თავი VII. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია - ქართველთა ერთიანობის სიმბოლო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველი ხალხის თავისუფლების სიმბოლოა. შუა საუკუნეებში მრავალრიცხოვან მტრებთან ბრძოლაში საერო პირებთან ერთად სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. დედაეკლესია არა მარტო სულიერად ამხნევებდა სამწყსოს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის წინა ხაზზეც იდგა. მრავალმა სასულიერო პირმა მოწამებრივი სიკვდილით იხსნა სამშობლო განსაცდელისაგან. თევდორე კველთელის მაგალითი ნათელი დასტურია სასულიერო პირთა თავდადებისა და სიმტკიცისა.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ბავშვობამ და სტუდენტობამ საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩაიარა, მაგრამ მისი ოჯახი ვლადიკავკაზში საქართველოს სიყვარულით იყო აღსავსე. გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილმა უმცროს ვაჟიშვილს ქართლ–კახეთის გმირი მეფის - ერეკლე II–ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. ბუნებრივია, პატარა ირაკლი ხშირად მოისმენდა ოჯახში სამშობლოსათვის თავდადებული "პატარა კახის" ბრძოლების შესახებ. ვლადიკავკაზის ქართველობისათვის მნიშვნელოვანი იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და ქართული სკოლა. გარდა ამისა, იქიდან მშობლიურ სნომდე ხომ  ერთი საათის გზა იყო გასავლელი. შიოლაშვილების ოჯახი ზაფხულს ტრადიციულად ხევში - სნოში ატარებდა. მომავალი პატრიარქის მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წმიდა ქალაქ მცხეთაში საუფლო კვართის დღესასწაულებზე დასწრებას.

სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის დროს ახალგაზრდა ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა სამშობლოს სიყვარული. საპატრიარქოს არქივში ირაკლი შიოლაშვილის სემინარიისდროინდელ საბუთებში ინახება მის მიერ ლამაზი კალიგრაფიით შესრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის - ამბროსის მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნილი წერილის ასლი. ახალგაზრდა სემინარიელი არაერთხელ აცრემლებულა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ანტონ II–ის ტრაგიკული ცხოვრების გამო.  იგი გაოცებული იყო უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II–ის გაუტეხელობითა და სამშობლოსათვის თავდადებით. მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე, რომელმაც დალოცა იმხანად ყმაწვილი, მომავალი კათოლიკოს–პატრიარქი. სტუდენტ ირაკლი შიოლაშვილის  საკვალიფიკაციო თემაც - "ათონის ივერთა მონასტრის ისტორია" - სამშობლოსა და დედაეკლესიას ეძღვნებოდა.

საქართველოში დაბრუნებული მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ყურადღებით უსმენდა საქართველოს ეკლესიის ცოცხალ მატიანეებს: კათოლიკოს–პატრიარქ ეფრემ II-ს, ევაგრე დიასამიძეს, პართენ აფციაურს, ნაომ შავიანიძეს. ცხუმ–აფხაზეთში, თითქმის გარუსებულ ეპარქიაში, თავისი მღვდელმთავრობის პერიოდში, მან 12 ქართველი სასულიერო პირი ჩაიყვანა და მოქმედ ეკლესიებში გადაანაწილა. როგორც ჩანს, მისმა ოპონენტებმა იცოდნენ მიტროპოლიტ ილიას პოპულარობა ქართველ დისიდენტებში, ამიტომ სიამოვნებით აფრინეს  მოსკოვში დეპეშა მომავალი პატრიარქის კომუნისტური სისტემისადმი უარყოფითი განწყობის შესახებ.

მოსკოვის მიზანი, 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ანგარიშსწორებით დაეშინებინა ხალხი, უშედეგო აღმოჩნდა. სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ სულ მალე თბილისში გამოჩნდა პროკლამაციები: "დგება ჩვენი ერის ყოფნა–არყოფნის საკითხი, დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად."[20, 183]. დამპყრობელი საბჭოთა იმპერია კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას მოკავშირე რესპუბლიკებზე, ინტერნაციონალიზმის დროშით დაუნდობლად ებრძოდა ეროვნული ცნობიერების საფუძვლებს: საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან განდევნილ იქნა საქართველოს ისტორიის სასწავლო საგანი.

ასეთი დაუფარავი რუსიფიკაცია ქართველი ინტელიგენციის უკმაყოფილებისა და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის საფუძველი გახდა. XX საუკუნის 60–იან წლებში  რამდენიმე არალეგალური ორგანიზაცია მოქმედებდა, რომელთა მიზანი ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლა იყო. ეროვნული მოძრაობის მესვეურნი  სასულიერო პირებთან კონტაქტის მეშვეობით ცდილობდნენ თავიანთი რიგების გაძლიერებას, მაგრამ, რადგან სასულიერო პირთა უმრავლესობას საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი 1920–50–იანი წლების რეპრესიები, გადასახლება, ტერორი, მათი ეროვნულ მოძრაობაში ჩართვა სათუო იყო. ახალგაზრდა სასულიერო პირები ეროვნული მოძრაობისათვის დიდი მონაპოვარი იქნებოდა. ჯერ მღვდელმონაზონი, შემდეგ ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II დიდ საქმეს აკეთებდა _ ახალი სასულიერო კადრების მომზადება, საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებთან ურთიერთობის აღდგენა, ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის თუ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის განმტკიცება... თითოეული მისი ნაბიჯი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ახალგაზრდობის შთაგონების საფუძველი გახდა. პატრიარქის მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სამშობლოს სიყვარულით გამთბარი ქადაგებები ყველა ქართველის გულს სალბუნად ედებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა აღადგინა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ქართველ მეფეთა და წმინდანებად შერაცხულ საერო და სასულიერო მოღვაწეთა ხსენების დღეების განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა. ათასობით ახალგაზრდა კვლავ დაუბრუნდა თავის ისტორიულ ფესვებს და გატაცებით დაიწყო მრავალტანჯული საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა.  გასული საუკუნის 70–80-იან წლებში ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობებად ისტორიკოსობა და ფილოლოგობა იქცა.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებით დაიწყო. XX საუკუნის 70–80–იან წლებში ქართველ ახალგაზრდებში პოპულარული გახდა არა ყამირსა და ბამზე გამგზავრება შრომითი სემესტრებში, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია–მონასტრების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა. ჟამთა სიავისაგან მიტოვებულ სიწმიდეთა აღდგენამ და მოვლა–პატრონობამ ახალგაზრდობა კიდევ უფრო დააახლოვა დედაეკლესიასთან. ახალგაზრდები უკვე კატეგორიულად მოითხოვდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს მოქმედი რუსული სამხედრო პოლიგონის გაუქმებასა და ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედებას, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის სასწავლო კურსის გაძლიერებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული კომუნისტური დღესასწაულების _ 7 ნოემბრის, 1 მაისის, 25 თებერვლის, ლენინის დაბადების დღის - გაუქმებასა და საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი თარიღების - დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის ხსენების დღის, საქართველოს გაქრისტიანების, დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის, - აღნიშვნას. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ძალისხმევით, საქართველოში აზროვნების წესის შეცვლის პროცესი შეუქცევადი გახდა. ისტორიის ასპარეზზე კვლავ გაბრწყინდნენ კომუნისტური იდეოლოგიისაგან გაფერმკრთალებული გმირები და მოწამენი: საქართველოს დიდნი მეფენი, კათოლიკოს–პატრიარქნი, წმინდანები, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ან ემიგრაციაში აღსრულებულთა სახელები... საბჭოთა იმპერიის ნგრევის პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო  გახდა.

XX საუკუნის 70-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს: "ჩვენმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის საქმეში. ჩვენმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა... როდესაც ეკლესიაში ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის მოსვლის შესახებ ვსაუბრობ, მინდა განვმარტო, ამის მიზეზი იყო არა იმდენად რწმენა, რამდენადაც ძიება რწმენისა. მათ უკვე აღარ სწამდათ კომუნისტური იდეებისა და ეკლესიას მოაშურეს, რწმენა და სულიერება მათ ეკლესიამ მისცა"[33, II, 112]. ამ ვითარებაში საბჭოთა სპეცსამსახურებმა აამოქმედეს XX საუკუნის  20–იან წლებში ჩადებული ნაღმები და ეროვნული თავისთავადობისათვის მებრძოლ ურჩ რესპუბლიკებში ხელი შეუწყვეს უკანონოდ შექმნილ ავტონომიურ წარმონაქმნთა სეპარატისტულ მოძრაობას. თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისათვის მებრძოლ ქართველობას აფხაზი და ოსი სეპერატისტების მეშვეობით უპირისპირდებოდნენ რუსეთის რეაქციული ძალები.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა კიდევ უფრო პოპულარული გახდა 1988 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების შემდეგ. 1989 წლის მარტ–აპრილში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოლიტიკური ვითარების გამწვავების ფონზე, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო მასობრივი გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. 1989 წლის 4 აპრილიდან საპროტესტო აქციების ცენტრად თბილისი, მთავრობის სასახლის წინა მოედანი იქცა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა იყო მთავარი,  რამაც მოსკოვის განრისხება გამოიწვია. მოსკოვის საკავშირო მთავრობის მითითებით, ადგილობრივმა მარიონეტულმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 8 აპრილს მთავრობის სასახლის წინა მოედნის მომიტინგეთაგან ძალით განთავისუფლების შესახებ. დედაქალაქში სიტუაცია უმართავი გახდა. მომიტინგეთა რაოდენობა იზრდებოდა. თბილისის ვაზიანის აეროპორტში  სამხედრო თვითმფრინავებით ათასობით ჯარისკაცი ჩამოიყვანეს. დედაქალაქის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ღამის 12 საათზე ტანკები სიონის ეკლესიასთან, სანაპირო ქუჩაზე გამოვიდნენ. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადაწყვიტა მისულიყო მთავრობის სასახლესთან.  "ღამის 3 საათზე მე მივედი მთავრობის სასახლესთან და იქ მყოფნი გავაფრთხილე, რომ საშიშროება რეალური იყო. ვთხოვე, სალოცავად შესულიყვნენ იქვე ახლოს მდებარე ქვაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, ისინი არავის არ ემუქრებოდნენ და ამიტომაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ ხელკეტებს, ნიჩბებს და მომწამვლელ გაზს გამოიყენებდნენ. თუმც არ ვიცოდი, რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა და გადავწყვიტე, მათთან ერთად დავრჩენილიყავი, რომ მათი ხვედრი გამეზიარებინა"[27, 2547], – აღნიშნავდა მისი უწმიდესობა. მთავრობის სახლის წინ საშინელი ანგარიშსწორება დაიწყო, კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები დაუნდობლად არბევდნენ მომიტინგეებს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ხალხმა სამშვიდობოზე გაიყვანა.

გათენდა 9 აპრილი. თბილისი საბჭოთა ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ხალხი შავი დროშებით გამოვიდა ქუჩებში და ასე  გამოხატა პროტესტი მომხდარის გამო. დაიღუპა 21 და მოიწამლა ათასობით ადამიანი. 9 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი  პირველი პანაშვიდი გადაიხადა და მათ სამშობლოს თავისუფლებისათვის მსხვერპლად შეწირულები უწოდა. - ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ ამავე დროს, ვმადლობთ ღმერთს, რომ გვყოლია მრავალი გმირი, რომლებიც მზად არიან თავი შესწირონ სამშობლოს. მათი სახელები უკვდავია, - თქვა მან.

პანაშვიდის დროს ხალხი ტიროდა. საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში თოთხმეტი გარდაცვლილი მოასვენეს. ეს იყო უმძიმესი დღეები ყველა ქართველისათვის, უმძიმესი იყო მისი უწმიდესობისათვის, რომელსაც, რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გაემხნევებინა სრულიად საქართველო. ვერც კომენდანტის საათმა და ვერც  რეპრესიებმა ვერ შეარყია ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები მასობრივად ტოვებდნენ საბჭოთა კავშირის კომპარტიის რიგებს,  მანდატებს კი კოცონზე წვავდნენ.

9 აპრილის მოვლენების შემდეგ საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება ნომინალური გახდა. საბჭოთა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა. საბჭოთა კავშირის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მცდელობა, გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს 9 აპრილს გააფთრებული მომიტინგეების აგრესიისაგან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II  რუსმა სამხედროებმა იხსნეს, თვითონ უწმიდესისა და უნეტარესის  მკაცრმა განცხადებამ ჩაშალა:  "ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით გამომიყვანეს, ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა"[34, 1989, 2, 6].

უწმიდესი და უნეტარესი სინანულით აღნიშნავდა: "დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მან დაღუპა საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ XIX–XX საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულიერი დონის დაკნინებისა, სულმოკლეობისა, ურთიერთმტრობისა"[33, II, 113]. პატრიარქი გრძნობდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად დაქსაქსულ ქართველ ერში გაღრმავდებოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. მისი ინიციატივით, 1990 წლის 19 მარტს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა სიონის საპატრიარქო ტაძარში ერთიანობის ფიცი დადეს: "ამ დღეს იმძლავრა ჩვენში მიძინებულმა სიყვარულმა, შეერთდა დაქსაქსული ქართული სული, სინანულის მადლით განიბანა და თანადგომისა და თანაგრძნობის სურვილით აღვსილი ერთგულების ფიცით წარსდგა ღვთის წინაშე .... ღმერთმა ისმინოს მათი, ღმერთმა დალოცოს და შეკრას საქართველო. "[33, I, 115].

უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში აფრთხილებდა ქართველობას, ყოფილიყო მიმტევებელი, დიდსულოვანი და წინაპართა ღვაწლის დამფასებელი, რომ შეჯიბრი და ქიშპობა, ვინ უფრო კარგი ქართველია, ვის უფრო უყვარს ჩვენი სამშობლო, შეუწყნარებლობა განსხვავებული შეხედულებების მიმართ და გაცხარებული პოლემიკის დროს ერთმანეთის შემკობა სამშობლოს მოღალატის იარლიყით საქართველოს მომავლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. "თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგია მუდმივი თვითკონტროლი და მისი საშუალებით ცოდვის მონობისაგან თავის დაღწევა; თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე"[30, 429], - აღნიშნავდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

