ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ1

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. τὸ παθητόν ). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. ἀπαθεία ).

“მემკვიდრეობითი ხრწნადობა” ბუნებითი თვისებაა კაცობრივი სხეულისა და თუ ამ თვისებისგან თავისუფალი იყო იესო ქრისტე, ეს აბსოლუტურად იმავეს ნიშნავს, რომ მას არ მიუღია ჩვენეული სხეული და არ აღსრულებულა გამოხსნა. ამიტომაა, რომ ეკლესიის მამები ყოვლად ეწინააღმდეგებოდნენ მაცხოვრის მიერ მიღებული სხეულის ხრწნადობითი თვისების უარმყოფელთ.

წმ. ათანასე ალექსანდრიელი აღნიშნავს:

“სხვა არის წარწყმედილობა მანიქევლებისა... და სხვა არის კიდევ მათი, რომლებიც ამბობენ, რომ უხრწნელი სხეული (ἄφθαρτον σῶμα ) მიიღო წმინდა ღვთისმშობლისაგან უფალმა ჩვენმა და ღმერთმა იესო ქრისტემ” (Questiones ad Antiochum, PG. 28, 672 B).

ეკლესიური სწავლება მაცხოვრის განკაცების შესახებ ასეთია: ძე ღმერთს (გახდა რა იგი სრული კაცი) კაცობრივი ბუნების ცოდვამდელი მდგომარეობისაგან, ე.ი. ადამის თავდაპირველი (ცოდვის უწიანარესი) აგებულებისაგან ჰქონდა კაცობრივი უცოდველობა (მაგრამ არა უხრწნელება), ხოლო ადამის ბუნების ცოდვისშემდგომი მდგომარეობისაგან ანუ ადამის  ცოდვისშემდგომი აგებულებისაგან მან მიიღო ის ბუნებითი თვისებები, რაც ცოდვის შემდეგ შემოვიდა ადამიანურ ბუნებაში (ვნებულობა, მოკვდავობა, ხრწნადობა). აღდგომის ჟამს მაცხოვრის იგივე კაცობრივი სხეული აღდგა უხრწნელებით, უკვდავობით, უვნებელობით ანუ ყველა იმ თვისებით, რაც ადამის სხეულს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის:

“ამრიგად, კაცთმოყვარეობის გამო გახდა რა სრული კაცი ღვთის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა, რომ გამოეხსნა მას ამგვარი უკეთური დაუძლურებისაგან კაცთა ბუნება, ადამის შესაქმისეული პირველი აგებულებისაგან მიმღებელს ჰქონდა უცოდველობა უხრწნელების გარეშე (διχὰ τῆς ὰφθαρσιας), ხოლო შემდეგში ცოდვის გამო ბუნებაზე მოწევნილი შობისაგან მხოლოდ მიიღო ცოდვის გარეშე ვნებულობა (μόνον εὶληψε διχὰ τῆς ὰμαρτίας τὸ παθητο)” (PG. 313 B-C).

აი, ძველი ქართული თარგმანი:

”ვინაჲცა სრულ კაც ქმნილსა კაცთმოყუარებისათჳს ღმრთისა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყუასა, რაჲთა ეგევითარისა მის ბოროტისა უღონოებისაგან გამოიჴსნას ბუნებაჲ კაცთაჲ, ქმნილებისაგან უკუე პირველისა შემტკციებისა ადამისისა მიმღებელსა აქუნდა თჳნიერ უხრწნელებისა უცოდველობაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ ცოდვისათჳს შემოსრულისაგან ბუნებასა ზედა შობისა მხოლოჲ ვნებითი მიიღო თჳნიერ ცოდვისა” (გელ. 14, 25 v, Zv. pag. 17 v).

მაცხოვარმა, ყოვლად უცოდველმა, ყოველგვარი ცოდვის გარეშე მიიღო ადამის ნებაყოფლობითი ცოდვის სასჯელი ანუ ის ბუნებითი თვისებები, რაც ჩვენ შეგვეძინა ცოდვის შემდეგ, კერძოდ: ბუნებითი ვნებულობა, ხრწნადობა, მოკვდავობა.

წმ. მაქსიმე გვამცნობს:

ჩვენი ნებაყოფლობითი ცოდვის სასჯელი (τὴν κατάκρισιν), - ვამბობ კი ბუნებით ვნებულობას, ხრწნადობას (τὸ φθαρτὸν) და მოკვდავობას, - მიიღო უფალმა (Pg. 90, 408 C; შდრ. ძვ. ქართ. თარგმანი: "ამის ჩემისა წინაღრჩევითისა ცოდვისა დაშჯასა, - ვიტყჳ უკუე ბუნებით ვნებულებითსა და განხრწნადსა და მოკუდავსა, - მიმღებელი უფალი”, გელ. 14, 55; ძვ. პაგ. 47).

წმ. ათანასე დიდის შესახებ წმ. ანასტასი სინელი გვაუწყებს: “სამგზის ნეტარი ათანასე სიტყვასიტყვით ასე ამბობს საუფლო სხეულის შესახებ: “ხრწნადი იყო სხეული (φθαρτὸν ην τὸ σωμα), რადგან მარიამიც ქმნილი იყო” (Pg. 89, 300 B).

დიდი სინელი მოძღვარი დასძენს:

“აქედან ვსწავლობთ, რომ ვნებამდე ხრწნადი (φθαρτὸν) იყო ქრისტეს ყოვლადწმინდა სხეული, ხოლო მესამე დღეს აღდგომის შემდეგ – უხრწნელი” (Pg. 89, col 300 B).

მაცხოვარმა, ყოვლად უცოდველმა, ყოველგვარი ცოდვის გარეშე მიიღო ადამის ცოდვისშემდგომი (და არა ცოდვამდელი) ხრწნადი სხეული და აღადგინა იგი ცოდვამდელ უხრწნელ მდგომარეობაში, რაც ადამს დაცემის უწინარეს ჰქონდა.

