"ჭეშმარიტებაა, რომ სნეულება, მწუხარება და ტანჯვა ქრისტიანთა სულის განწმენდასა და ცოდვათა მიტევებას ემსახურება. თითოეული ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა ღმრთისაგან ბოძებული ჯვარი, როგორიც არ უნდა იყოს ის, უმანკო და წრფელი გულით მიიღოს და მაღლა, დიდებულ გოლგოთაზე აიტანოს. დროდადრო შეიძლება ადამინმა შრომისა და სიმძიმისგან ჩაიმუხლოს, მაგრამ უფალი მეორე სიმონ კვირინელს (მთ. 27, 32), ანუ მოთმინების მადლს გამოუგზავნის, რომელიც გოლგოთაზე აიტანს ჯვარს.

სასაფლაოზე როცა მივდივართ, ყველა საფლავზე თითო ჯვარს ვხედავთ - ზოგი ხისაა, ზოგი ქვის, ზოგი რკინის და ა.შ. მსგავსად ამისა, ყოველი ქრისტიანის სულსაც ღმერთი ჯვარს აძლევს - ზოგს რკინისას, ზოგს ხისას, ზოგს ქვისას, თითოეულ ადამიანს სხვადასხვაგვარს, როგორც ღმრთის სიბრძნე განაგებს. უფლის მთავარი მიზანია, რომ ტანჯვის მიუხედავად, ჩვენი ძვირფასი სული აცხონოს. ის თავადვე აძლევს ადამიანს მოთმინებასა და განათლებას, რომ ჯვრის მიტანა ბოლომდე შეძლოს.

სნეულებით გამოწვეულ მწუხარებებს სახიერი ღმერთი თავისი წმინდა ხელით გვიგზავნის, რადგან სულიერი სიჯანსაღისთვის ყველაზე ეფექტური წამალი ფიზიკური სნეულებაა. სნეულებები გამომაფხიზლებელია ისეთი სულისთვის, რომელიც მიძინებულია უმეცრებითა და ღმრთის დავიწყებით. სულს, რომელსაც ფიზიკურმა ჯანმრთელობამ მავნე უზრუნველობისკენ უბიძგა, სნეულება აიძულებს, რომ სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდეს. "ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ" (ეს. 26, 16); ჭირსა ჩემსა განმივრცე მე" (ფს. 4, 1); "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (საქ. 14, 22); "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" (ლკ. 21, 19).

[უფლისგან] უბიწო სიყვარულით გაწნილი სილა ყოველთვის წმინდა და მაცხოვნებელ მიზანს ემსახურება! წმინდა სახარებაში უფალი გვეუბნება, რომ ჩვენი ზეციერი მამის ნების გარეშე ჩიტიც კი არ კვდება, რომ ჩვენს თავზე ყოველი ღერი თმაც კი დათვლილია (მთ. 10, 29-30). როგორი სარწმუნოა ეს სიტყვები, რომ ღმერთისთვის ჩვენი ყოველი საქმე, სიტყვა და ფიქრი ცნობილია; მან ჩვენი მწუხარებაც იცის, რომელიც მისი განგებითაა დაშვებული და მაცხოვნებელ მიზანს ემსახურება!

რამდენად დიდი იყო კაცობრიობის ხორციელი და სულიერი გახრწნა უფლის მოსვლის წინ. რომელმა წამალმა განაახლა ადამიანთა სულები? განა ეს უფალ იესოს დიდებულმა ჯვარმა არ მოახდინა? უფალი ჯვარზე რომ არ მომკვდარიყო, კაცობრიობა სსვა გზით გადარჩენას ვერ შეძლებდა.

ჯვრისმტვირთველი იესო ჩვენთვის მაგალითად იქცა. მან გვიჩვენა, რომ ვისაც ცხონება სურს, მას უნდა გაჰყვეს, დაითმინოს ჯვარი, რომელსაც უფალი მისი ძალისამებრ უბოძებს, ავიდეს გოლგოთაზე, იესოსთან ერთად ჯვარს ეცვას და შემდეგ, ღმრთის სასუფეველში მასთან ერთად იდიდოს.

