. 44)

* * *

მოტანილ დამოწმებათა შემდეგ, ვფიქრობთ, დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის თაობაზე უადრესი წყაროების მონაცემებთან დაკავშირებით საკამათო აღარაფერი უნდა იყოს.

--------------------------------------------------------------------------------

 

1 -საყურადღებოა, რომ ბერძნული ტექსტის შემცველ X ს-ის ხელნაწერში და სლავურ თარგმანაში ძეგლს ასეთი სათაური აქვს: "იოანე მონაზონისა და დიაკონის, დიდი ბასილის მოწაფის (ზედწოდებით "შვილი მორჩილებისა") კანონარი, რაც დაწვრილებით განაწესებს ყველა ვნებისა და მათი შესაბამისი ეპიტიმიების, აგრეთვე წმინდა ზიარების, საჭმელთა, სასმელთა და ლოცვათა შესახებ მეტად ლმობიერად" (იხ. გამოცემა: Morino: Commentarius historicus de disciplina in administratione sacramenti poenitintia, Parisiis 1651, p. 101-107). ძეგლის ავტორობის საკითხზე ვრცლად იხ. სპეკალი მართლმადიდებლობისა, თბ. 2007, გვ. 639-641)

2 - „ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი, აგრეთვე ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი არ მიიღონ“ - ესაა იოანე მონაზონის მიერ განწესებული მარხვის სამი სახეობიდან პირველი (ყველაზე მკაცრი). საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მინის პუბლიკაციაში „თევზი“ აკრძალულ საჭმელთა ჩამონათვალშია და არა ნებადართულთა შორის. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ: „ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ მხოლოდ ზეთი და ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი, ხორცი და თევზი არ მიიღონ“ (col. 1913 B). პიტრას პუბლიკაციაში მართალია თევზი აკრძალულ საჭმელთა შორის მითითებული არ არის, მაგრამ არც ნებადართულთა შორის გვხვდება იგი. მოგვაქვს ტექსტი: „ოთხშაბათსა და პარასკევს ჭამონ მხოლოდ პური და წყალი, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი - არა“ (ნ.ზაოზერსკის ნაშრომი, გვ.71). რაც შეეხება მორინოსეულ ტექსტს, იგი მოტანილ ადგილას ნაკლულევანია, მასში დაცულია მხოლოდ ჩამონათვალთა დასაწყისი (თანხვდება მინისეულ პუბლიკაციას): „ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ჭამონ მხოლოდ ზეთი“ (გვ.65). ჩვენეულ თარგმანში, როგორც ტექსტიდან ჩანს, „თევზი“ ნებადართულ საჭმელთა შორისაა დასახელებული, რადგან ვთვლით, რომ უთუოდ ამგვარი ვითარება გვქონდა თავდაპირველ ბერძნულ ტექსტში, რაც მოგვიანებით, ზოგ სხვა მონაცემთან ერთად, შეცვალეს გამკაცრებისკენ მიდრეკილმა რედაქტორებმა. ამ აზრს ეჭვმიუტანლად ადასტურებს, უპირველესად, ექვთიმესეული თარგმანი, სადაც თევზი სრულიად აშკარად არის ნებადართული („ორშაბათსა და ოთხშაბათსა და პარასკევსა წუელასა და ჴორცსა არა ჭამდენ, არამედ ზეთსა ოდენ და თევზსა“, ე.გიუნაშვილის გამოც. გვ. 110), მეორე მხრივ კი ამასვე შთამბეჭდავად მოწმობს სლავურიც, სადაც გარკვევით ვკითხულობთ: В понеделник убо и в среду и впято иасти древяное масло и рыбы, сыр же и иаица и мяс не иасти (стр. 65). ამასვე აღნიშნავს ნ.ზაოზერსკიც: „...есть только масло и рыбу“, с.31. შდრ. რუს. თარგ.: по понедельникам, средам и пятницам они не должны есть ни молочных продуктов, ни мяса, но лишь елея и рыбу (ნ. ზაოზერსკის ნაშრომი, გვ. 64).

3 - პიტრას პუბლიკაციაში მოციქულთა შესახებ ასეა დაზუსტებული: „ანდა თორმეტი მოციქულიდან თუნდაც ერთ-ერთის [დღესასწაული] ხვდეს“.

4 - ჩვენ უკეე გამოქვეყნებული გვაქვს ძველი კანონიკური უწყება იმის შესახებ, რომ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებთან ერთად სხვა დიდ დღესასწაულებზეც (იოანე ნათლისმცემლისა, მოციქულებისა, დიდი წმინდანებისა) ყოვლითურთ ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევი (გარდა მარხვის პერიოდებისა) (იხ. მოგვაქვს ტექსტი: „უკუეთუ დაემთხჳოს დღესასწაული ოთხშაბათსა შინა, არა ვითარცა ოთხშაბათი შეირაცხებოდის იგი, არამედ ვითარცა კჳრიაკე პატივიცემოდის სადღესასწაულებელი ოთხშაბათი“ (სრულად და განმარტებით იხ. გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“ №3, ოქტომბერი, 2000 წ., გვ.1; აგრეთვე ჟურნ. "გული გონიერი", I, თბ. 2011, გვ. 16-18). იოანე მონაზონის კანონარიც, როგორც ვხედავთ, ამავე რჯულდებას იძლევა. იხ. ბერძნ. μήτε τετράδα, μήτε παρασκευήν φυλάττειν έν τή τοιαύτη̨ έορτή (შდრ. სლავ.: пи сред, ни пятка хранити втаковы праздни, стр. 65; შდრ. ლათ.: neque in ejusmodi festis feriam Quartam, aut Parasceven observabit, PG. 89, col 1914 C).

