(XIX-XX სს-ის 10-იანი წლები)

საქართველოში თვითმპყრობელური რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის არსში გარკვევისათვის გასათვალისწინებელია XIX-XX საუკუნეებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. რუსული ეკლესია XVIII ს-დან მტკიცე პოლიტიკურ-ეკონომიური და იდეოლოგიური ქსელებით იყო დაკავშირებული ცარიზმის აპარატთან, რაც განაპირობებდა მის რეაქციულ ბუნებას დაპყრობილ ეთნოსებთან მიმართებაში. იმპერიაში შემავალ დაპყრობილ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მწვავედ განიცდიდა რუსეთის სახელმწიფოში დამკვიდრებულ “თვითმპყრობელობა-მართლმადიდებლობის” პრინციპს. ცარიზმის სამსახურში მდგომ ეკლესიას, თვითმპყრობელობის სისტემაში არსებული საეკლესიო-პოლიტიკური და ეკონომიური პრობლემების გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია ეკისრებოდა.

საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკური მორჩილების უზრუნველყოფა ითხოვდა საქართველოს ეკლესიის ლიკვიდაციას, მის ადგილზე რუსული საეკლესიო უჯრედის დაფუძნებას და იმპერიის კოლონიზატორულ პოლიტიკაში ჩართვას – “... კავკასია უნდა დავიპყროთ ხელმეორედ და ამ შემთხვევაში სრულიად სხვა იარაღით. ამ სულიერი გამარჯვების გარეშე არ იქნება მისი ფიზიკური დაპყრობა. ასეთი გამარჯვება კი სარწმუნოებრივი გამარჯვებაა. დადგა დრო, შევირწყათ ადგილობრივი ერები, მოვიკედლოთ, დავიპყროთ მათი სული და გული” – აღნიშნავდა იმპერიის სასულიერო უწყება (1,25). ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა საქართველოში საეკლესიო რეფორმა, რომელმაც განვითარების რთული გზა განვლო: ჯერ უქმდება საქართველოს ეკლესიის თვითმოწესეობა და მის ადგილზე დგინდება საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა, შემდგომ კი მძლავრი საეკლესიო ინსტიტუტი “საქართველოს საეგზარქოსოს” სახელით. ახალი საეკლესიო ორგანოს დანიშნულება იყო კავკასიაში თვითმპყრობელურ-კოლონიური და რუსული საეკლესიო პოლიტიკის დამკვიდრება, მაგრამ მისი ხასიათის ქართული სასულიერო ცხოვრების წესისაგან რადიკალური სხვაობის გამო, რუსული საეკლესიო უჯრედი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბუნებრივია, დადებით ძვრებს ვერ მაოხდენდა. საქართველოს ახალი საეკლესიო ორგანოს მუშაობა მიმართული იყო ქართველი ერის გადაგვარებისაკენ, მისი იმპერიის მრავალრიცხოვან ერებში ასიმილაციისაკენ, რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა მიზანდასახულად აწარმოებდა საქართველოს ეკლესიის მონარქისტულ კათედრად გარდაქმნას, მისი მეშვეობით საქართველოში რუსული პოლიტიკის დამკვდირებას (2, 6-7).

რუსული ეკლესიის რეაქციული ბუნება განსაზღვრავდა მისი სასულიერო ფენის შემოქმედებით მოღვაწეობას. საქართველოში განწესებული სამღვდელოება გამოირჩეოდა რუსეთის პოლიტიკისადმი შესაშური ერთგულებით – “...საქართველოს რუს სამღვდელოებას მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე” – აღნიშნავდა რეაქციონერი ბერი იოანე ვოსტორგოვი (3,5). იმპერიის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დავალება, მათ ნებისმიერი მეთოდ-ხერხებით უნდა განეხორიცლებინათ. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად საქართველოში მოიშალა სამღვდელმთავარო კათედრები, დაიხურა და გაუქმდა ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები, გაბნეულ და გაძარცვულ იქნა საეკლესიო საგანძური და ა.შ.

