ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ შიშისათჳს ღმრთისა და სინანულისა

სწავლასა ჭეშმარიტსა გუასწავებს ჩუენ დავით წინაწარმეტყუელი და იტყჳს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაჲ თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ, ამისთჳს გასწაო ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაჲ, რამეთუ ცხორებასა საუკუნესა განგჳმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაჲ, არამედ დიდებასაცა და ქებასა.

აწ უკუე ვინაჲთგან შიში ღმრთისაჲ ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არს ჩუენდა, ჯერ-არს, ძმანო საყუარელნო, რაჲთა ვჰმონებდეთ უფალსა შიშით, ჭეშმარიტით[ა] მონებითა, არა ხოლო სიტყჳთ, არამედ საქმით. და ვყოთ საფუძველ მონაგებისა ჩუენისა სიმბდაბლე, რაჲთა მივემსგავსნეთ სიმდაბლესა და სიყუარულსა მაცხოვრისა ჩუენისასა. იხილეთ, ძმანო, ნუმცა რაჲთ ნებითა ამის ქუეყანისაჲთა შეურაცხ-ვჰყოფთ მცნებათა უფლისა თჳსისათა. უწყოდით, რამეთუ განხრწნადნი ჴორცნი გუმოსიან და არა უწყით, თუ ხვალემ[დე] ცოცხალ ყოფად ხარ, რამეთუ დღენი შენნი აღრაცხილ არიან. რასა უკუე ზუაობ ურგებთათჳს, რომელი უკუე ქუეყანისა საქმეთაგანი ჰგიეს სამარადისოდ, რაჲთა შევიკრძალოთ იგი, ძმანო, რომელი იშვა და არა მოკუდა. რომელი შუენიერებაჲ არა იცვალა უკუანაჲსკნელ, გინა რომელი ჭაბუკი არა დაბერდა. ნუუკუე და-ვინ-იმკჳდრა სადა ქუეყანაჲ ესე საუკუნოდ, -- არა სამე, აწ უკუე გულისჴმა-ყვენ ესევითარნი საქმენი და განაგდე შენგან ზუაობაჲ და უწყოდე, ვითარმედ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარჴდეს.

ოდეს უკუე იხილო მდელოჲ ქუეყანისაჲ, ამსგავსე მას ბუნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი მდელოჲ ქუეყანისაჲ მარადის შეიცვალების, ეგრეცა ყოველნი საქმენი ძეთა კაცთანი. უფალსა შენსა აღუთქუამს შენდა ცხორებაჲ წარუვალი, და შენ შეგიყუარებიეს ცხორებაჲ წარმავალი. შეურაცხ-ყვენ გემონი და მძლე-ექმენ ნებასა მუცლისასა, და ნუ უდებ იქმნები მცირედთა ამათ დღეთა, რაჲთა არა შეგიყვანონ შენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, დაულევნელთა, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა აქა მცირედ შრომაჲ თავს-იდვა, და განერე საუკუნეთა მათ სატანჯველთა, და არა წარხჳდე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა და იქმნე შენ საჭმლად ცეცხლისა მის უშრეტისა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელო, რაჲთა არა უგულებელს-ჰყო სული შენი, და მიიწიო შენ სუფევასა მას დაუსრულებელსა და შუებასა მას გამოუთქუმელსა ანგელოზთა თანა, და ზეცისა ცხორებასა და საღმრთოთა სამკჳდრებელთა, რამეთუ ვართ ჩუენ ჟამიერნი, რაჲთა მცირედ ვიღუაწოთ და საუკუნოდ განვისუენოთ. აწ უკვე ნუმცა კადნიერ ვიქმნებით სულგრძელებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, რამეთუ აქა მოთმინე და სულგრძელ არს ჩუენ ზედა, ხოლო მუნ გამოიწულილავს საქმეთა ჩუენთა. დაიცევ კარი პირისა შენისაჲ, რომელ არს ენაჲ შენი, რამეთუ უფროჲსნი ცოდვანი ენისა მიერ შეითხზვიან; ნუუკუე იტყჳ, ვითარმედ მცირედსა სიტყუასა ვიტყოდეთ. იხილე, რავდენნი განსაცდელნი შეუდგან სიტყუასა, ძმაო.

გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყჳთ, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე გეშინოდენ, ჵ უბადრუკო, რაჲთა არა, დაიწერდნენ შენ ზედა ყოლადვე ბოროტნი საქმენი შენნი, არამედ რომელღა-იგი დაწერილ არიან. ისწრაფე აჴოცაჲ მათი ხოლო, საჴმარ არს შენდა ტირილი ფრიადი, ლოცვაჲ და სინანული და აღსარებაჲ ცოდვათა შენთაჲ და სხუანი მრავალ-ფერნი სათნოებანი, რაჲთა ამით ესევითარითა აჰჴოცნე შეცოდებანი შენნი და განერე სატანჯველთა მათგან და სირცხჳლისა მისგან საუკუნოჲსა, არად საჴმარ არიან მუნ მონაგებთა სიმრავლენი, არამედ საქმენი კეთილისანი.

აწ უკუე არა ვზრუნვიდეთ მონაგებთათჳს, არამედ ვტიროდით წინაშე მსაჯულისა მის უკუდავისა. და უკუეთუ გაქუნდეს მონაგები, განუყავ იგი გლახაკთა, რამეთუ შემძლებელ ხარ ჴსნასა სულისა შენისასა, ვიდრე-ესე სოფელსა-ღა შინა ხარ. უკუეთუ შენ გინდეს, იხილე და ნუმცა მიგისწრობენ სასუფეველად მეზუერენი და მეძავნი. სულთ-ითქუემდ აქა, რაჲთა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაჲ, რაჲთა მუნ მოიმკო სიხარული. თავ-მოდრეკით სულთ-ითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მჴურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა მას, რომელ სახარებასა წერილ არს, ტირილითა შეუნდვნა ქრისტემან ყოველნი ცოდვანი მისნი (ლუკა 7.37-48); რავდენ უფროჲს შენ, ოდეს სტიროდი მარხვითა და სიწმიდითა, უფროჲს მისსა ღირს იქმნე წყალობასა! უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გქონან, ქანანელისა მისებრ ჴმობდი: "შემიწყალე მე, უფალო" (მათე 15.22). უკუეთუ არა გაქუს შენ კადნიერებაჲ საქმეთაგან კეთილთა, მიივლტოდე მრავალ-მოწყალებათა მიმართ მაცხოვრისათა, გამოუთქუმელთა, და მიისწრაფე მდინარედ, ღმრთივ-სულიერთა წიგნთა კითხვასა. რამეთუ ვითარცა-იგი რომელნი ჟამსა სიცხისასა მახლობელად სხდიედ გამოსადინელსა წყალთასა და სიგრილისა მისგან ჰაერისა განერნიან მძაფრისა მისგან სიცხისა, ეგრეთვე რომელი მიივლტოდის წიგნთა წმიდათასა, განარინოს სული თჳსი ყოველთაგან ვნებათა, ვითარცა რომელი განერის საჴუმილისაგან ცეცხლისა, რამეთუ სიტყუანი წიგნთანი ნუგეშინის-ცემანი ღმრთისანი არიან. ვინ უკუე შემძლებელ არს შეწუხებად მისა, რომელსა ჰქონდის ღმერთი ნუგეშინის-მცემელად!

მოიგე უკუე წიგნის კითხვაჲ მოუწყინებლად, დაღაცათუ მცირედ დაშურე, არამედ გული შენი განათლდეს, უკუეთუ იღუაწო სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა, ლოცვითა და მღჳძარებითა და მოთმინებითა. ლოცვასა შინა მარადის ნუ იტყჳთ, ვითარმედ "ვევედრე ერთ გზის და ორ გზის, გინა მრავალ გზის და ვერ მივემთხჳე სათხოელსა ჩემსა". ნუ დააცადებ ლოცვასა, ვიდრემდის მოიღო საწადელი შენი. და ოდეს თაყუანის-სცემდე, ნუმცა პირი შენი ილოცავს და გონებაჲ შენი იარების, რამეთუ ღმერთსა არა ხოლო თუ სიტყუანი ოდენ ჰნებვენ, არამედ საქმენი მვედრებელთა მისთანი. ნუ იქმნები მცირედ მორწმუნე წყალობათა მისთა. ვინ უკუე მიენდო ღმერთსა და სირცხჳილეულ იქმნა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან უგულებელს-ყო! ანუ ვინ ითხოვა სარწმუნოებით და მან არა ისმინა მისი! რამეთუ ღმერთი სახიერ და მოწყალე არს, შეუნდვნის შეცოდებანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი. გულს-ეტყოდე მარადის, საყუარელო, განსლვისათჳს შენისა ამიერ სოფლით და დღისა მისთჳს საშინელისა. და ვითარ იყო ჟამსა მას, ოდეს სული შენი გუამისა შენისაგან გაეშორებოდის დავრდომილი სარეცელსა ზედა შენსა, ძმაო, და ვერ შემძლებელ იყო ყოლადვე შეწევნად თავისა შენისა, დაჰნერგე გონებასა შენსა მარადის, რეცა სახლეულნი და მეგობარნი შენნი მსხდომარე არიან გარემოჲს შენსა და მწუხარედ იგლოვენ და სულ-თქუმით ტირან წარყვანებისათჳს სულისა შენისა და ვერვინ მათგანი შემძლებელ არს ვედრებად ანგელოზთა მათ, რომელნი ასწრაფებდენ სულსა შენსა გამოსლვად გუამისაგან.

აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროჲს კეთილთასა, დაჰფლენ იგინი აწვე სათნოებითა. თუალნიცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ქუხილსა მას ბნელისასა და საჴუმილსა მას განუგრილებელსა. დაშრიტე ცეცხლი იგი ვნებათა შენთაჲ, არა თუ წყლითა, არამედ ცრემლითა მცირითა განწმიდე შეგინებულებაჲ სულისა შენისაჲ ტირილითა, რამეთუ ტირილი არა ხოლო თუ ოდენ ცეცხლისა მის საუკუნოჲსა დამშრეტელ არს, არამედ განჰბანსცა მწინკულევანებასა ცოდვათასა. ვითარცა იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი, რომელსა-იგი გამოეცადა და უწყოდა ძალი ცრემლთაჲ, ვითარმედ: დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი (ფსალმ. 6.5). არა თქუა, ვითარმედ: "დავასოვლე", არამედ "დავბანეო". რაჲთა გაუწყოს შენ, ვითარმედ სინანულისა ცრემლთა ძალი ნათლის-ღებისაჲ აქუს. აწ უკუე ვინაჲთგან უწყით, ვითარმედ საღმრთოჲ მწუხარებაჲ განსდევნის ცოდვისა მწუხარებასა, იგლოვდ აქა ცოდვათა შენთათჳს, რაჲთა არა მუნ ტანჯვათაგან იგლოვდე ურგებად.

უჩუენე მკურნალსა წყლულებაჲ შენი და გამოუცხადე მას ცოდვაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინებასა მიმცემელი. გეშინოდენ მსაჯულისა და დღისა მისთჳს საშინელისა და მსაჯულისა საზარელისა, სადა-იგი იყოს ძრწოლაჲ, და ტირილი თუალთაჲ და ბნელი წარსაწყმედელისაჲ. სადა იყოს სულ-თქმაჲ დაუცხრომელი და ვაებაჲ დაუდუმებელი. მოიჴსენენ, ჵ უბადრუკო, ესევითარი წინამდებარენი და ნუ ეძულობ სულსა შენსა. და უწყოდე, ვითარმედ არა რაჲ სარგებელ ეყოფის სულსა კაცისასა, ვითარ ჴსენებაჲ მარადის ცოდვათა თჳსთაჲ.

აწ უკუე მოსწრაფე იყავ ლოცვისა, რაჲთა დააჯერო უფალი შენი, და მიეც მიზეზი მოწყალესა ღმერთსა ცოდვათა შენთა შესანანებელი შესანდობელად, ნუმცა უკუე სახიერებაჲ მისი შენითა უდებებითა უქმ იქმნების. დაღათუ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა შთაწევნულ ხარ ცოდვითა, იგი შემძლებელ არს შენდა მიერ აღმოყვანებად. შენ ხოლო ნუ დასცხრები ლოცვასა მისა მიმართ სულ-თქუმით და ცრემლით. და უკუეთუ არა გაქუს კადნიერებაჲ მისა მიმართ, ილოცევდივე, რაჲთა მოგცეს შენ კადნიერებაჲ. ნუ ვითარცა კაცი გგონიეს იგი, რომელი-მცა განარისხე და კუალად დაჯერებად გრცხუენოდა. იგი მოწყალე არს და უფროჲს შენსა ჰნებავს ჴსნაჲ შენი ცოდვათაგან. და არა ჰზრუნავ შენ სულისა შენისათჳს, ვითარ-იგი ზრუნავს შენთჳს, რაჲთა გაცხოვნოს შენ.

ამისთჳს, უკუეთუ არა გაქუს კადნიერებაჲ თხოვად მისგან, მოგცეს მან კადნიერებაჲ. და ესე არს კადნიერებაჲ, ოდეს ჰგონებდე შენ თავით თჳსით. ვითარმედ არა გაქუს შენ კადნიერებაჲ ლოცვად მისა მიმართ. სულგრძელ იყავ მარადის ლოცვად ღმრთისა მიმართ, საყუარელო, რამეთუ რა ფრიადი შრომაჲ აქუს. იქმოდე საქმესა დაუშრომელსა, და უწყოდე, ვითარმედ ძილითა გჳრგჳნი ვერ მოიგების, რამეთუ მღჳძარენი და მშრომელნი და მლოცველნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და არავინ უშრომლად კეთილსა მიემთხუევის კაცთაგანი, აღჳრ-ასხენ გულის-თქუმასა ჴორცთასა კითხვითა წიგნთა საღმრთოთაჲთა და ჴსენებითა სასჯელისა მის მომავალისაჲთა.

განაღჳძე სული შენი ჴსენებითა ჯოჯოხეთისაჲთა, ევლტოდე საცთურთა სოფლისათა, დაყავ სული შენი მცირედ განსუენებათა, რაჲთა ჰყო იგი მოყუარე მაცხოვრისა. ვერ შემძლებელ ხარ შენ ორთა უფალთა მონებად (მათე 6.24). აქა ტიროდე და მუნ გიხაროდის, რამეთუ ვაჲ არს მის კაცისა, რომელი აქა იხარებდეს, ხოლო უკუანაჲსკნელი მისი ტირილი იყოს და ღრჭენაჲ კბილთა (მათე 8.12). იყავნ შენდა საზრდელ აქა ტირილი და ღამე, რაჲთა ნაცვალად მისა მოიღო სიხარული საუკუნოჲ. ნუ აცთუნებ თავსა შენსა, რამეთუ გიღირს შენ შრომით ბრძოლაჲ წინააღდგომასა მუცლისა განძღომისასა და მოკუდინებაჲ ჴორცთა გულის-თქუმასა და მონებაჲ და მორჩილებაჲ - დატკებნად ნებასა და განსუენებასა. და ყოველი საქმე შენი სიწმიდით იყოს სახელისათჳს ღმრთისა შენისა, რამეთუ ფრიადი შიშ(ი) და მწუხარებაჲ შეუდგს მათ, რომელთა უდებ-ყონ საქმე ღმრთისაჲ და დაჴსნილობით.

იხილე, ჵ უბადრუკო, და ნუ უდებ იქმნები, რაჲთა არა მიიწიო შენ მჴურვალესა დაწუვისა მისისასა, რამეთუ არა ხოლო თუ ჴორცთა ოდენ დასწუავს, არამედ სულსაცა საუკუნოდ და უკუნისამდე. აწ უკუე გულისჴმა-ყვენ მარადის სატანჯველნი იგი საუკუნენი და საშუებელნი დაუსრულებელნი, და ნუმცა გექმნების შენ საბრჴე და ბორკილ ცეცხლი იგი უშრეტი, არამედ მოუგე სულსა შენსა საჴსრად სიმდაბლე. უკუეთუ საფარველად შენებულისა შენისა ჰყო სიმდაბლე, შემძლებელ იქმნე შენებად მას ზედა, რომელიცა გენებოს სათნოებათა ნაშენები. და უკუეთუ ესე საფუძველი არა დასდვა პირველად, ყოველი კეთილი, რაჲცა ჰქმნე, არა დაადგრეს და ვერცა დამტკიცდეს. არცა მარხვაჲ, არცა სიწმიდე, არცა მოწყალებაჲ და არცა სხუაჲ რაჲ კეთილისა საქმე სრულ იქმნების თჳნიერ მისა. მო-უკუე-იგი სიმდაბლე და ევლტოდე ამპარტავნებასა, ვნებასა მას ბოროტსა, შიშითა ღმრთისაჲთა. დაშრიტე იგი და იყავნ მდაბალ სიმბადლითა ჭეშმარიტითა. ნუმცა არს სახე და ხილვაჲ შენი კნინი და შეურაცხი, და ფერი პირისა შენისაჲ ყჳთელ, და გონებაჲ შენი მზუაობარ და ამპარტავან, რამეთუ ვითარცა მოაუძლურებს ძალსა ღჳნისასა წყალი, ეგრეთ მოაუძლურებს სულსა მზუაობარსა სიმდაბლე. დაიმდაბლე სული შენი, რაჲთა აღამაღლო იგი. ვითარცა ამპარტავნებაჲ აღმომაცენებელი არს ყოვლისა ბოროტისაჲ, ეგრეთცა სიმდაბლე თავი არს ყოვლისა კეთილისაჲ. ესრეთ აღმაღლებულ არს სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ჩუენთჳს დამდაბლდა, რაჲთა ჩუენ მსგავს მისსა მყვნეს. რამეთუ იტყჳს: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11.29).

მრავალი გზაჲ გიჩუენა შენ სინანულისაჲ, რაჲთა განგამარჯოს შენ ზეცად აღსავალი. უკუეთუმცა ერთი ხოლო გზაჲ ეჩუენა შენდა, ნუუკუემცა ჰმიზეზობდი და სთქუ: ვერ შემძლებელ ვარ ამას გზასა მისლვად. ამისთჳს მრავალი გზაჲ გიჩუენა შენ მრავალ-ფერთა სათნოებათაჲ განმარჯუებისათჳს შენისა სლვად გზასა მშჳდობისასა.

უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, თქუ ხოლო, ვითარმედ: ვცოდე, და აღიჴოცნენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ ესრეთვე ყო დავით წინაწარმეტყუელმან და აჰჴოცნა ცოდვანი თჳსნი (ფსალმ. 50.2; 50.9). ესე პირველი გზაჲ არს შემნდობელი ცოდვათაჲ, რომელ არს სიმდაბლე. და მეორე გზაჲ - [ი]გლოვდ ცოდვათა შენთათჳს.

არა ჴამს მონაგებთა სიმრავლე და არცა ფრიადი შრომაჲ და არცა შორსა გზასა მკჳრცხლ სლვაჲ. და მოწამე არს ამას ზედა აქაბ, ოდეს-იგი მწუხარედ იგლოვდა, ღმერთმანცა შეინანა განბჭობილი იგი (III მეფ. 21.17-19) გამოსრული მისგან შურის-საძიებლად, ვითარცა რომელნი იგლოვდიან მკუდართა ზედა, არარამან ვნებათაგანმან სძლის მათ და არცაღა გულის-თქუმათა ჟამსა გლოისასა, რამეთუ გონებაჲ მათი ყოველი იგლოვნ. ეგრეთვე შენ, უკუეთუ ჭეშმარიტად იგლოვდე ცოდვათა შენთათჳს, არარამან სოფლისა ამის სიყუარულმან გძლოს შენ. აწ უკუეთუ გნებავს ნუგეშინის-ცემის, იგლოვდე, რამეთუ ვინაჲთგან ღმერთი ნუგეშინის-მცემელ შენდა არს, საყუარელო.

დაღაცათუ ყოვლით კერძოდ წჳმდენ შენ ზედა მწუხარებანი, ვერ შეგიძლონ შენ, რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ღმრთისაჲ უზეშთაეს არს ყოველთა მწუხარებათა. და მესამე გზაჲ გიჩუენა შენ, რაჲთა აღჳრ-ასხნე გულის-წყრომასა და მოიგო სიმშჳდე, რაჲთა ნეტარებაჲ მოგეცეს შენ, რომელი მშჳდთა გჳრგჳნოსან-ჰყოფს.

და ეკრძალე, ნუუკუე წარსწყმიდო მოთმინებაჲ, თავს-დებაჲ და სიმშჳდე, და უფროჲსღა მცირესა რასმე და საწუნელსა ზედა, ვითარცა ოდესმე მსახურმან შენმან შემუსრა ჭურჭელი რაჲმე, გინა დასთხია ზეთი, გინა წარ-რაჲმე-წყმიდა, და აღშფოთნე მისთჳს და მით წარსწყმიდო ნეტარებაჲ იგი მშჳდთა და მდაბალთაჲ. არამედ რაჟამს აღიძრა ვისდამე გულის-წყრომად, მოიჴსენე სიმდაბლე იგი ღმრთისაჲ გონებასა შენსა და მით დაშრიტე სიმჴურვალე იგი გულის-წყრომისა შენისაჲ და დაუთმე, რაჲთა მიიღო გჳრგჳნი მოწამეთაჲ, და შერაცხილ იყო წინაშე კაცთა ვითარცა მოწამე, აღმსა[ა]რებელი მბრძანებელსა სიმდაბლისა და მოთმინებისასა. მიხედენ წმიდასა პეტრეს, ვითარ-იგი ენება საზღვარი უწყებად შენდობისა და მოთმინებით თავს-დებისაჲ. ჰკითხა უფალსა და ჰრქუა: "უკუეთუ შემცოდოს ძმამან ჩემმან, რავდენ გზის შეუნდო?" და ჰგონებდა ესე ნეტარი, ვითარმედ გარდაჰრია თავს-დებაჲ და შენდობაჲ ოდესღა ჰრქუა, ვითარმედ: "შჳდ გზის მიუტეოა?"

მაშინ აუწყა უფალმან ჩუენმან მოწყალემან, რავდენ არს წყალობაჲ შორის კაცთა და შორის ღმრთისა. მიუგო და ჰრქუა მას: "არა გეტყჳ შენ შჳდ გზის, არამედ სამეოცდაათშჳდ გზის მიუტევე (მათე 18.21-22). გულისჴმა-ყავ წყალობაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელი, და დაიცვენ მცნებანი და შეიწყნარე სწავლაჲ, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს" (მათე 23.12). და ვიდოდე გზასა მშჳდთასა და დაუტევე ყოველი გულის წყრომაჲ სიმჴურვალისაჲ და ისარი შურისაჲ. რამეთუ შური ძირს არს სიკუდილისაჲ, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახჳლი გულისაჲ, რამეთუ არა შეაწევს გულად ტკივილი მუსმრისაჲ, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილი შურისაჲ, რომლისა შინა დასობილ არს იგი.

ვერცა სენი და ვერცა სიმძიმე შესცვალებს ფერსა და ქმნულებასა ხატისასა, ვითარ-იგი შესცვალებს შური შუენიერებასა სულისასა. აწ უკუე ევლტოდე შურსა ბოროტსა და ჰმონებდი უფალსა მონებითა ჭეშმარიტითა, და ზრახევდი მარადის ლოცვასა შინა არა თუ ენითა მზაკუარითა, არამედ დიდებითა და სიყუარულითა. და დაიცევ პირი შენი ფიცისაგან, დაღაცათუ სამართლად ჰფუცვიდე, რამეთუ ენისა საცთური მსწრაფლ იქმნის და მცირედნი დაიცვებიან მისგან. მოსწრაფე იყავ დაცვად თესლისაგან მტერისა, რამეთუ იგი ყოვლითურთ მოსწრაფე არს წარწყმედად სულსა ამას უბადრუკსა და უფროჲსად ენისა მიერ და პირისა, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ შორის შემწე საცთურისა და წარწყმედისა ჩუენისაჲ უფროჲს ენისა ჩუენისა განტევებულისა და პირისა განღებულისა, და უფროჲსი და უმრავლესი საცთური დაცემისა ჩუენისაჲ ამათ მიერ იქმნების. ამისთჳს უთქუამს მეტყუელსა: "უმჯობეს არს შენდა, რაჲთა გიბრკუმეს ფერჴთა და დაეცე ქუეყანასა, ვიდრე არა ბრკუმაჲ ენისაჲ" (ზირ. 20.18): რამეთუ რომელი დაეცის ქუეყანასა წყლულებაჲ შეამთხჳის გუამსა, ხოლო რომელსა უბრკუმეს ენითა, მან წარწყმიდნის სულნი ჴორცთა თანა საუკუნოდ.

აჰა ესერა ვხედავთ ყოველი, რომელი ილოცავს და იგლოვს, ითხოვს, რაჲთა დაიცვას იგი ენისაგან. აწ უკუე ვინაჲთგან სიკუდილი და ცხორებაჲ ენისაგან იქმნების, აღჳრ-ვასხნეთ მას სიმდაბლითა და ვევლტოდით ფიცსა და ყოველსა საცთურსა და ვიდოდით გზასა მშჳდობისასა. და კუალად ვევლტოდით კაცთ-მოთნებასა და მაჩუენებლობასა, რამეთუ მაჩუენებლობაჲ ფიცხელი ვნებაჲ არს და იგი არს პირველი საქმე ეშმაკისაჲ, რამეთუ მით დასცა ადამი. და ყოველი ბოროტი მაჩუენებლობით დაიწყების, ვითარცა ყოველი კეთილი სიწრფოებით და სიმართლით იქმნების, რომელსა არა არს ზაკუვაჲ. ხოლო მაჩუენებლობაჲ მედგარ არს ყოვლით კერძოვე, ღონის-მეძიებელ, მოსწრაფე შთაგდებად კაცისა, რომელი არა მოეგონოს, დაღათუ ზაკუვაჲ მისი კაცთაგან დაიფარის, ხოლო ღმრთისაგან არარაჲ დაიფარვის.

იხილე, ნუუკუე შენ თანა იყოს სენი ესე და შენ ძმასა შენსა აბრალობდე მისთჳს. რამეთუ კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაჲ თჳსი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკიხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაჲთა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს. განიშორე შენგან ტყუილი და ვერ მიგეახლოს შენ მაჩუენებლობაჲ, რამეთუ ტყუილი საქმე არს ეშმაკისაჲ. და ვერ განჰკუეთს მახჳლი, ვითარ-იგი განჰკუთ[ს] ენაჲ, რამეთუ მახჳლმან ჴორცი ოდენ განკუეთის, ხოლო ენამან წარწყმიდნის სულნი და ჴორცნი.

ამისთჳს განაგდე შენგან კაცთ-მოთნებაჲ, და მოიგე სიწრფოებაჲ და სათნოებაჲ, და ქუემო ყავ გონებაჲ შენი ყოველთა კაცთასა და ნურას იქმ საქმესა, რომლითა ღმერთი განრისხნეს. და ოდეს ჰქმნე რაჲმე კეთილისა საქმე, ნუ აღზუავნები, რამეთუ სხუათავე თანა მრავალ-ფერთა ბრძოლათა ბოროტთა ამითცა გუბრძავსვე მტერი ჩუენი. იხილე, უბადრუკო, და ნუ შეურაცხ-(ჰ)ყოფ ღმერთსა დაბადებულობითა შენითა მის მიერ, რამეთუ ვითარცა მართალთაგან იდიდების ღმერთი, ეგრეთვე ცოდვილთაგან შეურაცხ იქმნების.

უკუეთუ აღიღებიეს თავის თჳსით მსახურებაჲ ღმრთისა და განშორებულ ხარ საქმისაგან კაცობრივისა, და ზეცისა საზრდელი გიყოფიეს საზრდელად შენდა, და მინდობილ ხარ ღმრთისა, და სასოებაჲ გაქუს კეთილთა მათ საუკუნეთაჲ და ცხორებისა დაუსრულებელისაჲ, და გნებავს დიდებაჲ იგი უცვალებელი, ევლტოდე უკუე დიდებასა ქუეყანისასა, რომელი წარსწყმედს სულთა კაცთასა. და ნუ აჰმაღლდები ქებითა კაცთაჲთა და ნუცა მძიმე გიჩს გინებაჲ მათი. და განეშორე შფოთთაგან კაცობრივთა და მიივლტოდე მათდა, რომელნი იტყოდიან, ვითარმედ: "მუჴლნი ჩუენნი მოუძლურდეს მარხვითა", და მიემსგავსე მათ, რამეთუ იგინი არიან სუეტნი საღმრთონი, რამეთუ სიმცირითა საზრდელისაჲთა და სიდიდითა შრომათაჲთა მოიხადეს მათ მადლი ღმრთისაჲ და იქმნეს მკჳდრ ქალაქსა მას ზეცისასა.

მოიგე შენცა განგებაჲ მათი და განაგდე შენგან ვნებაჲ ამპარტავნებისაჲ, რამეთუ ეშმაკი არს, რომელიცა ყოვლისა პირველად შთავარდა სიღრმესა ამპარტავნებისასა და წარწყმიდა ყოველი კეთილი თჳსი. იყავ შენ მდაბალ არა სიტყჳთ, არამედ საქმით, და უწყოდე, რამეთუ ღმერთი შეჰმუსრავს ამპარტავანთა, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე - განგებაჲ გონიერი, ოდეს ქმნეს კაცმან კეთილი და არა აღზუავნეს. აწ უკუე ისწრაფე, რომელ დააჯერო ღმერთი და არა კაცნი, რაჲთა მიიღო ქებაჲ ღმრთისაგან და არა კაცთაგან. იხილე და ნუ გამოუცხადებ კაცთა სათნოებათა შენთა, რაჲთა არა დაიჭირვო მადლი ღმრთისაჲ, რამეთუ დიდებაჲ სოფლისა ამის წარმავალ არს, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა მდელოჲ დაჭნების. ამისთჳსცა, რომელთა ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოიპოეს, იტყოდეს კაცთაგან და შეევედრნეს იგინი მთათა და უდაბნოთა, რაჲთამცა განერნეს იგინი დიდებისაგან კაცთაჲსა. და მოიღეს პატივი ღმრთისაგან. ისმინე, ძმაო საყუარელო!

შემუსრე გონებაჲ შენი ფიცხელი და განაღჳძე სული შენი უდებებისაგან, რომელი არს შენ თანა, ვითარცა-ღა ვინ განაღჳძის ძილისაგან მძიმისა. და შეწირე ღმრთისა საკუმეველი სურნელი, ლოცვაჲ უბიწოჲ, და ნუმცა ლოცვაჲ შენი ცოდვად შეგერაცხების და ნუცა საკუმეველი შენი ამაო იქმნების. იღჳიძებდი მოუწყინებლად, რამეთუ ღმერთსა მღჳძარებაჲ მხიარულებით უყუარს. და ყოველი, რომელი მხიარულებით იყოს, იგი ნაყოფიერ არს; და ყოველი, რომელი მოწყინებით და დრტჳნვით იყოს, არა აქუს მას მადლი, არამედ სასჯელი. აწ უკუე ვინჲთგან გიცნობია სავნებელი სულისა შენისაჲ და გნებავს, რაჲთა შეერაცხო შენ კრებულსა მას პირმშოთასა, განიშორენ შენგან საქმენი სოფლისანი და გემონი ძეთა კაცთანი. ივლტოდე ვეცხლის მოყუარებისაგან, რომელ არს ძირი ყოვლისა უკეთურებისაჲ და მცირე ყვენ მონაგებნი შენნი, რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებათაჲ. უკუეთუ გნებავს სიმდიდრე, იღუაწე, რაჲთა განჰმდიდრდე კეთილთაგან საქმეთა, რამეთუ სიმდიდრე სოფლისა ამის მსწრაფლ წარმავალ არს, ხოლო სიმდიდრე იგი სულიერი მჴსნელი არს სულისაჲ სიკუდილისაგან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "საფასენი არად სარგებელ ეყუნენ ცოდვილთა, ხოლო სიმართლემან იჴსნის სიკუდილისაგან (იგავნი 10.2). ხოლო აწ ვინაჲთგან გჳცნობიეს ვნებაჲ იგი ვეცხლის მოყუარებისაჲ, ელტოდე მას, ხოლო უკუეთუ გაქუს მონაგები, ისხენ უკუე მეგობარნი ფასისა მისგან მამონაჲსა, რომელ არს სიცრუისაჲ, რამეთუ არა თჳნიერ სარგებელისა იყო. რამეთუ უფალმან თქუა: "ნეტარ იყუნენ * მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5.7). განაგდე ოქროჲ, ვითარცა განაგდეს მოგუთა მათ, რომელთა-იგი ძღუნად უფლისა შეწირეს; მათ სამე ოქროჲ შეწირეს (მათე 2.1-11), შენ მცირედი პური მიეც გლახაკსა; იგინი სამე მოიწინეს გზით შორით, შენ ერთი ხოლო ფოლოცი ვერ განჰვლოა, რაჲთა სნეული იკითხო? მათ სამე ვარსკულავი იხილეს და განიხარეს, ხოლო შენ ხედავ ქრისტესა შიშუელსა და მშიერსა და უცხოსა, და არა გეწყალის ყოლადვე; და ნუუკუე განჰვლე ფოლოცი ერთი, რაჲთა იხილო ქრისტე უძლური, არა ვიტყჳ წარსლვასა შენსა შორად ქუეყანად!

აჰა ესერა ხედავ შენ ყოველთა დღეთა კართა ზედა ეკლესიისათა, გევედრების და გეტყჳს: "შემიწყალე მე". და არა ხედავ მას, არამედ გარე მიიქცევ პირსა შენსა მისგან, ვითარცა ვინ გარე მიიქციის პირი თჳსი ქვისა კერპისაგან. და ოდეს შეხჳდე შინაგან ეკლესიად, ევედრები მას და ეტყჳ: "შემიწყალე მე". აწ უკუე ოდეს გიცნობიეს, რომელი უყო ერთსა გლახაკთაგანსა, ქრისტესა უყოფ, შენ უკუე შეიწყალე გლახაკი, უკუეთუ გნებავს ღმრთის მსახურებაჲ. ნუ გნებავს სიყუარული მონაგებთაჲ, რამეთუ ეძიებს შენგან კეთილსა სარწმუნოებასა არა მისაცემელთა სიმრავლესა და სიმცირესა.

ვეცხლის მოყუარებაჲ და საქმე ცოდვისა ბოროტისაჲ მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყჳს: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაჲ" (ფსალმ. 96.10). აწ ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაჲ თავი არს სათნოებათაჲ, რომელი განუღებს კაცთა კართა ზეცისათა, ესე მოიგე მეოხად და შემწედ. და უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, ნუ გეშინინ, რამეთუ არავინ ზეცისათაგანი წინა-აღუდგების მას, არამედ შევიდეს წინაშე მსაჯულისა და ჴელთა მისთა აქუნდეს წიგნი, რომელსა წერილ იყოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: "რომელი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ" (მათე 25.40). უწყოდეთ, რამეთუ ღმერთი ეძიებს ყოველთაგან საქმესა სარწმუნოებისასა, და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტად საქმე სიმართლისაჲ არს. მოიგე სარწმუნოებაჲ საქმითურთ და დაიცევ სული შენი ვნებათაგან, რაჲთა არა პოვოს მტერმან შენ თანა ადგილი სამკჳდრებელი და ევედრე ღმერთსა, რაჲთა შეგეწიოს შენ და გასწაოს, ვითარ ჯერ-იყოს შენდა განშორებაჲ ბოროტთა გულის სიტყუათაგან. გასმიეს, რომელი-იგი თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს შემოდგომაჲ ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მათე 16.24; ლუკა 9.23). ვითარ უკუე უვარ-ყოს კაცმან თავი თჳსი, გარნა თუ დაუტეოს ნებაჲ თჳსი და მოთმინე იქმნას ღმრთისა სიყუარულისათჳს, და განიშორნე გულის-სიტყუანი მწინკულევანნი და საქმენი ბოროტნი და ყოველნი უკეთურებანი.

აჰა ესერა გიჩუენენ შენ სრულებით საქმენი კეთილისანი და საქმენი ბოროტისანი. და-უკუე-იცვენ ესენი, და განიხილე გონებაჲ შენი და დაიცევ სული შენი, ვითარცა ბრძენმან და ჴელოვანმან მკურნალმან, რომელმან მოჰკუეთის ჴორცი დამპალი და განრყუნილი და წამალი დასდვის შემდგომად. განიკურნენ აწ შენცა სულნი და ჴორცნი შენნი სრულითა კურნებითა, რაჲთა მიიწიო შენ პატივსა მას და განსასუენებელსა საუკუნესა დაუსრულებელსა. ესე არს სწავლაჲ ზეცისაჲ, რომელი მიუძღუს გზასა ზეცისასა და ჰყოფს კაცსა, რაჲთა არა განვარდეს დიდებისა მისგან საუკუნოჲსა, და მიჰყავს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნით(ი) უკუნისამდე, ამენ.


თქუმული მისივე მოთმინებისათჳს და ამის სოფლისა აღსასრულისათჳს და მოსლვისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა მეორედ განსჯად ცხოელთა და მკუდართა. წიგნის კითხვისათჳს და დაყუდებისა.


გუაკურთხენ უფალო!

ცხორებაჲ ყოველთა წმიდათა და მართალთაჲ მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინებულ არს. ამისთჳს, ჵ კაცო, გიყუარდინ მოთმინებაჲ, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყჳს: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფსალმ. 36.34). და წმიდაჲ მოციქული პავლე გასწავებს, რაჲთა მოიგნე საქმენი კეთილნი, და იტყჳს, ვითარმედ: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5.3). და ოდეს მოიგო მოთმინებაჲ, მაშინ ჰპოვო წყაროჲ ცხორებისაჲ, რომელ არს სასოებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "მოთმინებამან ყვის გამოცდილებაჲ და გამოცდილებამან სასოებაჲ, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის" (რომ. 5.4-5).

დაემორჩილე უფალსა და ემონე მას, და მან მოგცეს შენ ყოველი თხოვაჲ გულისა შენისაჲ. რაჲ უსანატრელეს არს ამისსა, უკუეთუ ესრეთ მოიგნე შენ სასმენელნი მეუფისანი კეთილად მსმენელად ვედრებასა შენსა! ვისმე არა ჰნებავნ, რაჲთა ყურნი მსაჯულისანი მორჩილ სიტყუათა მისთა იყუნენ. ხოლო შენ, ძმაო, მუშაკი ხარ კეთილსა საქმისაჲ, და გიმიზდა ქრისტემან საქმედ ვენაჴისა თჳსისა. აწ ვიდრემდის გაქუს-ღა ჟამი, იქმოდე კეთილად. ისმინე, რაჲ-იგი თქუა მოციქულმან პავლე, ვითარმედ: "რაჲცა სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალ. 6.7).

აწ უკუე სთესევდით სულითა, რაჲთა მოიმკოთ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "რომელი სთესვიდეს ჴორცთა შინა, ჴორცთაგანცა მოიმკოს ხრწნილებაჲ" (გალ. 6.8). ისმინე აღთქუმაჲ კეთილისაჲ, რომელი იტყჳს: "სთესევდით სულთა შინა თქუენთა სიმართლესა და მოისთლოთ ნაყოფი ცხორებისაჲ" (ოსე 10.12). ნუ სულმოკლე იქმნები შრომასა შინა, რომლისაგან ესვიდე მოსაგებელსა, რამეთუ სადაცა არნ ბრძოლაჲ. მუნცა არნ პატივი, და სადაცა ღუაწლი -- მუნცა გჳრგჳნი. აწ ოდეს ესე გულისჴმა-გიყოფიეს, დააჯერე სულსა შენსა მოთმინებაჲ ღაღადებდ მარადის თავით თჳსით და ჴმობად წმიდათა თანა: მჴნე იყავ და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. საქმისა შენისათჳსმცა განმზადებულ ხარ მარადის განსლვად და შრომად ყანასა შენსა, რამეთუ ყანაჲ ესე სოფელი არს. მიიღე საქმარი კეთილი, რომელ არს მცნებაჲ ძუელისა და ახლისა სჯულისაჲ. შეზღუდე მტილი შენი ეკლითა, რომელ არს მოთმინებაჲ. ყავ სული შენი ვითარცა ვენაჴი კეთილი, ნაყოფის გამომღებელი, და იქმენ შენ ვითარცა მჴუმილნი, რომელნი მჴუმილვიდიედ სამწყსოსა გინა სავენაჴესა. რამეთუ იტყუელვედ ჴელთა მათთა და ჴმითა მაღლითა ღაღადებენ და იზახებედ, და ოხრისა მათისაკენ ივლტიედ ყოველნი, რომელთა ჰნებავნ მიპარვად სამცველოჲ მათი, რომელსა სცვივიედ. ეგრეთვე შენ ღაღადებდ ლოცვასა შინა და განსცხრებოდე გალობით, და ესრეთ განსდევნო მჴეცი იგი მზაკუარი, მელი მცბიერი, რომელ არს ეშმაკი, რომლისათჳს იტყჳს წერილი, ვითარმედ: "მიპყართ ჩუენ მელები მცირე, განმრყუნელი ქუეყანისა ჩუენისაჲ (ქება 2.15). მღჳძარედ ეკრძალებოდე მტერსა შენსა მარადის, ნუუკუე სტყორცოს გულსა შენსა ისარი ბოროტთა გულის-სიტყუათაჲ. და უკუეთუ გესროდის შენ შურდულითა შეგინებულთა გულის-თქუმათაჲთა, წინა-აღუდგ მას ფარი იგი სარწმუნოებისაჲ და დაიდგ ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და შეირტყ მახჳლი იგი სულისაჲ რომელ არს შიში ღმრთისაჲ, და ესრეთ შეიჭურე მტერთა წყობასა. მოთმინე იყავ ბრძოლასა და ნუ სულმოკლე იქმნები, არამედ ყოლადვე მეცნიერ იყავ ყოვლისათჳს და იტყოდე მოციქულისა თანა: "არა ვითარცა ქართა ვსცემ" (I კორ. 9.26). გიხაროდენ მარადის, ვითარცა წერილ არს: "რაჲთა უწყოდიან ყოველთა კაცთა სიბრძნე შენი".

იყავნ მარადის შიში ღმრთისა გონებასა შენსა. ნუ იქმნები შენ მჴედარ ჩუენ, აბჯრის დამაბნეველ. ნუ იქმნები მუშაკ მცონარ და მოწყინე. ნუ ევლტი გჳრგჳნსა, რამეთუ ღუაწლი მცირედ ჟამ არს, ხოლო მოსაგებელი საუკუნო. აწ უკუე ოდეს იხილო ესევითარი, ჵ კაცო, ღაღატ-ყავ გონებასა შენსა წმიდათა თანა: მჴნე იყავნ და განძლიერდი[ნ] გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. ესრეთ ასწავებდ და შენ მოქმედ იყავ, რომელსა-იგი ასწავებდე. და უკუეთუ მოგიჴდენ შენ ბოროტნი გულის-სიტყუანი, ძლიერად წინა-აღუდეგ მათ და მასვე სიტყუასა იტყოდე: მჴნე იყავ[ნ] და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმონ უფალსა. მიემსგავსე დავითს წინასწარმეტყუელსა, რომელმან-იგი ერთისა ქვისა ტყორცებითა დასცა გოლიათი იგი მბრძოლი. რამეთუ ანგელოზნი მდგომარე არიან და ხედვენ ცხორებასა შენსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: სახილველ იქმნენით სოფლისა ანგელოზთა და კაცთა, და უკუეთუ გიხილონ შენ მძლედ ჭეშმარიტად, განიხარონ; ხოლო უკუეთუ გიხილონ შენ ძლეულად, წარვიდენ იგი შენგან თავ-მოდრეკილნი, რამეთუ ვერ თავს-იდებენ. მაშინ ეშმაკნი სიხარულით გეცინოდიან შენ ძლევისა შენისათჳს.

აწ უკუე შეირტყ ნაცვალად მახჳლისა შიში უფლისაჲ, რამეთუ შიში ღმრთისაჲ ვითარცა მახჳლი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაჲ და მოიჴსენე შიში სიკუდილისაჲ და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიჴსნენ, და ქუეყანაჲ და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცჳვენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-იგი გამოჩნდეს ძე ღმრთისაჲ გარდამომავალი ზეცით ქუეყანად და ძალნი ცათანი იძრვოდიან წინაშე მისა. რაჟამს-იგი ერთი-ერთსა უსწრობდენ გუნდნი ანგელოზთანი და ჴმაჲ საყჳრისაჲ დასწუვიდეს ყოველსა და დაინთქმოდის უკეთურებაჲ. და იყუნენ გარემოჲს მისა სასტიკებაჲ ქართაჲ და ძრვანი საშინელნი, და ქუხილნი საზარელნი, და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომელ ეგევითარი არაოდეს ყოფილ არს და არცა ყოფად არს ვიდრე მუნ ჟამამდე, რამეთუ ძალნი ცათანი შიშითა ძრწოდიან ზარისა მისგან საშინელისა, რომელი იყოს მას დღესა შინა.

ვითარ უკუე ყოფად ვართ, ძმანო ჩემნო, მას დღესა შინა საშინელსა და შესაძრწუნებელსა. ვითარ სამე ძრწოლასა შევეპყრნეთ ჩუენ. იხილე-ღა ოდეს-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისნი უდაბნოსა მას სინაჲსასა, რამეთუ ვერ შემძლებელ იქმნეს დათმენად სასტიკებასა ქარისასა, და ბნელსა, და ნიავწულ(ილ)სა, და ჴმასა საყჳრისასა და ზრახვასა უფლისასა ცეცხლით გამო. არამედ უსწრვეს და ღაღატ-ყვეს, რაჲთა არღარა შესძინოს მათდა სიტყუად, რამეთუ ვერ თავს-იდებდეს, რომელი იყო ფრიად უმშჳდეს და უდარეს საშინელებასა მას მეორედ მოსლვისა მისისასა, რამეთუ არა რისხვით გარდამოვიდოდა მათდა და არცა გულის წყრომით ზრახვიდა მათ, არამედ სახიერებითა და სიმშჳდითა, რაჲთა გულ-პყრობილ ყუნეს და ნუგეშინის-სცეს, ვითარმედ მათ თანაარს შეწევნად მათდა.

აწ ისმინეთ, ძმანო ჩემნო, რამეთუ ოდეს-იგი სახიერებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა გარადმოვიდა უფალი და ვერ დავითმინეთ მოსლვისა მისისა ზარი, რაჟამს-იგი არცა ცანი აღგზნებულ იყუნეს და არცა სამყარონი დადნებოდეს, და არცა ქუეყანაჲ და საქმენი მისნი დაიწუებოდეს, და არცა ოხრიდა ჴმაჲ საყჳრისაჲ, ვითარცა ქადაგი მკუდართა განმაღჳძებელი, რომელნი საუკუნითგან დაძინებულ არიან. და არცა ცეცხლი შთანსთქმიდა, და არცა სხუაჲ საშინელებაჲ რაჲ იყო, რომელი უკუანასკნელ ყოფად არს ზარი შესაძრწუნებელი. რაჲ უკუე ყოფად გჳც, ოდეს-იგი გარდამოხდეს რისხვითა და გულის წყრომითა მიუწდომელითა, და დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისა, და მოუწოდოს ყოველსა ქუეყანასა მის წინაშე აღმოსავალითგან მზისაჲთ ვიდრე დასავალამდე და ყოველთა კიდეთა, რაჲთა განიკითხოს ერი თჳსი და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, ვითარ უკუე ვიყუნეთ ჟამსა მას, ოდეს-იგი ყოველნი შიშუელნი და ქედ-დადრეკილნი წარვდგეთ წინაშე მისა ადგილსა მას შესაძრწუნებელსა და ზარის ასაჴდელსა. ვაჲ ჩუენდა, სადა უკუე იყოს ჟამსა მას თავჴედობაჲ იგი სიჭაბუკისა ჩუენისაჲ, ანუ ძლიერებაჲ გუამისაჲ ამის? სადამე იყოს შუენირებაჲ იგი მტყუვარი და უსარგებლოჲ? მაშინ სადამე იყოს შემკულებაჲ სამოსლისაჲ, ანუ გულის-თქუმაჲ ცოდვისა და ბილწებისაჲ? სადა უკუე იყუნენ მაშინ სოდომიანნი? სადამე იყუნენ მაშინ მსუმელნი ღჳნისანი და განმცხრომელნი მრავლითა სახიობითა და ჴმითა ქნა რისა და სტჳრისაჲთა, რომელნი საქმესა საღმრთოსა ყოლადვე არა მიხედვიდეს? სადა იყუნენ ჟამსა მას უდებნი და განუსუენებით ცხორებულნი ნებასა შინა თავისა მათისასა? არა ნუ ესე ყოველივე წარჴდა და ვითარცა დაჴსნილი განქარდა?!

სადა უკუე იყოს მაშინ სიყუარული ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და მოყუარულნი მისნი, რომელნი შეურაცხ-ჰყოფდეს ყოველისა და ჰგონებდეს თავთა თჳსთა, ვითარმედ არიან რაიჲმე? სადა იყოს მაშინ ცუდი დიდებულებაჲ და პატიოსნებაჲ კაცისაჲ? სადა იყოს სიმჴნე და ახოვნებაჲ? სადა იყოს მეუფებაჲ, სადა იყოს მთავრობაჲ, სადა იყოს ერისთაობაჲ? სადა იყოს მაშინ მრჩობლი ჴელმწიფობაჲ, რომელნი-იგი ზუაობენ მონაგებთა მათთა სიმრავლესა, და ღმრთისათჳს არას ზრუნვიდიან? მაშინ იხილონ და დაუკჳრდეს, შეეშინოს და შეძრწუნდენ, და ძრწოლამან შეიპყრნეს იგინი და ელმოდის მათ ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეიმუსრნენ. სადა უკუე იყოს ჟამსა მას სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და გამოძიებაჲ იგი მათი ცუდი? ვაჲ მათდა, რამეთუ შეშფოთდნენ და შეძრწუნდენ, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბძრნე მათი დაინთქას. სადა იყოს მაშინ ბრძენი, სადა იყოს მწიგნობარი, სადა იყოს ჟამსა მას მფლობელი დაცუდებადი?

ჵ ძმანო ჩემნო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ უკუკე ჯერ-არს ყოფაჲ ჩუენი, რაჟამს-იგი სიტყუაჲ მიგუეჴადებოდის ყოველთავე საქმეთა ჩუენთათჳს, დიდთათჳს და მცირეთა, რამეთუ სიტყუაჲ მივსცეთ მსაჯულსა მას სიმართლისასა ყოვლისათჳსცა სიტყჳსა ცუდისა, ვითარ უკუე ჯერ-არს ყოფაჲ ჩუენი ჟამსა მას, უკუეთუ დავიდგინნეთ ჩუენ მარჯუენით კერძო მსაჯულისა მის და მეფისა დიდებულისაჲსა: ვითარ უკუე ვიყუნეთ, ოდეს-იგი მოგჳკითხვიდენ ჩუენ ყოველნი წმიდანი და მართალნი, მუნ მყოფნი, ოდეს-იგი მოგჳკითხოს აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით, მოსე, ნოვე და იობ, და წინაწარმეტყუელთა ყოველთა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა, და რასაღა ვიტყჳ წმიდათა, რომელნი სათნო ეყუნეს ღმერთსა ცხორებასა მათსა თჳთეულად, არამედ ყოველთა მოგიკითხონ შენ და ყოველთათჳს, რომელთაჲ გესმოდა აქა ცხორებაჲ მათი, დაგიკჳრდა. მოვიდენ შენდა და შეგიტკბონ შენ და მოწლედ მოგიკითხონ შენ მხიარულთა ჴსნისა შენისათჳს.

ვითარ უკუე ჯერ-არს ყოფაჲ ჩუენი ჟამსა მას და რომელი-მე სიხარული იყოს ჩუენდა, სიხარული მიუწდომელი, ოდეს-იგი ჰრქუას მეუფემან მარჯუენით მდგომარეთა მათ მხიარულითა პირითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთათჳს სოფლის დაბადებითგან წინაჲთ" (მათე 25.34). მაშინ, ძმანო ჩემნო, მიიღონ გჳრგჳნი შუენიერი და სასუფეველი დიდებული ჴელისაგან ღმრთისა თჳსისა და სუფევდენ ქრისტეს თანა, რაჟამს დაიმკჳდრნენ კეთილნი იგი აღთქუმულნი ღმრთის მოყუარეთათჳს. მაშინ არღარა იყოს შიში და მწუხარებაჲ, ყოლადვე გულისჴმა-ყავ, ჵ ძმაო, რაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. ესე არს ვითარცა თქუმულ არს, რამეთუ მიიღო გჳრგჳნი ჴელისაგან ღმრთისა შენისა და ქრისტეს თანა სუფევდე უკუნისამდე.

აწ გულისჴმა-ყავ, ძმაო, რაჲ არს ხილვაჲ პირსა ღმრთისასა ყოველსა ჟამსა, რამეთუ იყოს განმანათლებელად შენდა. მაშინ არა ესე მზე იყოს ნათელ შენდა დღისი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან, და არც ესე მთოვარე განმანათლებელ შენდა ღამე, არამედ უფალი იყოს ნათლად შენდა საუკუნო და ღმერთი დიდება შენდა. ესე არს, ძმაო, რომელი აღუთქუა ღმრთის მოყუარეთა, და რომელთა ეშინის მისა, დაიმარხვენ მცნებათა მისთა. და კუალად გულისჴმა-ყავ, ძმაო, წარწყმედაჲ იგი ცოდვილთაჲ, ოდეს-იგი წარიდგინნენ საშინელსა მას სამჯავროსა. რომელი სირცხჳლი და მწუხარებაჲ დაეცეს მათ ზედა წინაშე მართლმსაჯულისა, ოდეს-იგი არ აქუნდეს სიტყჳს გებაჲ; რომელი სიწბოჲ და სირცხჳლი დაეცეს მათ ზედა, ოდეს-იგი დაადგინნეს მარცხენით მეუფისა; რომელმან ბნელმან დაფარნეს იგინი. მაშინ რისხვითა და გულის წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი, რაჟამს-იგი ჰრქუას: წარვედით ჩემგან, დაწყეულო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა. ვაჲმე, იმანო ჩემნო, რაჲ მწარე მწუხარებაჲ და იწროებაჲ გარე მოადგეს მათ და სულთა მათთა, ოდეს-იგი ჴმანი კრებულისანი ღაღადებდენ, მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთად. ვაჲმე, ძმანო ჩემნო, რომლითა ჴმითა ღაღადებდენ გლოით და ტყებით, ოდეს-იგი მიისხმოდიან ვითარცა საცხოვარნი შეყენებად სატანჯველსა მას საუკუნესა, დაუთმენელსა და დაულევნელსა. ვაჲმე, რომელსამე ადგილსა, სადა-იგი ტირილი თუალთაჲ განუწყუედელი და ღრჭენაჲ კბილთაჲ დაუცადებელი და ტარტაროსი იგი დაუცხრომელი, რომლისაგან ეშინის ეშმაკთაცა.

ვაჲმე, საყუარელნო, რაჲ-მე არს ჯოჯოხეთი? - არამედ ცეცხლი დაუშრეტელი. რაჲ ბნელი იგი წყუდიადი გარესკნელი საუკუნოჲ უკუნისამდე? ვაჲმე, რომელნიმე ანგელოზნი არიან სატანჯველთა ზედა და უწყალონი, რომელნი ყოლადვე არავის ზე დაადგრებიან და არც ელმის, არამედ მარადის ჰყუედრიდენ უწყალოდ და სტანჯვიდენ მას მოსწრაფედ. მაშინ მწარითა ჴმითა ღაღადებდენ სატანჯველით გამო ღმრთისა მიმართ, და არა ისმინოს მათი. მაშინღა ცნან, ვითარმედ ამაო იქმნა ყოველი ცხორებაჲ მათი ცუდსა ამას სოფელსა, რომელსა-იგი არა ჰგონებდეს, ვითარმედ აქაჲ წუთისა სიტკბოებაჲ მუნ საუკუნესა სიმწარედ გარდაექცეს მათ უკუნისამდე. სადა იყოს მაშინ გულის-თქუმაჲ იგი ცოდვისა მტყუვარისაჲ მუნ, რამეთუ გულის-თქუმაჲ სხუაჲ არღარაჲ არს მუნ, არამედ შიში ხოლო ღმრთისაჲ ჭეშმარიტად. ესე გულის-თქუმაჲ აღავსებს სულსა ვითარცა ცმელითა სიპოხისაჲთა. მას ჟამსა სულთა მათთა და საქმეთა მათთა, რომელ ქმნეს, აღიარებდენ და იტყოდიან, ვითარმედ: სასჯელი უფლისაჲ სამართალ არს., რამეთუ გუესმა და გუეუწყა ამისთჳს და არა ვინებეთ მოქცევად ბოროტთაგან საქმეთა ჩუენთა. მას ჟამსა არღარა სარგებელ ეყოს მათ ესრეთ ღაღადებაჲ.

ვაჲ ჩემდა, ძმანო ჩემნო, რამეთუ გითხრობ თქუენ ყოველთა და განგაკრძალებ ცოდვისაგან, და მით ვარცხუენ თავსა ჩემსა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი უმრავლეს ქჳშისა ზღჳსა არიან და მე შეკრულ ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისაჲთა, და არ მაქუს კადნიერებაჲ ახილვად სიმაღლესა ცისასა. ვისა მივილტოდი, არამედ შენდა მიმართ, უფალო მოწყალეო, რამეთუ ძჳრ-უჴსენებელ ხარ. "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, აჰჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი, უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან, და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე, რამეთუ ურჩულოებაჲ ჩემი უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ" (ფსალმ. 50.1-4).

შენდა მოვილტი და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები; შენ, უფალო, ურჩ გექმენ და შენდავე მოვისწრაფი ძჳრ-უჴსეკნებელისა, შენ განგიდეგ და შენვე შეგივრდები, და ვევედრები მრავალთა სახიერებათა შენთა და ლმობიერად გიღაღადებ: გარე მიიქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი ურჩულოებანი ჩემნი აჰჴოცენ სახელისა შენისათჳს მხოლოჲსა, რამეთუ არაჲ მაქუს მე, რომელი-მცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი და არცა გული წმიდაჲ, არამედ სასოებაჲ მაქუს წყალობისა შენისაჲ.

და დავსდებ სულსა ჩემსა წინაშე კაცთ მოყუარებისა შენისა, რაჲთა გული წმიდაჲ დაჰბადო ჩემ თანა და სულითა წმიდითა დამამტკიცო მე (ფსალმ. 50.10), რაჲთა არა დავეცე მე კუალად ცოდვისა განწირულობასა, არამედ ამიერითგან გმონო შენ სიმართლით და ჭეშმარიტებით ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

გევედრები თქუენ, ძმანო, ვინაჲთგან ამას მოველით, ვისწრაფოთ განწმედად თავთა თჳსთა, და უბიწონი მშჳდობით წარუდგინნეთ უფალსა სულნი ჩუენნი. ოდეს მოგიჴდეს შენ გულის-სიტყუაჲ ბოროტი, იჴადე მახჳლი შიშისა ღმრთისაჲ და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაჲ, და გაქუნდი შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყჳირისა. და ვითარცა, რაჟამს საყჳრსა დასციან, მუნთქუესვე მჴედარნი შეკრბიან. ეგრეცა რაჟამს წიგნთა საღმრთოთა ჴმა-ყვიან ჩუენდა მომარ(თ), მუნთქუესვე შეკრბიან გულის-სიტყუანი ჩუენნი და მოიქციან შიშსა ღმრთისასა. რამეთუ მსგავს არიან გულის-სიტყუანი ჩუენნი მჴედართა მეფისათა, მბრძოლთა მტერთა მიმართ, და ვითარცა საყჳრმან, რაჟამს ჴმა-ყვის ჟამსა ბრძოლისასა, განაღჳძნის და მოსწრაფე ყუნის მბრძოლნი იგი, ვითარცა მკუდარნი, და მაშინ ეწყვნიან მტერთა ძლიერად. ეგრეთვე წიგნნი საღმრთონი განაღჳძებენ გონებათა ჩუენთა საქმედ კეთილისა და განგრილიან გულის-თქუმაჲ ცოდვისაჲ, და განაძლიერიან ვნებათა მიმართ. ამისთჳს, ჵ ძმაო, რავდენ შემძლებელ იყო, აიძულე სულსა შენსა და აბრალობდ მას, და ისწრაფე შეკრებად გულის-სიტყუათა შენთა, რომელნი განუბნევიან მტერსა მანქანობითა და ვერაგობითა, ღონისძიებითა, რაჟამს შთაგიგდოს გულსა შენსა გულის-სიტყუაჲ ბოროტი და მწუხარებაჲ, რამეთუ მრავალ გზის მწუხარებაჲ ფრიადი მოაწიის კაცსა ზედა, რაჲთა მით დასცეს, და მრავალ გზის - სიხარული და ფართოებაჲ.

