(გამონაკრებნი)

რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი (ὑπάρχουσα ὑπόστασις)1 (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ, 1.9).

ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდა შემოქმედს, შეუმღვრეველი წარმოდგენებით2 კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრიობის3 ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის4 ნებაყოფლობითი (γνωμικόν )5 სიკეთე (1.13).

მორწმუნე მოშიშია, მოშიში მდაბალია, მდაბალი უდრტვინველია (იღებს რა იგი გულისწყრომისა და გულისთქმის არაბუნებრივ მოძრაობათა უმოქმედო ნათვისობას), უდრტვინველი იმარხავს მცნებებს, მცნებათა დამცველი განიწმინდება, განწმენდილი ბრწყინდება, გაბრწყინებული კი საიდუმლოთა განძთსაცავში ღირსი ხდება სიძე-სიტყვასთან თანამეცხედრეობისა6 (1.16).

არასოდეს ძალუძს სულს, ღვთის ცოდნას მიწვდეს, თუ თავად ღმერთი არ გამოიჩენს ქვემდაბლობას7 და არ შეეხება მას, ზეაიყვანს რა თავისკენ, რადგან კაცობრივი გონება ვერ იქნებოდა იმდენად ძლიერი, რომ მოეპოვებინა საღვთო რამ გამობრწყინება, თავად ღმერთს რომ არ აეზიდა იგი (რამდენადაც შესაძლებელია კაცობრივი გონების ზეაზიდვა) და რომ არ გაენათებინა იგი საღვთო ელვარებათა მიერ (1.31).

ვინც მხოლოდ სახარებისებრ მორწმუნეა, საქმის გზით განაყენებს იგი თავისი ბოროტების მთას8. განიგდებს რა თავისი თავისგან ადრინდელ მისწრაფებას გრძნობადთა მიმართ, რომლებიც შეუჩერებელ წრებრუნვაში არიან. მაგრამ ვინც შეძლებს, რომ იყოს მოწაფე, ხელში მიიღებს იგი სიტყვისაგან ცოდნისეულ პურთა ნატეხებს (τῶν γνωστικῶν ἄρτων τά κλάσματα )9 და გამოზრდის ათასებს, საქმით აჩვენებს რა გამრავლებულ ძალას სიტყვისას10. ხოლო მოციქულად ყოფნის შემძლე ყველა სენსა და უძლურებას განჰკურნავს, განაგდებს რა ეშმაკებს, ესე იგი, განდევნის რა ვნებათა მოქმედებას, და იგი, სნეულთა მაკურნებელი, სასოების მიერ კეთილმსახურების წესისაკენ ზეაიყვანს მისგან დაკლებულთ, ხოლო მერყეობის მიზეზით მოუძლურებულთ სასჯელის სიტყვით შემოზღუდავს, რადგან გველებისა და მორიელების გათელვის ნებამიცემული (შდრ. ლუკა 10,19) უჩინოჰყოფს ცოდვის დასაბამსა და დასასრულს.

მოციქული და მოწაფე უეჭველად მორწმუნეც არის, მოწაფე კი უეჭველად მოცქიული არ არის, თუმცა იგი უეჭველად მორწმუნეა. მხოლოდ მორწმუნე არც მოწაფეა, არც მოციქულია, მაგრამ ძალუძს კი, რომ ცხოვრებისა და მჭვრეტელობის გზით ის – მესამე მეორის, და მეორე – პირველის წესისა და ღირსებისაკენ გადავიდეს (1. 33-34).

ასკეტი, განსაცდელთა დათმენით გამოცდილი, სხეულებრივი აღზრდით (παιδαγωγίας) განწმენდილი და მაღალ ჭვრეტათა გულმოდგინებით სრულქმნილი, ღირსი ხდება საღვთო ნუგეშისა, რადგან “უფალი, - ამბობს მოსე, - სინადან მოდის”, ესე იგი, განსაცდელთაგან, “და გამოგვიჩნდა ჩვენ სეეირიდან”, ესე იგი, სხეულებრივ შრომათაგან, “და მოისწრაფა ფარანის მთებიდან კადესის ათიათასებთან ერთად”, ესე იგი, რწმენის მთებიდან წმინდა ცოდნათა ათიათასებთან ერთად (მეორე სჯული, 33.2) (1.74).

მცოდნეს უთუოდ ესაჭიროება საქმეთამიერი სათნოებათა სიმდიდრეც, რადგან “ვისაც აქვს, - ამბობს, - ხალთა”, ესე იგი, სულიერი ცოდნა, “აიღოს, აგრეთვე, აბგაც”, ესე იგი სულის უხვად მასაზრდოებელი სათნოებათა უშურველობა, “ხოლო ვისაც არა აქვს”, ცხადია, - ხალთა და აბგა, ესე იგი, ცოდნა და სათნოება, “გაყიდოს თავისი სამოსელი და იყიდოს მახვილი” (ლუკა 22,36), ესე იგი, ამბობს, მისცეს წადიერად თავისი ხორცი სათნოებათა შრომას და ღვთის მშვიდობისათვის ბრძნულად ხელთ იპყრას ვნებებისა და ეშმაკების წინააღმდეგ ბრძოლა ანუ [შეიძინოს] ის ნათვისობა11, რაც ღვთის სიტყვით განარჩევს უარესს უმჯობესისაგან (1.78).