წმ. ანასტასი სინელი გვასწავლის (მოგვაქვს წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი):

”ხოლო ყოვლად წმიდათა ჴორცთა ქრისტესთა ევნოცა და იწყლნეს სამსჭუალთა მიერ და ლახურისა და სისხლი და წყალი დამოადინეს და ცხოვლობისაგან მკუდარ იქმნნეს, ხოლო განხრწნად არს ყოველივე სიკუდილისა მიმთუალველი” (დოგმატიკონი, S – 1463, 6 v 1; Pg. 89, 76A).

ამრიგად, მაცხოვრის სხეული, როგორც მოკვდავი, აღდგომამდე იყო მემკვიდრეობითი ხრწნადობის ბუნებით მქონე. ის, რაც განასხვავებდა მაცხოვრის სხეულს ჩვენეული ცოდვითდაცემული სხეულისაგან, ეს იყო ერთი მხრივ ის, რომ, როგორც აღვნიშნეთ, ამ სხეულს სრულიად არანაირი ცოდვისმიერი გაუკუღმართება, ცოდვისმიერი სწრაფვა ანუ არანაირი მემკვიდრეობა ცოდვილიანობისა, გაუკუღმართებისა არ ჰქონია, მეორე მხრივ კი ის, რომ მაცხოვრის სხეულს სიკვდილის ჟამს არ მიუღია და არ განუცდია არანაირი დაშლა სტიქიონებად, არანაირი გახრწნა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მემკვიდრეობითი ხრწნადობის არმქონე და მისგან თავისუფალი იყო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ შეერთებული იყო ღმერთეებასთან ძე ღმერთის ჰიპოსტასში.

VI ს-ში აღნიშნულ საკითხზე მძაფრი პოლემიკა მიმდინარეობდა დიოფიზიტთა და მონოფიზიტთა შორის. ლეონტი ბიზანტიელს მოაქვს ცნობილი ერეტიკოსის ივლიანე ჰალიკარნასელის “არგუმენტირება”:

“ივლიანე ამბობდა: უხრწნელია სხეული ქრისტესი, რადგანაც თუკი უხრწნელად არ ვიტყვით მას, არამედ – ხრწნილად, განსხვავებას შევიტანთ ღვთის სიტყვაში, ხოლო განსხვავების შესვლით ორი ბუნება აღმოჩნდება ქრისტეში” (Pg. 86, col 1229 D; ვრცლად იხ. “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, II, თბ. 1991, გვ. 281-283).

იგივე ლეონტი ბიზანტიელი (VI ს.) ივლიანისტთა საპირისპიროდ განაჩინებს:

“ცხადია, რომ აღდგომამდე ხრწნადი იყო სხეული, აღდგომის შემდეგ კი უხრწნელი” (Pg, 86, 1261 B).2

აზრი მაცხოვრის სხეულის უხრწნელების შესახებ გაიანიტთა მოძღვრებაა. ლეონტი ბიზანტიელი გვაუწყებს:

“გაიანიტები აღიარებენ, რომ ღმერთი-სიტყვა განკაცდა ქალწულისაგან სრულად და ჭეშმარიტად, ხოლო შეერთების გამო უხრწნელად (ἄφθαρτον) აღიარებენ სხეულს (იქვე 1260 B).

მაცხოვრის, როგორც ჭეშმარიტი ადამიანის მემკვიდრეობითი ხრწნადობის უარმყოფელნი ერთსახოვანნი  არ ყოფილან. ტიმოთე კონსტანტინოპოლელი (VI ს.) სამ ჯგუფს გამოყოფს და სიტყვასიტყვით ასე გვაუწყებს:

“გაიანიტები ანუ ივლიანიტები [არიან], რომლებიც ამბობენ, რომ თვით შეერთებიდანვე სხეული უფლისა ყოველგვარად უხრწნელია (ἄφθαρτον).

სხვა გაიანიტები ანუ ივლიანიტები [არიან], რომლებიც არა ყოველგვარად უხრწნელად ამბობენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სხეულს, არამედ ძალით ხრწნადს, მაგრამ რომელიც არანაირად არ არის ხრწნადი სიტყვის ზედმპყრობელობით.

სხვა გაიანიტები ანუ ივლიანიტები [არიან], რომლებიც იწოდებიან აგრეთვე აკტისტეტებად, რადგან ამბობენ, რომ არა მხოლოდ უხრწნელი იყო უფლის სხეული თვით შეერთებიდანვე, არამედ შეუქმნელიც. და არც ღმრთეებისა და ხორცის სხვაობას აღიარებენ” (ტიმოთე კონსტანტინოპოლელი, ეკლესიაში მომსვლელთა შესახებ, Pg. 91, 44 B-C).

იგივე ავტორი სხვა ადგილას გვაუწყებს:

“ივლიანიტები ანუ გაიანიტები [არიან], რომლებიც მეუფე ქრისტეს სხეულს თუმცა ქმნილად ამბობენ, მაგრამ – უხრწნელად თვით უბიწო მუცლადღებიდანვე; სხვა ივლიანიტები ანუ გაიანიტები [არიან], რომლებიც ქრისტეს სხეულს არა მხოლოდ უხრწნელად ამბობენ თვით უბიწო მუცლადღებიდანვე, არამედ უქმნელადაც. ორივენი ივლიანიტებად იწოდებიან, რადგან ივლიანე ჰალიკარნასელისგან დაიწყო მათი მოძღვრება, გაიანიტები კი [ასე იწოდებიან] გაიანოსისაგან, რომელიც იყო მათი პაპი ალექსანდრიაში და რომელმაც მიიღო ივლიანეც და მისი მოძღვრებაც. ამათ მათი მოწინააღმდეგეები უწოდებენ ფანტასიასტებს და მანიქეველებს, ხოლო ისინი მათ მოწინააღმდეგეებს (მართლმადიდებელებს, ე.ჭ.) უწოდებენ “ხრწნადისმსახურებს” (“ფთარტოლატრებს” – Φθαρτολάτρος) და “ქმნილისმსახურებს (“კტისტოლატრებს” - Κτιστολάτρος)” (იქვე, 57, A-B).

