თავი I

[12]1.  წიგნი შობისა. - რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასნარმეტყველთა "ხილვა" ან "სიტყვა" ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: ხილვა, რომელი იხილა ესაია (ეს. 1.1), ან: სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი (ეს. 2.1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას, ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელი ვიხილე", ან "წარმოსახვა", არამედ წიგნი შობისა.

იესო. - სახელი "იესო" ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით "იაო" ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.

ქრისტესი. - ქრისტეს1 მეფეებს და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ. რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ. რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდ[13]ით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც უფალს? წმინდანებში მადლი სულისა წმიდისა მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში მადლი სულისა წმიდისა კი არ მოქმედებდა, არამედ თავის ერთარს სულთან ერთად სასწაულებს თვით ქრისტე აღასრულებდა.

ძისა დავითისი. - მას შემდეგ, რაც მათემ თქვა "იესო", დაუმატა "ძისა დავითისი", რათა შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი, რომელიც ებრაელებს მოსეს შემდეგ წინამძღოლობდა, მაგრამ მას ნავეს ძე ეწოდებოდა2 და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.

ძისა აბრაჰამისი. - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია, იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ღმრთის გული ისრაელში მეფეთაგან პირველმა მან მოიგო და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლიდან აღდგებოდა, ამიტომაც უწოდებდა ქრისტეს ყველა დავითის ძეს. დავითმა ქრისტეს წინასახე მართლაც დაიმარხა: როგორც ის გამეფდა ღმრთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრისტე ჩვენზე შემდეგ გამეფდა, რაც ადამი მოაკლდა სამეფოსა და მეფობას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამმა შვა ისაკი. - მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყეელამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც "მამა ერებისა", ისაკი კი, [14]როგორც "სიხარული", "სიცილი". მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.

2-3. ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. - ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.

4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა. - იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთილს შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშემა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც, "მეყოვნებას" ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო - ზარა.

ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა სჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომად ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, [15]სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, ნითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამამთილს ჭეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა.

3-5. ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისო ნავეს მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირნმუნეს, ყველა გადარჩა.

ბოოს შვა იობედ რუთისგან. - ეს რუთი სხვა ტომიდან იყო, მაგრამ ბოოსს მაინც შეეუღლა. ასევე წარმართების ეკლესიამაც, რომელიც სხვა იყო და არც აღქთმანი ჰქონდა მიცემული, თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა და თავისი მამა-ეშმაკი დაივიწყა და ძე ღმრთისას მიერ სასძლოდ იქნა შეწყნარებული.

5-6. იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; - და ურიის ცოლიც მათემ აქ იმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინვებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და, რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ესათნოება.

7-11. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მა16]ნასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. - ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.

12-16. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;  აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. - რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღმრთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღმრთისმშობელი მისივე ტომისა და გვარის იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამი მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღმრთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწო[17]და, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდველს დაწინდულის ქმარი მანამდე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ. - მათემ თაობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა თუ მდვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა. რაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შენყდა, ქრისტე მოვიდა. მაგრამ ბაბილოვნის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ ცამეტი პირი ჩანს? გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის; მაშ, ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ "გადასახლება" (ტყვეობა) რიგს, როგორც პირი, ისე მიათვალა.

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა. - რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჭვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს ჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალვოდა, რადგან უკეთუ ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალთვალს დაუწყებდა; ამგვარად, მარიამი იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიწინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმით - არა.

და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან [18]წმიდისა. - შერთვა აქ შეერთებას (ერთად ყოფნას) ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ. ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა "იპოვა"’-ო, თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა

19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. - როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ე. ი. მხილებასა და დასჯას ბრძანებდა, მან კი ცოდვის დაფარვა განიზრახა, რითაც სჯული დაარღვია? ეს საკითხი უპირველესად იმ აზრით უნდა გადავნყვიტოთ, რომ იოსები სწორედ ამ განზრახვის გამო იყო მართალი. მას არ სურდა მკაცრი ყოფილიყო, არამედ პირიქით, კაცთმოყვარეობითა და დიდი სიკეთით სჯულის მცნებებზე მაღალი ცხოვრებით მცხოვრებმა, თავისი თავი სჯულზე ამაღლებულად წარმოაჩინა და მისი, ვინც სულიწმიდისაგან იყო მიდგომილი და არა მრუშობით, გამოაშკარავება და დასჯა არ მოინდომა; არამედ ნახე, რას ამბობს მახარებელი: იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ვინ იპოვა? იოსებმა, ე. ი. მან შეიცნო, რომ მარიამმა სულისაგან წმიდისა იღო მუცლად. მისი ფარულად განტევებაც იმიტომ განიზრახა, რომ ვერ გაკადნიერდა ცოლად ჰყოლოდა ის, ვინც ესოდენ დიდი მადლის მიღების ღირსი შეიქნა.

20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა. - ამ მერყეობის ჟამს მართალს ანგელოზი გამოეცხადა და ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ძილში იმიტომაც გამოუჩნდა, რომ მტკიცე რწმენა ჰქონდა. მწყემსებს, როგორც განუსწავლელებს, ანგელოზი ცხადში ესაუბრება, ხოლო იოსებს, ვითარცა მართალსა და მორწმუნეს - ძილში. როგორ არ უნდა ერწმუნა, როცა ანგელოზმა ის ასნავლა, რასაც თავისთავში განსჯიდა და რის შესახებაც არავისთან არაფერი ჰქონდა ნათქვამი? როცა თავისთვის ფიქრობდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა, ანგელოზი მაშინ გამოეცხადა; ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ირწმუნა, რომ იგი ღმრთისაგან იყო, რადგან ის, რაც ხმამაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის.

[19]იოსებ, ძეო დავითისო. - დავითის ძედ უხმო მას, რათა შეეხსენებინა წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე დავითის თესლისაგან უნდა ყოფილიყო. უთხრა რა ეს, ანგელოზმა იოსებს შეაგონა, ურწმუნოება არ გამოეჩინა და დავითზე ეფიქრა, ვინც ქრისტეს შესახებ აღთქმა მიიღო.

ნუ გეშინინ მიყვანებად. - აქ მახარებელი გვიჩვენებს, რომ იოსებს მისი მოყვანისა ეშინოდა, რათა მრუშის ცოლად ყოლით ღმერთი არ განერისხებინა, ან სხვაგვარად: ნუ გეშინინ ანუ გეშინოდეს მისი შეხებისა, ვინც მუცლად სულიწმიდისაგან იღო, მაგრამ ნუ შეგეშინდება "მიყვანებად" ანუ მისი შინ ყოლისა, რამეთუ გონებითა და ფიქრით იგი უკვე გაშვებული ჰყავდა.

მარიამისა, ცოლისა შენისა. - ამით ანგელოზი ეუბნება: "შეიძლება შენ ფიქრობ, რომ იგი მრუშია, ხოლო მე გეუბნები, რომ შენი ცოლია, ანუ არავის განუხრწნია, არამედ შენი სასძლოა".

რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. - ე. ი. იგი არა მხოლოდ შორსაა უკანონო კავშირისაგან, არამედ მუცლად ღმრთეებრივი სახით იღო და ამგვარად, შენც სიხარული უფრო გმართებს.

21. შვეს ძე. - რათა ვინმეს არ ეთქვა: "რატომ უნდა დაგიჯერო შენ, რომ სულისაგან წმიდისა არს?" ანგელოზი მომავალზე ამბობს, რომ ძე იშვება. უკეთუ ამ შემთხვევაში მართალი გამოვდგები, მაშინ, ცხადია, ჭეშმარიტება იქნება ისიც, რომ სულისაგან წმიდისა იშვება. არ უთქვამს: "შენ გიშობს", არამედ უბრალოდ "იშვება", რადგან მარიამი არა მისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის შობდა და მადლიც არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველაზე გარდამოვიდოდა.

და უწოდიან სახელი მისი იესუ. - რაღა თქმა უნდა, შენ უწოდებ, ვითარცა მამა და ვითარცა მფარველი ქალწულისა, რადგან იოსებმა შეიტყო თუ არა, რომ მუცლადღება სულისაგან წმიდისა იყო, ქალწულის უპატრონოდ გაშვებაზე აღარც უფიქრია, პირიქით, ყველაფერში ეწეოდა.

რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან. - აქ განმარტებუ[20]ლია, რას ნიმნავს "იესო", სახელდობრ, "მაცხოვარს", რადგანაც ნათქვამია, რომ მან "იჴსსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან" - ოღონდ, არა მხოლოდ იუდეველები, არამედ ის წარმართებიც, რომელნიც ისწრაფვიან იწამონ იგი და მის ერად იქცნენ. რისგან უნდა იხსნას? ომებისაგან ხომ არა? რა თქმა უნდა, არა, არამედ ცოდვათაგან მათთა. აქედან ცხადია, რომ ის, ვინც უნდა იშვეს, ღმერთია, რადგანაც ცოდვათა მიტევება მხოლოდ ერთს - ღმერთს ხელეწიფება.

22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული. - ნუ იფიქრებ, რომ ეს ღმერთმა ცოტა ხნის წინათ განიზრახა, არამედ პირველითგან, დასაბამიდანვე. შენ, იოსებ, ვითარცა წინასწარმეტყველთა მცოდნემ და სჯულსა შინა განსწავლულმა, უფლის ნათქვამს დაუფიქრდი, რადგან მახარებელმა არა ესაიას მიერ თქმულიო თქვა, არამედ უფლისაგანო, ანუ კაცმა კი არ თქვა, არამედ ღმერთმა კაცისა პირით; ასე რომ, წინასწარმეტყველება სავსებით სარწმუნოა.

23. აჰა ქალწული მიუდგეს. - ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა "ქალწული", არამედ "ახალგაზრდა ქალი" წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ, რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრწნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში "ახალგაზრდა ქალი" იგივეა, რაც "ქალწული". შემდეგ: უკეთუ ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა? მოუსმინე, რას ამბობს ესაია: "ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ" (ეს. 6.14), და მაშინვე უმატებს: "აჰა ქალწული" და ა. შ. რადგანაც უკეთუ ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა. ასე რომ, ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი განზრახვით აყალბებენ და ტექსტში ნაცვლად "ქალწულისა" "ახალგაზრდა ქალს" სვამენ: თუმცა, მიუხედავად იმისა, "ახალგაზრდა ქალი" ეწერება თუ "ქალწული", ყველა შემთხვევაში ის უნდა მივიჩნიოთ, რომ ქალწულმა შვა, რათა ეს შობა სასწაულებრივი იყოს.

შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. - ებრაელები ამბობენ, თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტ[21]ედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს: "უწოდებ", არამედ "უწოდიან", ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად: "უწოდე სახელი მისი, მსწრაფლ იავარ-ჰყავ" (ეს. 8,3), მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება3 იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა, ამიტომაც ითქვა, რომ, მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა.

24. და განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან. - დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რა მსწრაფლ ირწმუნა.

და წარიყვანა ცოლი თჳსი. - მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჭვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი.

25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა. - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (დაბ. 8,6), მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა, და კიდევ: "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20) და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება? მაშინ მით უმეტეს! მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია, რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა?

ძე იგი მისი პირმშოჲ. - პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამმა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდშობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია.

[22]და უწოდა სახელი მისი იესუ. - იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.

----------------------------------------------------------------------------------------

1 - ქრისტე ბერძნულად ცხებულს ნიშნავს.

2 - ქართული ტრადიციით ნავეს ძის სახელად არა ”იესო”, არამედ ”ისო”  დამკვიდრდა.

3 - იგულისხმება კერპთაყვანისმცემლობა.

 

თავი II

1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა. - ბეთლემი ითარგმნება როგორც "სახლი პურისა", ხოლო იუდეა, როგორც "აღსარება". დაე, აღსარების წყალობით, ახლა ჩვენც სახლად სულიერი პურისა ვიქცეთ.

დღეთა ჰეროდე მეფისათა. - ჰეროდე იხსენიება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა, "წარმართთა მოლოდინის" ხანა დადგა (დაბ. 49,3).

მეფისათა. - რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედმთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს.

აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ.
- რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს, იუდეველებს , თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ? ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და ღმრთის მტრები იყვნენ.

აღმოსავალით. - ესეც ებრაელთა განსასჯელად, რადგან ისინი თაყვანისსაცემად ასე შორიდან მოვიდნენ, ხოლო ებრაელები, რომელთაც ქრისტე ჰყავდათ, მას სდევნიდნენ.

2. და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? - ამბობენ, რომ ეს მოგვები ბალამ მოგვის შთამომავალნი იყვნენ - და რომ მათ იპოვნეს მისი წინასწარმეტყველება: "გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისნი" (1 რიცხ. 24.17). მათ საიდუმლო ქრისტესი გულისხმაჰყვეს და იმიტო[23]მაც წამოვიდნენ, რომ ახალშობილის ხილვა სურდათ.

რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით. - როცა ვარსკვლავზე მოისმენ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთი იმათთაგანია, რომელთაც ვხედავთ, არამედ ეს ღმრთეებრივი და ანგელოზებრივი ძალა იყო, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოჩნდა. რადგანაც მოგვები ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ, უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მოიყვანა, ისევე როგორც მეთევზური პეტრე განაცვიფრა თევზის სიმრავლით, რომელიც მან ქრისტეს სახელით დაიჭირა. ვარსკვლავი რომ მართლაც ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისითაც ანათებდა და იქიდანაც, რომ მიდიოდა მაშინ, როცა მოგვები მიდიოდნენ და იდგა, როცა ისინი ისვენებდნენ; განსაკუთრებით კი იქიდან, რომ იგი ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც სპარსეთია, სამხრეთისკენ მოძრაობდა, სადაც იერუსალიმია, ჩვეულებრივ კი, ვარსკვლავი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არასოდეს მოძრაობს.

და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. - როგორც ჩანს, ამ მოგვებს დიდი სათნოება ჰქონდათ, რადგან უკეთუ თაყვანისცემა უცხო მიწაზე მოისურვეს, განა შეიძლებოდა, რომ სპარსეთში არ ყოფილიყვნენ გაბედულნი და არ ექადაგათ?

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. - ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც, თვითონაც იცოდა, უღირსი იყო. მაგრამ იუდეველნი? ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ? იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ. ღმრთის განგებით, სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ, ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც [24]ადრე აღიარეს.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:

6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (მიქ. 5,2). - რაკი ეს ქალაქი პატარა იყო, არაფრად აგდებდნენ. ახლა კი, იმის წყალობით, რომ ქრისტე მისგან გამოვიდა, დიდებული გახდა და ამ წმინდა ბეთლემის თაყვანსაცემად ქვეყნის ყოველი კიდიდან მოდიან.

რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი. - კარგად თქვა: "გამოვიდეს", და არა "დარჩეს შენთან", რადგან ქრისტე ბეთლემში არც დარჩენილა, არამედ შემდგომად შობისა მისგან გამოვიდა და მეტწილად ნაზარეთში ცხოვრობდა. იუდეველების თქმით, ეს წინასწარმეტყველება ზორობაბელზე იყო ნათქვამი, მაგრამ, ცხადია, ცრუობდნენ; ზორობაბელი ხომ არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში დაიბადა, რადგან სახელი მისი "ზორო" თესლსა და შობას ნიშნავს, "ბაბელი" კი - ბაბილონს ანუ ბაბილონში ჩასახულს თუ შობილს. მაგრამ მათ წინასწარმეტყველებაც ცხადად ამხელს, როცა ამბობს: "გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა" (მიქ. 5.2). სხვას ვისა აქვს "გამოსავალნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა", თუ არა ქრისტეს? მას ხომ ორი "გამოსავალი" ანუ  შობა ჰქონდა: პირველი შობა დასაბამითგანვე მამისაგან და მეორე - "დღეთაგან საუკუნოჲსათა", რომელიც ღმრთისმშობლისაგან დაიწყო და დროში აღსრულდა. დაე, გვიპასუხონ იუდეველებმა, ზორობაბელი დასაბამითგანვე იშვა? მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ.

რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. - დამწყსოსო, - ამბობს და არა იმას, ტირანი იქნება და შთანთქავსო. რამეთუ სხვა მეფენი მგლები არიან და არა მწყემსნი. ქრისტე კი, როგორც ამას თვითონვე ამბობს, მწყემსია: "მე ვარ მწყემსი კეთილი". ისრაელ ერს იგი როგორც ებრაელთა, ასევე წარმართთა შორის მორწმუნეებს უწოდებს. რამდენადაც ისრაელი როგორც "მხილველი ღმრთისა" ისე ითარგ[25]მნება, ამდენად ყველა, ვინც ღმერთს იხილავს, წარმართაგანიც რომ იყოს, ისრაელიანია.

7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა. - ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამო იხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად.

და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. - ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო. ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა. იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ, ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი ორი წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ ორი წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე.

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს. - მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც ცხადყო, როგორ იყო გაცოფებული მის მიმართ.

8-9. და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. - რადგან თვითონ უზაკველნი იყვნენ, იფიქრეს, რომ ჰეროდეც გულწრფელად ლაპარაკობდა.

და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ. - განგებით ღმრთისა ვარსკვლავი მცირე ხნით დაიმალა, რათა მათ იუდეველთათვის გამოეკითხათ, ჰეროდეც შეძრწუნებულიყო და ამგვარად ჭეშმარიტებაც უფრო ცხადი გამხდარიყო. ხოლო როცა ისინი იერუსალიმიდან გამოვიდნენ, ვარსკვლავი კვლავ გამოჩნდა და წინ მიუძღოდა მათ, საიდანაც ჩანს, რომ [26]იგი ღმრთეებრივი ძალა იყო.

ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი. - და ესეც საკვირველია, რადგან ვარსკვლავი მაღლიდან დაეშვა და დადგა რა დედამიწასთან ახლოს, მათ ადგილი უჩვენა. რამეთუ კვლავ მაღლიდან რომ ჩვენებოდა, როგორღა უნდა გამოეცნოთ კერძოდ ის ადგილი, სადაც ქრისტე იმყოფებოდა? რადგანაც ვარსკვლავები თავიანთი ბრწყინვით დიდ სივრცეს მოიცავენ, შესაძლოა, შენ მთვარე შენი სახლის თავზე იხილო და მეც მეგონოს, რომ იგი მხოლოდ ჩემი სახლის თავზეა. და საერთოდ, ყველას ეჩვენება, რომ მთვარე, ან სხვა რომელიმე ვარსკვლავი მხოლოდ მის თავზე დგას. ამიტომ ქრისტეს ადგილ-სამყოფელს ვერც ის ვარსკვლავი აჩვენებდა, დაბლა რომ არ დაშვებულიყო და ყრმას თითქოსდა თავზე რომ არ დასდგომოდა.

10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად. - რომ არ შეცდნენ და ის იპოვეს, ვისაც ეძებდნენ, ამიტომ გაიხარეს.

11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა. - შვა რა, ქალწულმა, რადგანაც მაშინ სახლი ვერ იპოვნეს, ყრმა ბაგასა შინა მიაწვინა, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგში სახლი მოუნახეს, სადაც მოგვებმა იპოვნეს კიდევაც ისინი. როგორც ლუკაც ამბობს, ბეთლემში ისინი აღწერისთვის ავიდნენ, მაგრამ რადგანაც აღწერაზე დიდძალი ხალხი შეგროვდა, თავდაპირველად სახლი ვერ იპოვნეს და უფალი მღვიმესა შინა იშვა. შემდეგ სახლიც გამოძებნეს, სადაც მოგვებმა უფალი იხილეს.

და დავარდეს და თაყვანის-სცეს მას. - აჰა განბრწყინვება სულისა! გლახაკი იხილეს და თაყვანი სცეს. რადგანაც ირწმუნეს რომ ღმერთი იყო, ამიტომ ვითარცა ღმერთს და ვითარცა კაცს ძღვენიც მიართვეს. აბა, მოისმინე: და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. - ოქრო მას ვითარცა მეფეს მიართვეს, რადგან ჩვენც, მისი ქვეშევრდომნი, მეფეს ოქროს ვუძღენით; ხოლო გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს, რამეთუ ღმერთს გუნდრუკს ვუკმევთ; მური კი - ვითარცა სიკვდილის გემოჲს მხილ[27]ველს, რადგანაც იუდეველნი, სხეული რომ განუხრწნელი დარჩეს, მიცვალებულს შემურულს მარხავენ. თავადაც მშრალი მური ხომ სინესტეს აშრობს და ამით მატლების წარმოშობას უშლის ხელს. ნახე რწმენა მოგვებისა! მათ ბალაამის წინასწარმეტყველებიდან ისწავლეს, რომ უფალი ღმერთიც იქნებოდა და მეფეც და რომ ის ჩვენთვის მოკვდებოდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებასაც მოუსმინე: ინახ-იდგა და განისვენა ვითარცა ლომმან, ვითარცა ბოკვერმან (რიცხ. 24,9), "ლომი" მეფურ დიდებას ნიშნავს, ხოლო "ინაჴიდგა" - სიკვდილს. "მაკურთხეველი შენი იკურთხევა". აჰა, ღმრთეება, რადგანაც ძალა კურთხევისა მხოლოდ ღმრთეებრივ ბუნებას აქვს.

12. და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა. - ყურადღება მიაქციე თანმიმდევრულობას! ღმერთი რწმენისკენ მათ ჯერ ვარსკვლავით წარმოუძღვა, შემდეგ, იერუსალიმში მისულებს, წინასწარმეტყველის მიერ ასწავლა, რომ ქრისტე ბეთლემში იშვებოდა, ხოლო ბოლოს - ანგელოზის მეშვეობით. მათ ირწმუნეს წინასწარმეტყველებისა, ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა და როცა ღმრთისაგან გამოცხადება მიიღეს, ჰეროდე მოატყუეს, არც მის დევნას შეუშინდნენ და ახალშობილის ძალით გამხნევებულნი ჭეშმარიტი მოწმენი გახდნენ.

13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი. - ხედავ რა მიზეზით დაუშვა ღმერთმა ქალწულის დაწინდვა? აქედან შენთვის ცხადი ხდება, რომ იგი დაიწინდა, რათა იოსებს დაეცვა და ეზრუნა მასზე. ანგელოზმა ის კი არ უთხრა - შენი ცოლი წაიყვანეო, არამედ დედა ყრმისაო; რადგან, როცა ეჭვი გაქრა და მართალმა იოსებმა სასწაულებრივი შობისა ანუ იმისა, რომ ყოველივე სულიწმიდისაგან იყო, ირწმუნა, ანგელოზმა მარიამს უკვე მისი ცოლი აღარ უწოდა.

და ივლტოდე ეგჳპტედ. - ილტვის უფალიც, რათა ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტად კაცი იყო, რადგან უკეთუ ჰეროდეს ხელში [28]დარჩებოდა და არ მოკლავდნენ, იფიქრებდნენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა. ეგვიპტეში ილტვის, რათა ისიც წმიდა-ყოს. ყოველგვარი ბოროტების ბუდე ხომ ეს ორი მხარე - ბაბილონი და ეგვიპტე - იყო. ამგვარად თაყვანისცემა ბაბილონისაგან მან მოგვების სახით მიიღო, ხოლო ეგვიპტე თავისი იქ ყოფნით განწმინდა.

და იყავნ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ. - არ უთხრა "იქნები", არამედ "იყავ მუნ", ვიდრემდე არ მიიღებდა ბრძანებას ღმრთისაგან. გარეშე ღმრთეებრივი ნებისა, არც ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ.

რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე. - დახე უგუნურებას კაცისა, რომელსაც ღმრთის ნებაზე გამარჯვება სურს, რადგან უკეთუ ყრმა ღმრთისაგან არ იყო შობილი, რისი ეშინოდა? ხოლო უკეთუ ღმრთისგან იყო, როგორღა მოკლავდა?

14-15. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. - იუდეველნი ამბობენ, რომ ეს იმ ხალხზე ითქვა, რომელიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა. ვუპასუხებთ, რომ რაღაც ახალი წინასახეობრივად ხალხზეც ითქვა, მაგრამ ჭეშმარიტად ქრისტეზე აღსრულდა. შემდეგ: ვინ არის ძე ღმრთისა? ბელფეგორისა და სხვა კერპების თაყვანისმცემელი ხალხი თუ ჭეშმარიტი ძე მისი?

16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან; - როგორც ფარაონს დასცინა ღმერთმა მოსეს საშუალებით, იგივე უყო ჰეროდესაც მოგვების მეშვეობით, რადგანაც ორივენი - ფარაონიცა და ჰეროდეც - ყრმათა მომწყვედელნი იყვნენ: ფარაონი ეგვიპტეში ხოცდა ებრაელთა მამრობითი სქესის ყრმებს, ხოლო ჰეროდე - ბეთლემში.

განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს - მოგვებზე განრისხებულმა ჰეროდემ თავისი გულისწყრომა თავს დაატეხა იმათ, რომელთაც მისთვის [29]არაფერი უვნიათ: რისთვის იყო დაშვებული ყრმათა ამოწყვეტა? რათა ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო; მაგრამ შენ შეიძლება მკითხო: ეს რაღა არის? ნუთუ ყრმები ასე უსამართლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო? მაშ, მოისმინე! უსამართლოდ კი არ დაისაჯნენ, არამედ გვირგვინთა ღირსნი შეიქნენ, რადგან ყოველი, ვინც აქ რაიმე ბოროტებას ითმენს, ან ცოდვათა დატევებისათვის ან კიდევ გვირგვინთა დადგმისათვის იტანჯება. მსგავსად ამისა, ეს ყრმებიც უმეტესად გვირგვინოსან იქნებიან.

16-17. და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: - ვინმეს რომ არ ეფიქრა, ყრმათა ამოწყვეტა ღმრთის ნების გარეშე მოხდაო, გვაჩვენებს, რომ მან ეს წინასწარ იცოდა და წინასწარ თქვა.

18. ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა. - ჰრამა ამაღლებული ადგილია პალესტინაში; თვითონ ეს სახელიც "მაღალს" ნიშნავს. იგი წილად ხვდა ბენიამინის ტომს, რომელიც რაქელის შვილი იყო, რაქელი კი ბეთლემშია დასაფლავებული. ასე რომ, წინასწარმეტყველი ბეთლემს რაქელს უწოდებს, რადგანაც იგი იქ დაიმარხა. მაღლობზე მოთქმა და ტირილი ისმოდა. მოუსმინე წინასწარმეტყველს: ჴმაჲ... გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან. - იგულისხმება, რომ ამ ცხოვრებასა შინა აღარ არიან, თორემ სულები უკვდავია.

19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე. - მწარე აღსასრული ჰქონდა ჰეროდეს: ბოროტი სული ცხელებით, მუცლის გვრემით, ქავილით ამოხდა; ფეხები მოეღრიცა, სარცხვინელი დაულპა, მატლი დაეხვია, ჭირდა ქოშინი, კანკალი და სხეულის ნაწილები უცახცახებდა.

19-20. აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა. - არ ეუბნება ილტვოდეო, არამედ [30]"წარვედ"-ო, რადგან საშიშროება უკვე აღარ არსებობდა.

რამეთუ მოსნყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. - სადაა აპოლინარიოსი, რომელიც ამბობდა, რომ უფალს არ მიუღიაო სული კაცისა? რამეთუ აქ იგი იმხილება.

21-22. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ. - ჰეროდეს სამი ვაჟი დარჩა: ფილიპე, ანტიპა და არქელაოსი. არქელაოსს მეფობა უბრძანა, ბოლო დანარჩენებს ტეტრარქონტობა (მეოთხედ-მთავრობა). იოსებს ისრაელის ქვეყანაში ანუ იუდეაში დაბრუნებისა შეეშინდა. რადგან არქელაოსი მამას ჰგავდა, ხოლო ანტიპა თავად ახალი ჰეროდე იყო, რომელმაც წინამორბედი მოაკვლევინა.

და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა. - გალილეა არა ისრაელის, არამედ წარმართთა ქვეყანა იყო. ამიტომაც იუდეველნი გალილეველებს ზიზღით უყურებდნენ.

23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ. - როგორ ამბობს ლუკა, რომ უფალი ნაზარეთში შობიდან ორმოცი დღისა და სვიმეონისაგან მირქმის შემდეგ მივიდა, მაშინ, როცა მათე გვეუბნება, რომ ნაზარეთში იგი ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ ჩავიდა? გულისხმაყავ, რომ რაზეც მათე დუმს, იმას ლუკა ამბობს. მაგალითისთვის ვიტყვი: აღესრულა ორმოცი დღე შობიდან და უფალი მივიდაო, - გვეუბნება ლუკა. მათე კი იმაზე მოგვითხრობს, რაც შემდგომად ამისა მოხდა, სახელდობრ, უფლის ლტოლვაზე ეგვიპტეში, საიდანაც იგი ნაზარეთში დაბრუნდა. ასე რომ, ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ერთი, კერძოდ, ლუკა ამბობს, რომ ნაზარეთში ბეთლემიდან დაბრუნდა, ხოლო მათეს თქმით - ეგვიპტიდან.

რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს. - დღეს ვერ ვპოულობთ, რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა ეს, რადგან ებრაელთა დაუდევრობისა [31]და მათი მუდმივად ტყვეობაში ყოფნის გამო მრავალი წიგნი დაიკარგა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს წინასწარმეტყველება იუდეველებს ზეპირად (ჩაუწერლად) გადმოეცათ. ნაზარეველი "წმინდას" ნიშნავს. რამდენადაც ქრისტე წმინდაა, ალბათ ნაზარეველიც ამიტომ ეწოდა. "ისრაელის წმინდა" ხომ უფალს მრავალ წინასწარმეტყველთან ეწოდება.

 

თავი III

1. მათ დღეთა შინა. - არა მაშინ, როცა უფალი ყრმა იყო და ნაზარეთში ცხოვრობდა, არამედ მახარებელი საერთოდ იმ დროზე ამბობს, რომელიც აწმყოს უსწრებდა წინ და რომელშიც იოვანე ნათლისმცემელი მოვიდა. იოვანე ღმრთისაგან იმიტომ მოივლინა, რომ იუდეველნი ემხილებინა, საკუთარი ცოდვების შეგნებამდე მიეყვანა და ამგვარად ქრისტეს მისაღებად მოემზადებინა. რადგანაც ვისაც თავისი ცოდვები შეგნებული არა აქვს, ის ვერც მონანიებამდე მივა.

1-2. მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ. - ვინაიდან იუდეველნი ქედმაღალნი იყვნენ, მონანიებისაკენ მათ ამიტომაც მოუწოდებდა. რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - "ცათა სასუფეველს" იგი ქრისტეს პირველსა და მეორე მოსვლასა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებას უწოდებს, რადგან უკეთუ ჩვენ მიწაზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს ზეცის მოქალაქენი ვიყოთ, ვნებათა გარეშე, მაშინ ცათა სასუფეველიც მოპოვებული გვაქვს.

3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. - გზა სახარებას ეწოდება. ალაგნი (ბილიკნი) კი სჯულის დადგენილებებს, რადგანაც გაცვდნენ და მოძველდნენ. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: მოემზადეთ სახარებისეული ცხოვრებისათვის და სჯულის მცნებანი წრფელ ანუ სულიერ ჰყავთ, რადგანაც სული წრფელია. რაჟამს იხილავ, რომ იუდეველი სჯულს ხორციელად [32]იაზრებს, თქვი, რომ წრფელ არც ბილიკები უყვია (არ მოუსწორებია).

4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა. - წინამორბედი სინანულისაკენ თავისი გარეგნობითაც მოუწოდებდა, რადგანაც სამგლოვიარო სამოსი ეცვა. ამბობენ, რომ აქლემი წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორისაა; როგორც მცოხნელი, იგი წმინდაა, ხოლო როგორც ჩლიქგაუყოფელი - უწმინდური. რადგანაც იოვანეს წმინდად მიჩნეული იუდეველი ხალხიცა და უწმინდური წარმართებიც ღმერთთან მიჰყავდა და ძველსა და ახალ აღთქმას შორის შუამავალი იყო, აქლემის ბეწვის სამოსელს ამიტომაც ატარებდა.

და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა. - წმინდა წერილში ყველა წმინდანი სარტყლითაა წარმოდგენილი, ან ვითარცა მუდმივ ჯაფაში მყოფნი, რადგან უზრუნველნი და ნებიერნი სარტყელებს არ ირტყამენ, როგორც, მაგალითად, ახლა სარაცინები, ან კიდევ იმის გამო, რომ თავიანთ თავში ხორციელ გულისთქმათა ვნებანი ჩაკლეს, რადგანაც ტყავი ნაწილია მკვდარი ცხოველისა.

ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. - ზოგნი ამბობენ "მკალი" ბალახიაო, რომელსაც მელაგრასაც უწოდებენ, ხოლო ზოგიერთები მასში კაკალს ან ველურ ნაყოფებს გულისხმობენ. ველური თაფლი კი ის თაფლია, რომელსაც გარეული ფუტკრები ამზადებენ და ხეებსა და კლდეებში იპოვება.

5-6. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. - თუმცა ინათლებოდნენ, მაგრამ იოვანესაგან ნათლობა ცოდვათა მიტევებას არ ნიშნავდა. იოვანე მხოლოდ სინანულს ქადაგებდა და ცოდვათა შენდობისაკენ ანუ ქრისტესგან ნათლობისკენ მიჰყავდა, რომლითაც ცოდვები მოგვეტევება.

7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. - ფარისეველი ითარგმნება როგორც "გამოყოფილი", რადგანაცც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდ[33]ნენ. და სადუკეველნი. - ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც "მართაღნი", რადგანაც "სედეკი" სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს "მართლებს" ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათღის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ. - რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ, ამიტომაც საყვედურობს მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? - იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება: "ვინ გიჩუენა"-ო. წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. - გეჰენიის შესახებ ამბობს.

8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ. - ხედავ, რას ამბობს? რომ ბოროტებას არა მხოლოდ უნდა გაექცე, არამედ კეთილი ნაყოფიც უნდა გამოიღო, რადგანაც ნათქვამია: მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი (ფს. 33,15).

9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. - ისინი იმან დაღუპა, რომ თავიანთი კეთილშობილური წარმოშობის გამო არ ეშინოდათ. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. - ქვებში წარმართები იგულისხმებიან, რომელთაგან მრავალმა ირწმუნა. გარდა ამისა, იოვანე პირდაპირი მნიშვნელობითაც ამბობს, რომ ღმერთს აბრაამისათვის შვილების შექმნა ქვებისგანაც შეუძლია. რადგან ქვა იყო ხომ უნაყოფობისა გამო სარას საშო, მაგრამ მაინც შობა, და როდის აღუდგინა უფალმა აბრაამს ქვათაგან შვილები? მაშინ, როცა მისი ჯვარცმისას მრავალთა იხილეს რა, რომ კლდენი განსთქდეს (მთ. 27,51), ირწმუნეს.

10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. - ცულს [34]ქრისტეს სამსჯავროს უწოდებს, ხოლო ხეებს ყოველ ჩვენგანს. ამგვარად, ვინც არ ირწმუნა, ურწმუნოების გამო ძირში მოიჭრება და გეჰენიაში ჩავარდება. ყოველმან ხემან, თუნდაც ის აბრაამისაგან იყოს წარმოშობილი, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი. - ის კი არ თქვა, არ გამოიღოო, არამედ არ გამოიღებსო, რადგან კეთილ ნაყოფს ყოველთვის უნდა ვიძლეოდეთ. თუკი შენ გუშინ მოწყალება გაიღე, ხოლო დღეს მტაცებლობ, ღმრთის სათნომყოფელი ვერ იქნები. მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს. - წინამორბედმა უთხრა მათ: გამოიღეთ ნაყოფი და აჩვენა კიდეც რომელი ნაყოფი, რწმენა იმისა, ვინც შემდგომად მისა მოვიდოდა, მის შემდეგ კი ქრისტე მოდიოდა. რადგან იგი არა მხოლოდ მასზე ექვსი თვით გვიან იშვა, არამედ გამოჩენითაც პირველად წინამორბედი გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქრისტე, როგორც თავადვე დაამოწმა. რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. - მეო, ამბობს იგი, იმის ღირსიც კი არა ვარ, მისი უკანასკნელი მონა ვიყო და მისი ფეხსაცმელები ვატაროო. ფეხსაცმელებში ქრისტეს ორი გარდამოსვლა იგულისხმება: ზეციდან დედამიწაზე და დედამიწიდან ჯოჯოხეთში, რადგან ფეხსაცმელები ხორცის ტყავი და სიკვდილია. წინამორბედს არ შეეძლო ეს ორი გარდამოსვლა ეტვირთა, უკეთუ იმის გულისხმისყოფას, როგორ მოხდა ისინი, ვერ შეძლებდა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ანუ უშურველად აღგავსებთ თქვენ მადლითა სულისა წმიდისა, მაშინ როცა ჩემი ნათლობა, ამბობს იოვანე, ვერც სულიწმიდის მადლს მოგანიჭებთ და ვერც ცოდვათა შენდობას. ის კი ცოდვათა მიტევებასაც და სულიწმიდის ნიჭთაც უხვად გიბოძებთ.

12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა. - ნვ იფიქრებთ, რომ მისგან მოინათლებით, ხოლო შემდეგ შესცოდავთ და ისიც მოგიტევებთ. მას ხელთ ნიჩაბი, ანუ განსჯა და სამსჯავრო უპყრია. განწმიდოს კალოჲ თჳსი. - ე. ი. ეკლესია, რომელსაც ნათელღებული მრავლად ჰყავს, მსგავსად კალოსი, სადაც ყოველივე, მინდვრებიდან მოწეუ[35]ლი, ერთად გროვდება, მაგრამ მისი ერთი ნაწილი ღვარძლია, ვითარცა თავქარიანნი და ბოროტი სულებით აღძრულნი, ხოლო მეორე - ხორბალი, ანუ ისინი, რომელთაც სხვებისთვის სარგებლობა მოაქვთ და მათ სწავლებითაც და საქმეებითაც ასაზრდოებენ. და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ბოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. - ცეცხლი იგი დაუშრეტელია, ამიტომაც ცდება ორიგენე, რომელიც ამბობდა, რომ სასჯელს დასასრული ექნებაო.

13-14. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა. - ნმინდა ინათლება, რათა ჩვენ განგვბანოს და გვიჩვენოს, რომ უკეთუ მონათვლა გვსურს, ჯერ უნდა განვიწმიდოთ, რათა ნათლობა არ შევაგინოთ. შემდგომად მისა ადვილია ცოდვაში ჩაფლობა უკეთური ჩვევის გამო. იოვანე მას აყენებს, რათა მხილველთ არ ეფიქრათ, რომ ვითარცა ერთი მრავალთაგანი, ქრისტეც მოსანანიებლად ინათლებოდა. მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ. - განწმენდას უფლისაგან წინამორბედიც საჭიროებდა, რადგან ვითარცა ადამისგან წარმომავალი, საძაგელი ურჩობის ტვირთს ისიც ატარებდა, მაგრამ ქრისტემ ყველა განწმინდა. და შენ ჩემდა მოხუალა? - ვერ გაკადნიერდა, რომ ეთქვა: "და შენც ჩემგან ინათლები?" - იმდენად მოერიდა.

15. მიუგო იესუ და პრქუა მას: აცადე აწ. - ახლა დამითმეო, ეუბნება, დადგება დრო და შესაფერისი დიდება ჩვენც გვექნება, თუმცა ახლა მას არ ვაჩენთო. რამეთუ აწ ესერა შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. - სიმართლეს სჯულს უწოდებს. დაწყევლილია, - ამბობს იგი, - კაცობრივი ბუნება, რადგან სჯულის აღსრულება ვერ შეძლო. ამიტომ სჯულის სხვა განწესებანიც მე აღვასრულე, ესღა დამრჩა - ნათლისღება. მისი აღსრულებით, ბუნებას წყევლისაგან განვათავისუფლებ, რადგანაც ეს მე შემფერისო.

15-16. მაშინ მიუშვა მას და ნათელ-იღო იესუ. - უფალი ოცდაათი წლის მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს, სიჭაბუკეში-ძლიერია ცეცხლი გულისთქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში - მოხვეჭის [36]სიყვარული. ამგვარად, უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა სჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ.

16. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან. - მანიქეველები ამბობენ, რომ მან თავისი სხეული იორდანეში ჩამოიშორა და მოჩვენებითად სხვა სხეული მიიღო. მაგრამ მათ შეხედულებას ეს ადგილი უარყოფს, სადაც ნათქვამია: "აღმოვიდა იესო ", ანუ სხვა კი არ ამოვიდა, არამედ ის, ვინც წყალში ჩავიდა. და აჰა განეხუნეს მას ცანი. - ისინი ადამმა დახშა, ქრისტემ კი განაღო, რათა შეიცნო, რომ, რაჟამს ინათლები, შენც აღებ მათ.

16-17 და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა. - სული გარდამოდის, რათა დაამოწმოს, რომ ნათელღებული ნათლისმცემელზე უდიდესია, რადგან იუდეველნი ფიქრობდნენ, რომ იოვანე დიდი იყო, ხოლო ქრისტე -არა. ყველამ დაინახა, რომ სული იესოზე გარდამოვიდა, რათა არ ეფიქრათ, ხმა, რომელმაც თქვა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, იოვანესთვის იყო, არამედ სულის მხილველთ ერწმუნათ, რომ ეს ხმა ქრისტესკენ იყო მიმართული. ვითარცა ტრედი. - მტრედი მოხსენიებულია მისი უწყინარობისა და სიმშვიდის გამო და იმის გამოც, რომ ყველაზე წმინდაა და იქ, სადაც უწმინდურებაა, ვერ ჩერდება, ისევე როგორც სულიწმიდა. ნოესაც ხომ, მიუტანა რა ზეთისხილის რტო, წარღვნის შეწყვეტა მტრედმა აუნყა. ასევე აქაც ცოდვათაგან დახსნას სულიწმიდა ცხადყოფს. იქ ზეთისხილის რტო, ხოლო აქ - წყალობა ღმრთისა. ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, ანუ რომელშიც მე განვისვენებ, რომელიც მომწონს.

თავი IV

1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთ[37]მანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.- ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი, რადგან მან ადამთან ღმერთს ცილი დასწამა, როცა უთხრა, ღმერთს თქვენი შურსო1, ის სათნოებას ახლაც სწამებს ცილს ჩვენს წინაშე. 

2. და იმარხა. - იმარხულა, რათა ეჩვენებინა, რომ მარხვა მძლავრი იარაღია ცდუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ნაყროვანება სათავეა ყოველგვარი ცოდვისა. ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე. - იმდენი დღე და ღამე იმარხულა, რამდენიც მოსემ და ელიამ. უფრო მეტი რომ ემარხულა, მაშინ მისი განკაცება მოჩვენებითად ჩაითვლებოდა. და მერმე შეემშია. - როცა კაცობრივ ბუნებას დაუთმო, მაშინ მოშივდა, რათა შიმშილით ეშმაკისათვის მასთან მისვლისა და შებრძოლების საბაბი მიეცა, რომ დაემარცხებინა და დაემხო იგი, ხოლო ჩვენთვის გამარჯვება მოენიჭებინა.

3. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. - მართალია, მაცდურმა ზეციდან ხმა - ესე არს ძე ჩემი საყუარელი - მოისმინა, მაგრამ, როცა დაინახა, რომ მოშივდა, ვერ გაიგო, ღმრთის ძეს როგორ უნდა მოშიებოდა. ამიტომაც, დასარწმუნებლად ცდის და ფიქრობს რა, რომ რაღაცას ფარავს, ეპირფერება და ეუბნება: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. - მაგრამ შენ მკითხავ: რა ცოდვა იქნებოდა ქვების პურად გადაქცევა? მაშ, შეისმინე! ეშმაკს რაშიც არ უნდა მოუსმინო, ცოდვაა. სხვაგვარადაც შეხედე! ის კი არ უთხრა: ეს ქვა იქცეს პურადო, არამედ ქვებიო, სურდა რა, რომ სიხარბე მორეოდა. მშიერისთვის ხომ ერთი პურიც სავსებით საკმარისია. ამიტომაც არ მოუსმინა მას ქრისტემ. 

4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. - ეს დამოწმება ძველი აღთქმიდანაა, [38]რამეთუ მოსეს სიტყვებია. ებრაელები მანანათი საზრდოობდნენ, რომელიც პური არ იყო, მაგრამ ღმრთის სიტყვით მათ ყოველგვარ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, რადგან ყველაფრად იქცეოდა იმისდა მიხედვით, ვისაც რისი ჭამა მოესურვებოდა. იუდეველს თევზი მოუნდებოდა, კვერცხი თუ ყველი, მანანა მისთვის მათ გემოს იღებდა.

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. - ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი (ნავი) ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ.

6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. - უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, - ამით ეშმაკი ეუბნება: მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო. თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. - მართლაც წყეულო! ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა? სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება - ეს შენს სისასტიკეს ახასიათებს, ღმერთს კი - ხსნა. ქრისტესთვის კი არ დაწერილა "ხელთა ზედა აღგიპყრან შენ ", არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოზთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ; ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს.

7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. - მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენც გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.

8-9. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. - ზრგიერთნი ფრიად მაღაღ მთაში ანგარებისმოყვარეობას გულისხმობენ, რომლისკენაც მტერს იესოს მიდრეკა სურდა. მაგრამ არასწორად ფიქრობენ, რადგან ეშმაკი მას გრძნობადად ეჩვენა, უფალმა კი ზრახვანი არ შეიწყნარა; ნუმც იყოფინ! გრძნობადად უჩვენა მას მთაზე ყოველნი სუფევანი, წარმოუდგინა რა [39]ისინი წინაშე თვალთა ვითარცა მოლანდება და უთხრა: ესე ყოველი მიგცე შენ. ქედმაღლობის გამო იგი სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ანგარებისმოყვარეთ ახლაც ამას ეუბნება, სახელდობრ, რომ ვინც მას თაყვანს სცემს, სამყაროს მპყრობელი გახდება.

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. - იხილა რა, რომ ღმერთობას იჩემებდა და ეუბნებოდა "ესე ყოველი მიგცე შენ", თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, უფალი მას განურისხდა; ხოლო შენ შეიცანი სარგებლობა წმინდა წერილისა, რადგან უფალმა მტერი მისით გააჩუმა.

11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას. - სამ ცდუნებაზე გაიმარჯვა უფალმა: გემოთმოყვარებაზე, პატივმოყვარეობასა და ანგარებისმოყვარეობაზე ანუ სიმდიდრისაკენ სწრაფვაზე. სწორედ ესენი არიან ვნებათაგან მთავარნი. ასე რომ, უკეთუ მათზე გაიმარჯვებ, დანარჩენებს ბევრად უფრო ადვილად დაძლევ. ამიტომაც ამბობს ლუკა: და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი (4,13), თუმცა უფალმა ცდუნებათაგან მხოლოდ მთავარნი დაამარცხა. მაშინ ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას, რათა ეჩვენებინათ, რომ ვნებებზე გამარჯვების შემდეგ ისინი ჩვენც მოგვემსახურებიან, იესო ხომ ყოველივეს ჩვენთვის აკეთებს და აჩვენებს, თორემ მას, ვითარცა ღმერთს, ანგელოზნი მარადჟამს ემსახურებიან.

12-13. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა. - იესო წავიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავი საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ. იგი გალილეაში ანუ იმ ქვეყანაში მიდის, სადაც წარმართნი ცოდვისაკენ მიიდრიკნენ და კაპერნაუმში ანუ "სახლში ნუგეშინისცემისა" მკვიდრდება. იგი ხომ იმისთვისაც გარდამოხდა, რომ წარმართნი ნუგეშინისმცემლის სახლად ექცია. ზაბულონი ითარგმნება როგორც ღამეული, ხოლო ნეფთალე[40]მი - როგორც სიფართე; ცხოვრება წარმართთა ხომ ღამეულიც იყო და ფართოც, რადგანაც ვიწრო გზას კი არ დაადგნენ, არამედ წარწყმედისაკენ მიმავალს.

14-16. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. - გზაჲ ზღჳსაჲ, ნაცვლად ქვეყანისა, რომელიც ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ნათელი დიდი - სახარება; მართალია, რჯულიც ნათელი იყო, მაგრამ მცირე. აჩრდილი სიკვდილისა - ცოდვაა, იგია ხომ მსგავსება და სახე სიკვდილისა. რადგან ვითარცა სიკვდილი სხეულს, ცოდვაც სულს ისე იპყრობს. ნათელი აღმოგვიბრწყინდა, რადგან ჩვენ კი არ ვეძებდით მას, არამედ თვითონ გამოგვიჩნდა, თითქოსდა თან გვდევდა.

17.მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად. - იესომ ქადაგება მაშინ დაიწყო, როცა იოვანე საპყრობილესა შინა შეაყენეს, რადგან ელოდებოდა, რომ ჯერ იოვანეს დაემოწმებინა მის შესახებ და განემზადებინა გზა, რომელიც უნდა გაევლო, ისევე როგორც მონები თავიანთ მბრძანებლებს უმზადებენ. თანასწორს მამისა, იოვანეს სახით მასაც თავისი წინასწარმეტყველი ჰყავდა, ვითარცა მის მამასა და ღმერთს ჰყავდა წინასწარმეტყველნი იოვანეზე უფრო ადრე, ან უფრო სწორად, ისინი როგორც მამის, ასევე ძის წინასწარმეტყეელებიც იყვნენ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. სასუფეველი ცათაჲ - ესაა ქრისტე და სათნოებით აღსავსე ცხოვრება. უკეთუ ვინმემ ამქვეყნად ისე იცხოვრა, როგორც ანგელოზმა, განა იგი ზეციური არ არის? ამგვარად, სასუფეველი ცათა ყოველ ჩვენგანში იქნება, თუკი ანგელოზისებურად ვიცხოვრებთ.

18-19. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს [41]მესათხევლე, და პრქუა მათ. - ისინი იოვანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოვანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოვანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით:

19-20. მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. - ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ, აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო. ქრისტესგან განსწავლულებმა, შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმწამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ.

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. - რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით, - მართლაც დიდი სათნოებაა. გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა. - რადგანაც ღარიბები იყვნენ, ამიტომაც არ შეეძლოთ შეძენა ახლისა და ძველებს კემსავდნენ.

22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. - როგორც ჩანს, ზებედემ არ ირწმუნა და ამიტომაც დატოვეს იგი. ნახე, როდისაა საჭირო მიტოვება მამისა! როცა იგი სათნოებასა და ღმრთისმოსაობაში გაბრკოლებს. იხილეს თუ არა, რომ პირველნი (სიმონ და ანდრეა) შეუდგნენ, მიბაძეს რა მათ, თვითონაც გაჰყვნენ.

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებას სასუფეველისასა. - რათა ეჩვენებინა, რომ სჯულის წინააღმდეგი არ იყო, ებრაელთა სინაგოგაში შედიოდა. და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. - ნიშნებით იმიტომ იწყებს, რომ ერწმუნათ იმისი, რასაც ასწავლიდა. სნეულება - ეს ხანგრძლივი ტანჯვაა, ხოღო უძლურება - ხანმოკლე დარღვევა სხეულის სწორი ცხოვრებისა.

24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტ[42]ანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. - მასთან მიყვანილთაგან ქრისტე რწმენის შესახებ არავის არაფერს ეკითებოდა, რადგან უკვე რწმენის საქმე იყო ის, რომ ისინი შორიდან მოჰყავდათ. ცისად ცისად გუემულებს (მთვარეულებს) ეშმაკეულებს უწოდებს, რადგან ეშმაკს სურს რა, ადამიანებს ჩაუნერგოს, რომ ვარსკვლავები მავნებელნი არიან, მთვარის აღვსებას უცდის და მაშინ ტანჯავს, რათა ტანჯვის მიზეზად მთვარე მიიჩნიონ და ბრალი ღმრთის ქმნილებას დასდონ, მსგავსად მანიქეველთა ცდომილებისა.

25. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.

---------------------------------------------------------------------------------------------

1 - დედანში სიტყვათა თამაშია: διάβολος - ეშმაკი და διάβολοων - ცილისმწამებელი.

 

თავი V

1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა. - მთაზე ადის, რითაც გვასწავლის, რომ მოსაჩვენებლად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განზრახული აქვს რა, რომ გვასწავლოს, გვარიგებს, რომ რაჟამს ვსწავლობთ, ხმაურს უნდა გავშორდეთ. და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. - ბრბო მიდის მასთან, რათა სასწაულები იხილოს, ხოლო მოწაფენი - რათა განისწავლონ. ამიტომ სასწაულთა აღსრულებითა და სხეულთა განკურნებით, იგი სულებსაც კურნავს, რათა ვისსავლოთ, რომ თვითონ არის შემოქმედი სულისაც და ხორცისაც.

2. და აღაღო პირი თჳსი. - რისთვისაა დართული "აღაღო პირი თჳსი?" ჩანს, რომ ზედმეტია, მაგრამ არა; მანამდე იგი პირის გაუღებლად ასწავლიდა, როგორ? ცხოვრებითა და სასწაულებით. ახლა კი აღაღო პირი და ასწავლის. ასწავებდა მათ და ეტყოდა, არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ მთელ ხალხს. სწავლებას ნეტარებით იწყებს, ისევე როგორც დავითმაც ნეტარებით1 დაიწყო.

[43]3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს, რომელნიც არასოდეს მრისხანებენ (რადგან ამგვარნი გონებაჩლუნგნი არიან), არამედ, რომელნიც მრისხანებას კი განიცდიან, მაგრამ თავს იკავებენ და მაშინ მრისხანებენ, როცა ეს საჭიროა.

6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. - როცა განზრახული აქვს გულმოწყალებაზე ისაუბროს, პირველად გვაჩვენებს, რომ სამართლიანობასთან ზიარებაა საჭირო და რომ მიტაცებულიდან მოწყალების გაღება არ შეიძლება. სიმართლე დიდი გულმოდგინებით უნდა ვეძიოთ, რადგან რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის ამას ნიშნავს. რაკი ანგარებისმოყვარენი კმაყოფილებად და მაძღრებად წარმოგვიდგებიან, ამიტომაც ამბობს, რომ მით უფრო მართალნი განძღებიან აქვე, რადგან თავიანთ ქონებას უსაფრთხოდ ფლობენ.

[44]7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. - მონყალების გაცემა არა მხოლოდ ქონებით, არამედ სიტყვითაც შეიძლება, ხოლო უკეთუ არცერთი გაქვს, - ცრემლებით. ისინი კაცთაგან აქაც იქნებიან შეწყალებულნი, რადგან მას, ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, ხოლო დღეს აღარაფერი აქვს, ყველა შეიწყალებს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ წყალობას ღმრთისგან იქ მიიღებს.

8. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. - ბევრი არა თუ მძარცველი, არამედ მოწყალეც კი არის, მაგრამ მრუშობს და ამგვარად სხვა მხრივ ბიწიერია. ბოლო ქრისტე სხვა სათნოებებთან ერთად სიწმინდის, ანუ უბიწოების დაცვასაც ბრძანებს, და თანაც - არა მხოლოდ სხეულით, არამედ გულითაც, რადგან უფალს, სიწმინდისა და უბიწოების დაუცველად, ვერავინ იხილავს. ისევე როგორც სარკე, გამოსახულებას მაშინ აირეკლავს, თუ იგი სუფთაა, ასევე ღმრთის ჭრეტაცა და წმინდა წერილის გულისხმისყოფაც მხოლოდ წმინდა სულს ხელეწიფება.

9. ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. - იგულისხმება არა მხოლოდ ისინი, რომელნიც ყველასთან მშვიდობით ცხოვრობენ, არამედ ისინიც, რომელნიც გადამტერებულებს ერთმანეთთან არიგებენ. მშვიდობისმყოფელია, აგრეთვე, ისიც, ვინც ღმრთის მტრებს სწავლებით მისკენ მიაქცევს. ამგვარნი ღმრთის ძენი არიან, რადგან ღმერთთან ჩვენ მისმა მხოლოდშობილმა ძემ შეგვარიგა.

10. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - არა მხოლოდ მოწამენი იდევნებიან, არამედ მრავალი სხვაც, ჩაგრულთა შემწეობისა და საერთოდაც ყოველგვარი სათნოებისა გამო, რადგან ყველა სათნოება სიმართლეა. მპარავნიცა და   კაცისმკვლელნიც იდევნებიან, მაგრამ ისინი ნეტარნი არ არიან.

11. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ. - და ბოლოს უფალი მოციქულებს ეუბნება, რომ ლანძღვის მოთმენა ყველაზე მეტად მოძღვრებს ჰმართებთ. და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. - ყველა გალანძღუ[45]ლი კი არაა ნეტარი, არამედ ის, ვინც ქრისტესათვის, ან უსამართლოდ ილანძღება. უკეთუ ეს ორი მიზეზი არ არსებობს, იგი უბედურია, რადგანაც მრავალთათვის საცდური ხდება.

12. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა. - სხვა სათნოებებთან დაკავშირებით დიდ საზღაურზე უფალი არაფერს ამბობს. აქ კი ამბობს და ამით გვაჩვენებს, რომ დათმენა ლანძღვისა დიდი და უძნელესი საქმეა. ბევრმა სიცოცხლე ამის გამო თვითონვე მოისწრაფა. თვით იობიც კი, რომელმაც სხვა განსაცდელნი დაითმინა, განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდა, როცა მეგობრებმა დააყვედრეს, რომ თითქოს ცოდვის გამო იტანჯებოდა. რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა. - მოწაფეებს რომ არ ეფიქრათ, დევნილნი ქრისტეს სწავლების რაღაც საწინააღმდეგო ქადაგებისთვის ვიქნებითო, უფალი ანუგეშებს მათ და ეუბნება, რომ თქვენამდე სათნოებისათვის წინასწარმეტყველნი იდევნებოდნენო, ამიტომაც ნუგეში იმათ ტანჯვაში გექნებათო.

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. - წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ [46]ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას მზერა მათკენ იქნება მიპყრობილი. ნუ იფიქრებთ, - ეუბნება მათ, რომ დაიმალებით, არამედ, პირიქით, ყეელასათვის საჩინო იქნებით. ამიტომაც თვალყური ადევნეთ, რომ უბიწოდ იცხოვროთ, რათა სხვებისთვის საცდურად არ იქცეთო.

15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. - მეო, ამბობს, აღვანთე დაუშრეტელი ნათელი მადლისა. დაე, თქვენი მოღვაწეობის საქმეც ის იყოს, რომ ნათელი თქვენი ცხოვრებისა სხვებსაც უნათებდეს.

16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. - ის კი არ უთქეამს, "თქვენ აჩვენეთ თქვენი სათნოება"-ო (რადგან ეს კარგი არ იქნებოდა), არამედ თვითონ იგი ბრწყინავდეს ისე, რომ თქვენი მტრებიც ჰკვირობდნენ და არა თქვენ, არამედ თქვენს ზეციერ მამას ადიდებდნენო. ამიტომაც, როცა ჩვენ კეთილ საქმეს ვაკეთებთ, იგი არა საკუთარი თავის, არამედ ღმრთის სადიდებლად უნდა ვაკეთოთ.

17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. - რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (1 პეტ. 2,22). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ [47]სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით. ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. - უფალი აქ გვიჩვენებს, რომ სამყარო წარხდება და სახეს შეიცვლის, მაგრამ ვიდრე ყოველივე დგას, უმცირესი ასოც კი სჯულისა არ დაიკარგება. ერთნი "იოტასა" და "რქაში" სჯულის ათ მცნებას გულისხმობენ, მეორენი - ჯვარს. იოტა (ι) სწორი ძელია ჯვრისა, ხოლო რქა -გადამკვეთი და ამბობენ, რომ თქმული ჯვრის შესახებ აღსრულდება.

19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა. - უმცირეს მცნებებს მათ უწოდებს, რომელთა გადმოცემაც თვითონ ჰქონდა განზრახული და არა მცნებებს სჯულისა. უმცირესებად სახელსდებს სიმდაბლისა გამო, რათა მოკრძალება მოძღვრების წინაშე შენც გასწავლოს. უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა ნაცვლად ამისა: "აღდგომისას უკანასკნელი იქნება და გეჰენიასა შინა შთავარდება", რადგან იგი ვერ შევა ცათა სასუფეველში, სასუფეველში კი აღდგომა მოიაზრე. ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა. - პირველად დგას "ყოს" და შემდეგ "ასწავოს", რადგანაც, როგორ უნდა წარვუძღვე იმ გზაზე სხვებს, რომლითაც მე თავად არ მივლია? მეორე მხრივ, უკეთუ მე ვყოფ, მაგრამ არ ვასწავლი, შესაძლოა, არა თუ საზღაური არ მივიღო, არამედ დავისაჯო კიდეც, თუკი შურისა ან სიზარმაცისა გამო არ ვასწავლიდი.

20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. - უფალი სიმართლეს ყველა სათნოებას უწოდებს, [48]როგორც ეს იობზეა ნათქვამი: "ხოლო იყო იობი კაცი მართალი და ყოვლისაგან უბიწო" (იობ. 1,1). ამგვარად, შეძრწუნდი, კაცო, რაჟამს მოიაზრებ, რამდენი რამ მოგვეთხოვება. შემდეგ გვასწავლის, როგორ აღვემატოთ (მწიგნობრებსა და ფარისევლებს) და სათნოებებს ჩამოთვლის.

21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (გამოს. 20.13). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; - წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგი დაისჯება, მაგრამ ის, ვინც ძმაზე გონივრულად, მისი აღზრდის მიზნით, ან სულიერი მოშურნეობისა გამო, მრისხანებს, არ დაისჯება. პავლემაც უთხრა მრისხანების სიტყვები ელიმე მოგვსა და მღვდელმთავარს, მაგრამ არა ტყუილუბრალოდ, არამედ მოშურნეობისა გამო. ცუდად ვმრისხანებთ ჩვენ მაშინ, როცა მრისხანება ქონების ან დიდების გამო გვიპყრობს.

და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად. - კრებულში ებრაელთა სამსჯავრო იგულისხმება, ხოლო "რაკა" იმავეს ნიშნავს, რასაც "შენ". ჩვენ ჩვევად გვაქვს, მას ვისაც არაფრად ვაგდებთ, მივმართოთ: "მოდი, შენ". [49]სურს რა ჩვენი აღზრდა, უფალი გვასწავლის, რომ შედარებით უმნიშვნელოსაც ყურადღებით მოვეკიდოთ და ერთმანეთს პატივით მოვეპყრათ. ზოგიერთის თქმით, "რაკა" სირიულად არად ჩასაგდებს ნიშნავს. ამგვარად, ვინც ძმას უპატიოდ მოექცევა და არად ჩასაგდებს არარაობას უწოდებს, წმინდა მოციქულთა კრებულს გადაეცემა, რაჟამს ისინი თორმეტი ტომის განსასჯელად დასხდებიან.

და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. - ბევრი ამბობს და თვლის, რომ ეს მძიმე და მკაცრი განაჩენია, მაგრამ არა. ნუთუ ის, ვინც ძმას გონებასა და აზროვნებას ართმევს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ცხოველებისგან განვირჩევით, არ არის ღირსი გეჰენიისა? ვინც ილანძღება და სხვას შეურაცხყოფს, სიყვარულს არღვევს, ხოლო როცა სიყვარული ირღვევა, სათნოებანიც ნადგურდება, რომელნიც მხოლოდ მასთან თანაარსებობის პირობებში არიან მტკიცენი. ამგვარად, ყოველი, ვინც შეურაცხყოფს, ყველა სათნოებას არღვევს, რითაც სიყვარულსაც ანადგურებს და ამიტომაც ცეცხლსაც სამართლიანად მიეცემა.

23-24. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. - ღმერთი მისთვის პატივის მიგებასაც უგულებელყოფს, ოღონდ კი ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. სიტყვებს: "ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს" სხვა აღარაფერი დაამატა, რადგან სამართლიანად აქვს წყენა შენს მიმართ თუ უსამართლოდ, მაინც უნდა შეურიგდე! არ უთქვამს, უკუეთუ შენ ხარ გულ-ძჳრად მის მიმართო, არამედ იგი თუ არს გულძჳრ შენთჳსო, ეცადე შემოირიგოო, ხოლო მანამდე შესაწირავის დატოვებას გიბრძანებს, რათა შენ შერიგების აუცილებლობა გაგრძნობინოს, რადგან უკეთუ ძღვენის შეწირვა გსურს, აუცილებლად უნდა შეურიგდე. ამასთან, იგი გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი მსხვერპლი სიყვარულია.

25-26. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა [50]ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. - ზოგიერთი თვლის, რომ მოცილეში (წინამოსაჯული) ეშმაკი იგულისხმება, ხოლო გზაში - ცხოვრება, და ფიქრობს, რომ უფალი შემდეგს შეგვაგონებს: ვიდრე ამ ცხოვრებასა შინა ხარ, კავშირი გაწყვიტე ეშმაკთან, რათა შემდეგში მან ცოდვაში მხილება შენი, რომ რაღაც გქონდა მისი, ვერ შეძლოს და სასჯელს მანამდე არ გადაეცე, ვიდრე უმცირეს ცოდვასაც კი არ დათმობ (კოდრატი ხომ ორი ლეპტის2 ტოლია). ხოლო შენ მოიაზრე, რომ უფალი ამას აქაურ მოცილეებზე ამბობს და გვასწავლის: მათთან ერთად არ გავსამართლდეთ და ღმრთის საქმეებიდან არ გადავუხვიოთ. კიდევაც რომ შეურაცხგყოს, სამსჯავროში ნუ წაიყვან, არამედ გზაშივე შეურიგდი, რათა უარესი ტანჯვა არ შეგემთხვეს მოცილეს ძლიერებისა გამო.