საქმით [მოღვაწეობაში] სათნოებათა სახეობებით შენივთიერებული12 სიტყვა ხორცი ხდება, ხოლო [იგივე სიტყვა], მჭვრეტელობით [მოღვაწეობაში] სულიერი აზრებით დაწლობილი13, ხდება, როგორც იყო დასაბამში, ღმერთი სიტყვა (2.37)14.

სიტყვას ხორცჰყოფს, ვინც უფრო შენივთიერებული მაგალითებითა და გამონათქვამებით, მსმენელთა უნარის შესაბამისად, სიტყვის მოძღვრებას ზნეთსწავლულებად ჩამოაყალიბებს. და კიდევ, სიტყვას სრულჰყოფს, ვინც მაღალ ჭვრეტათა მიერ საიდუმლო ღვთისმეტყველებას გადმოსცემს (2.38)15.

ვინც მოცემულობათა მიერ მტკიცებითად ღვთისმეტყველებს, სიტყვას ხორცჰყოფს, რადგან არ ძალუძს მას სხვა რამ გზით შეიცნოს ღმერთი, როგორც მიზეზი, თუ არა ხილვადთა და შეხებადთაგან. ხოლო ვინც უარყოფათა მიერ უკუთქმითად ღვთისმეტყველებს, სრულჰყოფს სიტყვას, როგორც დასაბამში ღმერთად მყოფს და ღმერთთან მყოფს, რადგან იგი (შემმეცნებელი, ე.ჭ.) ვერანაირად ვერაფრისაგან, რომელთა შეცნობაც კი შეიძლება, ვერ შეიცნობს კარგად ზეშეუცნობელს (2.39).

ვინც მამამთავართა მსგავსად ისწავლა საქმისა და ჭვრეტის გზით საკუთარ თავში [არსებული] სათნოებისა და ცოდნის ჭების თხრა, შიგნით ჰპოვებს ქრისტეს, სიცოცხლის წყაროს, რომლისგან სმას შეგვაგონებს ჩვენ სიბრძნე, ამბობს რა: “სვი წყალი შენი ჭურჭლებიდან და წყაროს შენეული ჭებიდან” (იგავნი 5,13). ვიქმთ რა ამას, ვპოვებთ ჩვენს შიგნით მყოფ მის (წყაროს, ე.ჭ.) საცავებს (2.40).

მათთვის, რომლებიც ხორციელად გამოიკვლევენ ღვთის შესახებ სიტყვას, უფალი არ ადის მამისკენ, ხოლო მათთვის, რომლებიც მაღალ ჭვრეტათა მიერ სულიერად გამოეძიებენ მას, მამისკენ ადის იგი. ამიტომ, მუდმივად ქვევით ნუ ვიპყრობთ მას, ვინც ჩვენს გამო კაცთმოყვარეობით ქვეჩამოვიდა, არამედ მასთან ერთად ზეავიდეთ მამისკენ, დავტოვებთ რა მიწას და მას, რაც მიწაზეა; არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენც ის გვითხრას, რაც უკუღმართ იუდეველებს: “წავალ, სადაც თქვენ არ ძალგიძთ მისვლა” (იოანე 8,21). სიტყვის გარეშე შეუძლებელია სიტყვის მამასთან მისვლა (2.47).

როგორც უკეთური სულით სულშეხუთული საული დააწყნარა ქნარზე მოგალობე ნეტარმა დავითმა, ასევე ყველა სულიერი სიტყვა, ცოდნისეული მჭვრეტელობებით დატკბობილი16, დააწყნარებს შეპყრობილ გონებას17, გაათავისუფლებს რა მას მისი სულთამხუთავი უკეთური სინდისისაგან (2.50)18.

საულის მეფობა რჯულის სხეულებრივი მსახურების ხატია, რაც განაქარვა უფალმა, როგორც არაფრის სრულმყოფელი, რადგან [მოციქული] ამბობს: “არაფერი სრულყო რჯულმა” (ებრ. 7,19), ხოლო დიდი დავითის მეფობა სახარებისეული მსახურების წინასახეა, რადგან სრულად შემოიცავს ღვთის გულის ყველა ნებას (2.52).

საული ბუნებითი რჯულია, რომელსაც უფლის მიერ თავდაპირველად წილად ხვდა ებატონა ბუნებაზე, მაგრამ რადგან ურჩების გამო დაარღვია მან მცნება, როცა დაინდო ამალეკთა მეფე აგაგი, ესე იგი, სხეული, და ვნებებისაკენ ქვედაცურდა, მეფობისგან განიდევნა იგი, რომ ისრაელი [მის ნაცვლად] მიეღო დავითს, ესე იგი, სულის რჯულს, მშობელს მშვიდობისა, - მჭვრეტელობითი ტაძრის ღვთისადმი ბრწყინვალედ მაშენებლისა (2.53).

