სქოლიო დართული წმ. იუსტინე მარტვილის შრომის "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან" ქათულ თარგმანზე. თავად წმ. იუსტინე მარტვილის სიტყვები ამგვარია: "ის, რომ სულებიც არსებობენ, მე დაგიმტკიცეთ იმით, რომ მუცლითმეზღაპრე ქალმა, საულის თხოვნით, გამოიძახა სამუელის სული".

სქოლიო:

წმ. იუსტინე პირდაპირი მნიშვნელობით განმარტავს მეფეთა წიგნის თხრობას და არც კი ეჭვობს, რომ საულის წინაშე მისანის გამოძახებით ნამდვილად წინასწარმეტყველის სული გამოჩნდა. ტერტულიანე თხზულებაში "სულის შესახებ" (209-213 წ.წ.) კატეგორიულად არ ეთანხმება იმას, რომ მისანმა ქალმა წინასწარმეტყველის სულის გამოხმობა შეძლო. ის ემხრობა აზრს, რომ საულს ამ ქალის გამოძახილით ეშმაკი გამოეცხადა, რომელმაც სამუელის სახე მიიღო, ვინაიდან თავად მეფე უკვე ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იმყოფებოდა: "მაშ, ღმერთი კრძალავს იმის რწმენას, თითქოს, რომელიმე წმინდანის სულის (წინასწარმეტყველზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი) ეშმაკის დახმარებით გამოძახება შესაძლებელია. ჩვენ გვისწავლია, რომ თავად სატანა ნათლის ანგელოზის სახეს იღებს (განათლებული ადამიანისას ხომ მით უმეტეს), და საბოლოოდ, თავს ღმერთად გაასაღებს და ნიშნებსა და სასწაულებს აჩვენებს იმისთვის, რომ, თუკი ეს შესაძლებელია, რჩეულებიც აცდუნოს. ოღონდ, ეგებ, ის იმ დროს ყოყმანობდა, რომ თავი ღვთის წინასწარმეტყველად გაესაღებინა - განსაკუთრებით საულის წინაშე, რომელშიც უკვე გაბატონებული იყო" (de Anima, 57; J.-P. Migne, Patrologia Latina, Tomus 2, Paris, 1844, col. 749).

ორიგენე (III ს.) აენდორელი ჯადოქარი ქალის ისტორიას ცალკე ჰომილიას უძღვნის (Homilia in I Reg. 28. 3-25). ის, როგორც ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელი, ბიბლიური თხრობის ზედმიწევნით განმარტებაში იუსტინე ფილოსოფოსს ემხრობა. მისი აზრით, სამუელის სულის გამოცხადების ნამდვილობა იმით მტკიცდება, რომ მის მიერ ნაწინასწარმეტყველები ახდა. ხოლო ჯადოქარი ქალის უნარს, რომ გარდაცვლილის სული გამოეხმო, ორიგენე იმით ხსნის, რომ "სულების გამომხმობელთა ხელმწიფება სწორედ რომ ქვესკნელზე ვრცელდებოდა, რადგანაც მხსენელის ჯოჯოხეთში ჩასვლამდე გარდაცვლილთა ყველა სული, როგორც მართლების, ისე ურჯულოებისა, ერთად იმყოფებოდა".

ორიგენესთან პოლემიკა წმ. ევსტათე ანტიოქიელმა (+337 წ.) გამართა, რომელმაც ამ თემაზე დაწერა ყველაზე ვრცელი ნაშრომი - "მსჯელობა მუცლითმეზღაპრე ქალის თაობაზე, ორიგენეს წინააღმდეგ" (ლათ. de engastrimytho contra Origenem)... ის ამტკიცებს, რომ ჯადოქარ ქალს არ შეეძლო და არც გამოუხმია სამუელის სული, ხოლო გამოცხადებული აჩრდილი ეშმაკი იყო, რადგანაც წინასწარმეტყველის სულს არ უნდა ჰქონოდა არც სხეულებრივი აღნაგობა და, მით უმეტეს, არც ტანსაცმელი. წინასწარმეტყველებები კი, რომლებიც სულმა წარმოთქვა, წმ. ევსტათეს აზრით, იმავეს იმეორებენ, რასაც სამუელი სიცოცხლეშივე ეუბნებოდა საულს, და მეფის ხვედრის შესახებ არანაირ სიახლეს არ იუწყებიან. წმ. ევსტათე აკრიტიკებს ორიგენეს მისი იმ არგუმენტის გამო, რომ ქვესკნელში ყველა სული ჯადოქრობის მოქმედებას ექვემდებარებოდა, და თვლის, რომ ორიგენეს არ მოუცია იმის განმარტება, თუ ჯადოქარმა ქალმა წინასწარმეტყველის სულზე როგორ მიიღო ხელმწიფება...

წმ. იოანე ოქროპირი განიხილავს ამ ეპიზოდს იმ მონაკვეთთან ერთად, სადაც წერია, რომ ფილისტიმელმა წარმართმა ქურუმებმა ისრაელიდან გატანილი აღთქმის კიდობნის დახმარებით, ბუგრებისა და თაგვების გამომწვევი მიზეზის დადგენა შეძლეს (I მეფ. 6.2-9) და წერს: "დაამტკიცა ღმერთმან სიტყუაჲ იგი მისანთაჲ და აღასრულა, რომელიც მათ სასწაულად დაედვა", ამის შემდეგ კი ამატებს: "ეგრეთვე კუალად საქმე იგი ულიკისაჲ მის მუცლითმეზღაპრისა (I მეფ. 28), რომელი იქმნა საულის ზე, ამისივე განგებულებისა წესსა მსგავს არს" (წმ. იოანე ოქროპირი, "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", წიგნი I, წიგნი გამოსაცემად მოამზადდა ათონის ხელნაწერთა შემსწავლელ ლაბორატორია "ორიონში", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1996, გვ. 111).

