1. მკითხავდი, უგანსწავლულესო ძმაო, თუ ჩვენს ფილოსოფოსთა შორის1 ვინ და რამდენმა2 დაამუშავა თავისი სიტყვები ხელოვანების წესების მიხედვით (πρὸς τὴν τέχνην) და არიან თუ არა ისინი ყურადღების ღირსნი, რითაც ლისიას ან დემოსთენეს3 შეედრებიან – შინაარსობრივი წყობით თუ ზნეობრივი დამაჯერებლობით, სიტყვათა შერჩევითა და შერწყმით და ხელოვნური მორთულობითა და მაღალფარდოვანი ფიგურებით4.

2. შესაბამისად ვპასუხობ მას, ვინც მკითხავდა, რომ მრავალრიცხოვანია ჩვენი წრე5, რომელთა წარმომადგენლებიც მჭერმეტყველების (სიტყვასიტყვით – ენაკეთილობის εὐγλωττία) ბაძვას ესწრაფვოდნენ (ἐζήλωσαν). ოთხ კორიფეს წარმოვადგენ მთელი ქოროდან: ღვთისმეტყველების საყვირს – გრიგოლს, მის მეგობარ ბასილი დიდს, მათი ძირიდან აღმოცენებულ გრიგოლს და სულიწმიდის ოქროს ქნარს (იგულისხმება წმ. იოანე ოქროპირი).

მათგან თითოეული, რომელიც არ უნდა გსურდეს შეადარო ელინ სოფისტებს, თვითმყოფადია (αὐτάρκης ) არა ისე, თითქოს თითოეული ყველაფრით ყველას აღემატებოდეს, არამედ თითოეულს მათ შორის, ვინც სახელგანთქმულია, რომელიღაც ნაწილით ბაძავს (ἀμιλλωμένος ) და შემდგომ მოსული (რადგან ხამს ჭეშმარიტების თქმა) უმრავლესთ კიდეც აღემატება (სიტყვ. წინ უსწრებს).

არ ვერწმუნები მათ, ვინც თითოეული ნაწილის მიხედვით განსჯის, შემდგომ საკუთარი სურვილისამებრ იქცევა და თითოეულის შეფასებით კი არ გამოაქვს გადაწყვეტილება, არამედ როგორც [ელინური] სწავლებისადმი იყვნენ მტრულად დამოკიდებულენი, ისევე იქცევიან ელინური სიტყვის (λόγος) მიმართ. წინააღმდეგობრივად განწყობილნი მათ მიმართ და საკუთარი (ორატორების) მიმართ კი წინასწარ კეთილგანწყობილნი, როგორც უცხოთ, ისე ეპყრობიან მათ.6

მე კი არ ვიქმ ამას და არც ასე დავბრმავდები, არამედ აქვთ იმათაც ძალი სიტყვებში და ბევრს მიაღწიეს როგორც ხელოვანებით, ისე ხელოვანების გარეშე სიტყვის ძალით. ამგვარად შევაპირისპირებ და ურთიერთ კეთილშევაწყობ მათ, უკუმივაქცევ მსჯავრს და განვსაზღვრავ, რომ როგორიც დემოსთენეა სხვა წრეში, რასაც მე ელინურს ვუწოდებ, ისეთივეა ჩვენს შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი.

რიტორიკის სამი სახეობა არსებობს.7 დემოსთენე სასამართლო სიტყვის სახეობაში იყო ყველაზე სახელოვანი და სათათბირო სიტყვებშიც ყველა სხვაზე უფრო შესანიშნავია, პანეგირიკულ სახეობაშიაც საუკეთესო კი საკუთარ თავზე და სხვებზე ნაკლებია. მისი საპირისპირო გრიგოლი კი პანეგირიკულ სახეობაში არა მხოლოდ დემოსთენესებრ მჭევრმეტყველებას (γλῶττα) აღემატება, არამედ როგორც ზეციური საყვირი, ამ სახეობაში (სტილით) მასთან შესადარებელიც კი არაა (სიტყვ. მასთან შეხმიანება არ შეუძლია), პოლემიკაში და იმ სიტყვებში კი, რომლებშიც დამოძღვრაა წარმოდგენილი, მასთან შედარების ღირსია.8

