წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

 

ტრონდჰაიმი, 26 ივნისი 2003 წ.

 

თქვენო აღმატებულებანო,

ქრისტესმიერო ძმებო და დებო,

მეგობრებო,

დიდი სიხარულია და პატივი სიტყვით მოგმართოთ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე. დაე ის ვინც არის ჩვენი ერთადერთი მკურნალი და შემრიგებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, იყოს ჩვენთან ყველა ჩვენი მსჯელობისას. ღმერთმა მოგვმადლოს მხნეობა, გულუხვობა და შემოქმედებითი ხედვა.

ჩვენი ამოცანა ადვილი არ არის. ახლა, როდესაც ევროკავშირი ასე სწრაფად ფართოვდება და ცდილობს საკუთარი თავის ხელახალი დეფინიცია მოახდინოს, მაშინ როცა ბევრს სურს ქრისტე და ქრისტიანული ეკლესია გამორიცხოს იმის დეფინიციიდან, რასაც ევროპა წარმოადგენს, როგორ შეიძლება, რომ წარმატებული მოწმობა გავწიოთ? როგორ უნდა შევასხათ ხორცი იმ ნეტარებას, რომელიც ბრძანებს: ”ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან” (მთ. 5,9)? როგორ უნდა შევისმინოთ იერემია წინასწარმეტყველის პირით თქმული ღვთის შეგონება: ”ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა” (იერ. 8,11)?

მოდით ამთავითვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ქრისტე გვეუბნება: ”უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ” (იოანე 15,5). შთამბეჭდავი ფაქტია, რომ ფილოკალიაში, რომელიც მართლმადიდებლური სასულიერო ტექსტების კლასიკურ კრებულს წარმოადგენს საღმრთო წერილის არცერთი მუხლი იმდენჯერ არ არის მოხმობილი, რამდენჯერაც ეს მუხლია. ყველაფერი მადლია. ყველაფერი წყალობაა. ჩვენ ევროპას კურნებისა და შერიგების სიტყვა უნდა ვუთხრათ, ეს სიტყვა ღვთისა უნდა იყოს და არა ჩვენი. ის რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ წუთისოფელს, როგორც ქრისტიანულმა თემებმა არის არა პროგრამა, არა იდეოლოგია, არამედ პიროვნება: თეოანთროპოსი (ღმერთკაცი) იესო ქრისტე. კურნება ნიშნავს ცხონებას. ცხონება ნიშნავს იესო ქრისტეს, მაცხოვარს. ”იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”, ღმერთს მიმართავს მოხუცებული სიმონი, როდესაც იგი ქრისტეს შეეგებება ტაძარში (ლუკა 2,30). სიმონისათვის ცხონება ნიშნავდა არა იდეების კრებულს, არამედ იმ ყრმას, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავდა, ორმოცი დღის ყრმას, რომელიც ხელში ეჭირა. ”მე ვარ... ჭეშმარიტება” ამბობს ქრისტე (იოანე 14,6). მაცხოვნებელი ჭეშმარიტება არის არა წინადადებათა წყება, არამედ ცოცხალი პიროვნება.

ხსნა არის მხოლოდ იესო ქრისტე, მაცხოვარი. კი მაგრამ რას წარმოადგენს ქრისტე ჩვენთვის? ჩვენი კონფერენციის შთაგონებისათვის მოდით გავიხსენოთ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად აღდგომის დღეს (იოანე 20, 19-20). ქრისტეს პირველი სიტყვები მოწაფეების მიმართ თქმული, ”მშვიდობა თქვენდა” წარმოადგენს მათთვის კურნებისა და შერიგების სიტყვას, რომელსაც ისინი სიხარულით ღებულობენ. ამის შემდეგ ქრისტე მათ აჩვენებს თავის ჭრილობებს, მისი ტანჯვა-წამების ნიშნებს, რომელთაც იგი თავის ხელებზე და ფერდზე ატარებს.

რატომ გააკეთა ეს იესომ? ამაზე ჩვენ შეგვიძია გავცეთ პასუხი: რათა მოწაფეებს ეცნოთ იგი. მათ უნდა დაენახათ, რომ ეს ნამდვილად იესო იყო. ისინი დარწმუნებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ის ვინც სულ ცოტა ხნის წინ ჯვარცმული ნახეს ახლა იმავე სხეულით, რომლითაც იტანჯა და მოკვდა, ცოცხალი დგას მათ წინაშე.

მაგრამ, ცხადია, უფლის ეს მოქმედება გაცილებით მეტს ნიშნავს. ის ჭრილობები, რომელთაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი უჩვენებს თავის მოწაფეებს, წარმოადგენს ქრისტეს მოწმობას ტანჯული კაცობრიობისათვის. იგივე ჭრილობები წარმოადგენენ ჩვენთვის ჩვენს კურნებასა და სასოებას. ამით ცხადი ხდება, რომ მართალია იგი მკვდრეთითაა აღმდგარი, მართალია იგი მალე ზეცად უნდა ამაღლდეს დიდებით, და მაინც მის სრულყოფილ სხეულზე მოიპოვება ადგილი ჩვენი ტკივილისათვის და ურვისათვის. იესო ქრისტეს ჭრილობები ხაზს უსვამს იმ ჭეშმარიტებას, რაც ებრაელთა მიმართ მიწერილ წერილშია გაცხადებული (ქრისტოლოგიური თვალსაზრისით მთელს ახალ აღთქმაში ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია): ”ისეთი მღვდელთმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ თანაბრად გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა” (ებრ. 4,15).

