ა^ ეპისტოლე ნეტარისა ანტონისი.


1. ყოვლის პირველად გკითხავ თქუენ უფლისა მიერ, ვჰგონებ სულთა მათ რომელთა ზედა მიიწია მადლი ღმრთისაჲ წოდებად მისისა მას ქადაგებასა თჳსითა მით სიტყჳთა, 2. ვითარმედ ჰქონან სამნი სახენი, გინათუ მამათა, გინათუ დედათა, რამეთუ რომელნიმე აღთქუმულსა მისგან რჩულისა და მათ თანა ყოვლისაგან კეთილისა. 3. პირველითგანვე დაბადებისა მათისაჲთ, სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ მათა მიიწია და არა დაყოვნეს, არამედ წარვიდეს განმზადებულნი მის თანა, 4. ვითარცა იგი პირველი მამაჲ ჩუენი აბრაამ, რაჟამს იხილა ღმერთმან გამოძიებაჲ იგი მისი დადებულისა მისგან რჩულისა, გამოეცხადა მას და რქუა: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა, და სახლისა მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას რომელი მე გიჩუენო შენ.

5. და არარაჲთ შეორგულდა, არამედ განმზადებულ იქმნა წოდებასა მას, რამეთუ ესე სახე იქმნა დასაბამითგან ამას შემოსავალსა. 6. და ვითარცა აწ არს კულად ესრეთ სულთა შინა უკუეთუ ესრეთ დაითმინონ და ქმნენ, მოიხუნინ სათნოებანი ესე ადვილად, 7. რამეთუ განმზადებულ არიან გულნი მათნი მიახლებად სულსა ღმრთისასა. 8. ესე არს პირველი შესავალი ამათი. 9. ხოლო მეორენი შესავალნი არიან რომელთა ისმინეს დაწერილი, 10. რომელი უწამებდა ყოველთა ტანჯვათა რომელნი ყოფად არიან ცოდვილთათჳს და ყოველთათჳს აღთქუმათა მათა მიმართ, რომელნი წარემატებიან. 11. და მათგან დაწერილსა რჩულსა {წამებათა} {განიფრთხვეს თჳსთა} გულსმოდგინებითა და ინებეს შესლვად წოდებასა მას, 12. ვითარცა იგი დავით წამებს და იტყჳს: "რჩული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა", 13. და სხუასა ადგილსა იტყჳს: "განცხადებამან სიტყუათა შენთამან განმანათლოს მე და გონიერ ყვნეს ჩჩჳლნი"; 14. და სხუა მრავალ არს რომელ ვერ ძალ გჳც ყოველივე თქუმად. 15. მესამჱ შესავალი ესე არს: რომელნიმე გულფიცხელ იყვნეს პირველ და საქმეთა შინა ცოდვისათა დადგრომილ იყვნეს; და, ვინ უწყის, ესევითართა მათ ზედა სახიერმან ღმერთმან მოაწინნის შრომანი შერისხვითა, 16. ვიდრემდე ცნან შრომითა ამით, და შეინანონ, და მოიქცენ, და ქადაგებასა მას მოვიდენ, შეთჳნანონ ყოვლითა გულითა, და მოიხუნენ მათცა სათნოებანი იგი, ვითარცა იგი მათ რომელთათჳს იგი პირველად ვთქუ. 17. ესე უკუე სამნი შესავალნი არიან სულთანი რომელნი იგი სინანულად მოვლენან (!), ვიდრე მიემთხოვნენ მადლსა და წოდებასა ძისა ღმრთისასა. 18. არამედ ჰგონებ, რომელნი იგი შევიდეს ყოვლითა გულითა და დააწესნეს თავნი თჳსნი დათმენად ყოველთავე ღუაწლთა მჴდომისათა ვიდრემდე სძლონ, 19. ვითარმედ პირველად ამათ უწესს სული წმიდაჲ და აღუმცირებნ მათ ყოველსა შინა რაჲთა დასტკბნეს მათ საქმჱ იგი სინანულისაჲ; 20. და დაუდვის მათ საზღვარი სახჱ სინანულისაჲ ჴორცთა შინა და სულთა მათთა, 21.  ვიდრემდე ასწაოს მათ სახჱ მოქცევისაჲ თჳსისა მიმართ დამბადებელისა ღმრთისა [!]; 22. და მოსცის მათ იძულებაჲ სულსა შინა და ჴორცთა, რაჲთა ორნივე წმიდა იყვნენ და ეგრევე სახედ ორნივე მკჳდრ იქმნენ, 23. ჴორცნი მარხვითა მრავლითა და მღჳძარებითა და სწრაფითა და მსახურებითა რომელსა-იგი იქმნ ჴორცითა; 24. და იიძულებინ ამას ყოვლითავე ნაყოფის-გამოღებითა ჴორციელითა. 25. და სული იგი სინანულისაჲ მოძღუარ ექმნის მათ ამათ შინა, და გამოცადნის იგინი ამათ შინა, რაჲთა არა მტერობამან მართუკუნ აქცინნეს იგინი. 26. მაშინ წინამძღუარმან სულთამან იწყის ახილვად თუალთა სულისა მათისათა, რაჲთა მოსცეს მათ თჳსი სინანული რაჲთა წმიდა იყოს; 27. და გონებამან განწვალებაჲ შოვრის მათსა მოსცის, და იწყის სწავლად სულითა მით განწმედად ჴორცთა და სულისა სინანულითა; 28. და გონებაჲ იგი ისწავლებინ სულისა მისგან, და მიძღჳნ (!) ჩუენ, სულისა მის და ჴორცთა მოქმედებასა, და წმიდა ჰყოფნ მათ, 29. და განჩინებასა მოსცემნ ჴორცთა მათ ნაყოფითა აღრეულისა მისგან ყოველთა თანა ჴორცისა ბუნებათა ვინაჲთგან იგი რჩულისა გარდასლვაჲ იქმნა; 30. და მოართუამნ თითოეულსა ჴორცთასა მას ბუნებასა პირველისა მისებრ დაბადებულისა; 31. არა რაჲ აქუნ მას უცხოჲ მტერისა მისგან სულისაჲ. 32. და ჴორცნი იგი იქმნიან ჴელმწიფებასა ქუეშე გონებისასა, და ისწავლებინ იგი სულისა მისგან, მსგავსად სიტყჳსა მის პავლის (?) მოციქულისა: "აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ"; 33. რაჲმეთუ გონებამან თავი განიწმიდა საჭმელთაგან და სასუმელთა და ძილისა და ერთგზის ყოვლადვე ყოველთა მათგან თავისა თჳსსა აღძრვათა, 34. ვიდრემდე ბუნებისა მისგანცა თანაშერთვისა განიშორა იგი თჳსითა მით სიწმიდითა. 35. და ჰგონებ ვითარმედ სამნი აღძრვანი არიან მას შინა. 36. რაჲმეთუ არს ბუნებისაჲ იგი ჴორცთაჲ თანაშესუარულ მისა, არამედ ვერ იქმნებინ თჳნიერ სულისა მის ნებისა გარნა უწყებულ. 37. ხოლო არნ ჴორცთა შინა {არს} სხუაჲცა აღძრვაჲ, ზრდისაგან ჴორცთასა მრავლითა საჭმელთა და სასუმელითა და განჴურვებითა სისხლისაჲთა რომელ-იგი საზრდელთაგან ჰბრძავნ ჴორცთა, რაჲმეთუ შესუარული იგი აღიძრის შუებისა მისგან; 38. ამისთჳს მოციქული იტყჳს: "ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწებაჲ"; 39. მერმე უფალი ამცნებს მოწაფეთა სახარებასა: "ეკრძალენით ნუკე დამძიმდენ გულნი თქუენნი საჭმელთა და სასუმელითა", და შუებითა უფროჲს. 40. ხოლო რომელნი იგი ეძიებენ საზომსა მას სიწმიდისასა, თანაგუაც თქუმად (!) ვითარმედ "აღვიკრძალნე ჴორცნი ჩემნი და დავიმონნე". 41. მესამჱ აღძრვაჲ არს უკეთურთაგან სულთა, რაჲმეთუ განსცდიედ შურითა და ჰნებავნ გარდაქცევად რომელთა იგი ჴელი შეყვიან თავისა თჳსისა განწმედასა. 42. ხოლო სამთა ამათ სახეთა უკუეთუ სულმან მიუგრძოს თავით თჳსით დათმენად წამებათა მათ შინა რომელნი იგი სულმან ასწავლნის გონებასა, განწმიდნის ორივე სენისა მისგან რომელ არს სამთა მათ შინა სახეთა; 43. უკუეთუ დააცადოს თავით თჳსით გონებამან წამებათა მათ შინა რომელთა სული-იგი უწამებს მას, მაშინ უკეთურთა მათ სულთა შეუთესიან შესუარულებასა მას ჴორცთასა ჰბრძვანედ მით აღძრვითა, 44. ვიდრემდე სული იგი დაშურეს და ეძიებდეს ვითარმედ ვინაჲძი შეწევნაჲ მისი მოვალს, და მოაქციოს, და შებმა უყოს სულისათა მათ წამებათა, და განცოცხლდეს; 45. მაშინ ჰრწამნ რაჲმეთუ განსუენებაჲ მისი ესე არს, დადგრომად ღმრთისა თანა, და რაჲმეთუ იგი არს მშჳდობაჲ მისი. 46. ესე ვთქუ სინანულისათჳს ჴორცითა და სულთა, და ვითარ იგი ჯერ-არს განწმედაჲ მათი; 47. და რაჟამს მოიღის, ესევითართა სახეთა ღუაწლი გონებამან, მაშინ ევედრებინ სულისა მისგან, და იწყის განწვალებად მშჳნვიერთა (?) მათ სენთა რომელნი მოვლენედ მის ზედა ნებათაგან თჳსთა. 48. მაშინ იყო ზიარებაჲ სულისაჲ და გონებისაჲ მცნებათა მათგან დამარხვისა რომელნი იგი მისცნის მას, 49. და ასწავის მას განკურნებად ყოველივე სენი სულისაჲ და თითოეული იგი მისგან განწვალებად აღრეული იგი რომელი მოეღო ჴორცთა მათ შინა ბუნებათასა და სხუათაჲ მათ რომელნი იყვნეს თჳსაგან მისა სულსა მას შინა თჳნიერ ჴორცთა, თავითგან ვიდრე ფერჴადმდე, თჳსი იგი მისი ნებაჲ, რომელი აღრეულად აქუნდა მათ შინა. 50. თუალთა საზღვარი დაუდვის მართლ და წმიდად ხედვად, რაჲთა არა რაჲ მერმე უცხოჲ რაჲმე აქუნდეს (!). 51. და მისა შემდგომად ყურთა სმენად მშჳდობად, და აღარა ჰნებავნ ძჳრისსიტყუაჲ და არცა გინებაჲ კაცთაჲ სმენად, 52. არამედ ყოვლისავე განგებაჲ და მოწყალებაჲ ყოველთა მიმართ დაბადებულთა ჰნებავნ, რაჲმეთუ ამათ შინა სნეულ იყო ოდესმე. 53. მერმე კუალად ენასა ასწავის თჳსი იგი სიწმიდჱ, რაჲმეთუ ესევითარი იგი სენი განდიდებულ იყო მისი, და რომლითაცა სნეულ იყო მასცა იტყოდა, და მოსცის ენასა რომელ იგი საქმარ მისა იყო; ესე უკუე სენი უმეტჱსად განდიდნა მისი ამით ასოჲთა რომელი იგი არს ენაჲ. 54. რაჲმეთუ იაკობ მოციქული წამებს და იტყჳს: "რომელსა ეგონოს თავი თჳსი რჩულიერ და არა აღჳრ ასხნეს ენასა თჳსსა, თავსა თჳსსა აცთუნებს და მისი იგი რჩულიერებაჲ ამაო არს"; 55. მერმე კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს ვითარმედ "ენაჲ მცირჱ ასოჲ არს და დიდად მაღლოვის, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა", და სხუაჲ მრავალი, რომელსა ვერ ძალ მიც აწ ყოველსავე თქუმად; 56. უკუეთუ გონებამან შეუძლოს მოღებად სულისა მისგან იგი პირველად განწმიდნების, და მაშინ გამოიძინნის სიტყუანი, და მოსცის ენასა, რაჲთა არაჲ რაჲ აქუნდეს გულარძნილებაჲ გინა ნებაჲ გულისაჲ; 57. და სიტყუაჲ იგი სოლომონისი აღესრულების რომელ თქჳს: "ჩემნი სიტყუანი თქუმულ არიან ღმრთისა მიერ; არა არს მათ შინა ქცეულება არცა გულარძნილება"; 58. მერმე კუალად იგივე სხუასა ადგილსა იტყჳს: "ენაჲ ბრძენთაჲ მკურნალ არს", და სხუაცა მრავალ სიტყუა არიან. 59. და მერმე კუალად აღძრვანი მჴნეთანი ოდეს-თუ სადამე იყვნეს აღძრულ რომელთა შინა არა ჯერარს გონებისა მის ნებითა, სულო აწ სულმან მან აწ სიმტკიცჱ ამათი განაჩინის სიწმიდედ ლოცვითა და მოწყალებითა, რაჲთა იგინი ამათ შინა იქმოდიან, 60. და ამათ ზედა სიტყუაჲ იგი აღესრულების ლოცვათათჳს: "აპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ მსხუერპლ სამწუხარო (!)", და ვითარმედ "ჴელთა მჴნეთაჲთა განამდიდრიან". 61. მერმე კუალად ჭამადი მუცლისა განწმიდის და სასუმელი მისი, დაღათუ უძღებებასა იჴმევდა ამათ შინა (ოდესმე სულისა მის ნებითა აღრეულ იყო მათა) გულისთქუმითა და უძღებებითა საჭმელთა და სასუმელთათა, 62. რომელნი იგი ეშმაკთა შეურინეს (?), რომელთათჳს სული წმიდაჲ იტყჳს დავითის მიერ: "ამპარტავანისა თანა თუალითა და უძღებისა გულითა, ამის თანა არა ვჭამდ". 63. უკუეთუ კუალად ეძიებდენ ამისსაცა სიწმიდესა, მერმე კუალად სულმან საზღვარი დაუდვის მათ სიწმიდისაჲ საზომით კმად ჴორცთაებრ ძალისა, 64. რაჲთა აღარა ჰქონდეს მას შინა გულისთქუმისა გემოჲ; 65. და ამას ზედა სიტყუაჲ იგი პავლჱსი აღესრულების რომელ თქუმულ არს: "გინათუ სჭამდეთ, გინათუ სუმიდეთ, გინა რასავე იქმოდით, სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ". 66. მერმე კუალად მუცლისა მიერ აღძრულთა სიძვისაგან გულისსიტყუათა (!), კუალად გონებაჲ იგი ისწავლებინ სულისა მისგან და განჩინებაჲ მოსცის აღძრვათა მათ შინა სამთა სახეთა, და დაიჯერებნ სიწმიდესა, 67. რაჲმეთუ, შემწედ აქუნ მას სული იგი და ძალს-ცემნ მას: და დაშრტიან აღძრვანი იგი სულისა მისგან ძალითა, და მშჳდობა ყვის ყოველსა მას გუამსა მოკლის აღძრვაჲ იგი; 68. და ესე-იგი არს სიტყუაჲ პავლჱს მიერ თქუმული: "მოაკუდინენით ასონი ეგე ქუეყანისანი, სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი", და შემდგომი ამათი. 69. მერმე ფერჴნი უკუეთუ ოდესმე არა აქუნდა ცოცხალი სლვაჲ ღმრთისა მიმართ, კუალად გონებაჲ რომელი იგი იქმნა ერთვე ჴელმწიფებასა ქუეშე სულისასა, ესენი დააბრკოლნის სლვად ნებისა მისებრ სულისა, 70. რაჲთა ვიდოდიან მსახურებასა უმჯობჱსთა საქმეთასა, რაჲთა ყოველი გუამი იცვალოს და იქმნეს ჴელმწიფებასა ქუეშე სულისასა. 71. და ჰგონებ ვითარმედ ესე აწვე მოიღო ნაწილი რაჲმე სულიერისა მის გუამისაჲ ესევითარმან მან, რომელი მოღებად არს მართალთასა მას აღდგომასა. 72. ესე ვთქუ სულისათა მათ სენთათჳს რომელი მოეღო შერეულებაჲ ბუნებასა მას თანა ჴორცთასა, აღძრული მათ შინა, რომელი მოძღუარ იყო უკეთურთა მათ სულთა საქმითა ასოთა მათ შინა. 73. არამედ ვთქუავე ვითარმედ აქუნდეს რაჲმე თჳსაგან სულსა მასცა სხუაჲ რაჲმე თჳნიერ ჴორცთასა; აწ რომელნი არიან იგი გამოვიკითხნეთ ესენი. 74. რაჲმეთუ ამპარტავანებაჲ სენი მისი არს თჳნიერ ჴორცთა; მაოცნებელობაჲ ეგრევე სენი მისი არს თჳნიერ ჴორცთა, და კუალად სილაღჱ, და სიძულილი, და შური, რისხვაჲ, და სულმოკლებაჲ, უთმინოებაჲ (?), და სხუანი მწულილ-მწულიადნი ამათნი. 75. უკუეთუ მისცეს თავი თჳსი ღმერთსა ყოვლითა გულითა, მაშინ სახიერმან ღმერთმან მოსცეს მას სული სინანულისაჲ, და უწამებნ მას თითოეულთა მათ სნეულებათა, რაჲთა შეინანოს მათთჳს; 76. და მჴდომნი აბრკოლებედ მას და განსცდიედ მათ შინა, და არა უტეობედ მას სინანულად. 77. უკუეთუ დაითმინოს და ერჩდეს მასწავლელსა მას მისსა სულსა სინანულად, მაშინ დამბადებელი იგი სწყალობნ შრომისა მისთჳს მონანულისა შრომითა მით ჴორციელითა, მარხვითა დიდითა, და მღჳძარებითა, და წრთჳთა მრავლითა სიტყუასა ღმრთისასა, და ვედრებითა უმრავლჱსითა, და უვარის ყოფითა სოფლისაჲთა და კაცობრივთა საქმეთაჲთა, და სიმდაბლითა, და სიგლახაკითა სულისაჲთა; 78. და ამათ შინა ყოველთა მოითმენნ: მაშინ სახიერმან ღმერთმან იხილის მისი იგი მოთმინებაჲ განსაცდელთა შინა, შეიწყალის და შეეწევინ მას. ამენ.