მაგრამ ამ (სახეობაში) დემოსთენეს მჭევრმეტყველება ერთგან რომ დიდი ნაკადის მდინარების მოძალებით ჩქეფს, შემდგომ თითქოს ნელ მობერვას მიემსგავსება და ნაკლები აღმაფრენით ცოცხლობს. გრიგოლის სიტყვა, კი დაწინაურებული პოლემიკურ სახეობაში, უფრო მაღალ საფეხურს აღწევს და მისი მისწრაფების ზღვარი, თითქოს წარღვნააო, ისე წარიმართება. იგი ამრავალფეროვნებს პოლემიკურ სიტყვას ჰიპალაგიებით და მეტაფორებით, ზოგს კრავს პერიოდებით, ზოგს კი სუნთქვითი გდრადაციებით ხსნის.

თავისი სიტყვა მან დახვეწა ნებისმიერი ატიკური მუზის შესაბამისად.9 იგი უმეტესად არისტიდეს მიემსგავსება (ἀπεικόνισται) და ჩანს, რომ ამ კაცს ყველაზე მეტად ბაძავს (ἐζηλωκὼς), თუმცა არისტიდეს10 ენა (γλῶττα – მჭევრმეტყველება), მართალია, მქუხარეა, მაგრამ არ ბრწყინავს, რადგან ყველას სასმენელს აშფოთებს ეპიქირმებით არა ნაკლებ, ვიდრე ჰერიკლე11 ელადას, მაგრამ ამ ეპიქირმათა დამუშავება მსმენელისათვის მომაბეზრებელია და თითოეული ისურვებდა რიტორის ხმის დაჩუმებას.

გრიგოლის მოუღალავი ენამჭევრობა (γλῶττα) კი ყველგან წვდება12 – სიტყვათა კეთილხმოვანება (εὐγλωττία) იქნება ეს, სიტყვათა შერწყმის განაწილება თუ ფიგურათა მორთულობა – არსად არ არის იგი მოსასმენად უამური.13

მისი თხზულებები სიტყვის მრავალ ნაწილში სავსეა ლისიასებრი კეთილხმოვანებით (εὐστομία – მჭევრმეტყველება), განსაკუთრებით იმ (ადგილებში), სადაც იგი ამჯობინებს მარტივად (ἀφελῶς) წაუმძღვაროს შესავალი (προοιμιάζειν), არა ისე, თითქოს წინასწარგანზრახვით ზომიერს ხდიდეს სიტყვის დიდებულებას (μέγεθος), არამედ ისე, თითქოს, როგორც ვთქვი, ამგვარად (სადაც მეტყველების) მცოდნე იყოს ორატორული სწავლებისა და თავისი ბუნების წყალობით.14

მრავალს ფარავს და თუკიდიდეს15 სტილსაც ბაძავს (μιμούμενος), უფრო სწრაფად ცვლის საუბრის თემას, თვითნებურად წარმართავს მოკლედ (βραχύ) სიტყვის წყობას, აღელვებს სასმენელს და კვლავ საკუთარი თავისკენ მოიქცევა. აქ იგი მაღალი სიტილით (σεμνὴ φράσις) მეტყველებს, რასაც ისოკრატეს16 წყაროდან იღებს. აქედან გამომდინარე, მიიღო რა (სიტყვის) იდეების ნაკადი, არა იმგვარივე სიტყვიდან ადინებს მათ, არამედ ამოკლებს, ერთად უყრის თავს და თითქოს კრავს (წყლის) სადინარს. როგორც თავად ამბობს, არ მრავალსიტყვაობს, როცა იღვრება სიტყვის ნაკადად. ჰეროდოტეს მუზებით კი არ სიბრძნისმეტყველებს,17 არამედ ირჩევს ღირსეულს და ამაღლებულს (ἀξιωματικος καὶ σεμνη).

