კოდრატოსს ევსევი კესარიელი და იერონიმე უწოდებენ "მოციქულთა მოწაფეს" (ფრაგ. 5, 6, 7) და გამორჩეული "გონიერებისა და სამოციქულო მართლმადიდებლობის" ადამიანს (2). თუმცა სხვა წყაროებში ან კოდრატოსის შემორჩენილ ფრაგმენტში (2), მისი მოციქულებთან კავშირის შესახებ არაფერია ცნობილი. კოდრატოსს ზოგჯერ მიიჩნევენ სამოცდაათთაგან ერთ-ერთ მოციქულადაც, მაგრამ ეს არ ემყარება სათანადო ცნობებს, რადგან კოდრატოსის სახელი არც უპირველეს წყაროში, ახალ აღთქმაში დასტურდება, არც იპოლიტე რომაელის თხზულებაში, ქრისტეს სამოცდაათი მოციქულის შესახებ, არც რომელიმე სხვა სანდო ისტორიულ წყაროში.

კოდრატოსი ათენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული1 პუბლიუს ათენელის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ (3) და ათენის ეკლესიას ოთხი წლის განმავლობაში (125-129 წწ.) ხელმძღვანელობდა. თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობითა და მგზნებარე ქრისტიანული მოშურნეობით კოდრატოსს მოუგვარებია ეკლესიაში არსებული განხეთქილება და ორი დაპირისპირებული მხარე შეურიგებია (3, 6).

კოდრატოსი იყო პირველი ქრისტიანი, რომელმაც ქრისტიანობის დასაცავად აპოლოგეტური ნაშრომი დაწერა2, რის შემდეგაც მას სხვებმაც მიბაძეს (2). იერონიმე ამ თხზულებას ახასიათებს, როგორც აღმაფრთოვანებელსა და მეტად სასარგებლოს, აღსავსეს დასაბუთებებითა და რწმენით, და ღირსს სამოციქულო მოძღვრებისა (7, 6). კოდრატოსმა ნაშრომი გადასცა იმპერატორ ჰადრიანუსს (117-138 წწ.), როდესაც ეს უკანასკნელი ათენში, დაახლოებით 123-124, 124-125 ან 129 წწ.,3 ელევსინის მისტერიების დღესასწაულზე იმყოფებოდა (5, 6, 7). ამ ნაშრომის გავლენით, უფრო მეტად კი, სავარაუდოდ, ლეგატ სილვანუს გრანიანუსის წერილების საპასუხოდ, იმპერატორმა გამოსცა ბრძანება და გაუგზავნა იგი პროკონსულ გაიუს მინუციუს ფუნდანუსს, რომლის თანახმადაც ქრისტიანები არ უნდა დასჯილიყვნენ ჩადენილი დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებების გარეშე (5). ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორიის წყალობით ჩვენამდე მოაღწია მინუციუსისადმი გაგზავნილმა ჰადრიანუსის ბრძანების ტექსტმა4.

კოდრატოსის ნაშრომი ევსევი კესარიელის დროს მეტად გავრცელებული იყო (2). მისი უკანასკნელი დამოწმება ხდება VI ს-ში, ევსევი თესალონიკელსა და ბერ ანდრიას შორის მიმდინარე კამათისას. თხზულება დაკარგულია. ტექსტიდან შემორჩენილია მხოლოდ ერთი ნაწყვეტი, რომელსაც იმოწმებს ევსევი კესარიელი, რათა დაადასტუროს, რომ ნაშრომის ავტორი ძველ დროში მოღვაწეობდა (2). ამ ფრაგმენტში კოდრატოსი მიუთითებს, რომ ისინი, ვინც მაცხოვარმა სასწაულებრივად განკურნა ან მკვდრეთით აღადგინა, მის (კოდრატოსის) დროსაც ცოცხალნი იყვნენ. კოდრატოსის მოღვაწეობის ხანაში მრავალად იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველები და თაღლითები და, როგორც ითვლება, ამ დასაბუთებას მან იმის დამამტკიცებლად მიმართა, რომ მაცხოვარი არ იყო უბრალოდ სასწაულთმოქმედი, არამედ ჭეშარიტად ძე ღვთისა.