რამეთუ ამას ყოველსა იქმს იგი მანქანებით და ზაკუვით, რაჲთამცა განაშორა კაცი ღმრთისაგან. რამეთუ ოდეს ვერ შეუძლის ვნებად კაცსა და წარწყმედად გულის-სიტყუათა მიერ, მოაწიის მის ზედა მწუხარებაჲ, რაჲთამცა ბუნებაჲ დააბნელა, და შემდგომად მისა დასთესის, რაჲცა უნებნ. და ესევითარი შთაუგდის გულის-სიტყუაჲ და ეტყჳნ დარწმუნებით, ვითარმედ: "ვინაჲთგან ვიწყე კეთილისა საქმედ, დღენი ბოროტნი მოიწინეს ჩემ ზედა, არამედ ვიქმოდი აწ ბოროტსა და მივემთხჳო კეთილსა". მაშინ უკუეთუ პოის კაცი არა მღჳძარედ. შთანთქის იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან. და უკუეთუ ამით ვერ შეუძლის ვნებად მისა, მაშინ მისცის მას სიმდიდრე და ფართოებაჲ, და აღამაღლის და მისცნის მას საცთურად მონაგებნი მრავალნი, რომელი არს უძლიერეს ყოველთა ვნებათა. რამეთუ ესე ყოველი, რომელი უყვის კაცსა ამაღლებისა და ზუაობისათჳს, რაჲთა დადვას პირი მისი ზეცას, ვითარცა წერილ არს, დასხნეს ცათა შინა პირნი მათნი. ამით ყვის კაცი არღარა მეცნიერ ღმრთისა და არცა მეცნიერ უძლურებასა თჳსსა, და არცა მეცნიერ დღესა სიკუდილისასა; ესე არს გზაჲ ყოვლისა ბოროტისაჲ და, რომელსა ჰნებავს სლვაჲ მას ზედა, მსწრაფლ მიიწევის იგი საუნჯეთა ჯოჯოხეთისათა. ესე არს გზაჲ ყოველთა განსაცდელთაჲ და წარწყმედისაჲ.

არა გასმიესა, ძმაო, რავდენ გზის მოიწევის მტერი შენ ზედა ამისგან, რამეთუ გპოის შენ მრავალ გზის შუებასა და ფართოებასა და მრავალ გზის იწროებითა და მწუხარებითა და განსაცდელითა? რამეთუ შემძლებელ არს გამოცდად საქმესა კაცისასა. და რომლითაცა აგონის ძლევად, მითცა ჰბრძავნ და ეწყვებინ ახოვნად, რაჲთა აღაშფოთოს იგი და განაშოროს სიმართლისაგან. აწ უკუე განიფრთხვე შენცა, საყუარელო, და ეწყვებოდე მას მარადის მოუწყინებელად წიგნის კითხვითა, და მათგან ისწაო, ვითარ განერე საბრჴეთა მტერისათა და მიიწიო შენ ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ძალი საღმრთოთა წიგნთაჲ განმანათლე\ბელ არს გონებისა და მოსცემს ღმრთისამიერსა შეწევნასა, რომელმან მოიცალოს კითხვად მათ შინა.

რამეთუ წერილ არს: "მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". არა უწყია, საყუარელო, რამეთუ რომელმან მოიგოს მარადის წიგნის კითხვაჲ გულითა წმიდითა, მან მოიგოს ცნობაჲ ღმრთისაჲ? ამისთჳს ნუ  უდებ იქმნები მარადის კითხვად წიგნთა საღმრთოთა, არამედ მარადის განუშორებელ იყავ ლოცვისა და წიგნ(ი)ს კითხვისაგან, რაჲთა განანათლოს გონებაჲ შენი და სრულ იყო ყოვლითავე უნაკლულოდ.

არა უწყია, ვითარ რომელნიმე იქადიედ პირველთა მეფეთა ცხორებას თხრობად, და რომელინმე ჰამბავთა და ზღაპართა მთავართასა ზედა ზუაობენ და იქადიედ, ხოლო შენ იქადოდე წინაშე ღმრთისა, და სულსა წმიდასა ეუბნებოდე საღმრთოთა მიერ წიგნთა, რამეთუ სული წმიდაჲ ზრახავს წიგნთა შინა საღმრთოთა. შე-უკუე-იკრძალე წიგნის კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის, რამეთუ, რავდენ შეიყუარო ღმერთი წიგნის კითხვითა და ლოცვითა, იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშჳნელი. აწ ვინაჲთგან ამას მეცნიერ ხარ, ვითარმედ წიგნის კითხვითა იკურთხევის ღმრთისაგან, ისწრაფდი მარადის კითხვად წიგნთა საღმრთოთა მოუწყინებელად და, თუ ვერ ძალ-გიც კითხვად უმეცრებითა, ითხოვდი გონებითა წმიდითა, რამეთუ ნეტარი ანა, დედაჲ სამოელ წინაწარმეტყუელისაჲ, გულსა ხოლო შინა თჳსსა ილოცვიდა და ბაგენი ოდენ იძრვოდეს და ჴმაჲ არა გამოვიდოდა, ხოლო ლმობიერად ვედრებაჲ იგი მისი აღიწეოდა სასმენელთა უფლისა საბაოთისათა და მის მიერ მოემადლა თხოვაჲ მისი.

ეგრეთვე შენ, ჵ კაცო, უკუეთუ ვერ იკითხავ პირითა, ილოცევდი გონებითა, რამეთუ ღმერთსა ესმის მდუმრიადიცა ვედრებაჲ. უკუეთუ უმეცარ ხარ წიგნის კითხვასა, მიისწრაფე მკითხველისა, რაჲთა გესმეს და სარგებელ გეყოს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ "უკუეთუ იხილო კაცი მრჩობლად მეცნიერი, აღიმსთუე მისა და ფერჴნი-მცა შენნი ზღურბლთა მისთა სტკებნიან" (ზირ. 6.36). და ესე არა მათთჳს უთქუამს, რომელთა კითხვაჲ არა იციან, არამედ მათთჳს, რომელნი მეცნიერად იკითხვენ, მათთჳს თქუმულ არს, რამეთუ მრავალნი იკითხვენ და არა მეცნიერებით.

აწ იხილე, ძმაო, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ნიჭსა მას, რომელი მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, არამედ მოსწრაფედ ეძიებდი და გულისჴმის-ყოფით სათნო ეყავ ღმერთსა, რომელი გულის-სათქუმელ არს უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა, რაჲთა მიიწიო შენ ნეტარებასა მას წმიდათასა. რამეთუ წერილ არს: "ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა მათითა გამოიძიონ იგი (ფსალმ. 118.2). აწ უკუე ნუმცა დაგაბრკოლებს შენ მტერი წიგნის კითხვასა. რამეთუ მოაწიის კაცსა ზედა სიცონილი და მოწყინებაჲ, და შთაუგდის გულსა ურვაჲ და მწუხარებაჲ, და ეტყჳნ: "ქმენ ესე და ესე პირველად", და შემდგომად უურველად იკითხევდი წიგნსა. ოდეს ამას ესევითარსა გაზრახებდეს და მოსწრაფე გყოს საქმესა, უწყოდე, რამეთუ შექცევისა და დაბრკოლებისა შენისათჳს გიზამს ამას, რაჲთა მოგაცთუნოს შენ წიგნის კითხვასა და სარგებელსა სულისა შენისასა, რამეთუ ოდეს იხილის კაცი მოსწრაფედ და მჴურვალედ წიგნის კითხვასა, სარგებლისათჳს სულისა თჳსისა მოინადიროს ამით ესევითართა, რაჲთამცა ვითარ დააბრკოლა.

ხოლო შენ ეკრძალე, ძმაო, და ნუ შეიწყნარებ მზაკუარისა მის ზრახებასა, არამედ იყავ შენ ვითარცა ირემი წყურიელი, რომელსა სურინ და მიისწრაფინ წყაროდ მიმართ წყალთაჲსა, რაჲთა სუას და განისუენოს წყურილისაგან. ეგრეთვე შენ სურვიელად მიივლტოდე კითხვად საღმრთოთა წიგნთა და განაგრილნე ვნებანი ეგე გულის-სიტყუათა შენთანი, რაჟამს სუა სარგებელი იგი, რომელი მის მიერ იყოფების. რაჟამს მოგცეს შენ ღმერთმან განგონებაჲ და გულის\ჴმის-ყოფაჲ სიტყუათაჲ, რაჲთა იკითხვიდე მეცნიერებით და დაიწერდე გონებასა და დაიცვიდე მარადის ჴსენებითა, რაჲთა არა  განგეშოროს შენგან. რამეთუ წერილ არს:"გულსა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი და სიმართლეთა შენთა ვიტყოდე, და არა დავივიწყენ მე სიტყუანი შენნი". და კუალად იტყჳს: "რაჲთა-მე წარიმართნის ჭაბუკმან გზანი თჳსნი არამედ იმარხნის თუ სიტყუანი შენნი" (ფსალმ. 118.11-16).

ხედავა, ძმაო, რამეთუ ჴსენებითა სიტყუათა ღმრთისათაჲთა შემძლებელ არს კაცი სლვად გზათა მისთა. ხოლო რომელი სიტყუათა ღმრთისათა იკითხვიდეს და გზათა მისთა არა ვიდოდის, საწყალობელ არს კაცი იგი, რამეთუ გამოცდილებაჲ ვერ მოუგია. ესევითარსა არარაჲ აჴსოვს, არამედ რომელსაცა მეცნიერად ჰგონებნ, და-ვე-ავიწყდის. და ღმერთი ეტყჳს ესევითარსა მას: აწ, შენ, ვითარღა იტყჳ სიმართლეთა ჩემთა, აღიღებ აღნათქუემთა ჩემთა პირითა შენითა; შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ, განიშორენ და განსთხიენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი. და უბრძანის მოღებაჲ მისი, რომელსა იგი ჰგონებნ, ვითარმედ აქუს მას სარწმუნოებაჲ, რამეთუ სახელ-იდებნ თავსა თჳსსა ქრისტიანედ და საქმით უვარ-ჰყოფნ, და არნ იგი უძჳრეს ურჩულოთა. მაშინ უბრძანის მისგან განძარცუვად სული წმიდაჲ, რომელი მიუღებიედ მას დღესა მას გამოჴსნისასა, რომლისასა ჰგონებნ მის თანა ყოფასა.

მაშინ იქმნის კაცი იგი ვითარცა ჭური ღჳნისაჲ, სავსე რყუნილებითა. და რომელმან იხილოს იგი და არა უწყინ, რაჲ შეემთხჳა, ჰგონებნ სავსესა ღჳნითა კეთილითა, ხოლო რაჟამს ზედამიწევნით განიხილის, პოის იგი სავსე სიმყრალითა. ეგრეთვე კაცი იგი, რაჟამს განიხილოს დღესა მას სასჯელისასა, იპოვოს იგი სავსე ზაკუვითა. მაშინ განეცხადოს ყოველთა საქმე მისი, ვითარცა-იგი მათი, რომელნი ეტყოდიედ მეუფესა დღესა მას განკითხვისასა: "უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ძალთა მრავალთა ვიქმოდეთა?" მაშინ მიუგოს მათ: "ამენ, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არა გიცნი" (მათე 25.12).

ხედავა, ძმაო, რამეთუ ესევითარსა არარაჲ აჴსოვს, ხოლო შენ გეჴსენენ სიტყუაჲ, რომელი გესმას, რაჲთა ხჳდოდი გზათა მისთა. იხილე, და ნუ უტეობ მფრინველთა გარდამოსლვად და აღტაცებად თესლსა მას ძისა ღმრთისასა, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ თესლად წოდებულ არს, და - უკუე - ჰფალ იგი ურნატსა ქუეყანისა შენისასა, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოს, ესე არს, რაჲთა დასთესო სიტყუაჲ ღმრთისაჲ გულსა შინა შენსა, რაჲთა ნაყოფიერ იქმნას ღმრთისა. და რაჟამს იკითხვიდე საღმრთოთა წიგნთა, გულს-მოდგინედ იკითხევდი და ჭეშმარიტად იღუაწე, რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდე, რომელსა იგი იკითხვიდე. და ნუ ისწრაფი ფურცელთა გარდაყრასა და გარდათუალვასა ოდენ, არამედ უკუეთუ ჰპოვო რომელიმე სიტყუათაგანი და ვერ გულისჴმა-ჰყო, ნუ გცონონ მეორედ და მესამედ და უფროჲს მისა ქცევადდა კუალად წარკითხავად, ვიდრემდის გულისჴმა-ჰყო ძალი იგი სიტყჳსაჲ მის. და რაჟამს დასჯდებოდი შენ კითხვად გინა სმენად მკითხველისა, ევედრე ღმერთსა და თქუ: ჵ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, აღაღე პირი ჩემი და განახუენ თუალნი გონებისა ჩემისანი, რაჲთა ვისმინნე სიტყუანი შენნი და გულისჴმა-ვყუნე მცნებანი შენნი, და ვყო ნებაჲ შენი; უფალო, მე უცხო და მწირ ვარი ქუეყანასა ზედა, ნუ დამირწყავ მე მცნებათა შენთა, არამედ აღმიხილენ თუალნი ჩემნი, რაჲთა ვიხილნე საკჳრველებანი შენნი. მასწავე მე, უფალო, საიდუმლოჲ სიბრძნისა შენისაჲ, რამეთუ მე შენ გესავ, განაბრწყინვე გონებაჲ ჩემი. ჰე ძმაო, გევედრები, რაჲთა ესრეთ ილოცვიდე შენ ყოლადვე ღმრთისა მიმართ, რაჲთა განანათლოს ცნობაჲ შენი და გულისჴმა-გიყოს ძალი სიტყუათა მისთაჲ.

ხოლო მრავალთა ილოცეს, და რაჟამს მიენდვნეს თჳსსა ცნობასა და გულისჴმის-ყოფასა და ჰგონებდეს იგინი ბრძენ თავთა თჳსთა, და განცოფნეს და ვერ გულისჴმა-ყვნეს წერილნი და მთხრებლსა გმობისასა შთაცჳვეს და წარწყმდეს. აწ უკუეთუ ჰპოვო შენ წიგნთა შინა სიტყუაჲ რაჲმე, ვერ გულისჴმის-საყოფელი, ეკრძალე, რაჲთა არა გასწაოს შენ ეშმაკმან და თავით თჳსით სთარგმანო იგი და სთქუა, ვითარმედ: ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის და სხუებრ არა ეგების ესე თქუმად. ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა ესევითარსა რასმე თავით თჳსით ჴელი შეჰყო, არამედ უკუეთუ გრწამს ღმერთი, სიტყუათა მისთაჲ გრწმენინ მართლითა სარწმუნოებითა და არქუ ეშმაკსა მას, რომელი სიტყუასა მარადის თარგმნიდეს: მართლუკუნ იქეც, ეშმაკო, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ სიტყუანი ღმრთისანი უბიწო არიან ვითარცა ვეცხლი გამოჴურვებული, გამოცდილი მის წილ შჳდ წილად, და არარაჲ არს მათ შინა გულარძნილი და არცა ქცეული, არამედ ყოველნი მართალ და წმიდა არიან მათთჳს, რომელნი გულისჴმა-ჰყოფენ, და ჭეშმარიტ არიან მათთჳს, რომელნი სწავლულებასა მეცნიერ არიან, ხოლო მე არა მეცნიერ ვარ და არცა უწყი, არამედ ესე ხოლო, ვითარმედ ყოველნი წერილნი ღმრთისანი სრულ არიან. და მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: "სჯული სულიერ არს" (რომ. 7.14). და კუალად აღიხილენ ზეცად და თქუ: უფალო, მე მრწამს სიტყუაჲ შენი და არა გამოვიწულილავ, არამედ მინდობილ ვარ მე სულისა მიერ წმიდისა თქუმულთა: "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე" (ფსალმ. 3.7), რაჲთა ვპოვო მე მადლი წინაშე შენსა, რამეთუ არარაჲ ვარ, არამედ მიჴსენ მე, რაჲთა ვპოვო წყალობაჲ შენი, ჵ მოწყალეო, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.

საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაჲ ვითარცა ზღუდე რვალისაჲ, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაჲ შიშითა ღმრთისაჲთა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნებად შენდა ისარნი მტერისანი, რამეთუ ოდეს შეიერთნენ დაყუდებაჲ და შიში ღმრთისაჲ, ექმნენ იგინი ეტლ ცეცხლისა მომგებელთა მისთა ზეცად აღმყვანებელ და ისწავე ელია წინაწარმეტყუელისაგან, რომელმან-იგი შეიყუარა დაყუდებაჲ და შიში ღმრთისაჲ ვითარ-იგი ზეცად აღიტაცა ეტლითა ცეცხლისაჲთა. დაყუდებაჲ ჴსნაჲ და მაცხოარი არს მონაზონთაჲ ყოველთაგან ვნებათა, დაყუდებაჲ კიბე არს ზეცად აღსავალი, დაყუდებაჲ მოგზაური კეთილი არს მიმყვანებელი ზეცისა მეუფისა.

დაყუდებაჲ თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაჲ. დაყუდებაჲ მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაჲ სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თჳსისანი. დაყუდებაჲ მომპოვნებელი არს ცრემლთაჲ და დედაჲ ტირილისაჲ. დაყუდებაჲ მშობელი არს ყუდროებისაჲ, დაყუდებაჲ სამკჳდრებელი არს სიმდაბლისაჲ და შესავედრებელი მოთმინებისაჲ. დაყუდებაჲ კეთილი მოძღუარი არს მასწავლელი სათნოებათაჲ. დაყუდებაჲ შიშსა თანა ღმრთისასა განმანათლებელ არს გონებასა კაცისასა. დაყუდებაჲ მსტოვარი არს მღჳძარე ბოროტთა გულის-სიტყუათა მოწევნასა. დაყუდებაჲ მიზეზი არს ყოვლისა კეთილისაჲ და დამამტკიცებელი ლოცვისა და მარხვისაჲ და წიგნის კითხვისაჲ და განმაშორებელი ნაყროვნებისაჲ და უძღებებისაჲ. დაყუდებაჲ [და] მაცხრობელი არს უკეთურთა გულის-სიტყუათაჲ და მყუდროჲ ნავთ-საყუდელი ღელვა-გუემულთაჲ.

დაყუდებაჲ განსუენებაჲ არს სულისაჲ. დაყუდებაჲ უღელი არს სულ-მცირე და ტჳრთი სუბუქი, რომელი განუსუენებს მტჳრთველთა მისთა. დაყუდებაჲ სიხარული არს სულისაჲ და მხიარულებაჲ გულისაჲ. დაყუდებაჲ აღჳრი არს სასმენელთა და სახედველთაჲ და ენისაჲ. დაყუდებაჲ მტერი არს ამპარტავნობისაჲ და მბრძოლი ცუდად-დიდებისა და კადნიერებისაჲ.

დაყუდებაჲ დედაჲ არს ძლიერებისაჲ და მშობელი ახოვნებისაჲ მტერთა წყობასა. დაყუდებაჲ საკრველი არს ვნებათაჲ და მოქლონი გულის-თქუმათაჲ. დაყუდებაჲ მუშაკი არს უძილი და მოქმედი ყოვლისა საქმისა კეთილისაჲ. დაყუდებაჲ მოძღუარი არს უპოვრებისაჲ და მასწავლელი სულგრძელებისაჲ, დაყუდებაჲ მტილი არს შუენიერი სავსე ნაყოფითა კეთილითა. დაყუდებაჲ და შიში ღმრთისაჲ გოდოლ მტკიცე არიან წინაშე პირსა მტერისასა, შესავედრებელ მოღუაწეთა მეუფისა მის ცათაჲსა, მომპოვნებელ გჳრგჳნსა ბრწყინვალესა.

ჰე ძმაო, მოიგე თავის შენისა ესე ნაწილი პატიოსანი, რომელი გამოირჩია მარიამ, დამან ლაზარესმან. რამეთუ ესე მარიამ დაყუდებულად იყო, რაჟამს ჯდა იგი ფერჴთა თანა უფლისათა; იგინი ხოლო მარტოდ ეპყრნეს და მათ ოდენ შევროდომილ იყო. ამისთჳს აქო იგი უფალმან და თქუა, ვითარმედ: "მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია თავისა თჳსისა, რომელი არაოდეს მიეღოს მისგან" (ლუკა 10.42). ხედავა, ძმაო, რაჲ არს დაყუდებაჲ? რამეთუ ღმერთი აქებს მომგებელთა მისთა. აწ უკუე მოიგე ესე და იშუებდ ღმრთისა შენისა, დაჯედ ფერჴთა მისთა თანა და შეევედრე მათ ხოლო, რაჲთა იტყოდი   კადნიერად წინაწარმეტყუელისა თანა: "მიგდევდა შენ სული ჩემი და მე   შემიწყნარა მარჯუენამან შენმან, და ვითარცა ცმელითა სიპოხისაჲთა განძღეს სული ჩემი" (ფსალმ. 62.5-9).

ჰე ძმაო, მოიგე ესე, რომელი უტკბოჲს თაფლისა არს, რამეთუ პური ხოლო და მარილი, დაყუდებით და განსუენებით, უფროჲს და უზეშთაეს არს მრავალთა სანოვაგეთა და საშუებელთა გემოვნებათა ურვასა შინა და      მწუხარებასა და შფოთთა სოფლისათა. ისმინე, რაჲ-იგი თქუა უფალმან სახარებასა შინა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და რომელთა ტჳრთი მძიმე გეტჳრთოს, და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11.28), რამეთუ ღმერთსა ჰნებავს განსუენებაჲ თქუენი მწუხარებათაგან და ურვათა ამის სოფლისათა. ჰნებავს მას, რაჲთა იყუნეთ განსუენებულ და უზრუნველ, ვითარცა ერისაჲ მის ეგჳპტით ჰნებავს განყვანებაჲ შენი უდაბნოდ, რომელ არს დაყუდებაჲ, რაჲთა განგინათლოს გზაჲ შენი სუეტითა მით და ღრუბლითა, რაჲთა გაჭამოს შენ მანანაჲ, რომელ არს პური დაყუდებისაჲ, განსუენებაჲ და უურველობაჲ, რაჲთა დაგიმკჳდროს შენ ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ, რომელ ას ზეცისა იერუსალჱმი. ჰე საყუარელო, მოიგე ესე, რაჲთა იხარებდე და განსცხრებოდი გზასა წამებათა ღმრთისა შენისათა, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. ჰე ძმაო, მოიგე ესე დაყუდებაჲ დაშიში ღმრთისაჲ, და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ შენ თანა, რომელსა შუენის დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო ღმრთისანო, რაჲთა ყოველსა ჟამსა იჴსენებდეთ თქუმულსა ამას სარწმუნოებისათჳს და სასოებისა და სიყუარულისა და სიმდაბლისა, რაჲთა შეჰკრბებოდით ყოველსა ჟამსა ლოცვად შიშითა ღმრთისაჲთა და სწავლითა წიგნითა საღმრთოთაჲთა და დაყუდებითა. რამეთუ ოდეს განამრავლოთ და გარდაჰმატოთ ამას, არა იყუნეთ თქუენ ცალიერ და არცა უნაყოფო ცნობითა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რამეთუ ყოველმან მონაზონმან, რომელმან, ესე არა მოიგოს, არამედ უდებ იქმნას ცხორებისა თჳსისათჳს, იგი ბრმა არს და მწუხარე, და დაუვიწყებიეს მას ბრალთა თჳსთა საურავი, და მსგავს არს იგი ძაღლსა, რომელი მიექცის თჳსსა ნათხევარსა და ვითარცა ღორი, რომელი იმწუბის სიმყრალესა მწჳრისასა. რამეთუ რომელნი ივლტოდეს სოფლისა საცთურთაგან მეცნიერებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, უკუეთუ კუალად იქცენ და შეერინენ სოფლისა საურავთა და ზრუნვასა ჴორციელსა და იძლინენ, ესევითართა ექმნის უკუანაჲსკნელი უძჳრეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, ვიდრეღა ცნობასა და კუალად ქცევასა.

აწ უკუე, ჵ მონაზონნო, ჵ საყუარელნო, ჵ მორწმუნენო, ჵ მონანო ქრისტესნო, ჵ ახოვანნო, ჵ მოღუაწენო და მჴედარნო მისნო, აღვიღოთ ყოლადვე ყოველსა ჟამსა საჭურველი ესე, რომელი მე გითხარ, და გუაჴსობსმცა ესე დაუვიწყებლად, რაჲთა შემძლებელ ვიქმნეთ ღუწად ღუაწლსა მას და დავტკებნოთ ყოველი ძალი მტერისაჲ, რაჲთა განვერნეთ რისხვისაგან მომავალისა შვილთა ზედა განდგომილთასა და ვპოვოთ მადლი და წყალობაჲ დღესა მას სასჯელისასა წინაშე მართლმსაჯულისა, რომელი მიაგებს ყოველთა საქმეთა მათთაებრ, რომლისა მხოლოჲსა არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული მისივე მარხვისთჳს

რაჟამს იმარხვიდე შენ, ჵ კაცო, საზრდელი იგი, რომელი მოგემზადოს შენ დღისა მისთჳს, მისგან ნაწილი უყავ გლახაკთა და ესრეთ იმარხევდი, რაჲთა გლახაკი შეიწყალო და გამოზარდო საზრდელითა შენითა, რომლითა იზარდები. უკუეთუ გლახაკი არა შეიწყალო, და შენ იმარხვიდე და ილოცვიდე, გერქუას შენცა ვითარცა-იგი ჰრქუა უფალმან ესაია წინაწარმეტყუელსა: "უკუეთუ ძაძაჲ შეიმოსო და ნაცარი დაიფინო და განჰკაფო გუამი შენი მარხვისა სიმრავლითა, და გლახაკი არა შეიწყალო, არა შეიწირავს ლოცვასა შენსა და მარხვასა" (ესაია 58.5).

უკუეთუ სცე მშიერსა პური შენი და უცხოჲ შეიყვანო ვანად შენდა და მოისპო უკეთურებაჲ შენი შენგან, მაშინ შეგიწყნაროს შენ და შეიწიროს ლოცვაჲ შენი. რაჲ სარგებელ არს შენდა, უკუეთუ იმარხვიდე და ხედვიდე გლახაკთა მშიერთა და არა გამოზარდნე! არა უწყია, რაჲ-იგი შეემთხჳა ქალწულთა მათ, რომელნი ყოველთა დღეთა იმარხვიდეს და ქუეყანასა ზედა დაწვებოდეს და გუამნი მათნი განიწმიდნეს? ვინაჲთგან არა სწყალობდეს გლახაკთა, დაეჴშა კარი წყალობისაჲ წინაშე მათსა. ამისთჳს თქუა ღმერთმან: ოდეს იმარხვიდე და გლახაკსა წარსცე საზრდელისა შენისაგან, რაჲთა ჭამოს და განძღეს და გილოცოს შენ, შეისმინოს უფალმან წყალობისა მისთჳს შენისა გლახაკთა მიმართ და შეგიწყალოს. ხოლო მონაზონნი განშორებულნი ღმრთისათჳს, რომელთა არარაჲ აქუს საჴმართაგანი, განუჴმობიან გუამნი მათნი მარხვითა, ლოცვაჲ მათი წმიდაჲ და უბიწოჲ არს. და სხუანი, რამეთუ იმარხვენ და საზრდელითა მათითა ზრდიან გლახაკთა და მშიერთა, შეიწირავს ღმერთი მარხვასა მათსა წყალობისა მათისათჳს. არა გასმიესა, რავდენნი კეთილნი აღთქუმულ არიან მმარხველთათჳს? და ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა არა უძღებებით მივიღებდეთ საზრდელსა და არცა გარდავერინეთ სასუმლითა, რაჲთა არა თავი ჩუენი გუალმოს და სლვაჲ ფერჴთაჲ შეგჳშალოს, და თუალნი განგჳწითნეს, და ენისაგან სიტყუაჲ შეგჳშალოს, და სლვასა ჩუენსა აქა და იქი ვეკუეთებოდით და გონებაჲ მიგჳღოს, ვიდრემდის უჯეროდ გუაზრახებდეს, და ვითარცა ეშმაკეულნი ვხედვიდეთ და შევიქმნეთ, და სახლსა ვხედვიდეთ, ვითარცა მრგულიად იქცეოდა, და სასირცხჳნელ დასაცინელ იყოს ყოველი განგებაჲ ჩუენი ჟამისაჲ მის.

დიდად პატიოსან არს, საყუარელნო, მარხვაჲ, რამეთუ ყვის კაცი მსგავს ანგელოზთა. მარხვამან განწმიდნა და უბიწო ყუნა ყოველნი წმიდანი. მარხვამან ყუნა კეთილის მოქმედნი ზეცად აღმყვანებელ. არა ხოლო თუ მარხვასა საჭმელთა და სასუმელთასა ვიტყჳ, არამედ რაჲთა დავიმარხნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან ბოროტისა, სიხარბისა და მტერობისა და ძჳრის-ჴსენებისა და სიძულვილისაგან და შფოთისა და ტყუილისა. არა ხოლო თუ მარხვაჲ მარტოდ გუამცნო ჩუენ მაცხოვარმან, არამედ განშორებაჲ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ სძულს მას, და საქმედ კეთილთა სათნოებათა, რომელნი უყუარან მას. ლოცვაჲ და მარხვაჲ, და მღჳძარებაჲ და მოწყალებაჲ გლახაკთაჲ, სიწმიდე და ძჳრ-უჴსენებლობაჲ, სიყუარული და სიმდაბლე, მოთმინებაჲ და სულგრძელობაჲ, ამათ ყოველთა მოგებაჲ გჳბრძანა ჩუენ უფალმან, და ოდეს ესე მოვიგნეთ, მაშინღა შეიწიროს ლოცვაჲ და მარხვაჲ ჩუენი და ღირს-მყვნეს ჩუენ სასუფეველსა მისსა, რაჲთა ვადიდებდეთ სახელსა წმიდასა მისსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული მისივე მარხვისთჳს და განწმედისათჳს სულისა და ძჳრ-უჴსენებლობისათჳს


გუაკურთხენ უფალო!


ვითარცა-იგი რომელნი ასპარეზსა ცხენთასა ერთი-ერთსა უსწორებენ და განსცხრებიედ, და სარგებელი ვერაჲ პოიან მათ მოსწრაფედ მორბედებითა მათითა და მჴურვალედ მოქმედებითა, რამეთუ არავინ მიაგის მისაგებელი მათი, არცა გჳრგჳნოსან ყუნის, და ცუდად დაშურიედ, ეგრეთვე ჩუენ არა სარგებელ ვიყოთ შრომაჲ ჩუენი მრავლითა მარხვითა, უკუეთუ არა გულითა მდაბლითა და სულითა უბიწოჲთა ვიშუებდეთ ტაბლასა მას ზედა უბიწოსა და საღმრთოსა საიდუმლოსა.

აწ უკუე მარხვითა ამით ორმეოცთა დღეთაჲთა, და კითხვითა და სმენითა საღმრთოთა წიგნთაჲთა, და ლოცვითა და სწავლითა და გალობითა, და ყოვლითა სათნოებითა განვწმიდნეთ ყოველთაგან ცოდვათა, რომელნი წელიწადსა შინა გჳქმნიან, რაჲთა მხიარულებით მოვიღოთ მსხუერპლი იგი სულიერი. ყოველმან კაცმან განიხილენ შინაგანი გონებაჲ თჳსი და გულისჴმაყავნ, თუ რავდენი მოაკლო ცოდვათა თჳსთა, ანუ რავდენი შეჰმატა სათნოებათა თჳსთა და რაჲ სარგებელ იყო. და უკუეთუ იხილოს, ვითარმედ შესძინა სავაჭროსა თჳსსა მარხვითა მით სარგებელი მრავალი, და ცნას გონებითა, ვითარმედ მოსწრაფე არს კურნებად წყლულებათა თჳსთა, მაშინ წარმოდეგინ და ეზიარენ საიდუმლოთა ღმრთისათა. უკუეთუ აქამომდე უდებებასავე შინა თჳსსა არს და საზრდელისაგან ხოლო იმარხავს, და სხუანი სათნოებანი ვერაჲ მოუგიან, დეგინ იგი გარეშე, და ოდეს განიშორნეს მისგან საქმენი სავნებელნი, შემოვედინ ეკლესიად. ხოლო რომელი არა იმარხავს, ნუუკუე იგი ღირს არს შენდობასა, რამეთუ აჩუენებს უძლურებასა გუამისა თჳსისა, ხოლო რომელმან არა განიწმიდნეს ცოდვანი თჳსნი, არა აქუს მას სიტყჳს-გებაჲ. უკუეთუ უძლურებისაგან მარხვად ვერ შემძლებელ ხარ, რაჲსა არა დაეგები მტერსა შენსა; და კუალად უკუეთუ გუამისა უძლურებასა ჰმიზეზობ და შური და თუალ-ბოროტებაჲ მკჳდრ არს შენ თანა, რაჲ სიტყუაჲ მისცე ესევითარისა ცოდვისათჳს, რამეთუ არად სარგებელ არს შენდა უძლურებისა მიზეზობაჲ.

აწ უკუე გჳღირს ჩუენ დამარხვაჲ ყოველთა მცნებათა ღმრთისათაჲ და უფროჲსღა, რომელსა-იგი გუამცნებს. რაჲთა არა გუესუას ჩუენ მტერი ქუეყანასა ზედა და არცა ვის ზედა გულ-ძჳრ ვიყუნეთ ყოლადვე. არამედ უკუეთუ შეგუემთხჳოს ჩუენ შფოთი და მწუხარებაჲ ძმათაგან, მუნთქუესვე დავეგნეთ. რამეთუ ვითარცა მეძავნი და მგმობარნი ვერ შემძლებელ არიან ზიარებად ტაბლასა ამას სამღდელოსა, ეგრეთვე რომელსა მტერი ესუას და გულ-ძჳრობაჲ ეპყრას გულსა შინა თჳსსა, ვერ შემძლებელ არს შუებად წმიდათაგან საიდუმლოთა, და ნუ უკუეცა რომელმან-იგი ისიძვა და იმრუშა, და აღისრულა გულის-თქუმაჲ და მუნთქუესვე შეინანა ცოდვაჲ იგი თჳსი. უკუეთუ განიღჳძოს და განიფრთხოს დაცემულობისაგან თჳსისა და აჩუენოს შემდგომად მისა მჴურვალე სარწმუნოებაჲ და სინანული, პოვოს მან განსუენებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ და შენდობაჲ. ხოლო რომელსა გულ-ძჳრობაჲ თანა აქუს, იგი მარადის ყოველთა ჟამთა ცოდავს, რომლისა შენდობისა ღირს ვართ. უკუეთუ ნებითა ჩუენითა მივსცნეთ თავნი ჩუენნი ესევითარსა მჴეცსა ბოროტსა, რომელ არს ძჳრის ჴსენებაჲ, ვითარ გნებავს, ვითარ სახიერ და მოწყალე გექმნას შენ უფალი, ვინაჲთგან შენ მოყუასსა შენსა ზედა გულ-მანკიერ ხარ და ძჳრსა იჴსენებ. გაგინაა მოყუასმან შენმან? მოიჴსენე შენცა, რამეთუ მრავალ გზის აგინე ღმერთსა საქმითა შენითა ბოროტითა, და რაჲ შეტყუება არს უფლისა და მონისა. ეგრეთვე უკუეთუ სადამე გაგინა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე უყავ და აღაშფოთე და იძულა გინებად შენდა. ხოლო შენ აგინებ უფალსა შენსა, რომელმან არაჲ ოდეს შეგცოდა შენ და არცა უსამართლოჲ გიყო, არამედ შემწე არს შენდა ყოველთა დღეთა კეთილისათჳს.

აწ უკუე გულისჴმა-ყავ, უკუეთუმცა გამოწულილვით გამოეძიებდა საქმეთა ჩუენთა ბოროტთა, რომელთა მარადის ვჰყოფთ ჩუენ მისა მიმართ, ერთისაცა დღისა არა ღირს ვართ ცხორებად, რამეთუ თქუმულ არს: უკუეთუ ცოდვათა ჩემთაებრ მომაგებდე მე, უფალო, ვინმე დაგითმოს შენ, და მას თანა რომელი-იგი სჯული დადვა კრებამან შეცოდებულთათჳს, რომელნი საცნაურ იქმნენ. ხოლო რომელთაჲ არავინ უწყის, გარნა ღმერთმან მხოლომან, საიდულოთა მეცნიერმან, ყოველთა კაცთა დაფარულთა მცნობელმან, უკუეთუ სიტყუასა მიგუხდიდეს მათთჳს, რომელსა შენდობასა ღირს ვართ, უკუეთუ გამოიწულილნეს უდებებანი და მოწყინებანი ჩუენნი ჟამსა ლოცვისასა, ოდეს-იგი წარვდგეთ წინაშე მისა ვედრებად. რამეთუ არცაღა თუ ეგრეთ პატივ-ვსცემთ მას, ვითარცა მონანი ჴორციელთა უფალთა თჳსთა, და არცაღა თუ ვითარმცა მჴედარნი ერისთავსა, და არცაღა ვითარცა მეგობარნი მეგობართა თჳსთა, რამეთუ ოდეს ზრახვიდე მეგობართა შენთა, კრძალვით სიტყუა-უგებ მათ.

და ოდეს ღმერთსა ევედრებოდი ცოდვათა და ბრალთა შენთათჳს მოტევებისა, და ლმობიერ იყვი, რაჲთამცა სახიერ გექმნა, უდებებით იქმოდე მას. და ოდეს თაყუანის სცემდი ქუეყანად, გონებაჲ შენი განუტევე და რბინ უბანთა და სახლებსა, და პირი შენი ცუდად დურდურებნ, და ამას ესევითარსა არა თუ ერთჯერ სამე ჰყოფ, არამედ მრავალ გზის და ყოლადვე. აწ უკუე თუმცა ენება ღმერთსა ამისთჳს ხოლო პატიჟეულ ყოფაჲ შენი, ჰპოემცაა სიტყჳს-გებაჲ წინაშე მისა? არა ვჰგონებ, თუმცა ვითარ შეუძლეთ სიტყჳს-გებად მისა, ვითარ უკუეთუმცა მოიღო ღმერთმან ბრალობაჲ ჩუენ ზედა, ვითარ-იგი ჩუენ ვაბრალებდით ურთიერთას და ბოროტსა ვიტყოდით, და ვითარ განვიკითხვიდით და პატიჟეულ ვჰყოფდით მოყუასსა, რომლისა თანა არარაჲ ძენ ჩუენი, არამედ მიზეზობაჲ ცუდი და ბრალობის მოყუარობაჲ. ვითარ-მე შემძლებელ ვართ სიტყჳს-გებად ღმრთისა?

და უკუეთუმცა განგჳკითხვიდა ღმერთი განტევებულად და ურიდად ხედვისათჳს თუალთა ჩუენთაჲსა და გულის-თქუმათა ჩუენთათჳს ბოროტთა, რამეთუ შევიწყნარებთ გულის-თქუმათა მწიკნულევანთა და მავნებელთა გულის-სიტყუათა. და უკუეთუმცა სიტყუაჲ მიგუჴადა ჩუენ გინებისთჳს, ვითარცა თქუმულ არს, ვითარ: "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა ცეცხლისასა" (მათე 5.22) შე-მე-მცა-უძლეთა აღებად პირთა ჩუენთა, გინა სიტყუაჲ მივეცით, ანუმცა ვთქუთ რაჲ, დიდი განა მცირე? არა სამე, ნუ იყოფინ! ანუ თუ გამოვიწულილნეთ ჩუენ მარხვანი და ლოცვანი და გლახაკთ მოწყალებანი ჩუენნი, რომელსა-იგი ვჰყოფდით მაჩუენებლობით ცუდად-დიდებისათჳს. არა ხოლო თუ ღმრთისასა ვიტყჳ, რაჲთამცა მან გამოიძინა, არამედ თჳთ ჩუენ, რომელნი-ესე ვცოდავთ, შე-მცა-უძლეთა ზეცად ახილვად თუალთა ჩუენთა? და ზაკუვასა რავდენსა დაურწყავთ საბრჴედ ძმათა ჩუენთა! რამეთუ ოდეს ძმაჲ ჩუენი მახლობელად ჩუენსა არნ, ვაქებდით, და ვითარცა მეგობარსა ვზრახევდით, ხოლო რაჟამს განგუეშორის, ძჳრსა უზრახვიდით. ძალ-მე-გუიცა დათმენად სატანჯველთა მათ, რომელნი-იგი ესევითართათჳს განმზადებულ არიან საუკუნესა?

რაჲმე უკუე ვყოთ კუალად ფიცისა და ტყუილისათჳს, შფოთისა და შურისათჳს, რომელმან შეგჳპყრნის მრავალ გზის მათთჳს, რომელნი ცხოვნდიან; არა ხოლო თუ მტერნი, არამედ მეგობარნიცა ჩუენნი და მწუხარებაჲ მათი ნუგეშინის-ცემა ჩუენდა გუგონიედ. და უკუეთუმცა მოგუაგებდა ღმერთი უდებებათა ჩუენთათჳს ჟამსა ლოცვისასა, რამეთუ ოდეს ღმერთი გუზრახავნ ჩუენ, პირითა წინაწარმეტყუელთა თჳსთაჲთა, დაუტევით იგი და მივექცით და ვზრახვიდით ნათესავთა ჩუენთა თანა საქმისა რაჲსათჳსმე უჯეროჲსა, რომელი ცხორებისა სასოებაჲ არს ჩუენდა. ნუ ჰგონებ, ვითარმედ ესე ცოდვაჲ მცირე არს. და უკუეთუ გნებავს ცნობად სიდიდე მისი, კაცობრივ განბჭე, ვითარცა კაცთა შორის არს, და გულისჴმა-ყავ და მაშინ გეუწყოს სიდიდე ცოდვისაჲ მის. ურცხჳნოღა იქმენ შენ, რაჟამს უკუე გზრახვიდეს ჴელმწიფე შენი, შინა მთავარი, გინა მეგობარი. დაუტევე იგი შეურაცხებით და სხუასა ზრახვად მიიქეც, და მაშინ გეუწყოს ურცხნოებაჲ შენი. და შენ ესრეთ ჰყოფ წინაშე ღმრთისა. უკუეთუ შერაცხილისა კაცისა ზრახვასა გარე მიიქცე და სხუასა ჰზრახვიდე, ძჳრი იძიოს შენგან შეურაცხებისა მისისათჳს, რომელი ჰყავ უგუნურებით. ხოლო ღმერთი მაღალი არა შურის-მეძიებელ არს, რამეთუ შეურაცხ იქმნების და იგინების არა თუ ერთისა და ორისაგან, არამედ სიმრავლისაგან ფრიადისა, არამედ ჩუენთათჳს სულგრძელებით თავს-იდებს. და კუალად მოიჴსენე, შვილო ჩემო, მდინარე იგი ცეცხლისაჲ, მატლი იგი დაძინებელი და სასჯელი იგი საშინელი, სადა-იგი ყოველივე ცხადად განცხადნეს. უწყოდე ესე, უკუეთუ შეუნდვნე ძმასა ცოდვანი მისნი, ცოდვანი შენნი, რომელნი მუნ გამოცხადებად არიან, აქავე აღიჴოცნენ და წარწყმდენ, და არღარაჲ ცოდვათა შენთა ტჳრთი გეკიდოს.

აწ უკუე გულისჴმა-ყავ ესე, რამეთუ უფროჲსი მიგაქუს და უმცირესსა მისცემ. დაღაცათუ მრავალ გზის გჳცოდავს ცოდვაჲ, რომელი კაცთაგანმან არავინ უწყის, თჳნიერ ჩუენსა და ღმრთისა, განმკითხველისა ჩუენისა დღესა მას განკითხვისასა, რომელმან-იგი ცხადად განაცხადნეს ყოველნი დაფარულნი ჩუენნი წინაშე ყოველთა დაბადებულთა, ოდეს-იგი გულისაცა ჩუენისა ზრახვანი გამოიძინეს. აწ ამათ ესევითართა სირცხჳლთა, ესევითართა ცოდვათა და ესევითარსა განკითხვასა შემძლებელ ვართ აჴოცად და განბანად შენდობისა ჩუენითა ძმათა ჩუენთა. არარაჲ ესწორების ამას საქმესა კეთილისასა, რომელ არს მიტევებაჲ ძმისაჲ შეცოდებათაჲ. და უკუეთუ გნებავს შენ ცნობის ძალი მცნებისაჲ ამის, ისმინე, რაჲ ჰრქუა ღმერთმან იერემია წინაწარმეტყუელსა, ვითარმედ: "უკუეთუ აღდგენ მკუდრეთით მოსე და სამოელ, არა სთნდეს სულსა ჩემსა მეოხად ერისა ამისთჳს" (იერ. 15.1).

აწ ესერა რომელსა მოსე და სამოელ ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად რისხვისაგან ღმრთისა, მცნებაჲ ესე შემძლებელ არს ჴსნად, ამისთჳს რომელთა-იგი ზრახვიდა, დღითი-დღედ ამცნებდა მათ და ეტყოდა: ნუ ვინ თქუენგანი ძჳრსა იჴსენებნ ძმისა თჳსისასა და ბოროტსა ნუ განიზრახავთ თჳსთა თქუენთათჳს. არა ხოლო თუ შენდობაჲ ამცნო, არამედ გონებასაცა ნუ მოიღებთ, და განიშორნეთ წყლულებაჲ სულისაგან თქუენისა. ჰგონებთა, ვითარმედ შური იძიოთ მოყუსისა თქუენისაგან, ვინაჲთგან არა მიუტევეთ მას? უწყოდე, რამეთუ შენ პირველად სულსა თქუენსა მისცემთ სატანჯველად. რაჲმე უკუე იყოს უძჳრეს და უსაწყალობელეს კაცისა მის, რომელი მარადის გულ-მწყრალ არნ, რამეთუ ვითარცა ეშმაკეულთა არა აქუს განსუენება ამას განსასუენებელსა. ეგრეთცა გულ-მანკიერსა, რომელსა მტერი ესუას, არა აქუს განსუენება არცაღათუ ჟამ ერთ, რამეთუ სიტყუაჲ მტერისაჲ და ზრახვაჲ აღსძრავნ მას მწუხარებად. და უკუეთუ ესმინ მას ჴმაჲ შემაწუხებელისა მისისაჲ, ანუ აჴსენის ვინმე სახელი მტერისა მისისაჲ წინაშე მისსა, აღეტყინის იგი ვითარცა ნაძეძი, და შინაგანი მისი ყოველი შეელმინ. და უკუეთუ სადამე იხილის პირისპირ, შეშფოთნის და შეძრწუნდის, ვითარცა ძჳრი ფრიადი შემთხუეულ იყო მის მიერ მისა.

და უკუეთუ ვინმე ნათესავი მტერისა მისისაჲ იხილის, გინა სამოსელი, გინა სახლი, გინა უბანი მისი, გინა შესავალ-გამოსავალი, ყოველი რაჲცა იხილის, შეწუხნის და აღშფოთნის მსგავსად მათდა, რომელთა-იგი საყუარელნი მეგობარნი უსხენედ, გინა ტრფიალნი. და ოდეს იხილნიან პირნი მათნი, გინა სამოსელნი, გინა ჴამლი მათი, გინა საყოფელი მათ(ნ)ი, გინა ფოლოცნი მათნი, მხიარულ იქმნიედ გულითა და უხარინ. ეგრეთვე რომელთა შორის ჩუენსა და მათსა მტერობაჲ არნ, ოდეს ვიხილნით იგინი ანუ მათთა საქმეთაგანი რაჲმე, შევწუხნით და შეუგუელმინ ყოველი შინაგანი ჩუენი, რაჲმე უკუე იყო ამას ბრძოლასა და ამას გუემასა და ვნებასა. დაღაცათუმცა ჯოჯოხეთი არა აღთქუმულ იყო ძჳრის მოჴსენეთა და გულ-მანკიერთა, არამედ მწუხარებისა და ვნებისათჳს, რომელი იშვების ჩუენ შორის მის მიერ, ჯერვე არს ჩუენდა შენდობაჲ შემაწუხებელთა ჩუენთაჲ ყოველსა ჟამსა, რაჲთა არღარა დავიწერტებოდით აქავე შურითა მათითა. უკუეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენი კეთილსა შინა, განვიმსჭუალენით მწუხარებითა. ვითარცა მუსმრითა; და უკუეთუ მწუხარებასა შინა ვიხილით, მხიარულ ვიქმნით და გჳხარინ და გუეშინინ, ნუუკუე კეთილი მოეგოს მას, და ამათ ორთა საქმეთაგან შემზადებულ არს ჩუენდა სატანჯველი საუკუნოჲ.

მტერობაჲ ერთისაჲ გჳბრძანა ჩუენ ღმერთმან, რომელ არს ეშმაკი. და ეკრძალე დაგებად და მშჳდობისა ყოვლად მის თანა, და ეკრძალე განრისხებასა ძმისა შენისასასა, არამედ უკუეთუ შეგემთხჳოს შენ მწუხარებაჲ, გინა სულმოკლებაჲ, ნუ დაადგრები მას ზედა დღისა ერთისა უფროჲს, რამეთუ თქუმულ არს: "მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა" (ეფეს. 4.26). და უკუეთუ დაეგო ძმასა შენსა პირველ მიმწუხრებისა, ჰპოვო შენ მოტევებაჲ. და უკუეთუ დღე გარდაჴდეს და შენ გულ-ძჳრობასავე ზედა იყო, არღარა აღძრვისაგან გულის წყრომისა არს მტერობაჲ შენი, არამედ სიძულილისა და მტერობისაგან სულისა, რომელი მიუძღუს მტერობად და ბოროტებად. უკუეთუ ერთი დღე წარჴდეს და არა დაეგო ძმასა შენსა, მაშინ ფრიად განძჳნდეს მწუხარებაჲ შენი. და უკუეთუ წარჴდეს ორი, გინა სამი დღე, ფრიად აღემატოს ბოროტი. და უკუეთუ წარჴდეს ოთხი, გინა ხუთი დღე, და ხუთი იგი ათ იქმნეს, და ათი - ოც, და ოცი - ას, მაშინ დაადგრეს წყლულებაჲ იგი უკურნებელად. რავდენცა ჟამი განგრძობილ იქმნას, ეგოდენცა განვიშორნეთ ურთიერთას, არამედ ჯერ-არს ჩუენდა კრძალვაჲ, რაჲთა არაჲ ესევითარი შეგუემთხჳოს ბოროტი. *

ნუ იტყჳ შენ ამას, ვითარმედ ვაგინეთ ბოროტად ერთი-ერთსა და იყო ჩუენ შორის ეგევითარი სიწბოჲ საქიქელი, აწღა აღვდგე და მუნსთქუესვე მშჳდობისა ყოფად მივრბიოდი, - ვინ არა გამგმოს და მაბრალოს სწრაფისათჳს ჩემისა მშჳდობის ყოფად! რამეთუ ამას კაცი გონიერი არა გაბრალებს შენ ყოფისათჳს მშჳდობისა, არამედ მაშინღა საცინელ და საკიცხელ იქმნე ყოველთაგან, უკუეთუ დაადგრე მტერობასა ზედა მოყუსისა შენისასა. ვითარცაღა სიყუარული დაჰფარავს მრავალთა ცოდვათა, ეგრეთვე მტერობაჲ შობს მრავალთა ცოდვათა არარაჲსაგან.

აწ უკუე ოდეს ესე გიცნობიეს, შეიტკბე ძმაჲ შენი და ამბორს უყავ სიყუარულით პირველ განძჳნებისა სულისა მისისა შენ ზედა. დაღაცათუ ფრიად სათანადოჲ რაჲმე საქმე გეიძულებოდის დღესა მას გულის წყრომასა და შფოთისა შენისასა, და გინდეს თუ შესლვად ყოველი ქალაქი ანუ გარეშე ქალაქსა სოფელი, გინა თუ გზასა შორსა წარმართებულ იყო, დაუტევე ესე ყოველი და მიისწრაფე და დაეგე ძმასა შენსა. დაღათუ რაჲმე ძნელი საქმე იყოს, თავს-იდე ღმრთისათჳის. და უკუეთუ სული შენი მოწყინე და მწუხარე იყოს და ეკიცხებოდის და ჰრცხუენოდის დაგებად იმისა, არქუ მას: რაჲსა არა გნებავს მშჳდობისა ყოფად და ხარ შენ მოძნაურ და მწუხარე. ესე მცნებაჲ არა თუ მონაგებთა და საწუთროჲსა საჴმართათჳს ბრძანებულ არს, არამედ ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისათჳს დადებულ არს ესე მცნებაჲ ღმრთისა მიერ, რამეთუ ღმერთმან პირველვე გჳბრძანა ყოფად ესე. რამეთუ სავაჭროჲ სულიერი არს ესე, არა მოვიწყინოთ და არცა დავიცონოთ ყოფად ამას.

ვაუწყოთ მეტრთა ჩუენთა, ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვისწრაფოთ საქმედ საქმესა, რომელი ღმრთისა სათნო არს. დაღაცათუ ვიგინნეთ, გინა ვიგუემნეთ, დაღათუ უძჳრესი მისსა შეგუემთხჳოს, ძლიერად მოვითმინოთ და უწყოდით, ვითარმედ ესე უფროჲს არს და უზეშთაეს ყოველთა სათნოებათა ჩუენთა. ესე კეთილი წინა წარმოგჳდგეს დღესა მას განკითხვისასა. ურიცხუად და ფრიად და მრავლად შევსცეთით და ვცოდეთ, და ბრალეულ ვიქმნენით და ღმერთი განვარისხეთ, ხოლო წყალობითა თჳსითა დაგჳდვა გზაჲ დასამშჳდებელი.

ამიერითგან არღარა მივსცეთ საფასე ესე კეთილთაჲ ეშმაკსა. ნუუკუე ღმერთი ვერ შემძლებელ იყოა ბრძანებად ჩუენდა და დაგებად ძმათა ჩუენთა, გინა მტერთა ჩუენთა უმადლოდ და უსარგებლოდ? ნუუკუე კაცი შემძლებელ არსა სასჯელად, გინა სიტყჳს-გებად მისა, გინა მცნებათა მისთა აუგის-დებად? არამედ მრავალთა მოწყალებათა მისთათჳს და სახიერებისა აღგჳთქუა ჩუენ ფრიადისა მადლისა მოცემაჲ და მოტევებაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ, უკუეთუ ჩუენ მშჳდობაჲ ვყოთ მტერთა ჩუენთა თანა. აწ უკუე, რომელი მოტევებაჲ და შენდობაჲ იყოს ჩუენდა, ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოცემაჲცა აღგჳთქუა და ჩუენ ეგრეცა არავე დავემორჩილნეთ რჩულსა მისსა,  არამედ უდებ ვიყუნეთ მისგან. მითხარ-ღა, ძმაო, უკუეთუმცა მეფემან ბრძანა, ვითარმედ: ყოველი რომელი გულ-ძჳრ არს ძმისა მიმართ თჳსისა, უკუეთუ აწვე დაეგოს, და თუ არა მოეკუეთოს თავი მისი, არამემცა ყოველნი მირბიოდესა ურთიერთას მშვიდობისა ყოფად და დაგებად? მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ არცა თუ ერთი ჟამი ყვესმცა დროჲსაჲ დაგებისათჳს ძმისა თჳსისა.

აწ უკუე რომელი შენდობაჲ იყოს ჩუენდა, ვინაჲთგან არა პატივ-ვსცემთ ბრძანებულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი პატივ-სცემთ ბრძანებულსა კაცისა ჩუენისავე ბუნებისასა. ამისთჳს ბრძანებულ არს ჩუენდა, რაჲთა ვიტყოდით ლოცვასა შინა: "მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა" (მათე 6.12). რომელი-მცა მცნებაჲ იყო ამისა უმჯობესი და უსუბუქესი, რამეთუ გყო შენ მსაჯულმან ჴელმწიფე ცოდვათა შენთა მოტევებასა ზედა!

აწ უკუეთუ მცირედ მიუტეო, მცირედცა მოგიტეოს; და უკუეთუ ფრიად მიუტეო, ფრიადცა მოგიტევნენ. უკუეთუ შენ მიუტეო ყოველივე სიწმიდითა გულისაჲთა, ეგრეთვე შენ ღმერთმან მოგიტეოს. და უკუეთუ რაჟამს მიუტეო და შეიყუარო იგი მეგობრად საყუარელად, ეგრეთვე ღმერთმან ყოს შენ თანა სიყუარული. აწ უკუე რაჲცა უმეტეს გარდაჰრიოს შეცოდებაჲ ჩუენდა, ეგოდენცა უმეტეს მივისწრაფოთ მშჳდობისა ყოფად, რამეთუ მიზეზ გუექმნა ურიცხუთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობისა. რაჲ უკუე გავნო მოყუასმან შენმან? მონაგებნი მიგიხუეჭნაა, ანუ განგჴადა სამკჳდრებელით შენით, ანუ უსამართლოჲ გიყოა შენ? და არა მარადის ხოლო ვიტყჳ, არამედ ნუუკუეცა სიკუდილი შენი ენება და შთაგაგდო შენ მარვალ-ფერთა ჭირთა და განსაცდელთა, და ყოველნი ძჳრნი მოაწინა შენ ზედა, და არარაჲ ბოროტი დაუშთა, რომელი არა გიყო შენ, რომელი სხუასა კაცსა კაცისადა არა უყოფიეს. ამისა შემდგომად უკუეთუ ძჳრსა იჴსენებდე მისთჳს და გულ-მანკიერ იყო მის ზედა, არა ღირს ხარ შენ მოტევებასა. და ვითარ ესე გაუწყო, გულისჴმა-ყავ.

უკუეთუმცა თჳსი გესუა შენ და ზედა-ედვა შენი ასი დრაჰკანი, და თჳსისა მის შენისა მოვალისაჲ სხუასა ზედა-ედვა მცირედი რაჲმე ვალი, და მო-მცა-ვიდა მისი იგი მოვალე შენდა და შეგივრდამცა შენ ლმობიერად, რაჲთა ევედრო შენ თჳსსა მას შენსა, და მიუტეოს მცირედი რაჲმე ვალისა მისგანი თანამდებსა მას, და შენმცა შეგეწყალა იგი და მო-მცა-უწოდე თჳსსა მას შენსა, რომელსა ზედა-ედვა ასი დრაჰკანი და არქუმცა მას ვედრებით, ვითარმედ: მიუტევე ამას მოვალესა შენსა, რომელი თანა-აც შენი, და მიითუალე, რომელი-იგი ჩემი ზედა-გაც ეგეზომი. და ამისა შემდგომად უკუეთუმცა ურცხჳნო იქმნა თჳსი იგი შენი სიბოროტითა და მედგრობითა თჳსითა, და კუალად შეიპყრა მოვალე იგი მისი და შეაშთობდა, რაჲთა მისცეს მას თანამდები იგი მისი, უკუე გა-მცა-ვინ-არინა იგი ჴელთაგან შენთა? არამცა მრავალი გუემაჲ მოაწიეა მის ზედა, და ყოველი იგი თანა-ნადები მსწრაფლ მოსთხოე შეურაცხებისა მისთჳს, რომელ ბრძანებული შენი შეურაცხ-ყო?

ეგრეთვე ღმერთმან გიყოს შენ და გრქუას დღესა მას: ჵ მონაო ბოროტო, ნუუკუე შენისა მონაგებისაგან მიუტეობდ რასა, ანუ არა რომელი ჩემი იყო შენ ზედა, მისგანი გიბრძანე, რაჲთა დამითუალო? გარქუ-მეთქი, მიუტევე, და მე მოგიტევნე. დაღათუმცა არა პირველვე მებრძანა შენდა, ჯერ-იყო შენდა მორჩილობაჲ ღმრთისა შენისაჲ და მიტევებაჲ ძმისა შენისა თანა-ნადები იგი. ხოლო აწ არა ვითარ უფალმან გიბრძანე, არამედ ვითარცა მეგობარი გევედრები შენ ვედრებით, უკუეთუმცა მონასა უფლისა თჳსისაჲ ზედა-ედვა ასი დრაჰკანი და მონისაჲ მის სხუასა ზედა-ედვა ათი დრაჰკანი, და უბრძანამცა უფალმან მონასა მას, რაჲთა მიუტეოს მოვალესა მას მისსა ათი იგი დრაჰკანი და მან მიუტევა. აწ უკუე უფალმან მისმანმცა მის ათისთჳს ათივემცა დაუთუალა ასისა მისგან, რომელ მონასა ზედა-ედვა, და სხუაჲ სთხოვა. ხოლო ღმერთი არა ესრეთ იქმს, არამედ უკუეთუ მიუტეო მოყუასსა შენსა მცირედი, რომელ შენი თანა-აც, იგი მოგიტევებს ყოველთა თანა-ნადებთა შენთა. და სადაჲთ უკუე უწყით ესე, არამედ ლოცვისაგან, რომელ არს "მამაო ჩუენოჲ". და კუალად რომელ სხუასაცა ადგილსა თქმულ არს, ვითარმედ: "უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა თანა-ნადებნი მათნი, მამამანცა თქუენმან მოგიტევნეს თქუენ, რომელ არს ცათა შინა ყოველნი თანანადებნი თქუენნი (მათე 6.14). ვითარცა-ღა შორის ასისა დრაჰკანისა და ბევრეულისა ტალანტისა ფრიად არს, ეგრეთვე თანა-ნადებთა კაცთასა ჩუენდა მომართ და თანა-ნადებთა ჩუენთა ღმრთისა მიმართ ფრიად არს. რამეთუ სატანჯველნი იგი საუკუნენი ვერ ესწორებიან ბევრეულსა ტალანტსა, რომელსა ასითა დრაჰკნითა მოვიყიდით.

