კლიმენტი რომაელის, როგორც ეპისკოპოსის როლი რომაულ ქრისტიანულ თემში დადასტურებულია უძველესი და უჭეშმარიტესი ტრადიციით, მაგრამ მისი წარმომავლობისა და ცხოვრების შესახებ მეტად მწირი ცნობები საშუალებას არ გვაძლევს აღვადგინოთ ამ პიროვნების ცხოვრებისეული დეტალები.

რაც შეეხება ყველას მიერ კლიმენტისეულად აღიარებულ კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს, არც ის გვაწვდის რაიმე მნიშვნელოვან ცნობას მისი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს ეპისტოლე მრავალმხრივ უაღრესად საყურადღებო ძეგლია და ის დიდი პატივი, რაც კლიმენტის ხვდა წილად, მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ხსენებულმა ეპისტოლემ, რომელიც მოციქულთა პერიოდის ამსახველ სხვა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტთა შორის (ახალი აღთქმის გამოკლებით) წარმოადგენს ქრისტიანული მწერლობის უძველეს ძეგლს, რომლის ავტორის სახელი, მდგომარეობა და ეპოქა ისტორიულად არის დამტკიცებული. შევეხეოთ თავად ამ ეპისტოლეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია პირველი საუკუნის ეკლესიის გასაცნობად. მისი ტექსტი თანამედროვეა ახალი აღთქმის ბოლო თხზულებისა და წარმოადგენს გარკვეული გარემოების გამო დაწერილ შრომას.

კორინთოს[1] ეკლესიაში დომიციანუსის იმპერატორობის ჟამს ატყდა შეხლა-შემოხლა, რამაც გამოიწვია რომის ეპისკოპოსის ჩარევა[2]. ეს დაჯგუფებები, რომლებიც თავის დროზე გაკიცხა წმინდა პავლე მოციქულმა, კვლავ აბობოქრდნენ. ზოგიერთი პირი თავხედურად და ამპარტავნულად წინ აღუდგა საეკლესიო ავტორიტეტს და მოვალეობის აღმსრულებელნი მსახურებას ჩამოაშორა. მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობამ უერთგულა გადაყენებულ მღვდელმსახურებს. ამ უთანხმოებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯგუფები და პიროვნებები. ეკლესიის ერთობასა და ერთიანობას საფრთხე დაემუქრა. რომის ეკლესია ერევა კორინთელი ძმების საქმეში და მოუწოდებს მშვიდობისა და თანხმობისაკენ. კლიმენტის სურვილი იყო დაეცხრო კონფლიქტი და მოესპო ის მშფოთვარება, რაც ხელს აძლევდა წარმართებს. ეპისტოლე შეახსენებს კორინთელ ძმებს იერარქიისა და დისციპლინის აუცილებლობას, დაჟინებით მიუთითებს, რომ დაუყონებლივ მოიქცნენ, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი პირობებია თავმდაბლობა და მორჩილება.

ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით მიაღწია რომამდე უწყებამ კორინთოს არეულობის შესახებ. ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ კორინთელებმა თვით მიმართეს რომის ეპისკოპოსს, რაიმე მოემოქმედა ამბოხების წინააღმდეგ, მაგრამ ეს თვალსაზრისი, ალბათ, უსაფუძვლოა. უფრო სარწმუნოა ვიფიქროთ, რომ შექმნილი სიტუაციის შესახებ კლიმენტის შეატყობინეს იმ რომაელმა ქრისტიანებმა, რომლებიც მაშინ კორინთოში იმყოფებოდნენ და მოწმე გახდნენ იქ არსებული უთანხმოებისა და განხეთქილებისა.

აღნიშნული ეპისტოლე განსაკუთრებით ფასეულია ეკლესიოლოგიის, დოგმატიკისა და ლიტურგიკის ისტორიისათვის.

1. ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებით ეპისტოლე შეიცავს საყურადღებო მოწმობას წმ. პეტრეს რომში მყოფობის შესახებ, აგრეთვე, ეხება წმ. პავლეს მოგზაურობას ესპანეთში (უკიდურეს დასავლეთში) და გვაუწყებს ამ ორი მთავარმოციქულის მარტვილურ აღსასრულს.

წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს აღსრულებიდან ეპისტოლის შედგენამდე გარკვეული დროა გასული. მართლაც, მათგან დადგენილ ეპისკოპოსებს და დიაკვნებს უკვე მონაცვლეები (დიადოხოსები) ჰყავთ. გარდა ამისა, ეპისტოლე კორინთოში ჩაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი ცხოვრება უზადოდ გაატარეს ქრისტიანული თემის წიაღში ახალგაზრდობიდან სიბერემდე.

მეექვსე თავი შეიცავს ამგვარსავე დამოძღვრას ნერონის მიერ წარმოებულ დევნასთან დაკავშირებით. მასში საუბარია მარტვილთა გუნდის შესახებ და აღნიშნულია, რომ უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ.

2. დოგმატიკის თვალსაზრისით ეს ეპისტოლე ისმახურებს იმას, რომ ეწოდოს საეკლესიო იურისდიქციის მანიფესტი. პირველად სწორედ ამ ძეგლშია ცხადად და გასაგებად გამოთქმული მოძღვრება აპოსტოლური მოსაყდრეობის შესახებ. კლიმენტი ხაზს უსვამს, რომ მღვდლების გადაყენების ნებართვა საზოგადოების წევრებს არა აქვთ, რადგანაც ისინი ვერც უფლებამოსილებას მიანიჭებენ ვისმე.

