[53]“არც ცოდნაა რწმენის გარეშე, არც რწმენაა ცოდნის გარეშე” (სტრ. V.1.3);

”რწმენიდან ცოდნისაკენ” (V.1.1.4).

“რწმენა არის ყურნი სულისა” (V.1.2.1).

”რწმენით ვცხონდებით” (ეფეს. 2,5), თუმცა არა კეთილ საქმეთა გარეშე, არამედ ბუნებითად ვართ რა (πεφυκότας) კეთილისაკენ, საჭიროა მისდამი გულმოდგინების გამომუშავება” (V.1.7.2).

მოციქულიც მოგვიწოდებს, რომ ”ჩვენი რწმენა არ იყოს ადამიანთა სიბრძნეში”, რომლებიც გვპირდებიან, რომ დაგვარწმუნებენ, არამედ ”ღვთის ძალაში”, რაც მტკიცებათა გარეშე მარტოც შემძლეა აცხოვნოს ლიტონი რწმენის გზით” (V.1.9.2).

”ფედრონში (იგულისხმება პლატონის დიალოგი, ე.ჭ.) პლატონი გააცხადებს, რომ საუბრობს ჭეშმარიტების, როგორც “იდეების” შესახებ (περὶ ἀληθείας ὡς ἰδέα), ხოლო “იდეა” აზრია ღვთისა (ἐννόημα τοῦ θεοῦ), რაც (აზრი, ე.ჭ.) ბარბაროსებმა ღვთის სიტყვად თქვეს” (V.3.16.3).

”...არ ნებავთ (ელინებს, ე.ჭ.), რომ ერწმუნონ კეთილს სიმართლით ანდა ცოდნას საცხოვნებლად, ჩვენ კი თავად, მათეულს საკუთრად მივიჩნევთ, რადგან ყველაფერი ღვთისგანაა” (V.4.19.1).

”...სულიერებს (”პნევმატიკოის”) შევუფარდებთ სულიერ [სწავლებებს] (”ტა პნევმატიკა”). ამიტომ, ფარულსწავლების სახეს (სიტყვ. ”დაფარულობის სახეს”), ჭეშმარიტად საღვთოს და უსაჭიროესს ჩვენთვის, ჭეშმარიტების ტაძარში (”ენ ტო ადიტო” – სიტყვ. ”შეუვალში”, ”შეუღწეველში”, სუბსტ. ”ტაძარში”, ”სიწმინდეში”) დაკრძალულს, - უზადოდ წმინდა სიტყვას, - ეგვიპტელები მიანიშნებენ მათ მიერ ”ტაძრებად” (”ადიტონ”) წოდებულთა გზით, ხოლო ებრაელები ”კრეტსაბმელით” (შდრ. ებრ. 9,3) (V.4.19.3).

”...ამ წინასწარმეტყველთაგან (იგულისხმება ”ძველი აღთქმის” წინასწარმეტყველებანი, ე.ჭ.) ღვთისმეტყველებაში განსწავული პოეტები (ელინი პოეტები, ე.ჭ.) მინიშნებითად (δι' ὑπονοίας ) ბევრს ფილოსოფოსობენ. ვამბობ ორფევსს, ლინოსს, მუსეოსს, ჰომეროსს, ჰესიოდეს და ამგვარ ბრძენთ” (V.4.24.1).

“სულიერად” და “მცოდნედ” უწყის (პავლე მოციქულმა, ე.ჭ.) მოწაფე სულიწმიდისა”, ღვთისაგან მონიჭებულისა, რაც სულიწმიდა არის ქრისტეს გონება” (νοῦς) (V.4.2.5).

“ამათგან (ცოდვათაგან, ე.ჭ.) განშორებულები საღვთო [საქმეებს] იაზრებენ და ეზიარებიან “მცოდნეობით საზრდოს” (βρώματος γνωστικοῦ) (V.4.26.2).

“მამის “პირისახედ” (πρόσωπον) ითქმის ძე, რომელიც იქმნა ხორცითმტვირთველი (σαρκοφόρος) გრძნობათა ხუთეულისა, - სიტყვა, ცხადმყოფელი მამისეული თვისებისა” (V.6.34.1).