ხოლო ვინაჲთგან არა ვზამთ, ამისთჳს დაიწერა პირისპირ ჩუენსა ლოცვაჲ იგი "მამაო ჩუენოჲსაჲ". რამეთუ რაჟამს სთქუა, ჵ ძმაო: "მომიტევენ, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ" (მათე 6.12), და შენ არარაჲ მიგეტეოს თანა-მდებსა შენსა, არს ვედრებაჲ ესე შენი არა მოტევებისთჳს ცოდვათა შენთაჲსა. ხოლო უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: არა კადნიერ ვარ სიტყუასა მაგას თქუმად, თუ "ვითარცა ჩუენ მიუტეობთ", არამედ ესთენ ოდენ ვიწყო ლოცვასა შინა: "მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი", რაჲ უკუე სარგებელ არს ესე შენდა, რამეთუ დაღაცათუ სიტყუაჲ იგი არა სთქუა, ღმერთი ეგრეთ ჴამს - ვითარცა მიუტეო, ეგრეცა მოგიტეობს. და ესე გამოაცხადა თქუმულმან მან შემდგომმან, თქუა: "უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6.15).

აწ უკუე ნუ ჰგონებ, თუმცა განერი ცოდვისაგან სიტყჳსა მის არა თქუმითა, თუ "ვითარცა ჩუენ მიუტეობთ" და განსწყჳდო ლოცვაჲ ბრძანებული, არამედ ვითარცა ბრძანებულ არს, სრულებით ილოცევდი, რაჲთა შეგეშინოს სიტყჳსა მისგან და მიისწრაფო შენდობად მოყუსისა შენისა. და ამას ნუ მეტყჳ, ვითარმედ: მრავალ გზის ვევედრე მშჳდობისა ყოფად და მან არა ინება, რამეთუ არა ჯერ-არს შენდა და\ტევებაჲ, ვიდრემდის დაეგო მას, რამეთუ ღმერთმან არა ეგრე ბრძანაა, ვითარმედ: "დაუტევე შესაწირავი შენი და მივედ და ევედრე მას მშჳდობისა ყოფად"? არამედ გრქუა, ვითარმედ: "წარვედ და დაეგე ამასა შენსა, ვითარცა გნებავს" (მათე 5.24). ხოლო დაღათუ მრავალ გზის შევრდომილ ხარ, ნუ უტევებ მას, ვიდრემდის აიძულო და დაიგო იგი. რამეთუ ღმერთი ყოველთა დღეთა გუევედრების და ჩუენ არა ვჰმორჩილობთ მას. და ესრეთცა არავე დასცხრების სახიერებითა თჳსითა თხოვად და ვედრებად ჩუენდა დღითი-დღე. და უკუეთუ შენ დაიდუმო ვედრებად მოყუსისა შენისა მშჳდობისა ყოფად, ვერ შემძლებელ ხარ ცხორებად. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: მრავალ გზის ვევედრე, - უწყოდე შენ, ვითარმედ მისთჳს მიიღებ შენ ფრიადსა მადლსა უზეშთაესსა, რავდენცა დაეყენოს იგი, შენ იღუაწო და ევედრებოდი მას, მსგავსად მისსა მოგეცეს შენ მადლი ურიცხჳ ღმრთისაგან. რამეთუ მშჳდობისა ყოფაჲ მრავლითა შრომითა იქმნის და ძნიად დაიგნი[ედ] თჳსნი და ნათესავნი. ხოლო იგი განიმრავლებს თავისა თჳსისა პატიჟთა დაყენებითა მშჳდობისაჲთა, და შენ განაბრწყინვებ გჳრგჳნსა ძლევისა შენისასა მჴურვალედ ძიებითა მშჳდობისაჲთა. არა დაჯერებულ არს ჩუენდა ღმერთი შეწუხებასა მტერთა ჩუენთასა და არცა ბოროტის ყოფასა მოძულეთა ჩუენთასა, და არა ხოლო თუ ჩუენ ვჰყუარობდეთ მათ, არამედ ჯერ არს, რაჲთა ვაიძულოთცა მათ სიყუარული ჩუენი. რამეთუ მრავალთაგან მასმიეს, იტყჳედ რაჲ, ვითარმედ: მე არა შფოთ ვარ და არცა გულ-ძჳრ მისთვს, და არცა რაჲ ძეს ჩუენ შორის. ამისთჳს არა ესრე გრქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გულ-ძჳრ ხარ შენ ძმისა შენისა ზედა, არამედ: წარვედ და დაეგე ძმასა შენსა, და უკუეთუ იგი გულ-ძჳრ არს შენთჳს, ნუ დაუტევებ, ვიდრემდის კუალად შეაბრძჳლო ასოჲ ასოსავე შენსა.

შენ ოდესმე გნებავნ მეგობარისა მოგებაჲ, და წარაგი მრავალი საფასე და ეზრახი შერაცხილთა და მიჰვლი გზაჲცა შორი, ხოლო მტერისა შენისა დამოყურებისათჳს ყოლადვე არა იღუწი. ვითარ შემძლებელ ხარ შენ ლოცვად ღმრთისა მიმართ, რამეთუ მცნებანი მისნი შეურაცხ-გიყოფიან. უკუეთუ მტერნი ჩუენნი მოყუარე ჩუენდა ვქმნეთ, მოწყალე მექმნეს ჩუენ უფალი და ცოდვანი ჩუენნი მყის განაბნინეს; და კაცნიცა მადლიერ მეყუნენ ჩუენ და გუაქებდენ, და ამით ვპოვოთ ცხორებაჲ. არა რაჲ არს ამისა უბოროტეს, უკუეთუ გუესუას ჩუენ სოფელსა ამას ერთიცა მტერი, რამეთუ მავნებელ არს იგი სახლსა და ცხორებასა ჩუენსა, დაღათაცუ დამდვას ჩუენ ზედა მტერმან ბევრეული ბოროტი და სხუანი აღაზრზინნეს ჩუენ ზედა, და აღმიშფოთოს გონებაჲ ჩუენი, და განამწაროს სული ჩუენი და მრავალ-ფერნი გულის-სიტყუათა ღელვანი აღადგინნეს ჩუენ ზედა და მეკუეთებოდიან.

რაჟამს ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, ვისწრაფოთ განთავისუფლებად სულთა ჩუენთა პატიჟთაგან და სატანჯველთა, რომელ აღთქუმულ არიან ურჩთა და ცოდვილთათჳს, და ვყოთ დღესასწაული ესე მოახლებული მტერთა ჩუენთა თანა, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ სიხარულით მათ თანა. და დღესასწაულისა ამის მოსაგებელი, რომელ მოგუაქუს მეუფისაგან, რომელ არს მოტევებაჲ და მშჳდობაჲ, მით ვიშუებდეთ მიტევებითა თანა-მდებთა ჩუენთაჲთა და მშჳდობის ყოფითა მტერთა ჩუენთა თანა. მასმიეს, რამეთუ მრავალნი იტყჳედ, ვითარმედ: მეფემან ზარისა და დიდებისა თჳსისათჳს და პატივისათჳს დღესასწაულისა ამის აიძულის ყოველსა ქალაქსა მშჳდობისა ყოფაჲ ურთიერთას და შეუნდვის ცოდვაჲ და ბრალი ყოველთა კაცთაჲ. ვითარ უკუე ვყოთ აწ, რამეთუ ოდესღა ჩუენ სხჳსაგან შენდობასა ვითხოვდით, ძღუენიცა მიუძღუანით მას.

აწ უკუე ოდეს ბრძანებულ არს ჩუენდა, რაჲთა მიუტევნეთ და დავეგნეთ სხუათა, დავეყენებით მისგან. უკუეთუ ჰყო დღე დღესასწაულისაჲ მარხვით, უსაზრდელოდ, და მტერობაჲ და შფოთი გულსა გაქუნდეს, არა შეწირულ არს შენგან არცა დღესასწაული შენი და არცა მარხვაჲ შენი. ნუუკუე წარმდებ იქმნეა მსხუერპლსა მას წმიდასა მიახლებად ჴელითა უბანელითა, რავდენღა უფროჲს არს, უკუეთუ სული შენი არა წმიდა იყოს ვნებათაგან? ესე ფრიად უძჳრეს და უბოროტეს არს მას, რომელი-იგი ჴელითა უბანელითა ეზიარების. რამეთუ არა რაჲ უმეტეს შეაბილწებს სულსა, ვითარ შფოთი და ძჳრის ჴსენებაჲ მანკიერებით. სადა შფოთი და განჴურვებაჲ არს, მუნ სული სიმდაბლისაჲ არა დაემჳდრების. ხოლო ოდეს განიძარცვოს კაცი სულისა მისგან სიმბადლისა, რომელიღა სასოებაჲ ცხორებისაჲ აქუნდეს მას, გინა ოდეს შეუძლოს მან სლვად გზასა წრფელსა.

აწ უკუე არა უდებ და უგულებელს-ვყოთ ცხორებაჲ ჩუენი, არამედ ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა, რაჲთა უბიწოდ წარვდგეთ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, სადა-იგი მტერი არა გუესუას. უკუეთუ განუკუთნეთ თავნი ჩუენნი მცნებათა ღმრთისათა, არა დამძიმდენ ჩუენ ზედა. რავდენნი კაცთაგანნი იყუნეს მპარავნი და ავაზაკნი და ჩუეულ ცრუ ფიცობასა და ტყუილსა, და ძნელ უჩნდა მათ მოქცევაჲ მისგან, არამედ მცირედ ეწყვნეს იგინი მოქცევად, და უშრომელად მძლე ექმნეს იგინი ბოროტის ჩუეულებასა მას ღმრთისა შეწევნითა. ამისთჳს გევედრები თქუენ, რაჲთა განაგდოთ დარჩომილი მისგან და სხუათა მოძღუარ და მასწავლელ ექმნეთ.

ხოლო რომელთა აქამომდე ვერ უძლევიეს ფიცსა, რომლისათჳს ვერ შემძლებელ ვართ განრინებად მისგან, რამეთუ თქუმულ არს: "ნუ გიხარინ დაცემასა ზედა მტერისა შენისასა" (იგავ. 24.17) და ნუ მითხრობ მე ბევრეულთა ბოროტთა, რომელნი ყუნა შენდა მომართ. რამეთუ არა გიღირს ამისთჳს გულ-ძჳრობასა ზედა დადგრომაჲ მისთჳს, გარნა თუ არა მოიჴსენებ შენ მრავალთა მათ მედგრობათა და ბოროტთა, რომელნი გიქმნიან წინაშე ღმრთისა, და არცა გამოიხატავ წინაშე თუალთა შენთა მარადის შიშსა ღმრთისასა და ჯოჯოხეთისასა. და უკუეთუ გნებავ(ს) უწყებად, ვითარმედ საქმე ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი შეემთხჳა მცირედ უწინარეს ქალაქსა, რაჟამს პოვნეს ვიეთნიმე, რომელთა ძჳრი ექმნა და წარმოადგინნეს განკთხვად, და ცეცხლი ეგზნებოდა, რომელსა შინა შეითხეოდეს, და მტარვალთა გარე მოეცვნეს იგინი, რაჲთა შესთხინენ მას შინა.

მას ჟამსა უკუეთუმცა ვინ მიახლებულ იყო მათდა და ეგრეთ ერქუა: უკუეთუ მტერი გივის, დასცხერით შფოთისა და ძჳრის ჴსენებისაგან, რომელ არს თქუენ შორის, და ყავთ მშჳდობაჲ, და მე გიჴსნე თქუენ ამათ სატანჯველთაგან, არა-მემცა ფერჴთა მისთა ჰკოცნიდესა და ვითარცა უფალსამცა ხედვიდეს და სიტყუასა მისსა სიხარულით მოსწრაფედ მორჩილ ექმნეს მშჳდობისათჳს? არა ხოლო თუ ძჳრის ჴსენებისაჲ ჯერ-არს განშორებაჲ სულთაგან ჩუენთა, არამედ გულის-სიტყუათაგანცა ბოროტთაჲ გჳღირს განჴსნაჲ და განდევნაჲ ჩუენგან.

მითხარ-ღა რომელი უმჯობეს არს, გინა უადვილეს ამისა, თუ დავსცხრეთ შფოთისა და მანკიერებისაგან შემაწუხებელთა ჩუენთაჲსა. ნუუკუე შორსა გზასა გაიძულებაა შენ წარსლვასა მკჳრცხლ, გინა მონაგებთა და საფასეთა წარგებასა, გინა მოწლედ ვედრებასა მეფეთა და მთავართასა? არამედ გჳღირს ნებაჲ ოდენ კეთილისაჲ, და საქმე სრული ქმნულ არს. აწ უკუე რომელთა სატანჯველთა ღირს ვართ შევრდომად, რამეთუ კნინისა და უ\ნდოჲსა საქმისათჳს, რომელი თანა-აც მონათა აღსრულებად, დაგჳტევებიეს იგი და მოგჳგიეს თავისა ჩუენისა საქმე, რომელი არა ჯერ-არს.

აჰა ესერა ხედავთ, ვითარმედ მრავალსა საფასესა წარ(ვ)აგებთ მეკარეთა ზედა მეფეთასა და დიდძალსა ქრთამსა მივსცემთ კაცთა საჴელმწიფოთა, რაჲთამცა საქმე ნებისა ჩუენისაჲ აღვისრულეთ ამით. ხოლო მცნებისათჳს ღმრთისა არა დავემორჩილებით ძმათა და თჳსთა ჩუენთა, რომელთაჲ უწყით, ვითარმედ გულ-ძჳრ არიან ჩუენთჳს, არამედ საყუედრელ და წუნობა გჳჩნს მისლვაჲ და დაჯერებაჲ მათი პირველ მოსლვისა მისისა ჩუენდა. მითხარ-ღა ესე ყუედრება არსა შენდა, უკუეთუ უსწრო და მოიტაცო სარგებელი თავისა შენისაჲ? ჯერ-არს შენდა სირცხჳლი და კდემაჲ, ვინაჲთგან მოელი, რომელი-იგი გულ-ძჳრ არს შენდა, რაჲთა მოვიდეს და დაგეგოს შენ. ესე სამართლით ყუედრებაჲ და აუგ არს შენდა და დაკლება, უკუეთუ შემაწუხებელი შენ ზედა მოგიჴდეს და მშჳდობისა ყოფასა გევედრებოდის, რამეთუ რომელმანცა უსწროს ძიებად მშჳდობისა, მანცა მიიტაცოს სარგებელი იგი ყოველი. უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა ძიებად მშჳდობისა, და შენ ჰყო მშჳდობაჲ მის თანა, სარგებელი მან ხოლო მიიღო, რამეთუ შენ არა ღმერთსა მიჰმადლე, არამედ მას, რამეთუ მოვიდა შენდა ძიებად მშჳდობისა. ხოლო უკუეთუ არა მოვიდეს შენდა შემაწუხებელი შენი ძიებად მშჳდობისა და შენ თავით თჳსით თავს-იდვა სიმდაბლე ყუედრებით და მიისწრაფო შემაწუხებელისა მის შენისა, რომელმან-იგი ბოროტი შეგაჩუენა შენ და მშჳდობაჲ ჰყო მის თანა გულითა წმიდითა და განაგდო შენგან შფოთი იგი და მწუხარებაჲ, რომელი-იგი მის მიერ შეგემთხჳა.

მაშინ სრულ იქმნეს სათნოებაჲ და მოიღო მადლი ჭეშმარიტი უფლისაგან შენისა. უკუეთუ გრქუა შენ მარხვისათჳს, მიზეზ-იდგამ შენ უძლურებასა გუამისასა. და უკუეთუ გრქუა შენ გლახაკთ მოწყალებისათჳს, მიზეზ-იდგამ შენ უპოვრებასა. და უკუეთუ გრქუა შენ მარადის ლოცვასა დადგრომაჲ წინაშე ღმრთისა, მიზეზ-იდგამ შენ ჴორცთა საჴმრისათჳს ზრუნვასა. და უკუეთუ გრქუა: ისმენდ წიგნის კითხვასა და გულისჴმა-ჰყოფდ ძალსა თქუმულთასა, მიზეზ-იდგამ უმეცრებასა წიგნთა სიტყჳსასა. უკუეთუ გრქუა: მშჳდობა-ყავ მოყუასთა შენთა თანა, მეტყჳ მე: არა შეიწყნარებენ სიტყუასა ჩემსა, რამეთუ მრავალ გზის ვევედრე და შეურაცხ-ყვნეს წუნობით სიტყუანი ჩემნი. ესე ყოველნი მიზეზნი დაღათაცუ უძლურნი და უნდონი არიან, მიზეზ ერქუმის მათ.

ხოლო უკუეთუ გრქუა შენ: განიშორე შენგან შფოთი და გულის წყრომაჲ, რომელიღა უკუე მიზეზი მოგაქუს ამისთჳს? ვერ შემძლებელ ხარ მიზეზობად ამისა, ვერცა უძლურებასა გუამისასა, და ვერცა სიგლახაკესა, და ვერცა უმეცრებასა, და ვერცა ჴორცთა საჴმარისათჳს ზრუნვასა, და ვერცა სხუაჲ რაჲ მიზეზი მოგაქუს ამისთჳს, რამეთუ ყოველნი შეცოდებანი მიეტევნენ კაცსა თჳნიერ ამისა. ვითარ უკუე კადნიერ იქმნე აპყრობად ჴელთა შენთა ზეცად მიმართ, ვითარ შესძრავ ენასა შენსა მოტევებისა თხოვად ღმრთისაგან, დაღაცათუმცა უნდა ღმერთსა შენდობაჲ ცოდვათა შენთაჲ, შენ აყენებ და არა უტევებ, რაჲთამცა მოგიტევნა, რაჟამს შენ არა მიუტეობ მოყუასსა შენსა. ხოლო აწ შენ დაღაცათუ ხარ მსგავსი მჴეცთაჲ და პირუტყუათაჲ და გნებავს განსწავლაჲ მოყუსისა შენისაჲ ბოროტისა მიგებითა, შეუნდვე მას, რაჲთა შენცა მოიღო შენდობაჲ ღმრთისა მიერ. გავნო და მიგიხუეჭაა, და უსამართლოჲ გიყო და წარგტყუენა? და ყოველი ბოროტი შეგაჩუენა ტანჯვითა და გუემითა, და შენ შემძლებელ ხარ ნაცვალსა მი(ს)სა ბოროტის ყოფასა. ამისთჳს უმეტეს ჯერ-არს შენდა, რაჲთა შეუნდვე ყოველნი შეცოდებანი მისნი და შენცა ჰპოვო შენდობაჲ. ხოლო უკუეთუ შენ თავით შენით შურ-იგო მისგან, და მიაგო მას ბოროტი, ანუ სიტყჳთ, ანუ საქმით, გინა თუ წყევით სწყეო მას, უწყოდე, რამეთუ ღმერთი არღარა მიაგებს მას ბოროტსა, რამეთუ შენ უსწრფე და განიკითხე და დასაჯე იგი; და არა ხოლო თუ ბოროტი მიაგოს მას, არამედ შენ დაგსაჯოს, რამეთუ შეურაცხ-ყავ მცნებაჲ მისი და უსწრვე განკითხვად პირველ განკითხვისა მისისა. უკუეთუ კაცთა შორის თუ ვინმე სცის სხჳსა მონასა, დაღაცათუ ემართლებიან რასმე, და განარისხის უფალი იგი მისი, შეურაცხება და წუნობა უჩნს იგი.

და ჩუენცა უკუეთუ ვისგანმე შეგუემთხჳის საქმე შეცოდებაჲ მონისა გინა აზნაურისაგან, ვაუწყით იგი უფალთა და უხუცესთა მისთა, და არა თავით ჩუენით შური ვიძიით, და ღმერთმანცა შური იძიოს ჩუენგან, უკუეთუ მას არა მიუტეოთ შურის-გებაჲ. აწ უკუეთუ ბოროტი მრავალი შეგემთხჳოს მოყუსისა შენისაგან, ეკრძალე განკითხვად და მიგებად მისა ბოროტი, უკუეთუ არა აგინებ და შეურაცხ-ჰყოფ უფალსა მისსა. არამედ მიუტევე საქმე შენი ღმერთსა და მან განაგოს იგი კეთილად და უმჯობეს შენსა, რამეთუ შენ გამცნო უფალმან ლოცვაჲ გულითა წმიდითა შემაწუხებელთა შენთაჲ და არა თუ შურის-გებაჲ, რამეთუ შენ ვერ შე\მძლებელ ხარ შურის-გებად მისა, ვითარ-იგი ღმერთი განმზადებულ არს შურის-გებად შენ წილ მტერისთჳს შენისა. უკუეთუ შენ მას მიანდო საქმე შენი და არა სწყეო მტერსა შენსა, არამედ ჰყო ღმერთი შურის-მეძიებელ მისა. ხოლო დაღათუ ჩუენ შეუნდვნეთ შეცოდებანი მათნი და ულოცვიდეთ და დავეგნეთ, ღმერთი არა შეუნდობს მათ. უკუეთუ იგინი თავით თჳსით არა შეიცვალნენ და სახე არა განიგონ, არა შეენდობის მათ, რამეთუ უმჯობესი მათი ჰნებავს ღმერთსა. ხოლო შენ გაქებს და გმადლობს სიბრძნისა შენისათჳს. და მისგან შურსა ეძიებს, რაჲთა არა შენისა სიბრძნისა და სულგრძელებისათჳს ფრიად ბოროტის მოქმედებასა წარემატოს. მრავალთა მრავალ გზის ვაბრალებდით და ვეტყოდეთ: ვითარ არს ესე, ოდეს გევედრნით შენდობისა ყოფად მტერთა თქუენთა თანა და არა ჰყვით? მოგჳგიან ჩუენ და გურქჳან: არა გუნებავს ჩუენ დაგებაჲ მტერთა ჩუენთაჲ, რაჲთა არა გარდარეულად ბოროტ იქმნენ და გულ-ბოროტად დაადგრენ და მისსა შემდგ\ომად უფროჲსღა შეურაცხ-გუყვნენ ჩუენ. და კუალად ნუუკუე კაცნი ჰგონებდენ, ვითარმედ ვერ შეძლებისა ჩუენისათჳს ვეძიებთ მშჳდობასა მტერთა ჩუენთა თანა.

ხოლო ესე ყოველი ცუდი არს, რამეთუ თუალნი იგი მღჳძარენი ხედვენ საიდუმლოსა გულისა ჩუენისასა. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა გულითა წმიდითა ულოცვიდეთ მტერთა ჩუენთა. და უკუეთუ გნებავს სამართლად, რაჲთა არა მტერი შენი უფროჲს განბოროტნეს სიმდაბლითა შენითა და შევრდომითა მისა, უწყოდე, რამეთუ არა ამისთჳს გარდაერიოს ბოროტსა ზედა, არამედ ამისთჳს, უკუეთუ არა დაეგო მას. და ოდესღა შენ დაუმდაბლდე, დაღათუ იყოს იგი მჴეცთა უბოროტეს და ეშმაკთა უამპარტავანეს, და ცხადად წინაშე კაცთა არა გმადლობდეს, ხოლო მდუმრიად გონებასა შინა აქებდეს სიმდაბლესა და მოთმინებასა შენსა და ჰრცხუენეს მიხედვად შენდა. და უკუეთუ დაადგრეს უკეთურებასავე ზედა, რაჟამს ევედრებოდი შენ მშჳდობისა ყოფად, გაქუს შენ დიდი შურის მეძიებელი მსაჯული ყოველთაჲ ღმერთი.

და ესეცა უწყოდეთ, უკუეთუ ვევედრებოდით ჩუენ ღმერთსა მტერთა ჩუენთათჳს შენდობისა, არა შეუნდობს მათ, უკუეთუ დაადგრენ ბოროტსა ზედა, უფროჲსღა სულგრძელებისა ჩუენისათჳს. გაუწყო თქუენ, რომელი-იგი დაბადებასა წერილ არს: აგინა ოდესმე მარიამ, და მან მოსესმან, მოსე, და რაჲ მიაგო მას ღმერთმან, რამეთუ მოუვლინა კეთროვნებაჲ და შეგინებულყო იგი ხოლო, რამეთუ იგი სხჳთა საქმითა ბრძენ და მდაბალ ფრიად და უბიწო. მაშინ მოსე შეუვარდა ღმერთსა და ლმობიერად ევედრებოდა მისთჳს, რაჲთა შეუნდოს, და არა მიხედნა მას ღმერთმან. არამედ რაჲ უკუე თქუა: უკუეთუმცა მამამან მისმან შეჰნერწყუა პირსა მისსა, არა ჯერ-იყო მისა შეწუხებაჲ (რიცხვ. 12.1-14). ხოლო სიტყჳსა ამის თარგმანებაჲ ესე არს: უკუეთუცა მამაჲ ესუა მას და განაძო იგი გარე, არამცა დაემორჩილაა? ხოლო შენ გმადლობ სიმდაბლისა შენისათჳს და თავს-დებისა. ხოლო მისთჳს მე უფროჲს უწყი, ოდეს ღირს ლხინებაჲ მისი სწავლისაგან. ესრეთვე შენცა აჩუენე მოწყალებაჲ შენი და სიყუარული ძმისა შენისათჳს და ნუ მძიმე გიჩნს შენდობად შეცოდებაჲ მისი, არა თუ რაჲთა იგი ღმერთმან უფროჲს დასაჯოს, არამედ სიყუარულით კეთილისა ნებითა. და ესე უწყოდე: უკუეთუ შენ ევედრო მას და მან წუნობით შეურაცხ-გყოს შენ, უფროჲსღა განადიდოს სასჯელი და განკითხვაჲ თავისა თჳსისაჲ და პატიჟი ღმრთისა-მიერი.

რაჲ უკუე გნებავს უძჳრეს ყოფაჲ მისი? უკუეთუ განუსუენო, იყოს იგი მისდა საგმობელ და შენდა საქებელ. უკუეთუ განუსუენო, საბრალის ჰყო ყოველთა მიერ. რაჟამს სიმდაბლითა შენითა არა შეიცვალა კეთილად, ფრიად სარგებელ მეყოს ჩუენ. უკუეთუ სხუანი იბრალებოდიან ჩუენ მიერ, და არა ვიბრალებოდით ჩუენ სხუათა მიერ. ნუ იტყჳ სიტყუასა ბილწსა, ვითარმედ: ამისთჳს არა შეუვარდები მას, რაჲთა არა ეგონოს, ვითარმედ შემეშინა მე და მისთჳს მიუსწრვე მშჳდობისა ყოფად, და უმეტეს შეურაცხ-მყოს მე. ესე სიტყუანი არიან ყრმათა უცებთანი, რომელნი კაცთაგან ქებასა ეძიებენ. და სთუალი თუ ეგონოს მას სიტყჳსაებრ შენისა, ვითარმედ შეგეშინა მისგან და ეძიებ მშჳდობასა. ამის გამო მოიგე შენ ფრიადი მადლი, რაჟამს წარუსწრვე და აუწყე ყოველთა, ვითარმედ საღმრთოჲსა სჯულისთჳს ჰყავ იგი შენ. რომელი კაცთა დიდებისათჳს დაეგოს მტერსა თჳსსა, მან დაიკლოს სარგებელი მოსაგებელისა თჳსისაჲ, ხოლო რომელმან უწყოდის, ვითარმედ აბრალობენ და ეკიცხევენ მას და მან არა უდებ-ყო მშჳდობისა ყოფაჲ მოყუსისა მიმართ, მრჩობლი გჳგრჳნი მოიღოს მან ღმრთისაგან, და უფროჲსღა რაჟამ(ს) ყოს იგი ღმრთისა დაჯერებისათჳს. ნუ მეტყჳ ამას, ვითარმედ: მრავალი ძჳრი შემამთხჳა და ურიცხჳ მავნო. დაღათუ ყოველი ბოროტი შეგამთხჳა, ვითარ-ეგე შენ იტყჳ, შენდობაჲ უბრძანებიეს მისი შენდა ღმერთსა. აწ უკუე ამას მე ვწამებ და ჴმითა მაღლითა გითხრობ ყოველთა წინაჲსწარ. რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ მიახლებად საუფლოსა ტაბლასა, და რომელსა ჰნებავს ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, პირველად დაეგენ მოყუასსა თჳსსა, რომელი ემტე\რების, და მისსა შემდგომად ღირს იქმნეს მიღებად ჴორცსა საღმრთოსა.

არა ხოლო თუ მე ოდენ ვიტყჳ ამას, არამედ უფალი, რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს, რაჲთა დამაგნეს ჩუენ მამასა, არა დაეყენა სიკუდილისაგან და არცა ჰრიდა სისხლთა თჳსთა დათხევასა. ხოლო შენ ერიდები მშჳდობისა ყოფად მტერისა შენისა და სიყუარულითცა სიტყჳს-გებაჲ არა გნებავსა მის თანა სიმდაბლით? ისმინე რაჲ-ესე თქუა ღმერთმან მათთჳს, რომელთა ეგევითარნი გულის-სიტყუანი ჰქონან: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი შენი საკურთხეველსა ზედა" (მათე 5.23-24). და არა თქუა, ვითარმედ: "მოელოდე მოსლვასა მისსა", გინა "კაცნი მიუვლინენ", არამედ თჳთ შენ თავით შენით მიისწრაფე მტერისა შენისა, მიუსწრვე შენ, "მივედ და დაეგე შენ ძმასა შენსა" (მათე 5.24). ჵ სასწაული, რამეთუ იგი არა ხედავს ნაკლულად დატევებასა შესაწირავისა მისისასა! და შენ ჰგონებ, ვითარმედ საყუედრელ შენდა არს, რაჲთა მიისწრაფო და დაეგო ძმასა შენსა. მითხარ-ღა შენ, უკუეთუმცა იხილე ასოჲ რომელიმე მოკუეთილი გუამისაგან, არამცა იღუაწეა ყოვლითა ღონისძიებითა მუნვე კუალად-გებაჲ ასოჲსაჲ მის გუამსა თჳსსა? ეგრეთვე უკუე ყავ ძმათა შენთათჳს, რაჟამს იხილნე მოჴსნილად სიყუარულისაგან შენისა, შეკრიბენ შენდავე და ნუ ელი, რაჲთამცა მათ გისწრეს და მოვიდეს შენდა, არამედ უსწრვე შენ და მიიღე ძლევისა გჳრგჳნი. ხოლო იგინი იტყჳან, ვითარმედ: საქმესა, რომელსა ჩუეულ ვართ მრავლით წლითგან, მცირედსა ჟამსა ვერ შემძლებელ ვართ ქცევად მისა. არამედ ამას ვიტყჳ: უკუეთუ საქმე რომელიმე ღმრთისა-მიერითა ბრძანებითა თანა-გუედვას აღსრულებად, არა ჯერ-არს ჩუენდა დახედვად და მიზეზობად ჟამთა და წელთა და არცაღა დღეთა მრავალთა, არამედ შიშით და მოსწრაფედ ბრძანებულისა მის აღსრულებად.

სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას ვეტყჳ: კაცსა განდგომილსა ათ დღე თანა-აც სწავლასა ქუეშე ყოფაჲ და მისა შემდგომად, უკუეთუ არა აღვჰჴადო, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა მაბრალოთ. არა თუ თავსა ვიქებ ამით სიტყჳთა, არამედ რომელი საქმე სხუათა დაუდებიეს. ნინეველნი იყუნეს უცებ, ვითარცა პირუტყუნი, და მძჳნვარე, ვითარცა მჴეცნი, უგუნურ და უცნობელ და უგულისჴმო, და არა ესმინა სიტყუაჲ კაცისა განმგებელისაჲ კეთილად განგებისათჳს და არცა დადებულ იყო მათდა ესევითარი მცნებაჲ. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: ამ დღე-ღა და ნინევი დაქცევად არს. ამათ ხოლო სამთა დღეთა შინა განაგდეს მათგან ბოროტის ჩუეულებაჲ იგი მათი. რამეთუ მეძავნი მათნი წმიდა იქმნეს და ამპარტავანნი დამდაბლდეს, მომხუეჭელნი და მტაცებელნი მოწყალე იქმნეს და უდებნი მოსწრაფე იქმნეს. არა ხოლო თუ ცოდვაჲ ერთი, გინა ორი, გინა სამი, ანუ თუ ოთხი განაგდეს მათგან დატევებითა მით ჩუეულებისა ბოროტისაჲთა, არამედ ყოველნი სიცბილნი მათნი დაუტევნეს (იონა 3.1-10). და ვინაჲ უწყით ესე, არამედ სიტყჳსა მისგან წინაწარმეტყუელისა, რომელი უქადაგებდა, ვითარმედ: აღვიდა ჴმაჲ უკეთურებისა მათისაჲ წინაშე ღმრთისა (იონა 1.2). ესევე წინაწარმეტყუელი კუალად იქცა, მანვე წამა და თქუა, ვითარმედ: იხილა ღმერთმან ყოველი კაცი მათგანი, განეშორა გზათაგან თჳსთა ბოროტთა (იონა 3.10). რამეთუ არა თქუა მეძავთათჳს ხოლო, გინა მტაცებელთა, არამედ ყოველთა გზათა მათგან ბოროტთა. და ვითარ უკუე განეშორნეს, ღმერთი მეცნიერ არს ამას. ესე ყვეს უგუნურთა და უცებთა და ამისთჳს არა გურცხუენის და კდემულ ვართ. უკუეთუ უცებთა კაცთა სამ დღე დაუტევეს ბოროტისა იგი ჩუეულებაჲ და ჩუენ გრძელთა ამათ ჟამთა, რომელთა გჳსწავიეს და მიწევნილ ვართ, ვერ შეუძლეთ ძლევად, არცაღა თუ ერთსა ჩუეულებათა ჩუენთაგანსა ბოროტსა, და ესე ნინეველნი მიწევნულ იყუნეს ყოველთა ბოროტისა საქმეთა, ვითარცა გუესმის წერილისაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ჴმაჲ ბოროტებისა მათისაჲ აღვიდა წინაშე ღმრთისა. ნუ ჰგონებ, თუ სხჳსა რაჲსათჳს იტყჳს, არამედ სისრულესა ბოროტთა საქმეთა მათთასა.

სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაჲ, არად ჴამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაჲ, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაჲ. ვითარცა ჭურჭელი რაჲმე დაგესლებული დაღათუ მრავალ გზის განჰრცხა წყლითა, გესლი იგი არავე განეყაროს მისგან, ხოლო უკუეთუ შეიღო იგი ბრძმედსა ცეცხლისასა, მაშინ განათლდის და ბრწყინავნ იგი. ეგრთვე სული დაგესლებული ცოდვითა, უკუეთუ განჰრცხე იგი უდებებითა, დაღათუ ყოველთა დღეთა აჩუენებდე სინანულსა, არად სარგებელ გეყოფის, ხოლო უკუეთუ შეჰლებო იგი ბრძმედსა შინა შიშისა მღრთისასა, ყოველთაგან გესლთა უკეთურებისა მისისათა განწმიდნეს მცირედთა დღეთა და ბრწყინვიდეს და შუენიერებამან მისმან სხუანი მრავალნი სულნი განაბრწყინვნეს.

აწ ნუ ჰმიზეზობ და იტყჳ: ხვალითგან ვიწყო კეთილისა საქმედ. რამეთუ არა უწყი შენ, რაჲყოფად არს ხვალესა. არამედ ესრეთ ვიტყოდით და არა განვეშორნეთ ვიდრე მზისა დასვლამდე, ვიდრემდის განვაგდოთ ჩუენგან ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ. დაღაცათუ ვიგუემნეთ, გინა მოვსწყდეთ, გინა მიგუეღოს მონაგები ჩუენი, რაჲთა არა ვსცეთ ჩუენ ზედა მიზეზი ეშმაკსა უდებებითა და უთმინოებითა ჩუენითა. უკუეთუ ესრეთ განაჩინო თავსა შინა შენსა და იხილოს ღმერთმან მჴურვალებაჲ შენი და მოსწრაფებაჲ, მაშინ შეგეწიოს და განგაძლიეროს შენ კეთილისა საქმისათჳს.

ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაჲთა ვიღუაწოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს, რაჲთა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ (მათე 12.41). რამეთუ შეინანეს ერთისა მის ქადაგებისაგან, რომელი-იგი ესმა მათ, და განიშორეს ყოველივე იგი ბოროტისა ჩუეულებაჲ მათგან და მიიწინეს იგინი თავსა სათნოებისასა. რამეთუ ვითარცა ესმა მათ, ვითარმედ ქალაქი მათი დაიქცევის, შეშინდეს და ძრწოდეს, და მოიქცეს ღმრთისა სინანულითა. ხოლო ჩუენ მარადის გუესმის ჯოჯოხეთისათჳს და საუკუნეთა მათთჳს სატანჯველთა და არა მეშინის. მათ არაოდეს ესმინა სწავლაჲ წინაწარმეტყუელთაჲ, ხოლო ჩუენ მარადის ვიშუებთ თქუმულითა მათითა და ვიხარებთ ნიჭთა მიერ მადლისათა, რომელი გარდაემატა ჩუენ ზედა ქრისტეს მოსლვითა.

არა ხოლო თუ თავთა ჩუენთაჲ ჯერ-არს ზრუნვაჲ და განთავისუფლებაჲ ცოდვისაგან, არამედ გჳღირს-ვე ზრუნვაჲ ასოთა ჩუენთათჳს. და არა მოვიწყინოთ, ვიდრემდის სხუანიცა ვიჴსნეთ ცოდვისაგან. და ჩუენ ყოველთა განვიშოროთ ჩუეულებაჲ ფიცისაჲ და მეგობართაგანცა და შევწირნეთ ღმრთისა. და თუ მათცა ესხნენ მონანი და მოწაფენი, ესრეთვე ასწავებდედ, რაჲთა ყოველნი ერთობით უბიწონი წარვდგეთ წინაშე საყდართა მათ სარჩელისათა და ღირს ვიქმნეთ მარჯუენით მეუფისა მის დიდებისაჲ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული მისივე დაბადებულისათჳს და წინაჲთვე განჩინებულისა კაცსა ზედა ღმრთისა მიერ კეთილისა და ბოროტისა, ვითარმედ არარაჲ არს

მრავალნი კაცთაგანნი იტყჳან, ვითარმედ წერილ არს კაცსა ზედა წინაჲთვე განჩინებული ღმრთისა-მიერი კეთილი და ბოროტი და თჳთ ვერას შემძლებელ არს საქმედ, თჳნიერ რომელი ღმერთმან უბრძანოსო პირველითგანვე და განაჩინოს. და ესრეთ ჰგმობენ და აგინებენ ღმერთსა უმეცრებით და უგუნურად, რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი კეთილად და ჴელმწიფე ყო იგი თავსა თჳსსა ზედა და უჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ და წარწყმედისაჲ, ვითარცა თქუა ღმერთმან წიგნსა შინა: უკუეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ. იხილე, ვითარ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: "უკუეთუ ისმინოთ ჩემი". არა განუჩინა კაცსა საქმედ კეთილისა, და უკუეთუმცა ღმრთისაგან განჩინებულ იყო კეთილისა საქმჱ კაცსა ზედა, რაჲ უკუემცა მადლი აქუნდა მას კეთილისა საქმისათჳს? - არა რაჲ. არამედ კაცი აუფლა და თავით თჳსით იქმს კეთილსა და ბოროტსა არა თუ განჩინებითა ღმრთისაჲთა და არცა დაუწერია კაცსა ზედა, რაჲთამცა ქმნა ბოროტი. ნუ იყოფინ!

აწ უკუეთუ ეგრეთ არს თქუმულისა მათისაებრ, ღმერთი უკუე უსამართლოდ სტანჯავს მონასა თჳსსა მისთჳს, რომელი-იგი მან უბრძანა საქმედ და დაწერა მას ზედა. არა განუჩინებიეს ღმერთსა ბოროტისა საქმჱ და არცა დაუწერიეს, არამედ უჴელმწიფებიეს კაცი თავსა თჳსსა ზედა ყოფად კეთილისა და, თუ ენებოს, ბოროტისა. აწ უკუე ნუ ვინ ჰგონებთ, ვითარმედ ღმერთსა კაცისათჳს უნებს ბოროტი. უკუეთუ ქმნეს კაცმან კეთილი, ღმრთისა მიერ იქმს, და უკუეთუ ქმნეს ბოროტი, ეშმაკისა მიერ იქმს და თავით თჳსით. რამეთუ ოდეს ინებოს კაცმან საქმჱ კეთილისაჲ, ღმერთი შეეწევის მას; და უკუეთუ ინებოს ბოროტისაჲ, ეშმაკი შეეწევის მას ზედა. ამისთჳს შემძლებელ არს კაცი თავით თჳსით შესლვად სასუფეველად და ჯოჯოხეთად. და უკუეთუ ინებოს კაცმან სლვად გზასა ცხორებისასა, უწყებულ არს მისა, რამეთუ სიყუარული არს და გლახაკთ-მოწყალებაჲ, და მარხვაჲ და ლოცვაჲ, და სიწმიდე და სიმდაბლჱ.

რამეთუ უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაჲ არს თავი ყოვლისა ცოდვისაჲ. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა, რომელ არს ძჳრის-ჴსენებაჲ და მანკიერებაჲ, შური, სიძვაჲ და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, და რისხვაჲ, და სმენაჲ მოყუსისაჲ და ზაკუვაჲ. რომელნიმე კაცთაგანნი იტყჳან, ვითარმედ გუნებავს კეთილისა საქმე და სათნოებათაჲ, რაჲთა შევიდეთ სამოთხედ და ვერ შეუძლეთ. ჵ კაცო, ვითარ უკუე სხუანი შემძლებელ არიან კეთილისა საქმედ და შენ ვერ შემძლებელ ხარ, რამეთუ ყოველმან კაცმან, რომელმან გულს-იდგინოს კეთილისა საქმჱ, ღმერთი მოატყუებს მას, და ყოველმან რომელმან გულს-იდგინოს ბოროტისა საქმჱ, ეშმაკი შეეწევის მას.

მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმჱ მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წ~ე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკუანაჲსკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მრავალნი პირველად იყვნეს ძჳრის-მოქმედ დღეთა მათთა და უკუანაჲსკნელი მათი იქმნა კეთილ და წმიდა, და ღმერთი დაჯერებულ იქმნა მათგან, რამეთუ მეძავი იგი პირველად იყო ეშმაკისაჲ და უკუანაჲსკნელ იქმნა იგი ღმრთისად. და სოლომონ პირველად იყო ღმრთისაჲ და შემდგომად ეშმაკისაჲ, და იუდა პირველად ღმრთისაჲ იყო და უკუანაჲსკნელ იქმნა იგი ეშმაკისად. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, არა ვთქუათ კაცისათჳს ნეტარებაჲ ვიდრე სიკუდილადმდე, და არა უდებ ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს ვიდრე განსლვად ჩუენდამდე ამიერ სოფლით. რამეთუ ჰრქუა ღმერთმან ეზეკიელს წინაწარმუეტყუელსა, ვითარმედ: რომელსაცა ზედა ვპოო კაცი დღესა განსლვისა მისისასა ამიერ სოფლით, კეთილსა გინა ბოროტსა, მითცა განვიკითხო. რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი იზმნიან ჴმასა მფრინველთასა. ვაჲ არს მზმნელთა, რამეთუ არნ ოდესმე პირუტყჳ შუენიერი, იხილის ეშმაკმან, გინა ხენი, დასცის მას თუალი კაცისაჲ და მოკუდის, და თქჳან, ვითარმედ: მან კაცმან თუალითა მოკლა იგი. რამეთუ ბოროტი იგი ეშმაკისაგან არნ და ყვნის კაცნი მიზეზად თუალსა კაცისასა. და ოდეს იხილნის ეშმაკმან კაცნი მზმნელად და და მგმობელად ღმრთისა, მაშინ დააჯერის მათ და ათქუმიის ესევითარი და მსგავსი ამისი მრავალი.

ღმერთმან, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ჴელითა თჳსითა კაცი ხატად და მსგავსად თჳა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაჲ დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ იყოფინ ესე ღმრთისა! რამეთუ ესრე თქუა ღმერთმან დაბადებასა შინა, ვითარმედ: ყოველი რომელი დაჰბადა ღმერთმან - კეთილად ფრიად (შესაქ. 1.31) . და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: უშმაკი ვითარ ბოროტ არს, გრქუათ შენ, ვითარმედ ღმერთმან ესეცა კეთილადვე დაჰბადა და ამპარტავანებითა თჳსითა იქმნა იგი ბოროტ, რაჟამს-იგი განლაღნა დამბადებელსა თჳსსა ზედა. იყო იგი ვითარცა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზნი და ნეფსით თჳსით იქმნა იგი ბოროტ ეშმაკ.

არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაჲ ამპარტავნებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მჴეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუჴდის მას მოკლვად და იგი ძლეულ იქმნის და შეჭმულ მის მიერ. ნუუკუე სისხლი მისი არა ჴელთა მისთაგან იძიოსა ღმერთმან? ჰე ჭეშმარიტად, რამეთუ იძიოს. ნუ ემსგავსებით მათ, ძმანო ჩემნო, და ნუ აღჰზუავნებით სილაღით, რამეთუ სილაღე და ამპარტავნებაჲ ეშმაკისაგან არს და არა ღმრთისაგან.

უკუეთუ შეიპყრას კაცი მჴეცმან უმეცრებით, გინა წაიღოს ღუარმან თჳნიერად ცნობისა მისისა, მშჳდობაჲ აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თჳსი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ! ესე საქმჱ ეშმაკისაგან არს და მან შემძლებელ ყო იგი, ვინაჲთგან კაცმან მან იუფლა იგი თავსა თჳსსა ზედა. და არნ ოდესმე, განსაცდელსა და ვნებასა ჴორცთასა და სენსა ბოროტსა შევარდის კაცი ღმრთისა მიერ გამოსაცდელად უმჯობესისა მისისთჳს და სწავლისა. ხოლო რომელნი მორჩილ ექმნენ ეშმაკსა და ქმნენ ბოროტი, ღმერთმან მიაგოს მათ მისაგებელი საშჯელი იგი ჯოჯოხეთისაჲ. და ნეტარ არიან, რომელნი უძლურ იქმნენ ჴორცითა და სულგრძელობით დაუთმონ სენსა მას მადლობითა ღმრთისაჲთა, რამეთუ მის მიერ ყოველნი შეცოდებანი მისნი მიეტევნენ უფლისა მიერ მისისა.

დაუთმეთ, საყუარელნო, სულგრძელებით და ნუ წარ\ხუალთ უძლურებისათჳს კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათჳს შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი და დაჴსნაჲ გუამისაჲ, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათჳს. რამეთუ რაჟამს კაცი დასნეულდის, მიისწრაფიან მისანთასა. ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვით კურნებასა ეძიებენ და წიგნის წერით - სიცოცხლესა, რომელი არა ბრძანა ღმერთმან საქმედ, არამედ განშორებად მისგან ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ოდეს უძლურებაჲ და განსაცდელი შეგუემთხჳოს, რაჲთა ღმრთისა, დამბადებელისა ჩუენისა მივივლტოდით და იგი მხოლოჲ შემწე ვიყოთ და ვილოცვიდეთ ეკლესიათა შინა მისთა, და მეოხ ვიყოფდეთ წმიდათა მოწამეთა ტაძართა შინა მათთა სრულითა სარწმუნოებითა, და ღმერთი არს მკურნალი ჩუენი. უკუეთუ ინებოს, განმკურნეს და თუ ინებოს, დამიტევნეს უძლურებასავე შინა, რომელი მომცა ჩუენ უმ\ჯობესისათჳს ჩუენისა, ვითარცა მან უწყის.

ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს გამწმედაჲ შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ჴორცთაჲთა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაჲთა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა.

არა არს ზაკუვაჲ ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგჳნდობს და მოგჳსპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნოთა, ხოლო რომელნი მოკუდენ და არა შეემთხჳოს განსაცდელი აქა, მათთჳს იტყჳს წიგნი: ბოროტ არს სიკუდილი ცოდვილთაჲ (ფსალმ. 33.22). არა არს ვითარცა სიკუდილი უძლურთაჲ, ვითარცა თქუა ღმერთმან ლაზარესთჳს გლახაკისა და მდიდრისა მისთჳს, ვითარმედ: მიგიღებიეს შენ კეთილი შენი საწუთროსა და მიიღე აქა სატანჯველი საუკუნოჲ კეთილთა მათ წილ (ლუკა 16.25). და ლაზარე სიგლახაკისა და უძლურებისა მისისათჳს შთაისუა წიაღთა აბრაჰამისთა და სუფევს იგი საუკუნეთა შინა კეთილთა უკუნისამდე. და რომელნი უძლურ იქმნენ აქა ჴორცითა მცირედ და ჰმადლობდენ, საუკუნეთა მათ განსუენებათა ღირს იქმნენ, და აქა განსუენებულნი და ნუკვეულნი საჭმლითა და სასუმელითა და ნები\თა ჴორცთაჲთა საწუთროსა მცირედ ჟამ მივიდენ მერმესა მას საუკუნესა შიმშილსა და წყურილსა, ბნელსა მას და ტირილსა და სატანჯველთა დაულევნელთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვითარმედ: გზაჲ იგი ცხორებად მიმყვანებელი იწრო და საჭირველ არს, ხოლო გზაჲ იგი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, ვრცელ და ფართო არს იგი (მათე 7.13-14).

აწ ვევედრნეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა შემრაცხნეს ჩუენ სახიერთა მათ მონათა თჳსთა თანა, რომელნი განსწავლნა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაჲ მისი და სათნოებაჲ და ჴელმწიფებაჲ, რამეთუ მისი არს მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

სწავლაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს


გუაკურთხენ, უფალო!

ფრიად ვცოდავთ, ძმანო ჩემნო, საყუარელნო, ყოლადვე გონებითა, სიტყჳთა და საქმითა, და ესე უწყოდეთ ჭეშმარიტად, რამეთუ რომელნი ესრეთ ცხონდებიან, მოელიან იგინი ცეცხლსა მას საუკუნესა საშინელსა შევრდომად და უძჳრეს ამისა დაკლებასა სასუფევლისაგან ცათაჲსა და სამოთხისა. აწ უკუე ვინაჲთგან ამას მოელით, რაჲსა იშუებთ და განსცხრებით და იცინით, და უფალი თქუენი გულ-ძჳრ და მრისხანე არს თქუენთჳს და თქუენ უდებ გიყოფიეს მისი, რასა-იგი გეტყჳს თქუენ დღითი-დღე, ვითარმედ: "მშიოდა და არა მეცით მე საზრდელი, მწყუროდა და არა მასჳთ მე" (მათე 25.42), და შემდგომი ამისი. რომელსა იგი იტყჳს, ვითარმედ: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა" (მათე 25.41). და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: მიცემია საზრდელი და მისუამს სასუმელი, რავდენ გზის გრქუას შენ, ათ გზის გინა ოც გზის, არა ესრე გიბრძანებს შენ უფალი, არამედ ვიდრემდის ამას სოფელსა შინა სცხოვნდებოდი-ღა, მიცემაჲ გინებს საზრდელისა და სასუმელისაჲ გლახაკსა. რამეთუ ხუთნი იგიცა ქალწულნი ცოფნი სწყალობდეს-ვე და მისთჳს აღენთნეს სანთელნი მათნი, ხოლო ვინაჲთგან არა სრულიად გულს-მოდგინე იყვნეს, ამისთჳს კუალადცა დაევსნეს-ვე, ვიდრე მოწევნამდე სიძისა და ესრეთ დაშთეს გარეშე საქორწინესა მას და დაეჴშა კარი და დაკლებულ იქმნეს იგინი სიხარულსა მას ზეცისა სიძისასა (მათე 25.1-12). ამისთჳს გჳღირს ჩუენ, რაჲთა მოვიგოთ სრული სიყუარული და უცვალებელი სათნოებაჲ და მოწყალებაჲ ვიდრე სიკუდილადმდე.

იხილეთ ვითარ-იგი ილოცავს წინაწარმეტყუელი: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა" (ფსალმ. 50.1). და ესრეთვე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოველთა ვსწყალობდეთ, რამეთუ ვითარცა უყოთ ძმათა ჩუენთა, ეგრეთვე მეყოს ჩუენ უფლისა მიერ. და მოწყალებაჲ სრული იგი არს, ოდეს-ღა ნაკლულევანებისაგან ჩუენისა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, ვითარცა-იგი ქურივმან მან სარეფთელმან ელია (III მეფ. 17. 9-16), და კუალად ქურივმან მან ორთა მწულილთა შემწირველმან (ლუკა 21.2). ხოლო უკუეთუ ნამეტავისაგანცა ჩუენისა არა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, რომელსა წყალობასა ღირს ვიქმნეთ ჩუენ ღმრთისა მიერ!? რამეთუ უკუეთუ ქალწულთა მათ შემდგომად ეგოდენთა შრომათა ვერ პოეს წყალობაჲ და არცა ნუგეშინის-ცემაჲ, ჩუენ რაჲ უკუე სასოებაჲ გუაქუნდეს ოდეს, ვინაჲთგან გუესმის ჴმაჲ იგი, რამეთუ: ვინაჲთგან არა ჰყავთ წყალობაჲ ერთსა მცირედთაგანსა თანა, ჩემ თანა არა ჰყავთ (მათე 25.45). ესე არა ხოლო თუ მოწაფეთა და მონაზონთა ოდენ ამცნო (უფალმან), არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწამს სახელი მის მხოლოჲსაჲ.

უკუეთუ შეურაცხ და უგულებელს ვყოთ გლახაკი მშიერი, გუესმის ჩუენ ჴმაჲ იგი საშინელი, ვითარმედ: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო" (მათე 25.41). მოედით აწ და გულისჴმა-ვყოთ, ფრიად მძიმე რაჲმე მცნებაჲ გუამცნოა ჩუენ უფალმან, რომლისა ვერ შემძლებელ ვართ აღსრულებად, ანუ სუბუქი? არა თუ მძიმჱ, არამედ ფრიად სუბუქი და მარჯუე, რამეთუ არა მრქუა ჩუენ, ვითარმედ: "სნეულ ვიყავ და არა განმკურნეთ მე", არამედ: "არა მომხედეთ მე" (მათე 25.43). და არცა თქუა, ვითარმედ: "მშიერ და გლახაკ ვიყავ და არა განმამდიდრეთ მე, არამედ: არა მეცით მე საზრდელი" (მათე 25.42). და არა თქუა, ვითარმედ: "საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ მე", არამედ: "არა მოხუედით ჩემდა" (მათე 25.43).

აწ ვინაჲთგან მცირე ესე და სუბუქი მცნებაჲ მამცნო ჩუენ უფალმან, და ჩუენ ესეცა უგულებელსვე ვყავთ, ამისთჳს ძჳრ-ძჳრთა სატანჯველთა შემავალ ვართ. რაჲ უკუე სიმძიმე აქუს ამას, უკუეთუ მიხჳდე შენ საპყრობილედ კიხთვად პყრობილისა, გინა რასა დაიჭირვებ, არამედ უფროჲსღა სარგებელ იყო, რაჟამს იხილნე კაცნი პყრობილნი: რომელნიმე შებორკილებულნი მრჩობლითა ბორკილითა და რომელნიმე ჴუნდთა შინა დამდნარნი ჭირითა, მშიერნი და ძონძითა მოსილნი და ტილთა შეჭმულნი, და რომელნიმე უწყალოდ ტანჯულნი და მწარედ გუემულნი, და ოდეს ესენი იხილნე, დაღაცათუ გული შენი ქვისაჲ იყოს, მო-ვე-ლბეს იგი და დამდაბლდეს ხილვითა მათ სატანჯველთაჲთა. და მოგეჴსენოს დღჱ იგი განკითხვისაჲ და საუკუნენი იგი მრავალ-ფერნი სატანჯველნი. და ოდეს ესე მოიჴსენო, შეწუხნეს გული შენი და გევლტოდის შენ ყოველი ამპარტავნებაჲ და ზუაობაჲ, და იყო შენ ვითარცა ყუდროჲ ნავთ-საყუდელი.

რამეთუ ოდეს გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღმერთმან უ\ბრძანა ჴელმწიფეთა სწავლაჲ და ტანჯვაჲ ძჳრის მოქმედთაჲ, უფროჲსღა და უმეტეს იგი თავადი განმზადებულ არს გუემად ცოდვილთა, რამეთუ: "არა არს ჴელმწიფებაჲ გარნა ღმრთისა მიერ", ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე. ხოლო არა თქუა, ვითარმედ: არა არს ჴელმწიფჱ, არამედ ჴელმწიფობაჲ, რამეთუ უკუეთუ ჴელმწიფე უმსჯავროჲ და უსამართლოჲ იყოს, ესე არა ღმრთისა მიერ არს, არამედ თავისა თჳსისა დასაშჯელად აღდგების.

ხოლო უკუეთუმცა არა პატიჟეულ ჰყოფდეს ჴელმწიფენი ძჳრის მოქმედთა მყისა შინა, მო-მცა-ისპო ყოველი ქუეყანაჲ მათ მიერ, რამეთუ ესერა მრავალნი იტანჯებიან და არავე დასცხრებიან ძჳრის საქმედ, რავდენ უფროჲს უკუეთუმცა არა იტანჯებოდეს. და ოდეს იხილო ესე ხილვაჲ საპყრობილეს, სარგებელ გეყოს იგი უფროჲს ხილვასა თიატრონისასა მომღერალთა და განმცხრომელთასა, ვითარცა-იგი თქუა სოლომონ ბრძენმან, რომელი შემძლებელ იქმნა და მოიგნა ყოველნი საშუებელნი და განსასუენებელნი და განსაცხრომელნი ქუეყანისანი, - ამან თქუა, ვითარმედ: "უმჯობეს არს კაცისაჲ მისლვად სახლით განსაცხრომელით სახლად გლოვისა, რამეთუ მისგან დაჯერებულ იქმნე და ამისგან სარგებელ გეყოს" (ეკლ. 7.3).

აწ უკუე ნუ უდებ იქმნები ესევითარისა სავაჭროჲსაგან, დაღაცათუ რაჟამს-იგი შევიდეთ საპყრობილედ, ვერ შემძლებელ ვართ მიცემად დრაჰკნისა და ვერცა დრამისა. არამედ სხჳსა შემძლებელ ვართ ნუგეშინის-ცემად სიტყჳთა შეურვებულსა მას მწუხარებითა და ვედრებად მესაპყრობილეთა, რაჲთა აუსუბუქონ სატანჯველი იგი მათი. ვეზრახნეთ ზედამდგომელთა მათთა და ესრეთ სათნო ვეყვნეთ მათ და უფროჲსღა ჩუენ სარგებელ ვიყოთ მათგან. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ საპყრობილესა არავინ კეთილისა მოქმედთაგანი შეყენებულ არს, არამედ ძჳრის მომქმედნი და კაცის-მკვლელნი, ავაზაკნი და მსიძავნი, ხოლო მე გეტყჳ, დაღაცათუ ეგე ეგრეთ არს, არამედ გიღირს შენ მისლვაჲ მათა, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა წყალობაჲ სახიერთაჲ ხოლო და კეთილთაჲ, არამედ ყოველთაჲ, ვითარცა სახარებასა წერილ არს: "იყვენით უკუე მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ" (ლუკა 6.36), რამეთუ აღმოავლინებს მზესა და აწჳმებს მართალთა ზედა და ცოდვილთა (მათე 5.45).