(ამას იქმს) არა იმგვარად, თითქოს მრავალ რიტორთაგან შეეკრიბოს (Οὐχ ὥσπερ δὲ ἐκ πολλῶν ῥητόρων ἥρμοσται)18 ან თითოეული (იმათგან აღებული) გამოეყენებინოს სიტყვის ნაწილებში, არამედ (ამას იქმს) იმგვარად, როგორც მაგალითად, ერთმანეთში (თანაბრად) შერთული ფერები ქმნიან ახალ ფერს, რომელიც არ არის მათი მსგავსი, არამედ არის უფრო ლამაზი, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები (ἐξ ἐκείνων αὐτῶν). გრიგოლის სიტყვის ფერიც ასევე შედგენილია ათასი ფერისაგან ( μὲν μυρίων χρωμάτων), მაგრამ განსხვავებულია მათგან და მათზე ბევრად უფრო მშვენიერია (κάλλιον), რადგან უმაღლესი არ არის ყოველთვის საშუალოზე უკეთესი, არამედ არის ის, რომელიც ორივეზე აღმატებულია.19

მე არ ვუწოდებ მის სიტყვას ნაზავს, რაღაც უცხოსი და განსხვავებულისა ერთმანეთისაგან, არამედ ვთვლი, რომ იგი (მისი სიტყვა) ერთგვაროვანია თავისი ბუნებით (μονοειδῆ μὲν τὴν φύσιν), მსგავსად იმისა, როგორც ვარდი ამოიზრდება მიწის წიაღიდან ბუნებრივი ფერებით და მრავალსახოვნებით (πολυειδῆ), ანდა (მსგავსად იმისა), ვინმეს რომ შეეძლოს ფერთა ნაზავი დაშალოს სხვადახვა ფერად, რომელთაგან იგი (სწორედ) ამგვარადაა შექმნილი.

ან კიდევ მაიმუნს ვხედავთ გამზადებულს არა უარესის, არამედ უკეთესის მისაბაძავად (εἰς μίμησιν )20, ანდა ისე, როგორც ლომი ინარჩუნებს ახოვანებას, შემდეგ სხვა მხეცების ზნესა და გარეგნობას მიემსგავსება და ბაძავს მათ ერთობლივ (ἐμιμεῖτο ξύμπαντα) და მაინც არ კარგავს ღირსებას, - აი, სწორედ ასეთია ეს ღვთიური კაცი (θεῖος ἀνὴρ)21.

მისი სიტყვაც ისეთი დიადია თავისი ბუნებით, როგორც ლომი – ღირსებით სავსე, ძალმოსილი, დარბაისლური, მიუწვდომელი მრავალთათვის, ანუ ძნელად მისაწვდომი,22 შემდგომ ყველას მხეცის ხმის მიმბაძველი (μιμεῖται) და თითოეულის მიხედვით ჩამოყალიბებული სახით (τῷ εἴδει), ზნით (ἤθει), ფორმით (σχήματι).

თითოეულის მეტყველების მანერით (სტილით) იგი საკუთარ ხმას (ავსებდა). ელინ ორატორთაგან თითოეული სიტყვის ერთ იდეას იყენებდა – ან ამაღლებულობას (ὑψηλὴ), ან ზომიერებას (μέση) ან დახვეწილობას (λεπτὴ ) და მხოლოდ ამ ერთს წარმოადგენდა.

ასეთია გრიგოლის სიტყვაც – ყველა ერთად აღებულ ორატორს ბაძავს (διαμιλλᾶται), მათ მისდევს, მათი მიხედვითაა (შექმნილი), იქიდანაა აღმოცენებული (μὲν μετ᾽ ἐκείνους ἐκεῖθεν ἡρμόσαντο), ხან კი მათი სწინააღმდეგოა (πρὸ ἐκείνων) და უფრო მშვენიერი სახე აქვს, ვიდრე მის პირველნიმუშებს.23

3. რაც შეეხება ბასილი დიდს, ისევე როგორც ყოველივე ადამიანურზე ამაღლდა იგი, ჩანს, რომ ასევე მორთული ეპითეტების ხელოვანებაც უკან მოიტოვა და სურდა თითქოს თავად ყოფილიყო სიტყვის ხელოვნება, თუმცა ხელოვნების მიხედვით არ შეუთხზავს მას თავისი თხზულებები.

იცნობდა რა ყველა ორატორს ერთად, იქიდან შეითვისა სიტყვის შემადგენელი იდეების ძალა და ამ ნაწილში მათ ბევრად გადააჭარბა კიდეც.24 არ სურს ზიანის მოტანა თავისი სიტყვებით, არ ბაძავს (οὐ ζηλοῖ) უმეტეს შემთხვევაში იმათ წინასწარ აგებულ (მჭევრმეტყველების) ხელოვანებას, მისი სიტყვა არის ბუნებრივი (უხელოვნო)25, თითქოს ღრუბლიდან მქუხარებს და ყველა ხმას ფარავს.