ამავე გაიანიტებს ეწოდებოდათ, აგრეთვე, აფთარტოდოკეტები (Αφθαρτοδοκηται) ანუ “უხრწნელების მგონებელნი”, რომელთა მოძღვრება 84-ე მწვალებლობად აქვს განხილული წმ. იოანე დამასკელს თავის შრომაში “წვალებათა წინააღმდეგ” (დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნახოს თუნდაც “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV თბ. 1992, გვ. 153; იხ. აგრეთვე, იქვე, გვ. 277).

ცნობილია, რომ VI ს-ში აფთარტოდოკეტების სწავლება მთლიანად დაამხო იუსტინიანე იმპერატორის წინაშე წმ. ევტიქიოს დიდმა კონსტანტინოპოლელმა (არ აგვერიოს V ს-ის ერეტიკოს ევტიქში). აი, სიტყვასიტყვით, მისგან თქმული:

“ნამდვილად სნეულებაა და ცოდვის ხრწნილება თქმა იმისა, რომ აღდგომამდე უხრწნელი (ἄφθαρτον) იყო სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვინ არის იმგვარად უგუნური, რომ გაბედოს და უხრწნელად თქვას უფლის სხეული თვით შეერთებიდანვე? თუკი ეს ასე იქნება, ზმანება (φαντασία), არათუ ჭეშმარიტება, ყოფილა ხორცშესხმა და განკაცება ღმერთი-სიტყვისა, რამეთუ უხრწნელმა სხეულმა, როგორღა ივნო, როგორ იქნა იგი წინადაცვეთილი, როგორ შეიხვია, როგორ გამოიზარდა რძით?” (ევსტრატი ხუცესი, ცხოვრება და მოქალაქეობა წმ. ევტიქიოს კონსტანტინოპოლელისა, (Pg. 86, 2313 BC).

წმ. ანასტასის მოაქვს თვით გაიანე ერეტიკოსის სიტყვები”

”უკუეთუ ხრწნილად იტყჳ ჴორცთა, ყოვლითურთ საჭიროდ გიღირს შენ ორთა ბუნებათა თქუმაჲ ქრისტესთჳს” (წმ. არსენის თარგმანი, დოგმატიკონი, 37 v1; აშიაზე; ბერძნ. Pg. 89, 296 C),

იგივე მოძღვარი სიტყვისგებითი ფორმით წარმოგვიდგენს გაიანიტისა და მართლმადიდებლის გასაუბრებას. მართლმადიდებლური სწავლება ასეა გადმოცემული:

”ამიერ უკუე ვისწავებთ, ვითარმედ პირველ სადმე ვნებისა ხრწნილებისა თანამდებ ყოვლად წმიდანი ჴორნცი ქრისტესნი, ხოლო შემდგომად მესამისა დღისა აღდგომისა უხრწნელ იყვნეს” (დოგმატიკონი 37 v1; Pg. 89, 300 B; ამ ციტატის ახალქართული თარგმანი იხ. ზემოთ).

კიდევ:

”ხრწნილებისა თანამდებ იყვნეს ჴორცნი ქრისტესნი უწინარეს აღდგომისა, ვითარცა დაკლულნი და განგუმერილნი და მომკუდარნი და დანაწილებულნი და ჭმულნი, რამეთუ უხრწნელი ბუნებაჲ არცა განიკუეთების, არცა მოიწყლვის გუერდით და ჴელით, არცა განიასოების, არცა მკუდარ იქმნების, არცა იჭმების, არცა რაჲთურთით იპყრობების ანუ განიხილვის, ვითარ-იგი არს უხრწნელი ანგელოსთა და სულთა ბუნებაჲ” (იქვე 37 v1; 297 D).

კიდევ (მართლმადიდებელი მიმართავს გაიანიტს):

”ყოვლითავე სახითა უხრწნელად, ვითარ-ეგე თქუენ (გაიანიტები, ე.ჭ.) იტყჳთ, არავის საუკუნითგანთა მამათაგანსა უთქუამს და რამეთუ სამგზის ნეტარი ათანასი ესრეთ ვითამე იტყჳს, საუფლოთა ჴორცთათჳს: ”ხრწნილებისა თანამდებ იყვნეს ჴორცნი, რამეთუ მარიამცა დაბადებულ იყო” (იქვე 37 v1; 300 B; წმ. ათანასეს სიტყვების ახალქართული თარგმანი იხ. ზემოთ).

კიდევ:

ამათ ყოველთაგან ცხად არს, ვითარმედ ხრწნილ იყვნეს წმიდანი ჴორცნი ქრისტესნი უწინარეს ვნებისა, ხოლო შემდგომად აღდგომისა მისისა უხრწნელ” (იქვე 37 v2; 301 A).

მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით ურყევად უნდა გვახსოვდეს, რომ იგი არათუ თავისუფალი იყო მეკვიდრეობითი ხრწნადობისაგან, არამედ, თანახმად წმ. მაქსიმეს სიტყვებისა, უფალმა მიიღო ჩვენებრ ბუნებით ვნებულება, ხრწნადობა და მოკვდავობა (იხ. ზემოთ), ანუ იგი, ძე ღმერთი, მეორე ჰიპოსტასი, რომელიც განკაცებამდე უვნებელი იყო საღვთო ბუნებით, იგივე ძე ღმერთი, განკაცებისას გახდა, ამავე დროს, კაცობრივი ბუნებით ვნებული; იგი, განკაცებამდე უკვდავი, განკაცებისას გახდა, ამავე დროს, მოკვდავი; იგი, განკაცებამდე უხრწნელი, განკაცებისას, ამავე დროს, გახდა ხრწნილი. აი სიტყვასიტყვით, წმ. მაქსიმეს სწავლება:

“არა მხოლოდ ბუნებათა, არამედ თითოეული ბუნების თვისების აღიარებას რჯულმდებლობენ ჩვენთვის (მსოფლიო კრებები და მამები, ე.ჭ.); არა მხოლოდ სრულ ღმერთად და სრულ კაცად, არამედ სისრულის ნიშანთვისებებითაც ამბობენ მას, ანუ [ამბობენ] ერთსა და იმავეს – მოკვდავს და უკვდავს, ხრწნილსა და უხრწნელს, შეხებადს და შეუხებელს, ქმნილსა და შეუქმნელს” (სიტყვისგება პიროსთან, Pg. 91, 300 B. შდრ. ძველი ქართული თარგმანი: ... ”...მოკუდავი და უკუდავი, ხრწნილი და უხრწნელი, შეხებული და შეუხებელი, აგებული და აუგებელი”, გელ. 14, 256 v2).

ამგვარად, თუ შევაჯამებთ, ეკლესიური მოძღვრება ასე ჩამოყალიბდება:

განკაცებული ღმერთი არათუ თავისუფალი იყო მემკვდირეობითი ხრწნადობისგან, არამედ მან მეკვიდრეობითი ხრწნადობა კაცობრივად ისევე ბუნებითად მიიღო ნებაყოფლობით, როგორც გვაქვს ეს თვისება ყველა ჩვენთაგანს, მაგრამ განსხვავებით ჩვენგან, მას სრულიად არანაირად არ მიუღია ჩვენებრ ცოდვაში გახრწნილობა, სულიერი წახდენილობა, ცოდვილიანობა. ამიტომ, მან ყოვლად უცოდველმა, დაითმინა რა ჩვენს გამო სიკვდილი, რომლის დროსაც (სიკვდილის ჟამს) არანაირი გახრწნა ანუ არანაირი დაშლა სტიქიონებად და დარღვევა არ განუცდია მის ყოვლად წმინდა სხეულს, აღდგომისას იგივე სხეული აღადგინა იმ უხრწნელებით ანუ იმ თვისებებით, რაც ადამის სხეულს დაცემამდე ჰქონდა.

ამიტომ აღდგომის შემდგომდროინდელ ვითარებაზე წმ. ანასტასი ასე გვაუწყებს (მოგვაქვს წმ. არსენის თარგმანი):

"გუესმას რაჲ პავლესაგან მეტყუელისა: "არღარა ვიცით ქრისტე ჴორცითა” (II კორ. 5,16), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ჴორცნი განხრწნადნი თქუნა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: ”არღარა ვიცით ქრისტე ჴორცითა არსებითა”, არამედ ”ჴორცითა”, ვითარმედ არღარა არს (აღდგომის შემდეგ, ე.ჭ.) არსება წარმდინარე” (დოგმატიკონი, 6v1; Pg. 89, 73 C).

იგივე მოძღვარი გვაუწყებს:

”აწ უკუე (აღდგომის შემდეგ, ე.ჭ.) კეთილმსახურმან და მართლმადიდებლობითმან მამათა სიტყუამან არა უწყნის ყოვლად წმიდანი ჴორცნი ქრისტესნი გარდასვლისა მიერ ჩუენ ზედა შემოსრულთა შინა ბუნებითთა თჳთებათა, არამედ უწინარეს გარდასვლისა ხატად და მსგავსად ღმრთისა ღმრთივდაბადებულისა ადამის საქმეთა შინა” (იქვე 25v1; 212 D).

კიდევ:

"განსახრწნელი არს სრულიადი არსებისა უჩინოყოფაჲ, რომელი-ესე არა შემთხჳა საფლავსა შინა სამეუფოთა ჴორცთა მათ შორის მყოფისა ღმრთეებისა-მიერითა დაცვითა და უხრწნელად გარდაცვალებითა და ეგევითარად განახლებითა (αποκατασταθέν), ვითარ-იგი გუამი ადამისი უწინარეს გარდასლვისა” (იქვე 38.1; 301 C).

უაღრესად საყურადღებოა შემდეგი სწავლებაც:

“ჩჩჳლობითა ჟამთა ქრისტესთა ყოვლითავე სახითა მსგავსებისა ჩუენისაჲთა განცდილი ბევრეულგზის მტირალ იქმნა ბუნებითითა და ჩჩჳლებრითა ტირილითა, ბევრეულგზის მოემშია და მოეწყურა... ბევრულგზის ურვეულ იქმნა (ηγωνιασε) და შეწუხნა (ελυπήθη), ვითარცა ჩჩჳლი, თჳნიერ ვნებათა და ცოდვისა, რამეთუ ცოდვისაგან თავისუფალნი ჴორცნი აქუნდეს ქრისტესა, არათუ ჴორციელთა ჭირთაგან განშორებულნი, ვითარცა გუასწავებს ოქროპირი იოანე” (28.2;229 D).

თავისთავად ცხადია, რომ რუსულ წყაროში ყოვლად შეუძლებელია ყოფილიყო სწავლება მაცხოვრის მემკვიდრეობითი ხრწნადობისაგან თავისუფლების შესახებ. მართლაც, შესაბამის ადგილას ვკითხულობთ:

"Другое преумушество человечества Иисусова ... состояло в свободе его от наследственной порчи" (II.47).