აწ უკუე ნუ ხარ გამომეძიებელ ცოდვათა სხჳსათა, არამედ თჳსთა ცოდვათა იურვოდე. და უკუეთუ არა ხარ მპარავ და არცა მეძავ და არცა კაცის-მკლველ, არამედ სხუაჲ ცოდვაჲ გაქუს მსგავსი ამათი, რამეთუ მრავალ გზის ჰრქჳ ძმასა შენსა ცოფ, და ესე მოგიგებს შენ ცეცხლსა საუკუნესა (მათე 5.22). და კუალად მიჰხედი დედაკაცსა თუალითა გულის-თქუმისაჲთა და ესე სრული სიძვაჲ არს და ამისა უფროჲს (მათე 5.28), რამეთუ ვეზიარებით ჟამსა უღირსებით, და ესე მოაწევს ჩუენ ზედა არა მცირედთა სატანჯველთა. და ამას ყოველსა თანა, რამეთუ საპყრობილესა მრავალნი კეთილის მოქმედნი არიედ, და ჩუენ არა უწყოდით, რამეთუ ოდესმე იოსებცა კეთილის მოქმედი უსამართლოდ შეყენებულ იყო საპყრობილესა მას მრავალთა თანა ბოროტის მოქმედთა, და იგი სწყალობდა მათ და უმსჯავროდ პყრობილ იყო, რომელსა ყოველი ეგჳპტე ვერ ესწორებოდა სიმართლითა (გამოსვლ. 39.19-23). და ესე ეგების, რაჲთა იყვნენ საპყრობილესა მრავალნი მართალნი უსამართლოდ, რომელნი ჩუენ არა უწყნით. ხოლო დაღაცათუ ერთიცა არა იყოს კეთილის მოქმედი, ჯერ-არს ჩუენდა თუალვაჲ მათი, რამეთუ უფალმანცა ჩუენმან არა თუ კეთილის მოქმედნი შეიწყნარნა და ძჳრის მოქმედნი უგულებელს-ყვნა, არამედ მეძავსაცა მიუშუა შეხებად და დაბანად ფერჴთა მისთა წმიდათა (ლუკა 7.37-38). და ურჩულონი ჰურიანი უგუნურობით აყუედრებდეს და ჰგმობდეს მას ამისთჳს, და რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამდა (მათე 9.10-11). და ჩუენ გუასწავა ცოდვილთა შეწყნარებაჲ და წყალობაჲ, და არა განგდებაჲ და განშორებაჲ.

და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: ყოველი საპყრობილჱ სავსე არს ავაზაკითა და მრავალ-ფერითა ძჳრის მოქმედებითა, მითხარ-ღა ქალაქისა მკჳდრნი ყოველნი კეთილის მოქმედნი არიანა? რამეთუ მრავალნი ვაჭარნი, მეკობრენი და ავაზაკნი, იფარვენ ბოროტისა საქმეთა და უდაბნოსა გარე მეკობრობენ. ხოლო მრავალნი მოქალაქენი ცხადად და ურცხჳნოდ თუალთა წინაშე მოიტაცებენ მონაგებსა კაცთასა ზაკუვით და ისამართლებენ. და ძნიად ჰპოო ქალაქსა შინა კაცი, რომელსა სიმართლისა მონაგები აქუნდეს. და უკუეთუ სთქუა: არავის მონაგებსა ძლით მოუღებენ, ხოლო მე გრქუა, ვითარმედ: ზაკუვით შეიტყუებენ და შეაცთუნებენ კაცთა და უსამართლოდ წაუღებენ.

რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ რომელმან განყიდოს რაჲ უმეტეს ფასისა მისისა, რაჲ-იგი ღირდეს, იგი მეკობრე არს და უძჳრეს ავაზაკთა არს იგი: რამეთუ ავაზაკმან იცის ბრალი თჳსი და მრავალ გზის შე-ცა-იკდიმის და შეინანის, ხოლო ვაჭარმან, ოდეს შეიტყუის კაცი და წარიღის მონაგები მისი, ცხადად შეძინების უჩნ და სამართლად ჰხედავნ, და უფროჲსღა გულს-მოდგინე იქმნის საქმედ უჯეროჲსა მის. და უკუეთუ ეგრე სთქუა: არა არს ვაჭრობაჲ პარვა, გრქუა შენ: უკუეთუ სამართლით არა ჰზრახვიდე და სამართალსა არა მისცემდე, არს იგი პარვა და მეკობრობა; და უკუეთუ რაჲმე განჰყიდო უფროჲს ფასისა თჳსისა, არს იგი მოტაცება; და უკუეთუ სთქუა, არა კაც-მიკლავს, გეტყჳ შენ: უკუეთუ თუალ-ახუნე და სიმართლით არა განჰბჭო, კაცის-კლვაჲ არს ესე.

აწ უკუე ნუ უდებ ხარ შენთა ცოდვათათჳს და განიკითხავ სხჳსა ცოდვათა, არამედ გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ვიყვენით პირველ, და დავმდაბლდეთ, ვითარცა თქუა წმიდამან პავლე, ვითარმედ: ვიყვენით ოდესმე განდგომილ, ხოლო აწ შევიწყალენით, რამეთუ გარდამოიხილა ჩუენ ზედა ღმერთმან და გამომიყვანნა ჩუენ საპყრობილისაგან მტერისა და არა სირცხჳლ უჩნდა მას მსგავსებაჲ ჩუენი, არამედ მოვიდა და გამომიჴსნნა ჩუენ თჳსითა სისხლითა, რომელნი ღირს ვიყვენით ბევრეულთა სატანჯველთა და აღმითქუა სასუფეველი ცათაჲ.

უკუეთუ მივემსგავსნეთ საქმეთა მჴსნელისა ჩუენისათა, რომლითა შეუძლოთ, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: "უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან თქუენმან, ჯერ-არს თქუენდაცა, რაჲთა ესრეთვე ჰყოფდეთ ურთიერთას, რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა უწყოდით, რომელი გიყავ თქუენ" (იოანე 13.14-15). და არა ხოლო თუ დაბანისათჳს გჳბრძანა სახჱ ესე და მსგავსებაჲ მისი, არამედ ყოვლისავეთჳს, რომელი მიყო ჩუენ. დაღაცათუ რომელი-იგი საპყრობილეს არს, კაცის-მკლველ არს, ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს გამოწულილვაჲ ბოროტთა მისთაჲ, არამედ წყალობაჲ შემთხუევათა მისთათჳს.

და ნუუკუე არიანცა საპყრობილეს კაცნი უმჯობესნი ყოველთა მკჳდრთა ქალაქისათა, და ოდეს ვიიძუოლოთ მისლვად მათა დღითი-დღედ სიყუარულით, არა წარგჳწყმდეს სასყიდელი შრომისა ჩუენისაჲ. ვითარცა-იგი აბრაჰამ შეიწყნარებდა ყოველთა მიმავ[ა]ლთა მისა, ვიდრემდის ანგელოზნიცა ისტუმრნა (შესაქმე 18.1-8), და ჩუენცა, უკუეთუ მოსწრაფე ვიყვნეთ მისლვად საპყრობილედ, მოვიგოთ მადლი. კაცთა წმიდათაჲ შრომითა მნებავს უკუე სიტყუად თქუენდა და არს იგი საკჳრველ, რამეთუ არა ყოველმან რომელმან შეიწყნაროს მართალი და წმიდაჲ, ღირს არს იგი ქებასა, ვითარ-იგი რომელმან შეიწყნაროს ცოდვილი და მდაბალი. რამეთუ მართალი იგი სამართლად ღირს არს შეწყნარებად და ყოველნი კაცნი პატივ-სცემენ მას, ხოლო ცოდვილი და ბოროტის მოქმედი არავის ეწყალინ თჳნიერ დიდად მოწყალისა ვისმე. ესე არს წყალობაჲ წმიდაჲ და უბიწოჲ, რამეთუ რომელმან შეიწყნაროს ღირსი წყალობისაჲ, არარაჲ საკჳრველ არს, ხოლო რომელმან შეიწყალოს არაღირსი წყალობისაჲ ღმრთისათჳს, მან აღისრულოს ბრძანებაჲ იგი ღმრთისა ჩუენისაჲ, ვითარმედ: ოდეს ჰყო სერი, მოუწოდე მწუხარეთა, მკელობელთა, განრღუეულთა, უღონოთა (ლუკა 14.13). და კუალად ბრძანებულ არს ჩუენდა მიცემად მისა ყოველი, რომელი მევედრებოდის ჩუენ (მათე 5.42).

აწ უკუე ვინაჲთგან მიცნობიეს ჩუენ საფასჱ იგი, რომელი საპყრობილეს არს, ვისწრაფოთ მისლვად მუნ; დაღაცათუ არაჲ მაქუნდეს ჩუენ მიცემად მათდა, შემძლებელ ვართ ნუგეშინის-ცემად მათდა სიტყჳთა, რამეთუ არა თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "საპყრობილეს ვიყავ და არა მომიტანეთ", არამედ "არა მოხვედით ჩემდა" (მათე 25.43). რამეთუ ოდეს მიხჳდე და ნუგეშინის-სცე, მოგცეს შენ აურაცხელი მადლი მის მიერ. და არაჲ დაამდაბლებს გულსა კაცისასა და შეჰმუსრავს გულის-სიტყუათა, ვითარცა-იგი შემთხუევაჲ განსაცდელისაჲ და მწუხარებისაჲ. და უკუეთუმცა ეტყოდე შენ ამას კაცსა არა-პყრობილსა საპყრობილესა შინა, შეურაცხ-მცა-სამე-ყვნა სიტყუანი შენნი და განბასრნა იგინი, ვითარცა-იგი ჰურიათა შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი პავლესნი, ხოლო პყრობილნი იგი მისთანანი ერჩდეს სიტყუათა მისთა გონებითა წმიდითა (საქმე 28.24).

აწ უკუე ვინაჲთგან გჳცნობიეს ესე ყოველი, ვსძლოთ და მოვიცალოთ მსოფლიოჲსაგან უცალოებისა ჩუენისა და ცუდთაგან განზრახვათა და მივისწრაფოთ საპყრობილედ და ნუგეშის-ვსცეთ მას შინა პყრობილთა მყოფთა და ვასწაოთ გულთა ჩუენთა სიმდაბლჱ ხილვითა სატანჯველთა მათთაჲთა და ვიქმნეთ ჩუენ მოწყალე, სახიერ და გულ-ჩჩჳლ ყოველთა ზედა მწუხარეთა და ჭირვეულთა. და ვექმნეთ ჩუენ მიზეზ კეთილის ყოველთა, რომელთა მიხილნენ ჩუენ დიდებად სახელსა ღმრთისა ჩუენისასა, და მივემთხჳნეთ კეთილთა მისთა დაუსრულებელთა მოწყალებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

პირველი გზაჲ ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისაჲ არს მოწყალებაჲ და ქველის საქმჱ სამართლით მონაგებთაგან, ხოლო რომელი უსამართლოდ მონაგებთაგან იქმნ ქველის-საქმესა, იგი უფროჲსღა შეიგინებინ მით ნაცვლად მადლისა. ვისწრაფოთ უკუე განბანად ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ პირველად განიბანების იგი ნათლის-ღებითა და შემდგომად მისა მრავლითა საქმითა განწმინდნების, რამეთუ ღმერთი მოწყალე და სახიერ არს, და მოგუცნა ღონენი მრავალნი შესანდობელად ცოდვათა ჩუენთა მრავალთა. ხოლო პირველი შემდგომად ნათლის-ღებისა არს ქველის საქმჱ, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: ქველის საქმითა და სარწმუნოებითა აღიჴოცებიან ცოდვანი. ხოლო ქველის საქმესა მას იტჳს, რომელი არნ სიმართლით მონაგებთაგან და არა თუ უსამართლოთა, რამეთუ უსამართლოდ მოგებულისაგან ყოფად არა არს ქველის საქმჱ, არამედ მოკლვაჲ და მომძლავრებაჲ. და ვითარცა ჰპოე გზასა ზედა დაგდებული მძორი ვირისაჲ და აღიღე და წარუდგინე იგი შესაწირავად საკურთხეველსა ზედა, არამცა ყოველთა კაცთა, რომელთა იხილეს ესე, აღეგზნეს მოკლვად შენდა გულის წყრომით, ვითარცა შემაგინებელსა და შემაბილწებუელსა საკურთხეველისასა? ეგრეთვე უსამართლოდ მონაგებთაგან ქველის საქმჱ უმწინკულევანეს და უბილწეს ამისა არს. რამეთუ საკურთხეველი ქვათაგან აღშენებულ არს და უკუეთუ შეიგინოს იგი, კუალად იკურთხოს და განწმიდნეს, ხოლო ქველის საქმჱ ქრისტეს საზრდელი არს და წმიდაჲ და უბიწოჲ, ჯერ-არს წარდგინებად ქრისტეს ტაბლასა. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: არა მას მივსცემ ქველის საქმარად, რომელი-იგი უსამართლოდ მოვიტაცე კაცთაგან, არამედ სხუასა მონაგებთა ჩემთაგანსა სიმართლისასა.

ესე ფრიად უგუნურება და ცთომილება არს. არა უწყია, რამეთუ (უკუეთუ) ფრიადსა მონაგებსა სიმართლისასა მცირედი-ღა რაჲმე უსამართლოჲ შეერთოს, არა ყოველივე იგი შეიგინოსა? ვითარღამცა ჭურსა ფრიად დიდსა, სავსესა ზეთითა გინა ღჳნითა გინა ლაკუასა, სავსესა წყლითა, შთავარდა მცირე თაგჳ, გინა სხუაჲ რაჲმე ქუეწარმავალთაგანი და მოიშთოს, არამეა ყოველი იგი სიმრავლჱ შეიგინოსა მცირედითა მით? გინა ვითარცა შთააგონო წყაროჲსა თავსა მძორი რაჲმე, არამცა ყოველი მდინარე შეიგინისა? ეგრეთვე ოდესღა შეერთოს ფრიადსა მონაგებსა მცირედი რაჲმე უსამართლოჲ, ყოველსავე მას შეაგინებს უცილობელად. და უკუეთუმცა ეკლესიად შეხჳდე, არამცა ინებე შესლვაჲ ჴელ-უბანელმან. უფროჲსღა გიღირს განწმედაჲ უსამართლოჲსაგან და მოხუეჭისა, რამეთუ არა ჴელ-უბანელობაჲ შეაგინებს კაცსა, ვითარცა თქუა მაცხოვარმან (მათე 15.20), არამედ სულისა მწიკულევანებასა განიკითხავს ღმერთი. და ესე ფრიად უგუნურება არს ჩუენდა, რამეთუ მცირეთაგან გუეშინის და ვეკრძალებით, და ფრიადნი უდებ და შეურაცხ გჳყოფიან მედგრობით. აწ უკუე პირველად განვიბანოთ მწინკული ცოდვათა ჩუენთაჲ მოწყალებითა და დავაყენნეთ ჴელნი ჩუენნი უმსჯავროდ მოხუეჭისაგან, და მაშინ განვირთხათ იგი მიცემად ქველის საქმარსა. ხოლო უკუეთუ მითვე ჴელითა მოვიხუეჭდეთ რომელთამე მონაგებთა და მითვე რომელთამე განუყოფდეთ, დაღაცათუ არა მონახუეჭსა მისცემდე, არამედ სხუასა, არა განერები სატანჯველთაგან საუკუნეთა. რამეთუ გექმნა ქველის საქმჱ იგი მიზეზ მოხუეჭისა. და რომელი ესრეთ იქმოდის ქველის საქმესა, უმჯობეს არს მისა არა საქმჱ. და ვითარმედ მცირედისათჳსცა და უნდოჲსა შეწირვასა ღმრთისა მიმართ უმჯობეს არს ყოლადვე არა შეწირვაჲ, რამეთუ ამისთჳს განრისხნების ღმერთი, რავდენ უფროჲს რომელმან მონახუეჭი და უსამართლოჲ განუყოს, რამეთუ ჰრქუას მას, ვითარმედ: მე გიბრძანე ყოლადვე არავისი მოხუეჭაჲ და შენ სხუათა მონახუეჭითა გნებავსა დაჯერებაჲ ჩემი? ჰგონებ სამეა, ვითარმედ ესე სათნო არს ჩემდა? ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: "ჰგონებ სამეა, ურჩულოო, გულსა შენსა, ვითარმცა მეცა შენვე გემსგავსე?" (ფსალმ. 49.21).

აწ შეგატყუა და წარმოგიდგინო შენ წინაშე. ხოლო ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ესე სიტყუანი, არამედ ვიქმოდით ქველის საქმესა წმიდასა და უბიწოსა და ბრწყინვალედ აღვინთნეთ სანთელნი სულთა ჩუენთანი და ესრეთ შევიდეთ საქორწინესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (მათე 25.1-10) და მის თანა ვიშუებდეთ უკუნისამდე, რამეთუ მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მისისა თანა სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს და ლოცვისა მოუწყინებელად


გუაკურთხენ, უფალო!

ძმანო საყუარელნო, მივისწრაფოთ ტირილით სინანულად, რამეთუ ტირილითა განერა პეტრე რისხვისაგან ღმრთისა, რამეთუ ტირილისაგან მწარისა შეიწყნარა იგი ღმერთმან და მისცნა მას კლიტენი სასუფეველისანი და ჰრქუა მას: "რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16.19).

მოვისწრაფოთ უკუე ცრემლითა სინანულად, რამეთუ ცრემლითა მოეტევნეს მეძავსა მას აურაცხელნი ცოდვანი მისნი, რომელმან-იგი თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მაცხოვრისანი (მათე 7.37-48) და ცრემლთა მისთათჳს მისცა მას ქრისტემან დღჱ იგი დიდი ხუთშაბათი.

მოვისწრაფოთ ცრემლითა სინანულად, რამეთუ ცრემლთა მიერ აღადგინა ქრისტემან საფლავით ლაზარე ოთხისა დღისა მკუდარი, რაჟამს-იგი მარიამ დაჲ მისი ცრემლოოდა წინაშე მისა, და რამეთუ უყუარდა ქრისტე ლაზარეს, ამისთჳსცა იჴსნა იგი ბოროტისაგან უვარგის-ყოფისა, და ინაჴით დაისუა იგი ტაბლასა, რაჟამს-იგი კრებულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა იხილონ ლაზარე აღდგომილი მკუდრეთით (იოანე 11.2-45; 12.2-3).

მოვისწრაფოთ ლოცვითა სინანულად, რამეთუ ლოცვითა ღირს იქმნა მოსე ზრახვად ღმრთისა (გამოსვლ. 31.11…; 34.28); და ლოცვითა აღმოიყვანა იონა წინაწარმეტყუელი სიღრმეთაგან ზღჳსათა და მუცლისაგან ვეშაპისა (იონა 2.1-11); ლოცვამან განაცივა საჴუმილი იგი სამთა ყრმათაჲ (დანიელ. 3.25…); და ლოცვამან ყვნა მონაზონნი სწორ ანგელოზთა; ლოცვითა განახლდების გონებაჲ კაცისაჲ გულისჴმის-ყოფად სივრცესა ცისასა.

მოვისწრაფოთ სინანულად მოწყალებითა გლახაკთა, ობოლთა და ქურივთაჲთა რომელნი-იგი დაგლახაკნეს მერმისათჳს სიმდიდრისა. იყვენით მოწყალე, რამეთუ იტყჳს წიგნი: "შეძრწუნდით პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ, ღმერთი მოწყალე" (ფსალმ. 67.5). მიეცით მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ "მშიოდა, და არა Pაგე ოფ მს. A: 19   მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არ მასჳთ; უცხო ვიყავ, და არ შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და არა მოხუედით ჩემდა (მათე 25.42-43) იყვენით მოწყალე, რამეთუ წიგნი იტყჳს: "მდიდარნი დაგლახაკნეს, შეემშია, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა" (ფსალმ. 33.11).

მოვისწრაფოთ სინანულად დატევებითა ცოდვისაჲთა, რამეთუ მსგავს არს სინანული სახლსა დაცემულსა, რომელი-იგი სახლისა უფალმან მოსწრაფედ განაახლის; ეგრეცა ცოდვილი განახლდების სინანულითა. სინანული მსგავს არს სამოსელსა მწინკულითა შესუარულსა და შეურაცხსა ადგილსა მდებარესა, რომლისაჲ მოვიდის უფალი და აღიღის და განრცხის იგი წმიდად და განწმიდის და შეკეცის და კიდობანსა შთადვის იგი, და ოდეს დღჱ არნ დღესასწაულისაჲ და სიხარულისაჲ, შეიმოსის და შეიმკვის მით. ეგრეცა ცოდვილი არნ წინაშე ღმრთისა მწინკულევან და სულ-მყრალ, და ოდეს შეინანის, შეჰმოსის ქრისტემან სამოსელი თჳსი და შეამკვის იგი შუენიერად.

სინანული მსგავს არს კაცსა სნეულსა სიკუდიდ მიახლებულსა, რომელმან მოუწოდის მკურნალსა ჴელოვანსა და მოძღუარსა, და მეცნიერებით განკურნის და უხარინ. ეგრეთვე ცოდვილი, რომელი მომკუდარ არნ ცოდვითა, ხოლო რაჟამს შეინანის, განაცხოველის იგი ღმერთმან და სახელი მისი დაწერის წიგნსა მას ცხოველთასა. არა გიხილავსა, ძმაო, სახლი ოჴერი და დაცემული? რამეთუ სავსე არნ სიმყრალითა, ხოლო რაჟამს აღაშენიან და განაგიან, შეამკვიან იგი მრავალ-ფერითა სამოსლითა და კუმევითა მას შინა, და მიერითგან საწადელ არნ იგი ყოველთაგან, რომელნი შევლენედ მას შინა. ეგრეთვე ცოდვილმან რაჟამს ქმნის ცოდვაჲ, სულ-მყრალ და ბილწ არნ იგი წინაშე ღმრთისა, ხოლო რაჟამს შეინანის, განწმიდის იგი ქრისტემან წყალობითა, და სულნელად ფშჳნ იგი და პატიოსან არნ იგი წინაშე ღმრთისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.

სინანული მსგავს არს უძლურსა ქუე მდებარესა, რომელი განმრთელდის სენისაგან და აღსუბუქნის ვითარცა მფრინველი; სინანული მსგავს არს გლახაკსა პურის მთხოელსა, რომელმან პოის საფასე დიდძალი და იქმნის იგი მდიდარ და ღონიერ; სინანული მსგავს არს კაცსა მწუხარესა, რომელი ვალნ ბნელსა შინა წყუდიადისასა და მუყსეულად აღიხილნის და იხილის ნათელი ცხორებისაჲ და იხარებნ მას შინა.

მოვისწრაფოთ, საყუარელნო, სინანულად ქველის საქმითა და გულისჴმა-ვყოთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მდიდარსა მას, რომელმან-იგი არა შეიწყალა ლაზარე გლახაკი (ლუკა 16.19-31), რამეთუ მდიდარმან მან ჰკითხა მსახურთა თჳსთა და ჰრქუა: ვინაჲ უკუე არს საზრდელი გლახაკისაჲ ამის? ჰრქუეს მსახურთა მისთა: ტაბლისა შენისა გარდანაგევისაგან, რომელი გარე განვყარით მისგან, ესე იზარდების. ჰრქუა მათ მდიდარმან მან: ამიერითგან ოდეს ტაბლაჲ გარდაჰგაოთ, დაწჳთ გარდანაგევი იგი ცეცხლითა და ნუ გარდაჰყრით ამიერ კერძო, რაჲთა არა იპოოს საზრდელი და წარვიდეს კარისაგან ჩუენისა, რამეთუ ფრიად მძაგს ხილვაჲ მისი ყოველსა ჟამსა შესლვასა და გამოსლვასა.

ჵ უბადრუკო მდიდარო, რაჲღა უწყალო არს გული შენი, რამეთუ ძაღლნიცა მოვიდიან და ჰლოშნიედ წუთხსა მას წყლულებათა მისთასა (ლუკა 16.21), და იქმნეს პირუტყუნი უმოწყალეს შენსა. ჵ მდიდარო უწყალოო, ჵ საწყალო, რაჲსაღა მყისა შინა ურგებ და შეურაცხ იქმნა სიმდიდრე ეგე შენი, ვიდრემდის იიძულე შენ სატანჯველსა შინა თხოვად ლაზარესგან ნაწუეთი წყლისაჲ, რაჲთა განგიგრილოს სასაჲ შენი და ვერ მიემთხჳე მასცა. იხილე რაჲ-იგი შეემთხჳა ქალწულთა მათ უწყალოთა, ვითარ-იგი დაეჴშა კარი საქორწინისაჲ მის და დაშთეს იგინი გარეშე ბჭეთა მათ, ხოლო იგინი ტირილითა მწარითა ღაღადებდეს და იტყოდეს: "განგჳღე ჩუენცა, უფალო" (ლუკა 16.24). და ესმა მათ ჴმაჲ, ვითარმედ: "არა გიცნი, წარვედით ჩემგანო" (მატე 25.4-12).

აწ უკუეთუ იგინი უწყალოებისათჳს ესრეთ განიდევნნეს სასუფეველისაგან, ვითარმე უკუე ეყოს მათ, რომელნი ურიდად ცოდვასა იქმნან და კაცთა უსამართლოსა უყოფენ? არა თუ განსხმით განისხნენ, არამედ საუკუნესაცა ცეცხლსა მიეცნენ დასაწუელად. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა კაცთა მათ, რომელნი დათქმულ იქმნეს ზღუასა შინა, რამეთუ ჴელითა თჳსითა შთააბნიეს ყოველი მონაგები მათი, რაჲთამცა აღუსუბუქეს ნავსა და განირინნეს თავნი თჳსნი დათქმისაგან და მცირედ ჟამ ჭირისაგან მოწევნულისა. აწ უკუე მიეც მონაგები შენი ნებითა შენითა გლახაკთა და იჴსენ სული შენი  ჯოჯოხეთისაგან და სატანჯველთაგან საუკუნეთა მომავალთა.

ისმინე, რაჲ-იგი შეემთხჳა კაცთა მათ რომელნი-იგი შეცჳვეს ჴელთა ავაზაკთასა, რამეთუ ტირილითა და ლმობიერითა ევედრებოდეს მათ და ეტყოდეს: მიიღეთ მონაგები ჩუენი ყოველი და მოგუმადლენით ხოლო ჩუენ სულნი ჩუენნი, რაჲთა არა მოგუაკუდინნეთ. აწ უკუე, ჵ კაცო, შიშისათჳს მახჳლისა და მცირედ ჟამისათჳს ცხორებისა მისცემ მონაგებსა შენსა ყოველსა ნეფსით და სიხარულით ავაზაკთა, გან-ხოლო-თუ-სთავისუფლდე სიკუდილისა მისგან მცირედ ჟამისა, მიეც უკუე მონაგები შენი გლახაკთა და იჴსენ სული შენი დაულევნელთაგან სატანჯველთა. ნეტარ არს, რომელმან იღუაწოს მცირედსა ამას ჟამსა საქმეთათჳს კეთილთა. ნეტარ არს, რომელი იგლოვდეს სულისა თჳსისათჳს მცირედსა ამას ჟამსა, რაჲთა არა შეაფარილოს იგი ცოდვითა და ბრალითა.

ნეტარ არს, რომელმან შეაიწროს მუცელი თჳსი საწუთროსა ამას  სათნოებისათჳს ღმრთისა და სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ნეტარ არს, რომელმან დაიცვნეს მცნებანი უფლისა და ღმრთისა თჳსისანი, რამეთუ მას დიდ ეწოდოს სასუფეველსა ცათასა. ნეტარ არს, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა და მწუხარებასა სოფლისა ამის წარმავალისასა, რამეთუ პატივცემულ იქმნეს იგი ღმრთისა მიერ საუკუნესა მას.

ნეტარ არს, რომელმან თავს-იდვას დევნაჲ და ჭირი და შეურაცხებაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა თჳსისა, რამეთუ მოეგოს მას მრჩობლი მოსაგებელი მის მიერ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "აჰა ესერა წარგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა" (მატე 10.16). ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ საუკუნოდ (მატე 5.6-10). ხოლო ვაჲ ცოდვილთა, რომელთა არა შეენანოს პირველ სიკუდილისა მოწევნამდე მათ ზედა, ოდეს-იგი ანგელოზნი მრისხანენი გარე მოადგენ მათ წარყვანებად სულთა მათთა.

ძმანო ჩემნო, არა გუეშინისა ჟამისა მისგან, ოდეს-იგი განცივნიედ ფერჴნი და ძ(რ)წოლაჲ შეედვის მუჴლთა, ოდეს-იგი შეშფოთნეს სტომაქი და დაიჴშნენ თუალნი და დადუმნეს პირი, და გამოჰყავნ სული ანგელოზთა მათ საშინელთა და მრისხანეთა და ამხილებედ მას საქმეთა მისთა ბოროტთა, და რაჲთა სიტყუაჲ მისცეს მან ყოვლთათჳს ცოდვათა მისთა, რომელნი ექმნეს მას სოფელსა ამას შინა საწუთროსა?

მაშინ ეტყოდის სული იგი მწუხარებით: მართალ ხარ, უფალო, რამეთუ მრავალ გზის მიწოდე მე წმიდათა მიერ წერილთა, და მე არა ჴმა-ვეც წოდებასა შენსა. რავდენ გზის შეგცოდე, და შემინ\დვენ მე ცოდვანი ჩემნი. რავდენ გზის ეკლესიასა შინა გევედრე წყალობისათჳს, და შენ შემიწყალე მე და აღმმართე მე დაცემისაგან ჩემისა, ხოლო მე არა დავიმარხე წყალობაჲ შენი, არამედ აწ გევედრები შენ, ჵ მწყალობელო ყოველთაო, შემიწყალე მე. მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრა შენ მოჴსენებად, და შენ მიანიჭე მას სამოთხე (ლუკა 23.42-43), და მეძავი მიგეახლა, და შეუნდვენ მას ცოდვანი მისნი (მარკ. 5.25-34), და მეზუერემან სულთ-ითქუნა და შეიწირე მისგან (ლუკა 18.10-14). ხოლო მე არა ვარ მსგავს მათსა, რამეთუ არა მაქუს მე ცრემლთა მდინარე და არცა ლოცვაჲ წმიდაჲ შეწირული და არცა წყალობაჲ, რომლითა შევიწყალო, აწ უკუე მოვიგოთ ჩუენ, ძმანო, სინანული პირველ დადგინებადმდე ჩუენდა მარცხენით ქრისტესა, ოდეს-იგი ვიტყოდით: ჵ, ვითარღა უდებ ვყავთ სათნოებაჲ ღმრთისაჲ, ოდეს-იგი ვხედევდით სხუათა სინანულსა და ჩუენ არა შევინანეთ? და ვხედევდით კუალად სხუათა, რამეთუ ივლტოდეს სოფლისა ამისგან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა მისითა ვიძლიენით; და სხუანი განჰკფდებოდეს მარხვითა, და ჩუენ ყოლადვე არა ვიმარხევდით; იგინი ღამე ყოველ იღჳძებდეს, და ჩუენ მეძინა; და სხუანი მონაგებთა მათთა განუყოფდეს გლახაკთა, ხოლო ჩუენ სხუათა მონაგებსა გული გჳთქუმიდა და მცნებაჲ ღმრთისაჲ უგულებელს-ვყავთ უდებებით.

ხოლო აწ, უკუეთუ მოვისწრაფოთ სინანულად, ვი\პოვნეთ მარჯუენით ქრისტესა და იგი მეტყოდის ჩუენ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ცათაჲ (მათე 25.34); მოვედით, ყოველნო წმიდანო, რომელთა გშიოდა და გწყუროდა სახელისა ჩემისათჳს; მოვედით, რომელთა დაუტევეთ სოფელი და დაემკჳდრენით მთათა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა სახელისა ჩემისათჳს, ვითარცა ნადირნი, და დაგამკჳდრნე თქუენ მოწამეთა და წინაწარმეტყუელთა თანა; მოედით ჩემდა ყოველნი გლახაკთ მოწყალენი და უცხოთ მოყუარენი და შიშუელთა შემმოსელნი, მმარხველნი და მლოცველნი, რაჲთა შეგიყვანნე თქუენ წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა; მოვედით ჩემდა, რომელთა-იგი დაჰმარხეთ ბეჭედი გუამისა თქუენისაჲ შეუგინებელად სიყუარულისათჳს ღმრთისა; მოედით კრებული ეგე ობოლთა და ქურივთაჲ და რომელნი მოითმენდით სოფელსა მას ჭირთა და განსაცდელთა მადლობით და განწმე\დილ იქმნენით ცოდვათაგან, რაჲთა დაგამჳდრნეს თქუენ სასუფეველსა ცათასა.

აწ უკ[უ]ე, ძმანო, ვეკრძალნეთ ცოდვისაგან, რომელი წარმწყმედელი არს სულისაჲ, და ვითხოვოთ ღმრთისაგან შენდობაჲ ბრალთა ჩუენთაჲ, და ვიტყოდით ესრეთ: უფალო, ცოდვანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და მე ვითარცა ტჳრთი მძიმე დამიმძიმდა, რამეთუ სახელი წმიდაჲ შენი შეურაცხ-ვყავ და მცნებანი შენნი უგულებელს-ვყვენ, და საფასე შენი განვაბნიე და სიმდიდრე შენი წარვწყმიდე ბოროტად. და მე უწყი, უფალო, რამეთუ მარცხჳნო უკუანაჲსკნელ, არამედ გევედრები შენ, უფალო, რაჲთა "არა გულის-წყრომითა შენითა მამხილო მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" (ფსალმ. 6.1). მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრებოდა, მოიჴსენე იგი სასუფეველსა შენსა და მიანიჭე მას სამოთხე (ლუკა 23.42-43). ამისთჳს, უფალო, მეცა გევედრები, შემიწყალე მე და მიჩუენე გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვიდოდი მას შინა მოსწრაფედ.

ძმანო ჩემნო, ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, უწყოდენ, რამეთუ აღუგზნიეს სულისა თჳსისათჳს ცეცხლი იგი საუკუნოჲ უშრეტი. უკუეთუ არა აქუნდეს მას მდინარე ცრემლთაჲ, რამეთუ ცრემლთა მდინარე დაშრეტს საჴუმილსა ცეცხლისასა და ცოდვასა აგზნებულსა გუამსა შინა კაცისასა, ვითარცაღა-იგი წამალმან, კეთილად შემზადებულმან მკურნალისა მიერ ჴელოვნისა, დაჰჴსნის სენთა სიმძაფრე, რომელ არნ გუამსა შინა სნეულისასა და დასულიბნის ძარღუნი, რაჲთა განეგოს ტკივილი. ეგრეთვე უწყოდეთ, რამეთუ ცრემლნი გამოვლენ სინედლისაგან გუამისა მოზიდვითა თუალთაჲთა ნაწევართაგან ყოველთა, რაჲთა განაბნინეს ცოდვანი, რომელ დაფარულ არიან გუამსა შინა კაცისასა.

აწ უკუე, ძმანო, ნუ იტყჳთ, ვითარმედ: არა მქონან ცრემლთა მდინარენი; რამეთუ რომელსა ჰნებავნ თხრაჲ ჯურღომულისაჲ, უკუეთუ არა მოიწყინოს და არცა დაშურეს, უწყოდენ, რამეთუ აღმო\ეცეს წყალი. და რომელსა ეშინოდის სატანჯველთაგან და ცეცხლისა მისგან უშრეტისა, მან მოიპოვოს მდინარე ცრემლთაჲ უეჭველად.

აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეტყოდით თავთა ჩუენთა ლმობიერად და ვრქუათ ესრეთ: ჵ სულო ჩემო ცოდვილო, განეშორე ცოდვასა, რაჲთა განერე სატანჯველთა მათგან საუკუნეთა. ჵ სულო ჩემო უბადრუკო, მოიგე მარადის გლოვაჲ ცოდვათა შენთათჳს და ნუ განიშორებ მას ნუცა სლვასა და ნუცა ჯდომასა, ნუ საქმესა და ნუ წოლასა. და იყავ შენ მღჳძარე ღამე ყოველ, და აღრაცხე შენ რავდენი თანა-ნადები თანა-გაც და იტყოდე ღმრთისა მიმართ: უფალო, არა ხოლო თუ მე ოდენ ვარ პირველი თანა-მდები, რომელსა არაჲ აქუნ, რაჲთამცა გარდაიჴადა თანა-ნადები თჳსი, რამეთუ შენ სთქუ, უფალო: "მიუტევებდით ურთიერთას თანა-ნადებთა თქუენთა და მე მიგიტევნე თქუენ ყოველნი შეცოდებანი თქუენნი" (მატე 6.15). და აწ, უფალო, მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი და ნუ მო\იჴსენებ მათ საშინელსა მას განკითხვასა შენსა.

ჵ მწყალობელო ძეთა კაცთაო, შემიწყალე მე უძლური ესე სენითა დაფარულითა, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს კურნებად თჳნიერ შენსა ცათა დამბადებელისა, რომელი ხედავ დაფარულთა. შენ უწყი, უფალო, ყოველი, რომელი მე თანა-წარმჴდა, და შენ უწყი უძლურებაჲ და სიგლახაკე ჩემი, რომლისა მიერ დავეცემით ჩუენ დღე და ღამე. მომეც ჩუენ, უფალო, მარჯუენაჲ შენი, ვითარცა-იგი პეტრეს, და იჴსენ იგი დანთქმისაგან; ეგრეთვე, უფალო, მიჴსნენ ჩუენცა ცოდვათა ჩუენთაგან. მოგუმადლე ჩუენ სინანული, ვითარცა-იგი მიანიჭე ნინეველთა (იონა 3.10) და ვითარცა-იგი მიანიჭე მარიამს მეგჳპტელსა და ყოველთა ცოდვილთა, რომელნი შენ მოაქციენ სინანულად, ეგრეთვე მე, მონასა შენსა, მომანიჭე ცოდვილსა მოტევებაჲ ცოდვათა ჩემთაჲ.

აწ უკუე ვეკრძალნეთ, ძმანო, ყოვლისაგან ცოდვისა, ვეკრძალნეთ სიძვისაგან და მტერობისა და პარვისაგან, და შესმენისა ტყუილისაგან და ცრუ ფიცისა, სასჯელისაგან და ცილობისა, სიძულილისაგან და გულ-მანკიერობისა, ბოროტად ხედვისაგან და გულის-თქუმისა და ყოვლისაგან საქმისა, რომელი განარისხებს ღმერთსა. რამეთუ ვითარცა გესლი მაკუდინებელი ადგილით ერთით განეზავების ყოვლსა გუამსა, ეგრეცა ცოდვაჲ განეზავების ყოველთა ასოთა და მოაკუდინებს სულსა საუკუნოდ.

აწ, უფალო, შეგივრდები შენ ვედრებით, მასწავე მე სინანული, რომლითა განვერე ცოდვისაგან, რაჲთა განვიდე მე უდაბნოდ და ვიქცეოდი მჴეცთა თანა და ვსტიროდი ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ შიშუელი წარდგომად ვარ წინაშე შენსა, რაჟამს-იგი მეტყოდე მე: ჵ ბოროტო მონაო, რომელმან არა დაიმარხე აღთქუმაჲ ჩემი და შეურაცხ-ყვენ წერილნი ჩემნი, რომელთა მიერ დღითი-დღე გიწოდდი შენ, ხოლო შენ არცა ისმინენ და არცა გულისჴმა-ჰყვენ სიტყუანი ჩემნი, არამედ დაიყვენ ყურნი შენნი, რაჲთა არა ისმინნე ზრახვანი ჩემნი შენდა მიმართ ყოლადვე, ამისთჳს წარვედ შენ სატანჯველსა საუკუნესა, რომელსაცა ღირს არს უგუნურებაჲ შენი მსგავსად საქმეთა შენთაებრ.

აწ, უფალო, ვევედრები მოწყალებათა შენთა, მიჴსენ მე ცოდვისაგან, ვითარცა იჴსნენ ყოველნი, რომელნი მოივლტოდეს შენდა სინანულითა ლმობიერითა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და კაცთ მოყუარე და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ წყალობისათჳს ღმრთისა

წყალობასა და სამართალსა დღითი-დღედ გაქებდე შენ, უფალო, რამეთუ სახიერებითა დაამტკიცე ქუეყანაჲ, ვითარცა ჩუეულებაჲ არს მადლისა შენისაჲ, მოწყალეო! მადლობაჲ ჩუენი მცირე არს, უფალო, ვედრებაჲ, ჩუენი ნაკლულ არს, სახიერო! ფრთენი ლოცვისა ჩუენისანი უძლურ არიან, კაცთ მოყუარეო, და ვერ ღირს არს მედგრობაჲ ჩუენი ამას მადლსა უზეშთაესსა მადლობად, რამეთუ ვედრებაჲ ჩუენი უნდო არს, ხოლო მოცემაჲ შენი ფრიად არს და მიგებაჲ შენი უსაზომო. უკუეთუმცა აღსწონენ თხოვანი ჩუენნი და შეატყუენ ვედრებათა ჩუენთა მსგავსად მოცემულნი შენნი, ნუუკუემცა ნაცვალად წჳმისა ცეცხლი აწჳმე ჩუენ ზედა.

რამეთუ ვედრებაჲ ჩუენი ბოროტ არს და არა შევინანეთ მსგავსად ცოდვათა ჩუენთა და არცა დაუტევენით სახენი იგი, რომლითა განგარისხეთ შენ, რამეთუ უსამართლოჲ დაადგრა თჳსსავე ზედა ბოროტსა და მტაცებელი არა განძღა და არცა მოიქცა უმჯობესისა მოპოვნებად, რაჲთამცა დაგაჯერა შენ, ვითარცა სახედ ყოველთა წმიდათა. ნაყროვანნი და უძღებნი არა მოიქცეს მარხვად, და არცა დაუტევეს ჩუეულებაჲ მათი მომთვრალეთა, რაჲთამცა და\გაჯერეს შენ, ღმერთი, ვითარცა სათნოთა მონაზონთა.

ვეცხლის მოყუარეთა არა და\უტევეს აღნადგინებისა ვახში მოღებად და არცა მცნებათა შენთა შეუდგეს. საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო, თუ ვითარ შეგჳწყალებ ესრეთ არა-ღირსთა ამათ წყალობად, რამეთუ ყოველივე კაცი დადგრომილ არს აქამომდე ბოროტსავე თჳსსა, და არა დააყენენ ჩუენგან მოცემულნი შენნი. წჳმამან შენმან განჰჴსნა ნასკჳ იგი უსამართლოებისაჲ, რამეთუ ხუარბლის ვაჭართა დაჰჴშნეს კარნი ქულბაგთა მათთანი და განაძნელეს იფქლი გლახაკთათჳს, და მსყიდველნი შეიწრდეს. ხოლო რაჟამს აღმოავლინენ ღრუბელნი შენნი და უბრძანე წჳმად, განჴსნა ბოროტად შეკრული იგი გონებაჲ ვაჭართაჲ, რომელსა ვერ შეუძლეს განჴსნად მეფეთა, და არცაღა ვედრებაჲ ჩუენი შემძლებელ იყო მიმთხუევად კეთილთა შენთა, უფალო! არამედ წყალობაჲ შენი უხუად დადგრომილ არს ჩუენ ზედა, უფალო, რამეთუ არა შეიცვალების, ვითარცა-ესე ჩუენ; არა შეიცვალენით ცოდვისაგან სინანულად, არამედ უშრომელად მოგუაქუს სასყიდელი შენ სახიერისა ღმრთისაგან, რამეთუ ცუდად განაბნიენ საფასენი შენნი ჩუენდა, ბოროტის მოქმედთა ამათ და ცოდვილთა.

წჳმან მორწყო ყანობირი ჩუენი, ამის მიერ გუეუწყა სახიერებაჲ შენი, რამეთუ მიანიჭებ კეთილთა შენთა მონათა შენთა უკეთურთაცა, და ესე წყალობითა შენითა; შენ გშუენის, უფალო, დიდებაჲ, და ჩუენ - კდემულებაჲ. რამეთუ უკუეთუმცა მოგუაგებდ ბოროტთაებრ ჩუენთა, უბრძანემცა ქუეყანასა დათქმაჲ ჩუენი, ვითარცა დათან და აბირონისი (რიცხვ. 16.1-32). და უკუეთუმცა არა გარდარეულად სახიერ იყავ, ვედრებისა ჩუენისათჳს განჰრისხენ ჩუენ ზედა. ხოლო არა ინებე, უფალო, მოწყალებითა შენითა, უკუეთუ მოგჳხუნე მოცემულნი შენნი კეთილნი, ვინაჲთგან არა დაგემორჩილენით შენ, არამედ უხუად გარდაჰრიენ ჩუენ ზედა ნიჭნი მოწყალებისა შენისანი უმადლოთა ამათ და უღირსთა მონათა შენთა. პირველვე დაბადებისა ჩუენისა, უფალო, იცოდე ურჩებაჲ და სიბოროტჱ ჩუენი, არამედ სახიერებით დაგუბადენ ჩუენ, რამეთუ არა მოიძაგე უგუნურებაჲ ჩუენი, უკუეთუ ხოლო შევინანოთ. შენ, უფალო, გჳბრძანე ჩუენ, მიზდი მუშაკობისაჲ ღამით არ დავიპყრათ თანა, რომელ ვიმსახუროთ. და ვითარცა რჩულის მდებელმან თავით თჳსით მიჩუენე ჩუენ ესე, რამეთუ მიზდი ვედრებისა ჩუენისაჲ არა დაადგრების ღამით შენ თანა, სახიერო უფალო, არამედ მოგუცემ ჩუენ, ცუდთა მუშაკთა, მოწყალებითა შენითა.

ჰაერნი შეიცვალნეს და გუაუწყეს რისხვაჲ შენი, არამედ ნებამან შენმან   სძლო რისხვასა შენსა და კუალად განაგნა, და წჳმითა გუახარა ჩუენ, და კეთილის ყოფითა განგუახარა, რაჲთა აღვივსნეთ პირნი ჩუენნი დიდებითა შენითა. აჰა ესერა ღრუბელნი სავსე არიან დიდებითა შენითა და აპკურებენ ქუეყანასა ზედა სიხარულსა. აჰა ესერა ღრუბელნი მაღჳძებენ ჩუენ, რაჲთა სათნო-გეყვნეთ შენ, ღმერთსა, და აღავსნე პირნი ჩუენნი გალობად შენდა, რღა̂ განმამდიდრენ ჩუენ ნიჭთაგან შენთა. თესლი რომელი დაფლულ იყო ქუეყანასა მსგავსად მკუდართა, აწ ესერა მიწისაგან აღმოუყოფიეს თავი თჳსი, რაჲთა უგალობდეს მადლთა შენთა.

მუშაკნი და მთესვარნი, რომელნი გულითა მწუხარე იყვნეს თესულთა მათთათჳს, წჳმამან შენმან განამხიარულნა და გმადლობენ შენ, ღმერთსა, რამეთუ მოვიდა წჳმაჲ და მოიღო მის თანა სიხარული ყოველთა მწუხარეთათჳს დგანსუენებაჲ ყოველთა მაშურალთათჳს, და განამხიარულა პირი მჭმუნვარეთაჲ, და აღადგინნა დაცემულნი და განკურნნა შემუსრვილნი გულითა, და აღახუნა ყოველნი პირნი მადლობად ღმრთისა სახიერისა. დაგემორჩილა შენ წჳმაჲ და განაგო ქუეყანაჲ, რომელი შეშფოთებულ იყო. განბანნა პირნი   ცრემლთაგან და ცხებულ ყვნა ცუარითა, და დააცხრო შფოთი, და კუალად აქცინა განქცეულნი საყოფლადვე თჳსა, და განაქარვნა სიმწარისა ჰამბავნი და დააწყნარნა დაბადებულნი თჳნიერ ბრძოლისა და საჭურველისა. დაათრო წჳმამან ქუეყანაჲ ჩუენი, რამეთუ გჳთუალენ ჩუენ წყალობითა შენითა და მექმენ ჩუენ მცველ კეთილ, რამეთუ ძალსა შენსა უპყრიან დაბადებულნი; და უკუეთუ მცირედ მიუშუა, ყოველივე განირყუნეს. შეაბენ ზღუასა ბჭენი ქჳშისანი, შენი არს შური და წყალობაჲ და შენ განსწავლი, ვითარცა შურის მეძიებელი, და შენ სწყალობ, ვითარცა სახიერი. შენ დააცადი ბრძოლაჲ კიდითგან კიდემდე ქუეყანისა. შენ შეჰმუსრე საჭურველი, რაჲთა გმადლობდენ ყოველნი კაცნი. და ოდეს შეკრბენ წარმართნი ბრძოლად, "აღჴდეს კუამლი რისხვისაჲ ცოდვასა მათსა" (ფსალმ. 17.9), ვითარცა წერილ არს. და ესე ბრძანებაჲ სრული არს, ვითარმედ: "რომელმან ცოდოს, იგი იგუემოს" (I პეტრე 2.20) . და ცოდვისათჳს იგუემნენ ყოველნი მოქმედნი მისნი.

უფალო, მოგუეც ჩუენ მშჳდობაჲ შენი, ვითარცა მოგუეც ჩუენ წმჳაჲ, რამეთუ მშჳდობაჲ მობაძავ წჳმისა არს. უბრძანე ბრძოლასა დაყუდებაჲ და მახჳლსა დაცხრომაჲ, და წამ-უყვენ შიმშილსა წარსლვად, და მოუწოდე მშჳდობასა, რაჲთა მოვიდეს. შენი არს მიცემაჲ ყოველთა მვედრებელთა შენთაჲ და საუნჯენი შენნი მოუკლებელ არიან. მიჰფინე ქალაქთა მშჳდობაჲ და სოფელთა დაწყნარებულებაჲ, რაჲთა ყოველთა მიერ იდიდებოდის სახელი წმიდაჲ შენი. მორწყე წჳმითა ქუეყანაჲ შენი და ნუ სისხლითა კაცთაჲთა. კუალად დააგენ მახჳლნი ქარქაშთა მათთა, რაჲთა არა აღმოიჴადოს ბრძოლად. შემუსრე საჭურველი ბრძოლისაჲ და აღახუენ პირნი კაცთანი დიდებად შენდა. დაამშჳდე ქუეყანაჲ, რაჲთა გიგალობდენ მკჳდრნი მისნი. მახჳლი ჰგებს ბრძანებასა შენსა და, თუ არა უბრძანო, არა მოჰკლავს. ვის ჰქონან საფასენი შენებრ და ვინ შემძლებელ არს მიცემად შენებრ.

უკუეთუ მისცეს მდიდარმან პური ერთი გლახაკსა, იტყჳს: შენდა, უფალო, ჯერ-არს მიცემაჲ. რამეთუ უკუეთუ მისცე უხუებით, არა დააკლდების საუნჯეთა შენთა, რამეთუ უზეშთაეს აღმოეცენების. უბრძანა ძალმან შენმან ღრუბელთა და გარდამოავლინე ჩუენ ზედა წჳმაჲ კურთხევისა შენისაჲ. უწოდე წყალთა, და ჴმა-გცეს; და აპკურე მთათა ზედა, და აღმოაცენეს თივაჲ პირუტყუთათჳს, და აღავსენ ჯურღმულნი [სასუმელად] წყურიელთათჳს, რამეთუ შენ განაცხოველებ ყოველთა. და აღავსე ქუეყანაჲ ყოვლითა კეთილითა, და საუნჯენი შენნი მოუკლებელ არიან. რომელი მდიდარი შემძლებელ არს ესრეთ მიცემად და საფასესა მისსა არა მოაკლდეს თჳნიერ შენსა, უფალო. შენ მისცემ ყოველსა კეთილსა ყოველთა დაბადებულთა შენთა, და სიმდიდრე შენი ეგრეთვე ჰგიეს. შენ იდიდები ზეცისა და ქუეყანისათაგან დიდებითა მიუწდომელითა, რომელი მიიღებ მადლობასა და მისცემ წყალობასა შენსა. და შეიწირავ თაყუანის-ცემასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ თარგმანებაჲ იოვანე მახარებელისაჲ და პავლესი

ამიერითგან ყოველსავე ვიქმოდით, რომელსა შემძლებელ ვიქმნეთ მოღებად სულითა წმიდითა, და პატივ-ვსცემდეთ მღდელთა უზეშთაესითა პატივითა, რამეთუ დიდ არს საქმე მღდელობისაჲ; ვინაჲთგან მღდელობაჲ მიცემულ არს მათდა ქუეყანასა ზედა, რომელთაჲ ენებოს მიტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა ეტყჳს უფალი, ვითარმედ: "რომლისანი განჰჴსნეთ ცოდვანი ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყვნენ იგინი ცათა შინა" (მათე 18.18). ამისთჳსცა წმიდაჲ პავლე იტყჳს: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (მატე 5.4). რამეთუ თქუენ თავთა თჳსთათჳს ხოლო ჰზრუნავთ და არა სხჳსათჳს, ხოლო მღდელი, უკუეთუ კეთილითა საქმითა არა ზრუნ[ვი]დეს თქუენთჳს, ორგულთა თანა დაისაჯოს ჯოჯოხეთს შინა. დაღაცათუ არა დაისაჯოს თჳსთა საქმეთათჳს, უდებებისა თქუენისათჳს დაისაჯოს.

წერილ არს: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ" (მატე 5.2). რამეთუ აჩუენებს, რომელი მადლი აქუნდეს მგლოვარეთა ნუგეშინის-ცემითა. აწ უკუეთუ გნებავს ნუგეშინის-ცემაჲ. იგლოვდით, ვინაჲთგან ღმერთი ნუგეშინის-მცემელ თქუენდა არს. უკუ[ე]თუ ყოვლით კერძოვე მოგიცვნეს მწუხარებამან, ღმერთი მჴსნელ თქუენდა არს, რამეთუ იგი მოგუაგებს მოსაგებელსა ჩუენსა უფროჲს საქ\მეთა ჩუენთა კეთილთა. იქმოდეთ კეთილსა, რაჲთა ნეტარებაჲ მოიღოთ არა ხოლო თუ ფრიად მოღუაწებისა თქუენისათჳს, არამედ მრავალთა მოწყალებათა მისთაგან. რომელნი იგლოვენ, ცოდვათა მათთათჳს იგლოვენ, და ღმერთი, რამეთუ მოწყალე არს, შეუნდობს და იჴსნის პატიჟთაგან ცოდვისათა და ნეტარებასაცა მისცემს და კადნიერებასა მის წინაშე. და კუალად იტყჳს: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი" (მატე 5.7); არა თუ ქველის საქმარსა მიმცემელნი ხოლო, არამედ რომელნი ყოველსა ზედა მოწყალე იყვნენ, რამეთუ მოწყალებაჲ ფრიად და მრავალ-ფერ არს, და რაჲმე უკუე არს მოსაგებელი მათი, "რამეთუ იგინი შეიწყალნენო" (მათე 5.7). ჩუენ შევიწყალებთ ვითარცა კაცნი, და მისთჳს წყალობაჲ ღმრთისაჲ მოიწევის ჩუენ ზედა, ვ~ა იგი სახიერ არს, ესე უწყით, რამეთუ ვერ ესწორების წყალობასა ღმრთისასა, არამედ ვითარცა-იგი სახიერებაჲ უფროჲს არს მანკიერებისა, ეგრჱთ[ვ]ე წყალობაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს წყალობასა კაცთასა, იტყჳს მოციქული. "ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ" (I პეტრე 3.9), და ნუ ჰგმობ მზაკუარსა, ვითარმედ ბოროტ არს. მოიძულე და განგმე ზაკუაჲ და ნუ მზაკუვარი, რამეთუ თქუა: ნუ მიაგებთ ბოროტსა მორწმუნესა ხოლო, არამედ არცაღა წარმართსა ჯერ-არს მიგებაჲ ბოროტისაჲ (I პეტრე. 3.9-10).

მოსწრაფე იყვენით კეთილის ყოფად ყოველთა კაცთა მიმართ, და ყოველთა თანა მშჳ\დობასა ჰყოფდით, და ესრეთ ნათობდიან ნათელი თქუენი ქუეყანასა ზედა წინაშე კაცთა (მათე 5.16). ნუმცა ვინ მიზეზ შფოთისა და ბრძოლისა ექმნებით კაცთა "და ნუცა თავით თჳსით შურსა ეძიებთ, რამეთუ იტყჳს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი" (რომ. 12.19). უკუეთუ ავაზაკნი რაჟამს შეკრბიან, დაუტევიან სახე იგი მათი ბოროტი და მშჳდობით მოიკითხნიან ურთიერთას, ჩუენ-მე რომელი სიტყჳს-გებაჲ ვპოოთ წინაშე ღმრთისა, რამეთუ ყოველნივე ერთსა ჴორცსა მოვიღებთ უფლისასა და ავაზაკთაცა სწორად ვერ ვიპოვებით. უმჯობეს არს სასტიკად გუემაჲ ჩუენი აქავე, ვიდრე პირი იგი ტკბილი ხილვად უფლისა ჩუენისაჲ გარემიქცეული ჩუენგან ჟამსა მას საშინელსა. ამისთჳს ჰრქუა უფალმან მონათა თჳსთა, რაჲთა აცადონ ღუარძლი იგი თანა აღორძინებად იფქლსა (მატე 13.30), რაჲთა სცეს ადგილი ცოდვილსა სინანულისაჲ, არა თუ ამისთჳს, რავდენ ოდეს სცოდეთ, არა გაქუნ ტკივილი და უდებ-ჰყოთ სინანული, არამედ უფროჲს გიღირს სინანული, სულ-თქუმაჲ და ცრემლნი. რაჟამს ვერ აგრძნობთ ცოდვისა ტკივილსა სულთა შენთა შინა თქუენთა, არა თუ რაჟამს ცოდვაჲ არ გტკივის, მისთჳს არა იგლოვ, არამედ რავდენ სული ცოდვასა უდებ-ზამს და ვერ აგრძნობს. ხოლო რომელსა ცოდვაჲ სტკივის და განკითხვასა მოელის, იგი ღაღადებს ლმობიერად უფროჲს მათსა, რომელთა-იგი ასონი მოეჭრებიედ მახჳლითა და წყლულნი ცეცხლითა დაიწუვიედ, ვითარ-იგი საწყალობელად ღაღადებნ, რაჲთა განერეს ტკივილთა მათგან.

აღიარენ შენცა ცოდვანი შენნი წინაშე მსაჯულისა, რაჲთა უწყოდი, რომელი მოტევებაჲ მოგემადლა და რავდენსა მადლობასა გიღირს შეწირვად ღმრთისა შენ. ოდესღა კაცი განარისხო, მოსწრაფე ხარ კუალად დაჯერებად მისა, და ევედრიცა მისთჳს მოძმეთა და მეგობართა მისთა, რაჲთა ევედრნენ შენთჳს მშჳდობისა ყოფად მის თანა. ვითარცა შემდგომად მძაფრისა წჳმისა გამობრწყინდის უფროჲსი მცხინვარებაჲ მზისაჲ, ეგრჱთვე შემდგომად ცრემლთა ცუარისა იქმნის გონებასა შინა ფრიადი დაწყნარებაჲ, და ყოველნი იგი ღრუბელნი ცოდვისანი განიბნინიან და ივლტიედ ცრემლთა მიერ. და მადლობამან განწმდის სული, ოდეს არა არნ იგი კაცთა საჩუენებლად. ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებასა ჩუენსა და ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგჳღებენ ნებასა ჩუენსა. ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გუაწუევს ნებასა მისსა შედგომად და, უკუეთუ ვერ მიდრიკოს გონებაჲ ჩუენი ნებასა მისსა, აღატყინის ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვითარცა ცეცხლი. და უკუეთუ ჩუენ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს იძულებად ჩუენდა. ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწუევენ ჩუენ კეთილისა სქმედ და შემეწევიან ჩუენ კეთილსა ზედა და, უკუეთუ არა ვინებოთ თავით თჳსით საქმედ კეთილისა, არა მაიძულებენ ჩუენ, გზასა მას ცათა მეუფისასა ვლენან მონანი მეუფისანი.

სახჱ, რომელი ჰმოსიედ მოძღუარსა, იგივე შეიმოსიედ მოწაფეთა; წესი, რომელი დაუდვის მეფემან, მას ზედა იქცევინ გუნდი ერისა მისისაჲ. ღმერთი შენი ზეცით გარდამოჴდა და ქუეყანასა ზედა ვიდოდა, არა თუ სიმაღლით და დიდებით, არამედ სიმდაბლითა და სიმშჳდითა, რაჲთა შენ მოგცეს წესი კეთილისა სიმდაბლისაჲ. გამობრწყინდა მზე სიმართლისაჲ და დაადვნნა მთანი და ბორცუნი მაღალნი, განჰფინა მცხინვარებაჲ სიმართლისაჲ, და დამდაბლდეს. იხილეს იგი ღირღუართა და წრფელ იქმნეს, რამეთუ იგი წრფელ იყო და მშჳდ გულითა. იხილეს უფსკურთა და შეძრწუ[ნ]დეს, იხილეს და წრფელ იქმნეს ძნელოვანნი. იხილეს იგი უმადლოთა და ისწრაფეს ურთიერთას სიყუარულით სიყუარულისაგან მისისა. იხილეს ასპიტთა, და ისწავეს სიმშჳდე მისი. იხილეს იგი ლომთა და ლეკუთა ლომისათა, და შეირაცხნეს ზროხათა თანა. იხილეს იგი მგელთა, და მშჳდობ-ყვეს კრავთა თანა.

