"უხუცესთა გადმოცემები" წარმოადგენს დამოწმებებს, რომლებიც დაცულია ირინეოსის თხზულებაში "მწვალებლობათა წინააღთმდეგ" ანუ "პანარიონში". დამოწმებათა ავტორებად დასახელებულია "უხუცესი" (ფრაგ. 4, 13, 16, 17), ან "ერთი უხუცესი" (9), რომელიც არის "საღმრთო" და "ღვთისმოყვარე" (3), "ჩვენზე (ბევრად) უკეთესი კაცი" (1, 2, 7), და სხვა. ირინეოსის განმარტებით უხუცესები ის ადამიანები არიან, ვინც მაცხოვრის მოციქულთა მოწაფეები ან მოწაფეთა თვითმხილველნი ყოფილან: "ყველა უხუცესი, რომლებიც აზიაში, იოანესთან, უფლის მოწაფესთან იყვნენ შეკრებილნი" (4), ან "უხუცესები, მოციქულთა მოწაფეები" (13, 17), ან "ერთი უხუცესისაგან, რომელსაც ეს მათგან მოუსმენია, ვისაც მოციქულები უხილავს და ვინც მათგან განისწავლა" (9). მკვლევარები ამ ფრაგმენტების ავტორობას მიაკუთვნებენ უფრო მეტად ირინეოსს, ვიდრე სამოციქულო მამებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უხუცესთა გადმოცემებს შორის (16) მოცემულია პაპიას ჰიერაპოლელის XIV ფრაგმენტიც (ვ. ჯუღელი)

 

I1

როგორც ჩვენზე უკეთესი კაცის მიერ ითქვა ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით:

"ძვირფას ქვას,

ზურმუხტს, მავანთაგან ძვირად შეფასებულს

ამცირებს მინა, მას ხელოვნებით

მიმსგავსებული, როდესაც ახლოს არავინ არის, ვინც შესძლებდა მის გამოცდას და

გამოვლენას ხელოვნებით, მზაკვრულად ქმნილის.

ან კი როდესაც

შერეულია

სპილენძი ვერცხლთან, იოლად ვინმე

უზაკველს განა ხელეწიფება, ის ამოიცნოს?"

---------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 1. შეს., 2. ტექსტისათვის იხ. ეპიფანე კვიპრელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 31.9 (Epiphanii episcopi Constantiae Opera. Ed. G. Dindorfius. Vol. 2. Lipsiae, 1860, გვ. 1485-12).

 

II1

როგორც ჩვენზე უკეთესმა კაცმა თქვა ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით: "თავხედი და უსირცხვილოა სული, ცარიელი ჰაერით გაცხელებული".

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 1.13.3; ეპიფანე კვიპრელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 34.2 (Epiphanii episcopi Constantiae Opera, 1860, გვ. 2208-9).

 

III1

ამიტომაც სამართლიანად და ჯეროვნად შემოგღაღადა საღმრთო უხუცესმა და ჭეშმარიტების ქადაგმა, და ასე გითხრა:

"მარკოს, კერპების თაყვანისმცემელო და ნიშთმჭვრეტელო2,

გამოცდილო ვარსკვლავთრიცხვასა და გრძნეულების ხელოვნებაში,

რისი წყალობითაც შენი სიცრუის სწავლებებს მოსავ

ძალმოსილებით.

ნიშთ მათ აჩვენებ, ვინც შენგან არის მოტყუებული,

ნიშთ, განდგომილი ძალის მიერ მოხელოვნებულთ,

მათ კი გიბოძებს შენი მამა, სატანა, მუდამ,

სამოქმედოდ აზაზელის "ანგელოზებრი" ძალის წყალობით,

ის, რომელიც გყავს წინამორბედად

ღვთის წინააღმდგომი ცბიერებისა".

და ეს წარმოთქვა ღვთისმოყვარე უხუცესმა.

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 1.15.6; ეპიფანე კვიპრელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 34.11 (Epiphanii episcopi Constantiae Opera, 1860, გვ. 22325-2344).

2 - შდრ. 2 სჯ. 18.11; ზაქ. 3.8.

 

IV1

მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ოცდაათი წლის ასაკი ჭაბუკის მოწიფულობის დასაწყისია და იგი ორმოც წლამდე გრძელდება, ორმოციდან და ორმოცდაათიდან კი ის მიემართება უკვე ხანდაზმული ასაკისაკენ, რა ასაკშიც იყო ჩვენი უფალი, როდესაც ასწავლიდა2. სახარება და ყველა უხუცესი, რომლებიც აზიაში3, იოანესთან, უფლის მოწაფესთან იყვნენ შეკრებილნი, მოწმობს, რომ ეს გადმოსცა იოანემ. ხოლო იგი მათთან ერთად ცხოვრობდა ტრაიანუსის დრომდე. ზოგმა მათგანმა კი იხილა არა მხოლოდ იოანე, არამედ სხვა მოციქულებიც, მოისმინა ეს მათგან და ამ გარემოების შესახებ მოწმობს

-------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 2.22.5, იხ. Sancti Irenaei episcopi lugdunensis Quae supersunt omnia. Ed. A. Stieren. T. I. Lipsiae, 1853, გვ. 359. ბერძნული მონაკვეთი, დაცული ამავე გამოცემაში (καὶ πάντες οἱ πρεσβύτεροι μαρτυροῦσιν - μεχρὶ τῶν Τραϊανοῦ χρόνων), მომდინარეობს ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიიდან, 3.23.3.

2 - ამ ასაკს წმინდა წერილი არ ადასტურებს. ლუკას სახარებაში აღნიშნულია, რომ იმპერატორ ტიბერიუსის ზეობის (14-37 წწ.) XV წელიწადს, ანუ 29-ე წელს, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მონათლა, იგი 30 წლისა შესრულდა (3.1,21,23), ხოლო სამი წლის შემდეგ კი ჯვარს ეცვა. შესაბამისად, ირინეოსის ტექსტის ეს მონაკვეთი არ არისზუსტი.

3 - ბოლო წლების განმავლობაში იოანე მახარებელი ეფესოში ცხოვრობდა.


V1

როგორც მავანმა, ჩვენზე აღმატებულმა, თქვა ყველას შესახებ, ვინც რამე სახით ამახინჯებს იმას, რაც ღვთისაა და აყალბებს ჭეშმარიტებას: "ღვთის რძეში თაბაშირი ცუდად შეირევა".

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 3.17.4. იხ. Sancti Irenaei, 1853, გვ. 516.



VI1

როგორც ერთმა ძველთაგანმა თქვა: "ვინაიდან, თავის მხრივ, ღმერთმა წყევლა გადაიტანა მიწაზე, რათა იგი ადამიანზე არ დარჩენილიყო".

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 3.23.3. იხ. Sancti Irenaei, 1853, გვ. 547.


VII1

ამის გამო, იმათ, ვინც ჩენს წინ იყვნენ და ვინც ჩვენზე ბევრად უკეთესნი იყვნენ, მაინც შესძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ ვალენტინეს მიმდევართათვის2, რადგან არ იცოდნენ მათი (მოძღვრების) კანონი3, რომელიც მთელი გულმოდგინებით გადმოვეცით პირველ წიგნში.

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4. შეს.. 2;  იხ. Sancti Irenaei, 1853, გვ. 558-559.