საქართველოს გადაქცევას იმპერიის განუყოფელ ნაწილად, რუსეთი სხვადასხვა გზებით ცდილობდა. მათ შორის უმთავრესი ქვეყნის კოლონიზაცია იყო. ამ მიმართულებით მუშაობისას, იმპერია წამყვან მნიშვნელობას ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიებს ანიჭებდა, რომელთა შორის აფხაზეთს წამყვანი დატვირთვა გააჩნდა. რუსეთის იმპერიულ-კოლონიზატორული პოლიტიკა მთელი სისრულით სწორედ საქართველოს ამ მხარეში გამოვლინდა. აფხაზეთი “გათიშე და იბატონეს” იმპერიული პრინციპის ზეწოლის ქვეშ მოექცა და მთელი სიმწვავით ამოქმედდა რუსეთის ვერაგული პოლიტიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასაპირისპირებლად, აფხაზეთის მშობლიური ქვეყნისგან ჩამოსაცილებლად და აქაური მოსახლეობის ისტორიულად კულტურულ-სარწმუნოებრივად გასამიჯნად დედა სამშობლოსაგან.

რუსეთის ზეამოაღნიშნულ ქმედებებს ბუნებრივია, სათანადო იდეოლოგიაც ესაჭიროებოდა. რუსეთი, იმპერიაში იძულებით გაერთიანებულ პატარა ერებს არასრულფასოვან რასებად აცხადებდა; ზღუდავდა მათ მშობლიურ ენას; დევნიდა ეროვნულ სარწმუნოებას; ახდენდა მხარის ახალ ადმინისტრაციულ დაყოფას, რათა ამ გზით საბოლოოდ შთაენთქა ის პატარა ერები, რომელთაც თავიანთი სახელმწიფოებრივი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდათ. ქართველი ერის შემადგენელი ნაწილების ერთმანეთთან დაპირისპირება-გამიჯვნა, მათი არაქართველ, არაქრისტიან, ან არასრულყოფილ ქრისტიანებად გამოცხადება იმ პერიოდში, როდესაც ქართველი ხალხის გაერთიანების მძლავრი პროცესი მიმდინარეობდა, მთელი კაცობრიობის წინაშე უდიდეს დანაშაულს წარმოადგენდა.

თავისი არსებობის მთელ მანძილზე, ისტორიულად აფხაზეთს უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი და სტრატეგიული დანიშნულება გააჩნდა როგორც საქართველოსთვის, ისე მისით დაინტერესებული მეზობელი თუ შორეული ქვეყნებისათვის. შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ მხარეში მოხდა პირველად მოციქულთა მიერ ღვთის სიტყვის ქადაგება. საეკლესიო იერარქიაც საქართველოს ამ მხარეში ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებს უკავშირდება. შუა საუკუნეებიდან კი, აფხაზეთის სამეფოს კულტურულ-სარწმუნოებრივი აღმავლობა საქართველოს ძლიერების ჟამით მოიაზრება. ამ დროიდან, საქართველოსათვის აფხაზეთის სტრატეგიული დანიშნულება მთელი სიმძლავრით ვლინდება. აფხაზეთის ტერიტორია “ივერიის ხუროთმოძღვრების” სახელით ცნობილ ძეგლთა ქსელით დაიფარა, რომელთა კედლებზე შემორჩენილი ქართულენოვანი წარწერები და ქართული ღვთისმსახურება ამ მხარის საქართველოს განუყოფელ რეგიონალობას ადასტურებს.

