ფრაგმენტები

წიგნიდან  "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"


ქვემოთ წარმოდგენილი ციტატები (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით)

მოთავსებულია ხსენებული წიგნის 680-687, 711-727, 756-763 გვერდებზე

 

"რამეთუ ჭეშმარიტებითი ღმერთი იყო ხორცში და ჭეშმარიტი ხორცი იყო სიტყვაში (ლოგოსში) (თ. 41, PG. 26, col. 412 A).

"არის რა ეს ყოველივე ამგვარად, მოდი გამოვიკვლიოთ ისიც, თუ როგორიაა, რომ "იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ანგელოზებმა, არც ძემ", ვინაიდან [არიანელები], რომლებიც ყველაზე მეტად უმეცარნი ამ გამონათქვამის მიმართ არიან და ამისგან ეხვევათ თავბრუ, ფიქრობენ, რომ სწორედ ამაში აქვთ მათ დიდი საფუძვლები თვიანთი ერესისთვის, მაგრამ მე ამ ერეტიკოსებსაც, რომლებიც ზემორე მუხლს იყენებენ საბაბად და მისგან აღიჭურვებიან, ვხედავ როგორც ღვთისმბრძოლებს მსგავსად გიგანტებისა, რამეთუ ცისა და მიწის უფალი, რომლის მიერაც ყოველივე შეიქმნა, მათ [არიანელთა] წინაშე დღისა და ჟამის თაობაზე განიკითხება, და ყოვლისმცოდნე სიტყვას ბრალი დაედება მათგან [არიანელთაგან, ე.ჭ.] როგორც "დღის" არმცოდნეს, და მამის მცოდნე ძე ითქმის უმეცრად დღის ჟამისა1. ამათზე [არიანელებზე, ე.ჭ.] უუგუნურესს რას იტყვის ვინმე ანთუ რომელ სიცოფეს თანაშეუსწორებს მავანი ამათ [არიანელებს, ე.ჭ.]? სიტყვის მიერ შეიქმნა ყოველივე - ჟამნიც, დრონიც, ღამეც, დღეც, მთელი ქმნილებაც, და შემოქმედი შექმნილის ამცოდნედ ითქმის? თვით წყობაც კი გამონათქვამისა ცხადყოფს, რომ იცის ღვთის ძემ "ჟამი და დღე", თუმცა არიანელები უმეცრებით ეცემიან. მართლაც, როდესაც ამბობს იგი "არც ძემ", იქვე აუწყებს მოწაფეებს იმათ შესახებ, რაც უწინარესია ამ დღისა, ეუბნება რა: "ეს იქნება და ეს, შემდეგ კი - ჟამთ-აღსასრული" (შდრ. მათე 24.14), ხოლო ვინც "დღის" უწინარესთა შემდეგ უნდა გამოჩნდეს, მას რომ არ სცოდნოდა "ჟამი", არც მასზე უწინარესთა შესახებ გააცხადებდა, არ ეცოდინებოდა რა, თუ როდის დადგებოდა "ჟამი". ისევე როგორც, ვთქვათ, ვინმე, მოსურნე იმისა, რომ არმცოდნეებს სახლისა თუ ქალაქის შესახებ აუწყოს, აუწერს მათ იმ ყველაფერს, რაც ამ სახლისა თუ ქალაქის წინაა, ხოლო წარმოუჩენს რა ყოველივეს, ასე ეტყვის: "შემდეგ უკვე არის ეს ქალაქი თუ ეს სახლი", იცის რა უთუოდ ამ ყოველივეს მაუწყებელმა, თუ სად არის შესაბამისი სახლი თუ ქალაქი, ვინაიდან რომ არ სცოდნოდა, არც იმის აღწერას შეუდგებოდა, რაც ამ სახლისა თუ ქალაქის წინაა, რათა არცოდნის გამო ან მსმენელები არ მიედრიკა საძიებლისგან შორს ანდა თავადვე საუბრისას არ გასცდენოდა შეუმჩნევლად მისგან აღწერილს, ამგვარადვე უფალიც, აუწყებს რა მოწაფეებს იმ დღისა და ჟამის უწინარესთა შესახებ, ზედმიწევნით მცოდნეა და არ არის უმეცარი იმისა, თუ როდის დადგება ჟამი და დღე. მაგრამ რის გამოა, რომ მან, იცოდა რა, არ უთხრა იმჟამად მოწაფეებს გარკვევით, რომ არავის ხელეწიფებოდა იმის გამოწვლილვა, რაზეც დაიდუმა თავადვე, რამეთუ "ვის სცოდნია გონება უფლისა ანთუ ვინ ქმნილა მის მოთათბირედ?" (რომ. 11.34), ხოლო ის, თუ რის გამო თქვა მან, მცოდნემ, "არ იცისო არც ძემ", ვფიქრობ, მორწმუნეთაგან არავინაა უმეცარი ამისა, ვინაიდან ესეც არანაკლებ ხორცის გამო თქვა მან როგორც კაცმა [ზემოთ წმ. ათანასეს განხილული აქვს მაცხოვრის სხვა კაცობრივი გამონათქვამები, ე.ჭ.]. მართლაც, არანაირად არ არის ეს სიტყვის ნაკლოვანება, არამედ - კაცობრივი ბუნებისა, რომლის მახასიათებელიცაა არცოდნაც, ამას კი კარგად განჭვრეტს მავანი, უკეთუ ჟამსაც გამოიძიებს კეთილსინდისიერად, როდის და ვის უთხრა მან ზემორე სიტყვები. მაშ, არათუ მაშინ თქვა მან ეს, როდესაც მის მიერ ცა შეიქმნა, არც, აგრეთვე, მაშინ, როდესაც საკუთრივ მამასთან იყო სიტყვა და ყოველივეს აწესრიგებდა, არცთუ - უწინარეს ადამიანის შექმნისა, არამედ - რაჟამს "სიტყვა ხორცი გახდა" (იოანე 1.14). სწორედ ამიტომ, მართებულია, რომ ყოველივე ის, რაც მან განკაცების შემდეგ კაცობრივად თქვა, კაცებას განეკუთვნოს, ვინაიდან სიტყვისთვის ნიშანდობლივია ქმნილთა ცოდნა და მათი დასაბამისა თუ დასასრულის შესახებ უმეცრების არქონა, რამეთუ მისია საქმენი და უწყის, თუ რაოდენნი იმოქმედა და რა დრომდეა მათი თანაშემყარება, ხოლო თითოეულის დასაბამისა და დასასრულის მცოდნემ უთუოდ იცის, აგრეთვე, ყოველთა საერთო და საზოგადო აღსასრული. ამიტომ, ამბობს რა სახარებაში თავისი თავის შესახებ კაცობრივად: "მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე შენი ძე" (იოანე 17.1), ცხადია, რომ ყოველთა აღსასრულის შესახებაც იცის როგორც სიტყვამ, "არ იცის" როგორც კაცმა, ვინაიდან ადამიანისთვისაა ნიშანდობლივი არცოდნა, და განსაკუთრებით - ამისა. მაგრამ ესეც მაცხოვრის კაცთმოყვარეობას ეთვისება. მართლაც, გახდა რა ადამიანი, არ ერცხვინება მას, რომ უმეცარი ხორცის გამო თქვას: "არ ვიცი", რათა აჩვენოს, რომ, "მცოდნეა" რა როგორც ღმერთი, "უმეცარია" ხორციელებითად. ამიტომ არ უთქვამს მას: "არც ღვთის ძემ იცის", რომ არ წარმოჩნდეს უმეცრად ღმრთეება, არამედ - მარტივად: "არც ძემ", რომ ადამიანისგან შობილ ძეს განკუთვნოდა "უმეცრება". ... თავისი კაცობრივი მსახურების შესახებ თქვა: "არც ძემ". და იმის ნიშნად, რომ კაცობრივად თქვა მან "არცოდნა ძისა", წარმოაჩენს იგი, ამავე დროს, თავის თავს ღმრთეებითდ მცოდნეს, ვინაიდან რომელ "ძესაც" ამბობს "იმ დღის" არმცოდნედ, იმასვე ამბობს მამის მცოდნედ, თქვა რა: "არავინ იცის მამა, თუ არა ძემ" (მათე 11.27), ხოლო ყველანი, არიანელთა გარდა, თანააღმსარებლობენ, რომ მამის მცოდნემ ბევრად უფრო იცის შესაქმის მთლიანობა, ხოლო "მთლიანობაში" კი ამ ქმნილების დასასრულიც შედის" (თ. 42-44, PG. 26, col. 412 A - 416 B).