1989 წლის 9 აპრილიდან 1990 წლის ოქტომბრამდე საქართველოში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა იყო. ნომინალურად კვლავ ფუნქციონირებდა საბჭოთა სტრუქტურები: კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და მინისტრთა საბჭო, მაგრამ რეალური ძალაუფლება ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელში იყო. მათი მოთხოვნით, 1990 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სპეციალური დადგენილებით, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა შეაფასა როგორც ანექსია და ქვეყნის ოკუპაცია. ამავე დადგენილების საფუძველზე, საოკუპაციო ხელისუფლების მიერ შექმნილი სტრუქტურები ფაქტობრივად უკანონოდ გამოცხადდა და მათ თვითლიკვიდაციისაკენ გადადგეს  ნაბიჯი. 1990 წლის გაზაფხულამდე საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა ერთიანი იყო, ხოლო 1990 წლის 13–15 მარტს მოწვეულ ეროვნულ ფორუმზე გამოიკვეთა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ორი განსხვავებული ხედვა. ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში თავი იჩინა დაპირისპირებამ, რომელიც  კარგად გამოიყენეს ჯერ კიდევ ძლიერმა საბჭოთა სპეცსამსახურებმა. ეროვნული მოძრაობის ორი ძირითადი მიმართულება ურთიერთბრალდებებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. მათ ლიდერებს სურდათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას არჩევანი გაეკეთებინა ამ ორ მიმდინარეობას შორის. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მიიჩნევდა, რომ ეკლესია არის ერის მთლიანობის სიმბოლო, რომ ქართველები, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,  ეკლესიის სულიერი შვილები არიან. ეკლესია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკურ დაპირისპირებათა ადგილი. პატრიარქის სიტყვებით, "ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება."[30, 429].

სამწუხაროდ, პატრიარქის სიტყვას ისმენდნენ, მაგრამ ეიფორიაში მყოფი ადამიანები სხვა გადაწყვეტილებებს იღებდნენ. 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ საქართველოში დამარცხდა კომუნისტური ხელისუფლება და გაიმარჯვა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის იმ ფრთამ, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა. 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს. უზენაესი საბჭოს ამ ისტორიულ სხდომას მიესალმა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ახალმა ეროვნულმა ხელისუფლებამ დაიწყო კომუნისტური  სისტემის დემონტაჟი: 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რასაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა; 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა; ზვიად გამსახურდია 26 მაისს გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. როგორც მან განაცხადა, იწყებოდა საქართველოს გოლგოთა. ჯერ კიდევ არსებულმა საბჭოთა იმპერიამ საქართველოს წინააღმდეგ აამუშავა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: საინფორმაციო ომი, ეთნოკონფლიქტების ინსპირირება აფხაზეთსა და შიდა ქართლში, არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში ძირგამომთხრელი საქმიანობა. ამას დაერთო ხელისუფლების გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიათა მკვეთრი დაპირისპირება ეროვნულ ხელისუფლებასთან.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II გრძნობდა შექმნილი ვითარების სერიოზულობას. იგი საპატრიარქო რეზიდენციაში ხვდებოდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის, ინტელიგენციის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოუწოდებდა, რომ მოლაპარაკებათა გზით გადაეწყვიტათ არსებული უთანხმოებანი. საპატრიარქოში შეხვედრებზე მიწვეული პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები ისმენდნენ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის აზრს, რომ  "დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კი არ უპირიპირდება, არამედ, ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს. ნამდვილ თავისუფლებას თვითნებობა და თავაშვებულობა ცვლის, რომელიც ისევ ურცხვად იჩემებს თავისუფლების სახელს.."[30, 429], მაგრამ კვლავაც იმავეს აგრძელებდნენ. უწმიდესი და უნეტარესი აფრთხილებდა გაუთავებელი მიტინგებითა და ურთიერთბრალდებებით დამძიმებულ ქართველობას: "გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა დამღუპველია."[33, I, 114].

სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ვერ ითვალისწინებდა ისტორიის მწარე გაკვეთილებს. ჯერ კიდევ XV საუკუნის 40–50–იან წლებში, როდესაც ბიზანტიის იმპერია უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი აგრესიული ოსმალეთი გამოდიოდა. იმის ნაცვლად, რომ მოსალოდნელი საშიშროება გაეთვალისწინებინათ, ქართველი მეფე–მთავარნი ურთიერთდაპირისპირების ჭაობში გადაეშვნენ და შედეგად XVI–XVIII საუკუნეებში პროვინციებად დაშლილი, ირან–ოსმალეთის სათარეშოდ ქცეული საქართველო მივიღეთ. 1990–1991 წლებში, როდესაც საბჭოთა იმპერიამ საქართველოს სახით პირველი თავისუფლებისმოყვარე ურჩი რესპუბლიკა მიიღო და მის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა, ქართველობას ერთსულოვნება და მონოლითურობა სჭირდებოდა. ანტიქართული ისტერიის კოცონი გიზგიზებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ქართველობა ურთიერთდაპირისპირებისა და მიტინგების ფერხულში  ჩაება. ეროვნული ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, თუმცა ოპოზიციაც ვერასოდეს გაიმართლებს თავს იმით, რომ 1991 წლის 4 სექტემბრის ინციდენტითა და საპროტესტო მოძრაობის აღმავლობით დიდ ეროვნულ საქმეს ვაკეთებდითო.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კიდევ ერთხელ სცადა საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვა. "მიუხედავად იმისა, რომ სულსა და ხასიათში გვიზის სიჩქარე, სულსწრაფობა უნდა დავიოკოთ, ხომ ფაქტია, რომ ვჩქარობთ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ"[33, I, 114],  - აღნიშნავდა იგი. მან 1990 წლის სექტემბერში მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თავის რეზიდენციაში მიიწვია მოსალაპარაკებლად. მის უწმიდესობას თავისი ხელით ჩამოუწერია მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები: "1. ორივე მხარემ შეინარჩუნოს პოზიციები; 2. შეჩერდეს გამოსვლები; 3. პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, რომ ხალხი წავიდეს სახლებში; 4. დაინიშნოს უზენაესი საბჭოს სესია; 5. ტელევიზიაში დაინიშნოს ოპოზიციის საათი; 6. განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები; 7. აღიარებულ იქნეს ოპოზიცია."[27, 6605]. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა...

1991 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში დაიწყო უმართავი პროცესები, რომლებიც გადაიზარდა 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვრის  სამოქალაქო დაპირისპირებაში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სამხედრო ძალით იქნა დამხობილი. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მცდელობა, შეეჩერებინა ეს პროცესი, უშედეგო აღმოჩნდა. უწმიდესმა და უნეტარესმა 1991 წლის 23 დეკემბერს კიდევ ერთხელ მიმართა ქართველ ერს: "უმძიმესია დღევანდელი მდგომარეობა, საქართველო მისულია დაღუპვის პირამდე, იღვრება ქართველთა სისხლი, საქართველოს ემუქრება სამოქალაქო ომი. ვხედავთ რა დაძაბულ სიტუაციას, მოვუწოდეთ დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისაკენ, რათა მშვიდობიანი გზით გადაწყვეტილიყო პრობლემები, თავიდან აგვეცილებინა ძმათა სისხლისღვრა. დიალოგი მართლაც შედგა, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოიღო. ვგრძნობთ რა მომავალ მძიმე შედეგებს, საქართველოს ეკლესიის, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ დაპირისპირებულ მხარეებს: გამოიჩინეთ სიბრძნე და გონიერება, იგრძენით პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტოთ სადავო საკითხები, მომავალი თაობა დააფასებს თქვენს კეთილგონიერებას."[33, I, 275]. სამწუხაროდ, ერის სულიერი მამის შეგონება არც ამჯერად შეისმინეს.

სამოქალაქო დაპირისპირებამ საქართველოში არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი ცხოვრების ღრმა კრიზისიც გამოიწვია. "ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, – აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, – ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასათვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით. საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში, მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს, დაუპირისპირდა თაობები,  ოჯახის წევრები"[33, I, 425].