“[მაცხოვარი] თქმულია “ღვთის სახელად”, რადგან ძე მოქმედებს, როგორც ჭვრეტს იგი მამის სიკეთეს (τοῦ πατρὸς τὴν ἀγαθότητα) და ეწოდა მას “ღმერთი მაცხოვარი”, რომელიც არის ყოველთა დასაბამი, რომელიც გამოიხატება” (ἀπεικόνισται) “უხილავი ღვთისაგან”, პირველი და უწინარესი საუკუნეთა. ხოლო [მან] დასახა (τετύπωκεν) მის შედე[54]გად (სიტყვ. “თავის შემდეგ”) ქმნილი ყოველივე” (V.38.6.7).

“მრავალმხრივ უმეტესად სასარგებლოა სიმბოლური განმარტების გვარი, რაც თანაშეგვეწევა მართებულ ღვთისმეტყველებაშიც, ღვთისმსახურებაშიც, წვდომის წარმოჩენაშიც, მოკლესიტყვაობაში გასაწვრთნელადაც და სიბრძნის გამოსავლენადაც” (V.8.46.1).

“ყველაფერი, რაც კი რაღაც საფარველის მიერ ქვე-ჩნდება, უმჯობესსა და უდიდებულეს ჭეშმარიტებას აცხადებს” (V.9.56.5).

“არა მხოლოდ პითაგორელებმა და პლატონმა დაფარეს ბევრი რამ, არამედ ეპიკურელებიც ამბობენ, რომ რაღაცეები მისგანაც (ეპიკურესგან, ე.ჭ.) დაფარულად არის და არ არის ნებადართული ყველამ მოიხელთოს ეს ნაწერები. სტოიკოსებიც ამბობენ, რომ ძენონ-უფროსმა დაწერა რაღაცეები, რომელთა წაკითხვასაც მოწაფეებს იოლად არ ანებებენ, ვიდრე არ გამოცდიან მათ პირველად, ნამდვილად არიან თუ არა ფილოსოფოსები (სიტყვ. “ნამდვილად ფილოსოფოსობენ თუ არა”)” (V.9.58. 1-2).

არც ბარბარული ფილოსოფიის [სწავლებანი], არც პითაგორული მითები, არცთუ პლატონის მიერ “პოლიტიკაში” არმენიოსის ძის ეროსის შესახებ, ანდა “გორგიაში” ეაკისა და რადამანთიოსის შესახებ, ან “ფედონში” ტარტაროსის შესახებ, ან “პროტაგორაში” პრომეთესა და ეპიმეთევსის შესახებ, ამათ გარდაც “ატლანტიკოსში” ატლანტებისა და ათენელების ომის შესახებ [ნაუწყებნი], - ]ყოველივე ეს] არათუ მარტივად ყოველ სიტყვაში (”სახელში”, ე.ჭ.) ალეგორიულადაა გასაგები, (ἀλληγορητέοι) არამედ – რაც კი საზოგადო გონების  (τῆς διανοίας τῆς καθόλου) აღმნიშვნელია; და სწორედ ამათ (ამგვარ აზრებს) ვპოულობთ, ალბათ, სიმბოლოების გზით, საფარველის ალეგორიის ქვეშ გაცხადებულებს” (V.9.58.6).

“ელეატელმა დიდმა პარმენიდემ შემოიტანა სწავლება ორი გზის შესახებ” (V.9.59.6).

“ხედავ, მცოდნეობით ცხოვრებას როგორ აღმერთებენ ელინებიც, თუმცა არკი იციან როგორ უნდა საცნაურყონ იგი?” (V.11.69.6)

“ფრიად საკვირველად თანხმობაში ჩანს ჩვენს მიერ ზემოთქმულთან ევრიპიდე, სცენის ფილოსოფის (ὁ ἐπὶ τῆς σκηνῆς φιλόσοφος), რომელიც ამათ მიერ (იგულისხმება: “ამ ლექსების მიერ”, ე.ჭ.) მოასწავებს, - ამასთან, არც ვიცი როგორ, - მამასა და ძეს” (V.11.70.2).