ქრისტიანობის აყვავების პერიოდი აფხაზეთში XVI ს-მდე გრძელდება. ბიზანტიის დაცემის შემდგომ, ის ოსმალთა იმპერიის იურისდიქციაშია, ხოლო აფხაზეთის კათოლიკოსი გელათს შეფარებული ცდილობს მრევლთან არ გაწყვიტოს კონტაქტი. ოსმალთა ბატონობით გამოწვეული შედეგები, რაც აქაური მოსახლეობის ეროვნულ-სარწმუნოებრივ დეგრადირებაში გამოიხატა, არაჩვეულებრივ საბაბად იქცა რუსეთის პოლიტიკურ-საეკლესიო მიზნების აღსრულებისათვის. სწორედ ამ მიზანმა განაპირობა რუსული ეკლესიის აქტიური ჩართვა იმპერიის პოლიტიკურ პროცესებში. აფხაზეთი რუსეთისათვის გახდა საქართველოს გადაგვარებისათვის საყრდენი ბერკეტი. ამ დროიდან, იმპერია აფხაზეთს რთავს კოლონიზატორულ პროგრამაში. ადგილობრივი მოსახლეობის გადაგვარებისათვის აფხაზეთში ჩნდება რუსული სამხედრო დასახლებები, მოგვიანებით, მას იმპერიის შიდა გუბერნიებიდან გამოდევნილი სხვადასხვა სექტანტური დაჯგუფებები: დუხობორები, მალაკნები, სუბოტნიკები და სხვა მოეძალნენ. აფხაზეთში სექტანტების ჩასახლებით რუსეთი ერთის მხრივ ინთავისუფლებდა თავს უცხო ელემენტისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, მათი მეშვეობით აფხაზეთის მოსახლეობის გარუსების პროცესის დაჩქარებას იმედოვნებდა. მოგვიანებით, ნათელი გახდა, რომ ამ მხარეში არსებულმა ძველმა ქართულმა ელემენტებმა, ეროვნული სამღვდელოების ძალისხმევამ ცარიზმის იმედები გააცრუა და პირიქით, საფრთხე აფხაზეთში გადმოსახლებულ რუს მართლმადიდებლებს შეუქმნა (4,355-747; 5,32; 6,123). სოხუმის რუსი ეპისკოპოსის დიმიტრის აღნიშვნით, სექტანტობა წალეკვით ემუქრებოდა აფხაზეთს (7,218-219). იმპერიისათვის სავალალო მდგომარეობიდან გამოსავალს, ხელისუფლება რუსი მართლმადიდებლების ახალი ნაკადის ჩასახლებით ეძიებს აფხაზეთში; აკმაყოფილებს მათ ე.წ. “განთავისუფლებული” სახაზინო მიწების დიდი ფართით, ხოლო რუსი სამღვდელოებისადმი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს აფხაზეთში გაუსაძლის კლიმატურ პირობებში დაკავებისათვის (2,27-28).

1810 წ. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებით, რუსეთმა ის იმპერიის იურისდიქციას დაუქვემდებარა. ამ დროიდან, ეს მხარე, ოსმალთა იმპერიასთან მომიჯნავეობის გამო რუსეთ-თურქეთის საომარ მოქმედებათა თეატრონად იქცა. პოლიტიკურმა გარემოებამ, აფხაზეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვან რეგიონად აქცია. რუსეთი ცდილობს აფხაზეთის იმპერიის შიდა საზღვრებში მოქცევას, მის საქართველოდან ჩამოცილებას, ამ უკანასკნელის ე.წ. “მავნე ზეგავლენისაგან” განთავისუფლებას და ამით თურქეთის წინააღმდეგ სანდო საყრდენი რეგიონის, საზღვრის შექმნას. აღნიშნულ მიზნებს სერიოზული დაბრკოლებაც გააჩნდათ. აფხაზეთში თურქეთის ხანგრძლივმა ბატონობამ, მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი პროთურქულ ორიენტაციაზე დააყენა, რაც რუსული ფაქტორის გამოჩენისას, მისგან თავის დაღწევისათვის სულ უფრო ძლიერდებოდა. რუსეთს აფხაზეთში დახვდა გამაჰმადიანებული ქართული მოსახლეობა, რომელზეც რუსულ ზეგავლენას სათანადო იდეოლოგია ესაჭიროებოდა. ამ საქმის მოგვარება კი იმპერიულ სისტემაში რუსულ ეკლესიას ევალებოდა. რუსეთ-თურქეთის გამუდმებულმა ომებმა აფხაზეთის ეკლესია-მონასტრები თითქმის სრულიად გაანადგურა და, რადგან ისინი რუსული საეკლესიო პოლიტიკის განმახორციელებელნი უნდა ყოფილიყვნენ, ბუნებრივია, აფხაზეთში დამკვიდრებული რუსი სამღვდელოება იწყებს განადგურებულ ტაძართა აღდგენას, ხოლო მოქმედ ეკლესიათა გარუსებას. რუსული საეკლესიო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი აფხაზეთში ბიჭვინთის ტაძარია. 1821 და 1838 წლების საიმპერატორო ბრძანებულებებით ჩატარდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, რის შემდგომაც მონასტერი აფხაზეთში რუსული საეკლესიო იდეოლოგიის საყრდენი გახდა. მისი ბედი გაიზიარეს 50-იანი წლებიდან: ბედიის, მოქვის, ხოლო 70-იანი წლებიდან ახალი ათონის მონასტრებმა (5,34).