პ. ანდრიესენი კოდრატოსის ნაშრომს აიგივებს ეპისტოლესთან დიოგნეტოსის მიმართ5, თუმცა ამ უკანასკნელში არც კოდრატოსის სახელი გვხვდება სადმე, არც რამე დამოწმება ან პარალელი მის ერთდერთ ცნობილ ფრაგმენტთან. მიუხედავად ამისა, მ. ჰოლმსი მიიჩნევს, რომ კოდრატოსის ფრაგმენტი ზედმიწევნით ავსებს 7.6 და 7.7 ქვეთვებს შორის არსებულს ლაკუნას6.

არ დადასტურდა ჰარისის ვარაუდი, რომლის თანახმადაც ფსევდო-კლიმენტის ეპისტოლეებში, ეკატერინე სინელის აქტებში, იოანე მალალას ქრონიკასა და ბარლაამისა და იოასაფის რომანში ჩართული იყო ფრაგმენტები კოდრატოსის ნაშრომიდან7.

აპოლოგისტ კოდრატოსსა და ევსევი კესარიელის მიერ ნახსენებ წინასწარმეტყველ კოდრატოსს (შდრ. 2, 5-8 და 1, 4) ზოგი მკვლევარი ერთსა და იმავე პიროვნებად მიიჩნევს8, ზოგი კი განსხვავებულად. ჩვენ მათ ერთ პირად მივიჩნევთ, რადგან არც ევსევი კესარიელი განარჩევს მათ ერთმანეთისაგან9.

კოდრატოსი ნახსენებია მარტიროლოგიებში, რაც უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ იგი მოწამეობით აღესრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მოძიებულ მარტიროლოგში არ არის მითითებული მისი მარტვილობის არც დრო, არც ადგილი, როგორც ამას სხვა შემთხვევებში ვხვდებით, არამედ გამეორებულია ევსევი კესარიელისა და იერონიმეს ცნობები მასთან დაკავშირებით. ერთდერთი, რაც განსხვავებულია მათგან, არის დამატებითი ცნობა კოდრატოსის დაბადების ადგილის შესახებ. მარტიროლოგში დასტურდება მოსახსენებელი "ათენში დაბადებული ნეტარი კოდრატოსის, მოციქულთა მოწაფისა, რომელმაც ჰადრიანუსის დევნის დროს დიდი შიშის გამო დაფანტული ეკლესია რწმენითა და თავისი მოშურნეობით გააერთიანა, და მას10 მიართვა წიგნი, შედგენილი ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად, მეტად სასარგებლო, ღირსი სამოციქულო მოძღვრებისა11" (შდრ. 3.6). მიჩნეულია, რომ კოდრატოსის შესახებ იერონიმესთან და მარტიროლოგებში დაცული შენიშვნები ემყარება ევსევი კესარიელის ეკლესიის ისტორიაში დაცულ ფრაგმენტებს კოდრატოსის შესახებ და მათ გაზვიადებულად წარმოაჩენს.

კოდრატოსის თხზულებიდან ერთდერთი ჩვენამდე მოღწეული დამოწმება შეტანილი იყო PG 5-შიც, სვ. 126512. იგი ქვემოთ დახრილად არის დაბეჭდილი. ფრაგმენტს ვურთავთ ნაწყვეტებს იმ ტექსტებიდანაც, რომლებშიც კოდრატოსი არის ნახსენები.

-----------------------------------------------

1 - ზოგი მკველვარი უარჰყოფს იერონიმეს გადმოცემას კოდრატოსის, როგორც ათენის ეპისკოპოსის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა მარკუს ავრელიუსის ზეობისას (Quasten, Patrology, ტ. 1, გვ. 191). თუმცა იერონიმეს იმ ფრაგმენტებში, სადაც კოდრატოსზეა საუბარი, არსად არის ნახსენები მარკუს ავრელიუსი, კოდრატოსს კი ავტორი იმპერატორ ჰადრიანუსს უკავშირებს (იხ. 6, 7)

2 - R. M. Grant. "Quadratus, the First Christian Apologist", იხ. H.R. Fischer. A Tribute to Arthur Vööbus. Chicago, 1977, გვ. 177-183.

3 - Quasten, Patrology, ტ. 1, გვ. 191; Clavis, ტ. 1, გვ. 25, N 1060.