2 - სიტყვასიტყვით: ვინც ვალენტინესგან არიან ("qui sunt a Valentino").

3 - "regula".

 

VIII1

ღმერთი ყველაფერს ზომიერად და წესრიგით აკეთებს და არაფერია მასთან განუზომელი, რადგან არაფერია აღურაცხველი. და კარგად თქვა მავანმა, რომ განუზომელი მამა განიზომა ძეში: ვინაიდან საზომი მამისა არის ძე, რადგან იგი მოიცავს მას2.

------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.4.2. იხ. Sancti Irenaei, 1853, გვ. 568. ბერძნული წინადადება, დაცული ამ გამოცემაში (Απαντα μέτρῳ - μηδὲν ἀναρίθμητον), მომდინარეობს იოანე დამასკელის თხზულებიდან, წმინდა პარალელები (Sacra Parallela, შდრ. PG. 95, სვ. 1080B).

2 - Απαντα μέτρῳ καὶ τάξει ὁ Θεὸς ποεῖ, καὶ οὐδὲν ἄμετρον παρ’ Αὐτῷ, ὅτι μηδὲν ἀναρίθμητον. Et bene qui dixit ipsum immensum Patrem in Filio mensuratum: mensura enim Patis Filius, quoniam et capit eum.

 

IX1

1. როგორც გამიგონია ერთი უხუცესისგან2, რომელსაც ეს მათგან მოუსმენია, ვისაც მოციქულები უხილავს და ვინც მოციქულთაგან განისწავლა: იმ ქმედებათა გამო, რაც სულიწმინდის რჩევის გარეშე ჩაუდენიათ, ძველებისათვის საკმარისი იყო შეგონება, რომელიც არის წმინდა წერილში, რამეთუ ვინაიდან ღმერთისათვის არ არიან მისაღები ის პირები, რომლებიც არ აკეთებენ მის მოსაწონ საქმეებს, იგი მათ უდგენდა შესაბამის შეგონებას. [ისე, როგორც დავითის შემთხვევაში: როდესაც იგი სამართლიანობისათვის დევნას ითმენდა საულისგან, გაურბოდა მეფე საულს და არ იძიებდა შურს მტერზე, ქრისტეს მოსვლას ფსალმუნებდა და ხალხებს სიბრძნით შეაგონებდა, და ყველაფერს აკეთებდა სულიწმინდის რჩევით, სათნო-ეყო იგი ღმერთს, ხოლო როდესაც მანვე ვნების ჟინის გამო მოიყვანა ბერსაბეა, ურიას ცოლი, თქვა წმინდა წერილმა მის შესახებ: "მოსაძაგებელი გამოჩნდა უფლის თვალთა წინაშე საქმე, რომელიც დავითმა ჩაიდინა" (2 მეფ. 11.27). და გაიგზავნა მასთან წინასწარმეტყველი ნათანი დავითისთვის მისი ცოდვის საჩვენებლად, რათა თავადვე გამოეტანა მსჯავრი საკუთარი თავისთვის და საკუთარი თავის განსჯის შემდეგ მოეპოვებინა გულმოწყალება და მიტევება ქრისტესაგან. და უთხრა მას3: "ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი და ერთიც ღარიბი. მდიდარი ფლობდა ძალიან ბევრ ცხვრის ფარას და საქონლის ნახირს, ღარიბს კი არაფერი ებადა ბატკნის გარდა, რომელიც ჰყავდა, რომელსაც ჰკვებავდა და იყო მასთან და, ამასთანავე, მის შვილებთან ერთად, მისი პურისაგან ჭამდა და სასმისისაგან სვამდა, და ჰყავდა მას ქალიშვილივით. და ეწვია სტუმარი მდიდარ კაცს და დაენანა მას, აეღო თავისი ცხვრების ფარისაგან და თავისი საქონლის ნახირისაგან და მოემზადებინა სტუმრისათვის, და წაიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და მიართვა კაცს, რომელიც მოვიდა მასთან". დიდად განრისხდა ამის გამო დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: "ცხოველ არს უფალი! რამეთუ სიკვდილის ღირსია4 ის კაცი, რომელმაც ეს ჩაიდინა. და ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს იმისთვის, რომ ეს საქმე ჩაიდინა და იმისთვის, რომ არ დაენანა ღარიბი". და უთხრა მას ნათანმა: "შენ ხარ ის კაცი, რომელმაც ეს ჩაიდინა" (2 მეფ. 12.1-7); და შემდეგ უთხრა დანარჩენიც, გაკიცხა იგი და ჩამოუთვალა მის მიმართ ღვთის კეთილმოქმედებანი და გააგებინა, რაოდენ განარისხა უფალი, როდესაც ეს მოიმოქმედა, გააგებინა, რომ არ მოეწონა ღმერთს ასეთი საქმე, არამედ დიდი რისხვა ემუქრებოდა მის სახლს. შეძრული იქნა დავითი ამის გამო და თქვა: "შევცოდე უფალს" (2 მეფ. 12.13), და სრული აღსარების5 (2 მეფ. 22.50) შემდეგ ფსალმუნი იგალობა, მომლოდინემ უფლის მოსვლისა, რომელიც განბანს და განწმენდს იმ ადამიანს, ვინც ცოდვაში ჩავარდა.

მსგავსი რამ არის მოთხრობილი სოლომონის შესახებაც, რომელიც ასამართლებდა სამართლიანად და ღვთის სიბრძნეს განმარტავდა, რომელმაც ააგო ტაძარი - ჭეშმარიტების გამოსახულება, ქადაგებდა უფლის დიდებას, აუწყებდა ხალხებს მომავალ მშვიდობას და ქრისტეს მეუფება წინასწარ წარმოაჩინა, გამოთქვა სამი ათასი იგავი უფლის მოსვლის შესახებ და ხუთი ათასი გალობა ღვთის სადიდებლის სახით, განმარტავდა ღვთის სიბრძნეს, რომელიც შესაქმეშია6, ბუნებისმეტყველივით, ყველა ხიდან, ყველა მცენარიდან, ყველა ფრინველიდან, ოთხფეხთაგან და თევზთაგან, და ამბობდა: "ნუთუ ღმერთი, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, ჭეშმარიტად დედამიწაზე იცხოვრებს ადამიანებთან ერთად?" (3 მეფ. 8.27). და სათნო-ეყო ღმერთს. და ყველანი გაოცებულნი იყვნენ მისით და დედამიწის ყველა მეფე ეძებდა მის ხილვას, რათა გაეგონა მისი სიბრძნე, რომელიც მიჰმადლა მას ღმერთმა; და ქვეყნიერების დასალიერიდან მივიდა მასთან სამხრეთის დედოფალი, რათა დარწმუნებულიყო სიბრძნეში, რომელიც მასში იყო, დედოფალი, რომლის შესახებაც უფალმა თქვა, რომ აღდგება იგი სამსჯავროზე მთელ იმ ხალხთან ერთდ, რომელმაც მოისმინა მისი ქადაგებანი და არ ირწმუნა იგი7 და გაასამართლებს მათ; ვინაიდან მაშინ, როდესაც დედოფალი დაემორჩილა ღვთის მონის მიერ უწყებულ სიბრძნეს, მათ უგულებელყვეს ის სიბრძნე, რომელიც ძე ღვთისას მიერ ეწყალობათ. რამეთუ სოლომონი მონაა, ქრისტე კი - ძე ღვთისა და უფალი სოლომონისა. ამდენად, როდესაც უმწიკვლოდ ემსახურებოდა ღმერთს და ემორჩილებოდა მის განკარგულებებს, მაშინ დიდებით იყო მოსილი. მაგრამ როცა ყველა ხალხისაგან მოიყვანა ცოლები და ნება მისცა მათ ისრაელში კერპების აგებისა, თქვა წმინდა წერილმა მის შესახებ: "და მეფე სოლომონი იყო მოყვარული ქალებისა, და მოიყვანა უცხოტომელი ცოლები. და აღმოჩნდა სოლომონის სიბრძნის ჟამს, რომ აღარ იყო მისი გული სრული თავისი უფალი ღმერთის მიმართ. და მიდრიკეს უცხოტომელმა ქალებმა მისი გული უცხო ღმერთებისაკენ. და ჩაიდინა სოლომონმა ბოროტება უფლის წინაშე. და არ შეუდგა უფლის კვალს, როგორც დავითი, მამა მისი. და განრისხდა უფალი სოლომონზე, რადგან აღარ იყო მისი გული სრული უფლის მიმართ, ისე, როგორც გული დავითისა, მისი მამისა" (1 მეფ. 11.1,4,6,9)]. წმინდა წერილმა იგი საკმარისად გაკიცხა, როგორც ამბობს უხუცესი, რათა არცერთ ხორციელს8 არ შესძლებოდა შეემოსა თავი დიდებით უფლის წინაშე.