ისტორიული ძნელბედობით ქრისტიანობის სავალალო მდგომარეობა აფხაზეთში, რომელიც იმპერიის პოლიტიკური ზრახვების განხორციელების არაჩვეულებრივი საბაბი გახდა, ხელისუფლებას სამისიონერო მოღვაწეობის გაჩაღებისაკენ უბიძგებდა. სამისიონერო კურსი აფხაზეთში ორ ეტაპად იყოფა: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე და მის შემდგომ. პირველისგან განსხვავებით, რუსეთი აგვარებს საგარეო პოლიტიკას, აღარ ერიდება ირან-თურქეთის “განაწყენებას” და, როგორც კი იმაგრებს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე, გაბედულად იწყებს აფხაზეთის კულტურულ-იედოლოგიურ ათვისებას. ამ დროიდან მთელი ძალით ამოქმედდა საგანმანათლებლო მისიები აფხაზეთში და ამ საქმეს 30-იან წლებში სათავეში უდგება სამხედრო უწყება გენერალ-ადიუტანტ პანკრატოვის მეთაურობით (8,10-11): აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა სამისიონერო სკოლები, სადაც მკვიდრი მოსახლეობის მომავალი თაობა რუსული პოლიტიკისათვის შესატყვის განათლებას იღებდა საერო და სასულიერო სფეროებში.

XIX ს-ის II-ე ნახევრიდან იმპერიამ გაააქტიურა საქართველოს იდეოლოგიური დაპყრობის პოლიტიკა და რუსული ეკლესიაც ქმედით მოღვაწეობას შეუდგა. ამ დროიდან სამისიონერო საქმიანობა ორი მიმართულებით წარიმართა: მოსახლეობაში საფუძველშერყეული ქრისტიანობის განმტკიცებისა და გამაჰმადიანებულთა მოქცევისაკენ. იმ დროის აფხაზეთისათვის ორივე ფაქტორი ცნობილი იყო. რუსეთის მთავრობამ, სამისიონერო საქმიანობის წარმატების მიზნით აფხაზეთი ოთხ სამოქმედო ნაწილად დაყო: გუდაუთის, გუმისთის, კოდორისა და სამურზაყანოს (9; 10; 11). ყოველ რეგიონს თავისი სამოქმედო პროგრამა შეუმუშავდა. იმ ადგილებში, სადაც რუსი და აფხაზი მოსახლეობა იყო განწესდა რუსი სამღვდელოება; ხოლო სამურზაყანოში ქართველი მოსახლეობის სიმრავლის გამო, სადაც აქტიურად იღვწოდა თურქეთიდან გადმოსული სასულიერო ფენა, პრეროგატივა ქართველ სამღვდელოებას მიენიჭა, რამეთუ მათ კარგად იცოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენა და ზნე-ჩვეულებები, XX ს-ის დასაწყისში რუსეთმა ამ რეგიონიდანაც დაიწყო ქართველი სამღვდელოების დევნა. ამ საქმეში კი დიდი დამსახურება მიუძღვის რუს მეცნიერს თევდორე გერშელმანს და მის სარეკომენდაციო წერილებს იმპერიის საერო და სასულიერო ხელისუფლებისადმი.