ტერმინი наследственной порчи უნდა ითარგმნოს არა, როგორც “მემკვიდრეობითი ხრწნადობა”, არამედ როგორც “მემკვიდრეობითი გაუკუღმართება”, “მემკვიდრეობითი წახდენილობა”, რაც უიგივდება “მემკვიდრეობით ცოდვილიანობას”. სწორედ ამისგან იყო თავისუფალი მაცხოვრის კაცება და არა “მემკვიდრეობითი ხრწნადობისაგან”. დოგმატური ტერმინი “ხრწნადობა” რუსულად ითარგმნება მხოლოდ როგორც тленность (და არა порча), ისევე როგორც “ხრწნადს” შეესატყვისება тленный. რაც შეეხება порча-ს, დოგმატურად შეუძლებელია, რომ იგი “ხრწნადობად” ითარგმნოს. სხვათაშორის, არცერთ ჩვენთვის ცნობილ ლექსიკონში порча-ს შესატყვისად არ გვხვდება “ხრწნადობა” (ნ. ჩუბინიშვილი მას გადმოსცემს, როგორც “წახდენა”, “განრყუნა”, “გაფუჭება”, “ვნება”; ენათმეცნიერების ინსტიტუტის ცნობილ სამტომეულში შესატყვისებად გვაქვს: “გაფუჭება”, “წახდენა”).

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოვლადწმინდა ხატები როგორც მაცხოვარს, ასევე წმინდანებს გამოსახავს დიდებაშემოსილი, გარდაქმნილი და გასხივოსნებული სხეულით. ლ. უსპენსკი აღნიშნავს: “ხატში ჩვენ გადმოვცემთ არა ყოველდღიურ, ჩვეულებრივ გამოსახულებას ადამიანისას, არამედ მის მარადიულ, განდიდებულ სახეს, რადგან თვით არსი ხატისა არის ის, რომ გვიჩვენოს უხრწნელების მემკვიდრენი, მემკვიდრენი ღვთის სასუფევლისა” (Л.А. Успенский, Ьогословие Икони Православной Церкви, 1989, 131-132).

ზემოთქმულთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხატზე გამოსახულია მაცხოვრის მხოლოდ ხორცშესხმული ჰიპოსტასი და არა საკუთრივ მისი კაცობრივი ბუნება. ამას ყურადღებას ვაპყრობთ იმიტომ, რომ განსახილველი წიგნის შემდგენელი ერთ თავის უახლეს პუბლიკაციაში მიუთითებს: “ხატზე მაცხოვრის არა მხოლოდ კაცობრივი ბუნება (ხაზი ჩვენია, ე.ჭ.), არამედ მისი პიროვნებაა გამოსახული, რომელშიც ორი ბუნება მიუწვდომლადაა შეერთებული” (“ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება”, გაზ. “მადლი”, №2, 1996, გვ. 7).3

ჩვენს მიერ ხაზგასმული სიტყვები მხოლოდ იმ აზრს აყალიბებს, რომ ხატზე გამოსახულია მაცხოვრის კაცობრივი ბუნება და, აგრეთვე, მისი პიროვნება. სინამდვილეში აზრი ბუნების გამოსახვის შესახებ ხატმებრძოლთა რწმენაა. სწორედ ამ რწმენიდან გამომდინარე უარყოფდნენ ისინი ხატზე მაცხოვრის გამოსახვის შესაძლებლობას (შდრ. Л.А. Успенский, დასახ. შრომა, გვ. 94-97). მართლმადიდებლური სწავლება განაჩინებს, რომ ხატი გამოსახავს არა ბუნებას და, მასთან ერთად, პიროვნებას, არამედ მხოლოდ პიროვნებას, რომელშიც განიჭვრიტება ბუნება. წმ. თეოდორე სტუდიელი ხატმებრძოლთა წინააღმდეგ საგანგებოდ აღნიშნავს: “ყოველი გამოსახულის არა ბუნება, არამედ ჰიპოსტასი გამოისახება” (მესამე სიტყვისგება ხატმებრძოლთა წინააღმდეგ, Pg. 99, 405 A). ეს იმიტომ, რომ წმ. იოანე დამასკელის სწავლებით “არსება თავისთავად არ არსებობს, არამედ იგი ჰიპოსტასში განიჭვრიტება” (Pg. 94, 1004 A).

სავსებით სამართლიანად ლ. უსპენსკი მიუთითებს:

"Изображая Спасителя, мы не изображаем ни Его божество, ни Его человечесво, но Его Ипостась, непостижимо соединяющую в Севе ети две природы "неслиянно и нераздельно", по выражению халкидонского догмата" (იქვე, გვ 94).

კიდევ:

"Православные никогда не имели в виду изображать ни божественную природу, ни человеческую природу Спасителя: они изображали, как мы уже говорили, Его Личность, Личность Бога-человека, нераздельно и неслиянно сочетавшего в Севе две эти природы" (იქვე, გვ. 121) და სხვა.

ამრიგად, თუ ვინმე იტყვის, რომ ხატზე გამოისახება მაცხოვრის ჰიპოსტასთან ერთად, აგრეთვე მისი კაცობრივი ბუნება, მაშინ გამოუსახველი რჩება საღვთო ბუნება და ამ გზით მივდივართ ხატმებრძოლთა დასკვნამდე, რომ მაცხოვრის ხატზე გამოსახვა მის საღვთო და კაცობრივ ბუნებათა გათიშვას ნიშნავს (შდრ. ლ. უსპენსკი, დასახ. შრომა, გვ. 94). ამიტომ ითქმის, რომ ხატზე გამოისახება არა კაცობრივი ბუნება, არამედ საღვთო და კაცობროვ ბუნებათა მქონე ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი-სიტყვა; გამოისახება ხორცშესხმული ძე მამისა, გამოისახება განხორციელებული ღმერთი და გამოისახება იგი კაცობრივი სხეულით ანუ იმით, რითაც ჩვენ გამოგვიჩნდა, რადგან პავლე მოციქულის სიტყვებით, “ღმერთი გამოგვიჩნდა ხორცში” (I ტიმ. 3,16). ხატზე გამოისახება არა კაცობრივი ხორცის ბუნება, არამედ ხილვადი, გვამოვანი ხორცი, ხორცი, რომლის გვამი, პირი ანუ ჰიპოსტასია თვით ღმერთი-სიტყვა. ამიტომ ითქმის, რომ ხატი გამოსახავს უფლის წმინდა ხორცს, რადგან ეს ხორცი აბსტრაქტული, უხილავი და უგვამო კი არ არის, არამედ ხილვადი, შეხებადი, გვამოვანი, თუმცა მას თავისი ცალკე გვამი ანუ ჰიპოსტასი კი არ აქვს, არამედ, როგორც ითქვა მისი ჰიპოსტასი იგივე ძე ღმერთია. წმ. ანასტასი სინელი აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი):