როდესაც წმინდა წერილის სიტყვა სხეულებრივად მასზე შემონაძერწი გამონათქვამების ნაზავისაგან განძარცვავს (ე.ი. გაათავისუფლებს, ე.ჭ.) უმაღლეს აზრებს, “მსუბუქი ნიავის ხმაში მყოფად” (შდრ. III მეფეთა 19,12) გამოუჩნდება იგი განმჭვრეტ გონებას, რომელსაც ბუნებითი მოქმედებების უკიდურესი ჩამოცილების შედეგად მხოლოდ ის ძალუძს, რომ რამდენადმე შეგრძნება ჰქონდეს სიტყვის მომასწავებელი სიმარტივისა, მსგავსად დიდი ელიასი, რომელიც ქორების გამოქვაბულში ღირსი გახდა ამგვარი ხილვისა. რამეთუ ქორები ითარგმნება “სიახლედ”, რაც არის სათნოებათა ნათვისობა მადლის ახალ სულში (ἐν τῷ καινῷ Πνεύματι τῆς χάριτος). ხოლო გამოქვაბული არის გონებითი დაფარულობა სიბრძნისა და ვინც მასში შევა, საიდუმლოდ შეიგრძნობს ზეგრძნობად ცოდნას, რომელშიც ითქმის ღვთის ყოფნა. ამიტომ, ყველა, ვინც დიდი ელიას მსგავსად ჭეშმარიტად ეძიებს ღმერთს, არა მხოლოდ ქორებში, ესე იგი, სათნოებათა ნათვისობაში, დამკვიდრდება, როგორც საქმითი [მოღვაწე], არამედ ქორების გამოქვაბულშიც, ესე იგი, სიბრძნის დაფარულობაშიც [შევა] იგი, როგორც მჭვრეტელი, - იმ სიბრძნის დაფარულობაში, რაც მხოლოდ სათნოებათა ნათვისობაში ჰგიეს (2.74).

საღვთო მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ნაწილობრივ იცის მან ცოდნა სიტყვისა (I კორ. 13,9), ხოლო დიდი მახარებელი იოანე ამბობს, რომ იხილა მისი დიდება, რადგან “ვიხილოთ, - გვეუბნება იგი, - მისი დიდება, დიდება როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა” (იოანე 1,14). მაგრამ განა წმინდა პავლემ ის თქვა, რომ იცის მან ცოდნა სიტყვისა, როგორც ღვთისა? რამეთუ მხოლოდ მოქმედებებიდან შეიცნობა იგი რამდენადმე, ხოლო მის შესახებ არსობრივი და ჰიპოსტასური ცოდნა ყველასთვის ერთნაირად მიუვალია, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც, რადგან ვერავისგან ვერ შეიცნობა იგი ვერანაირად. ხოლო წმინდა იოანე, რომელიც სიტყვის განკაცების შესახებ მოძღვრებაში კაცთათვის შესაძლებელი სისრულით იდუმალგანისწავლა, ამბობს, რომ იხილა მან დიდება, როგორც ხორცი-სიტყვა, ესე იგი, განჭვრიტა სიტყვა (აზრი, ე.ჭ.)19, ანუ მიზანი, რის გამოც ღმერთი კაცი გახდა, მიზანი სავსე მადლით და ჭეშმარიტებით. არათუ რითაც ღმერთია არსებით და თანაარსი მამაღმერთთან, მიგვემადლება მხოლოდშობილი, არამედ რითაც იგი განგებულებით გახდა ბუნებით კაცი და ჩვენთან თანაარსი, ჩვენს გამო მოგვემადლა ჩვენ, მადლის მსაჭიროებელთ, ვიღებთ რა მისი სავსებისაგან ყველა ჩვენი წარმატების შესაფარდის მადლს. ამიტომ, ვინც სრულად იცავს სიტყვას თავის თავში, შეურყვნელად იძენს იგი მადლითა და ჭეშმრიტებით სავსე დიდებას ჩვენს გამო ხორცქმნილი ღმერთი-სიტყვისას, რომელმაც ჩვენს გამო ჩვენებრ ადიდა და წმინდაჰყო თავისი თავი20, რაჟამს მოგვევლინა ჩვენ, რადგან ამბობს: “რაჟამს გამოჩნდეს, ვიყოთ მისი მსგავსნი” (I იოანე 3,2) (2.76).

ვიდრე სული ძალიდან ძალისაკენ და დიდებიდან დიდებისაკენ გადასვლას აღასრულებს, ესე იგი, ვიდრე იგი მიჰყვება სათნოებიდან უფრო დიდი სათნოებისაკენ წინსვლას და ცოდნიდან უფრო მაღალი ცოდნისაკენ აღმასვლას, არ წყვეტს იგი მსხემობას, თანახმად ნათქვამისა: “ბევრი იმსხემა ჩემმა სულმა” (ფს. 119,6), რაგან ბევრია მანძილი და ცოდნათა სიმრავლე, რომელთა გადავლაც მას ევალება, ვიდრე “გავა იგი საკვირველი კარვის ადგილას, ღვთის სახლამდე, სიხარულისა და აღსარების ხმით, მედღესასწაულეთა ხმოვანებით “ (ფს. 41,5). მარადის შესძენს იგი ხმებს ხმას (გონისმიერთ – გონისმიერს), საღვთო ჭვრეტათა წარმატების გზით, განჭვრეტილთა მიმართ გონებისეული სიხარულით ანუ მხიარულებით და შესაფერისი სამადლობელით. ამგვარ დღესასწაულებს დღესასწაულობს ყველა, ვინც მიიღო სული მადლისა (Πνεῦμα τῆς χάριτος ), მღაღადებელი მათ გულებში: “აბბა, მამაო” (გალატ. 4,6) (2.77).