"ხოლო ჩვენ, ქრისტემოყვარეებმა და ქრისტეშემოსილებმა, ვიცით, რომ სიტყვამ თქვა "არ ვიციო" არა იმიტომ, რომ თითქოსდა მან, რამდენადაც სიტყვაა იგი, არ იცოდეს, ვინაიდან იცის, არამედ წარმოაჩინა რა კაცება, - რომ ადამიანთათვისაა ნიშანდობლივი არცოდნა და რომ შემოსილი ჰქონდა მას უმეცრებითი ხორცი, - ხორციელებითად თქვა ეს. ამასთან, თქვა რა მაშინ, რომ "არც ძემ იცის"  და მოიტანა რა ნიმუშად ნოეს დროის ადამიანების უმეცრება, მყისვე დასძინა: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც თქვენ იცით2, რომელ ჟამს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24.42). და კიდევ: "რომელ ჟამსაც არ ელით, მოვა ძე კაცისა" (მათე 24.44), ვინაიდან მეც რომ თქვენს გამო თქვენებრი გავხდი, ამიტომ ვთქვიო: "არც ძემ"; მაგრამ თუკი იგი არმცოდნე იყო საღვთოდ, მართებდა ეთქვა: "მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ ვიცი, და: "რომელ ჟამსაც არ მოველი", თუმცა ახლა როდი თქვა ეს, არამედ თქვა: "არ იცითო თქვენ" და "რომელ ჟამსაც არ მოელითო", რითაც აჩვენა, რომ ადამიანებისაა უმეცრება, რომელთა გამო მანაც, მათი მსგავსი ხორცის მქონემ და კაც-ქმნილმა, თქვა: "არც ძემ იცის", ვინაიდან "არ იცის" მან ხორცით, თუმცა მცოდნეა როგორც სიტყვა. და ნოეს მაგალითიც ასევე ქრისტემბრძოლთა ურცხვობის მამხილებელია, ვინაიდან არც ამ შემთხვევაში უთქვამს მას: "არ ვიცოდიო", არამედ: "არ იცოდნენ", ვიდრე არ მოიწიაო წარღვნა. მართლაც, ერთი მხრივ, არ იცოდნენ ადამიანებმა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმან, ვინც მოაწია მათზე წარღვნა, - ხოლო ეს იყო მაცხოვარი, - იცოდა დღე და ჟამი, ოდეს გახსნა მან ცის საქანელნი და განაპო უფსკრულნი, უთხრა რა ნოეს: "შედი შენ და შენი ძეები კიდობანში". მაგრამ თუ არ იცოდა, არ ეტყოდა ნოეს წინასწარ: "კიდევ შვიდი დღე და მოვაწევ წარღვნას ქვეყანაზე". ამასთან, თუ ნოეს მაგალითი [ე.ი. წარღვნის დღით, ე.ჭ.] მიანიშნებს იგი "იმ დღეს", ხოლო იცოდა მან დღე წარღვნისა, უეჭველია, რომ იცის თავისი მოსვლის დღეც" (თ. 45, PG. 26, col. 417 C - 420 B).

"მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წერით ამბობს: "ვიცი ადამიანი ქრისტეში თოთხმეტ წლამდე, - ანთუ სხეულში, არ ვიცი, ანთუ უსხეულოდ, არ ვიცი, ღმერთმა იცის". რას იტყვით, მაშ? იცის მოციქულმა, რაც განიცადა ხილვაში (თუმცა კი ამბობს "არ ვიციო"), თუ არ იცის? თუ [იტყვით, რომ] არ იცის, გაფრთხილდით, გჩევიათ რა დაცემა, რომ არ დაეცეთ ფრიგიელთა უსჯულოებით, რომლებიც ამბობენ, რომ წინასწარმეტყველნიც და სიტყვის სხვა მსახურნიც უმეცარნი არიან იმისა, რას აკეთებენ ანთუ რის შესახებ მაუწყებლობენ; მაგრამ თუ, - მიუხედავად იმისა, რომ ამბობს "არ ვიციო", - "იცის" [მოციქულმა], ვინაიდან ჰყავდა მას თავის თავში ქრისტე3, რომელიც ყოველივეს გამოუცხადებდა მას, როგორ არ არის ჭეშმარიტად გარდაქცეული და თვითგმობითი ამ ქრისტემბრძოლთა გული, ამბობენ რა, ერთი მხრივ, იმას, რომ "არცოდნის" მთქმელმა მოციქულმა "იცისო", მეორე მხრივ კი - იმას, რომ "არცოდნის" მთქმელმა უფალმა "არ იცისო"? მართლაც, თუ "იცის" პავლემ ის, რაზეც ამბობს "არ ვიციო", იმიტომ, რომ ქრისტე იყო მასში, რამდენად უფრო მეტად "იცის" თვით ქრისტემ, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს "არ ვიციო"? მოციქულმა ხომ მისდამი უფლის გამოცხადებით იცის, რაც განიცადა, ვინაიდან ამიტომაც ამბობს: "ვიცი ადამიანი ქრისტეში", ხოლო იცის რა ადამიანი, ისიც იცის, თუ როგორ იქნა იგი "წარტაცებული"4! ასევე, ელისემ, დაინახა რა ელია, იცოდა, თუ როგორ ამაღლდა იგი5, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მაინც, ვინაიდან წინასწარმეტყველთა ძეები ფიქრობდნენ, რომ ელია ერთ-ერთ მთაზე იყო სულისგან დაგდებული, იგი, - მცოდნე იმისა, რაც იხილა - თავდაპირველად არწმუნებდა ამ ადამიანებს, მაგრამ როდესაც მათ ძალადობა გამოავლინეს, დადუმდა და მიუშვა ისინი, რომ წასულიყვნენ [ელიას საძებნელად]6. მაშ, ნუთუ, რადგან დადუმდა, არ იცოდა? ცხადია, იცოდა, მაგრამ როგორც თითქოსდა არმცოდნემ მიუშვა ისინი, რომ მათ, დარწმუნდებოდნენ რა, აღარ ჰქონოდათ ეჭვი ელიას ამაღლებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, იცოდა რა ელიამ, ბევრად უფრო მეტად იცოდა პავლემ, თუ როგორ მოხდა მისი წარტაცება, ვინაიდან თავად იყო წარტაცებული, და რომ ეკითხა ვინმეს, ეტყოდა კიდეც თუ როგორ მოხდა ეს წარტაცება, თუმცა, ამასთან, ამბობს პავლე, "არ ვიციო", ჩემი აზრით, ორი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ, როგორც თვითვე თქვა, გამოცხადებათა ზეჭარბობის გამო არ მოხდეს ისე, რომ სხვა ვინმედ შერაცხოს იგი ვინმემ, - აღმატებულად იმაზე, რასაც ხედავს7, ხოლო მეორე ის, რომ, იყო რა მაცხოვრისგან ნათვამი: "არ ვიცი", შეჰფეროდა მასაც თქმა იმისა, რომ "არ ვიცი", რათა არ გამოჩენილიყო მონად მყოფი უფალზე მეტი და მოწაფე  - მოძღვარზე მეტი. ამრიგად, პავლესთვის ცოდნის მიმცემმა ბევრად უფრო იცის თავად. მართლაც, "იმ დღის" უწინარესთა მაუწყებელმა "იცის" კიდეც, როგორც უკვე ვთქვი, თუ როდისაა ან ის დღე, ან ის ჟამი, და, ამასთან, თუმცა ისიც, ამბობს კიდეც, რომ "არც ძემ იცის". მაშ, რის გამო თქვა მაშინ "არ ვიციო", რაც მან, როგორც მეუფემ, იცის? ვინაიდან გამომეძიებელს მართებს გამოცნობა, როგორც