ეჰა ძალი სიმდაბლისაჲ, რომელმან-იგი დაამჴუნა ზღუდენი მაღალნი! ეჰა სიყუარული, რომელმან დაიმონა მანკიერებაჲ და შემუსრა ქედი მისი! ეჰა სიტყუაჲ მშჳდობისაჲ, რომელმან დააწყნარნა შფოთებანი კაცთანი! ეჰა ძალი სიმდაბლისაჲ და სიბრძნე ჭეშმარიტი, რომელი მისცემს უგუნურთა გონებასა კეთილსა! ეჰა მშუენიერებაჲ უბიწოჲ, რომელი განაშუენებს უსახურთა და უკეთურთა! ეჰა სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოიყიდნა სისხლითა თჳსითა კუალად დაბადებულნი თჳსნი, განფრდილნი მტერისაგან, წარავლინნა მონანი მისნი წინაშე მისსა, რაჲთა ახარონ სიმდაბლე მისი; წარავლინნა მოციქულნი თჳსნი, რაჲთა უქადაგონ სიმდაბლე იგი ძისა მეუფისაჲ. დაჰჴდეს ჴმანი მათნი ღაღადებითა, და სასმენელნი კაცთაგანი დაყრუვდეს და არა ისმინეს. განთქუეს ჰამბავი მისი ყოველი კიდეთა, რაჲთამცა დაენერგა სიტყუაჲ და სიყუარული მისი გონებათა შინა ჩუენთა ფიცხელთა. მჯდომარე ქერობინთა ზედა, ძელსა ზედა აღმაღლდა, და ჩუენ ავმაღლდით ამპარტავნებითა. მიიდრიკა თავი თჳსი ჯუარსა ზედა, და ჩუენ თავთა ჩუენთა აღვიმაღლებთ ამპარტავნებითა, ზუარობითა და თავჴედობითა. მეუფე იგი მეუფეთაჲ არასადა იქადოდა, და ჩუენ, პურის-მთ\ხოველნი, საქადულითა სავსე ვართ. რომელი ღმერთი არს, არა მაღლოოდა, და ჩუენ, მონანი ცოდვისანი, დიდად ვმაღლოვით. რომელი-იგი დიდ არს, არა ზუაობდა, და ჩუენ, არარანი ესე, დიდად ვზუაობთ. რომელი-იგი ცხოველ არს, არა იქადოდა, და ჩუენ, მკუდართა, სილაღე შეგჳმოსიეს. ყოვლითა სახითა ემსგავსა დამბადებელი ღმერთი დაბადებულთა თჳსთა. ყოვლითა მიზეზითა ეჩუენა ღმერთი კაცთა და სახჱ მისცა ესე. რამეთუ მათ დაწყევეს, ხოლო მან აკურთხნა; მათ მოიძულეს, ხოლო მან შეიყუარნა; განდევნეს იგი, ხოლო მან განდევნნა სალმობანი და ვნებანი მათნი; განაძეს იგი ქუეყანით მათით., ხოლო მან განასხნა მათგან სულნი უკეთურნი; განსაჯნა იგინი სამართლით, ხოლო მათ უმსჯავროდ დასაჯეს იგი სიკუდილად; ეტყოდა მათ ჭეშმარიტსა, ხოლო იგინი ზაკუვასა ზრახვიდეს მისთჳს. ძელსა ზედა აღამაღლეს და მართალი იგი ძჳრის-მოქმედთა თანა შეჰრაცხეს. ესე ყოველი ჩუენთჳს თავს-იდვა და შეიწყნარა, რაჲთა ჩუენ სახე იგი მისი მოვიღოთ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ სიმდაბლესა ეწყვების ამპარტავნებაჲ, და თავი თჳსი სახედ მისცა, ძლევაჲ გუასწავა ამპარტავნებისაჲ.

ჵ, ჭეშმარიტისა მეტყუელნო, უკუეთუ მოგიძულონ შენ მტყუვართა, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ მტყუვართა ფრიად სძულს ჭეშმარიტისა მეტყუელი. ჵ, კეთილის მოქმედო, უკუეთუ მოგაგონ შენ უკუეთურთა ბოროტი კეთილისა წილ, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ უფალსაცა შენსა ეგრეთვე კეთილისა წილ ბოროტი მიაგეს ჰურიათა. ნაცვალად მანანაჲსა ნავღელი და ძმარი ასუეს მას. მწყერ-მარჴილი მოსცა მათ ზღჳთ, და წყალიღა ითხოვა, არა ასუეს მას. ზღუაჲ განუპო და განიყვანნა იგინი, და ნაცვალად მისა გუერდი განუპეს ლახურითა. კლდე განჴურიტა და წყალი მოსცა მათ უდაბნოსა ზედა, ხოლო მას სამსჭულითა განუჴურიტნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი. ღმერთმან შენმან აკურთხნა ებრაელნი, ხოლო მათ გინებაჲ მიაგეს; ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა წმიდასა, რომელმან-იგი ნერწყჳთა შობითგან ბრმასა თუალნი აღუხილნა. სენთა მათთა უძლურებანი განკურნა, და ტანჯვაჲ მიაგეს მას. სიტყჳთა ვნებანი მათნი განდევნნა, ხოლო მათ სახელ-სდვეს მგმობარ. განამტკიცნა ასონი მათნი დაჴსნილნი, ხოლო მათ ასონი მისნი ძელსა განსხირპნეს, და გუამი მისი მღჳმესა დადვეს და დაჰბეჭდეს კარსა მის(ს)ა.

აწ უკუეთუ შურმან და ჴდო[მა]მან ხესა ესრეთ უყო, შენ ღრუსა და ფატარსა რავდენ უფროჲს? შურმან მოკლა საყუარელი, ხოლო შენ, თიჴაჲ, ვერ-მე მოგკლასა? შურმან განაძო მაცხოვარი, ხოლო შენ მოკუდავი არა-მე განგაძოსა? ჵ, მყუდროვო, ივლტოდე და დაიმალე ზღუდესა შინა სიმდაბლისასა. ჵ, მოწყალეო, დაიმარხე მტკიცედ სახე მოძღურისა შენისაჲ, რომელი ისწავე. არა უკუე უფალი ჩუენი დამდაბლდაა და დაემორჩილნეს მას ძლიერნი? მოიდრიკა თავი თჳსი სიმდაბლით და დაემორჩილა ამპარტავნებაჲ სიმდაბლესა. ვინ უკუე დაიჯეროს შენი, ვითარმედ მოწაფე ხარ ქრისტესი, რამეთუ მან დიდებულმან სიმდაბლე შეიმოსა და შენ, მტუერი და ნაცარი, ესრეთ ჰმაღლოვი. უკუეთუ მან შეგიყუარა შენ, რაჲსათჳს გძულს ძმაჲ შენი? ამით უკუე საცნაურ არიან მოწაფენი მისნი, უკუეთუ იყუარებოდინ ურთიერთას. სიყუარულით ზრახვიდეს მოციქულნი, და სრულნი სიმდაბლითა და მშჳდობითა მძლე ექმნეს მართალნი და დაწყნარებითა მყუდრონი და მდუმარენი. ცეცხლი რაჟამს აღატყდის, წყლითა დაივსის, და რისხვაჲ დუმილითა დაწყნარდის. შური სიყუარულითა იძლიის, და გულის წყრომაჲ - კეთილისა სიტყჳთა. ტყუვილი და შფოთი იძლევიან დუმილითა, და რისხვაჲ და ღაღადებაჲ - დაწყნარებითა და მყუდროებითა. ცილობაჲ და ურჩებაჲ მორჩილებითა განეგების.

შენ მარადის საღმრთოთა წიგნთა იკითხავ, და სიმდაბლესა ღმრთისასა არა ემსგავსები. შენ მოწაფე ხარ ამის მოძღუარისაჲ, და მყის განურისხნი ძმასა შენსა, შენ შვილი ხარ და სახლეული ამის ღმრთისაჲ, და აღეტყინის შენ შორის მჴურვალებაჲ გულის წყრომისაჲ. ღმერთი შენი სახიერი და მდაბალი იგუემა და არა განრისხნა, და შენ, რომელი-ეგე კუამლი ხარ, სიტყჳთა აღეგზნები. ოდეს იხილო ძმაჲ შენი განრისხებულად, დაასხ მას ზედა წყალი იგი სიყუარულისაჲ, რაჲთა დაწრიტო მჴურვალებაჲ იგი გულის წყრომისა მისისაჲ. ოდეს იხილო ფერი პირისა მისისაჲ ცვალებულად, აჩუენე მას კეთილისა ზრახებაჲ შენი. ოდეს იხილო იგი აღშფოთებულად, მხიარულითა პირითა დააწყნარე იგი. ოდეს იხილო იგი განძჳნებულად ვითარცა ღელვანი ზღჳსანი, ექმენ მას ვითარცა ნავთ საყუდელი მყუდროჲ.

რომლისა გულსა დანერგულ არს ძჳრის სიტყუაჲ და სიძულვილი ყოველი, კეთილისა საქმე მისი აუგიან და შეურაცხ არს წინაშე ღმრთისა.  [მ]მარხველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი მეძავი არს წინაშე ღმრთისა. წმიდაჲ კაცი, რომელი ავნებდეს მოყუასსა, მემრუშეთა თანა შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა. ქალწული, რომლისა თანა სიყუარული არა არს, ეშმაკთათჳს იცავს თავსა თჳსსა. მღჳძარე, მოშურნე და შფოთის მოყუარე ეშმაკთა მსგავს არს უძილობითა და მათ თანა დაისაჯოს. რომელმან ჯუარს-აცუა თავი თჳსი შრომითა და სიწმიდითა, და სნეულ არს იგი შურითა, ნარჩევ და აუგიან არს იგი წინაშე ღმრთისა. რომლისა საქმენი კეთილ არიან და არა მოუდრეკს თავსა სიმდაბლით ძმათა, შეკრულ არს იგი მარცხენით კერძო და ვერ აგრძნობს ამპარტავანებითა. რომელი ახოვან იქმნა ბრძოლასა შინა და უდებ ყვნა უძლურნი უდებებითა მისითა, მოინადირონ იგი მტერთა მისთა უგრძნულად. რომელი განგებითა მდიდარ არს და სიყუარულითა გლახაკ, ამპარტავანებაჲ უფლებულ არს მისდა. რომელი განსრულდა და მიიწია და სიქადული ეუფლა, მყის დაეცეს იგი ქებათა მიერ სიკეთისა მისისაგან შუენიერისა და სრულისა.

რომელმან აღაშენა და განასრულა, და სხუათა განიკითხვიდა, უგრძნულად დაეცეს ნაშენები მისი, რამეთუ ქჳშასა ზედა დადვა საფუძველი მისი. რომელი საჩინოდ მდაბალ არს და ენასა არა აღჳრ-ასხნა, საბრჴე დაერწყუას ბნელსა და მოინადიროს იგი შუადღე. რომელი ჭამს თესლსა, ნუ სთესავნ იგი სიტყუათა ზაკუვისათა. რომელი ძაძითა იმოსებინ, აღშფოთებულთა დააწყნარებდინ. რომელსა დაყუდებაჲ აღურჩევიეს, ეკრძალენ იგი ენასა და მუცელსა თჳსსა. რომელსა თჳსნი საქმენი განუგიან, ნუმცა შინა-განმხედველ არს იგი სხჳსა საქმეთა. რომელსა სწავლაჲ მოუგიეს, ეკრძალენ, რაჲთა არა დაეცეს სიტყჳთა. რომელი უცალო არს წიგნის წერასა, ნუმცა უცალო იქმნების გონებაჲ მისი ზუაობითა. რომლისანი სიტყუანი ლბილ არიან, განეშორენ იგი ამპარტავანებასა.

უფროჲსმან შეურაცხ-ყვის უმცირესი, და მიდრიკის, რომელი არა ჯერ-არნ. მოძღუარმან თუ უდებ-ყოს მოწაფე თჳსი, ვერ ისწაოს წესი მისი, რომელსა ეშინის დაფარულთაგან, ნუ მოიგებნ აუგთა დაფარულთა. რომელი წერილთა მოძღურობს, ნუმცა ურჩ არს იგი წერილთა სიტყუასა. რომელი შჯულსა ზრახავს, დაუდევინ შჯული თავსა თჳსსა. გზაჲ განუქმნიეს წინაჲსწარმეტყუელთა, შენ თავით თჳსით ნუ იქმ გზასა სხუასა; მოციქულთა განუგიეს და განუწმედიეს ეკლისაგან და ქვისა, და შენ უგზოსა ნუ შესცთები, რაჲთა არა დაჰბრკოლდე და დაეცე. წიგნთა იკითხევდ, და მათგან ისწაო სიმდაბლე. მიეც გონებაჲ შენი და გულისჴმა-ყავ, რომელსა იკითხვიდე. და ნუგეშინის-გეცეს და განდევნოს შენგან ცუდი დიდებაჲ, სიქადული და ზუაობაჲ. ღმერთმან წინაჲსწარმეტყუელთამან გაუწყოს შენ, რავდენნი პირველთაგანნი შეაგინნა ამპარტავანებამან და დასცნა იგინი.

მიჰხედე იუდას და გეშინოდეს შენცა, და ნუ ზაკუვით შინა-განსცემ მოყუასსა. საულისგან ისწავე, და ნუ შურით ავნებ მოყუასსა. იხილე ბოროტად სიკუდილი სამიაჲსი, და დაიცევ პირი შენი გინებისაგან. დაიცევ თავი შენი და ენაჲ შენი შურისაგან და შესმენისა. მოიჴსენენ ქალდეველნი იგი შემასმენელნი სამთა ყრმათანი, ვითარ-იგი ცეცხლმან შეჭამნა. ნუმცა დაიწუები შენ ენისა მიერ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა დაუწყევიეს ენაჲ ორისა მეტყუელი.

სხუაჲ იტყჳს - აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი, და იოვანე თქუა: "რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს" (მათე 23.12). ამპარტავანებამან წარწყმიდნა ძლიერნი და უძლურთა შეიმოსეს ძალი. მაცილობელნი დაეცნეს თავჴედობითა, და მდაბალნი ამაღლდეს მყუდროებითა. მჴნენი დაეცნეს თავჴედებითა და ამპარტავანებითა, და დაშნნი მძლედ გამოჩნდეს სიმდაბლითა, ვითარცა გოლიად და დავით მეზუერენი. ქედ-ფიცხელობამან წარწყმიდნა ფარაო, ქედ-ფიცხელობითა მოკუდა, და სენაქირემ გმობითა დაეცა სხუათა მათ თანა ბევრეულთა. ამპარტავანებასა ურიცხუნი წარუწყმედიან და სიმდაბლესა ურიცხუნი დაუცვან ბოროტისაგან.

აწ უკუეთუ სიკუდილი მათი ჩუენ თანა საქებელ არს, აუგნი მოიპოვენ, და უკუეთუ საგმობელ არს, განეშორე და სიმდაბლე მოიპოვე, რომლისა მიერ ღირს მყვენინ ყოველნი ქრისტემან ერთობით მარჯუენეთა მისთა თანა დღესა მას გან\კითხვისასა, რაჲთა ვადიდებდეთ მას თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს

გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჲთა იქცეოდით წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა უბიწოდ და შეუგინებლად, და ოდეს მოგიჴდენ თქუენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, იხილეთ და იჴადეთ მახჳლი შიშისა ღმრთისაჲ და მით განკუეთეთ ყოველი ძალი მტერისაჲ. და გაქუნდედ საღმრთონი წიგნნი ვითარცა დაფი მჴედართაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი რაჟამს დაფსა დასციან, მუნთქუესვე მჴედარნი შეკრბიან; ეგრჱთვე ჩუენ, რაჟამს საღმრთოთა წიგნთა ვიკითხვიდეთ, შემოკრბენ გულის-სიტყუანი ჩუენნი შიშსა შინა ღმრთისასა, რამეთუ გულის-სიტყუანი ჩუენნი, ვითარცა მჴედარნი რაჲ ჰბრძვანედ მტერთა მეფისათა, ეგრჱთ ჰბრძვანან მტერსა ჩუენსა.

ჰე ძმაო, მოსწრაფე იყავ ყოვლითა გულითა შენითა კითხვად წიგნთა საღმრთოთა და იძულებად თავსა შენსა ყოველსა ჟამსა, რაჲთა შემოკრბენ გულის-სიტყუანი შენნი, რომელნი განუბნევიან მტერსა ვერაგობისა მისისა ღონის ძიებითა, რაჟამს-იგი მოაწინეს შენ ზედა გულის-სიტყუანი ბოროტნი, გინა გულის-თქუმაჲ ბოროტი, გინა მწუხარებაჲ, გინა საშუებელთა ფართოებაჲ. და ამას ყოველსა იქმს მტერი ზაკულებით, რაჲთამცა განაშორა კაცი ღმრთისაგან, რამეთუ რაჟამს ვერ შემძლებელ ექმნის კაცსა ძლევად, გულის-სიტყჳთა მოაწინის მწუხარებანი, რაჲთა დააბნიოს გონებაჲ მისი და მით შემძლებელ ექმნეს დათესვად, რაჲ-იგი უნდეს მას შინა.

ამისთჳს საყუარელნო, მღჳძარე და მოსწრაფე იყვენით საღმრთოთა წიგნთა კითხვად და მათ გასწაონ შენ, ვითარ ჯერ-არს განრომაჲ საფრჴეთა მტერისათა, და მიგიყვანონ საუკუნესა მას ცხორებასა. რამეთუ კითხვაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ შეჰკრებს გონებასა განბნეულსა და მოატყუებს ცნობასა ღმრთისასა, ვითარცა წერილ არს: "მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი".

იხილე, ძმაო, რაჟამს იკითხვიდე, ეკრძალე, რაჲთა არა დაგაბრკოლოს მტერმან და მოაწის შენ ზედა მოწყინებაჲ და მიზეზნი და გრქუას შენ: ქმენ ესე ხოლო, და მერმე დაჯედ და უზრუნველად იკითხევდი. და დაგიტკბობდეს საქმესა, რაჲთამცა მოგაცთუნა წიგნის კითხვისაგან, და არა სარგებელ იყავ, რამეთუ რაჟამს იხილის ვინმე წიგნის კითხვასა მოსწრაფედ სარგებელისათჳს, ამით ესევითარითა მიზეზითა დააბრკოლის იგი წიგნის კითხვასა, არამედ შენ, ვინაჲთგან გიცნობიეს ნებაჲ მისი ბოროტი, ნუ დაჰმორჩილდები მას, არამედ იყავნ შენ ვითარცა ირემი წყურიელი. და ვითარცა-იგი მას სურინ, გსუროდენ შენცა საღმრთოთა მიმართ წიგნთა, რაჲთა სუა მათგან და განიგრილო წყურილი იგი, რომელი ეგზების შენ თანა ვნებათა მიერ. და ოდეს იკითხვიდე და მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ, რომელსა-იგი იკითხვიდე, დაისწავე იგი გონებასა შენსა და დაიწერე გულსა შინა შენსა და დაჰმარხე საცნობელთა შინა შენთა დაუვიწყებელად.

და რაჟამს იკითხვიდე, მოსწრაფედ და გულს-მოდგინედ იკითხევდი, გაგონებით, და ნუ ისწრაფი ფურცელთა გარდაყრასა. და უკუეთუ ვერ გულისჴმა-ჰყო სიტყუაჲ რაჲმე, ნუ გცონინ კუალად ქცევად მეორედ და მესამედ, ვიდრემდის სცნა ძალი მისი. და რაჟამს დასჯდებოდი კითხვად, გინა სხჳსა კითხვასა ისმენდე, ილოცე და ითხოე ღმრთისაგან და თქუ: უფალო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, განახუენ ყურნი გონებისა ჩემისანი, რაჲთა ვისმინნე სიტყუანი შენნი და გულისჴმა-ვყუნე, და მათ მიერ ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ უცხო ვარ მე ქუეყანასა ზედა, ნუ დამირწყავ მე მცნებათა შენთა, არამედ აღახუენ თუალნი ჩემნი, რაჲთა ვხედვიდე მე საკჳრველებათა რჩულისა შენისათა, გულისჴმა-მიყავ და გამოვიძინე დაფარულნი სიბრძნისა შენისანი, რამეთუ მე შენ გესავ.

ჰე ძმაო, გევედრები, რაჲთა ესრეთ ილოცვიდე წინაშე ღმრთისა, რაჲთა განგინათლოს გონებაჲ შენი და გულისჴმა-გიყუნეს ძალნი სიტყუათა მისთანი, რამეთუ მრავალნი მიენდვნეს სიბრძნესა თჳსსა და გონიერად ჰგონებდეს თავთა თჳსთა, და განცოფნეს და ვერ გულისჴმა-ყვეს წერილისაჲ, და დაეცნეს და შთაცჳვეს მთხრებლსა გმობისასა და წარწყმდეს.

და ოდეს იკითხვიდე, უკუეთუ მიემთხჳო სიტყუასა ღრმასა და ძნიად საცნობელსა, ეკრძალე, ნუუკუე გაცთუნოს მტერმან სთქუა თავით თჳსით, თუ: ვითარ ეგების ესე ესრეთ ყოფად? არამედ უკუეთუ გრწამს ღმერთი, გრწმენედ სიტყუანიცა მისნი და არქუ მაცთურსა: მართლ უკუნ იქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ სიტყუანი ღმრთისანი უბიწო არიან, ვითარცა ვეცხლი გამოჴურვებული და გამოცდილი, და არარაჲ ზაკუვაჲ არს მათ შინა; და მეცნიერებაჲ მისი არს მოძღუართა გამოცდილთაჲ, ხოლო მე უცებ და უგულისჴმო ვარ. და სიტყუაჲ ღმრთისაჲ სულიერ არს და მე ჴორციელ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "სჯული ღმრთისაჲ სულიერ არს" (რომ. 7.14). და კუალად აღიხილენ ზეცად და თქუ: უფალო, მრწმანან მე სიტყუანი შენნი და არა უვარ ვჰყოფ, და მინდობილ ვარ თქუმულთა სულისა წმიდისათა. და შენ, უფალო, მაცხოვნე მე, რაჲთა ვპოვო მადლი შენი, რამეთუ არარას სხუასა ვეძიებ თჳნიერ მაცხოვარებისა შენისა და წყალობისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა.

ჯერ-არს ჩუენდა, ძმანო ჩემნო, რაჲთა მოვიგოთ საღმრთოჲ იგი წამალი, რომლითა შემძლებელ ვიქმნეთ განკურნებად სულთა ჩუენთა წყლულებასა, რომელი-იგი არს კითხვაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ, და მით დავშრიტნეთ განჴურვებულნი იგი ისარნი მტერისანი. რამეთუ ვერვინ კაცთაგანი შემძლებელ არს განრინებად თჳნიერ კითხვისა წიგნთა საღმრთოთაჲსა. და ნეტარ თუ ოდესღა მოსწრაფედ ვიკითხვიდეთ, შეუძლოთ განრინებად, აცადე, თუ რაჟამს ყოველთა დღეთა მოვიწყლვოდით და არა ვიკურნებოდით, ვითარ-მე გესვიდეთ განრომასა.

ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა მოვიგნეთ წიგნნი საღმრთონი და მათ მიერ გარე-წარვაქცინეთ ჩუენგან წყულულებანი იგი სასიკუდინელნი. არა მოვიგოთ ოქროჲ მავნებელი, არამედ წიგნნი მარგებელნი სულთა ჩუენთანი. რამეთუ ოქროჲ, რავდენცა განმრავლდის, მავნებელ ექმნის მომგებელსა მის(ს)ა, ხოლო წიგნნი ფრიად სარგებელ არიან მომგებელთათჳს, ვითარცა-იგი საჭურველი მეფისაჲ, რომელსა ადგილსა ძენ, ვერვინ ძჳრის მოქმედმან იკადრის მიახლებად მისა, ეგრეცა სადა სულიერნი წიგნნი არიან, მუნ ძალი ეშმაკისაჲ მოუძლურდების, რამეთუ მოხედვაჲცა ერთი წიგნთა საღმრთოთაჲ დამაყენებს ჩუენ ცოდვისაგან. და უკუეთუ კადნიერ ვიქმნეთ ჩუენ საქმედ რომლისამე ცოდვისა, რაჟამს წიგნნი ვიხილნეთ, განვიკითხავთ თავთა თჳსთა და დავეყენებით მერმე არა საქმედ უჯეროსა. და უკუეთუ კუალად კეთილსა ვიქმოდით, უფროჲსღა შეგუემატების მათ მიერ ძალი და კრძალვაჲ, რამეთუ რომელსა ჟამსა ჴელი მიყოს კაცმან სახარებასა, გინა სხუასა წიგნსა სულიერებისასა, მუნთქუესვე ექცევის გონებაჲ მისი ქუეყანისა საქმეთაგან საქმედ საუკუნოჲსა. და რავდენცა იკითხვიდეს, შეემატების სიწმიდესა და სარგებელსა სულისასა, რამეთუ ღმერთსა ზრახავს წიგნთა მიერ და ღმერთი მას ეგრეთვე. უკუეთუ გუნებავს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, თავთა ჩუენთა განრინებაჲ და აღდგინებაჲ დაცემათაგან, უკუე მოსწრაფე ვიყუნეთ წიგნთა კითხვად სულიერთა, რამეთუ იგი უმჯობეს და უსარგებლეს არს ჩუენდა ჭამასა მავნებელთა საჭმელთასა, რომელ არს ცუდის მეტყუელებაჲ და უბანთა ზედა ზღაპრობად შეკრებასა, რომელსა შინა სარგებელი არაჲ არს.

მითხარ-ღა, რომელი უმჯობეს არს შენ თანა, რაჲთა ზრახვიდეს მას კაცი, რომელი-იგი სავაჭროს იქმნების გინა ბჭესა მას თანა, რომელი იზრახების, გინა ლაშქართა შინა იყოფების, კეთილი გინა ბოროტი, ანუ მას რომელი ცათა შინა არს და სადა-იგი მიმავალ ვართ შემდგომად განსლვისა ჩუენისა ამიერ სოფლით. რომელი უმჯობეს არს, რაჲთა ზრახვიდეს კაცი საქმეთა მოძმისა თჳსისათა და გამოეძიებდეს საქმესა კაცთასა, ანუ ზრახვიდეს საქმესა ანგელოზთასა და სულისა თჳსისასა, რამეთუ საქმისათჳს მოძმისა შენისა არარაჲ თანა-გაც შენ, ხოლო საქმე ზეცისაჲ შენი არს, რამეთუ მუნ მიმავალ ხარ. ამისთჳს წმიდა-ყავ სული შენი და ჴორცნი შენნი და გონებაჲ შენი და ენაჲ შენი კითხვად წიგნთა, რამეთუ უკუეთუ ძჳრის სიტყუაჲ შეაგინებს კაცსა და განძლიერდებიან მის ზედა ეშმაკნი, რავდენ უფროჲს კითხვაჲ წიგნთა სულიერთაჲ განწმედს და მომატყუებს ჩუენ სულსა წმიდასა საუკუნოდ.

იხილე, ძმაო, წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ჯერ-იყო ჩუენი პატიჟსა ქუეშე ყოფაჲ, ვინაჲთგან მოგუცა ჩუენ სჯული და მოგუმადლნა ჩუენ ფრიადნი საშუებელნი, და ესე ჩუენ უგულებელს ვყავთ და თავით ჩუენით მოვიგეთ განგებაჲ მსგავსად ნებისა ჩუენისა ბოროტისა, და არა მოგუაგო ჩუენ ბოროტი, არამედ კუალად მოგუცნა ჩუენ კეთილნი და საშუებელნი, რომელთა არა ღირს ვიყვენით. დაღაცათუმცა ნებაჲ მისი ყოველი აღგუესრულა და ამისა შემდგომად მომცა ჩუენ წამალი სინანულითა, რომლითა შემძლებელ ვართ აჴოცად ყოველთა ცოდვათა ჩუენთა. აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა ცნობად წამალი ესე და რომელთაგან ნივთთა იქმნების.

პირველი საქმე სინანულისაჲ არს დაცადებაჲ ბოროტთაგან და სინანული მათთჳს, რომელ ვქმნენით ბოროტნი, და მეორე - სიმდაბლე ფრიადი, და მისა შემდგომად - ლოცვაჲ წმიდითა გულითა და ტირილი ღამე და დღე, და შემდგომად მოწყალებაჲ და ქველის საქმე უდიდესი ნივთი არს სინანულსა შინა, და ამისა შემდგომად - ძჳრ-უჴსენებელობაჲ და უშფოთველობაჲ და მორჩილობაჲ და მოსწრაფედ სლვაჲ გზასა ჭეშმარიტებისასა და პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ და მიხედვაჲ მიმძლავრებულთაჲ და მოთმინებაჲ მომავალთა მწუხარებათა და განსაცდელთაჲ, დაუცადებელად მადლობაჲ სამებისა წმიდისაჲ. უკუეთუმცა მარადის და ყოველსა ჟამსა ვიჴსენებდით ცოდვათა ჩუენთა გონებათა შინა ჩუენთა, არარამანმცა საქმემან ამის სოფლისაგან შემიძლო ჩუენ მიდრეკად მისა მიმართ, არცა ამპარტავანებამან და არცა სიმდიდრემან, ვერცა ჴელმწიფობამან, და არცა პატივმან. დაღაცათუმცა ვინმე დაჯდა საყდართა სამეუფოთა, არა განეძების მწუხარებაჲ, ვიდრემდის ცოდვანი თჳსნი ეჴსენნენ. რომელი ინანდეს, არა ჯერ-არს მისა აღშფოთებაჲ და არცა განრისხებაჲ ყოლადვე, არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა იყოს იგი შემუსრვილ გულითა ყოლადვე და მდაბალ სულითა და ესრეთ ითხოვდეს წყალობასა ღმრთისაგან, და ეჴსენოს უმადლოებაჲ იგი პირველი, რომელი წარიძღუანა და მადლი ღმრთისაჲ მის ზედა და ვითარმედ ღირს არს იგი ყოველთა სატანჯველთა, რომელი ამას იგონებდეს.

არა ჯერ-არს მისდა განისხებაჲ ვისთჳსვე, არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა იგლოვდეს და ტიროდის და სულთ-ითქუმოდის და მწუხარე იყოს ყოლადვე დღე და ღამე. რომელსა ჰნებავს სინანული ცოდვათა თჳსთათჳს, არა უღირს დავიწყებად ცოდვაჲ თჳსი, არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა ყოველსა ჟამსა გამოიწერდეს წინაშე თუალთა მისთა და ევედრებოდის ღმერთსა, რაჲთა მან დაივიწყნეს იგინი და შეუნდვნეს მას, რამეთუ ვიდრემდის კაცსა ეჴსენნენ ცოდვანი თჳსნი და ინანდეს მათთჳს, ღმერთი არა მოიჴსენებს მათ.

აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა თჳთ განვიკითხვიდეთ თავთა ჩუენთა და ესრეთ მომიტევნეს ჩუენ ღმერთმან იგინი. რამეთუ ცოდვანი, რავდენცა აღიარნეს კაცმან, მოაკლდების; თუ არა აღიარნეს, შეემატების ბოროტთა. რამეთუ რომელმან აღიარნეს ცოდვანი თჳსნი, ვითარ დაიცვას თავი თჳსი, რაჲთა კუალად არღარა ცოდოს. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჲთა არა უარ-ვყვნეთ და დავფარნეთ ცოდვანი ჩუენნი და არცა კადნიერ ვიქმნეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არა შემიმატნეს ჩუენ სატანჯველნი. არამედ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი არა ხოლო თუ ენითა, არამედ გონებითაცა, და არა ხოლო თუ ცუდად თავთა თჳსთა ცოდვილად სახელ-ვიდებდეთ სიტყჳთა, არამედ გონებითა ვიგონებდეთ მრავალ-ფერთა ცოდვათა ჩუენთა. არა თუ ესრეთ გეტყჳ, რაჲთამცა ყოველსა კრებულსა გამოუცხადენ ცოდვანი შენნი, არამედ ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელი იტყჳს: "ვთქუ, უთხრა ბრალი ჩემი უფალსა" (ფსალმ. 31.5). ყოველთა ლოცვათა შინა შენთა წინაშე ღმრთისა მოიჴსენებდი ცოდვათა შენთა და მან დაამდაბლოს გული შენი და გყოს შენ რაჲთა არა ვისთჳს ძჳრი იჴსენო და არცა ვის განიკითხავდე, და არცა ვის ზედა აღზუავნე, და არცა და-ღა-ეცე მერმე ცოდვითა. და სინანულისათჳს მოსწრაფე იყო და კეთილსა იქმოდი ყოვლითა ძალითა შენითა.

ამას ყოველსა მიიწიო, უკუეთუ ცოდვათა იჴსენებდე. და ესე უწყოდე, ძმაო, რამეთუ არა ვინაჲ არს კაცისა ჴსნაჲ თჳნიერ ღმრთისა წყალობისა, და ესე ჴელსა შენსა შინა არს, თუ ინებო, და ნუ უდებ იქმნები მისთჳს. არამედ განწმიდენ საქმენი შენნი წინაშე ღმრთისა და ნუ რაჲთ ცოდვითა შეიგინები. და უკუეთუ შეგემთხჳოს შეგინებაჲ, ნუ უდებ ხარ, არამედ განწმიდენ სინანულითა, ცრემლითა და ლოცვითა და ქველის საქმითა, და ნუ ჰმიზეზობ და იტყჳ, ვითარმედ: არაჲ მაქუს მიცემად გლახაკთა. არა დაგაკლდების შენ სასუმელი ერთი წყალი გრილი და არცა ორნი მწულილნი. დაღაცათუ ყოველთა კაცთა უგლახაკეს ხარ, ფერხნი გასხენ, იკითხევდ გლახაკთა და სნეულთა და პყრობილთა, მივედ და მოითუალენ. და სახლი გედგას, უცხონი შეიყვანენ მას შინა და უწყოდე, რამეთუ არავის კაცთაგანსა ეპოების მიზეზი გლახაკთა წყალობისათჳს, უკუეთუ ხოლო გულს-მოდგინებაჲ აქუნდეს. თუ სხუაჲ არაჲ აქუნდეს მიცემად, გონებითა ოდენ სწყალობდინ, და შეწირულ არს მისგან. ვინ სანატრელ არიან თჳნიერ იგინი, რომელნი ღირს იქმნეს საშუებელთა მათ საუკუნეთა. და კუალად ვაებაჲ ვისდა ჯერ-არს მიცემად, არამედ მათდა, რომელნი დაკლებულ იქმნენ მისგან.

უკუეთუ კაცი საწყალ და გულის საკლებელ არს, რაჟამს ექსორია იქმნის უცხოსა ქუეყანასა და განიძის სამკჳდრებელისაგან მამულისა, რავდენ უკუე უფროჲს ჯერ-არს გლოვაჲ მათთჳს, რომელნი განისხნენ სასუფევლისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან საუკუნეთა, ხოლო არა თუ იგინი სატირელ არიან, არამედ რომელნი განსაცდელსა შეცჳვენ, და არა იგინი იყვნენ მიზეზნი გნსაცდელისანი, ხოლო რომელთა თავნი თჳსნი შესთხინეს ბოროტის ნებითა თჳსითა, მათი ჯერ-არს გლოვაჲ ცთომასა მათსა ზედა.

უკუეთუ კაცი შუებული და ნუკვეული საპყრობილესა-ღა შეაყენიან, უმძიმეს სიკუდილისა არნ იგი და მის ზედა მწინკულევანებისაგან საპყრობილისა და სიბნელისა და ყოფისა მისისათჳს კაცის-მკლველთა და მპარავთა თანა. ხოლო ჩუენ რაჲმე ვყოთ, ოდეს-იგი შევითხინეთ ჯოჯოხეთს შინა და დავიწუებოდით კაცის-მკლველთა და მპარავთა თანა ამის სოფლისათა ბნელსა მას შინა გარესკნელისასა, სადა-იგი ვერცა ჩუენ ვხედვიდეთ და ვერცა ვინ გხუედვიდეს ჩუენ სხუაჲ და თჳთეულსა ჩუენსა გუეგონოს, ვითარმედ მარტოჲ შეყენებულ არს მუნ შინა მწარეთა მათ სატანჯველთა? ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა იყოს მარადის ჴსენებაჲ ჩუენი ამისთჳს და მსგავსისა მისისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. და რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა შევწუხნეთ სმენითა ამისითა და არა შევრდომითა, რამეთუ თჳნიერ ყოვლისა ეჭჳსა ესე ყოფად არს.

და ყოველმან რომელმან ქმნეს ბოროტი და არა შეინანოს აქავე, მუნ ვერვინ შემძლებელ არს განრინებად მისა სატანჯველთა მათგან საუკუნეთა, არცა მამაჲ, არცა დედაჲ, არცა ძმანი და არცაღა უკუეთუ ვინმე ესხნენ მას ცათა შინა წინაშე ღმთისა შემწენი კადნიერნი, არავე სარგებელ ეყვნენ მას ჟამსა მას მიგებისასა, რამეთუ მაშინ ღმერთმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ კეთილი და ბოროტი. ვითარცა რაჟამს აღმობრწყინდის მცხინვარებაჲ მზისაჲ, ყოველნი მჴეცნი წარივლტიედ საყოფლად თჳსა, ეგრეთვე რაჟამს გამობრწყინდის ლოცვაჲ წმიდაჲ კაცისა გონებასა და პირისაგან განათლდის გონებაჲ კაცისაჲ და წარივლტიედ მისგან ყოველნი მჴეცნი ბოროტთა გულის-სიტყუათანი. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა იყოს ლოცვაჲ იგი წმიდითა გონებითა და მღჳძარითა სულითა და ვერარაჲ დამდგომ არს წინაშე მისა, ვერცა ეშმაკი და ვერცა გულის-სიტყუანი ბოროტნი. ვითარცა-იგი წმიდათა მოწამეთა სულნი მათნი წარუდგინნეს მსხუერპლად ღმერთსა გუამთა მათთა თანა, ეგრეთვე, ძმაო, შენცა შემძლებელ ხარ ეგევითარსა მსხუერპლსა წარდგინებად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რავდენცა დღეს არღარავინ არს, რომელმანმცა წამებისათჳს დაწუნა ჴორცნი შენნი ცეცხლითა, არამედ შემძლებელ ხარ შენ დაწუვად მათდა იწროებითა და მწუხარებითა და ნებსით ღმრთისათჳს სიგლახაკითა.

რამეთუ ყოველი რომელი შემძლებელ იყოს ამას სოფელსა საშუებელთა და განსუენებათა, და ნებსით აღირჩიოს მწუხარებაჲ და იწროებაჲ ნაცვალად მისა, იგი არს, რომელი შესწირავს მსხუერპლსა უბიწოსა წინაშე ღმრთისა, ვითარცა წმიდანი მოწამენი. აწ უკუე მოაკუდინე თავი შენი, ძმაო, და ჯუარს-აცუ იგი შრომითა, და მიიღო შენცა გჳრგჳნი წმიდათა მოწამეთაჲ, რამეთუ რომელსა-იგი მძლავრნი მახჳლითა მოსწყუედდეს და იწამნეს, ხოლო შენ ნებსით თავი შენი მოსწყჳდე იწროებითა. და ესე არს მსხუერპლი უბიწოჲ, რომელსა არა უჴმს მღდელი შეწირვად, რამეთუ რომელი ამას ქუეყანასა ზედა იქმს, იგი ცათა შინა ამაღლდების.

ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვზრუნვიდეთ მშჳდობისათჳს სულთა ჩუენთაჲსა და ვისწრაფოთ კურნებად წყლულებათა ჩუენთა სულიერთა, ვითარ-ესე მოსწრაფე ვართ კურნებად ჴორცთა ჩუენთა, რამეთუ წამალი საკურნებელი სულისაჲ ფრიად უადვილეს და უმარჯუე არს წამალსა ჴორცთა წყლულებისასა, რამეთუ ყოველსა რომელსა ევნების რომელიმე წყლულებაჲ სულისაჲ, რაჟამს-იგი გულისჴმა-ყვნეს საქმენი თჳსნი და მოიჴსენოს დღე იგი განკითხვისაჲ საშინელი და მიდრკეს გონებაჲ მისი შუებათაგან საწუთროთა მწუხარებათა მათ მოწევნადთა ცოდვილთა ზედა, მუნთქუესვე განდევნნეს ვნებანი იგი და განაცხოველოს სული თჳსი ტკივილთაგან. ამისთჳს ნუ უდებ ხარ, საყუარელნო, რამეთუ ჟამი ღუაწლისა და ბრძოლისაჲ არს და უღირს თჳთეულსა ჩუენსა, რაჲთა განმზადებულ იყოს ბრძოლად, რაჲთა განაძლიეროს ღმერთმან მტერსა ზედა სულთა ჩუენთასა და შემძლებელ ვიქმნეთ დათრგუნვად თავსა მის(ს)ა. ვითარცა-იგი ბრძანა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვითარმედ: "აჰა ეგერა მიგეც თქუენ ძალი დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა" (ლუკა 10.19). რომელი-იგი მეცნიერ არს საიდუმლოთა გულისა ჩუენისათა, რაჟამს ცნას, ვითარმედ ყოვლითა გულითა განმზადებულ ვართ ჩუენ ბრძოლად მტერისა ჩუენისა, განჰმარტოს მარჯუენაჲ თჳსი და განმაძლიერნეს ჩუენ და ყოველი საქმე ჩუენი განჰმარჯოს, ვითარცა-იგი შეეწეოდა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ მან უწყის უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და რაჲთა არა მოუძლურდეთ განსაცდელთა შინა, და მწუხარებაჲ არა დამიმძიმდეს ჩუენ და მან ნუგეშინის-მცეს ჩუენ მოცემათა კეთილთა მისთაჲთა.

უკუეთუ გნებავს განკითხვაჲ, მე გიჩუენო განკითხვაჲ, რომელსა შინა არს სარგებელი სულისაჲ და არაჲ სავნებელი. დაჯედ და შეიკრიბენ გულის-სიტყუანი შენნი და მოიჴსენენ ყოველნი ცოდვანი შენნი და მით განიკითხევდ თავსა შენსა და ეტყოდე: რაჲსათჳს ჰქმენ ესე ესრეთ? და უკუეთუ კუალად იგი გამოეძიებდეს საქმესა კაცთასა, არქუ მას: არა სხუათათჳს გკითხავ შენ, შენ რაჲ მოგეჴადების, თუ იგი ვინმე ბოროტ არს, გინა სხუაჲ კეთილ, შენ უკუე რასა შესცოდე და განარისხე ღმერთი, ესე ხოლო მაუწყე, და სხუათა განკითხვაჲ დაუტევე და თავისა ხოლო საქმეთა ზრუნევდი, და ნუ სხუათა განიკითხავ. და ესრეთ ამხილებდი მას დღითი-დღე და სტანჯევდი, ვითარცა მშობელი ცოდვისაჲ, და მოიჴსენებდი მდინარესა მას ცეცხლისასა და მატლსა დაუძინებელსა და მრავალ-ფერთა მათ სატანჯველთა, და ნუ აუფლებ დამორჩილებად ეშმაკთა, და ნუ შეიწყნარებ შენდობასა მისსა, ოდეს წარმდებებით გრქუას შენ, ვითარმედ: იგი თჳთ მოვალს და მაიძულებს და მძლევს მე. ხოლო შენ არქუ მას: უკუეთუ შენ გინდეს, ვერ შემძლებელ არს ძლევად შენდა.

და უკუეთუ კუალად გრქუას შენ, ვითარმედ: მე გუამსა შეერთებულ ვარ და მმოსიან ჴორცნი, და სოფელსა შინა მკჳდრ ვარი და ქუეყანასა ზედა ვიქცევი, და ამის გამო ვერ შემძლებელ ვარი ძლევად მისა, მიუგე და არქუ მას: ესე ყოველი მიზეზი არს-თქუა: იგი ვინმე გუამსა შეერთებულ იყო და ჴორცთა შინა იყო, და ქუეყანასა იქცეოდა და სხუაჲ, და სხუაჲ, და შემძლებელ იქმნეს სათნო ყოფად ღმრთისა. და შენცა თუ სადამე კეთილი ჰქმნი, არა ამითვე ჴორცითა ჰქმნია? და აწ რასა ჰმიზეზობ? და უკუეთუ ეტკივნნენ სიტყუანი შენნი, ნუ სწყალობ მას, რამეთუ არა მოკუდების ამით სწავლითა, არამედ სიკუდილისაგან იჴსნების ჭეშმარიტისა. და უკუეთუ კუალად გრქუას, ვითარმედ: მან ვინმე აღმძრა გულის წყრომად, არქუ მას: შემძლებელ იყავ არა განრისხებად და მრავალ გზის იძლიი გულის წყრომად თავით თჳსით. წინამძღუარი მკურნალი არს სულთაჲ; ვითარცა-იგი მკურნალსა ჴორცთასა უჴმან წამალნი მრავალ-ფერნი თჳთეული(სა) სენისათჳს სხუაჲ და სხუაჲ, ეგრეთვე მკურნალსა სულთასა უჴმან მრავალ-ფერნი წამალნი საკურნებელად სულთა, რამეთუ სული უფროჲს არს ჴორცთა. და არა ყოველი რომელი სახელ-დებულ არს წინამძღურად, იგი არს წინამძღუარი ჭეშმარიტი, რამეთუ მრავალნი იწოდნეს სახელით და ვერ იპოვნეს მსგავსად სახელისა მათისა. აჰა ესერა ხედავთ: რომელსამე კაცთაგანსა პეტრე ჰრქჳან, და რომელსამე - პავლე და იოვანე, და არა არიან იგინი ვითარცა პეტრე და პავლე და იოვანე სახელის-დებითა ხოლო, ვითარცა-ესე მე იოვანე მრქჳან და არა ვარ ვითარცა იოვანე. ეგრთვე ყოველმან რომელმან ვერ იცის წინამძღურობაჲ სულთაჲ, არა არს იგი წინამძღუარ. ჯერ-უკუე-არს მისდა, რომელი წანამძღურად წოდებულ იყოს, მოგებად საქმეთა ჭეშმარიტისა წინამძღურისათა, რაჲთა პირველად განიგოს წინამძღურობაჲ თავისა თჳსისაჲ. და უკუეთუ თავი თჳსი ვერ განიგოს მარტოჲ ჯერისაებრ, რომელი-იგი ყოველსა ჟამსა მის თანა არს სული და ჴელმწიფებაჲ აქუს მის ზედა, ვითარ უკუე შემძლებელ იქმნას განგებად ქალაქსა სხჳსასა? და რომელმან არა იცის განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ, ვითარ უწყოდის ქალაქისა განგებაჲ? და რომელმან სახლისა განგებაჲ არა იცოდის, ვითარ შეუძლოს განგებაჲ სოფლისაჲ? და ამას მათთჳს ვიტყჳ, რომელნი სურვიელ და წადიერ არიან წინამძღურობასა, რაჲთა უწყოდიან, რაჲ არს წინამძღურობაჲ. რამეთუ ესე არს საზღვარი წინამძღურობისაჲ, რაჲთა სარგებელ და აღმაშენებელ ეყოს მათ, რომელთა-იგი წინა უძღოდის. ხოლო რომელი ვერ შემძლებელ არს აღშენებად სულისა თჳსისა, ვითარ-მე შემძლებელ იქმნას იგი სხუათა აღშენებად? რომელსა სული თჳსი დაუმონებიეს ვნებათადა, ვითარ შემძლებელ არს იგი სხუათა ვნებისაგან განთავისუფლებად? რომელი გამოიწულილვიდეს ძმისა ცოდვათა და განიკითხვიდეს, არა აქუს მას შენდობაჲ ღმრთისაგან ყოლადვე ცოდვათა მისთაჲ. ხოლო ღმერთი რამეთუ არა განიკითხავს მსგავსად ცოდვათა მისთა, არამედ მსგავსად განკითხვისა მისისა ძმისა მიმართ თჳსითა, და ამისთჳს თქუა: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (ლუკა 6.37). და ვითარცა რომელი მოწ\ყალე ექმნის ძმასა თჳსსა და შეუნდვნის ცოდვანი მისნი, ეგრეთვე ღმერთი მოწყალე ექმნის მას და შეუნდვნის შეცოდებანი მისნი. ეგრეთვე რომელი განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა უწყალოდ, არარაჲ ცოდვათა მისთაგანი მოეტევების მას ღმრთისა მიერ. და კუალად რომელი ცოდვიდეს დაუცადებელად და დაადგრეს მას ზედა, ლოცვაჲ წმიდათაჲ არად სარგებელ ეყოს მას, რამეთუ ლოცვაჲ წმიდათაჲ მას სარგებელ ეყოფის, რომელი მოიქცეს სინანულად.

ხოლო უკუეთუ ვინმე დაადგრეს ცოდვასა ზედა და სასოებაჲ აქუნდეს ლოცვასა წმიდათასა, არა სარგებელ ეყოფის მას. არა თუ ლოცვაჲ იგი წმიდათაჲ არა შეიწირვის, არამედ რამეთუ იგი არა ღირს არს წყალობასა დადგრომისა მისისათჳს ცოდვასა შინა. რამეთუ რომელი აღასრულებს მცნებათა, პატივ-ცემულ არს იგი ღმრთისაგან, არამედ უფროჲს მისა, რომელმან დადვას სასოებაჲ მისი ღმრთისა თანა, რამეთუ პირველი მორჩილ ექმნა ღმერთსა და მეორემან გულისჴმა-ყო დიდებაჲ ღმრთისაჲ. იგი ვითარცა-იგი ღმერთი გჳრგჳნოსან ჰყოფს მცნებისა მისისა აღმასრულებელთა, ეგრთვე გჳრგჳნოსან ჰყოფს მათ, რომელნი სასოებისა მათსა მისა მიმართ ჰყოფენ.

ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა შეურაცხ-ვყვნეთ ქებანი კაცთანი, რამეთუ არარაჲ ვნებათაგანი აუგიან ჰყოფს კაცს წინაშე ღმრთისა უფროჲს ვნებისა ამის, და ესე განმაქიქებელ და მარცხუენელ არს კაცისა. ამისთჳს რომელსა უყუარს ქებაჲ, იგი მიიწიოს სირცხჳლსა. ამისთჳს ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიქმოდით საქმეთა სათნოებისათა არა თუ საქებელად კაცთა, არამედ დაჯერებად ღმრთისა, და ეგრეთ ვესვიდეთ მოსაგებელსა დაფარულთა მეცნიერისაგან. ხოლო უკუეთუ გჳყუარდეს დიდებაჲ ჭეშმარიტი, გჳღირს ჩუენ, რაჲთა ვევლტოდით ჩუენ დიდებასა კაცთასა, რაჲთა განმაძლიერნეს ღმერთმან საქმედ მცნებათა მისთა და მოგუცეს ჩუენ მადლი მისი საწუთროსა და საუკუნესა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ მოწყალებისათჳს მდიდრისა მისთჳს და ლაზარესთჳს გლახაკისა

საყუარელნო, სამოთხესა შინა მრავალ-ფერნი ყუავილნი არიედ მდიდრად, რომელნიმე შუენიერნი ხილვად და განსაცხრომელად თუალთა, და რომელნიმე ჰამონი სულითა და სურნელნი საყნოსელად, და რომელნიმე სარგებელად გემოანთა საჭმელთათჳს კაცთაჲსა. და ესე ყოველი სარგებელისთჳს კაცთაჲსა დაბადებულ არს. ეგრეთვე წმიდასა ეკლესიასა ჰქონან საღმრთონი წიგნნი, საკითხავნი მახარებელთანი და წინაწრამეტყუელთანი და მოციქულთანი. და ყოველნი ესე არიან მაუწყებელნი და სადიდებელნი ღმრთისანი და მეუფისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი.

ხოლო რაჟამს-იგი მზე აღმობრწყინდის მცხინვარებითა თჳსითა სამოთხეთა ზედა და ბოსტანთა, ყუავილი იგი მათი დააჭნვის, და შუენიერებაჲ იგი მათი საწადელი განირყუნის და უშუერად შეიცვალის სიცხისაგან, არამედ სამოთხესა მას, რაჟამს გამოგჳბრწყინდა ჩუენ მზე იგი სიმართლისაჲ, რომელნიმე განწმიდნა, და რომელნიმე განამართლნა და რომელნიმე შეიწყალნა.

გამოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს სიტყუაჲ სახარებისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "რომელი უყოთ ერთსა მცირესა ძმათა ჩემთაგანსა, იგი მე მიყავთ" (მათე 15.40). და კუალად მოიჴსენნა გლახაკნი და აყუედრა მდიდართა, არა თუ სიმდიდრესა ვჰგმობთ, არამედ რომელთა-იგი ბოროტად იჴუმიეს სიმდიდრე მათი რამეთუ ფრიად კეთილ არს სიმდიდრე, რომელთა-იგი კეთილად განგებაჲ მათი მოიგეს, და კუალად ფრიად კეთილ არს სიგლახაკე, რომელთა-იგი მადლობით დაითმინონ. იყო აბრაჰამ მდიდარი, არამედ არა\სადა ვინ კაცთაგანი შეურაცხ-ყო. და ლაზარე გლახაკი იყო და არა დრტჳნვიდა და არცა მოიწყინა, უფროჲსღა რაჟამს იყო იგი ეგევითართა სატანჯველთა და ღუაწლთა სიგლახაკისა და უძლურებისათა. და რაჲსათჳს წარმოვადგინენ ორნი ესე მოწამენი განყოფილნი, და რაჲსა არა მოვიყვანო აქა იობ მართალი მარტოჲ, რომელმან-იგი ორივე შეიწყნარა და ორთაგანვე გამოიცადა? რამეთუ ოდეს იგი მდიდარი იყო, არავინ შეურაცხ-ყო, და კუალად ოდეს იგი დაგლახაკნა, არავე დრტჳნჳდა და არცა მოიწყინა. ოდეს მდიდარი იყო, იტყჳს, ვითარმედ: კარი ჩემი განღებულ იყო ყოველთა კაცთათჳს (იობ. 31.32). და ოდეს დაგლახაკნა, იტყჳს: "უფალმანცა მომცა და უფალმანცა მომიღო, ვითარცა უნდა, ყო, და იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე, ამენ" (იობ. 1.21).

რავდენ გზის ჰბრძო ეშმაკმან და ვერ სადა მძლე ექმნა. კაპარჭნი ისართა მისთანი წარმოაცალიერნა და მჴნჱ იგი ვერ მოწყლა; ღუარნი აკუეთნა და გოდოლი იგი ვერ დასცა; ღელვანი აღძრნა და კლდე იგი ვერ შეძრა; ხენი შეხარნა, და ნაყოფი ვერ დასცჳვა; რტონი მოჰკაფნა და ძირნი ვერ შეძრნა; კედელი დაარღჳა და საფასე ვერ იავარ-ყო. საფასესა-ღა ვიტყჳ, არა თუ ოქროსა და გინა ვეცხლსა ვიტყჳ, არამედ სარწმუნოებასა, რამეთუ ესე ენება ეშმაკსა, რაჲთამცა ვითარ სარწმუნოებისაგან მიდრიკა იგი. იხილეა, ვითარღა განმრავლდა ნაყოფი? იხილე, რაჲღა მტკიცედ ჰგიან ძირნი მისნი. იხილეა გოდლისა იგი სიმყარჱ? იხილეა მჴედრისა იგი ახოვნებაჲ? იხილეა მბრძოლისა ძლიერებაჲ? იხილეა, ქრისტემან ვითარ გამოირჩია? იხილეა ეშმაკი, ვითარ სირცხჳლეულ იქმნა? რაჲ უკუე სახელ-ვსდვა მართალსა მას, არა უწყი. მორკინალად სახელს-ვსდვა, არამედ წარჰჴდა სიმჴნითა მორკინალთა; მჴედრად სახელ-ვსდვა, არამედ წარჰჴდა იგი მჴედართა ახოვნებითა; გოდოლ სახელ-ვსდვა, არამედ უმაღლეს იქმნა იგი გოდლისა გონებითა; კლდედ უწოდო, არამედ უმტკიცეს კლდისა იპოვა სარწმუნოებითა; ნაყოფ უწოდო, არამედ უშუენიერეს არს ნაყოფთა სიტკბოებითა; საფასე უწოდო, არამედ უფროჲს საფასეთა არს ღმრთის მსახურებითა. რომელი სახელი სახელს-ვსდვა მართალსა მას, არა უწყი. რაჲთა ისმინონ მდიდართა და კუალად რაჲთა ისმინონ გლახაკთა. მისთჳსვე ვითარ არს ესე ნეტარი კაცი, რომელმან-იგი სიმდიდრესა შინა კეთილად განაგო სიმდიდრე თჳსი, და კუალად სიგლახაკესა შინა დაუთმო მრავალთა განსაცდელთა მადლობასა შინა ღმრთისასა. ხედავა, ვითარღა კეთილ არს სიმდიდრჱ, რომელთა იციან კეთილად განგებაჲ მისი, და ვითარ კეთილ არს სიგლახაკე, რომელთა დაუთმონ მას მადლობით?! ნუ იტყჳ, ვითარმედ მეშინის მე სიგლახაკისაგან. სიგლახაკისაგან გეშინის და ცოდვისაგან არა გეშინისა? ნუ გეშინის სიგლახაკისაგან, არამედ გეშინოდენ ცოდვისაგან, რომელ-იგი არს დედაჲ ყოველთა სატანჯველთაჲ. მჴსნელი ჩუენი ითხოვს მცნებასა და არა მისცემა? და შენ გესმის, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა რომელსა მისცემთ ძმათა ჩემთაგანსა, მას მე მომცემთ.

არა ხედავა, რამეთუ ყოველსა რომელსა მისცემ გლახაკსა მას, ქრისტესა მისცემ. და უკუეთუ შენ არა მისცემ, ვითარ ითხოვ მისგან წყალობასა მოცემად დღესა მას მიგებისასა კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ? აჰა ესერა გეტყჳ შენ: მიხილე მე მშიერი და არა გამომზარდე, და წყურიელი და არა მასუ, და შიშუელი და არა შემმოსე. რაჲ უკუე მიუგო შენ ამისთჳს შესანდობელი? შენ გმოსიეს სტავრაჲ და ხაზდი და ძოწეული, და გლახაკსა არა აქუს ძუელიცა სამოსელი. შენ შჭამ ჴოჴბისასა და კაკბისასა და ღ(ე)რღედისასა და მრავალთა სანოვაგეთა, და გლახაკი არა ჰპოვე\ბს პურსაცა ჴმელსა, რომლითამცა განიძღო მუცელი თჳსი.

შენ გიდგან ტაძარნი მარმარილოჲთა მოლესულნი, და გლახაკსა არა აქუს სართულიცა, რომელსა ქუეშე შევიდეს. და ესე ყოველი მონაგები შენი მონახუეჭი არს უსამართლოდ. და შენ ხვალე მოჰკუდე და ყოვლისა ამისგან ცუდი განხჳდე, და დაშთეს სახლი შენი საყუედრელად საუკუნოდ, რამეთუ ყოველნი რომელნი თანა წარჰვიდოდიან, იტყოდიან: ესე სახლი იყო უსამართლოდ მომტაცებელისაჲ მის მდიდრისაჲ, რავდენნი ობოლნი ატირნა, რავდენთა ქურივთა ჰმძლავრობდა, რავდენთაგან მდიდართა მოიტაცა, რავდენნი გლახაკნი შეაწუხნა. ნუ იტყჳ შენ, ვითარმედ: მე მთავარი და ჴელმწიფე ვარ. მე არა თუ ჴელმწიფობასა ვჰგმობ და მონაგებსა ვსძაგებ, არამედ მათ ვაბრალებ და ვსძაგებ, რომელთა კეთილი იგი ბოროტად შეცვალეს. არა თუ სიმდიდრე ბოროტ არს, რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს ფრიად. ხოლო რაჟამს იხილო გლახაკი, აღზუავნე მის ზედა და არა მოიგონო გონებასა შენსა, ვითარმედ იგიცა შენებრივე კაცი არს, რომლისათჳს მზე ბრწყინავს სრბასა შინა თჳსსა, რომლისათჳს ცანი დაებადნეს; კაცისათჳს მთოვარე იცვალების ჟამებად, კაცისათჳს ვარსკულავნი ნათობენ; რომლისათჳს ზღუანი განეფინნეს; რომლისათჳს მთანი და ბორცუნი შეიქმნნე(ს). და ჴევნი დაისხნეს კაცისათჳს, რომლისათჳს ელვანი და ქუხილნი, რომლისათჳს მდინარენი და წყაროები დიან, რომლისათჳს აღმოაცენებს ქუეყანაჲ მცენარეთა მრავალ-ფერთა, რომლისათჳს პირუტყუნი და ყოველნი იძრვისნი, რომელნი იძრვიან ქუეყანასა ზედა, რომლისათჳს ჟამნი და თუენი და წელნი და დღენი და ღამენი, რომლისათჳს ძალნი და უფლებანი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი, ანგელოზნი და მთავარ-ანგელოზნი, სერაბინნი და ქერობინნი. და ამას რასა განვამრავლებ, უფროჲს ამის ყოვლისა კაცისათჳს დასთხინა მჴსნელმან ჩუენმან უბიწონი სისხლნი მისნი ჯუარსა ზედა და მოიყიდა პატიოსნითა მით სისხლითა თჳსითა. შენ ჰხედავ მას ყოველსა და უგულებელს-ჰყოფ, არა ნუ შენებრვე კაც არსა? დაღათუ გლახაკი არს და შენ ზუაობ მის ზედა, არა-მე სიგლახაკე გამოირჩიაა ღმერთმან და გლახაკთა მოუწოდა მოწაფედ თჳსა და არა მდიდართა? პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და სუეტი ეკლესიათაჲ, რომელსაცა კლდედ უწოდა უფალმან, არა უკუე გლახაკი და საწყალი იყოა და შეურაცხი და მონადირჱ თევზთაჲ? და იოვანე და იაკობ არა გლახაკნი იყვნესა და მეთევზურნი? და მამაჲ მათი ზებედე მათ თანა და განჰკერვიდეს ბადეთა (მათე 4.2) მათთა, რამეთუ სიგლახაკისაგან ვერ შემძლებელ იყვნეს იგინი სყი\დად ახალთა ბადეთა სათევზედ და ძუელთა განჰკერვიდეს.