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ხელახლა შეუდგა ერის სულიერი   გამთლიანების რთულ პროცესს. ამავე დროს, პატრიარქმა საქართველოსათვის თავსმოხვეული ინსპირირებული კონფლიქტების პირობებში, როდესაც ქვეყანა რეალურად დადგა ისტორიული ტერიტორიების წართმევის საფრთხის წინაშე, ქვეყნის სათავეში სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე მოსულ ხელისუფლებას კი არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა, თვითონ იკისრა ახალი ქართული სახელმწიფოს საერო და სასულიერო მეთაურის მისია. მან ჯერ კიდევ 1992 წლის ოქტომბერში მიმართა რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს და აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაში ბრალი დასდო რუსეთის იმ ძალებს, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გაეროს გენერალურ მდივანს - ბატონ ბუტროს გალის მოსთხოვა, მსოფლიო თანამეგობრობას დაეცვა საქართველო რუსეთის აგრესიისაგან, ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს _ ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა აღკვეთილიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შეიარაღებული ბოევიკების შემოსვლა, რუსეთის სამხედრო ბაზებიდან საბრძოლო ტექნიკის შემოტანა და დაუფარავი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

სრულიად საქართველოს კათლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II გრძნობდა, რომ, თუ საქართველოში სამხედრო ხელისუფლების შემდეგ არჩევნების გზით მოსული ახალი ხელისუფლება არ გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს ეროვნული შერიგების, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების, საერთაშორისო აღიარებისა და საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ, საქართველოს ახლადშექმნილ სახელმწიფოს მომავალი არ ექნებოდა. პატრიარქი აფრთხილებდა იმ ადამიანებს, რომელთაც თავისუფლება ყველაფრის უფლებად მიაჩნდათ: "განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა "ყველაფერი ნებადართულია"-ს პრინციპს? ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელსდებენ და საშინელი ცოდვის მონობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?"[30, 429].

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვრის მოვლენების, 1992–1993 წლებში სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დატრიალებული ტრაგიკული Aმოვლენების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დაქუცმაცებულ საქართველოში ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების სიმბოლო იყო.

საქართველოსათვის ერთ–ერთ მტკივნეულ პრობლემად აფხაზეთის საკითხი იქცა. აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიზანი იყო საქართველოს დაქუცმაცება, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების მოსპობა და გარუსებული მხარის რუსეთის შიდაგუბერნიებთან ინტეგრირება.  რუსეთის ხელისუფლება მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე ასახლებდა შიდა გუბერნიებიდან წამოყვანილ მოსახლეობას, რითაც ავიწროვებდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. იგი ყოველთვის ცდილობდა ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებას. ის, რაც XIX საუკუნეში ვერ მოახერხა რუსეთმა, XX საუკუნის დასაწყისიდან წარმატებით განახორციელა. აფხაზების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ქართველთაგან გაუცხოების ტენდენცია. გარუსებული აფხაზებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა 1918–1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ იმ დროს საქართველოს მთავრობამ მოახერხა სეპარატისტული ტენდენციების აღკვეთა და საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის შენარჩუნება. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ავტონომიებად დაქუცმაცების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოსკოვის წაქეზებით,  ანტიქართულმა მოძრაობამ მიზანმიმართული ხასიათი შეიძინა. ამ დროს არაერთი წიგნი და სტატია დაიბეჭდა აფხაზების, გააფხაზებული ქართველებისა და რუსების ავტორობით, რომლებშიც გაყალბებული იყო აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის საკითხები. გაყალბებული ისტორია იქცა აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგიურ საფუძვლად. ქართველ ისტორიკოსებს უფლება არ ჰქონდათ, პასუხი გაეცათ ისტორიის გამყალბებლებისათვის. შეიქმნა პარადოქსული ვითარება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები 300000–ზე მეტი ქართველი განიცდიდა დისკრიმინაციას 80 ათასი აფხაზისაგან. აფხაზობა პრივილეგიად იქცა. ბევრმა ქართველმა ვერ გაუძლო წნეხს და გააფხაზდა. გულია, ლასურია, ლაბახუა, კანია, წერეთელი, აბაშიძე, ვახანია, ჯანჯალია და სხვა ძირძველი ქართული წარმოშობის გვართა მქონენი აფხაზებად მოგვევლინენ. ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ქართული მოსახლეობის მცირედმორწმუნეობის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე მძლავრობდა რუსული მრევლი, რომელსაც არ სურდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოფნა. რელიგიის საქმეთა რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ა. ლაგვილავა აქტიურად თანამშრომლობდა სეპარატისტულ ძალებთან და ცდილობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის შესუსტებას.

საქართველოში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პარალელურად აფხაზეთში კიდევ უფრო ძლიერდებოდა სეპარატისტული ტენდენციები. მოსკოვის მხარდაჭერით აფხაზებს ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია, აფხაზური უნივერსიტეტი. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შეფასებისას, როდესაც ქართველ დეპუტატებს მოსკოვში  სრული  მხარდაჭერა გამოუცხადეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა, უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველოს დელეგაციაში მყოფმა აფხაზებმა და ოსებმა რუსეთის რეაქციული ძალების პოზიცია დაიკავეს.  ხელოვნურად შექმნილი ხიდჩატეხილობა სახეზე იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის  შემდეგ (1991 წ. 9 აპრილი) აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა რუსეთის მხარდაჭერით დაიწყეს ჯერ პროვოკაციები, ხოლო 1992–1993 წლებში _ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციები. მათ ისარგებლეს საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობით და რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილებისა და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დახმარებით დაიწყეს ქართველთა მასობრივი ხოცვა–ჟლეტა.  მისმა უწმიდესობამ საგანგებო წერილით მიმართა აფხაზებს: "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს იმის გამო, რომ საქართველოში, კერძოდ _ აფხაზეთში, კვლავ იღვრება სისხლი გარეშე ძალების ჩარევით. ეს ის ძალები არიან, რომელნიც ასაზრდოებენ ცენტრიდანულ ელემენტებს, ისინი კი, უტოპიური იდეებით შეპყრობილნი, მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას; მაგრამ ეს ცდები ამაოა. აფხაზეთი ისეთივე განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, როგორც ქართლი, იმერეთი, სამეგრელო... საუკუნეთა მანძილზე ჩვენ და აფხაზი ხალხი ვცხოვრობდით ერთად და კვლავაც ვიცხოვრებთ, ჩვენ გვაკავშირებს არა მარტო ერთი მიწა-წყალი, არამედ _ ნათესაური კავშირი და ურთიერთპატივისცემა. მამაშვილური სიყვარულით მივმართავ ყველას: ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რომლისაც მერე შეგრცხვებათ, ვიცხოვროთ დალოცვილ საქართველოში ერთად, მშვიდობითა და თანხმობით"[34, 1995, 1, 102].