 

 

ანტონისი ებისტოლჱ მეორჱ



1. საყუარელთა და პატიოსანთა ძმათა ანტონი უფლისა მიერ გიკითხავ. 2. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, არა ერთსა ჟამსა ღმერთი მოხედვას ყოფდა დაბადებულთა ზედა თჳსთა, 3. არამედ დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჲ-ოდენნი მოვიდეს მრავლის-შემოქმედისა აღთქუმისა რჩულითა, ამათ თანა გამოვალს ღმერთი თითოეულისა მის თანა სახიერებითა, მადლითა, სულითა თჳსთა. 4. ხოლო მეტყუელთა მათთჳს ბუნებათა, რომელთა იგი აღთქუმისა მისგან რჩულისა სული მათი და საცნობელნი გულთა მათთანი მკუდარ იქმნეს ვითარმედ ვერღარა შემძლებელ იყვნეს იგინი გულისჴმის-ყოფად პირველისა მისებრ დაბადებისა, 5. ამას ვიტყჳ რაჲმეთუ ესენი პირუტყუ იქმნეს ყოვლადვე, და მსახურებდეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა. 6. ხოლო შემოქმედმან ყოველთამან თჳსითა მით დიდითა სახიერებითა მოხედვაჲ ჩუენი ყო აღთქუმისა მის რჩულითა, რაჲმეთუ არსებაჲ არს უკუდავი. 7. და რაჲ-ოდენნი იგი ღირს (!) იქმნეს; თჳსითა მით აღთქუმისა რჩულითა, და განისწავლნეს სულითა წმიდითა, და მოიღეს შვილებისა იგი სული, 8. მათ შეუძლეს თაყუანისცემად თჳსსა მას შემოქმედსა ვითარ იგი ჯერ-არს, რომელთათჳს პავლე მოციქული იტყჳს ვითარმედ "არღა მოუღებიეს აღთქუმაჲ იგი ჩუენთჳს". 9. ხოლო თჳსითა მით შეუნანებელითა სიყუარულითა ყოველთა შემოქმედსა უნდა, მოხედვაჲ ჩუენთა მათ სნეულებათა და განბნეულებათა, 10. აღადგინა მოსე რჩულის-მდებელი, რომელმან მომცა ჩუენ რჩული წიგნითა, და გჳფოძნა ჩუენ სახლი ჭეშმარიტებისაჲ, რომელ იგი არს კათოლიკჱ ეკლესიაჲ, რომელმან იგი დაჰბადა ერთობაჲ, რაჲმეთუ უნდა ღმერთსა მოქცევაჲ ჩუენი პირველსავე, მას დასაბამსა; 11. მოსე აღაშენა სახლი და არა აღასრულა, არამედ დაუტევა იგი და წარვიდა. 12. მერმე კუალად ღმერთმან აღადგინა კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ სულითა თჳსითა, და აშჱნეს მათაცა საფუძველსა მას ზედა მოსესა, და ვერ შეუძლეს აღსრულებად მისა; ეგრევე სახედ დაუტევეს იგი მათცა, და წარვიდეს. 13. და ყოველთავე სულითა შემოსილთა იხილეს წყლულებაჲ იგი რაჲმეთუ უკურნებელ იქმნა და რაჲმეთუ არა რაჲ დაბადებულთაგანი შემძლებელ იყო განკურნებად, 14. გარნა მხოლოდშობილი, რომელ არს გონებაჲ ჭეშმარიტი მამისაჲ და ხატი მისი, რომლისა ხატად თჳსისა ხატისა შექმნა ყოველი მეტყუელი დაბადებული; 15. რაჲმეთუ იცოდეს ამათ ვითარმედ მაცხოვარი არს დიდი იგი მკურნალი; შეკრბეს ყოველნი ერთბამად და შეწირეს ლოცვაჲ თჳსთა ასოთათჳს, რომელ ესე ჩუენ ვართ; 16. ღაღადებდეს და იტყოდეს: "ნუ-უკუეთუ მკორისკევი არა არსა გალადს, ანუ მკურნალნი არა არიან მუნ რაჲსა არა აღვიდა განკურნებად ასული ერისა ჩემისაჲ? 17. ჰკურნებდით მას ჩუენ და არა განიკურნა; აწ ესერა დაუტევეთ და წარვედით მათგან". 18. ხოლო ღმერთი გარდარეულითა მით სიყუარულითა მოვიდა ჩუენდა და წმიდათა მისთა მიერ იტყოდა: "ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭერი ტყუეობისაჲ", 19. რაჲმეთუ "იგი თავადი იყო ხატი ღმრთისაჲ, არა ნატაცებად შეირაცხა თავი თჳსი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა, და ხატი მონებისაჲ მოიღო, და მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა: ამისთჳს მიანიჭა მას ღმერთმან სახელი რომელ არს უზეშთაეს ყოველთა სახელთა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტჱსისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი; ყოველმან ენამან აღიაროს რაჲმეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა". 20. აწ უკუე, საყუარელნო, სიტყუაჲ ესე ცხად იყავნ თქუენ შოვრის, რაჲმეთუ სახიერებამან მამისამან არა ჰრიდა ჩუენთჳს მხოლოდშობილსა თჳსა, არამედ მისცა იგი ჩუენ ყოველთა ცხორებისათჳს, მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს; 21. და ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს იგი, და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით; 22. და სიტყჳთა ძლიერებისა მისისაჲთა შემკრიბნა ჩუენ ყოველთაგან სოფელთა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე სოფლისა: 23. და ყო აღდგომაჲ გონებათა ჩუენთაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, და მასწავა ჩუენ რაჲმეთუ ასოებ ვართ ურთიერთარს. 24. გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, გულისჴმა-ყავთ დიდი ესე მოღუაწებაჲ, რაჲმეთუ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა. 25. და თანააც ყოველსა მეტყუელსა გონებასა, რომელთათჳს მაცხოვარი მოვიდა, განკითხვად თჳსი იგი სახჱ და ცნობაჲ გონებისა თჳსისაჲ და განშორებისა მიცემად შოვრის ბოროტსა და კეთილსა, რაჲთა შეუძლონ განთავისუფლებად (!) მოსლვითა მით მისითა. 26. რაჲმეთუ რომელნი იგი განთავისუფლდეს (!) მოღუაწებითა მისითა იწოდნეს იგინი მონა ღმრთის, რომელ იგი არღა არს სრულება, არამედ სიმართლე თჳსა მას ჯამსა და წინამძღუარ შვილებისა. 27. ხოლო იესუ მაცხოვარმან ჩუენმან გულისჴმა-ყო, რაჲმეთუ მიახლებულ არიან ესენი მოღებად სულსა მას შვილებისასა და იცნეს იგი, რაჲმეთუ ისწავეს სულისაგან წმიდისა, და რქუა მათ: "არღარა გიწოდე თქუენ მონად, არამედ ძმად და მეგობრად, რაჲმეთუ რავდენი მაუწყა მე მამამან გამოგიცხადე და გაუწყე თქუენ". 28. კადნიერ უკუე იქმნეს გონებითა, რაჲმეთუ იცნნეს თავნი თჳსნი და გონიერი იგი თჳსი არსებაჲ, მოცეს ჴმაჲ და იტყოდეს: "დაღათუ გიცოდით შენ ოდესმე ჴორციელად, აწ არღარა ეგრეთ გიცით": 29. და მოიღეს შვილებისა იგი სული, ღაღადყვეს და იტყოდეს რაჲმეთუ "არა მოგჳღებიეს ჩუენ სული მონებისაჲ კუალად შიშად, არამედ მოგჳღებიეს ჩუენ სული შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, რომელ იგი არს მამაო". 30. აწ, უფალო, გჳცნობიეს რომელ იგი მომანიჭე ჩუენ, რაჲმეთუ შვილნი ვართ ჩუენ და მკჳდრნი ღმრთისანი და თანამკჳდრნი ქრისტჱსნი. 31. ხოლო ესე სიტყუაჲ ცხად იყავნ თქუენდა, საყუარელნო, რაჲმეთუ რომელმან არა განმზადოს თავისა თჳსისა წარმართებულებაჲ, და არა ღუაწლსა შინა იყოს ყოვლითა ძალითა, უწყოდენ ესევითარმან რაჲმეთუ მოსლვაჲ იგი მაცხოვრისაჲ სასჯელ იქმნეს მას, 32. და რომელთამე საყნოსლად სიკუდილითი სიკუდიდ და რომელთამე საყნოსლად ცხორებითი ცხორებად; 33. რაჲმეთუ დაცემად დგას იგი, და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შოვრის, და სასწაულად სიტყჳს-გებისა. 34. გლოცავ თქუენ, საყუარელნო, სახელითა იესუ ქრისტჱსითა რაჲთა არა უდებ-ყოთ ცხორებაჲ თავისა თჳსისაჲ, არამედ კაცადკაცადმან თქუენმან დაიპენ გული თჳსი და ნუ სამოსელი, ნუუკუე ხატი ხოლო ესე შეგუემოსოს ცუდად და განუმზადოთ თავთა თჳსთა სარჩელი. 35. რაჲმეთუ აწვე ესერა ჟამი მოახლებულ არს რომელსა შინა გამოიცნენ კაცად-კაცადისა ჩუენისა საქმენი. 36. ხოლო მწულილადთა მათ სიტყუათათჳს არიან სხუაცა მრავალ მიწერად თქუენდა: არამედ წერილ არს: "ეც მიზეზ ბრძენსა, და უბრძნეს იყოს". 37. გიკითხავ თქუენ ყოველთა უფლისა მიერ მცირითგან ვიდრე დიდადმდე; 38. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან დაგიცვენინ თქუენ ყოველნი, საყუარელნო (!). ამენ.