2. და ამის გამო უფალი ჩავიდა მიწისქვეშეთში, ახარა მათაც თავისი მოსვლა და გამოაცხადა ცოდვების შენდობა მათთვის, ვისაც სწამს იგი. [ხოლო ირწმუნა იგი ყველამ, ვინც მასზე ამყარებდა იმედს, ანუ მათ, ვინც წინასწარ მოასწავეს მისი მოსვლა და ემსახურნენ მის განკარგულებებს - მართალი ადამიანები, წინასწარმეტყველები და პატრიარქები, რომელთაც ისევე, როგორც ჩვენ, მიუტევა ცოდვები, რომლებიც არ უნდა მივაკუთვნოთ მათ, თუკი ღვთის მადლს არ უგულებელვყოფთ. ვინაიდან როგორც ისინი არ მოგვაკუთნებდნენ ჩვენს თავაშვებულობებს, რომელსაც ჩავდიოდით, სანამ ქრისტე გაცხადდა ჩვენს შორის, ასევე, არ იქნებოდა სამართლიანი, ჩვენც დაგვედანაშაულებინა ისინი, ვინც ქრისტეს მოსვლამდე შესცოდა. "რამეთუ ღვთის დიდებისგან დაკლებულია ყველა" ადამიანი (რომ. 3.23), ხოლო განმართლდებიან არა საკუთრი თავის მეოხებით, არამედ უფლის მოსვლით ისინი, ვინც მის ნათელს ესწრაფვის]. მათი საქმეები ჩვენს შესაგონებლად იქნა ჩაწერილი, რათა ვიცოდეთ, პირველ რიგში, რომ ერთი არის ჩვენი და მათი ღმერთი, რომელსაც არ მოსწონს ცოდვები, თუნდაც გამოჩენილ ადამიანთა მიერ ჩადენილი; შემდგომ კი, რომ თავი უნდა შევიკავოთ ბოროტებისაგან. [ვინაიდან, თუკი ის ძველი ადამიანები, ვინც ჩვენი წინამორბედნი იყვნენ ღვთის წყალობებში და რომელთა გამოც ძე ღვთისას ჯერ არ ჰქონდა დათმენილი ვნება, ასეთ შერცხვენას ექვემდებარებოდნენ, როდესაც დამნაშავენი იყვნენ რამეში და ემსახურებოდნენ სხეულის ავხორცობას, რისი დათმენა მოუწევთ თანამედროვეებს, რომლებმაც არად ჩააგდეს უფლის მოსვლა და საკუთარ სიამოვნებებს მიეცნენ? მათთვის უფლის სიკვდილი იყო განკურნება და ცოდვათა შენდობა. მათ გამო კი, ვინც ახლა სცოდავს, ქრისტე უკვე აღარ მოკვდება, რადგანაც სიკვდილი უკვე ვეღარ იბატონებს მასზე; მაგრამ მოვა მამის დიდებით ძე, ჩაეძიება თავის გამრიგეებსა და მნეებს ფულთან დაკავშირებით, რომელიც მისცა მათ, რათა დაებრუნებინათ სარგებლითურთ, და, ვისაც მეტი მისცა, მეტს მოითხოვს მათგან (შდრ. მათე, 25.13-29)]. ამიტომ, არ გვმართებს, - თქვა იმ მოხუცებულმა, - ქედმაღალმა, არც ძველი თაობის ადამიანთა გაკიცხვა; არამედ თავად უნდა გვეშინოდეს, რომ შემთხვევით, ქრისტეს შეცნობის შემდეგ არ მოვიმოქმედოთ რამე, რაც არ ეამება ღმერთს, რადგან მეტად ვეღრ მივიღებთ დანაშაულთა მიტევებას, არამედ განვვარდებით მისი სასუფეველიდან. ამიტომაც თქვა პავლემ: "ვინაიდან, თუ (ღმერთმა) ბუნებრივი რტოები არ დაინდო, ალბათ არც შენ დაგინდობს, შენ, რომელიც ველური ზეთისხილი რომ იყავი, დაემყენი ზეთისხილის სიპოხეზე და მისი სიპოხის თანაზიარი გახდი.

3. ამის მსგავსად, როგორც ხედავ, აღწერილია ბრბოს მზაკვრობებიც, არა იმათ გამო, ვინც მაშინ სცოდავდა, არამედ ჩვენი შეგონებისათვის, რათა გვცოდნოდა, რომ ერთია და იგივე ღმერთი, რომლის მიმართაც ისინი სცოდავდნენ და რომლის მიმართაც ამჟამად სცოდავს ზოგი მათგანი, ვინც ამბობს, რომ სწამს იგი. და ეს მოციქულმა უგანცხადებულესად წარმოაჩინა ეპისტოლეში, რომელიც კორინთელთა მიმართ არის დაწერილი, როდესაც თქვა: "არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენი მამები, ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში, ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საკვებს შეექცეოდნენ და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, ვინაიდან სვამდნენ ისინი სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ, ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე9. მაგრამ მრავალი მათგანი არ ესათნოვა ღმერთს, რამეთუ დაეცნენ ისინი უდაბნოში. ეს იყო მაგალითი ჩვენთვის, რათა არ ვიყოთ ბოროტებათა მოსურნენი, როგორც ისინი იყვნენ მოსურნენი ამისა. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად, როგორც დაწერილია: "დაჯდა ხალხი საჭმელ-სასმელად და წამოდგა ცეკვა-თამაშისათვის" (გამოსლ. 32.6); ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგიერთი მათგანი და ერთ დღეს დაეცა ოცდასამი ათასი (შდრ. რიცხ. 26.62); ნურც განვცდით ქრისტეს, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა (2 სჯ. 6.16; მათე 4.7) და ქვეწარმავალებისაგან დაიღუპა (რიცხ. 21.6-7); ნუ დრტვინავთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპა მმუსრველის მიერ. ეს ყოველივე სამაგალითოდ შეემთხვა მათ, ხოლო ეს დაწერილია ჩვენს შესაგონებლად, რომლებზეც საუკუნეთა აღსასრული მოიწია. ამიტომაც, ვინც ფიქრობს, რომ დგას, ფრთხილად იყოს, არ დაეცეს" (1 კორ. 10.1-12).