რუსეთის რეაქციულ ძალებს საუკეთესო შესაძლებლობა მიეცათ, შური ეძიათ საქართველოზე 1993 წლის 27 სექტემბერს. ისინი სოხუმში შეიჭრნენ და არნახული ბარბაროსობა დაატრიალეს აფხაზეთის მიწა–წყალზე: დახოცეს ათასობით ქართველი, დაარბიეს ეკლესია–მონასტრები, კომანში დახვრიტეს მღვდელი ანდრია ყურაშვილი, 300 ათასი ქართველი,  ცხუმ–აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად, საკუთარი სამშობლოდან გამოაძევეს და ლტოლვილებად აქციეს. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ჩამოაშოროს ეს ძირძველი ქართული კუთხე. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრობლემები, რომელნიც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში არსებობს, დაკავშირებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან; საქართველო არასოდეს შეურიგდება ამ ტერიტორიების დაკარგვას; რუსეთს სამხრეთი საზღვრების სტაბილურობისათვის ერთიანი საქართველო უნდა სჭირდებოდეს.

პატრიარქი თავის ეპისტოლეებში არაერთხელ შეეხო აფხაზეთის საკითხს. მისი უწმიდესობა მოუწოდებს განსაცდელში ჩავარდნილ ქართველობას, არ გაბოროტდეს: "სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია – ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, უფალს განგვაშორებს."[33, II, 141]. მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა–კურთხევით, ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება გადანაწილებულია იმ ეპარქიებში, რომლებშიც ლტოლვილები ცხოვრობენ. პატრიარქი ხვდება მათ, ამხნევებს და აფასებს მათ თავდადებას, სამშობლოს თავისუფლებისათვის ზვარაკად შეწირულთათვის იხდის სულის მოსახსენებელ პანაშვიდებს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მიანიშნებს აფხაზეთიდან დევნილებს, რომ ერთიანობა, უფლისა და სამშობლოს სიყვარული არის ის მთავარი, რამაც უნდა დაგვაბრუნოს აფხაზეთში.

ქართველთა ურთიერთდაპირისპირებამ და გაუტანლობამ დიდი როლი შეასრულა აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაში. ისტორიის გაკვეთილები იმისათვის გვჭირდება, რომ აღარ გავიმეოროთ შეცდომები. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით არაერთი წიგნი გამოვიდა აფხაზეთზე, მის წარსულსა და მომავალზე, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები, რომელთა მიზანი ერთია - პასუხი გაეცეს ისტორიის გამყალბებლებს, მოინახოს აფხაზეთთან მეგობრული ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის გზები, რათა ქართველებმა და აფხაზებმა  მეგობრულად იცხოვრონ ერთიან საქართველოში, როგორც ეს იყო ისტორიულად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებული ყურადღებითაა გამსჭვალული სამეგრელოს რეგიონის მიმართ. სამეგრელოს მოსახლეობა ბოლშევიკურ–ათეისტური მმართველობის ხანაშიც ახერხებდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ტრადიციების დაცვას. 1992–1993 წლების სამოქალაქო ომმა ყველაზე დიდი უბედურება სამეგრელოს დაატეხა თავს.  სამხედრო გადატრიალების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ვერასოდეს გაიმართლებენ თავს ისტორიის წინაშე იმ განუკითხაობისა და თანამოძმეთა ძარცვა–რბევის გამო, რომელიც ამ კუთხის მცხოვრებთა თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საგანგებოდ მიმართა საქართველოს უძველესი კუთხის - სამეგრელოს მკვიდრთ: "ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერნო შვილნო, მრავალგზის ყოფილა საქართველო განსაცდელში, მაგრამ, ღვთის მადლით და ძალით, ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოსულა გაჭირვებიდან. მსგავს შემთხვევებში ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხე, სამეგრელო, განსაკუთრებით იცავდა საქართველოს მთლიანობასა და დამოუკიდებლობას... საჭიროა ჩვენი ერის ერთსულოვნება, საქართველოს მთლიანობა, ურთიერთმიმტევებლობა, ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ და საკუთარ თავზე  გამოვცადეთ, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა შენდობისა და მიტევებისა, ბოროტება აძლიერებს და ამძლავრებს ბოროტებას. მისი მკურნალი მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, ესაა ქრისტიანობა... უნდა გვახსოვდეს, რომ ერისათვის გადამწყვეტ ისტორიულ პერიოდში მუდამ მძაფრდებოდა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ახლაც ასეთი ჟამი უდგას საქართველოს.... ამან არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დაგვაბრკოლოს. მე მჯერა, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს და მშვიდობა, რწმენა და სიყვარული კვლავ დაისადგურებს ჩვენს გულებსა და მთელ საქართველოში."[33, II, 427].

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პატრიარქობის პერიოდში სამჯერ იმოგზაურა სამეგრელოში (1989, 1998, 2007 წლებში), მოილოცა ყველა ეკლესია–მონასტერი, ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში შეხვდა საზოგადოებრობის წარმომადგენლებს, ინახულა აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტრაგიკულად აღსრულებული ჟიული შარტავას მშობლები, ანუგეშა ისინი და კიდევ ერთხელ გაიხსენა აფხაზეთის ომში დაღუპულნი, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მებრძოლნი, რომელთა ღვაწლიც დიდია ღვთისა და სამშობლოს წინაშე. თუ 1977 წელს სამეგრელოს რეგიონში მხოლოდ ერთი - ჭყონდიდის ეპარქია იყო, პატრიარქის ღვაწლით, 2007 წლისათვის მოქმედ ეპარქიათა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, წმინდანებად შეირაცხნენ ამ კუთხის ღირსეული შვილები: დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და მოძღვარი გიორგი ჭყონდიდელი, ცოტნე დადიანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, ბერი ალექსი შუშანია. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ცდილობს შეუმსუბუქოს, განუქარვოს სამეგრელოს მკვიდრთ გადატანილი მწუხარება და ტკივილი.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში სამსახური დაიწყო 1960 წელს აჭარაში, ბათუმის საკათედრო ტაძარში. იქ მსახურების პერიოდში მან კიდევ უფრო ახლოს გაიცნო აჭარა, ამ კუთხის ტრაგიკული ისტორია შუა საუკუნეებში. სწორედ აჭარიდან გადმოვიდა ქრისტეს მოწაფე ანდრია პირველწოდებული აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად. შუა საუკუნეებში აჭარაში გამორჩეული იყო თუხარისის, ასიზის, ფორთას, ანჩის, ნინოწმიდის, ტბეთის, ბანას, სოტიროპოლის საეპისკოპოსოები; მაგრამ XVI საუკუნიდან, ოსმალთა მძლავრობით, ამ კუთხეში დაიწყო ქრისტიანული კერების მოსპობა და მოსახლეობის გამაჰმადიანება. XIX საუკუნის 70–იან წლებში აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გამაჰმადიანებული იყო. ქართველი ხალხის საუკეთესო შვილები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი,  გიორგი ყაზბეგი, დიმიტრი ბაქრაძე, ზაქარია ჭიჭინაძე - ყველაფერს აკეთებდნენ, რათა აჭარის ქართველობას, სარწმუნოებრივი გაუცხოების მიუხედავად, მოეხერხებინა მჭიდრო კავშირი დანარჩენ საქართველოსთან.