 

ანტონისი ებისტოლჱ გ^.




1. ანტონი საყუარელთა შვილთა ძეთა ისრაჱლიტელთა გიკითხავ მეცნიერებისა თქუენისაებრ არსებისა, რაჲმეთუ არა რაჲ ჴამს სახელის-დებაჲ სახელთა ჴორციელთა თქუენთაჲ რომელნი წარმავალ არიან, რაჲმეთუ შვილნი ხართ ისრაიტელნი. 2. ჭეშმარიტად, შვილნო, რაჲმეთუ სიყუარული რომელ მაქუს თქუენდა მიმართ არა არს სიყუარული ჴორციელი, არამედ სიყუარული სულიერი ღმრთისმსახურებისაჲ. 3. ამისთჳს არა მეწყინების ვედრებაჲ ღმრთისა ჩემისაჲ დღჱ და ღამე თქუენთჳს, რაჲთა შეუძლოთ ცნობად მადლი იგი რომელი ქმნა თქუენდა მიმართ: 4. რაჲმეთუ არა ერთსა შინა ჟამსა მოხედვას ჰყოფს ღმერთი თჳსთა დაბადებულთა, არამედ დასაბამითგან სოფლისაჲ ღმერთი განაგებს თჳსთა დაბადებულთა, ნათესავად ნათესავად განაღჳძებს თითოეულსა (!) მიზეზითა და მადლითა. 5. აწ, შვილნი ნუ უდებ იქმნებით ღაღადებად დღჱ და ღამე ღმრთისა მიმართ და აიძულებდით სახიერებასა მამისასა და ამის გამო მოგმადლოს თქუენ ზეცით რომელმან გასწაოს თქუენ ვიდრემდე სცნათ რომელ-იგი კეთილ არს თქუენდა. 6. ჭეშმარიტად, შვილნო, სიკუდილსა შინა ჩუენსა დამკჳდრებულ ვართ, და სახლსა შინა ავაზაკისასა მყოფ ვართ, და საკრველითა სიკუდილისაჲთა შეკრულ ვართ. 7. აწ უკუე, ნუ სცემთ ძილს თუალთა თქუენთა, ნუცა ჰროლილს (?) წამთა თქუენთა, რაჲთა შესწირნეთ თავნი თქუენნი მსხუერპლად ღმრთისა ყოვლითა სიწმიდითა, რომელი ვერ ვის ჴელეწიფების დამკჳდრებად თჳნიერ სიწმიდისა. 8. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, სიტყუაჲ ესე ცხად იყავნ თქუენდა, რაჲთა კეთილსა იქმოდით, 9. რომლითა ყოველთავე წმიდათა განუსუენებდეთ, და გულსმოდგინება სცეთ ანგელოზთა მსახურებასა, და სიხარულ იესუჲსსაცა (!) მოსლვასა, რაჲმეთუ არღასადა განსუენება აქუს ჩუენთჳს ვიდრე აქა ჟამამდე, 10. და მეცა უბადრუკსა ამას, რომელი მყოფ ვარ თიჴისა ამას სახლსა, მომცეთ სიხარული სულსა ჩემსა. 11. ჭეშმარიტად, შვილნო, რაჲმეთუ სნეულებაჲ ესე ჩუენი და დამდაბლებაჲ ესე ჩუენი სალმობა არს ყოველთა მათ წმიდათა, და ცრემლოვიან და სულთ-ითქუმენ ჩუენთჳს წინაშე ყოველთა შემოქმედისა; 12. და ამისთჳს ყოველთაჲ ღმერთი განრისხნების ბოროტთა ზედა საქმეთა ჩუენთა სულთქუმათა მათთჳს წმიდათასა. 13. კუალად ჩუენი იგი წარმატებულებაჲ და სიმართლჱ გულსმოდგინებას სცემს ერსა მას წმიდათასა, და ჰყოფენ ვედრებასა მრავალსა და მხიარულებასა სიხარულით წინაშე შემოქმედისა ჩუენისა; 14. და იგი თავადი ყოველთა შემოქმედი იხარებს საქმეთა ჩუენთა ზედა წამებითა მით წმიდათა მისთაჲთა, და მომანიჭებს ჩუენ ნიჭთა მათ უზომოთა. 15. რაჲთა უკუე სცნათ რაჲმეთუ ღმერთსა მარადის უყუარან თჳსნი დაბადებულნი, რაჲმეთუ არსებაჲ არს უკუდავი, არა თანადაჴსნელი ჴორცთა, 16. იხილა გონიერი იგი ბუნებაჲ რაჲმეთუ უფსკრულად შთაჴდა მომკუდარი ყოვლადვე სრულიად, და აღთქუმისა იგი რჩული განჴმა. 17. ხოლო ღმერთმან თჳსითა სახიერებითა ამისა მოხედვა ყო მოსეს მიერ; 18. ხოლო მოსე დაფუძნა სახლი ჭეშმარიტებისაჲ, და ეგულვა განკურნებად დიდი იგი წყლულებაჲ, და უნდა მათი მოქცევაჲ პირველსავე მას ერთობასა, და ვერ უძლო, და განეშორა მათგან. 19. მერმე კუალად კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ აშჱნებდა საფუძველსა მას ზედა მოსჱსა, და ვერ შეუძლეს განკურნებად დიდსა მას წყლულებასა ასოთა თჳსთასა, და იხილეს რაჲმეთუ ძალი იგი მათი დასცხრა. 20. მერმე კუალად ყოველთა წმიდათა ერნი შეკრბეს ერთბამად და ლოცვაჲ შეწირეს წინაშე შემოქმედისა მათისა და იტყოდეს:  21. "ნუუკუე მკორისკევი არა არს გალადს, ანუ მკურნალი არა არს; მუნ რაჲსა არა აღვიდა, კურნებად ასული ერისა ჩემისაჲ? 22. უფალო, ჰკურნებდით ბაბილონსა, და არა განიკურნა აწ დაუტეოთ და ვივლტოდით მისგან". 23. და ვითარცა სთხოვდეს ყოველნი წმიდანი სახიერებასა მამისასა მხოლოდშობილისა მისისათჳს, უკუეთუ არა მოვიდეს იგი აქა, არა რაჲ დაბადებულთაგანი, შემძლებელ არს განკურნებად დიდსა მას წყლულებასა კაცთასა, 24. ამის მადლისათჳს მამამან თჳსითა სახიერებითა ჴმაჲ მოსცა და თქუა: "ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭერი ტყუეობისაჲ და წარმოტყუენე ნეფსით". 25. მამამან არა ჰრიდა მხოლოდშობილსა თჳსა ჩუენ ყოველთა ცხორებისათჳს, მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს; 26. რაჲმეთუ ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს, და წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი განვიკურნენით. 27. და შემკრიბნა ჩუენ კიდითგან სოფლისაჲთ ვიდრე კიდემდე სოფლისა, 28. და ყო აღდგომაჲ გონებათა ჩუენთაჲ ქუეყანით, და მასწავა ჩუენ რაჲმეთუ ურთიერთარს ასოებ ვართ. 29. ეკრძალენით, შვილნო, ნუუკუე სიტყუაჲ იგი პავლესი ჩუენ ზედა აღესრულოს, ვითარმედ "გუაქუნდეს ხოლო თუ ხატი ღმრთისმსახურებისაჲ, და ძალსა მისსა უვარ ვყოფდეთ". 30. აწ კაცადკაცადმან თქუენმან დაიპენ გული თქუენი და ტიროდენ წინაშე მისა და იტყოდენ: "რაჲ მივაგო მე უფალსა ყოვლისათჳს რომელი მომცა კეთილი?" 31. მეშინის კუალად, შვილნო, ნუუკუე სიტყუაჲ იგი ჩუენ ზედა აღესრულოს ვითარმედ: "რაჲმე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთამოვიდე (!) მე განსახრწნელსა?" 32. ჭეშმარიტად, შვილნო, ვითარცა ბრძენთა გზრახავ თქუენ, რაჲთა სცნათ რომელსა-ესე გეტყჳ თქუენდა ამას გიწამებ თქუენ: 33. უკუეთუ არა კაცად-კაცადმან თქუენმან მოიძულოს ყოველი ბუნებაჲ მიწისაგანისაჲ მის მონაგებისაჲ, და იჯმნეს ამისგან და ყოველთაგან საქმეთა მისთა ყოვლითა გულითა, და განიპყრნეს ჴელნი გულისა მისისანი ზეცად მამისა მიმართ ყოველთაჲსა, ვერ ჴელეწიფების ცხორებად. 34. უკუეთუ რომელ იგი პირველ ვთქუ ყოს, შეიწყალოს იგი ღმერთმან შრომისა მის მისისათჳს, და მოჰმადლოს მას უხილავი იგი ცეცხლი, და შეწუნეს ყოველნივე არაწმიდებანი მისგან, და განწმიდნეს სული იგი მთავრობისა ჩუენისაჲ 35. და მაშინ სული წმიდაჲ დაემკჳდროს ჩუენ თანა და იესუ ჩუენ თანა მყოფ იყოს, და ესრეთ შეუძლოთ თაყვანისცემად ღმერთსა ვითარ იგი ჯერარს. 36. ხოლო ვიდრემდე მშჳდობაჲ გუაქუნდეს სოფლისათა ამათ ბუნებათა თანა, მტერ ვართ ღმრთისა და ანგელოზთა მისთა და ყოველთა წმიდათა მისთა. 37. ხოლო აწ, საყუარელნო, გლოცავ თქუენ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა არა უდებ ჰყოთ ცხორებაჲ თქუენი, და ნუმცა არცხუენს მცირჱ ესე ჟამი დაუსრულებელსა მას ჟამსა, ნუცამცა ტყავი ჴორცთაჲ განხრწნადი არცხუენს სასუფეველსა ნათლისასა გამოუთქუმელსა ნუმცა ადგილი დასასჯელი წყმედს საყდართა მათ სასჯელისათა ანგელოზებრთა. 38. ჭეშმარიტად, შვილნო გულსა ჩემსა ეოცების და სული ჩემი განკრთომილ არს, რაჲმეთუ ჩუენ ყოველნი დატკბობილ ვართ ვითარცა მთრვალნი, ტკბილისაგან, 39. რაჲმეთუ კაცადკაცადმან ჩუენმან განიფრდო თავი თჳსი ნებითა თჳსითა, და ვიუფლენით ჩუენ მას შინა, და არა ვინებეთ ახილვად თუალთა ჩუენთა ზეცად, რაჲთამცა ვეძიებდეთ ზეცისა დიდებასა და ყოველთა წმიდათა საქმესა და კუალსა მათსა სლვად. 40. აწ უკუე გულისხმა-ყავთ რაჲმეთუ ზეცისა წმიდანი გინა ანგელოზნი გინა მთავარანგელოზნი გინა საყდარნი გინა უფლებანი გინა ქერობინნი გინა სერაფინნი გინათუ მზჱ გინათუ მთოვარჱ გინა ვარსკულავნი გინა მამათმთავარნი გინა წინაჲსწარმეტყუელნი გინა მოციქულნი გინა ეშმაკი გინა სატანაჲ გინათუ სულნი უკეთურნი გინათუ მთავარი იგი აერისაჲ, და, რაჲთა არა მრავალსა ვიტყოდით, გინათუ მამაკაცი გინათუ დედაკაცი დასაბამითგან დაბადებისა მათისაჲთ ერთისაგან არიან ყოველნი, მარტოდგანრე სრულისა მის და ნეტარისა სამებისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. 41. და რომელთაგანმე ბოროტთა ქცევათა საჴმარ იყო ღმრთად მათა სახელისდებად საქმეთა მათთაებრ; 42. ხოლო რომელნი უფროჲს წარემატნეს, მოსცა მათ გადარეული დიდებაჲ.

 

 

ანტონისი ებისტოლჱ მეოთხჱ (!).