მისი სიტყვის სულისკვეთება, რამდენადაც შესაძლებელია, განვმარტოთ შედარების გზით, დემოსთენესებურია (რადგან ბაძვის მიხედვით κατὰ ζῆλον მასზე წინ არ დგას), არც აღემატება მას, თუკი ვინმე მოისურვებს სიტყვების ერთმანეთთან შედარებას.

აპოლოგეტური სახეობა (ἐπιχειρηματικὸν εἶδος) მისი (სიტყვისა) ვინმეს შეუძლია დაახასიათოს არისტიდეს სიტყვებიდან (მომდინარედ), მაგრამ თუკი ვინმე ორივეს მიაპყრობს სასმენელს, მაშინვე ამ ორატორის მოსმენა მობეზრდება და სმენას გადაიტანს სხვა ხმაზე, ბასილის სიტყვათა ქუხილისადმი უფრო სიამოვნებით განეწყობა და მისი ხმის გაგონებაზე იხარებს.

4. ასეთი იყო მისი ძამა გრიგოლიც. არავინ ყოფილა მრავალ რიტორთაგან ამ ორ კაცზე უფრო ენაწყლიანი (მჭევრმეტყველი - μεγαλοφωνοτέρους), მაგრამ სხვა რიტორთა შორის გრიგოლ ნოსელი გამოირჩევა და მასთან ბასილი დიდი, რადგან ბასილის (მჭევრმეტყველება) საყვირთან, ძმის ენა კი ფლეიტასთანაა შედარებული, დემოსთენესა და არისტიდეს საყვირი კი ადამიანურადაა სახელდებული.26

მაგრამ პანეგირიკულ სახეობაში (გრიგოლ ნოსელი) ბასილზე ბევრად ნაკლებია, სურს რა საღვთო წინაგანგების გამხელა, რაც სიტყვებშია დაფარული, უცვლელი რჩება მის მიმართ და თუ ვინმე მათ შედარებას მოინდომებს ორსავე ამ ნაწილში, ყველაფრით ბასილზე მაღლა მდგომად არ ჩათვლის მას.

5. იოანე ოქროპირის ენა კი, ღირსების მიხედვით, საღვთოა (θεῖος) და ყველაფერთან შესადარებელი არ არის, მაგრამ არა ისე, თითქოს სხვებს ან რიტორიკას (სიტყვ. “სიტყვებს” - λόγοι) უგულებელყოფდეს, არამედ თითქოს მართლაც ხელოვანებით იყოს შემკული.

(მისი სტილი სიტყვის) ყველა იდეიდან არის შედგენილი და სამოქალაქო სიტყვის (πολιτικοῦ λόγος) მწვერვალი [ისიც] მიმბაძველია (ძველებისა) (ζηλωτὴς). მის სიტყვებში რიტორიკის სახეობათაგან თითოეული ოსტატურად ვითარდება, სახეს უცვლის საწინააღმდეგო ხმას და განაახლებს პანეგირიკული სახეობის სილამაზეს.

სამოძღვრო სახეობაში დასრულებული სახე აქვს, რაც არა კანონითა და ხელოვანებითაა გამოწვეული, არამედ თავადაა ქმნილი სხვათათვის იდეათა კანონად.

იგი არ ბაძავს (οὐ μιμεῖται) რიტორ ლისიას, თუმცა მისი სიტყვა იმის (ლისიას) კეთილხმოვანებას (εὐστομία) მიემსგავსება (εἰκόνισται) გარდა იმისა, რაც უფრო სადაა (ἀφελέστερος), უფრო ძლიერი და უფრო ბრწყინვალე (λαμπρότερος ).

იგი არჩევს სიტყვას არა ფიგურებით (ტროპებით), ალეგორიებით და პერიფრაზებით, არც ლირიკული და დითირამბული სიტყვებით, არამედ საგანგებოდ ამუშავებს (სიტყვათა) შერწყმით და ფრაზის ღირსებით.27

6. მე კი ვისურვებდი და ვამჯობინებდი სახოტბო სიტყვის თქმას გრიგოლ ღვთისმეტყველივით, ნათლად ქადაგებას ბასილი დიდივით, საღვთო წინაგანგების განმარტებას გრიგოლ ნოსელივით, სამოძღვრო სახეობის დამუშავებას და სიტყვის საამურობას (ἀφηδύνειν) სადა (ἁπλος) და გამოუთქმელი მშვენიერებით (χάρις), როგორც (ამას იქმს) სულიწმიდის ოქროს ქნარი.28

-------------------------------------------------------------------------------

 

1 – τῆς καθ᾽ ἡμᾶς φιλοσοφίας – იგულისხმება ქრისტიანი რიტორები.