ეგრეთვე მათე მეზუერე იყო. და ვითარცა თანა-წარჰვიდოდა იესუ, იხილა იგი მჯდომარე საზუერესა თანა და ჰრქუა მას: აღდეგ და მომდევდი მე. და მუნთქუესვე აღდგა იგი და მისდევდა მას (მათე 9.9), და დაუტევა ადგილი იგი თჳსი. და არა ვითარცა მეფემან, არამედ ვითარცა მეუფემან მეუფეთამან უწოდა მას. და რომელი-იგი პირველ მტაცებელი სხჳსა მონაგებთა. ამან უცხო ყო თავი თჳსი მონაგებთაგან თჳსთა, რომელი-იგი იყო ოდესმე მგელ, იქმნა იგი კრავ. დასთხინა პეტრე ბადენი და მიიხუნა კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. დაუტევა მათე საზუერე და აღიღო სახარებაჲ. ეგრეთვე პავლეს სახეველი აქუნდა და ტყავსა ხევდა. არა წიგნები მოეღოა მღდელთ-მოძღუართაგან, რაჲთა დამასკედ წარვიდეს ტანჯვად წმიდათა? და გამოუჩნდა მას გზასა ზედა ნათელი, რომელი ეტყოდა მას: "საულ, საულ, რასა მდევნი მე" (საქმე 9.4). მიუგო პავლე და ჰრქუა: "და შენ ვინ ხარ, უფალო"? ჰრქუა მას: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი" (საქმე 22.8). მაშინ დაეცა იგი პირსა ზედა თჳსსა და დაბრმა. და რაჲსათჳს ჰრქუა, ვითარმედ: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი; რაჲთა არა ეგონოს, ვითარმედ სხუაჲ არს ესე იესუ, რომელმან უწოდა მას ზეცით, რამეთუ ჰურიანი ეგრე იტყოდეს, ვითარმედ ქრისტე არა აღდგომილ არსო. არამედ მოწაფეთა მისთა წარიპარეს იგიო. ამისთჳს ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი, რაჲთა უწყოდის, ვითარმედ იგი არს, რომელმან უწოდა მას. მაშინ წინაძღომით სხუათა მიერ შევიდა პავლე დამასკედ და მივიდა მისა ანანია და დაასხნა ჴელნი მისნი თუალთა მისთა და მუნთქუესვე აღიხილნა. და ამას შინა სიტყუაჲ განგრძელდების, არამედ შემოკლებულად-რე მნებავს უწყებაჲ თქუენი. და ვითარცა აღიხილნა მან, მუნთქუესვე იწყო სწავლად სახელითა იესუ ქრისტესითა. და ესმა ესე ჰურიათა, ვითარმედ პავლე ასწავებს სახელითა იესუ ქრისტესითა და ეძიებდეს მას შეპყრობად. და ვითარცა აგრძნეს ესე მოწაფეთა, შთასუეს პავლე მაშფალასა და მით გარდაუტევეს იგი ზღუდესა, და ეგრჱთ წარვიდა იგი იერუსალჱმდ.

ეგრჱთვე ნეტარი იოვანე არა უდაბნოს დამკჳდრებულ იყოა და შემდგომად მისა დაემკჳდრა იგი ცათა შინა, არა მწუერვალსა ხეთასა და ველურსა თაფლსა ჭამდაა? და რასა-მე ვიტყოდი, არა ყოველნი გლახაკნი იყვნესა და მოციქულ და წინაჲწარმეტყუელ იყვნეს? ამით სიგლახაკითა იქმნა ჴსნაჲ ძეთა კაცთაჲ. რავდენნი ურწმუნონი მთავარნი და განმგბელნი მომკუდარ არიან სოფელსა ამას, ყოველნივე დავიწყებასა მიცემულ არიან. ხოლო ესე მეუფე, რომელსა პორფირი შეუმოსიეს და ჰქონან მას მრავალნი საჭურველნი და სიმრავლე ეტლთაჲ და მჴედართაჲ, ესე ქუეჲთ ფერჴითა მივიდეს საფლავსა მას მონადირისა და გლახაკისა და შეურაცხისასა, და ამბორს-უყოფნ და ილოცავნ და ევედრებიან, რაჲთა შემწე ეყოს წინაშე მეუფისა მის დიდისა.

აწ უკუე ვინ აიძულის ესე მეფესა ყოფად? მე გაუწყო: მან, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 28.19-20). ამან მიანიჭა მათ ესევითარი პატივი ამას სოფელსა და მუნ სასუფეველი ცათაჲ დაუმკჳდრა მათ საუკუნოდ. არა უკუე ჰხედავა, ვითარ ძლიერ არიან გლახაკნი, და რამეთუ არა ხოლო თუ მეფენი ითხოვენ მათგან შეწევნასა, არამედ მრავალნი ეშმაკეულნიცა მივიდიედ საფლავთა მათთა და განიკურნნიან. არა ჰხედავა, ვითარ მკუდარნი ცხოველთასა უძლიერეს არიან?

აწ უკუე ნუ შეურაცხ-ჰყოფ გლახაკსა, რაჲთა არა შეურაცხ-იქმნე ღმრთისაგან, რამეთუ მრავალ გზის შემოვიდის გლახაკი ეზო\სა შენსა, გინა ჰრეკნ გარეგანსა კარსა შენსა, და შენ გესმინ, და ნეფსით დასდუმნი და უგულებელს-ჰყვი. და მრავალი ჟამი დაყვის და გელინ, რაჲთამცა მი-რაჲმე-ეც მას, და შენ უდებ ჰყვი, ვიდრემდის მოეწყინის და წარვიდის შენგან მწუხარე და ცალიერი. და ოდესმე უბრძანი მსახურსა შენსა და განაძის გარე შეურაცხებით. არა უკუე გასმიეს, რომელსა-იგი ეტყოდა უფალი მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ყოველსა ქალაქსა, გინა სახლსა, რომელსა შეხჳდეთ, სთქუთ: "მშჳდობაჲ სახლსა ამას! (მათე 10.12) და უკუეთუ ღირს იყვნენ მკჳდრნი მისნი, დაადგერინ მშჳდობაჲ თქუენი მათ ზედა, და უკუეთუ არა - მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ განიყარეთ მათ ზედა. და მართლიად გეტყჳ, ვითარმედ: სოდომაჲ და გომორაჲ უმოლხინეს იყვნენ ქალაქისა მის, გინა სახლისა, დღესა მას სარჩელისასა (მათე 10.13-15). უკუეთუ ესე მონათა არა-შეწყნარებისათჳს ესრე შეემთხუევის, რავდენ უკუე თჳთ უფლისათჳს იყოს, რომელთა არა შეიწყნაროს?

შემოვიდის გლახაკი ეზოსა შენსა და შენ უბრძანი მსახურსა შენსა განძებაჲ მისი. არა უწყია, რაჟამს გლახაკი განაძე ეზოჲთ შენით, ქრისტე განაძე? რამეთუ მან თქუა ესე, ვითარმედ: "რომელი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ" (მათე 25.40). არა უწყია, თუ ოდეს გლახაკსა აგინო, ქრისტესა შეურაცხ-ჰყოფ, ვითარცა-იგი რაჟამს გლახაკსა კეთილი უყო, ქრისტესა უყოფ კეთილსა, ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს, და თუ გლახა\კი შეურაცხ-გიყოფიეს, ქრისტე შეურაცხ-გიყოფიეს? ამას ვიტყჳ და კუალადცა ვიტყჳ და არა  დავდუმნები, და არცა მოვიწყინებ და არცა მცონის, რაჲთა თქუენ მღჳძარე იყვნეთ გლახაკთა წყალობისათჳს და არა შესცთეთ. მე სწავლაჲ და მხილებაჲ მიღირს და თქუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ. და კუალად, უკუეთუ შენ გევედრებოდის გლახაკი და არა შეიწყნარო იგი შენ, შენ ვითარ შეხჳდე ეკლესიად და ილოცვიდე, ვითარ აღაღებ პირსა შენსა ვედრებად ღმრთისა, არა ვიდრემე გეშინისა და სძრწი და სირცხჳლეულ ხარ შესლვად ეკლესიად და ლოცვად?

პირველად ყავ წყალობაჲ, რაჲთა ლოცვაჲ შენი დაიწეროს ცათა შინა. არა გიხილავსა აქა, რამეთუ არნ ოდესმე სავედრებელი წიგნი მეფისა და არა შემოიღიან წინაშე მდგომელთა, არამედ ორასითა გინა სამასითა დრაჰკნითა? და მრავალ გზის მათგანნი მრავალნი წარვიდიან ცუდნი, რამეთუ არა შეიწყნარის მეფემან ვედრებაჲ მისი, და მონაგებიცა იგი ცუდად წარჴდის, რამეთუ არღარავინ უკუნსცის მათ იგი. და შენ ორითა ფოლითა არა დაჯერებულ ხარა, რაჲთამცა დაიწერა ლოცვაჲ შენი? და ქუეყანასა მეფემან ოდეს-მე დაუწერის თჳნიერ სათხოველისა? ხოლო მეუფე იგი მეუფეთაჲ, რომელსა დასწერს და დაამტკიცებს, არა ჰხედავა, ვითარ-იგი ორთა ფოლთათჳს დაუწერია მტკიცედ და უცვალებელად?! შენ რასა უკუე გერგების ლოცვაჲ ეკლესიასა შინა, ვინაჲთგან გლახაკსა არას მისცემ; რაჲ სარგებელ არს შენდა საფასე იგი დაფარული ქუეყანასა ზედა, რამეთუ მოვიდენ ღამე მპარავნი და მოთხარონ და წარიპარონ იგი, და განთიად იხილო ადგილი ხოლო იგი, და მწუხარებითა დადნეს გული შენი უსარგებლოდ მისთჳს და სალმობად შეგედვას. ხოლო უკუეთუ ჭეშმარიტად გნებავს, რაჲთა არავინ მიგპაროს საფასე შენი, ქმენ ვითარცა მე გასწაო, და ვერვინ შემძლებელ იქმნეს მიპარვად შენდა. დაჰფალ იგი მუცელსა შინა გლახაკთასა, და უკუნისამდე ვერვინ მიგპაროს იგი. არამედ დამარხულად გედვას იგი დღისა მის ჭირისათჳს და სადა-იგი ფრიად გეჴმარებოდის, მუნ მოიღო იგი აღნადგინებითურთ ჴელთაგან დამბადებელისა შენისათა.

ხოლო უკუეთუ ქუეყანასა დაჰმარხო, წა\რსწყმიდო Pაგე ოფ მს. A: 51   იგი. და თუ დამარხოს იგი სიკუდილამდე, და შემდგომად სიკუდილისა შენისა რასა უკუე სარგებელ არს იგი შენდა, არამედ სხუათა განაბნიოს იგი. და ვისი, შენ არა გინდა და რომელი შენ არა უწყი, მან შეჭამოს განმფრთხობელთა თანა და შენ გაყუედრებდეს. არა უკუე გასმიესა წინაჲსწარმეტყუელისა იგი თქუმული, ვითარმედ "ამაოდ შურებინ, იუნჯებნ და არა უწყინ, ვინ შეიკრიბოს იგი" (ფსალმ. 38.6). და კუალად იტყჳს: "ერთბამად უგუნურნი და უკეთურნი წარწყმდენ, დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი და არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი" (ფსალმ. 48.10-17).

ჰხედავა, რაჲ შეემთხუევის მათ, რომელნი ქუეყანასა იუნჯებენ? "ხოლო შენ იუნჯებდ ცათა შინა, სადა არცა მღილმან და არცა ჭიამან განრყუნის და არცა მპარავთა დათხარონ და განიპარონ" (მატე 6.20).

აწ უკუე, ჵ უბადრუკო მდიდარო, ქუეყანასა არწმუნეა საფასჱ შენი და არა ღმერთსა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ყოველი რომელი გლახაკთა თანა ჰყოთ, იგი ჩემ თანა გიყოფიეს?! არა ჰხედავთა, რამეთუ რომელნიმე მუშაკთაგანნი გლახაკნი და საწყალობელნი არიან და ცხონდებიან იგინი კეთილის მომქმედთა კაცთაგან? და რაჟამს ჟამი თესვისაჲ მოიწიის, არა აქუნ მათ თესლი, რომელი-მცა სთესეს ქუეყანასა მათსა. მაშინ წარიღიან სამოსელი მათი, გინა ცოლთა მათთაჲ, გინა რომელიმე ჭურჭელი, და განწინდიან და ისესხიან მოდი ერთი, გინა ორი, მსგავსად ძალისა მათისა და მოიღიან და დასთესიან იგი სასოებით ქუეყანასა მათსა და მოელიან წჳმასა ზეცით. და არნ ოდესმე გუალვაჲცა. აწ უკუე რომელმან-იგი ისესხა და ქუეყანასა არწმუნა სასოებითა უფროჲსისა მოღებისაჲთა და არნ ოდესმე, თესლიცა იგი ვერ უკუ-მოიღის, და შენ ვერ არწმუნება ღმერთსა საფასესა შენსა, რომელმან-იგი უეჭველად მოგცეს შენ აღნადგინებითა მრავლითა? მჴნველმან არწმუნა თესლი დაბადებულსა და შენ დამბადებელისა გეშინისა რწმუნებად?

არა თუ შურით რასმე გამხილებ მე ამას თქუენ, არამედ მნებავს, რაჲთა სარგებელ გეყოს თქუმული ესე ჩემი და იყვნეთ განმზადებულ წყალობასა ღმრთისასა. არა უწყია, რასა მსგავს არს საფასჱ? მსგავს არს იგი მეძავსა, რომელი სხუასა ზრახავნ და სხუასა უწამწამებნ, და კუალად დღეს ჴელმწიფე არნ და ხვალე მონა, დღეს მდიდარ არნ და ხვალე გლახაკ, დღეს მსაჯულ და ხვალე დასაშჯელ. ჰხედავა შეცვალებასა ჟამთასა, რამეთუ ვითარცაღა აჩრდილი წარვალს და ვითარცა კუამლი განქარდების, და ვითარცა ქსელი დედაზარდლისაჲ დაჰჴსნდების და წარვალს? ხოლო მე არა დავსცხრები მოჴსენებად და სწავლად თქუენდა, უკუეთუ ჰყოთ, რამეთუ წერილ არს: "იტყოდე ყურთა მიმართ ერისათა" (ზირ. 25.12), ხოლო ურჩებაჲ მოიხდის სიკუდილსა. ემსგავსენით უკუე ქურივსა მას, რომელმან-იგი მისცნა ორნი ფოლნი, ვითარ განმართლდა. და უკუეთუ ორნი არა გქონან, ერთი ხოლო მიეც, რომელი გაქუს, ლმობიერად; და უკუეთუ არარაჲ გაქუს, სულთ-ითქუენ, ოდეს იხილო გლახაკი, და შეწირულ იქმნეს ლოცვაჲ შენი, რამეთუ რომელი-იგი დაფარულთა ჰხედავს და ყოველივე უწყის ვიდრე ყოფამდე, მან იცის, ვითარმედ უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ, მი-მცა-ეც, რამეთუ იგი გულთ-გამომეძიებელ არს. და იცის, თუ გაქუს რაჲ, ანუ არა ყოლადვე, რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი - გულთა.

გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, დაიმარხეთ მცნებაჲ ესე. რამეთუ უფალი იტყჳს: "მაშინ უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იოანე 13.35). ესე სიტყუაჲ მჴსნელისა ჩუენისაჲ არს. არა გასმიესა, ვითარ წერილ არს შჯულსა, ვითარმედ "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი?" (მარკ. 12.30-31). არა უწყია, ვითარმედ "ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული გამოკიდულ არს და წინაწარმეტყუელნი?" (მატე 20.40). იყვენით უკუე შჯულის მოყუარე და უცხოთ მოყუარე და გლახაკთ მოწყალე და ღმრთის მოყუარე, რომელმან-იგი მოგცეს თქუენ სასუფეველი ცათაჲ ნაცვალად მცირედისა მის, რომელი-იგი მისცეთ გლახაკთა და უღო[ნო]თა და წმიდათა მისთა თანა გჳრგჳნოსან გყვნეს თქუენ, რამეთუ მისი არს ძლიერებაჲ და მისა შუენის დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ სოფლისა ამისთჳს წარმავალისა, სიკუდილისათჳს და საშჯელისა

იხილეთ, საყუარელნო, რომელთა დაგიტევებიეს ზრუნვაჲ ამის სოფლისა წარმავლისაჲ და საქმეთა მისთა დაცუდებადთაჲ. იხილეთ და ნუ კუალად იქცევით პირველთავე მათ სოფლისა უცალოებათა. გეშინოდენ ღმრთისა და უწყოდეთ, რამეთუ სიმდ[იდ]რე წარმავალ არს, და პატიოსნებაჲ ცუდ იქმნების, და სიკეთეჱ შეიცვალების, და შუენიერებაჲ განირყუნების, და ყოველივე დიდებაჲ ამის სოფლისაჲ ამა იქმნების, და ვითარცა სიზმ\არი დაივიწყების, და ვითარცა კუამლი განქარდების, და ვითარცა აჩრდილი   წარვალს.

და ამისთჳს თქუა ბრძენმან სოლომონ, ვითარმედ: "ამაოებაჲ   ამაოებისაჲ და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1.2). დავით წინაწარმეტყუელი იტყჳს: "რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ჴორციელი" (ფსალმ. 38.5). და ყოველნივე საქმენი ამის სოფლისანი ცრუ და წარმავალ არიან, და მცირედისა ჟამისა შემდგომად ყოველივე დაუტეოთ და შიშუელნი, ვითარცა ვიშვენით, ეგრეთ განვიდეთ ამიერ სოფლით ყოველნივე. და ესრჱთ წარვდგეთ ყოველნი წინაშე მართლმსაჯულებისა მის და ყოველი, რომელი მოვიგეთ სოფელსა ამას, აქავე დაუტეოთ და შიშუელნი განვიდეთ მისა ყოვლისა მონაგებისაგან შეგინებულნი მწინკულევანებითა და სირცხჳლეულნი, და მივიწინეთ ზარ-განჴდილნი და შეძრწუნებულნი, თავ-დადრეკილნი და გულ-განპებულნი ბნელსა მას გარესკნელისასა ბოროტთა საქმეთა ჩუენთათჳს. და ესრჱთ წარვდგეთ განსაკითხავსა მას საშინელსა წინაშე მსაჯულისა მას, რომელი არა ხედავს პირთა  და არცა მიიღებს ქრთამსა სატანჯველთა მათ დაუთმენელთა და გამოუთქუმელთა,   რომელთა თხრობაჲ ვერ შესაძლებელ არს პირითა ბოროტად   მძჳნვარებისა მათისათჳს, სადა-იგი დგეს სიმრავლე აურაცხელი წმიდათა ანგელოზთაჲ შეშინებულნი და ზარ-განჴდილნი, სადა-იგი დაიდგას საყდარი საშჯელისაჲ საშინელი, სადა-იგი დიოდის მდინარე ცეცხლისა მის უშრეტისაჲ და მატლი იგი წამლეანი და უკუდავი, სადა-იგი იყოს სიცივე განუტფობელი, სადა-იგი იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ დაუცხრომელი, სადა-იგი იყვნენ ცრემლნი შეუშრომელნი მჴურვალენი, სადა-იგი იყოს სულ-თქუმაჲ დაუცადებელი, სადა-იგი გლოვაჲ, რომელსა აქუს ნუგეშინის-ცემაჲ, სადა არა არს სიცილი, არამედ ტირილი და ძრწოლაჲ, და სადა არა არს სიხარული, არამედ მწუხარებაჲ მიუთხრობელი, სადა-იგი იყოს ბნელი განუნათლებელი   წყუდიადი.

ძმანო ჩემნო საყუარელნო, უკუეთუ ესე თხრობაჲ სმენად საშინელ არს, ვინ გულისჴმა-ყოს, რავდენ შევრდომაჲ მას შინა! და კუალად ამის ყოვლისა უსაშინელეს და უსაზარელეს არს, რაჟამს-იგი იხილნეთ ყოველნი დაბადებულნი, შეკრებულნი ერთად და წარდგომილნი განსაკითხავსა მას ვერ-მისათხრობელსარაჲთა სიტყუაჲ მისცენ მსაჯულსა მას საშინელსა ყოველთა საქმეთა მათათჳს, რომელ უქმნიან ცუდსა ამას შინა სოფელსა.

ძმანო ჩემნო, რაჲღა ბოროტ არს ჟამი იგი და რაჲღა ფრიად საშინელ არს, და რაჲღა საზარელ არს დღე იგი განკითხვისაჲ, რომლისანი ჭირნი ვერ   აღირაცხებიან ზამთრისა მის ბოროტისანი და დანთქმისა საშინელისანი, რომელი მაშინ იყოს, რომელი ეგევითარ(ი) არა სადა ყოფილ არს. ოდეს-იგი რბიოდეს გუნდი წმიდათა ანგელოზთაჲ და მენესტუენი სცემდენ ნესტუსა, რომლისა ჴმაჲ შეს(ძ)რვიდეს ყოველსა დაბადებულსა საფუძველითურთ. მაშინ   ვარსკულავნი ვითარცა ფურცელნი დამოცჳვენ, და მზჱ და მთოვარე დაბნელდენ, და ცაჲ წარიგრაგნოს ვითარცა ქსელი ერთი ეტრატი, და შეიძრას ქუეყანაჲ ყოვლით კერძოვე, ზეჲთ და ქუეჲთ. და სამარენი აღეხუნენ და   განცხოველდენ ყოველნი მკუდარნი დასაბამითგანნი. და კუალად შეიძრნენ სულნი და ჴორცნი განახლებულნი უხრწნელად, და შეკრბენ ყოველნი წინაშე მსაჯულისა და საშჯელი დაეგოს და სატანჯველნი განემზადნენ.

ისმინეთ, ძმანო, თქუმული იგი დანიელ წინაწარმეტუელისაჲ, ვითარმედ იხილნა მან ჩუენებით, ვითარმედ: საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა, საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ურმის-თუალნი მისნი ცეცხლებრ მოტყინარენი. მდინარე ცეცხლისაჲ იძრვოდა წინაშე მი(ს)სა   და ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მი(ს)სა, და ბევრნი ბევრთა   ჰმსახურებდეს მას, და იგი ჯდა და განიკითხვიდა, წიგნ(ნ)ი მატიანისანი განეხუნეს წინაშე მისსა. მე, დანიელ, ვიხილე ესე ყოველი და შემიძრწუნდა გული ჩემი და იცვალა ხატი ჩემი, და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი შიშისაგან და ზარისა (დან. 7.9-15). დიდებაჲ ღმერთსა მხოლოსა, ძმანო ჩემნო!

უკუეთუ წინაწარმეტუელმან ჩუენებით ოდენ ძილსა შინა იხილა და შეძრწუნდა ესრჱთ, რომელი-იგი მერმე ყოფად არს ცხადად, რავდენ-მეღა ჩუენ, რომელნი მერმე წარვდგეთ დღესა მას საშჯელისასა წინაშე საყდართა მათ განკითხვისათა, ოდეს-იგი ვხედვიდეთ აღმოსავალისათა და დასავალისათა, ყოვლით კერძოვე ყოველნი გუამნი ადამეანნი შეკრბენ და შიშუელნი წარმოდგენ, და ყოველთა ეკიდნენ საქმენი მათნი თითოეულად, რაჲცა ვის ექმნეს სოფელსა ამას! და ცოდვილთა ეტჳრთნენ ცოდვანი მათნი ბეჭთა მათთა ზედა და დადგენ განქიქებულნი. და ჰხედვიდეთ მათ ცხადად ყოველნი დაბადებულნი და კრებული ანგელოზთა და კაცთაჲ, და იგინი სირცხჳლითა ვერ შემძლებელ იყვნენ თუალთა მათთა ახილვად ზეცად. მაშინ ენაჲ იგი მგმობართაჲ დაიწუებოდის და არავინ იყოს, რომელმანმცა განუგრილა მათ. მაშინ კბილნი მწვალებელთანი შეიმუსრვოდიან ჴელითა ანგელოზთა მათ უწყალოთაჲთა. მაშინ თუალნი იგი მეწამწამეთანი აღმოიწყვებოდიან და არავინ იყოს მწყალობელ მათდა, რამეთუ არავინ ერგებოდის და ვერცა ვინ შეეწეოდის ჟამსა მას: არცა მამაჲ და არცა დედაჲ, არცა ძმანი, გინა დანი, გინა ნათესავნი, გინა მეგობარნი. სადა იყოს ჟამსა მას დიდებულებაჲ იგი მეფეთაჲ, სადა იყოს ჴელმწიფებაჲ იგი მთავართაჲ და უმშჯავრობაჲ იგი მათი?!

სადა უკუე იყვნენ მაშინ მსაჯულნი იგი სიცრუვისანი, რომელნი ბჭობდეს შეპოვნებით და მიიღებდეს ქრთამსა და განამართლებდეს ცრუთა! სადა იყვნენ მონანი გინა აზნაურნი! სადა იყოს შუენიერებაჲ იგი ჭაბუკთაჲ! სადა იყოს მაშინ სიქადული საფასეთაჲ! სადა იყოს სიკეთე მარგალიტისა პატიოსნისაჲ! სადა იყვნენ ბეჭედნი და შუენიერებაჲ თითთაჲ! სადა იყვნენ მაშინ სანოვაგენი და საშუებელნი გემოვანნი, და სასუმელნი ტკბილნი და საწადელნი, რომლითა იშუებდით სოფელსა შინა! სადა იყვნენ მაშინ მჴედარნი და შუენიერებაჲ და სამკაული საჴედართა მათთაჲ! სადა იყოს მაშინ ტაძრები იგი და ეზოები შუენიერად შემკობილი! სადა იყო(ს) მაშინ ჴამლები იგი შუენიერად განგლესილები და სამოსელნი მეფეთანი: ძოწეულნი და პორფირნი! სადა იყვნენ მაშინ საცხებელნი იგი სურნელნი, გინა საკუმეველნი ცუდნი! სადა იყვნენ მაშინ საფასენი იგი დამალულნი! სადა იყვნენ ცხედარნი ოქროქანდაკებულნი! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკთა და უყუედრებდეს დავრდომილთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი ყოლადვე არა მიხედვიდეს და(ვ)რდომილთა და ჭირვეულთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი ბრძენ ეგონნეს თავნი თჳსნი! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი აღასრულნეს დღენი ცხორებისა მათისანი სიცილითა და განცხრომითა და ლაღობითა! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი ეცინიედ და ჰბასრობედ მოქმედთა კეთილისათა! სადა იყვნენ, რომელნი-იგი უწყალოდ ჰგუემდეს სახლეულთა და მონათა თჳსთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი ყოლადვე არა ეჴსენა სიკუდილი და არცა საშჯელი! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი იტყოდეს - ვჭამოთ და ვსუათ დღეს აქა, და მერმე, ვითა უნებს, იყოს, არა მეურვების მუნისაჲ!

სადა იყვნენ მაშინ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი მოწყალე და შემნდობელ არს და არა მიაგებს ცოდვილთა საქმეთა მათთაებრ! ძმანო ჩემნო, რაჲღა ბოროტ იყოს სინანული მათი სატანჯველთა შინა საუკუნეთა და არავინ იყოს მწე მათდა. მაშინღა იტყოდიან ჴმითა სიმწარისაჲთა: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, და ვათარღა თავნი ჩუენნი წარვიწყმიდენით და სულნი ჩუენნი აქა დავამკჳდრენით, რამეთუ ვიცოდეთ კეთილი, და არა ვიქმოდეთ; გუესმოდა, და არა გულისჴმა-ვჰყოფდით; გუასწავებდეს, და არა ვისმენდით. წიგნთა სიტყუანი დღითი-დღე გუესმოდეს და ჩუენ უდებებითა გარე-წარვჰვიდოდეთ.

აწ უკუე სამართლად ვიდრემე დავისაჯებით ჩუენ ღმრთისა მიერ და სამართლად მივეცენით სატანჯველსა, რამეთუ ვითარცა-იგი ვიქმოდეთ, მოგუეგო, რამეთუ საწუთროჲსა საშუებელთათჳს საუკუნოდ ვიტანჯებით ცეცხლისა ამის სიმჴურვალესა შინა და ცუდისა მის წილ პატივისა და დიდებისა დავაკლდით ჩუენ პატივსა ღმრთისამიერსა წარუვა\ლსა, და სიმდიდრისა მისთჳს წარმავალისა წარვიწყმიდეთ ჩუენ სასუფეველი ცათაჲ. ესრჱთ იტყოდიან დღესა მას თავით თჳსით: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ კეთილნი ჩუენნი და საშუებელნი და საწუთროჲსანი მივიხუენით და აქა ვიტანჯებით. ხოლო რომელთა აიძულეს თავთა თჳსთა საწუთროსა მას მონებად ღმრთისა და სათნო ყოფად მისა და ერიდნეს განრისხებასა მის(ს)ა, იგინი იშუებენ საუკუნესა მას საშუებელთა მათ შინა წარუვალთა. და რომელმან იმარხა და ილოცა და იღუაწა სულისა თჳსისათჳს და განკაფა გუამი თჳსი, მან დაიკჳდრა სასუფეველი ცათაჲ. ხოლო ჩუენ, საწყალობელთა ამათ, რომელთა უდებ ვყავთ მორჩილებაჲ ღმრთისაჲ და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, მისთჳს მივეცენით ამათ სატანჯველთა, და აწღა ვეძიებთ შეწევნასა, და არავინ იპოების შემწე ჩუენდა. სულთ-ვითქუამთ და არავის ვეწყალით ჩუენ, ვტირთ და ვიგლოვთ სიმწარითა გულისა ჩუენისაჲთა და არავინ ნუგეშინის გუცემს ჩუენ. და ვაჲ ჩუენდა ჭეშმარიტად!

ჰე ძმანო ჩემნო, გევედრები თქუენ, რაჲთა მოსწრაფე იყვნეთ დაცვად სულთა თქუენთა და იღუაწოთ საქმჱ კეთილისაჲ, რაჲთა არა იპოვნეთ სულელთა მათ თანა და წარსწყმდეთ. არამედ იქმოდეთ კეთილსა პირველ სიკუდილისა მოწევნადმდე. და ვიდრე ესე მცირედი ჟამი მაქუს-ღა, შევინანოთ კეთილითა სინანულითა სამარიდი\სოჲთა, და განვიღჳძოთ ძილისაგან მცონარეობისაჲსადა მოწყინებისა და ბრძოლა-ვსცეთ  პირველ მზის დასლვისა და ღამისა მოწევნისა, რამეთუ ოდეს ღამე მოიწიოს, ვერღარას ვინ საქმედ შემძლებელ არს, და პირველ ვაჭართა განბნევისა, რამეთუ რაჟამს ამის საწუთროჲსა სავაჭროთა ვაჭარნი განიყარნენ, ვერღარას ვინ ვაჭრობად შემძლებელ არს. და პირველ წარსლვისა კაცად-კაცადი ვანად თჳსა, და პირველ კარისა დაჴშვადმდე საფარდულსა, რამეთუ რაჟამს კარი დაეჴშას, ვერდარავინ შემძლებელ არს ვაჭრობად. და რაჟამს წარვიდეს კაცად-კაცადი, ცუდ იქმნეს სავაჭროჲ და აღიღოს ვაჭრობაჲ, რამეთუ რაჟამს კარი დაეჴშას, ვერღარავინ შემძლებელ არს ვაჭრობად.

აწ უკუე ვისწრაფოთ, ძმანო, და არა უდებ-ვყოთ სინანული, ვიდრე-ესე ვართ-ღა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მას საუკუნესა სინანული არღარა არს. და ვეკრძალნეთ, რაჲთა არა მათ თანა ვიპოვნეთ, რომელთაჲ-იგი თქუა უფალმან სახარებასა შინა, ვითარმედ: ჰრეკდეს კარსა, და მოუგოს მათ და ჰრქუას, ვითარმედ: "არა გიცნი თქუენ, რამეთუ მშიოდა და არა მე\ცით მე ჭამადი, და მწყუროდა და არა მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და არა მიხილეთ მე, საპყრობი\ლესა ვიყავ და არა მოხუედით ჩემდა" (მათე 13.25)  . მაშინ მიუგონ მათ: "უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და არა გეცით ჭამადი, წყურიელი და არა გასუთ შენ, გინა სნეული და არა გიკითხეთ შენ, ანუ საპყრობილესა და არა მოვედით შენდა?" მაშინ მიუგოს მათ უფალმან და ჰრქუას: "ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან არა ყო ერთსა გლახაკთაგანსა თანა წყალობაჲ, ჩემ თანა არა ყო (მატე 25.42-45). წარვედით ჩემგან ბნელსა მას გარესკნელსა, რომელი განმზადებულ არს თქუენთჳს უწინარეს ჟამთა, სადა-იგი არს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ (მათე 22.13). ხოლო რომელთა-იგი კეთილი უყვეს, მათთჳს განმზადებულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ სასუფეველსა ცათასა, და დადგენ იგინი მარჯუენით სიძისა ქორწილსა მას ზეცისასა.

აწ უკუ[ე], ძმანო, მოვისწრაფოთ სინანულად, რაჲთა ღირს ვიქმნეთ სმენად ჴმისა მის, რომელი ეტყოდის: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" (მათე 25.34), და დაემკჳდრენით მას შინა. ვიდრემდის ვცოდავთ და არა მრცხუენის, ვიდრემდის განვარისხებთ ღმერთსა ჩუენ ზედა და არა ვზრუნავთ, ვიდრემდის განუდგებით ბრძანებათა მისთა და არა გუეკდიმების. მას ვეწყალით და ჩუენ არა შევიწყალებთ თავთა ჩუენთა, იგი მოგუცემს უშურველად საზრდელსა და ჩუენ ცოდვასა არა დავსცხრებით.

ძმანო, სიკუდილი მოახლებულ არს, და ჟამი მოწევნულ არს, რაჲთა მოგუეგოს ჩუენ ყოველთა საქმეთა ჩუენთა ბოროტთა მოსაგებელი, რომელ ვქმნენით ცხორებასა ჩუენსა. ამისთჳს გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჲთა დასცხრეთ ბოროტისაგან და იქმოდით კეთილსა და სცხონდეთ. დასცხერით ტყუვილისაგან და ფიცისა, რამეთუ ბოროტ არს. დასცხერით მონაგებთა შეკრებისაგან და საფასეთა, რომელთა დაჰფლავთ ქუეყანასა, რამეთუ თავი არს ყოვლისა ბოროტისა და უკეთურებისაჲ, და მოვიგოთ ლოცვაჲ და მარხვაჲ და მღჳძარებაჲ ღამით და განვამრავლოთ ქველის საქმჱ, და დავისხნეთ ჩუენ მეგობარნი ფასისა ამისგან სიცრუვისა წარმავალისა, და ტიროდეთ სიღრმითა გულთა თქუენთათჳს, რაჲთა იხილოს ღმერთმან მოსწრაფებაჲ თქუენი და ფრიადი სინანული თქუენი და კეთილი გულს-მოდგინებაჲ თქუენი, და შეგინდვნეს თქუენ ყოველნი ცოდვანი თქუენნი. მოიგეთ თქუენ გული წმიდაჲ და სული მდაბალი, და ვტიროდით ჩუენ მცირედსა ჟამსა ამას, რაჲთა არა ვტიროდით მუნ ფრიად უსარგებლოდ, რამეთუ ცხორებაჲ სოფლისაჲ ამის მოკლე არს და პატიჟი მერმისაჲ მის გრძელ და ძნელ არს. დიდი შიში და გამოუთქუმელი ჭირი ყოფად არს მუნ ცოდვილთათჳს, რამეთუ ვინ იყოს, ვინმცა სწყალობდა მათ, რამეთუ ინატრიდენ იგინი საწუთროსავე ამას ცხორებასა, რომელი დაუტევეს და ვერ ჰპოებდენ და იტანჯებოდიან მარადის. ვაჲ არს მისა, რომელმან არა ისწრაფოს სინანულად, რამეთუ საუკუნესა მას ვერღარა პოოს წყალობაჲ. ვაჲ არს მისა, რომელმან არა იპყრას მარადის თუალთა წინაშე სიკუდილი და საშჯელი, რამეთუ საუკუნოდ იტანჯებოდის.

ვაჲ არს მისა, რომელი არა ტიროდის მარადის ცოდვათა თჳსთათჳს ამას სოფელსა ნეფსით, რამეთუ მას საუკუნესა ტიროდის იგი უნებლიაჲთ ტირილითა მწარითა. ვაჲ არს მისა, რომელმან არა მოსწრაფედ იღუაწოს სულისა თჳსისათჳს, რამეთუ მიეცეს იგი ჴელთა ანგელოზთა უწყალოთასა. და ესეცა უწყოდეთვე ჭეშმარიტად, რამეთუ რომელმან წარაგოს მონაგები თჳსი გლახაკთა ზედა დაჯერებისათჳს ღმრთისა, მას ასი წილი მოიგოს ღმრთისაგან, და რომელმან შეურაცხ-ყოს საწუთროჲ და მოიძულნეს საქმენი მისნი, მან პოოს საუკუნესა მას წყალობაჲ დაუსრულებელი.

ძმანო ჩემნო, გეშინოდენ ღმრთისა და განკაფენით გუამნი თქუენნი მორჩილებასა შინა ღმრთისასა და ნუ სწყალობთ; გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა იტყჳს: "ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (მატე 5.6). ნეტარ იყვნენ, რომელნი ტიროდიან და იგლოვდენ, რამეთუ იგინი იხარებდენ საუკუნოდ. ძმანო ჩემნო, ესე უწყოდეთ, რამეთუ ესე გუამი ჩუენი, რომელ გუმოსიეს, მიწაჲ არს და მიწადვე მიიქცევის აწვე. ამისთჳს ვევედრნეთ უფალსა და განაღჳძენით სულნი თქუენნი ძილისა მისგან მცონარებისა და მოწყინებისა და უდებებისა, რამეთუ ჟამი სიკუდილისაჲ უეჭველად მომავალ არს და ღონე არა არს განრომად მისგან.

მაუწყეთ-ღა, რავდენმე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი ამას სოფელსა შუებით და სიხარულით - ორმეოცდაათ წელ გინა თუ ას წელ; ხოლო მისა შედგომად მოვიდეს სიბერჱ და უძლურებაჲ და მრავალ-ფერნი ტკივილნი გუამისანი, და მას შინა მოიწიოს სიკუდილი, და განიკუეთნენ გემონი და მივემთხჳნეთ ჟამსა მას საშინელსა, რაჟამს-იგი სული ჴორცთაგან განეშორებოდის და დაეყოს პირი სიტყუად, და დაშრტეს ჴმაჲ ჴორჴისაგან და ვერღარა შემძ\ლებელ იყოს ენაჲ სიტყუად ერთისაცა სიტყჳსა, და ექცეოდიან თუალნი. და რომელნი გარემოჲს დგენ თჳსნი, და მშობელნი გინა ნაშობნი, ნათესავნი ანუ მეგობარნი იგლოვდენ და ტიროდიან და ვერას შემძლებელ იყვნენ შეწევნად და რგებად რაჲ მისა, და ვერცაღა იგი შემძლებელ იყოს სიტყჳს-გებად ერთისაცა მათგანისა, და ვერცაღა ვინ მიეახლებოდის მას ცნობითა. ხოლო იგი ხედვიდეს მათ და ესმოდის საზრახავი მათი, და პასუხისა მიცემად ვერ შემძლებელ იყოს. და ნუთუცა გონებასა აქუნდეს მას ჟამსა მას მონაგებთა თჳსთა ანდერძისა და განგებისათჳს, რომელი-იგი ქუეყანასა დაეფლა მისისა უწყებისათჳს. ხოლო სიტყუად ვერღარა შემძლებელ იყოს და ესრჱთ განეშოროს ჴორცთაგან, და მივიდეს მართლმსაჯ\ულისა. და მონაგებნი მისნი საჩინონი მუნთქუესვე თჳსთა მისთა მრავლითა პასუხობითა და ბრძოლითა განიყვნენ. ხოლო დამალული იგი უნდოდ და ამაოდ წარჴდეს სულისა მისისა დასაშჯელად საუკუნეთა მათ სატანჯველთა, ვინაჲთგან არცა გლახაკთა მისცა, არცა სულსა თჳსსა ირგო.

და რაჲმე უკუე ვთქუათ ჟამისა მისთჳს, რომელსა შინა არღარა არს  ზრუნვაჲ მონაგებთაჲ და არცაღა ტომთაჲ, გინა მეგობართაჲ. და რომლითამე სახითა შეემთხჳოს მსაჯულსა მას, გინა რომელი მიზეზი შენდობისაჲ მოიღოს წინაშე მისსა? და რასა-მე უკუ[ე] იტყოდის, ოდეს-იგი გარე მოადგენ მას ანგელოზნი ღმრთისანი, მოვლინებულნი წარყვანებად სულისა მისისა, რაჟამს-იგი განაშორებდენ გუამისაგან? მაშინ შეშფოთდეს გონებაჲ მისი და იღულარჭნებოდის სარეცელსა ზედა თჳს[ს]ა, და განტეხილად ჰხედვიდეს გარემოჲს მდგომარეთა თუალითა შემრღეულითა და პირითა მჭუნვარითა, და ვერას შემძლებელ იყოს.

მაშინ იწყოს ანგელოზთა მათ ვედრებად და ეტყოდის: შემიწყალეთ მე, ჵ ანგელოზნო ღმრთისანო, კეთილნო, შემიწყალეთ მე, და ნუ წარიყვანებთ სულსა ჩემსა მსაჯულისა ესრეთ ტჳრთ-მძიმესა ცოდვითა, რომელი მიქმნიეს, და ნუ განმაშორებთ გუამისა ჩემისაგან. არამედ ვითხოვ სახიერებისაგან თქუენისა, დრო მეცით მე ამას ხოლო ერთსა წელიწადსა, რაჲთა შევი\ნანო ტირილითა და გლოვითა, მარხვითა და ლოცვითა, და მღჳძარებითა და ღამის თევითა, და განუყო ყოველი მონაგები ჩემი გლახაკთა. და ნუუკუე მივეწიო, რომელი წარსრულ არს ჟამთა ჩემთაგანი უდებებითა. განვკურნო იგი სინანულითა, რამეთუ უგრძნულად მოხუედით და განუმზადებელსა მომეწიფენით. და არღარა მოველოდე მოსლვასა თქუენსა ჟამ რავდენმე და მისთჳს არა განვემზადე.

გევედრები თქუენ, მომმადლეთ თხოვაჲ ჩემი, რამეთუ ბოროტსა შინა აღმისრულებიან აქამომდე დღენი ჩემნი და წარმიწყმედიეს ცოდვითა სული ჩემი, არამედ დრო-მიყავთ მე ამას ხოლო წელიწადსა, გევედრები. მაშინ მიუგონ ანგელოზთა მათ და ჰრქუან: ჵ უბადრუკო ვინმე და საწყალობელო კაცო, სადა უკუე იყავ დღეთა ცხორებისა შენისათა. რაჲსათჳს უდებ-ჰყავ სინანული, ვინაჲთგან ესე ყოველი უწყოდე, რომელი-ესე მოსთუალე, ვითარმედ მოგეტევებიან ცოდვანი შენნი, რაჲსა არა პირველვე იწყე და აწღა ეძიებ სინანულსა? ჵ უგუნურო და საწყალობელო ვინმე, აწ მზე დასრულ არს და საზღვარი სინანულისა შენისაჲ გარდასრულ არს, და საწუთროჲსა ცხორებაჲ შენი განსრულებულ არს. და ღმერთსა უბრძანებიეს შენდა, ჵ სულო უბადრუკო, რაჲთა განეშორო ჴორცთაგან და დაისაჯო მსგავსად საქმეთა შენთაებრ ბოროტთა ცეცხლსა მას შინა საუკუნესა და სატანჯველთა დაულევნელთა. ძმანო, გასმიეს სამე ესე ყოველი, არამედ გრწმენინ, ვითარმედ ჭეშმარიტად ესრჱთ ყოფად არს და არა არს ტყუვილი, არამედ მოიგეთ სინანული და ნუ უდებ-ჰყოფთ ცხორებასა სულთა თქუენთასა, და განმზადებულ იყვენით პირველ მოწევნამდე ჟამისა საშინელისა და საჭირველისა. და უკუეთუ ცოდვაჲ გიქმნიეს და ბრალითა შესუარულ ხართ, განირცხით იგი სინანულითა, რამეთუ ადგომაჲ ყოფად არს, და საშჯელი და სირცხჳლი და კდემაჲ და ბოროტი სატანჯველი ცოდვილთათჳს. რამეთუ წარისხნენ იგინი ანგელოზთა მიერ მრისხანეთა ცეცხლსა მას ჯოჯოხეთისასა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: "ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა სადა წარჴდენ" (მატე 24.35).

აწ უკუე გეშინოდენ ღმრთისა, ძმანო ჩემნო, და იღუაწეთ სულთა თქუენთათჳს. და რომელთა აღგირჩევიეს საწუთროჲ საუკუნესა მას, შეინანეთ მრავლითა გულს-მოდგინებითა და მოსწრაფებითა, რაჲთა ღირს იქმნეთ წმიდათა თანა სასუფეველსა ცათასა. და ნუმცა ვინ თქუენგანი იტყჳს, ვითარმედ: ვითარ შეიწიროს ღმერთმან სინანული ჩემი, რამეთუ მრავალ გზის ვისიძვე და ვიმრუშე, ვიპარე და კაც-ვკალ, და ყოველი ბოროტი მიქმნიეს ურიცხუად. ღმერთი სახიერებითა თჳსითა და კაცთ-მოყუარებითა შეიწირავს სინანულსა ყოველთა ცოდვილთასა; და უხარის სინანული მათი, რამეთუ ცოდვილთათჳს გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად და ცოდვილთათჳს დასთხინა უბიწონი სისხლნი თჳსნი ჯუარსა ზედა, რომლითა განწმიდა ყოველი ნათესავი კაცთაჲ მამულთა მათგან ბრალთა ურჩებისათა და მიჴსნა ჩუენ მონებისაგან მტერისა, და ჴელით-წერილი იგი ცოდვისაჲ შემშჭუალა ჯუარსა და ჩუენ ერად თჳსა განგჳკუთნა, და მონად თჳსა განგუაწესნა, და საყუარელად თჳსა გჳჩინნა, რაჲთა ყოლადვე მადლობასა და ქებასა შევსწირვიდეთ მისა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სიტყჳსა მისთჳს მოციქულისა, რომელ თქუა, ვითარმედ "ქრისტემან მშჳდობა-ყო სისხლითა თჳსითა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (კოლას 1.20)

მოვედით, ძმანო ჩემნო, და გამოვიძიოთ სიტყუაჲ იგი მოციქულისა პავლესი, რომელ თქუა, და ვიხილოთ, რაჲ არს ესე მშჳდობაჲ, რომელ-ყო უფალმან ჩუენმან სისხლითა თჳსითა ჯუარისა მისისაჲთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. რამეთუ მშჳდობაჲ რა იქმნის თჳნიერ ბრძოლასა და მტერობასა, და რამეთუ ქუეყანასა ზედა უწყით, ვითარმედ იყო ბრძოლაჲ დიდი და მტერობაჲ მრავალი და ბოროტი მიუწდომელი კაცთა შორის. ნუუკუე ზეცასცა ბრძოლაჲ იყოა ანგელო\ზთა შორის და ვითარ უკუე იტყჳს ლოცვასა შინა ჩუენსა: "იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა" (მატე 6.10)? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ მშჳდობაჲ და სიყუარული არს, და სადა მშჳდობაჲ და სიყუარული არს, მუნ მტერობაჲ არა არს. ნუ იყოფინ, რამეთუ არა იყო მტერობაჲ შორის ანგელოზთა, არამედ ბრძოლაჲ დიდი და სიძულილი და მტერობაჲ იყო შორის ანგელოზთა და კაცთა, რამეთუ ანგელოზთა ესმოდა და ხედვიდეს გმობასა კაცთასა დამბადებელისა მიმართ მათისა უფლისა სახიერისა, და ფრიად სძულდა და ემტერებოდეს ნათესავსა კაცთასა. და ესე განაგო მჴსნელმან ჩუენმან და მშჳდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. რამეთუ აღიყვანა ბუნებაჲ კაცთაჲ ზეცად და დაამკჳდრა შორის ანგელოზთა მტერი იგი მათი, რომელსა ეძულებოდეს იგინი. და კუალად გარდამოიყვანნა ანგელოზნი ქუეყანად, და ცაჲ იქმნა ქუეყანა და ქუეყანაჲ - ცა შეერთებითა. ესე არს მშჳდობაჲ დიდი და შეზავებაჲ მიუწდომელი, რამეთუ იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: სიხარული დიდი იყო ცათა შინა ანგელოზთა შორის ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს (ლუკა 15.17).

აწ უკუეთუ ერთისა ცოდვილისათჳს, რომელმან შეინანოს ესრეთ. სიხარული იყოს ცათა შინა, რავდენ-ღა უფროჲს, ოდეს კრებული ურიცხჳ სარწმუნოებით ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა დაუცხრომელად დღე და ღამე გულითა წმიდითა. და კუალად რაჲთა უწყოდით მტერობაჲ, რომელი იყო ნაგელოზთა და კაცთა თანა დასაბამსა, და რავდენ მოსწრაფე იყვნეს ანგელოზნი კაცთა მიგებად ბოროტისა, უკუეთუ სადა მოეცის ჴელმწიფებაჲ. რამეთუ რაჟამს-იგი მოივლინნეს სოდომად შურით წამსა შინა ერთსა დაწუეს და დააქციეს იგი უწყალოდ, მიუწდომელი იგი სიმრავლე, და წყალი მწარე მოადგინეს ქუეყანასა და სამკჳდრებელსა ზედა მათსა. და კუალად მოივლინეს ძეთა ზედა ისრაელისათა, დღეთა დავით მეფისათა, და მოკლეს ვიდრე მესამედ ჟამადმდე დღისა უფროჲს ოცდაათისა ათასისა. და კუალად სხუასა ჟამსა დაეცნეს სიძვითა ძენი ისრაჱლისანი და მოივლინნეს მათდა ანგელოზნი, და შურის გებით მოკლეს მათგანი დღესა შინა ერთსა ოცდასამი ათასი, და მრავალ გზის მოსწრაფე არიედ მიგებად ბოროტისა ძეთა კაცთა.

ხოლო აწ შეცვალა ესე მაცხოვარმან ჩუენმან მშჳდობად, რამეთუ აწ ვხედავთ მრავლითა სიხარულითა გალობენ და იტყჳან ჩუენ თანა: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2.14). ესე არს მშჳდობაჲ იგი, რომელ თქუა წმიდამან პავლე მოციქულმან, ვითარმედ: უფალმან ჩუენმან სისხლითა თჳსითა მშჳდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (კოლას 1.20), და მოსპო იჭჳ იგი, რომელი იყო შორის ზეცისათა და ქუეყანისათა, და განადგინა ქერობინი იგი მოტყინარე და მახჳლი იქცევისი კარისაგან სამოთხისა, რომელი დაედგინა მცველად მისა, რაჟამს-იგი განივლინა მიერ პირველ შექმნული მამაჲ ჩუენი ადამ, რაჲთა არა კუალად იქცეს და ჭამოს ხისა მისგან ცხორებისა და ცხონდეს. და ავაზაკი შეიყვანა და დაამკჳდრა მუნ შინა. და რომელთა ყონ ნებაჲ მისი, არა ხოლო თუ სამოთხესა მისცემს მათ სამკჳდრებელად, არამედ სასუფეველსაცა ცათასა და ყოფასა ანგელოზთა თანა და მკჳდრობასა მის თანა.

და რაჲსა გიკჳრს ესე, რამეთუ უფროჲსი და უზეშთაესი მოუცემიეს ჩუენდა - ჴორცი მისი, რომელი ამის ყოვლისა უზეშთაეს არს. და შეგუმოსნა ჩუენ ნათლის-ღებითა მის თანა, და მყვნა ტაძარ მისა და იგი დაემკჳდრების ჩუენ შორის, და მყვნა ჩუენ შვილ მისა მადლითა თჳსითა. ამისთჳსცა ვიტყჳთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი" (მათე 6.9). და კუალად ყოველმან, რომელმან ნათელ-იღოს სახელითა მისითა, მისცა მას ანგელოზი, რაჲთა სცვიდეს მას განუშორებლად ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა და ჰხედვიდეს საქმეთა მისთა. და ვინაჲ უკუე უწყის ესე, არამედ მჴსნელმან თქუა სახარებასა შინა, ვითარმედ: იხილეთ და ნუ ვის შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა მცირეთაგანსა, რამეთუ ანგელოზნი მათნი ხედვენ ყოველსა ჟამსა პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათე 18.10). ხოლო დასაბამსა არა ესრე იყო, არამედ ყოვლთა მართალთა თანა ხოლო იყო ანგელოზი, ვითარცა იტყჳს მამაჲ ჩუენი აბრაჰამ, ვითარმედ: ანგელოზმან, რომელმან განმზარდა მე სიყრმით ჩემითგან, მან მასწავა მე (შესაქ. 48.15).

აწ უკუე ვინაჲთგან ანგელოზი მოცემულ არს კაცად-კაცადსა ჩუენგანსა მცველად, ჯერ-არს, რაჲთა ვეკრძალნეთ ცოდვასა ვითარცა-ღა მეფესა, რომელსა უსხენედ შვილნი საყუარელნი და თითოეული მისცის კაცსა, რაჲთა სცვიდეს მას და ხედვიდეს საქმეთა მისთა და ბოროტსა აკრძალებდეს, ეგრეთვე უფალსა ჩუენსა დაუდენიეს თითოეულსა ჩუენგანსა მცველად ანგელოზი, და ამისთჳს ვილოცავთ-ღა, ვიტყჳთ და ვითხოვთ ანგელოზსა მშჳდობისასა, რამეთუ არარაჲ არს უზეშთაეს მშჳდობისა. ეკლესიასა შინა და ლოცვასა და ვედრებასა მშჳდობასა ვითხოვთ. და ამისთჳს მრავალ გზის მისცის მღდელთ მოძღუარმან მშჳდობაჲ ყოვლთა. რამეთუ ყოველი კეთილი მშჳდობისაგან არს: სიყუარული და სიხარული; და მისთჳს უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რაჟამს წარავლინნა მოწაფენი თჳსნი, ამცნო მათ და ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახიდ, სთქჳთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას (ლუკა 10.5). და კუალად რაჟამს შევიდა იგი მათდა ქორსა მას საიდუმლოჲსასა, ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ ზედა, მშჳდობასა მიგცემ თქუენ (იოანე 14.27), რამეთუ მშჳდობაჲ გზაჲ არს სიყუარულისაჲ და სიხარულისაჲ და წყალობისაჲ, რაჟამს-იგი თქჳს მღდელთ მოძღუარმან მშჳდობაჲ ყოველთა, არა ეგრე თქჳს, თუ მშჳდობაჲ აქა მყოფთა ხოლო, არამედ ყოველთა აქა მყო(ფ)თა და რომელნი არა არიან აქა, მშჳდობაჲ ყოველთა; და ვითარმედ: უკუეთუ მშჳდობაჲ ჩემი ერთისა მიმართ იყოს, გინა ათისა, გინა ოცისა, ანუ ოცდაათისა, გინა ასისა და ერთისა ვის თანამე მტერობაჲ მაქუნდეს და სინანული, მშჳდობაჲ ჩემი არას მერგების ყოველთა კაცთა თანა, რამეთუ დაღათუ ყოველი გუამი ჩემი მრთელ იყოს და ერთი ხოლო ასოჲ მტკიოდის, ყოველი გუამი ჩემი სნეულ არს.

და ეგრჱთვე უკუეთუ არა იყოს მშჳდობაჲ ჩემი ყოველთა კაცთა მიმართ, არას მერგების რომელთამე ხოლო თანა მშჳდობაჲ. გნებავსა უწყებად სიდიდე მშჳდობისაჲ, იტყჳს უფალი ჩუენი სახარებასა შინა: ნეტარ იყვნენ მშჳდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი შვილ ღმრთისა იყვნენ (მათე 5.9), და იგინი ღირს არიან ამას, რამეთუ ღმერთი ამისთჳს გარდამოჴდა ზეცით, რაჲთა მშჳდობა ყოს და აცხონოს. აწ უკუეთუ მშჳდობის მყოფელნი შვილნი ღმრთისანი არიან, ეგრჱთვე ბოროტისა მოქმედნი შვილნი ეშმაკისანი არიან, და მრავალნი კაცნი იხარებენ ბოროტისათჳს. ესენი მსგავს არიან ჯუარის-მცუმელთა მათ უფლისათა, რომელთა უგუმირეს გუერდსა მისსა უბიწოსა.

ოდეს გენებოს, ჵ კაცო, ბრძოლად ძმისა შენისა და მტერობად მისა, უწყოდე, და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ასოთა\განისა ქრისტესთა გნებავს ბრძოლაჲ. იხილე ვითარ იტყჳს სახარებასა, ვითარმედ: არა არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ ზეცათაჲსაჲ წარწყმედასა ზედა ერთისაცა მცირისასა (მატე 18.14), და ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა (მატე 18.10); ღმერთი მათთჳს დამდაბლდა და მსგავს კაცთა იქმნა, ვითარცა მონაჲ, და ჯუარს-ეცუა. და შენ, ჵ კაცო, კადნიერებითა და ამპარტავანებითა არად შეგირაცხიენ გლახაკნი და იკადრებ მოძულებად და ვნებად მათდა და მტერობად. და არა თუ მოიძულებ და ემტერები, არამედ ქრისტესა, რომელმან-იგი ასოდ თჳსა აღიარნა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ "მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი" (იოანე 15.5).

ოდეს შევიდის მღდელი ეკლესიად და იწყის ლოცვად "მშჳდობაჲ ყოველთა", და ყოველსა შინა ლოცვასა ამას იტყჳნ. აწ უკუე შენღა ესე გესმის მრავალ გზის, არა გრცხუენის და არცა შეიკდემა მისა მშჳდობისათვის, და ემტერები ძმასა შენსა, ვინაჲთგან ერთი-ერთსა ვემტერებით. შეგჳცვალებიეს მშჳდობაჲ და სიყუარული, და მოგჳგიეს ბოროტი, შური და მტერობაჲ და სიძულვილი.

ვაჲ ჩუენდა, რამეთუ შევიყუარეთ ღმერთი სიტყჳთა და არა საქმითა. გინებსა ცნობად, რაჲ არს მშჳდობაჲ? ყოველთა ისმინეთ, რაჲ-იგი ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ქალაქსა, გინა დაბასა, ანუ სახლსა შეხჳდეთ, მშჳდობაჲ მისცით; და უკუეთუ იყოს ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, დაადგრინ მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა, და უკუთუ არა იყოს მუნ ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ (მატე 10.11-13). და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ესე სიტყუაჲ უქმი არს, რამეთუ არა ჩუენ მივსცემთ მშჳდობასა, არამედ ქრისტე არს, რომელი მისცემს, და ქრისტე ზრახავს ჩუენ მიერ. არა ეზრახა ფარაოს არა მისთჳს, არამედ იოსებისთჳს, და კუალად ნაბუქოდონოსორს - არა მისთჳს, არამედ დანიელისთჳს. ეგრეთვე ზრახავს ჩუენ გამო, - დაღათუ ჩუენ ღირს არა ვართ ამას, - არა ჩუენთჳს, არამედ თქუენთჳს.

და კუალად კაიაფა, რომელმან-იგი ქრისტე ჯუარს-აცუა, ღმერთი ჩუენი, არა თუ იგი ღირს-იყო წინაწარმეტყუელებისა მისთჳს, რომელ-იგი თქუა ქრისტესთჳს, არამედ მღდელობისა მისთჳს, რომელი-იგი ემოსა. და ნუცაღა ჩუენსა ჰგონებთ, ვითარმედ თავით ჩუენით ვზრახავთ, არამედ მადლი იგი მღდელობისაჲ, რომელი არს ჩუენ თანა ღმრთისა-მიერი. იხილეთ-ღა, ვითარ-იგი თქუა ქრისტემან. უკუეთუ სახლსა შინა იყოს ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, დაადგრეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა (მატე 10.13). ვითარ არს ესე, თუ ღირს იყვნენ მშჳდობასა თქუენსა? ესე ამისთჳს, ვიდრემე თქუა: უკუეთუ შეგიწყნარნენ და ისმინონ სიტყუათა თქუენთაჲ, დაადგრეს მშჳდობაჲ მას ზედა; და უკუეთუ არა შეგიწყნარნენ და არა ისმინენ სიტყუანი თქუენნი, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ Pაგე ოფ მს. ჩ: 136ვ  სოდომელნი და გომორელნი უმოლხინეს იყვნენ მათსა დღესა მას სარჩელისასა (მატე 10.13-15) .