4 - იხ. ფრაგ. 5, გვ. 468, შენ. 4.

5 - P. Andriessen. "The Authorship of the Epistula ad Diognetum". Vigiliae Christianae 1 (1947): 129-136.

6 - Michael W. Holmes. The Apostolic Fathers in English. Grand Rapids: Baker Academic, 2006, გვ. 290.

7 - J. R. Harris. "The Apology of Quadratus". Expository Times 8th ser. 21 (1921): 147-160. მისივე: "The quest for Quadratus". Expository Times 8 (1921): 384-397; Quasten, Patrology, ტ. 1, გვ. 191.

8 - O. Bardenhewer. Patrology: The Lives and Works of the Fathers of the Church. Transl. Th. Shahan. Freiburg im Breisgau, St. Louis, 1908, გვ. 46.

9 - Bardenhewer, 1908, გვ. 46.

10 - ანუ იმპერატორს.

11 - Martyrologium Romanum Gregorii XIII, jussu editum Urbani VIII et Clementis X, auctoritate recognitum. Editio novissima a sanctiss. dom. nostro Benedicto XIV Venetiis, 1784, გვ. 98 (26 მაისი).

12 - კოდრატოსის ფრაგმენტის გამოცემებისათვის იხ. Clavis, ტ. 1, გვ. 25, N 1060.

 

ფრაგმენტები

I1

მათ შორის, ვინც იმ ხანებში გაბრწყინდა, იყო, კოდრატოსიც, რომელიც, როგორც გადმოცემა ამბობს, ფილიპეს2 ქალიშვილებთან (საქმე, 21.8-9) ერთად წინასწარმეტყველური მადლით იქნა გამორჩეული.

------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.37.1.

2 - იგულისხმება ფილიპე მოციქული.


II1

ტრაიანუსი ზეობდა ცხრამეტი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში2, მას შემდეგ კი მემკვიდრეობით მმართველობა მიიღო ელიუს ჰადრიანუსმა3. კოდრატოსმა მას მიუძღვნა და გადასცა სიტყვა, რომელიც შედგენილი იყო ჩვენი რწმენის დასაცავად4, ვინაიდან ზოგიერთი ბოროტი ადამიანები ცდილობდნენ, შფოთი შეემთხვიათ ჩვენთვის5. ეს თხზულება ახლაც არის გავრცელებული მრავალ ძმას შორის, მისი ასლი გვაქვს ჩვენც. ამ ნაშრომიდან შესანიშნავად ჩანს (მისი შემქმნელი) ადამიანის გონიერებისა და სამოციქულო მართლმადიდებლობის6 ბრწყინვალე მოწმობანი. თავისი ძველ დროში მოღვაწეობის შესახებ იგი თვითონ ნათელ-ჰყოფს საკუთარი სიტყვებით, რომელთაც გადმოსცემს:

"ჩვენი მაცხოვრის საქმეები მუდამ ცხადი იყო, რადგან ისინი ჭეშარიტნი იყვნენ. ეს ადამიანები, განკურნებულნი და მკვდრეთით აღმდგარნი, სახილველნი იყვნენ არა მხოლოდ განკურნებისას და მკვდრეთით აღდგომისას, არამედ იხილვებოდნენ მუდამ, არა მხოლოდ მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნისას, არამედ მისი განსვლის7 შემდეგაც საკმაო ხნის მანძილზე, ისე, რომ ზოგიერთმა მათგანმა ჩვენს დრომდეც მოაღწია"

ასეთი იყო იგი8. არისტიდესმა კი, მორწმუნე ადამიანმა, ჩვენი რწმენის მგზნებარე მიმდევარმა, კოდრატოსის მსგავსად შეადგინა სარწმუნოების აპოლოგია და ჰადრიანუსს მიართვა.

-----------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 4.3.1-3.

2 - ტრაიანუსი ზეობდა 98 წლის 28 იანვრიდან 117 წლის 9 აგვისტომდე.

3 - ჰადრიანუსი ზეობდა 117 წლის 10 აგვისტოდან 138 წლის 10 ივლისამდე.

4 - ἀπολογία.

5 - იგულისხმება: ქრისტიანებისათვის.

6 - ἀρθοτομία.