2 - τέχνη – რიტორიკის თეორიაში ნიშნავს ხელოვნებას არა დღევანდელი გაგებით, არამედ ოსტატობის მნიშვნელობით. იგი გულისხმობს რიტორიკული ოსტატობის და მისი წესების, კატეგორიების ნაერთს. შდრ. რუსთველი: “აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება”.

3 – ლისია (ძვ.წ. V-IV სს.), დემოსთენე (ძვ.წ. IV-III სს.) – ათენელი ორატორები.

4 – რიტორიკულ ხელოვნებაში გამოიყოფა შინაარსის ცნება (τὸ πραγματικόν), როგორც საგანი სიტყვისა და სიტყვიერი ქსოვილი (τὸ λεκτικον) – სიტყვიერი გამოხატულება თხზულებისა; დამაჯერებლობის (πιθανοτης) ცნება; სიტყვათა შერჩევა (εκλογη) და შერწყმა (συνθηκη) რიტორიკის თეორიაში სიტყვიერი გამოხატულების ორი ერთმანეთზე დამოკიდებული ცნებაა. მათ მიეკუთვნება კატეგორიები, რომელთაგან ამ ტექსტში გვხვდება: სიტყვის მშვენიერება (κάλλος ονομάτων), კეთილხმოვანება (ευφωνια, ευγλωττια), ტროპები, პერიფრაზი (περιφρασις), მეტაფორა (μεταφορα), შენაცვლება (υπαλλαγη), მონაკვეთთა პერიოდული მონაცვლეობა (περίοδος), როგორც რიტმის ელემენტი და მისთ.; ფიგურები (σχηματα) სიტყვიერ გამოხატულებაზე მოძღვრების მესამე კატეგორიაა შერჩევა-შერწმის შემდეგ. მას მიერკუთვნება სახეობები, რომელთაგან ქვემოთ გვხვდება: ალეგორია (ἀλληγορία), განმარტება (εξήγησις ), სუნთქვითი გრადაცია (πνεῦμα) და მისთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სიტყვათა შერჩევა-შერწყმა და რიტორიკული ფიგურები რიტორიკული ტექნიკის ერთი სფეროა. მეორე სფეროა სიტყვის მახასიათებლები, თვისებები, რომლებსაც ქვემოთ თანდათან შევხვდებით, ამიტომ აქვე დავახასიათებთ მათ: 1. სიტყვის ღირსებები (αρεται λεξεως ); სიცხადე (σαφηνεια), ლაკონურობა (βραχυτης), ძალა (ισχυς, δυνανις, δεινοτης), სიდიადე (μεγεθος), მორთულობა (κοσμος) და მისთ. 2. სიტყვის ფორმა, იდეები (ιδεαι λογου); სიწმინდე (καθαροτης, ελληνισμος), სისადავე (ἀφέλεια, ἁπλότης), ბრწყინვალება (λαμπρότης), სილამაზე, მშვენიერება (καλλος, χαρις), საამურობა, სიტკბოება (ηδυ, γλυκότης), შთამბეჭდავი, ღირსეული (αξιωμα), ამაღლებულობა, სადღესასწაულობა (σεμνότης, υψηλη), ზომიერება (μέση), დახვეწილობა (λεπτη) და მისთ. ამათგან რიტორიკის სხვადასხვა თეორიაში ზოგიერთი ცნება ხან ღირსებაში შედის და ხან იდეების სახეობაში.

3. სტილთა სახეობები (χαρακτηρες): მაღალფარდოვანი (μεγαλοπρεπής ). შდრ. (σεμνη φρασις); საშუალო, ზომიერი (μεσος, μετριος), დაბალი, მწირი (ισχνος) და მისთ.

5 – ὁ ἡμέτερος κύκλος – კვლავ ქრისტიანი რიტორები იგულისხმება აქ.

