თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე - 2. კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან. 3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, 4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, 6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;

 

7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის; 8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით. 9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით, 10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, 11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ, 12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, 16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, 20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც. 21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, 22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე, 23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე. 24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია. 25. ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, - 26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის, 27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, 28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში; 29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.

თავი მეორე

1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით. 8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. 12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი. 13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.

თავი მესამე

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. 2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. 3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში. 4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით. 5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება. 6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე, 7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით. 8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან. 9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ, 10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად, 11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში. 12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში. 17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. 18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. 19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ. 20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს. 21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ. 22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით. 23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. 24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით. 25. უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.

თავი მეოთხე

1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში. 2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; 4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. 5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს. 10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 28 OCTOBER 2011 21:31)