1

ვით არ აღიძრას მსმენელი,
ვით არ შეძრწუნდეს მხედველი?
ზაკული ბაგით ამბორყოფილო,
უფალო, იესო, ბორკილპყრობილო,
სული მოშურნე, გულძვირებული,
სულს აღარისხებს.

ვითარ დაიტიოს რისხვა დედამიწამ,
გულმა წუხილი მოიწუხაო,
ხმელი ხმელობდეს,
ზღვაჲ ზღვაობდეს.
მზეჲ ნათელი სხიმფინარობდეს?
აჲთერ როგორ იტევდეს წუხილს?
ცათა უფალი განიცემაო?
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


2

მზაკვრობა გულს განიგულა,
მზე სიკვდილს განგამზადაო,
გულით ითვისე - გულს არ გიკარა,
კურთხევა მიჰმადლე - ვერცხლზე გაგცვალა,
სათნო იჩინე - მსაჯულს გადაგცა,
გულძვირი გექმნა.
ყოვლადმოწყალემან მოისულგრძელე,
კაცთმოყვარება გულს ასურვილე,
კონქი აღავსე,
ქედი იდრიკე,
მონას უდარესს მსახური ექმენ,
და წარმოგიპყრა იუდამ ფერხნი
განსაბანელად!
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


3

ფერხნი, რომელთაც შენ განუბანდი,
შენს განსაცემად გარეწარივლტენ,
ვინც მოწყალებას შენსას ეგანა,
ვინც საიდუმლო სერს მიეახლა,
პირი იქცია, გარეგანგიდგა,
უფალო ჩემო.
თუმც მოწყალემან გლახაკს ახარე,
უპოვარება განამდიდარე,
გულს უხარე,
ეშმა უგარე,
დემონთქვეშმყოფს ვნება უქარვე,
მაგრამ უწყალომ ენა იმწარა,
მაგრამ უწყალომ გულს არ გიკარა,
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


4

განაღა ვინმეს უხილავს,
განაღა ვინმეს სმენია,
უფალი მონას კირთებს ფეხს ბანდეს,
მონა სანაცვლოდ ფეხით თელავდეს,
აღუწერელი სიყვარულისთვის,
გაუგონარი უმადურობა?!
უფალო მძლეთამძლეველო,
უფალო მადლთამფენელო,
გულღრძომ სერობის პური ვერ იტკბო,
ქედი უდრიკა ეშმას.
ფიცხლად ჰბორგნიდა გულღრძო იუდა,
ეჰა, რა ფიცხელ როკდაო,
კბილთა იღრჭენდა,
მხეცებს იზრზენდა,
სატანა სულში შეიმკვიდრაო.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


5

რას ფიქრობ, ქვეყნის დამქცევო,
რას ფიქრობ, უფლის გამცემო?
რა ძალამ აგაფრთიანა,
რა ძალამ მოგცა სავალი?
ავხელოვნებით ავად-მრებელო,
ქრისტეს გამცემელო, უფლის მდევნელო,
უსიყვარულო, უგულისხმოო,
უფლის მოძაგე.
რა გამოქმედებდა, რა გაბოროტებდა,
გული ავგული ვით აგულფიცხე,
ვითარ რბიოდი,
ვითარ ცბიოდი,
ასე ურიდად ვითარ შლილობდი,
განა უფალმა ძმა არ გიწოდა,
განა მოყვსობით არ მოგიწოდა?
(თუმცა განზრახვა შენი იცოდა,)
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


6

ერნი ცათანი ზარგანხდილ,
ერნი ცათანი მთრთოლვარ!
მხოლოდ-შობილმა წყალი აღავსო,
სარტყელი ირტყა წელზე,
და განემზადა ძალთამპყრობელი
მონის სამოსში ფერხთ-განსაბანად.
პეტრემ შეჰყვირა, პეტრე გულწყებულ,
განკრთომით განიკრთო ზეცა!
"უფალო მზეო,
უფალო მძლეო,
ვითარ განბანო შენ ფერხნი ჩემნი?"
ანგელოზები თვალთდახრით მზირენი
ცრემლთა მდინარეს ამცვრევენ,
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


7

ძალნი უხილავნი განკვირდებიან,
ძალნი ცეცხლოვანნი შეძრწუნდებიან,
ეჰა, მოსაჯული ძალთამძლეველი,
ეჰა, უფალი მიუწვდენელი,
უწინარესი მთიებისაჲ
მიწას ჰმსახურობს.
გაბრიილ, გაბრიილ ცას შეჰღაღადებს,
გაბრიილ ცის ერს უხმობს:
"ცათა ანგელოზნო,
ნათელანგელოზნო,
თანამოძმენო, განჰკვირდით,
ძრწოდეთ!
პეტრე ფეხს უწვდენს,
უფალი განბანს,
იუდას პეტრეს შემდგომ მოუხმობს.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!