1917 წლის 9–17 სექტემბერს ჩატარებულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველმა საეკლესიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმ–შემოქმედის ეპარქიის შექმნის შესახებ. ეპარქია არსებობდა 1930–იან წლებამდე, ხოლო 50–იანი წლებიდან ისევ აღორძინდა. ეპარქიას სხვადასხვა დროს განაგებდნენ მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე, ეფრემ სიდამონიძე, რომანოზ პეტრიაშვილი. 1963 წელს, წმიდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი ილია აღყვანილ იქნა ბათუმ–შემოქმედელი ეპისკოპოსის ხარისხში; მეუფე ილია 1967 წლის 1 სექტემბრამდე განაგებდა აღნიშნულ ეპარქიას. ამ დროს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებისათვის. როდესაც მიტროპოლიტი ილია გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, თავის სამუშაო დღიურში, უპირველეს საქმეთა შორის, აჭარაში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის ზრუნვა ჩაინიშნა. უწმიდესისა და უნეტარესის  ლოცვა–კურთხევით, ეპარქიაში სხვადასხვა დროს მოღვაწე მღვდელმთავრები - შიო (ავალიშვილი), კონსტანტინე (მელიქიძე), იობი (აქიაშვილი), დიმიტრი (შიოლაშვილი) - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოსახლეობაში მისიონერულ საქმიანობას.

1989 წლის 19 აპრილს აჭარაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ჩავიდა აჭარაში, მოინახულა სტიქიის ზონა, ანუგეშა ხალხი: "მე მოვალედ ჩავთვალე თავი, მოვსულიყავი ამ ადგილზე და თანაგრძნობა მეთქვა თქვენთვის... აჭარა საქართველოს უძვირფასესი კუთხეა. აქ იყვნენ პირველი ქრისტიანები. გახსოვდეთ, არასოდეს არ გვჭირდებოდა ერთიანობა ისე, როგორც გვჭირდება დღეს. ერთად უნდა ვიყოთ. იმ ტრაგედიის წუთებიდან მთელი საქართველო თქვენთან იყო, ასევე - ეკლესიაც. ასე უნდა ვიყოთ სულ... უნდა გითხრათ, რომ გუშინ საოცარი დღე იყო. ხუთი ათასზე მეტი კაცი მოინათლა ბათუმში. ვისაც გსურთ, აქაც მოგნათლავთ, გამოვგზავნი მღვდელმთავრებს, თუ საჭირო იქნება, მეც ჩამოვალ და მოგნათლავთ. ნათლობა ეს არის სულის გადარჩენა..."[34, 1998, 1, 60].

უწმიდესისა და უნეტარესის ამ  მიმართვას საოცარი ფერისცვალება მოჰყვა - აჭარაში  დაიწყო ქრისტიანობისაკენ მოსახლეობის შემობრუნების პროცესი. საქართველოს სულიერი მწყემსმთავრის სიტყვები – ხშირად განსაცდელი მშვიდობისა და კეთილდღეობის წინამორბედიაო – აჭარის მოსახლეობისათვის დიდ ნუგეშად იქცა.

უწმიდესი და უნეტარესი 1990–2007 წლებში არაერთხელ ეწვია აჭარას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 2003 წელი, როდესაც მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I-თან ერთად იმოგზაურა აჭარაში. უწმიდესმა ბართოლომეოს I-მა განცვიფრება ვერ დამალა, იმდენად დიდი იყო სხვაობა მისი პირველი ვიზიტის შემდეგ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აჭარაში 1726 წელს ქრისტეს რწმენის ერთგულებისათვის მუსლიმანი თურქების მიერ წამებული ქართველნი წმინდანებად შეირაცხნენ. წმინდანთა დასს შეემატა აგრეთვე აბუსერიძე ტბელი.

აჭარამ ბევრ განსაცდელს გაუძლო და დედასამშობლოს, ქრისტიანული რწმენის დარაჯად დარჩა.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებითა და ინტერესით ადევნებდა თვალს ისტორიული საქართველოს იმ ნაწილის ცხოვრებას, რომელიც დღეს თურქეთის საქართველოდ - ტაო–კლარჯეთ-ლაზეთად არის ცნობილი. შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ–სულიერი და კულტურულ–საგანმანათლებლო ცხოვრების ისტორიაში განსაკუთრებულია ტაო–კლარჯეთის როლი. თითოეულმა წიგნიერმა ქართველმა იცის არტანუჯის, ოპიზის, ხანძთის, შატბერდის, პარეხის, ბერთას, წყაროსთავის, ანჩის, ოშკის, იშხანის, ხახულის, ბანას ეკლესია–მონასტრები, პატივს სცემს იქ მოღვაწე სასულიერო პირებს, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. ტაო–კლარჯეთის ეკლესია–მონასტრების, წმიდა ხატების, უნიკალური საეკლესიო წიგნების გარეშე ხომ წარმოუდგენელია საქართველოს ისტორია. ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე იყო 14 საეპისკოპოსო: მაწყვერელის, კუმურდოელის, იშხნელის, ანჩელის, მტბევარის, წურწყაბელის, ერუშნელის, ვალაშკერტელის, ანელის, კარელის, ბანელის და დადეშნელის, არზრუმელის... XVII საუკუნის 60–იან წლებში ეს საეპისკოპოსოები გააუქმეს ოსმალებმა. "ეპისკოპოსნი ივლტოდიან კვალადცა, რომელთა არა ინებეს გამაჰმადიანება: ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს"[39, 287], -  დანანებით წერდა ვახუშტი ბაგრატიონი.

XIX საუკუნეში ისტორიული ტაო–კლარჯეთის ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს... 1921 წელს კი, საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტური თურქეთის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით, ტაო–კლარჯეთი და ლაზეთი თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში გადავიდა...

საბჭოთა იმპერიის პერიოდში ისტორიულ ტაო-კლარჯეთთან დაკავშირება თითქმის წარმოუდგენელი იყო. გასული საუკუნის 70–იან წლებში კინოოპერატორებმა გურამ პატარაიამ და ირაკლი ონოფრიშვილმა ნახევრად არალეგალურად მაინც მოახერხეს ტაო–კლარჯეთის სიწმინდეთა გადაღება. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა-კურთხევით წმიდა სინოდმა 1978 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაწყვერელის ეპარქიის ნაცვლად შექმნილიყო ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის ეპარქია, ხოლო წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ახალციხის ეპისკოპოსის სამწყსოს დაემატა ტაო–კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია, რომელიც აერთიანებს ამ ტერიტორიაზე ისტორიულად არსებულ 14 საეპისკოპოსოს. სინოდის ამ განჩინებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქცია განივრცო ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოსა და თურქეთს შორის დამყარებული კეთილმეზობლური ურთიერთობის პირობებში შესაძლებელი გახდა ტურისტულ ჯგუფებში გაერთიანებულ მომლოცველთ მოელოცათ ტაო–კლარჯეთის ქართული სიწმინდენი, შეხვედროდნენ თურქეთის ქართველობას.

2003 წელს უწმიდესი და უნეტარესი ილია II სინოდის წევრებთან ერთად ესტუმრა ტაო–კლარჯეთს, მოილოცა ხახულის, ოშკის, იშხნის მონასტრები. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I–თან, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქ პეტრე VII–სთან ერთად იმყოფებოდა ისტორიულ კაბადოკიაში. პირველად, მრავალი საუკუნის  შემდეგ, წირვა–ლოცვა აღევლინა წმიდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში. წირვას უმეტესად ქართველი მრევლი ესწრებოდა. ყველანი გრძნობდნენ ისტორიული მომენტის სიდიადეს. აღელვებული იყო უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ც. "წმიდა მამები ამბობენ, რომ არსებობს სულთა კავშირი, – ბრძანა მან, – და ჩვენ გვწამს, რომ დღეს, ჩვენთან ერთად, აქ იმყოფებიან წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ბასილი დიდისა და სხვათა, კაბადოკიელ მამათა და დედათა სულები. აღვავლენთ ლოცვებს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს ჩვენს შორის."[34, 2005, 2, 14].