6 – აქ საუბარია ზოგიერთი ქრისტიანის უარყოფით დამოკიდებულებაზე ელინური რიტორიკის (λογοι) ღირსებებისადმი, ისევე როგორც წარმართული მოძღვრებებისადმი, რომელიც, როგორც მსოფლმხედველობრივი სისტემა, უარიყოფა ქრისტიანული ეკლესიის მიერ. ფსელოსი ყურადღებას ამახვილებს ელინური რიტორიკული სიტყვის გამომსახველობითი საშუალებების სიძლიერეზე, რის მიხედვითაც შესაძლებელია სწორედ ქრისტიანი და ანტიკური რიტორების ერთმანეთთან შეპირისპირება და მათ შორის განსხვავების დანახვა.

7 – რიტორიკის სამი კლასიკური სახეობაა ცნობილი არისტოტელეს განსაზღვრებიდან მოყოლებული (Arist. Rhet ): სასამართლო (δικανικός Arist. ) ან პოლემიკური (ἀγωνιστικος) (შდრ. აპოლოგეტური επιχειρηματικος ); სათათბირო (συμβουλευτικος Arist.) ან სამოქალაქო (πολιτικος) სიტყვა (შდრ. ქრისტიანული სამოძღვრო სიტყვა); სადღესასწაულო (επιδεικτικος) ან პანეგირიკული (πανηγυρικος) სიტყვა. ქვემოთ მიმოხილულია თითოეული ცალ-ცალკე სხვადასხვა ანტიკურ თუ ქრისტიან ორატორთან მიმართებაში.

8 – დემოსთენესთან პანეგირიკულ სახეობაში წმ. გრიგოლი სტილის მიხედვით შესადარებელი არაა, იმიტომ, რომ თავისთავად მასზე აღმატებულია, როგორც ზეციური საყვირი (σαλπιγξ ουρανιος - ქრისტიანულ სახისმეტყველებაზე მიმანიშნებელია. შდრ. Gr. Naz. ep. 46, PG. 37, 96 A: η μεγαλε φωνη καὶ σαλπιγξ – წმ. ბასილის მიმართ; შდრ. მონოგრაფია § 6), ე.ი. როგორც ღვთივშთაგონების მქონე; მაგრამ ფსელოსის მიხედვით, ამ სახეობაში წმ. გრიგოლი დემოსთენეს მჭევრმეტყველებითაც, ე.ი. ორატორული ხელოვნებითაც კი სჯობნის. ფსელოსი აქაც, როგორც მონოგრაფიაში, წმ. გრიგოლის მჭევრმეტყველებას ახასიათებს როგორც τέχνη -ს, ისე სტილის ქრისტიანული კანონის მიხედვით.

9 – ატიკური მუზის შესაბამისად – ისევ ძველი (ანტიკური) მწერლების და მათი საუკეთესო თვისებების მიბაძვა იგულისხმება აქ.

10 – არისტიდე – ძვ.წ. II ს. ბერძენი რიტორი რომში.

11 – ჰერიკლე – ძვ.წ. V ს. ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე.

12 – იგულისხმება, რომ ძლევამოსილია, არსად არ არის დამღლელი, მოსაბეზრებელი.

13 – სიტყვასიტყვით “სასიამოვნოს დაცილებული” (ἀφ᾿ ἡδονῆς καθεστήκασιν). ηδυ, ηδονη – საამურობა, სიტკბოება, სიტყვის იდეის ერთ-ერთი სახეობა, γλυκυς -თან ერთად.

14 – ორატორულ სწავლებაში (μελέτη) აქ τέχνη იგულისხმება. φύσις-τέχνη (ბუნებრივი ნიჭი და ხელოვანება) რიტორიკული თეორიების ტრადიციული დაპირისპირებაა. ფოტიოსმა და ფსელოსმა (მონოგრაფიაში) ნიჭის ცნება ღვთივშთაგონებით შეცვალეს. ამის მიხედვით, წმ. გრიგოლი ბუნებაზე აღმატებულია (ὑπὲρ φύσιν – შდრ. მონოგრაფია § 2).

15 – თუკიდიდე – ძვ.წ. V-IV სს. ათენელი ისტორიკოსი.

16 – ისოკრატე – ძვ.წ. V-IV სს. ათენელი ორატორი, რიტორიკის მასწავლებელი.