5 -ტექსტი ზედმიწევნით ამგვარია (შდრ. სლავ. თარგ.: ..., დასახ გამოც. გვ. 65)

6 - შდრ. εί δυνατόν καί όψαρίου χωρίς. ესეც ადასტურებს, რომ თევზის ჭამა მარხვის ყველაზე მკაცრ კანონშიც არ ჩანს კატეგორიულად აკრძალული.

7 - „ერთი ლიტრა“ - შდრ. μίαν λίτραν (შდრ. ექვთიმე: „უკუეთუ კულა ვერცა ესე შეეძლოს, ასისა წონსა ლიტრასა სუმიდენ დღითი-დღე“, გვ.111). „ლიტრა“ როგორც საწყაოს ერთეული უდრის 12 უნციას ანუ დაახლ. 327 გრამს.

8 - „იოანეს შობა“ - ბერძნულში „შობის“ (სლავ. рождество, ექვთ. „შობაჲ“) შესატყვისად გვაქვს ήλιοτρόπιον, რაც ნიშნავს „მზის მობრუნებას“, „მზის შემოქცევას“. ამ ტერმინით აღინიშნება იოანეს შობის დღე იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს, როდესაც იშვა ჭეშმარიტი მზის წინამორბედი, მზე ჩვენსკენ შემობრუნდა. აღნიშნული ტერმინის ამგვარი გაგება კარგად ჩანს ლათინურ თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „წინამორბედის დღესასწაული, როდესაც მზე ჩვენსკენ შემობრუნდა“ (col. 1915 A).

9 - „ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება“ - ეს მონაცემი გვაქვს ექვთიმეს თარგმანში (გვ.111). ბერძნულშია „წმიდანი წმიდათანი“ (შდრ. სლავ. на святая святы). ლათინურში სრულიად სხვა გაგებაა: „თუ ინებებენ და იმარხავენ (იოანეს შობას, ე.ჭ.), წმიდათა წმიდათ ეზიარებიან“ (col. 1915). ნ.ზაოზერსკი „წმიდა წმიდათას“ და „ღვთისმშობლის ტაძრად მიევანებას“ ერთმანეთთან აკავშირებს და აღნიშნავს: „Святое святых“ или Введение во храм Пресвятыя Богородицы (стр. 31).

10 -როგორც ვხედავთ, აღნიშნული ყველაზე მკაცრი სამარხვო განაწესიც კი არ კრძალავს თევზის ჭამას ერისკაცთათვის დიდმარხვაში არათუ მხოლოდ შაბათ-კვირას, არამედ თვით სამშაბათსაც და ხუთშაბათსაც (შდრ. სლავ.: ..., ნ ზაოზერსკის დასახ. გამოც. გვ. 67).

11 - ეს მეორე განწესება „კანონარის“ სხვა რედაქციაში, რაზეც ზემოთ უკვე ვუთითებდით (ქრისტეშობის მარხვასთან დაკავშირებით) და რაც პიტრამ გამოაქვეყნა (აქედან - ნაწილი ნ.ზაოზერსკიმ, ძველი სლავური თარგმანის დართვით), ასეთი სახისაა: „ხოლო მეორე [განწესება] ამგვარია მათთვის, რომლებსაც არ სურთ [პირველი]: ორი დღე, ოთხშაბათ-პარასკევი, ჭამონ ზეთი და თევზი (შდრ. სლავ.: (два дни в среду и в пятницу да ядат масло древяное и рыбы), ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს - ყველი და კვერცხი, შაბათს და კვირას - ხორცი“ (ნ.ზაოზერსკის გამოც., გვ.56).

12 - ექვთიმეს თარგმანი ამგვარია: „...სამთა მათ დღეთა (ე.ი. ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს) ბარე იმარხჳიდენ: ერისაგანნი ჴორცსა და წუელასა, ხოლო თევზსა იჴმარებდენ და მცირედსა ღჳნოსა დღეთა მათ კანონისა და სინანულისა მათისათა, ხოლო მონაზონნი მიიღებდენ ზეთითა ზავებულსა და მცირედსა სასუმელსა; ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა თითოეული თჳსისა წესისა ჭამადთა ზედა ჴსნილ იყოს: ერისკაცნი - ერისკაცთასა და მონაზონნი - სამონაზნოსა“ (გვ. 112).

 