27. გესმა, რამეთუ ითქვა, არა იმრუშო. მრუშობა სხვაა და სიძვა სხვა, მრუშობა შეცოდებაა ქმრიანთან, ხოლო სიძვა - განტევებულთან.

28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. - ვინც შესათვალიერებლად შეჩერდება და მზერით გულისთქმა აღეგზნება, მაგრამ მზერას, კიდევ უფრო დიდი ნდომით, მაინც გააგრძელებს, მან უკვე ჩაიდინა თავის გულში ცოდვა მრუშობისა. თუ საქმეც არ მიუმატა, მერე რა? არ შეეძლო და იმიტომ, რომ შეძლებოდა, უკეთურ საქმეს მყისვე აღასრულებდა. ისე კი იცოდე: უკეთუ სურვილი გაგვიჩნდება, მაგრამ მისი საქმით აღსრულებისას დაბრკოლებას წავაწყდებით, ცხადია, რომ მადლის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. ასევე ქალებიც, თუკი ისინი იმისთვის ირთვებიან, რომ ვინმეს თავი მოაწონონ, კიდევაც რომ არ მოიწონონ, მაინც სცოდავენ, რადგანაც მათ შეამზადეს სასმელი, რომელიც არავინ შესვა.

[51]29-30. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. - როცა თვალსა და ხელზე ისმენ, ნუ იფიქრებ, რომ ეს სხეულის ნაწილების შესახებ ითქვა, რადგან მაშინ ორივე შემთხვევაში "მარჯუენე"-ს არ დაუმატებდა. არამედ მათში მოჩვენებითი მეგობრები იგულისხმება, რომელნიც სინამდვილეში ვნებას გვაყენებენ. ასე მაგალითად: ახალგაზრდას გარყვნილი მეგობრები ჰყავს, რომელნიც მას ვნებენ. მოიკვეთე ისინი - გეუბნება უფალი. ამით, უკეთუ გონებას მოეგებიან, შესაძლოა, შენ იხსნა ისინი, ხოლო უკეთუ არა - საკუთარი თავი მაინც გადაირჩინო; მაშინ, როცა, თუ მათთან მეგობრობას არ მოეშვები, შენც დაიღუპები და ისინიც.

31. თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. - მოსემ ბრძანა, რომ უკეთუ ვინმე ცოლს მოიძულებდა, შეეძლო გაყროდა მას, რათა უარესი არ მომხდარიყო, რადგან ის, ვისაც მოიძულებენ, შეიძლება მოკლან კიდეც. გაყრილისათვის მას განთავისუფლების წერილი უნდა მიეცა, რომელსაც განტევების წერილიც ეწოდებოდა, რათა უკან აღარასოდეს მიბრუნებულიყო და იმის გამო, რომ ქმარი უკვე სხვასთან ცხოვრობდა, შფოთი არ წარმოშობილიყო.

32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. - უფალი მოსეს რჯულს კი არ არღვევს, არამედ ასწორებს და ქმარს ცოლის უგუნური მიზეზით მოძულებას უკრძალავს. უკეთუ საფუძვლიანი მიზეზით, ანუ როგორც მემრუშეს გაუშვებს, არ განისჯება, ხოლო უკეთუ გაშვების მიზეზი მრუშობა არ იქნება, მაშინ სამსჯავროს გადაეცემა, რადგან სიძვისაკენ უბიძგა. მაგრამ ვინც გაშვებულს [52]მიიღებს, ისიც მემრუშეა, რამეთუ რომ არ მიეღო, შესაძლოა, უკან დაბრუნებულიყო და ქმარს დამორჩილებოდა. ქრისტიანი კი მშვიდობისმყოფელი უნდა იყოს სხვების და, მით უმეტეს, საკუთარი ცოლის მიმართ.

33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. - ე. ი. როცა იფიცებ, მართალი უნდა იყო.

34-35. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. - რაკი იუდეველებმა მოუსმინეს ღმერთს, რომელიც ამბობდა: "ცა ტახტია ჩემთვის, ხოლო ქუეყანა კვარცხლბეკი"-ო, მათ იფიცებდნენ. უფალი უკრძალავს მათ დაფიცებას, მგრამ არა იმიტომ, რომ ცა მშვენიერია და ვრცელი, ხოლო დედამიწა - სარგებლიანი, არამედ იმიტომ, რომ რამდენადაც ერთი მათგანი ტახტია ღმრთისა, ხოლო მეორე - კვარცხლბეკი, არ უნდოდა საბაბი ჰქონოდათ კერპთაყვანისმცემლობისათვის, რადგან სტიქიები მათ მიერ, ვინც მათ იფიცებდა, ღმერთებად იქცეოდნენ, როგორც ეს ძველად ხდებოდა.

36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. - თავისი თავის დაფიცება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რამდენადაც ის არავისზე არაა დამოკიდებული. ჩვენ კი, რომელთაც ჩვენი თავი არ ხელგვეწიფება, საკუთარი თავი როგორღა უნდა დავიფიცოთ? იგი ხომ სხვისი კუთვნილებაა. უკეთუ თავი შენი შენია, მაშინ შეცვალე, თუ შეგიძლია, თუნდაც ერთი ღერი თმისა.

37. არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. - შენ რომ არ გეთქვა: - მაშინ როგორღა დავაჯეროო. გეუბნება: დააჯერებ, უკეთუ ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არასოდეს დაიფიცებ, რადგან ისე არავინ კარგავს ნდობას, როგორც ის, ვინც მაშინვე ფიცს იწყებს.

ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს. - ფიცი, გარდა [53]"ჰოსი" და "არასი", ზედმეტია და ეშმაკისაა; მაგრამ შენ იკითხავ: ნუთუ სჯული მოსესი, რომელიც დაფიცებას ბრძანებს, უვარგისი იყო? მაშინ იცოდე, რომ იმ დროისათვის დაფიცება არ იყო ცუდი, ხოლო ქრისტეს შემდგომ კი უკვე ცუდია, ისევე როგორც წინადაცვეთა და საერთოდ იუდეველობა. ხომ შვენის ჩვილებს ძუძუს წოვა, მაშინ როცა იგი კაცისათვის სამარცხვინოა.

38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოს. 21,24) - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.

40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს. პერანგს (კვართი) ჩვენ საკუთრივ შიგნით ჩასაცმელს ვუწოდებთ, ხოლო სამოსელს იმას, რასაც ზემოდანაც ვიცვამთ. მაგრამ ეს სახელები ერთმანეთის ნაცვლადაც იხმარება.

41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა. - რა სამოსელსა და პერანგზე ვლაპარაკობ? - ამბობს უფალი. თვით შენი სხეულიც დაანებე მას, ვინც ძალით მიგათრევს და იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე მას სურს.

42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხე[54]ბად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი. - გინდ მტერი იყოს, გინდ მეგობარი, გინდაც ურწმუნო, ფულს გთხოვს, თუ სხვა რამ დახმარებას, უარს ნუ ეტყვი. ხოლო სესხს, ამბობს უფალი, ვახშით კი ნუ გასცემ, არამედ ისე, მოყვასის სასარგებლოდ, რადგან იგი სჯულის დროსაც სარგებლის გარეშე გაიცემოდა.

43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.

და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.

46. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. - ვძრწოდეთ, რადგან მეზვერეებზე უარესები ვართ, ჩვენ ხომ ისინიც გვძულს, ვისაც ვუყვარვართ.

47-48. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. [55]ადამიანთაგან ერთნი, - მეგობარნი, გიყვარდეს, ხოლო მეორენი გძულდეს, არასრულყოფილებაა; სრულყოფილება ისაა, ყველა გიყვარდეს.

---------------------------------------------------------------------------

1 - იგულისხმება დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ფსალმუნები, რომელნიც ასე იწყება "ნეტარ არის კაცი...".

2 - ყველაზე წვრილი სპილენძის მონეტა.

 

თავი VI

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის გამოსაჩენად, არ განისჯები, ხოლო უკეთუ მიზნად პატივმოყვარეობა გაქვს, კიდევაც, რომ საუნჯესა შინა შენსა აკეთებდე, მაინც განისჯები, რადგანაც ღმერთი განზრახვას სჯის, ან გვირგვინოსანყოფს.

2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. - მართალია, თვალთმაქცებს (ორგულთა) ბუკი არ ჰქონდათ, მაგრამ უფალი აქ მათ განზრახვას დასცინის, რადგანაც სურდათ, თავიანთი ქველმოქმედების შესახებ ბუკით ემცნოთ. ხოლო თვალთმაქცები იმათ ეწოდებათ, რომელნიც სინამდვილეში სხვანი არიან და თავს კი სხვად აჩვენებენ. ასე წარმოგვიდგებიან ისინი ქველმოქმედებად, მაშინ, როცა სინამდვილეში სხვანი არიან.

3. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი. - ეს გარდამეტებულად ითქვა: თუ შესაძლებელია, შენს თავსაც დაუმალე, ანუ სხვაგვარად: მარცხენა ხელი პატივმოყვარეა, მარჯვენა - მოწყალე; მაშასადამე, დაე პატივმოყვარეობას ნუ ეცოდინება შენი მოწყალების შესახებ.

[56]4. რაჲთა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. - როდის? როცა ყოველივე გაშიშვლდება და გაცხადდება, მაშინ შენც უფრო მეტად განდიდდები.

5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. - თვალთმაქცებს (ორგულებს) უწოდებს ამათაც, რომელნიც თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ღმერთს უსმენდნენ, სინამდვილეში კი ადამიანებს უსმენენ, რომელთაგანაც აქვთ, ანუ იღებენ კიდეც თავიანთ საზღაურს.

6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. - და რა გამოდის? ეკლესიაში აღარ უნდა ვილოცო? სრულიადაც არა! მაგრამ წრფელი განზრახვით უნდა ვილოცოთ და არა თავის მოსაჩვენებლად: რადგან ადგილი კი არ გვნებს, არამედ შინაგანი განწყობილება და მიზანი. მრავალნი, რომელნიც ფარულად ღოცულობენ, ასე კაცთათვის თავის მთსაწონებლად იქცევიან.

7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი. - მრავალსიტყვაობა ფუჭად მეტყველებაა. მაგალითად, ვედრება რაიმე ამქვეყნიურის- ძალაუფლების, სიმდიდრის, სხვაზე უპირატესობის- მოსაპოვებლად. მრავალსიტყვაობა დაუნაწევრებელი მეტყველებაა მსგავსად ყრმათა მეტყველებისა. ასე რომ, შენ ნუ იქნები ფუჭად მეტყველი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი; - საჭიროა არა გრძლად წარმოთქმა ლოცვებისა, არამედ მოკლედ. ოღონდ განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდე.

8. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან. - ვითხოვთ არა იმისთვის, რომ მას ვასწავლოთ, არამედ, რათა ჩვენ თვითონ მოვწყდეთ ცხოვრებისეულ საზრუნავებს და მასთან [57]საუბრით სარგებლობა მივიღოთ.

9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა. - სხვა არის აღთქმა და სხვა - ვედრება. აღთქმა არის დაპირება ღმრთის მიმართ, მაგალითად, როცა ვინმე უფალს ღვინისაგან, ან სხვა რაიმესაგან თავის შეკავებას აღუთქვამს, ვედრება კი - მისგან კეთილის გამოთხოვაა. ამბობს რა "მამა"-ს, გიჩვენებს შენ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმენი, როცა ძე ღმრთისა გახდი, ხოლო სიტყვით ცათა შინა, შენ სამშობლო და მშობლიური სახლი გიჩვენა. უკეთუ გსურს მამად ღმერთი გყავდეს, მზერა ზეცისკენ წარმართე და არა მიწისკენ. შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედ მამაო ჩვენო, რადგანაც ყოველი კაცი, ვითარცა ძე ერთი მამისა, ძმად უნდა მიიჩნიო.

წმიდა იყავნ სახელი შენი. - ანუ ნმინდა გვყავ ჩვენ, რათა ჩვენით იდიდებოდე, რადგან ღმერთი, ისევე როგორც შეურაცხყოფილი, წმინდაც ჩემით იქნება, ან, რაც იგივეა, განდიდდება, ვითარცა წმინდა.

10. მოვედინ სუფევაჲ შენი. - იგულისხმება მეორედ მოსვლა, რადგან ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს, აღდგომისა და განკითხვის დღის დადგომისათვის ლოცულობს.

იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. - ამბობს: ვითარცა ანგელოზნი ასრულებენ შენს ნებას ცათა შინა, ასევე გვიბოძე ჩვენც, რომ იგი დედამიწაზე აღვასრულოთ.

11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს. - "არსობის პურში" უფალი იმ პურს გულისხმობს, რომელიც ჩვენი ბუნებისა და მდგომარეობისათვის საკმარისია, მაგრამ იგი გვაცილებს ზრუნვას ხვალინდელ დღეზე. ქრისტეს სხეულიც ხომ არსობის პურია, მაგრამ უნდა ვილოცოთ, რომ იგი სასჯელის გარეშე მივიღოთ.

12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა. - რაკი ჩვენ ნათლობის შემდეგაც ვცოდავთ, ამიტომაც ვევედრებით, რომ შეგვინდოს, ოღონდ ისე, როგორც ჩვენ შევუნდობთ სხვებს. უკეთუ ჩვენ გულღრძონი ვართ, არ მოგვიტევებს, რადგან ღმერთს თითქოსდა მაგალითად [58]ვყევარ და ისე მექცევა, როგორც მე ვექცევი სხვას.

13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა. - რაკიღა კაცნი უძლურნი ვართ, თავი განსაცდელში არ უნდა ჩავიგდოთ, ხოლო უკეთუ მაინც ჩავვარდებით, უნდა ვევედროთ, რომ განსაცდელმა არ გვშთანთქას. მხოლოდ ის მიექანება განსაცდელის უფსკრულისაკენ, ვინც შთანთქმული და დამარცხებულია და არა ის, ვინც, მართალია, ცოდვით დაეცა, მაგრამ სძლია მას.

არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. - არ უთქვამს "ბოროტი ადამიანებისაგანო", რადგან ისინი კი არ გვნებენ ჩვენ, არამედ თვითონ ბოროტი.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ. - აქ იგი გვამხნევებს ჩვენ, რადგან უკეთუ ჩვენი მამა მეუფე, ძლიერი და დიდებით მოსილია, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ბოროტს ჩვენც დავამარცხებთ, და მომავალში განვდიდდებით.

14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. - კვლავ გვასნავლის, არ ვიყოთ გულღვარძლიანნი და მამას შეგვახსენებს, რათა შეგვრცხვეს და რადგანაც მისი შვილები ვართ, მხეცებს არ დავემსგავსოთ.

15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. - არაფერი ისე არ სძულს სათნო ღმერთს, როგორც გულქვაობა.

16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. - განყურნვა პირისა - ფერმიხდილობაა; კიცხავს მას, ვინც თავს ისე კი არ აჩვენებს, როგორიც არის, არამედ მოღუშული სახეს თვალთმაქცურად იღებს.

17-18. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. - ვითარცა ძველები ნიშნად სიხარულისა, გან[59]ბანვის შემდეგ, ზეთს იცხებდნენ, ასევე შენც თავი მხიარულად აჩვენე, მაგრამ ზეთში მოწყალებაც იგულისხმება, ხოლო თავში - ქრისტე, რომელსაც ზეთი მოწყალებით უნდა ვსცხოთ, პირის დაბანა კი გრძნობების ცრემლებით განბანვას ნიშნავს.

19-21. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. - განაგდებს რა პატივმოყვარეობის სენს, უფალი არამომხვეჭელობაზე საუბრობს, რადგან ადამიანები, პატივმოყვარეობისა გამო, ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, იგი მიწიერი საუნჯის უსარგებლობას გვიჩვენებს. საჭმელსა და სამოსს ხომ ჩრჩილიცა და მჭამელიც გაანადგურებს, ხოლო ოქროსა და ვერცხლს მპარავნი მოიპარავენ. შემდეგ, ვინმეს რომ მისთვის არ ეთქვა: ყველაფერს ხომ ვერ მოიპარავენო, ამბობს: მსგავსიც რომ არაფერი მოხდეს, ქონებაზე ზრუნვით, რომ მასზე მიჯაჭვული ხარ, განა უკვე არ არის უბედურება? ამიტომატ ამბობს: სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

22-23. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე? - ის გვეუბნება: უკეთუ გონება შენი ქონებას მიაჯაჭვე მასზე ზრუნვით, მაშასადამე, შენ ჩააქრე სანთელი და სული შენი დააბნელე. რადგანაც, ვითარცა წმინდა თვალი, უკეთუ იგი საღია, სხეულს ანათებს, ხოლო ბოროტი ანუ სნეული აბნელებს, ასევე ბრმავდება გონებაც საზრუნავისგან. ხოლო უკეთუ გონება დაბრმავდა, სულსაც და, მით უმეტეს, სხეულსაც ნყვდიადი მოიცავს.

24. ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად - ორ უფალში (ბატონში) იმათ გულისხმობს, რომელნიც ერთმანეთის საწინააღმდგო ბრძანებებს იძლევიან - ღმერთსა და მამონას. ჩვენ ჩვენს [60]უფლად ვიხდით ეშმაკს, ისევე როგორც მუცელს - ღმერთად, მაგრამ უფალი, ბუნებითაც და ჭეშმარიტადაც, ღმერთია. მამონა კი უსამართლობა და სიცრუეა.

ნუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. - ხედავ, რომ მდიდარსა და ცრუს ღმრთის მონობა არ შეუძლია? რამეთუ მას ღმრთისაგან ანგარებისმოყვარეობა განაშორებს.

25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. - ამისთვის, ანუ რისთვის? იმისათვის, რომ ქონება ადამიანებს ღმრთისაგან განაშორებს. მართალია, სული, რაკიღა იგი უსხეულოა, არ ჭამს, მაგრამ ეს უფალმა მიღებული ჩვეულებისამებრ თქვა, რადგანაც ჩანს, რომ უკეთუ ხორცი არ საზრდოობს, სული სხეულში ვერ დარჩება. უფალი შრომას კი არ გვიკრძალავს, არამედ საზრუნავისათვის მთლიანად თავის მიცემასა და ღმრთის დავიჭყებას გვიშლის. მიწის დამუშავებაც საჭიროა, მაგრამ სულზეც უნდა ვიზრუნოთ.

ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?- ანუ ის, ვინც სულისა და ხორცის შექმნით გაცილებით მეტი მოგვცა, საჭმელსა და სამოსელს ვეღარ მოგვცემს?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? - უფალს შეეძლო მაგალითისათვის ელია და იოვანე მოეყვანა, მაგრამ მან ფრინველები შეგვახსენა, რათა შევერცხვინეთ იმით, რომ მათზე უფრო უგუნურნი ვართ. ღმერთი ასაზრდოებს მათ იმდენად, რამდენადაც ხაზრდელის შეგროვებისათვის ბუნებრივი ცოდნა მისცა.

27. ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? - უფალი გვებნება: როგორც არ უნდა იზრუნო, ღმრთის ნების გარეშე, [61]ჯაფას თავს რაღად იდებ?

28-29. და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. - არა მხოლოდ უგუნური ფრინველებით გვარცხვენს ჩვენ, არამედ მსწრაფლწარმავალი შროშანებითაც. თუკი ღმერთმა ისინი ასე განამშვენა, თუმცა ეს აუცილებელი სრულიადაც არ იყო, რამდენად უფრო დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებას სამოსის გამო? გვიჩვენებს, აგრეთვე, რომ რამდენიც არ უნდა იზრუნო, ვერ შეძლებ გამშვენებას მსგავსად შროშანისა, რამეთუ თვითბრძენთა ბრძენი და ნებიერი სოლომონიც კი, უძლური გამოდგა მთელი თავისი მეფობის განმავლობაში რაიმე მსგავსით შემოსილიყო.

30. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო? - აქედან ვსწავლობთ, რომ განმშვენებისთვის ზრუნვა ისევე არ გვმართებს, ვითარცა მსწრაფლწარმავალ ყვავილებს და, რომ ყოველი, ვინც თავს იმკობს, ბალახს ემსგავსება. ხოლო თქვენო, გვეუბნება, გონიერი არსებანი ხართ, ვისთვისაც ღმერთმა სული და სხეული შექმნა, ყოველნი, რომელთაც ზრუნვანი შეიპყრობენ, მცირედმორნმუნენი არიან. მათ რომ სრული რხმენა ჰქონოდათ ღმრთისა, საზრუნავებს ასე არ მიეცემოდნენ.

31-32. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ. - ჭამას კი არ გვიკრძალავს, არამედ თქმას - რა ვჭამოთ? - გვიშლის. მდიდარნი საღამოსვე კითხულობენ ხოლმე: ხვალ რა ვჭამოთ? ხედავ ხომ რასაც გვიკრძალავს - გაზულუქებასა და თავშეუკავებლობას.

32-33. რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. - სასუფე[62]ველი ღმრთისა სიკეთეთა გემოისხილვაა, რომელიც მართალი ცხოვრებისათვის გვეძლევა. ამგვარად, ვინც სულიერს ეძიებს, მას ღმრთის გულუხვობის წყალობით, ხორციელიც მიეცემა.

34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი. - სიბოროტეში დღისა სადარდებელსა და საწუხარს გულისხმობს. საკმარისია შენთვის, რაც დღევანდელი დღისთვის შეწუხდი, ხოლო უკეთუ ხორციელის გამო ხვალისთვისაც იზრუნებ, მაშინ შენს ხორციელ ბუნებაზე მუდმივი ზრუნვისა გამო, ღმრთისათვის როდისღა მოიცლი?

 

თავი VII

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ. - უფალი მხილებას კი არ გიკრძალავს, არამედ სასჯელის დადებას, რადგანაც მხილება სარგებლობისთვისაა, ხოლო სასჯელის დადება - დაყვედრებისა და დამცირებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ უფრო დიდთა ცოდვათა მქონე სხვებს საყვედურობს და განიკითხავს მას, ვისაც ბევრად უფრო მცირე ცოდვები აქვს და რომელთა განსჯაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

2-5. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. - ვისაც სურვილი აქვს სხვებს უსაყვედუროს, თვითონ უნდა იყოს უბიწო; რადგან უკეთუ იგი, ვისაც თვითონ თვალში დირე ანუ დიდი ძელი, იგივე ცოდვა აქვს და სხვას, ბეწვის (წუელი)1 მქონეს, საყვედურობს, მას სირცხვილის გრძნობას კიდევ უფრო უკარგავს. უფალი გვაჩვენებს, აგრეთვე, რომ არ შეუძლია [63]კარგად დაინახოს ცოდვა ძმისა მან, ვინც თვითონ დიდად სცოდავს. მართლაც, თვალში დირის მქონეს როგორღა შეუძლია დაინახოს ცოდვა სხვისი, მცირედ ვნებულისა?

6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ. - ძაღლები ურწმუნონი არიან, ხოლო ღორები ისინი, რომელთაც რწმენა კი აქვთ, მაგრამ მაინც ბინძურ ცხოვრებას ეწევიან. ამგვარად, არ შეიძლება საუბარი რწმენის საიდუმლოთა შესახებ ურწმუნოებთან და არც ღმრთისმეტყველების ნათელ და მარგალიტის მსგავს სიტყვათა წარმოთქმა უწმინდურებთან, რადგანაც ღორები მას, რასაც ვეუბნებით, გადათელავენ, ანუ არად ჩააგდებენ, ხოლო ძაღლები მოგვიბრუნდებიან და დაგვგლეჯენ, როგორც ამას ისინი აკეთებენ, რომელნიც ფილოსოფოსებად იწოდებიან. როგორც კი ისმენენ, რომ ღმერთი ჯვარს ეცვა, ცარიელი მსჯელობებით გვაწამებენ და სოფისტური ხერხებით გვიმტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია.

7-8. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. - ადრე უფალმა დიდი და ძნელი რამ გვიბრძანა, აქ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი აღსრულება, სახელდობრ, განუწყვეტელი ლოცვით; რადგან თქვა: ითხოვდით ანუ მარადის ითხოვდით, რაკი არ უთქვამს - ერთგზის ითხოვდითო და შემდეგ ნათქვამი კაცობრივი მაგალითითაც განამტკიცა.

9-10. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? - აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალით ვთხოვოთ უფალს და თანაც ის ვითხოვოთ, რაც სასარგებლოა; რამეთუ თქვენ, ამბობს, როცა ხედავთ, თქვენს შვილებს მთხოვნელს სასარგებლოსი - პურისა და თევზისა, აძლევთ მათ, როცა ამდაგვარს ითხოვენ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი.

[64]11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! - უკეთურებს ადამიანებს ღმერთთან შედარებით გვიწოდებს. თუმცა ბუნება ჩვენი კეთილია, ვითარცა ღმრთის ქმნილებისა, მაგრამ უკეთურნი ჩვენივე ნებით ვხდებით.

12. ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი. - უფალი სიკეთისაკენ მოკლე გზას გვიჩვენებს, რადგანაც ადამიანებმა შინაგანად ვიცით, რაც საჭიროა. უკეთუ გსურს სათნოდ მოგექცნენ, შენც სათნოდ მოექეცი; უკეთუ გსურს მტრებმა შეგიყვარონ, მტრები შენც შეიყვარე, რადგან საღმრთო სჯულიცა და წინასწარმეტყველებიც ამას გვეუბნებიან და ჩვენი ბუნებითი სჯულიც ამასვე ბრძანებს.

13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. - ვიწრო ბჭეში განსაცდელებს გულისხმობს, როგორც ნებაყოფლობითს, მაგალითად, მარხვასა და სხვა ამდაგვარს, ისე იძულებითსაც, მაგალითად, ბორკილებსა და დევნას. როგორც ხორცმრავალ ან მძიმე ტვირთაკიდებულ კაცს არ მეუძლია ვიწრო ბჭით შესვლა, ასევე გაზულუქებულსა და მდიდარსაც; ამგვარნი ფართო გზით შედიან. გვიჩვენებს რა, რომ სივიწროვეც დროებითია და სიფართოვეც წარმავალი, მათ ბჭესა და გზას უწოდებს; რადგან ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, რამდენადმე ბჭეს ანუ ტანჯვას გაივლის, ხოლო გაზულუქებული ვითარცა გზას, ტკბობას ადგება. რამდენადაც ორივე წარმავალია, უმჯობესის არჩევაა საჭირო.

14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. - სიტყვა ვითარ-იგი გაკვირვებას გამოხატავს, რამეთუ უფალს უკვირს: როგორი ვიწროა ბჭე! მაშინ სხვაგან რატომღა ამბობს: უღელი ჩემი სუბუქ არს? - მომავალ საზღაურთა გამო.

[65]15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.

16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი2 თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.

18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. - ვიდრე იგი ხენეშია (ბოროტია) არ შეუძლია, ხოლო უკეთუ შეიცვალა - შეძლებს. დააკვირდი, რომ ის კი არ თქვა - ვერასოდეს შეძლებსო, არამედ ვიდრე ბოროტი იქნება, კეთილს ვერ შობსო.

19-20. ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი. - ეს იუდეველებზე ვრცელდება; მათ იოვანეც იმავეს ეუბნებოდა. ადამიანს ხეს იმიტომ ადარებს, რომ მას ცოდვის უნაყოფობიდან სათნოებაზე დამყნობა შეუძლია.

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. - აქ სიტყვებით: არა ყოველმან რომელ[66]მან მრქუას მე: უფალო, უფალო, უფლად თავის თავს წარმოაჩენს, რადგანაც თავს ღმერთს უწოდებს და გვასწავლის, რომ უკეთუ საქმენი გარეშე რწმენისა გვექნება, ამისგან ვერავითარ სარგებლობას ვერ მივიღებთ. რომელმან ყოს ნებაჲ; ის კი არ უთქვამს - ჩემი ნებაო, რათა მსმენელნი არ ეცდუნებინა, არამედ "მამისა ჩემისა"- ო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ნება მამისა და ძისა ერთი და იგივეა, უკეთუ შვილი მამას არ განუდგება.

22-23. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. - ქადაგების დასაწყისში მრავალნი, ისინიც კი, რომელნიც შემდეგში უღირსნი გამოდგნენ, დევნიდნენ ეშმაკებს, რადგან დემონები იესოს სახელით გარბოდნენ, მადლი ხომ უღირსთა მეშვეობითაც მოქმედებს, ისევე როგორც ჩვენ კურთხევას უღირსი მღვდლებისგანაც ვიღებთ, ხოლო სასწაულებს იუდაც აღასრულებდა და სკევას შვილებიც. სიტყვები: "არასოდეს გიცნობდით თქვენ" ნათქვამია ნაცვლად ამისა: "მაშინაც კი როცა სასწაულებს იქმოდით, არ მყვარებიხართ", რადგან აქ ცნობაში სიყვარული იგულისხმება.

24-25. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. - გარეშე ღმრთისა სათნოებაში წარმატება შეუძლებელია. ამიტომაც ამბობს: ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა. კლდე ქრისტეა, სახლი კი - სული. ამრიგად, ვინც თავის სულს ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დამოძღვრავს (მოაწესრიგებს), მის დარღვევას ვერც წვიმა, ეშმაკს ვგულისხმობ, რომელიც ზეციდან ჩამოვარდა, ვერც მდინარენი - კაცნი მავნებელნი, რომელთა რიცხვიც ამ წვიმისაგან მრავლდება, და ვერც ქარნი - სულნი ბოროტებისა, და საერთოდ, ვერც ვერავითარი [67]ცდუნება, ვერ შეძლებს.

26-27. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად. - არ უთქვამს "ვამსგავსო იგი", არამედ "თვითონ ემსგავსება" უგუნურს ის, ვისაც რწმენა აქვს, მაგრამ საქმით არ აღასრულებს. ასეთი კაცი ქვიშაზე აშენებს და ისიც უვარგისი მასალისაგან. ამიტომაც დაეცემა ცდუნებათაგან. რაჟამს ეკვეთება ანუ ცდუნება დაამარცხებს, დიდი დაცემით დაეცემა. ურწმუნოთაგან კი არავინ დაეცემა, რადგან ისინი ისედაც ყოველთვის მიწაზე წვანან. მორწმუნე - აი, ვინ ეცემა. ამიტომაცა დიდი დაცემა, რაჟამს ქრისტიანი ეცემა.

28-29. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. - არა მთავარნი დარჩნენ გაკვირვებულნი, რადგან, როგორღა გაუკვირდებოდათ, როცა შურდათ მისი? არამედ უბოროტო (უწყინარი) ხალხი. უკვირდათ არა წარმოთქმული სიტყვები, არამედ თავისუფლება მისი, რადგან უფალმა თავი წინასწარმეტყველებზე მაღლა წარმოაჩინა. ისინი ამბობდნენ: "ამას უფალი ამბობს", ხოლო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, ამბობდა: "მე გეუბნებით თქვენ".

--------------------------------------------------------------------------

1 - პირდაპირი მნიშვნელობით "წუელი" (τό καρφος) კილის ფხას უნდა ნიშნავდეს. ესაა ნემსივით წვრილი წინაზარდი თავთავის კილზე, ანუ მარცვლის ბუდეზე.

2 - შლამის ბალახია, იგივე ტატაში, ლელი.

 

თავი VIII

1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტ[68]ომაც მოიქცა ქრისტე ასე:

3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ კეთროვანი განიწმინდა, ქალაქს გარეთ დარჩებოდა. უბრძანებს, აგრეთვე, შესაწირავის მიტანას იუდეველთათვის დასამოწმებლად, ანუ, თითქოს ეუბნება: რაჟამს მე ბრალად სჯულის დარღვევას დამდებენ, შენ იყავი მოწმე, რომ ჩემგან გქონდა ნაბრძანები მიტანა იმისა, რის მიტანასაც რჯული ბრძანებს.

5-6. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: - არც ეს მისულა მასთან მთაზე, რათა სწავლებაში ხელი არ შეეშალა. ეს ის ასისთავია, რომელიც ლუკასთანაც გვხვდება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ იესოსთან მან მოციქულებად სხვები გააგზავნა, მაგრამ მაინც არ ეწინააღმდეგება მათეს, რომლის თქმითაც ასისთავი მასთან თვითონ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ სხვები წარგზავნა, მაგრამ როცა საფრთხე გაიზარდა, უკვე თავად მივიდა და უთხრა:

6-7. უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. - ასისთავმა ყრმა საწოლით არ მიუყვანა, სწამდა რა, რომ უფალს მისი განკურნება დაუსწრებლადაც შეეძლო. ამიტომაც,

8-10. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ [69]ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე. - უკეთუ მე, ამბობს ასისთავი, მეფის მონა, ჩემს მეომრებზე ვმბრძანებლობ, მით უფრო შეგიძლია უბრძანო შენ სიკვდილსა და სნეულებებს, რომ ერთს განშორდნენ და მეორისკენ მიიქცნენ, რადგან ხორციელი სნეულებანი ღმრთის მეომრები და მისი სასჯელის აღმსრულებელნი არიან. ამიტომაც გაუკვირდა ქრისტეს და თქვა: "ისრაიტელთა შორისაც კი ვერ ვპოვე ისეთი რწმენა, როგორიც ამ წარმართში".

11-12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - არ უთქვამს, მრავალი წარმართი გვერდით დადგებაო, რათა იუდეველები არ გაენაწყენებინა, არამედ შეფარვით უთხრა: აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდანო. აბრაამი იმის საჩვენებლად მოიხსენა, რომ არ იყო წინააღმდეგი ძველი აღთქმისა. ლაპარაკობს რა გარესკნელზე, ცხადყოფს, რომ შიდასკნელიც (შიდა სიბნელეც) არსებობს, თუმცაღა უფრო მსუბუქი, რამეთუ ხარისხები ტანჯვასაც აქვს. სასუფევლის ძეებს ისრაიტელებს უწოდებს, რადგან მათ მიმართ იყო აღთქმუღი: "ძე ჩემი, პირმშო ჩემი ისრაელი".

13. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა. - განკურნა რა სიტყვით, ამით უფალმა გვაჩვენა, რომ ჭეშმარიტება იყო ისიც, რაც იუდეველთა განდევნის შესახებ თქვა.

14-15. და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. - პე[70]ტრეს სახლში შევიდა, რათა ეჭამა. შეეხო რა მის ხელს, არა მხოლოდ ცხელება დაუცხრო, არამედ ქალი სრულიად გამოაჯანმრთელა, ისე რომ, მას ძალა დაუბრუნდა და მსახურებაც კი შეძლო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში სნეულის მოღონიერებას დიდი დრო სჭირდება. მაშინ, როცა სხვა მახარებლები ამბობენ, რომ უფალს სთხოვეს და იმიტომ განკურნაო. მათეს, რომელიც თხრობის სისხარტეზე ზრუნავს, ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მე ხომ დასანყისშივე გითხარი შენ, რასაც ერთი ტოვებს, მეორე ამბობს-მეთქი. აქედან ისიც ისწავლე, რომ ქორწინება სათნოებას ხელს სრულიადაც არ უშლის, რადგან მოციქულთა თავს სიდედრი ჰყავდა.

16-17. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა. - უძლურნი მასთან უდროო დროს, საღამოს მიიყვანეს, მაგრამ ვითარცა კაცთმოყვარემან, უფალმა ყველანი განკურნა. შემდეგ, შენ რომ ეჭვი არ აღგძვროდა, ამდენი სნეული ასეთ მოკლე დროში როგორ განკურნაო, მახარებელი ესაიას იმოწმებს. მართალია, წინასწაარმეტყველი ამას ცოდვათა შესახებ ამბობს, მაგრამ მათემ მისი სიტყვები სნეულებებზე გადაიტანა, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ცოდვებისაგან ჩნდება.

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.

19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო [71]განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".

21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა. - როცა ვინმე თავს ღმერთს მიუძღვნის, კვლავ ცხოვრებისეულისკენ აღარ უნდა მიიქცეს, რადგან, მართალია, მშობლების პატივისცემა საჭიროა, მაგრამ უფრო დიდი პატივი ღმერთს უნდა მივაგოთ. ამ შემთხვევაში კი მშობელი ურწმუნოც იყო, რაც ჩანს სიტყვებიდან: აცადე მკუდართა, ე. ი. ურწმუნოებს, დამარხვა თავიანთი მკვდრებისა. თუკი ამან ვერ მიიღო უფლება მამა დაემარხა, ვაი იმათ, რომელნიც მონაზვნობის მიღების შემდეგ ცხოვრებისეულ საქმეებს უბრუნდებიან.

23-24. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. - უფალმა თან მხოლოდ მოწაფენი წაიყვანა, რათა სასწაული ეხილათ. მან დაუშვა, რომ მათ საფრთხე დამუქრებოდათ, რათა განსაცდელთა გადატანისათვისაც გაწვრთნილიყვნენ და ამ სასწაულით რწმენაც უფრო განმტკიცებოდათ. დაიძინა კი იმიტომ, რომ შეშინებულებს საკუთარი უძლურება შეეცნოთ და შველას მას შევედრებოდნენ. ამიტომაც ამბობს მათე:

25-26. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? - უფალი მათ არა ურწმუნოებს, არამედ მცირედმორწმუნეებს უწოდებს, [72]რადგან, როცა უთხრეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, სარწმუნოება გამოამჟღავნეს, მაგრამ სიტყვა წარვწყმდებით ურწმუნოებისგან თქვეს. რადგან უფალი მათთან ერთად მიცურავდა, აღარ უნდა შეშინებოდათ. ყურადღება მიაქციე! საყვედურობს რა მათ სიმხდალისა გამო, გვიჩვენებს, რომ შიში საფრთხეს იზიდავს. უფალმა ჯერ მათ სულში ატეხილი ქარიშხალი ჩააწყნარა და მღელვარება ზღვისა შემდეგ დააცხრო.

26-27. მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას? - უკვირდათ, რადგან შესახედავად კაცი იყო, საქმით კი - ღმერთი.

28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი. - მაშინ, როცა ხომალდზე მყოფთ უკვირთ, საიდან არის ეს, ვისაც ქარნი და ზღვა ემორჩილებიანო, მაცნეებად დემონები გვევლინებიან. მართალია, მარკოზი და ლუკა ერთს ასახელებენ, რომელსაც ეშმაკთა ლეგიონი ჰყავდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ამ ორიდან ერთი უფრო საშიში იყო ვიდრე მეორე. რაკიღა საშიშნი იყვნენ და უფალთან მათ მიყვანას ვერავინ ბედავდა, იგი თვითონ მივიდა მათთან.

რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით. - დემონები სამარხებში ცხოვრობდნენ, რადგან სურდათ კაცთათვის შთაეგონებინათ აზრი, რომ გარდაცვლილთა სულები დემონები ხდებიან, მაგრამ ასე ნურავინ იფიქრებს, რადგან სხეულიდან გამოსული სული სამყაროში კი არ ხეტიალობს, არამედ მართალთა სულნი ღმრთის ხელთაა, ხოლო, რაც ცოდვილთა სულებს შეეხება, აქედან ისინიც მიჰყავთ, როგორც, მაგალითად, სული მდიდრისა.

29. და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. - აჰა, ძედ ღმრთისად აცხადებენ, მაშინ, როცა პირველად მის მიმართ მტრობა გამოამჟღავნეს. ტანჯვად ისინი იმას მიიჩნევენ, რომ ნება არ მიეცათ კაცთათვის ვნების მიყენებისა. სიტყვები [73]უწინარეს ჟამისა კი შემდეგნაირად მოიაზრე: დემონები ფიქრობდნენ, რომ ვერ გაუძლებდა რა მათ გარდამეტებულ ბოროტებას, ქრისტე სასჯელის დროს აღარ დაელოდებოდა, რაც სინამდვილეში ასე სულაც არაა, რადგან მათ ჩვენთან ბრძოლის უფლება ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა მიეცათ.

30-32. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. - დემონებმა ეს იმიტომ ითხოვეს, რომ ღორების დაღუპვით შეწუხებულ პატრონებს ქრისტე აღარ მიეღოთ. ქრისტემ დაუთმო დემონებს, რათა ეჩვენებინა, რა მწარედ მტრობენ ისინი ადამიანებს, ხოლო უფლება რომ ჰქონდეთ და ხელი არ ეშლებოდეთ, ჩვენ უარესად მოგვექცეოდნენ, ვიდრე ღორებს. იგი იცავს ეშმაკეულებს, რათა მათ თავი თვითონვე არ მოეკლათ.

32-34. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან. - ისინი ამას სთხოვენ იესოს, რადგან შეწუხებულნი ფიქრობენ, რომ შემდგომად ამისა, უარესი ტანჯვა შეემთხვეოდათ. ხოლო შენ ისწავლე, რომ, სადაც ღორული ცხოვრებაა, იქ არა ქრისტე, არამედ დემონები მყოფობენ.

 

თავი IX

1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე. - მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუ[74]სალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? - უკვე იმითაც, რომ მათი ზრახვები იცის, ის თავს ღმერთად წარმოაჩენს, მათ კი ამხელს და თითქოს ეუბნება: თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვმკრეხელობ, რაკიღა თავს ცოდვათა მიტევების უფლებას ვაძლევ, რაც დიდი საქმეა. თქვენ გგონიათ, ამას იმიტომ მივმართავ, რომ არ მამხილონ. მაგრამ მე სხეულის განკურნებით დაგარწმუნებთ, რომ სულის განკურნებაც შემიძლია. იოლის მეშვეობით, რომელიც, ჩვეულებრივ, უფრო ძნელად ითვლება, დაგიმტკიცებთ ცოდვათაგან დახსნასაც, რაც დიდი საქმეა, მაგრამ თქვენ იოლად გეჩვენებათ, რადგანაც არ ჩანს.

6-8. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!  და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა. - სნეულს საწოლის აღება იმისთვის უბრძანა, რათა არ ეფიქრათ, რომ, რაც მოხდა, მოჩვენება იყო და ამასთან, იმიტომაც, რომ ხალხს, რომელიც ქრისტეს, თუმცა, ყველაზე აღმატებულად, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ კაცად [75]თვლიდა, სასწაული ეხილა.

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. - პეტრესა და იოვანესთან ერთად კი არ მოუწოდა, არამედ მაშინ, როცა დაინახა, რომ უკვე ირწმუნებდა, ისევე როგორც პავლესაც მაშინ მოუწოდა, როცა ამის დრო მოვიდა. გვიკვირდეს მახარებელისა, როგორ ამხელს თავის ცხოვრებას, თუმცა სხვებმა მისი სახელი დამალეს და მას ლევი უწოდეს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იგი ერთი სიტყვით მოიქცა, ეს ღმრთის საქმეა.

10-11. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? - ქრისტეს სტუმრობით ფრიად გახარებულმა მათემ ხარკის ამკრეფნი მიიწვია. თუმცა ამის გამო გაკიცხავდნენ, ქრისტემ მაინც ჭამა მათთან ერთად, რათა მათთვის სარგებლობა მოეტანა. ფარისევლები კი, რომელთაც უნდოდათ მისთვის მოწაფეები ჩამოეშორებინათ, მეზვერეებთან ტაბლის გაზიარების გამო საყვედურობდნენ.

12-13. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა. - ახლა მოვედი ვითარცა მკურნალი და არა როგორც მსაჯული, - ამბობს უფალი, - ამიტომაც სიმყრალესაც ვითმენ. სიტყვებით წარვედით და ისწავეთ მათ უვიცობას ამხელს, ანუ ეუბნება: რაკიღა მსხვერპლშეწირვის შესახებ აქამდე არ გისწავლიათ, ახლა მაინც წადით და ისწავლეთ, რომ ღმერთი მსხვერპლზე მაღლა ცოდვილთადმი გამოჩენილ გულმოწყალებას აყენებს; რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, - ეუბნება მათ ირონიით, ე. ი. არა თქვენს მოსაწოდებლად, რომელნიც თავს თვითონვე იმართლებთ, რადგან კაც[76]თაგან მართალი არავინ არის, - არამედ მოეედი მოსაწოდებლად ცოდვილთა, რათა ცოდვილებად აღარ დარჩნენ და მოინანიონ.

14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?- შურდათ რა ქრისტეს დიდება, იოვანეს მოწაფენი მას იმის გამო საყვედურობენ, რომ არ მარხულობდა. შესაძლოა, მათ ისიც აკვირვებდათ, თვინიერ ღვაწლისა, ვნებებზე როგორ იმარჯვებდა, რაც იოვანემ ვერ შეძლო. მათ არ იცოდნენ, რომ იოვანე ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც სათნოებისაგან განმართლდა, ხოლო იესო, ვითარცა ღმერთი, სათნოება თვითონ იყო.

15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. - ახლა, ამბობს უფალი, ვიდრე მე ჩემს მოწაფეებთან ვარ, სიხარულის ჟამია. სიძეს თავის თავს უწოდებს, რომელიც, რადგან ძველი მოკვდა, ახალ კრებულზე დაიწინდა, ხოლო "ძეთა სიძისათა"- მოციქულებს. დადგება დრო, - ამბობს, - როცა ისინიც, შემდგომად ჩემი ტანჯვისა და ამაღლებისა, იმარხულებენ, დამთმენელნი შიმშილისა და წყურვილისა და დევნილები. აჩვენებს რა მოწაფეთა არასრულყოფილებას, იგი დასძენს:

16-17. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის. არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
- რამდენადაც, ამბობს იგი, მოწაფენი ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებულნი და შეწყალებას საჭიროებენ, ისინი მძიმე დავალებებით არ უნდა დავტვირთოთ. ეს თქვა, რათა მოწაფეებისთვისაც ესწავლებინა, რომ რაჟამს მსოფლიოს განსწავლას შეუდგებოდნენ, თავადაც შემწყნარებელნი ყოფილიყვნენ. ამგვარად, ახალი საკერებელი (სადგმელი) და ახალი ღვინო (მაჭარი) - მარხვაა, ხოლო ძველი სიმოსი და ძველი თხიერი (ტი[77]კი) - მოწაფეთა უძლურება.

18-19. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. - ცხადია, რწმენა ამასაც ჰქონდა, თუმცაღა არა დიდი, რადგან იესოს მხოლოდ სიტყვის თქმას კი არ სთხოვს, არამედ მისვლას და ხელის დადებას. თუმცა, ლუკას თქმით, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამბობს, რომ ასული მისი უკვე აღესრულა, ან იმიტომ, რომ ასე ვარაუდობს, რადგან უკანასკნელი ამოსუნთქვისას დატოვა, ან კიდევ იმიტომ, რომ უბედურება გაზრდილად წარმოედგინა და ამით ქრისტე შეწყალებისათვის შეეგულიანებინა.

20-22. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. - ქალი, რომელიც სნეულების გამო უწმინდური იყო, ცხადად ვერ მივიდა მასთან, ეშინოდა რა, რომ ხელს შეუშლიდნენ. თუმცა მან იფიქრა, რომ დამალვას შეძლებდა, მაგრამ ისიც სჯეროდა, რომ მხოლოდ მისი სამოსის ბოლოს შეხებითაც კი გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ მაცხოვარმა გაამჟღავნა იგი, ოღონდ არა დიდების სიყვარულის გამო, არამედ, რათა ჩვენთვის, ჩვენივე სარგებლობისათვის, მისი სარწმუნოება ეჩვენებინა და სინაგოგის უფროსსაც ერწმუნა. ნუ გეშინინ - ეუბნება მას, რადგან ქალი, ვითარცა მპარავი ნიჭისა, შეკრთა, და როგორც მორწმუნეს, ასული უწოდა. გვიჩვენებს, აგრეთვე, რომ თუმცა სამოსი წმინდა იყო, რწმენით რომ არ მიახლებოდა, ქალი მადლს ვერ მიიღებდა. ამბობენ, რომ ამ ქალმა მაცხოვრის ქანდაკება გააკეთებინა და მის ფეხებთან იზრდებოდა ბალახი, რომელიც სისხლმდინარე ქალებს შველოდა. იულიანეს დროს ქანდაკება უსჯულოებს დაუმსხვრევიათ.

[78]23-24. და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას. - რადგანაც მთავრის ასული უქორწინებელი იყო, იქცეოდნენ რა სჯულის მიხედვით, მას საქორწინო ავლოსებით (სალამურებით) დასტიროდნენ. უფალი მასზე ამბობს, სძინავსო, რადგან, მისთვის, ვისაც აღდგენა ადვილად შეუძლია, სიკვდილი ძილია. ნუ გაგაკვირვებს ის, რომ დასცინიან, რადგან ამით ყველაზე მეტად დაამოწმეს, რომ სასწაული მოხდა და რომ მან აღადგინა ის, ვინც მართლა მკვდარი იყო. ვინმეს რომ არ ეთქვა, სნეულს მხოლოდ შეტევა ჰქონდაო, მისი სიკვდილი ყველამ აღიარა.

25-26. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი. განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. - სადაც ბრბო და ამაო ხმაურია, იესო იქ სასწაულებს არ აღასრულებს. მან ხელი ჩასჭიდა გოგონას ხელს და ძალა გადასცა. ასევე შენც, უკეთუ ცოდვები მოგაკვდინებენ, მყისვე აღდგები, როგორც კი ხელს ჩაგჭიდებს და ბრბოსა და ამაო ხმაურს განდევნის.

27. ა წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! - ბრმები მას, ვითარცა ღმერთს, ეუბნებოდნენ შეგვიწყალეო, ხოლო ვითარცა კაცს, მიმართავდნენ - ძეო დავითისო, რადგან იუდეველთა შორის ფრიად გავრცელებული იყო აზრი, რომ მესია დავითის თესლისაგან მოვიდოდა.

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. - ბრმები სახლამდე იმიტომ მიიყოლა, რომ მათი რწმენის სიმტკიცე ეჩვენებინა და იუდეველები ემხილებინა; ეკითხება მათ, სწამდათ თუ არა, რითაც გვაჩვენებს, რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია.

29-30. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. - იგი მათ სახლში, სხვათა თანდასწრების გარეშე, კურნავს, [79]რადგან დიდების მოყვარე არ იყო, და ყველგან სიმდაბლის სიბრძნეს ასწავლიდა.

30-31. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. - ხედავ, სიმდაბლეს ქრისტესი? მაგრამ მათ მაინც გათქვეს, თუმცა არა შეუსმენლობის, არამედ მადლიერების გამო. თუ ზოგჯერ უფალი ვინმეს ეუბნება: წადი და ღმრთის დიდება იქადაგეო, ეს ზემოთქმულს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება, რადგან მას სურს, რომ თავად მასზე არ თქვან არაფერი, თორემ ღმრთის დიდებაზე, პირიქით, იქადაგონ.

32-33. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. - რაკი სნეულება მას არა ბუნებით, არამედ ეშმაკისაგან ჰქონდა, ამიტომაც მოიყვანეს სხვებმა. თავად არ შეეძლო განკურნება ეთხოვა, რადგან დემონისაგან ენა შეკრული ჰქონდა. ამიტომ უფალმა რწმენა კი არ მოსთხოვა, არამედ მსწრაფლ განკურნა, განდევნა რა ეშმაკი, რომელიც ღაპარაკს უშლიდა.

და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. - გაკვირვებულმა ხალხმა ქრისტე წინასწამეტყველთა და მამათმთავართა მაღლა დააყენა, რადგან ძალაუფლებით კურნავდა და არა ლოცვით, როგორც ისინი. ვნახოთ, რას ამბობენ ფარისეველნი:

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. - უკიდურესი სიგიჟის გამომხატველი სიტყვებია! რადგან არცერთი დემონი დემონს არ განდევნის. დავუშვათ, რომ იგი დემონებს, ვითარცა მსახური დემონთა მთავრისა, ან ვითარცა მოგვი, ისე დევნიდა, მაგრამ სნეულებათა და ცოდვათაგან როგორღა ათავისუფლებდა და სასუფეველზე როგორღა ქადაგებდა? დემონი ხომ სრულიად სხვაგვარად იქცევა; სნეულებებს წარმოშობს და ღმრთისგან განაშორებს.

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა [80]სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის. - კაცთმოყვარე უფალი არ ელოდება, მასთან როდის მივლენ, არამედ თვითონ დადის, რათა თავი ვინმეს იმით არ ემართლებინა, რომ ჩვენთვის არავის უსწავლებიაო. საქმითაც და სიტყვითაც იზიდავდა მათ, ასწავლიდა და სასწაულებსაც აღასრულებდა.

36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. - არ ჰყავდათ მნყემსი, რადგან მთავარნი არათუ მათი ცხოვრების სწორად წარმართვაზე არ ზრუნავდნენ, არამედ, პირიქით, ვნებდნენ კიდეც, მაშინ, როცა ჭეშმარიტი მწყემსის საქმე სამწყსოზე ზრუნვაა.

37-38. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. - სამკალს ხალხს უწოდებს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, ხოლო მუშაკებს იმათ, რომელთაც უნდა ასწავლონ, მაგრამ რომელნიც იმ დროს იუდეველთა შორის არ იყვნენ. სამკალის უფალი თავად ქრისტეა, - უფალი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა. ეს იქიდანაც ცხადია, რომ თორმეტი მოციქული ისე დაადგინა, ღმრთისთვის არ უთხოვია. აბა, მოუსმინე!

 

თავი X

1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი ჰყოლოდათ.

2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირვე[81]ლად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი. - მოციქულთა სახელებს მათე, ცრუმოციქულთაგან მათ გასარჩევად ჩამოთვლის. უწინარესად პეტრესა და ანდრეას ასახელებს, რადგან მაცხოვარმა პირველად მათ მოუწოდა, შემდეგ - ზებედეს ვაჟებს, მათგან იაკობს იოვანეზე წინ აყენებს, რადგან მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ უბრალოდ, როგორც მოხვდება, ისე ჩამოთვლის. ამგვარად ის ამბობს:

2-4. იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. - ყურადღება მიაქციე მათეს თავმდაბლობას, რომელმაც თავისი თავი თომას შემდეგ დააყენა, ხოლო როცა იუდამდე მივიდა, ეს საძაგელი და ეს ღმრთის მტერიო კი არ თქვა, არამედ სახელი ისკარიოტელი მისი მამულის მიხედვით უწოდა, რადგან მეორე იუდაც იყო - ლებეოსი ანუ თადეოზი. ამრიგად, ორი იყო იაკობი: ერთი ზებედესი, ხოლო მეორე - ალფესი, და ორი იუდა: თადეოზი და გამცემი; სამი სიმონი: პეტრე, კანანელი და გამცემი, რადგან იუდა ისკარიოტელიც სიმონად იწოდებოდა.

5-7. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - ესე! რომელნი ესე? მეთევზენი, უბრალო ადამიანები, მეზვერენი. უწინარესად ისინი იუდეველებთან წარგზავნა, რათა სათქმელად არ ჰქონოდათ: - რადგანაც მოციქულები წარმართებთან წარივლინენ, ამიტომ ჩვენ, იუდეველებმა, არ ვირწმუნეთო. ასე წაართვა უფალმა იუდეველებს თავის გამართლების საბაბი. სამარიელები მან წარმართების გვერდით დააყენა, რადგან ისინი, ყოფილი ბაბილონელები, იუდეაში დამკვიდრდნენ და წინასწარმეტყველები არ მიიღეს, არამედ მხოლოდ მოსეს ხუთ წიგნს ცნობდნენ, ზეცათა სასუფეველში კი მომავალ ტკბობას მოიაზრებდნენ. შეაიარაღა რა [82]მოციქულები სასწაულებით, უფალი მათ ეუბნება:

8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. - არაფერი ისე არ შეშვენის მასწავლებელს, როგორც სიმდაბლე და უანგარობა. ამიტომაც წარმოაჩენს ორივეს აქ, როცა ეუბნება: უსასყიდლოდ მიგიღებიეს, მაგრამ ამ სიკეთეთა მფლობელნი და გამცემნი თავს ნუ აიმაღლებთ, რადგან მათ უსასყიდლოდ და მადლით ფლობთ, არამედ სიმდაბლის სიბრძნესთან ერთად გულუხვნიც იყავით და უსასყიდლოდ მიეცითო - ეუბნება. ძირფესვიანად თხრის რა ყოველგვარ ბოროტებას, ასწავლის:

9-10. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. - განსწავლის რა ყოველგვარი სიმკაცრით, და განაშორებს რა მათ ფუფუნებისაგან, უზრუნველებად აქცევს და კვერთხის ტარებასაც კი უკრძალავს, რადგან ეს სრული უანგარობა რწმენას წარმოშობს მის მიმართ, ვინც უანგარობას ასწავლის. შემდეგ, რომ არ იკითხონ, საჭმელი საიდან ვიშოვოთო, ეუბნება: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ანუ თქვენი მოწაფეები გასაზრდოებენ, რადგან თქვენ, ვითარცა მუშაკებს, საზრდელი მათ უნდა მოგიპოვონო. საზრდელზე ლაპარაკობს და არა ფუფუნებაზე1, რადგან მასწავლებელი ფუფუნებით არ უნდა ცხოვრობდეს.

11. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. - უბრძანებს ყველასთან არ მივიდნენ, რათა უღირსებთან ურთიერთობების გამო ცილი არ დაეწამებინათ მათთვის, ხოლო უკეთუ მხოლოდ ღირსეულებთან მივიდოდნენ, რაღა თქმა უნდა, საზრდელიც ექნებოდათ. უბრძანებს, აგრეთვე, დარჩენას და არა გადასვლას სახლიდან [83]სახლში, რათა ვითარცა ღორმუცელები არ გაკიცხულიყვნენ და იმათაც, რომელნიც პირველნი მიიღებდნენ, თავი შეურაცხყოფილად არ ჩაეთვალათ.

12-13. და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. - მოკითხვა და მშვიდობა კურთხევად მოიაზრე, რომელიც მხოლოდ ღირსეულებზე რჩება. აქედან კი ისწავლე, რომ ჩვენ უპირატესად ჩვენი საქმენი გვაკურთხებენ.

14-15. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. - უფალს სურს, მტვერიც ჩამოიფერთხონ, რათა აჩვენონ, რომ მათი ურწმუნოებისა გამო, იქიდან არაფერი წამოუღიათ, ან კიდევ იმის დასამოწმებლად, რომ გრძელი იყო გზა, რომელიც მათ განვლეს, მაგრამ ვსარგებლო. ამრიგად, სოდომელებს უფრო მეტი შვება ექნებათ, ვიდრე ამ ვრნმვნოებს, რადგან სოდომელნი, რომელნიც აქვე დაისაჯნენ, იქ გაცილებით ნაკლებად დაისჯებიან.

16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. - უფალმა შეაიარაღა ისინი სასწაულებით და საზრდელითაც უზრუნველყო, გაუღო რა კარები ღირსეულთა. ახლა კი, წინასწარმჭვრეტელობას აჩვენებს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რომელიც მათ შეემთხვევათ; ამხნევებს და ეუბნება: მე ძლიერი ვარ, ამიტომ გამხნევდით, რადგან ხელშეუხებელნი იქნებითო, მაგრამ ტანჯვისთვისაც ამზადებს. ისევე როგორც შეუძლებელია ცხვარმა მგელთა შორის ტანჯვა არ განიცადოს, ასევე თქვენც - იუდეველთა შორის, მაგრამ კიდევაც რომ დაიტანჯოთ, ნუ განრისხდებით. მინდა, რომ, ვითარცა ცხოვარნი, უწყინარნი იყოთ და გამარჯვება უფრო მეტად ამით მოიპოვოთ.

იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა [84]ტრედნი. - სურს, აგრეთვე, რომ მოწაფენი გონიერნიც ყოფილიყვნენ. როცა ცხვრებთან მათ შედარებაზე მოისმენ, რათა არ იფიქრო, ქრისტიანი გონებასუსტი უნდა იყოსო, გვეუბნება, რომ მას სწორედ გონიერება ჰმართებს და ცოდნა იმისა, მრავალრიცხოვან მტერთა შორის როგორ იცხოვროს; რადგან, ვითარცა გველი, რომელიც დარტყმისათვის მთელ ტანს უთმობს, მაგრამ თავს იფარავს, ასევე ქრისტიანმაც მტანჯველებს ყოველივე, თვით სხეულიც კი უნდა მისცეს, მაგრამ თავი, რომელიც ქრისტეა და რწმენა მისი, უნდა დაიცვას. მსგავსად გველისა, რომელიც რომელიმე ვიწრო ხვრელში ეჭედება და გამოძრომისას ძველ ტყავს ტოვებს, ასევე ჩვენც ვიწრო გზით უნდა ვიაროთ და ძველი კაცი განვიძარცვოთ. მაგრამ რადგანაც გველი მავნებელიცაა, უფალი გვიბრძანებს ვიყოთ უმანკონი, ანუ წრფელნი, უბოროტონი და უვნებელნი, ვითარცა მტრედნი. ისინი ხომ შვილების წართმევისა და დევნის დროსაც კი მყისვე პატრონებს უბრუნდებიან. ამგვარად, იყავი ბრძენი, ვითარცა გველი, რათა ცხოვრებაში არ დაგცინონ და ყოველივე უზადო გქონდეს, ხოლო რაც სხვის ვნებას შეეხება, იყავი ვითარცა მტრედი, ანუ უბოროტო.

17-18. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთ. - ხედავ, რას ნიშნავს იყო გონიერი? სიფრთხილეს და საბაბის არ მიცემას მათთვის, რომელთაც შენი დევნა სურთ და საკუთარ საქმეთა გონივრულად წარმართვას. უკეთუ მდევნელი შენთვის ქონების ან პატივის წართმევას მოისურვებს, მიეცი, რათა არ ჰქონდეს საბაბი დევნისა. მაგრამ უკეთუ რწმენის წართმევა მოინდომა, დაიცავი თავი შენი. ქრისტეს განზრახული ჰქონდა მოწაფენი არა მხოლოდ იუდეველებთან. არამედ წარმართებთანაც წარეგზავნა, ამიტომაც ეუბნება მათ: საწამებელად მათდა და წარმართთა, ანუ იმათ სამხელად, რომელთაც არ სწამთ.

19-20. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყო [85]დით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. - რომ არ ეკითხათ, როგორღა შეეძლებთ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ბრძენთა დარწმუნებასო, უბრძანებს გამხნევდნენ და ამისთვის არ იზრუნონ. უკეთუ საუბარი მორწმუნეებთან გველის, საჭიროა თავის დასაცავად წინასწარმოვემზადოთ, როგორც ამას პეტრე გვაუწყებს (პეტრე 3.15). ხოლო გამძვინვარებულ ბრბოსა და მეფეთა წინაშე წარდგომისას, რომ არ შევშინდეთ, ამისათვის უფალი თავის შემწეობას გვპირდება. აღიარება რწმენისა ჩვენი საქმეა, ხოლო ბრძნულად დაცვა მისი - ღმრთისგან ბოძებული ნიჭი. ეჭვი რომ არ აღგვეძრას იმისა, რომ დაცვისას ბუნებრივი ნიჭით ვმოქმედებთ, გვეუბნება: არა თქუენ იმეტყველებთ, არამედ - სული.

21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. - წინასწარ ეუბნება მათ, რაც შეემთხვევათ, რათა როცა შეემთხვევათ, არ შეძრწუნდნენ. უჩვენებს, აგრეთვე, ქადაგების ძალასაც, რომელიც ამქვეყნიურის არადჩაგდებისაკენ აქეზებს, რადგან ასეთია ქრისტიანობა. მაგრამ ქრისტე იმათ სიცოფესაც წარმოაჩენს, რომელნიც შინაურებსაც კი არ შეიწყალებენ.

22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - ყოველთაგან აქ იგივეა, რაც მრავალთაგან, რადგან ყველას არ მოუძულებია ისინი; ისეთებიც ხომ იყვნენ, რომელთაც რწმენა მიიღეს. ვინც ბოლომდე დაითმენს და არა მხოლოდ თავიდან, ის საუკუნო ცხოვრებას ეზიარება.

23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ზემოთ ნათქვამი შიშის მომგვრელი სიტყვები: მიგცემდენ თქუენ, იყვნეთ თქუენ მოძულებულ, იმაზე მიუთითებს, რაც ამაღლების შემდეგ უნდა მომხდარიყო; ხოლო ის, რასაც ახლა ამბობს, სახელდობრ, თქვენ, დევნილნი, ისრაელის [86]ქალაქთა შემოვლას ვერ მოასწრებთ, რომ მე თქვენთან მოვალო, ჯვარცმის წინა მოვლენებს ეხება. დევნის დაწყებისას გაქცევას უბრძანებს, რადგან აშკარად თავის საფრთხეში ჩაგდება და მიზეზის მიცემა მკვლელებისათვის მათი განსჯისათვის, რაც იმათთვის, რომელნიც ქადაგებისგან სარგებლობის მიღებას იმედოვნებდნენ, ვნების მიყენება იქნებოდა, ეშმაკის საქმეა. ხოლო სიტყვებში: ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს, მეორედ მოსვლას კი ნუ იგულისხმებ, არამედ ის მოსვლა და ნუგეშინისცემა მოიაზრე, რომელიც ჯვარცმამდე მოხდებოდა; საქადაგებლად წარგზავნილი მოწაფეები ხომ კვლავ ქრისტესთან დაბრუნდნენ და მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

24-25. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. - აქ სხვების შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებას ასწავლის. უკეთუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დავითმინე, მით უმეტეს უნდა დაითმინოთ თქვენ - მოწაფეებმა და მონებმა. მაგრამ შენ იკითბავ: როგორ ამბობს - არა არს მოწაფე უფროჲს მოძღვრისა, მაშინ, როცა მრავალ მოწაფეს ვხედავთ, რომელნიც მასწავლებლებზე უმჯობესნი არიან? მაშ იცოდე: ვიდრე ისინი მოწაფენი არიან, მასწავლებლებზე დაბლა დგანან, ხოლო რაჟამს უმჯობესნი გახდებიან, უკვე მოეაფენი აღარ არიან, მსგავსად მონისა, რომელიც ვიდრე მონაა, თავის ბატონზე მაღლა ვერ დადგება.