თვითმპყრობელობის რეაქციულ პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევდნენ ქართული ეროვნული ძალები: ინტელიგენცია, თავადაზნაურობა, სამღვდელოება. მათი მეცადინეობით 60-იან წლებში აფხაზეთს კვლავ დაეტყო ქართული კულტურისაკენ შემობრუნების პროცესი, რასაც მოჰყვა 30-მდე ეკლესია-მონასტრის ამოქმედება, ეროვნული სამრევლო სკოლების დახსნა და სხვა. ქართველი სამღვდელოება განსაკუთრებული სიფრთხილით აწარმოებდა ეროვნული სარწმუნოების აღდგენას გამაჰმადიანებულ ქართველებში. აფხაზეთში ქართული მართლმადიდებლობისაკენ შემობრუნების პროცესი უკიდურესად აშფოთებდა რუსეთის იმპერიას და მისი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობისადმი გამაჰმადიანებულთა თურქეთში მასიურად გადასახლებით ვლინდებოდა. აღნიშნულმა განსაკუთრებით დააზარალა აფხაზეთის მთიანეთი-კოდორის ზედა წელი, წებელდა, ბზიფი, სოხუმის მთიანი მხარე და სხვა. აფხაზეთის შუა ბარის წელი – გალისა და ოჩამჩირის რეგიონები ამ ანტიხალხურ პოლიტიკას ქართველი სამღვდელოების, მათი მისიონერული საქმიანობის დამსახურებით გადაურჩა.

ქართველი სასულიერო კრებულის ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობამ 80-90-იან წლებში გაამწვავა დაპირისპირება რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის, რასაც შედეგად მოჰყვა ქართველი სამღვდელოების სრული ჩამოცილება აფხაზეთისაგან და ამ უკანასკნელის რუსეთის წმიდა სინოდზე დაქვემდებარება. 1887 წლიდან, სოხუმის საეპისკოპოსო კათედრას მხოლოდ რუსი ეროვნების მღვდელმთავრები განაგებენ, ხოლო სამისიონერო საქმის აღსრულება აფხაზეთში პოლიციის აპარატის მეშვეობით ხდებოდა. ისინი აფხაზებს ძალის გამოყენებით ნათლავდნენ, ხოლო იძულებით, დაშინებით გაქრისტიანებულ მოსახლეობას მართლმადიდებლობისადმი სიძულვილი უჩნდებოდა და მაჰმადიანურ რწმენას უბრუნდებოდა. საარქივო მონაცემებით, XIX ს-ის მიწირულს სოხუმის ეპარქიის 40000 აფხაზი ძველ სარწმუნოებას დაუბრუნდა, აქედან, მხოლოდ მეოთხედმა შესძლო ქრისტიანული რწმენის შენარჩუნება.

რუსეთის საეკლესიო პოლიტიკამ არა თუ დადებითი შედეგი გამოიღო აფხაზეთში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, არამედ შეურაცხჰყო მისი მოსახლეობა, შეასუსტა ქრისტიანობის აღდგენითი საქმიანობა და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე დააყენა აფხაზობა. ქრისტიანობის საბურველით შემოსილი და საღვთო მოღვაწეობას ამოფარებული რუსეთის სასულიერო კრებული თავიანთ მიზნად არა ეკლესიისადმი სამსახურს, არამედ პირადი კარიერის შექმნასა და იმპერიული ზრახვების განხორციელებას ემსახურებოდა. ასეთი სახის მქადაგებლებს ბუნებრივია, არ შესწევდათ უნარი პატივისცემა და სიყვარული მოეპოვებინათ ხალხში. ამის გამო, ღრმა ნაპრალი გაჩნდა სამღვდელოებასა და მრევლს შორის, რაც ამ უკანასკნელის დაპირისპირებით გამოვლინდა ზოგადად ეკლესიისა და საღმდელოებისადმი. მოსახლეობამ კონტაქტი გაწყვიტა ეკლესიასთან და გზებს ეძებდა რათა ზურგი ექცია მართლმადიდებლობისათვის და მაჰმადიანობას მიბრუნებოდა.