“საკვირველი კარვის ადგილი”21 არის სათნოებათა უვნებო და, აგრეთვე, უსაფრთხო ნათვისობა. იქ მისული სიტყვა ღვთისა სათნოებათა სხვადასხვაგვარი მშვენებით ამკობს სულს, როგორც კარავს. ხოლო “ღვთის სახლი” არის მრავალრიცხოვან და სხვადასხვაგვარ ჭვრეტათა მიერ შედგენილი ცოდნა, რომლითაც შედის რა სულში ღმერთი, აღავსებს იგი სიბრძნის ტაკუკს. “სიხარულის ხმა” – ესაა სულის ფერხული22 სათნოებათა სიმდიდრის გამო, ხოლო “ხმა აღსარებისა” არის სამადლობელი იმ დიდებისათვის, რაც აქვს სიბრძნისეულ ნადიმს, “ხმოვანება” არის ორივე მათგანის, ვამბობ – სიხარულისა და აღსარებისაგან, თანაშეზავებით აღსრულებული განუწყვეტელი საიდუმლო დიდებისმეტყველება (2.78).

ვინც წმინდაჰყოფს გულს, მცოდნე იქნება იგი არა მარტოდენ უქვემოესთა და ღვთის შემდგომთა მიზეზებისა ( τούς λόγους), არამედ, განვლის რა ყოველივეს, განჭვრეტს იგი რამდენადმე თვით ღმერთსაც. ეს არის სიკეთეთა უზენაესი დასასრული. ამგვარ გულში შემოსული ღმერთი ღირსიჩენს, რომ სულის მიერ საკუთარი ასოები ამოტვიფროს მასზე, როგორც მოსეს რამ ფიცარზე, იმდენად, რამდენადაც [თვით განწმენდილი გული] ააღორძინებს თავის თავს საქმისა და მჭვრეტელობის მიერ, თანახმად იმ მცნებისა, რომელიც საიდუმლოდ ბრძანებს: “აღორძინდი” (შესაქ. 35,11) (2.80).

ეძიებენ ზოგნი, რით განსხვავდება ღვთის სასუფევლისაგან ცათა სასუფეველი, არსობრივია მათ შორის სხვაობა თუ გონებით წარმოსადგენი23. ასეთთა მიმართ უნდა ითქვას, რომ არის მათ შორის განსხვავება, მაგრამ არა არსობრივი (რადგან ერთია ორივე არსობრივად), არამედ გონებით წარმოსადგენი. რამეთუ ცათა სასუფეველი – ესაა წვდომა ღმერთში [არსებული] საუკუნეთა უწინარესი უზადო ცოდნისა არსთა შესახებ, მათი მიზეზების შესაბამისად, ხოლო ღვთის სასუფეველი არის ღმერთში ბუნებით არსებული სიკეთეების მადლით გაცემა. პირველი მათგანი არსთა დასასრულის შესაბამისია, ხოლო მეორე, რამდენადაც გონებით წარმოვიდგენთ, არსთა დასასრულის შემდეგ არის (2.85).

ვიდრე ვინმე საქმითი ფილოსოფიის მიხედვით ახოვნად განვლის საღვთო შერკინებებს, თავისთან იპყრობს იგი სიტყვას, მცნებათა მიერ მამისაგან ქვეყნად მოსულს, ხოლო როდესაც [ასეთი ვინმე] უკან იტოვებს ვნებათა მიმართ საქმისმიერ ბრძოლებს, ვნებათა და ეშმაკთა მძლედ ჩნდება იგი და შეუდგება რა ჭვრეტისმიერ მცოდნეობით ფილოსოფიას (τήν διά θεωρίας γνωστικήν μετέλθῃ φιλοσοφίαν)24, უთმობს სიტყვას, რომ საიდუმლოდ კვლავ დატოვოს მან ეს ქვეყანა და მივიდეს მამასთან. ამიტომ უთხრა უფალმა მოწაფეებს: “თქვენ მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მე ღვთისგან გამოვედი. გამოვედი მამისგან და მოვედი ქვეყნად. კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მივდივარ მამასთან” (იოანე 16, 27-28). ჩანს, “ქვეყნად” თქვა საქმისმიერი, მძიმე სათნოებითი მოღვაწეობა, ხოლო “მამად” – ზექვეყნიური, გონებისეული და ყველა ნივთიერი ზრახვისგან თავისუფალი მდგომარეობა, როგორადაც ხდება ჩვენში ღვთის სიტყვა, დამცხრალი ვნებებისა და ეშმაკების წინააღმდეგ ბრძოლისაგან (2.94).

მაცხოვრის ბრალის შესახებ ფიცარზე წარწერილმა [სიტყვებმა] ცხადად აჩვენეს, რომ ჯვარცმული უფალი არის, აგრეთვე, მეუფე საქმითი, ბუნებითი და საღვთისმეტყველო ფილოსოფიისა, რადგან თქმულია, რომ რომაულად, ელინურად და ებრაულად იყო დაწერილი სიტყვები. რომაულს საქმითად გავიაზრებ, რადგან დანიელის განჩინებით რომაელთა მეფობა ყველა სხვა მეფობაზე უფრო ძალგულოვანია ამქვეყნად, ხოლო თუკი რამ ეთვისება საქმით [ფილოსოფიას], - სწორედ ძალგულოვნება. ელინური [სიმბოლოა] ბუნებითი მჭვრეტელობისა, რადგან ელინთა ტომმა დანარჩენ ადმიანებზე მეტად მოიცალა ბუნებითი ფილოსოფიისათვის. ებრაული [აღნიშნავს] საღვთისმეტყველო მესაიდუმლეობას (τήν θεολογικήν μυσταγωγίαν ), რადგან ამ ტომმა, როგორც ძველთაგანვე აშკარაა, მამები განუკუთვნა ღმერთს (2.96).