4. [ამრიგად, როდესაც მოციქული უეჭველად და უცილობლად აჩვენებს, რომ ერთია და იგივე ღმერთი, რომელმაც ის10 საქმეებიც განსაჯა და ამჟამინდელ საქმეებსაც იძიებს და ცხადჰყოფს მიზეზს მათი აღწერისას, უმეცარნი და თავხედნი, ამასთან ერთად კი უგუნურნი აღმოჩნდებიან ყველანი, ვინც იმ ადამიანთა გარდაცდომებისათვის, ოდესღაც რომ ცხოვრობდნენ, და მრავალი მათგანის ურჩობის გამო იტყვის, რომ სხვა იყო იმათი ღმერთი, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი და არის დაკნინებულ მდგომარეობაში11, ხოლო სხვა არის მამა, ნაქადაგები ქრისტეს მიერ, ის, ვინც გონებით არის შემეცნებული თითოეული მათგანისაგან. და მათ12 არ ესმით, რომ როგორც იქ არ ესათნოვა ღმერთს მრავალი მათგანი, რომელთაც შესცოდეს, ასევე აქაც, "მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი - რჩეულ" (მათე 20.16, 22.14); როგორც იქ უსამართლონი, კერპთაყვანისმცემელნი და მეძავნი დაემშვიდობნენ სიცოცხლეს, ასევე აქაც. და უფალი წინასწარმეტყველებს, რომ ასეთები მარადიულ ცეცხლში იქნებიან გაგზავნილი, მოციქული კი ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ? ნუ იქნებით შემცდარნი: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ" (1 კორ. 6.9-10). და რადგანაც ამას ამბობს არა გარეშეთა, არამედ ჩვენ მიმართ, რათა ასეთი რამის ჩამდენნი არ განვვარდეთ ღვთის სასუფეველიდან, დაურთო: "და ასეთი იყავით თქვენც, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ უფალი იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით" (1 კორ. 6.11). და როგორც იქ იყვნენ განსჯილნი და გაძევებულნი ისინი, ვინც ცუდად იქცეოდა და დანარჩენებს ხოცავდა, ამის მსგავსადვე აქაც ამოითხრება თვალი მაცდუნებელი და ფეხი და ხელი, რათა დარჩენილი სხეული ისევე არ დაიღუპოს (შდრ. მათე, 18.8-9). და ჩვენ გვაქვს მცნება: "თუკი ვინმე, ვინც ძმად იწოდება, მეძავი ან ხარბი ან კერპთაყვანისმცემელი ან მაგინებელი ან მემთვრალე ან მტაცებელია, ასეთთან საკვებიც არ ჭამოთ" (1 კორ. 5.11). და კვლავ ამბობს მოციქული: "ნურავინ გაცდუნებთ ფუჭი სიტყვებით, რადგანაც ამისათვის ურჩ ადამიანებზე13 მოიწევა რისხვა ღვთისა. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი" (ეფეს. 5.6-7). და როგორც იქ ცოდვილთა განსჯა ეხებოდა დანარჩენებსაც, რომლებიც აამებდნენ მათ და მათთან ჰქონდათ ურთიერთობა, ასევე აქაც "მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს" (1 კორ. 5.6). და როგორც იქ უსამართლოებს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს, ასევე აქაც ამბობს მოციქული: "რამეთუ გამოჩნდება რისხვა ღვთისა ზეცით, ყველა იმ ადამიანის უწმინდურობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელნიც ჭეშარიტებას უსამართლობაში ახშობენ" (რომ. 1.18). და როგორც იქ ეგვიპტელებს, რომლებმაც უსამართლოდ დასაჯეს ისრაელი, ღვთისაგან შურისძიება დაატყდათ, ასევე აქაც. რადგან ამბობს უფალი: "განა არ იძიებს ღმერთი შურს თავის რჩეულთათვის, რომლებიც შეჰღაღადებენ მას დღედაღამ? ასევე გეუბნებით თქვენ. შურს იძიებს მათ გამო მალე" (ლუკა 18.7-8). მოციქული კი იმ ეპისტოლეში, რომელიც თესალონიკელთა მიმართ არის დაწერილი, ასე წინასწარმეტყველებს: "რამეთუ სამართლიანია ღვთის წინაშე, მიეგოს ჭირი მათ, ვინც თქვენ შეგაჭირვებთ, და თქვენ, ვინც შეჭირვებულნი ხართ, მიიღოთ განსვენება ჩვენთან ერთად, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოცხადებისას ზეციდან, თავისი სიქველის ანგელოზებთან ერთად, რათა ცეცხლის ალით შური იძიოს იმათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და იმათზე, ვინც არ მორჩილებს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარებას. მათ სასჯელად მიეზღვებათ ასევე საუკუნო წარწყმედა პირისაგან უფლისა და მისი ძლიერების დიდებისაგან, როდესაც მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდანთა შორის და გაოცდეს ყველა, ვინც იწამა იგი" (2 თეს. 1.6-10).

5.14 ვინაიდან აქაც და იქაც15 ღვთის იგივე სამართლიანობა ვლინდება ღვთის შურისძიებაში, იქ სახისმეტყველებითი16, წარმავალი და უფრო ზომიერი, ხოლო აქ17 ჭეშარიტი, მარადიული და უფრო მკაცრი, - რადგან ცეცხლი მარადიულია, და რისხვა ღვთისა, რომელიც ზეციდან განცხადდება ჩვენი უფლის პირისაგან, (როგორც დავითიც ამბობს: "პირი უფლისა ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი", ფს. 33.17), მიაგებს უფრო დიდ სასჯელს მათ, ვისაც ის შეემთხვევა, - უხუცესები ნათელჰყოფდნენ, რომ მეტად უგუნურნი არიან ისინი, ვინც იმაზე დაყრდნობით, რაც დაემართათ იმ ადამიანებს, ვინც უწინ ღმერთს ეურჩებოდა, ცდილობენ შემოიყვანონ სხვა მამა18, უპირისპირებენ რა იმას, თუ რამდენი რამ გააკეთა უფალმა, მოსულმა მათ გადასარჩენად, ვინც იგი19 შეიწყნარა, რამეთუ შეიბრალა ისინი; მაგრამ ეს ადამიანები დუმან უფლის სამსჯავროს შესახებ და დუმან იმაზეც, რაც მოიწევა მათზე, ვინც მოისმინა მისი სიტყვები და არ შეასრულა, და რომ უმჯობესი იქნებოდა მათთვის, არ დაბადებულიყვნენ (მათე, 26.24), და რომ უფრო ასატანი იქნება სამსჯავროზე ყოფნა სოდომისა და გომორისათვის, ვიდრე იმ ქალაქისათვის, რომელმაც არ მიიღო მისი მოწაფეების ქადაგებები (მათე, 10.15).

