წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს უცნობი ავტორის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ თხზულებას, სახელწოდებით „უფლის ვნების შესახებ“ (De Passióne Dómini), რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. მინის პატროლოგიაში ის ლაქტანციუსის (250-325 წწ.) შრომებშია შეტანილი (PL 7, 283-286) და ბოლო დრომდე სწორედ მის ავთენტურ ნაწარმოებად, შესაბამისად, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილად, იყო მიჩნეული. მაგრამ როგორც ეკლესიის ისტორიკოსი ფილიპე შაფი მიუთითებს, შეუძლებელია, აღნიშნული ნაშრომის ავტორი ლაქტნციუსი იყოს, რადგან მოცემული თხზულების ტექსტი „სრულიად არ შეესაბამება მის ჩვეულ წმინდა და მჭევრმეტყველურ სტილს“ (Ph. Schaff, Fathers of the Third and Fourth Centuries: Lactantius, Venantius, Asterius, Victorinus, Dionysius, Apostolic Teaching and Constitutions, Homily and Liturgy, Ante-Nicene Fathers, VII, 885, p. 329). შაფის მოსაზრებას ეთანხმება კლასიკოსი ფილოლოგი, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი და ღვთისმეტყველების დოქტორი ალექსანდრე სადოვი (А. И. Садов, Лактанций: Биографический очерк, Санкт-Петербург, 1892, გვ. 705). თანამედროვე პატრისტიკულ კვლევებში დამკვიდრებულ აზრს გამოხატავს მერი-ფრენსის მაკდონალდი, რომელიც, ასევე, უარყოფს ლაქტანციუსის ავტორობას, მაგრამ, ამავე დროს, ხაზს უსვამს პოემაში გამოხატულ „ღრმა რელიგიურ გრძნობებს“ (Mary Francis McDonald, The Minor Works, Washington, 1965, The Father of the Church, 54, p. 224).

საინტერესოა, რომ ბერძნულენოვან პატრისტიკულ ლიტერატურაში აღნიშნულ ნაშრომს მოეპოვება ანალოგი პოემის სახით, რომელსაც „ვნებული ქრისტე“ (Χριστὸς Πάσχων) ეწოდება და რომელიც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ავტორობითაა ცნობილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მკვლევართა შორის ამ ნაშრომის წმ. გრიგოლისადმი მიკუთვნების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

პოემაში „უფლის ვნების შესახებ“ უფალი მიმართავს მორწმუნეთ პირველ პირში და აუწყებს მათ მის გამომხსნელობით ღვაწლს, ადამიანისათვის მის მიერ სიყვარულით გაღებულ მსხვერპლს. ამის შეხსენება მიზნად ისახავს, ჩაუნერგოს ადამიანს სურვილი, განერიდოს მიწიურ ცხოვრებას და უფლის ცხოვრების გზას მისდიოს: „თუ ეს შეგონებანი შენ თანმხლებ გრძნობებს (რომლებიც ეძღვნება წარმავალ ქვეყანას) გამოგარიდებს, მიწიერი მშვენიერების წამიერ აჩრდილს რომ მიელტვიან, მაშინ არ იქნები შეპყრობილი ამაო იმედით და წაქეზებული მყიფე ბედით, გაბედავ და არ მიენდობი ცხოვრების მქროლავ წლებს.“ ამ ტექსტის საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ დაარწმუნოს უფლის ტანჯვათა განმცდელი მორწმუნე, რომ გარდაცვალების შემდგომ ბედნიერად იმეფებს მაცხოვართან ერთად მარადიული მშვიდობის სასახლეში.