რაჲ უკუე სარგებელ არს, უკუეთუ შემიწყნარნეთ ჩუენ და ბრძანებისაებრ ჩუენისა არა იქმოდით? და რაჲ სარგებელ არს ჩუენდა უკუეთუ პატივ-გუცემდეთ და მცნებათა ჩუენთა არა ისმენდეთ? ხოლო პატივ ჩუენდა დიდ ესე არს, რომელი მერგების ჩუენ და თქუენ შეგეძინების, უკუეთუ ისმინოთ და ჰქმნეთ, ვითარ-იგი ისწავეთ ჩუენგან. იხილეთ, ვითარ იტყჳს ქრისტე, ღმერთი ჩუენი: ყოველი რავდენი გრქუან თქუენ მღდელთ მოძღუართა, ყავთ. რამეთუ არა ჩუენსა ისმენთ და არცა ჩუენ გუმორჩილობთ, არამედ მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა (ლუკა 10.16), და არცა ჩუენ შეურაცხ-გუყოფთ, არამედ მღდელობასა, რომელ არს ჩუენ ზედა. და ოდეს მიხილნეთ ჩუენ შიშულად მღდელობისაგან, მაშინ შეურაცხ-გუყვენით ჩუენ და სიტყუანიცა ჩუენნი. არამედ გამცნებ თქუენ მღდელობისათჳს, რომელი გუმოსიეს ჩუენ და მოცემულ არს და ჩუენ თანა არს ნიჭი იგი და ძალი, დაღაცათუ არა ღირს ვართ მას. რამეთუ უკუეთუ რომელნი-იგი დასხდეს საყდართა მოსესთა, მოცემულ იყო ძალი და პატივი და მორჩილებაჲ. რავდენ უკუე უფროჲს მათი ჯერ-არს, რომელნი დასხდომილ არიან საყდართა ქრისტესთა, ძისა ღმრთისათა. ჯერ-არს, რაჲთა ზარი მათი და პატივი ეგოს და შიში და მორჩილებაჲ, რაჟამს მიუღებიეს მათ ჴელმწიფებაჲ კაცთა ზედა. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ ჴელმწიფებაჲ ცათა შინა ქუეყანასა ზედა შეკრვად და განჴსნად, და რომელი შეკრან ქუეყანასა ზედა, კრულ არს იგი ცათა შინა.

და ამისთჳს არა ითქუმის, თუ მან ვინმე ყო ესე, არამედ ებისკოპოსმან, მოგუასწავებს, ვითარმედ ებისკოპოსო\ბაჲ თჳთ საკუთარი არს კაცთა შორის ყოველთა. ესე მღდელობაჲ არს მონიჭებული, მოვლინებული ზეცით ღმრთისა მიერ იესუ ქრისტესა, ღმრთისა ყოველთაჲსა.

აწ უკუე ჩუენ გევედრებით თქუენ, ძმანო, განიშორნეთ თქუენ გონებათაგან თქუენთა ყოველი ბოროტი, და ყოველი სიძულილი, და ყოველი მანკიერებაჲ, და ყოველი შური, და დაჰნერგეთ გულთა თქუენთა სიყუარული და მოწყალებაჲ და მშჳდობაჲ, არა თუ ქუეყანისასა რასმე აღგითქუამ თქუენ და არცა ოქროსა და ვეცხლსა განგიყოფ თქუენ, არამედ აღგითქუამ თქუენ სასუფეველსა ცათასა და ცხორებასა მას საუკუნესა და აღდგომასა ანგელოზთა თანა და მკჳდრობასა ქრისტეს თანა. და აღგითქუამ თქუენ კეთილთა მათ, რომელნი თუალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან საყუარელთა თჳსთა სულიერთა ნების მყოფელთა.

აწ უკუე, ძმანო, ნუმცა ვინ თქუენგანი კადნიერ იქმნების წარდგომად წინაშე წმიდასა მას ტაბლასა და მოღებად ჴორცსა ქრისტესსა, რომელსა აქუნდეს გონებასა მანკიერებაჲ, გინა შური, გინა შფოთი, გინა ძჳრის ჴსენებაჲ ვისთჳსმე, რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი ამპარტავან და ზუავ არიან, განლაგებულ ძმათა თჳსთა ზედა და იქადიან გოვარსა და ტომობასა ქუეყანისა ნათესავთასა და იტყჳან: მე იგი ვინმე ვარ და მისი შვილი ვარ. რომელი იქადის ნათესაობითა ქუეყანისაჲთა და ჴორციელითა, უვარ-უყოფიეს მას ნათესაობაჲ იგი ზეცისაჲ, სულიერი, რამეთუ ჩუენ ყოველნი ერთი ვარ და ერთი მამაჲ გჳვის, რომელ არს ცათა შინა, - არა არს მონება, არცა აზნაურება: არა არს სიმდიდრე, არცა სიგლახაკე, არცა მთავრობა და შეურაცხება, არცა ძლიერება და არცა უძლურება, არამედ ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ და ერთისა გუამისაგან მოგუაქუს, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, და ყოველნი ერთსა საძოვარსა ვძოთ. ვინ უკუე შემძლებელ არს მიწდომად გოვარსა უპატიოსნესსა უფროჲს ქრისტეანობისა, ანუ ვინ შემძლებელ არს სახელის-დებად თავისა თჳსისა მამად უფროჲსა ქრისტესა?! არა ყოველნი ერთობით ვიტყჳთა: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა?! " (მატე 6.9) .

აწ უკუე, რომელი იქადის ძმასა თჳსსა ზედა გოვრითა ქუეყანისაჲთა და იკადრებს მისა სიტყუად, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? და არს იგი ქრისტეანე მისებრვე და ძმაჲ მისი მადლითა, და იგი უვარ-ჰყოფს მას და იქადის მამასა ქუეყანისასა დალევადსა. ჩუენ ყოველნი ძმანი ვართ ქრისტეს მიერ და იგი შეგჳმოსიეს ნათლის-ღებასა, და რამეთუ ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ერთ არს და ყოველთა ერთისაგან გუამისა მოგუაქუს, ვითარ უკუე შემძლებელ ვართ აღზუავებად ერთიერთისა ზედა და სიქადულად, ვინაჲთგან ვხედავთ და გულისჴმა-გჳყოფიეს, ვითარმედ უფალი ჩუენი ღმერთი, დამბადებელი ცათაჲ, ძე ღმრთისაჲ, გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა და დაემკჳდრა მუცელსა ქალწულსა მარიამისსა და მისგან იშვა სიმდაბლით და სიგლახაკით, რომელსა არცაღა თუ სახლი აქუნდა საყოფლად, არამედ ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა მიიწვინა პირუტყუთასა შეხუეული მჩურითა, რომელსა ყოველნი გუნდნი ანგელოზთანი და კრებული ძალთაჲ ზეცათა შინა შიშით და ძწოლით ზარ-განჴდილნი თაყუანის-სცემენ. და შემდგომად შობისა ნათელ-იღო, ვითარცა ერთმან ჩუენგანმან, და ჯუარ-ცუმაჲ თავს-იდვა ჩუენთჳს. და ჩუენ, რომელნი-ესე მიწანი და ნაცარნი ვართ, სიქადულითა ვზუაობთ ერთიერთსა ზედა და განლაღებულ ვართ.

ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა მოისპოთ გონებათა თქუენთაგან ზუაობაჲ და სიქადული, და მტერობაჲ და შური, და ყოველი სახე ბოროტისაჲ, და ვიდოდეთ გზასა მას ქრისტესსა, მდაბალსა, და აღიღეთ უღელი მისი სულ-მცირე ქედთა თქუენთა ზედა, და ყოლადვე ვიღუწიდეთ ძმათა ჩუენთა გლახაკთა, რომელ არს სისრულე და აღსრულებაჲ მცნებათა ყოველთა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათაჲ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი, და მისა შუენის ქებით თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


ებისტოლე წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ, რომელი მიუწერა თევდორეს მთავარსა ჰრომისასა, რომელი მონაზონებით კუალად იქცა სოფლადვე

უკუეთუმცა შესაძლებელ იყო ჩემდა, ცრემლთაჲ და სულთ-თქუმისაჲ წიგნითა აღ-მცა-მევსო ებისტოლე ესე ჩემი მათგან და ესრჱთ წარმომეცა იგი შენდა. და არაჲ თუ ამისთჳს ვტირთ, თუ რაჲსათჳს იძლიე ზრუნვითა მონაგებთა და საფასეთა მამულთაჲთა, არამედ ამისთჳს, რამეთუ ნეფსით თჳსით გამოჰხადე თავი შენი რიცხჳსაგან ძმათაჲსა და წესისაგან ანგელოსებრისა და შეურაცხ-ჰყავ და ეცრუვე აღთქუმასა, რომელი აღგეთქუა დამდაბლებელისა შენისა. ამისგან მეშინის და ესე მტკივის, და ამისთჳს ვიწი და ზრუნვასა შეუპყრიე მე მარადის შენთჳს: რომელი დივანსა მეფისასა არა დაწერილ არნ და რიცხუსა მჴედართასა არა შერაცხილ არნ, არავისგან ბრალისა თანა-მდებ იქმნის, გან-თუ-აშორის თავი თჳსი გუნდისაგან მჴედართაჲსა.

ხოლო რომელი მჴედრად დაწერილ არნ, უკუეთუ მან დაუტევის ნეფსით მჴედრობაჲ თჳსი, არა მცირე პატიჟი მოატყჳს თავსა თჳსსა ერის-მთავრობისაგან და მეფისა, არამედ ფრიადი შეურაცხებისა მისთჳს განწესებულებისათჳს მჴედართა გუნდისა. არა ფრიად ბოროტ არს, საყუარელო ჩემო თევდორე, მორკინალისა დაცემაჲ, არამედ იგი ბოროტ არს, უკუეთუ დაადგრეს დაცემასა მას ზედა თჳსსა. არცა მწუხარება არს, მო-თუ-იწყლას მოღუაწე ბრძოლასა შინა, არამედ ფრიად ტკივილ და გლოვა არს, უკუეთუ წარჰკუეთოს სასოებაჲ თჳსი მოღუაწემან მან შემდგომად წყლულებისა და უდებ-ყოს საღუაწოჲ თჳსი.

არასადა ვინ ვაჭართაგანმან დაუტევის სავაჭროჲ თჳსი, შე-თუ-სადამე-ემთხჳის განსაცდელი ავაზაკთა მიერ, გინა ზღუასა შინა, და წარწყმიდის სავაჭროჲ და მონაგები თჳსი, არამედ კუალადცა ივასხის და შეჯდის ნავსა და ეწყვებიან ღელვათა მძჳნვარეთა ჟამთა მრავალთა, და მიიწის შორთა ქუეყანათა, და მრავლითა შრომითა იღუწინ, რაჲთამცა უკუ-მოიღო აღნადგინები თჳსი. და კუალად მრავალნი მოღუაწენი შემდგომად დაბრკოლებისა და დაცემისა გჳრგჳნოსან იქმნეს ძლევისა გჳრგჳნითა, და მრავალნი მჴედართაგანნი შემდგომად მეოტობისა კუალად იქციან და სიმჴნით ძლევაჲ აჩუენიან მტერთა მიმართ; და მრავალთა სატანჯველთა სიმძაფრისაგან უარ-ყვეს ქრისტე, და მისა შემდგომად კადნიერად აღიარეს და სიმჴნით იღუაწეს და გჳრგჳნითა წამებისაჲთა შეიმკვნეს. და უკეუთუმცა ამათ ყოველთა პირველად ვე წარჰკუეთეს სასოებაჲ თჳსი, რაჟამს-იგი დაეცნეს, არასადამცა მიემთხჳნეს კეთილთა მათ, რომელნი უკუანაჲსკნელ მიეხუნეს.

და აწ ეგრევე შენ, საყუარელო, დაღათუ მტერმან მცირედ შეგარყია დგომისაგან შენისა, არა ჯერ-არს შენდა უდებად დაცემაჲ შენი შებრკოლებასა მაგას ზედა და თავით თჳსით შთავრდომაჲ მღჳმესა მთხრებ[ლ]ისასა განწირულებით, არამედ მჴნედ და ძლიერად დაიდგე[ნ] და ნუ სიჩუკნით შინა-განსცემ ძალსას შენსა, და მყის განიფრთხვე და მწრაფლ მოიქეც ადგილადვე შენდა, ვინაჲცა სიცრუვით განგიტყუვა მტერმან, რამეთუ შურდა შენთჳს გჳრგჳნი იგი მოღუაწეთა შემოსად. და ნუ ჰგონებ, ვითარმედ ეგე მცირედი დაბრკოლებაჲ საყუედრელ და აუგ შენდა იყოს, რამეთუ არა სადა ვინ მჴედარსა მტერთა მიერ წყლულებაჲ აყუედრის, არამედ საყუედრელ მაშინ არნ მჴედარი, რაჟამს თავით თჳსით ჩუკენად დააბნიის შიშისაგან საჭურველი თჳსი და მისცის თავი თჳსი შიშუელი ჴელთა მტერთასა. ხოლო ვინაჲთგან უოტებლად მდგომარე არნ იგი ადგილსა ბრძოლისასა, დაღაცათუ იწყლის, გინა თუ მცირედ იცვალის ადგილით, არა ვინ გამოცდილი ბრძოლასა შინა აბრალებნ მას, და ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, რამეთუ რომელნი ბრძოლისა მახლობელად რა მივლენ, იგინი არა მოიწყლიან, ხოლო რომელნი სიმხნითა ეწყვებიან მტერთა მათთა, ოდესმე იწყლიანცა, ვითარ-ეგე შენ წყლულ ხარ აწ, რამეთუ გენება მოკლვად გუელი იგი გულის-თქუმისაჲ და კბენილ იქმენ მის მიერ.

აწ უკუე განძლიერდი და ნუ მოუძლურდები, რამეთუ მცირედითა საკურნებელითა განიკურნები, ვიდრემდის ყოლადვე არა იპოოს შენ თანა ბრძჳლი წყლულებისაჲ. არამედ მადლითა ქრისტესითა შეჰმუსრო შენ თავი მტერისა ბოროტისაჲ და ნუ მწუხარე ხარ შენ ამისთჳს, ვითარმედ დაწყებასა ოდენ ღუაწლთა შენთასა მოუძლურდი, რამეთუ რაჟამს მტერმან მზაკუვარმან იხილა დაწყებაჲ და სათნოებაჲ სულისა შენისაჲ, შეეშინა, ნუუკუე აღუდგეს შენ მიერ ღუაწლი უძლეველი. რამეთუ სიმჴნით და მჴურვალებით იწყე ბრძოლად მისა პირველადვე და ზარ-განჴდილ იქმნა, რამეთუ ძლეულად ჰხედვიდა თავსა თჳსსა შენ მიერ, უკუეთუ დაადგრე მას ზედა. ამისთჳსცა მღჳძარედ მოსწრაფე იქმნა და აღგიდგინნა ბრძოლანი გულის-თქუმანი ყოვლითა ვერაგობითა და ზაკულებითა მისითა, არამედ ზაკულებაჲ მისი და სიცრუვე თავსავე მისსა დაუჴდეს, უკუეთუ შენ გინდეს და მჴნედ დაუდგე ბრძოლასა მისსა. ვისმემცა არა უკჳრდა პირველი იგი მწრაფლი შეცვალებაჲ შენი წმიდაჲ და უბიწოჲ, მჴურვალედ განშორებაჲ საშუებელ\თა სოფლისათა და ძიებაჲ კეთილთა სათნოებათა, რამეთუ მყის შეურაცხ-ჰყვენ გემონი სანოაგეთანი და დასტკებნენ ყოველნი ზუაობანი, და დასთრგუნე ამპარტავნებაჲ, და შეურაცხ-ჰყავ მჴურვალედ მოსწრაფებაჲ იგი შენი სწავლისათჳს გარეშესა სიბრძნესა ამის სოფლისასა, მსწრაფლ შესცვალე იგი სწავლად და გულისჴმის-ყოფად წიგნთა საღმრთოთა, და მათსა კითხვასა შეაპყარ თავი შენი მარადის დაუცადებელად დღე და ღამე. და ლოცვასა განკრძალულ იყავ ყოლადვე და არა იჴსენებდი პატიოსნებასა და შერაცხილებასა მშობელთა შენთასა, და არცა იგონებდი სიმდიდრესა, არამედ მარადის მუჴლთ-მოდრეკით ილოცევდ წინაშე საფლავთა წმიდათასა და მადლობით ადიდებდი მათ.

ამათ, ესევითართა საქმეთა, შეაწუხეს კეთილის მოძულე იგი მტერი და მით [ი]იძულა ძლიერად ბრძოლად შენდა, არამედ ვერ მოგკლა შენ წყლულებითა უკურნებელითა. და უკუეთუმცა დაეცი შემდგომად ჟამთა მრავალთა, და ძლიერთა მარხვათა და მღჳძარებათა და სხუათა სათნოებათა, იტყოდე სამემცა, ვითარმედ ესთენისა ჟამისა შრომანი ცუდად დამჭირდეს. რამეთუ ვინაჲთგან ეგოდენთა ოფლთა და შრომათა და ძლევისა შენისა შემდგომად იძლიემცა, იგი-მცა გაიძულებდა სასოწარკუეთილებასა, დაღათუ არცაღა ესრჱთ ჯერ-არს სასოწარკუეთილებაჲ.

ხოლო რაჟამს დაწყებასა ოდენ ბრძოლისა შენისასა მისსა მიმართ მცირედ დაგაბრკოლა, ესე სარგებელ არს, რამეთუ განგაფრთხო და განგაძჳნა ოდენ სიმჴნით ბრძოლად მისა სიმარჯჳთ. რამეთუ ბოროტი იგი ავაზაკი არა თუ მაშინ შეგემთხჳა, ოდეს ვაჭრობით მოქცეულ იყავ მრავლითა სარგებელითა, და პოამცა ფრიადი მონაგები და საფასჱ აურაცხელი შენ თანა, და ესე მიგიღო, იგი სამემცა დიდ მწუხარება იყო შენ ზედა. ხოლო ვინაჲთგან შეგემთხჳა იგი განსლვასა ოდენ შენსა ვაჭრობად, მცირედი საფასჱ მიგიღო შენ სავნებელად თავისა თჳსისა, გაგაკრძალა შენ წაღმართ სიმ[არ]ჯჳთ სლვად გზასა მისსა. და ვითარცა-იგი ვის ჰნებავნ მოკლვაჲ მჴეცისა ბოროტისაჲ და შეიფრჩხინის იგი მის მიერ არა სავნებელად, არამედ განბოროტნის იგი ოდენ მის ზედა და განკრძალვით მოსწრაფე იქმნის მოკლვად მისა. ესრეთვე მტერსა ჩუენ ყოველთასა ენება ბოროტად მოწყლვაჲ შენი, არამედ დაემჴუა და ამაო იქმნა ძჳრის ზრახვაჲ იგი მისი შენთჳს, რამეთუ უფროჲსღა გაგაბრძო კრძალულებით მოკლვად მისა. რამეთუ ბუნებაჲ კაცთაჲ მსწრაფლ დაბრკოლდების და იძლევის, და ეგრჱთვე მყის აღემართების და სძლევს; ვითარცა-ეგე შენ უგრძნულად გიბ(რ)კუმა, აწ აღემართე მწრაფლ და სძლე.

და ესრჱთვე ოდესმე შეემთხჳა დაბრკოლებაჲ მჴნესა მას და ძლიერსა დავითს წინაწარმეტყუელსა და მეფესა რჩეულსა. შემდგომად მრავალთა სათნოებათა დაბრკოლდა იგიცა, ვითარცა კაცი, და ეტრფიალა უცხოსა დედაკაცსა, არამედ იმრუშაცა მის თანა გემოთ მოყუარებითა, და ჰმონა ცოდვასა, და მის გამო კაც-კლა უმშჯავროდ. და ესევითარნი ბოროტნი წყლულებანი მოაწინა თავსა თჳსსა ზედა, არამედ მუნთქუესვე მიისწრაფა მან მკურნალისა და დაიდვა წყლულებასა თჳსსა ზედა წამალი, რომელ არს მარხვაჲ ძლიერი და სულ-თქუმაჲ და ტირილი მიუწდომელი, და ლოცვაჲ დაუცადებელი, და კადნიერად აღსარებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ. და ამით ესევითარითა სინანულითა მოიმძევლა წყალობაჲ ღმრთისაჲ მის ზედა და კუალად ეგო წესსავე ზედა თჳსსა, და პატივსა მეფობისა თჳსისასა პირველსა. და შემდგომად სიძვისა და კაცის-კლვისა შემძლებელ იქმნა ჴსენებაჲ სათნოებათა მისთაჲ დაცვად ძისა მისისა, რაჟამს-იგი კერპთა ჰმსახურა, რამეთუ სოლომონ, ძე მისი, შევარდა მასვე საფრჴესა, რომელსაცა დავით, მამაჲ მისი, და დაჯერებისათჳს დედაკაცისა განეშორა ღმერთსა თჳსსა და მამათა თჳსთასა უგუნურებით.

იხილეღა, რავდენსა ბოროტსა მიიწევის, რომელმან არა დააყენოს ნებაჲ თჳსი გულის-თქუმათაგან თჳსთა შეგინებულთა, რამეთუ გარდააქცევს ბუნებასა მთავრობისასა და პატივსა მეფობისასა, და დაამონებს თავსა თჳსსა დედათა. სამართლით დაესაჯა ღმრთისა მიერ სოლომონს ყოლადვე მეფობისაგან განძებაჲ შეურაცხებით ცოდვისა მისთჳს, რომელ შესცოდა ღმერთსა, არამედ სათნოებისათჳს მამისა მისისა დაუტევა ღმერთმან მეექუსე მეფობისაჲ ჴელსავე შინა მისსა. და უკუეთუმცა დღეს იჴმევდიღა შენ გარეშესა მას მოძღურებასა ფილოსოფოსთასა, მრავალი-მცა მომეწერა შენდა მსაჯულთა მათთჳს, და რავდენნი გჳრგჳნოსან იქმნიან და კუალად დაეცნიან.

აწ გევედრები, რაჲთა კუალად იქცე მას მოსწრაფებასა სულისასა და მოიჴსენო დღე იგი საშინელი საშჯელისაჲ და ზარის-ასაჴდელი, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს ჩუენ ყოველთა, თუმცა არა წარვდეგით წინაშე განსაკითხავსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა (II კორ. 5.10), რაჟამს-იგი დაჯდეს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ, რომლისა აღთქმულობასა ეცრუვე შენ. რასა უკუე სიტყჳს-გებასა შემძლებელ ხარ მაშინ მსაჯულისა მის, გინა რომელი მიზეზი მოგაქუს ცრუვებისა შენისათჳს მისა მიმართ. მაუწყე მე მიზეზი იგი. უკუეთუ მიზეზ-იდგამ ზრუნვასა ამის სოფლისასა, უწინარეს უთქუამს მისთჳს, ვითარმედ: "რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და სული თჳსი იზღვიოს; რაჲ უკუე მისცეს ნაცვალად სულისა თჳსისა" (მატე 16.26). და უკუეთუ სთქუა შენ, ვითარმედ გაცთუნეს, არასვე სარგებელ არს შენდა, ვითარცა არას ერგო ადამს, ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: დედკაცი ესე, რომელ შენ მომეც, მან მაცთუნა მე (შესაქ. 3.12) და არცაღა დედაკაცსა მას სარგებელ ეყო, რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ, "გუელმან მაცთუნა მე" (შესაქ. 3.13).

საშინელ არს ფრიად, საყუარელო ჩემო თევდორე, წარდგომაჲ დღესა მას საშჯელისასა წინაშე მსაჯულისა მის თუალთ-უხუავისა, რომელსა არაჲ დაეფარვის საქმეთა ჩუენთაგანი და არცა უჴმან შემასმენელნი და მოწამენი, რამეთუ ყოველივე ცხად არს წინაშე მსაჯულისა მის. და არა ხოლო საქმეთა მიაგებს კაცად-კაცადსა ჩუენსა, არამედ გულის-სიტყუათაცა, რამეთუ მეცნიერ არს კეთილთა გულის-სიტყუათა. და ნუუკუე მიზეზ-იდგა უძლურებაჲ ბუნებისაჲ, ვითარმედ შენ ვერ შემძლებელ ხარ ტჳრთად უღელსა მას ქრისტესსა ტკბილსა და ტჳრთსა სულ-მცირესა, არა თუ განსუენებით შრომად და ტჳრთად ტჳრთსა მძიმესა გიწოდა შენ ქრისტემან, არამედ ესრე იტყჳს ქრისტე, ვითარმედ: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ", და კუალად იტყჳს: "აიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი მცირე არს" (მათე 11.28-30). მაუწყე-ღა რაჲ უსუბუქე არს განსუენებასა კაცისასა ამის სოფლისა ზრუნვათა და შფოთთაგან და კიდე ყოფასა მისგან და ყოფასა შინა მყუდროჲსა ნავთ საყუდელისასა უშიშსა დანთქმისაგან.

და კუალად მაუწყე, რაჲ უფროჲს სასურველ და საწადელ არს კაცისა ზედა ამის სოფლისა საშუებელთა და განსუენებათაგანი, რომელ ჰგონებ. და ნუუ[კ]უე სთქუა: მთავრობაჲ და სიმდიდრე და სილაღე. აწ რაჲ უსაწყალობელეს არს ამათ საქმეთასა, ოდეს შეატყუნე იგინი და შეაწონნე აზნაურობასა ქრისტეანობისასა, რამეთუ მთავარსა ზედა ოდესმე აღდგის კრებული მოკლვად მისა და კუალად ეშინინ მას ყოლადვე მისგან, რომელი-იგი მის ზედა მთავრობნ და მარადის ზრუნვასა შინა არნ. და რომელიმე გუშინ მთავარ არნ და დღეს შეურაცხ იქმნის, და კდემა და სირცხჳლეულ არნ მისა ყუედრებაჲ იგი შეწუხებულთაგან მისთა, რამეთუ საქმენი ამის სოფლისანი მსგავს არიან ყრმათა მომღერალთა, და ვითარცა-იგი მათ ყვიან რომელიმე მათგანი მეფე და რომელიმე მთავარ და რომელი მჴედარ, და ვითარცა მიერ განიბნინიან, არღარა დაადგრის არცაღა მეფე მეფედ და არცა მთავარი მთავრად და არცა მჴედარი მჴედრად. ეგრჱთვე დღესა მას არა თუ სახელთაებრ მიგებად არს კაცად-კაცადსა, არამედ საქმეთაებრ. ნუუკუე დიდებაჲ ამის სოფლისაჲ პატიოსან არს შენ თანა, რომელი ვითარცა ყუავილი თივისაჲ მყის დაცჳვის, რამეთუ სიმდიდრე ვაებასა მოატყუებს მომგებელთა მისთა. რამეთუ წიგნი იტყჳს: ვაჲ თქუენდა, მდიდარნო" (ლუკა 6.24), და კუალად: ვაჲ არს მათდა, რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და იქადიან მრავალთა მონაგებთა მათთა (ფსალმ. 48.6).

ქრისტეანე არა სადა მიიცვალების მთავრობით შეურაცხებად და სიმდიდრით სიგლახაკედ, და არცა დიდებით - დამცირებად, არამედ დაადგრების სიმდიდრესა ზედა, ოდეს დაგლახაკნეს, და ამაღლდების, ოდეს თავი თჳსი დაიმდაბლოს, და ვერვინ შემძლებელ არს მისა ცვალებად მთავრობისაგან, რომელი-იგი მთავარი არს არ ხოლო კაცთაჲ, არამედ მთავრობათაჲ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა ამის ბნელისათა (ეფეს. 6.12). და ნუუკუე სთქუა, ვითარმედ: კეთილ არს ქორწინებაჲ (ებრ. 13.4). და მეცა ვიტყჳ, ვითარმედ: კეთილ არს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "პატიოსან არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელ, ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან" (ებრ. 13.4). ხოლო შენ ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ხარ აღსრულებად შჯულსა ქორწინებისასა, რამეთუ რომელი დაწინდებულ არს ზეცისა მეუფისა მის სიძისა, უკუეთუ იგი შეურაცხ-ყოს და მოიგოს თავისა თჳსისა ცოლი, მან იმრუშა, დაღაცათუ ბევრჯერ ითქუას ქორწილისა სიწმიდე. ესევითარისა ქორწინებაჲ მრუშებაჲ არს და უმეტეს მრუშებისა არს, ვითარცა ღმერთი უდიდეს კაცთა არს. და ნუ ვინ გაცთუნებნ ცუდითა სიტყჳთა, ვითარმედ ღმერთსა არა სადა დაუყენებიეს ქორწილი. მეცა უწყი, ვითარმედ ღმერთი არა აყენებს ქორწინებად, არამედ დააყენებს მრუშებისაგან, რომელი შენ გეგულების ყოფად. უკუეთუ სადამე გული გითქუამს ქორწინებად, და, ვესავ ღმერთსა, არა იყოს. და ნუ გიკჳრს, ვითარმედ ქორწინებაჲ უწესოჲ მრუშებაჲ არს, ვინაჲთგან წინააღმდგომ არს ღმრთისა. რამეთუ გჳხილავს კაცის-კლვაჲ სიმართლედ შერაცხად, რამეთუ მორჩილებითა ღმრთისაჲთა მოკლა. და წყალობაჲ რომელთამე უბოროტეს კაცის-კლვისა შეერაცხა, რამეთუ თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა ყო, და ესრჱთვე კაცის-კლვაჲ ფინეეზს სიმართლედ შეერაცხა, რაჟამს-იგი განგუმირნა მეძავნი იგი. ხოლო საულ მეფისათჳს ვერ შემძლებელ იქმნა წმიდაჲ სამოელ წინაწარმეტყუელი განრინებად პატიჟისაგან განბჭობილისა ღმრთისა მიერ მის ზედა, დაღაცათუ მრავალი ღამის თევაჲ ყო მისთჳს ტირილით წინაშე ღმრთისა, არა შეიწირა მისი და არცა მოიქცა წყალობაჲ მისა. და ესე ამისთჳს განურის\ხნა, რაჟამს არა მოკლა მან მეფე ამალეკისაჲ, ვითარცა ებრძანა მისა ღმერთსა, ხოლო მან შეიწყალა იგი.

აწ უკუეთუ რომელთამე წყალობაჲ უბოროტეს კაცის-კლვისა შეერაცხა, ვინაჲთგან იყო იგი ურჩებითა ღმრთისაჲთა, რაჲ გიკჳრს ქორწინებაჲ უბოროტეს მრუშებისა, ოდეს იყოს იგი წინააღმდგომ ბრძანებასა ქრისტესა, და ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ, უკუეთუმცა უცებთა და უმეცრთაგანი იყავ, არამცა ვიდრემე ეგოდენ საბრალის იყავ დატევებისათჳს მჴედრობისა. ხოლო აწ არღარა გაქუს ჴელმწიფობაჲ თავსა შენსა ზედა, რამეთუ დაწერილ ხარ მჴედრად ესევითარისა მეუფისა საუკუნეთა შემოქმედისა. უკუეთუ დედაკაცსა, ქმრის ცოლსა, არა აქუს ჴელმწიფებაჲ ჴორცთა მისთა ზედა, არამედ ქმარსა მისსა, რავდენ უფროჲს რომელნი შეყოფილ არიან ქრისტესა სიწმიდითა, არღარა აქუს მათ ჴელმწიფებაჲ ჴორცთა მათთა ზედა; რომელი შენ შეურაცხ-გიყოფიეს, აწ იგი ყოფად არს მსაჯული დღესა მას.

აწ უკუე გულისჴმა-ყავ ესე გონებასა შენსა და მოიჴსენე მდინარე იგი ცეცხლისაჲ, რამეთუ დღესა მას მდინარე ცეცხლისაჲ დიოდის წინაშე მისსა (დან. 7.10). და რომელნი მაშინ შთაისხნენ მდინარესა მას, ჴსნაჲ მათი არღარა არს უკუნისამდე ტანჯვისაგან. ხოლო გემონი ესე ბოროტნი ამის სოფლისანი არა უმტკიცეს არიან სიზმართა და აჩრდილისა, რამეთუ პირველ ცოდვისა აღს\რულებისა დაშრტიან ნებანი გემოთანი, ხოლო პატიჟნი, რომელნი მის მიერ დაესაჯნიან, დალევაჲ მათი არაღარა არს. და რამეთუ გემოჲ მცირედ ჟამ არს, ხოლო მწუხარებაჲ საუკუნე არს. და რაჲ უკუე დადგრების სოფლისა საქმეთაგანი, სიმდიდრე ოდესმე მიმწუხრამდე არა დარჩის მომგებლესა მისსა, გინა დიდებაჲ. არამედ ისმინე, რასა იტყჳს ერთი მართალთაგანი, ვითარმედ: "ცხორებაჲ ჩემი უმოსწრაფეს მსრბოლისა არს" (იობ. 9.25). და ვითარცა იგინი პირველ დაცემისა ივლტიედ, ეგრეცა ჩუენდა ჯერ-არს კრძალვაჲ. არარაჲ არს უპატიოსნეს სულისა და ესე უგუნურთაცა საცნაურ არს და ეგრეთ ვინმე თქუა ერთმან ფილოსოფოსმან მსოფლიომან, ვითარმედ: არარაჲ უდიდეს არს სულისა.

მე უწყი, ვითარმედ არა ფრიად მოუძლურებულ ხარ ბრძოლასა სულთა უკეთურთასა და მდგომარე ხარ შენ შორის ს(ა)ჴუმილსა გულის-თქუმათასა, არამედ უკუეთუ ჰრქუა მტერსა, ვითარმედ: მე გემოთა შენთა არა ვჰმონებ და ძირსა ყოველთა სიბოროტეთა შენთასა არა თაყუანის-ვსცემ და აღიხილნე თუალნი შენნი ზეცად, მუნთქუესვე მოაკლდეს საჴუმილსა მაგას ცეცხლისასა შენგან და დაწუნეს იგინი, რომელთა შთაგაგდეს შენ მას შინა და მოივლინოს შენდა საჴუმილსა მაგას ღრუბელი ცუარითა სავსე და ნიავი მყუდროჲ, რაჲთა არღარა მოგეახლოს ცეცხლი გულის-თქუმათაჲ გონებასა შენსა.

შენ ხოლო თავით შენით ნუ აღიგზნებ საჴუმილსა მას დასაწუველად სულისა შენისა, რამეთუ ქალაქნი შეზღუდვილნი ვერ დაამჴუნიან მარჯუედ მბრძოლთა ხოლო, გარეშეთა ღონის ძიებითა მათითა, არამედ რაჟამს გარდაიქცის ერთი ანუ ორი შინაგან მკჳდრი ქალაქისაჲ, უშრომელად განსციან ქალაქი იგი მტერთა. ეგრჱთვე შენ უკუეთუ არა განგცენ მეტრთა შინაგანთა გულის-სიტყუათა შენთა, ვერ შემძლებელ არს ძლევად შენდა მტერი, დაღაცათუ მრავალნი ღონის ძიებანი მოიზაკუნეს შენთჳს. გარეშეთ გქონან შენ მადლითა ღმრთისაჲთა მრავალნი ძლიერნი, რომელთა ელმის საქმე შენი და გასწავებენ სულისა შენისა ცხორებასა, რამეთუ სიყუარულით ეწყალის სული შენი და მოსწრაფე არიან ჴსნასა მისსა პირისაგან მტერისა, რომელ არს ერთი მათგანი წმიდაჲ პალადიოს, მონაჲ ქრისტესი, სარწმუნოჲ, და კუალად სხუაჲ წმიდაჲ ფოლორანტიოს, და ბრძენი ბრძენთა ქრისტესაჲთა წმიდაჲ პორფირიოს და სხუანი მრავალნი. ამათ სტკივის საქმე შენი, და დღითი-დღედ არა დასცხრებიან ვედრებად ღმრთისა ცხორებასა შენისათჳს; და მიმთხუეულ იყვნეს თხოასა მათსა, უკუეთუმცა შენ გენება მცირედ მოზიდვაჲ თავისა შენისაჲ ჴელთაგან მტე\რთა შენთაჲსა, ვითარ არა იყოს ესე აუგ და დუხჭირ, უკუეთუ სხუათა არღა გაუწირავს სასოებაჲ ცხორებისა შენისაჲ, არამედ დღითი-დღედ ილოცვენ და სასოებაჲ აქუსღა უკუე მოგებად და შებრძჳნებად ასოჲ იგი მოკუეთილი ასოთავე თჳსთა, და შენ არა გნებავს აღმართებად დაცემულობისაგან შენისა, არამედ დადგრომილ ხარ მას ზედა, ვითარცა კაცი, რომელი ეტყჳნ მტერსა თჳსსა: მოკალ და ნუ სწყალობ?! წერილი იტყჳს: "ნუუკუე რომელი დაეცის, არა-მე აღდგისა" (იერემ. 8.4)? და შენ წინა-აღუდგები წიგნთა, რამეთუ უკუეთუ დაცემისა შენისათჳს წარგიკუეთიეს სასოებაჲ შენი, ესრე იტყჳს: რომელი დაეცეს, ვერღარა ნუ შესაძლებელ არსა აღდგომაჲ მისი?

გევედრები, საყუარელო ჩემო თევდორე, რაჲთა არა უმშჯავროდ ჰმსძლავრო სულსა შენსა ესევითარი მძლავრობაჲ და შეაწუხნე სულნი ჩუენნი ესევითარითა მწუხარებითა და ნუ გასწირავ თავსა მოსიკუდიდ სულითა საუკუნოდ. რამეთუ არღა მიწევნულ ხარ შენ ოცისა წლისა ჟამთა ჯერეთის. დაღაცათუმცა ცხორებულ იყავ მრავალთა ჟამთა და ნებასა შინა ქრისტესსა აღგესრულნეს დღენი შენნი და მოხუცებულ იყავ სიმართლით და ჟამსა ოდენ სიბერისა და სიკუდილისასა დაეცი შენ ამით დაცემითა, მაშინცა არა ჯერ-იყო შენდა წარკუ\თაჲ სასოებისაჲ წყალობისაგან ღმრთისა. არამედ გულისჴმა-ყავ ავაზაკისაჲ მის, რომელმან-იგი აღიარა ჯუარსა ზედა და ვითარ-იგი მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი სასყიდელსა დღესა სრულისასა ღირს იქმნეს მოღებად. და ვითარცა-იგი არა ჯერ-არს მათიცა, რომელნი მოხუცებულობასა დაეცნენ, სასოებისა წარკუეთაჲ, უკუეთუ უდებ იქმნენ. ეგრჱთვე არა ჯერ-არს კაცისა განშორებაჲ თავისა თჳსისაჲ ესევითარისა სასოებისაგან და თქუმად: განვიხარო ჟამ რავდენმე საშუებელთაგან ამის სოფლისათა და ვიჴმინე გემონი მისნი ჟამსა სიჭაბუკისა ჩემისასა და ჟამსა სიბერისა და უძლურებისა ჩემისასა მცირედ შრომაჲ თავს ვიდვა და სრული სასყიდელი მოვიღო.

არა გაჴსოვსა, რაჟამს-იგი განგაკრძალებდი ცთომისაგან და შენ მომიგე მე: რაჲ უკუე ვყო, უკუეთუ მცირედისა ჟამისა შემდგომად განვიდე საწუთროჲსაგან და რომელი შენდობაჲ ვპოო მისგან, რომელმან-იგი თქუა: "ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა შენისა და ნუცა სდროებ დღითი-დღედ" (ზირ. 5.8). აწ უკუე მოიყვანე გონებაჲ შენი გულადვე შენდა და შეკარ მპარავი, რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ესრე სახელ-სდვა დღესა მას განსლვისა ჩუენისასა ამიერ სოფლით, რამეთუ უგრძნულად და მომავალ არს ჩუენ ზედა. გან-ღა-იგონნეთ საქმენი სოფლისანი საკუთარნი და საერთადონი! შიში მთავართაჲ შური მოქალაქეთაჲ, რომელი ოდეს მიიწიის თავსა ბოროტთა განსაცდელთასა და შრომაჲ და ჭირი და შეპოვნებაჲ მსგავსი მონათაჲ, რომელსა მონანიცა პატიოსანთანი არავე დაჯერებულ არიედ. და მოიძულე ესე ყოველი ჭირი და შრომაჲ სოფლისა ამის ნაკლულისა და მყის წარმავალისაჲ. აწ რაჲმე იყოს უმწარეს ამისა?! რამეთუ მრავალნი დაშურეს ამას სოფელსა მოსწრაფედ, ხარკებით და წამოაცალიერნეს დღენი ცხორებისა მათისანი შრომით და ჭირით, და ოდესღა ჰგონებდეს სასყიდლისა მოგებასა, ცუდნი განვიდეს და ცალიერნი დაშთეს მისგან.

უკუეთუ რომელთა-იგი მრავალნი განსაცდელნი თავს-ისხნიან და მრავალ გზის მძლედ გამოჩნდიან ბრძოლასა შინა მტერთა ქუეყანისა მეფისათა, ძნიად სამე შეუძლიან კადნიერებით ხილვად პირი მეფისაჲ. ვითარ უკუე შემძლებელ არს კაცი ხილვად პირსა ზეცისა მეუფისასა, რომელი დღეთა ცხორებისა მისისათა მტერთა შერთულ იყო მისთა და მოყუარეთა მისთა ჰბრძოდა მარადის. გნებავსა და გიჩუენნე ურვანი განუქარვებელნი და ზრუნვაჲ სამარადისოჲ, რომელი იქმნებიან რომელთამე სახლთა შინა დედაკაცის გამო და შვილთა და სახლეულთა, რამეთუ უკუეთუ ბერწ არნ და არა შვის დედაკაცმან შვილი, მწუხარე არიედ ყოველნი, და უკუეთუ შვის, ჰფრფინვედ მას; რამეთუ რომელმან არა შვის, იტყჳედ, ვითარმედ ცუდად იქორწინნეს, და რომელმან შვის, დაემონის უფროჲს მონისა. უკუეთუ დასნეულდის ყრმაჲ იგი, შიშითა განიკაფნიან მშობელნი მისნი, და უკუეთუ მოკუდის უჟამოდ, მწუხარებითა განილიან. და ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა მრავალ-ფერნი საურავნი განუახლდებიედ დღითი-დღედ მისთჳს.

უკუეთუ ვინმე შეირთის დედაკაცი გლახაკი ცოლად, შეწუხნის; და უკუეთუ მდიდართაგანი მოიყვანის, შეაწუხის მან. რამეთუ მდიდარმან მცველი განაჩინის მის ზედა და მარადის სიტყჳთა ჰყუედრინ და ჰგუემნ, ვითარცა კუერთხითა, და ეტყჳნ: ჩემგან მიკჳრს, რომელ შენ სახესა ალქატსა ცოლ-ვეყავ; და მარადის განჰლევნ ყუედრებითა სულსა მისსა, და აზნაური იგი მონა ცოლისა არნ.

და კუალად მოიჴსენენ მრავალ-ფერნი იგი ურვანი განუქარვებელნი სახლეულთა სიბოროტისანი დღე და ღამე. და რომელსა ესევითარი ცხორებაჲ მოუგიეს სოფელსა ამას, საყუარელო თევდორე, დანთქმულ არს მარადის, სული მისი დამონებულა ესევითართა განსაცდელთა და არნ ცხორებაჲ მისი სხჳსათჳს და არა თუ მისთჳს. და ამას, რომელსა გითხრობ და მოგაჴსენებ, საყუარელო თევდორე, მე უწყი, ვითარმედ ამას ყოველსა ზედა გონებაჲ შენი მეწამების, რამეთუ იცი, რავდენსა სიხარულსა და მხიარულებასა შინა იყავ და უზრუნველ ამის ყოვლისაგან მცირედთა მათ დღეთა, ოდეს-იგი შეგერაცხა თავი შენი რიცხუსა თანა ძმათა კრებულისათა, რამეთუ არავინ არს თავისუფალ თჳნიერ უქორწინებელნი და ცხოველ არს ქრისტესა, იგი ასწრობილ არს ყოველთა განსაცდელთა სოფლისათა.

უკუეთუ კაცმან თჳთ არა ივნოს სულსა თჳსსა, სხუაჲ ვერ შემძლებელ არს ვნებად მისა. უკუეთუ დაჰჭირდენ მონაგებნი, არა შეწუხნეს: უწყინ, რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფელსა ამას და ვერცა რას შემძლებელ ვართ მიერ განღებად  (I ტიმ. 6.7). არა ჰყუარობნ გონებითა დიდებულთა და პატივთა, რამეთუ უწყინ, ვითარმედ განგებაჲ ჩუენი ზეცისაჲ არს. უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყვის, არა შეწუხნის. და უკუეთუ ავნის ვინ, არა შურსა ეძიებნ, რამეთუ ქრისტეანისაჲ ერთი არს განსაცდელი და მწუხარებაჲ, უკუეთუ იგი წინა-აღუდგეს ნებასა ღმრთისასა. ხოლო თჳნიერ ამისსა ყოველი, რომელი შეემთხჳოს მსოფლიოჲ განსაცდელი და ურვაჲ, არა არს იგი მისა ურვა, რამეთუ საქმისაგანაც რომლისაჲ ყოველთა კაცთა ეშინის, იგი ჰხედავს მას უტკბი\ლეს ყოვლისა სიტკბოებისა, რომელ არს განსლვაჲ ამიერ სოფლით. და მსგავს არს იგი, ვითარცა ვინ აღვიდის მთასა ზედა პირსა ზღჳსასა და დაჯდის დაყუდებულად და უშიშად. და ხედავნ იგი კაცთა ნავითა მავალთა ზღუასა შინა და რომელნიმე მათგანნი დაინთქმიედ ღელვათა სიმძაფრითა; და რომელთაჲმე შეიმსურვინ კლდისა შემთხუვევითა; და რომელნიმე მოსწრაფე არიედ წარსვლად ქუეყანად თჳსა და ქარი კუალად აქცევნ და აბრკოლებენ მათ, ვითარცა შეკრულთა; და მრავალნი დანთქმულ არიედ; და რომელნიმე მოკიდებულ არიედ ნამუსრევსა რასმე ნავისასა და ზე მოუცუმანედ წყალთა და ეგრჱთ იგუემებიედ მათ შინა; და რომელნიმე ცურვედ ზედა ზღუასა მრავლითა შრომითა და ეძიებდ განრინებასა; და რომელთამე მოშთობილთა გუამნი მიმოჰქონედ ღელვათა ზღჳსათა. და მრავალთა განსაცდელთა ჰხედავნ მთით გარდამო და იგი უშიშ არნ.

ეგრჱთვე რომელმან განუკუთნა თავი თჳსი მჴედრად უფლისა, მან იჴსნა თავი თჳსი შფოთთაგან ამის სოფლისათა და ღელვათა მისთაგან მძჳნვარეთა, და დაჯდა იგი ადგილსა მაღალსა და უშიშსა ყოვლისაგან სავნებელისა და რაჲმე იყოს, ჵ თევდორე, უფროჲს კრძალული ადგილი, ვითარცა რომელსამე არა აქუნ საურავი ყოლადვე თჳნიერ ერთისა ზრუნვისა, რაჲთა დააჯეროს უფალი თჳსი?

იხილენა განსაცდელთა შემთხუევანი, რომელნი ვლენან ზღუასა მას ზედა? ამისთჳს გევედრები, რაჲთა ევლტოდი ამათ ესევითართა ღელვათა ბოროტთა და დაშჯდე შენ ადგილსა კრძალულსა და უშიშსა ვნებათაგან. უწყოდე ჭეშმარიტად, ჵ თევდორე, ვითარმედ აღდგომაჲ და განკითხვაჲ ჭეშმარიტ არს და ვითარმედ შემდგომად განსლვისა ჩუენისა ამიერ სოფლით მივიწევით განკითხვასა საშინელსა. რამეთუ ვერ შესაძლებელ არს ჩუენ ყოველთაჲ, ვითარმცა არა წარვდეგით საშჯელსა მას ქრისტესსა (II კორ. 5.10). ხოლო ესე სოფელი უმედგრეს აჩრდილისა არს და სავსე არს იგი შიშითა და განსაცდელთა მრავლითა და ჭირითა. აწ უკუე ნუ დაიჭირებ ამას წარმავალსა და მას წარუვალსა, და შენ შემძლებელ ხარ ორთავე შეძინებად, უკუეთუ გენებოს იგი.

პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: რომელნი ცხონდებიან უქორწინებელად ქრისტესთჳს, ამას სოფელსაცა შეიძენენ იგინი; რაჟამს იგი ასწავებს და ეტყჳს, ვითარმედ: "მე წყალობისა თქუენისათჳს გეტყჳ სარგებელსა სუ[ლ]თა თქუენთასა" (I კორ. 7.34-35). ჰგონება, ვითარმედ რომელნი საქმესა ღმრთისასა ხოლო ზრუნვენ, იგინი ამას სოფელსა უფროჲს ქორწინებულთასა არიან? ვერვინ კაცთაგანი შემძლებელ არს სინანულად შემდგომად განსლვისა მისისა ამიერ სოფლით, რამეთუ არასადა ვინ მოღუაწეთაგანი შემდგომად წარსვლისა ადგილისა მისგან საღუაწოჲსა და განბნევისა ერისა შემძლებელ არს ღუწოლად მერმე.

აწ გულისჴმა-ყავ ესე და შემუსრე მახჳლი იგი მტერისაჲ ბოროტი, რომლითა მოსრავს მრავალთა, რომელ არს წარკუეთაჲ სასოებისაჲ, რომლითა ავნებს დაცემულთა და განწირულთა სინანულისაგან. და ესე არს საჭურველი მტერისაჲ და ვერ შემძლებელ არს დაცემულთა მოკლვად თჳნიერ ამისა. და უკუეთუ ჩუენ გჳნდეს, მადლითა ღმრთისაჲთა შემძლებელ ვართ ჴსნად. მე უწყი, რამეთუ ფრიად განვამრავლე ებისტოლე ესე, არამედ შემინდვე, რამეთუ ვერ დაუთმე ამას შეცთომილებასა. არამედ ვიიძულე სიყუარულითა და მწუხარებითა მოწერად ამას შენდა, დაღაცათუ მრავალნი მაყენებდეს ამას მიწერად შენდა და მეტყოდეს: დასცხერ მისგან, რომელი არღარა სარგებელ არს და ნუ სთესავ კლდესა ზედა უნაყოფოსა. ხოლო მე არავისი მათგანისაჲ შევიწყნარე, არამედ ვარქუ მათ: ვესავ ღმერთსა, [ვითარმედ] წიგნი ესე სარგებელ იყოს, უფალსა თუ უნდეს, და უკუეთუ არა, ჩუენ არ[ღა]\რა ბრალეულ ვიყვნეთ უზრუნველყობისათჳს შენისა და არა ვიპოვნეთ უწყალო უფროჲს მენავეთა, რომელთა იხილიან სხუაჲ ნავი, რომელი არა იციედ განტეხილად და დანთქმად მიახლებულად, მუნთქუესვე აფრაჲ გარდამოაგდიან და კავნი შთაყარნიან და ნავი დაადგინიან და მცირესა მას ნავსა სამსახურებელსა შესხდიან და მწრაფლ წარვიდიან შეწევნად მათდა. და უკუეთუ მათ მძიმე და ძნელ უჩნ წარწყმედაჲ მათი, დაღაცათუ უმეცარ არიედ მათდა და ისწრაფიან შეწევნად მათდა ყოვლითა ძალითა მათითა, და არავინ აბრალის შეწევნაჲ მათი.

ეგრჱთვე მე ვყავ რომელი ჯერ-იყო და ვესავ ღმერთსა, შენცა ჰყო, რომელი ჯერ-არს. და კუალად გიხილო შერთულად ტარიგთა მათ ქრისტესთა დაცვული უვნებელად მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთაჲთა, საყუარელო, უკუეთუ გონებასა შენსა არსღა სიყუარული ჩუენი და არა განგითხევიეს მისგან, მო-უკუე-გჳწერე ჩუენ პასუხი წიგნისაჲ ამის ჩუენისაჲ და ახარე სულთა ჩუენთა ღმრთისა მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ებისტოლე წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ თევდორესა მიმართ, რომელმან მონაზონებაჲ დაუტევა და ცოლი შეირთო, რომელი იყო დის წული იონან ჰრომთა პაპისაჲ.

იტყჳს უფალი პირითა ეზეკიელ წინაწარმეტყუელისაჲ: უკუეთუ მოიქცეს მართალი სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ცოდვაჲ წინაშე ჩემსა (ეზეკ. 3.20), არღარა მოვიჴსენნე ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ექმნენ. თქუა უფალმან. და კუალად წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: უკუეთუ ცოდოს კაცმან შემდგომად შეწყნარებისა სულისა წმიდისა, რომელ არს ცნობაჲ ჭეშმარიტებისაჲ, არა შეიწირვის შესაწირავი ცოდვილისაჲ (ებრ. 10.26), ვიდრემდის არა შეინანოს. და ესე მათ თქუეს, რომელთა წინაწარმეტყუელებაჲ აქუნდა მწუხარებითა და ტკივილით კაცთა ცოდვილთათჳს.

ხოლო მე, შვილო ჩემო, მეწამების დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ, იესუ ქრისტე, ღმერთი ყოველთაჲ, ვითარმედ: შემმოსა მე ჰამბავმან შენმან მწუხარებაჲ ვითარცა სამოსელი და მომბლარდნა ტკივილი ვითარცა საბლარდნელი. და შემიძრწუნნა ყოველნი ძუალნი ჩემნი სასოწარკუეთილობამან შენმან და თუალთა ჩემთა მრავალნი ცრემლნი დათხევიან შენთჳს. იტყჳს წერილი, ვითარმედ: "ნაშობმან ბრძენმან ახარის მშობელთა თჳსთა" (იგავნი 10.1). ხოლო შენ, შვილო ჩემო, ნაცვალად სიხარულისა შემმოსე მწუხარებაჲ და ნაცვალად მხიარულებისა შემარტყ მე ჭუვილი და ნაცვალად ნუგეშინის-ცემისა სასოწარკუეთილებაჲ.

ვაჲმე, შვილო ჩემო, ამის შემთხუევისათჳს ბოროტისა და მტკივანისა, შვილო ჩემო, რომელმან ღმერთი უვარ-ყოს, რომელი წამალი იპოების საკურნებელად მისა გინა წყლულებასა მისსა? უკუეთუ კაცმან კაცსა შესცოდის, ღმრთისაგან ითხოვნ შენდობასა, ხოლო უკუეთუ ღმერთსა შესცოდოს, ვისგან ითხოოს მოტევებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ? არა უკუე მოიჴსენება, შვილო ჩემო, ჟამსა მას საშინელსა და წმიდასა, რაჟამს-იგი მდგომარე იყავ წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შორის განწყობილსა წმიდასა ძმათა კრებულისასა შიშით და ლმობიერად მდგომარეთა და შემოსილთა წმიდითა მით სქემითა (სახითა) ანგელოზთაჲთა, რომელიცა განჰფინეს წინაშე შენსა. და განგძარცუეს შენგან სამოსელი იგი მსოფლიოჲ, საერისკაცოჲ, რაჟამს-იგი აღთქუმით ღმერთსა და სიტყუაჲ მიეც, რაჲთა ჰმსახურებდე მას დღეთა ცხორებისა შენისათა და მარადის სდგე წინაშე მისსა შიშით, მღჳძარედ ლოცვასა შინა ცრემლით, ლმობიერითა გულითა მჴურვალედ და მოსწრაფედ ნებითა შენითა ვითარცა მჴედარი, რომელმან დაიწერის თავი თჳსი დივანსა შინა მეფისასა და მიერითგან წამო[ი]ღებნ იგი განწესებულსა როჭიკსა ერის კაცთასა, ვერღა შემძლებელ არნ იგი თავით თჳსით განთავისუფლებად მსახურებისა მისგან, არამედ მარადის მდგომარე არნ იგი წინაშე მეფისა შეჭურვილი საჭურველითა და განმზადებული ბრძოლად მტერთა მეფისათა თავ-გაწირვით.

ხოლო შენ, შვილო ჩემო, ნეფსით თჳსით განუკუთნე თავი შენი მეუფესა მას ზეცისასა და შეერთე მსახურებად მისა გუნდსა ანგელოზთასა და მათ თანა მდგომარე უგალობდი მას ჴმითა მით ანგელოზებრითა დაუცხრომელად დღე და ღამე, მდგომარე მათ თანა სიხარულით მსახურებასა ღმრთისასა, რომლისაგანცა შურით გამოგაგდო მტერმან მან ნათესავისა ჩუენისა. აწ უკუე რომელსა ვსტიროდი საქმეთა შენთაგანსა, ანუ რომლისთჳს სულთ-ვითქუმიდე: ცრუვებისათჳს შენისა აღთქუმასა მას ღმრთისასა, ანუ განშორებისათჳს შენისა გუნდსა მას ანგელოზთასა არა დადგრომად ჭეშმარიტებასა ზედა, ანუ განძარცუვასა შენგან წმიდისა მის და შუენიერისა სქემისასა? დატევებასა შენსა სიწმიდისა და სათნოებისასა, ანუ განშორებასა შენსა ღმრთისაგან? აბეზრობასა შენსა ძმათა კრებულისაგან, ანუ განყენებასა შენსა მამისაგან სახიერისა?

ვაჲმე, შვილო ჩემო, ვითარღა მარხვისა მის წილ წმიდისა და უბოწოჲსა კუალად იქეც უჟამოდ ჭამასა ნაყროვანებით და უძღებებით განჴრწნადთა მათ და მავნებელთა სანოაგეთასა და სიხარბით სუმასა სასუმელთა მათ საცთურებისათა და ნაცვალად საყოფლისა მის მყუდროჲსა და დაწყნარებულისა მიიქეც სამკჳდრებელთა მათ ამბოხოანთა და ურიდად განსაცხრომელთა და წარსაწყმედელთა, და ნაცვალად სარგებელისა და განსუენებისა მიიცვალე საჭირველსა და შრომასა უნდოსა.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, რამეთუ ქორწინებაჲ მონებისა უღელი არს კაცისთჳს და ცოლიერი კაცი მარადის ჭირსა და ურვასა შინა არს, და ზრუნვაჲ და მწუხარებაჲ არა დააკლდების დღეთა ცხორებისა მისისათა, რამეთუ ცოლი საფრჴე და საცთურ ექმნების და დამაყენებელ ყოველსა საქმესა კეთილისა და სათნოებისასა, და შეჰკრავს და აყენებს არა საქმედ კეთილისა. ვერცა ლოცვად შემძლებელ არს დაწყნარებით ცოლიერი და ვერცა მარხვად უზრუნველად, და ვერცა მღჳძარებად ღამის თევასა; და ვერცა დაწვების მოსიერი და წელ-მორტყმული, და ვერცა შუაღამედ აღდგების გალობად ზეცისა განწყობილსა თანა, და ვერცა შემძლებელ არს კითხვად წიგნთა წმიდათა, და ვერცა მოიკითხავს დღი\თი-დღედ წმიდათა ღმრთისათა, არამედ განიჴსნის სარტყელი და განიძარცჳს სამოსელი და დაწვის ვითარცა საცხოვარი პირუტყჳ უზრუნველად სარეცელსა შეგინებულსა და საწოლსა ბილწებისასა, რომელნი თჳნიერ სჯულისა იქორწინნენ; და თუ იღჳძებნ, ბილწებასა იგონებნ; და თუ დაიძინის, ბოროტთა სიზმართა და შემაძრწუნებელთა ჩუენებათა შეაძრწუნიან; და ოდეს განთენის და რომელიმე დღისაცა ჟამი წარმოჴდის და მაშინღა აღდგის, და ნაცვალად ლოცვისა და ღმრთის მსახურებისა იწყის ხოლო გონებად უკეთურებისა და განზრახვად უსამართლოებისა, და მოღებისა და მიცემისა უნდოდ, კაცთა მონაგებთა მოტაცებად და სულისა სარგებელსა დაჭირვებად და რიცხუად ვახშსა აღნადგინებთასა.

დედაკაცმან, შვილო ჩემო, მრავალნი წმიდანი განაშორნა უცნაურად ღმრთისაგან; დედაკაცი, შვილო ჩემო, კაცთა მსოფლიოთაჲ არს, რომელთაჲ არცა ლოცვაჲ და არცა მარხვაჲ შერაცხილ არს, რომელნი არა იღჳძებენ ღმრთისათჳს, არამედ, რაჟამს აღდგიან და შეიმოსნიან, განემზადნიან ხოლო ჭამად და სუმად და საზრახავად ზრახვასა ბილწებისა და შეგინებისასა და ეკაზმებიედ ცოდვასა, იწურთიედ ტყუილსა და იგონებედ სიძვასა და მრუშებასა და ყოველსა ბოროტისა საქმესა.