7 - ἀπαλλαγέντ ος.

8 - იგულისხმება კოდრატოსი.

 

III1

იგი2 ახსენებს კოდრატოსსაც, რომელიც მათ ეპისკოპოსად იქნა დადგენილი პუპლიოსის3 მოწამეობის შემდეგ, და ადასტურებს, რომ მისი მოშურნეობის შედეგად ისინი კვლავ გაერთიანდნენ და განცხოველდნენ რწმენით.

------------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია 4.23.3.

2 - საუბარია დიონისე კორინთელისა (გარდ. 171 წ.) და მისი ეპისტოლეების შესახებ. მის შესახებ იხ. Quasten, Patrology, ტ. 1, გვ. 280-282.

3 - Πούπλιος, რომაული წარმოთქმით, პუბლიუსი.


IV1

ცოტა ქვემოთ ამავე წიგნში ჩამოთვლის მათ, ვინც ახალი აღთქმის მიხედვით წინასწარმეტყველებდა, მათ შორის, აღრიცხავს ვინმე ამიასსა და კოდრატოსს, და ამგვარად ამბობს: "ხოლო ცრუწინასწარმეტყველი იმყოფება ცრუ სიშმაგეში, რომელსაც მოსდევს თავაშვებულობა და უშიშობა. იგი იწყებს თვითნებური ხეპრეობა-ბოდვებით, რომელიც, როგორც ითქვა, სულის უნებური შეშლილობით გრძელდება. ისინი ვერ შესძლებენ მიუთითონ ძველი ან ახალი აღთქმის ვერც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ამ გზით გახდა სულშემოსილი. მათ არ შეუძლიათ იტრაბახონ არც აგაბოსით (საქმე 11.28, 21.10), არც იუდათი, არც სილასით (საქმე, 15.32) ან ფილიპეს ქალიშვილებით (საქმე, 21.8-9), არც ფილადელფიელი ამიასით, არც კოდრატოსით, არც სხვა ვინმეთი, ვინც ამათთან არ იქნებოდა ახლოს".

და კვლავ, ცოტა ქვემოთ, წერს შემდეგს: "თუკი კოდრატოსისა და ფილადელფიელი ამიასის შემდეგ, როგორც ამბობენ, მონტანოსთან2 მყოფმა ქალებმა მიიღეს წინასწარმეტყველური მადლი, აჩვენონ, რომელმა მათგანმა მიიღო ეს მადლი მონტანოსისგან და ამ ქალებისგან".

-----------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 5.17.2-4.

2 - საუბარია მონტანიზმის წვალების მამამთავრის შესახებ, რომლის მწვალებლური მოძღვრებაც დაახლოებით 135-177 წლებში წარმოიშვა.

 

V1

როდესაც ელევსინის საიდუმლოებებს ეზიარა, ჰადრიანუსმა ათენელები მრავალი ძღვენით დაასაჩუქრა. კოდრატოსმა, მოციქულთა მოწაფემ, და არისტიდეს ათენელმა, ჩვენმა ფილოსოფოსმა, ჰადრიანუსს ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად შედგენილი თავიანთი წიგნები მიართვეს. ხოლო ლეგატმა სერენუს გრანიუსმა2, დიდად კეთილშობილმა კაცმა, იმპერატორს გაუგზავნა წერილები, რომლებშიც ამბობდა, რომ უსამართლო იყო ბრბოს ხმამაღალი მოთხოვნის საფუძელზე და ყოველგვარი დანაშაულის გარეშე უდანაშაულო ადამიანთა სისხლის დაღვრის ნების დართვა და მათი დამნაშავეებად გამოცხადება მხოლოდდამხოლოდ (ქრისტიანის) სახელისა და მოძღვრების გამო. ამ სიტყვებით შეძრულმა ჰადრიანუსმა მისწერა მინუციუს ფუნდანუსს3, აზიის პროკონსულს, რომ ქრისტიანები არ უნდა დასჯილიყვნენ დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებების გარეშე4. მისი წერილების ასლმა ჩვენს დრომდე მოაღწია.

----------------------------------------------

1 - Thesaurus Temporum, Eusebii Pamphili Caesareae Palaestinae episcopi, Chronicorum Canonum Omnimodae HIstoriae libri duo, interprete Hieronymo. Ed. J.J. Scaligeri. Amstelodami, 1658, გვ. 167 (126-127 წწ.).

