თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს, 2. აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას: 3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 4. ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, 5. რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ. 6. რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.

7. ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული. 8. ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს, 9. მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე - მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც. 10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში; 11. ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც; 12. გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს. 13. მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო. 14. მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი. 15. ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი. 16. მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც. 17. ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო. 18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე. 19. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი. 20. ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში. 21. შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ. 22. ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით. 23. მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში; 24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი. 25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:58)