8

"აჰა, განბანს ზღვაჲ თიხას,
აჰა განბანს სიღრმე მიწას,
მაგრამ სიმყარეჲ მისი არ იშლება,
მაგრამ უფროჲს შეკავშირდება,
თავისუფალი ნებელობაჲ დაეწმინდება.
იხილეთ, იხილეთ, ვითარ იღვაწაო,
იხილეთ, იხილეთ, ვითარ იყვარაო
თვისი შექმნულნი დამბადაბელემან,
ჰოჲ, საქმენი უფლისანიო!
ფეხზე დგას თავადი - ტაბლას უსხედან,
სჭამენ, პურს აწვდის ცათა მეუფე,
განიბანებიან - სულთა განუბანს,
ცეცხლოვან ხელთა ფერხნი უპყრიეს,
მაგრამ თიხაჲ არ იფერფლება,
ცეცხლმან თიხაჲ არ დაშრიტაო".
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


9

ანგელოზი ესრეთ ხმობდა,
ანგელოზი ესრეთ ძრწოდა,
ვენახს ჭეშმარიტს ოდეს გხედვიდა,
ოდეს გხედვიდა, მნათო ზენაო.
რტოთა თვისთა განმფენელო,
რტოთა თვისთა აღმზეველო,
გამომზრდელოო, ნაყოფმწყაზარო, იესო.
და ვით გიხილა სარტყელშერტყმული
ცათა უფალი,
თვით მოციქულთა უნარჩევესმა,
პეტრემ შეჰყვირა გულანანთებით:
"მაცხოვარ, ფერხთა შენ უნდა მბანდე,
საგულისთქმოო?
არა გაბანნე შენ ფერხნი ჩემნი
უკუნისამდე".
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


10

"ძილი სიკვდილად მექცეს და
ქვესკნელს ტყვედ შევემწუხარო,
შენ - უკვდავმა, რომ ჩემს - მოკვდავის წინ,
ქედი იდრიკო, მზეო დაუვალო,
ო, ვითარ რიგად განიხარებდა
მოძულე ჩემი.
მარადჟამეულ ქედი მოკვდავის წინ გსურს იდრიკო!
განა უაღრეს ჩემდა არ არის.
თვისი გამხადე?
განა კმა ჩემდა არ არის,
ღმერთმა მომხადე?
შენს მოყვასთაგან უნარჩევესი მიწოდე, ღმერთო!
თიხას განჰბანდე?!
ო, ვით შემრაცხენ!"
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


11

ასე უხმობდა მოძღვარს მოციქული,
მაგრამ მან თქვა:
"ნაწილი ჩემთან არა გაქუნდეს,
უკეთუ არა დაგბანნე ფერხნი,
უკეთუ არა, მტერი გიწოდო,
გარეგანმდრეკელ ჩემი!"
პეტრე სულით შეიკრთო,
პეტრე ალმო გრძნობამან,
"მოძღუარ,
მოძღუარ,
ყოვლით განმბანნე,
ნუ ხოლო ფერხთა ჩემთა, მოძღუარ!
რომე ნაწილთა შენთა შევერთო!
სუფევას შენსას შემისართეო".
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


12

ვითარ სიტყვათა ნთებაა,
ვითარ გრძნობათა ხლებაა!
მაგრამ უგრძნობი შეუძრავია,
მაგრამ ულმობი შეუვალია,
ღვთის მეგობრობა განა არჩია,
ქვაგული განა დაიცხრო?!
სერობის პურის უღვთოდ მღებელი,
სერობის ღვინის ვერად მთნებელი,
უფალს აღუდგა,
ცხოვარს განუდგა,
ცად ანგელოზნი გლოვენ!
მწარე ძუძუთა მიექცა,
უტკბილეს ძუძუთმღებელი.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