XIX ს-ის II-ე ნახევარში ჩამორჩენილი სახელმწიფოებრივი წყობილების მიუხედავად, რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა, მზარდია მისი სურვილები განავრცოს პოლიტიკური ძალაუფლება მთელს ქრისტიანულ სამყაროზე, რაც რუსული სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის მეცადინეობას უკავშირდება უცხოეთში. მიმდიანრე პროცესების ნათელი დადასტურებაა ათონის წმ. მთაზე რუსული მონასტრის “რუსიკის” აღორძინება და აფხაზეთში ახალ ათონზე წმიდა პანტელეიმონის მონასტრის დაარსება. ეს უკანასკნელი სიმონ კანანელის სახელობის ქართული მონასტრის საძირკველზე აღმოცენდა და აფხაზეთში რუსული პოლიტიკის უჯრედად ჩამოყალიბდა. ორივე მონასტრის ცხოვრება უკავშირდება იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და მათი ისტორიაც XIX-XX სს-ში ურთიერთ გაუმიჯნავია.

XIX ს-ის 60-70-იანი წლებიდან, როდესაც აშკარად გამოვლინდა რუსეთის პოლიტიკური მისწრაფებები ბალკანეთზე ძალაუფლების მოპოვებისაკენ და ამ საქმეში ნათელი გახდა საეკლესიო ხელისუფლების ჩართვა, ათონზე დაიძაბა ურთიერთობა ბერძენ და რუს სამღვდელოებას შორის, რომელიც 1874-1875 წლების “ბერძნულ-რუსული პანტელეიმონის პროცესის” სახელითაა ცნობილი. ამ პროცესში “რუსიკის” გამარჯვება რომ დროებითი მოვლენა შეიძლებოდა ყოფილიყო, კარგად უწყოდა იმპერიის მთავრობამ, ამიტომ ისინი თადარიგს იჭერდნენ ალტერნატიული თავშესაფრის მოპოვებისათვის. ასეთ ადგილად კავკასიის ცხელი რეგიონი – აფხაზეთი შეირჩა და საფუძველი ჩაეყარა ახალი ათონის კომპლექსის დადგინებას. მისი დაარსების ინიციატორები იმედოვნებდნენ მჭიდრო კონტაქტების დამყარებას მათ მფარველ ხელისუფლებასთან და საშიშროების შემთხვევაში საიმედო ნავთსაყუდელსაც მოიპოვებდნენ. ამრიგად, აფხაზეთის ახალი ათონი ძველი ათონის “რუსიკის” ერთგვარი შტოა და მასზე სრულიად დაქვემდებარებული. მათ საერთო ტიპიკონი ჰქონდათ და ახალი ათონის ბერთა დადგინებაც “რუსიკში” ხდებოდა. თავის მხრივ კი, ახალ ათონს დაექვემდებარა ბიჭვინთის ტაძარიც. სწორედ ამ დროიდან გამახვილდა რუსეთის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ბიჭვინთისადმი და დაჩქარდა ამ უკანასკნელის რუსულ ტაძრად გადაკეთების პროცესიც.