მე ვფიქრობ, ჩვენი სარგებლობისთვის იმოქმედა მან ეს. დაე, მიჰმადლოს მან ამ წინასწარ დასკვნას ჭეშმარიტების გონება. მართლაც, ორივე მხრივ ის დაიცვა უფალმა, რაც სასარგებლოა ჩვენთვის, ვინაიდან, თუ მან, ერთი მხრივ, ჟამთ-აღსასრულის უწინარესნი გააცხადა, რომ ჩვენ, როგორც თავად თქვა, არ შევეპყრეთ გაოგნებასა და შეძრწუნებას, მოხდებოდა რა ეს ყოველივე, არამედ ამათგანვე ამათი შემდგომი აღსასრულის მოლოდინი გვქონოდა, მეორე მხრივ კი არ ინება, რომ იმ დღისა და ჟამის შესახებ საღვთოდ ეთქვა "ვიციო", არამედ ხორციელებითად, უმეცარი ხორცის გამო, როგორც აღნიშნული გვაქვს, თქვა მან "არ ვიციო", რომ მეტად აღარ ეკითხათ მისთვის და, შედეგად, არ მომხდარიყო ისე, რომ ან, ერთი მხრივ, ართქმის გამო მოწაფეები დაემწუხრებინა იმ ჟამს მას ანდა, მეორე მხრივ, თქმის გზით ზიანი მიეყენებინა მათთვისაც და ყველა ჩვენგანისთვისაც, ვინაიდან, რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, აკეთებს ამას უთუოდ ჩვენს გამო, შესაბამისად იმისა, რომ სწორედ ჩენს გამო "სიტყვა ხორცი გახდა" (იოანე 1.14). ასევე, ჩვენს გამო თქვა მან: "არც ძემ იცის", და არც სიცრუე უთქვამს ამის მთქმელს, ვინაიდან კაცობრივად თქვა მან, როგორც კაცმა, "არ ვიციო", არცთუ მოწაფეებს მისცა ნება, ძალდატანებით ეთქმევინებინათ მისთვის [განკითხვის ჟამი], რამეთუ თქვა რა: "არ ვიცი", ამით მათი გამოკითხვაც შეაჩერა. ამასთან, "მოციქულთა საქმეებში" წერია, რომ მაღლდებოდა რა იგი როგორც ადამიანი, "ამხედრებული ქერუბიმებზე" (ფს. 17.11), და აჰქონდა რა ცაში ის ხორცი, რაც შეიმოსა, რაჟამს მოწაფეებმაც იხილეს ეს და ჰკითხეს კვლავ: როდის იქნებაო ჟამთ-აღსასრული და როდის მოხვალო შენ?8 უფრო ცხადად მიუგო მათ: "არ არის თქვენთვის ცოდნა ჟამთა ან დროთა, რომლებიც მამა დააწესა თავისი უფლებრივობით" (საქმენი 1.7)9. აღარ უთქვამს ამჟამად, "არც ძემო", როგორც თქვა უფრო ადრე კაცობრივად, არამედ: "არ არის თქვენთვის ცოდნაო", ვინაიდან მისი ხორცი უკვე იყო აღდგომილი, კვდომის უკუმგდებელი და ღმერთქმნილი, და აღარ შეჰფეროდა მას [უფალს], ზეცად აღმავალს, ხორციელებითად გაეცა პასუხი, არამედ ამიერიდან უკვე საღვთოდ უნდა განესწავლა ისინი: "არ არის თქვენთვის ცოდნა ჟამთა ან დროთა, რომლებიც მამა დააწესა თავისი უფლებრივობით, არამედ მიიღებთ ძალას"10. მაგრამ ვინ არის "ძალა მამისა", თუ არა ძე? რამეთუ "ქრისტეა ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე" (I კორ. 1.24)11. რა თქმა უნდა, იცის ძემ, არის რა იგი სიტყვა, ვინაიდან იმით, რაც თქვა, ეს იგულისხმა: "მე თუმცა ვიცი, მაგრამ ეს ცოდნა არ არის თქვენთვის განკუთვნილი, ვინაიდან მე მთაზე მჯდომმაც ვთქვი თქვენს გამო ხირციელებითად, "არც ძემ იცისო", რაც სასარგებლო იყო თქვენთვის და ყველასთვის, რამეთუ იმ მაცთურთა მიზეზით, რომლებიც შემდეგ იქნებიან, სასარგებლოა თქვენთვის, ანგელოზებზეც და ძეზეც ამგვარი პასუხი გქონდეთ, რათა არ ერწმუნოთ ეშმაკებს, თუნდაც ანგელოზებად გარდაისახონ ისინი და სცადონ ჟამთ-აღსასრულის შესახებ უწყება თქვენთვის, ვინაიდან უმეცარნი არიან; მეტიც, უკეთუ თვით ანტიქრისტეც კი გარდაიქმნის12 თავის თავს და გეტყვით: "მე ვარ ქრისტე", შეეცდება