13

ამაოდ რბიოდა,
ამაოდ ივლტოდა,
მძვინვარ იუდასგან ადრე სატანა.
აწ თვით იუდა გარბის ეშმასთან,
იქმნა სატანა
მისით შიშობდნენ?
ჰოჲ, ამაო! ის ხომ მოუცავს შურს მოუდრეკელს,
შური აღიდვა,
შური აღიღო,
თვალით ეშურა თვისსავ შემოქმედს!
ამაოდ, ამაოდ, ამაოდ ჰკურნებდა
სიტყვაჲ მისი სენთა მრავალთა,
ო, თვით სნეულ არს, უმსახურებელ!
ვერცხლისმოყვარება სულს დაუფატრავს.
ჰა, თავად წყლული გაეხსნა გულში,
ვერცხლისმოყვარებით დაიწყლულაო.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


14

საუკუნეთა მფლობელი,
უცვალებელი იესო,
მკვლელებს სურს ხელში უგდოს უზავმა,
ვაჭრობის საგნად უნდა აქციოს.
"რაჲ გსურთ მომცეთ?" შემოელიქნა,
დაჰხარბდა, ფასისმოსავობს.
სისხლი სწყურიათ იესოს,
იესოს სისხლით მთვრალობა,
ზღვაო, შეიქეც, შეთქმულებაა,
შეუფასებელს ფასი დაედო,
ცხოვრების მომცემს სიკვდილი დასდევს,
ქვეყანავ ძრწოდე,
შეითქუნესო!
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


15

აწ წარმოჩინდა,
აწ გამოჩინდა
გულის სიხარბეჲ შენი.
გემოთმოყვარეო, უბადრუკოო, მოურიგებელ,
სულო ურცხვინოო, უანგაჰრესო, ვერცხლისმოყვარე!
"რაჲ გსურთ მომცეთ"? - შემოელიქნე,
იესოს სისხლდანატრულებს.
ვითარ რა გაკლდა,
"რაჲ მოგაკლდა,
რისი შეიქმენ გულნამტკინარე?
ქვეყანიერის და ზეციერის მადლი გეფინა,
შენვე მას გასცემ?
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


16

სიმდიდრე, ყოვლად უხრწნელი,
საუნჯე, ყოვლად ულევი,
ხელთ გეპყრა; გულში ქრისტეზე,
ქრისტეზე ფიქრი გღალავდა,
ახლა კი გულაჩქარებით,
ახლა კი გულგაშმაგებით,
გარბიხარ მათთან, ვინც ვერარაჲ,
ვინც ვერაფერი გაძლიოს.
ან რას მოგეცემენ უფლის სანაცვლოდ,
ან რას შეგწირვენ ქრისტეს საბადლოდ,
მზეს, ვარსკვლავებს და სრულად ცისქვეშეთს
მათგან მოელი გაძლევდნენ?
ცუდად დაშვრები,
ცუდად მაშვრალხარ,
ამაოება ამაოთაო!
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ.


17

ჰოჲ უცნობოო,
ჰოჲ უგონოო,
უგულისხმოო უგონოებით.
თავმოთნეობით განლაღებულო,
აღლაღებულხარ -
ცნობას მოდექი.
მოდექ, მოიქეც, ცნობავნებულო,
გონს გადასულო, გონზე მოდექი.
ვნება იოკე! აჰ, შენ არ ძალგიძს
ცათამპყრობელის მართლ შეფასება,
დაღათუ ნება არ იქნა მისი,
ვის ხელთუპყრია ყოვლი არსება.
ვინ შემობედავს, ვინ ხელს აღიღებს
არსთა მპყრობელზე, ჰოჲ უგუნურნო!
მოყიდვა უფლის გულად დაიდვეთ,
მოყიდვა უფლის მოიგულეთო.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


18

ცხოვრობდა უპოვარებით,
ცხოვრობდა ნაკლოვანებით.
ელია მადლითმოსილი,
ელია ღმერთშემოსილი.
ერგასისთავთა ცეცხლით ზარავდა,
მდიდარი იყო ღმერთით.
აწ კი რა ხდება, ცაო, შეიქეც!
არად შერაცხეს ელიას ღმერთი
და, ვისი მონაც იყო ელია,
აწ იგი ღმერთი უწყალოდ განსცეს.
წინასწარმეტყველეად,
წინასწარმხედველად -
ამ ღირსებითაც კი არ შერაცხა.
არად იჩინა იუდამ ღმერთი,
ხელთამპყრობელი ზეცის დაჰკარგა.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