ევქარისტიული ძღვენის შემწირველი ადამიანები, რომლებიც უბიწოდ და სარწმუნოებით სწირავენ ამ ძღვენს უფალს, არიან ეპისკოპოსები. არ შეიძლება მათი გაძევება და ღვთისმსახურებისაგან ჩამოშორება. ხელდასხმულნი (დადგენილნი) ამ ტვირთს ატარებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. ეპისკოპოსთა ფუნქციებზე ცოტა რამ არის ნათქვამი: ისინი სწირავენ ძღვენს, მოძღვრავენ და სინანულისკენ მოუწოდებენ. თუმცა იქვე შენიშნულია, რომ არავის აქვს უფლება თავი აიმაღლოს ქრისტეს სამწყსოზე.

3. თხზულება მნიშვნელოვანია ლიტურგიკული თვალსაზრისით. მასში ერთმანეთისაგან გამიჯნულია იერარქია და საერო საზოგადოება. ქრისტიანული იერარქიის წევრები ავტორის მიერ სახელდებულნი არიან ეპისკოპოსებად და დიაკვნებად, სხვაგან გვხვდება, აგრეთვე, წოდება ხუცესი. მათი მოღვაწეობის საგანი, ავტორის თქმით, არის ლიტურგიის ანუ ღვთისმსახურების აღსრულება.

თხზულების დაწერის თარიღად მიჩნეულია 95-96 წწ., რადგანაც მასში საუბარია ორი ერთმანეთზე მიდევნებული რეპრესიის შესახებ. კლიმენტი რომაელის ეპისკოპოსობის ჟამს (92-101 წწ.) მეორე დევნა შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლდ 95-96წწ. დომიციანუსის მიერ.

კლიმენტი რომაელის ავტორობა დამოწმებულია უძველესი დროიდანვე. დიონისე კორინთელი (II ს. მეორე ნახევარი) გვაუწყებს, რომ კლიმენტის ეპისტოლეს ყოველთვის უკითხავდნენ მრევლს. ეს მოწმობა მოტანილია ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიიდან”. ევსები კომენტარს უკეთებს დიონისეს მიერ რომის ეკლესიის და მისი ეპისკოპოსის, სოტერის მიმართ გაგზავნის ეპისტოლეს და მოაქვს ფრაგმნეტი ამ ეპისტოლიდან: “დღეს ჩვენ ვიზეიმეთ უფლის წმინდა დღე და წავიკითხეთ შენი ეპისტოლე. ამ ეპისტოლეს ჩვენ ვინახავთ მუდამ, რომ წავიკითხოთ, როგორც შეგონება, მსგავსად კლიმენტის მიერ დაწერილი პირველი ეპისტოლისა.”[3]

აღვნიშნავთ, რომ ხსენებულმა ეპისტოლემ ჩვენამდე მოაღწია ორი ხელნაწერით: (I) სახელგანთქმული “ალექსანდრიული ხელნაწერი”, ე.წ. ალექსანდრიული კოდექსი (V ს.), (II) იერუსალიმური ხელნაწერი, გადაწერილი ლეონის მიერ 1056წ. (იგივე ხელნაწერი, რომელმაც შემოგვინახა “დიდაქე”). ამ ხელნაწერში ტექსტი სრული სახითაა დაცული. ეპისტოლე უძველეს დროშივე ითარგმნა სირიულად. თარგმანი შემონახულია 1170 წლის ერთ ხელნაწერში, რომელიც სირიული ახალი აღთქმის ტექსტს შეიცავს (დაცულია კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).

ვ. მორინმა 1894 წ. დაბეჭდა ხსენებული ეპისტოლის ლათინური თარგმანი, რომელიც თარიღდება II ს-ის I ნახევრით (ხელნაწერი XI ს-ისაა). თარგმანი ზედმიწევნითია, სიტყვა-სიტყვითი. არსებობს ხსენებული ეპისტოლის ორი თარგმანი კოპტურად (ახმიმიკურ დიალექტზე). ერთი მათგანი პაპირუსმა შემოგვინახა, რომელიც IV ს-ით თარიღდება (დაცულია შენუტოს თეთრ მონასტერში). მეორე თარგმანი შემონახულია VII ს-ის პაპირუსით, რომელიც ფრაგმენტულია. ბერძნული ტექსტის კარგი გამოცემაა: Th.Schaeber, S. Clementis Epistila ad Corinthios, Bonn, 1941; უკანასკნელ ხანს იგივე ტექსტი სათანადო ფრანგული თარგმანითა და კომენტარებით გამოიც ა Sources Chretiennes სერიით.

--------------------------------------------------------------------------------------

 

[1] - კორინთო – თავის დროზე საბერძნეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი.

[2] -  ბერძნული ტექსტის გამომცემელი ა. ჟობერი შენიშნავს: “კორინთოს მოვლენების ბუნდოვანებამ გამოიწვია მრავალი მოსაზრების არსებობა. ბაუერის აზრით, გნოსტიკური მიმართულების მიმდევრებს სურდათ კორინთელ ღვთისმსახურთა განყენება მსახურებისაგან. რომმა მხარი დაუჭირა მართლმადიდებლურ მხარეს” (იხ. Clement de Rome, Epitre aux Corinthiens ed. par A. Jaubert, Paris, 1974, p. 13, n. 1 ).

[3] – ეს ფრაგმენტი დაცულია ევსების “საეკლესიო ისტორიაში” (4.23.11). თავად ევსები უმატებს: “ეკლესიების დიდი რიცხვი საჯაროდ კითხულობს ამ ეპისტოლეს შეკრებებზე, ასეა დღემდე” (საეკლ. ისტ. 3.16).

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

ჟურნალ “გზა სამეუფოს” დანართი N 3
1997 წელი თბილის

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:02)