რა ისიც იმ დღისა და ჟამის შესახებ თქმას მსმენელთა შესაცდენად, არ ერწმუნოთ არც მას, რამეთუ გიპყრიათ თქვენ ჩემგან თქმული: "არც ძემ". ამასთან, განსაკუთრებით სასარგებლოა კაცთათვის არცოდნა ჟამთ-აღსასრულისა ანდა ჟამთ-აღსასრულის დღისა, ვინაიდან თუკი ეცოდინებოდათ, უგულისყურონი გახდებოდნენ შუალედური დროისადმი და ჟამთ-აღსასრულთან მიახლოებულ დღეთა მომლოდინენი [უგულისყურობის] მიზეზად იმას მოიტანდნენ, რომ თითქოს სწორედ იმ ჟამიდან იზრუნებდნენ საკუთარ თავზე. ამიტომვე დაიდუმა მან თითოეულის სიკვდილისმიერი აღსასრულის შესახებაც, რომ ადამიანებს, ცოდნის მიზეზით განლაღებულებს, არ გაელიათ უდიდესი ნაწილი დროისა საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობაში. მაშასადამე, ორივე მათგანი - საყოველთაო აღსასრულიც და თითოეული ჩვენგანის ზღვარიც,  - დაფარა ჩვენგან სიტყვამ (შესაბამისად იმისა, რომ საყოველთაოში თითოეულის აღსასრულიც შედის და თითეულის აღსასრულს უკავშირდება საყოველთაოც), რომ მისი გაურკვევლობისა და მუდმივი მოსალოდნელობის გამო, ყოველდღიურ წინსვლაში ვყოფილიყავით როგორც "ხმობილნი"13, "წინათა მიმართ გაწვდომილნი და უკანათა დამვიწყებელნი14, ვინაიდან ვინ იქნებოდა იმგვარი, რომ სცოდნოდა მას აღსასრულის დღე და არ უგულებელეყო შუალედური ჟამი, მაშინ როცა ამის უმეცარნი განა ყოველდღიურ მზადყოფნაში არ არის? მართლაც, სწორედ ამიტომ დასძინა მაცხოვარმა ზემორე სიტყვების შემდეგ, უთრა რა მათ: "მღვიძარებდეთ მაშ, ვინაიდან არ იცით არც თქვენ, რომელ ჟმს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24.42). და კიდევ: "რომელ ჟამსაც არ მოელით, მოვა თქვენი უფალი" (ლუკა 12.40). მაშასადამე, იმ სარგებლიანობის გამო თქვა მან ეს, რაც უმეცრებისგან გამომდინარეა, ვინაიდან ამის თქმითაც იმას მოსურნეობს, რომ ყოვლითურთ მზადყოფნაში ვიყოთ, ამბობს რა: "თქვენ არ იცით, მაგრამ მე, უფალმა, ვიცი როდის მოვალ, თუმცა არიანელები მე არ მელიან, ვარ რა სიტყვა მამისა". ამრიგად, უფალმა, რომელმაც ჩვენზე აღმატებულად იცის, რა გვარგებს ჩვენ, ამ სახით განამტკიცა მოწაფეები და მათაც, ისწავლეს რა ეს, განმართეს თესალონიკელთაგანნი, რომლებსაც სწორედ ამაში ელოდათ შეცდომის დაშვება (შდრ. II თეს. 2.2), მაგრამ ვინაიდან ქრისტესმბრძლნი არც ამ სახით დაცხრებიან, მსურს კვლავ ვკითხო მათ შემდეგის თაობაზეც (თუმცა ვიცი, რომ ფარაონზე უფრო გაქვავებული გული აქვთ მათ): სამოთხეში ღმერთი გამოიკითხავს და ამბობს: "ადამ, სად ხარ?" (შესაქ. 3.9), ისევე როგორც ეკითხება იგი კაენსაც: "სად არის აბელი, შენი ძმა?" (შესაქ. 4.9). რას იტყვით, მაშ, ამის შესახებ? თუკი გგონიათ, რომ არ იცოდა მან და ამიტომ გამოიკითხავდა, მანიქეველებს თანაშერთვიხართ უკვე, ვინაიდან მათეულია ამგვარი კადნიერება, მაგრამ თუკი, აშკარად უფრთხით რა მანიქეველებად წოდებას, აიძულეთ თქვენს თავს თქვათ, რომ იცოდა და ისე გამოიკითხავდა, რას ხედავთ, მაშ, იმგვარად არაჯეროვანსა და უჩვეულოს, ესოდენ რომ დაგცათ თქვენ, თუკი ძე, რომლის მეირაც გამოიკითხავდა იმჟამად ღმერთი, სწორედ ის ძე, ხორცშესხმული, ამჟამადაც გამოიკითხავს მოწაფეებისგან როგორც კაცი?" (თ. 47-50, PG. 26, col. 421 C- 429 A).