25-26. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს. - თავი ინუგეშეთ იმით, - ეუბნება, - რასაც მე ვითმენ. უკეთუ მე დემონთა მთავარი მიწოდეს, რა გასაკვირი იქნება, უკეთუ ცილს დაგწამებენ თქვენ, ჩემს სახლეულებსაც? სახლეულნი (შინაურნი) უწოდა და არა მონები, აჩვენა რა ამით, რამდენად ახლო იყო მათთან. გამხნევდით, რადგან ხიმართლე არ დაიმალება, არამედ თქვენს სათნოებასაც და ცილისმ[87]წამებელთა ბოროტებასაც დრო წარმოაჩენს; არ არსებობს ხომ დაფარული, რომელიც არ განცხადდება. ასე რომ, ცილიც რომ დაგწამონ, ბოლოს მაინც შეგიცნობენ.

27. ომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. - რაც მხოლოდ თქვენ და ისიც ერთ ადგილას გასწავლეთ, - ამას ნიშნავს სიტყვები: ყურთა გესმა და ბნელსა შინა, - ის თქვენ გაბედულად და ხმამაღლა ასწავლეთ. ისე რომ, თქვენი ყველას ესმოდეს; მაგრამ რადგანაც გაბედულებას საფრთხეც მოსდევს, დასძენს:

28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. - ასწავლის, რომ სიკვდილიც არად ჩააგდონ, რადგან, სასჯელი გეჰენიისა ბევრად უფრო საშინელიაო - ამბობს. უკეთუ მკვლელები მხოლოდ ხორციელად გვანადგურებენ, ხოლო სულს, შესაძლოა, სიკეთეც კი უყონ, ღმერთი ჩააგდებს რა გეჰენიასა შინა, ორივეს - სულსაც და სხეულსაც დასჯის. როცა გეჰენიაზე ამბობს, მარადიულ სასჯელზე მიუთითებს2.

29-31. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. - მოწაფენი რომ არ შეშფოთებულიყვნენ, გვტოვებსო, ეუბნება, უკეთუ ბეღურებსაც კი ვერ დაიჭერენ ისე, რომ მე არ ვიცოდე, როგორ დაგტოვებთ თქვენ, რომელნიც მიყვარხართ? წარმოაჩენს რა თავის სრულყოფილ ცოდნასა და განგებულებას, გვეუბნება, რომ მისგან ჩვენი თმაც კი აღრიცხულია. ნუ იფიქრებთ, რომ ბეღურებს ღმრთის თანამონაწილეობით იჭერენ, თუმცაღა, არც ისაა მისთვის უცნობი, რომ იჭერენ.

[88]32-33. ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. - დამოწმებისაკენ მოგვიწოდებს, რამეთუ რწმენას, რომელიც მხოლოდ სულშია, არასაკმარისად თვლის და სურს რწმენა, რომელიც ბაგეებითაც იქნება აღიარებული. არ უთქვამს: რომელიც მე მაღიარებსო, არამედ ჩემდამო (ჩემით) ე. ი. ჩემი ძალითო, რადგანაც აღმსარებელი რწმენას მაღლიდან ბოძებული მადლის შემწეობით აღიარებს. ხოლო უარისმყოფელთა მიმართ არა ჩემითო, თქვა, არამედ მე (უვარ-მყოს მე), რითაც გვაჩვენა, რომ უარისმყოფელს მემწეობა ზემოდან არა აქვს. ყოველი, ვინც ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, აღიარებს, იხილავს ქრისტეს, რომელიც მის შესახებ წინაშე მამისა აღიარებს, რომ იგი ერთგული მონაა. ხოლო უარისმყოფელნი მოისმენენ: არა გიცი თქუენ.

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

[89]38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ვინც, - ამბობს, - ამ ცხოვრებას არ უარყოფს და თავს სამარცხვინო სიკვდილისათვის არ მისცემს (რადგან ჯვარი ძველებისათვის ამას ნიშნავდა), არ არის ჩემი ღირსიო. მაგრამ, რადგანაც მრავალს ჯვარს, ვითარცა ავაზაკსა და ქურდს, ისე აცვამდნენ, ამიტომაც დასძენს: რომელიც მე შემომიდგება, ანუ ის, ვინც ჩემი კანონებით იცხოვრებსო.

39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. - ის, ვინც ხორციელ ცხოვრებაზე ზრუნავს, ფიქრობს, რომ თავის სულს უფრთხილდება. სინამდვილეში კი, უმზადებს რა მას მარადიულ სასჯელს, ღუპავს, ხოლო ვინც თავის სულს სწირავს და კვდება, მაგრამ არა როგორც ყაჩაღი, ან თვითმკვლელი, არამედ ქრისტესათვის, იგი, პირიქით, მოიპოვებს მას.

40-41. ომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. - მოგვიწოდებს, რომ ისინი, ვინც ქრისტესთან არიან, შევიწყნაროთ, რადგან ვინც პატივს მის მოწაფეებს მიაგებს, პატივს მიაგებს მასაც და მის მიერ მამასაც. საჭიროა შეწყნარება მართალთა და წინასწარმეტყველთა სახელით მართლისა და წინასწარმეტყველისა, ანუ იმიტომ, რომ ისინი მართალნი და წინასწარმეტყველნი არიან და არა მეფეთა წინაშე რამდენადმე პირველობისა და მათი შემწეობის გამო. მაგრამ უკეთუ ვინმე წინასწარმეტყველი მხოლოდ გარეგნულადაა, ხოლო საქმით - არა, შენ ისიც შეიწყნარე ვითარცა წინასწარმეტყველი, და ღმერთი სამაგიეროს ისე მოგაგებს, თითქოს მართლაცდა წინასწარმეტყველი შეგეწყნარებინოს, რადგანაც სიტყვები: სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს ამას ნიშნავს. შეიძლება სხვაგვარადაც გაიგო, სახელდობრ, რომ მართლად იწოდება ისიც, ვინც მართალს იწყნარებს და იმავე საზღა[90]ურს მიიღებს, რასაც მართალნი იღებენ.

42. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. - რომ სიღარიბე არ მოემიზეზებინათ, უფალი ამბობს: უკეთუ ეინმეს ერთ ჭიქა ცივ წყალს მიაწვდი, იმიტომ რომ იგი ჩემი მოწაფეა, მის საზღაურს მიიღებო. ჭიქა ცივი წყლის მიმწოდებელია ისიც, ვინც რისხვის ცეცხლითა და ვნებებით ალმოდებულს განსწავლის, დამოძღვრავს და მას ქრისტეს მოწაფედ აქცევს, ამიტომ თავის საზღაურს არც ის დაკარგავს.

---------------------------------------------------------------------------------------------

1 - ბერძნულში სიტყვების თამაშია: ἡ τροφή - საზრდელი და ἡ τρυφή - ფუფუნება.

2 - ტექსტის სხვა რედაქციაში (cod. 32) სიტყვის ”გეჰენია” ეტიმოლოგიაა განმარტებული, კერძოდ ნათქვამია, რომ: გეჰენია αεὶ γεννασθαι-ისაგან (მარადიული შობა) წარმოდგება.

 

თავი  XI

1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.

2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? - იმიტომ კი არ ეკითხება იოვანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეიძლება ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ (ინ. 1,29). მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნზთ, რომ ქრისტე იოვანეზე დიდი იყო. ამიტომაც დაიჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ცნობდა და შეეკითხა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვისაც წმინდა წერილის მიხედვით ელოდებიან, რომ ხორციელად მოვა? ზოგიერთი ამბობს, რომ გამოთქმით, რომელიც უნდა ვოვიდეს (ὁ ἐρχόμενον) იოვანე ჯოჯოხეთში ჩასვლაზე ეკითხება, თითქოს მან ამის შესახებ არ იცოდა და ეკითხებოდა: შენ ხარ ის, ვინც ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეს თუ სხვას უნდა ველოდოთ? მაგრამ ეს უაზრობაა, რადგან [91]როგორ შეიძლებოდა იოვანეს, რომელიც წინასწარმეტყველთაგან უდიდესია, არ სცოდნოდა ქრისტეს ჯვარცმასა და ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ, მაშინ, როცა ტარიგი თვითონ უწოდა, რადგან ჩვენთვის უნდა დაკლულიყო? ამგვარად, იოვანემ იცოდა, რომ უფალი ჯოჯოხეთში სულით ჩავიდოდა, რათა, როგორც ამას გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, იქიდანაც ეხსნა ისინი, რომელნიც ირწმუნებდნენ, უფალი რომ მათ სიცოცხლეში განკაცებულიყო. ამგვარად, იმიტომ კი არ ეკითხება, რომ ვერ ცნობს, არამედ იმიტომ, რომ თავისი მოწაფენი ქრისტესადმი მტკიცე რწმენით აღავსოს მისივე სასწაულების ძალით. მაგრამ ნახე, რას ამბობს ქრისტე ამ კითხვის პასუხად:

4-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:  ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ. - არ უთქვამს: უთხარით იოვანეს, რომ მე ვარ ის, რომელიც უნდა მოვიდესო, არამედ იცოდა რა, რომ იოვანემ მოწაფენი მასთან სასწაულთა სახილველად წარგზავნა, უთხრა: უთხარით იოვანეს, რასაც ხედავთ, და მას მიზეზი მიეცემა, რომ თქვენს წინაშე ჩემს შესახებ უფრო მეტად დაამოწმოსო. გლახაკებში, რომელთაც ეხარებათ, ან სახარების მქადაგებელნი ანუ მოციქულები მოიაზრე, რადგანაც ისინი, ვითარცა მეთევზენი, ღატაკნი იყვნენ და აბუჩად აგდებულნი უბრალოებისა გამო, ან კიდევ მსმენელნი სახარებისა და მარადიულ ნეტარებათა შესახებ უწყებისა. აჩვენებს რა იოვანეს მოწაფეებს, რომ მისთვის დაფარული არაა, რასაც ისინი ფიქრობენ, ეუბნება: ნეტარია ის, რომელიც ჩემში არ შეცდებაო, რადგან მათ მის მიმართ დიდი ეჭვები ჰქონდათ.

7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? - შესაძლოა, რომ ხალხი რომელმაც იოვანეს კითხვა მოისმინა, ცდუნდა: ხომ არ დაეჭვდა ქრისტეს მიმართ [92]თვით იოვანეც და აზრი ადვილად ხომ არ შეიცვალა, თუმცაღა პირველად ქრისტეს შესახებ დაამოწმა? ამგვარი ეჭვი რომ გაექარწყლებინა, ქრისტე ამბობს: იოვანე არ არის ლერწამი ანუ მერყევი, რადგან, თუკი ასეთი იყო, როგორღა მიდიოდით მასთან უდაბნოში? თქვენ ხომ არა ლერწამთან, ანუ კაცთან, რომელიც ადვილად იცვლება, მიდიოდით, არამედ დიდსა და მტკიცე ადამიანთან, რომელიც იმადვე რჩება, როგორადაც თქვენ მას მიიჩნევდით.

8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. - რომ არ ჰქონოდათ სათქმელად, ფეფუნებას დაემონა და ბოლოს გასათუთდაო, ეუბნება, რომ- არა! რადგან ბეწვიანი სამოსი აჩვენებს, რომ იგი მტერია ფუფუნებისა. მას რომ რბილი სამოსის ტარება და ფუფუნებით ცხოვრება მოენდომებინა, სამეფო დარბაზებში იქნებოდა და არა საპყრობილეში. ისწავლე, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანმა რბილი სამოსი არ უნდა ატაროს.

9. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. - იოვანე წინასწარმეტყველზე მეტი იყო, რადგან სხვა წინასწარმეტყველები ქრისტეს შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველებდნენ, ამან კი თავად იხილა იგი, რასაც მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, სხვები ჯერ იშვნენ და შემდეგ იწინასწარმეტყველეს, ამან კი ქრისტე დედის წიაღშივე მყოფმა იცნო და "ჰკრთებოდა".

10. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. - ანგელოზი უწოდა, რადგან ანგელოზურსა და თითქმის უსხეულო ცხოვრებას ეწეოდა და იმის გამოც, რომ ქრისტეს შესახებ აუწყებდა და ქადაგებდა. მან განუმზადა გზა ქრისტეს, ამოწმებდა რა მის შესახებ და ნათელს სცემდა რა მონანულებს, რადგან სინანულს ცოდვათა მიტევება მოჰყვება, რომელ მიტევებასაც ქრისტე იძლევა. პირფერობად რომ არ მოჩვენებოდათ, ქრისტე იოვანეს შესახებ მხოლოდ მისი მოწაფეების წას[93]ვლის შემდეგ ამბობს, ნათქვამი წინასწარმეტყველება კი მალაქიას ეკუთვნის.

11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა. - დარწმუნებით აცხადებს, რომ არავინ არის ისეთი, ვინც იოვანეზე დიდი იქნებოდა. ხოლო როცა ამბობს - დედათა ნაშობთაგანო, თავის თავს გამორიცხავს, რადგან თვითონ ქრისტე არა ქალისგან, ანუ ქორწინებაში მყოფისაგან, არამედ ქალწულისაგან იშვა.

ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. - რადგანაც იოვანეს შესახებ მრავალი ქება თქვა, რომ არ ეფიქრათ, იგი მასზე დიდიც არისო, აქ უფრო გარკვეულად ამბობს; მართალია მასთან შედარებით მე ასაკითაც და თქვენი აზრითაც უფრო პატარა ვარ, მაგრამ ცათა სასუფეველში, ანუ სულიერთა და ზეციურთა სიკეთეთა მიმართებით, მასზე დიდი ვარ. აქ შედარებით მცირე ვარ, რადგან იგი უწინარეს ჩემსა დაიბადა და თქვენს მიერაც დიდადაა მიჩნეული, მაგრამ იქ მასზე დიდი მე ვარ.

12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. - ისე ჩანს, თითქოს ეს ნათქვამი კავშირში არაა იმასთან, რაც ადრე ითქვა, მაგრამ არა! მიაქციე ყურადღება! როცა ქრისტემ თქვა, რომ იოვანეზე დიდი იყო, ისინი მისი რწმენისათვის აღძრა, აჩვენა რა, რომ ცათა სასუფეველს, ანუ მის რწმენას მრავალნი მიიტაცებენ. მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს: მამისა და დედის დატოვებასა და საკუთარი თავის უარყოფას ხომ მართლაც დიდი ძალა სჭირდება!

13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს. - აქაც იგივე თანმიმდევრობაა, რაც ზემოთ; უფალი ამბობს: მე ვარ ის, რომელიც უნდა მოსულიყო, რადგანაც ყველა წინასწარმეტყველება აღსრულდა, მაგრამ არ აღსრულდებოდა, მე რომ არ მოვსულიყავი. ამიტომაც ამას იქით, ნუღარაფერს ელით.

14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი [94]მოვალს. - ეუბნება: თუ შეწყნარება გსურთო, ანუ უკეთუ კეთილგონივრულად განსჯით და არა შურით, ის არის, ვისაც წინასწარმეტყველმა მალაქიამ მომავალი ელია უწოდა. რადგან წინამორბედსაც და ელიასაც ერთი და იგივე მსახურება ჰქონდათ. ერთი წინამორბედი იყო პირველად მოსვლისა, ხოლო ელია მომავალი (მეორედ) მოსვლის წინამორბედი იქნება. შემდეგ, აჩვენებს: იოვანე რომ ელიაა, ეს იგავია, რომლის ჩაწვდომასაც გააზრება სჭირდება და ამბობს:

15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. - ამგვარად აღძრავს მათ, რომ ჰკითხონ და მისგან გაიგონ.

16-17. აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით. - აქ იუდეველთა თვითრჯულობაზეა მინიშნებული. იმის გამო, რომ თვითრჯულნი იყვნენ, არც იოვანეს სიმკაცრე მოსწონდათ და არც უბრალოება ქრისტესი, არამედ თავნება ყრმებს ჰგავდნენ, რომელთაც ადვილად ვერ აამებ; გინდა იტიროს ვინმემ მათთვის, გინდა სალამურზე დაუკრას, სულერთია, მაინც არ მოეწონებათ.

18-19. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. - გოდებას იოვანეს ცხოვრებას ადარებს, რადგან იოვანემ სიტყვითაც და საქმითაც დიდი სიმკაცრე წარმოაჩინა, ხოლო ქრისტეს ცხოვრებას - სალამურს. უფალი ხომ ყველას მიმართ ალერსიანი იყო, რათა ყველა შეეძინა და ახარებდა რა სასუფევლის შესახებ, ოდნავადაც კი არ ჰქონდა ის სიმკაცრე, რაც - იოვანეს.

და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა. - უფალი ამბობს: რაკიღა თქვენ არც იოვანესა და არც ჩემი ცხოვრება არ მოგწონთ და ხსნის ყოველგვარ გზას უარყოფთ, მე - სიბრძნე - მართალი წარმოვჩნდები. თქვენ უკვე გამართლება აღარ გექნებათ, და, რაღა თქმა [95]უნდა, დაისჯებით, რადგან მე ყოველივე აღვასრულე, ხოლო თქვენ კი თქვენი ურწმუნოებით ამტკიცებთ, რომ მე მართალი ვარ, რაკიღა უყურადღებოდ არაფერი დამიტოვებია.

20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს. - მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა, მათ კი მაინც არ მოინანიეს, უფალი იუდეველებს საყვედურობს.

21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა. - რათა შენ გაიაზრო, რომ ვინც არ ირწმუნა, ბუნებით კი არ იყო ბოროტი, არამედ საკუთარი ნებით და ბეთსაიდას შეგახსენებს, საიდანაც ანდრეა, პეტრე, ფილიპე და ზებედეს ძენი იყვნენ. ამგვარად, ბოროტება არა ბუნებიდან, არამედ თავისუფალი არჩევანიდან მომდინარეობდა. ბუნებისაგან რომ წარმომდგარიყო, მაშინ ისინიც ბოროტები იქნებოდნენ.

21-22. რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. - უფალი ამბობს, რომ იუდეველნი ტვიროსელებსა და სიდონელებზე უარესნი არიან, რადგან ტვიროსელებმა მხოლოდ ბუნებითი სჯული დაარღვიეს, ხოლო იუდეველებმა - მოსეს სჯულიც, ამასთან, მათ სასწაულები არ უხილავთ, ხოლო ამათ იხილეს და მაინც მკრეხელობდნენ. ძაძა სიმბოლოა სინანულისა, ხოლო ნაცარსა და მტვერს თავზე მგლოვარენი იყრიან, როგორც ამას ჩვენც ვხედავთ.

23-24. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ. - კაპერნაუმი იმის გამო, რომ იესოს ქალაქი იყო, ამაღლდა, სახელი გაითქვა, როგორც მის[96]მა სამშობლომ, მაგრამ აქედან არავითარი სარგებელი არ მიუღია, რადგან არ ირწმუნა, პირიქით, ჯოჯოხეთში ჩავარდნა კიდევ უფრო მეტად მიესაჯა, რადგან ასეთი მკვიდრი ჰყავდა და მისგან ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. რამდენადაც კაპერნაუმი ითარგმნება როგორც "ნუგეშის ადგილი", ყურადღება მიაქციე იმას, რომ უკეთუ ვინმე ღირსი შეიქნება ნუგეშისმცემლის ანუ სულიწმიდის სამკვიდრებელი გახდეს, შედეგად გაამაყდება და თავს ცამდე აიმაღლებს, ბოლოს ამ სიამაყის გამო ჩამოვარდება. ამგვარად, ძრწოდე, კაცო!.

25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. - რასაც უფალი ამბობს, შეიძლება ასე გადმოიცეს. აღგიარებ (იგივეა, რაც "გმადლობ") შენ, მამაო, რომ იუდეველებმა კი არ ირწმუნეს, რომელნიც თავს ვითარცა ბრძენნი და წმინდა წერილის მცოდნენი, ისე აჩვენებდნენ, არამედ - უსწავლელთა და ყრმათა და შეიცნეს საიდუმლოებანი. ღმერთმა მათგან, რომელნიც თავს ბრძნად წარმოადგენდნენ, საიდუმლოებანი დაფარა, არა იმის გამო რომ შურდა, ან მათი უსწავლელობის მიზეზი იყო, არამედ იმიტომ, რომ უღირსნი იყვნენ, რადგან თავი ბრძნად მიაჩნდათ. ვისაც თავი ბრძნად წარმოუდგენია და იმედს თავის საკუთარ გონებაზე ამყარებს, ის ღმერთს არ მოუხმობს; ხოლო ღმერთი, მას ვინც არ მოუხმობს, არც შეეწევა და არც თავს უცხადებს. მეორე მხრივ, ღმერთი მრავალთ საიდუმლოებებს სწორედ თავისი კაცთმოყვარეობის გამო არ უცხადებს, რათა უფრო მეტად არ დაისაჯონ იმის გამო, რომ საიდუმლოებანი აბუჩად მას შემდეგ აიგდეს, რაც შეიცნეს.

26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. - აქ იგი წარმოაჩენს კაცთმოყვარებას მამისა, რადგან მან საიდუმლონი ყრმებს სხვისი ვედრებით კი არ გამოუცხადა. არამედ იმიტომ, რომ დასაბამიდან ასე სურდა, რადგან სათნო-იყო აქ სურვილსა და ნებას ნიშნავს.

27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ. - ზემოთ უფალმა [97]მამას მიმართა: შენ გამოუცხადე, მამაო. ამიტომ, ეჭვი რომ არ აღგეძრას იმისა, რომ თვითონ არაფერს აკეთებს და ყველაფერი მამას ეკუთვნის, ამბობს: ყოველივე მომეცა მე და მე და მას ერთი ძალაუფლება გვაქვს. როცა გესმის "მომეცა" - ნუ იფიქრებ, რომ ვითარცა მონას ან ვითარცა გლახაკს მიეცა, არამედ ვითარცა - ძეს. რადგან მიეცა იმიტომ, რომ მამისაგან იშვა. მისგან რომ არ შობილიყო და იგივე არსი რომ არ ჰქონოდა, რაც მამას, არ მიეცემოდა. ნახე, რას ამბობს: ყოველივე მომეცა მე არა მეუფისაგან, არამედ მამისა ჩემისაგან. მსგავსად იმისა, როგორც მაგალითად, ლამაზი მამისაგან ნაშობი ყრმა იტყვის, რომ სილამაზე მე მამისა ჩემისაგან მომეცაო.

და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების- უფრო მეტსაც ამბობს: არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყოველივეს მეუფე ვარ, რადგან სხვას, კიდევ უფრო დიდ რამეს ვფლობ - ვიცი მამა და ამასთან, იმგვარად ვიცი, რომ შემიძლია ეს ცოდნა სხვებსაც განვუცხადო. მიაქციე ყურადღება! ზემოთ თქვა, რომ მამამ საიდუმლონი ყრმებს განუცხადა, აქ კი - რომ ძე მამას განაცხადებს. ხედავ, რომ ერთია ძალა მამისა და ძისა, რამდენადაც მამაც განაცხადებს და ძეც.

28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. - ყველას მოუწოდებს: არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ წარმართებსაც. "მაშვრალში" იუდეველები იგულისხმე, რადგანაც სჯულის მძიმე კანონებს ისინი ემორჩილებიან და მის მცნებათა აღსასრულებლად ჯაფას ეწევიან; ხოლო ტვირთმძიმეებში - წარმართები, რომელთაც ტვირთად მძიმე ცოდვები აწევთ. ყველა ამათ განსვენებას ქრისტე მისცემს; როგორ დიდ ჯაფას მოითხოვს რწმენა, აღმსარებლობა და ნათლისღება, მაგრამ რა სიმშვიდეს ჰპოვებ, როცა აქ იმ ცოდვებისათვის აღარ იზრუნებ, რომელიც ნათლისღებამდე ჩაიდინე, ხოლო იქ განსვენება მოგიცავს.

29-30. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ [98]სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს. - ქრისტე უღელი, სიმდაბლე და სიმშვიდეა. ამიტომ ვინც წინაშე ყოველი კაცისა სიმდაბლეს იჩენს, განსვენება და უშფოთველი ყოფა ექნება, მაშინ, როცა პატივმოყვარე და ქედმაღალი მუდმივად შფოთავს, არ სურს ვინმეზე პატარა იყოს, არამედ ცდილობს რაც შეიძლება მეტად განდიდდეს და მტრებზეც გამარჯვება მოიპოვოს. ამგვარად, უღელი ქრისტესი, სიმდაბლეს ვგულისხმობ, მსუბუქია, რადგანაც ჩვენს მდაბალ ბუნებას ქედმაღლობაზე მეტად სიმდაბლე შეეფერება. მაგრამ ყოველი მცნება ქრისტესი უღლად იწოდება, რადგან ისინი თუმცა ახლა მძიმენი ჩანან, მომავალ საზღაურთან შედარებით უფრო მსუბუქნი არიან.

 

თავი XII

1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. - არღვევს რა სჯულს1, უფალს მოწაფენი ყანაში შეჰყავს, რათა ჭამონ და ამით შაბათის წესი დაარღვიონ.

2-4. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? - ფარისეველნი კვლავ დებენ ბრალს შიმშილის ბუნებრივი გრძნობის გამო, მაშინ, როცა თვითონ უარესად სცოდავენ. უფალი მათ დავითის ისტორიით არცხვენს. მან ხომ, - ამბობს იგი, - შიმშილის გამო უფრო დიდი რამ გაბედა. პურნი შესაწირავთანი ის პურებია, ყოველ დღე რომ იდებოდა; ტრაპეზზე თორმეტი პური ლაგდებოდა: ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხარეს. თუმცა დავითი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ისინი არც მას უნდა შეეჭამა (ამის [99]უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ) და მით უმეტეს არც იმათ, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. მიუხედავად ამისა, შიმშილის გამო შენდობას მაინც იმსახურებს; ასევე იმსახურებენ მოწაფენიც.

5-6. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. - სჯული შაბათს მუშაობას კრძლავდა, მაგრამ მღვდლები შაბათობით შეშასაც აპობდნენ და ცეცხლსაც ანთებდნენ, ასე რომ, შაბათს შეურაცხყოფდნენ, ანუ, როგორც თქვენ ფიქრობთ, უგუნურად იქცეოდნენ. მაგრამ მეტყვით, ისინი მღვდლები იყვნენო, მოწაფენი კი - არა, ხოლო მე გიპასუხებთ: აქ არის ის, ვინც ტაძარზე დიდია, ანუ, რადგანაც მე, მეუფე, ტაძარზე უფრო დიდი, მოწაფეებთან ვარ, მათაც მეტი უფლება აქვთ შაბათის დარღვევისა, ვიდრე მღვდლებს.

7-8. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. - წარმოაჩენს მათ უვიცობასაც, რადგანაც წინასწარმეტყველური წიგნები არ იცოდნენ. განა მოწყალენი არ უნდა ვიყოთ, კითხულობს, იმ ადამიანთა მიმართ, რომელნიც შიმშილობენ? გარდა ამისა, მე ვარ ძე კაცისა, უფალი შაბათისა, ისევე როგორც ყოველივესი და შემოქმედი დღეთა; ასე რომ, შაბათს მე, ვითარცა მეუფე, ვარღვევ. ეს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობითაც უნდა გაიგო, მოწაფენი მუშაკნი იყვნენ, ხოლო სამკალი და თავთავნი - მორწმუნენი; მოწაფეები მათ წყვეტდნენ და ჭამდნენ, ანუ საზრდელად ადამიანთა ხსნა ჰქონდათ, და ამას შაბათს იქმოდნენ, იმ დღეს, როცა უკეთურ საქმეებს თავი უნდა ავარიდოთ. ფარისეველნი კი გულისწყრომას გამოხატავდნენ, როგორც ეს ეკლესიაში ხდება: ხშირად, როცა მოძღვარნი ასწავლიან და სარგებლობა მოაქვთ, ფარისეველნი და მოშურნენი წყენას გამოხატავენ.

9-10. და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? [100]რაჲთამცა შეასმინეს იგი. - სხვა მახარებელთა თქმით, იესომ ჰკითხა ფარისევლებს. შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ რა შურიანები, ფარისევლებმა გააფრთხილეს და ჰკითხეს იესოს, როგორც ამას მათე ამბობს. შემდეგ კი, ქრისტემ თავის მხრივ ჰკითხა მათ, თითქოსდა დასაცინად მათი გულქვაობისა, როგორც სხვა მახარებლები გვიამბობენ. ფარისევლებმა კი იმიტომ ჰკითხეს, რომ მისი ცილისწამების საბაბი ჰქონოდათ.

11-12. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე. - გვაჩვენებს, რომ ანგარებისმოყვარეობისა და იმის გამო, რომ ცხვარი არ დაკარგონ, შაბათს არღვევენ, ადამიანის განკურნებისათვის კი იმავეს კრძალავენ. ამგვარად, ერთსა და იმავე დროს წარმოაჩენს მათ, ვითარცა ანგარებისმოყვარეებს, სასტიკებსა და ღმრთის არად ჩამგდებთ, რადგან ცხვრის დაკარგვის შიშით შაბათს უგულებელსყოფენ, მაგრამ უწყალონი არიან, როცა ადამიანის განკურნვა არ სურთ.

13. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი. - შემხმარი ანუ უმოწყალო და ძუნწი ხელი ახლაც ბევრს აქვს, მაგრამ, რაჟამს მათთვის სახარებისეული სიტყვა ხმამაღლა გაისმება, ისინი მას გასაცემად იწვდიან, თუმცა ფარისევლებს, ამ ქედმაღალ დემონებს, რომელნიც ჩვენგან ჩვენი მტრობის გამო მოიკვეთნენ, არ სურთ, რომ ხელნი ჩვენნი მოწყალების გასაცემად გავიწოდოთ.

14. ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. - ო, მოშურნეობავ! როცა  მოწყალებას იღებენ მაშინ ცოფდებიან. იესო მათ იმიტომ გაშორდა, რომ ჟამი მისი ვნებისა ჯერ კიდევ არ დამდგარიყო და ამასთან, ისინიც შეიწყალა, რათა მკვლელობის დანაშაულით არ დაცემულიყვნენ, თანაც, უაზ[101]როდ ხიფათმი თავის ჩაგდება ხომ არც ღმრთისთვისაა სათნო. ყურადღება მიაქციე სიტყვას გამოვიდეს; როცა ღმერთს გაშორდნენ, იესოს მოკვლა მაშინ განიზრახეს, რადგან ვერავინ, ვინც ღმერთთანაა, მსგავს რამეს ვერ განიზრახავს.

15-16. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. - მათი შური რომ შეესუსტებინა, თავის გაცხადება არ მოისურვა, მაგრამ სნეულთა განკურნებას ყოველი ღონით ცდილობდა.

17-19. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს. - მახარებელს იესოს სიმდაბლის დასამოწმებლად წინასწარმეტყველი მოჰყავს და ამბობს, რომ იუდეველებს, რაც არ უნდა მოესურვებინათ, იესო ყველაფერს გააკეთებდა. უკეთუ იმას ისურვებდნენ, რომ თავი არ განეცხადებინა, ასეც მოიქცეოდა, არც წინააღმდეგობას გაუწევდა, ვითარცა პატივმოყვარე და არც იდავებდა, არამედ პირიქით, ხალხსაც აუწყებდა, რომ მის შესახებ არ განეცხადებინათ; სამსჯავროს შესახებ წარმართებსაც მიუთხრობდა, ანუ ასწავლიდა, რადგან სამსჯავრო - სწავლება, შემეცნება და გარჩევაა სიკეთისა. ან: მომავალ სამსჯავროზე წარმართებსაც აუწყებდა, რომელთაც მანამდე მასზე არაფერი სმენოდათ.

არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. - იგი ხომ მართლაც არა მოედნის შუაგულში, ვითარცა პატივმოყვარე, არამედ ტაძარში, სინაგოგებში, მთაზე და ზღვის სანაპიროზე ასწავლიდა.

20. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს. - მას შეეძლო შეემუსრა იუდეველები, ვითარცა გადატეხილი ლერწამი და ჩაექრო მათი რისხვა მსგავსად მბჟუტავი ან ალმოდებული პატრუქისა, მაგრამ არ მოისურვა მანამ, ვიდრე განგებულებას არ აღასრულებდა და მათზე ყველაზე არ გაიმარჯვებდა. ამას ნიშნავს მომდევნო სიტყვებიც:

[102]20-21. ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ. - თავის მართლების საბაბი რომ არ მიეცა, ყოველივე დაითმინა, რათა, როცა შემდეგში განსჯიდა, გაემარჯვებინა, რაკიღა პასუხად ვერაფერს მიუგებდნენ, მართლაც, რა აღარ მოიმოქმედა, რომ ისინი შეეძინა? მაგრამ თავად არ ინდომეს. ამიტომაც წარმართებს ექნებათ სასოება მისი, მაშინ, როცა იუდეველებმა ეს არ მოისურვეს.

22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.

25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? - საჯაროდ ამჟღავნებს რა მათ ზრახვებს, იგი აჩვენებს, რომ ღმერთია. იგი მათგან თავს საყოველთაო მაგალითებით იცავს და მათ უგუნურებას ააშკარავებს. როგორ განდევნიან დემონები ერთმანეთს, მაშინ, როცა კიდევ უფრო მეტად შემჭიდროვებას ცდილობენ? სატანად მოწინააღმდეგე იწოდება.

[103]27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ. - კარგი, ამბობს, მე ასეთი ვარ, მაგრამ თქვენი შვილები, ანუ მოწაფენი ჩემნი, ისინი ვისი ძალითღა დევნიან? ნუთუ ისინიც ბელზებულის ძალით? ხოლო უკეთუ ღმრთეებრივით, - მით უმეტეს მე, რადგან სასწაულებს ჩემი სახელით აღასრულებენ. ამიტომაც განისჯებით მათგან, რადგანაც ხედავთ, რომ ჩემი სახელით სასწაულმოქმედებენ და ცილს მაინც მწამებთ.

28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. - ხოლო, - ამბობს, - უკეთუ დემონებს ღმრთეებრივი ძალით ვდევნი, მაშინ ძე ღმრთისა ვარ და თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ კეთილი გიყოთ. ასე რომ, მო-სამე-იწია თქვენზე ჩემი მოსვლა, ანუ სასუფეველი ღმრთისა. მაშ, რატომღა სწამებთ ცილს ჩემს მოსვლას, რომელიც თქვენთვის მოხდა?

29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს. - ანუ, ამბობს, არა მარტო შორსა ვარ იმისგან, რომ დემონები მეგობრებად მყავდეს, არამედ პირიქით, ვეწინააღმდეგები და ვკრავ მათ, რომელნიც ჩემს მოსვლამდე ძლიერნი იყვნენ, რამეთუ შემოვიდა რა სახლსა შინა, ანუ სამყაროში, ქრისტემ მიიტაცა დემონთა ჭურჭელი, რომელშიც ადამიანებს ვგულისხმობ.

30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. - როგორღა შემეწევა ბელზებული, - ამბობს, უკეთუ იგი სხვებზე მეტად მტრობს მე? რადგან მე სათნოებას ვასწავლი, ის კი - ბოროტებას; მაშ, ჩემთან როგორღა იქნება? მე ადამიანებს მათივე ხსნისათვის ვკრებ, - ხოლო ის განაბნევს. ფარისევლებზეც მიანიშნებს, რადგან, როცა ის ასწავლიდა და მრავალთათვის სარგებლობა მოჰქონდა, ხალხს ფანტავდნენ, რათა მასთან არ მისულიყვნენ. ამგვარად, აჩვენებს, რომ დემონებს მართლაც ისინი ემსგავსებოდნენ.

[104]31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი მიზეზი ჰქონდათ. მაგრამ, როცა უყურებდნენ, როგორ აღასრულებდა სასწაულებს და მაინც ცილს სწამებდნენ და სულიწმიდას გმობდნენ, ამბობდნენ რა, ისინი დემონებისგან ხდება, როგორღა ვიფიქროთ, რომ ეს ცოდვა მათ მონანიების გარეშე მიეტევებათ? ამგვარად იცოდე; როცა ვინმე ძე კაცისას გმობს, ხედავს რა, რომ კაცობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და მას მეძავთა მეგობარს, მჭამელსა და ღვინის მსმელს უწოდებდა, რადგან ქრისტე ასეც იქცეოდა, ამგვარ კაცს კიდევაც რომ არ მოენანიებინა, პასუხს მაინც არ აგებდა და პატიებასაც იმსახურებდა, რადგან იესოში დაფარული ღმერთი ვერ შეიცნო. ხოლო ის, ვინც სულიწმიდაზე, ან ქრისტეს სულიერ საქმეებზე მკრეხელობს და მათ დემონურს უწოდებს, თუ არ მოინანია, არ შეენდობა, რადგან მას ხომ ცილისწამებისათვის საკმარისი მიზეზი არ აქვს, ვითარცა იმას, ვინც ქრისტეს მეძავთა და მეზვერეთა შორის ხედავდა და ცილს შემდეგ სწამებდა? ამიტომ მას არა თუ არც აქ და არც იქ არ შეენდობა, [105]არამედ აქაც და იქაც დაისჯება. მრავალი აქ ისჯება, მაგრამ იქ - სრულიადაც არა, ვითარცა გლახაკი ლაზარე. სხვანი კი სასჯელს აქაც და იქაც მიიღებენ, როგორც სოდომელნი და ისინი, რომელნიც სულიწმიდას გმობენ; ხოლო ზოგიერთნი - არც აქ და არც იქ, როგორც, მაგალითად, - მოციქულნი და წინამორბედი. ვითარცა დევნილნი, ისინი თითქოს აქ დაისაჯნენ, მაგრამ ეს იყო სასჯელი არა ცოდვებისათვის, არამედ გამოცდა და გვირგვინი.

33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს. - რადგანაც იუდეველებს სასწაულებზე, ვითარცა ბოროტ საქმეებზე, ცილისწამება არ შეეძლოთ, მაგრამ მათ აღმსრულებელ იესოზე, როგორც დემონის მსგავსზე, მკრეხელობდნენ, უფალი ეუბნება: მე, ან კეთილ ხედ ჩამთვალეთ და მაშინ ჩემი სასწაულებიც, რომელნიც ნაყოფია, კეთილი იქნება; ან: უკეთუ ხენეშ ხედ მიმიჩნევთ, ცხადია, ნაყოფიც ანუ სასწაულებიც ხენეში იქნება. მაგრამ თქვენ სასწაულებს, ანუ ნაყოფს, მშვენიერს (კეთილს) უწოდებთ და მაშასადამე მეც კეთილი ხე ვარ. როგორც ხე ნაყოფისაგან შეიცნობა, ასევე მეც - ჩემი სასწაულებისაგან.

34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? - ხართ რა ბოროტნი ხენი, - ეუბნება, - ნაყოფსაც ბოროტს იძლევით, რადგან ჩემზე ბოროტსიტყვაობთ. ასევე მეც, უკეთური რომ ვყოფილიყავი, ნაყოფსაც უკეთურს გამოვიღებდი და არა ამგვარ სასწაულებს. იქედნეს ნაშობებს უწოდებს მათ, რომელთაც თავი აბრაამით მოჰქონდათ და აჩვენებს, რომ ისინი არა აბრაამისაგან, არამედ მათი ბოროტების შესაფერისი წინაპრებისაგან იყვნენ წარმოშობილნი.

34-35. რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. - როცა ხედავ, რომ ვინმე ბილწსიტყვაობს, იცოდე, გულში იმდენი კი არა აქვს, რამდენსაც ამბობს, არამედ ბევრად მეტი, რადგან, რაც გარეთ გადმოდინდება, ის მხოლოდ სიჭარბისაგანაა; ვინც დაფარულ [106]საუნჯეს ფლობს, ის ხომ მის მხოლოდ რაღაც მცირე ნაწილს წარმოაჩენს. მსგავსად ამისა, ვინც კეთილად მეტყველებს, მას ბევრად მეტი გულსა შინა აქვს.

36-37. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო. - აქ უფალი გვაფრთხილებს, რომ ყოველი უქმი, ანუ ტყუილი, ცილისმწამებლური, თუ უტაქტო და დამცინავი სიტყვებისათვის პასუხს ჩვენც ვაგებთ. ხოლო შემდეგ წმინდა წერილს იმოწმებს, რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაც თავისას ამბობს: სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. - გაკვირვებული მახარებელი სიტყვას მაშინ უმატებს, რადგან სასწაულს მაშინ ითხოვენ, როცა უკვე მომხდარ სასწაულებს უნდა დამორჩილებოდნენ. როგორც სხვა მახარებელი ამბობს, სასწაულის ხილვა ზეციდან სურდათ, რადგან ეგონათ, რომ დედამიწაზე სასწაულებს ეშმაკის ძალით აღასრულებდა, სამყაროს მპყრობელი ხომ ეშმაკია. ხოლო მაცხოვარმა რა უპასუხა?

39-40. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. - ამ ხალხს ვითარცა პირმოთნესა და ცბიერს, ბოროტ მოდგმას უწოდებს, ხოლო ვითარცა ღმრთისაგან განდგომილსა და დემონებთან შეერთებულს - მრუშს; სასწაულს - თავის აღდგომას, როგორც უჩვეულო მოვლენას, რადგანაც შთახდა რა გულსა ქუეყანისასა, ქვესკნელს ანუ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, მესამე დღეს აღდგა. სამ დღესა და სამ ღამეში ნაწილები მოიაზრე და არა სრული დღე და ღამე. იგი პარასკევს მოკვდა - ეს ერთი დღე იყო, შაბათს მკვდარი [107]იწვა - ესეც მეორე დღე, კვირის ღამემ მას ჯერ კიდევ მკვდარს მოუსწრო. ამგვარად გამოითვლება სამი არასრული დღე-ღამე. ჩვენც ხომ ხშირად დროს ასე ვითვლით.

41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. - უფალი ეუბნება მათ: როცა იონამ ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის შემდეგ იქადაგა, მისი ირწმუნეთ, ხოლო მე ჩემი აღდგომის შემდეგაც არ მიწამებთ. ამიტომაც განისჯებით ნინეველთაგან, რომელთაც მონისა ჩემისა იონასი, თუმცა ბარბაროსები იყვნენ, სასწაულის გარეშეც ირწმუნეს. ხოლო თქვენ, რომელნიც წინასწარმეტყველებებზე აღიზარდეთ და სასწაულები იხილეთ, - არ ირნმუნეთ ჩემი - მეუფისა. ამას ნიშნავს სიტყვები: და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.

42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. - ეს დედოფალი, - ამბობს, - თუმცა სუსტი ქალი იყო, შორიდან მოვიდა, რათა ხეთა, ტყეთა და ზოგიერთ ბუნებრივ საგნებზე მოესმინა, ხოლო თქვენ არ შემიწყნარეთ მე, რომელიც თქვენთან მოვედი და გამოუთქმელს გეუბნებით.

43-45. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა. - უფალი აჩვენებს, რომ, არ შეიწყნარეს რა იგი, მათ დაღუპვის უკანასკნელ ზღვარს მიაღწიეს. ისევე როგორც დემონებისაგან განთავისუფლებულებს, უკეთუ საკუთარ თავზე არ იზრუნეს, უარესის დათმენა მოუწევთ, ასევე თქვენი მოდგმაც, რაჟამს თაყვანს კერპებს სცემდით, დემონს ჰყავდა შეპყრობილი. [108]მე ეს დემონი წინასწარმეტყველთა საშუალებით განვდევნე და თავად მოვედი, რადგან თქვენი განწმენდა მსურდა. მაგრამ რადგანაც ხელი მკარით და უფრო მეტიც, ჩემს დაღუპვას ესწრაფვით, ვითარცა უარესი ცოდვის ჩამდენნი, კიდევ უფრო მეტად დაისჯებით და უკანასკნელი ტყვეობა თქვენი პირველზე უფრო მძიმე იქნება. შენ კი ესეც მოიაზრე, რომ ნათლისღებით უწმინდური სული განიდევნება, რომელიც უწყლო ადგილებსა და მოუნათლავ სულთა შორის დაეხეტება, მაგრამ მათში განსვენებას ვერ პოულობს, რადგანაც, რამდენადაც მოუნათლავნი უკვე შეპყრობილი ჰყავს, დემონებისათვის განსვენება ნათელღებულთა ბოროტი საქმეებით დამძიმებაა. ამგვარად, დემონი ნათელღებულს შვიდ სულთან ერთად უბრუნდება, რადგანაც სულის შვიდი ნიჭის საპირისპიროდ ბოროტების შვიდი სული არსებობს. როდესაც ის მონათლულის სულში შევა, მისი უბედურება გაიზრდება, რადგან თუ ნათლობამდე მისი საშუალებით განწმენდის იმედი ჰქონდა, ნათლობის შემდეგ იმედიც აღარ არსებობს, გარდა მონანიებისა, რომელიც ფრიად ძნელია.

46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. - კაცობრივი თვისების გამო დედამ მოისურვა ეჩვენებინა, რომ ყრმაზე უფლება ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, ვინ იყო იგი. მას მოსწონდა პატივი, რომელსაც შვილი მორჩილებით მიაგებდა და ამიტომ მისი ყურადღების მიქცევა მაშინ მოისურვა, როცა იგი საუბრობდა. ქრისტე კი როგორ მოიქცა? როცა მისი განზრახვა შეიცნო, მოისმინე, რა უთხრა:

47-50. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. - ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ დედისთვის ესაყვედურებინა, არამედ, [109]რათა მისი კაცობრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი პატივმოყვარული აზრი გამოესწორებინა. ის კი არ უთქვამს, დედაჩემი არ არისო, არამედ უკეთუ ღმრთის ნებას არ აასრულებს, ვერაფერს არგებს ის, მე რომ მშვაო. უფალი არ უარყოფს, რომ ბუნებრივად იშვა, მაგრამ მას უმატებს შობას სათნოებით, რადგანაც ვერცერთი უღირსი შობისაგან სარგებელს ვერ მიიღებს. ამგვარად, განკურნა რა სენი პატივმოყვარეობისა, ის კვლავ დაემორჩილა დედის მოწოდებას, როგორც ამას მახარებელი შემდეგ გვეუბნება.

--------------------------------------------------------------------------------------------

1 - სინამდვილეში მაცხოვარი მოწაფეებს ამ დროს სჯულის არსს განუმარტავს, რომლის აღმასრულებელიც სიყვარულია.

 

თავი XIII

1-2. მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა. - უფალი ნავში ჩაჯდა, რათა მსმენელები პირისპირ მდგარიყვნენ და ყველას მოესმინა მისი. იგი ზღვიდანაც მეთევზურობს და იჭერს მათ, ვინც მიწაზე იმყოფება.

3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: - უბრალო ხალხს მთაზე იგავთა გარეშე ეუბნებოდა, აქ კი, სადაც მზაკვარი ფარისეველნიც იყვნენ, იგავებით ეუბნება, რათა თუ ვერ გაიგებდნენ, კითხვები მაინც მიეცათ და ესწავლათ. მეორე მხრივ, რამდენადაც ისინი უღირსნიც იყვნენ, სწავლებას შეუფარავად ვერ შესთავაზებდა, რადგანაც არ არის ხომ საჭირო მარგალიტების დაყრა წინამე ღორთა. პირველად ისეთ იგავს ამბობს, რომელიც მსმენელს უფრო ყურადღებიანს ხდის.

ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. - მთესველს თავის თავს უწოდებს, ხოლო თესლს - სიტყვას. გამოვიდა იგი არა რაღაც გარკვეული ადგილიდან, რადგანაც ყველგან იმყოფება, არამედ იმიტომაც ამბობს, გამოვიდაო, რომ ხორციელად უფრო მოგვიახლოვდა, და გამოვიდა, რა თქმა უნდა, მამის წიაღიდან. გამოვიდა ჩვენთან, რადგან ჩვენ მასთან მისვლა არ შეგვეძლო. და რის გასაკეთებლად გამოვიდა? ეკალთა სიმრავლის გამო გადასაწვავად მიწისა, თუ დასასჯელად? არა, არამედ, რათა დაეთესა. თესლს თავისას [110]უწოდებს, რადგან წინასწარმეტყველნიც თესდნენ, მაგრამ არა თავის თესლს, არამედ ღმრთისას. იგი კი ღმერთი იყო და საკუთარ თესლს თესდა, რამეთუ ღმრთეებრივი მადლით კი არ იყო განბრძნობილი, არამედ თავად იყო სიბრძნე ღმრთისა.

4-6. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. - გზაში უზრუნველი და ზანტი ადამიანები იგულისხმება, რომელნიც სიტყვას საერთოდ არ იწყნარებენ, რადგანაც გონება მათი გატკეპნილი და გამომშრალი გზაა, რომელიც არასოდეს მოხნულა. ამიტომაც სიტყვებს ფრინველნი ზეცისანი, ანუ ჰაერის სულები, ე. ი. დემონები სტაცებენ. ხოლო კლდოვანში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც სიტყვას კი ისმენენ, მაგრამ, თავიანთი სისუსტის გამო, ვერ უმკლავდებიან რა ცდუნებასა და მწუხარებას, საკუთარ გადარჩენის საქმეს ღალატობენ. ამომავალ მზეში ცდუნებანი მოიაზრე, რადგანაც ადამიანებს ცდუნებანი წარმოაჩენენ და მსგავსად მზისა, დაფარულს ცხადყოფენ.

7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. - ესენი ისინი არიან, რომელნიც სიტყვას საზრუნავებით აშთობენ, რადგან მდიდარი თითქოსდა კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ საქმე იგი არც იზრდება და არც წარემატება საზრუნავთა გამო, რომელნიც ხელს უშლიან.

8. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა. - ნათესის სამი ნაწილი წარწყმდა და მხოლოდ მეოთხე გადარჩა, რადგან, საერთოდაც, მცირედნი არიან ხომ ისინი, რომელნიც გადარჩებიან. კეთილ მიწაზე ბოლოს ამბობს, რათა ჩვენ სასოება მონანიებისა მოგვცეს, რადგან კიდევაც რომ ვინმე კლდოვანი მიწა, გზასა ზედა მყოფი, ან ეკალთა გამომღები იყოს, შეუძლია კეთილი ქვეყანა (ნაყოფიერი მიწა) გახდეს. მაგრამ ყველა, ვინც სიტყვას [111]შეიწყნარებს, ნაყოფს ერთნაირად როდი გამოიღებს, არამედ ზოგი ასს, ალბათ, ის, ვინც სრულიად უანგაროა და თავდადებით იღვწის, მეორე - სამეოცს, შესაძლოა ეს მონასტერში მცხოვრები მონაზონი იყოს, რომელიც პრაქტიკულადაც იღვწის, სხვა კი - ოცდაათს, ის, ვინც პატიოსანი ქორწინება აირჩია და გულმოდგინედ, რამდენადაც ხელეწიფება, სათნოებებით წარემატება. ყურადღება მიაქციე, რომ სიკეთისაგან ღმრთისა ყველა, ვინც კი დიდს, საშუალოსა თუ მცირე საქმეს აღასრულებს, შეწყნარებულია.

9. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! - უფალი აჩვენებს, რომ ყველამ, ვინც სულიერი სასმენელნი შეიძინა, ეს სულიერად უნდა მოიაზროს; რადგან ყურები ბევრს აქვს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოისმინოს. ამიტომაც დასძენს: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.

10-12. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. - ხედავდნენ რა, რომ იესოს ნათქვამში ბევრი რამ გაუგებარი იყო, მოწაფენი, როგორც ხალხზე საერთო მზრუნველნი, მასთან მივიდნენ და ჰკითხეს; ხოლო მან უთხრა: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ, ანუ რადგანაც თქვენ სურვილი და მისწრაფება გაქვთ, ამიტომაც მოგეცათ; ხოლო მათ, რომელთაც მისწრაფება არა აქვთ, არ მიეცემა, რამეთუ იღებს ის, ვინც ეძებს. უფალი ამბობს: ეძიებდით და მოგეცემათო თქვენ. დაუკვირდით, რომ იგავი, რომელიც აქ უფალმა თქვა, რადგანაც ეძიებდნენ, მხოლოდ მოწაფეებმა მიიღეს. ამიტომ კარგად ვამბობთ, რომ ცოდნა მიეცემა მას, ვისაც გულმოდგინება აქვს და გაუმრავლდება კიდეც. ხოლო ვისაც არც გულმოდგინება აქვს და არც შესაფერისი აზროვნება, ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ ჰქონდა, ანუ უკეთუ ვინმეში სიკეთის მცირე ნაპერწკალი ბჟუტავს, ისიც ჩაუქრება, თუკი მას სულით არ გააღვივებს და სულიერი საქმეებით არ დააგზნებს.

[112]13. ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. - ყურადღება მიაქციე, რადგან აქ იმათ მიერ დაყენებული საკითხია გადაჭრილი, რომელნიც ამბობენ, რომ ადამიანები ბოროტნი ბუნებით და ღმრთისაგან არიან. რადგანაც, ამბობენ ისინი, ქრისტემ ხომ თვითონვე თქვა, რომ თქვენ მოგეცათ ცოდნა დაფარულთა, იუდეველებს კი - არა. ხოლო ჩვენ მათ, ვინც ამას ამბობს, ღმერთთან ერთად ვეუბნებით, ღმერთი ყველას აძლევს შესაძლებლობას, ბუნებით მოიაზროს ის, რაც საჭიროა, რადგანაც განანათლებს ყველას, ვინც ამ სოფლად მოდის (შდრ. ინ. 1.9), მაგრამ ჩვენ ჩვენივე ნებით ვბნელდებით. ეს ამ ადგილიდანაც ნათელია, რადგანაც ამბობს: ბუნებრივად მხედველნი, ანუ ღმრთისაგან შექმნილნი იმისათვის, რომ მოიაზრონ, ვერ ხედავენ საკუთარი ნებით და ასევე მსმენელნიც, ანუ ღმრთისაგან ბუნებით მოსმენისა და გულისხმისყოფისათვის შექმნილნი, საკუთარი ნებითვე ვერ ისმენენ და ვერ გულისხმაყოფენ. მითხარ: ვერ ხედავდნენ ქრისტეს სასწაულებს? დიახ, მაგრამ საკუთარი თავი თვითონვე დაიბრმავეს და, პირიქით, ბრალს სდებდნენ. ამგვარად ამას ნიშნავს სიტყვები: ხედვენ და არა ხედვენ. ამიტომაც უფალს, ვითარცა მოწმე, წინასწარმეტყველი მოჰყავს.

14-15. და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი - ხედავ, რას ამბობს წინასწარმეტყველი? იმიტომ კი ვერ გულისხა-ჰყოფთ, რომ გული თქვენი სქელი მე შევქმენი, არამედ იმიტომ, რომ იგი, რომელიც ადრე, რა თქმა უნდა, ფაქიზი იყო, გასქელდა, რადგან სქელდება ის, რაც ადრე ფაქიზი იყო. ხოლო როცა გულები თავიანთი ნებით გასქელდნენ, თვალებიც მოხუჭეს. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, - ამბობს, - რომ არ მოქცეულიყვნენ და მე არ განმეკურნა ისინი. ასე რომ, განუკუ[113]რნებელად და მოუქცეველად დარჩენას საკუთარი ნებითვე შეეცადნენ.

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. - უფალი შეგვაგონებს, გულისხმავყოთ, რასაც მოძღვარნი გვეუბნებიან, რათა არ დავემსგავსოთ იმათ, რომელნიც გზასთან არიან. ხოლო რამდენადაც გზა ქრისტეა, ისინი, რომელნიც გზის მახლობლად იმყოფებიან, ქრისტეს გარეშე არიან, რადგან არა გზაზე, არამედ გზის გარეთ დგანან.

20-21. ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი. - ჭირი იმიტომ ახსენა, რომ მრავალნი, რომელნიც [114]მშობელთა ან სხვა რამ უბედურების მიზეზით მწუხარებენ, მსწრაფლ ღმრთის გმობას იწყებენ. დევნაზე კი უფალმა, იმათ გამო თქვა, რომელნიც ამა ქვეყნის ძლიერთა მსხვერპლნი ხდებიან.

22. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. - ის კი არ უთქვამს, წუთისოფელმა მოაშთოო, არამედ წუთისოფლის საზრუნავებმაო, არა სიმდიდრემ, არამედ სიმდიდრის საცდურმაო, რადგან უკეთუ სიმდიდრე გლახაკებსაც უნაწილდება, სიტყვას არა თუ აშთობს, პირიქით, ამრავლებს. ხოლო ეკლებში ზრუნვანი და ფუფუნებანი იგულისხმება, რადგან ისინი გულისთქმისა და ამდენად გეჰენიის ცეცხლს აღაგზნებენ. ისევე როგორც ძნელად ამოიღება წვეტიანი ეკალი, რომელიც სხეულს შეესობა, ასევე ძნელად აღმოიფხვრება სიყვარულიც ფუფუნებისა, უკეთუ იგი სულს შეიპყრობს და მას გამსჭვალავს.

23. ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი. - განსხვავებულია სათნოების სახეები და განხსვავებულნი არიან ისინიც, რომელნიც მასში წარემატებიან. ნახე, როგორი რიგია იგავში: უწინარესად ჩვენ სიტყვის მოსმენა და გულისხმისყოფა გვმართებს, რათა არ დავემსგავსოთ მათ, რომელნიც გზის გარეთ არიან. შემდეგ, მოსმენილი მტკიცედ უნდა დავიცვათ, ხოლო შემდეგ, არც ანგარების მოყვარენი უნდა ვიყოთ, რადგან რა სარგებლობა მექნება, უკეთუ მოვისმენ და დავიცავ, მაგრამ ანგარების მოყვარეობით მოვაშთობ?

24-30. სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და [115]ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა. აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა. - პირველ იგავში უფალმა თქვა, რომ კეთილ ნიადაგზე თესლის მეოთხედი ნაწილი დავარდა, აქ კი გვაჩვენებს, რომ მტერმა ჩვენი ძილისა და უზრუნველობისა გამო, წაუხდენელი არც ეს კეთილ ნიადაგზე დავარდნილი თესლი დატოვა. მინდორი - ეს სამყაროა, ან კიდევ სული ყოველი კაცისა, მთესველი - ქრისტე, თესლი კეთილი - კეთილი ადამიანები, ან კეთილი ზრახვანი, ღვარძლი - ერესები, ან ბოროტი ზრახვანი, ხოლო მათი დამთესველი - ეშმაკი. კაცნი მძინარენი ისინი არიან, რომელნიც უზრუნველობისა გამო ადგილს ერეტიკოსებს ან ბოროტ ზრახვებს უთმობენ. ხოლო მონანი - ანგელოზები, რომელთაც არსებობა ერესებისა, ან სულში ბიწიერებისა აღაშფოთებთ და ერეტიკოსთა და ბოროტმზრახველთა ცხოვრებიდან ამოწვა და ამოკვეთა სურთ. ღმერთი ნებას არ იძლევა ერეტიკოსების ომებით განადგურებისა, რათა მათთან ერთად ტანჯვა მართალთაც არ განიცადონ და ისინიც არ განადგურდნენ. ღმერთს, ბოროტ ზრახვათა გამო, არც ადამიანის მოკვდინება სურს, რათა მასთან ერთად ხორბალიც არ განადგურდეს. ასე, მაგალითად, მათე, რომელიც თავდაპირველად ღვარძლი იყო, ცხოვრებიდან რომ მოკვეთილიყო, მასთან ერთად შემდეგში მისგან აღმოცენებული ხორბალიც პურისა მოიკვეთებოდა. ასევე პავლეცა და ავაზაკიც, იყვნენ რა ღვარძლნი, მოკვეთილ კი არ იქმნენ, არამედ მიეცათ ნება სიცოცხლისა, რათა შემდეგში მათი სათნოება აღმოცენებულიყო. ამიტომაც ეუბნება უფალი ანგელოზებს, რომ ღვარძლი ანუ მწვალებლები მაშინ შეკრიბონ, როცა სამყაროს აღსასრულის ჟამი დაუდგება. მაგრამ როგორ? [116]ძნეულებად (კონებად) ანუ შეკვრით მათთვის ხელებისა და ფეხებისა, რადგან მაშინ უკვე ვეღარცერთი შეძლებს იმოქმედოს, იმის გამო, რომ სამოქმედო ძალა შეკრული ექნება. ხორბალი ანუ წმინდანები მომკელი ანგელოზებისაგან ზეციურ ბეღელსა შინა შეიკრიბება, უკეთური ზრახვანი კი, რომელნიც პავლეს მაშინ ჰქონდა, როცა მდევნელი იყო, ქრისტეს ცეცხლში დაიწვა, როცა დედამიწაზე მის გასაღვივებლად მოვიდა, ხოლო ხორბალი, ანუ კეთილი ზრახვანი ეკლესიის საუნჯესა შინა იქნა შეკრებილი.

31-32. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. - მარცვალი მდოგვისა ქადაგება და მოციქულები არიან, რადგან თითქოსდა ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მთელი სამყარო ისე მოიცვეს, რომ, ფრინველნი ზეცისანი ანუ ისინი, რომელთაც მსუბუქი და ფრთაშესხმული გონება აქვთ, მათზე ისვენებენ. ამრიგად, მდოგვის მარცვალიც რომ იყო, შესახედავად მცირე (რამეთუ სათნოების სახილველად გამოფენა საჭირო არაა), მაგრამ თბილი, მოშურნე, გონებამახვილი და მამხილებელი, მაინც მეტი იქნები მხალეულზე, ანუ სუსტებსა და არასრულყოფილებაზე, შენ თვითონ სრული, ასე რომ, რადგანაც ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობ, ფრინველნი ზეცისანი, ანუ ანგელოზები შენზე დაისვენებენ. ისინი ხომ მართალთა ზედა ხარობენ.

33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად. - საფუარშიც, ისევე როგორც მდოგვის მარცვალში, უფალი მოციქულებს გულისხმობს. ვითარცა საფუარი, თუმცა მცირეა, მაგრამ მთელ ცომს ცვლის, ასევე შეცვლით თქვენც, თუმცაღა ცოტანი ხართო, - ეუბნება, - მთელ სამყაროს. სატონი იუდეველთა საწყაო იყო, როგორც ჩვენთან ხინიკსები და დეკალიტრები. ზოგიერთები საფუ[117]არში ქადაგებას მოიაზრებენ, ხოლო სამ სატონში (საწყაულში) სულის სამ ძალას: აზროვნებას, მგრძნობელობასა და ნებელობას, დედაკაცში კი - სულს, რომელიც ქადაგებას მთელი თავისი ძალით ფარავდა, ხოლო შეერთო რა მას, აფუვდა და მის მიერ სრულიად განიწმინდა. ჩვენც მთლიანად უნდა ავფუვდეთ და ღმრთეებრივად გარდავიქმნეთ, რადგანაც უფალი ამბობს: ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად-ო.

34-35. ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ (ფს. 77.2). - აქ მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარ გვამცნობდა თუ როგორ გვასწავლიდა იესო, სახელდობრ, იგავებით, რათა შენ არ გეფიქრა, რომ მან რაღაც ახალი საშუალება იპოვა სწავლებისა. სიტყვაც რაჲთა ისე გაიგე, როგორც შედეგი საქმისა და არა როგორც აღმნიშვნელი მიზეზისა, რადგან ქრისტე ამგვარად იმიტომ კი არ ასწავლიდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო, არამედ, პირიქით, რაკიღა იგავებით ასწავლიდა, საქმით გამოჩნდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა მასზე.

თჳიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ - მხოლოდ მაშინ, თორემ ყოველთვის იგავებით როდი საუბრობდა. უფალი იტყოდა მას, რაც დასაბამიდან სამყაროსა დაფარული იყო, რადგან ზეციური საიდუმლოებანი თვითონ განგვიცხადა.

36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. - ხალხი მაშინ გაუშვა, როცა ნახა, რომ სწავლებისაგან სარგებლობას ეეღარ იღებდა. იგავებით ხომ იმიტომ ამბობდა, რომ კითხვები მიეცათ, მათ კი არც ამისთვის იზრუნეს და არც იმას შეეცადნენ, რამე გაეგოთ, ამიტომაც სამართლიანად გაუშვა ისინი.

და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ. - მხოლოდ ამ იგავის შესახებ ეკითხებიან, რადგან სხვები მათ უფრო გასაგებად მიიჩნი[118]ეს. ღვარძლი ყველა ის სარეველაა, რომელნიც ხორბლის ყანაში ამოდიან: ჭიოტა, ცერცველა, გუდაფშუტა და სხვა.

37-42. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;  ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ის, რაც აქ უნდა თქმულიყო, ზემოთ ითქვა, რადგან უკვე ვთქვით, რომ აქ საუბარია ერესებზე, რომელთაც ნება არსებობისა ვიდრე აღსასრულამდე ამა სოფლისა ეძლევათ. ჩვენ რომ ერეტიკოსები დავხოცოთ და გავანადგუროთ, მღელვარებანი და ბრძოლები ატყდება და შესაძლოა ამ მღელვარების დროს მორწმუნეთაგან მრავალი დაიღუპოს. პავლეცა და ავაზაკიც, ვიდრე ირწმუნებდნენ, ღვარძლნი იყვნენ, მაგრამ მაშინ ისინი არ მოუკვეთიათ იმ ხორბლისა გამო, რომელიც მათში მომავალში უნდა აღმოცენებულიყო. შემდგომში მათ ღმერთს ნაყოფი მართლაც მისცეს, ხოლო ღვარძლი სულიწმიდის ცეცხლითა და საკუთარი სულის მდუღარებით დაწვეს.