"არა შესაძლებელ არს თქუმაჲ გუამისაჲ (ὑπόστασιν), ვინაჲთგან განუწვალებელ არიან ღმრთისა და სიტყჳსაგან ჴორცნი (რამეთუ გუამად განწვალებული პირი სახელ-იდების); გუამოვნად (ενυποστατον) უკუე ვიტყჳთ მათ (ჴორცთა, ე.ჭ.) და არა გუამად” (იხ. S-1463, 4v1; Pg. 89, 61 A).

ამჯერად შევეხოთ იმასაც, თუ რას ნიშნავს მაცხოვრის სხეულის განღმრთობილობა. ვფიქრობთ, ეს საკითხიც ხშირად ვერ არის მართებულად გაგებული.

მართალია, წმ. გრიგოლისებრ ითქმის, რომ სხეული უფლისა ღმრთეებასთან შეერთებიდანვე განღმრთობილია, მაგრამ ეს ითქმის მხოლოდდამხოლოდ იმ აზრით, რომ ძე ღმერთის ჰიპოსტასში კაცობრივი ბუნების ღმრთეებასთან შეერთებიდანვე ღმრთეება განამდიდრებდა კაცობრივ ბუნებას, და არანაირად იმ აზრით, თითქოს ღმრთეებასთან შეერთებისას მაცოხვრის კაცობრივი სხეული თავიდანვე გარდაექმნას და უხრწნელი გაეხადოს. საუფლო სხეული დატევნისებრ გარდაიქმნება და ხდება უხრწნელი მხოლოდ აღდგომისას.

ტერმინი “გარდაქმნა” ნიშნავს “არსებითად შეცვლას”, გარდატეხას, გადაკვეთას” (იხ. ქართ. ენის განმარტ. ლექს.). იგი კალკია ბერძნული სიტყვისა μεταποίησις (μετα – “გარდა”; ποίησις – “ქმნა”), რაც ვიდრე XI ს-ის მიწურულამდე ქართულად ძირითადად ითარგმნებოდა, როგორც “შეცვალებაჲ”, ან “გარდაცვალებაჲ”, XI ს-ის მიწურულიდან კი – როგორც “გარდაქმნაჲ”. არსენი თანაბრად იყენებს ორივე ტერმინს (ამ უკანასკნელის ნიმუშია: “წარმატებათა და ხატებათა და აღორძინებათა და გარდაქმნათა – μεταποιἠσεις, დოგმატიკონი, წმ. ანასტასი სინელი, წინამძღვარი, S-1463, 28.1; Pg. 89, 228B). სიტყვა “გარდაქმნაჲ” აღნიშნული ტერმინოლოგიური შინაარსით დაკანონებულია XII ს-ში. მაგალითად: “შარავანდედთა მიმართ გარდაქმნნა (μετεποίησεν)” (წმ. მაქსიმე. გელ. 14, ძვ. პაგ. 6v1: Pg. 90, 281 A); “უკუდავებისა მიმართ გარდაქმნისა (μεταποιἠσεως) (იქვე 295.2; 760 B); “მათისცა მიმართ გარდავიქმნეთ (μεταποιηθωμεν) ნეტარებისა” (იქვე 299 v1; 773 A) და აურაცხელი სხვა.

სხეულის “გარდაქმნა”, როგორც მივუთითეთ, მხოლოდ აღდგომისას ხდება, როცა მაცხოვრის ხრწნადი სხეული გარდაიქმნება უხრწნელ სხეულად, მანამდე კი იგივე სხეული, მიუხედავად ღმერთეებასთან შეერთებისა და მიუხედავად ღმრთეების მოქმედების მიერ მისი გამდიდრებისა, ინარჩუნებს ყველა ჩვენეულ ბუნებით თვისებას, მათ შორის, ხრწნადობას და იგი გარდაუქმნელია.

წმ. იოანე დამასკელს თავის ცნობილ “გარდამოცემაში” ცალკე თავი აქვს მიძღვნილი განღმრთობის საკითხისადმი (იხ. თავი 61: “"განღმრთობისათჳს ბუნებასა და ნებასა ჴორცთა უფლისათასა”), სადაც კატეგორიული სიმკვეთრითაა ხაზგასმული (მოგვაქვს წმ. არსენის თარგმანი):

”სათანადო არს ცნობად, ვითარმედ არა შეცვალებითა ბუნებისაჲთა ანუ ქცეულებითა ანუ გარდაცვალებითა ანუ შერევნითა ითქუმის განღმრთობაჲ ჴორცთა უფლისათაჲ და თანაღმერთ და ღმერთქმნაჲ, ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყველი გრიგოლი: ”რომელთაგანმან რომელმანმე განაღმრთო და რომელიმე განღმრთდა”, და ვითარმედ: ”კაც-იქმნა მცხებელი და ღმერთ-ცხებული”, რამეთუ ესენი არა შეცვალებათა იქმნნეს ბუნებისაჲთა, არამედ განგებულებისაებრითა შეერთებითა, გუამოვნებითსა ვიტყჳ, რომლითა-იგი განუწვალებლად შეერთებულ არს სიტყვჳსა ღმრთისადა”;

კიდევ:

”არცა, გან-რაჲ-ღმრთდეს ჴორცნი, ქცეულ-იქმნნეს თჳსისა ბუნებისაგან ანუ ბუნებითთა თჳთებათა თჳსთაგან... ხოლო ჴორცნი უფლისანი საღმრთოთა მოქმედებათა მიერ განმდიდრდებოდეს” (S-1463, 86 1-2).

