ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ვარლაამ კალაბრიელისა და წმინდა გრიგოლ პალამას პაექრობა, რომელიც თავდაპირველად ღვთის შემეცნების მეტად საფრთხილო საკითხს ეხებოდა. შემდეგ კი ვარლაამმა იესოს ლოცვის სამონასტრო პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, ამან გამოიწვია უფლის სწავლების მთავარ საფუძვლებსა და ადამიანის ბედზე წარმოეწყოთ მსჯელობა. საბოლოოდ პაექრობა პალამიზმის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც 1341,1347 და 1357 წლების საეკლესიო კრებების დადგენილებებით გამყარდა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ბერების გარკვეული წრისათვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი სამყაროსათვის.

კალაბრიელმა ბერმა დასავლეთიდან მოიტანა (როგორც ზოგჯერ მიიჩნევდნენ) არა კათოლიკობის გავლენა, არამედ კულტურის სეკულარიზაციის ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაკავშირებული იყო იტალიური აღორძინების ხანასთან. მისი როგორც წარუმატებლობის, ასევე გამარჯვების ნათელი გამოვლინება იყო წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მარტო ბიზანტიის, არამედ სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისთვის. ეს ფაქტი შესანიშნავადაა წარმოჩენილი დ.ს. ლიხაჩოვის მიერ: "აღმოსავლეთში წინარეაღორძინება ვერა და ვერ გადაიზარდა აღორძინებაში".

იმ რელიგიური და საღვთისმეტყველო მოძრაობის მართებული ისტორიული როლის გაგებისათვის, რომელსაც ჩვეულებრივ "ისიქაზმს" უწოდებენ, აუცილებელია განიმარტოს რამდენიმე გაუგებრობა, რომელიც თავად ამ ტერმინთანაა დაკავშირებული. იგი სულ ცოტა ოთხი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება ხოლმე. უკვე ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში ეს ტერმინი გამოიყენება განდგომილობის, მარტოდმყოფობის აღსანიშნავად, ანუ ბერმონაზვნობის ისეთ ფორმას ეწოდება, რომელიც მნიშვნელოვად განსხვავდებოდა დიდ მონასტერში არსებული საერთო ცხოვრების წესისაგან. ისიქასტი - უფრო ვიწრო მნიშვნელობისაა და მდუმარებას გამოხატავს. XIII-XIV სს.-ში ისიქაზმი ფსიქო-სომატური მეთოდებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული იესოს ლოცვის შემოქმედებასთან და იგი მიუთითებდა არა კონკრეტულად განდგომილ ბერობაზე, არამედ სულიერი ცხოვრების გარკვეულ სკოლაზე, რომლის გამოვლენაც შესაძლებელია როგორც საერთო მონასტრულ ცხოვრებაში, ასევე ერში.

თანამედროვე ლიტერატურაში თავად წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველების საკითხი, მისის წავლება შეუქმნელი ენერგიების შესახებ, განისაზღვრება, როგორც ისიქაზმი, თუმცა პალამა ამ სწავლებაში ხედავდა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა მამათა ღვთისმეტყველების სწავლებას - უფლის უერთიერთობას თავის შექმნილ სამყაროსთან. დაბოლოს, ისიქაზმის გაგება კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება მთლიანად მართლმადიდებლურ მოძრაობაში, რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა და ძლიერი გავლენა ჰქონდა, ერთი შეხედვით, აღმოსავლეთ ევროპაზე. ეს ოთხი შეუსაბამო სიტყვათგამოყენება აუცილებელია გავარჩიოთ ერთმანეთისაგან თუნდაც იმიტომ, რომ მართებულად განვსაზღვროთ ისიქაზმი (იქნება ეს ვიწრო თუ ფართო გაგებისა) და სხვა საერთო მონასტრული ცხოვრების წესის გამოვლინებები.

განდგომილობა ან მდუმარება (ანუ ისიქაზმი - ამ სიტყვის ზუსტი და თავდაპირველი მნიშვნელობა) პალამას ღვთისმეტყველებაში აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს. ამასვე იზიარებდნენ ისეთი ტიპის საეკლესიო და საერო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ პატრიარქი ფილოთეოსი და იმპერატორი იოანე კანტაკუზელი.

უკანასკნელ წლებში ხელოვნებათმცოდნეებში აქტიურად განიხილებოდა ისიქაზმის გავლენის საკითხი ე.ი. პალეოლოგიურ რენესანსულ კულტურაზე, ასევე ისეთი ბუმბერაზი შემოქმედების ქმნილებებზე, როგორებიც იყვნენ თეოფანე ბერძენი და ანდრეი რუბლოვი.

ზოგიერთი ავტორი უარყოფითად აფასებს ისიქაზმის გავლენას. ისინი თვლიან, რომ 1341 და 1351 წლების საეკლესიო კრებებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეწყვიტა აღმოსავლეთში დაწყებული რენესანსი და ხელოვნების ფორმის გამოფიტვამდე მივიდნენ. სხვები, პირიქით, ბიზანტიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელოვნების გამოღვიძებას სწორედ ისიქაზმს მიაწერენ. თუმცა ორივე ერთდროულად ეწინააღმდეგება პალამასეულ "დოგმატიკურ" ისიქაზმს (რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა "ჰუმანიზმს" და ამიტომ "შეაფერხა კულტურული განვითარება ბიზანტიაში") - "ჭეშმარიტ" ისიქაზმს, რომლის წარმომადგენლებიც (წმინდა გრიგოლ სინელი, წმინდა სერგი რადონოჟელი) თითქოს სრულებით არ ინტერესდებოდნენ "დოგმატებით", მაგრამ, სამაგიეროდ, მრავალ შემოქმედთა ბიძგის მიმცემნი იყვნენ. არიან ისეთი მკვლევარებიც, რომლებიც თავს იკავებენ კონკრეტული შეფასებებისაგან, კერძოდ - რა გავლენა მოახდინა ისიქაზმმა საეკლესიო ფერწერაზე.