1. ანტონი ყოველთა საყუარელთა ძმათა რომელნი ხართ არსენოტით კერძო და სანახებსა მისსა და თქუენთანათა უფლისა მიერ სიხარული. 2. თქუენ ყოველთა რომელთა ეგე განმზადენით თავნი თჳსნი სლვად ღმრთისა მიმართ გიკითხავ უფლისა მიერ, საყუარელნო, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცამდე, შვილთა ისრაჱლიტელთა წმიდათა გონებისაებრ თქუენისა არსებისა. 3. ჭეშმარიტად, შვილნო, დიდი ნეტარებაჲ თქუენდა იქმნა, რაჲმეთუ დიდი მადლი დადებული გექმნა თქუენ მაგას თქუენსა ნათესავსა; 4. შეგიგავს უკუე თქუენ, მისთჳს რომელმან იგი მოხედვა ყო თქუენდა, რაჲთა არა მოიწყენოთ, რომელ იგი ღუაწლსა შინა ხართ, ვიდრემდე შესწირნეთ თავნი თჳსნი მსხუერპლად ღმრთისა ყოვლითა სიწმიდითა, რომლისა თჳნიერ ვერ ვის ჴელეწიფების იგი დამკჳდრებად. 5. ჭეშმარიტად, საყუარელნო, დიდ არს ესე თქუენდა კითხვად გულისხმის-ყოფისათჳს გონიერისა მისთჳს არსებისა, რომელსა შინა არა არს მამაკაც და დედაკაც, არამედ არსებაჲ არს უკუდავი, რომელსა დასაბამი აქუს, ხოლო აღსასრული არასადა. 6. ჯერ არს ცნობად მისთჳს ვითარ იგი ყოვლითურთ გარდამოვარდა ესოდენსა სიმდაბლესა და დიდსა სირცხჳლსა, რომელი ჩუენ ყოველთა ზედა მოიწია, რაჲმეთუ არსებაჲ არს უკუდავი, ვერ თანადაჴსნელი ჴორცთა. 7. ამისთჳს ღმერთმან იხილა ამისი იგი წყლულებაჲ, რომელი უკურნებელ იყო, და რაჲმეთუ განდიდნა ფრიად: 8. შენდობითა მისითა მოხედვაჲ მათი ყო, თჳსითა სახიერებითა შემდგომად ჟამთა რჩული მოსცა მათ და შეწევნა სცა მათ მოსჱს მიერ მოცემად მათა რჩული. 9. და მოსე დაუფუძნა მათ სახლი ჭეშმარიტებისაჲ და უნდა განკურნებად დიდისა ამის წყლულებისაჲ და ვერ უძლო აღსრულებად სახლისა მის შენებაჲ. 10. მერმე კუალად ყოველნი იგი კრებულნი წმიდათანი შეკრბეს ერთბამად, და სთხოვდეს მამისა სახიერებასა მაცხოვრისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოვიდეს ჩუენდა ცხორებისათჳს ჩუენ ყოველთაჲ, 11. რაჲმეთუ იგი არს დიდი და სარწმუნოჲ მღდელთმოძღუარი ჩუენი და ჭეშმარიტი მკურნალი, რომელი შემძლებელ არს განკურნებად დიდსა მას წყლულებასა. 12. ამისთჳს ნებითა მამისაჲთა დაიმცირა თავი თჳსი დიდებისაგან თჳსისა ღმერთი იყო და ხატი მონებისაჲ მოიღო, 13. და მისცა თავი ცოდვათა ჩუენთათჳს; და ცოდვათა ჩუენთა იგი დაამდაბლეს, არამედ წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი განვიკურნენით. 14. ამისთჳს, საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, უწყებაჲ თქუენი მნებავს, რაჲმეთუ ჩუენისათჳს სისულელისა ხატი სისულელისაჲ მოიღო, და ჩუენისათჳს უძლორებისა ხატი უძლორებისაჲ მოიღო, და ჩუენისათჳს სიგლახაკისა ხატი სიგლახაკისაჲ მოიღო, და ჩუენისათჳს სიკუდილისა ხატი მოკუდავისაჲ შთაიცუა, და ამას ყოველსა შინა დაითმინა ჩუენთჳს. 15. ჭეშმარიტად, საყუარელნი, უფლისა მიერ, თანაგუაც რაჲთა არა ვსცეთ თუალთა ჩუენთა ძილ და არცა ჰრულილ წამთა ჩუენთა, 16. რაჲთა ვითხოვდეთ და ვაიძულებდეთ სახიერებასა მამისასა, ვიდრემდე თანა-გამოვიდეს, და ამით განსუენება ვსცეთ მოსლვასა იესუჲსა (!), და ძალი წმიდათა მსახურებასა, რომელნი გჳქმან ჩუენ ქუეყანასა ჟამსა უდბობისა ჩუენისასა, და გულსმოდგინება ვსცეთ მათ შეწევნად ჩუენდა ჟამსა ჭირისა ჩუენისასა; მაშინ რომელმან იგი სთესოს და რომელი იგი მკიდეს იხარებდენ. 17. უწყებაჲ თქუენი მნებავს, შვილნო, მრავალი იგი ურვაჲ ჩემი რომელი მაქუს თქუენთჳს, რაჲმეთუ ვხედავ დიდსა სირცხჳლსა მოწევნულსა ჩუენ ყოველთა ზედა, 18. და განვიცდი მრავალსა შრომასა წმიდათასა და სულთქუმასა მათსა რომელსა აღმოუტეობენ მარადის ჩუენთჳს ღმრთისა წინაშე, 19. რაჲმეთუ ხედვენ ყოველსა მას შრომასა თჳსისა შემოქმედისასა, და ხედვენ ძჳრისზრახვათა ყოველთა მათ ეშმაკისათა და მსახურთა მისთასა, რომელსა იგი ძჳრსა ზრახვენ ჩუენისა წარწყმედისათჳს მარადის 20. რაჲმეთუ ნაწილი მათი ჯოჯოხეთს ყოფად არს, და ამისთჳს ჰნებავს ჩუენი წარწყმედაჲ მათ თანა ყოფად სიმრავლითურთ. 21. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ; რაჲთა ჰცნათ ყოველივე მოღუაწებაჲ შემოქმედისა ჩუენისაჲ, რომელი იქმნა ჩუენთჳს, რომელნი იგი მოხედვასა ჩუენსა ჰყოფენ ცხადითა და დაფარულითა ქადაგებითა; 22. რაჲმეთუ ჩუენ ვართ რომელთა იგი გურქჳან პირმეტყუელ, და შეგჳმოსიეს გონებაჲ პირუტყუთაჲ. 23. ანუ თქუენ არა იცნით მრავალნი იგი მანქანებანი და ჴელოვნებანი ეშმაკისანი რაბამ არიან, რაჲმეთუ მაშინდითგანვე გუეშორობენ ჩუენ  24. ვინაჲთგან ცნეს მათ ვითარმედ ჴელი შევყავთ ცნობად სირცხჳლისა ჩუენისა და რაჲმეთუ მოვიძიეთ სახჱ სივლტოლისაჲ საქმეთა მათთაგან რომელსა იქმან ჩუენ თანა, 25. და არა ხოლო მორჩილებად ბოროტთა მათ ზრახვათა მათთა რომელთა სთესვენ ჩუენ შოვრის რაჲთამცა გუაქუნდა, არამედ მრავალნიცა ჩუენგანნი ეკიცხევენ მათთა მათ მანქანებათა, 26. და მათ იციან მოტევებაჲ იგი შემოქმედისა ჩუენისაჲ, რაჲმეთუ ესე სიკუდილ იქმნა მათა ამას სოფელსა, და მათთჳს განემზადა დამკჳდრებად გეჰენიაჲ მათისა მის უდბობისათჳს. 27. უწყებაჲ თქუენი მნებავს, შვილნო, რაჲმეთუ არა დავსცხრები ვედრებითა ღმრთისა მიმართ თქუენთჳს ღამე და დღჱ, 28. რაჲთა აგეხილნეს თქუენ ღმერთმან თუალნი გულისა თქუენისანი რაჲთა ხედვიდეთ თქუენ მრავალთა მათ დაფარულთა უკეთურებათა მათთა რომელთა იგი დღითი დღედ მოაწევედ ჩუენ ზედა აწინდელსა ამას ჟამსა. 29. მნებავს რაჲთა ღმერთმან მოგცეს თქუენ გული მეცნიერებისაჲ და სული განკითხვისაჲ, რაჲთა შეუძლოთ შეწირვად გულთა თქუენთა მსხუერპლად წმიდად წინაშე მამისა მრავლითა სიწმიდითა უბიწოდ. 30. ჭეშმარიტად, შვილნო, გუეშორობენ ჩუენ ყოველსა ჟამსა მათითა მით ბოროტად ზრახვითა, და დაფარულითა მით დევნითა, და მათითა მით მწულალიდითა უკეთურებითა, და სულითა მით მაცთურებისაჲთა, 31. და გმობითა მით გულისსიტყჳსაჲთა, და მათ მიერ ჩუენ შოვრის დათესულთა ურწმუნოებათა გულთა შინა ჩუენთა, და განკჳრვებითა და განკრთომითა, 32. და სალმობითა მრავლითა რომელთა მოაწევენ ჩუენ ზედა ყოველსა ჟამსა, და სულმოკლებითა რომლითა იგი დღითი დღედ გყოფენ ჩუენ სულმოკლე, 33. და ყოვლითავე რისხვითა მათითა და ძჳრისსიტყჳთა რომლითა-იგი გუასწავებედ ჩუენ ურთიერთარს, 34. და განმართლებითა მით თავთა თჳსთაჲთა რომელსა იგი ვჰყოფთ ჩუენ, და დასჯითა მით ურთიერთასითა რომელ შეგჳთესიან მათ გონებათა ჩუენთა; 35. და ვიყვნითღა თჳსაგან, განკითხვად გჳცემედ მოყუასსა თჳსსა რომელნი არა არიედ ჩუენ თანა, 36. და შეურაცხებაჲ შთაგჳგდიან გულთა ჩუენთა ამპარტავანებითა, რაჲმეთუ მათგან გულფიცხელ ვიქმნით, და ერთი ერთსა შეურაცხ-ვჰყობდით, და სიმწარჱ გუაქუნ ურთიერთას სიფიცხლით ამით სიტყჳთა ჩუენითა, და სალმობაჲ გუაქუნ ყოველსა ჟამსა, და ვაბრალებდით ერთი ერთსა და არა თავთა თჳსთა, 37. ვჰგონებდით შრომასა მას ჩუენსა მოყუსისაგან ყოფად, და განმკითხველ ვიყვნით ცხადთა მათ, და ყოვლადვე ავაზაკი იგი ჩუენ შორის სახლსა შინა ჩუენსა დამკჳდრებულ არნ: 38. და ჴდომითა და წვალებითა ურთიერთას ვიპოვნით, ვიდრემდე სიტყუანი თჳსნი დავამტკიცნეთ რაჲთა ვჩნდეთ წინაშე ჩუენსა მართალ: 39. და გულსმოდგინე გვყონიან ჩუენ საქმესა რომელსა ვერ შემძლებელ ვიყვნით ყოფად, და დაგუაბრკოლნიან ჩუენ მისგან რომელსა ზედა იგი ვიყვნით და რომელი იგი სარგებელ არნ ჩუენდა. 40. ამისთჳს მაცინებედ ჩუენ ჟამსა ტირილისასა და მატირებედ ჩუენ ჟამსა სიცილისასა, და ყოვლად ყოვლითურთ გარდამაქცინნა ჩუენ გზისა მისგან წრფელისა, და მრავლითა სხჳთა საცთურითა რომლითა დაგჳმონეს ჩუენ თავისა მათისა, რომელთათჳს აწ არა არს ჟამი გამოცხადებად ყოვლისა. 