--------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.27.1-4.28.1; იხ. Sancti Irenaei, 1853, გვ. 648-655. ლაითფუტთან ტექსტი ქვეთავებად არ არის დაყოფილი. იგი ჩვენ დავყავით ირინეოსის ზემოაღნიშნული გამოცემის მიხედვით.

2 - მკლევართა ვარაუდით, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს წმ. პოლიკარპე სმირნელი.

3 - იგულისხმება, ნათანმა დავითს.

4 - სიტყვასიტყვით: სიკვდილის ძეა ("filius mortis est").

5 - "exhomologeseos" წარმოადგენს ტრანსლიტერაციას ბერძნული სიტყვისა ἐξομολογέσεως (ἡ ἐξομολόγεσις).

6 - "in conditione".

7 - იგულისხმება უფალი.

8 - "caro", სიტყვასიტყვით: "სხეულს", "ხორცს".

9 - შდრ. ჰერმასის მწყემსი, 3.9.12.1-2.

10 - ანუ უწინდელი.

11 - "hunc esse mundi fabricatorem, et esse in diminutione" (შდრ. "is in decay", Lightfoot, 1907, გვ. 557).

12 - იგულისხმებიან მწვალებლები.

13 - "in filios diffidentiae", სიტყვასიტყვით: "უნდობლობის ძეებზე". ლათინური ვულგატის ეს სიტყვები ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტში შეესაბამება "ურჩობის ძეებს" (ἐπὶ τοὺς υἱοὺς τῆς ἀπειθείας)

14 - ეს მონაკვეთი შეესაბამება ირინეოსის ამავე თხზულების 4.28.1 ქვეთავს.

15 - იგულისხმება, ორივე აღთქმაში, ახალშიც და ძველშიც.

16 - ანუ ძველ აღთქმაში სიმბოლურია.

17 - იგულისხმება ახალი აღთქმა.

18 - საუბარია მამა ღმერთის შესახებ.

19 - ანუ უფალი.

 

X1

1. ისინი, ვინც კიცხავს და ბრალად უყენებს ხალხს, რომ ღვთის ბრძანებით, გამოსვლისას, ეგვიპტელთაგან ყოველგვარი სახის ჭურჭელი და ტანსაცმელი წამოიღო და ასე წამოვიდა, და მათგან უდაბნოში კარავი გააკეთა, საკუთარ თავს ღვთის განმართლება-დადასტურებათა2 და მისი განკარგულებების უცოდინრებად წარმოაჩენენ, როგორც ამას უხუცესი ამბობს. [ვინაიდან ღმერთს რომ ეს არ ენებებინა იმ სამაგალითო გამოსვლისას, ვერავინ შესძლებდა გადარჩენას დღეს, ჩენი ჭეშარიტი გამოსვლისას, - რომელიც წარმოადგენს რწმენას, რომელშიც დაფუძნებულნი ვართ და რომლითაც გამოვიყოფით წარმართთა რიცხვიდან, - რადგან ჩვენ ყველას მოგვდგამს ან მცრე ან დიდი ქონება, რომელიც მოვიპოვეთ "მამონას უსამართლობისგან" (ლუკა, 16.9). რამეთუ საიდან გვაქვს სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ, და სამოსელი, რომლითაც ვიმოსებით, და სასმისები, რომლებითაც ვსარგებლობთ, და ყველაფერი დანარჩენი, სახმარი ჩენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის, თუ არა იმისგან, რაც, წარმართები რომ ვიყავით, სიხარბით მოვიპოვეთ, ან მივიღეთ წარმართი მშბლებისგან ან ნათესავ-მეგობრებისგან, რომლებმაც ისინი უსამართლობით დაინარჩუნეს? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ვიხვეჭთ ახლაც, რწმენაში მყოფნი. ვინაიდან ვინ არის ისეთი, ვინც ყიდის და არ სურს მიიღოს სარგებელი მისგან, ვინც ყიდულობს? ვინაიდან ვინ არის ისეთი, ვინც ყიდულობს და არ სურს თავისთვის უფრო მეტი სარგებლის მიღება იმისაგან, ვინც ჰყიდის? საქმოსნობისას ვინ არ საქმოსნობს იმისათვის, რომ იქიდან საკუთარი თავის გამოკვების შესაძლებლობა მიეცეს? რა, ვინც სამეფო სასახლეში არიან, მორწმუნეები, განა არავინ ღებულობს სახმარს იმ ქონებისგან, რომელიც კეისარს ეკუთვნის, და თითოეული მათანი თავისი სათნოების მიხედვით არ უნაწილებს მათ, ვისაც ის არ აქვს? ეგვიპტელი ხალხები დავალებულნი იყვნენ არა მხოლოდ საქმით, არამედ თავიანთი სიცოცხლითაც პატრიარქ იოსების ადრინდელი სიკეთისაგან, ხოლო ჩენ მიმართ რით არიან დავალებულნი წარმართნი, რომელთაგანაც ჩენ სარგებელსაც ვღებულობთ და სარგებლობასაც? რასაც ისინი შრომით მოიპოვებენ, იმას ჩენ, რწმენაში მყოფნი, უშრომელად ვიყენებთ.

2. იქამდე ხალხი ეგვიპტელებს ემსახურებოდა ყველაზე მძიმე მონობით, როგორც ამბობს წმინდა წერილი: "და ძალით ახორციელებდნენ ძალაუფლებას ეგვიპტელები ისრაელის შვილებზე, და საძულველად უქციეს მათ ცხოვრება მძიმე შრომით, თიხითა და აგურით და ყოველგვარი სამუშაოებით, რომლებსაც ისინი მინდვრებში ასრულებდნენ, ყველა სამშაოთი, რომლებითაც მათ ძალით, უწყალოდ ამუშავებდნენ" (გამოსლ. 1.13-14). და უშენებდნენ მათ გამაგრებულ ქალაქებს, მუშაობდნენ ბევრს, ამრავლებდნენ მათ ქონებას მრავალი წლის განმავლობაში და ყოველგვარი სახის მონობით, მაშინ, როდესაც ისინი არა მხოლოდ უმადურნი იყვნენ მათ მიმართ, არამედ ჭეშმარიტად ყველას დაღუპვა ეწადათ. მაშ რა იქნა ჩადენილი უსამართლოდ, თუკი მრავალის სანაცვლოდ მცირედი აიღეს და მათ, ვისაც შეეძლო დიდი ქონება ჰქონოდა, მათთვის რომ არ ემსახურათ, და მდიდარნი წასულიყვნენ, დიდი მონობისთვის უმცირესი ჯილდო მიიღეს და ღარიბნი წავიდნენ? ისევე, როგორც თუკი ვინმე თავისუფალი, ძალით გატაცებული ვინმეს მიერ, ემსახურებოდა ამ უკანასკნელს მრავალი წლის განმავლობაში და განამრავალა მისი ქონება, მოგვიანებით კი, მის მიერ რაღაც მცირეოდენი შემწეობის მიღების შემდეგ, ჩაითვალა, რომ რაც მან მიიღო, ის საკმარისი იყო, თუმცა სინამდვილეში თავისი მრავალი შრომიდან და დიდი მონაპოვრიდან მხოლოდ მცირედი აიღო და წავიდა; თუ ამას მავანი ბრალად წაუყენებს იმას, თითქოს არ მოიქცა სწორად, მაშინ თავად მსაჯული გამოჩნდება დიდად უსამართლო იმის მიმართ, ვინც ძალით იქნა წარტაცებული მონობაში. ასეთები არიან ის ადმაიანებიც, რომლებიც ბრალად უყენებენ ხალხს, რომ ბევრიდან მცირედი აიღო თავისთვის, და არ უყეებენ ბრალად იმათ, რომლებმაც არ გადაუხადეს დამსახურებისამებრ არავითარი მადლობა, რომელიც ემართათ მშობლებისა, მეტიც, უმძიმეს მონობაში ჰყავდათ და უდიდესი სარგებელი მიიღეს მათგან. და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ებრაელი ხალხი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც, როგორც ზემოთ ვთქვით, მცირე ჭურჭლეულით მოუჭრელი ოქრო და ვერცხლი წაიღო; თავად კი (უნდა ითქვას, რაც ჭეშარიტებაა, თუნდაც ეს სასაცილოდ ეჩენოს ვისმე), ამბობენ, რომ სამართლიანად იქცევიან, როდესაც სხვათა შრომისაგან მიღებულ, კეისრის გამოსახულებიან და წარწერიან მოჭრილ ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს ატარებენ თავიანთ ქამრებზე3.