ვინც სათნოებათა გზას შეურყვნელად დაიცავს კეთილმსახურებითი და სწორი ცოდნით, ისე რომ, არ გადადრკება არცერთ მხარეს, შეიცნობს იგი ღვთის მისდამი უვნებოდ მოვლინებას, რადგან [თქმულია]: “ვიფსალმუნო და გულისხმავყო უბიწო გზაზე; როდის მოხვალ ჩემთან? (ფს. 100,8). “ფსალმუნი” სათნოებით საქმეს ცხადყოფს, ხოლო “გულისხმისყოფა” [ნიშნავს] სათნოების შემდგომ მცოდნეობით მეცნიერებას (τήν ἐπ᾿ ἀρετῇ γνωστικήν ἐπιστήμην), რითაც საღვთო მოსვლას შეიგრძნობს ის, ვინც სათნოებისმიერი მღვიძარებით მოელის თავის უფალს (2.98).

ვინც სათნოებისა და ცოდნის მიერ სხეული სულს შეუწყო, გახდა იგი ღვთის ქნარი, სტვირი და ტაძარი: ქნარი – როგორც სათნოებათა ჰარმონია კეთილად დამცველი; სტვირი – როგორც საღვთო მჭვრეტელობათა მიერ სულიწმინდის მობერვის შემწყნარებელი, ხოლო ტაძარი – როგორც გონებისეული სიწმინდის გამო სიტყვის სამკვიდრებლად ქცეული (2.100).

ვისაც უყვარს ღმერთი, იგი ღვთის ყველა ქმნილებაზე მეტად პატივს მიაგებს მის ცოდნას და შეუნელებელი სურვილით განიმტკიცებს თავს ამ [ცოდნის] მიერ (ოთხასეული, თავები სიყვარულის შესახებ, 1.4).

თუ გონების სიცოცხლე არის ცოდნისმიერი განათება, ამას კი ღვთისადმი სიყვარული შობს, კარგად თქმულა, რომ არაფერია საღვთი სიყვარულზე უდიდესი (1.9).

როგორც ცეცხლის გახსენება არ ათბობს სხეულს, ასევე რწმენა სიყვარულის გარეშე ვერ მოქმედებს სულში ცოდნისმიერ განათებას (1.31).

როგორც მზის სინათლე თავისკენ იზიდავს საღ თვალს, ასევე ღვთის ცოდნაც სიყვარულის გზით ბუნებითად ეწევა თავისაკენ განწმენდილ გონებას (1.32).

“ნუ იტყვით, - თქვა საღვთო იერემიამ, - რომ ხართ ტაძარი უფლისა” (იერ. 7,4). შენც ნუ იტყვი, რომ: “ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ ლიტონი რწმენა (ἡ ψιλὴ πίστις) შემძლეა მაცხოვნოს მე”, რადგან შეუძლებელია ეს, თუ მის მიმართ საქმეთამიერ სიყვარულსაც არ მოიპოვებ. ხოლო ლიტონად მორწმუნეობა [რა არის, როდესაც] “ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან” (იაკ. 2,19) (1.39).

ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია საღვთო ცოდნამდე, რაც სიყვარულის მოქმედების ქვეშაა, ასეთი ვინმე დიდად რაცხს, რაც კი საღვთოდ უქმნია. ხოლო ვინც ღირსი გახდა მიეღწია ამ [ცოდნამდე], წადიერად წარმოთქვამს იგი მამამთავარი აბრაამის სიტყვებს, რაც აბრაამმა თქვა მაშინ, როცა იგი ღირსი გახდა საღვთო ცხადჩენისა: “მე ვარ მიწა და ნაცარი” (შესაქ. 19,27) (1.47).

უფალი მცნებათა გზით უვნებოჰყოფს მათ დამცველებს, ხოლო საღვთო დოგმატების მიერ ცონისმიერ განათებას მიმადლებს მათ (1.77).

როგორც ფეხებშეკურლი ბეღურა, თუ იგი ფრენას შეეცდება, მიწისკენ დაიქაჩება, დაზიდავს რა თოკი, ასევე გონებაც, თუ ჯერაც არ მოუპოვებია მას უვნებობა და ციურთა ცოდნისაკენ (ἐπὶ τὴν τῶν οὐρανίων γνῶσιν ) აფრინდება, ვნებებით ქვედაზიდული მიწისკენ დაიქაჩება (1.85).

როცა გონება სრულყოფილად განთავისუფლდება ვნებებისგან, მაშინ არსთა ჭვრეტისკენაც წარემართება იგი უკან მობრუნებულად, მიმართავს რა გზას წმინდა სამების ცოდნისკენ (1.86).

როგორც გრძნობად თვალს ხილულთა მშვენიერება, ასევე წმინდა გონებასაც უხილავთა ცოდნა თავისკენ იზიდავს. ხოლო უხილავად ვამბობ უსხეულოებს (1.90).