სქოლიოები

[1] - „...ორი შვიდეული: არაჯვორისა და ხორციელისა“ - ბერძნული ტექსტის მორინისეული გამოცემა ამ ადგილას აშკარად გამრუდებულია. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ: „ხორციელის ორი შვიდეული (τής άποκρέου δύο έβδομάδας)“. პიტრასეული ტექსტი უფრო გამართულია: „ორი შვიდეული ხორციელისა, ესე იგი „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου) და ხორციელისა“. ამ პუბლიკაციაში აშკარად მეტია პირველად დასახელებული „ხორციელისა“. მინის გამოცემაში აღნიშნული ტექსტი ამგვარია: „ორი შვიდეული: ხორციელისა და „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου)(PG.89, col. C) თითქოს მინისეული ტექსტი ყველაზე გამართულია, მაგრამ მასაც აქვს ერთი ხარვეზი: ჯერ დასახელებულია ხორციელის შვიდეული. შემდეგ კი - „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου). ვფიქრობთ, სრულიად ცხადია, რომ ყველაზე მართებულია პიტრასეული გამოცემა (ერთადერთი, რაც საჭიროა ამ ტექსტში, ესაა ორგზის დასახელებული „ხორციელისგან“ პირველის გაუქმება). ამრიგად, ტექსტი ამგვარი უნდა იყოს: „...ორი შვიდეული: „წინაუწყებისა (προφωνησίμου) და ხორციელისა“. ამ სიტყვების აზრი რომ გასაგები იყოს, ჯერ ის უნდა განვმარტოთ, თუ რომელ შვიდეულს გულისხმობს ის, რაც ბერძნულ ტექსტებში წოდებულია როგორც προφωνησίμου და რასაც პირობითად ვთარგმნით როგორც „წინაუწყებისა“. ერთი რამ აქედანვე უეჭველია: აღნიშნული შვიდეული წინამოსწავებაა, წინაუწყებაა, წინამორბედია დიდმარხვისა. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით დიდი შესაძლებლობა ჩანს იმისა, რომ ხსენებული ტერმინი ყველიერის შვიდეულს გულისხმობდეს. ამგვარი გაიგივებით თითქოს მართლდება მინისეული პუბლიკაციის მიმდევრობა: ხორციელისა და წინაუწყებისა. საეკლესიო კალენდრით, მართლაც, ჯერ ხორციელის შვიდეულია და შემდეგ მოდის ყველიერისა; ამასთან, რადგან ეს უკანასკნელი უშუალოდ უძღვის წინ დიდმარხვას, თითქოს მისი ზემორე სახელწოდებაც („შვიდეული წინაუწყებისა“) გამართლებულია. ეს ყოველივე, როგორც ვთქვით, ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამგვარი ახსნა მართებული ვერ იქნება, რადგან, ჯერ ერთი, ყველიერის შვიდეული ყველა კანონიკურ ძეგლში თავისი ცნობილი სახელწოდებით გვხვდება (τυρινής) და ტერმინი προφωνησίμου მის აღმნიშვნელად არსად გამოიყენება, მეორეც „ყველიერის შვიდეული“, როგორც ცნობილია, ყოვლითურთ ხსნილი არ არის, კერძოდ ამ კვირაში არ შეიძლება ხორცის ჭამა, მესამეც ამგვარ გაგებას არ ეთანხმება ექვთიმესეული თარგმანი, სადაც აღნიშნული ორი შვიდეულის შესატყვისად გვაქვს შემდეგი: „ეგრეთვე მსგეფსი იგი არაჯვორთაჲ და აღებათაჲ ჴსნილნი არიან“. კარგად არის ცნობილი, რომ „არაჯვორის შვიდეულში“ მონოფიზიტები, კერძოდ იაკობიტები მარხვას ინახავდნენ (იხ. ა.ხახანაშვილის შენიშვნა ზემოციტირებულ პუბლიკაციაში, გვ.64, შენ.1; შდრ. ე.გიუნაშვილის გამოცემაზე დართული ლექსიკონი, ტერმინი „არაჯვორი, ალაჯვორი“, გვ.137). მაგრამ კონკრეტულად რომელი უნდა იყოს „არაჯვორის შვიდეული“ ექვთიმეს თარგმანის მიხედვით? რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება „ყველიერის მსგეფსი“, რადგან ეს უკანასკნელი იქვე იხსენიება ცალკე: „ხოლო ყველიერისა მსგეფსსა წუელაჲ ჴსნილ არს მონაზონთათჳსცა და ერისკაცთა“ (გვ. 110). ამასთან, ექვთიმე „არაჯვორს“ ახსენებს „აღებათა“ წინ და რადგან „აღებანი“, ცხადია, უნდა გულისხმობდეს „ხორცის აღებასა“ და ე.წ. „დიდ აღებას“, ანუ რძის ნაწარმის („წუელის“) აღებასაც, შესაბამისად არაჯვორის შვიდეული ხორციელისა და ყველიერის შვიდეულთა წინმსწრებია, ხოლო საეკლესიო კალენდრით ეს წინმსწრები შვიდეული გულისხმობს მეზვრისა და ფარისევლის კვირადღეს მოდევნებულ შვიდეულს (ე.