3. ხოლო თუკი ჩენ და მათ შეგვადარებენ ერთმანეთს, რომელი აღმოჩნდება ის, ვინც უფრო სამართლიანად მიიღო? ებრაელმა ხალხმა ეგვიპტელთაგან, რომლებიც ყველაფერში დავალებულნი იყვნენ მათგან, თუ ჩენ - რომაელთა და დანარჩენ ხალხთაგან, რომელთაც არაფერი მართებთ ასეთი ჩენი, არამედ სამყაროში მათი წყალობით სუფევს მშვიდობა და ჩენ უშიშრად დავდივართ გზებზე და ვნაოსნობთ, სადაც გვინდა. ასეთ ადამიანთა წინააღმდეგ ჯეროვანი იქნებოდა უფლის სიტყვა, რომელიც ამბობს: "თვალთმაქცო, ჯერ ამოიღე დირე შენი თვალიდან და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძის თვალიდან ბეწვი" (მათე 7.5). ვინაიდან, თუკი ის, ვინც შენ ამას ბრალად გიყენებს და ამაყობს თავისი ცოდნით, გამოეყო წარმართთა კრებულს და არაფერს ფლობს სხვისას, არამედ უბრალოდ შიშველია და შიშველი ფეხებით და უსახლკაროდ ცხოვრობს მთებში, როგორც რომელიმე იმ ცხოველთაგანი, რომლებიცმცენარეებს ძოვენ, შენდობის ღირსია იმის გამო, რომ არ იცის ჩვენი ცხოვრების საჭიროებათა შესახებ. ხოლო თუკი ფლობს იმას, რასაც ადამიანები სხვისას უწოდებენ (შდრ. მათე, 21.22), და თანაც მათ4 მაგალითს კიცხავს, საკუთარ თავს ყველაზე უსამართლო ადამიანად წარმოაჩენს და ასეთ ბრალდებას საკუთრი თავისაკენ მიმართავს]. რადგან იგი აღმოჩნდება სხვისი ქონების მატარებელი და იმის მოსურნე, რაც მისი არ არის. ამასთან დაკავშირებით თქვა უფალმა: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ: ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმგვარითვე განისჯებით" (მათე, 7.1-2). [ის კი არა, რომ ბრალს არ ვდებთ ცოდვილებს, ან იმას ვეთანხმებით, რასაც ისინი ბოროტად სჩადიან, არამედ რათა არ განვსაჯოთ უსამართლოდ ღვთის განკარგულებანი, რადგან ღმერთმა სამომავლოდ ყველაფერი სამართლიანად განჭვრიტა. ვინაიდან, რადგანაც იცოდა, რომ ჩენ ჩენს ქონებას, რომელიც სვისგან გვექნება მიღებული, კეთილად გამოვიყენებთ, თქვა: "ვისაც ორი ტუნიკა აქვს, მისცეს მას, ვისაც იგი არ გააჩნია; და ვისაც საკვები აქვს, ასევე მოიქცეს" (ლუკა 3.11); და: "რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, და შშველი ვიყავი და შემმოსეთ მე" (მათე, 25.35-36); და: "როდესაც გასცემ მოწყალებას, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს  მარჯვენა შენი" (მათე, 6.3), და ჩვენ ვმართლდებით, როდესაც სხვა დანარჩენ სიკეთესაც ვაკეთებთ, როდესაც თითქოს სხვებისაგან ჩენი საკუთარის გამოსყიდვას ვახდენთ. "სხვებისაგან" იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვგულისხმობ, თითქოს უცხო იყოს ღვთისგან სამყარო, არამედ იმის გამო, რომ ასეთი წყალობანი გვაქვს მიღებული სხვათაგან, ისევე, როგორც მათაც ეგვიპტელთაგან, რომლებმაც არ იცოდნენ ღმერთი. სწორედ ამის მეშვეობით აღვმართავთ საკუთარ თავებში ღვთის კარავს, რამეთუ კეთილისმოქმედ ადამიანებში მკვიდრობს ღმერთი, როგორც ამბობს უფალი: "შეიძნეთ მეგობრები უსამართლობის მამონათი, რათა მათ, როდესაც ლტოლვილნი გაიქცევით, მიგიღონ თქვენ საუკუნო კარავში" (ლუკა, 16.9). ვინაიდან, რაც შევიძნეთ უსამართლობით, როდესაც წარმართნი ვიყავით, იმას, როდესაც ვიწამეთ, საუფლო სარგებელისაკენ მივმართავთ და განვმართლდებით.

4. ამგვარად, ეს ყველაფერი აუცილებლობის გამო, სამაგალითოდ იქნა წინდაწინ განხორციელებული, და ამ ყველაფრისაგან შეიქმნა ღვთის კარავი; ვინაიდან ებრაელმა ხალხმა, როგორც განვმარტეთ, სამართლიანად მიიღი5, მათში კი წინასწარმოსწავებულნი ვართ ჩვენ, რომელთაც სხვათა მეოხებით უნდა დაგვეწყო ღვთისთვის მსახურება. ვინაიდან ეგვიპტიდან ხალხის მთელი გამოსვლა იყო ღვთისმიეტი მაგალითი და გსამსოახულება წარმართთაგან ეკლესიის მომავალი გამოსვლისა. ამის გამო, დასასრულისას, იგი აქედან მიჰყავს საკუთარი მემკვიდრეობისაკენ6, რომელსაც არა მოსე, მსახური ღვთისა, არამედ იესო, ძე ღვთისა7, მისცემს მას სამემკვიდრეოდ. ხოლო თუ ვინმე უფრო გულმოდგინედ დააკვირდება იმას, რასაც წინასწარმეტყველები ამბობენ დასასრულის ჟამის შესახებ, და რაც იოანემ, უფლის მოწაფემ, იხილა გამოცხადებაში, აღმოაჩენს, რომ წარმართები საზოგადოდ მიიღებენ იმავე სასჯელს, რაც მაშინ განკერძოებულად მიიღო ეგვიპტემ].