17 – ჰერიდიტე – ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსი. ჰერიდიტეს მუზებით სიბრძნისმეტყველება ირონიულადაა ნახმარი, იგულისხმება, რომ წმ. გრიგოლი მასავით ფუჭი და უბრალო სამკაულებით (Minutis ornatibus ) არ ირთვება, სიტყვათა ფუჭი სიუხვე და მრავალსიტყვაობა არ ახასიათებს.

18 – ამ ორ აზრს შორის – ბაძავს და არც ბაძავს ძველ მწერლებს – წინააღმდეგობრიობა კი არააა, არამედ იგი ზემოთ განხილული ანტინომიურობის გამომხატველია. ამისათვის მოხმობილია შედარება ფერებთან, ლომთან, ვარდის ბუნებრივ მშვენეირებასთან, მრავალსახოვნებასთან. იგულისხმება, რომ წმ. გრიგოლს მრავალი რიტორისაგან კი არ აუღია და შეუკრებია სიტყვის სხვადასხვა ნაწილი და თითოეულ მათგან ცალ-ცალკე მიჰყოლია ამის მიხედვით თავისი ჰომილიების სხვადასხვა ნაწილში, არამედ თვითმყოფადია, დამოუკიდებელ ფერს ქმნის; ხელოვნური ნაზავი კი არ არის ბაძვის საგნებისა, არამედ ერთგვაროვანია ბუნებით (μονοειδη τὴν φύσιν). იგულისხმება, რომ შემადგენელ ნაწილებად მისი მრავალსახოვნება არ დაიშლება, რადგან იგი ბუნებრივ ერთსახოვნებას ქმნის (ისევე როგორც სამების ერთარსებობა).

19 – აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ სრულყოფილი სტილი, სტილის ქრისტიანული კანონის მიხედვით, სტილთა სხვა კლასიკური სახეობებისგან ორივეზე – საშუალოზე (μέσος) და მაღალზე (ἀκρὸτης) აღმატებულია (შდრ. მონოგრაფია, § 2,20), რადგან გრიგოლის მჭევრმეტყველება როგორც ადამიანური, ისე ღვთიური წარმომავლობისაა.

20 – მაიმუნთან შედარება, შესაძლებელია, გულისხმობდეს იმ ელინ რიტორებს, რომლებიც ასევე ძველებს ბაძავდნენ, მაგრამ თვისობრივად ახალი ვერ შექმნეს, კარგად ბაძვისა და საუკეთესო ორატორული ხერხების ნაზავის შექმნის დონეზე დარჩნენ მხოლოდ.

21 – ლომთან შედარება მოხმობილია იმის საჩვენებლად, რომ მრავალის ბაძვით ორატორის ღირსება და თავისთავადობა არ იკარგება. აქ ფსელოსი ერთმანეთს უპირისპირებს ბაძვის ორ ცნებას: ელინისტური რიტორიკიდან აღებულს, რაც ძველების კარგი თვისებების შეთვისებას გულისხმობს და ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში შემოღებულს, რომლის მიმანიშნებელი უნდა იყოს გრიგოლის ღვთიურობაზე ყურადღების გამახვილება (θεῖος ἀνήρ). გრიგოლის ღვთიურობაში აქ უნდა იგულისხმებოდეს სტილის ქრისტიანულ კანონზე მინიშნება, რომელიც უფრო გამოკვეთილად მონოგრაფიაში აქვს ფსელოსს ჩამოყალიბებული.

მაიმუნისა და ლომის ერთმანეთთან დაპირისპირება გავრცელებული იყო ანტიკურ ანდაზებში, საიდანაც მოხვდა გრიგოლის შრომებშიც (PG. 37, I, 2, 34, V 96; OR. 43, § 64. PG. 36, 581 B, 15 - C3 . აქ წმ. გრიგოლი მას წმ. ბასილთან მიმართებით ხმარობს). საყურადღებოა, რომ ამ სახეს, ალბათ, ისევ გრიგოლისვე შრომებიდან იყენებენ წმ. გრიგოლის თხზულებათა ბერძენი და ქართველი შემსწავლელნი – მიქაელ ფსელოსი (XI ს.) ამ ტრაქტატში (წმ. გრიგოლთან მიმართებაში), ხოლო ეფრემ მცირე (XI ს.) გრიგოლის შრომების მისეულ თარგმანებზე დართულ ანდერძ-წინასიტყვაობაში (Jer. 43, 3 v. წმ. გრიგოლის შრომების დიდ ქართველ მთარგმნელთან, ექვთიმე ათონელთან (XI ს.) მიმართებაში.