ი. იმ შვიდეულს, რომელიც მოსდევს მეზვრისა და ფარისევლის კვირადღეს და მთავრდება უძღები შვილის კვირადღით, რასაც ხორციელის შვიდეული მოსდევს). არაჯვორის შვიდეული რომ მეზვრისა და ფარისევლის კეირადღის შემდეგ იწყება (ორშაბათიდან) და ბოლოვდება უძღები შვილის კვირადღით, ამას ადასტურებს 1052 წლის „მარხვანი“ (Sin.5), სადაც „მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკის მომდევნო კეირიაკესთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „არაჯვორთა კჳრიაკესა უძღებისაჲ“ (იხ. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, II, თბ. 1979, გვ.8). საყურადღებოა, რომ „არაჯვორს“ ორგზის ახსენებს ექვთიმე (ბერძნული ორიგინალის დამოუკიდებლად) მაქსიმე აღმსარებლის Questiones et Dubia-ს მისეულ რედაქციაში: „არცა შჳდეულისა მის ჯერ არს მარხვაჲ, რომელსა არაჯვორ ეწოდების“ (იხ. მ.ვან ესბროკის პუბლიკაცია კრებულში Philohistor, Leuven 1994, გვ.332); „არცა არაჯვორთა მარხვაჲ ჯერ არს“ (იქვე, გვ.333; არაჯვორის წარმოშობის შესახებ იხ. „საქართველოს სამოთხეში“). ამრიგად, ვფიქრობთ, ბერძნულის προφωνησίμου უნდა იყოს იმ შვიდეულის აღმნიშვნელი, რაც წინ უძღვის ხორციელისა და ყველიერის ანუ „აღებითა“ შვიდეულებს და რაც ექვთიმეს თარგმანში „არაჯვორის შვიდეულად“ არის წოდებული. განსაკუთრებით საგულისხმო გვეჩვენუბა ის გარემოება, რომ ხორციელის წინა შვიდეულს ბერძნულ ტრიოდიონში სწორედ προφωνησίμου („წინაუწყებისა“) ეწოდება. „დიდი ჟამნის“ ერთ-ერთ უახლეს პუბლიკაციაში (1995 წ.) „მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკის“ რუბრიკაში ამ კვირიაკეს ანუ ამ კვირადღეს მოდევნებული შვიდეულის შესახებ ნათქვამია: „რადგან სამი შვიდეულის შემდეგ შევაბიჯებთ წმინდა დიდმარხვის ასპარეზზე და სათნოების სულიერ ღვაწლში და რადგან პირველი საჭურველი სათნოებისათვის სიმდაბლეა (იგულისხმება მეზვერის სიმდაბლე, ე.ჭ.), ისევე როგორც, პირუკუ, ყველაზე დიდი დაბრკოლება მისკენ ამპარტავნებაა, ამის გამო საღვთო მამებმა ამ შვიდეულებს უწოდეს ჩვენი „წინამოსამზადებელნი“ ხსენებულ ღვაწლთა მიმართ, რის გამოც წინამდებარე შვიდეულსაც (ე.ი. იმ შვიდეულსაც, რაც მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკეს მოსდევს, ე.ჭ.) მათ სახელდეს Προφωνησίμου („წინაუწეებისა“), როგორც გარკვეულწილად „წინამთქმელი“ და მქადაგებელი იმისა, რომ მოახლოვდა ჟამი მარხვისა; ამასთან, დღეს მათ დააწესეს მეზვრისა და ფარისევლის იგავის წაკითხვა, რითაც გვასწავლიან ჩვენ, რომ არ ვიამპარტაენოთ, რაჟამს კეთილ საქმეს მოვიმოქმედებთ, არცთუ ვიმედიდუროთ ამის გამო, როგორც იმ ცუდმედიდმა ფარისეველმა“ (იხ. გვ.441). ამრიგად, მიმდევრობის სახით რომ წარმოვადგინოთ, დიდმარხვის მოსამზადებელი წინა პერიოდი ასეთ სახეს მიიღებს: (1) მეზვრისა და ფარისევლის კვირადღე; (2) ორშაბათიდან - არაჯვორის ანუ „წინაუწყების“ (Προφωνησίμου) შვიდეული; (3) უძღები შვილის კვირადღე; (4) ორშაბათიდან - ხორციელის შვიდეული (შეიცავს ხორციელის შაბათს); (5) ხორცის აღების (აკრების) კვირადღე; (7) ორშაბათიდან - ყველიერის შვიდეული; (8) დიდი აღების კვირადღე. დავძენთ იმასაც, რომ მართალია ზემომოტანილ მინისეულ ტექსტში მიმდევრობა დარღვეულია (ჯერ ხორციელის შვიდეულია ხსენებული, შემდეგ „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου, „არაჯვორისა“), მაგრამ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იოანე მონაზონი შვიდეულებს ასახელებს არა ცენტრისკენული (დიდმარხვისკენ გამზერილი) მიმართულებით, არამედ პირიქით - ცენტრიდანული (დიდმარხვიდან - დიდმარხვის მოსამზადებელი შვიდეულებისკენ). ყოველ შემთხვევაში, საგულისხმო უნდა იყოს, რომ პირველ დასახელებაზე („ხორციელის შვიდეულზე“) მეორე დასახელების („წინაუწყების“) კალენდარული წინსწრება პირდაპირაა ხაზგასმული მინის მიერ ბერძნულის პარალელურად გამოქვეყნებულ ლათინურ თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „ორი შვიდეული: ხორციელისა და „წინაუწყებისა“ (denuntiationis), ესე იგი: „სექსაგესიმა“ (Sexagesimae) და ის, რაც მისი წინმსწრებია (et quae eam praecedit)“ (col. 1014 C-D).