ეს სიტყვები გვიჩვენებს თუ როგორ მოქმდებს ქრისტე როგორც მკურნალი და მაცხოვარი. პირველი - ის არის ჩვენი მაცხოვარი, რადგან ის არის ”ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგანი”, როგორც ეს ნიკეის მრწამსშია ნათქვამი. ცხონება წარმოადგენს ღვთაებრივ მოქმდებას. წინასწარმეტყველი ვერ იქნება წუთისოფლის მაცხოვარი, უბრალო კაცის სიკვდილი ვერ დაამარცხებს სიკვდილს. თუ ქრისტემ უნდა გვიხსნას იგი ღმერთი უნდა იყოს. შეუძლებელია იგი მხოლოდ ჩვენნაირი მოკვდავი იყოს.

მაგრამ, მეორე მხრივ, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე ცალსახად გვეუბნება, რომ ცხონებამ ადამიანის გასაჭირამდე უნდა მიაღწიოს. ქრისტე, ჩვენი ღმერთი, გვკურნავს არა შორიდან, არა გარედან, არამედ იმით, რომ იგი თავად ხდება ის, რაც ჩვენ ვართ, თავს სრულ უმწეობაში იგდებს, იზიარებს ყველა ჩვენს ტკივილსა და დარდს. ”ჩვენსავით გამცოდილი ყველაფერში” იგი იტანჯება ჩვენთან ერთად და ჩვენთვის, თავისი თანამგრძნობი სიყვარულით. იგი მართლაც დაჭრილი მკურნალია. მართალია იგი ჩვენთაგანი არ არის, მაგრამ იგი ჩვენთან არის.

როგორც წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ღვთის სიდიადე და დიდება ჩანს არა სამყაროს სასწაულში, როგორიცაა ქარიშხლის დაცხრობა, არამედ კენოზისში, რითაც ღმერთმა ირჩია გაეზიარებინა ჩვენი უმწეობა და მსხვრევადობა, როდესაც იგი მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ღმერთის ყოვლადძლიერების მწვერვალს წარმოადგენს ჩვენი სიმდაბლის სრული გაზიარება. ღმერთი არასდროსაა ისეთი ძლიერი, როგორც მაშინ, როცა ის ყველაზე უმწეოა.

ამგვარად არის იესო ქრისტე მკურნალი და შემრიგებელი. ამგვარი სიტყვა უნდა მივუტანოთ ევროპას.

როდესაც ვლაპარაკობთ ქისტეზე, როგორც კურნებაზე და შერიგებაზე, აქ ჩვენ ერთი რამ უნდა დავძინოთ: ცხონება არის პერსონალური და არა განკერძოებული. მარტო არავინ გადარჩება. ჩვენ ცხონებას ეკლესიაში ვღებულობთ, როგორც მისი წევრები ეკლესიის სხვა წევრებთან თანაზიარების მეშვეობით.

კურნებას და შერიგებას ქრისტეში აშკარად ეკლესიური განზომილება აქვს: პირად ცხონებას ვაღწევთ ჩვენი იესო ქრისტეს სხეულში გაწევრიანებით, რაც ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოთი ხორციელდება.

აქ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ-ერთ იმ გამოწვევასთან, რომელსაც თავს ვერ აარიდებს ეს ასამბლეა. ჩვენი ერთობა ნამდვილია, მაგრამ - კვალავაც არასრულყოფილი. მიუხედავად ყველა იმ პროგრესისა, რაც ხილული ერთობისკენ მიმავალ გზაზეა მიღწეული - რისთვისაც ჩვენ ღმერთს მადლს ვწირავთ - ჩვენ, მართლმადიდებლები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჯერაც არ დამდგარა ის დრო, რომ ჩვენ ერთად ვეზიაროთ უფლის ტრაპეზს, მის საკრამენტულ სხეულსა და სისხლს. კვლავ არსებობს სერიოზული დოქტრინალური საკითხები, რომლებშიც ეკლესიები ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ამდენად, ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგების მიხედვით, არარეალური და არაგულწრფელიც კი იქნება, ერთად ვეზიაროთ.

ამ მტკივნეული და სადავო საკითხის განხილვისას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რწმენას და სულიერ კეთილსინდისიერებას. ვისაც სჯერა, რომ ჯერაც არ დამდგარა ერთად ზიარების დრო, ბრალს ნუ დასდებს მოპირისპირე მხარეს წმიდა საიდუმლოებათა მიმართ გაუბრალოებული და მსუბუქი დამოკიდებულებისათვის; ხოლო ვისაც სჯერა, რომ ჩვენ უკვე მზადა ვართ ერთად ზიარებისათვის, ისინი ნუ დაიჟინებენ, თითქოს ვინც ”ჯერ არას” თქმას ამჯობინებს, მოკლებულია გახსნილობას და სიყვარულს. მხოლოდ ღმერთმა უწყის ჩვენს შორის ვის აქვს უფრო ღრმა მოწიწება ევქარისტიის მიმართ და რომელ ჩვენგანს აქვს უფრო ძლიერი სიყვარული.