43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! - რადგანაც მზე ყველა ვარსკვლავზე უფრო ბრწყინვალედ გვეჩვენება, ამიტომაც უფალი მართალთა ბრწყინვალებას მზეს ადარებს: მაგრამ ისინი მზეზე მეტადაც კი განბრწყინდებიან. რამდენადაც ქრისტე სიმართლის მზეა, მართალნიც მსგავსად ქრისტესი გამობრწყინდებიან, რამეთუ იქნებიან ვითარცა ღმერთნი.

44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა და [119]ფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. - ყანა სამყაროა, ხოლო საუნჯე - ქადაგება, ან შეცნობა ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად დაფარულია: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (I კორინ. 2.7) - ამბობს პავლე მოციქული. ვინც შემეცნებას ღმრთისას ეძიებს, იპოვის კიდევაც მას და ყოველივე რაც აქვს, იქნება ეს ელინთა მოძღვრებანი, უკეთური ზნე-ჩვეულებანი თუ სიმდიდრე, მსწრაფლ დატოვებს და ყანას, ანუ ამ სოფელს იყიდის, რადგანაც ეს სამყარო მისი საკუთრებაა, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს; არაფრის მქონე ყველაფერს შეიძენს, სტიქიებსაც დაიმონებს და მათზე ისევე იმბრძანებლებს, ვითარცა ქრისტე ან მოსე.

45-46. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი. - ზღვა ეს ცხოვრებაა, ვაჭარნი კი ისინი, რომელნიც მასზე მიმოდიან და რაღაც ცოდნის შეძენას ეძიებენ. ბევრი მარგალიტი აზრებია მრავალი ბრძენისა, მაგრამ მათგან ძვირფასი მხოლოდ ერთია, რადგან ერთია ჭეშმარიტება და იგი ქრისტეა. მარგალიტზე ჰყვებიან, რომ იგი ნიჟარაში, რომელიც ნაპრალს ხსნის, ელვის ჩავარდნის შედეგად იბადება, სახელდობრ, როცა ნიჟარა ნაპრალს კვლავ დახურავს, მასში ელვისა და ცვრისაგან მარგალიტი ჩაისახება; ამიტომაც არის იგი ასეთი თეთრი. მსგავსად ამისა, ქრისტეც ქალწულისგან ზევიდან ჩაისახა ელვისაგან - სულისაგან წმიდისა. ამგვარად, ვითარცა მხოლოდ მარგალიტის მფლობელმა, ვისაც იგი ხშირად ხელში უჭირავს, იცის, რა სიმდიდრეს ფლობს, სხვებმა კი ეს არ იციან, ასევე ქადაგებაც დაფარულია უჩინართა და უგუნურთათვის.

47-50. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი დსვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და [120]დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ეს იგავი გვაშინებს, რადგან გვაჩვენებს: კიდევაც რომ გვწამდეს, უკეთუ კეთილი ცხოვრებით არ ვიცხოვრებთ, ცეცხლში ჩავვარდებით. სათრომელი (სასროლი ბადე) მეთევზერ მოციქულთა სწავლებაა, რომელიც წინასწარმეტყველთა სასწაულებისა და დამოწმებათაგანაა მოქსოვილი, რადგან, რაც არ უნდა ესწავლებინათ მოციქულებს, ყოველივეს წინასწარმეტყველთა სასწაულებითა და სიტყვებით განამტკიცებდნენ. ამგვარად, ამ სათრომელმა ყველა ჯურის ადამიანები მოინადირა: ბარბაროსები, ელინები, იუდეველები, მეძავნი, მეზვერენი, ავაზაკები. რაჟამს იგი აღივსება, ანუ სამყაროს აღსასრული დაუდგება, ბადეში მყოფნი განიყოფიან. მორწმუნენიც რომ ვიყოთ, უკეთუ უკეთურნი აღმოვჩნდებით, გადაგვაგდებენ. ხოღო მათ, რომელნიც ასეთნი არ გამოდგებიან, ჭურჭელში მოათავსებენ, მარადიულ სავანეებს ეგულისხმობ. ყველა საქმე, კეთილი იქნება იგი თუ ბოროტი, სულის საზრდელად იწოდება, რადგან გონებით წარმოსადგენი კბილები სულსაც აქვს. სული მათ ამ დროს დააღრჭენს, ანუ თავის სამოქმედო ძალებს შემუსრავს, რადგანაც ასეთი საქმენი ჩაიდინა.

51-52. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი. - ხედავ, რომ იგავებმა ისინი უფრო დაფიქრებულებად აქციეს? სხვა მხრივ გაუწვრთნელთა და უვიცთა, გაურკვევლად ნათქვამი გაიგეს. ამიტომაც, აქებს რა მათ უფალი, ეუბნება: ყოველი მწიგნობარი და ა.შ. მწიგნობრებს მათ, ვითარცა სჯულის მცოდნეთ, უწოდებს; სჯულში კი განისწავლნენ, მაგრამ მასში არ დარჩენილან, ამაზე არ გაჩერებულან, არამედ სა[121]სუფევლის შესახებაც ისწავლეს, ანუ ქრისტე შეიმეცნეს და შეეძლოთ გამოღება საუნჯისა ახალი და ძველი აღთქმიდან. სახლის უფალი თავად ქრისტეა, ვითარცა მდიდარი, რადგან მასშია საგანძურნი სიბრძნისანი. ასწავლიდა რა ახალს, დამოწმებანი მას იქვე ძველიდანაც მოჰქონდა, როგორც მაგალითად, როცა თქვა, რომ "პასუხს აგებ ყოველი უქმი სიტყვისათვის", ეს ახალია, მაგრამ იქვე დამოწმებაც მოიყვანა: რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო, რომელიც ძველი აღთქმიდანაა. მსგავსად ლაპარაკობდნენ მოციქულებიც, მაგალითად პავლე, რომელმაც თქვა: მობაძავ ჩემდა იყვენით (I კორ. 4.16).

53-54. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა. - ესე იგავნიო - იმიტომაც თქვა, რომ მცირე ხნის შემდეგ უფალს სხვა იგავების თქმა ჰქონდა განზრახული. წავიდა კი იმიტომ, რომ მასთან ყოფნით სარგებლობა სხვებისთვისაც მოეტანა. მის მამულში ნაზარეთი იგულისხმება, რადგანაც იქ აღიზარდა, ხოლო სინაგოგებში საჯაროდ და გაცხადებულად ასწავლიდა, რათა შემდეგში სათქმელად არ ჰქონოდათ, - რაღაც სჯულის საწინააღმდეგოს ასწავლიდაო.

54-57. ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი? და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. - უგუნურნი იყვნენ ნაზარეველნი, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ წინაპართა არაკეთილშობილური და უბრალო წარმომავლობა ვინმეს ხელს შეუშლის ღმრთისთვის სათნო იყოს. ვთქვათ და, იესო მართლაც უბრალო კაცი იყო და არა ღმერთი. რამემ შეუშალა ხელი, რომ დიდი სასწაულები მოეხდინა? ამგვარად, ისინი უგუნურნიც გამოდგნენ და შურიანებიც, მაშინ, როცა განსაკუთრებით უნდა გახარებოდათ, რომ მათმა სამშობლომ ქვეყანას ასეთი სიკეთე მისცა. ძმე[122]ბად და დებად იესოს იოსების შვილები ჰყავდა, რომელიც მას თავისი ძმის - კლეოპას ცოლისაგან შეეძინა. რადგანაც კლეოპა უშვილოდ გადაეგო, იოსებმა, სჯულის მიხედვით, მისი ცოლი მოიყვანა და მისგან ექვსი შვილი გააჩინა - ოთხი ვაჟი და ორიც ქალი: მარიამი, რომელიც სჯულის მიხედვით კლეოპას ასულად იწოდებოდა, და სალომე. ჩუენ შორის იგივეა, რაც: რომელნიც აქ ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ასე რომ, იესოში ისინიც შეცდნენ და შესაძლოა იმასაც კი ამბობდნენ, დემონებს ბელზებულით დევნისო.

57-58. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა. და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს. - ყურადღება მიაქციე, რომ იესო მათ კი არ საყვედურობს, არამედ მშვიდად ამბობს, რომ არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ და ა. შ. ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის მახლობელთა უგულებელყოფა და უცხოთა შეყვარება გვჩვევია. სახლსა შინა თჳსსა იმიტომაც დაუმატა, რომ მისი მის ძმებსაც, რომელიც იმავე სახლიდან იყვნენ, შურდათ. მათი ურწმუნოებისა გამო, უფალმა აქ მრავალი სასწაული აღარ აღასრულა და შეიწყალა ისინი, რადგანაც დარჩებოდნენ რა ურწმუნოებად სასწაულების ხილვის შემდეგაც, უფრო მეტად არ დასჯილიყვნენ. თუმცა მრავალი სასწაული არ აღუსრულებია, მაგრამ მცირედი მაინც აღასრულა, რათა სათქმელად ის არ ჰქონოდათ, საერთოდ რაღაც მაინც რომ ჩაედინა, ვიწამებდითო. შენ კი ეს ამგვარად მოიაზრე: მის სამშობლოში, ანუ იუდეველები იესოს პატივს დღემდე არ მიაგებენ; პატივს მას ჩვენ, უცხონი, მივაგებთ.

 

თავი XIV

1-2. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. - ეს ჰეროდე იმ ჰეროდეს შვილია, ვინც ბეთლემში ყრმები ამოაწყვეტინა. აქედან დესპოტის ქედმაღლური ცხოვრება გულისხმაჰყავ, რამდენი ხნის შემდეგ შეიტყო ჰეროდმ [123]იესოს შესახებ! მმართველნი ამგვარ რამეს გვიან იგებენ, რადგან, მათ, რომელნიც სიკეთით ბრწყინავენ, ყურადღებას არ აქცევენ. როგორც ჩანს, ნათლისმცემლისა ეშინოდა, ამიტომაც სხვებთან დალაპარაკება ვერ გაბედა და ყრმებს, ე. ი. თავის მონებს უთხრა. რამდენადაც იოვანე სიცოცხლემი სასწაულებს არ სჩადიოდა, ჰეროდემ იფიქრა, რომ ეს მადლი სასწაულთქმედებისა ღმრთისაგან მან აღდგომის შემდეგ მიიღო.

3-5. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. - მათე მახარებელს ეს ამბავი იოვანეს შესახებ ადრე არ მოუხსენებია, რადგანაც მისი მიზანი მხოლოდ იმის აღწერა იყო, რაც უშუალოდ ქრისტეს უკავშირდება. და არც ამჯერად მოიხსენიებდა, ასევე ესეც ქრისტეს რომ არ ეხებოდეს. იოვანემ ამხილა ჰეროდე, რომელმაც სჯული დაარღვია და ცოლად ძმის ქვრივი ჰყავდა. სჯული კი ბრძანებდა, რომ ძმას ძმის ცოლი მაშინ უნდა მოეყვანა, თუ იგი უშვილოდ აღესრულებოდა. ამ შემთხვევაში კი ფილიპე უშვილოდ არ გადაგებულა, რადგან მას ჰყავდა ასული, რომელიც ცეკვავდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჰეროდემ ფილიპეს ცოლიცა და ოთხი სამთავროს მთავრობაც სიცოცხლეშივე წაართვა. ასეა თუ ისე, იმით, რაც ჩაიდინა, სჯული დაარღვია. არ ეშინოდა რა ღმრთისა, მას ხალხის ეშინოდა და ამიტომაც იოვანეს მოკვლისაგან თავს იკავებდა, მაგრამ ეშმაკმა ხელსაყრელი შემთხვევა მისცა.

6-8. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი. რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაჲ. - ნახე, როგორი ურცხვობაა! მეფის ასული ცეკვავს და რაც უფრო კარგად ცეკვავს, მით უარესი, რადგან უმსგავსობაა ხომ, როცა მეფის ასული რამეს ცბიერებით [124]სჩადის. ნახე, სხვა უგუნურებაც ჰეროდესი, რომელმაც დაიფიცა, რომ მისცემდა, რასაც კი ითხოვდა: - შენი თავი რომ მოეთხოვა, მისცემდი? მომეც მე, - ეუბნება, - აქა თავი იოვანესი. რისთვისღა დაამატა აქა? იმიტომ, რომ ეშინოდა ჰეროდე გონს არ მოგებულიყო და შემდეგ არ გადაეფიქრებინა. ამიტომაც აჩქარებს მას და ეუბნება: მომეც მე აქა.

9-12. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი. - შეწუხდა სათნოებისა გამო, რადგან სათნოება მტერსაც აოცებს, მაგრამ მიცემული ფიცის გამო არაადამიანურ საჩუქარს მაინც უძღვნის. აქედან ვსწავლობთ, რომ უმჯობესია ფიცი გავტეხოთ, ვიდრე ფიცისა გამო რამე უსჯულოება ჩავიდინოთ. ნათლისმცემლის სხეული კესარიის სებასტიაში დაფლეს, ხოლო თავი მისი პატიოსანი პირველად ემესაში იქნა დადებული.

და მოვიდეს და უთხრეს იესუს. - რა უთხრეს იესოს? არა ის, რომ იოვანე მოკვდა, რადგან ცნობა ამის შესახებ ხალხში უკვე გავრცელებული იყო, არამედ ის, რომ ჰეროდე მის შესახებ ამბობდა, იოვანე არისო.

13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. - მიდის რა იესო იქიდან ჰეროდეს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, გვასწავლის, რომ საფრთხეში თავი აშკარად არც ჩვენ უნდა ჩავიგდოთ; ამასთან, მიდის იმიტომაც, რათა არ ეფიქრათ, რომ ხორცი მოჩვენებითად ჰქონდა შესხმული; რადგან უკეთუ ჰეროდე შეიპყრობდა და მის მოკვლას შეეცდებოდა, ხოლო თვითონ თავს საფრთხეს იმიტომაც გამოსტაცებდა, რომ ჟამი მისი სიკვდილისა ჯერ არ დამდგარიყო, არ ეფიქრათ მოჩვენება არისო. აი, ამიტომაც წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან, რათა იქ პურის სასწაული აღესრულებინა.

13-14. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ [125]ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი. - ხალხი რწმენას ამჟღაბნებს და განმარტოებულ იესოსთან მიდის, ამიტომაც, ვითარცა საზღაურს რწმენისათვის, კურნებას იღებს, და როცა მას, საკვების გარეშე, ფეხით მისდევს - ესეც რწმენისაგანაა.

15-16. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. - კაცთმოყვარენი არიან მოწაფენი, ხალხზე ზრუნავენ და ამიტომაც არ სურთ, რომ მან იშიმშილოს. ხოლო მაცხოვარი რაღას ეუბნება? თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ამას იმიტომ კი არ ეუბნება, რომ არ იცოდა, რამდენად ღარიბნი იყვნენ მოციქულები, არამედ იმიტომ, რომ, როცა ისინი ეტყოდნენ, არ გვაქვსო, გამომჟღავნებულიყო, რომ სასწაულს არა დიდების მოყვარეობის, არამედ აუცილებლობისა გამო აღასრულებდა.

17-19. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა. - მომართვით მე პურები აქ, რადგან თუმცაღა გვიანაა, მაგრამ ჟამთა შემოქმედიც მე ვარ და თუმცა ეს ადგილი უდაბნოა, მე ვარ ის, ვინც ყოველ ხორციელს საზრდელს აძლევს. აქედან ვსწავლობთ: მცირეც რომ გვქონდეს, სტუმართმოყვარეობისათვის მაინც უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოციქულებსაც მცირე ჰქონდათ, მაგრამ ხალხისთვის მაინც გაიღეს; და როგორც მათი მცირედი გამრავლდა, შენი მცირედიც ასევე გამრავლდება. ხალხი ბალახზე დასხა, რითაც უბრალოება გვასწავლა, რათა ძვირფას საწოლებსა და ხალიჩებზე არც შენ განისვენო. ზეცად თვალები აღაპყრო და პურები შეიძლება იმიტომაც აკურთხა, რომ ერწმუნათ: ღმრთის მტერი კი არ იყო, არამედ ზეციდან მოსული მამისგან; და კიდევ იმიტომაც, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რაჟამს ტრაპეზს მივეახლებით, ვმადლობდეთ და ისე ვჭამოთ.

[126]19-21. და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა - მოწაფეებს იმიტომაც მისცა, რომ ეს სასწაული ყოველთვის ხსომებოდათ და სამარადისოდ გონებაში დარჩენოდათ, თუმცაღა მათ მყისვე დაივიწყეს. რომ არ იფიქრო, სასწაული მოჩვენებითად აღასრულაო, პურები ამიტომაც გამრავლდა. თორმეტი გოდორი იმიტომაც იყო, რომ იუდასაც წაედო და, სასწაულზე დაფიქრებული, გაცემის სურვილს აღარ გაეტაცა. პურებიც გაამრავლა და თევზებიც, რათა ეჩვენებინა, რომ შემოქმედია ხმელეთისა და ზღვისაც და რომ ყოველივეს, რასაც ყოველდღიურად ვჭამთ, მისგან ბოძებულს ვჭამთ და მის მიერ გამრავლებულს. სასწაული უდაბნოში აღსრულდა, რათა ვინმეს არ ეფიქრა, პურები მეზობელ ქალაქში იყიდა და ხალხს გაუნაწილაო, რადგან უდაბნო იყო. ამას ყოველივეს ისტორია გვაუწყებს, ხოლო გამოკვლევით ისწავლე, რომ რაჟამს ჰეროდემ, - ხორციელმა, უხეშმა იუდეურმა გონებამ (რამეთუ ჰეროდე ამას ნიშნავს), იოვანეს, წინასწარმეტყველთა თავს, თავი მოჰკვეთა, ანუ წინასწარმეტყველება ქრისტეს შესახებ არ ირწმუნა, იესო უდაბნო ადგილას, წარმართებთან წავიდა, რომელნიც ღმრთისათვის უდაბნოები იყვნენ და სულით სნეულნი განკურნა, ხოლო შემდეგ ასაზრდოვა ისინი. უკეთუ იგი ჩვენ ცოდვებს არ მოგვიტევებს და სნეულებებს ნათლისღებით არ განკურნავს, არც უწმინდეს საიდუმლოებთან ზიარებით გვასაზრდოებს, რადგანაც მათ მოუნათლავთაგან ვერავინ ეზიარება. ხუთი ათასი - ეს ხუთი გრძნობაა, რომელიც ცუდ დღეშია და რომელიც ხუთი პურისაგან განიკურნება. რამდენადაც ავად ხუთი გრძნობა იყო, რამდენიც ჭრილობაა, სალბუნიც იმდენივე სჭირდებოდა. ორი თევზი მეთევზურთა სიტყვებია. ერთი თევზი სახარებაა, მეორე კი - სამოციქულო. მაგრამ ზოგიერთები ხუთ პურში მოსეს ხუთწიგნეულს - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯული - გულისხმობენ. თორმეტი გოდორი მოციქულებმა აიღეს და მოი[127]კიდეს, რადგან, რისი შეჭმაც ანუ მოაზრებაც ჩვენ, უბრალო ადამიანებმა, ვერ შევძელით, ის მოციქულებმა იტვირთეს და შეითვისეს. თჳნიერ ყრმებისა და დედებისა, რადგან ქრისტიანს რაღაც ბავშვური ან ქალური და არაკაცური არ უნდა ჰქონდეს.

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. - მიანიშნა რა მასთან მოწაფეთა განუყრელობაზე, მათემ თქვა: აიძულა, რადგან მათ მუდამ იესოსთან ყოფნა სურდათ, ხალხი გაუშვა, რათა არ გაეცილებინა იგი და ამდენად დიდებისმოყვარედ არ წარმოჩენილიყო.

23-24. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. - გვიჩვენებს რა ჩვენ, რომ ლოცვისას ყურადღების მოკრებაა საჭირო, უფალი მთაზე ადის; ამასაც, ისევე როგორც ყოველივეს, ჩვენთვის აკეთებს, რადგან მას ლოცვა სრულიადაც არ სჭირდება. გვიანობამდე ლოცულობს, რითაც გვასწავლის, რომ ჩვენც ლოცვა არა თუ მალევე არ უნდა შევწყვიტოთ, არამედ, რამდენადაც ამ დროს მეტი სიწყნარეა, განსაკუთრებით ღამით უნდა ვილოცოთ. მან დაუშვა, რომ მოწაფეებს საფრთხე დამუქრებოდა, რათა განსაცდელთა მტკიცედ გადატანაც ესწავლათ და მისი ძალაც შეეცნოთ. ნავი შუა ზღვასა შინა კი გვიჩვენებს, რომ საშიშროება დიდი იყო.

25-27. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! - მაშინვე კი არ წარდგა მათ წინაშე, ვითარცა ჩამწყნარებელი ქარიშხლისა, გვასწავლა რა ამით, რომ უბედურებათა არა მყისვე თავიდან აცილების თხოვნა, არამედ მათი მამაცურად გადატანა გვმართებს, არამედ დაახლოებით მეოთხე ცვლისას მოვიდა, რადგანაც ღამე [128]მეომრებისთვის, რომელნიც სადარაჯოზე მორიგეობით იდგნენ, ოთხ ნაწილად იყოფოდა, ისე რომ თითოეული სახუმილავი სამ საათს გრძელდებოდა. ამგვარად, უფალი მათთან ღამის ცხრა საათის შემდეგ მისულა, მიაბიჯებდა რა წყლის ზედაპირზე, ვითარცა ღმერთი. მოწაფეებს, ამ უჩვეულო და უცხო სანახაობისა გამო, მოჩვენება ეგონათ, და რადგანაც ღამეც იყო და შეეშინდათ კიდეც, იგი ვერც შესახედავად იცნეს. ხოლო უფალმა უწინარესად გაამხნევა ისინი და უთხრა: ეს მე ვარ, ვისაც ყოველივე ძალუძს, გამხნევდით.

28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. - იმის გამო, რომ ქრისტე ფრიად მხურვალედ უყვარდა, პეტრეს სურს მსწრაფლ და ყველაზე ადრე მიუახლოვდეს მას. სწამს რა, რომ იესოს არა მხოლოდ თვითონ შეუძლია წყალზე სიარული, არამედ იმავეს მასაც შეაძლებინებს, იმას კი არ ეუბნება: მიბრძანე მე სლვადო, არამედ მისლვად შენდაო, რადგანაც პირველი ქედმაღლობის ნიშანი იქნებოდა, მაშინ, როცა მეორე ქრისტეს სიყვარულს გამოხატავს.

29-30. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! - აჩვენა რა თავისი ძლიერება, უფალმა პეტრეს ზღვა ფერხთით დაუფინა. მაგრამ ნახე! უფრო მძლავრზე გამარჯვებულ პეტრეს, ზღვას ვგულისხმობ, ქარისა შეეშინდა; ასე სუსტია ბუნება კაცისა. როგორც კი შეეშინდა, მყისვე ჩაძირვა დაინყო, ანუ ჩაძირვა პეტრემ დაიწყო მაშინ, რაჟამს რწმენა შეუსუსტდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა არც მას შექმნოდა და სხვა მოწაფენიც დამშვიდებულიყვნენ, რადგანაც მათ შეიძლება შეშურებოდათ მისი. მაგრამ ეს იმასაც აჩვენებს, რამდენად აღემატებოდა მას ქრისტე.

31-33. და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა [129]მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. - აჩვენა რა, რომ ჩაძირვის მიზეზი არა ქარი, არამედ სულმოკლეობა იყო, იესომ ქარი კი არა, სულმოკლე პეტრე გაკიცხა. ამიტომაც ამოიყვანა იგი და წყალზე დააყენა, ხოლო ქარს კვლავ ქროლის ნება მისცა. პეტრე სრულად კი არ დაეჭვებულა, არამედ რამდენადმე, ანუ ნაწილობრივ, რადგან, რამდენადაც შეეშინდა, იმდენად არ სწამდა. რაჟამს მან ღაღადყო: უფალო, მიჴსენ მე, ამით თავისი ურწმუნოება განკურნა. ამიტომაც მოისმინა: მცირედ მორწმუნეო და არა ურწმუნო. შიშისაგან ისინიც განთავისუფლდნენ, რომელნიც ნავში იყვნენ, რადგან ქარი დაცხრა და ამით იცნეს რა იესო, მისი ღმრთეებრიობა აღიარეს. ზღვაზე სიარული ხომ არა კაცის, არამედ ღმრთის თვისებაა, როგორც ამას დავითიც ამბობს: ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი ნყალთა ზედა მრავალთა (ფს. 76.20). უკეთუ სიტყვას გამოვიკვლევთ, ხომალდი მიწაა, ტალღები - ცხოვრება, ბოროტი სულებისაგან აღელვებული, ხოლო ღამე - უვიცობა; მეოთხესა საჴუმილავსა, ანუ საუკუნეთა დასასრულს, მოვიდა ქრისტე. პირველი საჴუმილავი (ჟამი) აბრაამისთვის მიცემული აღთქმაა, მეორე - სჯული მოსესი, მესამე - წინასწარმეტყველები, მეოთხე - მოსვლა უფლისა; რამეთუ მოვიდა და იყო რა ჩვენთან, ღელვათაგან მოცულნი გვიხსნა, რათა შეგვეცნო იგი, ვითარცა ღმერთი და თაყვანი გვეცა მისთვის. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ ის, რაც პეტრეს ზღვაზე შეემთხვა, მის მიერ იესოს უარყოფასა, ხოლო შემდეგ მოქცევასა და სინანულზე წინასწარ მიანიშნებს. როგორც იქ ამბობს გაბედულად, მე არ უარგყოფო, ასევე აქაც: მიბრძანე მე შენთან წყალსა ზედა მოსვლაო, და როგორც იქ დაუშვა უფალმა, რომ პეტრეს უარეყო, ასევე აქაც - მისი ჩაძირვა. აქ უფალმა ხელი გაუწოდა მას და დახრჩობისაგან იხსნა, ხოლო იქ მონანიების გზით უარყოფის ცოდვის უფსკრულიდან ამოიყვანა.

34-36. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს [130]ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული  და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. - რადგანაც იესო გენესარეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ადამიანები მას არა მხოლოდ შესახედავად, არამედ სასწაულებითაც იცნობდნენ, რის გამოც მხურვალე რწმენა გამოამჟღავნეს. ისე რომ, მისი სამოსის ბოლოს შეხებას ესწრაფოდნენ და რომელნიც ამას აკეთებდნენ, იკურნებოდნენ კიდეც. ამგვარად, ქრისტეს სამოსის კიდეს, ანუ მისი ხორციელი არსებობის დასასრულს შენც შეეხე, რადგან უკეთუ იმას ირწმუნებ, რომ ქრისტე ამაღლდა, გადარჩები, რამდენადაც სამოსი აქ ხორცია, ხოლო კიდე მისი - დედამიწაზე ცხოვრების აღსასრული.

 

თავი XV

1-2. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. - თუმცა ფარისევლები და მწიგნობარნი ყველა მხარეში იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი პატივით იერუსალიმელები სარგებლობდნენ. ამიტომაც, ვითარცა დიდების უფრო მეტად მოყვარეებს, განსაკუთრებით შურდათ მისი. ძველი გადმოცემის მიხედვით, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, არ ეჭამათ დაუბანელი ხელებით. დაინახეს რა, რომ მოწაფენი ამ ადათს უგულებელყოფდნენ, ეს მათ მიერ უხუცესების არად ჩაგდებად მიიჩნიეს. ხოლო მაცხოვარმა რაღა თქვა? მათ საპასუხოდ - არაფერი, მაგრამ თავის მხრივ ჰკითხა:

3-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, და [131]არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა. - ფარისევლები მოწაფეებს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ისინი უხუცესთა მცნებებს არღვევდნენ. ქრისტე კი აჩვენებს, რომ ღმრთის სჯულის დამრღვევნი თავად ისინი იყვნენ, რადგან ისინი ასწავლიდნენ, რომ შვილებს მშობლებისათვის არაფერი არ უნდა მიეცათ, ხოლო რაც ჰქონდათ ტაძრის საგანძურში უნდა მიეტანათ. საგანძური, რომელშიც, ვისაც სურდა, ფულს ყრიდა, ტაძარში იდგა და "გაზა" ეწოდებოდა. მასში შეგროვილი ფული ღარიბებს ურიგდებოდა. ამგვარად, ფარისევლები არწმუნებდნენ შვილებს, რომ მშობლებისათვის კი არ მიეცათ რამე, არამედ, რაც ჰქონდათ, ტაძრის საგანძურში მიეტანათ, ამასთან, იმასაც ასწავლიდნენ, რაც მშობლებისათვის უნდა ეთქვათ: მამა, სარგებელი, რომელსაც შენ ჩემგან ეძებ, საჩუქარია (ნიჭია) ანუ ღმრთისადმია მიძღვნილი. ამრიგად, ისინი (მწიგნობარნი) ქონებას შვილებს შორის ანაწილებდნენ, სიბერისაგან დაბეჩავებული მშობლები კი ულუკმაპუროდ რჩებოდნენ. ასევე იქცეოდნენ გამსესხებლებიც. თუკი ვინმე ვინმეს ფულს ასესხებდა, ხოლო შემდეგ სესხის ამღები გამოუსწორებელი გამოდგებოდა და ვალს არ მისცემდა, გამსესხებელი ამ უგუნურ (უმადურ) მოვალეს ეუბნებოდა: "კორბან", ანუ, რაც ჩემი გმართებს, ის საჩუქარია, ღმრთისადმი მიძღვნილი. ამრიგად, ვალის ამღები ღმრთის მოვალე ხდებოდა და იძულებული იყო ვალი გადაეხადა. ფარისევლები შვილებსაც ასე მოქცევას ასწავლიდნენ.

7-9. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა. - უფალი ესაიას სიტყვებით გვაჩვენებს, რომ ისინი მისი მამის მიმართაც იმგვარნი არიან, როგორებიც თვითონ მის მიმართ გამოდგნენ. იყვნენ რა მზაკვარნი, მზაკვრული საქმეებით თავიანთი თავი ღმერთს განაშორეს და ღმრთის სიტყვებს მხოლოდ პირითღა ამბობდნენ, რადგან ამაოდ [132]სცემენ თაყვანს და მოჩვენებითად პატივს მიაგებენ ღმერთს ისინი, რომელნიც მას საქმით შეურაცხყოფენ.

10-11. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. - ფარისევლებს კი არ ეუბნება, ვითარცა განუკურნებლებს, არამედ- ხალხს. მოუწოდებს რა მას, ჩანს, რომ პატივს მიაგებს ხალხს, რათა მან მისი მოძღვრება შეიწყნაროს და ეუბნება: ისმინეთ და გუღისჴმა-ყავთ-ო, ანუ ყურადღების მოკრებისათვს აღძრავს. რადგანაც ფარისევლები მოციქულებს ბრალად დაუბანელი ხელებით ჭამას სდებდნენ, უფალი საჭმლის შესახებ ამბობს, რომ ვერცერთი საჭმელი ვერ შეაგინებს ანუ ვერ წაბილწავს კაცს, ხოლო უკეთუ საჭმელი ვერ წაბილწავს, მით უმეტეს ვერ წაბილწავს დაუბანელი ხელებით ჭამა. შინაგანი კაცი მაშინ იბილწება, როცა იმას ამბობს, რაც არ უნდა თქვას. ამით ფარისევლებზე მიანიშნებს, რომელნიც თავს შურის სიტყვების წარმოთქმით იბილწავდნენ. ყურადღება მიაქციე მის სიბრძნეს: დაუბანელი ხელებით ჭამას იგი არც ადგენს და არც კრძალავს, არამედ სხვა რამეს ასწავლის: არ აღმოვთქვათ გულიდან ბოროტი სიტყვები.

12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? - თუმცა მოწაფენი ფარისევლებზე ამბობენ, ცდუნდნენო, მაგრამ თვითონაც შეშფოთებულნი არიან, რაც იქიდან ჩანს, რომ პეტრე მივიდა მასთან და ამის თაობაზე შეეკითხა. ამგვარად, იესომ მოისმინა რა, რომ ფარისევლები ცდუნდნენ, თქვა:

13-14. ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან - უნდა აღმოიფხვრასო, - უხუცესთა გადმოცემებსა და იუდეურ მცნებებზე ამბობს და არა სჯულზე, როგორც ამას მანიქეველები ფიქრობენ, რადგანაც სჯული ღმრთის ნერგია. ამრიგად, იგი კი არ უნდა ამოიძირკვოს, არამედ, პირიქით, მისი ფესვი ანუ დაფარული სული უნდა დარჩეს, [133]ხოლო ფოთლები, ანუ ხილული ასოები დაცვივდეს, რადგანაც სჯულს უკვე არა ასოების, არამედ სულის მიხედვით მოვიაზრებთ. რამდენადაც ფარისეველნი შეუსმენელნი და განუკურნებელნი იყვნენ, იგი მათ შესახებ ამბობს: უტევენით ეგე. აქედან ვსწავლობთ, რომ უკეთუ ვინმე ნებით ცდუნდა და განუკურნებელია, ეს ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებს. უფალი მათ ბრმების ბრმა მასწავლებლებს უწოდებს და ამას იმიტომ ამბობს, რომ მათ ხალხი ჩამოაშოროს.

15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე. - თუმცა პეტრემ იცოდა, რომ სჯული ყველაფრის ჭამის ნებას არ იძლეოდა, მაინც ვერ გაბედა იესოსათვის ეთქვა: მე ვცდუნდები იმით, რაც შენ თქვი, რადგან იგი სჯულის საწინააღმდეგო ჩანსო. ამიტომაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ გაიგო და შეეკითხა.

16-20. ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა. - უფალი მოწაფეებს კიცხავს და უგულისხმოებას საყვედურობს, ან იმის გამო, რომ ცდუნდნენ, ან კიდევ იმის გამო, რომ ის, რაც ცხადი იყო, ვერ გაიგეს. ამრიგად, იგი მათ ეუბნება: ნუთუ ვერ გაიგეთ ის, რაც ყველასათვის გასაგები და ნათელია? საჭმელი ხომ შიგნით არ რჩება, არამედ გამოდის და რამდენადაც შიგნით არ რჩება, ვერც კაცის სულს წაბილწავს. ზრახვანი კი, რომელნიც შიგნით იბადებიან და იქვე რჩებიან, რაჟამს გამოდიან, ანუ საქმესა და მოქმედებაში გადავლენ, კაცს წაბილწავენ, რამეთუ უკეთუ ზრახვა მრუშობისა შიგნით რჩება, სულს აშფოთებს, ხოლო უკეთუ გამოსული საქმედ და მოქმედებად იქცა, მას ბილწავს.

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათ[134]გან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა წარმოეჩინა.

23-24. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. - ქალის ყვირილით დამძიმებულმა მოწაფეებმა უფალს სთხოვეს გაეშვა იგი, ანუ მის წარგზავნაში არწმუნებდნენ. ასე უგულობის გამო კი არ იქცეოდნენ, არამედ, პირიქით, უფლის დარწმუნება უნდოდათ, რომ შეეწყალებინა იგი. მან კი უპასუხა: მე მოვლინებული ვარ არა სხვებთან, არამედ იუდეველებთან, იმათი უკეთურების გამო წარწყმედილ ცხვრებთან, რომელთსც ისინი მინდობილი ჰყავდა, რითაც მან ამ ქალის რწმენა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა.

25-27. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, [135]რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. - როცა ქალმა დაინახა, რომ მოციქულთა შუამდგომლობამ არ გაჭრა, კვლავ მხურვალედ მიეახლა იესოს და მას უფალი უწოდა. იმის გამო, რომ წარმართები უწმინდურ ცხოვრებას ეწეოდნენ და კერპებისათვის შეწირული მსხვერპლის სისხლით საზრდოობდნენ, ქრისტემ ქალს ძაღლი უწოდა, ხოლო იუდეველებს - შვილები. მან კი გონივრულად და ძალიან ბრძნულად უპასუხა: თუმცაღა ძაღლი ვარ და უღირსი პურის ანუ რაიმე ძალისა და დიდი სასწაულის მოცემისათვის, მაგრამ მომეც მე ეს - შენი ძლიერებისთვის მცირე, ჩემთვის კი - დიდი, ისევე, როგორც ისინი, რომელნიც პურს ჭამენ, ნამცეცებს დიდ რამედ არ მიიჩნევენ, მაგრამ ძაღლებისთვის დიდი რამეა, რადგან მათით იკვებებიან.

28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. - ამჯერად ამჟღავნებს იესო მიზეზს, რომლის გამოც თავიდან განკურნებაზე უარს ეუბნებოდა, სახელდობრ, ეს იყო სურვილი, რომ რაც შეიძლება ნათლად წარმოჩენილიყო რწმენა და კეთილგონიერება ამ ქალისა. ამიტომაც არ დაეთანხმა თავიდან მაშინვე და შეწყალების გარეშე უშვებდა მას. ახლა კი, როცა მისი სარწმუნოება გაცხადდა, ქალმა ქებაც კი მოისმინა: დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი. სიტყვები: გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს - გვაჩვენებს: რწმენა რომ არ ჰქონოდა, იგი იმას, რასაც ითხოვდა, ვერ მიიღებდა. ასევე ჩვენც, უკეთუ რწმენა გვექნება, ვერაფერი შეგვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვსურს. ყურადღება მიაქციე, რომ, თუმცა წმინდანები ითხოვენ ჩვენთვის, ვითარცა მოციქულნი იმ ქალისათვის, მაგრამ სასურველს უფრო მაშინ ვიღებთ, როცა ჩვენი თავისთვის ჩვენვე ვითხოვთ. ქანანელი ქალი წარმართთა ეკლესიის სიმბოლოა, რადგან წარმართები, რომელნიც თავდაპირველად უარყოფილნი იყვნენ, შემდეგ შვილების რიცხვში შევიდნენ და პურის, უფლის სხეულს ვგულისხმობ, მიღების ღირსნი გახდნენ. იუდეველები კი ძაღლებად იქცნენ და ნაფხვენებით ანუ ღმრთის სიტყვის მცირე და ღარიბული ნამცეცებითღა [136]საზრდოობენ. ტვიროსი ჯიუტს (შიშს) ნიშნავს, სიდონი - მონადირეს, ქანაანი კი - მორჩილებით გამზადებულს. ამრიგად, ბოროტისაგან შეპყრობილი წარმართები, რომლებშიც სულებზე მონადირე დემონები მკვიდრობდნენ, მორჩილებით განმზადებულნი, ვითარცა მართალნი, ღმრთის სასუფევლის სიმაღღისათვის მზად იყვნენ.

29-31. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა. - იუდეველებისადმი დიდი უნდობლობისა გამო, ქრისტე მუდმივად იუდეაში კი არ ცხოვრობდა, არამედ გალილეაში, რადგან გალილეველნი მათზე უფრო მორწმუნენი იყვნენ. აჰა, მათი რწმენაც: თუმცა კოჭლები და ბრმები იყვნენ, მთაზე მაინც ავიდნენ და არ დაყოვნებულან, იესოს ფეხებში ისე ჩაუვარდნენ, რადგან მას ზეადამიანად მიიჩნევდნენ, რის გამოც კიდევაც განიკურნენ. ასე რომ, მცნებათა მთაზე, სადაც უფალი ზის, შენც ადი. თუნდაც ბრმა იყო და შენ თვითონ მშვენიერებისხილვა არ შეგეძლოს, კოჭლიც რომ იყო და სილამაზეს კი ხედავდე, მაგრამ მასთან მიახლების მადა არ გქონდეს, ყრუ-მუნჯიც რომ იყო, და არც სხვისი ნათქვამის მოსმენა მეგეძლოს და არც შენ ხელგეწიფებოდეს სხვას რამე აუწყო, თუნდაც ხეიბარი იყო, ანუ ხელის გაწვდენა მოწყალებისათვის არ შეგეძლოს, და სხვა რამ სენიც რომ გჭირდეს, ფეხებში ჩაუვარდი იესოს და შეეხები რა მისი ამქვეყნიური ცხოვრების კვალს, განიკურნები.

32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა [137]მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. - ხალხმა, რომელიც განსაკურნებლად იყო მოსული, პურის თხოვნა ვერ გაბედა. მაგრამ უფალმა, ვითარცა კაცთმოყვარემ, ამაზე თვითონ იზრუნა. ვინმეს რომ არ ეთქვა, საგზალი ჰქონდათო, უფალი ამბობს: კიდევაც რომ ჰქონოდათ გაუთავდებოდათ, რადგან უკვე სამი დღეა, აქ არიანო. სიტყვებით: ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა აჩვენებს, რომ მოსულები შორიდან იყვნენ. ამას მოწაფეებს ეუბნება, რათა მათ სურვილი აღუძრას მისთვის თქმისა: შენ შეგიძლია, ვითარცა ის ხუთიათასი, ესენიც დააპურო, - მაგრამ მოწაფენი ჯერ კიდევ უგუნურნი იყვნენ.

33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? - თუმცა მათ უნდა ხსომებოდათ, რომ იესომ მრავალი ადამიანი უდაბნოში ადრეც დააპურა, მაგრამ უგრძნობელნი იყვნენ. ამიტომ, როცა შემდეგ შენ მათ ესოდენ დიდი სიბრძნით აღვსილებს იხილავ, გიკვირდეს ქრისტეს მადლისა.

34-38. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. - ასწავლა რა სიმდაბლე, ხალხი მიწაზე დასვა; თვითონ მადლობას უძღვნის და ჩვენც გვასწავლის, რომ ჭამის წინ ღმერთს მადლობა შევწიროთ. მაგრამ შენ მკითხავ: როგორ მოხდა, რომ იქ ხუთი პური ხუთი ათასმა კაცმა ჭამა და თორმეტი გოდორი დარჩა, ხოლო აქ პური მეტი იყო, მჭამელი კი უფრო ცოტა და მხოლოდ შვიდი გოდორიღა გადარჩა? შეიძლება ითქვას, რომ ან ეს გოდრები იმათზე უფრო დიდი იყო, ან კიდევ ასე იმიტომ მოხდა, რომ, სასწაულის იგივეობისა გამო, მოწაფეებს იგი არ დავიწყებოდათ; რადგან ამჯერადაც რომ თორმეტი გოდორი მორჩენილიყო, სრული დამთხვევის მიზეზით, შეიძლებოდა მათ დავიწყებოდათ, რომ უფალმა [138]პურზე სასწაული მეორედ აღასრულა. შენ კი ისიც შეიცანი, რომ ოთხიათასი ანუ ოთხი სათნოების სრულად მფლობელნი, შვიდი პურით ანუ სულიერი და სრულყოფილი გამონათქვამებით საზრდოობენ, რადგან რიცხვი შვიდი სიმბოლოა შვიდი სულიერი ნიჭისა. ისინი მიწაზე სხედან და მათ ქვეშაა განრთხმული ყოველივე მიწიერი, რომელთაც არად აგდებენ, ისევე როგორც ის ხუთიათასი, რომელიც ასევე მწვანეზე იჯდა, ანუ ხორცსა და დიდებას თავისთავზე დაბლა აყენებდა; რადგანაც ხორცი ბალახია, ხოლო ყოველგვარი კაცობრივი დიდება - მინდვრის ყვავილი. აქ შვიდი გოდორი დარჩა, რადგან ჭამა იმისა, რაც სულიერი და სრულყოფილი იყო, ვერ შეძლეს. დარჩა ის, რაც შვიდ გოდორში ჩაეტია, ანუ ის, რაც მხოლოდ სულიწმიდამ იცის: რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა (I კორ. 2.10).

39. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა. - იესო მიდის, რადგან არცერთ სასწაულს არ შეუძენია მისთვის უფრო მეტი მიმდევარი, ვიდრე სასწაულს, პურზე აღსრულებულს, ისე რომ, ამ დროს, როგორც იოვანე ამბობს, მისი მეფედ დასმაც კი განიზრახეს. ამგვარად, მიდის, რათა გაექცეს ეჭვს იმის თაობაზე, რომ იგი სამეფო ძალაუფლებისაკენ მიისწრაფვოდა.

 

თვი XVI

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. - თუმცა ფარისევლებსა და სადუკევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული დოგმატები ჰქონდათ, ქრისტეს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი სასწაულს ზეციდან ითხოვენ, მაგალითად, მზის ან მთვარის გაჩერებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სასწაულები დემონური ძალითა და ბელზებულით ხდება. უგუნურებმა არ იცოდნენ, რომ მოსემაც ეგვიპტეში მრავალი სასწაული დედამიწაზე აღასრულა. ხოლო ცეცხლი კი, რომელ[139]იც იობის ქონებაზე ზეციდან გარდამოხდა, ეშმაკისა იყო. ამგვარად, ყოველივე, რაც ზეციდანაა, ღმრთისაგან როდი მოდის და არც დემონებისაგანაა ყველაფერი, რაც მიწაზე ხდება.

2-3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. - ამხელს კითხვას, რომელიც მათ ცდუნების მიზნით დაუსვეს, ორგულებს უწოდებს და ეუბნება: ისევე როგორც ზეცაზე გამოჩენილი ნიშნებიდან ერთნი უამინდობის მომასწავებელნი არიან, ხოლო მეორენი - დარისა და არავინ ელოდება კარგ ამინდს მაშინ, რაჟამს ავდრის ნიშანს იხილავს და არც ავდარს, როცა დარის ნიშანი გამოჩნდება, ასევე უნდა იფიქროთ ჩემს შესახებაც, რამეთუ სხვა არის ჟამი ჩემი პირველი მოსვლისა და სხვა - მომავლისა. ახლა სასწაულები დედამიწაზეა საჭირო, ზეციური სასწაულები კი იმ დროისათვის გადაინახება, როცა მზე ჩაქრება, მთვარე დაბნელდება და ცაც შეიცვლება.

4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა. - ბოროტია მათი მოდგმა, რადგან ისინი მის ცდუნებას ცდილობდნენ, ხოლო მემრუშეა, რადგან ღმერთს განუდგნენ და ეშმაკს ეტმასნებოდნენ. თუმცა ისინი სასწაულს ზეციდან ეძიებდნენ, მაგრამ არ მისცემს სასწაულს გარდა იონას სასწაულისა, ანუ დაჰყოფს რა სამ დღეს წიაღსა შინა დიდისა ვეშაპისა - სიკვდილისა, მკვდრეთით აღდგება. ამ სასწაულის შესახებ შეგიძლია თქვა, რომ იგი ზეციდან იყო, რადგან მისი სიკვდილისას მზე დააბელდა და ყველა ქმნილება შეიცვალა. ყურადღება მიაქციე გამოთქმას: სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყუელისაჲ. სასწაულნი ეძლეოდნენ მათ, ანუ ისინი მათთვის ხდებოდა, მაგრამ მაინც არ ირწმუნეს. ამიტომაც დატოვა, ვითარცა განუკურნებელნი და წავიდა.

5-6. და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყ[140]და მათ პური მიღებად. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. - როგორც საფუარი არის ხოლმე მჟავე და ძველი, ასევე ფარისეველთა და სადუკეველთა დამჟავებული და უხუცესთა ძველი გადმოცემების შემომტანი სწავლება, სულებს აწყლულებდა. ვითარცა საფუარი ნაერთია ნყლისა და ფქვილისა, ასევე ფარისეველთა მოძღვრებაც სიტყვისა და გახრწნილი ცხოვრების შენაერთს წარმოადგენდა. ცხადად არ უთქვამს, - ფარისეველთა მოძღვრებას მოერიდეთო, რათა მათთვის პურზე აღსრულებელი სასწაულები შეეხსენებინა.

7-12. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ? და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ? ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. - ისინი ფიქრობდნენ: ეს იმიტომ გვითხრა, რომ იუდეური საჭმლისაგან წაბილწვას მოვერიდოთო. ამიტომაც ბჭობდნენ ერთმანეთში: პურები ჩვენ არ მიგვიღიაო. უფალი საყვედურობს მათ, ვითარცა უგუნურებსა და მცირედმორწმუნეებს. უგუნურნი არიან იმიტომ, არ ახსოვდათ, რამდენი პურით რამდენი კაცი დააპურა, ხოლო მცირედმორწმუნენი - რადგან არ დაიჯერეს, თუმცა იუდეველთაგან პური არც თვითონ უყიდიათ და შორს წასვლა არც მას შეეძლო. მაგრამ როცა უფალმა მკაცრად ამხილა ისინი, რადგან უწყინარობა ყოველთვის კარგი როდია, მყისვე მოიაზრეს, რომ საფუარი მოძღვრებას უწოდა. ასეთი ძალა აქვს ყოველთვის კეთილგონივრულ მხილებას.

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა [141]ყოფად? - მათე ფილიპეს იმიტომ უმატებს, რომ არსებობდა სხვა კესარიაც - სტრატონისა, მაგრამ უფალი არა იქ, არამედ ამ კესარიაში ეკითხება მათ. მოწაფენი მას იუდეველთაგან შორს მიჰყავს, რათა ისე, რომ შიში არავისი ჰქონდეთ, გულახდილად უპასუხონ. უწინარესად იგი კითხულობს, როგორია ხალხის აზრი, რათა მათი შეგნება აამაღლოს და მრავალთა მსგავსად გონებრივად არ დაქვეითდნენ. ის კი არ უკითხავს, ვინ ვგონივარ მე ფარისევლებსო, არამედ ადამიანებსო, რომლებშიც წრფელ ხალსს გულისხმობს.

14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. - ვინც მას იოვანეს უწოდებდა, ისინი იყვნენ, რომელნიც, მსგავსად ჰეროდესი, ფიქრობდნენ, რომ აღდგომის შემდეგ იოვანემ ეს ნიჭიც - ნიჭი სასწაულთქმედებისა შეიძინა. სხვანი ელიას უწოდებდნენ, რადგან ამხელდა და კიდევ იმიტომაც, რომ მის მოსვლას ელოდებოდნენ; მესამენი - იერემიას, რადგან მისი სიბრძნე ბუნებრივი იყო და არა ნასწავლი, ისევე როგორც იერემიაც წინასწარმეტყველებისათვის ყრმობიდანვე იქნა მოწოდებული.

15-16. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. - კვლავ პეტრე, ვითარცა მგზნებარე, ყველას ასწრებს და სიწრფელით აღიარებს, რომ იგი არის ქრისტე, ძე ღმრთისა. ის კი არ უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, ანუ უარტიკლოდ, არამედ არტიკლით - ὁ υἱός, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად იგი არის ერთი და მხოლო, ძე არა მადლით, არამედ თვით მამის არსისაგან შობილი, რადგან ცხებულნი (χριστοί) მრავალნი იყვნენ, სახელდობრ, ყველა მღვდელი და მეფე ძველი აღთქმისა, ხოლო ქრისტე არტიკლით (ὁ Χριστός) ერთია.

17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. - ნეტარს უწოდებს პეტრეს, რადგან მან ცოდნა ღმრთეებრივი ძალით მიიღო. ეთანხმება რა მას, ამით უფალი აჩვენებს, რომ სხვა ადამიანთა აზრი მცდარია: ხოლო როცა მიმართა: [142]ბარ იონა, ანუ ძეო იონასო, თითქოს, ეს უთხრა: როგორც შენ ხარ შვილი იონასი, ასევე მეც მამისა ჩემისა ზეციერისა, ერთარსი მისი. ცოდნას გამოცხადებას უწოდებს, რადგან ის, რაც დაფარული და შეუცნობელი იყო, მამისაგან განცხადდა.

18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. - თავის მხრივ, უფალი პეტრეს დიდ ჯილდოს ანიჭებს, კერძოდ, ეკლესია მასზე დაფუძნდება. რადგან პეტრემ იგი ძედ ღმრთისა აღიარა, ეუბნება: ეს აღსარება, რომელიც შენ აღიარე, მორწმუნეთათვის საფუძველი გახდება, რადგანაც ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენის შენობის აგებას განიზრახავს, საფუძვლად ამ აღსარებას დაუდებს; რადგან: ათასი სათნოებაც რომ შევიძინოთ, უკეთუ საფუძვლად სწორი აღმსარებლობა არ გვექნება, უვარგისს ავაგებთ. ამბობს რა, ეკლესიაჲ ჩემი, ამით წარმოაჩენს, რომ იგია მეუფე ყოველივესი, რამეთუ ყოველივე ღმერთს ემსახურება. ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მდევნელებია, რომელნიც ქრისტიანებს ჯოჯოხეთისკენ აგზავნიან; ერეტიკოსებიც კარებია, რომელსაც ჯოჯოხეთში შეჰყავს. ამგვარად, ეკლესიამ მრავალ მდევნელსა და ერეტიკოსზე გაიმარჯვა. ყოველი ჩვენგანი ეკლესიაა, რადგან სახლია ღმრთისა. ასე რომ, უკეთუ ქრისტეს აღმსარებლობაზე მტკიცედ ვდგავართ, ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ ცოდვები ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ. ამაღლებულ იქნა რა ამ ბჭეთა ზედა, დავითმა თქვა: რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა (ფს. 9.15). რომელ ბჭეთაგან, დავით? ორი ბჭისაგან - მკვლელობისა და მრუშობისა.

19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. - ქრისტე, ვითარცა ღმერთი და ძალაუფლების მქონე, ეუბნება: როგორც მამამ შენ გამოცხადება გიბოძა, ასევე მე გასაღებს მოგცემ. გასაღებში ცოდვათა შემკვრელი და გამხსნელი მიტევებანი ან აკრძალვანი იგულისხმე, რადგან, მათ, რომელნიც მსგავსად პეტრესი, ეპისკო[143]პოსოპის მადლის მიღების ღირსი გახდნენ, მიტევებაც ხელეწიფებათ და შეკვრაც თუმცა მხოლოდ პეტრეს მიმართ თქვა: მიგცნე შენ, მაგრამ ყველა მოციქულს მიეცა; როდის? როცა უფალმა უთხრა მათ: "ვისაც თქვენ მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ". მიგცნე მომავალ, ანუ აღდგომის შემდეგ დროს აღნიშნავს. ზეცად სათნოებანი იწოდება, ხოლო მათ გასაღებად - ღვაწლნი, რადგან სათნოებათაგან თითოეულში, თითქოსდა რაღაც გასაღებს ვარგებდეთ, ღვაწლით შევდივართ. უკეთუ მე მხოლოდ ვიცი, რა არის სიკეთე, მაგრამ საქმით არ ჩავდივარ, ე. ი. მხოლოდ ცოდნის გასაღები მაქვს და გარეთ დავრჩები. ცათა ანუ სათნოებათა შინა შეკრულია ის, ვინც მათში არ შეაბიჯებს, ხოლო გახსნილი - ვინც გულმოდგინეა. მაშ, ნუღარ შევცოდავთ, რათა საკუთარმა ცოდვებმა არ გაგვთოკოს.

20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.- ქრისტეს სურდა, რომ ჯვარცმამდე მისი დიდება ჩრდილში დარჩენილიყო, რადგან უკეთუ ადამიანები ვიდრე ვნებამდე მოისმენდნენ, რომ იგი ღმერთია და შემდეგ წამებულს ნახავდნენ, როგორღა არ ცდუნდებოდნენ? ამგვარად, თავი მრავალთათვის იმიტომ დაფარა, რომ შემდგომად აღდგომისა, რაჟამს სული სასწაულებით ყოველივეს სწორად წარმოაჩენდა, ცდუნების გარეშე შეეცნოთ.

21 . მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. - უფალი წინასწარ ეუბნება მოწაფეებს მომავალი ვნების შესახებ, რათა, როცა ჟამი მისი მოულოდნელად დადგებოდა, არ ცდუნებულიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ეწამა და თანაც ისე, რომ წინასწარ არაფერ იცოდა. ამიტომაც ვნების თაობაზე მოწაფეებს მაშინ უმჟღავნებს, როცა მათ პეტრეს აღსარების შედეგად შეიტყვეს, რომ იგი ძე ღმრთისა იყო. მაგრამ სამწუხარო ამბავს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ მესამე დღეს აღდგებოდა.

22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: [144]შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. - რაც გაცხადდა, პეტრემ ის სწორად აღიარა, ხოლო იმაში, რაც დაფარული იყო, შეცდა, რათა ვიცოდეთ, რომ გარეშე ღმრთისა, ვერც იმ დიდს (იხ. მუხლი 15-16) წარმოთქვამდა. არ იცოდა რა აღდგომის საიდუმლო, პეტრეს არ სურდა ქრისტე ვნებულიყო და ამიტომაც უთხრა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. - იმის გამო, რაც პეტრემ სწორად თქვა, ქრისტემ მას ნეტარი უწოდა, ხოლო როცა უგუნური შიში გამოიჩინა და არ სურდა, რომ იგი ვნებულიყო, საყვედურით უთხრა: წარვედ ჩემგან, სატანა. სატანაში მოწინააღმდეგე იგულისხმება. წარვედ ჩემგან, ანუ წინ ნუკი აღუდგები ჩემს ნებას, არამედ მოჰყევ მას. პეტრეს ასე იმიტომ უწოდა, რომ ქრისტეს წამება სწორედ სატანას არ უნდოდა. ამგვარად, ეუბნება: შენ კაცობრივი განსჯით ფიქრობ, რომ მე ტანჯვა არ შემეფერება, მაგრამ არ გესმის, რომ ღმერთი ხსნას მისით აღასრულებს, და ამიტომაც ყველაზე მეტად შემფერის.

24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. - როდის "მაშინ?"- როცა პეტრე გაკიცხა. უნდოდა რა ეჩვენებინა, რომ პეტრე, რომელიც ტანჯვისთვის აბრკოლებდა, შეცდა, ეუბნება მას: შენ გინდა დამაბრკოლო, მაგრამ მე გეტყვი, რომ შენ არა მხოლოდ ის გავნებს, რომ მე არ ვეწამო, არამედ გადარჩენას ვერ შეძლებ, თუკი თვითონაც არ მოკვდები, ისევე როგორც ყველა სხვაც: კაცი იქნება ის თუ ქალი, ღარიბი, თუ მდიდარი. რომელსა ჰნებავსო - ამბობს, რათა აჩვენოს, რომ სათნოება თავისუფალი არჩევანის საქმეა და არა ძალდატანებისა. ქრისტეს კი ის შეუდგება, ვინც მას არა მხოლოდ ღმრთის ძედ აღიარებს, არამედ ყველა საშინელებასაც გამოცდის და დაითმენს. უვარ-ყავნ თავი თჳსი - ამბობს და წინდებულ από - ს (ἁπαρνησάσθω) იმის გამოსახატავად იყენებს, რომ უარყოფა სრული უნდა იყოს, ე. ი. აღა[145]რაფერი საერთო უნდა ჰქონდეს სხეულთან და საკუთარ თავს არად აგდებდეს, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე, რომ ვინმე ვინმეზე უარს ამბობს ნაცვლად იმისა, ვთქვათ, არც მეგობარი ჰყავს და არც ნაცნობიო. ამრიგად, იმისთვის, რომ ჯვარი ავიღოთ ანუ სიკვდილი ავირჩიოთ და ამასთან, სამარცხვინო სიკვდილი გულმოდგინედ ვეძიოთ, სხეულისადმი არავითარი სიყვარული არ უნდა გვქონდეს; ასეთი სიკვდილი ძველებისათვის ჯვარცმა იყო. მაგრამ ამბობს: და შემომიდეგინ მე, რადგან ჯვარს მრავალ ავაზაკსა და ქურდს აცვამენ, მაგრამ ისინი ჩემი მოწაფენი როდი არიან. შემომიდეგინ, ანუ ყველა სხვა სათნოებაც აჩვენე. თავის თავს უარყოფს ის, ვინც გუშინ თავაშვებული იყო, დღეს კი, თავშეკავებულია. ასეთი იყო პავლე, რომელმაც უარყო თავი თვისი და თქვა: ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე (გალატ. 2.20). ქრისტემ ჯვარი აირჩია, და მოაკვდინა რა თავისი თავი, ჯვარს ეცვა სოფლისათვის.

25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. - ჩვენც წამებისაკენ აღგვძრავს. ვინც უფალს უარყოფს, იგი თავის სულს მოიპოვებს, ანუ იხსნის, აწმყოსათვის, მაგრამ ღუპავს მომავლისათვის, ხოლო ქრისტესათვის ღუპავს სულს ის, ვინც მისთვის ეწამება, მაგრამ მას უხრწნელს მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებაში.

26-27. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. - ვთქვათ და, მთელი სამყარო მოიგე, - გვეუბნება, - რა სარგებელი გექნება სხეულის კეთილდღეობით, უკუეთუ სული შავ დღეშია? ეს იმას ჰგავს, დიასახლისი დახეულ ძონძებს ატარებდეს, ხოლო მოახლენი - ბრწყინვალე სამოსელს. არავის შეუძლია ხომ მომავალ ცხოვრებაში გა[146]მოსასყიდის მიცემა თავისი სულისათვის; აქ შეგვიძლია მისთვის ცრემლნი, სულთქმანი და მოწყალებანი გავიღოთ, იქ კი - არა. იქ თითოეულს საქმეთა მიხედვით მოუყიდველი მსაჯული განგვსჯის, რომელიც საშიშიც იქნება, რადგან ანგელოზთა თანხლებით დიდებითა თვისითა მოვა და არა დამცირებული.

28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. - თქვა რა, რომ ძე კაცისა დიდებითა თვისითა მოვა, მათ დასარწმუნებლად ამბობს: ზოგიერთნი აქა მდგომარეთაგან, ფერისცვალებისას, რამდენადაც ეს მათ ხელეწიფებათ, მეორედ მოსვლის დიდებას იხილავენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, ვითარი დიდება ექნებათ მათ, რომელნიც მისთვის ეწამებიან, რადგან, როგორც მაშინ გაბრწყინდა მისი ხორცი, ასევე გაბრწყინდებიან წმინდანებიც მეორედ მოსვლის ჟამს. აქ იგი პეტრეზე, იაკობსა და იოვანეზე მიანიშნებს, რომელნიც მთაზე აიყვანა და სასუფეველი თვისი ანუ მომავალი მდგომარეობა უჩვენა, როცა თვითონაც მოვიდოდა და მართალნიც გაბრწყინდებოდნენ. ამიტომაც ამბობს: ზოგიერთი აქ მდგომი მანამდე არ მოკვდება, ვიდრე ჩემს ფერისცვალებას არ იხილავსო. ყურადღება მიაქციე, რომ იესოს ბრწყინვალე ფერისცვალებას ისინი იხილავენ, რომელნიც კეთილად და მტკიცედ დგანან და მარადის რწმენითა და მცნებათა დაცვით წარემატებიან.

 

თავი XVII

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი. - ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლუკა ამბობს: და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე და სხვა. რადგან ლუკა პირველ დღესაც მიათვლის და ბოლოსაც, როცა ისინი მთაზე ავიდნენ, მათე კი მათ გამორიცხავს. პეტრე იმიტომ წაიყვანა, რომ ძლიერ უყვარდა უფალი, იოვანე - იმიტომ, რომ თვითონ მას უყვარდა იგი, ხოლო იაკობი - ვითარცა მოშურნე მისი; ცხადია, რომ მოშურნეობდა, რის გამოც შეჰპირდა სასმელის შეს[147]მას და რის გამოც ჰეროდეს მახვილით მოიკლა იუდეველთა გულის მოსაგებად.

1-2. და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. - მაღალ მთაზე აიყვანა ისინი, რათა ეჩვენებინა, რომ უკეთუ ვინმე არ ამაღლდება, ვერც მსგავსი სანახაობის ღირსი გახდება; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქრისტეს დიდთა სასწაულთა დაფარულად აღსრულება ჩვეულებად ჰქონდა, რადგან თუკი ხალხი დაინახავდა, რომ ღმერთია, არ ეფიქრა, რომ ადამიანი მოჩვენებითად იყო. როცა ფერისცვალების შესახებ ისმენ, ნუ იფიქრებ, რომ მაშინ სხეული უარყო, არამედ სხეული გარეგნულად იგივე დარჩა, რადგან, როგორც გესმის, აქ პირისახესა და სამოსელზეა საუბარი. იგი უფრო მეტად განბრწყინდა, რაჟამს მისმა ღმრთეებამ რამდენიმე სხივი გამოასხივა, სახელდობრ, იმდენი, რამდენის ხილვაც შეიძლებოდა. იმიტომაც უწოდა ფერისცვალებას ზემოთ სასუფეველი ღმრთისა (16.28), რომ ამ დროს თავისი ძალაუფლების გამოუთქმელობა გამოავლინა და გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძეა მამისა და გამოუთქმელი განბრწყინვებით იესოს სახისა მისი მეორედ მოსვლის დიდება გვაჩვენა.