[2] - „წმ. ფილიპეს ორმოცეულის და თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] მარხვებში“ - მორინოს გამოცემა ამგვარია: „ორმოცეულები, - ესე იგი წმინდა მოციქულის ფილიპესი და თორმეტი მოციქულისა“ (შდრ. სლავ.: в ока поста в малая: на святаго Филиппа и на святы апостол, ნ.ზაოზერსკის დასახ. პუბლიკაცია, გვ.67). მინის გამოცემაში ვკითხულობთ: „ორი ორმოცეული, - წმინდა ფილიპესი და თორმეტი მოციქულისა“ (col. 1916 A; იგივეა ლათინურშიც). თუ რომელი მარხვა იგულისხმება წმ. ფილიპეს ორმოცეულში, აღნიშნული ნაშრომის პირველ გამოცემის დროს ჩვენთვის გაურკვეველი იყო (იხ. იოანე მონაზონი, მცირე სჯულისკანონი, ბერძნულიდან თარგმნა, ძველქართულ, სლავურ და ლათინურ ტექსტებს შეუჯერა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი 2003, გვ.186). დღეისათვის გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ „წმ. ფილიპეს ორმოცეული“ არის იგივე ქრისტეშობის მარხვა. საზოგადოდ, საღვთისმსახურო ტრადიციაში, გარდა წინასააღდგომო მარხვისა, ცნობილია კიდევ ოთხი მარხვის ციკლი (ქრისტეშობის წინა, პეტრეპავლობის წინა, ფერისცვალების წინა და მიძინების წინა), რომელთაგან ერთი (ქრისტეშობის წინა) ორმოცდღიანია და ფაქტობრივად იმავე ხანგრძლივობისაა, როგორისაც წინასააღდგომო მარხვა. ასევე, პეტრე-პავლობის მარხვა არაიშვიათად განივრცობა და თითქმის უტოლდება წინასააღდგომო მარხვას (როგორც ვიცით, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დღეს დაემთხვეეა აღდგომა და, შესაბამისად, სულთმოფენობის ანუ მარტვილიის შემდგომი „ყოველთა წმიდათა კჳრიაკე“, რომლის შემდეგაც იწყება აღნიშნული მარხვა). საკითხი მარხვის შესახებ ყოველთვის ცხოველი პაექრობის საგანი იყო. თვით XI-XII სს-თვისაც კი არ არსებობდა ერთსულოვნება ამ მხრივ. წყაროების შესწავლა ცხადყოფს, რომ იკვეთებოდა სამი პოზიცია: (I) გარდა წინასააღდგომო მარხვისა, არ არსებობს სხვა სამარხვო ციკლი, რადგან არც წმინდა წერილი აღნიშნავს მათ შესახებ და არც საეკლესიო გადმოცემა ადასტურებს მათ. ეს მარხვები შემოტანილია ზოგი მონაზონის მიერ საკუთარი სურვილით (ამ პოზიციის არსებობას აფიქსირებენ და კიცხავენ თეოდორე ბალსამონი და ანასტასი სინელი; იხ. „ათენის სინტაგმა“, ტ.6, ათენი 1854; გვ.577; ანასტასი, კერძოდ, აღნიშნავს: „ზოგიერთები ჩვენს შორის, არა მხოლოდ ერისკაცნი, ანდა უმეცარნი თუ უწიგნურნი, არამედ თვით ისინიც, სწავლულობის გამო პატივდებულნი და უდიდესი სიბრძნის კვალად წარბაწეულნი, - ვამბობ ეპისკოპოსებს, მიტროპოლიტებს, მღვდლებს, დიაკონებს და სხვა სასულიერო პირებს, გარკვეულწილად თვით მონაზონებსაც, - ... ურცხვად და ურიდად ასწავლიან, რომ ერთიაო მარხვა, წმინდა მოციქულებისგან და საღვთო მამათაგან გადმოცემული და „დიდად“ წოდებული, ხოლო ქრისტეშობის წინა მარხვა, რასაც ზოგი წმინდა ფილიპეს მარხვასაც უწოდებს, ... ისევე როგორც მოციქულთა კორიფეების პეტრეს და პავლეს ხსენების წინმსწრები მარხვა, არ არისო სამოციქულო და მამათა განაწესისგან მომდინარე, არამედ ვიღაც მონაზონთა აღმონაჩენი და მოსურვებაო“, გვ.581); (II) გარდა დიდმარხვისა, არსებობს კიდევ მარხვის ოთხი ციკლი (წინასაშობაო, პეტრე-პავლობის წინა, ფერისცვალების წინა, მიძინების წინა), თუმცა ესენი ერთკვირიანი მარხვებია, ხოლო მართლაც დიდი მარხვა მარტოოდენ წინასააღდგომო პერიოდია. ამ პოზიციას მკვეთრად აფიქსირებს და სავალდებულოდ რაცხს ცნობილი კანონისტი თეოდორე ბალსამონი, რომელიც აღნიშნავს: „აუცილებლად წინ უძღვის მარხვები ოთხ დღესასწაულს, ესე