“ევრიპიდე თვით მაცხოვარს ამბობს, არკი იცის...” (V.11.70.4).

“ამგვარად მართებულად (სიტყვ. “არა უმართებულოდ”) იწყებს განმწმედელობით პროცესი (τὰ καθάρσια) ელინურ მისტერიებს, ისევე როგორც ბარბაროსთა შორის – განბანვა. ხოლო ამის შემდეგ არის პატარა მისტერიები, რაღა დანიშნულების მქონენი მოძღვრებისათვის და წინამოსამზადებლად შემდგომთათვის, დიდი [მისტერიები] კი [მაუწყებელია] ყველაფერის შესახებ, სადაც უკვე ადგილი აქვს არა სწავლას (სიტყვ, “სადაც აღარ რჩება სწავლა”), არამედ ბუნებისა და მოვლენების ჭვრეტასა და მოაზრებას” (V.11.71.1).

“სახისმეტყველებდა რა მოსე, საღვთო აზროვნებას (φρόνησιν θείαν ἀλληγορῶν ὁ Μωυσῆς) “ცხოვრების ხედ” უწოდა მან, სამოთხეში დანერგულად; ეს სამოთხე შეიძლე[55]ბა იყოს კოსმოსიც, სადაც აღმოცენდა ყველაფერი, რაც შესაქმისაგან არის. მასში აყვავილდა და ნაყოფი გამოიღო ხორცქმნილმა სიტყვამ და ცხოველყო მან, ვინც კი იგემა მისი სიკეთე, რადგან ხის გარეშე ვერანაირად ვერ მიაღწევდა იგი ჩვენს ცოდნამდე, რამეთუ ჯვარსეცვა (სიტყვ. ჩამოკიდებულ იქნა”) ჩვენი ცხოვრება ჩვენი რწმენისათვის” (V.11.72.2-3; შდრ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: “[ღმერთმა ადამი] დამკვიდრა სამოთხეში... უკვდავ ნერგთა, - ალბათ, საღვთო აზრთა, - მუშაკად”. საშობაო საკითხავი, პგ. 36, 324).

“ძნელად მოსახერხებელია ღვთის ქვეყანა, რომელსაც (ღმერთს) იდეების ქვეყნად (χώραν ἰδεῶν) უწოდა პლატონმა, მოსესგან გაიგო რა, რომ “ადგილი” არის იგი, როგორც ყველაფრისა და ყოველივეს გარემომცველი” (V.11.73.3).

“თუკი გნებავს, რომ სხვა სახელით გულისხმაჰყო “მიმსგავსება” (ე.ი. მიმსგავსება, მიბაძვა ღვთისადმი, ე.ჭ.), იპოვი მოსესთან მას წოდებულს “საღვთო შედგომად” (ე.ი. ღვთისადმი შედგომად, კვალში მიყოლად, ე.ჭ.), რადგან ამბობს: “თქვენი უფლის ღვთის უკან იარეთ და დაიცავით მისი მცნებები” (II სჯ. 13,4), ხოლო, ვფიქრობ, რომ ღვთისადმი შედგომილია და მსახურია ყველა სათნო [ადამიანი]. აქედან გამომდინარე, სტოიკოსებმა ფილოსოფიის მიზნად ბუნების კვალობაზე (სიტყვ. “ბუნებისადმი შედგომილად”) ცხოვრება თქვეს, ხოლო პლატონმა – “მსგავსება ღვთისა”; სტოიკოსი ძენონი, იღებს რა პლატონიდან, ის კი ბარბარული ფილოსოფიიდან, ამბობს, რომ ყველა კეთილი მეგობარია ერთიმეორისა” (V.14.94. 6-95.3).