"ტრიადის" ტექსტის ანუ წმინდა გრიგოლ პალამას ძირითადი მანიფესტის უფრო ღრმა გაცნობა უცილობლად დაეხმარება მკვლევარებს უფრო ზუსტ დასკვნებამდე მივიდნენ და გაიგონ ისიქაზმის ბუნება, მისი ურთიერთობა ხელოვნებასთან. ეჭვგარეშეა, რომ თეოფანე ბერძენისა და ანდრეი რუბლოვის შემოქმედება სწორედ ამავე მოძრაობის და მართლმადიდებელი კულტურის შემქომედთა რიცხვს მიეკუთვნება. ბიზანტიური "წინააღორძინების" ხანა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც გადავიდა და აქ მდიდარი ნაყოფი გამოიღო. მაგრამ ისიქაზმის ეს ნაყოფიერება არ გამორიცხავს სხვა იდეების გამარჯვებასაც ბიზანტიაში. აქ ვარლაამისა და სხვა ბიზანტიელი ჰუმანისტების მიერ ელიტარული ელინიზმი იქადაგებოდა. მათ კულტურული შემოქმედება წინარენესანსულიდან ნამდვილ რენესანსამდე მიჰყავდათ, ანუ ანტიკურის სეკულარიზაციამდე.

წმინდა გრიგოლ პალამა და მისი მოწაფეები ამ გადასვლის აქტიური მოწინააღმდეგეები იყვნენ. პალამისტების გამარჯვებამ მართლაც შეაჩერა ბიზანტიაში კულტურის სვლა "ელინიზმისა" და სეკულარიზებული რენესანსისაკენ.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ბიზანტიაში რელიგიური და კულტურული განვითარება კონსტანტინეპოლში პალამიზმის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მიეკუთვნება როგორც ისიქაზმს, ასევე საერთოდ ბერმონაზვნობას, თუმცა მნიშვნელოვან როლს მასში მაინც ნამდვილი განდგომილი ბერები თამაშობდნენ. ამ მოძრაობას უერთდებოდნენ საზოგადო მოღვაწეები, იერარქები, ფერმწერები. ყველას აერთიანებდა იმ რელიგიური და საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების ცხოველმყოფელობა, რომელიც ყველაზე უკეთ პალამას "ტრიადებშია" გამოვლენილი. უფალთან რაციონალური აზროვნების კატეგორიებით ვერ მივალთ (მით უფრო რაიმე მიწიერი ფასეულობით), ის ყველაფერზე მაღლაა, რისი წარმოდგენაც კი შეუძლია მასზე ადამიანს. მაგრამ, ამასთან, უფალს უყვარს ადამიანი და სამყარო. ამიტომ, თავისივე ნებით გამოდის თავისი მიუწვდომლობიდან და ეცხადება კაცს. ადამიანიც ასევე თავისი ბუნებით ფლობს "საკუთარი თავიდან გამოსვლის" უნარს, ანუ მას შეუძლია მიიღოს იგი, ვინც მასზე მაღლაა. ამაშია მისი ღვთისმსგავსება, ამაშია მისი მოწოდება - გახდეს შექმნილი სამყაროს გვირგვინი, რადგან საკუთარი თავიდან გამოსვლა ჩვეულებრივ სამყაროსთან განხეთქილებას კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მასში დაბრუნებას, მის ფერისცვალებას და სიკვდილისა და ბოროტებისაგან ხსნას ბადებს.

იესო ქრისტეს მიერ გამოხსნილი და ფერნაცვალი კაცობრიობა არის მიზანი და იმედი ყოველი ადამიანისა. კაცი ეკლესიაში პოულობს შვებას, განახლებას, ანუ ესაა ზიარება ერთადერთ და ჭეშმარიტად მარადიულ სიცოცხლესთან. აქ იგი ამარცხებს სიკვდილს და თავისი სამყაროს გადასარჩენად ახალ სასიცოცხლო ძალებს იკრებს.

გამოხსნილ და უფლის მიერ შეყვარებულ კაცობრიობაზე არსებული ეს განცხადება წარმოადგენს მრავალი ლიტერატურული ძეგლისა და საეკლესიო პოეზიის, ასევე გენიალური ხატებისა და ფრესკების საგანს, რომლებიც XIV საუკუნის ბოლოსაა შექმნილი. ისინი გამოსცემენ ზეციურ ნათელს ტაძრებსა და ადამიანთა სახლებში. უფლის კაცობრიობისადმი სიყვარულის სწორედ ამ გამოცხადებას იცავდა წმინდა გრიგოლ პალამა, როცა ნომინალური აგნოსტიციზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომელიც იტალიიდან ვარლაამ კალაბრიელმა მოიტანა ბიზანტიაში.

თარგმნა თამარ ასათიანმა

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №10, 2008 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 FEBRUARY 2012 14:44)