წმ. გრიგოლ ნოსელი წერდა: "ზოგიერთი ჩვენამდე მცხოვრებს ესათნოებოდა იმის აღიარება, რომ ჯადოქარი ქალის მიერ სამუელის სულის გამოძახება ჭეშარიტი იყო და ამის გასამართლებლად მას ამგვარი მტკიცებულება მოჰყავდა: "სამუელი წუხდა საულის უარყოფის თაობაზე და ყოველთვის წარმოუდგენდა უფალს იმას, რაც უფალს ესათნოებოდა, კერძოდ, რომ საულმა ხალხი იმ ჯადოქრობისგან გაწმინდა, რომელსაც მათი ცდუნებისთვის მუცლითმეზღაპრეები აღასრულებდნენ. ამიტომაც, წინასწარმეტყველი შეწუხდა იმით, რომ უფალმა უარყოფილთან შერიგება არ მოისურვა. ამის გამო, როგორც ამბობენ, ღმერთმა დაუშვა კიდეც, რომ წინასწამეტყველის სული ამგვარი ჯადოქრობით ყოფილიყო გამოხმობილი, და სამუელს დაენახა, რომ უმართებულოდ შუამდგომლობდა ღმერთთან საულისთვის და მუცლითმეზღაპრეთა მტრად იმას უწოდებდა, ვინც სამუელის სულის დაბრუნებას ჯადოქრობის მეშვეობით მათ სთხოვდა" (S. Gregorii Nysseni, de Pythonissa;  J.-P. Migne, Patrologia Graeca, Tomus 45, Paris, 1863, col. 108). მისი ძირითადი არგუმენტი სმუელის გამოცხადების სიცრუის თაობაზე დაფუძნებულია სახარებისეულ იგავზე მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, სადაც ცოდვილთა და მართალთა სულების შესახებ ნათქვამია - "და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსვლად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსვლად" (ლუკ. 16.26). ამ მიზეზით წმ. გრიგოლი არ ეთანხმება იმას, რომ წინასწარმეტყველი სამუელი, რომელიც საკუთარი სიწმინდით იყო ცნობილი, "ნებსით თუ უნებლიეთ ამ გადაულახავი უფსკრულით გადავიდა უწმინდურებთან". ის ასევე შენიშნავს რომ გამოცხადების სიცრუე აჩრდილის იმ წინასწარმეტყველებითაც მტკიცდება, რომ საული ძეებითურთ მეორე დღეს მასთან ერთად უნდა ყოფილიყო. წმ. გრიგოლის აზრით, სამუელს არ შეეძლო იმის თქმა, რომ საული სიკვდილის შემდეგ მასთან იქნებოდა, რადგანაც უკანასკნელს ყველანაირი დანაშაული მიუძღოდა, ეშმაკმა კი პირიქით, ამ სიტყვებით მეფის სიკვდილის შემდგომი ხვედრის შესახებ სიმართლე თქვა...

თეოდორიტე კვირელი თვლიდა, რომ ანგელოზმა, ღვთის ნებით სამუელის სახე მიიღო და საულის წინაშე წინასწარმეტყველება წარმოთქვა (Феодорит Кирский, Изъяснение трудных мест Божественного Писания. М., 2003, с. 259-260). ამასთან, ის წინასწარმეტყველ სამუელის სულის გამოცხადების შესაძლებლობასაც კი უარყოფდა: "ზოგი ამბობს, რომ ჯადოქარმა ქალმა მართლაც გამოიხმო სამუელი. სხვები კი შეეწინააღმდეგნენ ამ თალსაზრისს და თვლიან, რომ ადამიანთა მაცდუნებელმა, ეშმაკმა, აჩვენა სამუელის სახე... მე კი პირველ თვალსაზრისს ღვთისგმობად და ბოროტშემწყნარებლურად მივიჩნევ. რადგანაც არ მწამს, რომ გარდაცვლილთა გამომხმობლებს ვიღაცის სულის გამოყვანა საერთოდ შეუძლიათ, და არათუ მხოლოდ წინასწარმეტყველის სულის, თანაც ასეთი წინასწარმეტყველისა. ცხადია, რომ სულები, სხეულთა აღდგომის მოლოდინში, რაღაც სხვა ადგილას იმყოფებიან. ამიტომაც საკმაოდ ბოროტშემწყნარებლურია იმის რწმენა, რომ მუცლითმეზღაპრეებს ასეთი ძალა აქვთ. მეორე თვალსაზრისი კი უფრო უგუნურებას აჩვენებს, ვიდრე ბოროტშემწყნარებლობას..." [Theodoreti Episcopi Cyrensis, Quaest. in I Reg. cap. XXVIII; J.-P. Migne, Patrologia Graeca, Tomus 80, Paris, 1864, col. 589] (https://ru.wikipedia.org/wiki/Аэндорская-волшебница).

 

სქოლიო დართული წმ. იუსტინე მარტვილის შრომის "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან" ქათულ თარგმანზე (ძველი ბერძნულიდან თარგმნა,წინასიტყვა და სქოლიოები დაურთო მონაზონმა ექვთიმე კრუპიცკიმ)

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 09 JULY 2020 19:35)