გონება მცნებათა აღსრულებით განიძარცვავს ვნებებს. ხილულთა სულიერი მჭვრეტელობის გზით – საქმეთა შესახებ ვნებად აზრებს, უხილავთა ცოდნის მიერ – ხილულთა მჭვრეტელობას, ხოლო თვით მას (უხილავთა ცოდნას, ე.ჭ.) – წმინდა სამების ცოდნით (1.94).

დიაკონის ღირსების მქონე, ვინც წმინდა შერკინებებისადმი განაპოხებს გონებას და თავისი თავიდან განდევნის ვნებად ზრახვებს; ხუცესის [ღირსების მქონეა], ვინც არსთა ცოდნისკენ [გზას] გვინათებს და განაქარვებს ცრუ ცოდნას; ეპისკოპოსის [ღირსების მქონეა], ვინც სრულგვყოფს სათაყვანო და წმინდა სამების ცოდნის წმინდა მირონით (2.21).

საზღაური მარხვისა არის უვნებობა, რწმენისა – ცოდნა; უვნებობა შობს გარჩევის უნარს, ხოლო ცოდნა – ღვთისადმი სიყვარულს (2.25).

საქმითი [მოღვაწეობის] წარმმართველი გონება წარემატება კეთილგონიერებაში, მჭვრეტელობითისა კი – ცოდნაში. პირველი მათგანი სათნოებისა და უკეთურების გარჩევისაკენ მიმართავს მოღვაწეს, ხოლო მეორეს (ცოდნას, ე.ჭ.) უსხეულოთა და სხეულთა მიზეზებისაკენ მიჰყავს მასთან წილმქონე, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება ღირსი საღვთისმეტყველო მადლისა, როცა ყოველივე ზემოთქმულს სიყვარულის ფრთებით გადალახავს და ღმერთში მყოფი განჭვრეტს მის (ღვთის, ე.ჭ.) შესახებ სიტყვას, რამდენადაც ეს ძალუძს კაცობრივ გონებას (2.26).

ძალმოსილია ის კაცი, ვინც საქმესთან ცოდნა შეაუღლა, რადგან პირველი მათგანით გულისთქმას შრეტს იგი და რისხვას თრგუნავს, ხოლო მეორეთი ფრთოვანყოფს გონებას, და ღვთისკენ მიემართება (2.28).

სიყვარულში სრულქმნილმა და უვნებობის მწვერვალზე ასულმა არ იცის განსხვავება თავისისა და სხვისისა, მორწმუნისა და ურწმუნოსი, მონისა და აზნაურისა, საერთოდ, მამრისა და მდედრისა, არამედ იგი, ვნებათა მძლავრებაზე აღმატებული და ადამიანთა ერთი ბუნებისაკენ მხედველი, ყველაფერს თანასწორად ჭვრეტს და ყველაფრისადმი თანაბრად განეწყობა, რადგან არ არის მასში ელინი და იუდეველი, არც მამრი და მდედრი, არც მონა და აზნაური, არამედ ყოველივე და ყველაფერში – ქრისტე ( ἀλλὰ τὰ πάντα καὶ ἐν πᾶσι Χριστός) (შდრ. გალატ. 3.28) (2.30).

სულიერი პირუტყვთმზრდელი არის საქმითი [მოღვაწე], რადგან “პირუტყვთა” გააზრება აქვთ ზნეობრივ წარმატებებს. ამიტომაც თქვა იაკობმა: “პირუტყვთმზრდელნი კაცნი არიან შენი შვილები” (შესაქ. 47,5). ხოლო “ცხვრების მწყემსი” არის მცოდნე (γνωστικός), რადგან “ცხვართა” გააზრება აქვთ გულისზრახვებს, რომლებიც ჭვრეტათა მთაზე გონების მიერ იმწყსებიან. ამიტომ სძაგდათ ეგვიპტელებს, ესე იგი მოწინააღმდეგე ძალებს, ცხვრების მწყემსი (შესაქ. 46,34) (2.55).

ცოდნა ბუნებით არის კარგი, როგორც, აგრეთვე, ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრ ვინმეს მათზე უფრო მეტად სარგებლობა მოუტანა მათმა საპირისპირომ25, რადგან უვარგისებს კარგ საქმეში როდი ადგებათ ცოდნა, თუმცა კი იგი (ცოდნა, ე.ჭ.), როგორც აღინიშნა, ბუნებით არის კარგი, მსგავსადვე ითქმის ჯანმრთელობის, სიმდიდრის, მხიარულების შესახებ, რადგან არც მათ იყენებენ ჯეროვნად. ასეთები სწორედ საპირისპიროთი ირგებენ. ამიტომ არც ესენი [საპირისპირონი] არიან უკეთურნი საკუთრივი გაგებით, თუმცა კი უკეთურნი ჩანან (2.77).

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

შენიშვნები

1 – შდრ. ძვ. ქართული თარგმანი: ”სარწმუნოებაჲ... არს ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ (γνῶσις ἀληθής), მქონებელი დასაბამთა გამოუჩინებელთა, გუამქმნილი ზეშთა გონებისა და სიტყჳსა საქმეთა” (A-39, 282). შდრ. ლათ. თარგ. Fides namque vera cognitio est, indemonstrabilia habens principia, ut quae earum rerum substantia exsistat, quae vim omnem mentis ac rationis excedunt.

2 – შდრ. ἀκηράτοις φαντασίαις - შდრ. ძვ. ქართ.: “დაუჭნობელთა ოცნებათაგან” (ლათ. intamintis cogitatibus).