უცნობი ავტორის ლექსი უფლის ვნების შესახებ

ვინც კი ხარ აქ და შუა ტაძრის ზღურბლზე შედიხარ, შეჩერდი მცირედ და უდანაშაულოს, შენი დანაშაულისთვის ვნებულს, შემომხედე მე, დამამკვიდრე გონებაში (ánimus), დამიცავი გულში (péctus).                                          

მე ვარ ის, ვინც შემბრალებელია ადამიანთა, მათი მწარე ყოფის გამო, აქეთკენ მოვედი დაპირებული მშვიდობის განმმარტებელი - დიადი მიტევებით საერთო ბრალისა: აქ უბრწყინვალესი ნათელია, მაღლიდან მიწაზე დაბრუნებული, აქ ხსნის კეთილის მომცემი ხატია, აქ შენთვის ვარ მშვიდი ნავსაყუდელი, სწორი გზა, ჭეშმარიტი გამოსყიდვა, ღვთის ბაირაღი და ნიშანიც მარადსახსოვარი ბედისა.

შენი და შენი ცხოვრების გამო ვარ ქალწულის წიაღში შესული, ქმნილი ადამიანი ვარ და შემაძრწუნებელი სიკვდილით ვნებული, ვერც დედამიწაზე ვიპოვე სადმე განსვენება, მხოლოდ მუქარა და განსაცდელი.

დაბადებისას, თავდაპირველად, იუდეის მიწაზე ვპოვეთ მე და დედაჩემმა უბადრუკი თავშესაფარი: აქ - მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთა შორის მომეცა ხმელ ბალახზე ვიწრო საწოლი ბაგაში.

ჰეროდეს მეფობისას ლტოლვილმა ფარაონის ქვეყანაში გავატარე ცხოვრების პირველი წლები და შემდეგ, იუდეაში დაბრუნებული, მუდამ მარხვაში, მუდამ უკიდურეს სიდუხჭირეში და უბადრუკ ყოფაში ვიყავი, მუდამ სასარგებლო რჩევებს მივყვებოდი და ვსაზრდოობდი ღირსების შესაფერისი ადამიანური ნიჭით(ingénium), ბევრ სასიკეთო მოძღვრებას დავურთე ბევრი სასარგებლო და საოცარი რამ.

ამისათვის იერუსალიმში, სიშმაგით დაბრმავებულმა უღვთო თავხედობამ, აღძრულმა მძვინვარე სიძულვილით, განმიკუთვნა მე, უდანაშაულოს, სისხლიანი სიკვდილი ჯვარზე.

თავად თუ მოვისურვებ სიღრმისეულ განმარტებას, და თუ გსურს გაიარო ჩემთან ერთად ყველა ტკივილი და განიცადო მწუხარებანი, გირჩევ, გაიაზრე მზაკვრული განზრახვა, უღვთო საზღაური1 ჩემი დაღვრილი უდანაშაულო სისხლის, მოწაფის მოჩვენებითი ამბორი, მძვინვარე ბრბოსგან ჩემი შეურაცხყოფა და გასამართლება.

და არა მხოლოდ ეს: გაშოლტვა და ენანი, განმზადებულნი მსჯავრის დადებისთვის; გონებით(ánimus) განჭვრიტე მოწმეები და დაბრმავებული პილატეს შემზარავი განაჩენი, წარმოიდგინე უზარმაზარი ჯვარი, რომელიც აწვება მხრებსა და დაღლილ ზურგს - მძიმე ნაბიჯებით სვლა საზარელი სიკვდილისაკენ.

ახლა მომიხილე თხემიდან ტერფამდე მე, ამჟამად ჭეშმარიტად მიტოვებული, საბოლოოდ დამორჩილებული სასტიკ სასჯელს, განშორებული ტკბილ მშობელ დედას. აჰა! შეხედე სისხლის კოლტებით გაჟღენთილ თმებს, მათ ქვეშ სისხლჩაქცევებიან კისერს, ულმობელი ეკლებით დაჩხვლეტილ თავს, ყოველი მხრიდან მოდინარ სისხლის ღვარს ჩემ ღვთაებრივ სახეზე.