მსოფლიოს ასამდე ტელევიზია იღებდა ლიტურგიის მსახურებას, მილიონობით ადამიანი უყურებდა ამ ეკლესია–მონასტრების ისტორიულ პატრონებს _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქსა და იმ ქართველებს, რომლებიც მას ახლდნენ. თურქეთის ქართველობას დედასამშობლოსთან სიახლოვის, ქართველობით გამოწვეული სიამაყის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით, საქართველოში გაიმართა თურქეთში მცხოვრები ქართველების  (ჩვენებურების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი. თურქეთის ქართველობა დედასამშობლოს, წინაპართა მიწის ყივილს გრძნობს... უწმიდესი და უნეტარესი ილია II არასოდეს არ ივიწყებს მათ: "განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობებით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლითა და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში; ნუ დაივიწყებთ, ვინა ხართ, გახსოვდეთ ღვთისგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე შენარჩუნებული წმინდა ქართული ტრადიციები... ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღედაღამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის."[33, II, 406].

ისტორიული უკუღმართობით 1921 წლიდან აღმოსავლეთ კახეთის ნაწილი _ ჰერეთი (საინგილო) _ საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩა. ეს კუთხე საქართველოს ისტორიაში ცნობილი იყო ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავდადებითა და ჩრდილო კავკასიაში წარმოებული მისიონერული საქმიანობით. აქ მოქმედი ქურმუხისა და გიშის საეპისკოპოსოები დიდ როლს ასრულებდნენ ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში. XVI საუკუნეში ირანელთა მხარდაჭერით  ამ ტერიტორიაზე მძლავრობენ ლეკები, "ლეკიანობასთან" ბრძოლა გაგრძელდა XVIII–XIX საუკუნეებშიც.

1917 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ისტორიული ჰერეთის - საინგილოს სამწყსო ბოდბელის ეპარქიაში შედიოდა. 1921 წლიდან, აგრესიული ათეიზმის ხანაში, აზერბაიჯანის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არაერთი ეკლესია–მონასტერი დაანგრია საინგილოში, დახოცეს სასულიერო პირები. მიუხედავად იმისა, რომ ინგილოთა ნაწილი მაჰმადიანია, ისინი თავიანთ თავს ქართველებად თვლიან და იმედის თვალი საქართველოსკენ აქვთ მოპყრობილი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საინგილოში სამოღვაწეოდ გაუშვა სასულიერო პირები, ხოლო 1997 და 2005 წლებში კავკასიის მუსლიმანთა საბჭოს თავმჯდომარის შეიხ ალახ შუქურ ფაშა ზადეს მიწვევით ორჯერ იმოგზაურა საინგილოში. უწმიდესმა და უნეტარესმა მოილოცა კახის, ბელაქნის, ზაქათალის რაიონებში არსებული ქართული ეკლესია–მონასტრები, შეხვდა და ესაუბრა მოსახლეობას, გადასცა მათ საეკლესიო წიგნები, ხატები.    უწმიდესი და უნეტარესი ასე აღწერდა საინგილოში სტუმრობას: "ყველა სოფელში, სადაც კი მივედით, ხალხი ანთებული გულებით, ანთებული სანთლებითა და პურ–მარილით გვხვდებოდა. ბევრი მათგანი სიხარულისგან ტიროდა. მთავარი ის იყო, რომ დედასამშობლოს მოწყვეტილმა იქაურმა ქართველებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ავბედობის გამო ახლა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, იგრძნეს, რომ ისინი უპატრონონი არ არიან... ხშირად მესმოდა, როგორ ამბობდნენ: ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ გვინდოდა დაგვენახა საქართველოს პატრიარქიო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ სჭირდებათ, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ჩვენს ყურადღებასა და გულის სითბოს საჭიროებენ."[34, 1988, 4, 24].

პატრიარქის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 17 ოქტომბერს შეიქმნა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია, რომელიც ისტორიული ჰერეთის ტერიტორიასაც მოიცავს.

2001 წელს ირანის პრეზიდენტის მუჰამედ ჰათამის მიწვევით ირანში ვიზიტისას მისმა უწმიდესობამ მოინახულა ფერეიდანი, შეხვდა იქაურ ქართველობას და გაამხნევა ისინი. პატრიარქის ფერეიდნიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოაშურა არაერთმა იქაურმა ქართველმა. სამშობლოში ჩამოსული ფერეიდნელების პატრონი და მასპინძელია მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II. ფერეიდნელი ქართველები მის უწმიდესობას ოცნების საქართველოდან ჩამოსულს უწოდებენ. მისი უწმიდესობა ხშირად იმეორებს ფერეიდნელთა საოცარ ლოცვას _ "ღმერთს ებარებოდეთ".

უწმიდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობდა მესხეთის პრობლემებზე. XX საუკუნის 70–იან წლებში ამ კუთხეში წირვა–ლოცვები აღესრულებოდა სომხურ მონოფიზიტურ და კათოლიკურ ეკლესიებში, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია საერთოდ არ ფუნქციონირებდა. მესხეთ–ჯავახეთი, როგორც საბჭოთა კავშირ-თურქეთის სასაზღვრო ზონა, მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. აწყურის იქით გადასვლა სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იყო. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში ჩაეწერა, რათა დაუბრკოლებლად გადასულიყო სამცხე–ჯავახეთში. მისი ძალისხმევით მოხერხდა წმიდა მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ამოქმედება ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში. 1988 წლის ივლისში პატრიარქმა სასულიერო და საერო პირებთან ერთად იმოგზაურა სამცხე–ჯავახეთში. თუ რას წარმოადგენდა მაშინდელი მესხეთი, კარგად ჩანს მისი უწმიდესობის სიტყვიდან: "ჩვენს პერიოდში გაუგებრობითა და წარსული კულტურისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებით, რაც მტრებს გადაურჩა, ჩვენ გავანადგურეთ. ფაქტია, რომ დღევანდლამდე, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ახალციხეში უკანასკნელ პერიოდში ეპარქიის აღდგენას, ამ უძველეს კულტურულ სამყაროში ერთი ეკლესიაც არ მოქმედებდა... საქართველო იქაა, სადაც ღმერთს ქართულ ენაზე ადიდებენ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს საერთო საზრუნავი: სამშობლოს ბედნიერება, ხალხის კეთილდღეობა. ამაში ეკლესიას ძალიან ბევრი შეუძლია."[34, 1988, 4, 41-42].

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამცხე–ჯავახეთის ყველა ეკლესია–მონასტერი მოილოცა, შეხვდა ქართველ კათოლიკეებს, მონოფიზიტ სომხებს. მან ამ სიტყვებით მიმართა ქართველებს: "ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მიწა–წყალი თქვენი საპატრონოა, რადგან იგი თქვენი იყო და არის. თქვენ ცხოვრობთ იქ, სადაც დაიწყო ჩვენი ქრისტიანობა, ქართული კულტურა... უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ რწმენა, რომელიც გადმოგცეს წინაპრებმა, არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ. ამ რწმენამ გადაგარჩინათ თქვენ და მთლიანად საქართველო. ამიტომ გარჯა, მოვლა–პატრონობა და თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება ყველაფერს. ვინც ეს დაივიწყა და მიატოვა მამა–პაპის კერა, ნაანდერძევი სარწმუნოება, ის გადაგვარდა; რწმენის დაკარგვას ეროვნების დაკარგვა მოსდევს."[33, II, 275-276].