3 – “ხატისებრობა” - κατ᾿ εἰκόνα (შდრ. შესაქ. 1,27).

4 – “მსგავსებისებრობა” – καθ᾿ ὁμοίωσιν.

5 – შდრ. ძვ. ქართ. “ცნობიერად აღრჩევითა”.

6 – შდრ. ძვ. ქართ.: ”...ხოლო განბრწინვებული საუნჯესა შინა საიდუმლოთასა ღირს-იქმნების თანაცხედრეულობად სიტყჳსა-სიძისა (τῷ νυμφίῳ Λόγῳ συγκοιτασθῆναι)”.

7“ქვემდაბლობა” – ბერძნ. συγκαταβάσει (სიტყვ. “თანაჩამოსვლა”) – აღნიშნავს შემწყნარებლობას, ლმობიერებას, გულმოწყალებას. ეს სიტყვა ეფრემ მცირესთან და ეფრემის მემკვიდრეებთან, მათ შორის, გელათურ სკოლაში ტერმინოლოგიურად ძირითადად ითარგმნებოდა კალკირებულად, როგორც “თანაშთამომავლობა” (იხ. მაგ. A-52, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომები, ეფრემის თარგ. 125 v1 – 1093 A). გვხვდება, აგრეთვე; “თანაშთამოსლვაჲ”. მაგალითად: “თანაშთამოსლვასა... მჴუმეველი” (გარდამოცემა, არსენის თარგ. 93 v2 – 1141 B; შდრ. ეფრემი: “თანაშთამომავლობაჲ იჴუმია”). არსენის კვალობაზე გელათურ სკოლაში ორივე ტერმინი გვხვდება, მხოლოდ უფრო პრეფიქსკვეცილი (“თანშთამოსლვაჲ”, “თანშთამომავლობაჲ”). საყურადღებოა, რომ თეოფილე ხუცეზმონაზონთან შესატყვისად გვხვდება როგორც “თანაშთამოსლვაჲ” (Ath.29, ფოტო 235; Pg. 50, 121), აგრეთვე, მეტად ზუსტი “თანაშთამომდაბლებაჲ” (მაგ. “იხილე გარდამატებულებაჲ” (მაგ. “იხილე გარდამატებულებაჲცა ჩუენ თანა შთამომდაბლებისაჲ” ფ. 17-29; “ხედავა სიტკბოებასა მეუფისასა და თანაშთამომდაბლებასა?” ფ. 92-64; “ვისწავეთ თანაშთამომდაბლებისა მიზეზი”, ფ. 20-29).

8 – შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: "რომელი სახარებისაებრ მორწმუნე ოდენ იყოს, მთათა სიბოროტისათა საქმიერებით სცვალებს თავისაგან თჳსისა”.

9 - შდრ. ძვ. ქართ.: “ნატეხებსა მეცნიერებითთა პურთასა”.

10 - შდრ. ”სიტყჳსა ძალსა განმრავლებულად”.

11 – “ნათვისობა” – υἕξις. აქ ნიშნავს “თვისობრივ უნარს”.

12 – παχυνόμενος – ნიშნავს “გასქელებულს”, “გამსხვილებულს”, “გახშირებულს”, “გამიწიერებულს”, “ნივთიერს”. ტერმინი παχύς თითქმის ყველა ეპოქაში ქართულად ტერმინულად ითარგმნებოდა, როგორც “ზრქელი”. ხოლო ზმნა παχύνω – “გაზრქელება”, παχύτης - “სიზრქე” (ლათ. crassitudo).

13 – λεπτυνόμενος – ნიშნავს: “დამცრობილი”, “გაწვრილებული”, “სიფრიფანა”, “განატიფებული”. ტერმინი λέπτος ტერმინულად ძირითადად ითარგმნებოდა, როგორც “წულილი” (ლათ. tenuis).

14 – შდრ. ძვ. ქართ.: ”საქმითსა შორის სათნოებათა სახეებითა გაზრქომილი სიტყუაჲ ჴორც-იქმნების, ხოლო ხედვითსა შორის სულიერთა ცნობათა დაწულილებული იქმნების, ვითარ-იგი იყო დასაბამსა შინა, ღმერთი-სიტყუაჲ (მამისა თანა)” (ბოლო ორი სიტყვა მიწერილია აშიაზე). წარმოდგენილი შეგონება იმას გვასწავლის, რომ სათნოებითი ანუ საქმითი (პრაქტიკული) მოღვაწეობა განკაცებული, ხორცქმნილი სიტყვის ამქვეყნიური, სხეულებრივი მოღვაწეობის მიბაძვაა ანუ საქმითი ღვაწლი იგივე ხორცქმნილი სიტყვაა, სიტყვა - განივთებული ანუ ”გაზრქომილი” სათნოებათა მრავალსახეობაში. მეორე მხრივ, სულიერი აზროვნება, მაღალი მჭვრეტელობა, ანუ საიდუმლო ღვთისმეტყველება ესწრაფვის სიტყვის ღვთიურობას ანუ სულიერი მჭვრეტელობა გაცხადებაა სიტყვის ღმერთობისა, ღმერთი-სიტყვისა.”

15 – ამ მუხლში იგივე სწავლებაა: ეთიკა ანუ ზნეთსწავლულობა (სათნოებითი მოძღვრება) სიტყვის ხორცქმნაა, საიუდმლო ღვთისმეტყველებაში კი ცხადდება სული სიტყვისა.