შეხედე შუქს მოკლებულ დამძიმებულ თვალებს, ნაგვემ ღაწვებს, იხილე მოშხამული ნაღვლით გამომშრალი ენა, სასიკვდილოდ განწირული ფერმიმკრთალი სახე. შეხედე ლურსმნებით მიჭედილ ხელებს და ღონმიხდილ მკლავებს, ღრმა ჭრილობას ფერდში, შეხედე იქიდან მომდინარე სისხლის ნაკადს, გახვრეტილ ფეხებს და სხეულის სისხლიან ნაწილებს.

მოდრიკე მუხლი თაყვანისცემის ღირს ჯვრის ხესთან, მიწას მორწყულს უმანკო სისხლით შეჰღაღადე და ცრემლებით დაალტვე, ჩემდამი მოძღვნილ გულში მუდამ2 მატარე მე და დაიმარხე ჩემი შეგონებანი.

მისდიე ჩემი ცხოვრების გზას; უღვთო სასჯელისა და სასტიკი სიკვდილის გამჭვრეტმა, სხეულისა და სულის აურაცხელი ტანჯვის გამხსენებელმა, ისწავლე მტრის პატიება და სიფხიზლე საკუთარი ხსნისათვის.

თუ ამ შეგონებას ფიქრში(mens) მუდამ ატარებ, თუ ჩემდამი რწმენა გექნება გონებაში (ánimus), ან თუ აღიძვრება შენში ღვთისმოშიშება და მადლიერება, ფარდი ჩემი ტანჯვისა, ეს გახდება შენი მეგზური, ფარად დახვდება მტრის მზაკვრობას, რომლითაც ყველაფერში უხიფათო და გამარჯვებული დარჩები და ბრძოლაში მუდამ მიიღებ ჯილდოს.

თუ ეს შეგონებანი წარმავალი ქვეყნისადმი მიძღვნილ შენს თანმხლებ გრძნობებს, მიწიერი მშვენიერების წამიერ აჩრდილს რომ მიელტვიან, გამოგარიდებს, აღარ იქნები შეპყრობილი ამაო იმედით და წაქეზებული მყიფე ბედით, გაბედავ და არ მიენდობი ცხოვრების მქროლავ წლებს.

შენ, უეჭველია, ამ წარმავალი სამყაროს ასეთად მხედველს, და მოკლებულს, უკეთესი სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნიერების სიმდიდრეთაგან და ნივთთა გამოყენებისაგან, მოწინავეთა ლოცვები გაგაძლიერებენ წმინდა ჩვეულებებში და მკაცრ სასჯელთა შორის ნეტარი ცხოვრების იმედის ზეციური ცვარით გაგანებივრებენ, კეთილი დაპირების სიტკბოებით გასაზრდოვებენ მანამ, სანამ ღვთის დიდი მადლი უკუ გამოიხმობს შენს მბრწყინავ სულს (ánimus) სხეულის დატოვების შემდეგ, ამაღლდები ზეციური სიმაღლეების მიმართ. მაშინ, ყოველგვარი შრომისაგან გათავისუფლებული, მაშინ, ანგელოზური გუნდებისა და წმინდანთა ნეტარ მწყობრთა სიხარულით მხილველი, ბედნიერი, მუდმივ სიამეში იმეფებ ჩემთან ერთად მარადიული მშვიდობის სასახლეში.

--------------------------------------------------------

1 - ოცდაათი ვერცხლი   (მათე 26. 15)

2 - დროდადრო nonnumquamPatrologiaLatina,  VII ტომი, გვ.285 .  Nonnumquam at times others read, “nonquam non,” always.  Ante-Nicene Fathers,Volume 7,  გვ.327.

ტექსტი ლათინურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ჯაბა ქოიავამ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ენების კონკურს “Victoria”-ს გამარჯვებულმა ლათინურ (2017 წ.) და ძველ ბერძნულ (2019 წ.) ენებში.

თბილისის სასულიერო აკადემია, „გრაგნილი“ საეკლესიო-სამეცნიერო კრებული VI, თბილისი 2018, გვ. 301-305





AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 25 JUNE 2020 13:06)