41. რაჟამს უკუე აღავსნიან გულნი ჩუენნი ამით ყოვლითა, და მათ შინა ვძოვდით და მექმნიან ჩუენ საზრდელ, მაშინ ღმერთმან შეგჳნდვის ვიდრემდე დაჰყენდეს ჩუენი უკეთურებაჲ, 42. და მაშინღა მოხედვა ყვის ჩუენდა კუალად ქცევად ჩუენდა მძიმისა ამისგან ჴორცისა ჩუენისა და დატევებად იგი, 43. და მაშინ უკეთურნი იგი საქმენი ჩუენნი რომელთა ჩუენ ვიქმოდით ბოროტად გამოგჳჩნდენ ჴორცთა შინა ტანჯვად შეურაცხად, და კუალად შევიმოსოთ ესე ღმრთისა მოტევებითა, და მაშინ მექმნეს ჩუენ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. 44. ამის გამო ნუ დაცადებთ ვედრებასა სახიერებისა მიმართ მამისაჲსა, რაჲთა, თქუენ თანა გამოვიდეს შეწევნაჲ მისი და გასწაოს თქუენ რომელი იგი უმჯობეს თქუენდა იყოს. 45. ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, შვილნო, რაჲმეთუ ჭურჭერი ესე ჩუენი, რომელსა შინა ვმწირობთ ჩუენ, არს ესე ჩუენდა წარმწყმედელ და სახლ სავსე ბრძოლითა. 46. ჭეშმარიტებით, შვილნო, გეტყჳ თქუენ ვითარმედ ყოველსავე კაცსა რომელსა დატკბობილ იყოს ნებასა შინა თჳსსა, და დამჴობილ იყოს თჳსითა გულისსიტყჳთა, და თავს-იდებდეს დათესულთა მათ გულსა შინა თჳსსა, და თანა-უხაროდეს მათ, და მოელოდის გულითა ვითარმედ დიდ რაჲმე არიან იგინი რჩეულ საიდუმლო, და მას თანა კუალად განიმართლებდეს თავსა თჳსსა, რომელსა იგი იქმს, 47. ესევითარისა მის სული არს აერ უკეთურთა მათ სულთა და თანამზრახვალ მისა ბოროტისა მიმართ, და გუამითა სამარხავ ბოროტთა საიდუმლოთა რომელ თავსა შინა მისა დაუმალავს: 48. და შეუძლიან ესევითარსა მას ეშმაკთა ფრიად, რაჲმეთუ არა განაქიქა იგი წინაშე ყოველთა. 49. ანუ თქუენ არა უწყით რაჲმეთუ არა ერთ-სახჱ (!) სანადიროჲ აქუს, რაჲთა ესე ვცნათ და ვივლტოდით მისგან? 50. უკუეთუ ეძიებდე, არა ჰპოო ცოდვაჲ მათი და ურჩულოებაჲ განცხადებულად ჴორციელად, რაჲმეთუ არა არიან ჴორციელად სახედველ, 51. არამედ რაჲთა სცნათ რაჲმეთუ ჩუენ ვართ მათა ჴორცებ, და სული ჩუენი შეიწყნარებს მათსა მას უკეთურებასა, რაჲმეთუ რაჟამს შეიწყნარნეს იგინი, მაშინ განცხადებულად მოიყვანის იგინი ჴორცითა მით რომელსა შინა ესე მყოფ ვართ. 52. ხოლო აწ, შვილნო, ნუმცა ვსცემთ მათ ადგილსა: უკუეთუ არა, რისხვაჲ ღმრთისაჲ აღვადგინოთ თავთა ჩუენთა ზედა, 53. და იგინი წარვიდენ სახიდ თჳსა და მეკიცხევდენ ჩუენ, რაჲმეთუ ესე იციან რაჲმეთუ წარწყმედაჲ ჩუენი მოყუსისაგან არს და კუალად ცხორებაჲ ჩუენი მოყუსისაგან. 54. ვინ სადა ღმერთი იხილა, და იხარებდეს მის თანა, და დაიყენოს იგი თავისა თჳსა თანა, რაჲთა არა ევლტოდის მას, არამედ შეეწეოდეს მას ყოფასა მას მისსა ესოდენსა შინა სიმძიმესა 55. ანუ ვინ სადა ეშმაკი იხილა ბრძოლასა მას მისსა ჩუენდა მომართ, და მაყენებნ რაჲ ჩუენ კეთილისყოფად და მაჴდებინ ჩუენ, და დგანღა იგი ადგილსა ჴორციელსა, რაჲთა მისა გუეშინოდის და ვივლტოდით მისგან; რაჲმეთუ იგინი არიან ფარულად, და ჩუენ გამოვაცხადებთ მათ საქმეთაგან. 56. რაჲმეთუ ერთისაგან არიან იგი ყოველნი ცნობილებისა მისგან არსებისა; და სივლტოლისა მისგან მათისა ღმრთისაგან მრავალი თითოფერებაჲ იქმნა ამათ შოვრის თითოსახისა მისთჳს საქმისა მათისა: 57. ამისთჳსცა ყოველი ესე სახელები დაედვა მათ თითოეულისა მისთჳს საქმისა მათისა: 58. ამისთჳს ვიეთმე მათგანთა ეწოდა მთავარანგელოზ, და რომელთამე საყდრებ და უფლება, მთავრობა და ჴელმწიფება და ქერობინ; 59. ესე სახელები ეწოდა მათ ამის გამო რაჲმეთუ შემოქმედისა მათისა ნებაჲ დაიმარხეს. 60. კუალად უკეთურისა მისგან სხუათა სლვისაჲსა საჴმარ იყო სახელისდებად მათა უკეთურისა მისთჳს სლვისა მათისა მასმენელ და სატანა, და სხუანი კუალად ეშმაკებ, და სულებ უკეთორებ და არაწმიდებ, და სულებ მაცთურ, და მთავარ ამის სოფლის: და სხუანი მრავალნი თითოფერნი არიან მათ შოვრის. 61. და კუალად შემთხუევანი არიან ამას, სიმძიმესა ჴორცთასა, რომელსა ესე შინა დამკჳდრებულ ვართ იწოდნეს ვიეთნიმე მათგანი მამათმთავარ და რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელ და მეუფე და მღდელ და მსაჯულ და მოციქულ, და სხუანი მრავალნი რჩეულ იქმნეს მათითა მით კეთილად სლვითა: 62. ესე ყოველი სახელები ეწოდა მათ გინათუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა მათითა მით თითოსახისა საქმეთა მათთაებრ მთავრობისა, რაჲმეთუ ერთისაგან არიან ყოველნი. 63. ამისთჳს უკუე რომელი ცოდვიდეს მოყუსისა მიმართ, თავისა მიმართ თჳსისა ცოდავს, და რომელი ბოროტსა უყოფს მოყუასსა, თავსა თჳსა ბოროტსა უყოფს; ეგრევე რომელი, კეთილსა უყოფს მოყუასსა (!), თავსა თჳსა კეთილსა უყოფს. 64. უკუეთუ არა, ვინმე შემძლებელ არს ღმრთისა მიმართ ბოროტის-ყოფად, ანუ ვინმე არს რომელმანმცა ავნო მას, ანუ ვინმე არს რომელმანმცა გაუსუენა მას, ანუ ვინმე სადა მსახურა მას, 65. ანუ ვინ სადა აკურთხა იგი რომელმცა; უჴმდა მას კურთხევაჲ მისი, ანუ ვინ შემძლებელ არს პატივის-ცემად მისა ვითარ იგი არს პატიოსან, ანუ ვინ შემძლებელ არს აღმაღლებად მისა ვითარ იგი არს მაღალ 66. ამისთჳს უკუე, ვიდრე ესე ვართღა შემოსილ მძიმითა ამით ჴორცითა, განვაღჳძოთ თავთა შინა ჩუენთა ღმერთსა მოწოდებადითა ურთიერთასითა, 67. და მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდიდ სულთა ჩუენთათჳს და ერთმან ერთისათჳს, და ამას რაჲ უყოფდეთ გამოვაჩინოთ თავისა თჳსისაჲ იგი მოწყალებისა იგი არსებაჲ. 68. ნუმცა ვართ თავის-მოყუარე, რაჲთა არა დაუდგრომელისა მის ძალისა მათისა ნაწილ ვიქმნეთ. 69. რაჲმეთუ რომელმან თავი თჳსი გულისჴმა-ყო, მან ყოველნი იცნის: ამისთჳსცა იგი წერილ არს: "რომელმან უწოდა არაარსისაგან არსად ყოველთა"; 70. და ამას რაჲ იტყჳან, აუწყებენ გონიერისა მის მათისა ბუნებისათჳს, რომელი დაფარულ არს ხრწნილებისა ამათ ჴორცთა შინა, რომელი არა იყო მისი დასაბამითგან, რომელი წოდებად ყოფად არს მისგან; 71. ხოლო რომელმან შეუძლო თავისა თჳსისა შეყუარებად ყოველსა ჰყუარობს. 72. საყუარელნო შვილნო ჩემნო, გლოცავ თქუენ ნუ შრომა გიჩნ, ნუცა გეწყინებინ სიყუარული ურთიერთარსი. 73. აღიხუენით ჴორცნი იგი თქუენნი რომლითა შემოსილ ხართ, და ესენი ყვენით საკურთხეველ, და დასხენით მას ზედა ყოველნი გულის-სიტყუანი თქუენნი და ყოველივე ზრახვაჲ ბოროტი დაუტევეთ წინაშე უფლისა, 74. და აღიპყრენით ჴელნი გულისა თქუენისანი მისა მიმართ, ესე იგი არს გონებაჲ მოქმედი, და ევედრებოდეთ ღმერთსა რაჲთა მოგმადლოს თქუენ თჳსი იგი უხილავი ცეცხლი დიდი, 75. რაჲთა ზეცით გარდამოჴდეს თქუენ შოვრის და შეჭამოს საკურთხეველი იგი და ყოველივე მას ზედა, 76. და ყოველნივე იგი ქურუმნი ბალისნი, რომელნი იგი არიან მჴდომისა წინააღმდგომნი საქმენი, შეეშინეს და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა ვითარცა პირისაგან ელიაჲს წინაჲსწარმეტყუელისა 77. და მაშინ იხილოთ ვითარცა კუალი მამაკაცისაჲ ზღუასა ზედა რომელსა მოაქუნდეს თქუენდა სულიერი იგი წჳმაჲ, რომელ იგი არს ნუგეშინის-მცემელისა სულისაჲ ნუგეშინისცემაჲ. 78. საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ძენო ისრაიტელნო, არა რაჲ საჴმარ არს ნატრაჲ გინა სახელისდებად ჴორციელთა სახელთა თქუენთა, რომელნი წარმავალ არიან, 79. რაჲმეთუ არა უმეცარ ხართ სიყუარულსა მას რომელი მაქუს თქუენდა მიმართ, რაჲმეთუ არა არს ჴორციელი, სიყუარული, არამედ სულიერი ღმრთისმსახურებისა სიყუარული. 80. ამით კუალად გულდებულ ვარ რაჲმეთუ ნეტარი დიდი არს თქუენთჳს რაჲმეთუ ჴელი შეჰყავთ ცნობად თავისა თჳსისა სირცხჳლსა და დამტკიცად არსებასა უხილავსა რომელი ვერ წარმავალ არს ჴორცთა თანა. 81. ამისგან ვჰგონებ, ვითარმედ ნეტარებაჲ თქუენი ამას ჟამსა იქმნა. 