16 – ბერძნ. γνωστικοῖς ἡδυνόμενος θεωρήμασιν; შდრ. ძვ. ქართ.: “მეცნიერებითითა ხედვითა დატკბობილი”.

17 – ბერძნ. τόν ἐπιληπτευόμενον νοῦν; შდრ. ძვ. ქართ. “მაოცარსა გონებასა”. იგივე ფრაზა (თითქმის იმგვარი კონტექსტით) გვხვდება, აგრეთვე, მაქსიმეს ცნობილ შრომაში Quaestiones ad Thalassium: “ამიტომ, ვევედროთ ჩვენც გონისეულ დავითს (მაცხოვარს, ე.ჭ.), რომ ნივთიერთაგან შეპყრობილ (ἐπιληπτευόμενον) ჩვენს გონებას სულიერი მჭვრეტელობისა და ცოდნის ქნარით გაეხმიანოს და განდევნოს მგრძნობელობითი და ნივთიერი ცვალებადობის (სიტყვ. “მგრძნობელობისკენ ნივთიერი ცვალებადობის”) უკეთური სული” (Pg. 91, 772 d). საგულისხმოა, რომ მითითებული ბერძნული სიტყვები ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლათინურად თარგმნილია, როგორც Fanatica Mens (“ფანატიკური გონება”); გელათურ თარგმანში მას შეესაბამება “სულელქმნილი გონება” (გელ. 14, 299.2; შდრ. “გზა სამეუფო”, 1994 წ. №1; გვ. 3-4). ბერძნ. ἐπίληπτος ლათინურად გადმოცემულია, როგორც Fanatico, Fanatiqo spiritu (იქვე 772 B); გელათურ თარგმანში შესატყვისებია: “სულელცა”, “სულელ” (298v2).

18 – აღნიშნულ სწავლებაში გამოთქმული სახისმეტყველება ხშირად გვხვდება წმ. მაქსიმესთან. მაგალითად: “ყველა, ვინც შურის გამო მოძულეა და ვინც ცილისწამებებით ბოროტად ყბედობს მასზე, რომელიც უძლიერესია სათნოებათა ღვაწლში და სიტყვის სულიერი ცოდნის სიჭარბეში, - ასეთი ვინმე არის საული, სულშეხუთული უკეთური სულით, ვერ იტანს რა იგი მასზე უკეთესის სათნოებითი და ცოდნისმიერი ბედნიერების სახელოვნებას და უფრო ცოფდება კიდეც, აგრეთვე, იმიტომ, რომ არ ძალუძს ხელთიგდოს კეთილმოქმედი” (Pg. 91, 769 c); კიდევ: “ვინც მიიღებს ამ გონისეულ დავითს (მაცხოვარს, ე.ჭ.), ასეთი ვინმე, თუნდაც რომ მოშურნედ ჰყავდეს საული, არ იქნება შეპყრობილი მისგან. პირიქით, იგი, შეძულებულიც კი, კაცთმოყვარეობის გამო, როგორც უვნებო, სულის ქნარით ჰკურნებს მტერს, სულშეხუთულს უკეთური სულით, და მრთელცნობიერს ჰყოფს მას, ათავისუფლებს რა მიწიერი აზროვნების ბოროტი შეპყრობილობისაგან ( ἐπιληψίας ), როგორც უკეთური ეშმაკისაგან” (იქვე 769 c). საგულისხმოა, რომ გელათურ თარგმანში ἐπιληψία გადმოტანილია, როგორც “ზედმპყრობელობაჲ” (გელ. 14, 298.2).

19 – ბერძნ. λὁγος ცნობილია, რომ ნიშნავს როგორც სიტყვას, ასევე აზრს.

20 – შდრ. იოანე 17.10.19.

21 – ეს და ქვემორე ფრაზები მოტანილია ფს. 41.5-დან, რასაც ეხება, აგრეთვე წინარე შეგონება (2.77).

22 – ბერძნ. σκίρτημα – ხტომა, ცეკვა, თამაში (ძვ. ქართ. “აღმღერებაჲ”).

23 – κατ' επινοιαν – შდრ. ლათ. mentis cogitatu et ratione (მეორე შემთხვევაში იგივე შესიტყვება ლათინურად თარგმნილია, როგორც ratione subtilique cogitatu). შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: “მოგონებით”. ტერმინი επινοια ვიდრე არსენ იყალთოელამდე ძველ ქართულ მწერლობაში ითარგმნებოდა, როგორც "მოგონებაჲ", "ცნობაჲ", ”გონებაჲ”, ”გულისჴმისყოფაჲ” და სხვა. არსენს აღნიშნული შესიტყვების პარალელურად შემოაქვს ”წულილმომგონებლობაჲ”, ”წულილმოგონებაჲ”. გელათურ სკოლაში, ერთი მხრივ, გამოყენებულია არსენისეული ტერმინები, მეორე მხრივ კი მკვიდრდება საკუთრივ გელათური ”ზედმოგონებაჲ”.

24 – შდრ. ძვ. ქართ. ”ხედვისა-მიერსა მეცნიერებითსა მოუჴდეს სიბრძნისმოყუარეობასა”.

25 – იგულისხმება უმეცრება და ავადმყოფობა.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთი

ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი ”გზა სამეუფო”, №1(4), 1996 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 08 December 2012 17:49)