3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს.- რაზე საუბრობდნენ? მის განსვლაზეო, - გვეუბნება ლუკა, - რომელიც მას იერუსალიმში ანუ ჯვარზე უნდა აღესრულებინა. მოსე და ელია რატომღა გამოჩნდნენ? რათა ეჩვენებინა, რომ იგია უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველთა, ცოცხალთა და მკვდართა, რადგან ელია წინასწარმეტყველი იყო და მისი წინასწარმეტყველება ჯერ ისევ ცოცხლობდა, ხოლო მოსე - სჯულმდებელი, რომელიც მოკვდა; გარდა ამისა, რათა ეჩვენებინა, რომ იგი არც სჯულის მოწინააღმდეგე იყო და არც მტერი ღმრთისა. ასე რომ ყოფილიყო, მოსე არ დაელაპარაკებოდა მას, ისევე როგორც იმას, ვინც მის წინააღმდეგ იმოქმედებდა და ვერც ელია, ვითარცა მოშურნე, ღმრთის მტრის იქ ყოფნას ვერ მოითმენდა. და კიდევ იმიტომაც, [148]რათა იმათი ეჭვი, რომელნიც ამბობდნენ, რომ იგი თვითონ იყო ელია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი, გაექარწყლებინა. მოწაფეებმა საიდანღა შეიცნეს, რომ ისინი მოსე და ელია იყვნენ? რა თქმა უნდა, არა ხატებიდან, რადგან მაშინ ადამიანთა ხატების შექმნა უსჯულოებად მიიჩნეოდა. როგორც ჩანს, მათ ისინი იმ სიტყვებიდან შეიცნეს, რომელთაც იესოს ეუბნებოდნენ. შესაძლოა, მოსე ეუბნებოდა: შენ ხარ ის, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე, როცა კრავი დავკალი და პასექი აღვასრულე; ხოლო ელია: შენ ის ხარ, ვისი აღდგომაც, აღვადგინე რა ვაჟი ქვრივისა, მე წინასწარ გამოვსახე და ა. შ. ამგვარად, აჩვენა რა ისინი მოწაფეებს, უფალმა ასწავლა მათთვის მიებაძათ, ანუ ვითარცა მოსე, მშვიდნი და ყველასათვის მისაწვდომნი ყოფილიყვნენ, ხოლო ვითარცა ელია - მოშურნენი და საჭიროების ჟამს შეუდრეკელნი; ამასთან, მათ მსგავსად ჭეშმარიტების დაცვისათვის საფრთხეს არც ისინი უნდა მორიდებოდნენ.

4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. - პეტრე, რომელსაც იმის გამო, რომ ძლიერ უყვარდა, უნდოდა ქრისტეს ტანჯვა არ განეცადა, ეუბნება: კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებით, არ წავალთ და არ მოგკლავენო, რადგან აქ კიდევაც რომ ვინმე მოვიდეს, შემწეებად მოსე და ელია გვეყოლებაო. მოსემ ხომ ეგვიპტელებზე გაიმარჯვა, ხოლო ელიამ ცეცხლი ზეციდან მიიღო. ამგვარად, უკეთუ მტრები აქ მოგვაკითხავენ, ისინი ხომ მაშინაც ასეთნი იქნებიანო. ამას იგი დიდი შიშისა გამო ამბობს, ისე, რომ, როგორც ლუკა შენიშნავს, არც იცოდა, რას ამბობდა. იგი ან უჩვეულო სანახაობამ განაცვიფრა, ან თავისი ნათქვამისა მართლაც არ ესმოდა, რადგან სურდა იესო მთაზე დარჩენილიყო, არ წასულიყო, და ჩვენთვის ტანჯვა არ განეცადა. მაგრამ ეშინოდა რა თვითრჯულად არ წარმოჩენილიყო, ამასაც ეუბნება: თუ გნებავს.

5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე [149]არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. - შენ პეტრე ხელითქმნულ კარავთა დადგმა გწადს, მამამ კი ხელთუქმნელი კარავით ღრუბლისა გარემომიცვა და გიჩვენათ, რომ როგორც იგი - ღმერთი - ძველებს ღრუბლით ეჩვენებოდა, ასევე - ძეც მისი, ოღონდ აქ ღრუბელი ნათელია და არა ბნელი, როგორც ეს ძველად იყო, რადგან ქრისტეს არა ჩვენი შეშინება, არამედ განსწავლა უნდოდა. ხმა ღრუბლიდან იმიტომაა, რათა გვაჩვენოს, რომ იესოც ღმრთისაგან იყო. სიტყვები: რომელი მე სათნო-ვიყავ, იგივეა: რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მე მნებავს. ასწავლის, რომ მისი უნდა ისმინონ და უკუეთუ ჯვარზე გაკვრას ინებებს, წინ არ უნდა აღუდგნენ.

6-8. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. - ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და მისგან გამომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და ქუთუთოები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულისწასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს, რაც ნახეს, იმის ხსოვნა რომ არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა. მოწაფეებმა მხოლოდ იესოღა იხილეს, რათა არ გეფიქრა, რომ ხმა არა მის, არამედ მოსესა და ელიას მიმართ იყო, რადგანაც ძე ღმრთისა იგია.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. - თავმდაბლობისა გამო ეუბნება მათ, რომ არავის უთხრან და კიდევ იმიტომ, რომ ვინც ამას მოისმენდა, შემდეგში, როცა ჯვარზე გაკრულს ნახავდა, არ ცდუნებულიყო, რადგან შეიძლებოდა იგი იმ მატყუარად მიეჩნიათ, რომელიც ღმრთის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. ხოლო შენ შეისწავლე, რომ ღმრთის ხილვა მოხდება შემდგომად ექვსი დღისა, ანუ სამყაროს შემდეგ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა. უკეთუ სამყაროდან არ გახვალ და მთაზე არ ამაღლდები, ვერც ნათელს იხილავ, ვერც სახ[150]ეს იესოსას, ღმრთეებას ვგულისხმობ, და ვერც სამოსელს, ანუ ხორცს. ხოლო მთაზე ასული, შეძლებ იესოსთან მოსაუბრე მოსე და ელია იხილო, რადგან სჯულიც, წინასწარმეტყველებიცა და იესოც ერთსა და იმავეს ამბობენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. როცა ვინმეს იპოვი, რომელიც წმინდა წერილის აზრს ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ იგი იესოს სახეს ბრნყინვალედ ჭვრეტს; ხოლო უკეთუ იგი სიტყვათა მოქცევასაც განმარტავს და ცხადყოფს, იესოს სპეტაკ სამოსელსაც ხედავს, რადგანაც აზრის გამოთქმანი შესამოსელია წმინდა წერილისა. მაგრამ ნუ იტყვი პეტრეს მსგავსად, კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებითო, რამეთუ მუდმივად უნდა წარვემატებოდეთ და სათნოებისა და ჭვრეტის ერთსა და იმავე საფეხურზე კი არ უნდა დავრჩეთ, არამედ განუწყვეტლივ მომდევნოზე უნდა ავდიოდეთ.

10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? - ატყუებდნენ რა ხალხს, მწიგნობარნი ამბობდნენ, რომ იგი ქრისტე არ იყო, რადგან რომ იყოს, მაშინ ჯერ ელია მოვიდოდაო. მათ არ იცოდნენ, რომ ქრისტეს ორი მოსვლა არსებობს, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოვანეა, ხოლო მეორესი - ელია. ამას თვითონ იესო განუმარტავს მოწაფეებს; აბა, მოუსმინე:

11-13. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. - როცა ამბობს, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს, აჩვენებს, რომ ჯერ არ მოსულა და მოვა, ვითარცა წინამორბედი მეორედ მოსვლისა, და ყველა ებრაელს, რომელიც მას მოუსმენს, ქრისტეს სარწმუნოებაზე დაადგენს, ვითარცა მამისეულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ისინი დიდი ხანია მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს, რომ ელია უკვე მოვიდა, იოვანე წინამორბედზე მიანიშნებს. მათ იოვანეს, რაც სურდათ, ის უყვეს და მოკლეს, რადგანაც ჰეროდეს მის მკვლელობაზე დაეთანხმნენ, და ამდენად, მაშინ როცა [151]ხელის შეშლა შეეძლოთ, თვითონვე მოკლეს. მოწაფენი დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ უფალმა ელია იოვანეს უწოდა, რადგან როგორც იგი იყო წინამორბედი პირველად მოსვლისა, ასევე მეორედ მოსვლის წინამორბედი ელია იქნებოდა.

14-15. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა. - გამომდინარე სიტყვებიდან, რომელთაც ქრისტე ამ კაცის მისამართით ამბობს - ჰოჲ ნათესავი ურნმუნო - და ბრალდებიდან, რომელსაც მოწაფეებს უყენებს, ჩანს, რომ იგი ფრიად ურწმუნო ყოფილა. მიზეზი ავადობისა არა მთვარე, არამედ დემონი იყო, რომელიც მთვარის აღვსებას უცდიდა და მაშინ დაეცემოდა ხოლმე სნეულს, რათა ქმნილება ღმრთისა, ვითარცა ბოროტი, დაეგმოთ. ხოლო შენ მოიაზრე, რომ ყოველი უგუნური, წმინდა წერილის მიხედვით, მსგავსად მთვარისა, იცვლება, ხან სათნოებით განდიდებულად წარმოგვიდგება და ხან რისხვისა და გულისთქმის ცეცხლში ვარდება, ხან კიდევ წყალში - ტალღათა შინა, ცხოვრების მრავალთა საზრენავთა, სადაც ლევიათანი - ეშმაკი მკვიდრობს. ანუ იგი წყალთა ზედა მეფობს. განა ტალღებს არ ჩამოჰგავს მდიდართა მუდმივი საზრუნავები?

16-18. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოგჰუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან. - შენ ჰხედავ, რომ ამ კაცს ცოდვა თავისი ურწმუნოებისა მოწაფეებზე გადააქვს, რადგან მათ განკურნება ვერ შეძლეს. ამგვარად, არცხვენს რა მას უფალი იმის გამო, რომ მოწაფეებს დასდო ბრალი, ეუბნება: ჰოჲ ნათესავი ურწმუნო, ანუ ცოდვა მათი უძლურებისა უფრო ნაკლებია, ვიდრე ცოდვა შენი ურწმუნოებისა, რომელიც იმდენად დიდია, რომ მათ ძალაზე გაიმარჯვა. [152]როცა ამ კაცს საყვედურობს, უფალი საყვედურს საერთოდ ყველა ურწმუნოსა და იქ მყოფთა მიმართ გამოხატავს; ხოლო სიტყვები: ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა, იმაზე მიუთითებს, რომ მას ძლიერი სურვილი აქვს ჯვარზე ტანჯვისა და მათთან განშორებისა. შეურაცხმყოფელთა და ურწმუნოთა გვერდით, სანამდე უნდა ვიყოო? და შეჰრისხნა მას იესუ; ვინ შერისხა? - მთვარეული, საიდანაც ჩანს, რომ, იყო რა ისიც ურწმუნო, თავისი ურწმუნოების წყალობით დემონს შესაძლებლობა მისცა მასში შესულიყო.

19-21. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა. - მოციქულებს შეეშინდათ, ხომ არ დავკარგეთო ბოძებული მადლი დემონთა ზედა. ამიტომაც ჰკითხეს შეშფოთებულებმა, როცა მარტონი დარჩნენ. უფალი საყვედურობს მათ, როგორც სრულყოფილებისაგან ჯერ კიდევ შორს მყოფთ, და ეუბნება: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. თქვენ რომ მხურვალე, ცხოველი რწმენა გქონოდათ, თუნდაც მცირე, დიდს აღასრულებდით. თუ სად გადადგეს მოციქულებმა მთები, ამის შესახებ არსად წერია, მაგრამ, ალბათ, გადადგეს და არ დაწერილა, რადგან ყველაფერი როდია ჩაწერილი; სხვაგვარად: გარემოებას არ მოუთხოვია და ამიტომაც არ გადაუდგამთ, თორემ ბევრად მეტი გააკეთეს. ყურადღება მიაქციე, უფალმა რა უთხრა: ჰრქუათ მთასა ამას, მიიცვალე ამიერ იქი, ანუ, როცა ეტყვით, მაშინ გადადგება. მაგრამ მოციქულებს ეს არ უთქვამთ, რადგან ამას არც დრო მოითხოვდა და არც აუცილებლობა და ამიტომაც არც მთები გადაუდგამთ, ხოლო რომ ეთქვათ, გადადგამდნენ კიდეც. ესე ნათესავი, ე. ი. დემონთა მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. განსაკუთრებით მარხვა იმათ ჰმართებთ, რომელნიც დემონთა გავლენის ქვეშ იმყოფებიან და იმათაც, რომელთაც მათი განკურნება [153]აქვთ განზრახული. ლოცვა ჭეშმარიტია მაშინ, რაჟამს მარხვასთანაა შეერთებული და არა მემთვრალეობასთან. ისიც მოიაზრე, რომ სრული რწმენა მარცვალია მდოგვისა და იგი უმნიშვნელოდ ქადაგების მსმენელთა სიშლეგისა გამო ითვლება, მაგრამ თუ კეთილი ნიადაგი შეხვდა, ხედ გაიზრდება, რომელზეც ფრინველნი ზეცისანი, ანუ ფრთაშესხმული აზრები მკვიდრდებიან. ამგვარად, ვისაც სრული რწმენა აქვს, მეუძლია ამ მთას, ანუ დემონს უთხრას: გადადექი, რადგან უფალმა გამოდევნილი დემონიც გვიჩვენა.

22-23. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად. - ხშირად წინასწარ საუბრობს მომავალ წამებაზე, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ეწამებოდა და კიდევ იმიტომ, რომ შეჩვეოდნენ და როცა ეს ჟამი დადგებოდა, არ შემკრთალიყვნენ. მაგრამ სამწუხაროს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ აღდგება.

24-25. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე. - ღმერთმა ინება, რომ ნაცვლად ებრაელ პირმშოთა, მისთვის ლევის ტომი მიეძღვნათ. ლევის ტომი 22000 კაცს ითვლიდა, ხოლო პირველშობილ ყრმათა რიცხვი 22073 იყო. იმ პირმშოთა წილ, რომელნიც ლევის ტომზე მეტი აღმოჩნდნენ, ღმერთმა მღვდლებისთვის დიდრაქმის მიცემა დააწესა. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ დიდრაქმა, რომელიც ხუთი სიკლი ან ორასი ობოლია, საერთოდ ყველა პირმშოს უნდა გადაეხადა. რადგან უფალიც პირმშო იყო, ამ გადასახადს ისიც იხდიდა. შესაძლოა, ქრისტეს სასწაულთა მხილველებს შერცხვათ და ამიტომაც არა მას, არამედ პეტრეს უთხრეს; ან კიდევ ასე უფრო ცბიერებისა გამო მოიქცნენ, ე. ი. თითქოსდა იმის თქმა უნდოდათ, თქვენი მოძღვარი, რომელიც სჯულის მტერია, განა დიდრაქმის გადახდას მოისურვებსო.

25-26. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: [154]რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. - თუმცა არ მოუსმენია, მაგრამ ვითარცა ღმერთმა იცოდა, რა უთხრეს მათ პეტრეს. ამიტომაც აფრთხიღებს იგი პეტრეს და ეუბნება: უკეთუ მეფენიც კი ამა ქვეყნისანი გადასახადს არა თავიანთი შვილებიდან, არამედ უცხოთაგან კრებენ, ზეციური მეუფე, ჩემგან, მისი ძისაგან დიდრაქმას როგორღა მიიღებს, რადგან ეს დიდრაქმა, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, მღვდლებისა და ტაძრისთვის იყო განკუთვნილი. ასე რომ, თუკი მიწიერ მეფეთა შვილები თავისუფალნი არიან, ე. ი. არაფერს იხდიან, მით უმეტეს მე არ გადავიხდიო.

27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს. - ამპარტავნებად რომ არ ჩაგვთვალონ და შეურაცხმყოფელებად სჯულისა, და რომ არ ვაცდუნოთ ისინი, - ეუბნება პეტრეს - მიეცი ხარკი. იმიტომ კი არ ვაძლევ, რომ მოვალე ვარ, არამედ გამოსასწორებლად მათი უძლურებისა. აქედან ვსწავლობთ, რომ იქ, სადაც ვნება არ გველოდება, საცდურნი არ უნდა ვიყოთ. ხოლო იქ, სადაც შეიძლება რაღაც საქმისგან ვნება მოგვადგეს, საჭირო არაა ზრუნვა იმათზე, რომელნიც უგუნურებისა გამო ცდუნდებიან. რათა ეჩვენებინა, რომ ღმერთი იყო და მბრძანებელი ზღვისა, ქრისტემ პეტრე წარგზავნა თევზიდან სტატირის ამოსაღებად. ამასთან, ჩვენ ზოგიერთ საიდუმლოსაც ვსწავლობთ. ჩვენი ბუნება - ეს არის თევზი, ურწმუნოების ზღვასა შინა ჩაძირული, საიდანაც მოციქულებრივმა სიტყვამ ამოგვზიდა და პირში სტატირი გვიპოვა, ანუ სიტყვები უფლისა და აღიარება ქრისტესი. რადგან, ვინც ქრისტეს აღიარებს, პირსა შინა სტატირი აქვს, სტატირი, რომელშიც ორი დიდრაქმა შედის. ვითარცა ღმერთსა და კაცს, ქრისტესაც ხომ ორი ბუნება აქვს. ამგვარად, ეს სტატირი ქრისტეა, რომელიც სიკვდილს ორი მოდგმის [155]- იუდეველთა და წარმართთათვის, მართალთა და ცოდვილთათვის მიეცა. უკეთუ ვინმე ვერცხლისმოყვარეს იხილავ, რომელსაც პირში ოქროსა და ვერცხლის გარდა არა ექნება რა, ჩათვალე, რომ იგი თევზია, რომელიც ცხოვრების ზღვასა შინა ცურავს. მაგრამ თუკი ვინმე პეტრეს მსგავსი მასწავლებელი გამოდგება, მოიანკესებს მას და პირიდან ოქროსა და ვერცხლს ამოუღებს. ზოგიერთი თვლის, რომ სტატირი ძვირფასი ქვაა, რომელიც სირიაში მოიპოვება, ზოგი კი ფიქრობს, რომ იგი ოქროს მონეტის მეოთხედს წარმოადგენს.

თავი XVIII

1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? - როცა მოწაფეებმა დაინახეს, რომ პეტრეს ქრისტესაგან პატივი მიეგო (პატივი მიეგო, რადგან ებრძანა სტატირი მიეცა ქრისტესა და თავისი თავის გამო), რაღაც ადამიანური განიცადეს, შურით მოწყლულნი უფალთან მივიდნენ და გადაკრულად ჰკითხეს: - ვინმე უფროჲს იყოს?

2-4. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. - დაინახა რა, რომ მოწაფეებს პატივმოყვარეობის ვნება იპყრობდა, უფალმა შეაჩერა ისინი და მათ მოკრძალებული ყრმის მეშვეობით სიმდაბლის გზა უჩვენა. საჭიროა, რომ ჩვენც ყრმები ვიყოთ, ოღონდ სულიერი სიმდაბლით და არა უმეიფრობით აზროვნებისა, უბოროტობით და არა უგუნურებით. როცა უთხრა: უკუეთუ არა მოიქცეთ-ო, აჩვენა, რომ ისინი სიმდაბლის სიბრძნიდან პატივმოყვარეობაზე გადავიდნენ. ასე რომ, საჭიროა მიბრუნება კვლავ იქ, სიმდაბლის სიბრძნესთან, რომელსაც თქვენ გადაუხვიეთო.

5-6. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს [156]მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. - ეუბნება: არა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალნი, არამედ უკეთუ ჩემი გულისთვის სხვა თავმდაბალთაც პატივს მიაგებთ, ჯილდოს მიიღებთ, რადგან რაჟამს ყრმებს, ანუ თავმდაბალთ შეიწყნარებთ, მე შემიწყნარებთ. შემდეგ პირიქითაც ამბობს: რომელმან დააბრკოლოს, ანუ შეურაცხყოს, ერთი მცირეთა ამათგანი, ანუ ისინი, რომელნიც თავს იმცირებენ და იმდაბლებენ, დიდიც რომ იყოს, უმჯობეს არს მისა დამოთუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა თჳსსა. თვალსაჩინოდ წარმოადგენს რა ფიზიკურ სასჯელს, სურს აჩვენოს, რომ მრავალ ტანჯვას გადაიტანენ ისინი, რომელნიც ქრისტესმიერი სიმდაბლის მქონეთ შეურაცხყოფენ და აცდუნებენ. შენ კი მოიაზრე, რომ უკეთუ ვინმე მართლაც მცირეს ანუ სუსტს აცდუნებს, ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ღონით წამოაყენოს, დაისჯება, რადგან პატარას ცდუნება უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.

7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. - ვითარცა კაცთმოყვარე, უფალი დასტირის სოფელს, რომელიც ცდუნებათაგან ვნებული იქნება. მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: ტირილი კი არაა საჭირო, არამედ შემწეობა და ხელის გაწვდენა. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ესეც შემწეობაა - დატირება ვინმესი, რადგან ხშირად მათთვის, რომელთაც ჩვენმა შეგონებამ ეერაფერი არგო, რაჟამს დავტირით, სარგებლობა მოგვაქვს, რაკი ისინი გრძნობაზე მოდიან. თუკი უფალი ამბობს, რომ ცდუნებათა მოსვლა აუცილებელია, მათგან გაქცევას როგორღა შევძლებთ? მათი მოსვლა აუცილებელია, მაგრამ აუცილებელი არაა დავიღუპოთ, რადგან არსებობს საშუალებანი ცდუნებათათვის წინააღდგომისა. ცდუნებებში ისინი იგულისხმე, რომელნიც სიკეთისაკენ სწრაფვას აბრკოლებენ; სამყაროში კი - ქვემძრომი ადამიანები, რომელნიც მართლაც ადვილად ბრკოლდებიან.

8-9. უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ [157]ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. - ხელსა, ფეხსა და თვალში მეგობრები იგულისხმე, რომელნიც სნეულის ნაწილებად გვყავს. თვით ამგვარი, ანუ უახლოესი მეგობრებიც კი, უკეთუ ისინი ჩვენთვის მავნებელნი გამოდგებიან, უნდა მოვიძულოთ და, ვითარცა დამპალი ნაწილები, მოვიკვეთოთ, რათა სხვებიც არ დააზიანონ. ამგვარად აქედან ნათელია, რომ ცდუნებათა ანუ ვნების მომტან ადამიანთა მოსვლა აუცილებელიც რომ იყოს, არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი წახდენისა. უკეთუ ისე მოვიქცევით, როგორც უფალმა გვითხრა, და ვინც ზიანს გვაყენებს, თუნდაც ისინი მეგობრები იყვნენ, მოვიკვეთთ, არ ვევნებით.

10-11. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. - გვიკრძალავს დავამციროთ ისინი, რომელნიც მცირედ ითვლებიან, ანუ გლახაკნი სულითა, მაგრამ წინაშე ღმრთისა დიდნი არიან. რადგან ღმერთმა ისინი ისე შეიყვარაო, - ამბობს, - რომ მცველებად ანგელოზები ჰყავთ, რათა დემონებმა ვერ ავნონო. ყოველ მორწმუნეს და უფრო მეტიც, ყოველ ადამიანს თავისი ანგელოზი ჰყავს; მაგრამ ქრისტეს მიერ მცირეთა და მდაბალთა ანგელოზნი ღმერთთან ძალიან ახლოს არიან, და, დგანან რა მის წინაშე, ღმრთის სახეს მუდმივად ჭვრეტენ. აქედან ჩანს, რომ თუმცაღა ანგელოზი ყველას ჰყავს, მაგრამ ცოდვილთა ანგელოზებს, თითქოსდა ჩვენი გაუბედაობით დარცხვენილებს, არც თვითონ ყოფნით გამბედაობა ღმერთს სახეში შეხედონ და ჩვენთვის ევედრონ. თავმდაბალთა ანგელოზები კი, რომელთაც ამისთვის კადნიერება აქვთ, ღმრთეებრივ სახეს ჭვრეტენ. მაგრამ რატომ ვსაუბრობ იმაზე, ამბობს უფალი, [158]რომ ამგვარებს ანგელოზები ჰყავთ? მე იმიტომ მოვედი, რომ წარწყმედული გადავარჩინო და იმათი ახლობელი გავხდე, რომელნიც მრავალთაგან არარაობად არიან მიჩნეულნი.

12-14. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. - რომელ კაცს ჰყავდა ასი ცხვარი? - ქრისტეს, რადგან ყოველი გონიერი ქმნილება - ანგელოზნი და კაცნი - ასი ცხვარია, რომელთა მნყემსიც ქრისტეა; თვითონ იგი ცხვარი როდია, რადგანაც არა ქმნილება, არამედ ღმრთის ძეა. მან თავისი ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი ზეცაში დატოვა და მიიღო რა სახე მონისა, ერთი ცხოვრის, ანუ კაცობრივი ბუნების მოსაძიებლად მოვიდა და მისით უფრო ხარობს, ვიდრე ანგელოზთა სიმტკიცით. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ცოდვილთა მოქცევისათვის ზრუნავს და მათი მოქცევით უფრო ხარობს, ვიდრე იმათით, რომელნიც მტკიცენი არიან სათნოებით.

15-17. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. - წარმართა რა მძლავრი სიტყვა მაცდუნებელთა წინააღმდეგ. ახლა უფალი ცდუნებულთა გამოსწორებისათვის ზრუნავს. რათა შენ, ცდუნებული, საბოლოოდ არ დაეცე და ისევე როგორც მაცდუნებელი, შენც არ დაისაჯო, - ამბობს: რაჟამს გაცდუნებენ, ანუ ვნებას გაყენებენ, მსურს, რომ ამხილო ისინი, რომელნიც უსამართ[159]ლოდ გექცევიან და გავნებენ, ოღონდ მაშინ, თუ ქრისტიანები არიან. დაუკვირდი, რას ამბობს: უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, ანუ ქრისტიანმა. უკეთუ უსამართლოდ უსჯულო გექცევა, იმაზეც უარი თქვი, რაც შენ გეკუთვნის, ხოლო უკეთუ ძმაა, ამხილე იგი. არ უთქვამს: შეურაცხყავიო, არამედ ამხილეო. უკუეთუ ისმინოს შენი, ე. ი. უკეთუ გონს მოეგება. უფალს სურს, რომ ცოდვილნი პირველად პირისპირ, მარტონი იქნენ მხილებულნი, რადგან მრავალთა წინაშე მხილებისა გამო კიდევ უფრო ურცხვნი არ გახდნენ. უკეთუ ორი ან სამი მოწმის წინაშე მხილებულს არ შერცხვება, მაშინ მისი დაცემა ეკლესიის წინამძღვართ უნდა აუწყო. რადგან თუ ორს, ან სამს არ მოუსმინა, თუმცაღა, სჯულის მიხედვით, ყოველი სიტყვა ორის ან სამის დამოწმებით დგას, ანუ მტკიცდება, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, დაე, მას ეკლესიამ შეაგონოს, ხოლო უკეთუ აღარც მას დაემორჩილა, მაშინ იგი მოკვეთილ უნდა იქნეს, რათა თავისი ბოროტება სხვასაც არ გადადოს. ამგვარ ძმებს უფალი მეზვერეებს ადარებს (რადგან მეზვერე სიძულვილის ობიექტი იყო). ამიტომ შეურაცხყოფილს შეურაცხმყოფელის მეზვერედ და წარმართად, ანუ ცოდვილად და უსჯულოდ მიჩნევა ერთგვარად ნუგეშს სცემდა. მაგრამ მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო სასჯელი შეურაცხმყოფელისა? რაღა თქმა უნდა, არა! ისიც მოისმინე, რასაც შემდეგ ამბობს.

18. ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. - უკუეთუ შენ, - ამბობს, - შეურაცხყოფილი, იმას, ვინც უსამართლოდ მოგექცა, ვითარცა მეზვერესა და წარმართს, ისე მიიჩნეე, ასევე იქნება იგი მიჩნეული ცათა შინაც. ხოლო, უკეთუ გახსნი, ანუ შეუნდობ, ცათა შინაც შენდობილი იქნება, რადგან არა მხოლოდ ისინი არიან გახსნილნი, რომელთაც მღვდლები ხსნიან, არამედ შეკრული თუ გახსნილი იქნებიან, აგრეთვე, ისინიც, რომელთაც ჩვენ, შეურაცხყოფილნი, შევკრავთ ან გავხსნით.

19-20. კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა [160]ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. - ამ სიტყვებით მას სიყვარულისაკენ მივყავართ. აგვიკრძალა რა ჩვენ ცდუნება ერთმანეთისა, ერთმანეთისათვის ვნების მიყენება და ერთმანეთისაგან ვნების დათმენა, ახლა ერთმანეთს შორის თანხმობაზე გვესაუბრება. შეთანხმებულებში იგულისხმებიან არა თანამდგომნი ერთმანეთისა ბოროტებაში, არამედ სიკეთეში. დაუკვირდი, რას ამბობს: უკუეთუ ორი თქვენგანი, ანუ მორწმუნენი და სათნონიო, რადგან შეთანხმებულნი ანაცა და კაიაფაც იყვნენ, მაგრამ გასაკიცხ საქმეში. ამიტომაც ხშირად ასეც ხდება, რომ ვითხოვთ და ვერ ვიღებთ, რადგან ჩვენს შორის თანხმობა არ სუფევს. არ უთქვამს: ვიქნებიო, რადგან ეს არ არის განზრახვა მომავლისათვის, ამიტომ არც აგვიანებს და ამბობს ვარ-ო, ანუ მყისვე იქ აღმოვჩნდებიო: შეგიძლია იფიქრო, რომ უფალი ჩვენთანაა მაშინაც, რაჟამს ჩვენს სულს, და ხორცს შორის თანხმობა სუფევს და ხორცი სულზე არ ავხორცობს. ერთმანეთთან თანხმობაშია, აგრეთვე, სულის სამი ძალაც: გონება, გრძნობა და ნება. თანხმობა სუფევს ძველსა და ახალ აღთქმას შორისაც, რადგან მათ შორის ქრისტეა, რომლის შესახებაც ორივე ქადაგებს.

21-22. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. - პეტრემ უფალს ეს ჰკითხა: უკეთუ ძმა ჩემს წინაშე შეცოდავს, ხოლო შემდეგ მონანული მოვა და შენდობას ითხოვს, რამდენგზის უნდა შევუნდო მას? მან დაუმატა: უკეთუ წინაშე ჩემსა შეცოდავს, რადგან უკეთუ ღმრთის წინაშე შეცოდა, მე, უბრალო ადამიანს, არა მაქვს ძალა მისი შენდობისა, არამედ ეს მღვდლის საქმეა, რომელსაც საღმრთო ხარისხი აქვს. ხოლო თუკი ჩემს წინაშე შეცოდა და მე შევუნდობ, შენდობილი იქნება, თუმცა უბრალო კაცი ვარ და არა მღვდელი. უფალმა უპასუხა: სამეოც და ათ შჳდ-გზისო, არა იმიტომ, რომ შენდობა, რიცხვით შემოეფარგლა; უგუნურება იქნებოდა ხომ, ვინმე რომ დამჯ[161]დარიყო და ცოდვები ეთვალა, ვიდრე ოთხასოთხმოცდაათი არ გახდებოდა (რადგან შვიდჯერ სამოცდაათი ასე ბევრია), არამედ აქ მას უსასრულობის მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს გვითხრა: იმდენგზის შეუნდე, რამდენგზისაც შეგცოდავს და მოინანიებს. მომდევნო იგავითაც იმას გვეუბნება, რომ ჩვენ ერთმანეთის თანალმობა უნდა გვქონდეს.

23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. - შინაარსი ამ იგავისა გვასწავლის, რომ ჩვენც მიუტევოთ მოყვასთ, რომელნიც ჩვენს წინაშე სცოდავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიტევებას მუხლებზე დაცემულნი ითხოვენ. გამოწვლილვით გამოკვლევა ამ იგავისა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ქრისტეს გონება აქვს, მაგრამ გავკადნიერდეთ და ჩვენც შევეცადოთ. სასუფეველი ღმრთის სიტყვაა, მაგრამ არა რაღაც მცირეთა, არამედ ცათა და მსგავსია მეუფისა, რომელიც ჩვენთვის განხორციელდა და კაცის მსგავსად იქმნა. იგი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისაგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს, სამსჯავროს გარეშე კი არავის სჯის, რადგანაც ეს სისასტიკე იქნებოდა.

24-25. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. - ჩვენც ბევრეული (ათიათასი) ტალანტი გვმართებს, რადგან მადლს ყოველდღე ვიღებთ, სანაცვლოდ კი ღმერთს არანაირ სიკეთეს არ მივაგებთ. ბევრეული ტალანტი ჰმართებს იმათაც, რომელთაც წინამძღვრობა მიიღეს ხალხისა და მრავალი ადამიანისა (ყველა ადამიანი ხომ ტალანტია, რადგანაც ნათქვამია: ადამიანი დიდი საქმეა), მაგრამ ძალაუფლებას კარგად ვერ იყენებენ. მოვალეს გაყიდვა ცოლსა და შვილებთან ერთად ღმრთისაგან გაუცხოებას ნიშნავს, რადგან ვინც იყიდება, იგი უკვე სხვა ბატონის კუთვნილება ხდება. ცოლი ხომ ხორცია, მეუღლე სულისა, ხოლო შვილები - საქმენი, რომელნიც სულმა და ხორცმა ბოროტად აღასრულეს? ამგ[162]ვარად, უფალი ბრძანებს, რომ ხორცი წარსაწყმედელად სატანას, ანუ სნეულებებსა და დემონს უნდა მიეცეს ტანჯვისათვის, ხოლო შვილები, ბოროტ ძალებს ვგულისხმობ, შეკრულ უნდა იქნენ, ისევე როგორც, როცა ვინმეს ხელი იპარავს, ღმერთი ახმობს მას, ან რომელიმე დემონის მეშვეობით კრავს. ამგვარად, ცოლი ხორცია, შვილები - ძალნი ბოროტებისა, სულის გადასარჩენად წამებისათვის გადაცემულნი, რადგან ასეთ კაცს ქურდობა უკვე აღარ შეუძლია.

26-27. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. - ნახე ძალა სინანულისა და კაცთმოყვარეობა უფლისა! სინანულმა ქმნა ის, რომ მონა ბოროტებისთვის დაეცა, რადგან ის, ვინც ბოროტებაზე მტკიცედ დგას, შენდობილი ვერ იქნება. კაცთმოყვარეობამ ღმრთისა მევალეს ვალი მთლიანად აპატია, თუმცა იგი არა მთლიანად პატიებას, არამედ ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ამგვარად, იცოდე, რომ ღმერთი იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ვითხოვთ. კაცთმოყვარეობა მისი იმდენად დიდია, რომ ეს ბრძანებაც მისი გაყიდვისა, რომელიც სასტიკი ჩანს, სისასტიკის გამო კი არ გასცა, არამედ დასაშინებლად მონისა, რათა იგი დაერწმუნებინა და ლოცვისა და ნუგეშისცემისაკენ მოექცია.

28-30. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. - შეიწყალეს რა, გამოვიდა და თანამოძმეს ახრჩობს. იმათგან, ვინც ღმერთთან რჩება, არავინაა უწყალო; ულმობელი მხოლოდ იგია, ვინც ღმერთს შორდება და მისთვის უცხო ხდება. რამდენად დიდია არაადამიანურობა მისი, ვისაც ბევრი აპატიეს ბევრეული ტალანტი), თვითონ კი სხვას მცირეს (ას დინარს) არათუ მთლიანად არ პატიობს, არამედ ვადასაც არ [163]უგრძელებს, თუმცაღა თანამოძმე იმავე სიტყვებით მიმართავს, რომლითაც თვითონაც გადარჩა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ.

31. ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. - აქედან ბოროტებისადმი ანგელოზთა სიძულვილი და სიკეთის სიყვარული ჩანს. ისინი ღმრთის თანამსახურნი არიან და ამას ღმერთს იმიტომ კი არ ეუბნებიან, რომ მან ეს არ იცის, არამედ, რათა შენ ისწავლო, რომ ანგელოზნი ჩვენი მცველები არიან და ულმობელნი სძულთ.

32-34. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.  არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. - უფალი მონას კაცთმოყვარეობისა გამო სჯის, რათა აჩვენოს, რომ საჩუქარი მონას არა მან, არამედ მისმავე სისასტიკემ და უგუნურებამ წაართვა. და რომელ მტანჯველებს მისცა? შესაძლოა, დამსჯელ ძალებს, რათა იგი სამუდამოდ დასჯილიყო, რადგან სიტყვები: ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი - ამას ნიშნავს: დაე, დასჯილი იყოს მანამ, ვიდრე ვალს არ გადაიხდის, მაგრამ რაკიღა იგი ვალს ვერასოდეს გადაიხდის, ამიტომ ვითარცა მოვალე და ღირსი სასჯელისა, მარადიულად დასჯილი იქნება.

35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. - არ უთქვამს: მამამან თქვენმან-ო, არამედ მამამან ჩემმან-ო, რადგან ამგვარნი ღირსნი არ არიან იმისა, რომ მამად ღმერთი ჰყავდეთ; მას სურს, რომ გულით მიუტევონ და არა მხოლოდ ბაგეებით. მოიაზრე, რამდენად დიდი ბოროტებაა გულღვარძლიანობა, რომელსაც შეუძლია ღმრთის მადლს განგვაშოროს. მართალია, მადლი ღმრთისა ცვალებადი არაა, მაგრამ მისი [164]დაკარგვა შესაძლებელია.

 

თავი XIX

1-2. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. - უფალი კვლავ იუდეაში მიდის, რათა იუდეაში მცხოვრებ ურწმუნოებს თავი იმით არ ემართლებინათ, ჩვენთან უფრო იშვიათად მოდის, ვიდრე გალილეველებთანო. დამოძღვრასა და სიტყვის გასრულებას კვლავ სასწაულები მოსდევს, რადგან ჩვენ სიტყვითაც უნდა განგვსწავლოს და საქმითაც. მაგრამ უგუნურმა ფარისევლებმა იხილეს რა სასწაულები, ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ, მისი ცდუნება მოინდომეს. მოუსმინე:

3-6. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. - ოჰ, უგუნურება ფარისეველთა! ქრისტეს გაჩუმებას ამგვარი კითხვებით ცდილობდნენ. რადგან უკეთუ იტყოდა, რომ გაშვება ცოლისა ყოველგვარი მიზეზით შეიძლებაო, მაშინ შეეძლოთ ეთქვათ მისთვის: მაშინ როგორღა ამბობდი, არავინ უნდა გაეყაროს ცოლს, თუ იგი არ მრუშობსო; ხოლო უკეთუ იტყოდა, ცოლის გაშვება საერთოდ არ შეიძლებაო, მას ცილს დასწამებდნენ, რომ მოსეს სჯულის წინააღმდეგი იყო, რადგან იგი საძულველი ცოლის გაძევებას დამაჯერებელი მიზეზის გარეშეც ბრძანებდა. ქრისტემ რა უპასუხა? იგი გვაჩვენებს, რომ ერთი ქორწინება ჩვენმა შემოქმედმა დასაბამიდან დაგვიწესა, რადგან თავიდანვე ერთი მამაკაცი ერთ ქალთან შეაუღლა: ამიტომაც არც ერთი მამაკაცი უნდა შეუერთ[165]დეს მრავალ ქალს და არც ერთი ქალი - მრავალ მამაკაცს; არამედ როგორც თავიდან შეუღლდნენ, ისევე უნდა დარჩნენ და ერთად ცხოვრება უმიზეზოდ არ უნდა დაარღვიონ. ფარისევლები რომ არ გაეოცებინა, არ უთქვამს მე დავბადე მამაკაცად და დედაკაცად, არამედ განუსაზღერელად ამბობს: რომელმან დაჰბადა-ო. ამგვარად, - ამბობს იგი, - ღმერთს ქორწინების სიკეთე იმდენად ესათნოება, რომ ადამიანებს მეუღლესთან შესაერთებლად მშობლებთან განშორების ნებაც კი დართო. "დაბადებაში" რატომღა წერია, რომ სიტყვები: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი - ადამმა თქვა, როცა აქ ქრისტე ამბობს, რომ სიტყვები: ამისთჳს დაუტეოს ა.შ. თვითონ ღმერთმა ბრძანა? ჩვენ ვამბობთ, რომ, რაც ადამმა თქვა, ღმრთისაგან თქვა, ასე რომ, ადამის სიტყვა ღმრთის სიტყვაა. რამდენადაც ადამი და ევა შეერთებისა და ბუნებრივი სიყვარულის წყალობით შეირწყნენ და ერთხორც იქმნენ, ამდენად, ისევე როგორც საკუთარი ხორცის ორად გაყოფა, მეუღლეთა გაყრაც მძიმე დანაშაულია. ფარისეველთა მღელვარება რომ არ გამოეწვია, უფალს არ უთქვამს: მოსეც ნუ განაშორებსო, არამედ ზოგადად თქვა კაციც-ო, რათა ეჩვენებინა რა დიდადაა დაშორებული ღმერთი, რომელიც აერთებს, კაცისაგან, რომელიც ყოფს.

7-9. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. - როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ უფალმა გააჩუმა ისინი, იძულებულნი გახდნენ მოსე მოეხმოთ, რომელიც თითქოს თავისი კანონებით ქრისტეს ეწინააღმდეგებოდა და თქვეს: მაშინ მოსემ განტევების წიგნის მიცემა და გაყრა როგორღა გვიანდერძა? მაგრამ უფალი ყველა ბრალდებას ისევ მათკენ მიაქცევს, იცავს მოსეს და ამბობს: მოსე ამ კანონით ღმერთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იგი თქვენი გულფიცხელობისა (სას[166]ტიკი გულის) გამო დაადგინა, რათა თქვენი ზნეობრივი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, როცა სხვა ქალებზე დაქორწინებას მოისურვებდით, პირველი ცოლები არ დაგეხოცათ. იყვნენ რა სასტიკნი, ებრაელები მართლაც მოკლავდნენ ცოლებს, უკეთუ კანონი მათთან ცხოვრებას აიძულებდა. ამიტომაც დაადგინა მოსემ განტევების წიგნის მიცემა ქმრებისგან მოძულებული ცოლებისათვის. ხოლო - მე გეუბნებით თქვენ, - ამბობს უფალი, - კარგია გაშვება მხოლოდ ზნეწამხდარი ცოლისა, რომელიც მრუშობს, ხოლო უკუეთუ ვინმე პატიოსანს გაეყრება და ქალი მრუშობას დაიწყებს, დამნაშავე იგი იქნება. შეიძლება ასეც გავიგოთ: რომელი შეეყო უფალსა, ერთ სულ არს (I კორ. 6.17); ამ მიმართებით მორწმუნე ერთგვარად ქრისტესთანაა შეუღლებული, რადგან ჩვენ, ყველანი, მასთან ერთად ერთი სხეული გავხდით და ქრისტეს ნაწილთაგანი ვართ. მართლაც, ამ ერთობის დარღვევა არავის შეუძლია, როგორც ამას პავლე მოციქულიც ამბობს: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? (რომ. 8.35) რადგან, რაც ღმერთმა შეაერთა, მისი გაყოფა არცა კაცთა, არცა სხვა რამ ქმნილებათა, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა და არცა უფლებათა, პავლეს თქმით, არ ძალუძს.

10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ. - შეშფოთებული მოწაფენი ამბობენ: უკეთუ ცოლი და ქმარი იმიტომ ერთდებიან, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელად დარჩნენ, რადგან ცოლის გაგდება, თუნდაც იგი უვარგისი იყოს, არ შეიძლება, მაშინ საერთოდ დაუქორწინებლობა სჯობს. რადგან უფრო ადვილია არ დაქორწინდე და ბუნებრივ სურვილებს ებრძოლო, ვიდრე ბოროტი ცოლი აიტანო. ადამიანის მოვალეობად ქრისტე დაურღვეველ ცოლ-ქმრულ ერთობას თვლის, რასაც ზოგიერთი ასე განმარტავს: უკეთუ კაცს ცოლის უკანონოდ გაგდება ბრალად ეთვლება და ამის გამო განიკითხება და დაისჯება, მაშინ უმჯობესია არ დაქორწინდეს.

[167]11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. - რაკი მოწაფეებმა თქვეს, მაშინ უქორწინებლობა სჯობსო, უფალი ამბობს: მართალია ქალწულება დიდი განძია, მაგრამ მისი დაცვა ყველას როდი შეუძლია, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც ღმერთი შეეწევაო, რადგან სიტყვა - მიცემულ არს - აქ დგას ნაცვლად სიტყვებისა: რომელთაც ღმერთი შეეწევა. ხოლო მიეცემა მათ, რომელნიც ითხოვენ: ითხოვდით და მოგეცეთ თქუენ (ლუკა 11.9); რამეთუ ყოველი, რომელიც ითხოვს, მიიღებს (იოანე 16.24).

12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. - მცირენი არიან, - ამბობს უფალი, - რომელნიც ქალწულების სათნოებაში წარემატებიან. ზოგიერთნი საჭურისები დედის მუცლითგანვე არიან, ანუ ისინი ბუნებრივი აგებულებისა გამო ქალთან შეერთებისათვის არ ილტვიან. ამგვართა უმანკოებას ფასი არა აქვს. არიან ისეთებიც, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. ხოლო ზეციური სასუფევლისათვის თავს ისაჭურისებენ არა ისინი, რომელთაც ასო მოიკვეთეს (რადგანაც ეს სისაძაგლეა), არამედ ისინი, რომელნიც თავს იკავებენ. შეიძლება ასეც გაიგო: არსებობს ბუნებით საჭურისი, რომელნიც ბუნებრივი აგებულების გამო სასიყვარულო ტკბობისათვის არ აღიგზნება, კაცთაგან დასაჭურისებული კი ისაა, რომელმაც კაცობრივი სწავლების შედეგად ხორციელი გულისთქმის აღგზნება მოიკვეთა. ხოლო თავს ის ისაჭურისებს, რომელიც უბიწოებისაკენ არა სხვისი დამოძღვრითაა მიდრეკილი, არამედ თვითონვე, საკუთარი ნებით. ამგვარად, ამათგან ყველაზე სრულყოფილი ისაა, ვინც სხვამ კი არ დააყენა, არამედ თვითონ დაადგა გზას ზეცათა სასუფევლისაკენ. უფალი ამბობს: რომელი შემძლებელ არს დატევნად, [168]დაიტიენ. იგი არც ქალწულებას გვაძალებს და არც ქორწინებას ამცირებს, არამედ, უბრალოდ, უპირატესობას ქალწულებას ანიჭებს.

13-14. მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. - დედებს შვილები მოჰყავდათ, რათა მათ, მისი ხელის შეხებით, კურთხევა მიეღოთ, მაგრამ უწესრიგოდა და ხმაურით მოდიოდნენ, რის გამოც მოწაფენი არ უშვებდნენ. ამასთან, ისინი იმასაც ფიქრობდნენ, რომ, უკეთუ ბავშვებს მიუყვანდნენ, მათი მოძღვრის ღირსება დამცირდებოდა. მაგრამ ქრისტემ ცხადყო, რომ მისთვის უფრო სასიამოვნო უზაკველთა მიღება იყო და თქვა: აცალეთ ყრმებსა მაგათ,... რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. არ უთქვამს: მაგათიო, არამედ ეგევითართა, ანუ იმათი, რომელნიც წრფელნი, უბოროტონი და გაურყვნელნი არიან. ასე რომ, უკეთუ ვინმესთან, ვინც ასწავლის, ზოგიერთები ბავშვური შეკითხვებით მიდიან, მან კი არ უნდა დააბრკოლოს ისინი, არამედ შეიწყნაროს.

15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.

17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ [169] მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე მიუთითებს, რათა იუდეველებს სათქმელად არ ჰქონოდათ - სჯულს არაფრად აგდებსო. მაგრამ რა?

20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?- ზოგიერთი ამ ახალგაზრდას, ვითარცა მკვეხარასა და პატივმოყვარეს, კიცხავს, როგორ შეიძლებოდა ერთდროულად მოყვასიც სრულყოფილად ყვარებოდა და მდიდარიც ყოფილიყო? რადგან, იმათგან, ვისაც მოყვასი ისე უყვარს, ვითარცა თავი თვისი, არავინაა ისეთი, ვინც მოყვასზე უფრო მდიდარი იქნება. მოყვასი (მახლობელი) კი ყოველი ადამიანია. ხოლო ზოგიერთებს ეს ასე ესმით: ვთქვათ და მე-ყოველივე ამას ვიცავ, კიდევ რაღა მაკლია?

21-22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. - უფალი ეუბნება: ის, რაც, როგორც ამბობ, შენ აღასრულე, აღასრულე ვითარცა იუდეველმა, ხოლო უკეთუ სრულყოფა, ანუ ჩემს მოწაფედ და ქრისტიანად ყოფნა გსურს, წადი, გაყიდე ქონება შენი და ყოველივე მყისვე დაარიგე, ისე, რომ, იმ საბაბით, თითქოს გინდა მოწყალებას მუდამ გასცემდე, შენთვის არაფერი დაიტოვო. ის კი არ უთხრა: გლახაკებს მიეციო, არამედ: ყოველივე გაეცი და განიძარცვე (უქონელი გახდი). შემდეგ, რადგანაც ზოგიერთები მოწყალენი კი არიან, მაგრამ ყოველგვარი ბიწიერებით აღსავსე ცხოვრებას ეწევიან, ეუბნება: და მოვედ და შემომიდეგ მე, ანუ ყველა სხვა სათნოებაც შეიძინე. მაგრამ ჭაბუკი დაღონდა. თუმცა სურვილიც ჰქონდა და ნიადაგიც მისი გულისა ღრმა და ნოყიერი იყო, სიმდიდრის ეკლებმა თესლი უფლის სიტყვისა მაინც მოაშთვეს, რამეთუ, - ამბობს მახარებელი, - იყო იგი მდი[170]დარ ფრიად. ვისაც ცოტა აქვს, ის ქონების ხუნდებითაც ნაკლებადაა შებოჭილი, მაშინ, როცა, რაც უფრო დიდია სიმდიდრე, ბორკილებიც უფრო მტკიცეა. რაკიღა უფალი მდიდარს ესაუბრებოდა, უთხრა: თუ მაინცდამაინც სიმდიდრის მოყვარე ხარ, გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა.

23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.

25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ ადამიანებისათვის. უფალი ასწავლის, რომ ხსნის საქმე ღმრთის ძალის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ და არა კაცობრივი უძლურებით. უკეთუ ვინმე ანგარებისმოყვარეობას გაექცევა, ღმრთის შემწეობით, ჯერ, რაც ზედმეტი აქვს, იმის ჩამოშორებით შემსუბუქდება, ხოლო შემდეგ, აუცილებელსაც გასცემს და, შემწეობით ღმრთისა, ასე დადგება კეთილ გზაზე, რომელიც სასუფევლისაკენ მიემართება.

27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? - პეტრეს, რომელიც ღარიბი იყო, თითქოსდა ბევრი არაფერი დაუთმია, მა[171]გრამ, იცოდე, რომ სინამდვილეში მან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ადამიანები მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, პეტრემ კი ყველა ამსოფლიური სიამოვნება, თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლებისადმი, უგულებელყო. ამგვარი ვნებანი ხომ არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც ებრძვიან! ხოლო უფალმა რა თქვა?

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. - ნუთუ მართლა დასხდებიან? არამედ უფალმა დასხდომით აღმატებული პატივი ცხადჰყო; მაგრამ იუდაც დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, არა! ეს მან თავის მიმდევრებზე ანუ იმათზე თქვა, რომელნიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩებოდნენ, იუდა კი ერთგული არ დარჩენილა. ღმერთი ღირსეულთ სიკეთეს აღუთქვამს, მაგრამ უკეთუ ისინი შეიცვლებიან და უღირსნი გახდებიან, სიკეთეც წაერთმევათ. ასევეა უბედურებანიც, ღმერთი ზოგჯერ მათით გვაფრთხილებს, მაგრამ თუ შევიცვლებით, აღარ გვიგზავნის.

29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. - ვინმეს რომ არ ეფიქრა, ზემოთქმული მხოლოდ მოწაფეებს ეხებაო, თავის აღთქმას ავრცელებს ყველაზე, ვინც კი მათ მსგავსად მოიქცევა. ხორციელ ნათესავთა წილ თვისებათა მსგავსება და ძმობა მათ ღმერთთან ექნებათ, აგარაკთა წილ - სამოთხე, ქვის სახლთა წილ - ზეციური იერუსალიმი, დედის წილ - იღუმენია ეკლესიასა შინა, ნაცვლად მამისა - ხუცესნი, ხოლო ნაცვლად ცოლისა - ყველა მორწმუნე ქალი, ოღონდაც არა ქორწინებით, არამედ სულიერი განწყობილებითა და მათზე კაცთმოყვრული მზრუნველობით. მაგრამ უფალი იმას კი არ გვიბრძანებს, რომ შინაურებს აუცილებლად განვშორდეთ, არამედ მაშინ, როცა ისინი ჩვენ ხელს ღმრთისმოსაობაში გვიშლიან. მსგავსად ამისა, იგი სულისა და ხორცის არად ჩაგდებასაც ბრძანებს, მაგრამ არა იმ [172]აზრით, რომ თავი მოვიკლათ. ნახე, რომ სახიერი ღმერთი არა მხოლოდ იმას გვაძლევს, რაც დავთმეთ, არამედ მათ გარდა საუკუნო ცხოვრებასაც გვანიჭებს. ეცადე, ქონება შენი შენც გაყიდო და გლახაკებს დაურიგო. ხოლო ქონება მრისხანე კაცისა მრისხანებაა, მრუშისა - მრუშობისაკენ მისი მიდრეკილება, ღრძოსი კი - გულღვარძლიანობა. გაყიდე ესენი და მიეცი გლახაკებს ანუ დემონებს, რომელთაც არავითარი სიკეთე არა აქვთ. ვნებანი შენი ვნებათა შემოქმედს დაუბრუნე, და მაშინ გექნება საუნჯე, რომელიც ქრისტეა, ზეცასა, ანუ გონებასა შინა შენსა, რომელიც ამაღლდა. ზეცა კი შენში მაშინ იქნება, უკეთუ ზეციერს დაემსგავსები.

30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა. - აქ იუდეველებსა და წარმართებზე მიანიშნებს, რადგან იუდეველნი პირველნი იყვნენ და უკანასკნელნი გახდნენ, ხოლო წარმართნი, რომელნიც უკანასკნელნი იყვნენ, პირველები შეიქნენ. ნათლად რომ გაიგო, რასაც ამბობს, უფალი შემდეგ იგავსაც უმატებს.

 

თავი  XX

1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. - სასუფეველი ცათა ქრისტეა, რომელიც, მიიღო რა ჩვენი ხატი, ადამიანს დაემსგავსა. იგი არის უფალი სახლისა, რამდენადაც სახლზე ანუ ეკლესიაზე მეუფებს. ეს ქრისტე მამის წიაღიდან გამოდის და ვენახში სამუშაოდ, [173]ე. ი. საღმრთო წერილისა და მისი მცნებების შესასწავლად, მუშებს ქირაობს. იგი ყოველ ადამიანს ქირაობს, რათა ვენახში იმუშაოს, ანუ საკუთარი სული სრულყოს. ერთს დილით, ე. ი. ყრმობის ასაკში ქირაობს, მეორეს - მესამე ჟამს, ე. ი. სიჭაბუკეში, სხვას - ექვსსა და ცხრა ჟამზე (საათზე), ე. ი. 25-30 წლისას, ანუ დავაჟკაცების ასაკში, ხოლო თერთმეტი საათისათვის - მოხუცებს, რადგან მრავალმა მოხუცებულობის ასაკშიც იწამა. ან სხვაგვარად: დღეში ახლანდელი საუკუნე იგულისხმება, რადგან ჩვენ მის მანძილზე, ვითარცა დღის განმავლობაში, ისე ვიღვწით. პირველ საათზე უფალმა ენოქსა და ნოეს მოუწოდა, მესამეზე - აბრაამს, მეექვსეზე - მოსეს, მეცხრეზე - წინასწარმეტყველებს, ხოლო მეთერთმეტზე, ანუ საუკუნეთა დასასრულს - წარმართებს, რომელნიც ყველა კეთილი საქმისთვის უმოქმედონი იყვნენ. ისინი არავინ დაიქირავა, ანუ წარმართებთან არცერთი წინასწარმეტყველი არ მივლინებულა.

8-16. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ. - საღამო საუკუნის დასასრულია. დასასრულს ყველა იღებს თითო-თითო დინარს - სულიწმიდის მადლს, რომელიც ადამიანს ღმრთის მსგავსად აქცევს და ღმრთეებრივ ბუნებასთან [174]აზიარებს. უმეტესად ისინი დაშვრნენ, რომელნიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დათრგუნვილი სიკვდილი, არც ეშმაკი შემუსვრილი და ცოდვაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ხოლო ჩვენ ქრისტეს მადლითა და ნათლისღების წყალობით განვმართლდით და მივიღეთ ძალა ჩვენს მტერზე გამარჯვებისა, ქრისტეს მიერ ერთხელ უკვე დამარცხებულისა და მოკვდინებულისა. პირველი განმარტების მიხედვით, იმათ, რომელთაც სიჭაბუკეშივე ირწმუნეს, უფრო მეტი ჯაფა დაადგათ, ვიდრე მათ, რომელნიც ქრისტესთან სიბერეში მივიდნენ. რადგან ჭაბუკი ვნებებთან ბრძოლისას ტვირთად სიმძიმეს რისხვისა და სიცხეს გულისთქმისას იღებს, მოხუცს კი ისინი აღარ აღელვებენ. მიუხედავად ამისა, ორივენი სულიწმიდისაგან ერთნაირი მადლის ღირსნი ხდებიან. ეს იგავი გვასწავლის, რომ, სინანულის წყალობით, ცათა სასუფევლის მიღება სიბერეშიც შეიძლება, რადგან მეთერთმეტე ჟამი მოხუცებულობას ნიშნავს. მაგრამ ხომ არ აღეძვრებათ წმინდანებს შური იმათ მიმართ, რომელთაც იგივე ჯილდო მიიღეს? არავითარ შემთხვევაში. აქ მხოლოდ ისაა ნაჩვენები, რომ სიკეთე, რომელიც მართლებს ეძლევათ, იმდენგვარია და იმდენი, რომ, შესაძლოა, შურიც აღძრას.

17-21. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. - ზებედეს ძენი ფიქრობდნენ, რომ უკეთუ უფალი იერუსალიმში წავიდოდა, ამქვეყნიური მეფე გახდებოდა, რადგან ხშირად ესმოდათ, როგორ ამბობდა: იერუსალიმში ავიდეთო. განიზრახეს რა კაცობრივად, დედა დაარწმუნეს მისულიყო მასთან, რადგან თვითონ აშკარად მისვლისა [175]შერცხვათ, თუმცა, როგორც მარკოზი გვამცნობს, ფარულად თვითონაც მივიდნენ. იგი გვეუბნება: მივიდნენ მასთან იაკობი და იოვანე, ე. ი. ისინი შეუმჩნევლად და ფარულად მისულან.

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც - დატოვა რა დედა უყურადღებოდ, უფალმა პასუხი შვილებს გასცა, რათა ეჩვენებინა, რომ იცოდა: მათ აიძულეს დედა მასთან მისულიყო, და უთხრა: არა იცით, რასა ითხოვთ, არ იცით, რომ ეს თვით ანგელოზთა ძალებისთვისაც კი დიდია და საკვირველი. ამის შემდეგ, ამგვარი ფიქრებისაგან რომ გამოეყვანა, მათი გონება განსაცდელთაკენ წარმართა. იმიტომ კი არ ჰკითხა, რომ არ იცოდა, არამედ იმიტომ, რომ პასუხის გაცემით იძულებული გაეხადა ისინი სენი სულისა გამოეაშკარავებინათ და ცდა არ დაეკლოთ დაპირებულის აღსრულებისათვის. უფალი ამას ამბობს: რამდენადაც ჩემს სამეფოში წილი მას, ვინც ჩემს ტანჯვას არ გაიზიარებს, არ ექნება, მითხარით მე, შეგიძლიათ ამგვარ ვნებათა დათმენა? სასუმელს იგი საკუთარ ტანჯვასა და სიკვდილს უწოდებს, რათა გვაჩვენოს, რომ, ერთი მხრივ, ეს ტანჯვა სასმისის შესმასავით იოლია და ამიტომ მასთან მიახლება ჩვენც უნდა გვეიოლებოდეს, ხოლო მეორე მხრივ, რათა ცხადყოს, რომ სიკვდილზე თავისი ნებით მიდის. ისევე როგორც, ვინც სასმელს შესვამს, უმალ მძიმდება და იძინებს, ასევე ტანჯვის სასმისის გამომცლელიც სიკვდილის ძილს ეძლევა. თავის სიკვდილს იგი ნათლობას უწოდებს, რადგან მისით ყოველი ჩვენგანი განგვწმინდა. მათ აღთქმა (დაპირება) ისე მისცეს, არც იცოდნენ, ლაპარაკი რაზე იყო და საერთოდაც ყოველივეს ადვილად აღუთქვამდნენ, ოღონდ კი ის მიეღოთ, რაც სურდათ.

23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა. - ვიცი, რომ თქვენ ტანჯვას დაითმენთ; და მართლაც ასე მოხდა: იაკობი ჰეროდემ მოაკვლევინა, [176]ხოლო იოვანე ტრაიანემ გაასამართლა, რადგან იგი ჭეშმარიტების სიტყვას ამოწმებდა. სიტყვები: ხოლო დაჯდომაჲ არა არს ჩემი მიცემად,... არამედ ვიეთდა განმზადებულ არს - ნიშნავს: უკეთუ აღმოჩნდება ვინმე, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ტანჯვას დაითმენს, ყველა სხვა სათნოებაც ექნება, ჯილდოს მიიღებს, - მისთვის, ვითარცა მოღვაწისათვის, გვირგვინია განმზადებული. ჰიპოდრომზე გამართუღ შეჯიბრზე, მეფესთან, რომელიც ჯილდოებს არიგებს, ვინმე რომ მივიდეს, ვისაც არ უასპარეზია და უთხრას: მომეც მე გვირგვინი, მომნიჭებელო ჯილდოებისა, თუმცა შეჯიბრში მონაწილეობა არ მიმიღიაო, ხომ ეტყვის მეფე: ვერ მოგცემ ტყუილად გვირგვინს, რომელიც იმისთვის განმზადდა, ვინც იასპარეზა და გაიმარჯვა. ასევე ამბობს აქ ქრისტეც: არ შემიძლია დაუმსახურებლად მოგცეთ თქვენ ადგილი ჩემს მარჯვნივ, რადგანაც ის მათთვისაა განმზადებული, რომელთაც იღვაწეს. შენ იკითხავ: ზოგიერთები ხომ მაინც დასხდებიან? იცოდე, რომ იქ ვერავინ დაჯდება, რადგან ეს მხოლოდ ღმრთეებრივი ბუნების თვისებაა. განა ანგელოზთაგან რომელს უთხრა ღმერთმა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა? (ფს. 109.1) მაგრამ ეს მათი მიხვედრილობის შესაბამისად თქვა; ვერ გაიგეს რა, რომ უფლის მიერ ზემონათქვამი სიტყვები თორმეტი ტახტის შესახებ იმ დიდებას, რომელიც სათნოებისთვის ელოდათ, ხატოვნად წარმოსახავდა, ტახტებს პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვდნენ.

24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. - როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინიც იმავე [177]პატივს ესწრაფვოდნენ. მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილნი იყვნენ, რომ ორი მათგანი დანარჩენ ათზე ამაღლებას ცდილობდა, ხოლო იმ ათს ამ ორისა შურდა. რადგანაც ათნი, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, აღშფოთდნენ, უფალმა მათ მოუწოდა და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, უკვე ამ მოწოდებით დაამშვიდა. თუ მანამდე ზებედეს ძენი სხვებს გამოეყვნენ, რომ მასთან ესაუბრათ, ახლა თვითონ ყველას ერთად მიმართა. იცოდა რა, რომ სხვებზე მეუფებისა და პირველობის სიყვარული მეტისმეტად ძლიერია და ამიტომაც მისთვის მძლავრი დარტყმის მიყენებაა საჭირო, მოწაფეებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნება და რამდენადაც დიდება უფრო სურდათ, წარმართებსა და უსჯულოებს მიაკუთვნებს. ამგვარად, არცხვენს მათ და ეუბნება: სხვა ადამიანები თავს ძალაუფლებით განიდიდებენ, მაგრამ პირველობის სიყვარული წარმართული ვნებაა, ჩემს მოწაფეებს კი პატივი თავმდაბლობით მიეგებათ. ვისაც სურს დიდი იყოს, იგი მასზე უფრო სუსტებს უნდა ემსახუროს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდაბლე და მე ეს თვითონ გაჩვენეთ, როცა უფალმა და მეუფემ ცათა თავი დავიმდაბლე, რათა თქვენი ხსნისათვის გემსახუროთ და იმდენად დავმდაბლდი, რომ სულს ვაძლევ მრავალთა ანუ ყოველთა ხსნისათვის, რადგან მრავალი აქ იგივეა, რაც ყოველი.