ცოლი, შვილო ჩემო, ესევითართათჳს არს, რომელნი ამათ საქმეთა ჰყუარობენ. ხოლო შენ, შვილო ჩემო, ნუ შესცვალებ სიყუარულსა ღმრთისასა ცოლისა სიყუარულად, დაღათუ ასული არს აზნაურთაჲ და დაშნი და ნანარი და მოყუარე კეთილისაჲ და ტომთაგან პატიოსანთა გამოსრული. ნუ აღირჩევ სიყუარულსა მისსა სიყუარულსა ზედა ღმრთისასა, რომელსა პირველვე განუკუთნე თავი შენი მსახურებად მისა. ნუმცა გძლევს სიყუარული ცოლისაჲ სიყუარულსა ანგელოზთასა. და ნუმცა პატივ-სცემ აღთქუმასა და ფიცებასა ცოლისასა უფროჲს აღთქუმასა და ფიცებასა ღმრთისასა. და მე უწყი, ვითარმედ განმზადებულ ხარ სიტყჳს გებად ჩემდა პასუხსა სიტყუათა ჩემთასა და მეტყჳ ესრჱთ, ვითარმედ: მიბრკუმა და დავეცი, და ბეჭედი იგი, დაცვული ქალწულებისა და სიწმიდისაჲ, შევმუსრე და წარვწყმიდე უდებებითა ჩემითა; და აწ რასაღა შემძლებელ ვარ ყოფად?

ისმინე, შვილო ჩემო, თქუმული იგი უფლისა ჩუენისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: "მოიქეცით ჩემდა შვილნი ეგე განდგომილნი და მე მოვიქცე თქუენდა" (მალაქია 3.7). აწ უკუე მოიქეც, შვილო ჩემო, კუალად პირველსავე მას სახესა წმიდისა სქემისასა და ნუ იტყჳ, ვითარმედ: ცოდვაჲ ჩემი ფრიად დიდ არს, რამეთუ შემდგომად აღთქუმისა ჩემისა ცხადად ვერცრუვე წინაშე ღმრთისა და უგუნურებით დაუტევე იგი. ცოდვაჲ შენი, შვილო ჩემო, ფრიად დიდ არს, უკუეთუ დაადგრე მას ზედა სასოწარკუეთილებით განწირულად, ვითარმცა მარადის ისიძევდი ჴორცითა მკუდრისაჲთა, რომელი განსრულ არნ სოფლით. და ესე არს საწოლი ბილწებისაჲ მკუდრისა ჴორცითა და შენ, შვილო ჩემო, მომკუდარ იყავ ამის სოფლისაგან და ცოდვაჲ მისი არს შენ თანა. ვითარცა კაცმან რომელმან-მე მოიყვანა ცოლად დედაკაცი, რომელსა დაეწინდა თავი თჳსი ქრისტესა, შეემოსა სამოსელი თჳნიერ სამოსლისა ასულთა სოფლისათა და იგიცა განსრულ იყო ჴორცითა ამის სოფლისაგან, კუალად იქცა საწოლად ბილწებისა. ესევითარი იგი სამართლად მსაჯულისაგან დაისაჯოს, რამეთუ მსგავს არს იგი მძორსა მკუდრისასა, სავსესა სიმყრალითა. და ეგრეთვე შენ, შვილო ჩემო, მკუდარ იყავ სოფლისაგან და მკუდარსა, შვილო ჩემო, ცოლი არა უჴმნ და არცა შეეტყუების.

გრწმენინ ჩემი, შვილო ჩემო, ჭეშმარიტად, ვითარმედ ცოდვაჲ შენი ყოველი დედაკაცსა მას მოეჴადების, რომელმან-იგი დაუტევნა კაცნი ცოცხალნი სოფელსა შინა და მისცა თავი თჳსი მკუდარსა, რომელი განსრულ იყო სოფლით და დამონებულ იყო ღმრთისა.

აწ უკუე უკუმოიქეც, შვილო ჩემო, მონასტრადვე შენდა და კუალად-ეგე და შეევედრე ნავთ საყუდელსავე მას ცხორებისასა. მოიჴსენე, შვილო ჩემო, დღე იგი საშინელი განსლვისა შენისაჲ ამიერ სოფლით, რომლისა შემდგომად ვერღარას შემძლებელ ხარ კეთილისა საქმედ, ჟამი იგი საზარელი, ოდეს სული შენი განვიდოდის ჴორცთაგან და მწუხარებაჲ იგი და ტკივილი, რომელსა არა აქუს კურნებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ, რამეთუ განწირულ არს.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი შესაძრწუნებელი, ოდეს ანგელოზნი მრისხანენი იძულებით განიყვანებდენ სულსა ცოდვილისასა ჴორცთაგან, რაჟამს ურგებნი იგი ცრემლთა ნაკადულნი გარდამოდიოდიან თუალთა მათთაგან და საშინლად ზარ-განჴდილნი განვიდოდიან, ინანდენ საქმეთა მათთჳს ბოროტთა და არღარას ერგებოდის, რამეთუ წარისხმდიან იგი(ნი) გზასა მას ბნელსა, იწროსა და საშინელსა, სადა-იგი ავაზაკთა სიმრავლე დამალულ იყოს საზუერესა ამას სამზირსა სულთა უკეთურთასა. და ჴმანი საზარელნი ისმოდიან, და პირნი საშინელნი იხილვებოდიან და გონებანი კაცთანი დაიწყლვებოდიან და ცრემლთა მდინარენი დიოდიან და საფუძველნი ქუეყანისანი იძრწოდიან და ყოველნი დაბადებულნი შიშით ზარ-განჴდილნი ძწოდიან. წიგნნი იგი მატიანთანი განეხუმოდიან და საქმენი კაცთანი დაფარულნი და ცხადნი აღმოიკითხვებოდიან და სატანჯველნი იგი საუკუნონი განემზადებოდიან და ცოდვილნი და უვარის-მყოფელნი მას შინა შეითხეოდიან.

მაშინ კაცად-კაცადსა დაფარულნი ემხილებოდიან და საქმეთაებრ და გულის-თქუმათა დაისაჯებოდიან და ყოველნი საქმენი ბოროტნი ცხადად ემხილებოდიან წინაშე მსაჯულისა მის ყოველთაჲსა. ვაჲმე, შვილო ჩემო, ჟამსა მას საშინელსა, რომელსამე ადგილსა დავიმალო ცოდვათა ჩემთათჳს, რომელნი მიქმნიან მე, რომელნი არა დავიწყებულ არიან.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, ადგილი იგი სულთა საპყრობილისაჲ, რომელნიმე იწროებასა და ჭირსა შინა და რომელნიმე მწუხარებასა და სიბნელესა შინა წყუდიადისასა არიან, ხოლო რომელნიმე მხიარულნი ნათელსა შინა იხარებენ მარადის. მოიჴსენენ, შვილო ჩემო, სულნი იგი ცოდვილთანი, რომელნი მარადის შიშსა და ძრწოლასა შინა არიან გულ-გდებულნი და ზარ-განჴდილნი სატანჯველთა მათგან საუკუნეთა, და რომელნიმე შუებასა და სიხარულსა შინა არიან.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, დღჱ იგი საშინელი მეორედ მოსლვისა უფლისაჲ და ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ, რომელი შესძრვიდეს ყოველთა დაბადებულთა. მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი, რომელსა შინა მზე დაბნელდეს და არღარა ნათობდეს იგი მერმე უკუნისამდე, დღჱ იგი უკუანაჲსკნელი ყოველთა დღეთაჲ, კარნი იგი, რომელნიმე დაჴშულნი და რომელნიმე განხუმულნი, სადა-იგი იყოს ბნელი და ნათელი, რაჟამს-იგი ცუდ იქმნეს სრბაჲ მზისაჲ, ოდეს-იგი დაირღუენ მრავალ-ფერად განწესებანი ძალთა ცისათანი, რაჟამს-იგი დაირღუენ აგებულებანი ეტლის-თუალთანი, ოდეს-იგი დაჰჴსნდეს ჟამთა განწესებაჲ მთოარისაჲ, რაჟამს-იგი მოაკლდეს ჟამი ჴომთა სრბისაჲ და წარმოჩინებაჲ გმირისაჲ და განსრულდეს ნათობაჲ მთიებისაჲ და ცუდ იქმნეს რიცხჳ ვარსკულავთაჲ, რაჟამს-იგი წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი ტყავისაჲ, და იცვალოს და განახლდეს ქუეყანაჲ; ოდეს-იგი დადნენ მთანი, ვითარცა ცჳლნი, და კლდენი - ვითარცა ქონი სიცხესა და ვითარცა მყინვარი მზესა, და ქარნი იგი სასტიკნი მოაკლდენ და განქარდენ, რომელნი იქცეოდეს შჳდ ათასსა წელსა ცასა ქუეშე, და გრიგალნი აღმარღუეველნი ღელვათა ზღჳსათანი, ჴმანი იგი ოხრისა ზღჳსანი დაცუდდენ, დასცხრენ, და გამოსადინელნი იგი წყაროთანი და საქანელნი იგი მდინარეთა სასტიკთანი დასწყდენ და განჴმენ. და ბუნებაჲ ქუეყანისაჲ კუალად იქცეს აგებულებასავე თჳსსა პირველსა და უფსკრულნი იგი ზღჳსა მის საშინელისანი, რომელნი არიან ქუეშე ქუეყანასა და ზღუანი იგი ზესკნელს ცათანი, განძჳნებულნი, რომელნი არიან ცათა, ქარითა სასტიკითა ელოდიან წამის-ყოფით ბრძანებასა დამბადებლის მათისასა შეერთებისათჳს ურთიერთას, და ბუნებაჲ იგი ცეცხლისაჲ და სიტფოჲ ჰაერისაჲ და სიმყურტე იგი ზღჳსა და ქუეყანისაჲ, საშინელებანი ქუეჲთ და საზარელებანი ზეჲთ.

მაშინ ძალნი იგი სულიერნი ძწოდიან შიშისაგან და გუნდნი იგი ნათლისანი განცჳბრდენ ზარისაგან, მთავრობანი იცვალნენ და ჴელმწიფებანი განლიგნენ, უფლებანი განკჳრდენ და საყდარნი შეძრწუნდენ. ქერობინნი ძწოდიან და სერობინნი დაილეწებოდიან შიშისაგან. მაშინ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზნი შიშთ მდგომარენი მოელოდიან ბრძანებასა, ყოველნი გუნდნი ანგელოზთანი განწყობილნი მდგომარე იყვნენ შეშინებულნი და ზარ-განჴდილნი. მაშინ ელვანი იგი საშინელნი გამოჰკრთებოდიან და სმენაჲ იგი ქუხილისა და კრ(ჩ)ხიალისანი ისმოდიან და ოხრაჲ იგი საყჳრისა მის საშინელისაჲ ჴმა-სცემდეს და შესძვრიდეს ყოველსა დაბადებულსა და ზღუაჲ იგი ზესკნელი დგეს დამოკიდებული ჰაერთა შინა შეუძრველად და ყოველნი ძალნი ზეცათანი შიშით და ძწოლით დგენ ჰაერთა ზედა, განმზადებულნი მოელოდიან მოსლვასა უფლისა მათისასა, რაჲთა მყის მიისწრაფონ მისა მიმართ. მერმე წამის-ყოფითა საღმრთოჲთა ებრძანოს საიდუმლოდ გარდამოსლვაჲ ზღუასა მას ზესკნელსა ქუეყანად და უმალეს ელვისა გარდამოჴდეს და შეიძერწნენ ურთიერთას ზღუანი იგი ზესკნელნი და ქუესკნელნი, რომელნი-იგი დასაბამსა განყოფილ იყვნეს ბრძანებითა დამბადებელისაჲთა.

მაშინ გამოჩნდეს იერუსალემი იგი ზეცისაჲ და მოიწინენ ყოველნი წმიდანი და მთავარანგელოზნი, საყჳრსა სცემდენ და ზღუანი იგი ცეცხლად გარდაიქცენ და შეიცვან და დაფარონ ღელვათა მათ ალისა საშინელისათა. და დაიდგას საყდარი ცეცხლისაჲ საშინელი დიდებითა დიდითა ეტლის-თუალთა ზედა მოტყინარეთა. მაშინ გამოჩნდეს ჯუარი პატიოსანი წინაშე მისსა, ვითარცა დროშაჲ წინაშე მეფისა, და იხილონ ყოველთა ძალთა ზეცისათა სულიერთა, და შიშით და ძწოლით იწყონ ფრინვით მიგებებად მისა. ქერობინნი და სერობინნი ზარ-განჴდილნი, და ანგელოზნი და მთავარანგელოზნი და ყოველი კრებული ძალთა ზეცისათაჲ შიშით და ძწოლით მდგომარე იყვნენ წინაშე საყდართა მათ საშჯელისათა, მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი საშინელი შეცვალებისაჲ, ოდეს-იგი გამოჩნდეს ქუეყანაჲ ახალი განუხრწნელი, ქუეყანაჲ ნათლისაჲ ძეთათჳს ნათლისათა, ქუეყანაჲ ცხორებისა და კურთხევისაჲ, ქუეყანაჲ სიხარულისაჲ წარუვალი, რომელსა ზედა მართალნი იშუებდენ. ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არღარაჲ სავნებელი იყოს, არცაღა ეკალი და კუროჲს-თავი, არცა ღირღუარი და არც კლდოანი და ქვიანი, ქუეყანაჲ სურნელთა საკუმეველთაჲ და სამკჳდრებელი სულიერი და წმიდაჲ. მას ქუეყანასა ვესავ, შვილო ჩემო, სამკჳდრებელად შენდა და მას შინა მნებავს ხილვაჲ შენი მარადის და უკუნისამდე.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი საშინელი, რაჟამს-იგი საყდარნი მსაჯულისანი დაიდგნენ, და დაჯდეს მეუფე იგი დიდებისაჲ განკითხვად ცხოველთა და მკუდართა. და განემზადოს კიბე იგი ნათლისაჲ ზე აღლსვად ყოველთა წმიდათა წინაშე საყდართა მათ დიდებისათა.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, ნათელი იგი მცხინვარე, რომელ არს ნათლისაგან ბრწყინვალისა გარე-შეცული საყდართა მათ ცეცხლისათა, რომელთა ზედა ჯდეს მეუფე იგი დიდებისაჲ მრავლითა საშინელებითა. მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი საშინელი სამართლად განკითხვისაჲ და უწყალოდ განსჯისაჲ და მსაჯული იგი ჭეშმარიტი თუალ-უხუავი, რაჟამს-იგი ებრძანოს ათორმეტთა საყდართა დადგმაჲ და წმიდათა მოციქულთა დაჯდომაჲ განსჯად ნათესავთა მრავალთა ჭეშმარიტებით.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, სამნი იგი გუნდნი მას ჟამსა შინა შიშით მდგომარენი, გუნდი ანგელოზთაჲ, გუნდი ძეთა კაცთაჲ და გუნდი ეშმაკთაჲ. მოიჴსენენ, შვილო ჩემო, წიგნნი იგი მოსაჴსენებელნი საქმესა კაცთასა, რაჟამს-იგი განეხუნენე და მდუმრიად აღმოიკითხვებოდიან ყოველნი დაფარულნი და ცხადნი ცოდვანი კაცთანი. მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი, ოდეს ვერვის სარგებელ ეყოს არცა მთავრობაჲ, არცა ჴელმწიფობაჲ, არცა მსაჯულობაჲ, არცა აზნაურობაჲ, არცა მონებაჲ, არამედ სამართლად მიეგებოდის კეთილი და ბოროტი დღესა მას.

მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი, რაჟამს-იგი ცოდვილნი იყვნენ შორის კრებულსა მართალთასა აღრეულნი პირველ განრჩევისა, ვითარცა თიკანნი შავნი შორის კრავთა საჩინოდ სპეტაკთა. მოიჴსენე, შვილო ჩემო, ჟამი იგი საშინელი, რაჟამს-იგი ითხოვოს მსაჯულმან მან კაცთაგან პასუხისა მიცემაჲ საქმეთა მათთათჳს კეთილთა და ბოროტთა, წმიდათა - მარხვაჲ და ლოცვაჲ, მონაზონთა - მღჳძარებაჲ და კეთილად მსახურებაჲ, მართალთა-ზე დგომაჲ და დაყუდებაჲ და შეიწრებაჲ თავთა მათთაჲ, განშორებულთა - უცხოებაჲ მათი და სიშიშულე და ნაკლულევანებაჲ, დარჩომაჲ მათი უდაბნოსა გარე, მოწამეთა - ხუეტაჲ და გუემაჲ და მოჭრაჲ ასოთა მათთაჲ მახჳლითა, ცეცხლი და სატანჯველი და მოკუეცაჲ თავთა მათთაჲ და ზღუასა დანთქმაჲ, და მრავალ-ფერნი ჭირნი და განსაცდელნი, კეთილის მომქმედთა - მოღუაწებაჲ მათი ობოლთა და ქურივთაჲ, ქალწულთა - მოთმინებაჲ მათი ბრძოლასა ჴორცთა ნებისასა და გლახაკთა - უღონობაჲ მათი და ნაკლულევანებისა მოთმინებაჲ უდრტჳნველად, მეფეთა - სარწმუნოებაჲ მათი და სიმართლით განგებაჲ, მდიდართა - უვახშოდ ვასხებაჲ და გლახაკთა მოწყალებაჲ, ქველის საქმჱ, მწყემსთა - დადებაჲ თავთა მათთაჲ სამწყსოთათჳს, მღდელთა - ჭეშმარიტი შუამდგომელობაჲ, სახეობაჲ კეთილის მომქმედობისაჲ, მსახურთა - სიწრფოებით და ერთგულად მსახურებაჲ და წესიერად მორჩილებაჲ მათი, მოძღუართა - სწავლაჲ ჭეშმარიტებისაჲ, მდაბალთა - სიმდაბლჱ მათი, და სახიერთა და მშჳდთა - სიწრფოებაჲ და სიმშჳდე გონებისა მათისაჲ, მონაზონთა - მოთმინებაჲ მათი და ლოცვისა განსრულებაჲ და მინდობაჲ ღმრთისა, ერის კაცთა - სიწრფოებაჲ და გლახაკთ მოწყალებაჲ და სიწმიდე მათი.

ესე ყოველნი იყვნენ, შვილო ჩემო, განმზადებულ შემთხუევად ღმრთისა კადნიერებით, შემთხუევად მინდობილნი საქმეთა მათთა კეთილთა. ხოლო შენ, შვილო ჩემო, არარაჲ გაქუნდეს, არცა გიც ნაწილი მათ თანა ყოლადვე. ვაჲმე, შვილო ჩემო, ჟამსა მას, ოდეს წარგადგინონ წინაშე ქრისტესა მსაჯულისა მის თუალ-უხუავისა! რომლითა-მე სახითა წარსდგე წინაშე მისსა, წმიდითა-მე მით სქემითა მონაზონებისაჲთა ანუ სამოსლითა მით მსოფლიოჲთა, საერისკაცოჲთა? რომელი-მე სიტყუაჲ მისცე ჟამსა მას განსამართლებელი ცრუვებისა მისთჳს აღთქუმისა შენისა, რომელი-იგი აღუთქუ ღმერთსა, ოდეს-იგი შეიმოსე სქემაჲ მონაზონებისაჲ?

ვაჲმე, შვილო ჩემო, ჟამსა მას, ოდეს გესმეს პირისაგან საღმთოჲსა, ოდეს-იგი გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა იძულებით გიწოდე შენ, არამედ შენ ნეფსით თჳსით მოხუედ, ხოლო მე შეგიწყნარე. ამისსა შემდგომად მეცრუვე და უარ-ჰყავ უფლებაჲ ჩემი და განამტყუვნე აღთქუმაჲ იგი, რომელი აღმითქჳ მე. ხოლო მე აღთქუმასა ჩემსა არა უარ-ვჰყოფ. ყოველმან რომელმან უვარ-მყოს, მეცა უვარ-(ვ)ყო იგი. შენ უვარ-მყავ მე შემდგომად აღთქუმისა, და მსახურებისა არა მმსახურე, არამედ მიყუე მე და მეცრუვე. ვაჲმე, შვილო ჩემო, რამეთუ ჟამსა მას უვარგის-მყოფელთა თანა შეირაცხო. შვილო ჩემო, რასა უკუე სარგებელ გეყოს შენ ცოლი ჟამსა მას, გინა შვილნი მას ჟამსა?

შვილო ჩემო, განარჩინენ კეთილის მოქმედნი ბოროტის მოქმედთაგან, რაჟამს არცა მამაჲ და არცა დედაჲ, არცა ძმანი და არცა ნათესავნი და მეგობარნი შემძლებელ არიან შეწევნად ჟამსა მას, განარჩინენ თუალ-უხუავად და უწყალოდ. ვაჲმე, შვილო ჩემო, ჟამსა მას, ოდეს განყუნენ ორ გუნდად თითოეულნი, მაშინ კეთილის მოქმედთა განაპონ ცეცხლი იგი, საშოვალ განვიდენ უვნებელად, ხოლო ცოდვილნი შთაცჳვენ შორის ალსა მას მოტყინარესა საშინელსა და მას შინა დაისაჯნენ უკუნისამდე, რომელსაცა ღირს იყვნენ მსგავსად საქმეთა მათთაებრ ბოროტთა; და რომელნიმე შთაითხინენ ჯოჯოხეთა, და სიღრმესა მას შინა დანთქმულნი არღარა იხილვნენ უკუნისამდე; და სხუანი შთაითხინენ სიმყრალესა მწჳრისა საშინელისა და ცივისასა, და სხუანი შთაითხინენ მღჳმესა ქუესკნელისასა; და სხუანი იქმნენ მატლთა საჭმლად უკუნისამდე; და სხუანი შეითხინენ ბნელსა მას წყუდიადისა გარესკნელისასა და არღარა იხილონ მათ ნათელი ვიდრე უკუნისამდე; და სხუანი დგენ კარსა ზედა მსაჯულისასა შეძრწუნებულნი; და სხუანი მიეცნენ ტირილსა მას თუალთასა და ღრჭენასა კბილთასა საუკუნოდ და უკუნისამდე.

მოიჴსენენ, შვილო ჩემო, ესე მწარენი სატანჯველნი, მოიჴსენენ ჴმანი იგი მწუხარებისანი და სულ-თქუმაჲ იგი და ტირილი დაულევნელი და ვაებაჲ იგი გაუწყუედელი, რომელსა ყოლადვე არა ეპოვების ნუგეშინის-ცემაჲ. და სიმწარე იგი სატანჯველთა მტკივანთაჲ, რომელსა შინა დანთქმულ იყვნენ ცოდვილნი. ვაჲმე, შვილო ჩემო, უკუეთუ მკჳდრობაჲ შენი მათ თანა ყოფად არს, უმჯობეს იყო შენდა, თუმცა ყოლადვე არა გეხილვა ნათელი ესე ჰაერისა ამის წარმავალისაჲ და არცამცა შერთულ იყავ რიცხუსა ძეთა კაცთასა.

აღიხილენ თუალნი შენნი, შვილო ჩემო, და იხილენ მოყუარენი შენნი, წმიდანი მონაზონნი, რომელსა სუფევასა შინა არიან. აცადენ მკუდარნი  დაფლვად თჳსთა მკუდართა (მათე 8.22) და შენ კუალად იქეც სახესავე მას შენსა ღმრთისასა ანგელოზებრსა და მსგავსად წინაწარმეტყუელისა იტყოდე: "კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცა მე ნადირად კბილთა მათთა და შემდგომი" (ფსალმ. 123.6). და შემძლებელ არს ღმერთი შეცთომილთა მოქცევად და მან მხოლომან სახიერებითა და კაცთ მოყუარებითა თჳსითა მოგაქციენ კუალად და შეგრთენ სამწყსოსავე თჳსსა, რამეთუ მოწყალე არს და შემწყნარებელ და მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს

ისმინეთ, საყუარელნო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი განგაღჳძებს თქუენ უდებებისაგან თქუენისა, ვითარცა დაფისა ცემამან განაღჳძნის მჴედარნი მეფისანი. ევლტოდეთ თქუენ მარადის, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ლომი იგი ბოროტი, რომლისათჳს იტყჳს პეტრე მოციქული: რამეთუ მბრძოლი იგი თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი ეძიებს მარადის შთანთქმად, რომელნი პოვნეს უდებებით (I პეტრე. 5.8).

აწ უკუე ვეკრძალნეთ მას, რამეთუ ბრძოლაჲ მისი დაუცადებელ არს, არა ხოლო დღისი, არამედ ღამეცა და ყოველსა ჟამსა, და ჰქონან მას მრავალ-სახენი მჴედარნი გულის-სიტყუათათჳს შეგინებულთა და გულის-თქუმათათჳს მწინ\კულევანთა. იხილე, უბადრუკო, რამეთუ ლომი იგი მზირის შთანთქმად, არამედ შეირტყ ძაძაჲ წელთა შენთა და იგლოვდი და ევედრებოდე უფალსა დაუცადებლად ლოცვითა, რაჲთა არა შეჰვარდე პირსა მისსა. ნუ დასცხრები ლმობიერითა სულ-თქუმითა და მჴურვალითა ცრემლითა თხოვად მისგან, რაჲთა გარე მიაქციოს შენგან და ღაღადებით ჰმადლობდი მას, რომელმან გიჴსნეს შენ. გულისჴმა\-ჰყოფდ ყოველსა ჟამსა და უწყოდე, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს, თუმცა საშჯელი არა მიგჴადა ქრისტემან ყოველთა საქმეთა შენთათჳს დღესა მას, რაჟამს განიკითხვებდეს მონათა თჳსთა, და მოელოდე დღესა მას საშინელსა ყოველსა ჟამსა და მარადის განიხილევდი გონებასა შენსა და მოიჴსენებდი საქმეთა შენთა, რომელნი სიყრმითგან გიქმნიან, და უწყოდე, ვითარმედ მით წარდგომად ვართ ყოველნი წინაშე ღმრთისა. მონანი და აზნაურნი, მდიდარნი და გლახაკნი, მთავარნი და შეურაცხნი, ბრძენნი და უგუნურნი, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე მოციქული: ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე ქრისტესა და სიტყუაჲ მიცემად გჳც არა ხოლო საქმეთათჳს, არამედ სიტყუათათჳსცა, რამეთუ ყოვლითა გამოწულილვი\თა გამოეძიებს. უკუეთუ სადამე იტყოდე სიტყუასა ცუდსა ანუ უსამართლოდ ვისმე შესწიე, გინათუ სადამე უსამართლოჲ სიტყუაჲ გამოვიდა პირით შენით.

რამეთუ არა სარგებელ არს კაცისა წარგებაჲ საფასისაჲ უსარგებლოდ, ვითარ-იგი სავნებელ არს სულისა ცუდის მეტყუელებაჲ და განცხრომაჲ, რომელსა იჴმევენ ძენი კაცთანი, რამეთუ სიტყუაჲ მისცენ მისთჳს დღესა მას განკითხვისასა. იხილე, ჵ უბადრუკო, რამეთუ არა ხოლო თუ სიტყუათათჳს ოდენ მიგჴადონ საშჯელი დღესა მას, არამედ სმენისათჳსცა და გულის-სიტყჳსა. უკუეთუ ვინმე შენ წინაშე ბოროტად აჴსენებდა მოყუასსა და შ   შეიწყნარე იგი, ეზიარე ცოდვასა და თანა-მდებ იქმენ საშჯელისა, რამეთუ შჯული დამაყენებს ამას. უკუეთუ რომელი ისმენდეს, დაისაჯოს, რომელი თჳთ ძჳრსა უზრახვიდეს და განიკითხვიდეს ძმასა, რაჲ უკუე-მე სიტყჳს-გებაჲ პოოს წინაშე ღმრთისა?

აწ უკუე ვეკრძალნეთ ძჳრის ჴსენებასა და დავიცვნეთ განკითხვისაგან, რაჲთა არა დავისაჯნეთ საუკუნოდ. უკუეთუ ეზრახო მოყუასსა შენსა სიტყჳთა ზაკუვისაჲთა, გინა აქო იგი პირის-პირ ენითა შენითა და უკუანა ძჳრსა ჰზრახვიდე მისთჳს, გულისჴმა-ყავ ესე და გეშინოდენ საშჯელისაგან მომავალისა, რამეთუ დაღაცათუ შენ დაგავიწყდენ სიტყუანი შენნი, არამედ  ღმერთი არა დაივიწყებს ცოდვათა შენთა, რამეთუ თჳნიერ იჭჳსა   გამოცხადებად უსხენ ყოველნი საქმენი შენნი წინაშე თუალთა ყოვლისა დაბადებულისათა, უკუეთუ ჩუენ არა ვისწრაფოთ აქავე აჴოცაჲ მათი.

აწ გეშინოდენ სიქადულისა მისგან, რამეთუ საშინელ არს შევრდომაჲ   ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა ცეცხლისასა. მეძავნი პირველითა   შჯულითა ქვითა განიტჳნვოდეს და ცოდვილნი მოისრვოდეს აქავე და არღარა ალოდინებდეს მერმესა მას ცეცხლსა დაუშრეტელსა. და ესე პატიჟი ფრიად უსუბუქეს და უმოლხინე იყო საუკუნეთა მათ სატანჯველთა განმზადებულთა.

ამისთჳს თუალთა წინაშე გაქუნდინ მარადის საუკუნოჲ იგი მისაგებელი ცოდვილთაჲ და მართალთაჲ, უკუეთუ "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, საშჯელისა თანა-მდებ არს იგი" (მათე 5.22). სულმან რომელმან ცოდო ცოდვაჲ დიდი, ვიდრე უკუე მიიწიოს იგი, ესე ღირს არს სატანჯველთა   ჯოჯოხეთისა უბოროტესთა. და ვითარცა თქუა მოციქულმან კეთილთა მათთჳს მოსალოდებელთა, "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა" (I კორ. 2.9). ეგეთნივე სატანჯვლნი ყოფად არიან ცოდვილთანი. სადა უკუე შემძლებელ ხარ სივლტოლად გინა დამალვად, ოდეს-იგი დაჯდეს მსაჯული განკითხვად, ვერ შემძლებელ ხარ დამალვად, ვითარ-იგი დაიმალა ადამ, და ვერცა მოჰრიდებ პირსა ღმრთისასა, ვითარცა კაენ. გაქუნდინ შენ კადნიერებაჲ და ნუ ეძიებ დამალვასა. უკუეთუ გონებაჲ შენი არა გამხილებდეს   აქავე ბოროტისა საქმეთა შენთა, მუნ კადნიერად წარსდგე წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა.

იღუაწე ყოვლითა ძალითა შენითა, რაჲთა შეიკრიბნე სიტყუანი წიგნთანი და დაიუნჯნე იგინი გონებასა შინა შენსა განგებულად, რაჲთა განიკურნო ცოდვისაგან პირველ განსლვისა შენისა ამიერ სოფლით; და განემზადე განრინებად ცეცხლისა მისგან საშინელისა და აღივსე შენ ნათლითა   მით ჭეშმარიტითა, და უწყოდე, ვითარმედ ღმერთი არა ხოლო თუ ნათე\ლ ოდენ არს, არამედ ცეცხლ, შემწუველ ცოდვილთა, და ნეტარ არს რომელი ღირს   იქმნეს ნათელსა მისსა, და ვაჲ არს მისა, რომელი მოელის ცეცხლსა მისსა. რამეთუ საქმენი კაცად-კაცადისა ჩუენისანი ცეცხლითა გამოიცადებიან. და არა საჴმარ არს მუნ შეშაჲ საგზებელად, არამედ საქმეთა ედებოდის ცეცხლი.

იხილე და ნუმცა იქმნებიან საქმენი შენნი შეშა დასაწუველ სულისა შენისა საუკუნოდ, აღიხუენ წიგნნი საღმრთონი და იხილე, ვიდრე მიიწინეს მართალნი და წმიდანი და ვიდრე მივიდეს ცოდვილნი და უღმრთონი, და ეკრძალე რომელთა თანა წარხჳდე. ღმერთმან დაგასხა შენ ვენაჴად ჭეშმარიტად, ნაყოფის გამომღებელად და იგი თჳთ მომავალ არს მოსთულებად ნაყოფისა შენისა. იხილე და ჰპოებსმცა შენ თანა ნაყოფთა სიტკბოებისათა, რომელ არიან ნაყოფნი სათნოებისანი. იხილე და ნუმცა ჰპოებს შენ თანა ნაცვალად ყურძნისა ეკალსა და ნაცვალად იფქლისა კუროჲს-თავსა, რომელ არს ცოდვათა მედგრობაჲ. ნუმცა განხუალ ამიერ ტჳრთ-მძიმე შეშითა და თივითა და ბზითა და ლერწმითა, რომელი დასაწუველ არს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ ღმერთი ცეცხლ შემწუველ არს ცოდვილთათჳს. ეკრძალე, რაჲთა არა ნარჩევ და შეურაცხ იქმნე, რამეთუ ნარჩევნი წინაშე მისსა არიან მოქმედნი ბოროტისანი. ამათ შეურაცხ-ჰყოფს, ხოლო მოშიშთა მისთა ადიდებს. გეშინოდენ, ჵ უბადრუკო, სატანჯველთაგან, რამეთუ ცოდვაჲ არა თუ გარეშე არს ჩუენგან, არამედ დაწერილ არს გულთა შინა ჩუენთა, რაჲთა,   უკუეთუ მუნ გენებოს უარის-ყოფად და სთქუა, არა უწყი, თუ მიქმნიეს ესევითარი რაჲმე, მუნთქუესვე გამხილოს შენ წერილმან მან გულისა შენისამან. რამეთუ არა თუ მელნითა დაწერილ არს იგი, ვითარმცა შეუძლე აჴოცად, არამედ დაწერილ არს იგი კალმითა რკინისაჲთა, რაჲთა გამხილოს დღესა მას განკითხვისასა საშინელსა, ოდეს-იგი განიშიშულოს მკერდი შენი და ცხადად გამოჩნდეს წერილი იგი გულისა შენისაჲ, და იხილოს იგი ყოველმან დაბადებულმან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს. და მსაჯულმან მან გამოაცხადნეს საიდუმლონი გულისანი არა თუ ამისთჳს, რაჲთა მან იხილნეს, რამეთუ იგი წინაჲსწარ ყოველსავე მეცნიერ არს, არამედ გამოუცხადნეს იგინი ყოველთა ძეთა კაცთასა. მაშინ აღდგენ ცოდვილნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ დაისაჯნენ.

ილოცევდით, საყუარელნო, რაჲთა განერნეთ მისგან, და მიისწრაფეთ მკურნალისა და უჩუენეთ მას წყლულებაჲ სულთა თქუენთაჲ და იტყოდეთ: განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნო; მაცხოვნე მე და ვცხონდე. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა და მას იქმოდე, რომელი საკურნებელი იყოს სულისა შენისაჲ და ნუ განეშორები, ჵ უბადრუკო, კეთილის მყოფელსა შენსა და ეგრე იქმოდე, რაჲთა ვითარცა მიუწყო, მითცა მოგეწყოს შენ. და ნუ ექმნები მიზეზ სულსა შენსა არა დაწერად სახელი მისი ცათა შინა. უკუეთუ გნებავს, რაჲთა იყო ზიარ წმიდათა თანა, იქმოდე საქმესა მათსა. რავდენნი განსაცდელნი შეემთხჳნეს მათ, რავდენ გზის იგინნეს, რავდენ გზის იყუედრნეს, დაიქოლნეს, განიხერხნეს, პირითა მახჳლისაჲთა მოისრნეს, განიდევნნეს და ურიცხუნი ჭირნი და სატანჯველნი თავს-ისხნეს. აწ უკუეთუ შემძლებელ ხარ შენცა დათმენად ამას ყოველსა, ნაწილი მოგეცეს მათ თანა აწვე. ხოლო უკუეთუ გნებავს (უ)ჭირველად და უშრომელად გჳრგჳნოსან ყოფაჲ, დაჯერებულ იყავ, ვითარმედ ვერვინ გჳრგჳნოსან იქმნების თჳნიერ სულთა მოღუაწეთასა. ყვენ ცოდვანი შენნი მარადის გამოსახულ წინაშე თუალთა შენთა. მამხილებელად შენდა და ნუმცა თჳნიერ მწუხარებისა იჴსენებ მათ, რაჲთა არა საუკუნოდ მწუხარე იქმნე, არამედ სულთ-ითქუემდი, იგლოვდი და ტიროდე თავ-მოდრეკილად სულ-თქუმითა გულისა შენისაჲთა და ამით გლოვითა იჴსენ სული შენი გლოჲსა მისგან საუკუნოჲსა, რამეთუ რავდენცა შეაიწრო და შეაწუხო თავი შენი აქა, ეგოდენცა ფართოებაჲ და სიხარული ჰპოო მუნ.

აწ უკუე უმჯობეს არს შენდა, რაჲთა მოსტანჯო სული შენი აქა და არა მიხჳდე სატანჯველად საუკუნოდ. ტიროდე აქა, რაჲთა არა მუნ სტიროდი საუკუნოდ. განიფრთხვე, ჵ უბადრუკო, და უწყოდე ჭეშმარიტად, ვითარმედ წარდგომად ხარ შენ წინაშე მსაჯულისა მის, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, დაუთმე მტკივანთა სიტყუათა უპასუხოდ და იღუაწე ყოვლითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა მიეცე დიდსა მას განსაკითხავსა, რამეთუ უკუეთუ აქავე არა განიწმიდო, მუნ სულთ-ითქუმიდე მარადის, ვითარცა მდიდარი იგი. და გესმეს შენცა, ვითარმედ ჩუენ შორის დიდი მთხრებლი დახეთქილ არს და ვერვინ შემძლებელ არს წიაღმოსლვად მიერ. ევედრე ღმერთსა, რაჲთა განგარინოს შენ მუნთა მათ პატიჟთა და შეგრ\თოს სანატრელთა მათ თანა, რომელნი იშუებენ კეთილთა მათ შინა დაუსრულებელთა.

განაღჳძე სული შენი დაჴსნილობისაგან, რომელსა შინა ხარ შენ, რამეთუ ჯერ-არს შენდა, რაჲთა იყო მჴურვალე მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად. ვითარცა ცეცხლი, და ნუ ხარ უგრილეს ნაცრისა და მკუდარ უფროჲს მოკლულისა. განაგდე შენგან ყოველივე და შეჰვედრე თავი შენი ღმერთსა და ისწრაფდი დღე და ღამე ლოცვასა. უკუეთუ ესე ჰყო, განდევნოს შენგან ღმერთმან ყოველივე გემოთ-მოყუარებაჲ სოფლისაჲ ამის და დაგამკჳდოს ბუდეთა ზეცისათა და მოგაჴსენებდეს მუნთა მათ სატანჯველთა და საშუებელთა მარადის, და განგაშოროს შენ ყოველი უდებებაჲ, და ყოს სული შენი უსუბუქეს ფრთეთა მფრინველისათა, და ტრფიალ გყოს შენ კეთილთა მათ მოსალოდებელთა და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი საშუებელნი და დიდებანი სოფლისანი.

აწ უკუე შეურაცხ-ყავ ყოველი ხილული და მოიგე ლმობიერებაჲ მარადის და განახუენ გარადმოსადინელნი ცრემლთანი, რომელთაგან ფრიადი სარგებელი იპოების, რამეთუ არარაჲ მიგუაახლებს ღმერთსა უფროჲს ცრემლთა ლმობიერთასა. უკუეთუ ესე საქმენი მოიგნე, დაღაცათუ ქალაქსა შინა მკჳდრ იყო, ვითარმცა უდაბნოს იყავ. ნუ ვის ჰხედავ და ნუ განსძღები ტირილითა, რომელსა მიიწიო. ამისთჳს ღმერთი მისცემს ნეტარებასა მგლოვარეთა და იტყჳს: "ნეტარ იყუნენ მგლოარენი გულითა" (მატე 5.4). და უკუეთუ თქუას მეტყუელმან, ვითარმედ რაჲსა უკუე თქუა პავლე: იხარებდით ღმრთისა მიმართ მარადის (ფილიპ. 4.4) ; იგლოვენ ესე მეტყუელმან, ვითარმედ პავლე სიხარულსა და შუებასა მას იტყჳს, რომელი ამის გლოვისა გამო იყოფვოდის, რამეთუ ვითარცა-იგი მწუხარებასა შეუდგნ სიხარული ამის სოფლისაჲ, ეგრეთვე ტირილი, რომელი ღმრთისათჳს არნ, შვის მან სიხარული საუკუნოჲ უცვალებელი, რამეთუ ეგრეთვე ლმობიერად ტირილითა მეძავი უწმიდეს ქალწულისა იქმნა, რამეთუ ვითარცა-იგი გარდამოჴდის ზეცით მძაფრი წჳმაჲ და შემდგომად მისა უმცხინვარეს გამობრწყინდის მზის-თუალისა იგი სინათლე, ეგრჱთვე ოდეს დაითხინიან ცრემლნი მჴურვალენი ლმობიერად, განანათლიან სიბნელე იგი ცოდვისაჲ. და ვითარცა-იგი წყლისაგან და სულისა განვიწმიდენით პირველად, ეგრეთვე აწ ტირილითა და აღსა(ა)რებითა ცოდვათაჲთა განვიწმიდნებით კუალად და უფროჲსღა, რაჟამს არა იყოს ტირილი ჩუენ თანა საჩუენებელად კაცთა. რამეთუ ტირილი, რომელი საჩუენებლად კაცთა არნ, მსგავ\ს არნ იგი რომელთამე მეძავთა, რომელთა მოიქმნიან პირნი მათნი სატრფიალოდ კაცთა უგუნურთა. მე მათ ცრემლთა ვიტყჳ, რომელნი არიან გულისაგან ლმობიერისა ფარულად და არა საჩუენებლად საუნჯესა შინა, სადა-იგი არა ჰხედავნ თჳნიერ ღმრთისა. ვითარცა იყო ტირილი ანაჲსი, დედისა სამოელისი, რამეთუ ენაჲ არა იძრვოდა და ტირილი მისი ღაღადებდა. ესრეთ ითხოვს შენგან ღმერთი, რაჲთა ვითარცა იგი სტიროდა იერუსალჱმსა, ეგრეთ სტიროდი. რამეთუ ტირილი მჴსნელისა ჩუენისაჲ გჳპოვნიეს წიგნთა შინა, ვითარმედ ტიროდა მრავალ გზის ვითარცა ლაზარეს ზედა. ხოლო სიცილი მისი არასადა გჳპოვნიეს და არცა ყოლადვე განღიმებაჲ. ეგრჱთვე პავლესიცა გჳპოვნი[ე]ს ტირილი წიგნთა შინა, ხოლო სიცილი არასადა. და არცა სხუათა წმიდათაჲ გუასმიეს ვისგანმე, თუმცა ვინმე იცინოდა. რამეთუ ესე ხოლო გუასმიეს, ვითარმედ ნოვეს ძე მარტოჲ იცინოდა უგუნურად, და ამისთჳს აზნაურებისაგან მონა იქმნა იგი და ნათესავი მისი უკუნისამდე. ხოლო მე არა ამას გეტყჳ, რაჲთა ყოლადვე არა იცინოდი, არამედ რაჲთა არა იყოს სიცილი შენი განტევებულად და განცხრომით კაცთა ბასრობისათჳს უგუნურად. და ესრჱთცა არავე ჯერ-არს შენდა სიცილი ყოლადვე, ვინაჲთგან მოელი შენ დღესა მას საშჯელისასა განკითხვად, და სიტყუაჲ მიცემად გიც ყოველთა საქმეთა შენთათჳს, რომელნი იცნი და რომელნი არა იცნი. რამეთუ დაღაცათუმცა არა უწყოდე შენ ბრალი შენი, ამით ვერვე განჰმართლდები.

აწ უკუე იგლოვდი მარადის და ეკრძალე, რაჲთა არა გასწაოს ეშმაკმან და სთქუა, ვითარმედ: ტირილი ჩემი რაჲ სარგებელ არს? რამეთუ მსაჯულთა მსოფლიოთა ოდეს განბჭიან ვისთჳსმე სიკუდილი გინა გუემაჲ, დაღაცათუმცა ტიროდა იგი ფრიად მწარითა ცრემლითა და ტირილითა ლმობიერითა, ვერ განერების იგი პატიჟსა მისგან განბჭობილისა მის ზედა, ხოლო ღმრთისაგან უკუეთუ გამოვიდეს შენ ზედა განბჭობაჲ, და სულთ-ითქუნე და შესწუხნე, მუნთქუესვე შეგიწყალებს და შეგინდობს. ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ვაებასა მისცემს, რომელნი იცინოდიან, რაჲთა სულ-თქუმითა და ტირილითა დაუმკჳდროს მას სასუფეველი.

უწყოდე, რამეთუ გიწოდა შენ ბაკსა მას ზეცისასა და გზასა ანგელოზთასა. აწ უკუე ნუმცა იტყჳ სიტყუათა ცუდთა განცხრომისა და ლაღობისათა, რომელნი აიძულებენ სიცილად, არამედ იყავნ გონებაჲ შენი ყოლადვე მგლოვარე და შემუსრვილ, და მოსწრაფე იქმენ ყოვლითა ძალითა შენითა მოგებად გჳრგჳნსა, და უწყოდე, რამეთუ მრავალთა ღელვათა და განსაცდელთა წინააღდგომაჲ გელის შენ. აწ უკუე საფუძველი მტკიცე და შეურყეველი დაუ\დევ სულსა შენსა, რამეთუ არა ერთი გინა ორი, გინა სამი განსაცდელი გეკუეთების შენ, არამედ მრავლითა ჭირითა შეხუალ სასუფეველსა ცათასა. და არა მსგავს არს ღუაწლი ჩუენი ღუაწლსა მსოფლიოთასა, რაჲთამცა რაჟამს ვიღუაწეთ ერთ გზის გინა ორ გზის, ანუ თუ სამ გზის, და მისსა შემდგომად გან-მცა-ვისუენეთ, არამედ ჯერ-არს ჩუენდა დღითი-დღედ, რაჲთა ვიღუწიდეთ ღუაწლთა აურაცხელთა, არა ხოლო თუ ოდენ დღისი, არამედ ღამეცა ღუაწლი ჩუენი მდგომარე არს დაუცადებელად. და მრავალთა სძლეს დღისი და იძლინეს ღამით. რამეთუ მრავალ-ფერ არს ბრძოლაჲ ჩუენი ფრიად: ანუ ვსძლოთ, ანუ ვიძლინეთ.

გნებავსა ხილვაჲ მათი, რომელნი სძლევნ, რომელნი იგინებიან და შეურაცხ კაცთა მიერ და დაწუნებულ არიან და მონაგები მათი მიიხუეჭების და იგინი არავისგან შურსა იგებენ, არამედ ძლიერად დაითმენენ ყოველსა? იგინი ჭეშმარიტად მძლედ გამოჩნდებიან ღუაწლსა, ვითარცა-იგი ღუაწლსა სოფლისასა მრავალნი იწყლნიან და იცემნიან და მოთმინებითა მათითა გჳრგჳნოსან იქმნიან. ეგრეთვე რომელმან იღუაწოს ღმრთისათჳს და მჴნედ დაუთმოს განსაცდელთა მომავალთა მის ზედა, ამან მოიღოს გჳრგჳნი მოღუაწებისაჲ. და ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან გლახაკთათჳს, ვითარმედ: რომელი უ\ყოთ ერთსა მათგანსა, ამას მე მიყოფთ (მატე 25.40). და ეგრეთვე იტყჳს კუალადცა: ყოველსა რომელსა ძჳრი უყოთ, მასცა მე მიზამთ (მათე 25.45), ნუ უმადლო ხარ კეთილის მყოფელისა შენისა, ჴმა-ეც მას, რომელი გიწოდს შენ ყოველსა ჟამსა. იგი დაჯერებულ იქმნა ვნებად შენთჳს და რომლისა შენ თანა-მდებ იყავ, მან თავს-იდვა.

აწ უკუე ჯერ-არს შენდა თქუმად, ვითარცა წიგნი იტყჳს: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი-ესე მომცა მე? იღუაწე, რაჲთა არა განჰვარდე ხელისაგან ღმრთისა, ჵ უბადრუკო, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ სარგებელ არს შენდა. რომელი ამისსა ურჩ იყოს, ვნებაჲ არს, რამეთუ საქმე ჩუენი მსგავს აჩრდილისა არს. სადა არს იგი, რომელ გუშინ იყო, რაჲთა დღესცა ეგრევე იღუწიდეს, ვითარცა გუშინ. სად(ა) არს, რომელი წარაგე მუცლისათჳს, რაჲთა მისებრვე იზრუნო. ესე საწუთროჲ, ვითარცა საუცარი არს და არა ჭეშმარიტი. განიფრთხვე დასულებისაგან, ჵ საყუარელო, და ნუ კუალად სცოდავ, ვითარცა წერილი იტყჳს: რამეთუ ყოველნი საქმენი აქა დაშთებიან, ხოლო ცოდვანი თანა მიგუყვებიან.

გეშინოდენ ღრჭენისა მისგან კბილთაჲსა და ცეცხლისა მისგან,   რომელი განჰლევს ყოველსა, უკუეთუ ჰგონებდე ყოველსა ჟამსა, ვითარმედ ღმერთი მახლობელ არს შენდა, არა სცოდო, რამეთუ ცოდვაჲ უმეცრებისაგან ღმრთისა იქმნების კაცისაგან. და არასადა ვინ კაცთაგანი იგონებნ გონებასა   ცოდვისა ჟამსა, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს მას, არამედ გულისჴმა-ყავ, ჵ საწყალობელო, ვითარმედ იგი დაფარულთა შენთა ყოველთა ცხადად ჰხედავს და საიდუმლოთა გამოეძიებს ყოველსა ჟამსა. დაღაცათუ სულგრძელ არს იგი შენ ზედა და არა მწრაფლ ჰნებავს წარწყმედაჲ შენი, რამეთუ ელის მოქცევასა შენსა სინანულად, რაჲთა კუალად შეგიწყალოს და არა წარსწყმიდე, რამეთუ უწყის უძლურებაჲ შენი, ვითარმედ ვერ შემძლებელ ხარ ხედვად ზეცას და ქუეყანად ერთსა შინა ჟამსა. უკუეთუმცა გულისჴმა-ეყო კაენს, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს, არა სამემცა მოეკლა ძმაჲ თჳსი აბელ შურითა. და კუალად უკუეთუმცა უწყოდა ევა, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს მას, არა სადამცა ხისა მის ნაყოფი მოეღო ბოროტად.

იყავნ ღმერთი მარადის წინაშე თუალთა შენთა და არა შეჰვარდე შენ მრავალსა შრომასა შემდგომად მცირედისა ცოდვისა, არამედ იყავ შ   მარადის დაწყნარებულ და მყუდრო, რამეთუ სადა შიში, ღმერთი იპოვის მუნ, ცოდვაჲ მიახლებად ვერ შემძლებელ იქმნის. აწ დააჯერე გონებაჲ შენი, ვითარმედ ღმერთი განუშორებელად მარადის თანა გიდგს და ჰხედავს საქმეთა შენთა და არარაჲ დაეფარების მათგანი. მოიგე შიში ღმრთისაჲ ვითარცა   საფასჱ განმა[მ]დიდრებელი, რამეთუ ყოველნი საქმენი ამის სოფლისანი ცუდ და ამაო არიან, ხოლო სათნოებაჲ ღმრთისაჲ არს საფასე განუხრწნელი და პატიოსანი. განიწმიდე გული შენი, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად ღმრთისა, რამეთუ თჳნიერ სიწმიდისა ვერვინ შემძლებელ არს ხილვად პირსა ღმრთისასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5.8). ჯერ-არს შენდა, რაჲთა იქმნე მარიდლ და შეამარილო სული შენი და განსწმიდო გული შენი და მით შეანელო გონებაჲ შენი და სიტყუანი შენნი და დაიცვნე საქმენი შენნი. და შეჰმარილნე განრყუნილნი გულის-სიტყუანი შენნი და განჰრცხე სულ-მყრალობაჲ ცოდვისაჲ. ხოლო განწმედაჲ ბილწებისა და შეგინებულობისა შენისაგან მხოლოჲსა ღმრთისა მიერ არს და მოქცევაჲ ცოდვისა და უდებობისაგან შენგან არს. და არა ხოლო თუ სულისა განრინებასა გიბრძანებს ღმერთი, არამედ მახლობელთა შენთასაცა, რაჲთა გარდამოადინო მათ ზედა ზრუნვაჲ და შეწევნაჲ შენი. უწყოდე სარგებელი სიტყუათაჲ, რომელნი ითქუნენ, და მოჰრიდე ყოველსა ცოდვასა, რომელი მოაწევს დაჭირვებასა და უფროჲსღა შესმენასა და ძჳრის ზრახვასა, რომელი დაჭირვება არს და არა შეძინება. რამეთუ ღმერთმან მხოლომან   უწყნის კეთილნი და ბორ[ოტ]ნი, რამეთუ იგი მხოლოჲ ჰხედავს საიდუმლოთა გულისათა. და შენ განკითხვითა ძმისა შენისაჲთა სულსა შენსა უფროჲს განიკითხავ. იხილეღა მეძავი იგი, რამეთუ არავის სხუასა განიკითხვიდა წინაშე ქრისტესა, არამედ ტირილითა დააჯერა უფალი, და რაჟამს ისმინა მკურნალმან ღაღადებაჲ იგი ტირილისა მისისაჲ, მიჰმადლა მას ცხორებაჲ.

ემსგავსე უკუე შენცა მეძავსა მას არა თუ ცოდვითა, არამედ სინანულითა   და ტირილითა. მოიგე მსაჯული შემწედ შენდა, ამით მცირედითა ცრემლითა დაშრიტე საჴუმილი იგი საუკუნოჲსა მის ცეცხლისაჲ. მცნებაჲ მოუცემია შენდა ღმერთსა არა თუ მძიმე და შრომითი, არამედ ფრიად სუბუქი, რომლითა განერები ყოველთა ცოდვათა შენთაგან. რაჲ უკუე შრომაჲ აქუს ტირილსა ლოცვასა შინა გინა შფოთისა დაცადებასა, გინა შურისა და კაცთა განკითხვისაგან დაცხრომასა. რომელთა საფასეთა წარგებაჲ გინებს ამის მცნებისა აღსრულებისათჳს, რამეთუ ლმობიერობაჲ ხოლო მარტო გინებს და მით შემძლებელ ხარ აღსრულებად.

გნებავსა, რაჲთა გასწაო შესლვაჲ, რომელსა შინა სარგებელ ჰპოო? იყავ შენ მარადის შემასმენელ თავისა შენისა და განმკითხველ სულისა შენისა და მამხილებელ ცოდვათა შენთა, ვითარცა წიგნი იტყჳს: "აღიარენ შენ   პირველად ცოდვანი შენნი, რაჲთა განჰმართლდე" (ესაია 43.26). ამას განკითხვასა აქუს მადლი და ცხორებაჲ. და ნუ გამოეძიებ სხჳსა საქმეთა, არამედ აღიარე ნაკლულევანებაჲ შენი. და ვინაჲთგან გიცნობია განკითხვაჲ სარგებელისა მომატყუებელი, განიკითხევდი მარადის თავსა შენსა და დააცადე სხჳსა განკითხვაჲ. და ისწავე სარგებელი დუმილისაჲ და დაჭირვება სიტყჳს-გებისაჲ, და ეკრძალე დაბრკოლებასა ყოლადვე. და განგებაჲ შენი-მცა ნათობს, ვითარცა მზე წინაშე მათსა, რომელთა ჰნებავს გაკითხვაჲ კაცთაჲ, რამეთუ შენ დაღაცათუ ბევრეულითა განკითხვითა განიკითხვიდე სულსა შენსა, არა მოაკლდების ნათელი შენი, არამედ სხუათაგანცა მადლი მოგეცეს, და არა ხოლო თუ სული   შენი აცხოვნო, არამედ სახელიცა ღმრთისაჲ იდიდებოდის შენ ძლით, ვითარცა-იგი თუმცა რაჟამს სხუათა განიკითხვიდი, სული-მცა შენ იზღვიე და ღმერთი-მცა იგმებოდა შენ ძლითვე.

იღუაწე, რაჲთა განაბრწყინვნე საქმენი შენ[ნ]ი არა თუ გამოცხადებითა   შენითა წინაშე კაცთა, არამედ რაჲთა არავის მიზეზ ექმნე განკითხვად შენდა და ცოდვად, დაღაცათუ სათნოებათა აღასრულებდე. და   უკუეთუმცა ყოველთა კაცთა ბოროტი თქუეს შენთჳს, არამედ ყოველთაგან ნეტარებაჲ მოგეცემოდის. ხოლო ნუ მწუხარე ხარ, რაჟამს ბოროტსა იტყოდიან შენთჳს, რამეთუ მით ფრიადი მადლი მოგეცემის შენ, უფროჲსღა რაჟამს ცუდსა იტყოდიან შენთჳს. ხოლო უკუეთუ სიმართლით განგიკითხიდვე[ნ], ვაჲ არს შენდა, თუცა არავინ განგიკითხოს. ნუ ხოლო სათნოების მოყუარე ხარ. არამედ ძმათ მოყუარე იყავ, რამეთუ რაჟამს იყო შენ ძმათ მოყუარე, განგიყრიან შენგან ისარნი განკითხვისა და შესმენისანი.

იყავ მოწყალე, რამეთუ ესევითარსა სათნოებასა მადლი აქუს   ფრიად. მიემსგავსე მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ვტიროდე მე ყოველთა უძლურთათჳს და სულთ-ვითქუემდ ჭირვეულთათჳს. უკუეთუ რომელი ტიროდის, მას მადლი აქუს, რავდენ უფროჲს რომელი შემწე ეყოს გლახაკსა და განაძლიერნეს უძლურნი, უდიდესი მადლი მოიღოს მან! განაგდე შენგან სიმყრალე განკითვისაჲ, რამეთუ ეგების, თუ იყოს დღეს კაცი ბოროტ და ხვალე კეთილ. ნუ აცთუნებ თავსა შენსა და გნებავს აღსლვაჲ ზეცა განგდე შენგან ქუეყანისაჲ, რომელ არს საქმენი კაცთანი, და შეიკრძალე მარადის ტირილი, რაჲთა ცრემლნი შენნი იქმნნენ თესლ კეთილ და უშრომელად აღმოგიცენდეს შენ ნაყოფი სინანულისაჲ.

რამეთუ ღმერთი არა ეძიებს ჟამთა სიგრძესა, რაჟამს ენებოს რაჲმე შეცვალებაჲ საქმისაჲ, რამეთუ წამსა შინა გარდააქცია წყალი იგი   ღჳნოდ და ერთსა შინა ჟამსა განამრავლა პური იგი და ყო აღურაცხელ. და მეძავმან მან ჟამსა შინა ერთსა შეინანა და მასვე ჟამსა ცხონდა. ჟამსა შინა ერთსა დასთხინა ცრემლნი, მასვე ჟამსა შინა გამოსცა სული სურნელებისაჲ, რომელ   არს სინანულისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ეგრე თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "მიგეტევნენ ცოდვანი შენნი" (მატე 9.2), არამედ ესრე თქუა: "ნუ გეშინინ, ასულო, რამეთუ მიტევებულ არიან ყოველნი ცოდვანი შენნი" (მატე 9.22).

აწ უკუე გასმიეს განკითხვისა და შესმენისათჳს, კუალად ისმინე სიმდაბლისათჳს, რომელ არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და გჳრგჳნი ბრწყინვალე   მომგებელთა მისთაჲ, ვითარცა თქუა უფალმან: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი სულითა" (მათე 5.4). შეწირე ღმრთისა მსხუერპლი სიმართლისაჲ, რამეთუ მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი. და უკუეთუ ესე სათნოებაჲ მოიპოო, ღმერთმან არა შეურაცხ-გყოს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყვის" (ფსალმ. 50.15). ესე სათნოებაჲ არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ვითარცა-იგი ამპარტავნებაჲ თავი არს ყოვლისა ცოდვისაჲ, ეგრეცა სიმდაბლე თავი არს სათნოებათაჲ და ამისი ჭეშმარიტებაჲ გჳცნობიეს ფარისეველისა მისგანა და მეზუერისა, რამეთუ ერთი იგი ამპარტავნებითა დაეცა ყოველთაგან კეთილისა საქმეთა მისთა, რომელ ჰქონდეს, და მეორემან სიმდაბლითა თჳსითა პოა ნაყოფი, რომელი არასადა მოეგო მას. აწ უკუე ვინაჲთგან უწყით ესე, მოვიგოთ სიმდაბლჱ იგი აღმამაღლებელი და ვადიდებდეთ ღმერთსა უკუნისამდე, ამენ.

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 11 JANUARY 2014 13:14)