წმ. ანასტასი სინელი (როგორც ზემოთაც ვნახეთ), მრავალგზის შეგვაგონებს, რომ მაცხოვარი ბუნებითად ხრწნადი სხეულის მქონე იყო აღდგომამდე და მხოლოდ აღდგომისას გარდაიქმნა ეს სხეული უხრწნელად. კვლავ მოვუსმინოთ ხსენებული მამას, რომელიც საგანგებოდ იყენებს ტერმინ “გარდაქმნას” (μεταποίησις) და სიტყვასითყვით ასე ამბობს:

“მაშინ ოდესღაც დასაბამში ღვთის მიერ უხრწნელად (ἄφθαρτος) და უკვდავად შექმნილი კაცი ცოდვის მიერ გახდა ხრწნადი (φθαρτὸς), მოკვდავი, ნივთიერი, წარმდინარე, კვდომადი, მრავალვნებული, მწუხარე, დამაშვრალი, ცრემლიანი, ძილქუშიანი. ამიტომ, განკაცდა რა ღმერთი სიტყვა და მიიღო რა ჩვენი თბე, განწმინდა და გაათავისუფლა იგი მასზე (ადამიანზე, ე.ჭ.) ცოდვის მიერ მოწევნილი თვისებებისა და ვნებებისაგან. ამიტომ, როცა კი გაიგონო მოძღვრის ნათქვამი (იგულისხმება პავლე მოციქული, ე.ჭ.), რომ უკვე აღარ არის (μηκέτι εἵναι) ქრისტეს ხორცი ხორცის თვისებებით, ასე გაიაზრე, რომ მასთან (ძე ღმერთთან, ე.ჭ.) დაკავშირებული კაცება (სიტყვ: “მასთან მოაზრებული ადამიანი” – არსენი: “მასთან მოსაგონებელი იგი კაცი”) უკვე აღარ არის ჩვენს სხეულზე ცოდვის მიერ მოწევნილ ხრწნად საქმეებში, არამედ ღმრთეებასთან შეერთებისა და მესამე დღის აღდგომის გზით მისი ყოვლადწმინდა სხეული სახეცვლილი გახდა (μετεστοιχειώθη) უმჯობესისაკენ და უკვე აღარ არის იგი თავდაპირველი თვისებებით (ὲν προτέροις ιδιώμασιν). უკვე აღარ არის არც მოკვდავი, არც ხრწნადი, არც წარმდინარე, არც დამაშვრალი, არც მსაჭიროებელი, არამედ გარდაიქმნა (μετεποιήθη) მოკვდავისგან უკვდავად, ხრწნადისაგან უხრწნელად (ἀπὸ φθαρτοῦ εἰς ἄφθαρτον) და გახდა ნივთიერი უნივთო (ὑλικὸν ἄῦλον), ხორციელი – სულიერი, ვნებული – უვნებელი, წარმდინარე – წარუდინებელი, მომშევარი – მოუმშეველი, ოფლიანი – უოფლო, მსაჭიროებელი – უჭირველი, შენივთიერებული – დაწლობილი, ჟამიერი – საუკუნო, თუმცა, არ გახმდარა იგი (სხეული) გარეშეუწერელი, დაუსახველი, გადაუადგილებელი, შეუხებელი, უხილავი, შეუქმნელი, დაუსაბამო, რადგან ესენი მხოლოდ ღმრთეების თვისებებია” (Pg. 89, 212 B-C; შდრ. აღნიშნული ტექსტის ზედმიწევნითი და უბრწყინვალესი თარგმანი წმ. არსენ იყალთოელისა, S 1463, 25v2).

ამგვარად, როგორც ვხედავთ, განღმრთობა საუფლო ხორცისა ითქმის მარტოდენ იმ აზრით, რომ ღმრთეება განამდიდრებდა მას და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ეს სხეული ან აღდგომამდეც ან აღდგომის შემდეგ გარდაიქმნებოდა ოდენ ღმრთეებისათვის ნიშნეულ თვისებებში. მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით “გარდაქმნა” (μεταποίησις) მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სხეული აღდგომისას ხრწნადობიდან უხრწნელებად გარდაიქმნა სხვა შესაბამისი თვისობრივი ცვლილებებითურთ (ამავე აზრით ტერმინი “გარდაქმნა” გამოყენებულია წმ. მაქსიმეს, წმ. იოანე დამასკელის და სხვა მამების მიერ).

წმ. ანასტასი სხვა ადგილას ასევე სავსებით ნათლად გვაუწყებს:

“არათუ ადამიანის დაცემამდელი მრთელი და უხრწნელი სხეული შეიმოსა მან, რადგან მრთელი, უხრწნელი და უკვდავი არ საჭიროებდა კურნებას. ამიტომ, ჩემი დასნეულებული, შეცვლილი სხეული მიიღო ღმერთმა-სიტყვამ, - ხრწნადი (φθαρτόν), წარმდინარე, შენივთიერებული, მსაჭიროებელი, მოკვდავი, ვნებული, მომშევარი, მომწყურვალე, დამაშვრალი, - რომ ამათ ყოველთაგან გაეთავისუფლებინა იგი” (Pg. 89, 220 D; შდრ. წმ. არსენის თარგ.: ”არათუ მრთელნი და უხრწნელნი ჴორცნი გარდასლვითა დაუცემელისა კაცისანი შეიმოსნა, ვინაჲთგან მრთელსა და უხრწნელსა და უკუდავსა კურნებაჲ არა ეჴმარებოდა, არამედ დასნეულებულნი და შეცვალებულნი ჴორცნი ჩემნი მიიხუნა ღმერთმან-სიტყუამან: განხრწნადნი, წარდინებადნი, სიზრქით-კერძნი, მოქენენი, მოკუდავნი, ვნებულნი, მომშევარნი, მოწყურალნი, დამშრომნი, რაჲთა ამათ ყოველთა განათავისუფლნეს იგი” (S-1463, 27.1).