29-33. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას. - ბრმებმა გავრცელებული ხმებით იცოდნენ უფლის შესახებ და როცა გაიგეს, რომ აქეთ გამოივლიდა, ხელსაყრელი დრო იპოვეს. მათ ირწმუნეს, რომ იესო ხორციელად დავითის თესლისაგან იყო და მათ განკურ[178]ნებას შეძლებდა. ჰქონდათ რა ამგვარი მხურვალე რნმენა, ვერ აიძულეს გაჩუმებულიყვნენ, პირიქით, უფრო ხმამაღლა აყვირდნენ. ამიტომაც უფალი მათ იმას კი არ ეკითხება, რწმენა ჰქონდათ თუ არა, არამედ იმას, რა სურდათ მისგან, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ბრმებს სხვა რამ სურდათ და მან სხვა მისცაო. ამ კითხვით იგი იმასაც ცხადყოფს, რომ ისინი არა ვერცხლის, არამედ განკურნების მისაღებად ღაღადებდნენ. მან ისინი შეხებით განკურნა, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ მისი წმინდა ხორცის ყველა ნაწილი ცხოველმყოფელი და ღმრთეებრივია. თუმცა ლუკა და მარკოზი ერთ ბრმაზე საუბრობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მათეს ეწინააღმდეგებიან. მათ ის მოიხსენიეს, ვინც უფრო იყო ცნობილი. შეიძლება სხვაგვარადაც ავხსნათ: ლუკა გვეუბნება, რომ ბრმა იერიქონში შესვლამდე განკურნა, ხოლო მარკოზი - იერიქონიდან გამოსვლის შემდეგო. მათე კი, რომელსაც სისხარტე უყვარს, ორივეს შესახებ ერთდროულად გვიყვება. ბრმებში წარმართთაგან ისინი იგულისხმე, რომელნიც ქრისტემ გზად გავლისას განკურნა. ქრისტე უწინარესად არა წარმართებისთვის, არამედ ისრაელიანებისათვის მოვიდა, მაგრამ მსგავსად იმ ბრმებისა, რომელთაც იესოს შესახებ მოსმენით შეიტყვეს, ასევე წარმართებმაც იგი გაგონილით ირწმუნეს. ისინი კი, ბრმებს რომ აჩუმებდნენ და იესოს სახელის წარმოთქმას უკრძალავდნენ, ქრისტიანთა მდევნელი მმართველები არიან, რომელნიც ცდილობდნენ ძალით დაეხშოთ ეკლესიის ბაგენი, მაგრამ ქრისტეს სახელს იგი კიდევ უფრო და უფრო მეტი სიმტკიცით აღიარებდა; ამიტომაც განიკურნა, ცხადად იხილა ნათელი ჭეშმარიტებისა და ქრისტეს გაჰყვა, მიბაძა რა მას თავისი ცხოვრებით.

 

თავი XXI

1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუე[179]თუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი წარმართების მოთვინიერებას ნიშნავს. სახედარი და ჩოჩორი საკუთარი ცოდვების თოკებით იყვნენ დაბმულნი, ამიტომაც მათ ასახსნელად პავლე წარმართებთან წარიგზავნა, ხოლო პეტრე - წინადაცვეთილებთან ანუ იუდეველებთან. ვიდრე დღემდე, ჩვენი მხსნელი ჩვენივე ცოდვებისგან ორია: სამოციქულო და სახარება. ქრისტე სიმდაბლით მიემართება, რადგან პირველად იგი არა სამყაროს დასასჯელად, არამედ მისი ხსნისათვის მოვიდა. ებრაელთა სხვა მეფენი მტაცებელნი და უსამართლონი იყვნენ, ქრისტე კი მშვიდი მეფეა.

6-7. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. - ლუკა და მარკოზი მხოლოდ ჩოჩორს (კიცვს) ახსენებენ, მათე კი - სახედარს და მის ჩოჩორს, მაგრამ ისინი არც აქ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, რადგან, როცა ჩოჩორი წაიყვანეს, დედაც თან გაჰყვა. იესო დაჯდა მათ ზედა1, ოღონდ არა ორ ცხოველზე, არამედ სამოსლე[180]ბზე, ან: იგი ჯერ სახედარზე დაჯდა, შემდეგ კი ჩოჩორზე, რადგან თავდაპირველად იუდეველთა სინაგოგაში ჩერდებოდა, შემდეგ წარმართებიდან იმ ხალხთან, რომელმაც ირწმუნა.

8-9. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! - პირდაპირი, ისტორიული მნიშვნელობით დაფენა სამოსისა დიდი პატივის მიგებას ნიშნავს, ხოლო - ჩამოკაფული რტოებისა ზეიმს გამოხატავს; დაფარული მნიშვნელობით კი ასე გაიგე: უფალი მაშინ დაჯდა, რაჟამს მოწაფეებმა თავიანთი სამოსელი, ანუ სათნოებანი დაუფინეს. ამგვარად, უკეთუ სული მოციქულებრივი სათნოებებით არ შეიმკობა, ღმერთი მასზე არ განისვენებს. წინ მავალნი (რომელი წინა-უვიდოდა) წინასწარმეტყველები არიან, რომელნიც ქრისტეს განკაცებამდე ცხოვრობდნენ, ხოლო უკან მიმავალნი (რომელი უკუანა შეუდგა) - განკაცების შემდგომ მცხოვრებნი მოწამენი და მოძღვარნი. ისინი ქრისტეს თავიანთ სამოსელს უფენდნენ, ანუ სხეული სულს დაუმორჩილეს, რადგანაც სამოსელი და საფარველი სულისა სხეულია. მათ თავიანთი სხეულები გზასა ზედა ანუ ქრისტეში განფინეს, რადგანაც თვითონვე ამბობს: მე ვარ გზაჲ. უკეთუ ვინმე თავის სხეულს არ  განფენს, ანუ არ დაამდაბლებს გზასა ზედა, ე. ი. არა ქრისტეში მყოფი, არამედ ერეტიკოსი იქნება, მას ზედა უფალი არ განისვენებს. ზოგიერთების განმარტებით, ოსანა საგალობელს ან ფსალმუნს ნიშნავს, ხოლო სხვების აზრით, რომელიც უფრო სწორია: გვაცხოვნე (გვიხსენ) ჩვენ. უფალს მომავალი ეწოდება, რადგან ებრაელები მის მოსვლას ელოდებიან. იოვანემაც ხომ ასე უთხრა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვის მოსვლასაც ელოდებიან? გარდა ამისა, უფალს მომავალი იმიტომაც ეწოდა, რომ მის მეორედ მოსვლას ყოველდღე უნდა ველოდეთ. ასე რომ, თითოეული ჩვენგანი აღსასრულსა და უფლის მოსვლას მუდამ უნდა ესვიდეს და ამისთვის [181]ემზადებოდეს.

10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით2.

12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ ტაძრისა, გამოყარა რა მოვაჭრენი, აჩვენა, რომ ყოველივე, რაც მამისაა, მისიცაა. იგი ასე, ერთი მხრივ, ტაძრის განმშვენებაზე ზრუნვის გამო მოიქცა, ხოლო მეორე მხრივ, შესაწირავი მსხვერპლის შეცვლაზე მიანიშნა, რადგანაც, ხარებისა და მტრედების გარეკვით გვამცნო, რომ საჭიროა არა დაკვლა ანუ მსხვერპლად შეწირვა ცხოველების, არამედ ლოცვისა.

სახლსა ჩემსა, - ამბობს იგი, - სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა, რადგან მკვლელობანი და სისხლისღვრანი ქვაბთა შინა ავაზაკთა ხდებოდა, ან: ავაზაკების გამოქვაბული ტაძარს მეწვრილმანეთა, მყიდველთა და გამყიდველთა გამო უწოდა, რადგან მოხვეჭის სიყვარული ავაზაკთა ვნებაა. [182]მეკერმენი (κολλυβισταί) ისინი არიან, ვისაც ჩვენ გადამხურდავებლებს (τραπεζίται) ვუწოდებთ, რადგანაც კერმა - ეს არის წვრილი მონეტა, როგორც ჩვენი ობოლი ან ვერცხლი. მტრედების გამყიდველნი საეკლესიო ხარისხებით მოვაჭრენი არიან, რადგან ისინი ყიდიან მადლს სულისა წმიდისა, რომელიც მტრედის სახით გარდამოხდა. ამგვარნი ვითარცა მდვდლობისათვის უღირსნი, როგორც ზეციური, ასევე ამქვეყნიური ტაძრიდანაც განიდევნებიან. შენც მიხედე, რომ ტაძარი ღმრთისა, ანუ შენი ზრახვანი ავაზაკთა, ე. ი. დემონთა ბუნაგად არ აქციო. ხოლო გონება ჩვენი ბუნაგად მაშინ იქცევა, რაჟამს ყიდვა-გაყიდვასა და მომხვეჭელობაზე მატერიალური ზრახვები მოგვიცავს და თვით ხურდების, ანუ წვრილი მონეტების შეგროვებასაც კი დავიწყებთ. მსგავსად ამისა, საკუთარ თავს ავაზაკთა ბუნაგად ვაქცევთ, უკეთუ მტრედების ანუ იმ სულიერი სწავლებისა და განსჯის ყიდვა-გაყიდვას შევუდგებით, რომელიც ჩვენშია.

14. და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი. - უძლურთა განკურნებით აჩვენა, რომ ღმერთია და რომ კარგად მოიქცა, როცა, ვითარცა უფლებამოსილმა, თავისი სახლიდან უღირსნი გაყარა. ეს იმასაც ცხადყოფს, რომ იუდეველთა გაყრის შემდეგ, რომელნიც სჯულსა და პირუტყვთა მსხვერპლად დაკვლის ადათს იყვნენ მიჯაჭვულნი, მის მიერ შეწყნარებულ იქნენ და განიკურნენ ბრმები და კოჭლები წარმართთაგან. 

15-16. და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ? - როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ ყრმები ქრისტეს დავითის საგალობელს უძღვნიდნენ, რომელიც, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველმა ღმერთს მიუძღვნა, შურით მოწყლულებმა უსაყვედურეს იმის გამო, [183]რომ ნება მისცა მისთვის მიეძღვნათ ის, რაც ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ უფალმა ყრმები გაამართლა და თქვა: მე არა თუ გაჩუმებას ვუბრძანებ მათ, რომელნიც ასე მომმართავენ, არამედ მოწმედ წინასწარმეტყველსაც მოვიყვან და წარმოვაჩენ, რომ თქვენ ან უვიცნი ხართ, ან შურიანები, რამეთუ არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ. დაამტკიცე (κατηρτίσω) აქ ნიშნავს: მწყობრი (άρτίος) და სრულყოფილი ქება შექმენი. მართალია, ასაკის გამო ყრმები არასრულყოფილებად ითვლებიან, მაგრამ ისინი თვითონ კი არ ამბობდნენ იმას, რასაც ამბობდნენ, არამედ თავიანთი ბაგენი სულიწმიდას მიანდვეს და მის იარაღად იქცნენ. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა - იმიტომაცაა ნათქვამი, რათა მიანიშნოს: სიტყვები ყრმების გონებიდან კი არ მოდიოდნენ, არამედ მხოლოდ ბაგეებიდან, რომელნიც ღმრთეებრივი მადლით მოძრაობდნენ. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ქრისტეს ქებას ყრმები და უგუნურნი, ანუ წარმართები შეასხამდნენ. ეს მოციქულებსაც ანუგეშებდა, რომ: თუმცა უბრალო ადამიანები იყვნენ, სიტყვა მათაც მიეცემოდათ. ასე რომ, უკეთუ ვითარცა ჩვილი, უბოროტო იქნები და სულიერი რძით - ღმრთეებრივი სიტყვებით ისაზრდოებ, შენც ღირსი გახდები იმისა, რომ ღმერთი ადიდო.

17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. - უფალი მათ, ვითარცა უღირსთ, გაშორდა და ბეთანიაში წავიდა, რომელიც ითარგმნება როგორც სახლი მორჩილებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებიდან იგი მორჩილებთან გადავიდა და მათთან დამკვიდრდა, რადგან ნათქვამია: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის (II კორ. 6.16).

18-20. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად [184]განჴმა ლეღჳ იგი! - რადგანაც უფალი სასწაულებს ხშირად აღასრულებდა და ეს სასწაულები ყოველთვის კეთილი იყო, და ამასთან, არცერთი სასწაული არ აღუსრულებია ვინმეს დასასჯელად, რომ არ ეფიქრათ, დასჯა არ შეუძლიაო, აქ თავის ამ ძალასაც წარმოაჩენს, მაგრამ, ვითარცა კაცთმოყვარე, მას არა ადამიანთა, არამედ ხის მიმართ იყენებს, ისევე როგორც მანამდე ეს ღორების მიმართ გააკეთა. იგი ხეს ახმობს, რათა ადამიანები გონს მოიყვანოს. მოწაფეებს გაუკვირდათ და სამართლიანადაც, იმან, რომ ეს ხე შედარებით უფრო წვნიანია, სასწაული მისი მეყსეულად გახმობისა კიდევ უფრო წარმოაჩინა. ლეღვის ხე იუდეველთა სინაგოგას ნიშნავს, რომელსაც მხოლოდ ფოთლები, ანუ საჩვენებელი წიგნი აქვს, მაგრამ სულიერი ნაყოფი - არა. ყოველი ადამიანი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების ტკბობას ეძლევა, ამ ლეღვს ემსგავსება. მას არ აქვს სულიერი ნაყოფი მოშიებული ქრისტესთვის მისაცემად, არამედ მხოლოდ ფოთლები - დროებითი და წარმავალი მოჩვენება. ამგვარი კაცი თავის თავზე წყევლას მოისმენს, რადგანაც ნათქვამია: განმეშორენით ჩემგან, წყეულნო. ცეცხლსა შინა იგი გახმება და ცეცხლში ტანჯვისას, ვითარცა სახარებისეულ მდიდარს, ენაც გაუხმება.

21-22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ. - დიდია ეს აღთქმა ქრისტესი, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა; ჩვენ შეგვიძლია მთებიც კი გადავდგათ, თუკი არ შევორგულდებით. ანუ ეჭვს არ შევიტანთ, და ყოველივეს, რასაც კი გარეშე დაეჭვებისა ვითხოვთ, ღმრთის ძალით, მივიღებთ კიდეც. ვინმემ შეიძლება თქვას: რაიმე მავნებელი (ცუდი) რომ ვითხოვო და უგუნურებით მჯეროდეს კიდეც, რომ ღმერთი მას აუცილებლად მომცემს, ნუთუ ამ მავნებელსაც (ცუდსაც) მივიღებ? და კაცთმოყვარე ღმერთი სათხოვარს, რომელიც ჩემთვის მავნებელია, როგორღა ამისრულებს? მისმინე: უწინარესად, როცა რწმენის შესახებ ისმენ, არა უგუნური, [185]არამედ ჭეშმარიტი რწმენა იგულისხმე; ასევეა ლოცვაც, მისითაც სასარგებლო უნდა ითხოვოთ, როგორც ეს უფალმა გვასწავლა: და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან და სხვა. შემდეგ, ყურადღება მიაქციე გამოთქმას: არა შეორგულდეთ. ვინც ღმერთთან ისეა შეერთებული, რომ მასთან ერთად ერთს ქმნის, არც შეუორგულდება და არც განეშორება, იმას, რაც ზიანის მომტანია, როგორღა შესთხოვს? ასე რომ, უკეთუ ღმერთთან განუშორებელი და განუყრელი ვიქნებით, მაშინ მისგან მხოლოდ სასარგებლოს ვითხოვთ და მივიღებთ კიდეც.

23-27. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. - შეშურდათ რა მისი სჯულის მოძღვართ, როცა მან ტაძრიდან მოვაჭრენი გაყარა, მივიდნენ მასთან და ამგვარი კითხვა დაუსვეს: ვინ ხარ შენ, რომ ტაძრიდან მოვაჭრეები გააძევე? უკეთუ ეს როგორც მღვდელმა გააკეთე, შენ ხომ სამღვდელო ხარისხი არ გაქვს? ხოლო უკეთუ ასე, ვითარცა მეფე, მოიქეცი, შენ ხომ არც მეფე ხარ და კიდევაც რომ ყოფილიყავი, ასე მოქცევა მაინც არ შეგეძლო, რადგან ტაძარში გამგებლობის ნება არც მეფეებს აქვთ. ეს იმიტომ ჰკითხეს უფალს, რომ თუ იტყოდა, ამას ჩემი ძალაუფლებით ვიქმო, ცილი დაეწამებინათ მისთვის, ვითარცა მეამბოხისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიითვისა, ხოლო უკეთუ იმას იტყოდა, ასე ღმრთისაგან ბოძებული ძალაუფლებით ვიქცევიო, იმ მიზეზით, რომ ნახეთ, [186]ღმერთი კი არ არის, არამედ მონა, რომელიც ღმრთისგან მოცემული ძალით მოქმედებსო, მისთვის ხალხი ჩამოეშორებინათ, ვინც მას, ვითარცა ღმერთს, ადიდებდა. რა უპასუხა მათ ქრისტემ, რომელიც თავად სიბრძნეა? იგი ბრძენთ თავიანთ ვერაგობაში ამხელს და მსგავსსავე კითხვას უსვამს იოვანეს შესახებ, რადგან: უკეთუ იტყოდნენ იოვანეს ქადაგება ზეცით იყოო, რამდენადაც ეს სწავლება არ შეიწყნარეს, ღმრთისმბრძოლნი გამომდგარიყვნენ, ხოლო თუ იმას იტყოდნენ, კაცთაგანო, რამდენადაც იოვანეს ყველა წინასწარმეტყველად აღიარებდა, ხალხისაგან საფრთხე შექმნოდათ. აქ უფალი იმასაც გვასწავლის, რომ ბოროტი განზრახვით დასმულ კითხვებს არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან იუდეველთა მიერ მზაკვრულად დასმული კითხვისათვის, თუმცა ეს მისთვის ძნელი არ იქნებოდა, პასუხი არც თვითონ გაუცია. აქვე ქრისტეს მაგალითით იმასაც ვსწავლობთ, რომ თავი არ უნდა განვიდიდოთ. რა თქმა უნდა, უფალს შეეძლო ეთქვა, ასე რომელი ძალაუფლებით მოქმედებდა, მაგრამ არ თქვა, რათა არ ეფიქრათ, რომ თავს თვითონ განიდიდებდა.

28-32. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი. - უფალს აქ ორგვარი ხალხი შემოყავს. ერთნი. რომელთაც თავიდანვე დადეს აღთქმა და ასეთები იუდეველები იყვნენ; მათ თქვეს: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ (გამოსვლ. 24.3); ხოლო მეორენი - ურწმუნონი, მაგალითად, მეზვერენი, მეძავნი და [187]აგრეთვე, წარმართნი, რომელნიც, თუმცა, თავდაპირველად ღმრთის ნებას არ დაემორჩილნენ, მაგრამ ბოლოს შეინანეს და შეისმინეს. ყურადღება მიაქციე ქრისტეს სიბრძნეს. ფარისევლებს თავიდანვე კი არ უთხრა, მეზვერენი და მეძავნი თქვენზე უკეთესნი არიანო, არამედ აიძულა ისინი თვითონვე ეღიარებინათ, რომ ორი შვილიდან უფრო დამჯერე ის იყო, რომელმაც მამის ნება აღასრულა. ხოლო შემდეგ, როცა მათ ეს აღიარეს, დასdინა: მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, ანუ უბიწო ცხოვრებით, და ვერც თქვენ იტყვით, რომ მისი ცხოვრება გაკიცხვას იმსახურებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეძავებმა შეისმინეს მისი, თქვენ კი - არა. ამიტომაც წარგიძღვებიან თქვენ ისინი, ე. ი. თქვენზე ადრე შევლენ სასუფეველსა შინა. შეეცადეთ, რომ თქვენც ირწმუნოთ, რათა მათ შემდეგ მაინც შეხვიდეთ, ხოლო უკეთუ არ ირწმუნებთ, საერთოდ ვერ შეხვალთ. ბევრნი დღესაც აძლევენ აღთქმას ღმერთსა და მამას, რომ მონაზვნები ან მღვდლები გახდებიან, მაგრამ შემდგომად აღთქმისა, უზრუნველად ცხოვრობენ, ხოლო სხვანი, რომელთაც, მართალია, აღთქმა მონაზვნობისა ან მღვდლობისა არ დაუდვიათ, ცხოვრებას, ვითარცა მონაზონნი და მღვდელნი ისე ატარებენ. დამჯერე (მორჩილი) შვილები სწორედ ესენი არიან, რადგანაც მამის ნებას აღასრულებენ, თუმცაღა აღთქმა არ დაუდვიათ.

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედ[188]ნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.

34-39. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. - ჟამი ნაყოფის მოწევისა წინასწარმეტყველთა დროს დადგა. წარგზავნილი მონები წინასწარმეტყველები არიან, რომელთაც მევენახენი ანუ მათი თანამედროვე ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი სხვადასხვაგვარად შეურაცხყოფდნენ. ზოგს სცემდნენ, როგორც მაგალითად, მიქეას, რომელსაც მეფე სედუკიამ ლოყაში გაარტყა. ზოგს კლავდნენ, მსგავსად ზაქარიასი, ვინც ტაძარსა და საკურთხეველს შორის მოკლეს. სხვები ქვებით ჩაქოლეს, როგორც ზაქარია, ძე იოდაე მღვდელმთავრისა. ბოლოს ღმერთმა თვისი ძე წარგზავნა, რომელიც ხორციელად გამოჩნდა და თქვა: შე-ხოლი თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ იცოდა, რომ მასაც მოკლავდნენ, არამედ იმის გამოსახატავად, რაც უნდა მომხდარიყო. ის ამბობს: თუმცა მონები დახოცეს, მაგრამ ძის ღირსებას მაინც უნდა სცენ პატივიო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, თქვეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით მოვკლათ იგი. ასევე იუდეველებმაც ის, ვისზეც თვითონვე ამბობდნენ, ეს ქრისტე არისო, ჯვარს აცვეს, განიყვანეს გარეშე ვენაჴისა და მოკლეს, რადგან უფალიც ქალაქგარეთ იქნა მოკლული. მაგრამ, [189]როგორც ვთქვით, თუ ვენახი ხალხია, მაშინ ფარისევლებმა, ამ ბოროტმა მევენახეებმა, იგი გარეშე ვენაჴისა ანუ უზაკველი ხალხისათვის გვერდის ავლით მოკლეს.

40-41. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. - როდის მოვა? მეორედ მოსვლისას? შეიძლება ასეც გავიგოთ, მაგრამ უმჯობესია ასე გააზრება: უფალი სავენახისა-მამა ღმერთია; მან თვისი ძე წარგზავნა, რომელიც მოკლეს, როცა იგი მოვა, ანუ მოხედავს უსჯულოებას, რომელიც იუდეველებმა ჩაიდინეს: მაშინ ბოროტთა მათ ბოროტად წარწყმედს - მათ წინააღმდეგ რომაელთა ჯარებს წარგზავნის, ხოლო თავის ვენახს ანუ ხალხს სხვა მევენახეებს - მოციქულებსა და მოძღვრებს გადასცემს. შეიძლება ვენახი საღმრთო წერილად მოვიაზროთ, რომელშიც ასო ზღუდეა, საწნახელი - სიღრმე სულისა, ხოლო გოდოლი- ამაღლებული ღმრთისმეტყველება. თავდაპირველად წმ. წერილი ბოროტ მევენახეებს - ფარისევლებს ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა, ვინც მას კეთილად დავამუშავებთ. ამ აზრითაც, მათ უფალი ვენახს გარეთ, ანუ წინააღმდეგ იმისა მოკლეს, რასაც საღმრთო წერილი ქრისტეს შესახებ იუწყებოდა.

42-44. ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. - თავის თავს ლოდს უწოდებს, ხოლო მაშენებელთ - იუდეველთა მოძღვრებს, რომელთაც იგი, ვითარცა გამოუსადეგარი, უგულებელყვეს და უთხრეს: სამარიტელი ხარ შენ და შენში ეშმაკია. მაგრამ რაჟამს აღდგა მკედრეთით, კუთხის თავში იქნა დადებული, ანუ შეაკავშირა რა ერთი რწმენით იუდეველები და წარმართები, ეკლესიის თავი გახდა. ვი[190]თარცა ქვა, შენობის კუთხეში დადებული, ორ კედელს ერთმანეთთან აერთებს, ასევე ქრისტემაც ყოველნი ერთი სარწმუნოებით შეაერთა (შეკრა). ეს კუთხე საკვირველია და ღმრთისაგანაა, რადგანაც ეკლესია, რომელსაც ჩვენ ვუპყრივართ და სარწმუნოებით გვაერთიანებს, ღმრთეებრივი წარმოშობისაა და დიდი გაკვირვების ღირსიცაა თავისი კეთილმშვენიერი აგებულებით. ეს კუთხე გასაოცარია იმითაც, რომ ქრისტეს სიტყვა სასწაულებითაა დამტკიცებული და ძალმოსილი, ასე რომ, ეკლესიის წყობაც განსაცვიფრებელია. იუდეველებს წაერთვათ სასუფეველი ღმრთისა, ანუ სიახლოვე მასთან და იმათ გადაეცათ, რომელთაც ირწმუნეს. იუდეველები, რომელთაც ამ ლოდს ფეხი წამოჰკრეს და ქრისტესთან მიმართებაში ცდუნდნენ, მეორედ მოსვლის დროსაც შეიმუსრებიან, თუმცა მის მიერ უკვე დათრგუნულნი არიან, დედამიწაზე ყველგან გაფანტულნი, როგორც ბედკრულ იუდეველებს ახლა ვხედავთ3.

45-46. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი. - აქაც იხილე, რომ უზაკველი და უბრალო ხალხი ჭეშმარიტებას მიჰყვება, მაშინ, როცა სჯულის მოძღვარნი ბოროტს განიზრახავენ. ებრაელები დღემდე ცდილობენ იპოვონ ქრისტე, მაგრამ ამისთვის არც ძალა შესწევთ და არც გონიერება. ისინი ანტიქრისტეს შეიწყნარებენ და თაყვანს მას სცემენ, ხოლო ქრისტეს არ მიიღებენ ანუ ვერ შეიცნობენ.

-------------------------------------------------------------------------------------------

1 - სახარების ბერძნულ რედაქციაში, რომელსაც ნეტ. თეოფილაქტე განმარტავს, ამ ადგილას, ქართული რედაქციისაგან განსხვავებით, რომელშიც ვკითხულობთ, რომ იესუ დაჯდა მას ზედა, იკითხება, რომ იგი მათ ზედა დაჯდა (εκάθισεν επάνω αυτων).

2 - დაურთო რა ნაწევარი "ὁ", ამით გამოარჩია სხვა წინასწარმეტყველთაგან.

3 – I ს-იდან მოყოლებული, იუდეველებმა თავიანთი სახელმწიფო არა თუ XI, არამედ XX ს-მდე ვერ აღადგინეს.


თავი XXII

1-7. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი [191]მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. - მსგავსად ვენახზე თქმული იგავისა, ეს იგავიც იუდეველთა ურწმუნოებაზე მიანიშნებს, ოღონდ პირველი ქრისტეს სიკვდილს გამოხატავს, ხოლო მეორე - საქორწინო სიხარულს ანუ აღდგომას. ამასთან, აქ შედარებით იუდეველთა უფრო მძიმე ცოდვებია წარმოჩენილი, ვიდრე პირველ იგავში: რადგან იქ მათ ნაყოფის მოსათხოვნად მისულნი დახოცეს, ხოლო აქ - ქორწილზე მაწვეველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი წარმოჩნდება არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც ჩვენს წინაშე უნდა წარმოჩნდეს. რაჟამს ჩვენ, კაცნი, ვემორჩილებით რა კაცობრივ სისუსტეებს, ვკვდებით, ღმერთი კაცად გვეჩვენება, ხოლო როცა ღმრთის მსგავსად ვცხოვრობთ, ღმერთი ღმერთთა კრებულში წარმოგვიდგება (ფს. 81.1). ასევე, უკეთუ ვითარცა ცხოველნი, ისე ვცხოვრობთ, იგიც ჩვენთვის ან ვეფხვია, ან დათვი, ან კიდევ ლომი. აუღლებს რა მას ყველა კეთილსახიერ სულთან, ღმერთი თავისი ძისთვის ქორწილს იხდის, სიძე ქრისტეა, სასძლო კი ეკლესია და, საერთოდ, ყოველი სული; პირველად მონები - მოსე და მისი თანამედროვე წმინდანები წარიგზავნენ, რომელთაც ებრაელებმა არ დაუჯერეს და, ანაწყენებდნენ რა ღმერთს უდაბნოში, ორმოცი წლის განმავლობაში ღმრთის სიტყვისა და სულიერი სიხარულის შეწყნარება არ მოისურვეს. შემდეგ სხვა მონები - წინასწარმეტყველები იქნენ წარგზავნილნი. მაგრამ ებრაელებმა ზოგიერთი მათგანი მოკლეს, როგორც მაგალითად ესაია, ხოლო ზოგიც, შეურაცხყვეს როგორც იერემია, რომელიც ბინძურ თხრილში ჩააგდეს. შედარებით ზომიერებმა საერთოდ უარი თქვეს მიწვევაზე, მათგან ზოგიერთი საკუთარ მინდორში წავიდა, ანუ ხორ[192]ციელი ტკბობით აღსავსე ცხოვრებისა და ნებივრობისაკენ მიიდრიკა, რადგანაც მინდორი ყოველი კაცისათვის მისივე სხეულია, ხოლო ზოგიც თავისი სავაჭროსაკენ ანუ ანგარებისმოყვარული ცხოვრებისაკენ მიიქცა, რამდენადაც ვაჭრები ყველაზე ანგარებისმოყვარენი არიან. ამგვარად იგავი გვიჩვენებს, რომ სულიერ ქორწილს ანუ ქრისტესთან შეერთებასა და სულიერ ნადიმს ადამიანები თავს უპირატესად ორი ვნების - ხორციელი ტკბობისა და ანგარებისმოყვარეობისა გამო არიდებენ. სულიერ ნადიმს აქ საუზმე ეწოდება, ხოლო სხვაგან - სერი (ვახშამი). ვახშამია იმდენად, რამდენადაც ეს საქორწინო ნადიმი სრულად უკანასკნელ ჟამს, საღამოს ანუ საუკუნეთა დასასრულს გაცხადდა, მაგრამ ამავე დროს საუზმეცაა, რადგანაც საიდუმლო, თუმცა შედარებით უფრო ბუნდოვნად, მაგრამ პირველ საუკუნეებშიც იქნა გამჟღავნებული. ზუარაკები და უსხები ძველი და ახალი აღთქმებია. ზუარაკებით (მოზვრები) ძველ აღთქმას წარმოაჩენს, რომელშიც მსხვერპლად შესაწირად ცხოველები მიჰყავდათ, ხოლო უსხებით1- ახალ აღთქმას, რადგანაც ჩვენ ახლა საკურთხეველზე ძღვნად პურები მიგვაქვს, რომელთაც, როგორც ხორბლისაგან დამზადებულებს, მართლაც შეიძლება ნასუქები (ნაზუქები) ეწოდოს. ამგვარად, ღმერთი ჩვენ ძველი და ახალი აღთქმის სიკეთეთა გემოჲსხილვად გვიხმობს. როცა ვინმეს იხილავ, რომელიც ღმრთეებრივ სიტყვას ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ ასწავლის რა ცხადად, იგი მსმენელებს სულიერ პურს აწვდის და წრფელთა სულებს ასაზრდოებს და აპურებს. აქ შენ იკითხავ: როგორღა ბრძანებს: არქუთ ჩინებულთა მათ (უთხარით წვეულებს), რადგან უკეთუ უკვე მიწვეულნი იყვნენ, კვლავ მიწვევა რაღად სჭირდებოდათო; მაშ, იცოდე, რომ ყოველი ჩვენგანი ბუნებით უკვე მიწვეულია სიკეთეზე, მიწვეულია თანდაყოლილი მოძღვრის - გონების მიერ; მაგრამ ღმერთი გარეშე მოძღვრებსაც გზავნის, რათა გონების მიერ ბუნებრივად უკვე წვეულნი გარედანაც მიიწვიონ. მაშინ მეფემ თავისი მხედრიონი, [193]ანუ რომაელები წარგზავნა, ურჩი იუდეველები ამოწყვიტა და მათი ქალაქი - იერუსალიმიც გადაწვა, როგორც ამას დაწვრილებით მოგვითხრობს იოსები.

8-10. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. - რადგან პირველად წარგზავნილმა მონებმა - მოსემ და წინასწარმეტყველებმა იუდეველები ვერ დაარწმუნეს, სხვა მონები - მოციქულები წარგზავნა; მათ წარმართებს მოუწოდეს, რომელნიც ჭეშმარიტი გზით კი არ მიდიოდნენ, არამედ დაყოფილნი და მოძღვრების მრავალ გზაზე დანაწევრებულნი, გზათსაყარებზე ანუ დიდ ცდომილებასა და ეჭვქვეშ იყვნენ. რადგანაც თანხმობა არც ერთმანეთთან ჰქონდათ, ისინი არა მართებულ გზაზე, არამედ გზათგასაყარებზე იდგნენ. ეს იყო უკეთური სწავლებანი, რომელთაც წარმართები აცხადებდნენ; მაგრამ ყველა ერთნაირად როდი ფიქრობდა, არამედ ზოგს ეს მიაჩნდა ჭეშმარიტებად და ზოგს-ის. კიდევ უფრო უკეთესია ამგვარი გაგება: გზა - თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და მოქალაქეობაა, გზათგასაყარნი ანუ გზიდან მიდრეკა კი - მოძღვრებანი. ელინები, რომელთაც უვარგისი გზა ანუ სათაკილო ცხოვრება ჰქონდათ, უკეთური ცხოვრებიდან ბიწიერ სწავლებებამდე მივიდნენ. მათ სამარცხვინო ღმერთები წარმოადგინეს, რომელნიც ვნებებს მფარველობდნენ. იერუსალიმიდან წარმართებთან გასულმა მოციქულებმა ყველანი - უკეთურნიცა და კეთილნიც, ანუ როგორც ყოველგვარი ბოროტებით აღვსილნი, ასევე ზომიერნიც, რომელთაც მათთან შედარებით კეთილებს უწოდებს, ერთად შეკრიბეს.

11-14. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან [194]მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. - ქორწილმი შესვლა განურჩევლად ხდება: ჩვენ ყველანი - კეთილნიცა და უკეთურნიც - მხოლოდ მადლითა ვართ წოდებულნი, მაგრამ ცხოვრება ჩვენი (ქორწილზე წვეულთა) გამოუძიებლად კი არ დარჩება, არამედ შემდგომად რწმენაზე მოქცევისა, მეუფე მას ფრიად გულმოდგინედ გამოიძიებს და შებილწულნი აღმოვჩნდებით. მოვიაზრებთ რა ამას, ვძრწოდეთ, რადგან, ვისაც წმინდა ცხოვრება არ ექნება, მხოლოდ რწმენა სარგებლობას ვერ მოუტანს. ამგვარი არა მხოლოდ ქორწილიდან განიდევნება, არამედ ცეცხლშიც ჩაიგდება. და ვინ არის ეს, ვინც შებილწულ სამოსელს ატარებს? ეს ისაა, ვინც ვერ შეიმოსა სამოსი მოწყალების, სათნოებისა და ძმათმოყვარებისა. მრავალნი არიან, რომელნიც თავს იმ ფუჭი (ამაო) იმედებით იტყუებენ, რომ ცათა სასუფეველს მოიპოვებენ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონენი, თავს რჩეულთა დასს აკუთვნებენ. უღირსის გასამართლებით, უფალი, ჯერ ერთი, იმას გვაჩვენებს, რომ კაცთმოყვარე და სამართლიანია და მეორეც, რომ არც ჩვენ უნდა დავადანაშაულოთ არავინ, თუნდაც ისინი, რომელნიც აშკარად სცოდავენ, ვიდრემდე მხილებულნი არ იქნებიან. შემდეგ: უფალი მსახურებს - დამსჯელ ანგელოზებს ეუბნება: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი, ანუ მოქმედი ძალები მისი სულისა. ამ საუკუნესა შინა (ამ ცხოვრებასა შინა) ჩვენ შეგვიძლია რამე ჩავიდინოთ და მოვიმოქმედოთ, ხოლო მომავალ საუკუნესა შინა ყველა მოქმედი სულიერი ძალა შეკრული იქნება და ცოდვათა გამოსასყიდად რაიმე კეთილი საქმის ჩადენას ვეღარ შევძლებთ. ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ეს მხოლოდ უსარგებლო (ამაო) მცდელობაა. მრავალ არიან ჩინებულნი, უფალი მრავალს ან უფრო სწორად ყველას იხმობს (იწვევს); მცირედ - რჩეულნი, მაგრამ ცოტანი არიან ისინი, რომელნიც გადარჩებიან და ღმრთისგან რჩეულობის ღირსნი იქნებიან. ამგვარად, ღმრთის საქმე ხმობაა, ხოლო რჩეულნი გავხდებით თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. ასე აგებინებს უფა[195]ლი იუდეველებს, რომ ეს იგავი მათზე ითქვა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მიწვეულნი, მაგრამ არა რჩეულნი მათი ურჩობისა გამო.

15-16. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა. - რაკიღა ფარისეველნი ასე მზაკვრული ჩანაფიქრისა გამო იქცევიან, ლუკა მახარებელი მათ მზირებს უწოდებს, რომელნიც ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ მიგზავნილნი, ხოლო ჰეროდიანები ან ჰეროდეს მეომრები იყვნენ, ან ისინი, რომელნიც ჰეროდეს ქრისტედ მიიჩნევდნენ. როცა იუდას მთავრები აღარ იყვნენ და ჰეროდე გამეფდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იგი ქრისტე იყო. ამგვარ ადამიანებთან მიდიან ფარისეველნი, რათა ქრისტეს მახე დაუგონ. მოისმინე, როგორ საუბრობენ ისინი მასთან და ეუბნებიან:

16-22. და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს. - ფიქრობენ რა, რომ ქებით მოალმობიერებენ და მოინადირებენ, ემლიქვნებიან, რათა გულმოლმობილს ეთქვა, გამოსაღები არ მისცეთო, რის შედეგადაც, ვითარცა შფოთისთავსა და კეისრის წინააღმდეგ ხალხის ამბოხებელს, შეიპყრობდნენ. მეფის ერთგულნი ჰეროდიანელებიც იმიტომ მოიყვანეს თან, რომ, როგორც შფოთის მომწყობი, დაეკავებინათ. ეუბნებიან, რომ არავის წინაშე არ პირფერობ2, ანუ არაფერს იტყვი პილატესა თუ ჰეროდეს საამებლად, ამიტომაც გვითხარი: უნდა ვიყოთ თუ არა მოხარკენი ადამიანებისა, და უნდა მივცეთ თუ არა მათ ხარკი, ვითარცა ღმერთს დიდრაქმას ვაძლევთ, [196]თუ ხარკი მხოლოდ ღმერთს უნდა ვაძლიოთ? როგორც ვთქვით, ამას იმიტომ ეუბნებოდნენ, რომ, თუკი იტყოდა, კეისრისთვის გადახდა საჭირო არ არისო, ვითარცა მომხრე თევდასი და იუდასი, რომელნიც ამბოხდნენ, კეისრის სახელით მსხვერპლი არ უნდა შეიწიროსო, შეეპყროთ და მოეკლათ. მაგრამ იესო მონეტაზე კეისრის გამოსახულებით არწმუნებს მათ, რომ კეისარს ის, რაც მისია, ანუ რაზეც მისი გამოსახულებაა, უნდა მიეცეს. ე. ი. გარეშე ანუ ხორციელ ცხოვრებაში იმას უნდა დავემორჩილოთ, ვინც მეფობს, ხოლო შინაგან ანუ სულიერ ცხოვრებაში - ღმერთს. შეიძლება ასეც გავიგოთ, ყოველმა ჩვენგანმა კეისარს ანუ დემონს, რომელიც ქვესკნელსა შინა მეფობს, უნდა მივცეთ და მივუგდოთ ის, რაც მისია. მაგალითად, გაქვს მრისხანება კეისრისაგან?3 წარმართე იგი მისკენ ანუ მას განურისხდი; ასევე შეგიძლია მისცე ღმერთს ის, რაც ღმრთისაგანაა; ან: რადგანაც ჩვენ ორმაგნი (მრჩობლნი) ვართ და სულისა და ხორცისაგან შევდგებით, სხეულს, ვითარცა კეისარს, საზრდელი და სამოსი უნდა მივცეთ, ხოლო სულს, რომელიც ჩვენში უფრო ღმრთეებრივია - ის, რაც მას შეეფერება.

23-28. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? - როცა ფარისეველნი და ჰეროდიანნი დაადუმა, უფლის ცდუნებას ახლა სადუკევლები შეეცადნენ. მათი ერესი ასეთი იყო: ეწინააღმდეგებოდნენ რა ყველაფერში ფარისევლებს, სადუკევლებს არც აღდგომა სწამდათ, არც სული და არც ანგელოზი. ამჟამად მათ შეთხზეს ამბავი, რომელიც არ მომხდარა. [197]ვთქვათ და ორმა ძმამ მართლაც შეირთო იგი ცოლად და მოკვდა, მესამემ როგორღა ვერ გაითვალისწინა წინა ორის მაგალითი და ვერ მოიფიქრა, რომ მასთან ქორწინებაზე უარი ეთქვა? სადუკევლებმა ეს იმიტომ შეთხზეს, რომ ქრისტე სიძნელის წინაშე დაეყენებინათ და აღდგომა უარეყოთ, ხოლო თავიანთი შეთხზულის მხარდამჭერად მოსე წარმოადგინეს. მათ თქვეს, რომ ძმები შვიდნი იყვნემ, რათა აღდგომის საიდუმლოსათვის შეურაცხმყოფლად დაეცინათ. მაშ, ამბობენ ისინი, ეს ქალი რომელი მათგანის ცოლი იქნება? შეიძლებოდა მათთვის ასეთი პასუხის გაცემაც: უსინდისო სადუკეველნო, უკეთუ დავუშვებთ, რომ აღდგომისას ქორწინება იქნება, რაღა თქმა უნდა, პირველისა, რადგანაც სხვები არა კანონიერი ქმრები, არამედ მაგიერნი იყვნენ.

29-33. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ, რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი. - მაცხოვარი აჩვენებს, რომ აღდგომა იქნება, მაგრამ არა იმგვარად ხორციელი, როგორსაც ისინი მცდარად წარმოიდგენდნენ, არამედ ღმრთეებრივი და სულიერი. რატომ ცდებით, - ეუბნება, - ნუთუ არც წმინდა წერილი იცით და არც ძალა ღმრთისა? თქვენ რომ წმინდა წერილი გცოდნოდათ, ირწმუნებდით, რომ ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა: ასევე, ღმრთის ძალის შესახებაც რომ გცოდნოდათ, შეიცნობდით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი, შემდგომად აღდგომისა, ადამიანებს ანგელოზებრივ ცხოვრებას უქმნის. ნახე სიბრძნე უფლისა! სადუკევლებმა მოსე გამოიყენეს აღდგომის დოგმატის გასანადგურებლად, და ისიც მოსეს საშუალებით შეაგონებს მათ. მე ვარ, - ამბობს, - ღმერთი აბრაჰამისი და ისაკისი და იაკობისი. ნათქვამი ამას ნიშნავს: ღმერთი არის არა [198]ღმერთი არარსებულთა, არამედ ცხოველთა (ცოცხალთა) და მყოფთა. არ უთქვამს: მე ვიყავი, არამედ: მე ვარ. მართალია, მამათმთავარნი აღესრულნენ, მაგრამ ისინი აღდგომის სასოებით ცოცხლობენ. შენ მკითხავ: სხხაგან როგორღაა ნათქვამი, რომ იგი უფალია ცხოველთა და მკვდართა: ისწავლე, რომ იქ მკვდრები გარდაცვლილებს ეწოდება, რომელთაც გაცოცხლება ელით. აქ კი უფალი საწინააღმდეგოდ სადუკეველთა ერესისა, რომელთა სწავლებითაც სული არა უკვდავი, არამედ სრულიად განხრწნადია, ამბობს, რომ არ არის ღმერთი მკვდართა, ანუ როგორც თქვენ ფიქრობთ, სრულიად გამქრალთა, არამედ ცხოველთა, ე. ი. იმათი, რომელთაც უკვდავი სული აქვთ და ოდესმე აღდგებიან, თუმცა ახლა ხორციელად მკვდარნი არიან.

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს, არამედ ჩვენი თავი მთლიანად უნდა მივუძღვნათ. ადამიანის სულში სამ განსხვავებულ რამეს მოვიაზრებთ: მცენარეულს, [199]ცხოველურსა და გონივრულს; იმით, რომ იზრდება, იკვებება და თავისსავე მსგავს შობს, იგი მცენარეს ჰგავს. მგრძნობელობითა და სურვილებით - ცხოველებს. ხოლო რამდენადაც აზროვნებს, გონიერი ეწოდება. ყურადღება მიაქციე, რომ ეს სამი ნაწილია აღნიშნული ამ სიტყვებშიც: შეიყუარე ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა - ეს ადამიანის ცხოველური ნაწილია; ყოვლითა სულითა შენითა - მცენარეული, რადგან მცენარენიც ხომ ცოცხალნი არიან, ხოლო ყოვლითა გონებითა შენითა - გონივრული.

ამგვარად, ღმერთი მთელი სულით უნდა გვიყვარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნაწილი და ძალა ჩვენი სულისა მას უნდა მივუძღვნათ. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ, რომელიც ჩვენ ღმრთისმოსაობისათვის გვწვრთნის. და მეორე, მსგავსი ამისი - ადამიანებს სამართლიანობისათვის აღძრავს. გზა, რომელსაც წარწყმედისაკენ მივყავართ, ორია: უკეთური მოძღვრება და ბიწიერი (წამხდარი) ცხოვრება. შესაბამისად ამისა, იმისთვის, რომ უსჯულო მოძღვრებისკენ არ მივიდრიკოთ, ღმერთი უნდა გვიყვარდეს, ხოლო ბიწიერი ცხოვრება რომ არ გვქონდეს, ამისთვის მახლობლის სიყვარულია საჭირო. სიყვარული მოყვასისა ყველა მცნებას აღასრულებს, ხოლო ვინც მცნებებს აღასრულებს, მას ღმერთი უყვარს; ასე რომ, ეს ორი მცნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ერთმანეთს უერთდება და ყველა სხვა მცნებას თავის თავში მოიცავს. ღმრთისა და მოყვასის მოყვარული რომელი კაცი იქურდებს, ან გულში ბოროტებას შეინახავს, ან ისიძვებს, ან კაცს მოკლავს. ან კიდევ იმრუშებს? თავიდან ეს სჯულის მეცნიერი ცდუნების მიზნით მივიდა, ხოლო შემდეგ, ქრისტეს პასუხით გონსმოსულმა, მისგან ქებაც კი დაიმსახურა, როგორც ამას წმ. მარკოზი ამბობს: იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო მწიგნობარმა და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა (მარკ. 13.34).

41-46. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულ[200] ითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. - რადგანაც ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ, ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, დავითის წინასწარმეტყველების მეშვეობით ასწავლის, რომ უფალი ჭეშმარიტად თვითონ არის და თავის ღმრთეებრიობას ააშკარავებს. ფარისეველთა პასუხად, რომელნიც ამბობდნენ, ქრისტე დავითის ძე ანუ ჩვეულებრივი კაციაო, იგი კითხულობს: მაშინ დავითმა უფალი როგორღა უწოდა მას და თანაც არა უბრალოდ, არამედ გამოცხადებით, რომელიც მის შესახებ სულიწმიდის მადლით ებოძა? ამ სიტყვებით უფალი არ უარყოფს, რომ დავითის ძეა, მაგრამ იმასაც აჩვენებს, რომ არც დავითის თესლისაგან წარმომდგარი ჩვეულებრივი კაცია. იგი ამ კითხვას იმიტომ სვამს, რომ თუ იტყოდნენ: არ ვიცითო, ან მისთვის ეკითხათ და ესწავლათ და, ეტყოდნენ რა ჭეშმარიტებას, ერწმუნათ, ან კიდევ: სათქმელი რომ აღარაფერი ექნებოდათ, შერცხვენილნი წასულიყვნენ. და მისთვის კითხვების დასმა მეტად აღარ გაებედათ.

------------------------------------------------------------------------------------

1 - ბერძნული σιτιστός-ს (ნასუქი, ნაკვები) გიორგი მთაწმიდელმა უსხი მიუსადაგა, რომელიც ძვ. ქართულში ნასუქ, გამოკვებილ საქონელს ნიშნავს.

2 - სიტყვასიტყვით: პირს აღაღებ.

3 - ანუ ბოროტისაგან.


თავი XXIII

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღ[201]ვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან და არც სჯულის სახელით არ ილაპარაკებს. მაგრამ უფალი იმათ შესახებ საუბრობს, რომელნიც მოსეს ტახტზე სხედან ანუ სჯულის მასწავლებელნი არიან. ამრიგად, საღმრთო სჯულის მოძღვართა მოსმენა მაშინაც კი საჭიროა, როცა თვითონ ისინი მას არ ასრულებენ.

4-5. რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. - ფარისეველნი მძიმე ტვირთს ადამიანებს იმით ადებდნენ, რომ მათ სჯულის წვრილმანსა და ძნელად შესასრულებელი წესების (მითითებების) აღსრულებას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ისინი სჯულის დადგენილებათა სიმძიმეს, რაღაც თავიანთი გადმოცემებით, რომელიც სჯულში არ იყო, კიდევ უფრო ამძიმებდნენ, თვითონ კი თითსაც არ ანძრევდნენ, ანუ არა თუ არაფერს არ აკეთებდნენ, არამედ ამ მძიმე ტვირთთან მიახლოებასაც კი ვერ ბედავდნენ. უკეთუ მოძღვარი არა მხოლოდ ასწავლის, არამედ თვითონაც იმას აკეთებს, რასაც ასწავლის, იგი ამავე დროს, მოწაფეთა თანამტვირთველად და თანამოსაგრედ გვევლინება, ხოლო უკეთუ მოწაფეს ტვირთს ადებს, თვითონ კი არაფერს აკეთებს, ამით ტვირთს კიდევ უფრო უმძიმებს, აჩვენებს რა თავისი დაუდევრობით, რომ შესრულება იმისა, რასაც ამბობს, შეუძლებელია. ამგვარად, უფალი ფარისევლებს იმაში ამხელს, რომ მათ თანამოსაგრეობა და თანატვირთვა მცნებათა სიმძიმისა არ სურდათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარგს არაფერს აკეთებდნენ, თავი ისე ეჭი[202]რათ, თითქოს აკეთებდნენ. რამდენადაც ისიც, რასაც აკეთებდნენ, თავის მოსაჩვენებლად ჰქონდათ გაკეთებული, ამიტომ საზღაურიც წაერთმეოდათ. მაშ, როგორი სასჯელის ღირსნი არიან ისინი, რომელნიც არაფერს აკეთებენ, მაგრამ ვითარცა მკეთებლებს, განდიდება სურთ? და მაინც რას აკეთებდნენ? განივრციან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. - ეს რაღას ნიშნავდა? სჯულში მითითებული იყო: "შეიბით ხელთა თქვენთა ზედა და იყოს შეუძრველად წინაშე თვალთა თქვენთა". თანახმად ამისა, ორ პერგამენტზე, ანუ ქარტიაზე იუდეველები სჯულის ათ მცნებას წერდნენ, რომელთაგან ერთს შუბლზე იმაგრებდნენ, ხოლო მეორეს მარჯვენაზე იკიდებდნენ. ხოლო ზედა სამოსის (მოსასხამის) ბოლოს მუქი წითელი ან ალისფერი ძაფისაგან სახიან ნაქარგობას უკეთებდნენ. ეს სჯულში იმიტომაც იყო მითითებული, რომ მათ შემხედვარეთ მცნებანი ღმრთისა არ დავიწყებოდათ, მაგრამ ღმერთს ამ წესის შესრულება კი არ სურდა, არამედ ხელზე დამცველის ქონა იმას ნიშნავდა, რომ მცნებათა აღსრულება იყო საჭირო, ხოლო ალისფრად მოქარგული კიდე იმაზე მიანიშნებდა, რომ ოდესმე ჩვენ ქრისტეს სისხლით უნდა აღვბეჭდილიყავით. ფარისეველნი კი საცავებსა და მოსასხამის ბოლოებს იმიტომაც იდიდებდნენ, რომ ყველას, ვისაც კი ისინი თვალში მოხვდებოდა, სჯულის დამცველებად მოჩვენებოდნენ.

6-7. უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი! - აჰა, რას ამბობს უფალი! ეს რომ უყვართ, ფარისეველნი უკვე ამიტომაც განისჯებიან. ხოლო უკეთუ მხოლოდ ზემოჯდომის სიყვარულისთვისაც კი გაიკიცხებიან, სხვა დანარჩენი საქმეებისთვის, რისი ღირსი აღმოჩნდებიან? უყვართ პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის! - ის, სადაც სიმდაბლეს სხვებსაც უნდა ასწავლიდნენ, თავიანთ მანკიერებას წარმოაჩენენ. ყველაფერს აკეთებენ განდიდებისათვის და ამგვარ საქმეთა ჩამდენთ არა თუ რცხვენიათ, არამედ, პირიქით, ისიც კი სურთ - რაბი, რაბი ანუ მოძღვარნი უწოდონ.

[203]8-12. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. - ქრისტე იმას კი არ კრძალავს, რომ ვინმე მასწავლებლად იწოდებოდეს, არამედ კიცხავს იმათ, რომელთაც დაჟინებით სურთ, ასე იწოდებოდნენ და ამ წოდების მოპოვებისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავენ. მოძღვრის ღირსება, საკუთარი მნიშვნელობით, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ასევე, როცა ამბობს: მამით ნუვის ხადით - მშობლების პატივისცემას კი არ გვიშლის, რადგანაც, პირიქით, სურს, რომ მშობლებს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებს, პატივი მივაგოთ, არამედ ამ სიტყვებით ჭეშმარიტი მამის ანუ ღმერთის შეცნობამდე ავყავართ, რადგანაც მამა, საკუთარი მნიშვნელობით, ღმერთია. ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი შობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და თანამიზეზნი ღმრთისა. გვიჩვენებს რა სიმდაბლის სარგებლობას, გვესაუბრება, გვეუბნება, რომ თქვენს შორის დიდი უმდაბლესი და მსახური უნდა იყოსო. ვინც თავს აღიმაღლებს და რაღაცით დიდად წარმოიდგენს, იგი ღმრთისგან დამდაბლებული და მიტოვებული იქნება.

13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. - ორგულებს უწოდებს მათ, რადგანაც თუმცა თავს ღმრთისმოსავებად წარმოადგენდნენ, მაგრამ არაფერს ღმრთისმოსაობისთვის შესაფერისს არ აკეთებდნენ, არამედ, სჭამდნენ რა ქვრივთა ქონებას, ამ მიზეზით განგრძობილად ანუ ხანგრძლივად ლოცულობდნენ. ისინი ცრუნი იყვნენ, გულწრფელებს დასცინოდნენ და ძარცვავდნენ მათ. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი, ანუ იმისათვის, [204]რომ ქვრივებს ყველაფერს უჭამდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოდგომოდნენ და გაჭირვებაში ხელი გაემართათ; ან სხვაგვარად: ისინი მკაცრად იქნებიან განსჯილნი იმისთვის, რომ კეთილი საქმის - ლოცვის საბაბით, ბოროტებას სჩადიან და ქვრივთა ქონებას ჭამენ. ყველაზე დიდ სასჯელს იმსახურებს ხომ ის, ვინც სიკეთის ნიღბით ბოროტებისათვის აცდუნებს.

14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. - არა მხოლოდ თქვენ ხართ ურწმუნონი და ბიწიერად მცხოვრებნი, - ეუბნება მათ მაცხოვარი, - არამედ სხვებსაც ასწავლით, არ ირწმუნონ ჩემი და მაგალითით თქვენი ცხოვრებისა, ღუპავთ. ჩვეულებრივ, ხალხი მმართველებს ბაძავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, რომ ისინი ბოროტებისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომაც ყოველი მოძღვარი და მმართველი უნდა უკვირდებოდეს, რა სარგებელი მოაქვს, და ვაი იმას, ვინც თავისი ცხოვრებით სხვებს სიკეთის გზაზე ეღობება.

15. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. - თქვენ არა მარტო იუდეველებს რყვნითო, - ეუბნება, - არამედ იმათაც, რომელნიც კერპთმსახურებიდან იუდეურ ღმრთისმსახურებაზე მოიქცნენ და რომელთაც პროზელიტები ვუწოდეთ. ცდილობთ, რომ ვინმე იუდეური ცხოვრების წესზე მოაქციოთ და წინადაცვითოთ, მაგრამ რაჟამს იგი იუდეველი ხდება, იღუპება, თქვენი ბიწიერებისაგან დასნებოვნებული. ნაშობ გეჰენიისა - ეს არის კაცი, რომელიც გეჰენიას სულიერად ენათესავება და ამდენად ღირსია მის ცეცხლში დაწვისა.

16-22. ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი გან[205]სწმედს ოქროსა მას? და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. - უფალი ბრმებს უნოდებს მათ, რადგანაც არ სურთ სწავლა იმისა, რაც უნდა ისწავლონ. იმას, რაც უმნიშვნელოა, პატივს მიაგებენ, ხოლო რაც მართლა პატივის ღირსია, არაფრად აგდებენ. ისინი თვითონ ტაძარს მასში არსებულ ოქროს, ქერუბიმებსა და ოქროს ბარძიმს ამჯობინებენ. ამიტომაც ასწავლეს მრავალთ, რომ მთავარია დაფიცება არა ტაძრისა, არამედ ოქროსი, რომლითაც ტაძარია შემკული, მაშინ, როცა ეს ოქრო მხოლოდ იმით იყო პატივდებული, რომ ტაძარში იდვა. მსგავსად ამისა, იმასაც ამბობდნენ, რომ შესაწირავი, რომელიც საკურთხეველზე დევს, საკურთხეველზე უფრო პატივდებულია. ამრიგად, ფარისეველთა სწავლებით, უკეთუ ვინმე ოქროს ჭურჭელს, სამსხვერპლოდ მიყვანილ მოზვერს ან ვერძს დაიფიცებდა და შემდეგ ფიცს დაარღვევდა, მათი საფასურის გადახდით ისჯებოდა. საკურთხეველს ისინი შესაწირავს იმიტომაც ამჯობინებდნენ, რომ მისგან მოგებას იღებდნენ. ხოლო უკეთუ ფიცს ის დაარღვევდა, ვისაც ტაძარი ჰქონდა დაფიცებული, რამდენადაც ტაძრის ტოლფასი რამის შექმნას ვერ შეძლებდა, ამიტომაც საფასურისაგან თავისუფლდებოდა. ასე რომ, ფარისეველთა ანგარებისმოყვარეობის გამო ტაძრის დაფიცება უფრო უმნიშვნელოდ ითვლებოდა. ქრისტე ძველი აღთქმისეული მსხვერპლისათვის საკურთხეველთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას კრძალავს, ჩვენთან კი (ქრისტიანებთან) საკურთხეველი შესაწირავთაგან იკურთხება. ღმრთეებრივი მადლით პური უფლის ხორცად გარდაიქმნება, რომლითაც სამსხვერპლო ან საკურთხეველი იკურთხება.

[206]23-24. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! - კვლავ კიცხავს მათ, ვითარცა უგუნურებს იმის გამო, რომ მცნებათაგან რაც მნიშვნელოვანია, იმას არაფრად აგდებდნენ, ხოლო უმნიშვნელოთა დაცვას კი ზუსტად ცდილობდნენ. მაგალითად, არ გამორჩებოდათ შეწირვა ძირაკის მეათედისა, ხოლო უკეთუ ვინმე ამგვარი დაწვრილმანებისათვის გაკიცხავდა, მყისვე უპასუხებდნენ, რომ ამას სჯული მოითხოვდა. უმჯობესი და ღმრთისთვის უფრო სათნო კი ის იქნებოდა, რომ ხალხისაგან სამართალი, წყალობა და სარწმუნოება მოეთხოვათ. და სამართალი რაღა არის? არა ქმნა უსამართლობისა და უგუნურებისა, არამედ ყოველივეს განსჯა გონივრულად. ამგვარ განსჯას მყისვე წყალობა მოსდევს, რადგან ვინც ყოველივეს სამართლიანად აკეთებს, მან ისიც იცის, ვინ უნდა შეიწყალოს, მოწყალებას კი რწმენა მოჰყვება. მოწყალე სრულიად დარწმუნებულია, რომ არაფერს კარგავს, არამედ ყოველივესთვის ჯილდოს მიიღებს. ვართ რა მოწყალენი, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაც უნდა გვქონდეს, რადგან მოწყალენი წარმართთა შორისაც მრავლად იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ რწმენა, რომელიც წყალობას მოსდევს. ყოველ მოძღვარს მისი ხალხისაგან ათეული ანუ ათი გრძნობიდან - ხუთი ხორციელისა და ხუთი სულიერისაგან - სამართალი, წყალობა და რწმენა უნდა მოეთხოვა. "ესე ჯერ იყო საქმედ", - ამბობს უფალი, არ უბრძანებია რა ამით მიცემა ბოსტნეულის მეათედისა, მაგრამ არც იმის საბაბს იძლევა, რომ ბრალი დასდონ, მოსეს საწინააღმდეგოდ ასწავლისო. ბრმა წინამძღვრებს უწოდებს მათ იმის გამო, რომ, თუმცა თავს განსწავლულობით იქებდნენ და ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ყველასათვის არა მხოლოდ უსარგებლონი იყვნენ, არამედ უბიძგებდნენ რა ურწმუნოების უფსკრულისაკენ, მრავალს ღუპავდნენ კიდეც. როგორც უფალი ამბობს, ისინი ბურნაკს (კოღოს) წურავდნენ, ანუ [207]უმცირესი ცოდვაც კი არ გამოეპარებოდათ, ხოლო აქლემს ნთქავდნენ, ანუ დიდ ცოდვებს ვერ ამჩნევდნენ და თვალს არიდებდნენ.

25-26. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. - იცავდნენ რა უხუცესთა გადმოცემებს, ფარისეველნი სასმისებსა და ჭურჭელს ანუ თეფშებს, რომლითაც საჭმელი მოჰქონდათ, რეცხავდნენ, მაგრამ ამავე დროს ღვინო და საჭმელი, რომელსაც სვამდნენ და ჭამდნენ, მიტაცებული ჰქონდათ, რაც მათ შინაგანად აუწმინდურებდა. ნუ შეიძენ ღვინოს, - გვეუბნება მაცხოვარი, - უსამართლობით და მაშინ სასმისი შიგნითაც სუფთა იქნება. გადატანითი მნიშვნელობით იგი მართლაც სასმისებსა და თეფშებზე კი არ საუბრობს, არამედ ხორციელ - გარეგნულსა და შინაგან - სულიერ მხარეებზე ადამიანისა. შენ, - გვეუბნება უფალი, - ცდილობ გარეგნობა კეთილქმნული გქონდეს, მაშინ როცა შინაგანი, რამდენადაც მტაცებლობ და შეურაცხყოფ, ბიწით გაქვს სავსე. ჯერ შინაგანად ანუ სულიერად უნდა განიბანო, რათა სიწმინდით სულისა მასთან ერთად გარეგნული მშვენიერებაც გაბრწყინდეს.

27-28. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. - ამ შედარებასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც წინას ჰქონდა. ფარისეველნი რიგიანად წარმოჩენას გარეგნული საქციელით ცდილობდნენ, ვითარცა საფლავები გარედან შეღებილნი, ანუ კირითა და ალებასტრით შეთეთრებულები, ხოლო შიგნით - ყოველგვარი უწმინდურობით, მკვდარი და დამპალი საქმეებით სავსენი.

29-31. ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულ[208]ნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. - მწარე ხვედრს უქადის მათ არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა საფლავებს აშენებდნენ, რადგან ეს ღმრთისთვისაც სათნო იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსაჩვენებლად აკეთებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ განსჯიდნენ რა თავიანთ მამებს, თვითონ მათზე უარესად იქცეოდნენ, ბიწიერებით აღემატებოდნენ და აშკარად ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო, მაშინ, როცა თვითონ თავად წინასწარმეტყველთა უფლის მოკვლა სურდათ. ამიტომაც დასძენს ქრისტე:

32-33. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? - სიტყვებით: თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთანი იმას კი არ უბრძანებს, ან აქეზებს, მომკალითო, არამედ ამგვარ აზრს გამოხატავს: რამდენადაც გველები ხართ, ნაშიერნი თქვენივე მსგავსი მამებისა და ბოროტებაში ისე ჩაფლულნი, რომ თქვენი განკურნება შეუძლებელია, ეცადეთ მამებს სწრაფად აღემატოთ, რასაც მაშინ მიაღწევთ, თუ მომკლავთ და ბოროტების საწყაულს აღავსებთ მკვლელობით, რომელსაც თქვენი მამები მოაკლდნენ. მაგრამ უკეთუ ამგვარნი ხართ, სასჯელს როგორღა გაექცევით?

34. ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად. - იგი ამხელს მათ სიცრუეს, როცა თქვეს: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო. აჰა, მე მოგივლენთ თქვენ წინასწარმერტყველებს, ბრძენთა და მწიგნობრებს. მაგრამ თქვენ [209]მათაც დახოცავთო. ამას მოციქულებზე ამბობს. სულიწმიდამ შეამკო ისინი სწავლებებით, მწიგნობრებად ანუ ხალხის მასწავლებლებად შექმნა და ყოველი სიბრძნით აღავსო. როცა ამბობს: მოვავლინე თქუენდა, თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას წარმოაჩენს.

35-36. რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. - სასჯელი ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლისათვის, ამბობს უფალი, სწორედ იმდროინდელ ებრაელებზე მოაწევს. ისინი წინაპრებზე უფრო მძიმედ დაისჯებიან, რადგან გონს ამდენი მაგალითის შემდეგაც ვერ მოეგნენ, ვითარცა ლამექი, რომელიც თუმცა ძმა არ მოუკლავს, მაგრამ კაენზე მეტად დაისაჯა, რადგან მისი მაგალითი ვერ გულისხმაყო. როგორც უფალი ამბობს, მოიწევა მათ ზედა მთელი სისხლი აბელიდან ზაქარიამდე. აბელი დროულადაა მოხსენიებული: იგი, ისევე როგორც ქრისტე, შურის გამო მოიკლა.