იგი პეტრე-პავლობას, ქრისტეშობას, ფერისცვალებას და ღვთისმშობლის მიძინებას, თუმცა ეს მარხვები შვიდდღიანია (ბერძნ. έπταήμεροι), რადგან ერთია ორმოცდღიანი მარხვა - წმინდა და დიდი აღვსებისა (=აღდგომისა)“ (გვ.488); აქვე ბალსამონი უთითებს თაეის სხვა შრომაზე, სადაც აღნიშნული საკითხი მას ვრცლად აქვს განხილული: „ხოლო თუ როგორ და რატომ გვმართებს, რომ აუცილებლად ვიმარხოთ ამ ოთხი დღესასწაულის წინ შვიდდღიანი მარხვა (ბერძნ. έπταήμερον νηστείαν), ნაუწყებია ჩვენს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერილ სინოდალურ ტომოსში“ (იქვე გვ.488). ბალსამონი გულისხმობს თავის ცნობილ ეპისტოლეს „მარხვათა შესახებ“ (იხ. ათენის სინგატმა, 6, გვ. 565-579), სადაც აღნიშნული მარხვების მართებულობა ძველი აღთქმის მარხვათა კვალობაზეა დამტკიცებული; (III) აღნიშნული მარხვებიდან პირველი ორი (ქრისტეშობის წინა და პეტრე-პაელობის წინა) ზოგი მონაზონის და ქრისტიანის მიერ, მათი ნებისამებრ ანდა მათეულ ტიპიკონზე დაყრდნობით, ხანგრძლივდება ორმოც დღემდე, რაც, კანონისტის თქმით, „გასაკიცხი არ არის“. ამის შესახებ ორგზის აღნიშნავს თეოდორე ბალსამონი. ეპისტოლეში, კერძოდ, იგი გვამცნებს: „სამეუფეო ქალაქში (კონსტანტინოპოლში, ე.ჭ.) მონაზონები და იქ მცხოვრებთაგან უმრავლესნი „ყოველთა წმიდათა“ დღესასწაულის შემდეგ (ე.ი. სულთმოფენობის ანუ მარტვილიის მომდევნო კვირადღის შემდეგ, ე.ჭ.) ერთიან მარხვას იცავენ ვიდრე წმინდა და ყოვლადქებული მოციქულების დღესასწაულამდე ..., ისევე როგორც ქრისტესა და ღვთის შობის წინ მარხულობენ ისინი ორმოცდღიან მარხვას, მიჰყვებიან რა კერძო ტიპიკონს“ (გვ.577). თუ ამ ეპისტოლეში ბალსამონი სხვებსაც ურჩევს ამგვარი წესის დაცვას (იხ. იქვე), ზემოციტირებულ „კანონიკურ კითხვა-მიგებაში“ იგი სავალდებულო წესად ოთხივე ხსენებული მარხვისთვის მხოლოდ შვიდდღიან პერიოდს ასახელებს, ხოლო ქრისტეშობისა და პეტრე-პავლობის წინა მარხვათა ორმოცდღიან გახანგრძლივებას კერძოობით მოვლენად მიიჩნევს, რაც, მისი თქმით, სათაკილო არ არის („ხოლო თუ ვინმე შვიდ დღეზე მეტად მარხულობს წმინდა მოციქულებისა და ქრისტეშობის დღესასწაულების კვალობაზე, ან ნებსით, ან კიდევ კტიტორული ტიპიკონისგან ნაიძულები, არ შეირცხვინება იგი“, გვ.488, პასუხი 55-ე). ვფიქრობთ, საკამათო არაა შვიდდღიან მარხვათა უადრესობა, რადგან სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ ეწოდა მხოლოდ წინასააღდგომო ციკლს „დიდი მარხვა“. ანასტასი სინელისგან დამოწმებულ სიტყვებში, რაც ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ვნახეთ, გვაქვს უწყება იმის შესახებ, რომ ქრისტეშობის მარხვას ეწოდება, აგრეთვე, წმ. ფილიპე მოციქულის მარხვა. ხსენებული პატრიარქი (რომლის სიტყვებიც დამოწმებული გვაქვს მისივე შრომიდან „სამი წმინდა ორმოცეულის შესახებ“) ახსნასაც გვაწვდის, თუ რამ განაპირობა წმ. ფილიპეს მარხვის აღმოცენება და რის საფუძველზე გაუიგივდა იგი ქრისტეშობის მარხვას. ანტიოქიის მღვდელმთავარი ჯერ იმას გვაუწყებს რომ „ქრისტეშობის ორმოცეულის შესახებ წერია „წმინდა ფილიპეს მიმოსვლაში“ (იხ. ათენის სინტაგმა, გვ.582). შემდეგ, აღნიშნულ „მიმოსვლაზე“ დაყრდნობით, მოთხრობილია: ღვთის სიტყვის მქადაგებელ ფილიპეს ბართლომესთან ერთად მიუღწევია აზიის ჰიერაპოლისამდე (მათ თან ახლდათ ბართლომეს და მარიამნა). ისინი შეუპყრიათ წარმართებს, რომლებსაც ფილიპე ჯვარზე გაუკრავთ, ბართლომე მის ახლოს დაუკიდიათ ხეზე, მარიამნა კი საპყრობილეში ჩაუსვამთ. იქ მისული იოანესთვის ფილიპეს უთხოვია, რომ ვედრება აღევლინათ ღვთისადმი ზეციდან ცეცხლის მოსავლენად და ურჯულოთა გასანადგურებლად. მიუხედავად იოანესგან უარისა, ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ ფილიპეს მაინც ულოცია, მისი ლოცვით მიწა გახსნილა და წარმართები ერთიანად შთანთქმულან ჯოჯოხეთში. ფილიპეს გამოცხადებია მაცხოვარი, რომელსაც შეუხსენებია მისთვის თავისი მცნება („ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“, რომ. 12,17) და ბოლოს უთქვამს: „რადგან ეურჩე ჩემს მცნებას და ბოროტი მიაგე შენს შემაწუხებლებს, ამიტომ როდესაც შენ აქ აღესრულები და დიდებით იქნები წაყვანილი ჩემი წმინდა ანგელოზების მიერ თვით სამოთხემდეც, ვერ შეხვალ მასში, არამედ ორმოცი დღე გარეთ იდგები დამწუხრებული და „მოტყინარე მახვილისგან“ დაბრკოლებული, რადგან დაამწუხრე შენ შენი შეურაცხმყოფლები. ბოლოს, შეხვალ შიგნით და მიიღებ შენთვის გამზადებულ ადგილს“. ამ სიტყვების შემდეგ უფალს ამოუზიდავს ჯოჯოხეთში შთაკვეთებულნი და ცად ასულა, ფილიპეს კი უბრძანებია ბართლომესა და მარიამნასთვის, რომ ეთქვათ მათ იაკობისა და სხვა მოციქულებისთვის, ემარხულათ და ელოცათ მის გამო ორმოცი დღე. აი. ამ ამბის უწყების შემდეგ ანასტასი პატრიარქი ასკვნის: „ასე განუსაზღვრეს მოციქულებმა ყველა მორწმუნეს ორმოცდღიანი მარხვა და ლოცვა, რაც დაცულია წმინდა მამათაგან და შვიდი მსოფლიო კრების მიერ ... იგი იწოდება „ქრისტეშობისად“, რადგან ამ ორმოცი დღის დასასრულს ემთხვევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაცხოვნებელი შობა. და ორი სიკეთე ხდება [ერთდროულად], რადგან მოციქულთა გადმოცემასაც აღვასრულებთ [ამ მარხვით] და, აგრეთვე, წინდაწინ განვიწმინდებით წმინდა ღვთისმშობლისა და მარადქალწულისგან წარუდინებლად და გამოუთქმელად შობილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახვედრად“ (გვ.583). ამრიგად, იოანე მონაზონის „კანონარში“ ნახსენები „ფილიპეს ორმოცეული“ იგივე ქრისტეშობის ორმოცეულია. რაც შეეხება მომდევნო მითითებას, კერძოდ „თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] მარხვას“ ცხადია, იგი უნდა გულისხმობდეს პეტრეპავლობის მარხვას (როგორც ცნობილია, 29 ივლისს არის პეტრე-პავლობა, ხოლო მომდევნო დღეს - 12 მოციქულის დღესასწაული). ასე რომ, ბერძნული ტექსტის ორი დასახელება: „წმ. ფილიპეს მარხვა (ორმოცეული)“ და „თორმეტი მოციქულის მარხვა“ იგივეა, რაც, შესაბამისად, „ქრისტეშობის მარხვა“ და „პეტრე-პავლობის მარხვა“. ამას, ზემორე მონაცემებთან ერთად, შთამბეჭდავად გვიდასტურებს წმ. ექვთიმეს თარგმანიც, რაც, არაერთი მონაცემით, უადრეს რედაქციას უნდა წარმოადგენდეს. ექვთიმესთან ვკითხულობთ: „ორთა მათ მარხვათა: ქრისტესშობისა და ვარდობისათა“ (გვ.111; ტერმინი „ვარდობა“ აღნიშნულ თარგმანში საკუთრივ მოციქულთა დღესასწაულს გულისხმობს. შდრ. „ქრისტესშობად და განცხადებად... და მარტჳლიასა და წმიდათა მოციქულთასა ვარდობად“, მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის დასახ. გამოც. გვ.109; შდრ. აგრეთვე B ხელნაწერის შენიშვნა, რაც შესაბამისი ტექსტის სქოლიოში უკვე დავიმოწმეთ: „წმიდათა მოციქულთასა, რომელსა ქართველნი ვარდობისად უწოდენ“. დასახ. გამოც., გვ. 111, შენ.11). უაღრესად საგულისხმოა, რომ ამავე მონაცემს შეიცავს კანონარის სხვა ბერძნული რედაქცია, რომლის შესაბამისი მონაკვეთი გამოქვეყნებულია პიტრას (აქედან ზაოზერსკის) მიერ. მასში ეკითხულობთ: „ორი ორმოცეული: წმინდა მოციქულებისა და ქრისტეშობისა (χριστουγέννων)“ (ნ.ზაოზერსკის დასახ. შრომა, გვ.56).