"ამბობს, მაშასადამე, ლუკა: "და იესო წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით ღვთისა და კაცთა წინაშე" (ლკ. 2.52). ამრიგად, ესაა ნათქვამი, ხოლო ვინაიდან [არიანელები] ამაშიც ბრკოლდებიან, აუცილებელია კვლავ ვკითხოთ მათ, როგორც ფარისევლებსა და სადუკეველებს, თუ ვის შესახებ ამბობს ლუკა. საკითხი, კერძოდ, ასე დგას: იესო ქრისტე ადამიანია, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი, თუ ხორცშესხმული ღმერთია იგი? თუკი, მაშ, ერთი მხრივ, ისიც ჩვეულებრივი ადმაიანია, მსგავსად სხვა ადამიანებისა, დაე კვლავაც წარემატებოდეს როგორც კაცი, თუმცა სამოსატელის აზრია ეს (რასაც არსებითად საზრობთ თქვენც, უარყოფთ-კი მხოლოდ სახელით15, ადამიანთა გამო), მაგრამ თუკი ხორცშესხმული ღმერთია იგი (ვინაიდან ჭეშმარიტად ასეცაა), თუკი  "სიტყვა ხორცი გახდა" და თუკი იგი, ღმერთად მყოფი, მიწაზე ჩამოვიდა, რა "წარმატება" უნდა ჰქონოდა ღვთივ-სწორად მყოფს? ანკი სად უნდა ჰქონოდა ზრდა16 მარადის მამაში მყოფს? მართლაც, თუ იგი, მარადის მამაში მყოფი, წარემატება, რაღა არის მამის მიღმა, რომ მისგან გამომდინარე წარემატებოდეს კიდეც? შემდეგ, კარგია ითქვას იგივე, რაც - "მიღებასა" და "დიდებასთან" დაკავშირებით17: თუ იგი, კაც-ქმნილი, წარემატებოდა, აშკარაა, რომ განკაცებამდე არასრული ყოფილა და უმალ ხორცი გამხდარა მისი სისრულის მიზეზი, ვიდრე იგი - ხორცისა. კიდეც, თუ იგი სიტყვად მყოფი, წარემატებოდა, "სიტყვაზე", "სიბრძნეზე", "ძეზე" და "ღვთის ძალაზე" მეტი რა უნდა გამხდარიყო? მართლაც, სწორედ ესენია სიტყვა და თუ ვინმე მასთან, როგორც სხივთან, ზიარებას შეძლებს, ყოვლადსრული და ანგელოზთა-სწორი იქნება კაცთა შორის, რამეთუ ანგელოზებიც, მთავარანგელოზებიც, უფლებანიც, ყოველნი ძალნიც, საყდარნიც სიტყვასთან ზიარებით მარადჟამს ჭვრეტენ მისი (სიტყვის) მამის სახეს. ამიტომ, როგორ უნდა მოხდეს, რომ სხვებისთვის სისრულის მბოძებელი თავად წარემატებოდეს მათთან ერთად (ვინაიდან ანგელოზები მის კაცობრივ შობასაც ემსახურნენ, ლუკას ზემორე სიტყვები კი ანგელოზთა მსახურების შემდეგ ითქვა)? მაშ, როგორღა შეიძლება, რომ [აზრი "წარმატების შესახებ] საერთოდ შევიდეს ადამიანის ფიქრში? ანკი როგორ წარემატებოდა სიბრძნეში სიბრძნე? ანთუ როგორ წარემატებოდა მადლში თავად ის, ვინც სხვებისთვის არის მადლის მიმცემი (როგორც ამას ყველა ეპისტოლეში ამბობს პავლე: "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენთან!", II თს. 5.28)? მართლაც, ან ის უნდა თქვან, რომ მოციქული ტყუის ანდა იმის თქმა გაბედონ, რომ არ არის ძე სიბრძნე, ხოლო თუ იგი სიბრძნეა, როგორც თქვა სოლომონმა და როგორც დაწერა პავლემ: "ქრისტე - ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე" (I კორ. 1.24), როგორი წარმატება უნდა მიეღო სიბრძნეს? ასე რომ, ადამიანებს, რომლებიც ქმნილებანი არიან, ძალუძთ გარკვეულწილად დაწინაურდნენ და წარემატონ სათნოებაში, ვინაიდან ასე "გარდაიცვალა" ენოქი (ებრ. 11.5), და მოსეც, იზრდებოდა რა, სრულქმნილი ხდებოდა, ხოლო ისააკი, წარემატა რა, დიდი გახდა, მოციქული კი ამბობს, რომ "ყოველდღე წინათა მიმართ წინაურდებოდა" (ფილიპ. 3.13), ვინაიდან ყოველ მათგანს შეეძლო საითკენმე წარმატებულიყო, ჭვრეტდა რა მის წინ არსებულ ხარისხს, ძე ღვთისა კი, რომელიც არის მხოლო18, საითკენ შეძლებდა დაწინაურებას, მაშინ როცა სწორედ მისკენ განჭვრეტით წარემატება ყოველივე, ის კი, არის რა მხოლო, მხოლო მამაში ჰგიეს, რომლისგანაც არც წინაურდება, არამედ მასში მყოფად ჰგიეს მარადის? კაცთათვისაა წარმატება, ხოლო ღვთის ძემ, ვინაიდან იგი არ საჭიროებდა წარმატებას, სრული იყო რა მამაში, დაიმდაბლა თავი ჩვენს გამო, რომ უმალ მისი ქვემდაბლობით ჩვენ შეგვძლებოდა ზრდა, ჩვენი ზრდა კი სხვა არაფერია, თუ არა განდგომა გრძნობადთაგან და მიახლება სიტყვასთან, ვინაიდან მისი ქვემდაბლობაც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენეული ხორცის მიღება. ამრიგად, არათუ სიტყვა, რამდენადაც ის სიტყვაა, იყო წარმატებადი, ჰგიეს რა სრული სრული მამისგან, რომელიც არარას საჭიროებს და, პირიქით, სხვები მიჰყავს წარმატებისკენ, არამედ კაცობრივად ითქვა აქაც "წარემატებოდაო", ვინაიდან კვლავაც სწორედ ადამიანებს განეკუთნება წარმატება, იმდენად რამდენადაც თვით მახარებელმაც, რომელმაც ზედმიწევნითი დაკვირვებულობით სწორედ ამგვარად თქვა, წარმატებას თანაშეუკავშირა ასაკი, ხოლო სიტყვა და ღმერთი ასაკით არ იზომება, არამედ სხეულთათვისაა ასაკნი, რის გამოც წარმატებაც სხეულს ეკუთვნის, რამეთუ წარემატებოდა რა იგი, წარემატებოდა მასში განცხადებულობა ღმრთეებისა მხილველთათვის, ხოლო რამდენადაც განცხადდებოდა ღმრთეება, იმდენად მეტად იზრდებოდა მისი როგორც ადამიანის მადლი ადამიანთა წინაშე" (თ. 51-52, PG. 26, 429 B - 433 A).