22 – მიუწვდომელი (ἀπρόσιτος, δυσπρόσιτος) მრავალთათვის – წმ. გრიგოლის სიტყვების მიფარულობა იგულისხმება აქ, რაც მონოგრაფიაში აქვს ფსელოსს გაშლილი (შდრ. § 21) და რაზედაც ყურადღებას ამახვილებს ეფრემ მცირე(Jer. 43, 1r-4r ).

23 - კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ წმ. გრიგოლი კდიეც ბაძავს ელინ რიტორებს და განსხვავებულიცაა მათგან იმით, რომ პირველნიმუშებზე მშვენიერია (შდრ. მონოგრაფია § 2; თავადვე ხდება პირველნიმუში; პირველსახე სტილისა (αρχετυπος χαρακτηρ $ 12).

24 – წმ. ბასილიც ადამიანურზე, τέχνη-ზე აღმატებულია (ὥσπερ δὴ τῶν ἀνθρωπικῶν πάντων ὑπερορᾷ, οὕτω δὴ ἕοικε καὶ τῶν ἐπιθέτων τῆς τέχνης κόσμων καταφρονεῖν ), ღრბულიდან მქუხარებს, ე.ი. ზეციური, ღვთიური შთაგნოებისაა. იგი ისე კარგად ფლობს რიტორიკას, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავადაა მთლიანად სიტყვიერი ხელოვანება, თუმცა ხელოვანების მიხედვით არ შეუთხზავს თავისი თხზულებები (იმასვე ამბობს ფსელოსი წმ. გრიგოლზე მონოგრფიაში- § 12-13). აქაც, წმ. ბასილის დახასიათებისას, საღვთისმეტყველო სტილზე უნდა მიანიშნებდეს ფსელოსი. ამასთან, ისევ ზემოთ განხილული ანტინომიურობიდან გამომდინარე, იგი ორგვარად ახასიათებს წმ. მამების სტილს: როგორც ელინური რიტორიკის ნორმების მიხედვით, ისე სტილის ქრისტიანული კანონის შესაბამისად.

25 – ბუნებრივ, უხელოვნო სიტყვაში (ἀνεπιτήδευτος) ისევ ის იგულისხმება, რომ წმ. ბასილი საგანგებოდ არ ზრუნავს რიტორიკაზე, თუმცა კი იცის იგი.

26 – წმ. გრიგოლ ნოსელიც წმ. ბასილთან ერთად დემოსთენეს და არისტიდეს აღემატება ღვთიურობით, რადგან მათი საყვირი ადამიანურია (τὸν ἀνδρα), წმ. მამებისა კი შესაბამისად, იგულისხმება, რომ ღვთიურია.

27 – წმ. იოანე ოქროპირთანაც საღვთისმეტყველო სტილზე უნდა იყოს მინიშნება (θειος ), რომელიც შესადარებელი არაა (ασυγκριτος) რიტორიკის სტილთა თეორიასთან, რადგან თავისთავად მასზე მაღლა მდგომია. წმ. იოანე ოქროპირიც თან ბაძავს ძველებს, არ უგულებელყოფს ძველი რიტორების ხელოვნებას და რიტორიკას და თან თვითმყოფადია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მისი თხზულებები მართლაც (ως αληθως) რიტორიკული კანონის და τέχνη-ს მიხედვით იყოს შექმნილი, როცა თავად ხდება სხვათათვის κανων της ιδεας (შდრ. წმ. გრიგოლი მონოგრაფიაში: αρχετυπος χαρακτηρ -$ 1-2, 12-13). ფსელოსი მასვე ანტინომიურად ახასიათებს: ბაძავს კდიეც ლისიას (εικονισται) და არც ბაძავს მას (ου μιμειται).

28 – ბოლოს შეჯამებულია თითოეული ორატორის ყველა საუკეთესო თვისება.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშნვნები დაურთი

ქეთევან ბეზარაშვილმა

ჟურნალი ”გზა სამეუფო”, №1(4), 1996 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 26 FEBRUARY 2019 11:24)