ცოდვის გარეშე ყველა მეკვიდრეობითი თვისების მიღება ძე ღმერთის მიერ ასეა განჩინებული წმ. იოანე დამასკელის მიერ:

”აღვიარებთ უკუე, ვითარმედ ყოველნი ბუნებითნი და უგიობელნი ვნებანი კაცისანი მიიხუნა, რამეთუ ყოვლითურთ კაცი და ყოველნი კაცისანი მიიხუნა თჳნიერ ცოდვისა, რამეთუ ესე (ცოდვა, ე.ჭ.) არა ბუნებითი არს, არცა დამბადებელისა მიერ დათესილ ჩუენ შორის” (S-1463, 87v1).

იგივე წმინდანი “გარდამოცემის” წიგნში ცალკე თავს უძღვნის “ხრწნილებისა და გახრწნილების საკითხს” (თავი 72; არსენთან თავი 71). დიდი მოძღვარი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თუმცა მაცხოვრის მკვდარ სხეულს არანაირი გახრწნა ანუ სტიქიონებად დაშლა არ განუცდია საფლავში, მაგრამ იგივე სხეული ვიდრე დაფლვამდე და აღდგომამდე ბუნებითად ყოვლითურთ ჩვენებრ ხრწნადი იყო. აი მისი სიტყვები არსენისეული თარგმანით:

”ხრწნილებისა სახელი ორსა დაჰნიშნავს: რამეთუ დაჰნიშნავს შიმშილსა, წყურილსა და შრომასა, სამშჭუალთა განწონასა, სიკუდილსა, რომელ არს განყოფაჲ სულისაჲ ჴორცთაგან, და ეგევითართა. ამის უკუე დანიშნვისაებრ, ხრწნილად ვიტყჳთ ჴორცთა უფლისათა, რამეთუ ნებსით მიიხუნა ესე ყოველნი. კუალად დაჰნიშნავს ხრწნილებაჲ სრულიად დაჴსნასაცა და უჩინოქმნასა ჴორცთასა ნივთთა მიმართ (სტიქიონებისადმი, ე.ჭ.), რომელთაგან შემოკრებილ იყო, რომელი უფროჲსღა განხრწნილებად იწოდების მრავალთა მიერ, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი დავით, ვითარმედ: ”არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა” (ფს. 15,10). აწ უკუე, უხრწნელად თქუმაჲ, მსგავსად უგუნურისა ივლიანე და გაიანესსა, ჴორცთა უფლისათაჲ, პირველისა მის დანიშნვისაებრ, უღმრთოება არს, რამეთუ უკუეთუ უხრწნელ, არა თანაარს ვიდრემე იყვნეს ჩუენდა და საგონებლობით და არა ჭეშმარიტებით იქმნნეს, რაოდენთა ქმნასა იტყჳს სახარებაჲ: შიმშილი, წყურილი, სამშჭუალნი, განღებაჲ გუერდისაჲ, სიკუდილი; ხოლო უკუეთუ საგონებლობით (ე.ი. მოჩვენებითად, ე.ჭ.) იქმნნეს, ნაცილ და სიჩქურ არს განგებულებისა საიდუმლოჲ და საგონებლობით და არა ჭეშმაირტებით კაც იქმნა და საგონებლობით და არა ჭეშმარიტებით ვცხონდით” (S – 1463, 89.2; Pg. 94, 1100).

საკითხის სისრულისათვის დავძენთ, რომ რადგან ბერძნული ზმნა φθείρω გარდა “ხრწნისა” ნიშნავს, აგრეთვე, “ქალწულზე ძალადობას, პატივის აყრას” (ravish, violate one's virginity, იხ. G. Lampe, A Patristic Greek Lexicon, 1961, p. 1474), შესაბამისად ἄφθαρτος, გარდა “ბუნებითი უხრწნელებისა”, აღნიშნავს “ქალწულებითს, უქორწინებელს, ცელიბატს” (=ἄφθορος,virgin, virginal, celibate, იქვე 277) და იგი ეპითეტია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, აგრეთვე ღვთისადმი ქალწულობისა. შევნიშნავთ, რომ ქალწულებრივი უცოდველობის, ურყვნელი უმწიკვლოების ანუ უბიწოების შინაარსს შეიცავს, აგრეთვე, მეორე ბერძნული ტერმინი "ἄχραντος", რომელიც, ზემორე გააზრებიდან გამომდინარე, უიგივდება "ἄφθαρτος"-ს და ისიც ქართულად უთუოდ “უხრწნელად” უნდა ითარგმნოს (და ითარგმნება კიდიეც). ამ მნიშვნელობით იგი მიემართება მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, სიწმინდეებს.

----------------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 – აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა როგორც მეხუთე ქვეთავი ვრცელი კრიტიკული რეცენზიისა გრ. რუხაძის მიერ შედგენილ წიგნზე: “დოგმატურ-ისტორიული საკითხები”, თბ. 1994, სადაც გამოკვეთილი იყო ივლიანიტურ-გაიანიტური კატაგნოზისი მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის აღდგომამდელი უხრწნელების შესახებ.

2 – იგივე ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: “თქმულია, რომ აღდგომამდე მოშივდა კიდეც და მოწყურდა. და როგორ იქნებოდა უხრწნელი იგი, ვინც ამგვარნი განიცადა?” (იქვე, 1261 B).

3 – აღვნიშნავთ, რომ “ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტტველების” სახელწოდებით გამოქვეყნებული სტატიების სერია, ჩვენი აზრით, შეიცავს მრავალ საკამათო და დასაზუსტებელ ადგილს როგორც ფაქტობრივი, ასევე სარწმუნოებრივი ასპექტით, რაც ცალკე განხილვას საჭიროებს.

 

ედიშერ ჭელიძე

”მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 09 December 2012 13:14)