მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. სარწმუნოებისა და ეროვნების ამგვარ გამთლიანებას მყარი საფუძველი აქვს - ეს არის ზეისტორიული სინამდვილე.

ამა თუ იმ ერის რელიგიური ისტორია ჩვეულებრივ მოიცავს გარკვეულ მისტიკურ გადმოცემებს, სათნო უწყებათა ტრადიციას. თავის მხრივ, თვისობრივად სულიერი ტრადიცია სათავეს უდებს და ქმნის ერის ყოველდღიურობას, ყოფით ისტორიას.

ამის დასტურია მატიანე ქართველი ერისა, რომლის ქრისტიანული ცნობიერება სამ დიდ მისტიკურ გადმოცემას ეფუძნება. ქრონოლოგიურად მათგან პირველია საქართველოს სამეფო ხაზი - ბაგრატიონთა დინასტია, როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობა. მეორე გადმოცემა უკავშირდება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის - მაცხოვრის კვართის დაფლულობას საქართველოში, კერძოდ მცხეთაში. მესამე მისტიკური გადმოცემა საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღბეჭდავს.
პირველი გადმოცემა დამოწმებულია X საუკუნის ორ წერილობით ძეგლში: აგიოგრაფიულ თხზულებაში "წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" (ავტორი გიორგი მერჩულე) და ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის მიერ 952 წელს დაწერილ შრომაში "იმპერიის მმართველობის შესახებ". ამ გადმოცემაში გამჟღავნებულია საქართველოს თვისებრივი კავშირი ბიბლიურ სინამდვილესთან, კერძოდ - ძველ აღთქმასთან, ძველი აღთქმის ეპოქასთან.

მართლაც, უძველესი ქართული ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ისრაელიანები ჯერ კიდევ ძვ. წ. 586 წლის ახლო ხანებში მოსულან ქართლში. მათი ემიგრაცია კვლავ განმეორებულა ძვ. წ. II საუკუნეში. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგისათვის ისინი მეტად მყარად ყოფილან დამკვიდრებული მცხეთაში - საქართველოს მაშინდელ დედაქალაში. ძველი აღთქმის ეპოქაში ისრაელიანებმა, ბუნებრივია, თან ჩამოიტანეს ძველი აღთქმისავე სარწმუნოება და ამით ქართველ ერს გზა გაუხსნეს ბიბლიური ჭეშმარიტებისაკენ.

იმავე თვისებრივ კავშირს ცხადყოფს ძველი აღთქმის ეპოქის წმინდა რელიკვიის - ელია წინასწარმეტყველის ხალენის მცხეთაში დაფლულობა. ამის შესახებ გვაუწყებს თხზულება "მოქცევაჲ ქართლისაჲ". ამავე კავშირზე ქართული სამეფო ტრადიციაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც, ძველი აღთქმის აპოკრიფული თხზულება "ნებროთის წიგნი" ფარულად იყო ჩვენში დაცული ქართველთა გაქრისტიანებამდე და გაქრისტიანების შემდეგაც. "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ წარმართ მეფე მირიანს "ნებროთის წიგნმა" წარმოუჩინა ქრისტიანობის ჭეშმარიტება. "და ის წიგნიც, რომელიც ჰქონდა მირიან მეფეს, ნებროთისა, დაამტკიცებდა", - ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში"; ხოლო V საუკუნის მეორე ნახევარში წმიდა მეფე ვახტანგი ამბობს: "ჩვენს მამებს დაფარულად ჰქონდათ ეს წიგნი".

მეორე გადმოცემა მოგვითხრობს ქართველ ებრაელთა იერუსალიმში გამგზავრების შესახებ მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს. ეს ვრცელი უწყება შეიცავს უაღრესად საყურადღებო ცნობებს ზოგადად წმინდა ისტორიის, მაცხოვრის ჯვარცმის, აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმის შესაყარზე მდგომი კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ებრაელები, გადმოცემების მიხედვით, არათუ თანამოაზრენი არ იყვნენ ჯვარცმულობისა, არამედ სულიერად მთლიანად განუდგნენ მას. უფრო მეტიც - ისინი ნაწილობრივ მისწვდნენ კიდეც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას, ისე რომ, ზოგმა მათგანმა მაცხოვართან დიადი თანამოწამეობის გვირგვინი დაიდგა. მაგალითად, იერუსალიმში იესოს ჯვარზე მილურსმვის ხმამ მცხეთაშიც გაიხმიანა და თავზარი დასცა ჯვარცმაზე დასასწრებად მივლინებული ერთ-ერთი ქართველი ებრაელის - ელიოზ მცხეთელის დედას, რომელიც გაუსაძლისი ტკივილის მიზეზით მყისვე აღესრულა. იგივე გადმოცემა გვაუწყებს, რომ ჯვარცმის შემდეგ წილი ჰყარეს მაცხოვრის კვართის გამო. წილისყრამ იგი მცხეთელ ებრაელებს არგუნა. შემოიტანეს თუ არა კვართი მცხეთაში, ელიოზს წინ მიეგება მისი და, ქალწული სიდონია. მან გულში ჩაიკრა უზენაესი სიწმინდე - "უსასურველესი ყოველთა სასურველთა" (ასე ამბობს "ქართლის ცხოვრება") და მაცხოვრის ჯვარცმით შეძრწუნებულმა მყისვე ჰპოვა აღსასრული. კვართი დაიმარხა ელიოზის დასთან ერთად. წმიდა სიდონიაც ასევე თანამოწამეა მაცხოვრისა.

მესამე გადმოცემა მახარებლობის ეპოქას მოიცავს. სათნო უწყების მიხედვით, მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ სად უნდა ექადაგა თითოეულ მათგანს. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. საღვთო ჩვენებით, მან საქართველოში მოავლინა წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და თან გამოატანა თავისივე ხატი - საკუთარი პირისახის აღბეჭდილობა ფიცარზე. ეს ხატი აწყურის ხატად არის ცნობილი. კონსტანტინე პორფიროგენეტი უაღრესად საგულისხმოდ შენიშნავს: "იბერიელები... უწოდებენ თავის თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს, და აქედან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავსაც".

სამივე გადმოცემა ქრონოლოგიური მიმდევრობით წარმოვადგინეთ, თუმცა ისინი არსობრივად ერთი მთლიანობაა. ეს გადმოცემები ძირეულად მსჭვალავენ ქართველი ერის სულიერ გზას. თითოეული მათგანი სხვადასხვა ეპოქაში დიადი ისტორიული მოვლენების სახით გვეცხადება.

 

ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი "ფუძე", №2, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 01 JULY 2012 17:43)