მე მინდა, დასასრულს, ორი წინადადება შემოგთავაზოთ” მოდით პრაქტიკულები ვიყოთ და მოდით ვიყოთ მდუმარენი.

პირველი: მოდით მსჯელობისას ვეძიოთ, რათა პრაქტიკულები და რეალისტურები ვიყოთ. კურნება ნიშნავს კონკრეტული ჭრილობების მოშუშებას, შერიგება ნიშნავს ცალკეული დაყოფების (განწვალებების) დაძლევას. საკმარისი არ არის თეორიების ფორმულირება. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როგორც ამას ცხვარისა და თხის იგავი გვასწავლის (მთ. 25, 31-46). განკითხვის ჟამს მე და თქვენ არავინ გვკითხავს: როგორი სიმკაცრით ვინახავდით მარხვას, ლოცვაში რამდენჯერ განვერთხმეოდით მიწაზე, რამდენი წიგნი დავწერეთ, რამდენჯერ გამოვედით საერთაშორისო კონფერენციებზე. ჩვენ ამას გვკითხავენ: დააპურე მშიერი? დაარწყლე მწყურვალი? შეიფარე უცხო? შემოსე შიშველი? მიხედე სნეულს და პატიმარს? ჩვენ მხოლოდ ამას გვკითხავენ. ქრისტეს სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულში ვლინდება და არა სხვაგვრად.

დავუკვირდეთ, ყველა გაჭირვებულზე და გაუბედურებულზე ქრისტე ”მე”-ს ამბობს: ”მე ვიყავი მშიერი, მე ვიყავი მწყურვალი, მე ვიყავი უცხო, სნეული, შიშველი და პატიმარი”. ქრისტე ჩვენ ახლა ყველა ტანჯული ადამიანის თვალიდან შემოგვყურებს.

ნუთუ ეს თავზარდამცემი არ არის?

თითქმის ყველა ჩვენი შეძლებული ქალაქი ევროპაში, ჩვენი ქუჩები სავსეა მშივრებით, უსახლკაროებით, უღარიბესი ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალებით, რომლებიც პროსტიტუციის ხაფანგში არიან გაბმულნი. რას ვაკეთებთ მათ დასახმარებლად ევროპული ეკლესიები?

ერთ-ერთი ჩვენი მიზანი ამ ასამბლეაზე ის უნდა იყოს, რომ ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე, ერთმანეთს გავუზიაროთ ის გეგმები, რომელიც ჩვენს ეკლესიებს აქვთ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით. დრო რომ იყოს მე თქვენ გიამბობდით რას აკეთებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, რათა წინ აღუდგეს ეკოლოგიურ კრიზისს, რათა გამოამზეუროს ბიოეთიკის დილემა და ფანარის უბნის მაწანწალა ბავშვებს დაეხმაროს.

ჩვენ ყველანი ამ მსახურებაზე ჩვენი თავგადასვლებითა ვართ მოსული, ყველას შეგვიძლია ამაზე საუბარი. მაგრამ ერთმანეთისთვის ყურის დაგდებისა და გამოცდილების გაზიარების დროს, მოდით გავჩხრიკოთ საკუართი სინდისი და მოვინანიოთ. რამდენი რამ არის ისეთი, რისი გაკეთებაც შემოქმედებითაც შეგვეძლო და არ გავაკეთეთ!

მაშ, მოდით, პრაქტიკულები ვიყოთ! მეორე მხრივ, მოდით, ზოგჯერ მდუმარებაში დავყოთ დრო. მოდით, ამ კონგრესის განმავლობაში დრო დავუთმოთ ჰესიხიას ანუ შემოქმედებით მდუმარებას. ”შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი” (ფს. 45,11). ერთმანეთსაც დავუგდოთ ყური და სულიწმიდასაც.

წმიდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვით ქრისტე იყო ”სიტყვა, რომელიც მდუმარებიდან გამოვიდა”. თუკი ამ ჩვენს შეხვედრაზე ჩვენი სიტყვები გულის მდუმარებიდან არ მომდინარეობს, მაშინ წმიდა პავლეს სიტყვის მსგავსად აღმოვჩნდებით ”რვალი... მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი” (1 კორ. 13,1). ხოლო თუ ის სიტყვები, რომელთაც დღეს ჩვენ ევროპას ვეუბნებით, ნამდვილად მდუმარებიდან წარმოედინება, მაშინ ისინი, ღვთის წუალობითა და მადლით იქცევა ცეცხლის სიტყვებად და განმათავისუფლებლად.

ჟურნალი ”ემაოსი”, №2(5), 2005 წ.




AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:50)