2 - "Serenus Grannius", უკეთ, კვინტუს ლიცინიუს სილვანუს გრანიანუსი (I-II სს.). გრანიანუსი ისტორიულად დადასტურებული პირია. იგი იყო რომაელი სენატორი, კონსულ-სეფექტუსი (106 წ.) და აზიის პროკუნსული (121-122 წწ.). დაწვრილებით იხ. Der Neue Pauly: Enzyklopädie der Antike. Band 7. Stuttgart: J.B. Metzler, 1999, გვ. 178.

3 - გაიუს მინუციუს (მინიციუს) ფუნდანუსი (I-II სს.) ისტორიულად დადასტურებული პირია. წარმოშობით მხედართა ფენიდან, იგი ჯერ მხედართა ტრიბუნი, შემდეგ კი რომაელი სენატორი გახდა. მას ეკავა კვესტორის, პლებსის ტრიბუნის, პრეტორის, ლეგატისა და კონსულის (107 წელს იგი კონსულ-სეფექტუსი იყო) თანამდებობები. 122-123 წლებში მან სილვანუს გრანიანუსის შემდეგ აზიის პროკონსულის თანამდებობა დაიკავა. სწორედ ამ დროს მიიღო წერილი იმპერატორ ჰადრიანუსისგან. მინუციუსი იყო პლინიუს უმცროსის (62-114 წწ.) მეგობარი, რომელსაც მისთვის არაერთი წერილი მიუწერია (1.9, 4.15, 6.6, წერილებში პლინიუსი ფუნდანუსს მინიციუსს უწოდებს), საიდანაც ჩანს, რომ მას აინტერესებდა ფილოსოფია და მჭევრმეტყველური ხელოვნება. მინუციუსს ჰყავდა ორი ქალიშვილი. პლინიუსის წერილები ეხება ერთ-ერთ მათგანს, რომელიც 13 წლისა გარდაიცვალა და რომელსაც ავტორი გასაოცარი, აღფრთოვანებული და სინანულით აღსავსე სიტყვებით მოიხსენიებს (ეპ. 5.16). დაწვრილებით მინუციუსის შესახებ იხ. Der Neue Pauly: Enzyklopädie der Antike. Band 8. Stuttgart: J.B. Metzler, 2000, გვ. 216-217.

4 - იმპერატორ ჰადრიანუსის ეპისტოლე დასტურდება ევსევი კესარიელის ეკლესიის ისტორიაში. ჰადრიანუსი სწერს მინუციუსს: "მინუციუს ფუნდანუსს. მივიღე ეპისტოლე, დაწერილი გრანიანუსის (Σερεννίου Γρανιανοῦ), უბრწყინვალესი კაცის მიერ, რომლის თანამდებობაც ახლა შენ გაქვს დაკავებული. არა მგონია, რომ ეს საკითხი განხილვის გარეშე უნდა დავტოვოთ, რომ ადამიანები არ დაშინდნენ და დამსმენებს არ მიეცეთ ბოროტმოქმედების ჩადენის შესაძლებლობა. თუკი იმ მხარის მაცხოვრებლებს მართლაც შეუძლიათ ქრისტიანთა წინააღმდეგ ამ ბრალდების დამტკიცება, მასთან ერთდ კი სამსჯავროს წინაშე პასუხის გაცემა, იმოქმედონ მხოლოდ ამ გზით, მაგრამ არა მოთხოვნებით, არც მხოლოდღა ყვირილით. ბევრად უფრო ჯეროვანი იქნება, იმ შემთხვევაში თუკი მავანი მოიწადინებს ბრალის წარდგენას, ეს საქმე შენ განსაჯო. თუკი ვინმე ბრალს დასდებს და ცხადჰყოფს, რომ ისინი სჩადიან რაიმე კანონსაწინააღმდეგოს, მაშინ დანაშაულის ძალისამებრ განსაზღვრე სასჯელიც. მაგრამ, გაფიცებ ჰერკულესს! თუკი ვინმე საკუთრივ ცილისწამების გამო აყენებს ამ ბრალდებას, განაჩენი გამოიტანე დანაშაულის სიმძმის მიხედვით, და მოიფიქრე, როგორ უნდა დაისაჯოს იგი" (ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 4.9, PG 20, სვ. 326-328).