82. სიტყუაჲ უკუე ესე ცხად იყავნ თქუენდა, რაჲთა არა გეგონოს თქუენ წარმატებაჲ და შესლვაჲ მსახურებასა ღმრთისასა ვითარმცა თქუენი იყო საქმჱ, არამედ არს რაჲმე საღმრთოჲ ძალი რომელი შეგეწევის თქუენ მარადის: 83. პატივის-მოყუარე იყვენით თავთა თჳსთა შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მიმართ მარადის, და გულსმოდგინება სცემდით შემწესა მას თქუენსა ძალსა, და განსუენებასა ღმრთისასა მას მოსლვასა და ყოველსა მას კრებულსა წმიდათასა, და მეცა უბადრუკსა ამას რომელი მყოფ ვარ თიჴისა ამათ ჴორცთა და ბნელისათა; 84. რაჲმეთუ ამისთჳს ამას გეტყჳ თქუენ და განსუენებას გცემ თქუენ, და გლოცავ, რაჲმეთუ დავებადენით ჩუენ ყოველნი ერთად არსებად უხილავად და დასაბამად დაუსრულებელად: რაჲმეთუ რომელთა იცნეს თავნი თჳსნი, ამათ ცნეს რაჲმეთუ არსებანი ერთობისანი არიან უკუდავნი. 85. უწყებად თქუენდა მნებავს ესე რაჲმეთუ იესუ ქრისტე უფალი ჩუენი იგი თავადი არს ჭეშმარიტი გონებაჲ მამისაჲ, რომლისაგან ყოველი სავსებაჲ ყოვლისა მეტყუელისა მის ბუნებისაჲ იქმნა ხატად თჳსისა მის ხატისა, რაჲმეთუ იგი თავადი არს თავ ყოვლისა დაბადებულისა და გუამისა მის ეკლესიაჲსა: 86. ამისთჳს უკუე ჩუენ ყოველნი ასოებ ვართ ურთიერთარს და გუამ ქრისტჱსა, და ვერ ჴელეწიფების თავსა სიტყუად ფერჴთა ვითარმედ არა მიჴმთ მე, და უკუეთუ ევნების ერთსა ასოსა ყოველივე გუამი მის თანა აღიძრეს და ელმის: 87. ამისთჳს უცხო ქმნულსა მას ასოსა გუამისაგან, რომელსა არა რაჲ აქუს ზიარება თავისა თანა, არამედ დატბობიედ თჳსნი იგი ვნებანი ჴორცთანი, ამის გამო წყლულებაჲ იგი თჳსი უკურნებელად აქუს, და დაჰვიწყებიეს დასაბამი და აღსასრული. 88. და ამისთჳს მამაჲ იგი დაბადებულთაჲ მოწყალე იქმნა ჩუენსა ამას წყლულებასა რომელი შეუძლებელ იყო განკურნებად ვერვისგან დაბადებულთაგანისა გარნა სახიერებითა მამისაჲთა: 89. და გამოგუევლინა ჩუენ თჳსი იგი მხოლოდშობილი, რომელმან იგი  ჩუენისა მის მონებისათჳს ხატი მონებისაჲ მოიღო;  90. და მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲმეთუ ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს იგი, არამედ წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი განვიკურნენით; 91. და შემკრიბნა (!) ჩუენ ყოველთაგან სოფელთა ვიდრემდე აღდგომაჲ გულთა ჩუენთაჲ ქუეყანისგან ყოს და მასწაოს ჩუენ რაჲმეთუ არსებანი ერთნი ვართ ჩუენ ყოველნი და ურთიერთას ასოებ. 92. ამისთჳს უკუე თანაგუაც ურთიერთას სიყუარული ფრიად, რაჲმეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი მას ღმერთი უყუარს: ხოლო რომელსა უყუარდეს ღმერთი მას სული თჳსი უყუარს. 93. სიტყუაჲ ესე ცხად იყავნ თქუენდა, საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ძენო ისრაჱლიტელნო წმიდანო, და განმზადენით თავნი თჳსნი სლვად ღმრთისა მიმართ და შეწირვად თავთა თქუენთა მსხუერპლად ღმრთისა ყოვლითა სიწმიდითა რომელი ვერ ვის ჴელეწიფების დამკჳდრებად თჳნიერ სიწმიდისა. 94. ანუ თქუენ არა უწყითა, საყუარელნო, რაჲმეთუ მჴდომნი იგი სათნოებისანი ძჳრსა უძრახვენ მარადის ჭეშმარიტებასა 95. ამისთჳსცა, საყუარელნო, მკრძალენით და ნუ სცემთ ძილსა თუალთა თქუენთა და ნუცა რულსა (?) წამთა თქუენთა; 96. ღაღადებდით თჳსისა მიმართ შემოქმედისა დღჱ და ღამე რაჲთა გამოვიდეს თქუენდა შეწევნაჲ მაღლისა მიერ და მოზღუდნეს გულნი თქუენნი და გულისსიტყუანი ქრისტეს მიერ. 97. ჭეშმარიტად, შვილნო, სახლსა შინა ავაზაკისასა მყოფ ვართ და საკრველითა სიკუდილისაჲთა ვართ ჩუენ შეკრულ. 98. ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ რაჲმეთუ ჩუენი ესე უდებებაჲ და დამდაბლებაჲ და გარეშე ყოფაჲ ესე ჩუენი სათნოებისაგან არა ხოლო-თუ ჩუენდა ზღუევა არს, არამედ ანგელოზთაცა შრომა არს და ყოველთა წმიდათა ქრისტესთა, რაჲმეთუ არღა სადა აქამომდე განუსუენებიეს ჩუენთჳს. 99. ჭეშმარიტად, შვილნო, რაჲმეთუ დამდაბლებაჲ ესე ჩუენი მწუხარება არს მათ ყოველთა, და კუალად ცხორებაჲ ჩუენი და სიქადული სიხარულს-ცემნ მათ ყოველთა; 100. და  ცანთ რაჲმეთუ სახიერებაჲ მამისაჲ არა დაცხრების, ვინაჲთგან აღიძრა, ქველის-ყოფად ჩუენდა მარადის ვიდრე დღინდღელად დღედმდე, რაჲთა არა თანამდებ გყვნეს ჩუენ თავისა ჩუენისა სიკუდილისა. 101. და რაჲმეთუ თჳთ-ჴელმწიფედ დავიბადენით, ამისთჳს გუეძიებედ ჩუენ ეშმაკნი მარადის; ამისთჳს წერილ არს: "დაბანაკებულ არს ანგელოზი უფლისაჲ გარემო მოშიშთა მისთა და იჴსნეს იგინი". 102. აწ, შვილნო, უწყებაჲ თქუენი მნებავს, ვინაჲთგან აღძრვაჲ ესე იყო ვიდრე აქამომდე, ყოველნივე რაჲ-ოდენნი გარეშე იქმნეს სათნოებისაგან და აღესრულნეს უკეთურებანი მათნი შვილად ეშმაკისად შერაცხილ არიან: 103. და აწვე მათგანთა ცნეს, და ამისთჳსცა ჴელი შეყვეს საქმედ თითოეულისა ჩუენისა ნებისაებრ მათისა. 104. რაჲმეთუ ესე იციან ვითარმედ ზეცით გარდამოვარდა ეშმაკი ამპარტავანებითა ამისთჳსცა რომელნი იგი მიიწინნეს დიდსა ზომსა გარდარეულსა, ესე მოჴდიან მათ პირველად, რაჲმეთუ ჴელოვან არიან ამპარტავანებითა და მაოცნებელობთა ურთიერთარს. 105. უწყიან რაჲმეთუ განმაშორნეს ჩუენ ღმრთისაგან ამით ჯერითა რაჲმეთუ იციან ვითარმედ რომელსა უყუარდეს მოყუასი მას ღმერთი უყუარს, ამისთჳს მტერთა მათ სათნოებისათა შემოთესიან თჳსი იგი წყაროჲ განწვალებისაჲ გულთა ჩუენთა რაჲთა მოვიპოოთ ჩუენ მტერობაჲ დიდი ურთიერთარს, შორითვე არა ზრახვად მოყუასსა ყოვლადვე. 106. ჭეშმარიტად, შვილნო, უწყებაჲ თქუენი მნებავს რაჲმეთუ სხუანიცა ვინმე არიან მრავალნი რომელნი შრომასა შედგომილ არიან ცხორებასა შინა მათსა, და უმეცრებამან მათმან მოაკუდინა იგინი. 107. ჭეშმარიტად, შვილნო, ვჰგონებ ვითარმედ არა არს დიდ საკჳრველ ესე, უკუეთუ უდებ ვყვნეთ თავნი თჳსნი და არა განვიკითხნეთ საქმენი თჳსნი, შევრდომად თქუენდა დიდსა მას ზომსა ეშმაკისასა, ჰგონებდეთ თუ მახლობელ ყოფად თქუენდა ღმრთისა, და მოლოდებასა თქუენსა ნათლისასა ბნელი შეგემთხჳოს თქუენ. 108. ამისთჳს ყოვლადვე ჴამს იესუჲსი (!) რაჲთა მოირტყნეთ თავნი თჳსნი არდაგითა და დაჰბანდეთ ფერჴთა უმწემესთასა: 109.  არამედ სახჱ ესე ამისთჳს ყო რაჲთა აუწყოს მოქცეულთაჲ მათ თჳსავე მათსა დასაბამსა პირველსა: რაჲმეთუ დასაბამი იგი აღძრვისაჲ მის ამპარტავანებაჲ არს, რომელი იქმნა პირველად. 110. ამისთჳსცა უკუეთუ არა მრავლითა სიმდაბლითა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა ბუნებითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა და ყოვლითა გუამითა თქუენითა, ვერ ჴელგეწიფების დამკჳდრებად სასუფეველი ღმრთისაჲ. 111. ჭეშმარიტად, შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ვევედრები შემოქმედსა ჩემსა დღჱ და ღამე, რომლისაგან მაქუს სული მისი ვედრად, რაჲთა აგიხილნეს თუალნი გულისა თქუენისანი რაჲთა უწყოდით სიყუარული ესე ჩემი რომელი მაქუს თქუენდა მიმართ, 112. და განგეხუნენ, ყურნი გულისა თქუენისანი რაჲთა იხილოთ თქუენ სირცხჳლი თჳსი: 113. რაჲმეთუ რომელმან გულისხმა-ყვის თჳსი (!) იგი უპატიოებაჲ, ეგევითარი ეგე კუალად ეძიებნ თჳსა მას რჩეულსა დიდებასა; და რომელმან გულისხმა-ყვის თჳსი სიკუდილი, მან კუალად გულისხმა-ყვის თჳსი იგი საუკუნოჲ ცხორებაჲ. 114. ვითარცა ბრძენთა გზრახავ თქუენ, შვილნო ჩემნო, ჭეშმარიტად მეშინის ნუუკუე სიყმილი გეწიოს თქუენ გზასა ზედა და ადგილსა რომელსა ჯერ იყოს ჩუენდა განმდიდრებად. 115.  მინდა ხილვაჲ თქუენი პირისპირ ჴორცითა, არამედ მოველი ჟამსა ახლოდ რომელსა შინა შეუძლოთ თჳთ თჳსი პირით ურთიერთარს ხილვად, რაჟამს იგი წარჴდეს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულთქუმანი, რაჟამს იგი სიხარული იყოს თავსა ზედა ყოველთასა. 116. არიან სხუაცა მრავალ რომელი მინდა თხრობად, არამედ უკუეთუ სცე ბრძენსა მიზეზ სიბრძნის, უბრძნჱს იყოს. 117. გიკითხავ ყოველთა სასურველთა შვილთა ჩემთა სახელად სახელად.