19

ისე აღივსე,
ისე განივსე,
ისე დათვერი საკუთარ თავით,
უფალს ვერა სცნობ, თავის ტრფიალო,
ცათამპყრობელი ვერ შეიცანი.
ოქროს აღიღებ,
ოქროს დასწვდები,
ოცდაათ ოქროს ჩაიჩხრიალებ,
აჰა, დათვალე და გაიხსენე,
რომ იოსებიც ასე გაყიდეს.
იმავ საბელით, შენ რომ მოგაშთო,
ქვესკნელს ჩადიხარ, ბნელეთის ტყვეო,
ეს რა უდროოდ გონზე მოხვედი,
ეს რა უდროოდ, როს განსყიდეო.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


20

ვითარ დგრიალით,
ვითარ ზრიალით,
ძირს დაეკვეთა, მოსწყდა მოწაფე.
აჰ, რა განცემით,
აჰ, რა დაცემით,
დაეცა უფლის მოძაგე!
და ასე იყო ოდესღაც მაშინ,
თავად ბელიარ ელვისებრ გაჰკრთა,
და ჩამოიქცა,
ქვე ჩამოირღვა,
სახედ ელვისა ეშმა განჰვარდა.
აწ კი იუდა მოძღვარს აღუდგა,
ეკალს შთაერგო ფეხი,
ეკალს ჩავარდა,
ქვესკნელს შთავარდა,
ბჭენი განეღო ქვესკნელისანი.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


21

ვნებათა აღმღებელიო,
ვნებათა თავსმდებელიო
როგორ გასწირე ასე, იუდა,
როგორ უღმერთოდ რბი.
ზაკვით ამბორს-ყოფ, სიკვდილს გადასცემ,
დაიმზაკვარებს ფიქრს.
ქრისტე გმოძღვრავდა: მდაბლად იარ და
გზაჲ განლიე ცხოვარისაო.
მგლურად ყმუოდი
ამის სანაცვლოდ,
ფიქრი არ გიჩნდა არარისაო,
ამბორი-უყავ,
ამბორი-ეცი,
ცაო, შეჰგლოვენ,
ღალატისაო,
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


22

შეჩერდი, შეჩერდი, შეჩერდი,
ჟამნი დაგიდგა გლოვისანიო.
სინდისი გქენჯნის,
სინდისი,
საქმენი ბნელისანიო.
და ჰა, აღსრულდა,
ჟამმა გიწია,
ჟამმა მოგიზღო მოსაგებელი,
ოქროს განაბნევ,
ოქროს განანქრევ,
სიკვდილს თავს მისცემ ფასისმოყვარე.
მაგრამ ამაოდ,
ჰოჲ, რა ამაოდ,
აწღა მოდიხარ გონზე იუდა,
უკვე გაეცი, იუდა, ღმერთი,
ჟამი სინანულის აწ გარდავიდა.
ო, შენ გაეცი დიდი საუნჯე,
დიდი საუნჯე სულის,
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!


23

წმიდაო, გვიწყალენ,
წმიდაო, გვიფარენ,
წმიდაო, გვინათენ
გზანი სავალნი,
შენდა მავალნი ნათლისანიო,
და აღადგინენ ქმნულნი შენნი,
და განგვარიდენ
გზათაგან ბილწთა, ყოვლადუღირსთა
ცოდვისათაო.
აჰა ესერა, ძმანო, მხილველნი
ქრისტეს გაცემის,
აჰა ესერა, ძმანო, მკიცხველნი
ფიცხელს დაცემის,
საქმეთა ბნელთა ღალატისათა
მოვიძაგებდეთ.
განვიმტკიცებდეთ ფერხთა ჩვენთა.
განვიმტკიცებდეთ,
სლვად გზასა ნათელს, ყოვლადბრწყინვალეს
უფლისათაო.
ო, საუკუნო საწამებელი, ღმერთო, გვარიდენ.
ყოვლისმპყრობელო,
ყოვლისმომცველო,
გვიწყალენ!




თარგმნა ნინო ბარამიძე-სულაქველიძემ
“ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I, 1994 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 JANUARY 2012 21:36)