VI1

მას შემდეგ, რაც პუბლიუს ათენის ეპისკოპოსი ქრისტეს რწმენისათვის მოწამეობის გვირგვინით იქნა შემკული, კოდრატოსი, მოციქულთა მოწაფე2, შეენაცვლა მას მის ადგილზე და თავისი რწმენითა და მოშურნეობით დიდი შიშის გამო დაფანტული ეკლესია გააერთიანა. როდესაც ჰადრიანუსმა ზამთარი ათენში გაატარა, რათა ელევსინი ეხილა, და საბერძნეთის თითქმის ყველა საიდუმლო მისტერიას ეზიარა, ქრისტიანთა მოძულეებს ორჯერ მისცა შესაძლებლობა, თავს დასხმოდნენ მორწმუნეებს იმპერატორის ბრძანების გარეშე. ამ დროს კოდრატოსმა მას მიართვა წიგნი, შედგენილი ჩვენი სარწმუნოების შესახებ, მეტად სასარგებლო, აღსავსე დასაბუთებებითა და რწმენით, და ღირსი სამოციქულო მოძღვრებისა. ამ წიგნში იგი მიუთითებს თავისი ასაკის ხანდაზმულობას და ამბობს, რომ მრავალი ადამიანი უხილავს იუდეაში, ვინც, სხვადასხვა სნეულებებით დათრგუნული, უფლის მიერ იქნა განკურნებული და ზოგიერთები მკვდრეთით აღდგნენ.

----------------------------------------------

1 - იერონიმე, გამოჩენილ კაცთა შესახებ, 19. იხ. PL 23, სვ. 670-671.

2 - "apostolorum discipulus".


VII1

ეკლესიის მწერლები, განსწავლულნი საერო ლიტერატურაში. მივყვები სათითაოდ: კოდრატოსმა, მოციქულთა მოწაფემ2 და ათენის ეკლესიის ეპისკოპოსმა3, განა არ გადასცა იმპერატორ ჰადრიანუსს, რომელიც ელევსინის საიდუმლოებებს ესწრებოდა, წიგნი ჩვენი სარწმუნოების დასაცავად? ეს ნაშრომი ყველასათვის იმდენად აღმაფრთოვანებელი იყო, რომ მისმა ბრწყინვალე ნიჭმა უმძიმესი დევნა დააცხრო.

----------------------------------------------

1 - იერონიმე, ეპისტოლე მაგნუსის, ქალაქ რომის მჭევრმეტყველის მიმართ, 70.4, იხ. PL 22, სვ. 667A.

2 - "apostolorum discipulus"

3 - "pontifex".


VIII1

იგი2 თავის გადმოცემებს ურთავს დასაბუთებებს ძველი და ახალი წმინდა წერილიდან და რჩეულ მამათაგან: ათანასედან და სამი გრიგოლიდან (ვგულისხმობ სასწაულთმოქმედს, ღვთისმეტყველსა და ღმრთივგანბრძნობილ ნისის ეპისკოპოსს), ბასილი ლესარიელიდან და იოანე ოქროპირიდან, კირილე ალექსანდრიელიდან და პროკლე კონსტანტინოპოლელიდან, ასევე მეთოდიოს წმინდა მოწამიდან და კოდრატოსიდან; რამდენიმე მათგანიდან კი ზოგი ნათქვამი ანდრიამ3 ამოგლიჯა და დაამახინჯა, და განმარტა ისინი ან შეგნებული მზაკვრობით ან შეუგნებლად, რათა ამის მეშვეობით, როგორც წარმოედგინა, განემტკიცებინა საკუთარი შეცდომა.

------------------------------------------

1 - ფოტიოსი, ბიბლიოთეკა, 162, იხ. PG 103, სვ. 456 BC.

2 - ევსევი თესალონიკელი (VI-VII სს.).

3 - ბერი ანდრია, მწვალებელი.

 

მთარგმნელ შემდგენელი ვიქტორია ჯუღელი

გამომცემლობა "ლოგოსი", "სამოციქულო მამები", თბილისი, 2014.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 04 JANUARY 2019 12:21)