 

ებისტოლჱ ანტონისივე მეხუთჱ.



1. უწყითმცა, შვილნო, მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რაჲმეთუ ჩუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი რაჲთა ჩუენ მისითა მით სიგლახაკითა განმდიდრდეთ. 2. აჰა ესერა მონებითა მისთა განგუააზნაურნა ჩუენ, და უძლურებამან მისმან განგუაძლიერნა ჩუენ, და სისულელემან მისმან განგუაბრძნნა (!) ჩუენ. 3. მერმე კუალად სიკუდილითა მისითა აღდგომაჲ ჩუენი ყოს და ამის გამო შეუძლოთ ჩუენ აღებად ჴმითა მაღლითა და თქუმად (!): "ვიცოდით ღათუ ქრისტე ჴორციელად, ამიერითგან არღარა ეგრეთ ვიცით, არამედ დაბადებული არს ახალი ქრისტეს მიერ". 4. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, გეტყჳ თქუენ რაჲმეთუ მწულილადისა მისებრ სიტყჳსა აზნაურებისა რომლითა ყოველნი განთავისუფლდეთ, მქონან სხუაცა მრავალ სიტყუად თქუენდა მიმართ, არამედ არა არს ჟამი მათი აწ თხრობად თქუენდა. 5. აწ გიკითხავ თქუენ ყოველთა, საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ძენო ისრაჱლიტელნო წმიდანო მსგავსად გონიერისა მის თქუენისა არსებისა. 6. ჭეშმარიტად შეგაშჳს თქუენ, რომელნი ეგე მოუჴედით შემოქმედსა თჳსა, ძიებად ცხორებისა სულთა თქუენთაჲსა აღთქუმისა მისგან რჩულისა, 7. არამედ სიმრავლითა სიბოროტისაჲთა და უკეთურებითა მიმოტაცებისაჲთა და გულისთქუმითა მით ვნებათაჲთა განჴმა აღთქუმული იგი და საცნობელნი იგი სულისა ჩუენისანი მოსწყდეს: 8. ამისთჳს ვერ შეუძლეს მოგონებაჲ გონიერისაჲ მის დიდებულისა არსებისა სიკუდილითა მით რომელსა შევცჳნით. 9. ამისთჳს წერილ არს საღმრთოთა წიგნთა რაჲმეთუ: "ვითარცა იგი ადამის მიერ ყოველნი მოკუდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი განცოცხლდებიან". 10. აწ უკუე იგი არს ცხორებაჲ ყოვლისა მეტყუელისაჲ გონებისაჲ დაბადებულთა შინა მის მიერ ხატად თჳსისა ხატისა, რაჲმეთუ იგი თავადი არს გონებაჲ ჭეშმარიტი მამისაჲ, და რაჲმეთუ ხატი მამისაჲ უქცეველ არს: 11. ხოლო დაბადებულთა შინა ხატად მისა ქმნულთა არსებაჲ არს ქცეული, შემთხუევითა მით ჩუენდა ბოროტისაჲთა რომელსა შინა ყოველნი მოვსწყედით და გარეშე გონებასა ვართ გონიერისა მას არსებისასა. 12. ამისთჳსცა უკუე ყოვლითა გარეშე ბუნებისა მოვიგეთ სახლი ბნელი სავსჱ ბრძოლითა. 13. და ამას გიწამებ თქუენ რაჲმეთუ ყოვლისავე სათნოებისა მეცნიერებაჲ მოაკლდა ჩუენგან: 14. ამისთჳს იხილა მამამან ჩუენმან ღმერთმან ჩუენი იგი უძლურებაჲ, რაჲმეთუ არა ეგევითარ ვიქმნენით რაჲთამცა, შევიმოსეთ ჭეშმარიტებაჲ სამართლად, 15. ამისთჳს თჳსითა სახიერებითა მოვიდა მიხედვისა ყოფად თჳსთა დაბადებულთა მსახურებითა წმიდათაჲთა. 16. გლოცავ თქუენ ყოველთა უფლისა მიერ, საყუარელნო, რაჲთა გულისხმა-ჰყოთ რომელსა ესე მივსწერ თქუენდა, რაჲმეთუ არა სიყუარული ჴორციელი მაქუს თქუენდა მიმართ, არამედ სიყუარული სულიერი ღმრთისმსახურებისაჲ. 17. განმზადენით თავნი თჳსნი სლვად შემოქმედისა (!) მიმართ თქუენისა, და დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელი თქუენი: 18. და ცანთ იგი ვითარმედ რაჲმე ძალ გჳც მიცემად უფალსა ყოვლისათჳს მადლისა რომელი მომცა ჩუენ ვიდრე აქა დამკჳდრებადმდე ჩუენდა და დამდაბლებად; 19. ჴსენებასა ჩუენსა ჰყოფს დიდითა მით სახიერებითა თჳსითა და თჳსითა მით მიუწდომელითა სიყუარულითა, და არა მომაგო ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს, 20. არამედ ვიდრე მზისაცა მსახურ ყოფად ჩუენდა ბნელისასა ამას სახლსა, და მთოვარჱ და ვარსკულავნი ყოველნი მსახურ ყოვნა ჩუენდა ამაოებითა წარმწყმედელი (!) ჴორცთათჳს შემტკიცებისა 21. და სხუანიცა ძალნი, რომელ არიან დაფარულნი, რომელნი მსახურ ჩუენდა ყოვნა რომელთა არა ვხედავთ თუალითა ჴორცთაჲთა. 22. აწ უკუე რაჲმე მივაგოთ მას დღესა მას სარჩელისასა, ანუ რომელი კეთილი დაკლებულ არს მისგან ჩუენდა მომართ რომელიმცა არა ყო ჩუენთჳს 23. ანუ მამათმთავართა არა ივნეს ჩუენთჳს, ანუ მღდელთა არა მასწავეს ჩუენ, ანუ მსაჯულნი და მეფენი არა ჰბრძოდეს ჩუენთჳს, ანუ წინაჲსწარმეტყუელნი არა მოსწყდეს ჩუენთჳს, 24. ანუ მოციქულნი არა იდევნეს ჩუენთჳს, ანუ ძჱ მისი საყუარელი არა მოკუდაა ჩუენ ყოველთათჳს? 25. თანაგუაც აწ ჩუენ თავთა თჳსთა განმზადებად სლვად თჳსისა მიმართ შემოქმედისა სიწმიდით. 26. რაჲმეთუ იხილნა მოქმედმან წმიდანი გინა დაბადებულნი რაჲმეთუ ვერ შემძლებელ არიან განკურნებად დიდსა მას წყლულებასა რომელი იქმნა თჳსთა მათ ასოთა მათთა; 27. ამისთჳს ვითარცა მამამან დაბადებულთამან იცოდა უძლურებაჲ ყოველთა გონებათა მათთაჲ, და წყალობა ყო მათთჳს მრავლისა მისებრ სიყუარულისა მისისა, 28. და არა ჰრიდა მხოლოდშობილსა ძესა თჳსსა ჩუენ ყოველთა ცხორებისათჳს, და მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს, 29. და ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს იგი: ხოლო წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი განვიკურნენით, 30. და შემკრიბნა ჩუენ ყოველთაგან სოფელთა სიტყჳთა ძლიერებისა მისისაჲთა, ვიდრემდე აღდგომაჲ გონებათა ჩუენთაჲ ყოს ქუეყანით, და მასწაოს ჩუენ რაჲმეთუ ურთიერთას ასოებ ვართ. 31. ამისთჳს შეჰგავს ჩუენ ყოველთაჲ, რომელნი მოსრულ ვართ თჳსისა შემოქმედისა, წრთუად გონებათა ჩუენთა და საცნობელთა 32. რაჲთა უწყობით თითოპირებაჲ იგი კეთილისა და ბოროტისა განკითხვაჲ, რაჲთა სცნათ ყოველივე იგი იესუჲსი (!) მოღუაწებაჲ რომელი იგი ყო თჳსითა მით მოსლვითა, რაჲმეთუ მსგავს ჩუენდა იქმნა ყოვლითა თჳნიერ ხოლო ცოდვისა. 33. არამედ მრავლისათჳს უკეთურებისა ჩუენისა და მიმოტაცებისა ბოროტისა და სიმძიმისათჳს თავთა თჳსთა შეუთქმელებისა, 34. ამისთჳს იესუჲსი (!) მოსლვაჲ იყო რომელთათჳსმე საცთურ, და სხჳთ კერძო სარგებელ, ეგრევე სხჳთ კერძო სიბრძნე და ძალ, და რომელთამე იქმნა აღდგომა და ცხორება. 35. და ესე ცხად იყავნ თქუენდა რაჲმეთუ მოსლვაჲ მისი იქმნა საჯელ ყოვლისა სოფლისა, 36. რაჲმეთუ იტყჳს: "ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან ვიდრე დიდად მათამდე, და არღა (!) ასწავებდეს კაცადკაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადკაცადი ძმასა თჳსსა (!) და რქუას: იცან უფალი, და სასმენელ ვყო სახელი ჩემი ვიდრე კიდედმდე, ქუეყანისა", 37. რაჲთა ყოველი პირი დაიყოს და სარჩელსა ქუეშე იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა: რაჲმეთუ იცოდეს ღმერთი და არა ვითარცა დამბადებელი მათი ღმერთი ადიდეს, უგულისჴმოებითა მათითა, რომლისაგან ვერ შეუძლეს დატევნად სიბრძნჱ იგი მისი, 38. არამედ კაცადკაცადმან ჩუენმან, მიფრდო თავი თჳსი ნებასა თჳსსა ბოროტისა მიმართ და ამათ დავიმონენით. 39. ამისთჳსცა იესუ დაიმცირა თავი თჳსი დიდებისაგან, და ხატი მონებისაჲ შთაიცუა, რაჲთა მონებამან მისმან ჩუენ თავისუფალ გყოვნეს. 40. და სულელ ვიქმნენით, და სისულელითა ჩუენითა ყოველი ბოროტი ვქმენით, და კუალად მოიღო ხატი სისულელისაჲ, რაჲთა სისულელითა მისითა ბრძენ გყვნეს ჩუენ. 41. და გლახაკ ვიქმნენით, და სიგლახაკითა ჩუენითა ყოველი სათნოებაჲ მოგუაკლდა ჩუენ, და ამისთჳს კუალად მოიღო ხატი სიგლახაკისაჲ, რაჲთა თჳსითა სიგლახაკითა ჩუენ განგუამდიდრნეს ყოვლითა მმცნიერებითა და გულისხმის-ყოფითა. 42. არა ხოლო ესე, არამედ უძლურებისაცა ჩუენისაჲ ხატი მოიღო, რაჲთა თჳსითა უძლურებითა განგუაძლიერნეს ჩუენ. 43.  და მორჩილ იქმნა მამისა ყოვლითა ვიდრე სიკუდიდმდე; და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა, 44. რაჲთა სიკუდილითა მისითა ჩუენ ყოველთა აღდგომაჲ ყოს, და განაქაროს რომელსა იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი. 45. და უკუეთუ ჭეშმარიტად განვითავისუფლნეთ თავნი თჳსნი მისითა მით მოსლვითა, ვიპოვნეთ მოწაფე იესუჲსა (!), და საღმრთოჲ იგი სამკჳდრებელი მის მიერ მოვიღოთ. 46. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, შეძრწუნებულ ვარ ფრიად და აღძრულ ვარ სულითა ჩემითა, რაჲმეთუ შეგჳმოსიეს ხატი და სახელები გუაც წმიდათაჲ, და ვიქადით წინაშე ურწმუნოთა; 47. და მეშინის ნუუკუე სიტყუაჲ იგი პავლჱსი აღესრულოს ჩუენ ზედა, რომელი თქუა ვითარმედ: "ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ, ხოლო ძალსა მისსა უვარ-ყოფდენ". 48. და სიყუარულისა მისთჳს რომელი მაქუს თქუენდა მიმართ ვილოცავ ღმრთისა მიმართ, თქუენთჳს რაჲთა მოიპოოთ თავისა თქუენისა ცხორებაჲ და დაიმკჳდრნეთ უხილავნი იგი. 49. ჭეშმარიტად, შვილნო, უკუეთუ მივსცნეთ თავნი თჳსნი ყოვლითა ძალითა და ვეძიებდეთ უფალსა, არა არს ჩუენდა მადლ: რაჲმეთუ ჩუენსა სარგებელსა ვეძიებთ რომელ არს ბუნებით არსებისა ჩუენისაჲ. 50. რაჲმეთუ ყოველი კაცი რომელი ეძიებდეს ღმერთსა გინა მსახურებდეს მას, ბუნებით თჳსისა არსებისა არს მომძებნელ: 51. ხოლო ყოვლისათჳს ცოდვისა რომლისა ვართ ბრალეულ, უცხო და თჳნიერ ბუნებისა არს ჩუენისა მის არსებისაჲ. 52. ჭეშმარიტად, შვილნო საყუარელნო უფლისა მიერ, რომელთა იგი განმზადნეს თავნი თჳსნი შეწირვად მსხუერპლად ღმრთისა სიწმიდითა, არა რაჲ თქუენ უმჯობესი დაგიმალეთ, არამედ რომელი იგი ვიხილეთ გიწამებთ თქუენ, რაჲმეთუ მჴდომნი იგი სათნოებისანი მარადის ძჳრსა უძრახვენ ჭეშმარიტებასა. 53. და ამასმცა ხართ მეცნიერ რაჲმეთუ ჴორციელი იგი ოდესვე სდევნის სულიერსა მას, და ყოველსა რომელსა უნდეს ღმრთისმსახურებით ცხორებაჲ ქრისტჱს მიერ იგი იდევნოს. 54. ამისთჳსცა იესუ იცნოდა ყოველნივე ჭირნი და განსაცდელნი მომავალნი სოფელსა ამას მოციქულთა ზედა, 55. და იცოდა ესე რაჲმეთუ მათითა მით მოთმინებითა დაარღჳნნენ, ყოველნი ძალნი მტერისანი, ესე იგი არს კერპთმსახურებაჲ, 56. ნუგეშინის-სცემდა მათ და ეტყოდა რაჲმეთუ: "ჭირი გაქუს თქუენ სოფელსა ამას, არამედ ნუ გეშინინ, რაჲმეთუ მე მიძლევის სოფელსა", 57. და ასწავებდა მათ და ეტყოდა: "ნუ გეშინინ სოფლისა რაჲმეთუ ყოველნი ბოროტებანი სოფლისანი, არა არიან ღირს მოლოდებულისა მის დიდებისა. უკუეთუ თქუენსა უწინარესნი წინაჲსწარმეტყუელნი დევნეს, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ მე მომიძულეს, თქუენცა მოგიძულნენ; არამედ ნუ გეშინინ, რაჲმეთუ მოთმინებითა თქუენითა დაჴსნდეს ყოველი ძალი მტერისაჲ". 58. ხოლო მწულილადისა მისთჳს მათისა სიტყჳსა, მრავალ არს მითხრობად თქუენდა, არამედ, ვითარცა წერილ არს "ეც ბრძენსა მიზეზ სიბრძნისა და უბრძნეს იყოს". 59. აწ უკუე სულითა წმიდითა შემოსილნი იგი წმიდანი და მართალნი მარადის ილოცვენ ჩუენთჳს რაჲთა დავეგნეთ ღმერთსა და რაჲთა ჩუენი იგი პატივი კუალად მოვიღოთ და შევიმოსოთ რომელი იგი განვიძუარცეთ სამოსელი მსგავსად თჳსისავე მის არსებისა გონიერისა. 60. და მრავალ გზის ჴმაჲცა მოწევნულ არს ღმრთისა მიერ მამისა სულითა შემოსილთა მიმართ ყოველთა, და ეტყჳს მათ: "ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, იტყჳს ღმერთი: მღდელნი ეტყოდეთ გულსა იჱრუსალემისასა". 61. რაჲმეთუ ღმერთი მოხედვას ყოფს მარადის თჳსთა ზედა დაბადებულთა და გამოაჩინებს სახიერებასა თჳსსა მათ ზედა. 62. ჭეშმარიტსა გეტყჳ, საყუარელნო, სიმწულილისა მისთჳს სიტყჳსა აზნაურებისაჲსა რომლითა განვთავისუფლდეთ, არიან სხუაცა მრავალსიტყუა თხრობად თქუენდა, არამედ იტყჳს: "ეც ბრძენსა მიზეზ სიბრძნისა, და უბრძნეს იყოს". 63. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მადლი და სული მეცნიერებისაჲ, რაჲთა სცანთ თქუენ რომელსა ესე მივსწერ თქუენდა, რაჲმეთუ მცნებანი უფლისანი არიან, 64. და დაგეცვენინ თქუენ ღმერთმან ყოვლისა მადლისამან წმიდად უფლისა მიერ ვიდრე აღსასრულადმდე სულისა აღმოსლვისა. 65. და ვილოცავ ღმრთისა მიმართ მარადის თქუენ ყოველთათჳს ცხორებისა, საყუარელნო უფლისა მიერ; 66. მადლი უფლისა იესუ ქრისტჱსი თქუენ ყოველთა თანა. ამენ.

ებისტოლჱ ანტონისი მეექუსჱ;