XX ს-ის დასაწყისიდან, აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკის დანერგვისათვის ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა. მიმდინარე პროცესები იმპერიის დამძიმებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას უკავშირდება: პირველი მსოფლიო ომი, შიდა იმპერიული კრიზისი, განაპირა მხარეებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და სხვა, საქართველოს ეკლესიას და პროგრესულ საზოგადოებას უბიძგებს ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის ხელახალი დაყენებისათვის. იმპერიის ხელისუფლება კონტრშეტევაზე გადავიდა და ახალი საეკლესიო რეფორმის გატარების სამზადისს შეუდგა. საეკლესიო რეფორმა ითვალისწინებდა საეკლესიო საზღვრების ხელახალ გადანაწილებას. განსახილველად წარდგენილ პროექტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა კავკასიის სამიტროპოლიტოს დაარსებასა და სოხუმის ეპარქიის საკითხს მიენიჭა. ორივე პროექტი თავისი არსით ერთმანეთზე გადაჯაჭვული აღმოჩნდა და ერთ მიზანს ემსახურებოდა – დასჯილიყო ქართველი საზოგადოება ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნისათვის და უკვე დარღვეული სახელმწიფო საზღვრები, საეკლესიო საზღვრების დარღვევითაც დაფიქსირებულიყო. სოხუმის ეპარქიის საქართველოს ეკლესიიდან მოწყვეტა საერთო კავკასიური სამიტროპოლიტოს შექმნით უნდა განხორციელებულიყო, რომელიც რუსეთის საეკლესიო იურისდიქციაში სამიტროპოლიტოს სტატუსით შევიდოდა. აღნიშნული კი საეგზარქოსოსთან შედარებით საეკლესიო იერარქიაში დაქვეითების მომასწავებელი იყო. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1906 წ. იდგა უწმინდესი სინოდის დღის წესრიგში, მაგრამ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, მან კრახი განიცადა, ხოლო 1916 წელს ხელახალი სახით იჩინა თავი; ამოქმედდა საუკუნის დასაწყისში შემდგარი პროექტი ყუბანის რეგიონთან სოხუმის ეპარქიის გაერთიანებაზე, რომლის ცენტრიც ქ. ეკატერინოდარი იქნებოდა. მოგვიანებით, სოხუმის ეპარქია ახალდადგენილ საზღვრებში შეიერთებდა სამეგრელოსა და სხვანეთის ეპარქიებს. თავის დროზე, ამ პროექტის რეალიზაციისათვის შესაფერისი ხელმძღვანელი კანდიდატურაც შეირჩა – რეაქციონერი დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი.

კავკასიის სამიტროპოლიტოს საზღვრებს უნდა მოეცვა ტერიტორიები როსტოვიდან არზრუმამდე, რომლის კათედრები ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ქალაქებში განთავსდებოდა. მათი რაოდენობა 8-ს არ უნდა აღმატებოდა. მათ შორის იქნებოდა სოხუმის ეპარქიაც, რომელიც ქართული სამრევლოების რიცხვს მოსწყდებოდა და გარუსებული ქართველების, რუსების, აფხაზების, ბერძნების, სომხებისა და სხვა ეთნოსების ეპარქია იქნებოდა. მსგავსი პოლიტიკით რუსეთის ხელისუფლება ერთგვარ თადარიგსაც იჭერდა თუ კიდევ დადგებოდა საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აღდგენის საკითხი. ასეთ შემთხვევაში, გარუსებული აფხაზეთის სამწყსო და მისი კათედრა ბუნებრივია, რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდებოდა. მით უფრო, თუ საქართველოს ტერიტორიული დამოკიდებულება სამომავლოდ განხორციელდებოდა, მაშინ აფხაზეთი მის ფარგლებს გარეთ დარჩებოდა და, რადგან ის საეკლესიო საზღვრებით რუსულ საეკლესიო საზღვრებში მოიაზრებოდა, საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ზემოაღნიშნულ მიზნებს გასამართლებული იდეოლოგია ესაჭიროებოდა, იმპერიის ხელისუფლების აღნიშვნით სოხუმის ეპარქია განსაკუთრებულად განიცდიდა სარწმუნოებრივი დეგრადირების პროცესს, რომ მის მოსახლეობაში მძლავრობდა ქრისტიანობისადმი ინდიფერენტიზმი, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის მოსახლეობის საქართველოსთან პოლიტიკური და ავტოკეფალია-ავტონომიურობისაკენ მისწრაფებით, იმპერიის მთავრობა აღარ ფარავდა მის აშკარა ინტერესებს საქართველოსადმი, როდესაც მას უკვე არა იმპერიის განაპირა მხარედ მოიაზრებდა, არამედ რუსული სახელმწიფოსა და მისი ეკლესიის “დანამატად” მიიჩნევდა.