5.8 ძველი თაობის ადამიანთა შესახებ ამგვარი ამბების გადმოცემით უხუცესი გვამხნევებდა ჩვენ და ამბობდა, რომ ამგვარ დანაშაულთა გამო, რომლებშიც თავად წმინდა წერილი სდებს ბრალს პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, ჩვენ არ გვმართებს, გავკიცხოთ ისინი ან დავემსგვავსოთ ქამს, რომელმაც დასცინა თავისი მამის სირცხვილს და წყევლა დაიმსახურა (შდრ. დაბ. 9.20-27), არამედ მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ გამო ღმერთს, რადგან ჩენი უფლის მოსვლისას მათ ცოდვები მიეტევათ. ვინაიდან, - ამბობდა იგი, - ისინიც უძღვნიან მადლობებს და დიდებით იმოსებიან ჩვენი ცხონებისას. იმ საკითხთა შესახე კი, რასაც წმინდა წერილი არ კიცხავს, არამედ უბრალოდ გადმოცემულია მასში, ჩენ მათ არ უნდა გავუხდეთ ბრალმდებლებად9, რადგან არც ღმერთზე უფრო გულმოდგინენი ვართ, არც მოძღვარს შეგვიძლია გარდავემატოთ, არამედ შეგვიძლია მხოლოდ გამოვიკვლიოთ მაგალითის მნიშვნელობა. ვინაიდან იმ ამბავთაგან, რაც დაგმობის გარეშეა გადმოცემული წმინდა წერილშ, არაფერია უსარგებლო.

--------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.30.1-4.31.1; Sancti Irenaei, 1853, გვ. 658-662. ლაითფუტთან ფრაგმენტის ტექსტი ქვეთავებად არ არის დაყოფილი. იგი ჩვენ დავყავით ირინეოსის ზემოაღნიშნული გამოცემის მიხედვით.

2 - "justificatio" ახალ აღთქმაში გამოყენებულია ბერძნული δικαίωσις-ის და δικαίωμα-ს შესაბამისად (შდრ. რომ. 4.25, 5.16,18), და მას იგივე მნიშვნელობა აქვს.

3 - იგულისხმება, ქამრებზე ჩამოკიდებული ქისების სახით.

4 - საუბარია ებრაელი ხალხის შესახებ.

5 - საუბარია იმ ნივთთა შესახებ, რომლებიც ებაელებმა ეგვიპტიდან წაიღეს.

6 - იგულისხმება ეგვიპტიდან ღვთის მიერ ებრაელთა წაყვანა აღთქმული ქვეყნისაკენ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშნელობით.

7 - "Moyses quidem famulus Dei, sed Iesus Filius Dei"; Sancti Irenaei, 1853, გვ. 661.

8 - ეს მონაკვეთი შეესაბამება ირინეოსის ამავე თხზულების 4.31.1 ქვეთავს.

9 - იხ. 9.2.

 

XI1

ამგვარადვე განმარტავდა მოციქულთა უფროსი მოწაფე ორივე აღთქმის შესახებ, და აჩენებდა, რომ ორივე მათგანი ერთი და იმავე ღმერთისგან მომდინარეობს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ერთისა, რომელმაც შეგვქმნა და გამოგვსახა2 ჩვენ. ხოლო არ გააჩნია არავითარი ძალმოსილება მათ შეხედულებას, ვინც ამბობს, რომ ან ანგელოზთა ან რამე სხვა ძალით ან სხვა ღმერთის მიერ შეიქმნა ეს სამყარო, რომელიც ჩენს გარშემოა. [რადგან თუკი ვინმე ერთხელ ზურგს შეაქცევს ყოველთა შემოქმედს3 და დაუშებს, რომ ვინმე სხვამ შექმნა ან სხვისი მეშვეობით შეიქმნა ის, რაც ჩენს გარშემოა, ასეთი ადამიანი აუცილებლად ჩავარდება დიდ შეუსაბამობასა და მრავალ წინააღმდეგობაში, რომელთაც ვერცერთ დასაბუთებას ვერ მოუძებნის, ვერც ვარაუდს, ვერც ჭეშარიტების თალსაზრისით. ამ მიზეზის გამო ისინი, ვისაც სხვა მოძღვრებები შემოაქვთ, მალავენ ჩენგან, რა შეხედულება გააჩნიათ თავად ღვთის შესახებ, რადგან იციან თავიანთი მოძღვრების სისუსტე და სიცარიელე, და შიშობენ, არ დამარცხდნენ და არ დააყენონ საფრთხის ქვეშ თავიანთი გადარჩენის საკითხი.

----------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.32.1; Sancti Irenaei, 1853, გვ. 664.

2 - "facit et plasmavit".

3 - "a factore omnium".

 

XII1

[მაშასადამე, ვინაიდან ყველაფერი ღვთის მიერ არის შექმნილი, ეშმაკი თავად გახდა საკუთრი და სხვათა განდგომის2 მიზეზი; წმინდა წერილი მუდამ სამართლიანად უწოდებს მათ, ვინც განდგომილებაში აგრძელებს ყოფნას, ეშმაკის შვილებს და ბოროტის ანგელოზებს3]. ვინაიდან "ძე", როგორც მავანმა თქვა ჩვენამდე, ორგვარი მნიშნელობით შეიმეცნება: ერთი - ბუნების მიხედვით, რადგან ძედ არის დაბადებული; მეორე კი - იმის მიხედვით ითვლება ძედ, რომ იგი ასეთად არის შექმნილი, თუმცა არსებობს განსხვავება დაბადებულსა და შექმნილს შორის4.

---------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.41.2; Sancti Irenaei, 1853, გვ. 709.

2 - "abscessio" შეიძლება, ასევე, ითარგმნოს, როგორც "განვარდნა".

3 - ირინეოსთან დაცული ეს მონაკვეთი არ არის მოცემული ლაითფუტის გამოცემაში.

4 - "inter natum et factum".

 

XIII1

შემდეგ სად მოთავსდა პირველი ადამიანი? ცხადია, როგორც დაწერილია, სამოთხეში, იქიდან კი ურჩობის გამო ამ სამყაროში გამოაძევეს (შდრ. დაბ. 2.8, 3.23-24). როგორც ამბობენ უხუცესები, მოციქულთა მოწაფეები: იქ გადაიყვანეს გადაყვანილნი2, - რადგან განმზადებულია სამართლიან ადამიანთა და სულშემოსილთათვის3 (ოსია, 9.7; სოფ. 3.4) სამოთხე. მასში იქნა ატაცებული პავლე მოციქული და მოისმინა ენითუთქმელი სიტყვები (2 კორ. 12.4), როგორიც არიან ეს სიტყვები ჩენთვის საწუთროში ცხოვრებისას, - და იქვე დარჩებიან გადაყვანინი (სამყაროს) აღსასრულამდე, როგორც პირველდამწყებნი უხრწნელებისა.

-------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.5.1; Sancti Irenaei, 1853, გვ. 727-28; ლაითფუტის გამოცემაში ეს ფრაგმენტი გადაბეჭდილია იოანე დამასკელის წმინდა პარალელებიდან.

2 - τοὺς μετατεθέντες ἐκεῖσε μετατεθῆναι. იგულისხმებიან ის ადმაიანები, რომლებიც ზეცად აიყვანეს და სამოთხეშ მოხვდნენ.

3 - πνευματοφόροις.