1. კაცმან (!) პირმეტყუელმან რომელმან განმზადა თავი თჳსი განთავისუფლებად მოსლვითა იესუჲსითა (!), იცნის მან თავი თჳსა მსგავსად გონიერისა მის არსებისა: 2. რაჲმეთუ რომელმან თავი თჳსი იცნა, იცნის მან შემოქმედისა მის მოღუაწებანი და რაჲ-ოდენსა იქმს თჳსთა შორის დაბადებულთა. 3. საყუარელნო უფლისა მიერ და ასონო ჩუენნო და თანამკჳდრნო წმიდათანო, გლოცავ თქუენ სახელითა იესუ ქრისტჱსითა რაჲთა ღმერთმან მიგცეს თქუენ სული მეცნიერებისაჲ, 4. რაჲთა განიკითხოთ და სცნათ სიყუარული რავდენი მაქუს თქუენდა მიმართ, რაჲმეთუ არა არს სიყუარული ჴორციელი, არამედ სულიერი სიყუარული ღმრთისმსახურებისაჲ. 5. რაჲმეთუ სახელებისათჳს თქუენისა ჴორციელებისა არა რაჲ ჴამს მიწერად თქუენდა, რაჲმეთუ წარმავალ არიან. უკუეთუ კაცმან ცნა ჭეშმარიტი იგი სახელი, იხილოს მან ჭეშმარიტებისაჲცა იგი სახელი. 6. ამისთჳსცა იაკობ ჰბრძოდა რაჲ იგი ანგელოზსა მას ღამე ყოველ მას ღამესა, დაღაადგრა და ერქუაღა მას იაკობ; და ვითარცა განთენა, ეწოდა მას სახელი ისრაჱლ თარგმანებაჲ სახელისაჲ ამის არს ესე: გონებაჲ მხედველი ღმრთისაჲ. 7. ვჰგონებ ვითარმედ არა უმეცარ იყვნეთ თქუენ რაჲმეთუ მოსაჯულნი იგი სათნოებისანი მარადის ძჳრსა, უძრახვენ ჭეშმარიტებასა: 8. ამისთჳს არა ხოლო ერთსა ჟამსა მოხედვა ყო ღმერთმან თჳსთა ზედა დაბადებულთა, 9. არამედ დასაბამითგან რომელთა-იგი განმზადნეს თავნი თჳსნი მოსლვად შემოქმედისა თჳსისა აღთქუმისა მისგან რჩულისა მათისაჲთა, რომელნი იგი ისწავლებიან მისგან თაყუანისცემად თჳსისა შემოქმედისა ვითარ იგი ჯერ-არს თაყუანისცემაჲ. 10. რაჲმეთუ სიმრავლითა უძლურებისაჲთა და სიმძიმითა მით ჴორცთაჲთა და ზრუნვითა ბოროტითა განჴმა აღთქუმისა იგი რჩული, და საცნობელნი იგი სულისანი მოუძლურდეს. 11. ამის გამო ვერ უძლეს პოვნად თავთა თჳსთა მსგავსად დაბადებისა მათისა; 12. და რაჲმეთუ არსებაჲ არს უკუდავი, რომელი არა დაჴსნდების ჴორცთა თანა. ვერ შეუძლო განთავისუფლებად თჳსითა მით სამართალითა; ამისთჳს შეუნდო მას ღმერთმან თჳსითა სახიერებითა და წერილითა მით რჩულისაჲთა, სწავლად მათა თაყუანისცემაჲ მამასა ვითარ იგი ჯერარს. 13. რაჲმეთუ ღმერთი ერთ არს, და გონიერი იგი არსებაჲ არს ერთობითა. 14. ცხად იყავნ თქუენდა სიტყუაჲ ესე, საყუარელნო, რაჲმეთუ ყოველთავე თანა რომელთა არა არს შეთქუმულებაჲ ბრძოლასა შეიკრებენ თავისა თჳსისათჳს. 15. და იხილა ესე შემოქმედმან რაჲმეთუ წყლულებაჲ იგი მათი განდიდნა და უჴმს კურნებაჲ მკურნალისაჲ მის: 16. რაჲმეთუ იესუ თავადი არს დამბადებელი მათი, და მანვე კუალად განკურნნეს (!) იგინი და მიავლინა წინამორბედნი წინაშე პირსა მისსა. 17. და არა შევიშინოთ სიტყუად მოსჱსთჳს რჩულის-მომცემელისა, ვითარმედ იგი არს: ერთი წინაჲსწარმეტყუელთა მისთაგანი, 18. და რაჲმეთუ სული რომელი იყო მოსჱს თანა იგივე შეეწეოდა კრებულსა მას წმიდათასა: და ყოველთავე ითხოვეს მხოლოდშობილისათჳს ძისა ღმრთისაჲსა. 19. და კუალად იოვანე ერთი არს წინაჲსწარმეტყუელთა მისთაგანი: ამისთჳსცა რჩული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე (!), და სასუფეველი ღმრთისაჲ იძულების, და რომელნი იძულებდენ მათ მოტაცონ იგი. 20. და იხილეს სულითა შემოსილთა მათ რაჲმეთუ ვერ ვინ შემძლებელ არს დაბადებულთა შორის განკურნებად დიდისა მის წყლულებისა გარნა სახიერებასა მამისასა, რომელი იგი არს მხოლოდშობილი მისი, რომელ იგი მოავლინა მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა. 21. რაჲმეთუ იგი არს დიდი მკურნალი, შემძლებელი განკურნებად დიდისა მის წყლულებისა, ევედრნეს ღმერთსა და სახიერებასა მისსა, 22. და მამამან დაბადებულთამან არა ჰრიდა მხოლოდშობილსა თჳსსა ჩუენ ყოველთა ცხორებისათჳს, არამედ მისცა იგი ჩუენ ყოველთათჳს. 23. და ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს იგი, და წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი განიკურნენით. 24. და სიტყჳთა ძლიერებისა მისისაჲთა შეგუკრიბნა ჩუენ ყოველთაგან სოფელთა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე სოფლისა, 25. და ყო აღდგომაჲ გულთა ჩუენთაჲ ქუეყანით, და გუასწავა ჩუენ ვითარმედ ურთიერთარს ასოებ ვართ 26. გლოცავ თქუენ, საყუარელნო უფლისა მიერ, რაჲთა სცნათ დაწერილი ესე რაჲმეთუ მცნებანი უფლისანი არიან, რაჲმეთუ დიდ არს ესე ჩუენდა გულისჴმის-ყოფად ხატი იგი რომელ მოიღო იესუ ჩუენთჳს, რაჲმეთუ ყოვლითავე მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა. 27. აწ უკუე შეჰგავს ჩუენდაცა რაჲთა განვათავისუფლნეთ თავნი ჩუენნი მოსლვითა მისითა, 28. რაჲთა სისჳლელითა მისითა განგუაბრძნეს ჩუენ, და სიგლახაკითა მისითა განგუამდიდრნეს ჩუენ, და უძლურებითა მისითა განმაძლიერნეს ჩუენ, და ყოველთა გუექმნეს აღდგომა, და განაქარვოს იგი რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ. 29. მაშინღა დავსცხრეთ ჴმევად (?) იესუს ჴორციელებისათჳს, რაჲმეთუ მოსლვაჲ იგი იესუჲსი (!) შემეწევის ჩუენ კეთილსა მას მონებასა, ვიდრემდე განვაქარვნეთ ყოველნი უკეთურებანი ჩუენნი. 30. მაშინ მარქუას ჩუენ იესუ: "არღარა გრქუა თქუენ მონა, არამედ ძმა". 31. რაჟამს უკუე მიიწინნეს მოღებად სულისა მის შვილებისა მოციქულნი, მაშინ ასწავა მათ სულმან წმიდამან თაყუანისცემად მამასა ვითარ იგი ჯერ არს. 32. და მე უბადრუკსა ამას კრულსა იესუჲსისა (!), მექმნა მე ჟამი ესე რომელსა მოვიწიე სიხარულ გლოვა და ტირილ. 33. რაჲმეთუ მრავალთა ნათესავისა ჩუენისაგანთა შეიმოსეს სამოსელი ღმრთის-მსახურებისაჲ, და ძალი მისი უვარ-უყოფიეს. 34. ხოლო რომელთა-იგი განმზადნეს თავნი თჳსნი განთავისუფლებით მოსლვითა იესუჲსითა (!), მათ ზედა მიხარის. 35. ხოლო რომელნი იგი ფრდიან სახელსა იესუჲსისა (!) და ჰყოფენ ნებასა გულისასა და ჴორცთასა, ეგევითართათჳს ვიგლოვ. 36. რომელთა იგი მიხედეს სიგრძოსა მას ჟამისასა, და სულმოკლე იქმნეს, და განიძარცუეს სამოსელი ღმრთისმსახურებისაჲ, და იქმნეს იგინი მჴეც, მათთჳს ვტირ. 37. უწყოდეთ უკუე, ეგევითართა მათ კაცთა რაჲმეთუ მოსლვაჲ იგი იესუჲსი (!) იქმნა მათ დიდ სასჯელ. 38. ხოლო თქუენ, საყუარელნო უფლისა მიერ, გულისხმა-ყვენით თავნი თჳსნი რაჲთა ჟამიცა ესე სცნათ, და განმზადენით თავნი თჳსნი შეწირვად მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა. 39. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, რაჲმეთუ ვითარცა გონიერთა მივსწერ თქუენდა, რაჲმეთუ შემძლებელ ხართ გულისჴმის-ყოფად თავთა თჳსთა. 40. იცით ესე რაჲმეთუ რომელმან გულისჴმა-ყო თავი თჳსი მან იცის ღმერთი და მოღუაწებანი მისნი რომელთა ჰყოფს თჳსთა ზედა დაბადებულთა. 41. ცხად იყავნ თქუენდა სიტყუაჲ ესე რაჲმეთუ არა ჴორციელი სიყუარული მაქუს მე თქუენდა მიმართ არამედ სიყუარული სულიერი ღმრთისმსახურებისაჲ, 42. რაჲმეთუ ღმერთი იდიდების ზრახვასა წმიდათასა. 43. განმზადენით თავნი თჳსნი ვიდრემდე მეოხნი გჳსხენღა რომელნი სთხოვენ ღმერთსა რაჲთა ცეცხლი ეგე, რომლისათჳს მიფენად მოვიდა იესუ ქუეყანასა ზედა, მოსცეს გულთა თქუენთა, 44. რაჲთა შეუძლოთ დაწურთად გულთა თქუენთა და საცნობელთა თქუენთა რაჲთა იცოდით თქუენ გამორჩევად კეთილი ბოროტისაგან, მარჯუენჱ (!) და მარცხენჱ, სიმტკიცჱ და უძლურებაჲ. 45. იცოდა ესე იესუ რაჲმეთუ ძალი ეშმაკისაჲ არს ნივთი ესე ამის სოფლისაჲ, მოუწოდა თჳსთა მოწაფეთა და რქუა მათ: 46. "ნუ იუნჯებთ თქუენ ქუეყანასა ზედა, და ნუცა ზრუნავთ ხვალისათჳს, რაჲმეთუ ხვალემან თჳთ იხრონოს თავისა თჳსისათჳს". 47. ჭეშმარიტად, საყუარელნო, ჟამსა მას ქარისა დაყუდებისასა ნავის-მხერველი იქადინ: ხოლო ქარისა ძლიერისა და წინააღმდგომისა ჟამსა ყოველივე მეცნიერი ნავისმხერვალი გამოჩნდის. 48. აწ გულისხმა-ყავთ ჟამი ესე რომელსა მოვიწიენით რაჲ ესე არს. 49. ხოლო მწულილადისა მისთჳს სიტყჳსა აზნაურებისა არიან მრავალ თხრობად თქუენდა, 50. არამედ სცე თუ მიზეზ ბრძენსა, უბრძნეს იყოს. 51. გიკითხავ თქუენ შვილთა საყუარელთა მცირითგან ვიდრე დიდამდე თქუენდა უფლისა მიერ. ამენ.


ებისტოლჱ ანტონისი მეშჳდჱ;


1. ანტონი საყუარელთა ძმათა გიკითხავ უფლისა მიერ, გიხაროდენ: არა მოვიწყინო მოჴსენებაჲ თქუენი ასოთა მაგათ კათოლიკე ეკლესიისათაჲ. 2. დაწყებაჲ თქუენი მნებავს სიყუარულისაჲ რომელი მაქუს თქუენდა მიმართ, რაჲმეთუ არა არს ჴორციელი, არამედ სულიერი ღმრთისმსახურებისაჲ. 3. რაჲმეთუ ჴორცთა ჩუენთა სიყუარული დაუმტკიცებელ არს, და დაუდგომ და შერყეულ უცხოთაგან ქართა. 4. და ყოველნი მოშიშნი ღმრთისანი და რომელნი იმარხვენ მცნებათა მისთა მონანი არიან ღმრთისანი: 5. ხოლო მონებაჲ იგი არა არს მას შინა სრულება, არამედ სამართალი არს რომელი უძღჳს შვილებად მიმართ. 6. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და ყოველნი კრებულნი წმიდათანი, რომელნი ღმრთისა მიერ გამორჩეულ იყვნეს და რწმუნებულ იყო მათა სამოციქულოჲ იგი ქადაგებაჲ, მამისა და ღმრთისა სახიერებითა კრულ იყვნეს იგინი იესუ ქრისტჱსგან. 7. რაჲმეთუ პავლე მოციქული იტყჳს: "პავლე, იესუ ქრისტჱსი რჩეული მოციქული", 8. რაჲთა დაწერილი იგი რჩული შემწე თქუენდა იყოს კეთილითა მით მონებითა, ვიდრემდე შეუძლოთ უფლებად ყოველთა ვნებათა ზედა ჴორცთასა, და სრულებაჲ იგი მოვიღოთ კეთილითა მით მსახურებითა სათნოებისაჲთა სამოციქულოჲთა მით ცხორებითა. 9. უკუეთუ ვინმე მახლობელ იქმნეს მოღებად მადლისა მაშინ რქუას მას იესუ: "არღარა გიწოდე თქუენ მონად, არამედ გიწოდე თქუენ მეგობრად და ძმად, რაჲმეთუ რომელი მაუწყა მე მამამან გამოგიცხადე თქუენ". 10. რაჲმეთუ რომელნი მახლობელ იქმნეს და ისწავლნეს სულისაგან წმიდისა იცნეს თავნი თჳსნი გონიერისა მისებრ არსებისა. 11. ხოლო ცნობისა მისგან თავისა თჳსისა, ღაღატყვეს და თქუეს რაჲმეთუ "არა მოგჳღებიეს სული შვილებისაჲ რომლითა ვღაღადებთ აბბა რომელი არს მამაო", რაჲთა ვიცოდით რომელი იგი მოგუანიჭა ჩუენ ღმერთმან: 12. რაჲმეთუ შვილნი ვართ და მკჳდრნი ღმრთისანი და თანამკჳდრნი ქრისტჱსნი. 13. ძმანი საყუარელნი და წმიდათა თანაზიარნი, ყოველივე სათნოებაჲ არა უცხო არს თქუენგან, არამედ თქუენი არს, და უბრალო, ხართ ჴორციელისაგან ცხორებისა და ღმრთისა წინაშე განცხადებულ ხართ. 14. ხოლო ბოროტისა მოქმედსა სულსა არა შევიდის სული ღმრთისაჲ არცა დაიმკჳდრეს ჴორცთა შინა ცოდვითა განკაფულთა, რაჲმეთუ წმიდაჲ ძალი არს და ევლტის ყოვლისაგან ზაკვისა. 15. ჭეშმარიტად, საყუარელნო, რამეთუ კაცთა გონიერთა მივსწერ თქუენდა, რომელთა ეგე შეუძლეთ თავთა თჳსთა ცნო[ბად], რაჲმეთუ რომელმან თავი თჳსი იცნა მან ღმერთი იცნა: ხოლო რომელმან ღმერთი იცნა თანა-აცს მას თაყუანისცემად ღმრთისა ვითარ იგი ჯერ არს. 16. საყუარელნო უფლისა მიერ, გულისხმა-ყუენით თავნი თჳსნი, რაჲმეთუ რომელთა თავნი თჳსნი გულისხმა-ყუნეს ჟამიცა იგი თჳსი იცნეს; ხოლო რომელთა ჟამი თჳსი იცნეს შემძლებელ იქმნეს იგინი თავთა თჳსთა დამტკიცებად, და ვერ შეირყინეს იგინი თითოპირთაგან ენათა. 17. ხოლო არიოზისთჳს რომელი აღდგა ალეკსანდრიას და იტყოდა სიტყუათა უცხოთა მხოლოდშობილისათჳს - რაჲმეთუ რომელსა ჟამ არა აქუნდა სცა მას ჟამი, და დაუსრულებელსა მას დაბადებულთა თანა მოსცა აღსასრული, და ურყეველი იგი თქუა შერყეულად -, 18. ხოლო ამას ვიტყჳ: უკუეთუ კაცმან კაცსა შესცოდოს, ღმრთისა მიმართ ილოცვიდენ მისთჳს კაცნი; უკუეთუ ღმერთსა შესცოდოს ვისა მიმართ ილოცვიდენ მისთჳს? 19. მან უკუე კაცმან დიდსა საქმესა ჴელი შეყო საქმედ, და წყლულებაჲ მისი განუკურნებელ არს. 20. უკუეთუმცა თავი თჳსი ეცნა ეგევითარსა მას კაცსა ვერმცა იტყოდა ენაჲ მისი რომელი-იგი არა იცოდა; არამედ ამით ცხად არს რაჲმეთუ თავი თჳსი ვერ იცნა.


უძველესი (X ს.) სინური  ხელნაწერების მიხედვით

ეპისტოლეები გადმოღებულია ინტერნეტ-გვერდიდან: http://titus.uni-frankfurt.de

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)