“ის, რომ ჩვენ ძმები ვართ, როგორც ერთი ღვთისა და ერთი  მოძღვრისაგან მყოფნი, ჩანს როგორღაც ამის მთქმელად (სიტყვ. “მწოდებლად”) პლატონიც: “იყავით ყველა, ვინც ხართ ქალაქში, ძმები... შემძერწველმა ღმერთმა ოქრო თანაშეუზავა იმათ შესაქმეს, რომლებსაც თქვენს შორის მოთავეობა ძალუძთ (ამიტომაც ისინი უმეტესად პატივდებულები არიან); ხოლო “თანაშემწეებს” – ვერცხლი; რკინა და სპილენძი კი – “მიწადმოქმედებს” და სხვა “მუშაკებს”... (იხ. პლატონი, რესპუბლიკა, V, 479 ე 7)”. ალბათ [პლატონი] იმ რჩეულ ბუნებას მოასწავებს (სიტყვ. “მკითხაობას”), რომელიც ცოდნას ესწრაფვის, თუ არა ის, რომ სამი ბუნების მინიშნებით სამ მოქალაქეობას, როგორც ივარაუდეს ზოგიერთებმა, აგვიწერს იგი, [განაწესებს რა] იუდეველთათვის “ვერცხლს”, ელინებისათვის – მესამეს (“რკინას” და “სპილენძს”, ე.ჭ.), ქრისტიანებისათვის კი, რომელთაც შეეზავათ სამეფო ოქრო, სულიწმინდას; და ცხადყოფს რა ქრისტიანთა ცხოვრებას, სიტყვასიტყვით წერს “თეეტეტში”: “ვთქვათ კორიფეების შესახებ...” (V.14.98.1-5).

“დავიდუმებ პლატონის შესახებ, რომელმაც, ჩანს, რომ ებრაული ნაწერებისაგან ცხადყო როგორღაც მამა და ძე” (V.14.102.3).

“ასე რომ, როდესაც ამბობს პლატონი: “ყველაფერი არის ყოვლის მეუფის გარშემო და მის გამოა ყოველივე და იგია ყოველივე კარგის მიზეზი; მეორედ კი (ე.ი. მეორე მხრივ) ყველაფერი არის მეორეთა გარშემო, ხოლო მესამედ – მესამეთა გარშემო” (II წერილი, 312 e 1-4), არა სხვაგვარად მესმის მე ეს, არამედ წმიდა სამების [56]გამჟღავნებად, რადგან “მესამე” არის სულიწმინდა, ძე კი “მეორე”, რომლის მიერ “შეიქმნა ყოველივე” (იოანე 1,3) მამისეული განზრახვით” (V.14.103.1).

“დიახაც, ტრაგედიაც ცისკენ ახედვას გვასწავლის, გაგვაშორებს რა კერპთაგან. სოფოკლეც... პირდაპირ გაჰყვირის სცენაზე: “ჭეშმარიტად ერთია, ერთია ღმერთი, რომელმაც შეჰმზადა ცა და ვრცელი მიწა...” (V.14.112.4-113.2).

“ექსილე ფრიად დიდებულად ამბობს ღვთის შესახებ” (V.14.114.4).

“ჩანს, რომ ჰომეროსიც ამათ (ამ ლექსების) მიერ მამას და ძეს ამბობს...” (V.14.116.1).

“მენანდრე წერილის პარაფრაზირებას ახდენს” (παραφράζων) (V.14.120.1).

“კიდევ [ორფევსი] ღვთის შესახებ, რომელსაც უხილავად სახელდებს, ამბობს, რომ მხოლოდ ერთმა ვინმემ შეიცნო იგი, ტომით ქალდეველმა, რომელიც ან აბრაამია ანდა მისი ძეც” (V.14.123.2).

“[ელინებმა] შეიცნეს ღმერთი არათუ ისე, როგორც ეს ბუნებისეულია, არამედ, როგორც მრავალგზის გვითქვამს, ჭეშმარიტი პერიფრაზის მიხედვით” (κατὰ περίφρασιν ἀληθῆ) (V.14.134.1).

“უფალი და ღმერთი ძალით ყველასათვის იქნება ჭეშმარიტად ყოვლისმპყრობელიც, ცოდნის მიხედვით კი არ არის იგი ყველას ღმერთი” (V.14.134.2).

 


ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძმე
ჟურნალი “გზა სამეუფო”, N2, 1994წ.

კავებში ჩასმული ([]) ნუმერაცია აღნიშნავს ჟურნალის გვერდებს

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 18 March 2013 21:20)