ქართველი საზოგადოება აშკარა საფრთხის წინაშე დადგა და რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს აფხაზეთში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია – “...სოხუმის ოლქი, რომელიც ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და ლინგვისტურად საქართველოს საკათალიკოსოს განუყოფელი ნაწილია, ქართველობა თავის დღეში არ დასთმობს; ვეძიოთ სიმართლე, რომ ცოცხალ ქართულ ეკლესიურ ორგანიზმს არ ჩამოეჭრას საღი ნაწილი” – აცხადებს პეტროგრადში გაზეთ “საქართველოს” წარმომადგენელი ნაფიცი ვექილი დ. ჭიაბრიშვილი ქართველი ერის სახელით (12,2).

რუსეთის საეკლესიო რეფორმას აფხაზეთში მწვავედ დაუპირისპირდა აფხაზი ხალხიც, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, ხელისუფლებისაგან სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეკლესიო საზღვრებში დატოვებას, აფხაზი ხალხის ქართული კულტურისაგან გაუმიჯნაობას, აფხაზეთის ეკლესიებში ქართული საღვთისმეტყველო ენის აღდგენას, სამრევლო სკოლებში ქართული საღვთისმეტყველო ენის აღდგენას, სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დანერგვას და ა.შ. – “საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებიდან ქრისტიანობის გავრცელების საქმე და მისი პოპულარიზაცია აფხაზეთში მეტად შეფერხდა... სარწმუნოების დაცვის გამო, გთხოვთ არ გაგვთიშოდ და გაგვყოთ ძველადვე არსებულ წყობილებიდან, რომელიც შექმნილია საუკუნეების განმავლობაში საქართველოს და აფხაზეთის ისტორიული და კულტურული ცხოვრების მიერ” – მიმართავდა აფხაზი ხალხი შუამდგომლობისათვის იმპერატორის წინაშე უწმიდეს სინოდს (13,3).

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, იმპერიის მთავრობა აქტიურად შეუდგა ზემოხსნებული პროექტის ცხოვრებაში დანერგვას. 1917 წლის დასაწყისშივე, სოხუმის გამოყოფილ ეპარქიაში ახალი რეორგანიზაცია დაიწყო, რომელიც თავისი შინაარსით კიდევ უფრო ვერაგული აღმოჩნდა. უწმიდესი სინოდის ბრძანებულებით სოხუმის ეპარქია ორად გაიყო: შავიზღვისპირეთის გუბერნიას დაუდგინდა დამოუკიდებელი საეპისკოპოსო კათედრა ნოვოროსიისკში, ხოლო სოხუმის ოლქი, ანუ აფხაზეთი მიეწერა ქუთაისს, რაც აფხაზეთში საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების მაუწყებელი იყო (14,4). აფხაზეთის უკვე ყოფილი საეპისკოპოსო კათედრა ქუთაისის სამიტროპოლიტოს დაექვემდებარა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რეალური განხორციელება არ ეწერა, რადგან რუსეთის იმპერიაში მოხდა დიდი პოლიტიკური გადატრიალება, რამაც ნებსით თუ უნებლიედ არეკვლა საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაზეც ჰპოვა. ამ დროიდან ე.წ. “ახალი რუსეთის” პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი ინტერესები საქართველოსადმი არათუ განელდა, არამედ მან სხვა განზომილებაში გადაინაცვლა და მიმდინარე ვითარების შესატყვისი მეთოდ-ხერხები შეიმუშავა.

 

ქეთევან პავლიაშვილი

თსუ-ს პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №39(247), 2003 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 08 February 2012 20:18)