[3] - "თევზი კი ამ უკანასკნელებმა ხარების დღესასწაულზე გახსნან" - შდრ. ექვთიმე ათონელის თარგმანი: "ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იჴმარებენ, ნუმცა ღჳნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კჳრიაკეთასა, ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღჳნოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა. ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღჳნოჲ მიიღონ, ხოლო თევზი ხარებისა დღესასწაულსა განიჴსნან" ("მცირე სჯულისკანონი", დასახ. გამოც. გვ. 111). უაღრესად საგულისხმოა, რომ ხსენებული "მცირე სჯულისკანონი" საუბრობს მონაზონთაგან თევზით გახსნილებაზე მხოლოდ ხარებას და არა, ამავე დროს, ბზობას. ეს ფაქტი სრულიად აქარწყლებს დღეს არსებულ სერიოზულ გაუგებრობას. საქმე ისაა, რომ დიდმარხვაში შაბათ-კვირას თევზის ნებადართულობის მოწინააღმდეგენი სვამენ კითხვას: თუ დიდმარხვაში შაბათ-კვირა თევზით ისედაც ხსნილი იყო, რად ხდება ხაზგასმა იმაზე, რომ ბზობის დღესასწაულზე, რაც ყოველთვის კვირადღესაა, მორწმუნეებმა თევზით გაიხსნილონ? ხარებასთან დაკავშირებით თევზით გახსნილებაზე მითითება პრობლემას არ ქმნის, რადგან იგი უძრავი დღესასწაულია და, შესაბამისად, შეიძლება დაემთხვეს ოთხშაბათ-პარასკევსაც, როდესაც დიდმარხვაში, ცხადია, თევზით ხსნილი არ არის, შესაბამისად, რადგან ხარება თევზით უნდა გახსნილდეს (ამის აუცილებლობა მრავალგზისაა წყაროებში აღნიშნული, მათ შორის ექვთიმეს მიერაც), საჭირო ხდება საგანგებო მითითება ამ დღეს თევზის ნებადართულობის (მეტიც, აუცილებლობის) შესახებ, თუნდაც რომ ოთხშაბათ-პარასკევს ემთხვეოდეს იგი. მაგრამ, შაბათ-კვირას თევზის ნებადართულობის შემთხვევაში, - ამბობენ, - როგორ ავხსნათ ამგვარივე საგანგებო მითითების არსებობა ბზობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ისედაც კვირადღეს უწევს და თავისთავად ხსნილი უნდა იყოს თევზით (ანუ აღარ უნდა საჭიროებდეს სპეციალურ გაფრთხილებას)? საქმე სწორედ ისაა და ზემორე წყაროც სწორეც იმას ადასტურებს, რომ, უპირველესად, ზემორე განჩინება არის მხოლოდ მონაზონთათვის, მეორეც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადრეულ წმინდა ძეგლებში არ არსებობდა არანაირი მითითება (ადრეულ წყაროებში ამის ერთი შემთხვევაც კი არსადაა) საკუთრივ ბზობასთან დაკავშირებით (რომ ისიც, ხარების მსგავსად, თევზით უნდა გახსნილებულიყო), ყველგან ხაზგასმა ხდებოდა მხოლოდ ხარების დღეს თევზით გახსნილების აუცილებლობაზე, რადგან ბზობა როგორც კვირადღე ერისკაცთათვის ისედაც ხსნილი იყო (შდრ. რუსული თარგმანი: "„Монахамъ же ни рыбы, ни елея, ни вина не должны принимать бъ те пять дней седьмицы; только въ субботу и воскресенье да едять съ елеемъ и немного вина принимаютъ въ виду слабости, а рыбу въ праздникъ благовещения разрешають“, ზაოზერსკის დასახ. გამოც. стр. 66). გარდა ზემორე წყაროსი, ამასვე გვიდასტურებს წმ. ექვთიმეს განჩინებაც: "ჯერ-არს [თევზისა] წესიერად ჴმარებაჲ. ხარებად დასტურად არაჴმარებაჲ ბრალი არს" (სრული ტექსტი იხ. ზემოთ). როგორც ვხედავთ, კვლავაც მხოლოდ ხარებაზეა მითითება (და არა, ამავე დროს, ბზობაზეც). ნათელია, რომ ბზობასთან დაკავშირებით ანალოგიური მითითება თავს იჩენს გაცილებით გვიან, როდესაც დიდმარხვის შაბათ-კვირიაკეს თევზის ნებადართულობა დაახლ. XII ს-იდან თანდათანობით დაიმცრო და ვიდრე მოლუსკებისა და კიბოსნაირების ანუ "ბაკან-კანიანების" ნებადართულობამდე (შდრ. ნომოკანონის გვიანდელი რედაქციის 223-ე კანონი: "ხოლო წმინდა და დიდ ორმოცეულში... ღვინოსა და ზეთს ვჭამთ შაბათობით და კვირაობით, აგრეთვე ბაკან-კანიანებსაც", ბერძნ. Τὴν δὲ ἁγίαν καὶ μεγάλην τεσσαρακοστὴν…  οἶνον δὲ καὶ ἔλαιον κατά σάββατον καὶ κυριακἡν ἐσθίομεν' ὁμοίως καὶ ὀστρακοδέρματα. სლავ.: Во святую и великую четыредесятницу...  вина же и масла въ субботу и въ неделю ямы, такоже и от черепокожныхъ, იხ. Павлов А, Номоканон при большом требнике. Его история и тексты греческий и славянский, с обьяснительными и критическими примечаниями, 1897, стр; ზედმიწევნით იგივე მითითებაა "პედალიონში": "არ ეძლევა ვინმეს თავისუფლება, რომ გაახსნილოს ორმოცეულის შაბათ-კვირა ყველით და კვერცხით, თანახმად მეექვსე კრების 56-ე კანონისა, არამედ მხოლოდ ღვინო-ზეთითა და ბაკან-კანიანებით". შდრ. ბერძნ.: δὲν δίδοται ἄδεια εἰς τινὰ νὰ καταλύῃ τὰ Σάββατα καὶ τὰς Κυριακὰς τῆς μ’ έἰς τυρὶ καὶ αυγὰ κατὰ τὸν νς’ τῆς ς’, ἀλλ’ε ἰς μόνον οἰν-ελαιον καὶ ὁστρακό δερμα, იხ. ΠΗΔΑΛΙΟΝ ΤΗΣ ΝΟΗΤΗΣ ΝΗΟΣ, ... 1800, σ. 52 - Συμφωνία. შდრ. ინგლ. თარგმ.: there is no permission given to anyone to abolishi the Saturdays and Sundays of the Lent in regard to cheese and eggs, according to c. XVI of the 6th, but only in regard to wine and oil and shellfish). ბზობის დღეს თევზით გახსნილებაზე მითითება რომ ბევრად გვიანდელია, მრავალ წყაროსთან ერთად ამას მკაფიოდ ადასტურებს წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელი, რომელიც 1888 წ-ს ზემორე "პედალიონის" ანუ "საჭის" სქოლიოში ხაზგასმით მიუთითებს: "გვიანდელი ხელია ის, რომელმაც მიაწერა ნაბეჭდ ტიპიკონებსა და ტრიოდიონებს ("მარხვათა" საგალობლების კრებულებს, ე.ჭ.), რომ ჩვენ თევზით უნდა გავახსნილოთ აგრეთვე ბზობის დღესასწაულიც" (შდრ. ბერძნ. νεώτερον χείρ εἶναι ἐκεῖνο ὁποῦ ἔγραψεν εἰς τὰ τυπομένα Τυπικὰ καὶ εἰς τὰ Τριώδια νὰ καταλύωμεν ὀψαριον καὶ εἰς τὴν ἑορτὴν τῶν Βαίων, იხ. Πηδάλιον, 1800, σ. 58, სქოლიო 1; შდრ. რუს თარგმანი: позднейшая рука есть та, которая приписала кь печатнымъ типикамъ и триодямъ, чтобы мы разрешали на рыбу и въ праздникъ Баий“, იხ. ზემომითითებული პუბლიკაცია: Павлов А, Номоканон при большом требнике‚.., стр 430).

 

 

ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი "გული გონიერი", N2,

სააღდგომო გამოცემა, თბ. 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)