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფარავნის ტბასთან, იქ, საიდანაც მოციქულთა სწორი წმიდა ნინო წამოვიდა ვაზის ჯვრით მცხეთაში, დაეფუძნებინა მონასტერი.  იმ დროს ეს გადაწყვეტილება ოცნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მოხერხდა როგორც მამათა, ასევე დედათა მონასტრების დაფუძნება. უწმიდესი და უნეტარესი იხსენებს: "1988 წლის ივლისში სამცხე–ჯავახეთში ვიმოგზაურე და წმიდა ადგილები და ტაძრები დავათვალიერე, გადავწყვიტე, რომ  ამ მხარეში რამდენიმე ტაძარი და მონასტერი უნდა აშენდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება ფარავნის ტბამ მიიპყრო, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა წმიდა ნინოს ძალა და მადლი. საერო ხელისუფლებისაგან მივიღე ნებართვა იმის თაობაზე, რომ ტბის იმ ნაპირზე, სადაც წმიდა ნინო ბრძანდებოდა, საეკლესიო ცენტრი აშენდეს. აქვეა სოფელი ფოკა, რომელშიც მე-11 საუკუნეში აგებული წმიდა ნინოს სახელობის მშვენიერი ბაზილიკა დგას, ნახევრად დანგრეული, ქართული ასომთავრული წარწერებით დამშვენებული. სამწუხაროდ, სოფელში არც ერთი ქართველი არ ცხოვრობს, რომ ამ წმიდა ეკლესიაში სანთელი მაინც აანთოს. წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაული, რომელიც პირველ ივნისს დაწესდა, ყოველ წელს ზეიმით უნდა ჩავატაროთ ფარავნის ტბასთან."[30, 97].

ჯავახეთის ძირძველ მიწაზე ქართული წირვა–ლოცვა აღდგა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II 2007 წლის ივლისში კვლავ იმყოფებოდა სამცხე–ჯავახეთში, მოილოცა იქაური სიწმინდენი და კმაყოფილი დარჩა იქაური ეკლესია–მონასტრების საქმიანობით. ქართველი მორწმუნენი ყოველწლიურად მოგზაურობენ წმიდა ნინოს გზაზე.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ხშირად სტუმრობს იმერეთს, რაჭა–ლეჩხუმს, სვანეთს. ქუთაისი, ცაგერი, მესტია და ამბროლაური სიყვარულითა და მოწიწებით ეგებება თავის სულიერ წინამძღოლს. პატრიარქის სიტყვა, მისი მოწოდება რწმენის სიდიადის, სამშობლოს სიყვარულის, წინაპართა ტრადიციების დაცვის თაობაზე ძვირფასია თითოეული ქართველისათვის. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სვეტიცხოვლობას სრულდება დიდი ნათლობა, ინათლება ათასობით ქართველი. "ნათლობით ადამიანი ხელახლა იბადება, ეკლესიის წევრი და ქრისტეს ნაწილი ხდება, თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისაგან, ისე _ ყველა სხვა ცოდვისაგან, აღსდგება მასში ხატება ღვთისა, ენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი"[30, 117]..

პატრიარქი წარმოშობით მთის შვილია, მთები და აქაფებული თერგი თავისკენ იზიდავს მას. როდესაც საქმე ხევში წასვლას ეხება, მისთვის არ არსებობს დაღლა და მოუცლელობა.  ხევში  არ არის სოფელი, სალოცავი, სადაც პატრიარქის ღვაწლით წირვა–ლოცვა არ აღესრულებოდეს. დარიალის ხეობაში, რუსეთ–საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, უწმიდესის ლოცვა–კურთხევით შენდება წმიდა მთავარანგელოზთა - მიქაელისა და გაბრიელის - სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავისი დანიშნულებით მრავალმხრივი დატვირთვის იქნება: იგი იქცევა კარიბჭედ და, ამავე დროს, პირველ მასპინძლად ჩრდილოეთიდან საქართველოში შემოსულთათვის და ყველა თავიდანვე იგრძნობს, რომ ისინი ქრისტიანულ ქვეყანას ესტუმრნენ.

უწმიდესი და უნეტარესი აუცილებლად შეივლის ხოლმე სოფელ სნოში, საგვარეულო სასაფლაოზე სანთლებს აანთებს, პარაკლისს  გადაიხდის, დიდი წინაპრის - შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში შეხვდება სოფლის მცხოვრებთ, მოილოცავს გერგეთის სამებას, მონასტრის ეზოდან თვალს მოავლებს მარადიული თოვლით დაფარულ მყინვარწვერს, სტეფანწმიდას, დარიალის ხეობაში ხმაურით მიმავალ თერგს, გაიხსენებს დიდ თერგდალეულთ და ახალი ენერგიით აღვსილი გამოეშურება სატახტო ქალაქისაკენ. 2007 წლის ოქტომბერში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხევში აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ახლადაშენებული ეკლესია, ისაუბრა სახელოვანი წინაპრის დიდ ღვაწლზე.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II სულიერად, ზნეობრივად განსპეტაკებული ძლიერი საქართველოს სიმბოლოა. ოცდაათი წელია იგი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელია. ურთულესი, უმძიმესი ოცდაათი წლის მანძილზე პატრიარქი ერთგულად ემსახურება იმ იდეალებს, რომლებიც წმიდა ილია მართალმა `მამულის, ენის და სარწმუნოების“ დროშით გააერთიანა. XX საუკუნის მიწურულს, 1991 წელს, საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გახდა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. დღის წესრიგში დადგა  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის – ნატოს - წევრობა, კიდევ უფრო დაჩქარდა ქვეყნის ევროპიზაცია და ამერიკანიზაცია. საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსოფლიო გლობალურ პროექტებში, გლობალიზაცია კი დღის წესრიგში აყენებს ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც სრულ ჰარმონიაში იქნება დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ღირებულებებთან. ასეთ ვითარებაში სულ უფრო მძლავრობს ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, ვინაიდან ნიჰილისტები და კოსმოპოლიტები მიიჩნევენ, რომ, რაც მალე განთავისუფლდება ქართველი საზოგადოება ტრადიციული ეროვნული ფასეულობებისაგან,  მით უფრო გაგვიადვილდება ევრო–ამერიკულ სივრცეში ინტეგრაცია. ამის დასტურია საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის  სწავლების ახალი პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებშიც ყურადღება მახვილდება მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. ქართული ენის სამოქმედო არეალის თანდათან შემცირება, ფუნდამენტური მეცნიერებების დაყვანა მხოლოდ ტურისტულ–საექსკურსიო მომსახურეობის განათლების დონემდე, სავალალო შედეგებს გამოიღებს.  გლობალიზაციის პირობებში ჩვენ თავს ვერც ძლიერი ეკონომიკით, ვერც სამხედრო შესაძლებლობებითა თუ მრავალრიცხოვნებით ვერ დავიმკვიდრებთ. მართლმადიდებელი ეკლესიის, მართლმადიდებლობის, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, უნიკალური ქართული ტრადიციების ერთგულება და პატივისცემა არის ჩვენი ეროვნული გადარჩენის საფუძველი. ეს კარგად ესმის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პაატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს. იგი ეკლესიის დანგრევის და მასში რეფორმატორული იდეების მქადაგებელ კოსმოპოლიტებს შეახსენებს: "სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი. სამშობლოს გაფრთხილება სჭირდება."[33, I, 191].

-------------------------------------------------------------

წყაროები და ლიტერატურა:

 

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3

 

სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 15 November 2011 13:06)