მაგრამ აქ რომელი ზაქარია იხსენიება? ერთნი ამბობენ, რომ ეს ზაქარია თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია, ხოლო სხვათა აზრით, იგი წინამორბედის მამა უნდა იყოს. ჩვენამდე მოღწეულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ტაძარში იყო ადგილი, სადაც ქალწულები დგებოდნენ. ზაქარიამ, რომელიც მღვდელმთავარი იყო, ღმრთისმშობელი, იქ სხვა ქალწულთა გვერდით მას შემდეგაც დააყენა, რაც მან ქრისტე შვა. განრისხებულმა იუდეველებმა იმის გამო, რომ ნამშობიარები ქალი ქალწულებთან დააყენა, ზაქარია მოკლეს. არც იმაშია გასაკვირი არაფერი, რომ წინამორბედის მამის, ზაქარიას მამასაც სახელად ბარუქი ერქვა, ისევე როგორც ის ზაქარია, რომელიც თორმეტ წინასწარმეტყველთა რიცხვში შედიოდა, ბარუქის ძედ იწოდებოდა. შესაძლებელია, რომ როგორც თვითონ იყვნენ ერთი ტომიდან, ასევე მათ მამებსაც ერთი სახელი რქმეოდა.

37-39. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარ[210]მეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. - იერუსალიმის სახელს იმეორებს, წუხს მის გამო და თანაგრძნობით უხმობს. ემუქრება რა მომავალი სასჯელით, უფალი თავს იმართლებს, ვითარცა საყვარელი ადამიანის წინაშე, რომელმაც მისი სიყვარული უარყო; ბრალს დებს მას მკვლელობაში და იმაშიც, რომ თუმცა მისი შეწყალება ბევრჯერ უნდოდა, მაგრამ თვითონვე არ მოისურვა. იერუსალიმმა ეშმაკს მოუსმინა, ვინც მას განაბნევდა და ჭეშმარიტებას განაშორებდა და არ შეიწყნარა უფალი, რომელიც შეკრებდა, რადგან არაფერი ისე არ განგვაშორებს უფალს, როგორც ცოდვა, ისევე როგორც ღმერთთან კეთილ სინდისს მივყავართ. თავის დიდ სიყვარულს უფალი ფრინველის მაგალითით წარმოაჩენს. მაგრამ, - ეუბნება იგი მათ, - რადგან არ მოისურვეთ, ტაძარს ცარიელს დავტოვებ. აქედან გულისხმავყოფთ, რომ ღმერთი ტაძარში ჩვენს გამო მკვიდრობს, ხოლო უკეთუ უიმედო ცოდვილებად ვიქეცით, ტაძარსაც ტოვებს. ამგვარად, ამბობს უფალი, თქვენ ვერ მიხილავთ მე მეორედ მოსვლამდე. მაშინ იუდეველები მას უნებლიედ სცემენ თაყვანს და იტყვიან: კურთხეულ არს მომავალი. როცა ამბობს: ამიერითგანო, ჯვარცმის დღიდან უნდა იგულისხმო და არა იმ დროიდან, როცა ეს თქვა, რადგანაც იმის შემდეგ იუდეველებმა იგი კიდევ მრავალგზის იხილეს, მაგრამ არ უხილავთ შემდგომად ჯვარცმისა და ვერც იხილავენ, ვიდრემდე არ დადგება ჟამი მისი მეორედ მოსვლისა.

 

თავი XXIV

1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? [211]ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას ზრახვიდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ნახე, ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა, მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა. თქვა რა ეს, ჰიპერბოლის გამოყენებით, ნაგებობის სრულ განადგურებაზე მიანიშნა.

3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? - მარტოდ დარჩენილთან მოწაფენი მივიდნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მისთვის ფრიად მნიშვნელოვანი რამ ეკითხათ, სახელდობრ, ისინი ორი საქმის შესახებ ეკითხებიან: როდის მოხდება ეს, ანუ ტაძრის დარღვევა და იერუსალიმის აღება და მეორე: რა იქნება ნიშანი მისი მოსვლისა?

4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.

6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.  ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმო[212]ბათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი შეიძლება მხოლოდ ღმრთისაგან მოდიოდეს. შემდეგ: მოწაფეებმა რომ არ იფიქრონ, ვიდრე ჩვენ სახარების ქადაგებას მოვასწრებთ, სამყაროს აღსასრულის ჟამი დაუდგებაო, ამბობს: ნუ შესძრწუნდებით... არამედ არღარა არს აღსასრული, ანუ საერთო აღსასრული იერუსალიმის დანგრევასთან ერთად არ მოხდება. ხალხები ხალხთა ზედა აღდგებიან და სამეფონი სამეფოებზე და ეს იქნება იუდეველთა ზედა დასაბამი ტკივილთა, ანუ მომავალი უბედურებისა. მსგავსად მშობიარესი, რომელსაც ჯერ ტკივილები აქვს და შემდეგ შობს, ასევე ეს საუკუნეც მომავალს მხოლოდ შფოთის და ომების შემდეგ შობს.

9-13. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - მომავალ უბედურებათა შესახებ მაცხოვარი იმიტომაც წინასწარმეტყველებს, რომ ამით მოწაფენი განამხნეოს, რადგან ჩვეულებრივ ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი მოულოდნელობაა. ამიტომაც არბილებს ქრისტე შიშს წინასწარმეტყველებით ისეთ მომავალ საშინელებათა შესახებ, როგორიცაა: შური, მტრობა, ცდუნებანი, ცრუ წინასწარმეტყველნი, ანტიქრისტეს წინამორბედნი, რომელნიც მრავალთ თავგზას აუბნევენ და ყოველგვარ უსჯულოებასა შინა ჩააგდებენ. უსამართლობის გაზრდისა და ანტიქრისტესაგან მოტყუების გამო, ისე გამხეცდებიან, რომ ლმობიერება სიყვარულისა არათუ თვით შინაურთა შორისაც კი აღარ შენარჩუნდება, [213]არამედ ისინი ერთმანეთისაგან გაიცემიან. ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, მამაცურად გადაიტანს ანუ ცდუნებებს არ მიეცემა, ვითარცა გამოცდილი მეომარი, გადარჩება.

14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. - ნუ დაბრკოლდებით ქადაგებისათვის, არამედ გამხნევდით; სახარება ყოველთა ხალხთა შორის იქადაგება. საწამებელად (დასამოწმებლად) ანუ მათ სამხელად და ბრალის დასადებად, რომელთაც იგი არ ირწმუნეს, და მაშინ მოიწევა აღსასრული, ოღონდ არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. სახარება, ვიდრე აღებამდე იერუსალიმისა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, მართლაც იქნა ნაქადაგები ყოვლისა შორის დაბადებულისა ცისა ქუეშე (კოლას. 1.23). ის, რომ ნათქვამი იერუსალიმის აღსასრულს ეხება, ცხადია მომდევნო სიტყვებიდანაც:.

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უკან მოუხედავად გაქცევას უბრძანებს, ისე რომ, არ უნდა ეზრუნათ არაფერზე, რაც სახლში ჰქონდათ, არც სამოსსა და არც სხვა რამ ნივთზე. ზოგიერთები "საძაგელში მოოჴრებისა" ანტიქრისტეს გულისხმობენ, რომელიც სამყაროს ნგრევისა და ეკლესიათა რღვევის ჟამს გამოჩნდება და [214]ტაძარში დაჯდება, და შესაბამისად ამისა, ბრძანებაც გაქცევისა ასე ესმით; ის ვინც სათნოებათა მწვერვალზე იქნება, იმის ასაღებად, რაც სხეულისაა, დაე, სათნოებათა სიმაღლიდან ნუღარ ჩამოვა, რამეთუ სხეული სახლია სულისა. საჭიროა დატოვება მინდვრისა ანუ იმისა, რაც მიწიერია, რადგან მინდორი ცხოვრებაა. არც სამოსის აღებაა საჭირო, რადგან იგი ძველი ბოროტებაა, რომლითაც ჩვენ შევიმოსეთ.

19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! - ორსულნი, დამძიმებული მუცლის მიზეზით გაქცევას ვერ შეძლებენ, ხოლო ძუძუს მაწოვებელთ სიბრალულის გამო, არც ჩვილების მიტოვების ძალა ექნებათ და არც მათი წაყვანისა და ერთად გადარჩენისა; ასე რომ, რისხვას ვერც ისინი ასცდებიან. შესაძლებელია, ქრისტე აქ დედებისაგან საკუთარ შვილთა შეჭაზეც მიანიშნებდეს, რადგან, როგორც იოსები გვიამბობს, იერუსალიმის გარემოცვის დროს ჩამოვარდნილი შიმშილობისას ერთმა ქალმა თავისი ბავშვი შეწვა და შეჭამა.

20. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. - ამას უფალი საერთოდ იუდეველებს ეუბნება, და არა უშუალოდ მოციქულებს, რომელნიც იერუსალიმიდან მის მოოხრებამდე გავიდნენ. იგი იუდეველებს ეუბნება, აფრთხილებს, რომ ილოცონ, რათა გაქცევა არც ზამთარში მოუხდეთ, რადგან არა ხელსაყრელი დროის გამო ამას ვერ შეძლებდნენ, და არც შაბათს, რომელსაც ისინი სჯულის მიხედვით უქმობდნენ და ამიტომ გაქცევას ვერ გაბედავდნენ. შენ კი ეს ასეც მოიაზრე, რომ საჭიროა ვილოცოთ, რათა ამ ცხოვრებიდან ჩვენი გაქცევა ანუ აღსასრული არც შაბათს - ე. ი. კეთილ საქმეთათვის უქმ დღეს და არც ზამთარში - სიკეთისათვის უნაყოფობის ჟამს მოგვიხდეს, არამედ სულიერი სიმშვიდისა და უშფოთველობისას.

21-22. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. - და იყი [215]მაშინ მწუხარება აუტანელი, რადგან რომაელ მეომრებს ებრძანათ არავინ დაენდოთ. მაგრამ ღმერთმა იმათ გამო, რომელთაც რწმენის მიღება განზრახული ჰქონდათ, ან უკვე ირწმუნეს, არ დაუშვა სრული განადგურება ერისა, არამედ უბედურებანი და ომი შენყვიტა, რადგან ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ყველანი, ვინც ქალაქში იყვნენ დარჩენილები, შიმშილისაგან ამოწყდებოდნენ. ზოგიერთები ამაში ანტიქრისტეს დღეებს გულისხმობენ, მაგრამ აქ საუბარია, არა ანტიქრიტეს, არამედ იერუსალიმის აღების შესახებ. წინასწარმეტყველება ანტიქრისტეზე ამის შემდეგ იწყება; აბა, მოუსმინე:

23-25. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. - რადგანაც მოწაფეებმა ორი კითხვა მისცეს - იერუსალიმის აღებისა და უფლის მოსვლის შესახებ, ამიტომ მან ჯერ იერუსალიმის აღებაზე ილაპარაკა, ხოლო შემდეგ - თავის მოსვლასა და სამყაროს აღსასრულზე, სიტყვა "მაშინ" იმას კი არ ნიშნავს, რომ "მაშინვე, იერუსალიმის აღებისთანავე, თუ ვინმე გეტყვით თქვენ" და ა. შ., არამედ იმ დროს წარმოაჩენს, როცა უნდა მოხდეს. ნათქვამის აზრი ამგვარია: მაშინ, ანუ რაჟამს ანტიქრისტე მოსვლას განიზრახავს, მრავალი ცრუ ქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი იქნება, რომელნიც დემონთა ძალით ჩადენილი საკვირველი მოვლენებით მაყურებელთა მზერას მიიტაცებენ და ბევრსაც მოატყუებენ. ამ დროს, უკეთუ არ იფხიზლებენ, თვით მართალნიც კი შეცდებიან. აი, მე გიწინასწარმეტყველეთ თქვენ და საბაბი თავის მართლებისა ვეღარ გექნებათ, რადგან შეგიძლიათ ცდუნებას არ აჰყვეთ.

26-28. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სა[216]დაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. - სადაც იქნება დაცემული, ორბებიც იქ მოგროვდებიან. უკეთუ მოვლენ, - ამბობს ქრისტე, - მატყუარები და გეტყვიან, რომ ქრისტე მოვიდა, მაგრამ უდაბნოში, ან რომელიმე სახლში და მის საუნჯესა, ან ფარულ ადგილას იმალება, ნუ მოტყუვდებით, რამეთუ ქრისტეს მოსვლას მიმთითებელი არ სჭირდება, იგი ვითარცა ელვა, ყველასათვის ცხადი იქნება. რადგან მსგავსად ელვისა, რომელიც მეყსეულად გამოჩნდება, მაგრამ ყველასათვის დასანახია, ასევე მის მოსვლასაც, ვინც კი სამყაროში ცხოვრობს, ყველა იხილავს. მეორედ მოსვლა ისეთი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო, როცა უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, არამედ იგი, მეყსეულად გამოჩნდება. ისევე როგორც ორბნი და, ცხადია, ძერებიც, მძორთან მყისვე მოგროვდებიან, ასევე იქ, სადაც ქრისტე გამოჩნდება, გაემართება ყველა წმინდანი, ვინც კი მაღალთა შინა ფრინავს და მსგავსად არწივთა, ღრუბლებით იქნება ატაცებული. გვამში აქ ქრისტე იგულისხმება, რომელიც ჩვენთვის დაეცა და მოკვდა, როგორც ამას სიმონი ამბობს: "ის დადგენილია, რათა დაეცეს".

29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. - ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც სწრაფად განადგურდება, რასაც ნათელყოფს სიტყვა მეყსეულად, მზე დაბნელდება, ანუ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება, ძლეული შეუმჩნეველი გახდება. ასევე მთვარეცა და ვარსკვლავებიც. და მართლაც რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება? მაგრამ ძალნი ცათანი შეიძრნენ, ანუ განცვიფრდებიან და შეძრნწუნდებიან, მხედველნი ქმნილების გარდასახვისა და იმისა, თუ ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმ დრომდე უცხოვრია, როგორ აგებს პასუხს.

30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ [217]მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. - მაშინ, სამხილებლად იუდეველთა, ცათა შინა ჯვარიც გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად იბრწყინებს. უფალი ჯვრით, ვითარცა იუდეველთა წინააღმდეგ უდიდესი სამხილით, მოვა, მსგავსად ვინმე ქვით მოწყლულისა, რომელიც ამ ქვას აჩვენებს ხოლმე. სასწაული აქ ჯვარს ეწოდება, ვითარცა მეფური ძლევის მაჩვენებელსა და ნიშანს. და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იუდეველთა, რომელნიც თავიანთ ურჩობას დაიტირებენ. აგრეთვე, ის ქრისტიანებიც, რომელნიც მიწიერზე ზრუნავდნენ, რადგან ტომნი ქვეყანისანი შეიძლება ეწოდოს ყველას, ვინც მიწიერი ზრახვებითაა გატაცებული. უფალი ჯვრით, ე. ი. დიდითა ძალითა და დიდებით მოდის.

31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა. - ანგელოზებს წმინდანთა და მკვდრეთით აღმდგართა შესაკრებად წარგზავნის, რათა ისინი მას, ღრუბლებით მომავალს, შეეგებონ. ამგვარად, პატივს მიაგებს მათ იმითაც, რომ ანგელოზთა მიერ მოუწოდებს. პავლე მოციქულის სიტყვები აღვიტაცნეთ ღრუბლითა (I თესალონიკ. 4.17) ამას არ ეწინააღმდეგება, რადგან ანგელოზთაგან შეკრებილთ შემდეგ ღრუბლები აღიტაცებენ. ხოლო საყვირი დიდ ელდაზე მიანიშნებს.

32-33. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. - რაჟამს ყოველივე ეს მოხდება, სამყაროს აღსასრულსა და ჩემს მოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩებაო, ამბობს. ზაფხულს მომავალ საუკუნეს უწოდებს, როცა მართალთ ქარიშხალთაგან მოსვენების ჟამი დაუდგებათ, ხოლო ცოდვილებს - ქარიშხალთა და შფოთისა. ვითარცა თქვენ, - ამბობს მაცხოვარი, - მხილველნი ლეღვის რტოებისა და ფურცლებისა, ზაფხულს ელოდებით, ასევე, იხილავთ რა იმ ნიშნებს, რომელ[218]თა შესახებაც გითხარით, სახელდობრ, შეცვლას მზისა და მთვარისა, გქონდეთ მოლოდინი ჩემი მოსვლისა.

34-35. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. - ნათესავი ესე აქ არა იმდროინდელ თაობას, არამედ მორწმუნეთა მოდგმას ეწოდება და იმ აზრს გამოხატავს, რომ, ვიდრემდე ყოველივე ეს არ მოხდება, არც მორწმუნეთა მოდგმა გარდაეგება. როცა შიმშილობასა და ჭირზე მოისმენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მორწმუნეთა მოდგმა ამ ბოროტებათაგან დაიღუპება, არა, იგი გადარჩება და მას ვერავითარი უბედურება ვერ დაამარცხებს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ესე ყოველი მხოლოდ იერუსალიმის აღებას მიეკუთვნება და არა მეორედ მოსვლას და ასე განმარტავენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ანუ მოციქულთა შთამომავლობა, რაც იერუსალიმს თავს გარდახდება, ყოველივეს მოესწრება. ამტკიცებს რა ნათქვამს, უფალი ამბობს, უფრო ადვილია წარხდენა ცისა და მიწისა - ამ მტკიცე და ურყევი სტიქიებისა, ვიდრე არ გამართლება მისი ნათქვამიდან თუნდაც ერთი სიტყვისა.

36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. - აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს, ხოლო სიტყვებით გარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა: მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან1 იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ისევე როგორც მამებს ხშირად უჭირავთ ის, რასაც ბავშვები ეძებენ, მაგრამ რადგან მიცემა არ უნდათ, მალავენ და ეუბნებიან, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთო, და ბავშვებიც ტირილს [219]წყვეტენ, ასევე უფალიც მოციქულთა დასაწყნარებლად, რომელთაც დღისა და საათის შეტყობა სურდათ, ამბობს, რომ არც მე ვიცი, არამედ მხოლოდ მამამო. სინამდვილეში კი იმაზე, რომ მან ის დღეც იცის და საათიც, მრავალი რამ მეტყველებს. ყოველივე, რაც მამას აქვს, აქვს ძესაც, უკეთუ მამამ იცის ის დღე, იცის იგი ძემაც. და ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, თუ ასე ვიმსჯელებთ: როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ მან, ვინც ყოველივე, რაც ამ დღეს წინ უძღვის, იცის, თვითონ დღის შესახებ არ იცოდეს? ვისაც წინკართან მიყავს, რა თქმა უნდა, კარიც იცის, მაგრამ იგი ისევ ჩვენივე სარგებლობისათვის არ გაგვიღო. ცოდნა იმისა, როდის იქნება აღსასრული, ჩვენთვის მავნებელია, რადგანაც ეს უზრუნველებად გვაქცევდა, მაშინ, როცა არცოდნა, პირიქით, გვაფხიზლებს.

37-39. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ. - მათ, თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დაერწმუნებინა, უფალმა მაგალითად ნოეს დროს მომხდარი მოვლენები მოუყვანა. ისევე როგორც მაშინ ბევრმა კიდობნის მშენებლობა, ვიდრე თავს უბედურება დაატყდებოდათ და ყოველივეს გაანადგურებდა, დასაცინად გაიხადა, ასევე ახლაც ზოგიერთები ქადაგებას სამყაროს აღსასრულის შესახებ დასცინიან. მაგრამ დაღუპვა მოულოდნელად მოვა, - ამბობს იგი და აჩვენებს, რომ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს ადამიანებს ტკბობის წადილი შეიპყრობს, და ქორწინებისა და ფუფუნებისაკენ კიდევ უფრო მეტი თავაშვებულობით მიიდრიკებიან, როგორც ნოეს დროს გოლიათები.

40-41. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს. ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. - მაშინ, ამბობს, ე. ი. როცა ყველანი უზრუნველნი იქნებიან და თავიანთ საქმეებს მიეცემიან, ერთი, ანუ მართალი უფა[220]ლთან შესახვედრად ჰაერში აღიტაცება, ხოლო, მეორე, ცხადია, ცოდვილი, იქვე დარჩება. იმათგან, რომელნიც ფქვავენ, ანუ მონები არიან, ერთნი, ვითარცა ღირსეულნი, წარიყვანებიან, ხოლო მეორენი, როგორც უღირსნი, დარჩებიან. აქედან ვსწავლობთ, რომ არცა მონებსა და არცა ქალებს სათნოებისაკენ სწრაფვაში დაბრკოლება არ ექნებათ.

42-44. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. - უფალი გვიბრძანებს მღვიძარენი და მომზადებულნი ანუ სათნოების საქმეებით განმდიდრებულნი ვიყოთ, რათა რაჟამს უფალი მოვა, რაც მას ნებავს, ის მივუძღვნათ. ყურადღება მიაქციე, ის კი არ უთქვამს: მე არ ვიცი მპარავი რომელ დროს მოვაო, არამედ თქვენ არ იცითო. მპარავს უფალი ყოველი ჩვენგანის აღსასრულსა და სიკვდილს უწოდებს, ამით მიანიშნებს, რომ მისი მოსვლა ღამით მოხდება, და მსგავსად მპარავისა, ისიც შეუმჩნევლად მოვა. ამიტომაც გვეუბნება, უზრუნველნი ნუ იქნებით, არამედ იფხიზლეთო. ის რომ ვიცოდეთ, რომელ დღეს აღვესრულებით, მაშინ ღმრთისთვის სათნოყოფას მხოლოდ იმ დღეს შევეცდებოდით, მაგრამ რაკიღა არ ვიცით, კეთილ საქმეთათვის მუდმივად ვფხიზლობთ.

45-47. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. - საგონებელში ჩავარდნილი უფალი კითხულობს: ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა, რითაც გვაჩვენებს, რომ ამგვარნი იშვიათნი და ძნელად საპოვნელნი არიან. სახლის განმგებელს ორი თვი[221]სება მოეთხოვება: ერთგულება და გონიერება. უკეთუ ერთგულია, თვითონ არაფერს იპარავს, მაგრამ უგუნურია და ქონებას ამაოდ ანიავებს, ან: გონიერია, მაგრამ თვითონ იპარავს, სულ ერთია, ორსავე შემთხვევაში უსარგებლოა. ხოლო ის, ვინც ერთგულიცა და გონიერიც ერთდროულად გამოდგება, უმაღლეს ჯილდოს - ცათა სასუფეველზე ვამბობ - მიიღებს. ყოველივესი, რაც კი ღმერთს ეკუთვნის, მემკვიდრენი წმინდანები იქნებიან. სანდო და გონიერი მონა ის მოძღვარია, რომელიც ყოველს იმათგან, ვისაც ასწავლის, შესაბამის სულიერ საზრდელს დროულად აწვდის. მაგალითად პავლე, რომელიც ჯერ მგმობელი იყო ღმრთისა, ხოლო შემდეგ - ერთგული მსახური, ერთს რომ რძეს ასმევდა, მეორეს სიბრძნეს აუწყებდა. იგი გონიერიც იყო, რადგან მტრის ჩანაფიქრი იცოდა. ასეთი უნდა იყოს ყველა, ვინც კი ღმრთისაგან რამეს იღებს - ქონება იქნება ეს, ძალაუფლება თუ მმართველობა. მისთვის მიბარებულნი მან ერთგულებითაც უნდა მართოს და გონიერებითაც, რადგანაც მათთვის პასუხს აგებს.

48-54. ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - თქვა რა როგორი პატივი მიეგება ერთგულ მონას, უფალი ახლა იმაზე საუბრობს, ბოროტი მონა როგორ დაისჯება. უკეთუ ვინმე, რომელსაც რომელიმე მადლით განმგებლობა აქვს მინდობილი, თავის მსახურებას არად ჩააგდებს და რადგანაც მყისვე არ დაისაჯა, იტყვის, იგვიანებსო უფალი ჩემი და ღმრთის მოთმინებას უზნეობის საბაბად აქცევს, სხვა მონებს ცემას დაუწყებს, ანუ ჩემი განმარტებით, აცდუნებს და მათ სინდისს ზიანს მიაყენებს, რადგანაც როცა ხელქვეითნი ხედავენ, რომ უფროსები მიცემულს ბოროტად იყენებენ, თვითონაც ცდუნდებიან და ზიანდებიან - ამგვარი მონა ორად გაიჭრება ანუ მადლისაგან განი[222]ძარცვება და მაშინ გამოჩნდება, როგორია იგი და სიბნელესა შინა გადაიგდება. ადრე კი იგი თავისი გარეგნობით სხვებს ატყუებდა. ასე რომ, მაშინ მღვდელმთავართაგან მრავალთ, რომელნიც წმინდანებად და ღირსეულებად ჩანან, მადლი წაერთმევათ, რადგანაც სხვანი იყვნენ და თავს სხვად აჩვენებდნენ.

----------------------------------------------------------------------------------------

1 - ცნობილია ამგვარი რედაქციაც 36-ე მუხლისა: ”არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან მხოლომან”.

 

თავი XXV

1-5. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. - ქალწულთა სახით უფალი ჩვენ გვთავაზობს იგავს მოწყალებაზე, სახელდობრ, მართალია, ქალწულება დიდი საქმეა, მაგრამ ვინც მას დაიმარხავს, არა მხოლოდ მასზე, არამედ სხვა საქმეებზეც უნდა იზრუნოს. იცოდე, უკეთუ მოწყალე არ იქნები, ქალწულიც რომ იყო, მრუშებთან ერთად ჩაგაგდებენ. სამართლიანად განიდევნება ისიც, ვინც, თუმცა ქალწულია, მაგრამ - უმოწყალო და შეუბრალებელი. მემრუშეს ძლიერი, ბუნებრივი ვნება ამარცხებს, შეუწყალებელს კი - ფული. რაც უფრო სუსტია მოწინააღმდეგე, მით უფრო ნაკლებ შეენდობა ვერცხლისმოყვარეობის ვნებისაგან ძლეულს. ვერცხლისმოყვარე უგუნურიცაა, რადგან დაძლია რა ბუნებრივი მგზნებარება, თვითონ შედარებით მცირე ვნების - ფულისაგან იქნა ძლეული. ძილი სიკვდილს ნიშნავს, ხოლო დაგვიანება სიძისა იმას, რომ მეორედ მოსვლა მალე არ იქნება.

6-13. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და [223]ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ღაღადება შუაღამისას გაისმაო, ამბობს, რითაც გაჩვენებს, რომ უფალი მოულოდნელად მოვა, რადგან შუაღამისას ჩვენ ყველას ღრმა ძილით გვძინავს. იგი ხმამაღალი დაძახების (ღაღადების) შემდეგ მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლისას საყვირი ახმიანდება. ლამპარნი ჩვენი სულები არიან, ლამპარია თითოეული ჩვენგანის გონებაც, რომელიც მაშინ ინთება, როცა სათნოებათა ზეთი და მოწყალება აქვს. ქალწულნი უგუნურნი არიან უკვე იმიტომაც, რომ ზეთს მაშინ ეძიებენ, როცა ამ საქმისათვის უკვე დრო აღარ არის. გონიერნი ეუბნებიან: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, რაც ასე უნდა გავიგოთ: უკეთუ სათნოება ჩემი მახლობელისა გამართლებისათვის თვითონ მას ძლივს ყოფნის, ჩემთვის რაღა სარგებლობა ექნება? ყოველი ხომ საქმეთაგან თვისთა განმართლდება და არა მოყვასისა (მახლობელისა). უგუნურნი მიდიან მოვაჭრეებთან, ანუ გლახაკებთან, რაც ნიშნავს შემდეგს: უგუნურნი ნანობენ, რომ მოწყალების საქმეებს არ აკეთებდნენ და მხოლოდ ახლა იგებენ, რომ ზეთი ჩვენ გლახაკთაგან უნდა მივიღოთ. ამიტომ, როცა ამბობს, მოვაჭრეებთან წავიდნენო ზეთის საყიდლად, ნიშნავს, რომ გონებით გლახაკებთან წავიდნენ და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რა კარგი საქმეა მოწყალება, მაგრამ კარები მათთვის უკვე დაიხურა, რადგან შემდგომად ამ ცხოვრებისა, დრო სინანულისა და მოღვაწეობისათვის უკვე აღარ გვექნება. იმიტომაც ეუბნება უფალი მათ: არა გიცით თქუენ, რომ კაცთმოყვარემ და მოწყალემ უმოწყალონი არ იცის. და მართლაც, მისგან გაუცხოებულნი და განსხვავებულნი როგორღა უნდა სცნობოდა? ასევე იცოდე, რომ ყოველ სულს ლამპარი და [224]ნათელი ღმრთისაგან ჰქონდა და ყოველი მათგანი აღდგება შესახვედრად უფლისა, რადგანაც შეგებება და შეერთება ღმერთთან ყველას სურს. მაგრამ უკეთუ გონიერნი ღმრთისაგან ბოძებულ ლამპარსა და ნათელს კეთილი საქმეებით ზეთს თავადაც უმატებენ, უგუნურნი, რომელნიც ლამპრებს უზეთოდ ტოვებენ, რადგანაც არა აქვთ კეთილი საქმენი, რომელიც მათში ნათელს აანთებდა, მოიკვეთებიან. ამგვარად, უკეთუ კეთილ საქმეთათვის არ ვიღვწით, ჩვენში ნათელი ღმრთისა ჩაქრება.

14-19. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. - ზემოთ თქვა: არა იცით თქვენ დღე, ოდეს მოვიდეს უფალი, ახლა კი, ნათქვამს ამ იგავს მოაყოლებს, გვაჩვენებს რა, რომ მისი მოსვლა უეცარი იქნება. რადგანაც უფალმა ვითარცა კაცმა, რომელიც გზას ადგება, თავის მონებს მოუწოდა და თითოეულს თავ-თავისი საქმე დაავალა. კაცი, რომელიც წავიდა, ჩვენთვის განკაცებულ ქრისტეს ეწოდება, ან იმიტომ, რომ ზეცასა შინა აღვიდა, ან კიდევ სულგრძელობისა გამო, რამეთუ ჩვენგან მოქმედებას მყისვე კი არ მოითხოვს, არამედ გვაცლის. მისი მონები ისინი არიან, რომელთაც სიტყვის მსახურება აქვთ მინდობილი: მღვდელმთავარნი, მღვდელნი, დიაკონნი და ყოველი, ვინც მადლი სულისა წმიდისა მიიღო, ზოგმა მეტად, ზოგმა მცირედ, თითოეულმა შესაბამისად თავისი ძალისა ანუ შესაბამისად საკუთარი რწმენისა და სიწმინდისა; რადგანაც ღმერთი ჩემთვის მის საჩუქარს იმ ჭურჭელში დებს, რომელსაც მე მას ვთავაზობ, უკეთუ ის მცირეა - საჩუქარსაც მცირეს ჩადებს, ხოლო თუ [225]დიდი, საჩუქარიც დიდი იქნება. ის, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, სამუშაოდ მყისვე წავიდა. ნახე მისი გულმოდგინება! უზრუნველობას კი არ მიეცა, არამედ მყისვე სამუშაოდ წავიდა, რათა ის, რაც მიიღო, გაეორმაგებინა. ბოძებულ ნიჭს, სიტყვა იქნება ეს, სიმდიდრე, ძალაუფლება მეფეთა კარზე, თუ სხვა რამ გონებრივი ძალა ან ოსტატობა, ის აორმაგებს, ვისაც სარგებლობა არა მხოლოდ თავისი თავისთვის მოაქვს, არამედ სურს, რომ იგი სხვებსაც მოუტანოს, ხოლო ტალანტის მიწაში ჩამფვლელი ისაა, ვინც მხოლოდ საკუთარი და არა სხვების სარგებლობისთვის ზრუნავს და რომელიც დაისჯება. უკეთუ ნახავ კაცს ნიჭიერსა და ენერგიულს, რომელიც თავის ნიჭიერებას ბოროტად - საკუთარი მოგების, ცბიერებისა და მიწიერი საქმეებისათვის იყენებს, ჩათვალე, რომ მან ტალანტი მიწაში ანუ მიწიერ საქმეთა შინა ჩაფლა. დიდი ხნის შემდეგ მოვა მბოძებელი ვერცხლისა ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა, რამეთუ სიტყუანი უფლისანი არიან ვეცხლ გამოჴურვებულ (ფს. 11.7), ან სხვა რომელიმე ნიჭისა, რომელიც ვინც მას ფლობს, განაბრწყინვებს და განადიდებს, და მიღებულისათვის ანგარიშს მოსთხოვს.

20-30. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა [226]არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ორივე მონა, რომელთაც მიცემულის გასამრავლებლად იშრომეს, უფალმა ერთნაირად შეაქო; სიტყვები: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! - ორივე მათგანმა მოისმინა. კეთილში ჩვენ კაცთმოყვარესა და გულუხვს ვგულისხმობთ, რომელიც თავის სიკეთეს ახლობლებზეც ავრცელებს. მცირესა ზედა სანდონი მრავალთა ზედა დგინდებიან; რადგან თუმცაღა ჩვენ ნიჭთა მიღების ღირსნი აქვე ვხდებით, მაგრამ მომავალ სიკეთესთან შედარებით ისინი უმნიშვნელონი არიან. სიხარული უფლისა - ის განუწყვეტელი მხიარულებაა, რომელიც ღმერთს აქვს; იგი ხარობს თვისთა საქმეთა ზედა, როგორც ამას დავითი ამბობს (ფსალმ. 103, 31). საკუთარი საქმეებით ასევე ხარობენ წმინდანებიც, მაშინ, როცა ცოდვილნი თვისთა საქმეთა გამო მწუხარებენ და ნანობენ. წმინდანებს ისიც ახარებთ, ასე მდიდარი უფალი რომ ჰყავთ. ყურადღება მიაქციე, რომ ისიც, რომელმაც ხუთი ტალანტი მიიღო და ისიც, ვისაც ორი ტალანტი ებოძა, ერთნაირ სიკეთეთა ღირსნი შეიქნენ. ანუ ის, ვინც შედარებით მცირეს იღებს, მაგრამ ბოძებულ მადლს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, სიკეთისთვის გამოიყენებს, იმავე პატივს დაიმსახურებს, რასაც დიდის მიმღები და მოქმედი. უკეთუ მიცემულს სათანადოდ მოიხმარს, ყოველი მათგანი დიდად დაფასდება. კეთილგონიერი მონები ამგვარნი არიან, ხოლო უკეთური და ზარმაცი თავს სხვაგვარად, მისთვის შესაფერისად იმართლებს. უფალს იგი სასტიკს უწოდებს, ისევე როგორც მოძღვართაგან მრავალი ახლაც ამბობს, რომ [227]სისასტიკეა იმ ადამიანებისაგან მოთხოვნა მორჩილებისა, რომელთათვის უფალს არც მორჩილება ჩაუნერგავს და არც დამჯერობა ჩაუთესავს. სწორედ ამაზე მიანიშნებს სიტყვები:მოიმკი, სადა არა დასთესი, ანუ დამჯერობას იმისგან მოითხოვ, ვისშიც იგი არ ჩაგითესავს. უწოდებს რა მონა ბატონს სასტიკს, თავის თავს განსჯის, რადგან უკეთუ იგი სასტიკი იყო, მაშინ მსგავსად იმისა, ვისაც სასტიკი და უმოწყალო ბატონი ჰყავს, მცდელობა კიდევ უფრო მეტად ჰმართებდა, რადგან თუკი იგი სხვისას ითხოვდა, თავისას მით უმეტეს მოითხოვდა. ამგვარად, შენც მოვალე იყავ, გაგემრავლებინა ის, რაც მიიღე და აღგეზარდა მოწაფენი, რომელთაგანაც უფალი, რაც ევალებოდათ, იმას მოითხოვდა. რამდენადაც ისინი სიტყვას სხვებს ან გადასცემენ, ან არა, იგი მოწაფეებს მოვაჭრეებს უწოდებს და მოწაფეთაგან სარგებელს (აღნადგინებს) ანუ საქმეთა ჩვენებას მოითხოვს, რამეთუ მოწაფე, რომელმაც მასწავლებლისაგან სწავლება შეიძინა, თვითონაც აქვს და სხვებსაც სრულად გადასცემს, მას სარგებელსაც, ე. ი. კეთილ საქმეებსაც უმატებს. ბოროტსა და ზარმაც მონას კი მადლი წაერთმევა, ვინც იმისთვის მიიღო რაიმე მადლი, რომ სხვებისთვის სარგებლობა მოეტანა, მაგრამ ამ მიზნით არ გამოიყენა, მას დაკარგავს. ხოლო ის, ვინც დიდ გულმოდგინებას გამოიჩენს, ნიჭსაც დიდს მიიღებს, რადგან გულმოდგინების მქონეს გარდამეტებულად მიეცემა დიდი მადლი, მას კი, ვისაც გულმოდგინება აკლია, ისიც წაერთმევა, რომელიც თითქოსდა ჰქონდა. ასე რომ, ვინც გულმოდგინედ არ ირჯება, მადლი სინამდვილეში კი არ ექნება, არამედ მხოლოდ მოჩვენებითად, რადგან მან უზრუნველობით წარწყმიდა იგი.

31-33. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით. - რადგანაც პირველ მოსვლას უფლისა თან უპატიობა და შეურაცხყოფა ახლდა, მეორედ [228]მოსვლის შესახებ ამბობს: რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, რამდენადაც მეორედ იგი დიდებითა და მსახურ ანგელოზთა თანხლებით მოვა. უწინარესად უფალი წმინდანებს ცოდვილებისაგან გამოყოფს; მათ ჯერ მღელვარებისაგან იხსნის, დაიყენებს რა მარჯვნივ, და შემდეგ საუბარს დაუწყებს. წმინდანებს ცხბრებს უწოდებს მათი უწყინარობისა და კიდევ იმის გამო, რომ ნაყოფს იძლევიან და ვითარცა ცხოვარნი, ჩვენთვის სასარგებლონი არიან, გვაძლევენ რა მატყლს - ღმრთეებრივსა და სულიერ საფარველს და, აგრეთვე, რძესაც, ანუ სულიერ საზრდელს; ხოლო ცოდვილებს თხებს უწოდებს, რადგანაც ისინი უფსკრულის პირას დადიან, უწესონი და უნაყოფონი, ვითარცა თხები.

34-40. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. - ვიდრე გაასამართლებდეს, უფალი არც პატივს მიაგებს ვინმეს და არც სჯის, რადგანაც კაცთმოყვარეა და ამით ჩვენც გვასწავლის, რომ ვიდრე არ გამოვიძიებთ, არ განვსაჯოთ. ამგვარად, სამსჯავროს შემდეგ, დასჯილებს თავის გამართლების საშუალება აღარ ექნებათ. კურთხეულს იგი წმინდანებს უწოდებს, რადგანაც მამისაგან არიან შეწყნარებულნი. უფალი მათ სასუფევლის მემკვიდრეებადაც სახელდებს, რათა აჩვენოს, რომ ღმერთი, ვითარცა შვილებს, მათ თავისი დიდების მოზიარეებად ხდის. არ უთქვამს რომ მიიღეთო, არამედ დავიმკვიდროთო, როგორც [229]ერთგვარად მამისეული ქონება. უმცროს ძმებს ან თავის მოწაფეებს უწოდებს, ან საერთოდ ყველა გლახაკს, რადგანაც ყოველი მათგანი მისი ძმაა უკვე იმიტომ, რომ თავად ქრისტემ ცხოვრება სიღატაკეში გაატარა. ყურადღება მიაქციე ღმრთის სამართლიანობას, როგორ აქებს იგი წმინდანებს! ნახე მათი კეთილგონიერებაც, რომელნიც, მართალია, თავმდაბლობისა გამო უფლის გამოზრდას უარყოფენ, მაგრამ თვითონ უფალი მიიჩნევს, რომ პირადად მან მიიღო ის, რაც მათ გლახაკებს გაუკეთეს.

41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი შეუქმნია, არამედ ეშმაკისათვის, მაგრამ ჩემს თავს მე თვითონ ვაქცევ ღირსად სასჯელისა. ძრწოდე, კაცო, მოიაზრებ რა აქედან, რომ ისინი, რომელნიც ისჯებიან, არც მემრუშენი არიან, არც მტაცებელნი და არც სხვა რომელიმე ბოროტმოქმედების ჩამდენნი, არამედ ადამიანები, რომელთაც კეთილი საქმენი არ უკეთებიათ. მაგრამ, თუ კარგად დააკვირდები, გამოდგება, რომ მტაცებელია [230]ბევრის მქონეც, რომელსაც მოწყალება არა აქვს, თუმცა მოყვასს ცხადად არ შეურხყბყოფს. ყთველივეს, რაც მას იმაზე მეტი აქვს, ვიდრე სჭირდება, იმას სტაცებს, ვისაც ის სჭირდება, მაგრამ მისგან ვერ იღებს, რადგან მას ეს მომეტებული საერთო მოხმარებისთვის რომ გადაედო, ისინი გასაჭირში აღარ ჩავარდებოდნენ. ახლა კი, რადგანაც ჭარბი ქონება ჩაკეტა და დაისაკუთრა, სხვებს უჭირთ. ასე რომ, კაცი, რომელიც მოწყალებას არ იძლევა, მტაცებელია და იმდენ ადამიანს შეურაცხყოფს, რამდენისთვისაც ქველმოქმედების გაწევა შეეძლო, მაგრამ არ გაუწია. ამიტომაც ისინი მარადიული ტანჯვისათვის წარიგზავნებიან, ხოლო მართალნი - საუკუნო ცხონებისათვის. ამგვარად, თუ წმინდანებს განუწყვეტელი სიხარული ექნებათ, ცოდვილნი ასევე განუწყვეტელ ტანჯვაში იქნებიან. ფუჭად მეტყველებს ორიგენე, როცა ამბობს, რომ სასჯელი დასრულდება, ცოდვილები მარადიულად არ ეწამებიან და დადგება დრო, როცა ტანჯვით განწმენდილები მართალთა სამყოფელში გადაინაცვლებენ. მაგრამ ეს ცდომილება ცხადადაა მხილებული აქ, როცა უფალი ამბობს, რომ სასჯელი საუკუნო იქნება, ანუ არასოდეს დასრულდება და მართლებს ცხვრებს ადარებს, ხოლო ცოდვილებს - თხებს. ისევე, როგორც თხა ვერასოდეს იქცევა ცხვრად, ასევე ვერც ცოდვილი განიწმინდება მომავალ საუკუნეში და მართალი ვერ გახდება. გარესკნელის ბნელი ღმრთეებრივ ნათელსაა მოშორებული და ყველაზე მძიმე სატანჯველს სწორედ ამიტომაც ქმნის. შეიძლება ამ მიზეზის დასახელებაც: სიმართლის მზეს მოკლებული ცოდვილი ბნელსა შინა უკვე აქ იმყოფება, მაგრამ რადგანაც მისი მოქცევის იმედი კიდევ არსებობს, ამიტომაც ეს ბნელი არაა ბნელი გარესკნელისა. შემდგომად სიკვდილისა კი, საქმენი მისნი გამოიძიება და გარესკნელის ბნელი მოიცავს, იმედი მოქცევისა აღარ იარსებებს და ღმრთეებრივ სიკეთეთ სრულიად მოაკლდება. ვიდრე აქაა, რაღაც ზომით მაინც ტკბება ღმრთის სიკეთით - მე ვგულისხმობ გრძნობად სიკეთეებს, და მაინც ღმრთის მონაა, რადგანაც ღმრთის სახლში ცხოვრობს, მის ქმნილებათა შორის, მისგან გამოკვებილი და დაცული. მაშინ კი, ღმრთისაგან სრულიად მოწ[231]ყვეტილს, არცერთ მის სიკეთეში წილი აღარ ექნება. სწორედ ამ ბნელს გარესკნელი ეწოდება აქაურ ბნელთან შედარებით, რომელიც, რამდენადაც ცოდვილი ამქვეყნად სრულიად მოკვეთილი ჯერ კიდევ არ არის, არც გარესკნელია. ასე რომ, გაექეცი უმოწყალობას და ქმენ მოწყალება, როგორც გრძნობითი, ისე უმეტესად სულიერი, და ასაზრდოე ქრისტე, მოშიებული ჩვენი ხსნისათვის. უკეთუ შენ იმას აჭმევ და ასმევ, ვისაც მოძღვრება შია და სწყურია, ქრისტეს აჭმევ და ასმევ, რადგან ქრისტიანის რწმენა ქრისტეა, ხოლო რწმენა მოძღვრებით საზრდოობს და იზრდება. ასევე: უკეთუ ნახავ ვინმეს, ზეციური სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (რომ. 14.1). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.

 

თავი XXVI

1-2. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად? - მას შემდეგ, რაც სასუფეველი და სატანჯველი მოიხსენა, დროულად საუბრობს საკუთარ ტანჯვაზეც, თითქოს ამბობს: "ჯვარზე გამკვრელნი ჩემნი ცეცხლს დაიმსახურებენ".

3-5. მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან [232]ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის. - მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრის შეცვლა, ვიდრე იგი არ გარდაიცვლებოდა, სჯულის ბრძანებით არ შეიძლებოდა, სჯულის საწინააღმდეგოდ, იუდეველები მათ ყოველ წელს ცვლიდნენ. იმ წლის მღვდელმთავართან ქრისტეს მოკვლის შესახებ სათათბიროდ ისინი მივიდნენ, რომელთაც მკვლელთა დასჯა ევალებოდათ. მღვდელმოძვართ მახარებელი იმათ უწოდებს, რომელთაც წლის მსახურება უკვე აღსრულებული ჰქონდათ. დანაშაულებრივი მკვლელობის განმზრახველთ ღმრთის კი არ ეშინიათ, არამედ ხალხისა; ეშინოდათ იმისა, რომ ქრისტეს დღესასწაულზე მოკვლის გამო ხალხი შურის საძიებლად არ აღმდგარიყო; ამასთან, იმის შიშიც ჰქონდათ, რომ ჩადენილ სამარცხვინო მკვლელობას ხალხი მსხვერპლშეწირვისაგან არ დაეყენებინა და მისგან მიღებული მოგება არ დაკარგვოდათ. რადგან მისი ხსენების გაქრობა სურდათ, ეშინოდათ, აგრეთვე იმისაც, რომ უკეთუ დღესასწაულზე მოკლავდნენ, ეს სიკვდილი საყოველთაოდ ცნობილი და დიდებული არ გამხდარიყო; ასე რომ, დღესასწაულის წინ კი ითათბირეს, მაგრამ მოკვლა დღესასწაულის შემდეგ გადაწყვიტეს. აჩვენა რა, რომ არა მაშინ ევნება, როცა ისინი მოისურვებენ, არამედ მაშინ, რაჟამს თვითონ ინებებს, უფალმა ნება მისცა მათ პასექის წინა დღეს შეეპყროთ, რათა, რაჟამს ჩვეულებრივ პასექის წინა სახეს იდღესასწაულებდნენ, ჭეშმარიტი პასექიც მაშინ აღსრულებულიყო. საჭიროა, აგრეთვე ყურადღების მიქცევა იმაზეც, ამ მკვლელობით ჩირქი როგორ მოიცხეს. თუმცა თითქოს მისი მოკვლა დღესასწაულზე არ უნდოდათ, მაგრამ როგორც კი გამცემი იპოვეს, მაშინვე მოკლეს და საკუთარი სურვილი რომ აეხდინათ, ხალხიც არად ჩააგდეს.

6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. - ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა [233]მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი"1, ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე შენც, უკეთუ სელიერი კეთრი, კეთრი ფარისევლობისა გჭირს, გაბრმავებს და ღმერთს გაშორებს, მიიღე სახლსა შინა შენსა იესო და მას მირონი სათნოებისა სცხე. შენც ხომ მეგიძლია, იესოს, რომელიც კეთრისაგან გწმენდს, მირონი მოუმზადო და მას თავზე დაასხა. და რას წარმოადგენს ქრისტეს თავი? ეს მისი ღმრთეებაა, რომელსაც სათნოებათა კეთილსურნელება ეძღვნება, როგორც ნათქვამია: წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, უფალო (ფს. 140.20). ქრისტეს ღმრთეებას კეთილსურნელება სათნოებისაგან შედგენილი მირონისა შენც მიუძღვენი და აღიარე იგი არა მხოლოდ ჩვეულებრივ კაცად, არამედ ღმერთადაც და მაშინ სცხებ მის თავს ღმრთეების სურნელოვან მირონს ანუ იღმრთისმეტყველებ.

8-11. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. - მოწაფეებმა, რომელთაც მრავალი რამ სმენოდათ მოწყალების შესახებ და სიტყვას მასზე დიდადაც აფასებდ[234]ნენ, ქალს უსაყვედურეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღმერთი საკუთარ პატივზე მეტად წყალობას ეძიებს. მაგრამ მან მოწაფენი იმის გამო, რომ ქალს შეუფერებელ დროს უსაყვედურეს, დატუქსა. საერთოდაც, ახლადმოქცეულთაგან, და მით უფრო სუსტი ქალისაგან, ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ ისინი თავიანთი ზომიერი რწმენითაც უნდა შევიწყნაროთ. რაჟამს ვინმე ღმერთს ძღვენს უძღვნის, უკან ნუ კი მიაქცევ მას, და ნურც მის გულმოდგინებას შეეხები იმით, რომ ამ ძღვენის გლახაკებისათვის დასარიგებლად წარგზავნი, არამედ მიეცი საშუალება ძღვენი შეწიროს. ხოლო უკეთუ ვინმე რჩევას გკითხავს იმის თაობაზე, შესაწირავი გლახაკებს დაურიგოს, თუ ღმერთს შესწიროს, მაშინ ურჩიე, რომ გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ უკეთუ ძღვენი ღმრთისათვის უკვე მიტანილი აქვს, მისი უკან გაბრუნება უსარგებლოა. ამასთან, პატივი, რომელიც უშუალოდ ღმერთს მიეგება, საერთოდ ყოველივეს, და მათ შორის მოწყალებასაც, უნდა ვარჩიოთ. რადგანაც ქრისტე კაცთმოყვარეობისა გამო მოწყალებას საღმრთო საქმედ თვლის, ნუ იფიქრებ, რომ ღმერთი უნდა უგულებელყო და მხოლოდ მოწყალებაზე უნდა იზრუნო, თორემ ისე გამოვა, რომ, უკეთუ ნაძარცვისაგან მოწყალებას გაიღებ, მკრეხელობაც კი შეგიძლია ჩაიდინო. მაგრამ ეს არ შეიძლება. ხოლო იმის შესახებ, რომ გლახაკთათვის გაღებული მოწყალება და თავად ქრისტესათვის პატივის მიგება და მისი მსახურება ერთი და იგივე არაა, მოუსმინე: გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენ თანა ვარ. ამგვარად, ყურადღება მიაქციე, რომ სხვა არის ქრისტეს მსახურება და სხვა გლახაკთა შეწყალება, თუმცა ქრისტე, კაცთმოყვარეობისა გამო, რასაც გლახაკებს უკეთებენ, მისთვის გაკეთებულად თვლის.

12-13. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა. - უფალი გვასწავლის, რომ ქალი ასე ღმრთის ნებით მოიქცა, წინასწარ განასახიერა რა მისი ხიკვდილი და დაფლვა მისი სხეულისა, რადგან უფალი მისთვის მირონის ცხების ნებას არ მისცემდა, ამით საიდუმლოს რამდენადმე გაცხ[235]ადება რომ არ ნდომებოდა. ვითარცა ღმერთმა, მან მომავალი იწინასწარმეტყველა, სახელდობრ, ის, რომ საქციელი, რომელიც ამ ქალმა ჩაიდინა, მის საქებრად ყველას აალაპარაკებდა. ნახე კაცთმოყვარეობა ღმრთისა, რა დიდი ჯილდო მიაგო დედაკაცს! უფალმა ისე მოაწყო, რომ ვიდრე სახარება იარსებებს, მასაც ყველგან მოიხსენებენ. მაგრამ მირონი ქრისტეს დაფლვაზე როგორღა მიუთითებს? იუდეველებს წესად ჰქონდათ სხეულის მირონის ცხებით დაკრძალვა, როგორც ამას ეგეიპტელებიც აკეთებდნენ, რათა იგი განუხრწნელად და ცუდი სუნის გარეშე შენახულიყო. ამჯერად, - ამბობს იგი, - ამ ქალმა მირონის დასხმით აჩვენა, რომ სხეული ჩემი საფლავად დაიდება. ყოველივე ამას უფალი იუდას შესარცხვენად და შესაგონებლად ამბობს, რომლისგანაც იგი დაკრძალვისათვის გაიცემოდა. გადატანითი მნიშვნელობით კი ასე მოიაზრე: კეთროვანი წარმართი ხალხებია, ცოდვილი დედაკაცი - ეკლესია წარმართთა კრებულისაგან, რომელმაც მირონი ანუ რწმენა ქრისტეს თავს, ან რაც იგივეა, მის ღმრთეებას დაასხა, რადგან ყოველი, რომელსაც სწამს, რომ ქრისტე ღმერთია, ქრისტეს თავსა ზედა მირონს ასხამს. იუდა კი, ვინც, როგორც იოვანე ამბობს (XII, 4-5), ამ ქალის გამო დრტვინავდა, იუდეველებს განასახიერებს, რომელნიც ქრისტეს ეკლესიის გამო აქამდე დრტვინავენ.

14-16. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. - როცა უცხო ქალმა, თანაც მეძავმა უფალს ასე დიდი პატივი მიაგო, მოწაფე სწორედ მაშინ წავიდა, რათა გაეცა იგი. ამაოდ როდია ნათქვამი: მაშინ წავიდა, არამედ იგი იუდას ურცხვობას წარმოაჩენს. ისკარიოტელი იმიტომ დაუმატა, რომ ამით დაეზუსტებინა, რომელ იუდაზე იყო ლაპარაკი, რადგან სხვა იუდაც არსებობდა, იუდა ლებბაიოსი. ეს გამცემი იუდა წარმოშობით ერთ-ერთი სოფლიდან იყო, რომელსაც ისკარა ეწოდებოდა. მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი, ანუ შეთანხმდნენ და მიცემა დაადგინეს და არა მაშინვე მიუწონეს, როგორც ამას ბევრი [236]ფიქრობს. იუდა ხელსაყრელ ჟამს ეძიებდა, რათა მაშინ გაეცა, როცა მარტო იქნებოდა. რადგანაც ხალხის ეშინოდათ, იუდა მოისყიდეს, რომ მას ეცნობებინა, როდის დარჩებოდა იესო მარტო.

17-19. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი. - ვფიქრობ, რომ უცომოების პირველ დღეს მახარებელი უცომოების წინა დღეს უწოდებს. წესით პასექი მათ პარასკევ საღამოს უნდა ეჭამათ; ამიტომაც ეწოდებოდა მას დღე უცომოებისა. მაგრამ უფალი მოწაფეებს ხუთშაბათს გზავნის, რომელსაც მახარებელი უცომოების პირველ დღეს უწოდებს, რადგანაც იგი წინ უსწრებს პარასკევს, რომლის საღამოსაც ჩვეულებრივ ჭამდნენ უცომოებს. მოწაფეები მიდიან იესოსთან და ეკითხებიან: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? რადგან არც მათ და არც თავად ქრისტეს საკუთარი სახლი არ ჰქონდათ. იგი მოწაფეებს აგზავნის კაცთან, ვისაც არც თვითონ იცნობდნენ და არც იგი იცნობდა მათ (ასე მოიქცა იგი სახედართან დაკავშირებითაც), რითაც აჩვენა, რომ იმ კაცს შეეძლო ერწმუნა მისთვის უცნობი ადამიანის უბრალო სიტყვებისა და უფალი მიეღო. პასექის აღსრულება კი იმიტომ ინება, რომ არ ეფიქრათ, სჯულის წინააღმდეგი არისო. ჟამი ჩემი თავის დაკვლას უწოდა, რათა ჩვენ გვცოდნოდა, რომ მან ეს იცოდა და მისი ნების გარეშე არ დაკლულა. სიტყვებს: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე, ანუ შენს სახლში, დაურთო სიტყვები: მოწაფითურთ ჩემით, რათა საჭმელი საკმარისად მოემზადებინათ, რადგან პასექის ჭამა მრავალს ჰქონდა განზრახული.

20-22. და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? - ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იმ წელს [237]უფალს პასექი არ უჭამია, რადგან, როგორც ამბობენ, კრავს ჩვეულებრივ, ფეხზე მდგომნი ჭამდნენ, ქრისტე კი ინაჴით იჯდა და მაშასადამე, არც პასექი უჭამია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მან პ ასექი ჯერ ფეხზე მდგომმა შეჭამა, ხოლო შემდეგ ინაჴით მჯდარმა გადმოსცა თავისი საიდუმლო, რადგან ჯერ პასექის წინა სახე აღასრულა, ხოლო შემდეგ - ჭეშმარიტი პასექი. იუდას საქციელზე წინასწარ იმიტომ თქვა, რომ გამოესწორებინა და შეერცხვინა, თუ სხვა რამით არა, საერთო ტრაპეზით მაინც, და მიანიშნა, რომ მას სურდა გაცემა ღმრთისა, რომელმაც მისი გულის ზრახვანი იცოდა. მოწაფენი შეშფოთდნენ, მართალია, სინდისი სუფთა ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად ქრისტეს ენდობოდნენ, რადგან უფალი უკეთ იცნობდა მათ გულებს, ვიდრე თვითონ ისინი.

23-25. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე. ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი. მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. - რადგანაც ფარულად მხილებული იუდა გონს ვერ მოეგო, ახლა პირდაპირ ამხელს. ამიტომაც ამბობს რა: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი, მის შესახებ აცხადებს, რათა ამით მაინც გამოასწოროს. მაგრამ იუდამ, რადგანაც ურცხვი იყო, ლუკმა მაინც იმავე ჯამში ან პინაკში ამოაწო. შემდეგ ამბობს: ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ანუ სამყაროს დასახსნელად ქრისტეს ვნება კიდევაც რომ წინასწარ განსაზღვრული ყოფილიყო, იუდასათვის პატივის მიგება არა თუ სრულიადაც არ გვმართებს, არამედ, პირიქით, ვაი მას, რადგან იგი ასე იმიტომ კი არ მოიქცა, რომ ღმრთის განზრახვას შეწეოდა, არამედ საკუთარი ბოროტებისათვის სამსახურის გასაწევად. ამასთან, უკეთუ ყურადღებით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ქრისტეს ჯვარზე გაკვრა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. ამას იგი მაშინ გვაჩვენებს, როცა სასმელის აცილებისათვის ლოცულობს. მაგრამ, რადგანაც მან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იცოდა, რომ ადამიანთა ხსნა, მტრის ბოროტებისა [238]გამო, სხვა გზით შეუძლებელი იყო, იმის გაკეთება ინება, რისი გაკეთებაც თავდაპირველად არ უნდოდა. როცა ამბობს, უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი, ამით ცოდვილ არსებობაზე უმყოფობის უპირატესობას წარმოაჩენს. ყურადღება მიაქციე სიტყვას წარვალს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ქრისტეს მოკვდინება გადასვლა უფრო იქნებოდა, ვიდრე სიკვდილი.

26. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. - სიტყვები: ვითარცა ჭამდეს მახარებელმა იუდას არაკაცობის წარმოსაჩენად დაურთო, რადგან, მხეციც რომ ყოფილიყო, საერთო ტრაპეზზე საჭმლის მიღებას უფრო ლმობიერი უნდა გაეხადა; იგი კი, ადრეც მხილებული, არა თუ გონს მოვიდა, არამედ მაცხოვრის ხორციც ისე იგემა, რომ არ მოუნანიებია. ზოგიერთების თქმით, ქრისტემ საიდუმლო სხვა მოწაფეებს მაშინ გადასცა, როცა იუდა გავიდა. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და უკეთურნი საიდუმლოებებს განვარიდოთ. განიზრახავს რა პურის გატეხას, უფალი ჰმადლობს, ჯერ ერთი იმისათვის, რომ პურის მოღებისას მადლობის თქმა ჩვენც გვასწავლოს და მეორეც, რათა გვაჩვენოს, რომ მისი სხეულის გადატეხას ანუ მოკვდინებას მადლობით იღებს, და ამის, ვითარც რაღაცა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად მომხდარის გამო, არ მრისხანებს, და კიდევ იმიტომ, რომ მოწამეობა ჩვენც მადლობით მივიღოთ. როცა ამბობს: ესე არს ხორცი ჩემი, გვაჩვენებს, რომ პური, განწმენდილი საკურთხეველზე, თვითონ ქრისტეს სხეულია და არა სახე მისი, რადგან არ უთქვამს; ეს არის სახე, არამედ: ესე არს ხორცი ჩემი. პური გამოუთქმელი მოქმედებით გარდაიქმნება, თუმცა ჩვენთვის ისევ პურად ჩანს. რადგანაც ჩვენ, ჩვენი უძლურებისა გამო, უმი და თანაც ადამიანის ხორცის ჭამას ვერ შევიწყნარებთ, ამიტომაც გვეჩვენება პურად, თუმცა სინამდვილეში ხორცია.

27-28. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა. -როგორც ძველ აღთქმაში იყო დაკვლა და სისხლი, ასევეა ახალ [239]აღთქმაშიც - სისხლი და დაკვლა. არა ყველასათვის, არამედ მრავალთათვის დათხეულიო, - თქვა. ყველანი ხომ მრავალნი არიან. რატომ ზემოთაც არ თქვა; მიიღეთ და ჭამეთ ყველამო, როგორც აქ ამბობს: სუთ ამისგანი ყოველთა? - ერთნი ამბობენ, რომ მან ეს იუდას გამო თქვა, რადგან, როცა იუდამ პური აიღო, კი არ შეჭამა, არამედ დამალა, რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა, რომ იესო თავის სხეულს პურს უწოდებდა; სასმელი კი, თუმცა არ უნდოდა, მაინც დალია, რადგან მის დამალვას ვერ შეძლებდა. ამიტომაც ეუბნებაო მათ უფალი: სუთ ყოველთა. ხოლო მეორენი ამას გადატანითი მნიშვნელობით განმარტავენ, სახელდობრ, რამდენადაც მაგარი საჭმლის მიღება არა ყველას, არამედ მხოლოდ ზრდასრულებს შეუძლიათ, შესმა კი ყველას, ამიტომაც თქვა აქ: სუთ ყოველთა, რადგან უმარტივესი დოგმატების მიღება ყველას ძალუძს.

29. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა. - იგემა რა თასიდან, ამიერიდან უარს ამბობს ხორციელ (ამქვეყნიურ) სასმელზე და სასუფეველში ანუ აღდგომისას რაღაც ახლის გემებაზე (გემოჲსხილვაზე) იუწყება. შემდგომად აღდგომისა, მართლაც, ჭამდა და სვამდა, ოღონდ რაღაც ახალი სახით, არა იმიტომ, რომ ხორციელი საკვების გემება სჭირდებოდა, არამედ რათა საკუთარი სხეულის ჭეშმარიტი ბუნება დაედასტურებინა. თავის აღდგომას სასუფეველს სამართლიანად უწოდებს, რადგან რაჟამს სიკვდილი გააუქმა (გაანადგურა), თავი ჭეშმარიტ მეფედ წარმოაჩინა. შეგიძლია ასეც მოიაზრო: ახალი სასმელი ღმრთის საიდუმლოთა განცხადებაა, რომელნიც მაშინ ანუ მეორედ მოსვლისას, ღმრთის სასუფეველსა შინა, განცხადდებიან. ახალი, ე. ი. იმგვარი, რომლის შესახებაც არასოდეს არაფერი გვსმენია. ქრისტე ამბობს, რომ მას ჩვენთან ერთად თვითონაც შესვამს, რადგან ჩვენთვის სასარგებლოს თავის საკვებად და სასმელად ჩათვლის.

30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. - შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, [240]არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.

31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას. - ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც ითქვა, რომ დასცა. შემდეგ, მათი მწუხარების დასახსნელად, უფალი მოწაფეებს ახარებს, რომ აღდგება და წინა-წარუძღვება, ანუ ჩაასწრებს გალილეაში, აჩვენებს რა, რომ იერუსალიმს დატოვებს და წარმართებთან წავა, რადგან გალილეაში წარმართები ცხოვრობდნენ.

33-34. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე. ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. - დიდი თავდაჯერებულობის გამო, მხოლოდ პეტრე არწმუნებს, რომ არ ცდუნდება. ქრისტემ მისი დაცემა დაუშვა, რათა არა საკუთარი მხნეობის, არამედ ღმრთის სასოება ჰქონოდა და საკუთარ სინდისზე (ცნობიერებაზე, გონებაზე) მეტად ქრისტეს ხიტყვებისა ერწმუნა. ამასთან სიტყვები: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, გამოძახილია სიამაყისა, რადგანაც პეტრეს ქედმაღლობასა და მის მიერ საკუთარი უძლურების შეუცნობლობას წარმოაჩენს. უფალი მას დროსაც უწინასწარმეტყველებს და რიცხვსაც უარყოფისა, სახელდობრ: იგი მას იმავე ღამეს, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, და თანაც სამგზის უარყოფდა.

35-36. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი [241]შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს. მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. - პეტრე, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტად მისი ერთგული იყო, მაცხოვარს შეეპასუხა. განთავისუფლდა რა იმ შიშისაგან, რომ შეიძლებოდა გამცემი თვითონ ყოფილიყო, ქრისტესადმი დიდი სიყვარულისა და პატივმოყვარეობის გამო, სხვების წინააღმდეგ ამხედრება და ქრისტესთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მაგრამ სხვა მოწაფეებიც, რომელთაც განსაცდელი არ იცოდნენ, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განცდილი, უფალს იმაში არწმუნებდნენ, რისი გაკეთებაც არ შეეძლოთ.