როდესაც სული ზეციურ ნეტარებაში იხილავს, რომ დიდება და განსვენება ტვირთული ჯვრის შესაბამისი მიეცა, ინანებს, რატომ არ იტვირთა უფრო მძიმე ჯვარი იმისთვის, რომ უმეტესი დიდება და განსვენება რომ მიეღო. ის იტყვის: "მაშინ შრომა ხანმოკლე იყო, ახლა კი საუკუნო სიკეთეს ვაკლდები!". პატრიარქი აბრაამიც კი, როცა სასყიდლის განაწილებას იხილავს, ინანებს, რატომ მეტად არ იღვაწა!

ერთი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ ავადმყოფობდა, რომელიც ბოლოს გარდაიცვალა. ერთ ღამეს თავის დას გამოეცხადა. დამ ჰკითხა: "დაიკო, მანდ, სადაც ხარ, როგორ ხარ?". მან უპასუხა: რა შემიძლია რომ გითხრა, დაიკო? ქრისტემ ჩემი სნეულებისთვის დიდება და განსვენება მომმადლა. ოჰ, ნეტავი მიწაზე დაბრუნების საშუალება მქონდეს, უარეს ავადმყოფობას დავითმენდი, რომ აქ, უმეტესი დიდება მიმეღო!".

თუ თავად ყოვლადძლიერმა და უცოდველმა უფალმა ადამიანის გადასარჩენად ჯვარი იტვირთა, ჩვენ, ცოდვილებს, რომლებიც ყოველ ჟამს ვცოდავთ, როგორ გვჭირდება მაცხოვნებელი ჯვარი?

"განვემზადე და არა შევძრწუნდი" (ფს. 118, 60), - ამბობს წინასწარმეტყველი დავითი. მუდამ მზად უნდა ვიყოთ ყველა განსაცდელის უდრტვინველად დასათმენად, რასაც მკურნალის, [ღმრთის] წმინდა ხელი გვიგზავნის. ასეთი განსაცდელი უსაზღვროდ მოსიყვარულე უფლის დაშვებით მოდის, ამიტომ, ასეთი განსაცდელი არასოდეს იქნება საზიანო; როდესაც ის დასრულდება, მის კეთილ შედეგსა და ღმრთის მთავარ მიზანს დავინახავთ.

უფალი იესო თავის მიმდევართა მომავალ განსაცდელებს ხედავდა და მათ ასე განამტკიცებდა: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" (ლკ. 21, 19), რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მთ. 10, 22). შენც, შენი სნეულების დათმენით, ღმერთის საყვარელ შვილთა რიცხვს შეემატები. შენი ტვირთი ერთ დღეს აღდგომად გექცევა, მწუხარება - სიხარულად, მოთმინება - საუკუნო ცხოვრებად! მადლობით შეჰღაღადე უფალს: "ვითარცა უნდა [უფალსა], ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ" (იობ. 1, 21). დიდება უფალს ყველაფრისთვის! ამგვარი ღაღადებით სული სიხარულითა და მშვიდობით აღგევსება და თან მოთმინებაშიც განმტკიცდები.

ვინ არის ქრისტიანი? რა უნდა ჰქონდეს მას? უდავოდ დიდი მოთმინება ყველაფერში. გზა, რომელიც ზეციური ქალაქისკენ მიდის, ეკლიანია და მასზე მოარულებს ეკლებისგან სისხლი სდით. მაგრამ სამოთხეში დამკვიდრების იმედი ყველაფერს სძლევს და მოგზაურებს მოთმინებას ჰმატებს, როგორც გაყინულ ტბაში ჩაყრილი წმინდა ორმოცი [სებასტიელი] მოწამე ამბობდა: "მკაცრია ყინვა, მაგრამ ტკბილია სასუფეველი; ყინვა აუტანელია, მაგრამ სამოთხის მხიარულება ტკბილი იქნება".

დაე, ყოვლადსახიერმა ღმერთმა ჩვენც, მდაბალნი, მაშურალთა და ტვირთმძიმეთა შორის შეგვრაცხოს, რომ საუკუნო განსვენება მოგვმადლოს. ამინ."



ინგლისურიდან თარგმნა ვაჩე მაკარიძემ

წიგნიდან: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი, "დარიგებანი წმინდა მთიდან", თავი II, სნეულებათა შესახებ, 35-38, (1). წმინდა ანტონი დიდის ბერძნული მონასტრის გამოცემა (არიზონა, 1999).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 მაისი 2020 10:13)