 

XIV1

ვინაიდან, რადგანაც ის ხის მეშვეობით დავკარგეთ, ხის მეშვეობითვე გახდა იგი კვლავ ცხადი ყველასათის, აჩვენა სიგრძე, სიმაღლე, სიღრმე და სიგანე საკუთრ თავში და, როგორც თქვა მავანმა (ჩვენს) წინამორბედთაგან, ხელთა საღმრთო გაწოდების მეშვეობით (შდრ. საქმე, 4,30) ორი ხალხი ერთ ღმერთთან შეკრიბა.

-------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.17.4; Sancti Irenaei, 1853, გვ. 765. ეს ფრაგმენტი დაცული იყო ხელნაწერში: Codex Coislinianus 211.

 

XV1

ამგვარად, საქმის ასეთი ვითარებისას, როდესაც ამასთან (გამოცხადების) ყველა საუკეთესო და ძელ ნუსხაში ეს რიცხვია მოცემული, და მოწმობენ ისინიც, ვისაც იოანე საკუთრი თალით უხილავს, ხოლო სიტყვა გვასწავლის, რომ მხეცის სახელის რიცხვი, ბერძენთა სათვალავისამებრ, მასში არსებულ რიცხვთა მიხედვით, შეიცავს 600 და 66 (გამოცხ. 13.18), ... ზოგიერთები, არ ვიცი როგორ, შეცდნენ, რადგან მიჰყვნენ კერძო (წაკითხვას) და დაამახინჯეს სახელის შუა რიცხვი, გამოაკლეს ნარ-ის რიცხვითი მნიშვნელობა2 და ექვსი ათეულის ნაცვლად ჩათალეს, რომ იყო ერთი ათეული3.

-------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.30.1; Sancti Irenaei, 1853, გვ. 798. ლაითფუტი მიუთითებს, რომ ბერძნული ტექსტი ამ გამცოემაში მომდინარეობს ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიიდან (5.8.5) და იოანე დამასკელის წმინდა პარალელებიდან. იგი დაცულია, ასევე, ნიკიფორე კალისტოსის ეკლესიის სიტორიაშიც, 4.14 (PG 145, სვ. 1008 B). ამ ფრაგმენტთან დაკავშირებით, Stieren-ის გამოცემის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ ევსევი კესარიელი ტექსტის პირველ ნაწილს, სიტყვებს "მასში არსებულ რიცხვთა მიხედვით" (ἐν αὐτῷ γραμμάτων) უმატებს ἐμφαίνεται-ს ("წარმოჩნდება"). ეს სიტყვა ჩაწერილია ნიკიფორე კალისტოსის ეკლესიის ისტორიაშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებულ ავტორებთან დაცულია ტექსტის მხოლოდ პირველი ნახევარი, რომელიც ლაითფუტთან ἐμφαίνεται-ს ნაცვლად მთავრდება ლათინურენოვანი მონაკვეთით "sexcentos habebit et sexaginta et sex" ("შეიცავს 600 და 66").

2 - ანუ ორმოცდაათი. ბერძნულ ასო-ნიშნებს, ისევე, როგორც ძველ ქართულს, საკუთარი რიცხვითი მნიშნელობა აქვთ.

3 - სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიიღეს 616.

 

XVI1

ასევე უხუცესებმაც, რომლებმაც იხილეს იოანე, უფლის მოწაფე, მოიგონეს, რომ მოუსმენიათ მისგან, როგორ ასწავლიდა იმ ჟამთა შესახებ უფალი და ამბობდა...

--------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.33.3; Sancti Irenaei, 1853, გვ. 809. შდრ. პაპიას ჰიერაპოლელი, ფრაგმენტი 14.

 

XVII1

1. როგორც უხუცესები ამბობენ, მაშინ ისინი, ვინც ზეციური ცხოვრების ღირსი გახდა, იქით2 გაემართებიან, სხვები სამოთხის განცხრომას მიიღებენ (ეზეკ. 28.13), დანარჩენები ქალაქის ბრწყინვალებას დაინარჩუნებენ, მაცხოვარი კი ყველგან იქნება ხილვადი იმ ხარისხით, რამდენადაც ღირსნი იქნებიან მისი მხილველები.

2. ისინი ამბობენ, რომ არსებობს ამგვარი განსხვავება მათ სამყოფელს შრის, ვინც ასჯერ მეტი ნაყოფი გამოიღო, ვინც გამოიღო სამოცჯერ მეტი და ვინც - ოცდაათჯერ მეტი: ერთნი ზეცად იქნებიან აყვანილნი, მეორენი - სამოთხეში იცხოვრებენ, მესამენი კი ქალაქში დაივანებენ. და ამის გამო თქვა უფალმა: "ჩემს მამასთან მრავალი სავანეა3" (იოანე, 14.2). ვინაიდან ყველაფერი არის ღვთისა და იგი ყველას ჯეროვან სამკვიდრებელს უწყალობებს. [როგორც მისი სიტყვა4 ამბობს, მამის მიერ ყველაფერი განაწილებულია იმის მიხედვით, ვინ რისი ღირსია ან რისი ღირსი იქნება. და ეს არის სანადიმო დარბაზი, რომელშიც წამოწვებიან5 ისინი, ვინც, მოწვეულნი, ქორწილზე ინადიმებენ (შდრ. მათე, 22.1-14)]. ასეთი არის განწესება6 და განთავსება7 მათი, ვინც გადარჩება, - ამბობენ უხუცესები, მოციქულთა მოწაფეები, - ამგვარი საფეხურების მეშვეობით წარემატებიან ისინი, და სულიწმინდის მეშვეობით ძესთან, ძის მეშვეობით კი მამასთან ადიან; ვინაიდან შემდეგი ძე გადასცემს მამას თავის საქმეს, როგორც არის ნათქვამი მოციქულის მიერ: "რადგანაც მართებს მას მეუფება, ვიდრე ყველა მტერს თავის ფეხქვეშ არ მოიქცევს" (1 კორ. 15.25).

--------------------------------------------

1 - ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.36.1-2; Sancti Irenaei, 1853, გვ. 818-819; ბერძნული ტექსტისთვის, რომელიც ფრაგმენტის პირველ ნახევარს შეადგენს, ლაითფუტი წყაროდ მიუთითებს დანართს ანასტასი სინელის განმარტებებისა წმინდა წერილზე, 74, თუმცა ანასტასისთან დამოწმებული ბერძნული ტექსტი სიტყვასიტყვით არ ემთხვევა ამ ფრაგმენტს (PG 89, სვ. 701 CD). შდრ. ანდრია კესარიელი, განმარტებანი გამოცხადებაზე, 32, 43 (PG 106, სვ. 317 C, 349 BC). ლაითფუტთან ტექსტი ქვეთავებად არ არის დაყოფილი. იგი ჩვენ დავყავით ირინეოსის ზემოაღნიშნული გამცოემის მიხედვით.

2 - იგულისხმება, ზეცისაკენ.

3 - μονή ნიშნავს "სავანეს", "მონასტერს".

4 - იგულისხმება ღვთის სიტყვა, მაცხოვარი.

5 - რომაელები მხარ-თეძოზე წარმოწოლილნი ნადიმობდნენ.

6 - "adordinatio", სიტყვასიტყვით: მოწყობა, დახარისხება.

7 - "dispositio".

 

ლათინურიდან თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა

გამომცემლობა "ლოგოსი", "სამოციქულო მამები", თბილისი, 2014.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 28 DECEMBER 2018 22:02)