37-39. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. - ყველა მოწაფე კი არ წაიყვანა, არამედ სამნი, ისინი, რომელთაც თაბორის მთაზე თავისი დიდება აჩვენა, რადგან იხილავდნენ რა მას შეშფოთებულსა და მლოცველს, არ ცდუნებულიყვნენ; თუმცა ესენიც დატოვა და განშორდა, მარტოს რომ ელოცა. იგი კეთილი განგებულებით ღელავს და წუხს, რათა ირწმუნონ, რომ ჭეშმარიტად კაციც იყო, რადგანაც შიში სიკვდილისა კაცობრივ ბუნებას ახასიათებს. რამდენადაც სიკვდილი კაცთა მოდგმაში ბუნებით არ შემოსულა, ამიტომ კაცობრივი ბუნება გაურბის მას. ამასთან, იმისთვისაც მწუხარებს, რომ ეშმაკს დაემალოს, და რომ ეშმაკი მას, ვითარცა უბრალო (ჩვეულებრივ) კაცს, თავს ისე დაესხას, მოაკვდინოს და ამგვარად თვითონაც შეიმუსროს. მეორე მხრივ, უფალი სიკვდილზე თვითონ რომ წასულიყო, ამით იუდეველებს თავის მართლების საშუალებას მისცემდა, სახელდობრ, რომ მოკვლით იმისა, ვინც ჩვენთან თვითონ მოვიდა, რათა ვნებულიყო, არ შეგეიცოდავსო. აქედან ჩვენც ვსწავლობთ, რომ თავი საფრთხეში კი არ უნდა ჩავიგდოთ, არამედ მისგან დასახსნელად უნდა ვილოცოთ. ამიტომ დიდი მანძილით კი არ დაშორდა, [242]არამედ შორიახლოს დარჩა სამი მონაფისა, რათა მოესმინათ მისი და ხსომებოდათ, რომ უკეთუ განსაცდელსა შინა ჩავარდებოდნენ, თვითონაც მის მსგავსად უნდა ელოცათ. თავის ტანჯვას სასმელს უწოდებს, ან იმის გამო, რომ მისგან დაიძინა, ან კიდევ იმიტომ, რომ იგი ჩვენი სიხარულისა და ხსნის მიზეზად იქცა. სურს ეს სასმელი აიცდინოს, ან იმის საჩვენებლად, რომ ვითარცა კაცს, ბუნების კანონით, ეშინია სიკვდილისა, როგორც ეს უკვე ითქვა, ან იმის გამო, რომ არ სურდა, ებრაელებს ისე მძიმე ცოდვა ჩაედინათ, რომლის გამოც ტაძარიც განადგურდებოდა და ხალხიც დაიღუპებოდა. მას სურს, ასრულება მამის ნებისა, რათა ჩვენც ვისწავლოთ, რომ თუმცა ბუნება გარემიგვაქცევს, ჩვენ მაინც ღმრთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ასრულება საკუთარი ნებისა.

40-41. და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. - რადგანაც პეტრე და სხვა მოწაფენიც გაბედულნი იყვნენ, ამხელს მათ უძლურებას, ვითარცა ადამიანებისა, რომელნიც ფრიად დაუფიქრებლად ლაპარაკობდნენ; განსაკუთრებით კი პეტრეს მიმართავს: როგორ ვერ შეძელით ერთი საათი გეფხიზლათ ჩემთან ერთად? და სულს თქვენსას ჩემთვის როგორღა დადებთ? მაგრამ მას შემდეგ, რაც მხილებით განგმირა, ისევ კურნავს მათ, როცა ეუბნება: სული ფხიზელია, მაგრამ ხორცი თავისი უძლურებით ეწინააღმდეგება მას, ანუ: მე გპატიობთ თქვენ, რადგანაც უძლურებისაგან ჩათვლიმეთ და არა იმის გამო, რომ უგულებელმყავით. ასე რომ, რადგანაც უძლურნი ხართ, ნუ კადნიერდებით, არამედ ილოცეთ, რომ როგორმე განსაცდელსა შინა არ ჩავარდეთ. სხვები ფიქრობენ, რომ სიტყვები: რაჲთა არ შეხჳდეთ განსაცდელსა ნათქვამია ნაცვლად სიტყვებისა: რაჲთა განსაცდელისაგან არ იძლიოთ. რადგან, ამბობენ ისინი, განსაცდელთა გარეშე ყოფნას კი არ გვიბრძანებს, რომელნიც ჩვენ გვირგვინოსანგვყოფენ, არამედ თავის დაცვას განსაცდელთაგან, რათა არ დავინთქათ და წიაღსა შინა მისსა, ვითარცა რაღაც ცხოველისა, არ აღმოვჩნდეთ, რადგანაც ვინც განსაცდელისგან [243]დამარცხდა, მას შინა შევიდა, ანუ მისგან იქნა დანთქმული.

42-44. კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი. და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ. და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა. - ჰოჲ კაცო, გესმის რა, რომ უფალიც ხშირად ლოცულობდა, განსაცდელსა შინა განუწყეეტელი ლოცვა ისწავლე. იხილა რა ისინი ისევ მძინარენი, აღარ ამხილა, რათა აღარ დაემწუხრებინა, არამედ განშორდა და მესამედ მაგიდა სალოცავად, დასამტკიცებლად იმისა, რომ კაციც იყო, რადგანაც რიცხვი სამი ჭეშმარიტებისა და უეჭველობის მაჩვენებელია.

45-46. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი. - აჩვენებს რა, რომ რადგანაც დანებება განიზრახა, მათი შემწეობა არ სჭირდება, ეუბნება მათ: დაიძინეთ ამიერითგან. ამ სიტყვებს ირონიით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება: "აჰა მოახლოვდა გამცემი და უკეთუ თქვენ ეს მოგწონთ, და ჟამიც ნებას გაძლევთ, იძინეთ". შემდეგ მან წამოაყენა ისინი იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა, იმათკენ გაემართა, ვინც მის შეპყრობას განიზრახავდა და ისე შეეგება, თითქოს რაღაც სასიხარულო რამის გადაცემა ჰქონდათ განზრახული. იგი ლოცულობდა იმისთვის, რომ განგებულება გვერწმუნა, ხოლო თუ ტანჯვა არ სურდა, ესეც იმიტომ, რომ ებრაელები ეხსნა დაღუპვისაგან, რომელიც მის წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის მოეწეოდათ.

47-50. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხ[244]ნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი. - ხედავ მღვდელმთავართა იარაღებს? კეტებსა და მახვილებს? აი, ამგვარი მშვიდობისმყოფელნი იყვნენ ისინი და მქონენი სათნო სულისა. ერთი იგი ათორმეტთაგანი, - ამბობს მახარებელი და უკვირს, რომ იუდამ, მიუხედავად იმისა, რომ რჩეული იყო და პირველთა შორის დადგენილი, საკუთარი თავი ეშმაკს მისცა. ასევე შენც, კიდევაც რომ ერთი მის მახლობელთაგანი იყო, მაინც გეშინოდეს ადამიანო, რათა სულით არ დაუძლურდე და მისგან არ განვარდე. იუდა ნიშანს აძლევს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღამეში გამოცნობა შეუძლებელი იყო და მეორეც: შესაპყრობად მოსულნი არა იმდენად ხალხიდან, რამდენადაც მღვდელმთავართა მსახურებიდან იყვნენ, ამიტომ შეიძლებოდა მათ იესო საერთოდაც არ სცნობოდათ. მოწაფე მასწავლებელზე მათ ამბორისყოფით მიუთითებს; იცის რა კაცთმოყვარეობა უფღისა, კადნიერდება და ვოცნის. ისიც ბოლო შუთამდე ითმენს და მის სინანულად მოყვანას სულგრძელობით ცდილობს. მაგრამ როცა გონს ვერც ამით მოიყვანა, მაშინ, როგორც იოვანე ამბობს, ისე გააკეთა, რომ მოსულნი მიწაზე დაეცნენ. ასე იმიტომ მოიქცა, რომ დაცემისაგან მაინც შეეცნოთ მისი ძალა, მაგრამ, როცა თავხედობაზე ხელი არც ამის შემდეგ აიღეს, თავისი თავი თვითონ მისცა. არცხვენს რა ამით და საყვედურობს, იუდას მეგობარს უწოდებს, რომელმაც, ვითარცა მეგობარმა, კოცნა უძღვნა. რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? ნაცვლად ამისა: რა მიზნით მოხვედი აქ? როგორც მეგობარი? მაგრამ მაშინ მახვილებით არ უნდა მოსულიყავი, როგორც მტერი? მაგრამ მაშინ როგორღა მკოცნი? ასე ამხელს მას ვითარცა ცბიერს.

51-54. და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად? - როგორც იოვანე ამბობს, პეტრე იყო ის, ვინც მახვილი ამოიღო (ინ. 18, 10). მახვილი თან ჰქონდა, რადგან მანამდე კრავი [245]დაკლა, რომელიც სერობაზე იგემეს. ჩვენ პეტრეს არ განვსჯით, რადგან იგი ასე არა საკუთარი თავის, არამედ მასწავლებლისათვის მოშურნეობის გამო მოიქცა, ხოლო უფალი გარდაქმნის რა მას სახარებისეული მოქალაქეობისათვის, ასწავლის, რომ არ შეიძლება გამოყენება მახვილისა, თუნდაც ღმრთისათვის შურისძიების მიზნით. მოჰკვეთა რა ყური, პეტრე გვაჩვენებს, რომ იუდეველები შეუსმენლობით იყვნენ ავად. შემდეგ უფალს მოჰყავს გამონათქვამი სჯულიდან, რომ მკვლელი უნდა მოიკლას, რადგანაც სჯულის სწავლებით მახვილის ამღებნი მახვილითვე მოწყდებიან. ამით იგი იმაზე მიანიშნებს, რომ იუდეველნი, რომელთაც მახვილი მის წინააღმდეგ აიღეს, რომაელთა მახვილით ამოწყდებოდნენ. არ უთქვამს: მე შემიძლია წარმოვადგინო ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი, არამედ შევევედრო მამასა ჩემსაო. ამას იგი კეთილი განგებულებით ამბობს, ვითარცა კაცი, მოწაფეთა უძლურებისა გამო. რამდენადაც მან მაშინ მრავალი კაცობრივი რამ აჩვენა - ოფლი, შიში, უკვე დამაჯერებელი აღარ იქნებოდა, რომ ეთქვა: ანგელოზთა წარმოდგენა მე თვითონ შემიძლიაო; ამიტომაც ამბობს: თუკი ვისურვებდი, ნაცვლად თორმეტი მოწაფისა, ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი წარმომიდგებოდაო; ლეგიონი კი ყველაზე დიდი რაზმია - ექვსიათასი მხედარი. მაგრამ, - ამბობს, - ეს ყოველივე უნდა მოხდეს, რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ყოველივე ამას წინასწარ გვაუწყებს. იუდეველები ბოროტნი არიან არა იმიტომ, რომ წმინდა წერილი ამას წინასწარ იუწყება, არამედ, რადგანაც მომავალში ყოველივეს ბოროტი განზრახვით აღასრულებდნენ, და წმინდა წერილშიც იმიტომ გადმოიცა ყველაფერი სულიწმიდის მიერ.

55-56. მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. - უფალმა მათი უგუნური თავდასხმაც წარმოაჩინა და ისიც, რომ მისი შეპყრობა მათი ძალით არ მომხდარა. როცა ტაძარში ვიყავი, - ამბობს, - თქვენ მაშინაც გინდოდათ ჩემი შეპყრობა, მაგრამ, რადგანაც ეს მე არ დავუშვი, ვერც შეძელით; ახლა კი ჩე[246]მივე ნებით გეძლევით, რადგანაც ვიცი, რომ შეუძლებელია ტყუოდეს წმინდა წერილი, რომელმაც თქვენი ბოროტება იწინასწარმეტყველა.

55-58. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
- მაშინ, როცა სხვა მოწაფეები გაიქცნენ, პეტრე, რომელსაც მასწავლებელი მხურვალედ უყვარდა, შორიახლო მისდევდა მას. მართალია, უფალს იოვანეც მიჰყვებოდა, მაგრამ არა როგორც მოწაფე, არამედ როგორც მღვდელმთავრის ნაცნობი.

59-60. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. - იესო კაიაფასთან მიიყვანეს, რადგანაც იმ წლის მღვდელმთავარი იგი იყო. ღამე სხვებმაც იქ გაათიეს და რადგანაც უფლის მოკვლას ელოდებოდნენ, პასექიც არ უჭამიათ, რითაც სჯული დაარღვიეს. თავად უფალმა პასექი დადგენილ დროს ჭამა, მათ კი, ოღონდ იესო მოეკლათ და სჯულიც არაფრად ჩააგდეს.

60-64. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ: - ჭეშმარიტად ცრუ მოწამენი იყვნენ ისინი, რადგანაც ქრისტეს არ უთქვამს: მე შემიძლია დავარღვიო, არამედ დაარღვიეთო (იოან. 2.19). არც ის უთქვამს: ტაძარი ღმრთისა, არამედ ტაძარი ესე, ანუ სხეული ჩემი, და არც ის: აღვაშენებო. არამედ: აღვადგენო. ამჯერად, ცხადია, რომ ისინი ცრუმოწმენი იყვნენ და ხმაზე ამტკიცებდნენ ქრისტემ თქვაო, რაც არ უთქვამს. ამიტო[247]მაც დუმდა ქრისტე, რომელმაც მათი უკანონო სამსჯავრო იხილა. ისინი, რომელნიც სასწაულებმა ვერ დაარწმუნეს, თავის მართლება როგორღა დაარწმუნებდათ? მღვდელმთავარმა ეს კითხვა იმიტომ მისცა, რომ მისი მკრეხელობაში ჩათრევა სურდა. თუ იგი ეტყოდა, რომ მე ვარო ძე ღმრთისა, ვითარცა მკრეხელს, განსჯიდა, ხოლო თუ უარყოფდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმედ ეყოლებოდა. მაგრამ უფალმა, ვინც ბრძენთ მათ ვერაგობაში იჭერდა ხოლმე, უპასუხა: შენ სთქუ, ან, რაც იგივეა: შენმა პირმა აღიარა, რომ მე ძე ღმრთისა ვარ.

64. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. - უფალი მათ დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვებს ეუბნება, რომელმაც თქვა: და ვიხილე მე ვითარცა ძე კაცისა, მომავალი ღრუბლით. რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ იგი მატყუარა იყო, და თავმდაბალი გარეგნულად ჩანდა, ამიტომაც ეუბნება მათ: მიხილავთ მე, ძლიერებით მომავალს და მამისა თანა მჯდომარეს. ძლიერებას აქ მამის ძალას უწოდებს, ხოლო მომავალს - ვინც არა მიწიდან, არამედ ზეციდან მოდის.

65-66. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა. - იუდეველებს ჩვევა ჰქონდათ, რომ თუ აუტანელი რამ შეემთხვევოდათ, სამოსელი შემოეხიათ. თითქოსდა აშკარა მკრეხელობის გამო, ბრბოს მოსატყუებლად კაიაფაც ასე მოიქცა, რათა მათთვის ქრისტე უდიდეს მკრეხელად წარმოეჩინა და ამგვარად გაეხადა იძულებული ეთქვათ: თანამდებ არს სიკუდილისა. ამასთან, ისიც ისწავლე, რომ კაიაფას მიერ სამოსის შემოხევა ძველი აღთქმის მღვდელმთავრობის დარღვევის სიმბოლოც იყო.

67-68. მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? - როდესაც ასამართლებდნენ, თან ლანძღავდნენ და დასცინოდნენ, როგორც ამას სხვა მახარებელიც ამბობს, მოსასხამს თავზე ახურ[248]ავდნენ, და ასე იმიტომაც დასცინოდნენ, რომ წინასწარმეტყველად ჰყავდათ იგი. ჴურთით ცემა ხელის მოხრილი თითებით ან, უკეთ რომ ვთქვათ, მუშტებით (მჯიღებით) ცემას ნიშნავს.

69-75. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. - უზომო შიშით შეპყრობილ პეტრეს თავისი აღთქმა დაავიწყდა და კაცობრივ უძლურებას დაემორჩილა, თითქოს შიშისაგან მოკვდა და არ იცოდა, რა ეთქვა. შენ კი ეს ჩემთან ერთად ამაღლებული აზრით გულისხმაჰყავ, რომ პეტრეს მოახლის, ანუ მდაბალი და მონებისათვის შესაფერისი კაცობრივი უძლურება ამხელს. მას მანამდე ამხელდნენ, ვიდრე მამალმა არ იყივლა და გრძნობაზე არ მოიყვანა. მამალი ქრისტეს სიტყვას ნიშნავს, რომელიც არა თუ უზრუნველობისა და ჩაძინების ნებას არ გვაძლევს, არამედ პირიქით შეგვაგონებს: იღვიძებდეთ და აღდეგით ძილისაგან. ამგვარად სწორედ ამ სიტყვისაგან - თითქოსდა მამლის ყივილისაგან - გამოფხიზლებული პეტრე მღვდელმთავრის ეზოდან, ანუ გონებრივი დაბრმავებიდან გამოვიდა და გრძნობაზე მოსული მწარედ ატირდა. ვიდრე დაბრმავებული გონების ეზოსა შინა იმყოფებოდა, არ უტირია, რადგან ვერაფერს გრძნობდა, მაგრამ როგორც კი იქიდან გამოვიდა, გრძნობაზეც მოვიდა.

----------------------------------------------------------------------------------------

1 - მომზადებული დარბაზი.


თავი XXVII

1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუ[249] ართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. - ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.

3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად: რომ შეიგნო, კარგია, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა ეშმაკის საქმეა. ვერ გადაიტანდა რა მომავალში გაკიცხვას, სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა, მაშინ, როცა უნდა ეტირა და ვინც გასცა, იმისთვის შეწყალება ეთხოვა. ზოგიერთები ამბობენ, ვერცხლისმოყვარე იუდამ იფიქრა, რომ ქრისტეს გაცემით ვერცხლსაც მოიგებდა და არც ქრისტე მოკვდებოდა და ისევე, როგორც სხვა დროს, იუდეველებს თავს ახლაც დააღწევდა. მაგრამ როცა ნახა, რომ ქრისტე გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, შეინანა, რადგან საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც ვარაუდობდა. და თავიც თითქოს იმიტომ ჩამოიხრჩო, რომ ჯოჯოხეთში იესოსათვის შეესწრო, შეწყალებას შევედრებოდა და ხსნა მიეღო. ესეც იცოდე: იუდამ ყელზე ყულფი ჩამოიცვა და თავი რომელიღაც ხეზე ჩამოიკიდა, მაგრამ ხე მოიხარა და იგი ცოცხალი გადარჩა, რადგან ღმერთმა მისი გადარჩენა ან იმისთვის ინება, რომ მოენანიებინა, ან კიდევ იმისთვის, რომ დასაცინი და სათრევი გამხდარიყო; რადგან, ამბობენ, წყალმანკით დაავადდა და ისე გასივდა, რომ იქაც ვეღარ ეტეოდა, სადაც ურემი თავისუფლად გადიო[250]და, ხოლო შემდეგ პირქვე ისე დაენარცხა, რომ გაიგლიჯა ანუ "განსთქდა", როგორც ამას ლუკა ამბობს "მოციქულთა საქმეში" (საქმე 1.18).

6-10. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. - კორბანს1 ტაძრის საგანძურს უწოდებდნენ, რომელშიც ღმრთისთვის მიძღვნილ შესაწირავს ათავსებდნენ. ნახე, ღმერთმა როგორ უგუნურებად აქცია ისინი, ისე რომ, მათი მკვლელობით წაბილწული ზრახვა საქვეყნოდ მჟღავნდება. ვიდრე აქა დღედმდეო, - ამბობს, - იმ მინდორს სისხლიანი მინდორი ეწოდება, რათა ყველას ახსოვდეს, რომ მათ უფალი მოკლეს. ესეც იცოდე, რომ სტუმართმოყვარეობა საზრუნავად იუდეველებსაც ჰქონიათ, რადგან უცხოელთათვის სასაფლაოდ მინდორი უყიდიათ. სირცხვილი ჩვენ, რომელნიც ვფიქრობთ, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობთ, უცხო მწირთ კი უგულებელვყოფთ. სასყიდელი განსყიდულისაჲ, რა თქმა უნდა, ქრისტეს ფასზეა ნათქვამი. თუმცა იგი ფასდაუდებელი იყო, მაგრამ ისრაელის შვილებისაგან იქნა შეფასებული, ანუ ფასი ისრაელის შვილებმა დაადეს, შეუთანხმდნენ რა იუდას, რომ ოცდაათ ვერცხლს მისცემდნენ.

11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?  და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – [251]იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება: შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა შეეძლო, ბრალმდებლებს არა თუ არ პასუხობდა, არამედ ზედაც არ უყურებდა. აქედან ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ უკეთუ წამხდარი სასამართლოს წინაშე წარდგომა მოგვიწევს, არაფერი ვთქვათ, რათა უფრო დიდი ხმაური არ გამოვიწვიოთ და არ გავხდეთ მიზეზი უფრო დიდი სასჯელისა, მაშინ, როცა ჩვენს თავის მართლებას არავინ უსმენს.

15-19. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. - პილატე შეეცადა დაეხსნა ქრისტე, თუმცა შედარებით სუსტად, ვიდრე მოეთხოვებოდა, რადგან იგი ჭეშმარიტებისათვის მტკიცედ უნდა დამდგარიყო. თავდაპირველად მან უფალს ჰკითხა: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? ჰკითხა იმიტომ, რომ უკეთუ ქრისტე თავს გაიმართლებდა, მის გასათავისუფლებლად საბაბი ექნებოდა. მაგრამ უფალმა, რაკიღა კარგად იცოდა, კიდევაც რომ გამართლებულიყო, მაინც არ გაუშვებდნენ, თავი არ იმართლა. პილატე სხვა გზას დაადგა, სახელდობრ, ბოლოს ადათს მიმართა, თითქოს ამბობდა: "უკეთუ თქვენ ქრისტეს არ გაუშვებთ ვითარცა უდანაშაულოს, დღესასწაულის ხათრით განსჯილი მაინც გაუშვით". რამეთუ [252]საიდან უნდა ეფიქრა პილატეს, რომ ჯვარზე გასაკრავად უდანაშაულო ქრისტეს მოითხოვდნენ, ხოლო დამნაშავე ავაზაკს გაუშვებდნენ? ამგვარად, იცოდა რა, რომ ქრისტე დამნაშავე კი არ იყო, არამედ შურდათ მისი, ამიტომაც შეეკითხა მათ, რითაც გამოამჟღავნა, რომ სუსტი იყო, მაშინ, როცა სიკეთისათვის თავის საფრთხეში ჩაგდებაც კი ჰმართებდა. ამიტომ, ვითარცა დამფარავი სიმართღისა, განსჯას ისიც იმსასურებს. ბარაბა ითარგმნება როგორც ძე მამისა, რადგან ბარ ძეს ნიშნავს, აბბა კი - მამას. ამგვარად, იუდეველებმა თავიანთი მამის, სატანის ძე გამოითხოვეს, ხოლო იესო ჯვარს აცვეს. და ვიდრე აქამომდე ისინი ძეს თავიანთი მამისა - ანტიქრისტეს ეტმასნებიან, ქრისტეზე კი უარს ამბობენ.

19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ თვითონ უღირსი იყო, ან კიდევ იმიტომ, რომ მას არ დაუჯერებდნენ და იფიქრებდნენ: ამას იესოსადმი მიკერძოების გამო ამბობსო. კიდევაც რომ ენახა, მაინც ვერ იტყოდა, რადგან მსაჯული იყო. სიზმარი განგებულების საქმეა, მაგრამ იგი პილატეს [253]ცოლს იმიტომ კი არ ეჩვენა, რომ ქრისტე განთავისუფლებულიყო, არამედ, რათა თვითონ გადარჩენილიყო. და პილატემ ქრისტე რატომ არ გაათავისუფლა? რადგან მისი გაშვება, როგორც სამეფო ხელისუფლების მიტაცებაში ბრალდებულისა, პილატესათვის უსაფრთხო როდი იქნებოდა. მაგრამ მას მტკიცებულებანი უნდა მოეთხოვა, კერძოდ, ხომ არ იკრებდა თავის გარშემო მეომრებს და იარაღს ხომ არ ამზადებდა, მაგრამ იგი, ვითარცა ზერელე და სუსტი, განზე გადგა. მას არ შეენდობა იმიტომაც, რომ, როცა მისგან საქვეყნოდ ცნობილი ბოროტმოქმედი მოითხოვეს, მისცა, ხოლო ქრისტეს შესახებ იკითხა: - რაჲ უკუე უყო იესუს? რითაც სამსჯავროს უფროსებად იუდეველები აქცია, მაშინ, როცა უფროსი თვითონ იყო და შეეძლო იესო მათთვის გამოეტაცა ისე, როგორც ათასისთავმა პავლე გამოსტაცა (საქმე 21.31). ჯუარს-ეცჳნ, - ამბობენ იუდეველები, რომელთაც არა მხოლოდ მისი სიკვდილი სურდათ, არამედ ბოროტმოქმედებაში ბრალის დადებაც, რადგან ჯვარი ბოროტმოქმედთა დასასჯელად იყო დადგენილი. ხელებს იბანს, რათა აჩვენოს, რომ თვითონ სიძულვილისაგან განწმენდილია. ცუდად აზროვნებს: ქრისტეს თან მართალი უწოდა და თანაც მკვლელებს გადასცა. სასჯელი მკვლელობისათვის იუდეველებმა თავიანთ თავზე აიღეს, რომელმაც მოაწია მათზე: რომაელებმა ისინიცა და მათი შვილებიც ამოწყვიტეს. სხვათა შორის, იმ ებრაელების შთამომავლებს, რომელთაც უფალი მოკლეს, მისი სისხლი დღემდე ადევთ, უფლის ურწმუნოებისა გამო ყველასგან იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყველება: ბჭენი ჩემნი მე მივეც წყლულებად (ეს. 50,6).

27-30. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს [254]მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (ფს. 38.8). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით2 შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, როგორ გამოიყენეს აბუჩად აგდების ყოველი ხერხი! სახე ფურთხით შეუგინეს, თავი - გვირგვინით, ხელები - ლერწმით, დანარჩენი სხეული - ქლამინდით, ხოლო ყურები - ბილწი სიტყვებით. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც აკეთებდნენ, შენ ამასთან ერთად ქრისტეს მიერ აღსრულებულ საიდუმლოდაც მოიაზრე: მეწამული ქლამინდი ჩვენს ბუნებას აღნიშნავდა, რომელიც ქრისტემ, როცა ის სისხლით შეღებილი და მკვლელობისკენ მიდრეკილი იყო, მაშინ შეიწყნარა და შეიმოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებს, გააცამტვერა. ლერწამი ჩვენი უძლური და ხრწნადი სხეულის სიმბოლოა; რომელიც ქრისტემ, როგორც ამას დავითი ამბობს, აღამაღლა: მარჯუენემან უფლისამან ამამაღლა მე (ფს. 117.16); ხოლო მიიღო რა ყურებით მკრეხელური სიტყვები, უფალმა გველის სისინისაგან განკურნა, რომელიც ევას სასმენელთა მეშვეობით შემოვიდა.

31-32. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. - სამი მახარებელი ამბობს, რომ იესოს ჯვარი სიმონს მიჰქონდა, იოვანეს თქმით კი, იგი თვითონ უფალმა ზიდა. როგორც [255]ჩანს, ორივე მოხდა, რადგან ჯვარი პირველად იესოს მიჰქონდა და მისი ზიდვა არავინ ისურვა. ხოლო შემდეგ, გზაში სიმონი იპოვეს და იგი მას დაადეს (აჰკიდეს): შენ კი ესეც იცოდე, რომ სიმონი მორჩილად ითარგმნება. ამგვარად, ქრისტეს ჯვარს ის აღიღებს, ვისაც მორჩილება აქვს. კვირინე ადრე პენტაპოლისი3 იყო და იმ ხუთ გრძნობას აღნიშნავს, რომელთაც ჯვრის აღება ჰმართებთ.

33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო4, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ქრისტე ჯვარზე მოკვდა, რათა ხეც განეწმინდა, რომლისგანაც დავიწყევლეთ და ყოველივეც ეკურთხებინა: ზეციურნი, რასაც ჯვრის ზედა ნაწილი აჩვენებს, ქვესკნელისანი, რაზეც კვარცხლბეკი მიანიშნებს, და საზღვრებიც დედამიწისა, როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით, რომელზეც ჯვრის გვერდითი ნაწილები მეტყველებენ. და კიდევ: ჯვარზე იმიტომაც მოკვდა, რომ გაშლილი მკლავებით გაფანტული შვილები ღმრთისა მოეხმო და შეეკრიბა. სამოსელი მისი მეომ[256]რებმა გაიყვეს, როგორც ღატაკისა, ვისაც სხვა არაფერი გააჩნდა. რასაც სხვა მახარებელი ტიტულუსს5 უწოდებს, იმას მათემ "ბრალი" უწოდა, რადგან დააწერეს ჯვარს, რის გამოც ეცვა, სახელდობრ: იუდეველთა ზედა გამეფების მცდელობისა და სიახლეთა შემოღებისათვის. "მეფე" მათ ცილისმწამებლურად დააწერეს, მაგრამ ეს დამოწმება სწორია, თუმცა იგი მტრებს ეკუთვნის. უფალი მართლაც მეფეა, ვინც სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ იუდეველები ეხსნა. მაგრამ ვინაიდან ხორციელმა იუდეველებმა მისი მათ ზედა გამეფება არ მოისურვეს, იგი სულიერ იუდეველთა, ანუ მისთა აღმსარებელთა ზედა გამეფდა, რადგან "იუდეველი" აღმსარებელს ეწოდება.

38-44. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას. - ცილი რომ დაეწამებინათ, ქრისტესთან ერთად ჯვარს ორი ავაზაკიც აცვეს, რათა ისიც, ვითარცა ისინი, დამნაშავედ მიჩნეულიყო. მაგრამ ეს ორი ავაზაკი ორი ხალხის სახეს წარმოადგენდა: იუდეველებისა და წარმართებისა. ისევე როგორც თავდაპირველად ორივე უსჯულო იყო და ქრისტეს ორივე საყვედურობდა, ასევე თავიდან მას ორივე ავაზაკი ლანძღავდა, მაგრამ როგორც ბოლოს ერთმა იცნო იგი, მეფედ აღიარა და შეევედრა: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ასევე აღიარეს ქრისტე წარმართმა ხალხებმაც. მეორე ავაზაკი კი, ანუ იუდეველნი, ღმრთის გმობას განაგრძობდა და ეშმაკის კარნახით ეუბნებოდა: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით, რათა [257]გაღიზიანებული მართლაც გადმოსულიყო და ჯვრით ყოველთა გამოხსნის საქმე დაერღვია. მაგრამ ქრისტე ძე ღმრთისა იყო და მტერს არ დაუჯერა, რათა შენც ისწავლო, რომ ეშმაკის მანქანებას არ დაემორჩილო და თუნდაც ადამიანებს შენს შესახებ ცუდი აზრი ჰქონდეს, მაინც კეთილი საქმენი აკეთო.

45-49. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა. - დაბნელება ბუნებრივი წესის მიხედვით არ მომხდარა,როგორც მაგალითად, ეს ბუნებრივად ხდება მზის დაბნელებისას. მთვარის მე-14 დღეს დაბნელება მზისა არ შეიძლება მოხდეს, რადგან მისი დაბნელება მთვარის ე. წ. დაბადებას უკავშირდება, როცა მზე ბუნებრივად ბნელდება. რამდენადაც ჯვარცმისას, რომელიც ებრაელთა პასექის დროს მოხდა, მთვარე უეჭველად თოთხმეტი დღისა უნდა ყოფილიყო, ამდენად დაბნელება ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. ამასთან, ეს დაბნელება საყოველთაო იყო და არა ნაწილობრივი, როგორც ამას ეგვიპტეში ჰქონდა ადგილი, რათა ეჩვენებინა, რომ დაბადებული დამბადებლის ტანჯვას თანაუგრძნობს (იზიარებს) და რომ იუდეველებს ნათელი განშორდა; ზეციდან სასწაულის ხილვის მთხოვნელმა იუდეველებმა, დაე, ახლა დაბნელებულ მზეს უყურონ. რადგანაც ადამიანი მეექვსე დღეს შეიქმნა და მეექვსე ჟამზე იხილა გემო ხის ნაყოფისა (რადგან ესაა ჭამის დრო). უფალმაც იგი ახლად შექმნა და დაცემისაგან განკურნა მეექვსე დღესა და მეექვსე ჟამზე, როცა ხეზე მიელურსმნა. წინასწარმეტყველება მან ებრაულ ენაზე წარმოთქვა, რათა ეჩვენებინა, რომ ძველ აღთქმას არ ებრძოდა, ხოლო სიტყვები: რაჲსათჳს დამიტევე მე - იმის საჩვენებლად თქვა, რომ ჭეშმარიტად განკაცდა და არა მოჩვენებითად, რადგან ადამიანს უყვარს რა სიცოცხლე, ბუნებრივი სურვილი აქვს იმი[258]სა, რომ იცოცხლოს, ამიტომ, ისევე როგორც ჯვარცმის წინ წუხილითა და დარდით ჩვენთვის დამახასიათებელი ბუნებრივი შიში გვაჩვენა, ასევე ახლაც, როცა ამბობს: რაჲსათჳს დამიტევე მე სიცოცხლისადმი ჩვენს დამახასიათებელ ბუნებრივ სიყვარულს ამჟღავნებს, რადგანაც ჭეშმარიტად კაცი იყო და ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა. ზოგიერთები ამას ასეც მოიაზრებენ, რომ მაცხოვარი, მიიღო რა სახე იუდეველისა, სინამდვილეში ეს თქვა: მამაო, რისთვის მიატოვე იუდეველი ხალხი, რომელმაც ესოდენ დიდი ცოდვა ჩაიდინა და დასაღუპად გაიწირა? ქრისტემ, ვინც იუდეველთაგან წარმოიშვა, ამბობს: დამიტევე მე ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: რატომ მიატოვე ჩემი ნათესაობა, და ჩემი ხალხი, რომელმაც ამის გამო თავს ასეთი ბოროტება დაიტეხაო. ადამიანებმა უბრალო ხალხიდან, რომელნიც გაუნათლებელნი და წინასწარმეტყველთა წიგნებში განუსწავლელნი იყვნენ, ვერ გაიგეს ეს წამოძახილი რას ნიშნავდა და ჩათვალეს, რომ იგი ილიას უხმობდა, რადგან ყოველმა იუდეველმა როდი იცოდა წინასწარმეტყველთა წიგნებში რა ეწერა, ისევე როგორც ყოველმა ქრისტიანმა არც ახლა იცის სახარება. ძმარი იმიტომ შეასვეს, რომ მანამდე მომკვდარიყო, ვიდრე ელია მის საშველად მოვიდოდა. ამიტომაც თქვეს ზოგიერთებმა: მოიცა, ვნახოთ ელია თუ მოვა მის დასახსნელადო, ანუ ნუ დავაჩქარებთ მის სიკვდილს, რათა გავიგოთ ელია შეეწევა თუ არაო.

50-53. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. - იესომ ხმითა დიდითა მოუწოდა, რათა ვიცოდეთ, რომ, როცა ამბობდა: მაქვს ხელმწიფება დავდვა სული ჩემიო, ეს ხიმართლე იყო და მართლაც, სული თვისი ძალაუფლებით განუტევა. და რა იყო ეს მოწოდება: "მამაო, ხელთა შენთა გადმოვცემ სულს ჩემსას", თუ არა ის, რომ მან სული არა ძალდატანებით, არამედ ნებით განუტევა. ამას ნიშნავს სიტყვა "გადმოვცემ", რომელიც იმასაც გვაჩვენებს, რომ [259]რადგანაც ყოველი საწინდარი უკანვე ბრუნდება, იესო ფიქრობს, კვლავ მიიღოს იგი. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროიდან მოყოლებული, როცა იგი მოკვდა და სული მისი მამის ხელებს გადაეცა, წმინდანთა სულებიც ღმრთის ხელშია და არა ჯოჯოხეთის ჯურღმულთა შინა, როგორც ეს მანამდე იყო, რადგანაც ქრისტეს სიკვდილი ჩვენს მაკურთხეველად იქცა. ამიტომაც მოუწოდა ხმითა დიდითა სიკვდილს, რომელიც რომ არ მიეხმო, მასთან მისვლასაც ვერ გაბედავდა. კრეტსაბმელი (ფარდა) ტაძრისა ტილოსი იყო, რომელიც ტაძრის შუაში ეკიდა და მსგავსად შუასაყარი კედლისა მის შიდა და გარე ნაწილებს ერთმანეთისგან ჰყოფდა. მისი გაპობით ღმერთმა გვაჩვენა, რომ ტაძრის შიდა შეუღწეველი და უხილავი ნაწილი, რომელსაც კრეტსაბმელი ფარავდა, ისე დამცირდებოდა და განადგურდებოდა, რომ ყველასათვის მისაწვდომი და სახილველი გახდებოდა. სხვები კიდევ ფარდის გაპობის სხვა მიზეზებს ასახელებენ. როგორც ისინი ამბობენ, გაპობილი ფარდა სჯულის ასოების, ე. ი. სიტყვა-სიტყვით გაგების გაუქმებას ნიშნავდა და აგრეთვე, იმასაც, რომ ყოეელივე, რაც ადრე სჯულში ასოებით, ვითარცა რაღაც კრეტსაბმელით, იყო დაფარული, გაცხადდებოდა და მანამდე დაფარული და გამოუცნობი ახლა, ქრისტეზე აღსრულებისას, ნათელი გახდებოდა. იმის თქმაც შეიძლება, რომ მსგავსად იუდეველებისა, რომელთაც ჩვევად ჰქონდათ სამოსის შემოხევა ღმრთის გმობის მოსმენისას, ღმრთის ტაძარმაც ასევე შემოიხია სამოსელი თვისი - კრეტსაბმელი თითქოსდა ნიშნად ღმრთის სიკვდილზე გლოვისა. კიდევ შეიძლებოდა მოყვანა იმისა, ვინ რა თქვა, მაგრამ ესეც საკმარისია. მაშინ სტიქიებიც შეირყნენ თითქოსდა დასამოწმებლად იმისა, რომ შემოქმედი ევნებოდა და ამასთან, წარმოსაჩენად საქმეთა ცვლილებისა, რადგანაც წმინდა წერილში მიწისძვრა საქმეთა ცვლილების ნიშნადაა მიჩნეული. ასე მოხდა გადატანა ღმრთის მოხედვისა იუდეველთაგან წარმართებზე. და კლდენი, ანუ ქვის გულები წარმართებისა დასკდნენ და შეიწყნარეს თესლი ჭეშმარიტებისა; და ცოდვათაგან მოკვდინებულნიც აღდგნენ და წმინდა ქალაქში, ზეციერ იერუსალიმსა შინა შევიდნენ და მრავალთ, რომელნიც ფართო გზით დადიოდნენ, გამოეცხადნენ და ამ გამოცხადებით მათთვის კეთილი ცხ[260]ოვრებისა და მოქცევის პირველსახედ იქცნენ. რადგან ის, ვინც თავდაპირველად ვნებებით მოკვდინებულს, მაგრამ შემდეგ მოქცეულსა და ზეცის წმინდა ქალაქმი შესულს იხილავს, ყოველმხრივ მიბაძავს მას და თვითონაც მოიქცევა. ასე რომ, ყოველივე ეს ფრიად დიდი დახვეწილობითაა მოფიქრებული. შენ კი შეიცან, რომ მკვდართა აღდგომა, რომელიც უფლის ჯვარცმისას მოხდა, ჯოჯოხეთსა შინა მყოფ სულთა განთავისუფლებასაც მოასწავებდა. მკვდრეთით აღმდგარნი მაშინ მრავალს გამოეცხადნენ, რათა ის, რაც მოხდა, მოჩვენებად არ ჩაეთვალათ. მაგრამ ისინი სასწაულისათვის აღდგნენ და ცხადია, რომ ისევ დაიხოცნენ. ზოგიერთები ამბობენ, რომ შემდგომად ქრისტეს აღდგომისა, ესენიც აღდგნენ და აღარ მომკვდარან, მაგრამ არ ვიცი, ეს აზრი უნდა შევიწყნაროთ, თუ არა.

54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ დედინაცვლადაც მიიჩნეოდა. ზებედეს ძეთა დედას სალომე ერქვა: ამბობენ, რომ ისიც იოსების ასული იყო.

57-61. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმა[261]თიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას. - იოსებმა, რომელიც მანამდე არ ჩანდა, ახლა დიდი საქმე გაბედა, მოძღვრის სხეულისათვის სული თვისი დადო და ასე მძიმე ბრძოლა იუდეველებთან თავის თავზე აიღო. ვითარცა დიდი საჩუქარი, პილატემ სხეული ისე მისცა მას, რადგან, რაკიღა ქრისტე, როგორც მეამბოხე, ისე იქნა მოკლული, ამიტომ მისი გვამიც დაუმარხავად უნდა გდებულიყო. მაგრამ იოსები მდიდარი იყო და როგორც ჩანს, პილატეს ოქროც მისცა. როცა მან გვამი მიიღო, გააპატიოსნა და ახალ სამარხსა შინა დაასვენა, სადაც ჯერ არავინ დაეკრძალათ. ესეც ღმრთის განგებულებით მოხდა, რათა შემდგომად უფლის აღდგომისა ვინმეს არ ეთქვა, რომ სხვა მკვდარი აღდგა, რომელიც იქ მანამდე იყო დაკრძალული. ამიტომაც იყო საფლავი ახალი. მარიამ მაგდალენელი და სხვა მარიამი, ანუ ღმრთისმშობელი, რომელსაც მახარებელმა ზემოთ იოსესა და იაკობის დედა უწოდა, საფლავის წინ ისხდნენ და მტრის სიცოფის ჩაწყნარებას ელოდებოდნენ, რათა სხეულს მოხვეოდნენ და მისთვის მირონი ეცხოთ. ამგვარ დედათა შესახებ თქვა ესაიამ: დედანი მომავალი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა (ეს. 27.11). ცხადია, რომ სიტყვებს არა არს მქონებელი გულისჴმისყოფისა იგი იუდეველებზე ამბობს, რომელთაც უფალი ჯვარს აცვეს; ხოლო დედებს მოუწოდებს, დატოვონ ეს უგუნური ხალხი, მოციქულებთან მივიდნენ და მათ აღდგომის შესახებ ახარონ.

62-66. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე[262] ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. - შაბათ დღეს შაბათს არ უწოდებს, რადგან იუდეველთა ბოროტების მიხედვით თუ განვსჯით, ის არც იყო შაბათი. მაშინ, როცა სჯული ამბობდა, რომ შაბათ დღეს თავისი ადგილიდან არავინ უნდა დაძრულიყო, უსჯულო იუდეველები, ნაცვლად კანონიერი (სჯულისმიერი) კრებისა, უცხოტომელ პილატესთან შეიკრიბნენ. ისინი პილატესთან თავიანთი ბოროტებით აღძრულნი მივიდნენ და საფლავის დაცვა მოითხოვეს. ესეც ღმრთის განგებულებაა, რომ აღდგომა დაბეჭდული და დაცული საფლავიდან მტრების დამოწმებით უნდა მომხდარიყო. გამოკვლევის ღირსია: საიდან იცოდნენ იუდეველებმა, როცა თქვეს რომ იგი მესამე დღეს აღდგებოდა? უფალს ეს პირდაპირ და დაუფარავად არსად უთქვამს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ეს იონას მაგალითისაგან შეიცნეს, რადგან ქრისტეს ნათქვამი ჰქონდა: მეც ისევე ვიქნები წიაღსა შინა მიწისა, როგორც იონა იყო სამი დღე ვეშაპის მუცელში (მათე 12.40). ან კიდევ ამ სიტყვებიდანაც: დაარღვიეთ ტაძარი ესე, მაშინ ისინი ვერ მიხვდნენ, რა თქვა და ჩათვალეს, რომ ამას იუდეველთა ტაძრის შესახებ ამბობდა და ამის გამო ბრალიც კი დასდეს. ახლა კი, როცა შეიცნეს, რომ ტაძარს საკუთარ სხეულს უწოდებდა, დაშინდნენ და მაცდური უწოდეს, რომელიც ბოროტებას სიკვდილის შემდგომაც კი არ თმობდა. დასს6 რომაელები მცველებს უწოდებდნენ; აქედან გამომდინარე, მახარებელი დასს საფლავის მცველებად დადგენილ მეომრებს უწოდებს.

-------------------------------------------------------------------------------------------

1 - ο κορβαν და κορβανας ებრაული სიტყვაა და ტაძრის განძთსაცავს ეწოდებოდა. გიორგი მთაწმინდელი მას "სიწმიდედ " თარგმნის.

2 - χλαμύς, ύδος მეომართა მოსასხამს ეწოდებოდა.

3 - ბერძნულად ხუთქალაქს ნიშნავს.

4 - ზეთი და ღვინო ერთად, რომელსაც ნაღველის გემო აქვს.

5 - ლათინურად წარწერას ნიშნავს.

6 - დედნის κουστωδία-ს ლათინური ენიდან მომდინარეობს, სადაც kustodia დაცვას, შეიარაღებულ მაშველთა რაზმს ნიშნავს. გიორგი მთაწმინდელმა ამ სიტყვას ქართულად დასი მიუსადაგა.

 

თავი XXVIII

1-8. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილ [263]ვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. - მწუხრი შაბათისა იგივეა, რაც ლუკას მიერ ნათქვამი ცისკარსა მსთუად და მარკოზის - აღმოსლვასა ოდენ მზისასა, რადგან აქ მზეში დილის მზის სხივები უნდა ვიგულისხმოთ. ღამის მერვე საათის დადგომისას დასაბამი ედება მეორე დღეს და როგორც ფიქრობენ, დილა დგება. ამიტომაც მაშინ, ერთი მხრივ, შაბათის საღამო იყო, ხოლო მეორე მხრივ, დასაწყისი უფლის დღისა, რომელსაც მახარებელი ერთშაბათს უწოდებს, რადგანაც შვიდეულის დღეებს შაბათები ეწოდებოდათ; ერთს კი ანუ პირველს, რომელიც უფლის დღეა, - ერთშაბათს ანუ პირველს შვიდეულის დღეებიდან. პირველის უახლოეს დღეს მეორეს უწოდებდნენ, შემდეგს - მესამეს და ა. შ. დანარჩენებსაც. უფალი მაშინ აღდგა, როცა საფლავზე ჯერ ისევ ლოდი იდო. მისი აღდგომის შემდეგ, ანგელოზი მოვიდა, რათა ლოდი გადაეგორებინა და დედებისათვის სამარხში შესასვლელი მიეცა. მიწისძვრა კი იმიტომ მოხდა, რომ მცველებს გაღვიძებოდათ და მომხდარის სიახლე შეეცნოთ. ამგვარად, უფალი მესამე დღეს აღდგა. როგორ გამოითვლება ეს სამი დღე? პარასკევს, მეექვსე ჟამზე ჯვარზე გააკრეს, აქედან ვიდრე ცრამდე სიბნელეა. ეს დრო ჩემთან ერთად ღამედ ჩათვალე. შემდეგ, ცხრიდან უკვე სინათლეა, ესეც დღე, და აი, დღე-ღამეც. შემდეგ, პარასკევის ღამე და შაბათის დღე - ესეც მეორე დღე-ღამე და ისევ შაბა[264]თის ღამე და დილა უფლის დღისა, რომელიც მათესთან ასე იხსენიება: რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, რადგან დილა მთელ დღედ ითვლება; აჰა, ესეც მესამე დღე-ღამე. სამი დღე-ღამის გამოთვლა სხვაგვარადაც შეიძლება: პარასკევს უფალმა სული მიაბარა - ეს ერთი დღე, შაბათს საფლავსა შინა ესვენა - ეს მეორე დღე, ხოლო უფლის დღის (კვირის) ღამეს აღდგა, მაგრამ ცალკე უფლის დღეც სხვა დღედ ითვლება, ასე რომ, აი, სამი დღეც. ასევე ითქმის გარდაცვლილებზეც, უკეთუ ერთი დღის ათ საათზე მოკვდა, ხოლო მეორე იმავე დღის პირველ საათზე, ისინი ერთსა და იმავე დღეს გარდაცვლილებად ითვლებიან. სხვა საშუალებაც მაქვს, შენ რომ გითხრა, სამი დღე და სამი ღამე როგორ გამოითვალო. აბა, მომისმინე! ხუთშაბათ საღამოს უფალმა სერობა აღასრულა და მოწაფეებს უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ ხორცი ჩემი, რადგანაც ძალაუფლება ჰქონდა სული თვისი თავისივე ნებით დაედო; ცხადია, რომ რაკიღა მოწაფეებს ხორცი შესთავაზა, მას უკვე თავისი თავი დაკლული ჰყავდა, რადგან ვერავინ შეჭამს რამეს, თუ იგი ჯერ არ დაიკლა. გამოიანგარიშე! საღამო საკუთარი ხორცის დარიგებისა, იგივე ღამე და პარასკევი დღე ვიდრე მეექვსე ჟამამდე, - აჰა ერთი დღე-ღამე; შემდეგ მეექვსე ჟამიდან სიბნელე მეცხრემდე და მეცხრედან სინათლე ვიდრე საღამომდე - მეორე დღე-ღამე. პარასკევის შემდგომი ღამე და შაბათი დღე - ესეც სამი დღე-ღამე. შაბათ ღამეს კი უფალი აღდგა: აჰა, სრული სამი დღე-ღამე. ანგელოზის შესახებ მათე ამბობს, რომ იგი ლოდზე იჯდა, მარკოზი კი, გადააგორა რა ლოდი, სამარხის შიგნით, მარჯვენა მხარეს დაჯდაო. ერთმანეთის საწინააღმდეგო რამეს ხომ არ ამბობენ? რა თქმა უნდა, არა. როგორც ჩანს, თავიდან ანგელოზი დედებს ლოდზე მჯდარი ეჩვენა, ხოლო შემდეგ, როცა შევიდნენ, წინ წარუძღვა მათ და შიგნით ისევ გამოეცხადათ, ოღონდ უკვე სამარხის მარჯვენა მხარეს მჯდომარე. მან დედებს უთხრა: ნუ გეშინინ თქვენ, ანუ შიშის ღირსნი მცველები არიან, ხოლო თქვენ, უფლის მოწაფეებს, ნუ გეშინიათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შიშისაგან გაათავისუფლა, აღდგომის შესახებ ახარა, რადგან ვიდრე ახარებდა, ჯერ შიშის განდევნა იყო საჭირო. ანგელოზს არ რცხვენია უფალს ჯვარცმული უწოდოს, რად[265]განაც ჯვრით, ვითარცა ნაალაფევით1, რომელიც ჩვენ ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს, თავი მოაქვს კიდეც.

9-10. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე. - უფალი დედებს მიმართავს: გიხაროდენ! რადგანაც ქალთა მოდგმას სასჯელად მწუხარება ერგო, უფალმა თავისი აღდგომით სიხარული მიანიჭა და აკურთხა იგი. დედები კი ფეხებზე დიდი მოკრძალებითა და პატივით იმიტომაც მოეხვივნენ, რომ მორიდების გამო მისი სხეულის სხვა ნაწილთა შეხება, გარდა კიდურებისა, ვერ გაბედეს. ზოგიერთის თქმით, ისინი ფეხებზე განზრახ ეხვეოდნენ, რათა გაეგოთ ჭეშმარიტად აღდგა, თუ ეჩვენებოდათ, ან კიდევ სული ხომ არ იყო, რადგან მაინც ფიქრობდნენ, რომ სულია. ამგვარად, მის ფეხებს ორივე მარიამი შეეხო. იოვანეს მიხედვით კი, თუმცა მარიამ მაგდალენელი ცდილობდა შეხებოდა, მაგრამ ამის ნება თვითონ უფალმა არ მისცა, რამეთუ მას, ისევე როგორც ადრე, მუდმივად მასთან ყოფნა სურდა, ან, უფრო სწორად იოვანეს მიხედვით, იგი მასთან შესახებად უფალმა იმიტომაც არ მიუშვა, რომ ზედმეტად ჩათვალა. რამდენადაც, როგორც მათე ამბობს, მარიამი მის ფეხებს უკვე შეეხო, ამდენად, კვლავ შეხება რაღა საჭირო იყო? ამიტომ, რადგანაც ეს ზედმეტი იყო, აღარ მიუშვა.

11-15. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს [266]ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. - მცველებმა ყველაფერი თქვეს: ის, რომ მიწისძვრა მოხდა, ისიც, რომ ლოდი თავისით გადაგორდა და ისიც, რომ შიშისაგან კინაღამ დაიხოცნენ, მაგრამ იუდეველები გონს ვერც ჯვარზე წამების მომხდარმა სასწაულებმა და ვერც მეომართა დამოწმებამ იმ შიშისმომგერელ სანახაობაზე, რაც მათ საფლავთან იხილეს, ვერ მოიყვანეს; პირიქით, მათ ვერცხლისმოყვარეობის თავიანთი სენით მეომრებიც დააავადეს და დაარწმუნეს ისინი, რომ ეთქვათ ის, რაც ყველაზე დიდი უსჯულოება და უგუნურება იყო: გვამი მოიპარესო. ჰოჲ, უგუნურნო, მოწაფენი, რომელნიც შიშით ჩაიკეტნენ და გარეთ გამოსვლას საერთოდ ვერ ბედავდნენ, გვამს როგორღა მოიპარავდნენ? ხოლო უკეთუ მართლა მოიპარეს, შემდეგში მისთვის როგორღა მოკვდნენ და ქადაგებდნენ რა აღდგომას, სიცრუისათვის როგორღა ეწამნენ?


16-20. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. - იოვანეს მიხედვით, იესო მოწაფეებს პირველად აღდგომის დღეს გამოეცხადა, როცა კარები დახშული იყო, შემდეგ მერვე დღეს, როცა თომამაც ირწმუნა; შემდეგ, როცა მათ გალილეაში წასვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ყველანი ერთად შეკრებილნი ჯერ კიდევ არ იყვნენ, და ზოგიერთი მათგანი ტიბერიადის ზღვაში თევზაობდა, მაშინ მხოლოდ იმათ გამოეცხადა, რომელნიც თევზაობდნენ და ესენი იყვნენ შვიდნი. რასაც ახლა მათე გადმოსცემს, იგი შემდგომად იმისა მოხდა, რის შესახებაც იოვანე გვიყვება, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში ხშირად ეცხადებოდათ, წარმოუდგებოდათ და დაშორდებოდათ, ისე რომ ყოვე[267]ლთვის და ყველგან მათთან არ ყოფილა. ამგვარად, თერთმეტმა მთავარმა მოციქულმა, ყველა თავისი მიმდევრით ქრისტეს თაყვანი სცა. რომელნიმე შეორგულდესო (შეეჭვდნენო), თქვა ნაცვლად იმისა, ეთქვა: სხვები დაეჭვდნენო, რაც, როგორც ჩანს, ასე უნდა გავიგოთ: გალილეაში თერთმეტი მოწაფე წავიდა და მას თერთმეტივემ თაყვანი სცა. ხოლო ზოგიერთნი ანუ სხვანი, ალბათ, სამოცდაათთაგანნი, ქრისტეში დაეჭვდნენ, თუმცა საბოლოოდ მათაც მტკიცედ ირწმუნეს. ზოგიერთს კი ეს ასე ესმის, რომ მათემ მაინც თავი აარიდა იმის თქმას, ვინ იყვნენ ზოგიერთები, რომელნიც დაეჭვდნენ, მაგრამ რასაც მან თავი აარიდა, იოვანემ თქვა, სახელდობრ, რომ თომა იყო ის, ვინც დაეჭვდა. შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ ეჭვი ყველას გასჩენოდა, როგორც ამას ლუკა გვეუბნება. შენ კი ეს ასე უნდა გაიგო, რომ გალილეაში მისულებმა ქრისტეს თაყვანი სცეს, მაგრამ მათ, რომელთაც თაყვანი სცეს, ადრე იერუსალიმში ეჭვი შეიტანეს, ვითარცა ეს ლუკამ გვაუწყა. იესო მათ ეუბნება: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რაც ნიშნავს: თუმცა ვითარცა ღმერთსა და შემოქმედს ძალაუფლება ყოველთა ზედა ყოველთვის მქონდა, როგორც ამას ღმერთის მიმართ დავითი ამბობს: ყოველივე შენ გმსახურებს (ფს. 118.91). მაგრამ ნებით დამორჩილებულნი არ მყოლია; ახლა კი, როცა ჯვრის მეშვეობით სიკვდილის მეუფებაზე გავიმარჯვე, ვფიქრობ, ყოველივე დამემორჩილება. მორჩილება ხომ ორგვარია: უნებური, რომლის მიხედვითაც ყველანი ღმრთის მონანი და მორჩილნი ვართ, თვით დემონებიც კი, და ნებსითი, ვითარცა, მაგალითად, პავლე იყო მონა ქრისტესი. ადრე, როცა ყველა მხოლოდ უნებურად ემორჩილებოდა, მაცხოვარსაც თითქოს ყოველთა ზედა ნახევარი ძალაუფლება ჰქონდა; ხოლო შემდგომად ჯვარცმისა, როცა ღმრთის შემეცნება ყველასათვის მისაწვდომი გახდა და, როცა ყოველი ნებაყოფლობითი მორჩილებით დაემორჩილა, ქრისტე სამართლიანად, ამბობს: მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ, რადგან უკეთუ ადრე ჩემი ძალაუფლება ნაწილობრივი იყო, რაკიღა ვითარცა შემოქმედს, მხოლოდ უნებურად მემორჩილებოდნენ, ახლა, როცა ადამიანები შეგნებულად მემსახურებიან, მე უკვე სრული და მთლიანი ძალაუ[268]ფლება მაქვს. და ვისგან მიეცა? საკუთარი თავისა და თვისი სიმდაბლისაგან, რადგან, რომ არ დამდაბლებულიყო და მოწინააღმდეგეს ჯვრით არ შებმოდა, მაშინ ვერც დაგვიხსნიდა. ასე რომ, მომეცა ჴელმწიფება ასე გაიგე: ადამიანები საკუთარი ღვაწლითა და ბრძოლით დავიხსენი და ისინი ჩემს წილხვედრად, რჩეულ ხალხად იქცნენ. ამგვარად, უფალს ძალაუფლება მთელს ქვეყანასა ზედა იმიტომაც აქვს, რომ მთელმა ქვეყანამ შეიცნო იგი, ხოლო ცათა შინა იმიტომ, რომ მორწმუნეთა ჯილდოცა და მათი სამკვიდრებელიც ცათა შინაა. მეორე მხრივ, რამდენადაც კაცობრივი ბუნება ადრე განსჯილი, ხოლო შემდეგ სიტყვა ღმერთთან ჰიპოსტასურად შეერთებული, ცათა შინა ზის და ანგელოზთაგან თაყვანისცემას იღებს, სამართლიანად ამბობს: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა, რადგან კაცობრივი ბუნება, რომელიც ადრე მსახური იყო, ახლა ქრისტეში ყოველთა ზედა მეუფებს. მოკლედ რომ ვთქვათ, უკეთუ სიტყვებს: მომეცა მე ჴელმწიფებაჲ, ვითარცა სიტყვა ღმერთისაგან თქმულს, ისე მიიღებ, რომ: მომეცა ყოველი ძალაუფლება, რადგანაც ყველამ, რომელიც უწინ მხოლოდ უნებლიე მორჩილების გამო მემსახურებოდა, ახლა ნებსით თუ უნებლიეთ, ღმერთად შემიცნო. ხოლო უკეთუ ამ სიტყვებს კაცობრივი ბუნებისაგან ნათქვამად შეიწყნარებ, მაშინ ასე გაიგე: მე, ადრე განსჯილმა ბუნებამ, რომელიც ძე ღმრთისას შეურწყმელად შეეუერთდი და ღმერთ ვიქმენ, ძალაუფლება მივიღე ყოველთა ზედა, ამგვარად, ცათა შინა თაყვანს ანგელოზები მცემენ, ხოლო ქვეყანასა ზედა კიდით კიდემდე ვიდიდები. ამიტომაც უფალი თავის მოწაფეებს მხოლოდ იუდეველებთან როდი გზავნის; არამედ, რამდენადაც მან ძალაუფლება ყოველთა ზედა მიიღო და კაცობრივი ბუნება თავის თავში აკურთხა, ამიტომაც მართებულად გზავნის მათ ყველა ხალხთან და მათ მონათვლას მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით ავალებს. მაშ, რცხვენოდეთ არიოზსა და საბელიოზს, არიოზს იმიტომ, რომ ქრისტემ მონათვლა არა სახელებით, არამედ სახელით მოითხოვა, მაშინ, როცა სახელი სამივეს ერთი აქვს - ღმრთეება; ასე რომ, ერთი ღმერთია სამი. ხოლო საბელიოზს იმიტომ, რომ უფალმა სამი პირი ახსენა და არა ერთი, რომელსაც როგორც ამის შესახებ საბელიოზი ცუდადმეტყველებ[269]და, თითქოს სამი სახელი ჰქონდა და ხან მამად, ხან ძედ და ხან კიდევ სულიწმიდად იწოდებოდა. უფალმა კი სამი პირი ახსენა, რომელთაც ერთი სახელი აქვთ - ღმერთი. შემდეგ, რამდენადაც მხოლოდ მონათვლა საკმარისი არაა, შემდგომად მონათვლისა, კეთილ საქმეთა ქმნაა საჭირო, ამიტომაც ამატებს: ასწავლეთ მათ დაცვა ყოველივესი, რაც მე თქვენ გამცნეთ, ე. ი. არა დაცვა ერთისა, ან ორისა, არამედ ყველა ჩემი მცნებისა. შეგვაკრთოს, ძმანო, გააზრებამ იმისა, რომ ერთი მათგანიც რომ დაგვრჩეს შეუსრულებელი, ქრისტეს სრულყოფილი მონები ვეღარ ვიქნებით, რადგან ჩვენ ყოველი მათგანის დაცვა მოგვეთხოვება. ყურადღება მიაქციე ნათქვამს უფლისა, როგორ მოიცავს იგი ორივე თავს ქრისტიანობისა - ღმრთისმეტყველებასა და კეთილ საქმეთა მსახურებას. რადგან, როცა გვითხრა, რომ საჭიროა ნათლობა სამების სახელით, ღმრთისმეტყველება გადმოგვცა, ხოლო როცა თქვა, რომ საჭიროა სწავლება და დაცვა მცნებებისა, კეთილ საქმეთა მსახურებისკენ წარგვმართა. გზავნის რა მოწაფეებს წარმართებთან, სადაც მათ სიკვდილი და საფრთხე ელოდებოდათ, თანაც ამხნევებს და ეუბნება, რომ არ შეშინებოდათ, რადგან თვითონაც მათთან იქნებოდა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ისიც ნახე, როგორ შეახსენებს აღსასრულის შესახებ, რათა ისინი საფრთხეთა კიდევ უფრო არად ჩაგდებისათვის განაწყოს (წააქეზოს). დაითმინეთო, - ეუბნება, რადგან დასასრული ყოველივეს ექნება, ამქვეყნიური მწუხარება იქნება ეს თუ კეთილდღეობა; ამიტომ ნურც მწუხარებასა შინა დაეცემით, რამეთუ გაივლისო იგი და ნურც კეთილდღეობასა შინა ცდუნდებითო, რადგან ისიც დასრულდება. მხოლოდ მოციქულებს როდი აღუთქვა მათთან ყოფნა, არამედ საერთოდ ყველა მის მოწაფეს, რადგან უეჭველია, რომ მოციქულები ქვეყნის აღსასრულამდე ვერ იცხოვრებდნენ. ასე რომ, ეს აღთქმა ყველას ეკუთვნის, ჩვენც და იმათაც, რომელნიც ჩვენს შემდეგ იქნებიან. მაგრამ ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენთან მხოლოდ აღსასრულამდე იქნება, ხოლო შემდგომად აღსასრულისა, განგვშორდება. არა! პირიქით, მაშინ მისი ჩვენთან ყოფნა კიდევ უფრო ცხადი და ნათელი გახდება, რადგან სიტყვა ვიდრე (εως) წმინდა წერილში, სადაც კი გვხვდება, არ გამორიცხავს იმას, რაც შემდეგ უნდა იყოს.

[270]ამგვარად, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც აქაც ჩვენთანაა და ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და აღსასრულის შემდგომაც კვლავ ჩვენთან იქნება კიდევ უფრო მეტი სრულყოფილებითა და აქ დავასრულოთ ჩვენი განმარტება სადიდებლად იმისა, რომელსა შვენის ყოველგვარი მადლობა, დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

------------------------------------------------------------------------------

1 - დედანშია τὸ τρόπαιον, რაც სიტყვა-სიტყვით გამარჯვების აღსანიშნავად აღმართულ ძეგლს ნიშნავს: ჩვეულებრივ იგი წარმოადგენდა მტრისათვის წართმეულ აბჯრებს, ან ბრძოლის ველზე ერთგროვად შეკრებილს, ან სვეტზე მიკრულს.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ

თბილისი, 2005 წ.

კავებში ([])ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 NOVEMBER 2017 16:55)