----------------------------------------------------------------

 

1 - კვლავ მივუთითებთ, რომ ანალოგიურ კონტექსტებში ყველგან ტერმინ "ჟამს" ვიყენებთ ძველი ქართული მნიშნელობით, ე.ი. "საათის" აღმნიშნელად.

2 - იგულისხმება: "ისევე როგორც არ იცოდნენ ნოეს დროს".

3 - შდრ. გალატ. 2.20: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს" (ბერძნ. ζῶ δὲ οὐκέτι ἐγώ, ζῇ δὲ ἐν ἐμοὶ Χριστός· ὃ δὲ νῦν ζῶ ἐν σαρκί, ἐν πίστει ζῶ τῇ τοῦ υἱοῦ τοῦ θεοῦ τοῦ ἀγαπήσαντός με καὶ παραδόντος ἑαυτὸν ὑπὲρ ἐμοῦ.).

4 - შდრ. II კორ. 12.2: "აღიტაცა ესევითრი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე".

5 - შდრ. IV მეფეთა 2.9-14: "და იყო, ვითარცა განვიდეს, ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე, რაჲ გიყო შენ პირველ აღმაღლებადმდე ჩემდა შენგან. და ჰრქუა ელისე: იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა. და ჰრქუა მას ელია: განაფიცხე თხოვად; გარნა-თუ მიხილო მე აღმაღლებული შენგან, იყოს შენდა ეგრე; უკუეთუ არა მიხილო, არა იყოს. და იყო სლვასა მათსა და ზრახვასა, და, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნა იგინი ურთიერთას; და აღმაღლდა ელია ძრვით ვითარცა ზეცად. ელისე ჰხედვიდა და იგი თავადი ღაღადებდა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და ვერღარა ჰხედვიდა მას. და შებმა-უყო ელისე სამოსელსა მისსა და განაპო იგი ორგან. და აღიღო ხალენი იგი ელიაჲსი ელისე, რომელი დაეცა მის ზედა. და ჰსცა მათ წყალთა მათ და არა განიპო. და თქუა ელისე:ს ადა არს უფალი იგი ელიაჲსი, ოფფო? და ესრეთ სცა წყალთა მათ მეორედ და განიყვნეს წყალნი იგი, და განვიდა ჴმელად".

6 - შდრ. IV მეფეთა 2.15-19: "იხილეს ელისე ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იყვნეს იერიქოს წინაშე მათსა, იქცეოდა რაჲ იგი, და თქუეს: განსუენებულ არს სული ელიაჲსი ელისეს ზედა. და მოვიდეს შემთხუევად მისა და თავყუანისსცეს მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუეს: აჰა ესერა, არიან მონათა შენთა თანა ერგასისნი კაცნი, ძენი ძლიერებისანი; წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიღო იგი სულმან უფლისამან და დააგდო იგი ერთსა ზედა მთათაგანსა ანუ ერთსა ბორცუთაგანსა. ჰრქუა მათ ელისე: ნუ წარავლინებთ. და აიძულეს მას ვიდრემდე ჰრცხუენაცა, და ჰრქუა: წარავლინენით. და წარავლინეს ერგასისი კაცი და ეძიებდეს (ვ) სამ დღე და არა პოვეს. და მოიქცეს და მოვიდეს მისა, და ელისე ჯდა იერიქოს. ჰრქუა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ წარხუალთ?"

7 - შდრ. II კორ. 12.6-7: "ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან. 7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ".

8 - შდრ. საქმენი 1.6: "ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?"

9 - შდრ. საქმენი 1.7: "ხოლო თვადმან ჰრქუა მათ: "არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ გინა წელთაჲ, რომელ-იგი მამამან დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა".

10 - შდრ. საქმენი 1.8: "არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა მას სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა".

11 - შდრ. ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე".

12 - ე.ი. შეინიღბავს.

13 - შდრ. ფილიპ. 3.14: "მიზნის შესაბამისად ვესწრაფვი ღვთის ზენა ხმობის ჯილდოს ქრისტე იესოში" (ძვ. ქართ. "და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ").

14 - შდრ. ფილიპ. 3.13: "ძმანო, მე ჩემს თავს არ მივიჩნევ, რომ მივწვდი, არამედ ეს ერთია: "უკანათა დამვიწყებელი წინათა მიმართ გავწვდები" (ძვ. ქართ. "ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები". ეპექტასისის ანუ მარადიულად მზარდი ძლიერებით დაუსრულებელი სულიერი წინწვდომის შესახებ დაწვრილებით იხ. წმინდა მღვიძარეთა მშვენიერებათმოყვარეობა, I.I. თბ. 2013, 484-499.

15 - ე.ი. იგულისხმება, რომ არიანელები პავლე სამოსატელის მოძღვრებას და თვით პავლე სამოსატელს მხოლდო სახელით უარყოფენ ანუ მხოლოდ გარეგნულად გმობენ ერესის სახელს, ფიქრობენ კი შინაგანად იმავეს.

16 - იგულისხმება ზრდა სიბრძნესა და მადლში.

17 - იგულისხმება წინარე მსჯელობანი.

18 - ე.ი. მხოლო ანუ ერთდერთი ძე.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 22 January 2018 16:03)